„რა არის ვარსკვლავები? –
ეს და სხვა მსგავსი შეკითხვები ისეთივე ბუნებრივია, როგორც ჩვილის ღიმილი“.
კარლ სეიგანი
„ერთხელ კოსმოსური ოკეანის ნაპირზე კარლ სეიგანთან ერთად აღმოვჩნდი“ – ამ სიტყვებით იწყება ამ წიგნის წინასიტყვაობა და მეც ასე დავიწყებ, რადგან ზუსტად ასეთი შეგრძნება მქონდა წიგნის კითხვისას.
სანამ ეს წიგნი შემხვდებოდა ცხოვრებაში, იმ მოსაწყენ ადამიანებს მივეკუთვნებოდი, რომლებიც კოსმოსის, პლანეტების, ასტრონომებისა და ასტრონავტების ხსენებისას ბუზღუნებენ და ვერ იგებენ, რით ვერ მორჩნენ ადამიანები ცაში ჭვრიტინს და რით ვერ ეტევიან დედამიწაზე. მოსაწყენი რომ ვიყავი ამ ჩემი ფიქრებით, ეგეც „კოსმოსის“ წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე, მანამდე არავის უთქვამს. წიგნი კი აღმომაჩენინა ჩემმა ყოფილმა მოსწავლემ, რომელიც მაინცდამაინც კოსმოსით გატაცებული არასოდეს ყოფილა, მაგრამ წიგნით ნამდვილად მოიხიბლა და ნანობდა, ნეტა მეცხრე კლასში წამეკითხაო.
მას შემდეგ შევიტანე კარლ სეიგანის „კოსმოსი“ იმ აუცილებლად წასაკითხ წიგნებს შორის, რომლებსაც მოზარდებს ვურჩევ ან ვჩუქნი ხოლმე.
საოცრება ისაა, რომ მიუხედავად იმისა, წიგნი მუდმივად მზარდი და განვითარებადი სამეცნიერო სფეროსთვის საკმაოდ ხანდაზმულია (ის 1980 წელს გამოიცა), მისი დაბადების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ამ სფეროში, რიგი ბუნდოვანი საკითხები ნათელი გახდა, ზოგიერთი კითხვის პასუხი უკვე ნაპოვნია – წიგნი მაინც არ კარგავს პოპულარობას. ამის მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ ძალიან მარტივი, გასაგები ენითაა ახსნილი ურთულესი მოვლენები; არც ის, რომ უბრალოდ ამბებია საინტერესო; ჩემი აზრით, მთავარია, რომ ეს წიგნი არწმუნებს მკითხველს იმაში, რომ რაც უკვე იყო, არსად წასულა და რაც ახლა ხდება, ისიც არსად წავა და მომავალს მიემართება. ყველაფერი კანონზომიერია, შემთხვევით არ უკავშირდება ერთმანეთს და გვაჩვენებს, რომ მეცნიერების ყველა მიღწევა კაცობრიობის განვითარებას ემსახურება მისი გონივრულად და კეთილსინდისიერად გამოყენების შემთხვევაში. არასოდეს, არცერთ წიგნში ასეთი სიმძაფრით არ მიგრძნია, რა ერთიანია სამყარო, როგორი უწყვეტი და ყველა არსებულ ჯაჭვზე მტკიცეა კაცობრიობის განვითარების აბსოლუტურად ყველა ეტაპის ურთიერთმიმართება.
ამას ემატება ისიც, რომ ყველა ფურცელზე იგრძნობა, როგორ ცდილობს ავტორი, ის ცოდნა-საუნჯე, რომელიც ასე ძვირფასია, ბოლომდე მიიტანოს მკითხველამდე. ერთი წუთითაც არ ავიწყდება, რომ მიუხედავად იმისა, ზუსტად იცის, ძალიან საინტერესო რამეები აქვს მოსაყოლ-ასახსნელი, ვინმესთვის მაინც შეიძლება იქცეს მოსაწყენად. ამიტომ სულ ფხიზლადაა: რუდუნებით არჩევს ეპიგრაფებს, თავების სათაურებს, დასაწყისებს, ღია დასასრულებს, თხრობის მანერას, ქრონოლოგიურ ხაზს… ამ წიგნში ძალიან კარგად ჩანს, როგორ გვეხმარება ერთი კონკრეტული ცოდნა, სამყაროს სხვა დახურული კარიც შევაღოთ. როგორ არის გადაჯაჭვული ერთმანეთზე მეცნიერების სხვადასხვა სფერო და როგორ სჭირდება ამ სფეროთა ურთიერთკავშირი კაცობრიობას განვითარებისთვის.
შეუძლებელია, სტატიაში, თუნდაც ჩამონათვალის სახით, ჩავატიო ის სამეცნიერო საკითხები, რომლებსაც ძალიან დაწვრილებით, პროფესიონალურად, მაგრამ ყველასთვის გასაგებად განიხილავს კარლ სეიგანი. მისი მიდგომის წყალობით, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, მაგრამ ბუნდოვანი მოვლენა ჩემთვის სრულიად ცხადი და გასაგები გახდა. თუმცა გარდა სამეცნიერო ფაქტებისა, წიგნში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ადამიანების განცდებს, ვნებებს, ფიქრებს, ოცნებებს, ემოციებს. ეს ზოგჯერ თავად ავტორს ეხება, ზოგჯერ კი იმ ადამიანებს, რომლებზეც ნაწარმოებში საუბრობს. ბუნებრივადაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული პრაგმატული თუ ფილოსოფიური ფიქრები და ემოციები. მაგალითად, კაცობრიობას არ ასვენებს კითხვა, შეგვიძლია თუ არა, მარსზე გადავცხოვრდეთ საჭიროების შემთხვევაში ან ვაქციოთ ეს პლანეტა ჩვენს დასასვენებელ ადგილად. ამ კითხვებზეც ძალიან საინტერესო პასუხებს იპოვიან მოზარდები წიგნში. მაგრამ თავში „წითელი პლანეტის ბლუზი“ კარლ სეიგანი ისე ემოციურად აღწერს მარსიდან გამოგზავნილი პირველი ფოტო ნახვას, რომ მკითხველის ინტერესს კიდევ უფრო ზრდის: „მახსოვს, როგორ შემეკრა სუნთქვა, როცა მარსის ჰორიზონტის ფოტოსურათი პირველად დავინახე. მაშინვე გავიფიქრე, რომ ეს უცხო სამყარო არ არის. ასეთი ადგილები მინახავს კოლორადოში, არიზონაში, ნევადაში. აქ იყო ქვები, ქვიშის ბორცვები და შორეული მაღლობი, ისეთივე ბუნებრივი და ჩვეულებრივი, როგორიც დედამიწის ნებისმიერი ადგილის ლანდშაფტი. მარსიც ადგილი იყო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიკვირდებოდა, დიუნებზე მუქ ფერებში ჩაცმული მოგზაური რომ დამენახა, რომელიც თავის ჯორს მიუძღვებოდა, თუმცა, ამავე დროს, ასეთი სურათის წარმოსახვა თითქოს მართებულიც კი ჩანდა“ .
ამავე თავშივე აღწერს, რა ფორმით შეიძლება დავუკავშირდეთ დედამიწელები წითელ პლანეტას და ძალიან საინტერესო დასკვნასაც გვთავაზობს, როცა იხსენებს, როგორ ვარაუდობდნენ, რომ მარსზე გადაღებულ ფოტოზე ცოცხალი არსებების მიერ გაყვანილი არხები ჩანდა: „როგორც ჩანს, ადამიანს თავის მოტყუების დიდი ნიჭი აქვს, როცა საქმეში გრძნობები ერთვება; მით უმეტეს, ისეთი ძლიერი ემოციები, როგორსაც მეზობელ პლანეტაზე გონიერი არსებების ცხოვრების იდეა აღძრავს. ლოუელის ვარაუდი, შესაძლოა, წინასწარმეტყველურიც კი აღმოჩნდეს. მისი დანახული არხები მარსელებმა ააგეს; მაგრამ, თუ პლანეტის ტერაფორმირება მოხერხდება, მაშინ არხებს ის ადამიანები გაიყვანენ, რომლებიც იქ სამუდამოდ დასახლდებიან და მარსს საკუთარ სახლად აქცევენ. მარსელები ჩვენ ვიქნებით“.
კარლ სეიგანი ემოციურად თავადვე უახლოვდება იმ გარდამტეხ მოვლენებს, რომლებსაც განიხილავს; ცდილობს, მაქსიმალურად ჩართოს თავისი ფანტაზია და მაგალითად, წარმოიდგინოს ის დრო, როცა ადამიანმა ცეცხლი იპოვა; აღადგინოს ფიქრები, რომლებითაც შეპყრობილი იქნებოდა მაშინდელი ადამიანი. გთავაზობთ ფრაგმენტს ამ ვრცელი ფიქრებიდან: „…არ ვიცი, ცაში გაფანტული ვარსკვლავები მართლა კოცონებია თუ არა; ან ტყავში გაკეთებული ის ნახვრეტებია თუ არა, საიდანაც ცეცხლი გვიყურებს და გვაკვირდება. ზოგჯერ ერთი ფიქრი მომწონს, ზოგჯერ კი მეორეს ვემხრობი. თუ ვიფიქრე, რომ არანაირი კოცონები და ნახვრეტები არ არსებობს და ვარსკვლავები სულ სხვა რამეა, მერე ამის გაგება ძალიან მიჭირს.
კისერი მორზე დაასვენე. თავი უკან გადასწიე. ასე მხოლოდ ცას დაინახავ. არანაირი მთები, არც ხეები, არც მონადირეები, არც კოცონი. მხოლოდ ცა. ზოგჯერ მგონია, ზევით, ცაში გადავვარდები. თუ ვარსკვლავები მართლაც კოცონებია, მაშინ ძალიან მინდა, იმ სხვა მონადირე ხალხებს ვესტუმრო, აი, იმათ, მომთაბარეები რომ არიან. ამ დროს ცაში გადავარდნაზე ფიქრი მომწონს. მაგრამ, თუ ვარსკვლავები ტყავში გაჭრილი ნახვრეტებია, მაშინ მათი მეშინია. არ მინდა, ნახვრეტში გავძვრე და იქიდან დიდ ცეცხლში მოვხვდე.
ძალიან მინდა ვიცოდე, რომელი ფიქრია სწორი. არ მომწონს, რომ არ ვიცი“.
მას შემდეგ, როცა აღწერს, როგორ გაჩნდა პირველი კოსმოსში მოგზაური რობოტების შექმნის იდეა და რამდენი რამ გავიგეთ კოსმოსის შესახებ „ვოიაჯერ 1-ისა“ და „ვოიაჯერ 2-ის“ დახმარებით, მერე მწერალ-მეცნიერი მკითხველს სთავაზობს რობოტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადმოცემის უცნაურ ფორმას:
„ვოიაჯერს“ რომ ეკიპაჟი ჰყოლოდა, კაპიტანი ყოველდღიურად ხომალდის ჟურნალში ჩანაწერებს აწარმოებდა. „ვოიაჯერ-1-ისა“ და „ვოიაჯერ-2-ის“ მიერ მოთხრობილი ამბების გაერთიანების შემდეგ დაახლოებით ასეთი ტექსტის წაკითხვას შევძლებდით:
დღე 1-ლი. უსაფრთხოების ზომებისა და ხელსაწყოებზე შფოთვის მიუხედავად, რომლებიც თითქოს გაუმართავი ჩანდა, მაინც წარმატებით ავფრინდით კანავერალის კონცხიდან და დავიწყეთ ხანგრძლივი მოგზაურობა პლანეტებისა და ვარსკვლავებისკენ…“.
ასე აგრძელებს დღეების მიხედვით რამდენიმე ფურცლის განმავლობაში და მკითხველისთვის კიდევ უფრო ცხადი, ნათელი და ემოციური ხდება, რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღო კაცობრიობამ 1977 წელს გაშვებული ამ კოსმოსური ზონდებისაგან (ასე უწოდებენ ზოგადად), რომლებიც დღემდე ფუნქციონირებენ, ბოლომდე იქნებიან ადამიანების სამსახურში და არასოდეს დაბრუნდებიან უკან.
კონკრეტული საჭირო ცოდნისა და ემოციური მხარის გარდა, ეს წიგნი გამოირჩევა იმითაც, რომ ეს ავტორი ამსხვრევს მეცნიერებასთან დაკავშირებულ იმ სტერეოტიპებს, რომლებიც მყარადაა ფესვგადგმული მოზარდის გონებაში (თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირად არც ზრდასრულები გამოვიყურებით სტერეოტიპთა მძლეველი სუპერგმირებივით). მეცნიერებისადმი ადამიანთა დამოკიდებულება ძალიან კარგად ახსნა კარლ სეიგანმა ერთი ძალიან საინტერესო და თან სახალისო ამბის თხრობისას:
„კომეტებთან დაკავშირებული გაუგებრობები დღემდე გრძელდება. 1957 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზე ვსწავლობდი და იერსკის ობსერვატორიაში ვმუშაობდი. ერთ ღამესაც იქ მარტო ვიყავი და მესმოდა, როგორ განუწყვეტლივ რეკავდა ტელეფონი. როცა, საბოლოოდ, ვუპასუხე, კარგად შეზარხოშებულმა მამაკაცმა მთხოვა:
– აშტრონომი დამალაპარაკეთ.
– რით შემიძლია დაგეხმაროთ?
– იცით, უილმეტიდან გიღეკავთ, ბაღში დიდი წვეულება გვაქვს დ ცაში რაღაც მოჩანს. საინტერესო ისაა, რომ, თუ პირდაპირ შეხედავთ, ქრება, მაგრამ თუ არ უყუღებთ, ისევ იქაა.
თვალის ბადურის ყველაზე მგრძნობიარე ადგილი მხედველობის არეალის ცენტრში არ მდებარეობს. ადამიანს შეუძლია, ძალიან მკრთალი ვარსკვლავები და სხვა ციური სხეულები დაინახოს, თუ მათ თვალს ოდნავ მოაშორებს. ვიცოდი, რომ ხსენებულ მომენტში ჩვენს ცაზე იმ დროისთვის ახლად აღმოჩენილი, თვალისთვის თითქმის უხილავი კომეტა „არენდ-როლანდი“ მოძრაობდა. ამიტომ იმ კაცს ვუთხარი, რომ, სავარაუდოდ, კომეტას ხედავდა. ხანგრძლივ დუმილს შემდეგი კითხვა მოჰყვა:
– კომეტა რაღაა?
– კომეტა დიდი გუნდაა, ორიოდე კილომეტრის სიგანის.
ამას კიდევ უფრო ხანგრძლივი პაუზა მოჰყვა, შემდეგ კი თანამოსაუბრის ბრძანება გავიგონე:
– ნამდვილი აშტრონომი დამალაპარაკეთ“.
კიდევ ერთ საკითხს გამოვარჩევდი, რომელიც მეცნიერებას ეხება და რომლის გააზრება, გასიგრძეგანება, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია მოზარდობის ასაკიდან დაიწყოს ადამიანმა – შეცდომები ყველას მოსდის და არც დიდი იდეების ავტორები არიან ამისგან დაზღვეული. მთავარია, ადამიანს შეეძლოს შეცდომის დანახვა, აღიარება, უკან დახევა და ახალი, სწორი, მართებული გზების ძიება: „როგორც მეცნიერთა, ისე არამეცნიერთა მიერ წამოყენებული ბევრი ჰიპოთეზა მცდარია. თუმცა, მეცნიერება შეცდომების გასწორებას ეფუძნება. იმისთვის, რომ ახალი იდეა აღიარონ, მან დამამტკიცებელი ფაქტების შემოწმების უმკაცრეს სტანდარტებს უნდა გაუძლოს… მეცნიერება ემყარება მოსაზრებას, რომ ნებისმიერი ჰიპოთეზა, ის რაგინდ უცნაურადაც უნდა გვეჩვენებოდეს, ობიექტურ განხილვასა და შეფასებას იმსახურებს, თანაც, რაიმენაირი წინასწარი განწყობის გარეშე. უხერხულობის გამომწვევი იდეების უგულებელყოფა შეიძლება აუცილებლობად მიიჩნეოდეს რელიგიასა და პოლიტიკაში, მაგრამ ცოდნისკენ მიმავალ გზაზე ეს დაუშვებელია. ახალი მოსაზრებებისადმი ასეთ დამოკიდებულებას მეცნიერების მიზნებთან საერთო არაფერი აქვს. შეუძლებელია წინასწარ იმის ცოდნა, თუ ვინ აღმოაჩენს ფუნდამენტურად მნიშვნელოვან ახალ კანონებსა თუ ფაქტებს“.
კარლ სეიგანი, ერთი მხრივ, პრაქტიკული მაგალითებით ხსნის, რა საჭიროა მეცნიერება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო, მეორე მხრივ, გვიზიარებს სხვა მოაზროვნეების შეხედულებებსაც, რათა კიდევ უფრო გაამყაროს თავისი დაკვირვების შედეგები. მაგალითად, მოჰყავს ნაწყვეტი არისტოტელეს „პოეტიკიდან“:
„[თალესს] მუდმივად საყვედურობდნენ სიღარიბის გამო და ასე მიანიშნებდნენ, რომ ფილოსოფიას არანაირი სარგებელი არ მოაქვს. გადმოცემის თანახმად, თალესმა ჯერ კიდევ ზამთარში იცოდა [ცაზე დაკვირვებების შედეგად), რომ მომდევნო წელს ზეთისხილის მოსავალი უხვი იქნებოდა; ამიტომ თავისი ცოტაოდენი ფული დააბანდა ქიოსისა და მილეტის ზეთსახდელებში, რომლებიც ძალიან იაფად დაიქირავა, რადგან მოცილე არავინ ჰყავდა. როცა მოსავლის აღების დრო მოვიდა და ყველას ზეთსახდელი დასჭირდა, თალესმა თავის მომსახურებას მაღალი ფასი დაადო და საკმაო ფულიც იშოვა. ამით მან მსოფლიოს აჩვენა, რომ, ფილოსოფოსებს, თუ თავად მოისურვებენ, გამდიდრება შეუძლიათ, მაგრამ მათ სულ სხვაგვარი ამბიციები ამოძრავებთ“, – ამ მონაკვეთში კარგად ჩანს მეცნიერული ცოდნის პრაქტიკული მნიშვნელობა, ის, რომ ეს ცოდნა ყოველდღიური ცხოვრებისგან განყენებული სულაც არაა და ისიც, რომ არ არის აუცილებელი, მეცნიერული ინტერესი ყოფით სარგებლობამდე დაიყვანებოდეს.
მწერალი ციცერონსაც ახსენებს თავის ნაწარმოებში და ვფიქრობ, სწორედ მოზარდებისთვის იქნება განსაკუთრებით საინტერესო ამ სიტყვების წაკითხვა: „ციცერონი წერდა: კამათისას უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს არა ავტორიტეტის წონა, არამედ არგუმენტების სიძლიერე. მართლაც, იმ ადამიანის ავტორიტეტი, ვინც ასწავლის, ხშირად ნამდვილი დაბრკოლებაა მათთვის, ვისაც სწავლა სურს; ეს უკანასკნელნი დამოუკიდებელ აზროვნებაზე თანდათან უარს ამბობენ და უდავო ჭეშმარიტებად აღიქვამენ იმას, რასაც კონკრეტული კითხვის პასუხად მასწავლებელი სთავაზობს. ნამდვილად არ ვაპირებ მოვიწონო პრაქტიკა, რომელსაც, ტრადიციულად, პითაგორას შეგირდებს მიაწერენ; კითხვაზე, თუ რა უდევს საფუძვლად მათ მიერ დებატებში წამოყენებულ მოსაზრებას, როგორც წესი, ისინი პასუხობენ: „ოსტატმა ასე ბრძანა“. „ოსტატი“, ცხადია, პითაგორაა. მათთვის წინასწარ მიწოდებული მზა მოსაზრება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მისი ავტორის სახელი დამოუკიდებელ აზროვნებასა და შეპასუხებას სრულიად გამორიცხავდა“. მოზარდები, როგორც წესი, ეძებენ დამოუკიდებლობას, მაგრამ ამასთან ერთად ხშირად ექცევიან სწორედ ავტორიტეტების გავლენის ქვეშ და ამიტომ ადვილად მოწყვლადებიც არიან. ზემოთ მოყვანილი სიტყვების გათავისება, ჩემი აზრით, მოზარდს შთააგონებს, რამდენად მნიშვნელოვანია, კრიტიკული აზროვნება შეინარჩუნოს ნებისმიერ სიტუაციაში, საჭირო დროს გამოვიდეს ნებისმიერი გავლენიდან და მტკიცედ დაადგეს არჩეულ გზას.
თავის წიგნში სეიგანი საუბრობს არაერთ დიდ მეცნიერზე, რომელთა აღმოჩენებმაც განსაზღვრა კაცობრიობის მომავალი განვითარების გზა. მაგრამ საინტერესოა, რომ გვიყვება არა მხოლოდ კონკრეტულ ფაქტზე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თავად ადამიანზე – როგორ გარემოში ტრიალებდა ბავშვობასა თუ ზრდასრულობაში, რამ განაპირობა ასეთ ადამიანად ჩამოყალიბება, რა გაცდები და ვნებები ამოძრავებდა, რამ აღუძრა ფიქრები თუ კონკრეტული ფიქრი. ნიუტონზეც, მის დამსახურებაზე, ბევრს ჰყვება, მაგრამ ორიოდე ნაწყვეტს მოვიყვან აქ, სრულიად ყოფითს:
„XIX საუკუნის 90-იან წლებში ტოსკანის მინდვრებში, პავიასკენ მიმავალ გზაზე რომ გაგესეირნათ, სკოლის ფორმაში ჩაცმული ერთი გრძელთმიანი ყმაწვილი შემოგხვდებოდათ. როცა გერმანიაში ცხოვრობდა, ამ ბიჭს მასწავლებლებმა უთხრეს, რომ მისგან არაფერი გამოვიდოდა; რომ მის მიერ დასმული შეკითხვები კლასში აურზაურს იწვევდა და ამიტომ უმჯობესი იქნებოდა, თუ იგი სკოლიდან წავიდოდა. მანაც პედაგოგებს დაუჯერა და გადასახლდა ჩრდილოეთ იტალიაში, სადაც შეეძლო, ისეთ საკითხებზე ეფიქრა, რომლებიც პრუსიულ, მკაცრ დისციპლინას დაქვემდებარებულ სკოლაში თავსმოხვეული თემებისგან ძალიან განსხვავდებოდა. ყმაწვილს ალბერტ აინშტაინი ერქვა, მისმა აზრებმა კი მალე მსოფლიო შეცვალა“.
„სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იგი წერდა: „არ ვიცი, როგორ ვჩანვარ სამყაროსთვის. მე კი საკუთარ თავში მხოლოდ ერთ პატარა ბიჭს ვხედავ, რომელიც ზღვის ნაპირზე თამაშობს, ერთობა და დროგამოშვებით სხვებზე უფრო გლუვ ან ლამაზ კენჭს პოულობს, მის წინ კი ჭეშმარიტების დიდი და სრულიად უცნობი ოკეანეა გადაშლილი“.
დაბოლოს, ეს არის წიგნი, რომელიც ადამიანებს მართლა შეაყვარებს დედამიწას. გაააზრებინებს, რომ თავადაა პასუხისმგებელი ამ პლანეტის არსებობაზე, ბევრი რამის შეცვლა და გამოსწორებაა შესაძლებელი და ევალება კიდეც:
„რამდენიმე მილიონი წლის წინ, როცა დედამიწაზე პირველი ადამიანები გაჩნდნენ, ეს პლანეტა უკვე „ასაკოვანი“ იყო – „სიყმაწვილის ხანის“ კატასტროფებისა და კატაკლიზმებიდან 4,6 მილიონი წელი აშორებდა. მაგრამ ჩვენ, ადამიანები, პლანეტაზე ზეგავლენის ახალ და, შესაძლოა, გადამწყვეტ ფენომენს წარმოვადგენთ. ინტელექტი და ტექნოლოგიები კლიმატზე ზემოქმედების საშუალებას გვაძლევს. როგორ გამოვიყენებთ ამ ძალას? მზად ვართ თუ არა, ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებსაც მთელი კაცობრიობის ბედის განსაზღვრა შეუძლია, გულგრილობა და თვითკმაყოფილება გამოვავლინოთ? ნუთუ ხანმოკლე სარგებელს ვამჯობინებთ დედამიწის კეთილდღეობას? ან იქნებ უფრო შორსმჭვრეტელები გავხდებით, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალზე დავფიქრდებით, კარგად შევისწავლით და დავიცავთ მშობლიურ პლანეტას? დედამიწა პატარა, მგრძნობიარე სამყაროა. მას გაფრთხილება სჭირდება“.
აქ შევჩერდები და ვფიქრობ, რამდენიმე წლის წინ გადაღებული ეს სიუჟეტი ჩემი სტატიის საუკეთესო დასასრულად გამოდგება. უყურეთ, ჩემს დაწერილსაც უფრო ირწმუნებთ, ქართველ გულანთებულ, კოსმოსით შეპყრობილ ასტროფოტოგრაფებსაც შეგაყვარებთ და კარლ სეიგანის „კოსმოსსაც“ მეტი ინტერესით გადაფურცლავთ.
https://mastsavlebeli.ge/
No comments:
Post a Comment