მშობლებმა, რომლებსაც სკოლის ასაკის შვილები ყავთ, კარგად იციან თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვმა ხალისით და ინტერესით შეძლოს სასკოლო საგნების მეცადინეობა, სათანადოდ იმუშაოს საშინაო დავალებაზე და სკოლაში გაკვეთილის მიმდინარეობისას მაქსიმალურად კონცენტრირებული და სათანადოდ ჩართული იყოს სასწავლო პროცესში.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის სასწავლო პროცესი მეტწილად სასკოლო გარემოში მიმდინარეობს, მის აკადემიურ მოსწრებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სახლის გარემო, რამდენადაც საშინაო დავალებების შესრულება უმეტესად სახლის გარემოში ხდება. შესაბამისად, ბავშვის აკადემიურ წარმატება/წარუმატებლობაზე სახლის გარემოში არსებული არაერთი ფაქტორი ახდენს გავლენას, მათ შორის მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობები, მშობლის დამოკიდებულება სწავლისადმი, ბავშვის ძლიერი და სუსტი მხარეების ცოდნა და მხარდაჭერა.
როგორი უნდა იყოს სახლის გარემო საშინაო დავალების შესრულებისას?
პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სახლში, მეცადინეობის პროცესში იყოს ნაკლები ფორმალობა და დაძაბულობა. ბავშვს უნდა შეეძლოს, სურვილის შემთხვევაში თავისუფლად გადაადგილება, სხვადასხვა მოთხოვნილების დაკმაყოფილება და ა.შ. სახლში ბავშვის შეცდომებს, სწავლის პროცესში წარმოშობილ სირთულეებს მშობლის უარყოფითი რეაქცია და შეფასება არ უნდა მოყვეს. მშობლის პოზიტიური დამოკიდებულება არის თავისუფალი, მშვიდი გარემოს საწინდარი, სადაც ბავშვი დაცულად იგრძნობს თავს და სწავლის პროცესიც უფრო ეფექტურად წარიმართება. სწორედ ასეთ გარემოში შეიძლება განუვითარდეს ბავშვს ჯანსაღი ინტერესი სწავლისადმი.
კიდევ ერთი, არსებითი ფაქტორი ისაა, რომ სახლში, საშინაო დავალების შესრულებისას უფრო მეტად არის შესაძლებელი ბავშვის შრომისუნარიანობის ინდივიდუალური თავისებურებების, ძლიერი და სუსტი მხარეების გათვალისწინება. სახლში მშობელს აქვს იმის საშუალება, რომ შვილი უზრუნველყოს სწავლების ინდივიდუალური განრიგით, რომელიც ითვალისწინებს მისი შრომისუნარიანობის სპეციფიკას. მაგალითად, ზოგიერთი ბავშვისთვის დამახასიათებელია ე.წ. ეპიზოდური შრომისუნარიანობა, რაც გულისხმობს იმას, რომ მას ყურადღების კონცენტრირება სასწავლო პროცესზე შეუძლია მხოლოდ გარკვეული, მცირე დროის განმავლობაში. ასეთ შემთხვევებში, საკმარისია ბავშვს მივცეთ საშუალება შეისვენოს 5 წუთით, და ის უკვე მზად იქნება განაგრძოს მეცადინეობა ეფექტურად.
მშობელმა, უნდა მოახერხოს საშინაო დავალების შესრულების პროცესის ორგანიზება შვილის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. ორგანიზებისას მნიშვნელოვანი როლი უნდა ჰქონდეს თავად ბავშვს და შეძლებისდაგვარად გათვალისწინებულ იქნას მისი აზრი და სურვილები. მშობელმა მასთან ერთად უნდა მოაწყოს მეცადინეობისათვის განკუთვნილი გარემო, ერთობლივად დაგეგმონ დღის განრიგი, სადაც გამოყოფილი იქნება მეცადინეობისათვის განკუთვნილი დრო და წინასწარ განსაზღვრული გაკვეთილების მომზადების თანმიმდევრობა.
როგორ ავუმაღლოთ ბავშვს სწავლის მოტივაცია?
როდესაც ბავშვი უარს ამბობს მეცადინეობაზე სიტყვებით - „მე ეს არ მაინტერესებს და არ გავაკეთებ!-“სახეზეა სწავლის მოტივაციასთან დაკავშირებული სირთულეები.
შემეცნების მოთხოვნილება თანდაყოლილია. სწრაფვა შემეცნებისაკენ არ ყალიბდება სკოლაში, ის ბევრად ადრე, ჩვილობის ასაკიდანვე იწყებს გამოვლენას. აღზრდის პროცესში, მშობელი სხვადასხვა ხერხს მიმართავს შემეცნების, პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრისა და სწავლის მოტივაციის განვითარებისათვის. მშობლისთვის კარგად ნაცნობი მოვლენაა, როდესაც ბავშვი პირველ წარმატებებს აღწევს მაგალითად ფაზლის ან კონსტრუქტორის აწყობისას, როგორი კმაყოფილი და ამაყია ის ამ დროს საკუთარი თავით. ის, თუ როგორ შეუწყობს ხელს მშობელი ბავშვის მიერ პრობლემის გადაჭრის დამოუკიდებელ მცდელობებს და როგორ უპასუხებს მის პირველ წარმატებებს, მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ბავშვის სწავლის მოტივაციის ჩამოყალიბებას და განმტკიცებას.
ალბათ დაგვეთანხმებით, რომ არ არის მარტივი და არც მიზანშეწონილი „სწავლის მზა მოტივი და მიზანი “ ჩავუნერგოთ შვილს. ის, რაც მშობელს შეუძლია გააკეთოს, არის ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს შვილის სწავლის მოტივაციის ამაღლებას. ამისათვის მნიშვნელოვანია შემდეგი:
სწორედ მშობლის მხარდაჭერა!
წყარო : http://www.cog.ge/learningsupport.html
No comments:
Post a Comment