Sunday, May 13, 2018

კითხვის სწავლა-სწავლების საკვანძო მიზანი – კოდირება და დეკოდირება

„იმისათვის, რომ ნედლი სიტყვები, ბოლოს და ბოლოს, ხილული გახდეს, სულ უნდა ვთხაროთ, რათა გაირღვეს დიდი სიჩუმე და გაიშიფროს“.
რაიმონდ ფედერმანი, „ცნობა“ (To whom it may concern)

ორაზროვან სათაურთან ერთად რაიმონდ ფედერმანის ეს სიტყვები ჩვენი გონების მიერ გაშიფვრას, ანუ დეკოდირებას საჭიროებს იმის მისახვედრად, რომ ენაში დამარხული ნედლი სიტყვები, რომელთა ძირითადი ღერძი ბგერებია, განძია. ის ჩვენი გონების მეშვეობით ამავე ენის წიაღიდან მუდმივად სამზეოზე გაგვაქვს ხოლმე.

ენის გაგება უმთავრეს ცნებებს: კოდირებასა და დეკოდირებას უკავშირდება. კოდირების (encoding) პროცესისას მეხსიერებაში ფორმირდება მენტალური რეპრეზენტაციები. მეხსიერების ნებისმიერი ფორმა მოითხოვს სამი სახის მნემურ მოქმედებას: აღბეჭდვას ანუ კოდირებას, შენახვასა და აღდგენას, ხოლო დეკოდირება უკვე აღბეჭდილი ინფორმაციის გაშიფვრას ან გარდაქმნას ნიშნავს.
სქემა 1.
აღბეჭდვა, ანუ კოდირება
მეხსიერებაში კოდირების საშუალებით გარე სამყაროში არსებული საგნებისა და მოვლენების შესახებ იქმნება წარმოდგენები, რომლებიც ჩვეულებრივი წარმოდგენის ანალოგიურია და მათში შენახულია წარსული გამოცდილების ყველაზე მნიშვნელოვანი ნიშნები, რომლებიც შესაძლებლობას გვაძლევენ განვიახლოთ, წარმოვიდგინოთ წარსული გამოცდილება.
კოდირების პროცესის განხილვისას მნიშვნელოვანია: კოდირების სპეციფიკურობა, რიგში ადგილმდებარეობის ეფექტი და გადამუშავების დონეების თეორია. კოდირების სპეციფიკურობას უწოდებენ პრინციპს, რომლის მიხედვითაც აღდგენილი ინფორმაციის რაოდენობა მატულობს, თუ დახსომებისა და აღდგენის პროცესში ერთი და იგივე მიმნიშნებლები მოქმედებს. პირველად, 1973 წელს,  ენდელ ტულვინგმა და დონალდ ტომპსონმა აჩვენეს კოდირების სპეციფიკურობის მნიშვნელობა, როცა მოგონებასა და ცნობას შორის ჩვეული ურთიერთდამოკიდებულების საწინააღმდეგო შედეგი მიიღეს. ცდის პირებმა მხოლოდ 54%-ის მოგონება შეძლეს. ხოლო მაშინ, როდესაც წყვილის პირველი წევრი დაუსახელეს, 61% აღადგინეს. რატომ იყო მოგონება უკეთესი, ვიდრე ცნობა? ტულვინგისა და ტომსონის მიხედვით, ამის მიზეზი კონტექსტის შეცვლაა. ცდის პირებისთვის, რომლებმაც ვაგონის კონტექსტში სიტყვა „შავი“ დაიხსომეს, ძნელი იყო მისი აღდგენა, როცა კონტექსტი სიტყვა „თეთრით“ შეიცვალა.
მეხსიერებაზე კონტექსტის საკმაოდ ძლიერი გავლენის ექსპერიმენტული გამოწვევა აღმოჩნდა ერთ-ერთი ექსპერიმენტი, რომელში მონაწილე მყვინთავები სწავლობდნენ სიტყვათა მწკრივს ზღვის ნაპირზე და წყალქვეშ. შემდეგ კი ამავე სიტყვათა შემოწმება ამ ორ კონტექსტში (ნაპირზე და წყალქვეშ) ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ დახსომების ეფექტურობა 50%-ით მეტი იყო, როდესაც კოდირება და აღდგენა ერთნაირ პირობებში, ერთ კონტექსტში ხდებოდა, თუმცა, თვით მასალას არაფერი საერთო არ ჰქონდა არც ნაპირთან და არც ყვინთვასთან. ასევე, დახსომება უკეთესია, თუ მასალის აღდგენისას თანმხლები მუსიკა იგივეა, რაც დახსომებისას.
გარდა ამისა, სხვადასხვა სურნელის გამოყენებით ჩატარდა რამდენიმე ექსპერიმენტი. ერთ შემთხვევაში ეს იყო ცდის პირებისთვის სრულიად უცხო, უჩვეულო სუნის მატარებელი ოსმანტუსი (აზიური წარმოშობის კენკროვანი მცენარე), ჩვეულებრივი, ნაცნობი სუნი, მაგრამ უჩვეულო კვლევითი ლაბორატორიისთვის (ვანილი) და ლაბორატორიისთვის ჩვეული (ფიჭვის) სუნი. ჰიპოთეზის მიხედვით, მხოლოდ ორი სუნი მიიპყრობდა ყურადღებას თავისი სიახლითა და უჩვეულობით და კოდირების პროცესში ჩაერთვებოდა. ჰიპოთეზა დადასტურდა. მიუხედავად იმისა, რომ კოდირებასა და აღდგენას შორის 48 საათი გავიდა, ცდის პირები მნიშვნელოვნად მეტ სიტყვას იხსომებდნენ (20-სიტყვიანი მწკრივიდან), როცა აღდგენის დროს იგივე სუნი იყო ოთახში, რაც აღბეჭდვისას, მაგრამ ეს მხოლოდ ოსმანტუსს და ვანილს ეხებოდა. დახსომების ეფექტურობა უფრო მაღალი იყო, როცა დახსომება და აღდგენა შოკოლადის სუნის ფონზე ხდებოდა. სუნსა და კონტექსტის ეფექტს შორის ურთიერთკავშირზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა გამოავლინა, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში განსხვავებული სუნი განსხვავებულ გავლენას ახდენს კონტექსტის ეფექტზე.[1]
მაშასადამე, შესასწავლი მასალის საფუძვლიანი დახსომებისთვის მნიშვნელოვანია იმავე სენსორული სტიმულატორების არსებობა, რაც  პირველადი აღბეჭდვისას/კოდირებისას არსებობდა. ამგვარი მიდგომით, მეტ ძალას იძენს სწავლების მულტიმოდალური მიდგომა, რომელსაც ჩვენს ერთ წერილში პირობითად „ცოცხალი რვაფეხას მეთოდი“ დავარქვით[2].
კოდი, როგორც ინტერფეისი
თანმიმდევრულად სქემატურია უცნაური ურთიერთობა ენასა და წიგნებს შორის. თუ რომელიმე ენის კომპონენტების,  მაგალითად: ფონოლოგიური, ლექსიკური, მორფოლოგიური, გრამატიკული, ტექსტური და პრაგმატული უნარების  განვითარება ხდება,  მაშინ „კოდის” სწავლება ხელს უწყობს სიტყვის ბეჭდვითად გადაცემას, რაც თავისთავად შეიძლება იქცეს პლატფორმად, რომლის საფუძველზეც შემდგომში შეიძლება შემუშავდეს სალიტერატურო ენა. ამ შემთხვევაში, კოდი არის ინტერფეისი ენასა და წიგნიერებას შორის და ეს კოდი მოითხოვს, რომ მოსწავლეებმა შეიმუშაონ დამატებითი უნარები, რათა შეძლონ კოორდინირება და მანიპულირება ბეჭდური ენის მეშვეობით.
ბავშვები ენას ადრეულ ასაკში სწავლობენ, მაგრამ ეს მხოლოდ ნელა ავითარებს წერით ცნობიერებას. ისინი 6 წლის ასაკში ზეპირად მეტყველებენ ასობით სიტყვის გამოყენებით, მაგრამ მხოლოდ რამდენიმეს თუ კითხულობენ. მდიდარი ზეპირი ენა მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მათთვის ნაცნობი სიტყვები წერილობითაც შეისწავლონ. მომდევნო წლებში ბავშვის ზეპირი ენა უფრო მდიდარია, ვიდრე  მისი წერითი კულტურა. ისინი კვალიფიციურ და კომპეტენტურ მკითხველებად მხოლოდ 13 წლის ასაკში ყალიბდებიან. 15-დან 17 წლამდე კი უკვე კარგად ეუფლებიან წერით ენობრივ უნარებს. ამ ეტაპზე მოსწავლე უკეთ არის აღჭურვილი კომპლექსური იდეების შესწავლით, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აქვს აკადემიური ენის ძლიერი კორპუსი. განვითარების ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში მოსწავლეები სულ უფრო მეტად ვითარდებიან, იწყებენ ენის შრეებში უშფოთველად გადაადგილებას და საკუთარ იდეებსაც  ლიტერატურულ ენაზე მარტივად წარმოაჩენენ.

გვახსოვდეს, კოდირებისთვის მნიშვნელოვანია:
  • სიტყვის ზეპირი გამეორება;
  • სიტყვის დანაწევრება მარცვლებად და ფონემებად (ფონემატური ცნობიერების ჩამოყალიბებისთვის);
  • შესაფერისი ფონემების, მარცვლების, სიტყვების ან ფრაზათა ბარათების ამოცნობა (შესაძლოა სათანადო სურათ-ხატებით);
  • მართლწერის შემოწმება ხმოვანი ცოდნის საფუძველზე;
  • მართლწერის შემოწმება ხდებოდეს სიტყვის ჩვეულებრივი დამარცვლის წინააღმდეგ (ეს განსაკუთრებით უცხო ენებში), რომელსაც ახლავს დისკუსიის პლატფორმა საერთო სქემების განხილვისთვის;
  • ხშირად დავუბრუნდეთ სიტყვის მნიშვნელობას და სიტყვის მნიშვნელობის გამოყენებას კონტექსტში.

სქემა 2.

უცხოური ენის სწავლების ზოგიერთი მეთოდოლოგიის თანახმად, თუ ბავშვს შეუძლია, ამოიცნოს ანბანის ყველა ელემენტი და მას ვთხოვთ მხოლოდ ანბანის გახსენებას, ასევე მნიშვნელოვანია შესასწავლ ენაში/ენებში არსებული ყველა შესაძლო ფონემის გამეორება, რადგან სხვაგვარად მათ ვეხმარებით ფონემატური ანბანის დავიწყებაში. ამ მხრივ აუცილებელია სქემა 2-ის მსგავსი შაბლონების ხშირი გამოყენება. ამდენად, კოდირების მთავარი პრინციპი ხშირი გამეორებაა.

ჩვენში ამბობენ, გამეორება ცოდნის დედააო. გამოდის, ეს დეკოდირებული აზრია იმ გაგებით, რომ აზროვნების დაბალ საფეხურზე აღბეჭდვა/კოდირება სწორედ გამეორების საფუძველზე გადაიქცევა წარუშლელ ცოდნად. გამეორების სასშუალებით, თუკი ის წერილობითაც (და, შესაძლოა, ბეჭდურადაც) მყარდება, მოსწავლე უფრო სწრაფად ვითარდება. ამ გზით უფრო სწრაფად მუშავდება ინფორმაცია, რადგან სიტყვები მთლიან ერთეულებად ერთიანდება, მერე კი გონებაში კვლავ ნაწევრდება და ასე მზადდება ნიადაგი გაშიფვრის, ანუ დეკოდირებისთვის.

ამდენად, დეკოდირება კითხვის სწავლა-სწავლების საკვანძო მიზანია. ესაა დაწერილი ტექსტის, როგორც ცალკეული ნაწილებისაგან შედგენილი ერთი მთლიანი კოდის, გაშიფვრა, ხოლო სიტყვის დეკოდირებას ზოგჯერ სიტყვის ცნობას ან იდენტიფიცირებასაც უწოდებენ[3].
[1] გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი, თსუ; ასევე: ფარჯანაძე, დ. (2008). მეხსიერების ფსიქოლოგია. თბილისი. შპს „თათა სოლუშენი“.
[2] http://mastsavlebeli.ge/?p=14891
[3] კითხვისა და წერის სწავლება დაწყებით საფეხურზე, საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი, თბ., 2015.

No comments:

Post a Comment