Monday, September 30, 2024

წერა, როგორც სინამდვილის შეგრძნობა – იიუნ ლის „The Book of Goose“

 თუ წლევანდელ „ბუკერს“ თვალს ადევნებთ, ჟიურის შემადგენლობაც გეცოდინებათ – წელს ჟიურის ერთ-ერთი წევრი იიუნ ლია, წარმოშობით ჩინელი მწერალი, ამერიკაში რომ ცხოვრობს და ინგლისურად რომ წერს. მისი მოსმენის ბედნიერება ორი წლის წინ, აიოვაში გამართულ საღამოზე მქონდა . არასდროს დამავიწყდება, საერთაშორისო სამწერლო პროგრამის დირექტორის, კრისტოფერ მერილის სიტყვები:

– When she first came in the US, she barely spoke any English and now – პირველად რომ ჩამოვიდა ამერიკაში, ინგლისური ძლივს იცოდა და ახლა კი, – და აქ თვალები გაუბრწყინდა და ხელები გაშალა, – she writes like a wizard! – ჯადოქარივით წერსო.
აიოვას უნივერსიტეტს შემოქმედებითი წერის ერთ-ერთი ცნობილი და საუკეთესო სკოლა აქვს ამერიკაში. თუ ეს იცით, იფიქრებთ, რა თქმა უნდა, აბა, სხვაგან სად ჩავიდოდა მომავალი მწერალიო. საქმეც ეგაა – მაშინ იიუნ ლი ჯერ კიდევ არ იყო მწერალი და აიოვაშიც წერის კი არა, იმუნოლოგიის შესასწავლად ჩავიდა. მაგრამ საბოლოოდ ლიტერატურამ გადაწონა და ექიმის კარიერაზე უარი ათქმევინა.

როგორც თავად გაიხსენა საღამოზე, წერდა სწორედ წიგნების მაღაზიის „Prairie Lights“ კაფეში, რადგან ოთახი, რომელშიც სხვა სტუდენტებთან ერთად ცხოვრობდა, მეტისმეტად პატარა იყო. წერდა და მუდამ ერთსა და იმავე ჩაის სვამდა, თუ სწორად მახსოვს, ჟასმინისას. ამ პერიოდიდან წლები გავიდა. დღეს იიუნ ლი უკვე შვიდი წიგნის ავტორია და მრავალი ჯილდოს მფლობელი. ჯილდოებს შორისაა პრესტიჟული PEN Faulkner Award, რომელიც შარშან სწორედ 2022 წელს გამოსული რომანისათვის „The Book of Goose“ მიენიჭა.

რაზე მოგვითხრობს ეს მართლაც შესანიშნავი წიგნი?

თავად იიუნ ლი ამ შეკითხვას ირონიულად შეხედავდა – ერთი ასეთი ტერმინი აქვს Whataboutism. როგორც ერთ სტატიაში წერს, ვოთებაუთიზმი თანამედროვეობის სენია – ჩვენ განუწყვეტლივ ვკითხულობთ წიგნების შესახებ: What is it about? – რაზეა? და ამით ტექსტის მთელი არსი მის შინაარსამდე, სიუჟეტამდე დაგვყავს. ეს რომ არასწორია, იიუნ ლის რომანის მაგალითზე შეგვიძლია, დავინახოთ: ორი თინეიჯერი გოგო, აგნესი და ფაბიენი ომის შემდგომ პერიოდში, საფრანგეთის პატარა სოფელ სან რემიში ცხოვრობენ, სადაც სიღარიბე და მოწყენილობა გამეფებულა, ხოლო სიკვდილი კი ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა. რა რომანი უნდა ააგო ასეთ მარტივ ამბავზე? მაგრამ იიუნ ლი ოსტატია – ის არამხოლოდ ორი გოგოს რთულ, წინააღმდეგობებითა და სიხალისით აღსავსე ურთიერთობაზე მოგვითხრობს, რომელიც ძალზე ახლო მეგობრობიდან დიდ და ტკივილიან, შეუძლებელ სიყვარულში გადაიზრდება, არამედ თავად წიგნის წერის შესახებ წერს წიგნს. „The Book of Goose“, უპირველესად, მეტაფიქციური რომანია.
რა არის წერა? გამოგონება? თუ, პირიქით, რეალობის შეგრძნების, რეალურად ყოფნის საშუალება? როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, ფაბიენი და აგნესი წერას იმ გაუცხოების დასაძლევად მიმართავენ, რომელიც რეალობის მიმართ აქვთ. სინამდვილე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, მათი არ არის. არც ისინი ეკუთვნიან ამ სინამდვილეს. უფრო სწორად, ფაბიენი არ ეკუთვნის, აგნესი კი, როგორც ბოლოს ირკვევა, მონახავს ადაპტაციის გზას.

სინამდვილის არაერთგვაროვნება სხვადასხვა პერსპექტივის ჩვენებითაა ხაზგასმული: ჩვენ, მკითხველებმა, ვიცით, რომ მას შემდეგ, რაც აგნესი ინგლისში წავა, ფაბიენი სწერს წერილებს ჟაკის სახელით (ესეც საერთო თამაშის ნაწილია) და არავითარი ფაბიენის ძმა ჟაკი არ არსებობს. ჩვენ, აგრეთვე, ვიცით, რატომაც ვერ ჩერდება აგნესი ძვირადღირებულ, კერძო სკოლა-პანსიონში მისის თაუნზენდის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ჩვენ ამბავს აგნესის თვალებით ვხედავთ – მთხრობელი სწორედ ისაა და პერსპექტივაც მისია. მაგრამ არაფერი ეს არ იცის მისის თაუნზენდმა – მას ჟაკი ნამდვილად არსებული ბიჭი ჰგონია და აგნესსაც ამას საყვედურობს, შენ იმ შენს შეყვარებულს ვერ ელევი და ამიტომ გინდა წასვლაო. მისის თაუნზენდს უყოყმანოდ სჯერა აგნესის მიერ მებაღისთვის ნათქვამი ტყუილი, თითქოს ფოსტალიონ მისიე დივოს, მოთხრობების გაშალაშინებაში რომ დაეხმარა, სინამდვილეში, აგნესის ცოლად მოყვანა სურდა. და, რაც მთავარია, მისის თაუნზენდი განუწყვეტლივ ჩასჩიჩინებს აგნესს, კარიერაზე უნდა იფიქრო და გვაცადო მე და შენს გამომცემელს, გადავწყვიტოთ, რა იქნება შენთვის უკეთესიო.
მაგრამ რომელ კარიერაზე? წიგნები ხომ აგნესმა, უბრალოდ, ჩაიწერა, თორემ მათი შემთხზველი ფაბიენია, ის კარნახობდა ტექსტებს. ფოსტალიონს კი, რომელსაც გამომცემელი აგნესის თანაავტორად მიიჩნევს, საერთოდაც უმნიშვნელო როლი აქვს მთელ ამ თავგადასავალში – ის ფაბიენის დაგებულ მახეში ებმება. მაშ, სად არის სინამდვილე? ვინ არის ავტორი? უფრო სწორად, რა არის ავტორი?

აქვე ჩანს, რას ნიშნავს ავტორად ყოფნა:

სულ სოფელზე ხომ არ დაწერ, ხალხს მოსწყინდებაო, – ეუბნება მისის თაუნზენდი აგნესს. აგნესი ავტორი გახდა. ამიტომაც ყველას რაღაც სურს მისგან და ყველა ცდილობს, იგი სათავისოდ გამოიყენოს, მისი, ვუნდერკინდის, წარმატებით იხეირონ. და აგნესიც იძულებულია, აკეთოს, რასაც ეტყვიან: შეხვდეს გამომცემელს, მისცეს ინტერვიუები, იპოზიოროს ფოტოგრაფებთან, წავიდეს სასწავლებლად უცხო ქვეყანაში და, რაც მთავარია, დაწეროს შემდეგი წიგნი. და არავითარი ექსცენტრულობა – ის უნდა იყოს ზრდილობიანი, თავდაჭერილი გოგო, ისეთივე, როგორც მისი ასაკის სხვა გოგოები; ჩვეულებრივი და, ამავდროულად, სრულიად არაჩვეულებრივი.

და აგნესი ახერხებს ამ როლის შესრულებას, რასაც ვერასდროს მოახერხებდა ფაბიენი, თავისებური, ჯიუტად ბავშვობაში ჩარჩენილი ხასიათის გამო. ეს ხლეჩს აგნესის ცხოვრებას, რომელიც სოფელში მთლიანი იყო. ის საბოლოოდ უკან ბრუნდება, მაგრამ ბრუნდება სულ სხვანაირი და ამას ორივე ხვდება: აგნესიც და ფაბიენიც.

ამ წიგნისთვის არ არსებობს ე.წ. სპოილერები, რადგან ის არ სრულდება – დასასრული დასაწყისშივეა: აგნესი ფაბიენის სიკვდილის შესახებ შეიტყობს და გადაწყვეტს, ბოლო-ბოლო მოჰყვეს ყველაფერს ისე, როგორც იყო. ამდენი წლის შემდეგ ის ისევ იწყებს წერას და ისევ თავისი უსაყვარლესი მეგობრის მიერ მოცემული იმპულსით. „ბატის წიგნსაც“ ამიტომ არქმევს ახალ ტექსტს – ფაბიენი ეუბნებოდა ხოლმე: „ისევ ის სულელი ბატი ხარ, აგნეს, დიდი ოცნებებით“ („You are still that silly goose, […] You dream big, Agnès“).
აქვე კიდევ ერთი თემა, რომელზეც დგას რომანი – ვუნდერკინდები. აგნეს მორო გამქრალი გენიოსია – ერთი იმ ვუნდერკინდთაგანი, რომელიც გაიზარდა და ჩვეულებრივ ადამიანად იქცა, გაიზარდა და ყველამ დაივიწყა. მაგრამ იიუნ ლი აქაც ლამაზ ლიტერატურულ წიაღსვლას აკეთებს. აი, რას გვიყვება აგნესი თავის გაქრობაზე, რა თქმა უნდა, მკითხველებს იმედი გაუცრუვდათ, ჩემი მეორე წიგნი უხმაუროდ გამოიცა და მალევე დაივიწყესო, მაგრამ:

„But their disappointment would not last long. That year a girl named Francoise Sagan, who was four years older than me, made her name in literary history. The fame of Agnès Moreau, the peasant girl who failed to be transformed into a debutante, was no more than a twinkle of a firefly compared to the meteoric splendor of Mlle Sagan“.

ჩემი ბლაგვი თარგმანი ოდნავადაც ვერ გადმოსცემს იიუნ ლის ფრაზის სილამაზეს. საერთოდ, „ბატის წიგნი“ რომ სიამოვნებით იკითხება, ამის მთავარი მიზეზი ენაა – მდიდარი, ზუსტი. ცალკე აღსანიშნავია ტექსტის რიტმი – ეს უწყვეტი, მშვენიერი მუსიკა. არაფერი რომ არ მცოდნოდა ავტორის შესახებ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ის ამერიკელი არაა და ინგლისური მისთვის მშობლიური ენა არ არის.

***
შეხვედრაზე იიუნ ლიმ ისიც გვიამბო, წიგნი როგორ დაწერა. თურმე ჩარჩო მოთხრობა თავიდან სხვა ყოფილა. მწერალმა ის მხოლოდ მას შემდეგ შეცვალა, რაც რამდენიმე მკითხველმა გარკვეულ შეუსაბამობებზე მიანიშნა ჩარჩო მოთხრობასა და ჩართულ მოთხრობას შორის.

– აგენტს დავურეკე და ვუთხარი, მგონი, ჩარჩო სხვა უნდა იყოს-მეთქი, – იხსენებს მწერალი, – მან მიპასუხა, იიუნ, მე კი მგონია, რომ ტექსტს ერთი რამე უნდა, რომ იყოს და შენ მისგან მეორე რამის გამოყვანას ცდილობო. დავჯექი და პირველი 30 გვერდი თავიდან დავწერე.

დაისვა შეკითხვა ფინალთან დაკავშირებითაც:
– ტექსტი დასრულებულია, თუ მტკივა, – უპასუხა მწერალმა, – „ბატის წიგნის“ ფინალი ისე მეტკინა, რომ გონს მოსასვლელად საცურაოდ წავედი. მაშინ მივხვდი: ეს ნამდვილად სწორი და შესაფერისი ფინალი იყო.

მერე კი აღნიშნა, მე კითხვების მწერალი ვარო. ვწერ წიგნებს, რათა კითხვები დავსვა და ვსვამ კითხვებს, რათა ახალ-ახალი კითხვები გაჩნდესო.

თუ „ბატის წიგნის“ გამოცემას გადმოატრიალებთ, უკანა მხარეს სხვადასხვა ავტორებისა და კრიტიკოსების შეფასებებს ნახავთ. მათ შორის სალმან რუშდიცაა. მისი შეფასება მოკლეა, სულ ერთი წინადადება: „One of our major novelists“. – „ჩვენი ერთ-ერთი მთავარი რომანისტი“.

https://mastsavlebeli.ge/


მოზარდები კოსმოსური ოკეანის ნაპირზე

 „რა არის ვარსკვლავები? –

ეს და სხვა მსგავსი შეკითხვები ისეთივე ბუნებრივია, როგორც ჩვილის ღიმილი“.

კარლ სეიგანი

„ერთხელ კოსმოსური ოკეანის ნაპირზე კარლ სეიგანთან ერთად აღმოვჩნდი“ – ამ სიტყვებით იწყება ამ წიგნის წინასიტყვაობა და მეც ასე დავიწყებ, რადგან ზუსტად ასეთი შეგრძნება მქონდა წიგნის კითხვისას.

სანამ ეს წიგნი შემხვდებოდა ცხოვრებაში, იმ მოსაწყენ ადამიანებს მივეკუთვნებოდი, რომლებიც კოსმოსის, პლანეტების, ასტრონომებისა და ასტრონავტების ხსენებისას ბუზღუნებენ და ვერ იგებენ, რით ვერ მორჩნენ ადამიანები ცაში ჭვრიტინს და რით ვერ ეტევიან დედამიწაზე. მოსაწყენი რომ ვიყავი ამ ჩემი ფიქრებით, ეგეც „კოსმოსის“ წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე, მანამდე არავის უთქვამს. წიგნი კი აღმომაჩენინა ჩემმა ყოფილმა მოსწავლემ, რომელიც მაინცდამაინც კოსმოსით გატაცებული არასოდეს ყოფილა, მაგრამ წიგნით ნამდვილად მოიხიბლა და ნანობდა, ნეტა მეცხრე კლასში წამეკითხაო.

მას შემდეგ შევიტანე კარლ სეიგანის „კოსმოსი“ იმ აუცილებლად წასაკითხ წიგნებს შორის, რომლებსაც მოზარდებს ვურჩევ ან ვჩუქნი ხოლმე.

საოცრება ისაა, რომ მიუხედავად იმისა, წიგნი მუდმივად მზარდი და განვითარებადი სამეცნიერო სფეროსთვის საკმაოდ ხანდაზმულია (ის 1980 წელს გამოიცა), მისი დაბადების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ამ სფეროში, რიგი ბუნდოვანი საკითხები ნათელი გახდა, ზოგიერთი კითხვის პასუხი უკვე ნაპოვნია – წიგნი მაინც არ კარგავს პოპულარობას. ამის მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ ძალიან მარტივი, გასაგები ენითაა ახსნილი ურთულესი მოვლენები; არც ის, რომ უბრალოდ ამბებია საინტერესო; ჩემი აზრით, მთავარია, რომ ეს წიგნი არწმუნებს მკითხველს იმაში, რომ რაც უკვე იყო, არსად წასულა და რაც ახლა ხდება, ისიც არსად წავა და მომავალს მიემართება. ყველაფერი კანონზომიერია, შემთხვევით არ უკავშირდება ერთმანეთს და გვაჩვენებს, რომ მეცნიერების ყველა მიღწევა კაცობრიობის განვითარებას ემსახურება მისი გონივრულად და კეთილსინდისიერად გამოყენების შემთხვევაში. არასოდეს, არცერთ წიგნში ასეთი სიმძაფრით არ მიგრძნია, რა ერთიანია სამყარო, როგორი უწყვეტი და ყველა არსებულ ჯაჭვზე მტკიცეა კაცობრიობის განვითარების აბსოლუტურად ყველა ეტაპის ურთიერთმიმართება.

ამას ემატება ისიც, რომ ყველა ფურცელზე იგრძნობა, როგორ ცდილობს ავტორი, ის ცოდნა-საუნჯე, რომელიც ასე ძვირფასია, ბოლომდე მიიტანოს მკითხველამდე. ერთი წუთითაც არ ავიწყდება, რომ მიუხედავად იმისა, ზუსტად იცის, ძალიან საინტერესო რამეები აქვს მოსაყოლ-ასახსნელი, ვინმესთვის მაინც შეიძლება იქცეს მოსაწყენად. ამიტომ სულ ფხიზლადაა: რუდუნებით არჩევს ეპიგრაფებს, თავების სათაურებს, დასაწყისებს, ღია დასასრულებს, თხრობის მანერას, ქრონოლოგიურ ხაზს… ამ წიგნში ძალიან კარგად ჩანს, როგორ გვეხმარება ერთი კონკრეტული ცოდნა, სამყაროს სხვა დახურული კარიც შევაღოთ. როგორ არის გადაჯაჭვული ერთმანეთზე მეცნიერების სხვადასხვა სფერო და როგორ სჭირდება ამ სფეროთა ურთიერთკავშირი კაცობრიობას განვითარებისთვის.

შეუძლებელია, სტატიაში, თუნდაც ჩამონათვალის სახით, ჩავატიო ის სამეცნიერო საკითხები, რომლებსაც ძალიან დაწვრილებით, პროფესიონალურად, მაგრამ ყველასთვის გასაგებად განიხილავს კარლ სეიგანი. მისი მიდგომის წყალობით, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, მაგრამ ბუნდოვანი მოვლენა ჩემთვის სრულიად ცხადი და გასაგები გახდა. თუმცა გარდა სამეცნიერო ფაქტებისა, წიგნში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ადამიანების განცდებს, ვნებებს, ფიქრებს, ოცნებებს, ემოციებს. ეს ზოგჯერ თავად ავტორს ეხება, ზოგჯერ კი იმ ადამიანებს, რომლებზეც ნაწარმოებში საუბრობს. ბუნებრივადაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული პრაგმატული თუ ფილოსოფიური ფიქრები და ემოციები. მაგალითად, კაცობრიობას არ ასვენებს კითხვა, შეგვიძლია თუ არა, მარსზე გადავცხოვრდეთ საჭიროების შემთხვევაში ან ვაქციოთ ეს პლანეტა ჩვენს დასასვენებელ ადგილად. ამ კითხვებზეც ძალიან საინტერესო პასუხებს იპოვიან მოზარდები წიგნში. მაგრამ თავში „წითელი პლანეტის ბლუზი“ კარლ სეიგანი ისე ემოციურად აღწერს მარსიდან გამოგზავნილი პირველი ფოტო ნახვას, რომ მკითხველის ინტერესს კიდევ უფრო ზრდის: „მახსოვს, როგორ შემეკრა სუნთქვა, როცა მარსის ჰორიზონტის ფოტოსურათი პირველად დავინახე. მაშინვე გავიფიქრე, რომ ეს უცხო სამყარო არ არის. ასეთი ადგილები მინახავს კოლორადოში, არიზონაში, ნევადაში. აქ იყო ქვები, ქვიშის ბორცვები და შორეული მაღლობი, ისეთივე ბუნებრივი და ჩვეულებრივი, როგორიც დედამიწის ნებისმიერი ადგილის ლანდშაფტი. მარსიც ადგილი იყო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიკვირდებოდა, დიუნებზე მუქ ფერებში ჩაცმული მოგზაური რომ დამენახა, რომელიც თავის ჯორს მიუძღვებოდა, თუმცა, ამავე დროს, ასეთი სურათის წარმოსახვა თითქოს მართებულიც კი ჩანდა“ .

ამავე თავშივე აღწერს, რა ფორმით შეიძლება დავუკავშირდეთ დედამიწელები წითელ პლანეტას და ძალიან საინტერესო დასკვნასაც გვთავაზობს, როცა იხსენებს, როგორ ვარაუდობდნენ, რომ მარსზე გადაღებულ ფოტოზე ცოცხალი არსებების მიერ გაყვანილი არხები ჩანდა: „როგორც ჩანს, ადამიანს თავის მოტყუების დიდი ნიჭი აქვს, როცა საქმეში გრძნობები ერთვება; მით უმეტეს, ისეთი ძლიერი ემოციები, როგორსაც მეზობელ პლანეტაზე გონიერი არსებების ცხოვრების იდეა აღძრავს. ლოუელის ვარაუდი, შესაძლოა, წინასწარმეტყველურიც კი აღმოჩნდეს. მისი დანახული არხები მარსელებმა ააგეს; მაგრამ, თუ პლანეტის ტერაფორმირება მოხერხდება, მაშინ არხებს ის ადამიანები გაიყვანენ, რომლებიც იქ სამუდამოდ დასახლდებიან და მარსს საკუთარ სახლად აქცევენ. მარსელები ჩვენ ვიქნებით“.

კარლ სეიგანი ემოციურად თავადვე უახლოვდება იმ გარდამტეხ მოვლენებს, რომლებსაც განიხილავს; ცდილობს, მაქსიმალურად ჩართოს თავისი ფანტაზია და მაგალითად, წარმოიდგინოს ის დრო, როცა ადამიანმა ცეცხლი იპოვა; აღადგინოს ფიქრები, რომლებითაც შეპყრობილი იქნებოდა მაშინდელი ადამიანი. გთავაზობთ ფრაგმენტს ამ ვრცელი ფიქრებიდან: „…არ ვიცი, ცაში გაფანტული ვარსკვლავები მართლა კოცონებია თუ არა; ან ტყავში გაკეთებული ის ნახვრეტებია თუ არა, საიდანაც ცეცხლი გვიყურებს და გვაკვირდება. ზოგჯერ ერთი ფიქრი მომწონს, ზოგჯერ კი მეორეს ვემხრობი. თუ ვიფიქრე, რომ არანაირი კოცონები და ნახვრეტები არ არსებობს და ვარსკვლავები სულ სხვა რამეა, მერე ამის გაგება ძალიან მიჭირს.

კისერი მორზე დაასვენე. თავი უკან გადასწიე. ასე მხოლოდ ცას დაინახავ. არანაირი მთები, არც ხეები, არც მონადირეები, არც კოცონი. მხოლოდ ცა. ზოგჯერ მგონია, ზევით, ცაში გადავვარდები. თუ ვარსკვლავები მართლაც კოცონებია, მაშინ ძალიან მინდა, იმ სხვა მონადირე ხალხებს ვესტუმრო, აი, იმათ, მომთაბარეები რომ არიან. ამ დროს ცაში გადავარდნაზე ფიქრი მომწონს. მაგრამ, თუ ვარსკვლავები ტყავში გაჭრილი ნახვრეტებია, მაშინ მათი მეშინია. არ მინდა, ნახვრეტში გავძვრე და იქიდან დიდ ცეცხლში მოვხვდე.

ძალიან მინდა ვიცოდე, რომელი ფიქრია სწორი. არ მომწონს, რომ არ ვიცი“.

მას შემდეგ, როცა აღწერს, როგორ გაჩნდა პირველი კოსმოსში მოგზაური რობოტების შექმნის იდეა და რამდენი რამ გავიგეთ კოსმოსის შესახებ „ვოიაჯერ 1-ისა“ და „ვოიაჯერ 2-ის“ დახმარებით, მერე მწერალ-მეცნიერი მკითხველს სთავაზობს რობოტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადმოცემის უცნაურ ფორმას:

„ვოიაჯერს“ რომ ეკიპაჟი ჰყოლოდა, კაპიტანი ყოველდღიურად ხომალდის ჟურნალში ჩანაწერებს აწარმოებდა. „ვოიაჯერ-1-ისა“ და „ვოიაჯერ-2-ის“ მიერ მოთხრობილი ამბების გაერთიანების შემდეგ დაახლოებით ასეთი ტექსტის წაკითხვას შევძლებდით:

დღე 1-ლი. უსაფრთხოების ზომებისა და ხელსაწყოებზე შფოთვის მიუხედავად, რომლებიც თითქოს გაუმართავი ჩანდა, მაინც წარმატებით ავფრინდით კანავერალის კონცხიდან და დავიწყეთ ხანგრძლივი მოგზაურობა პლანეტებისა და ვარსკვლავებისკენ…“.

ასე აგრძელებს დღეების მიხედვით რამდენიმე ფურცლის განმავლობაში და მკითხველისთვის კიდევ უფრო ცხადი, ნათელი და ემოციური ხდება, რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღო კაცობრიობამ 1977 წელს გაშვებული ამ კოსმოსური ზონდებისაგან (ასე უწოდებენ ზოგადად), რომლებიც დღემდე ფუნქციონირებენ, ბოლომდე იქნებიან ადამიანების სამსახურში და არასოდეს დაბრუნდებიან უკან.

კონკრეტული საჭირო ცოდნისა და ემოციური მხარის გარდა, ეს წიგნი გამოირჩევა იმითაც, რომ ეს ავტორი ამსხვრევს მეცნიერებასთან დაკავშირებულ იმ სტერეოტიპებს, რომლებიც მყარადაა ფესვგადგმული მოზარდის გონებაში (თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირად არც ზრდასრულები გამოვიყურებით სტერეოტიპთა მძლეველი სუპერგმირებივით). მეცნიერებისადმი ადამიანთა დამოკიდებულება ძალიან კარგად ახსნა კარლ სეიგანმა ერთი ძალიან საინტერესო და თან სახალისო ამბის თხრობისას:

„კომეტებთან დაკავშირებული გაუგებრობები დღემდე გრძელდება. 1957 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზე ვსწავლობდი და იერსკის ობსერვატორიაში ვმუშაობდი. ერთ ღამესაც იქ მარტო ვიყავი და მესმოდა, როგორ განუწყვეტლივ რეკავდა ტელეფონი. როცა, საბოლოოდ, ვუპასუხე, კარგად შეზარხოშებულმა მამაკაცმა მთხოვა:

– აშტრონომი დამალაპარაკეთ.

– რით შემიძლია დაგეხმაროთ?

– იცით, უილმეტიდან გიღეკავთ, ბაღში დიდი წვეულება გვაქვს დ ცაში რაღაც მოჩანს. საინტერესო ისაა, რომ, თუ პირდაპირ შეხედავთ, ქრება, მაგრამ თუ არ უყუღებთ, ისევ იქაა.

თვალის ბადურის ყველაზე მგრძნობიარე ადგილი მხედველობის არეალის ცენტრში არ მდებარეობს. ადამიანს შეუძლია, ძალიან მკრთალი ვარსკვლავები და სხვა ციური სხეულები დაინახოს, თუ მათ თვალს ოდნავ მოაშორებს. ვიცოდი, რომ ხსენებულ მომენტში ჩვენს ცაზე იმ დროისთვის ახლად აღმოჩენილი, თვალისთვის თითქმის უხილავი კომეტა „არენდ-როლანდი“ მოძრაობდა. ამიტომ იმ კაცს ვუთხარი, რომ, სავარაუდოდ, კომეტას ხედავდა. ხანგრძლივ დუმილს შემდეგი კითხვა მოჰყვა:

– კომეტა რაღაა?

– კომეტა დიდი გუნდაა, ორიოდე კილომეტრის სიგანის.

ამას კიდევ უფრო ხანგრძლივი პაუზა მოჰყვა, შემდეგ კი თანამოსაუბრის ბრძანება გავიგონე:

– ნამდვილი აშტრონომი დამალაპარაკეთ“.

კიდევ ერთ საკითხს გამოვარჩევდი, რომელიც მეცნიერებას ეხება და რომლის გააზრება, გასიგრძეგანება, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია მოზარდობის ასაკიდან დაიწყოს ადამიანმა – შეცდომები ყველას მოსდის და არც დიდი იდეების ავტორები არიან ამისგან დაზღვეული. მთავარია, ადამიანს შეეძლოს შეცდომის დანახვა, აღიარება, უკან დახევა და ახალი, სწორი, მართებული გზების ძიება: „როგორც მეცნიერთა, ისე არამეცნიერთა მიერ წამოყენებული ბევრი ჰიპოთეზა მცდარია. თუმცა, მეცნიერება შეცდომების გასწორებას ეფუძნება. იმისთვის, რომ ახალი იდეა აღიარონ, მან დამამტკიცებელი ფაქტების შემოწმების უმკაცრეს სტანდარტებს უნდა გაუძლოს… მეცნიერება ემყარება მოსაზრებას, რომ ნებისმიერი ჰიპოთეზა, ის რაგინდ უცნაურადაც უნდა გვეჩვენებოდეს, ობიექტურ განხილვასა და შეფასებას იმსახურებს, თანაც, რაიმენაირი წინასწარი განწყობის გარეშე. უხერხულობის გამომწვევი იდეების უგულებელყოფა შეიძლება აუცილებლობად მიიჩნეოდეს რელიგიასა და პოლიტიკაში, მაგრამ ცოდნისკენ მიმავალ გზაზე ეს დაუშვებელია. ახალი მოსაზრებებისადმი ასეთ დამოკიდებულებას მეცნიერების მიზნებთან საერთო არაფერი აქვს. შეუძლებელია წინასწარ იმის ცოდნა, თუ ვინ აღმოაჩენს ფუნდამენტურად მნიშვნელოვან ახალ კანონებსა თუ ფაქტებს“.

კარლ სეიგანი, ერთი მხრივ, პრაქტიკული მაგალითებით ხსნის, რა საჭიროა მეცნიერება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო, მეორე მხრივ, გვიზიარებს სხვა მოაზროვნეების შეხედულებებსაც, რათა კიდევ უფრო გაამყაროს თავისი დაკვირვების შედეგები. მაგალითად, მოჰყავს ნაწყვეტი არისტოტელეს „პოეტიკიდან“:

„[თალესს] მუდმივად საყვედურობდნენ სიღარიბის გამო და ასე მიანიშნებდნენ, რომ ფილოსოფიას არანაირი სარგებელი არ მოაქვს. გადმოცემის თანახმად, თალესმა ჯერ კიდევ ზამთარში იცოდა [ცაზე დაკვირვებების შედეგად), რომ მომდევნო წელს ზეთისხილის მოსავალი უხვი იქნებოდა; ამიტომ თავისი ცოტაოდენი ფული დააბანდა ქიოსისა და მილეტის ზეთსახდელებში, რომლებიც ძალიან იაფად დაიქირავა, რადგან მოცილე არავინ ჰყავდა. როცა მოსავლის აღების დრო მოვიდა და ყველას ზეთსახდელი დასჭირდა, თალესმა თავის მომსახურებას მაღალი ფასი დაადო და საკმაო ფულიც იშოვა. ამით მან მსოფლიოს აჩვენა, რომ, ფილოსოფოსებს, თუ თავად მოისურვებენ, გამდიდრება შეუძლიათ, მაგრამ მათ სულ სხვაგვარი ამბიციები ამოძრავებთ“, – ამ მონაკვეთში კარგად ჩანს მეცნიერული ცოდნის პრაქტიკული მნიშვნელობა, ის, რომ ეს ცოდნა ყოველდღიური ცხოვრებისგან განყენებული სულაც არაა და ისიც, რომ არ არის აუცილებელი, მეცნიერული ინტერესი ყოფით სარგებლობამდე დაიყვანებოდეს.

მწერალი ციცერონსაც ახსენებს თავის ნაწარმოებში და ვფიქრობ, სწორედ მოზარდებისთვის იქნება განსაკუთრებით საინტერესო ამ სიტყვების წაკითხვა: „ციცერონი წერდა: კამათისას უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს არა ავტორიტეტის წონა, არამედ არგუმენტების სიძლიერე. მართლაც, იმ ადამიანის ავტორიტეტი, ვინც ასწავლის, ხშირად ნამდვილი დაბრკოლებაა მათთვის, ვისაც სწავლა სურს; ეს უკანასკნელნი დამოუკიდებელ აზროვნებაზე თანდათან უარს ამბობენ და უდავო ჭეშმარიტებად აღიქვამენ იმას, რასაც კონკრეტული კითხვის პასუხად მასწავლებელი სთავაზობს. ნამდვილად არ ვაპირებ მოვიწონო პრაქტიკა, რომელსაც, ტრადიციულად, პითაგორას შეგირდებს მიაწერენ; კითხვაზე, თუ რა უდევს საფუძვლად მათ მიერ დებატებში წამოყენებულ მოსაზრებას, როგორც წესი, ისინი პასუხობენ: „ოსტატმა ასე ბრძანა“. „ოსტატი“, ცხადია, პითაგორაა. მათთვის წინასწარ მიწოდებული მზა მოსაზრება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მისი ავტორის სახელი დამოუკიდებელ აზროვნებასა და შეპასუხებას სრულიად გამორიცხავდა“. მოზარდები, როგორც წესი, ეძებენ დამოუკიდებლობას, მაგრამ ამასთან ერთად ხშირად ექცევიან სწორედ ავტორიტეტების გავლენის ქვეშ და ამიტომ ადვილად მოწყვლადებიც არიან. ზემოთ მოყვანილი სიტყვების გათავისება, ჩემი აზრით, მოზარდს შთააგონებს, რამდენად მნიშვნელოვანია, კრიტიკული აზროვნება შეინარჩუნოს ნებისმიერ სიტუაციაში, საჭირო დროს გამოვიდეს ნებისმიერი გავლენიდან და მტკიცედ დაადგეს არჩეულ გზას.

თავის წიგნში სეიგანი საუბრობს არაერთ დიდ მეცნიერზე, რომელთა აღმოჩენებმაც განსაზღვრა კაცობრიობის მომავალი განვითარების გზა. მაგრამ საინტერესოა, რომ გვიყვება არა მხოლოდ კონკრეტულ ფაქტზე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თავად ადამიანზე – როგორ გარემოში ტრიალებდა ბავშვობასა თუ ზრდასრულობაში, რამ განაპირობა ასეთ ადამიანად ჩამოყალიბება, რა გაცდები და ვნებები ამოძრავებდა, რამ აღუძრა ფიქრები თუ კონკრეტული ფიქრი. ნიუტონზეც, მის დამსახურებაზე, ბევრს ჰყვება, მაგრამ ორიოდე ნაწყვეტს მოვიყვან აქ, სრულიად ყოფითს:

„XIX საუკუნის 90-იან წლებში ტოსკანის მინდვრებში, პავიასკენ მიმავალ გზაზე რომ გაგესეირნათ, სკოლის ფორმაში ჩაცმული ერთი გრძელთმიანი ყმაწვილი შემოგხვდებოდათ. როცა გერმანიაში ცხოვრობდა, ამ ბიჭს მასწავლებლებმა უთხრეს, რომ მისგან არაფერი გამოვიდოდა; რომ მის მიერ დასმული შეკითხვები კლასში აურზაურს იწვევდა და ამიტომ უმჯობესი იქნებოდა, თუ იგი სკოლიდან წავიდოდა. მანაც პედაგოგებს დაუჯერა და გადასახლდა ჩრდილოეთ იტალიაში, სადაც შეეძლო, ისეთ საკითხებზე ეფიქრა, რომლებიც პრუსიულ, მკაცრ დისციპლინას დაქვემდებარებულ სკოლაში თავსმოხვეული თემებისგან ძალიან განსხვავდებოდა. ყმაწვილს ალბერტ აინშტაინი ერქვა, მისმა აზრებმა კი მალე მსოფლიო შეცვალა“.

„სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იგი წერდა: „არ ვიცი, როგორ ვჩანვარ სამყაროსთვის. მე კი საკუთარ თავში მხოლოდ ერთ პატარა ბიჭს ვხედავ, რომელიც ზღვის ნაპირზე თამაშობს, ერთობა და დროგამოშვებით სხვებზე უფრო გლუვ ან ლამაზ კენჭს პოულობს, მის წინ კი ჭეშმარიტების დიდი და სრულიად უცნობი ოკეანეა გადაშლილი“.

დაბოლოს, ეს არის წიგნი, რომელიც ადამიანებს მართლა შეაყვარებს დედამიწას. გაააზრებინებს, რომ თავადაა პასუხისმგებელი ამ პლანეტის არსებობაზე, ბევრი რამის შეცვლა და გამოსწორებაა შესაძლებელი და ევალება კიდეც:

„რამდენიმე მილიონი წლის წინ, როცა დედამიწაზე პირველი ადამიანები გაჩნდნენ, ეს პლანეტა უკვე „ასაკოვანი“ იყო – „სიყმაწვილის ხანის“ კატასტროფებისა და კატაკლიზმებიდან 4,6 მილიონი წელი აშორებდა. მაგრამ ჩვენ, ადამიანები, პლანეტაზე ზეგავლენის ახალ და, შესაძლოა, გადამწყვეტ ფენომენს წარმოვადგენთ. ინტელექტი და ტექნოლოგიები კლიმატზე ზემოქმედების საშუალებას გვაძლევს. როგორ გამოვიყენებთ ამ ძალას? მზად ვართ თუ არა, ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებსაც მთელი კაცობრიობის ბედის განსაზღვრა შეუძლია, გულგრილობა და თვითკმაყოფილება გამოვავლინოთ? ნუთუ ხანმოკლე სარგებელს ვამჯობინებთ დედამიწის კეთილდღეობას? ან იქნებ უფრო შორსმჭვრეტელები გავხდებით, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალზე დავფიქრდებით, კარგად შევისწავლით და დავიცავთ მშობლიურ პლანეტას? დედამიწა პატარა, მგრძნობიარე სამყაროა. მას გაფრთხილება სჭირდება“.

აქ შევჩერდები და ვფიქრობ, რამდენიმე წლის წინ გადაღებული ეს სიუჟეტი ჩემი სტატიის საუკეთესო დასასრულად გამოდგება. უყურეთ, ჩემს დაწერილსაც უფრო ირწმუნებთ, ქართველ გულანთებულ, კოსმოსით შეპყრობილ ასტროფოტოგრაფებსაც შეგაყვარებთ და კარლ სეიგანის „კოსმოსსაც“ მეტი ინტერესით გადაფურცლავთ.

https://mastsavlebeli.ge/

ორსახა იანუსი – მოდი, ერთად ჩავყვინთოთ იდიომების ზღვაში!

 ქართულის გაკვეთილზე ლექსიკურ მარაგზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, განსაკუთრებით ისეთ სიტყვებზე, რომლებსაც ყოველდღიურ საუბარში იშვიათად ვიყენებთ და მათი ცოდნა ადამიანის განათლებულობაზე და ინტელექტზე მიუთითებს. მაგალითად, ინგლისური ენის სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ასეთი ფრაზებსა და სიტყვებზე მუშაობას ექცევა. უამრავი რესურსი, წიგნი, სავარჯიშოების რვეულები თუ ტესტური დავალება გვთავაზობს მხოლოდ იდიომებს, მხატვრულ გამონათქვამებს, იმიტომ, რომ ინგლისელებმა ზუსტად იციან, რომ ენის სიღრმისეული ცოდნა სწორედ ასეთი „მარგალიტების“ გააზრებასა და გაგებას გულისხმობს. ქართულში ასეთი გამონათქვამები თითქოს მივიწყებული გვაქვს. მათ სასკოლო სახელმძღვანელოებშიც კანტიკუნტად შევხვდებით და ისიც მხოლოდ მშრალი განმარტებით შემოიფარგლება. არადა, რა ზღვა მასალა და რესურსი გვაქვს, რა საინტერესო! თითოეულ მათგანს ისტორიულ თუ მითოლოგიურ მოგზაურობაში მივყავართ, აქტიურდება წარმოსახვა, ასოციაციები, შემოქმედებითობა…

თუ ბავშვებთან თითოეულ იდიომს საგულდაგულოდ დავამუშავებთ, შედეგით თავადაც განცვიფრდებით – როგორ ჩაყვინთავენ სიტყვათა ზღვაში, როგორ გაფრინდებიან შორეულ წარსულში, როგორ მოაგროვებენ ამბებს და შემდეგ ერთ ფაზლად როგორ ააწყობენ, როგორ გაამთლიანებენ და მიიღებენ უნიკალურ გამონათქვამს… შარშან ჩემს მესამე კლასელებთან დავამუშავე იდიომები: „ვარსკვლავებს ეთამაშება“, „ოლიმპიური სიმშვიდე“ , „ფორტუნამ გაიღიმა“, „სიტყვის ბანზე აგდება“ – წელს რომ დაბრუნდნენ, ეს ფრაზები ისე ბუნებრივად ექციათ საკუთარ ყოველდღიურ ლექსიკად, ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა!

(აღნიშნულ იდიომებზე აქტივობებს იპოვით ჩემს გვერდზე).

აქვე გთავაზობთ ალექსანდრე ონიანის „ქართული იდიომების“ ელექტრონულ ვერსიას:

https://dlab.ug.edu.ge/books/detail/5826

 

სიტყვა რომ აღარ გავაგრძელოთ, ამ წერილში კიდევ ერთი საინტერესო იდიომის თავგადასავალს გთავაზობთ, რომელზეც მუშაობის სიამოვნებას თქვენს მოსწავლეებთან ერთად მიიღებთ.

ვინ არის ორპირი იანუსი? რას ნიშნავს იანუსობა?

ადამიანი, რომელიც ორგულია, გაიძვერა, ორპირი – ორსახა იანუსად მოიხსენიებენ ხოლმე.

იანუსი რომაული ღვთაებაა, თავდაპირველად მზისა და სინათლის ღმერთი იყო, შემდეგში კი უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა.

ხსნიდა ზეციურ კარიბჭეს, რომ იქიდან დედამიწაზე დღე გამოეშვა. იანუსის, როგორც გუშაგის ხელთ იყო შესასვლელი და გასასვლელი კარის გასაღები, აღებდა და ხურავდა ჭიშკრებს. თავად სიტყვა „იანიც“ – გასასვლელებს აღნიშნავს.

მხოლოდ კარიბჭის ღვთაება, როდი იყო იანუსი, ის დროებას, წარსულსა და მომავალს, დასაბამსა და დასაწყისს განაგებდა. დედამიწაზე, რომაელთა ყველა კარი და კარიბჭე იანუსს ეძღვნებოდა და იქ მის ქანდაკებებს აღმართავდნენ ხოლმე.

იანუსი შემოქმედ ღმერთად მიაჩნდათ, მან გააცოცხლა დედამიწა, გააჩინა ყველა მდინარე და ნაკადული. მისი მეუღლე წყლის ნიმფაა, ხოლო შვილი წყაროთა და შადრევანთა ღვთაება.

იანუსი მოგზაურებსაც და გზაზე დამდგარ ადამიანებსაც მფარველობდა, სწორედ მას უსწავლებია ადამიანისთვის ხომალდის აგება.

ეს გასაოცარი ღმერთი, ომსა და მშვიდობასაც განაგებდა, მისი სახელობის ტაძრის კარიბჭე მხოლოდ ომიანობისას იღებოდა, რომ საბრძოლველად გამზადებულ ლაშქარს ამ კარიბჭეში გაევლო და მათთვის გზა დაელოცათ.

რადგან დროც მას უკავშირდება, წლის ერთ თვეს მისი სახელი უწოდეს, რომელიც დღემდე შემორჩა: იანუსი – იანვარი.

მისი სადიდებელი დღესასწაული ჩვენს ახალ წელს შეერწყა. ამ დღესასწაულზე აკრძალული იყო: ჩხუბი და ალიაქოთი, რათა ადამიანებს მშვიდი წელი ჰქონოდათ და იანუსს მათთვის ცუდი წელი არ გამოეგზავნა.

ორსახა იანუსის ერთი სახე წარსულისკენ იმზირება, ხოლო მეორე მომავლისკენ. ერთი ახალგაზრდა კაცისა აქვს, მეორე – მოხუცებულის. ამიტომ გახდა ორსახა იანუსი ორგული ადამიანის სინონიმი. თუმცა, იანუსი კეთილი და დამლოცველი ღმერთია. ადამიანებს გვჩვევია, როდესაც მხოლოდ გარეგნობაზე ვამახვილებთ ყურადღებას, მას ვიმახსოვრებთ, ვინახავთ, შინაარსი, სინამდვილე კი ადვილად გვავიწყდება.

 

ლექსიკონი

კარიბჭე – ქალაქის, ციხის შესასვლელი კარი

გუშაგი – დარაჯი, მცველი

 

 

აქტივობა 1:

დააკვირდი აღწერას: ორსახა იანუსის ერთი სახე წარსულისკენ იმზირება, ხოლო მეორე მომავლისკენ. ერთი ახალგაზრდა კაცისა აქვს, მეორე – მოხუცებულის. აღწერის მიხედვით დახატე იანუსის პორტრეტი.

 

აქტივობა 2:

 

ტექსტის უკეთ გააზრებისთვის

 

  1. რატომ უწოდებენ იანუსს გუშაგს?
  2. რის ღვთაება იყო იანუსი?
  3. რატომ აღმართავდნენ კარიბჭეში იანუსის ქანდაკებებს?
  4. რატომ მიაჩნდათ იანუსი შემოქმედ ღმერთად?
  5. რომელ თვეს ჰქვია იანუსის სახელი?
  6. რატომ იყო ჩხუბი და აურზაური აკრძალული იანუსის დღეს?

 

აქტივობა 3:

წარმოიდგინე, როგორ ქმნის იანუსი მდინარეებს, აცოცხლებს დედამიწას. შექმენი კომიქსი. შენი კომიქსის პერსონაჟებად, იანუსთან ერთად აქციე იანუსის ცოლი ტყის ნიმფა და ასული – წყაროთა და შადრევანთა ქალღმერთი. არ დაგავიწყდეს ღრუბლებში პერსონაჟთა სიტყვების ჩაწერა.

აქტივობა 4:

 

შეავსე კროსვორდი

აქტივობა 5:

მოიფიქრე ერთი ამბავი იანუსზე. გაითვალისწინე მისი უნარები და ისტორია. დაასათაურე და გააკეთე ილუსტრაცია.

 

 https://mastsavlebeli.ge/


ხელოვნება კადრს მიღმა

 ახალი სასწავლო წლისთვის მზადებაში ხელოვნების გაკვეთილებზე გადაღებულ ფოტომასალას გადავხედე და მონატრებული მოსწავლეების სახეებმა შემახსენეს, რომ წელსაც ყურადღებით უნდა დავაფიქსირო კადრებში მათი შემოქმედების პროცესი.

მე და ჩემს მოსწავლეებს, ასევე ჩვენი გამოფენების დამთვალიერებლებს, ეს კადრები ძალიან კარგად გვადგება ხელოვნებაზე, როგორც ცოცხალ შემოქმედებით პროცესზე, დაკვირვებისთვის და ანალიზისთვის.

ხელოვნების მასწავლებლისთვის ყველაზე ამაღელვებელი და საპასუხისმგებლო მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენის წარდგენაა სკოლაში. წარმტაცი და ყოვლისმომცველი ექსპოზიციის შექმნას საკმაო დრო, კარგი დაგეგმვა სჭირდება, რომ ყველა მოსწავლის შემოქმედების შედეგი თანაბრად და ეფექტურად წარმოვაჩინოთ. მაგრამ ხელოვნების სწავლება მხოლოდ საბოლოო შედეგით არ განისაზღვრება. ხელოვნების შექმნის, შემოქმედების პროცესი თანაბრად მნიშვნელოვანია.

მოსწავლეები უმეტესად სიხარულითა და ღირსების განცდით ათვალიერებენ სკოლაში გამოფენილ თუ ჩვენი ხელოვნების გაკვეთილების ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ საკუთარ ნამუშევრებს. მაგრამ არიან საკუთარ შესაძლებლობებზე მერყევი წარმოდგენის მქონე ბავშვებიც, ცოტა მორცხვებიც, რომლებსაც წლის დასაწყისში როცა ვხვდებით ერთმანეთს, კატეგორიულად არ სჯერათ რომ კარგად გამოსდით ხელოვნებასთან შეხება, ან ჯერ კიდევ ჰგონიათ რომ მაინცდამაინც აკადემიურ ჩარჩოებს უნდა ესადაგებოდეს მათი ნამუშევრები. მერე როცა ნელნელა ვუახლოვდებით ერთმანეთს, ხვდებიან, რომ ხატვის თუ ძერწვის დროს, არ უნდა იფიქრონ საბოლოო შედეგზე, პროცესით უნდა ისიამოვნონ. წლის ბოლოს კი გამოფენაზე როცა ხედავენ საკუთარ ქმნილებებს, სიამაყით გადმოგვხედავენ ხოლმე დამთვალიერებლებს.

ჩვენი ხელოვნების გაკვეთილების ფეისბუკგვერდი პანდემიის პერიოდში შევქმენით და მას შემდეგ აქტიურად ვიყენებთ სკოლის აუდიტორიისთვის როგორც დასრულებული ნამუშევრების, ისე შემოქმედებითი პროცესის ამსახველი კადრების გასაზიარებლად. მოსწავლეებს განსაკუთრებით უყვართ „კადრს მიღმა სცენები“, სადაც აღბეჭდილია როგორ ფუსფუსებენ, მეგობარს ეხმარებიან… აკვირდებიან ამ ფოტოებს და იცინიან, დეტალურად იხსენებენ განვლილ აქტივობებს.

მოკლე ვიდეოებზე მეხუთე კლასის ერთერთ პროექტზე მუშაობის მთელი ისტორია გვაქვს შემონახული. ბავშვებმა თავიდან 5 ჯგუფად განაწილებულებმა გადაწყვიტეს მუყაოსა და მეორადი ქაღალდებისგან შენობების მაკეტების გაკეთება და მუშაობის პროცესში ისე შეხმატკბილდნენ, ბოლოს შეერთდნენ და ეს პატარ-პატარა ქაღალდის ნაგებობები გრანდიოზულ ერთიან კომპლექსად გადააქციეს. სწორედ ეს, შემოქმედებითი პროცესით გატაცება და ერთმანეთის მხარდაჭერა და გაერთიანებაა მთავარი რის მიღწევასაც ვცდილობ ხელოვნების გაკვეთილებზე.

ვირტუალურ გალერეაში საკმაოდ ვრცელი ფოტო-ვიდეო მასალა მოგვიგროვდა, რა თემებზე მუშაობდნენ ბავშვები, ჩანიშნული გვაქვს სასწავლო მიზნები, შთამაგონებელი ხელოვანები და ა.შ. წლის ბოლოს კი ერთად ვქმნით სკოლაში დიდ ექსპოზიციას ან ჩვენი ონლაინ გამოფენისთვის შემაჯამებელ ვიდეოკოლაჟებს.

ჩემმა მოსწავლეებმა იციან, რომ ხატვის თუ ძერწვის პროცესში, მათი ნებართვით, მუშაობის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას ვიღებ. მაშინაც, კი, როცა ბავშვები დისტანციურად მეცადინეობდნენ, ვთხოვდი შემოქმედების მომენტები ახლო ხედის კადრებით და მოკლე ვიდეო ჩანაწერებით თავადვე, როგორც შეძლებდნენ, ისე დაეფიქსირებინათ.

სკოლაში გაკვეთილზე ცოტა მეტი დატვირთვა კი მემატება, გადაღებისას სათანადოდ თვალყური უნდა ვადევნო მოსწავლეების მუშაობის პროცესს, რომ მნიშვნელოვანი დეტალები არ გამომრჩეს და ყველას თანაბრად გავუნაწილო ყურადღება. დღის ბოლოს გადაღებული მასალის დალაგებასაც საკმაო დრო მიაქვს. ჩემმა მერვეკლასელმა მოსწავლეებმა ტელეფონში ფოტოს და ვიდეოს სწრაფად დასამუშავებლად კარგ აპლიკაციებს მიმაგნებინეს. რამდენიმეს დღემდე აქტიურად ვიყენებ. წამებში შემიძლია ფოტოების სასურველ ზომაზე მოჭრა, გამონათება, ფაქტობრივად ფოტოშოპის მსგავსი ინსტრუმენტები მაქვს ტელეფონში Snapseed-ის აპლიკაციის სახით. ვიდეოს მონტაჟს კი, ისევ და ისევ, ჩემი მოსწავლეების რჩევით, Capcut-ის დახმარებით უსწრაფესად ვახერხებ.

ბავშვებიც ნელნელა ითვისებენ შემოქმედებითი პროცესის ხარისხიანად გადაღებას. თავიდან რამდენიმე რჩევა მივეცი, რა უნდა გაითვალისწინონ რომ საინტერესო მასალა გამოუვიდეთ. გაიგეს რა მნიშვნელოვანია რაკურსი გადაღებისას, რომ ფოტოზე ჩრდილი არ უნდა ფარავდეს გამოსახულებას, მოჭრილი კადრის ხიბლიც გაიაზრეს და ა.შ. გადაღებული ფოტოების სერიიდან თავად  შეუძლიათ შეარჩიონ ერთი ან ორი ფოტო ყველაზე გასაგებად რაც გადმოსცემს პროცესს, რომ მერე ხელოვნების ვირტუალურ გალერეაში გავაზიაროთ.

ასე შეთანხმებულად ვმუშაობთ, ერთმანეთისგან ვსწავლობთ ხელოვნების გაკვეთილებზე. შემოქმედების პროცესის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა კი ამ ჩვენს გამოცდილებას გვახსენებს, გვახარებს, გვაფიქრებს, რა გამოუვიდათ კარგად, რა ისწავლეს ახალი, რა შეიძლებოდა უკეთესად გაეკეთებინათ. მეც ყურადღებით ვაკვირდები ამ პროცესებს და მომავალი პროექტებისთვის ვითვალისწინებ კარგსაც და ნაკლსაც.

ახლა როცა ახალი სასწავლო წლის გამოფენებზე ვფიქრობ, საგულდაგულოდ ვინიშნავ, რომ საეტაპო ნამუშევრებთან ერთად, მოსწავლეების მუშაობის პროცესის ამსახველი კადრები არ გამოგვრჩეს. შემოქმედებითი პროცესის ამსახველი რამდენიმე ფოტოს დამატება ჩვენს ექსპოზიციას უფრო ცოცხალს, დინამიურს გახდის.

მგონია, რომ ეს კადრები უმალ მიიპყრობს მნახველის თვალს და გულს. ყველამ არ იცის რა ხდება ხოლმე ხელოვნების ოთახში, როგორ მიმდინარეობს ჩვენი გაკვეთილები. სკოლის გამოფენაზე დამთვალიერებლები ხედავენ დასრულებულ ნახატებს და სკულპტურებს, მეორადი ნივთებით შექნილ ობიექტებს და ა.შ. და უმეტესწილად მაინც საბოლოო შედეგზე არიან ფოკუსირებულები. ამ შედეგს კი წინ უძღვოდა მოზარდების შრომა, მონდომება, ძალისხმევა, კითხვების დასმა, ანალიზი, კვლევა, ექსპერიმენტები, საკმაოდ ვრცელი და აღმოჩენებით სავსე გზა ნამუშევრების დასრულებამდე. ამიტომ  მე და ჩემი მოსწავლეები ვცდილობთ მნახველი ვირტუალურად შემოვახედოთ ხელოვნების ოთახში, ვაჩვენოთ ჩვენი მუშაობის ეთიკა და ხელოვნების შექმნის პროცესი, რომ გამოფენის დამთვალიერებლებმა თავი შემოქმედების თანამონაწილეებად იგრძნონ.

სკოლაში გამართულ ექსპოზიციაზე არაერთხელ მომისმენია ასეთი კომენტარი: “დავიჯერო ეს მეექვსეკლასელმა თავად დახატა?! ნუთუ ეს შესაძლებელია?“ ჩემი პასუხია: დიახ, შესაძლებელია… ვფიქრობ, პროცესის ამსახველი კადრების გაცნობა არის ყველაზე გასაგები და სასარგებლო გზა ვაჩვენოთ აუდიტორიას თუ როგორ იქმნება ხელოვნება.

წელს ასეთი კადრები ხელოვნების ოთახშიც უნდა გამოვფინოთ, ერთ კუთხეს მივუჩენთ კედელზე და ხშირად განვაახლებთ, რომ მოსწავლეები დადებითად დაიმუხტონ, გაახსენდეთ გავნლილ პროექტებზე როგორი ხალისით მუშაობდნენ, ახლები კი შთაგონებით აღივსონ.

https://mastsavlebeli.ge/

როგორ ვასწავლოთ ბავშვს მიზნის დასახვა და მისი მიღწევა

 მიზნის დასახვისა და მისი განხორციელების უნარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელიც ესაჭიროება ბავშვს სასწავლო პროცესში წარმატების მისაღწევად. უფრო მეტიც, მიზანდასახული მოქმედების უნარი საკვანძო უნარია წარმატების მისაღწევად ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს სწავლა, თუ ნებისმიერი სხვა საქმიანობა. ის ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც მოზარდებისთვის, ისე ზრდასრულთათვის. ეს ბუნებრივია რადგანაც, როცა ადამიანს რაღაცის მიღწევა სურს, ის მუდმივად წინ მიიწევს. მიზნები მოქმედებს როგორც კომპასი, რომელიც მოგვმართავს სწორი მიმართულებით და გვეხმარება დავრჩეთ ფოკუსირებული დავალებაზე და შევინარჩუნოთ მოტივაცია.

 რა დადებითი შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს მიზანდასახული მოქმედების უნარი:

  • მიზნები ქმნის სიცხადეს. მიზნის დასახვით ჩვენ განვსაზღვრავთ, თუ კონკრეტულად რის მიღწევა გვინდა. ეს ჩვენს ქმედებებს აზრს და მიმართულებას აძლევს; გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ ენერგიისა და რესურსების ფუჭად ფლანგვა, ოპტიმალურად გამოვიყენოთ ისინი;
  • მიზნები ზრდის ჩვენს მოტივაციას, მოტივაციის წყარო ხდება, რადგანაც ვიცით, რომ ვმუშაობთ კონკრეტული შედეგის მისაღწევად. მიზანი გვეხმარება ვიყოთ კონცენტრირებული და დაჟინებული მაშინაც კი, როცა სირთულეებს ვეჯახებით;
  • მიზნები გვეხმარება პროგრესის გაზომვაში. ის წარმოადგენს მკაფიო კრიტერიუმს, რომლითაც შეიძლება პროგრესის გაზომვა. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ რამდენად ახლოს ვართ მიზნის მიღწევასთან და აუცილებლობის შემთხვევაში მოვარგოთ მოქმედებები დასახულ მიზანს, კორექტირება გავუკეთოთ ჩვენს ქმედებებს, ცვლილებები შევიტანოთ მათში;
  • მიზნები ხელს უწყობს თვითგანვითარებას. მიზნის დასახვისა და მიღწევის პროცესი მოითხოვს, საჭიროებს თვითრეფლექსიას, დაგეგმვას, გადაწყვეტილების მიღებასა და პრობლემის გადაჭრას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ამ მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას;
  • მიზანდასახულ მოქმედებას არცთუ იშვიათად წარმატებამდე მივყავართ. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ადამიანები, რომლებიც მიზნებს ისახავენ, უფრო ხშირად აღწევენ წარმატებას ცხოვრებაში, რადგანაც იციან, რა სურთ და აქტიურად მუშაობენ მის მისაღწევად;
  • მიზნის დასახვა ნებისმიერ ასაკობრივ საფეხურზე ეხმარება მოზარდს სირთულეების დაძლევაში, სიტუაციის რაციონალურად შეფასებაში, გეგმის შედგენასა და ეტაპობრივად ამ გეგმის მიხედვით მოქმედებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ გვსურს, რომ მოზარდი წარმატებული იყოს არა მხოლოდ სასწავლო საქმიანობაში, არამედ სხვა სფეროებშიც, დროულად უნდა ვიზრუნოთ მასში მიზნის დასახვისა და მისი მიღწევის უნარის გამომუშავებაზე.

 რეკომენდაციები – როგორ ვასწავლოთ ბავშვს მიზნის დასახვა და მისი მიღწევა:

  • უპირველეს ყოვლისა, ავუხსნათ, განვუმარტოთ ბავშვს მიზნების მნიშვნელობა, გავარკვიოთ იმაში, თუ რა არის მიზანი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი;
  • დავეხმაროთ მიზნის ჩამოყალიბებაში და მის სწორად ფორმულირებაში. გავითვალისწინოთ, რომ მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი და დროში განსაზღვრული;
  • თუ ბავშვი ისახავს დიდ და გრძელვადიან მიზანს, ვურჩიოთ დაყოს ის უფრო პატარა და მოკლევადიან მიზნებად. ეს მიზნის მიღწევის პროცესს უფრო გააადვილებს და დაეხმარება ბავშვს, დაინახოს საკუთარი პროგრესი;
  • გამოვხატოთ მხარდაჭერა და გავუძლიეროთ ბავშვს მოტივაცია მიზნის მისაღწევად. ჩვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. შევაქოთ, როცა ის აღწევს პატარა მიზნებს დიდი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, დავეხმაროთ გაუმკლავდეს წარუმატებლობას და დაბრკოლებებს;
  • ვურჩიოთ ბავშვს უფრო მარტივად, მსუბუქად შეხედოს წარუმატებლობას. ის, რომ რაღაც არ გამოგვივიდა, სრულიადაც არ ნიშნავს მარცხს. წარუმატებლობა არ უნდა გახდეს იმედგაცრუების მიზეზი, ვინაიდან ის შეიძლება წინსვლის წინაპირობადაც კი ვაქციოთ. უარყოფით ემოციებთან გამკლავება და არდანებება მსგავს სიტუაციებში ბავშვს მომავალში აუცილებლად გამოადგება. გვახსოვდეს, რომ პატარებისთვის ძალიან მტკივნეულია წარუმატებლობა და წაგება. ასეთ სიტუაციებში თავის ემოციებს ისინი შესაბამისად გამოხატავენ. 5-6 წლამდე ასაკის ბავშვისთვის სრულიად ნორმალურია მწვავე რეაგირება მარცხზე. ამიტომ, უშედეგო მცდელობა იქნება ჩვენი მხრიდან მოვითხოვოთ მისგან „ნებისმიერი შედეგის მიღება“ და მისი დარწმუნება იმაში, რომ „მთავარია არა მოგება, არამედ მონაწილეობა“;
  • ავუხსნათ ბავშვს, რომ დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე მას აუცილებლად დასჭირდება სიმტკიცე და დაჟინებულობა, რადგანაც ის მთავარი ფაქტორია მიზნის მისაღწევად. ამასთან, საჭირო იქნება იმის გათვალისწინებაც, რომ ყოველთვის ყველაფერი დაუბრკოლებლად, უმტკივნეულოდ არ კეთდება. მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მოძრაობა წინ, მაშინაც კი, თუ ეს საკმაოდ რთულია;
  • მოვერიდოთ ბავშვის განებივრებას საჩუქრებით და მისი ნებისმიერი სურვილის ასრულებას. დავუტოვოთ მას რაიმე საოცნებოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოზარდს ძალიან გაუჭირდება მიზნების დასახვა და აღნიშნული მიზნების მისაღწევად მოქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს ოცნება, რომელიც თავისით არ ახდება. საჭიროა მოზარდს გავაგებინოთ, რომ ეს ოცნება რეალობად იქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გარკვეულ ძალისხმევას გამოიჩენს მის მისაღწევად. ბავშვი იწყებს ფიქრს იმაზე, თუ რა შეიძლება და რა უნდა გაკეთდეს ოცნების ასასრულებლად. ასე ჩნდება მიზნები. შევთავაზოთ მოზარდს, თავად მოიფიქროს გეგმა მის მისაღწევად და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში აღმოვუჩინოთ დახმარება;
  • გავათავისუფლოთ მოზარდი უმწეობისა და უსუსურობის განცდისაგან. ბევრ ბავშვს ეჩვენება (ხშირად არცთუ უსაფუძვლოდ), რომ მშობლები მათ ნაცვლად წყვეტენ ყველაფერს – რა წიგნი წაიკითხოს, სად გაატაროს არდადეგები, რით დაკავდეს სკოლის შემდეგ, რომელ წრეზე იაროს და ა.შ. ასეთ დროს ბავშვს ესაჭიროება მასზე კონტროლის ცოტა შესუსტება. როდესაც მოზარდის ნაცვლად ყველაფერს დედა და მამა წყვეტს, მისთვის ძალიან რთულია, გაერკვეს, რა სურს თავად მას. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში საკმაოდ გართულდება მიზნის დასახვისა და მისი მიღწევის უნარის გამომუშავება ბავშვში. ვენდოთ მოზარდის არჩევანს. რაც არ უნდა დიდი იყოს ცდუნება, მის ნაცვლად გადავწყვიტოთ ყველაფერი, არ ღირს ამის გაკეთება. თუ ბავშვს ყოველთვის მივუთითებთ რა გააკეთოს, ის ვერასოდეს გაიგებს, რა სურს თავად და ძნელად თუ შეძლებს ბოლომდე დაიჯეროს საკუთარი შესაძლებლობების. ვესაუბროთ ბავშვს მის ოცნებებსა და ინტერესებზე, მივცეთ საშუალება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, რა სურს და დავეხმაროთ სამოქმედო გეგმის შედგენაში. ამ პროცესში მას ჩვენი დახმარება დასჭირდება, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ფასდაუდებელ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საკუთარ მიზნებს დამოუკიდებლად დაისახავს;
  • ვიყოთ მაგალითი ბავშვისთვის, ვუჩვენოთ მას, როგორ ვისახავთ მიზნებს და ვაღწევთ მათ იმ ამოცანების ჩართვით, რომელთა გადაწყვეტა ყოველდღიურად გვიწევს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზნის დასახვისა და მისი მიღწევის უნარი ერთ-ერთი ის უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელიც აუცილებლად უნდა განვავითაროთ ბავშვში იმისათვის, რომ მან შეძლოს წარმატებების მიღწევა. მიზნის დასახვისა და მისი მიღწევის სწავლება მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯია ბავშვის განვითარებაში. ეს დაეხმარება მას, გახდეს უფრო დამოუკიდებელი, თავდაჯერებული და წარმატებული.


https://mastsavlebeli.ge/?p=41138