Wednesday, May 15, 2024

მე უნდა ვიყო ღია სიახლისადმი

 ცვლილებები თანამედროვე სასკოლო ცხოვრებაში საკმაოდ ხშირად ხდება. სიახლის მიმართ დადებითი განწყობა ცვლილების უკეთესად გათავისების და პრაქტიკაში დანერგვის საშუალებას იძლევა. სიახლის ინიცირების საშუალება მასწავლებელსაც აქვს, განსაკუთრებით სასწავლო მეთოდების და გაკვეთილზე ინოვაციური მიდგომების დანერგვის კუთხით.

საზოგადოების განვითარება, 21-ე საუკუნეში, სულ უფრო მეტად უკავშირდება სიახლეებსა და ცვლილებებს. თვით ცვლილება და ცხოვრებაში მისი გატარება კი სამეცნიერო კვლევის საგანი გახდა.

მე-20 საუკუნის ბოლოდან შემეცნებითი მეცნიერებების მიღწევები სულ უფრო მეტად აისახა სასკოლო გაკვეთილის ორგანიზების პრაქტიკასა და მეთოდებზე. ისეთი სიახლეები, როგორიცაა პროექტებზე დაფუძნებული სწავლება, სასწავლო ამოცანების ჯგუფური გადაწყვეტა, სწავლა კეთებით, სოციალური კონსტრუქტივიზმის მიდგომები და კომპიუტერის სასწავლო კონტექსტში გამოყენება უფრო და უფრო დიდ გავლენას ახდენს თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესზე.

ამავე პერიოდში მომხდარმა სოციალურ-პოლიტიკურმა ცვლილებებმაც წარმოქმნა ახალი მოთხოვნები იმ ქვეყნებში, რომლებმაც დამოუკიდებლობა მოიპოვეს და განათლების სისტემის რეორგანიზაციის აუცილებლობის წინაშე აღმოჩნდნენ.

ამასთან ერთად, ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ და ცხოვრების რიტმის აჩქარებამ განსაკუთრებული გამოწვევების წინაშე დააყენა ბევრი ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებები.

განათლების ყველა სისტემაში ნებისმიერი სიახლის ხორცშესხმა დიდ დროს მოითხოვს. რეფორმების დანერგვას წლები სჭირდება, ხოლო მათი შედეგები სრულად მხოლოდ მთელი თაობის ახლებურად სწავლების შემდეგ ვლინდება.

მასწავლებელი – სიახლისმთავარიგამტარებელი

მასწავლებელს მთავარი როლი ეკისრება ახალი საგანმანათლებლო ამოცანების შესრულების საქმეში. სწორედ მისი სათანადო მომზადება და მზაობა სიახლეების გასატარებლად ქმნის იმის წინაპირობას, რომ სასკოლო გარემო 21-ე საუკუნის შესატყვისი ცოდნის კერად გადაიქცეს.

ასაკის მიუხედავად, თუ ღია ხართ სიახლის მისაღებად, ყოველთვის შეძლებთ გზების გამოძებნას მისი ეფექტიანად გამოყენებისთვის.

სიახლე შეიძლება ეხებოდეს სკოლის, როგორც ორგანიზაციის ფუნქციონირებას, სასკოლო გარემოს გაუმჯობესებას, ადმინისტრაციულ საკითხებს, თუმცა მასწავლებლისათვის, პირველ რიგში, ის ცვლილებებია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომლებიც მის პროფესიულ საქმიანობას ეხება. სასწავლო გეგმები, სახელმძღვანელოები, გაკვეთილის ორგანიზება, შეფასების სისტემა – ყველა ამ სფეროში თქვენ ხშირად ხვდებით სიახლეს ან მოთხოვნას, რომელიც ყურადღებას, მობილიზებას და ცოდნის გაღრმავებას ითხოვს.

რესურსები

სამასწავლებლო პრაქტიკაში სიახლეების დასანერგად განათლების სისტემა სხვადასხვა დონის ტრენინგს, პროგრამასა თუ სასწავლო-მეთოდურ მასალას გთავაზობთ. სერტიფიცირების სქემა ახალ მოთხოვნებს გიყენებთ და მომავალი პროფესიული განვითარების სწორად დაგეგმვის საშუალებას გაძლევთ.

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა ორიენტირებულია მოსწავლის ინდივიდუალური შესაძლებლობების განვითარებაზე და მისთვის შესაბამისი ცოდნის მიცემაზე. ამასთან, “სწავლებაში მოიაზრება არა ერთი კონკრეტული გზის გავლა, არამედ მასწავლებლის და მოსწავლის მიერ ერთობლივად შერჩეული ოპტიმალური ვარიანტის ძიება.” ასეთი ინდივიდუალიზებული სწავლების სქემა სიახლეების განსახორციელებლად მასწავლებლის მზაობას გულისხმობს.

21-ესაუკუნისუნარები

სულ უფრო მეტი მკვლევარი და პრაქტიკოსი პედაგოგი თანხმდება, რომ ჩვენს აჩქარებულ დროში მოსწავლემ აუცილებლად უნდა განივითაროს ახალი ტიპის უნარები. მათ ხშირად 21-ე საუკუნის უნარებად მოიხსენიებენ. ესენია:

  • კრიტიკული აზროვნება;
  • პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • გუნდური მუშაობა, ლიდერობა;
  • ინფორმაციულ-საკომუნიკაციო და მედია უნარები;
  • საკუთარი სწავლების მართვა და ინოვაცია;
  • კარიერის დაგეგმვა და სიახლეებთან ადაპტაცია.

მოსწავლეებში ამ უნარების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მასწავლებლის მიერ მათი გააზრება, სათანადო მომზადება და სიახლეების ათვისება. აღნიშნული უნარების განვითარებისკენ მიმართული სიახლეები თანდათან ფართოდ დაინერგება.

ახალიმოთხოვნები

ახალი მიდგომები მასწავლებელსაც ახალ მოთხოვნებს უყენებს. მაგალითად, სასწავლო გეგმების რეფორმა: ტრადიციულ სახელმძღვანელოებთან ერთად სხვა ტიპის სასწავლო მასალების გამოყენება მასწავლებლისაგან სასწავლო პროცესის ახლებურად ორგანიზებს მოითხოვს.

სტანდარტული შეფასების მეთოდებთან ერთად ალტერნატიული საშუალებების გამოყენება (მაგალითად, სასწავლო პროექტი) მასწავლებლისაგან ითხოვს ახლებური შეფასების მეთოდებისა და საშუალებების შექმნის უნარის განვითარებას. ამ მხრივ მასწავლებელთა შორის თანამშრომლობას, სოციალური ქსელების წარმოქმნას და აქტიურ დისკუსიებს მნიშვნელოვანი როლი ენიჭება.

ციფრულიმკვიდრებიდაციფრულიემიგრანტები

თანამედროვე მოსწავლე დაბადებიდან გარშემორტყმულია კომუნიკაციისა და ტექნოლოგიების იმ საშუალებებით, რომლებიც არ არსებობდა ბევრი მასწავლებლის პროფესიული ჩამოყალიბების პერიოდში. ამდენად, ბუნებრივია, რომ კომპიუტერთან და ციფრულ მასალასთან თანამედროვე მოსწავლეს მეტი შეხება აქვს და უკეთესად იყენებს მას. ერთ-ერთმა მკვლევარმა შემოიტანა ტერმინი “ციფრული მკვიდრები” ციფრული ტექნოლოგიებისადმი ახალი თაობის დამოკიდებულების აღსაწერად. ამ ტერმინოლოგიით, მათი მასწავლებლები, ხშირად, “ციფრული ემიგრანტები” არიან. არ უნდა დაგაბრკოლოთ ამ დაყოფამ. პირიქით, ციფრულ ტექნოლოგიებში მოსწავლეთა გაწაფულობა შეგიძლიათ სწავლის მოტივაციის ასამაღლებლად გამოიყენოთ. გაკვეთილში ისეთი ელემენტების შემოტანა, რომლებიც კომპიუტერის ან ინტერნეტის გამოყენებას მოითხოვს, პირველ რიგში, მოსწავლეთა გაზრდილ კომპეტენციებზეა გათვლილი. მნიშვნელოვანია რისთვის გამოიყენებენ ისინი ამ უნარ-ჩვევებს.

თქვენ მიერ ამ პროცესის სწორად მართვას შეუძლია კლასში სწავლის დონის ამაღლება და ცოდნის ახლებურად მიღების კომპეტენციის განვითარება.

“ციფრულად მკვიდრი” მოსწავლის გარემო

დღეს მოსწავლე სხვა ტიპის გარემოში ცხოვრობს და ამის გათვალისწინება აუცილებელია პედაგოგიურ პრაქტიკაში.

სკოლის გარეთ მოსწავლე მზარდი ინფორმაციული ნაკადის გავლენის ქვეშ ექცევა. მისთვის დამახასიათებელია როგორც მრავალ ამოცანაში ერთდროულად ჩართულობა, ასევე თითოეულ საკითხზე ნაკლები კონცენტრაცია და სიღრმისეული წვდომის დეფიციტი. სასწავლო პროცესში ტექნოლოგიების სწორად გამოყენება უზრუნველყოფს მოსწავლის სათანადო კონცენტრაციას სასწავლო ამოცანის გადაჭრაზე, რომელიც შეიძლება ინოვაციური ფორმით იყოს წარმოდგენილი (მაგალითად, სასწავლო თამაში, სიმულაცია, ინტერნეტ-საინფორმაციო რესურსი, ვიდეო ან აუდიო მასალა და სხვ.)

გაკვეთილზე ახალი ტიპის სასწავლო მასალების გამოყენება უზრუნველყოფს თქვენს წარმატებას სწავლების პროცესში.

ციფრული სასწავლო მასალები და მათი მოძიება

ინტერნეტ-რევოლუციამ ძირეული ცვლილებები შეიტანა ინფორმაციის გადაცემისა და ცოდნის მიღების ფორმებსა და მასშტაბებში. სულ უფრო მეტი სახელმძღვანელო თუ სასწავლო მასალაა ხელმისაწვდომი ელექტრონულ ფორმატში. მართალია, ხშირად ასეთი მასალის ენა ინგლისურია, რაც ჯერ კიდევ ბარიერს წარმოადგენს, თუმცა ეს ერთგვარი სტიმულია ამ ენის უკეთ დასაუფლებლად. მეორე მხრივ, ქართულენოვანი ციფრული მასალებიც სულ უფრო მეტი რაოდენობით იქმნება და ხელმისაწვდომი ხდება.

ინტერნეტში საჭირო მასალის მოძიება კიდევ ერთი ახალი უნარია, რომელიც, პრაქტიკულად, შეუზღუდავი რესურსებით გაამდიდრებს მასწავლებლის მიერ დაგეგმილ სასწავლო პროცესს.

თანამშრომლობითი სწავლება, დამოუკიდებელი უნარების განვითარება

კიდევ ერთი გამოწვევა და ახალი შესაძლებლობების წყარო სამასწავლებლო პრაქტიკაში თანამშრომლობითი სწავლების ელემენტების შემოტანაა. სალექციო ტიპის გაკვეთილები, როცა მოსწავლეთა ჩართულობა ნაკლებია, თანდათან ადგილს უთმობს უფრო ინტერაქტიურ გაკვეთილებს. მაგალითად, ჯგუფებად განაწილებულ მოსწავლეებს კონკრეტული პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრა ევალებათ. მასწავლებელს, ამ შემთხვევაში, უფრო დამაკვალიანებლისა და პროცესის წარმმართავის როლი ეკისრება. მისი ამოცანა მოსამზადებელი მასალების გაცნობა და შემდგომი დავალებების მიცემაა.

ლექტორის როლიდან კოორდინატორის როლზე გადასვლა, შესაძლოა, ადვილი არ იყოს, თუმცა ასეთი ტრანსფორმაცია, სავარაუდოდ, მასწავლებლის ავტორიტეტს გაზრდის და კლასის, როგორც შემმეცნებელთა გუნდის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

სიახლის ინიცირება

თქვენ თავად შეგიძლიათ იყოთ სიახლის წყარო. მასწავლებლის მიერ შექმნილი სასწავლო მასალები, იქნება ეს სახელმძღვანელო, ვიდეო-ილუსტრაცია, პროექტი, თამაში თუ გაკვეთილის გეგმა, ხშირად ყველაზე ღირებული რესურსია კოლეგებისათვის. ამ მასალების ინტერნეტში განთავსება და გაზიარებაც ადვილად შეიძლება, როგორც სპეციალურ პორტალებზე, ასევე პირად გვერდებზე თუ სოციალურ ქსელებში.

მასწავლებლების მიერ ინიცირებული საინტერესო თანამშრომლობითი ინტერნეტ-პროექტები ფართოდ დაინერგა და საყოველთაო მოწონებითაც სარგებლობს.

სიახლის დანერგვის მოტივაცია

ახლებური მიდგომების დანერგვა, პირველ რიგში, მოსწავლეების ჩართულობის ზრდასა და სწავლისადმი ინტერესის გაღრმავებაში აისახება, რაც, საბოლოოდ, მათ სასწავლო შედეგებზეც მოქმედებს.

თქვენ მიერ გამოჩენილი ინიციატივა უყურადღებოდ არ დარჩება. მაგალითად, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ყოველწლიურად აწყობს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით გამდიდრებული გაკვეთილების გეგმებისა და პროექტების კონკურსს. ამ კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენციაში მიიღონ მონაწილეობა და ენთუზიასტ უცხოელ კოლეგებთან ერთად ახალი პროექტების დაგეგმვასა თუ განხორციელებაზე იმუშაონ. საერთაშორისო ორგანიზაციები და კერძო კომპანიები ხშირად იჩენენ ინტერესს მასწავლებელთა ინიციატივების დასაფინანსებლად, რაც სიახლის დანერგვის წახალისების კიდევ ერთი საშუალებაა.

რეზიუმე

მოსწავლისათვის სწავლა სიახლის შემეცნება და პრაქტიკაში მისი გამოყენების უნარის განვითარებაა. ცოდნის გადაცემის ტრადიციული მეთოდები განათლების მყარ საყრდენს წარმოადგენს, თუმცა ყოველ ახალ თაობას სწრაფად ცვალებადი გარემო ახალი ტიპის ამოცანებს უყენებს. ამ სასწავლო ამოცანების ერთობლივად დაძლევის გზაზე სიახლის მიმართ ღია პედაგოგი უკეთესად შეძლებს იყოს მოსწავლის მთავარი მოკავშირე და გახსნას მისი ინდივიდუალური პოტენციალი.

https://mastsavlebeli.ge/

No comments:

Post a Comment