როგორ დავეხმაროთ მოსწავლეს აკადემიური მიღწევის გაუმჯობესებაში?
პასუხი
მარტივია: ჩავერთოთ სწავლის პროცესსა და სკოლის ცხოვრებაში! ჩავერთოთ არა
მაქსიმალურად ინტენსიურად, არამედ მაქსიმალურად სწორად!
„მასწავლებელს
ვაწუხებ, ჩემი შვილი ერთია და მას დამატებით კიდევ 30 ბავშვი ჰყავს
კლასში“, – ასე ფიქრობს ხშირად მოსწავლის მშობელი. თავს იკავებს კითხვების
დასმისგან, უბრალოდ უსმენს და ეთანხმება პედაგოგს.
სწორედ ამ დროს იჩენს თავს ყველაზე სერიოზული პრობლემები:
ა) განსვლა პედაგოგისა და მშობლების სტრატეგიებს შორის
შემთხვევის აღწერა:
ნიკა
მე-3 კლასის მოსწავლეა. ბავშვმა რამდენჯერმე მიმართა ფიზიკურ აგრესიას
კლასელის მიმართ (ხელი ჰკრა, წააქცია). მასწავლებელმა, დასჯის მიზნით,
ნიკას დააკისრა დამატებითი სამუშაო: საშინაო დავალების რვეულების გვარების
მიხედვით დახარისხება. თუმცა, პრობლემური ქცევის ინტენსივობა არ შემცირდა.
რატომ?
ნიკა
სახლში ასევე ჰკრავს ხელს ოჯახის წევრებს, მეზობელ ბავშვებს. ამაზე
საპასუხოდ კი ოჯახის წევრები იცინიან. ხუმრობით იღებენ და სერიოზულად არ
რეაგირებენ.
შედეგად
ნიკამ
ვერ გააცნობიერა, რომ ფიზიკური აგრესია არ არის მისაღები ქცევა, რადგან
სახლში გამუდმებით წახალისებული იყო ხელის კვრა ყურადღებითა და ღიმილით.
გვახსოვდეს, რომ პრობლემური ქცევის შემცირებაზე მუშაობისას აუცილებელია ერთიანი, შეთანხმებული სტრატეგია! მაგ: ბავშვის
მხრიდან ფიზიკური აგრესია ისჯება როგორც სახლში, ასევე სკოლაში. პედაგოგსა
და მშობლებს კი ერთიანი სამოქმედო სტრატეგია უჩნდებათ მხოლოდ მუდმივი,
სისტემატიური და სტაბილური უკუკავშირის შემთხვევაში. ეს არ არის მარტივი.
ბ) განსვლა მშობლისა და მასწავლებლის მოლოდინებს შორის – აღსანიშნავია რომ მსგავსი სირთულე თავს იჩენს ყველაზე ხშირად მაინც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის მშობლებთან.
სალომე, სსსმ მოსწავლის დედა:
ჩემი შვილი მე-8 კლასშია. მე მარტოხელა დედა ვარ, ვმუშაობ. დილით ხშირად
ბავშვზე ადრე გავდივარ სახლიდან. ელენეს დამოუკიდებლად უწევს საუზმობა და
წასასვლელად მომზადება. მაგრამ რადგან საათის ცნობა არ იცის, ხშირად
სკოლაში აგვიანდება. ჩემს შვილს მათემატიკაში ქვეშმიწერით
მიმატება-გამოკლებას ასწავლიან. მაშინ როცა საათის ცნობა უფრო მეტად
სჭირდება, ასე უფრო დამოუკიდებელი იქნებოდა.
მშობლის
მონათხრობის მიხედვით ვერ ვიტყვით, რომ პედაგოგმა დაუშვა შეცდომა და
არასწორად დასახა მიზანი. მარტივი შესაძლებელია, რომ მოსწავლე უკვე მზად
იყო ქვეშმიწერით მიმატება-გამოკლების ასათვისებლად და ბუნებრივია,
მასწავლებელი გადავიდა კიდეც სწავლების ამ ეტაპზე. თუმცა იყო თუ არა ეს
უნარი მშობლის პირველადი სამიზნე? ვშიშობთ რომ არა. ბავშვის ცხოვრება
პრაქტიკულად გაიყო: სახლის ცხოვრებად და სკოლის ცხოვრებად. ერთი მეორეს არ
ეხმარება, პირიქით, ხელს უშლის. რადგან მოსწავლე ხარჯავს უზარმაზარ დროსა
და ენერგიას ორივე ცხოვრების გამოწვევებთან გასამკლავებლად. აქ კარგად
ჩანს, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს მშობელი-მასწავლებლის შეთანმხებულობას
მოსწავლის დამოუკიდებელი და ეფექტური ფუნქციონირებისთვის.
მშობლის
ჩართულობის ამაღლება მოსწავლის სწავლების პროცესში მოითხოვს მეტ
ყურადღებას, მეტ ენერგიას, მეტ დროს მშობლის მხრიდან. ამ ყველაფრის
გამოძებნას კი სჭირდება ძლიერი მოტივაცია. ეს კი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა
მშობელი ხედავს საკუთარი ჩართულობის გაზრდის პირველ შედეგს -პირველ
წარმატებას. დაიწყეთ
დღეს იმ ძალისხმევითა და მოტივაციით რაც გაქვთ, ხვალინდელი შედეგი კი
ძალას მოგცემთ სამომავლოდ უფრო ენერგიული და სწორი ჩართულობისთვის.
წყარო : https://edu.aris.ge
No comments:
Post a Comment