ახალი სასწავლო წლისთვის მზადებაში ხელოვნების გაკვეთილებზე გადაღებულ ფოტომასალას გადავხედე და მონატრებული მოსწავლეების სახეებმა შემახსენეს, რომ წელსაც ყურადღებით უნდა დავაფიქსირო კადრებში მათი შემოქმედების პროცესი.
მე და ჩემს მოსწავლეებს, ასევე ჩვენი გამოფენების დამთვალიერებლებს, ეს კადრები ძალიან კარგად გვადგება ხელოვნებაზე, როგორც ცოცხალ შემოქმედებით პროცესზე, დაკვირვებისთვის და ანალიზისთვის.
ხელოვნების მასწავლებლისთვის ყველაზე ამაღელვებელი და საპასუხისმგებლო მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენის წარდგენაა სკოლაში. წარმტაცი და ყოვლისმომცველი ექსპოზიციის შექმნას საკმაო დრო, კარგი დაგეგმვა სჭირდება, რომ ყველა მოსწავლის შემოქმედების შედეგი თანაბრად და ეფექტურად წარმოვაჩინოთ. მაგრამ ხელოვნების სწავლება მხოლოდ საბოლოო შედეგით არ განისაზღვრება. ხელოვნების შექმნის, შემოქმედების პროცესი თანაბრად მნიშვნელოვანია.
მოსწავლეები უმეტესად სიხარულითა და ღირსების განცდით ათვალიერებენ სკოლაში გამოფენილ თუ ჩვენი ხელოვნების გაკვეთილების ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ საკუთარ ნამუშევრებს. მაგრამ არიან საკუთარ შესაძლებლობებზე მერყევი წარმოდგენის მქონე ბავშვებიც, ცოტა მორცხვებიც, რომლებსაც წლის დასაწყისში როცა ვხვდებით ერთმანეთს, კატეგორიულად არ სჯერათ რომ კარგად გამოსდით ხელოვნებასთან შეხება, ან ჯერ კიდევ ჰგონიათ რომ მაინცდამაინც აკადემიურ ჩარჩოებს უნდა ესადაგებოდეს მათი ნამუშევრები. მერე როცა ნელნელა ვუახლოვდებით ერთმანეთს, ხვდებიან, რომ ხატვის თუ ძერწვის დროს, არ უნდა იფიქრონ საბოლოო შედეგზე, პროცესით უნდა ისიამოვნონ. წლის ბოლოს კი გამოფენაზე როცა ხედავენ საკუთარ ქმნილებებს, სიამაყით გადმოგვხედავენ ხოლმე დამთვალიერებლებს.
ჩვენი ხელოვნების გაკვეთილების ფეისბუკგვერდი პანდემიის პერიოდში შევქმენით და მას შემდეგ აქტიურად ვიყენებთ სკოლის აუდიტორიისთვის როგორც დასრულებული ნამუშევრების, ისე შემოქმედებითი პროცესის ამსახველი კადრების გასაზიარებლად. მოსწავლეებს განსაკუთრებით უყვართ „კადრს მიღმა სცენები“, სადაც აღბეჭდილია როგორ ფუსფუსებენ, მეგობარს ეხმარებიან… აკვირდებიან ამ ფოტოებს და იცინიან, დეტალურად იხსენებენ განვლილ აქტივობებს.
მოკლე ვიდეოებზე მეხუთე კლასის ერთერთ პროექტზე მუშაობის მთელი ისტორია გვაქვს შემონახული. ბავშვებმა თავიდან 5 ჯგუფად განაწილებულებმა გადაწყვიტეს მუყაოსა და მეორადი ქაღალდებისგან შენობების მაკეტების გაკეთება და მუშაობის პროცესში ისე შეხმატკბილდნენ, ბოლოს შეერთდნენ და ეს პატარ-პატარა ქაღალდის ნაგებობები გრანდიოზულ ერთიან კომპლექსად გადააქციეს. სწორედ ეს, შემოქმედებითი პროცესით გატაცება და ერთმანეთის მხარდაჭერა და გაერთიანებაა მთავარი რის მიღწევასაც ვცდილობ ხელოვნების გაკვეთილებზე.
ვირტუალურ გალერეაში საკმაოდ ვრცელი ფოტო-ვიდეო მასალა მოგვიგროვდა, რა თემებზე მუშაობდნენ ბავშვები, ჩანიშნული გვაქვს სასწავლო მიზნები, შთამაგონებელი ხელოვანები და ა.შ. წლის ბოლოს კი ერთად ვქმნით სკოლაში დიდ ექსპოზიციას ან ჩვენი ონლაინ გამოფენისთვის შემაჯამებელ ვიდეოკოლაჟებს.
ჩემმა მოსწავლეებმა იციან, რომ ხატვის თუ ძერწვის პროცესში, მათი ნებართვით, მუშაობის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას ვიღებ. მაშინაც, კი, როცა ბავშვები დისტანციურად მეცადინეობდნენ, ვთხოვდი შემოქმედების მომენტები ახლო ხედის კადრებით და მოკლე ვიდეო ჩანაწერებით თავადვე, როგორც შეძლებდნენ, ისე დაეფიქსირებინათ.
სკოლაში გაკვეთილზე ცოტა მეტი დატვირთვა კი მემატება, გადაღებისას სათანადოდ თვალყური უნდა ვადევნო მოსწავლეების მუშაობის პროცესს, რომ მნიშვნელოვანი დეტალები არ გამომრჩეს და ყველას თანაბრად გავუნაწილო ყურადღება. დღის ბოლოს გადაღებული მასალის დალაგებასაც საკმაო დრო მიაქვს. ჩემმა მერვეკლასელმა მოსწავლეებმა ტელეფონში ფოტოს და ვიდეოს სწრაფად დასამუშავებლად კარგ აპლიკაციებს მიმაგნებინეს. რამდენიმეს დღემდე აქტიურად ვიყენებ. წამებში შემიძლია ფოტოების სასურველ ზომაზე მოჭრა, გამონათება, ფაქტობრივად ფოტოშოპის მსგავსი ინსტრუმენტები მაქვს ტელეფონში Snapseed-ის აპლიკაციის სახით. ვიდეოს მონტაჟს კი, ისევ და ისევ, ჩემი მოსწავლეების რჩევით, Capcut-ის დახმარებით უსწრაფესად ვახერხებ.
ბავშვებიც ნელნელა ითვისებენ შემოქმედებითი პროცესის ხარისხიანად გადაღებას. თავიდან რამდენიმე რჩევა მივეცი, რა უნდა გაითვალისწინონ რომ საინტერესო მასალა გამოუვიდეთ. გაიგეს რა მნიშვნელოვანია რაკურსი გადაღებისას, რომ ფოტოზე ჩრდილი არ უნდა ფარავდეს გამოსახულებას, მოჭრილი კადრის ხიბლიც გაიაზრეს და ა.შ. გადაღებული ფოტოების სერიიდან თავად შეუძლიათ შეარჩიონ ერთი ან ორი ფოტო ყველაზე გასაგებად რაც გადმოსცემს პროცესს, რომ მერე ხელოვნების ვირტუალურ გალერეაში გავაზიაროთ.
ასე შეთანხმებულად ვმუშაობთ, ერთმანეთისგან ვსწავლობთ ხელოვნების გაკვეთილებზე. შემოქმედების პროცესის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა კი ამ ჩვენს გამოცდილებას გვახსენებს, გვახარებს, გვაფიქრებს, რა გამოუვიდათ კარგად, რა ისწავლეს ახალი, რა შეიძლებოდა უკეთესად გაეკეთებინათ. მეც ყურადღებით ვაკვირდები ამ პროცესებს და მომავალი პროექტებისთვის ვითვალისწინებ კარგსაც და ნაკლსაც.
ახლა როცა ახალი სასწავლო წლის გამოფენებზე ვფიქრობ, საგულდაგულოდ ვინიშნავ, რომ საეტაპო ნამუშევრებთან ერთად, მოსწავლეების მუშაობის პროცესის ამსახველი კადრები არ გამოგვრჩეს. შემოქმედებითი პროცესის ამსახველი რამდენიმე ფოტოს დამატება ჩვენს ექსპოზიციას უფრო ცოცხალს, დინამიურს გახდის.
მგონია, რომ ეს კადრები უმალ მიიპყრობს მნახველის თვალს და გულს. ყველამ არ იცის რა ხდება ხოლმე ხელოვნების ოთახში, როგორ მიმდინარეობს ჩვენი გაკვეთილები. სკოლის გამოფენაზე დამთვალიერებლები ხედავენ დასრულებულ ნახატებს და სკულპტურებს, მეორადი ნივთებით შექნილ ობიექტებს და ა.შ. და უმეტესწილად მაინც საბოლოო შედეგზე არიან ფოკუსირებულები. ამ შედეგს კი წინ უძღვოდა მოზარდების შრომა, მონდომება, ძალისხმევა, კითხვების დასმა, ანალიზი, კვლევა, ექსპერიმენტები, საკმაოდ ვრცელი და აღმოჩენებით სავსე გზა ნამუშევრების დასრულებამდე. ამიტომ მე და ჩემი მოსწავლეები ვცდილობთ მნახველი ვირტუალურად შემოვახედოთ ხელოვნების ოთახში, ვაჩვენოთ ჩვენი მუშაობის ეთიკა და ხელოვნების შექმნის პროცესი, რომ გამოფენის დამთვალიერებლებმა თავი შემოქმედების თანამონაწილეებად იგრძნონ.
სკოლაში გამართულ ექსპოზიციაზე არაერთხელ მომისმენია ასეთი კომენტარი: “დავიჯერო ეს მეექვსეკლასელმა თავად დახატა?! ნუთუ ეს შესაძლებელია?“ ჩემი პასუხია: დიახ, შესაძლებელია… ვფიქრობ, პროცესის ამსახველი კადრების გაცნობა არის ყველაზე გასაგები და სასარგებლო გზა ვაჩვენოთ აუდიტორიას თუ როგორ იქმნება ხელოვნება.
წელს ასეთი კადრები ხელოვნების ოთახშიც უნდა გამოვფინოთ, ერთ კუთხეს მივუჩენთ კედელზე და ხშირად განვაახლებთ, რომ მოსწავლეები დადებითად დაიმუხტონ, გაახსენდეთ გავნლილ პროექტებზე როგორი ხალისით მუშაობდნენ, ახლები კი შთაგონებით აღივსონ.
https://mastsavlebeli.ge/
No comments:
Post a Comment