Tuesday, April 9, 2024

შუქურა – მულტიმედიური მოგზაურობა ერთი სიტყვის მიხედვით

 შუქურაზე ფიქრი უძველესი სამკაულის მინაბაძით შექმნილმა ზანზალაკებიანმა საყურემ დამაწყებინა. პაწია ბარათზე დატანილ ტექსტში ამოვიკითხე, რომ არქეოლოგებს საყურე სოხუმის შუქურასთან უპოვიათ.

ერთ დღეს შუქურა მოსწავლეებს გავაცანი. სიტყვის რუკაში წინადადება ჩემი ოცნების მიხედვით ავკინძე – ვოცნებობ, საყვარელ ადამიანებთან ერთად შუქურას ვესტუმრო-მეთქი. შუქურის ირგვლივ ჩატარებული გაკვეთილის შემდეგ რამდენიმე თვე გავიდა და სექტემბრის პირველ დღეს ჩემი ოცნება ავისრულე – ოჯახის წევრებთან ერთად ფოთის შუქურა მოვინახულე.

ფოთის შუქურისკენ მიმავალ გზაზე ვფიქრობდი რეი ბრედბერის მოთხრობაზე „ნისლის საყვირი“, რომლის სიუჟეტი ოკეანეში აღმართულ შუქურაზე ვითარდება და კვლევა-ძიების სურვილი გამიჩნდა, კერძოდ, როგორ არის ასახული შუქურა სხვადასხვა მედიაში – ლიტერატურა, ანიმაცია, მუსიკა, შემდეგ კი მოძიებული ინფორმაციისთვის სტატიაში თავი მომეყარა და ერთი სიტყვის მიხედვით ერთგვარი კოლაჟი შემექმნა. ჩემ მიერ აკინძული კოლაჟის მიზანი მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდებისა და ფიქრის აღძვრის სურვილია, ამასთანავე, მოსწავლეებისთვის სწავლება/ჩვენება, თუ როგორ შეიძლება ინდივიდუალურმა კვლევა-ძიებამ და შემდეგ რეფლექსიამ ჩვენი ცოდნა გაამდიდროს, სხვისთვის გაზიარების სურვილი გაგვიჩინოს და ამგვარად ყოველდღიურობა კიდევ უფრო საინტერესო გახდეს.

ამასთანავე, ერთი სიტყვის ირგვლივ სხვადასხვა ტექსტის გაცოცხლება ლიტერატურის მრავალშრიანობას წარმოაჩენს. ამგვარი კვლევა უკვე შემოგთავაზეთ ერთ სტატიაში, სადაც იმის შესახებ ვწერ, თუ როგორ მაპოვნინა სიტყვა ჩიბუხმა პერსონაჟები. იდეებს კითხვა შთამაგონებს. ყოველდღიურობის სირთულეები ადვილად მავიწყდება, როცა ვფიქრობ ლიტერატურაში გაბნეულ სახე-სიმბოლოებზე – გველეშაპებზე, სკივრებზე, ფუნდუკებსა თუ სახლებზე.

დავუბრუნდეთ შუქურას და თავდაპირველად მისი სიმბოლური მნიშვნელობა მიმოვიხილოთ. შუქურა ზღვის სანაპიროზე აღმართული ნაგებობაა, რომლის ნათება გემებს მიმართულებას აძლევს. შუქურის გამართულ მუშაობას კი მცველი სჭირდება. შუქურის სემანტიკური განმარტება უკავშირდება მის სინათლეს, რომელიც სიბნელეს ფანტავს, მიმართულებას გვიჩვენებს, სინათლესთან ერთად იმედს ასხივებს და მარტოობის სევდას აქარწყლებს. ამასთანავე, შუქურა ჰგავს უტყვ დახმარებას და თავისი მარადიული ნათებით მტკიცე ნებისყოფაზე გვაფიქრებს. შუქურა ლიტერატურულ ქრონოტიპსაც შეგვიძლია შევადაროთ, რადგან მისი აგებულება და დანიშნულება დროსა და სივრცეს კვეთს. შუქურა ხმელეთზე დგას და წყლის სიახლოვეს არის. წყალქვეშა სიღრმეების იდუმალებას ხმელეთთან აკავშირებს. სწორედ ამგვარი სიმბოლური მნიშვნელობითაა გაჯერებული ჩემ მიერ შერჩეულ სამ ტექსტში შუქურა, როგორც პერსონაჟი, კერძოდ, გთავაზობთ ტექსტებს, რომლებიც მორგებულია სამ ასაკობრივ მკითხველს – ზრდასრულებს, მოზარდებსა და შედარებით მცირე ასაკის ბავშვებს.

ვირჯინია ვულფის „გზა შუქურისკენ“

ინგლისელი მწერალი, ვირჯინია ვულფი, მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან თავის შემოქმედებაში შემოიტანა ცნობიერების ნაკადი, როგორც თხრობის ერთგვარი ხერხი. „გზა შუქურისკენ“ 1929 წელს დაწერა და მკვლევართა მიხედვით, რომანში არეკლილია მწერლის ბიოგრაფია. ვირჯინიას 13 წლის ასაკში გარდაეცვალა დედა, რაც ფსიქოლოგიურ ტრავმად იქცა და მთელი ცხოვრება სტანჯავდა.

„გზა შუქურისკენ“ შედგება სამი ნაწილისგან – ფანჯარა, დრო, შუქურა. თითოეულ ნაწილში გარკვეული დროა ასახული, სივრცე კი იგივეა – სიუჟეტი ვითარდება შოტლანდიის კუნძულზე, სადაც რემზების ოჯახს საზაფხულო სახლი აქვს. რემზების სააგარაკო სახლიდან მოჩანს შუქურა. რომანის პერსონაჟები არიან მისიზ და მისტერ რემზები, მათი რვა შვილი და სტუმრები, რომლებიც ზაფხულს რემზებთან ერთად ატარებენ.

რომანის პირველ ნაწილში სულ ორი დღეა აღწერილი და თხრობა ამგვარად იწყება: მისიზ რემზი თავის უმცროს შვილს ეუბნება, ხვალ თუ კარგი ამინდი იქნება, შუქურაზე წავალთო. ბიჭი იმედით ივსება, მაგრამ დედა-შვილის ოცნებას მამის კატეგორიული, მტკიცე ტონით ნათქვამი წინადადება ამსხვრევს. მისტერ რემზი ამბობს, რომ ხვალ ცუდი ამინდია მოსალოდნელი, რაც ისე ჟღერს, როგორც მინიშნება – შუქურის მონახულებაზე ოცნება უნდა შეწყდეს.

ცნობიერების ნაკადი გულისხმობს პერსონაჟთა შინაგან მონოლოგს, მრავალხმიანობის მონაცვლეობას, მსჯელობას, განსჯას, დაკვირვებას და ეს პროცესი ადამიანის ფიქრების სახითაა წარმოჩენილი ტექსტში. მაგალითად, შეიძლება, მისიზ რემზი შვილს უკითხავდეს ზღაპარს და პარალელურად ფიქრობდეს იმაზე, რომ ბავშვები ყველაზე ბედნიერები ბავშვობისას არიან ან ლილი ბრისკო მისტერ რემზის მაღალყელიან ტყავის ფეხსაცმელებს უყურებდეს და აქედან ინასკვებოდეს მამაკაცის ხასიათზე მსჯელობა. პერსონაჟთა მიერ მოვლენების სუბიექტურ აღქმას და მათ ფიქრებში ასახულ განცდებს პროზაში პოეზიის ელფერი შემოაქვს.

ვირჯინი ვულფის „გზა შუქურისკენ“ ქართულად ლელა დუმბაძემ თარგმნა და ეს არის უმშვენიერესი თარგმანი, თავისი რიტმულობით, პოეტურობით, გამართული სინტაქსითა და მრავალფეროვანი ლექსიკით. წიგნის არშიებზე დატოვებულმა მინაწერებმა გამახსენა, რომ რომანი პირველად შვიდი წლის წინ წამიკითხავს. ორი შვილის დედას შემდეგი მონაკვეთი გამიხაზავს: „არა, გაიფიქრა მან, როცა ჟურნალიდან ბიჭის მიერ ამოჭრილ სურათებს ალაგებდა – მაცივარს, ბალახის საკრეჭ მანქანას, საღამოს კოსტიუმში გამოწყობილ ჯენტლმენს – ბავშვებს არაფერი ავიწყდებათ. ამიტომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი, რას ეტყოდი, როგორ მოექცეოდი, და რამხელა შვებას გრძნობდა, როცა ბავშვები დასაძინებლად გაიკრიფებოდნენ. რადგან მაშინ შეეძლო, არავისზე აღარ ეფიქრა. შეეძლო ყოფილიყო ის, რაც იყო სინამდვილეში, თვითონ, თავისთვის. არა, ფიქრიც კი არ უნდოდა. ჩუმად, უხმოდ ყოფნა სურდა თავისთვის, მარტოს“. [ვულფი 2014, 86]

მაშინ არ ვიცოდი, რომ ვირჯინიას მისიზ რემზის პროტოტიპად დედა ჰყავდა მოაზრებული. საკუთარ თავთან განმარტოების საჭიროება დამინახავს და მახსოვს, მებრალებოდა მისიზ რემზი. ამ გადმოსახედიდან კი ვფიქრობ, რომ მიუხედავად რვა შვილისა, მისიზ რემზი თავისი მგრძნობიარე ბუნებით, სამყაროს მისეული აღქმით, შრომისმოყვარეობით, ქმედებით ბევრად უფრო საინტერესოდ ცხოვრობდა, ვიდრე რომანის სხვა პერსონაჟები.

შუქურისკენ ოჯახის მოგზაურობა მაშინ არ შედგება, თუმცა ათი წლის შემდეგ არასრული შემადგენლობით მაინც მიაღწევენ შუქურამდე.

რომანში იმდენი თემაა დაშრევებული, რომ სიღრმისეული საუბრებისკენ უბიძგებს მკითხველს. რაც შეეხება შუქურას, როგორც პერსონაჟს, ის ამ რომანში ხშირად ჩნდება. ყველაზე მთავარი გზავნილი ბავშვის ოცნებაა – ჯეიმსი მთელი არსებით მოცულია შუქურაზე გამგზავრების სიხარულითა და მოლოდინით, ამ ოცნებას კი მამა უხეშად უკლავს. ბავშვის ემოციებს დედა მძაფრად, სწორად და მტკივნეულად აღიქვამს. იმდენად მძიმეა მისტერ რემზის ნათქვამი, რომ ჯეიმსს მამისადმი სასტიკი აზრები უჩნდება და გულში ჩაბუდებული სისასტიკე რომანის ბოლოშიც მჟღავნდება.

მისიზ რემზის ოთახში ღამღამობით შუქურის ნათება იჭრება. ერთგან ვკითხულობთ: „ფანჯარაში გაიხედა, რომ შუქურიდან მომავალ სხივს შეჰგებებოდა, მტკიცე ნათებას, სამიდან ბოლოს, რომელიც სწორედ მისი გამონათება იყო, ვინაიდან, როცა ამ განწყობით ერთსა და იმავე დროს იყურებოდა ხოლმე ფანჯარაში, შეუძლებელი იყო, არ შერწყმოდა რამე ერთს, განსაკუთრებით იმას, რასაც თვალით ხედავდა; და ეს ერთი რამ, ეს გრძელი სინათლის სხივი, მისი სხივი იყო სწორედ. ხშირად ნახავდით ფანჯარასთან მიმჯდარს, როგორ გასცქეროდა სივრცეს ხელსაქმით ხელში, იქამდე, ვიდრე იმად არ იქცეოდა, რასაც შესცქეროდა – მაგალითად, იმ სინათლის სხივად. და მაშინვე მოადგებოდა ხოლმე ენაზე ესა თუ ის მოკლე ფრაზა, რომელიც გონებაში უტრიალებდა, რამე ასეთი – „ბავშვებო, არ დაივიწყოთ, არ დაივიწყოთ“, – იმეორებდა ხოლმე და დასძენდა, „ეს დასრულდება, დასრულდება“. და მერე, „ის ისევ მოვა, ისევ მოვა“, და უეცრად დასძენდა, „ყველანი უფლის ხელში ვართ“. [ვულფი 201487]

შუქურის სხივთან მარტო ყოფნა მისიზ რემზის უმძაფრებდა სამყაროსთან ერთიანობის განცდას, საკუთარ თავში ახედებდა. ეს ჰგავდა საკუთარ თავთან შეხვედრას. ვფიქრობ, შუქურა ამ რომანში მისიზ რემზის სიმბოლოა. ის არის ყველა პერსონაჟის ფიქრის საყრდენი წერტილი, მისი სილამაზე და ენერგია ყველას იზიდავს.

შუქურის ნათება მეორე ნაწილშიც ჩნდება, თუმცა, ოთახში აღარავინაა. ოთახში მოძრავი  სინათლის სხივი კი მარტოობას წარმოაჩენს.

მესამე ნაწილში შუქურის დალაშქვრა რეალობად იქცევა. შუქურისკენ მიმავალ ნავში ჯეიმსს გაახსენდება, როგორ თქვა მამამ ერთხელ, ხვალ წვიმა მოვა და შუქურაზე წასვლას ვერ შეძლებო. მოგონება იმდროინდელ შუქურას ამოატივტივებს: „იმ დროს შუქურა ვერცხლისფერ ნისლში გახვეულ კოშკს ჰგავდა, ყვითელს და ცალთვალას, და მოულოდნელად და ნაზად ახელდა ხოლმე თვალს საღამოობით“ [ვულფი 2014, 248]

ახლა, 10 წლის შემდეგ, ჯეიმსი უყურებს შუქურას და ფიქრობს, აი, თურმე როგორი ყოფილა შუქურაო.

„არა, ის მეორეც შუქურა იყო, რადგან არაფერია ამ ცხოვრებაში მხოლოდ ერთადერთი. ის მეორე შუქურაც ნამდვილია. ის ხანდახან არც კი მოჩანდა ყურის გადაღმა. საღამოობით გაიხედავდი და დაინახვდი ცალ თვალს, რომელიც ხან გახელილი და ხან დახუჭული გეჩვენებოდა, ხოლო სინათლე თითქოს მათკენ, იმ ჰაეროვანი, მზიანი ბაღისკენ მოიწევდა, სადაც ისინი ისხდნენ“. [ვულფი 2014, 248]

როგორც ვხედავთ, ჯეიმსი დედის მსგავსი მგრძნობელობით აღიქვამს შუქურას. ეს პასაჟი გვაფიქრებს შუქურის ორსახოვნებაზე – როგორც ხელშესახებზე, ნამდვილზე და როგორც ირეალურზე, ჩვენი შინაგანი სამყაროს არაცნობიერ მხარეზე.

საინტერესოა იმაზე დაკვირვება, როგორ აღიქვამს შუქურას თითოეული პერსონაჟი, რომელთაგან ზოგი ამჩნევს მას და ზოგი კი – ვერ. რა ჩაიფიქრა მწერალმა სათაურის მიღმა: დედის სულიერი სამყაროსკენ მარადიული სწრაფვა? მოგზაურობა საკუთარი თავისკენ? შეუცნობელი სამყაროსკენ? საფიქრალი ბევრია და პასუხებიც თითოეული მკითხველის მოსაძებნი.

რეი ბრედბერის „ნისლის საყვირი“

ამერიკელი მწერლის, რეი ბრედბერის, მოთხრობების ულამაზესყდიან კრებულს „მთელი ზაფხული ერთ დღეში“ ჰქვია. [გამომცემლობა „წიგნები ბათუმში“, 2015] მცირე ზომის მოთხრობაში „ნისლის საყვირი“ სიუჟეტი ოკეანის პირას აღმართულ შუქურაზე ვითარდება. შუქურას ორი მცველი ჰყავს – ჯონი და მაკდანი. ჯონი მთხრობელია. ირგვლივ ჩამოწოლილ ნისლს, შუქურის ნათებასთან ერთად, ყოველ თხუთმეტ წუთში საყვირის ხმა კვეთს. ჯონი მაკდანს ეკითხება, როცა მარტო ხარ აქ, რაზე ფიქრობო და მაკდანი პასუხობს, ზღვის იდუმალ სამყაროზეო. საუბრისას ასევე გაუმხელს, რომ წელიწადში ერთხელ, ნოემბერში, ზღვის სიღრმიდან ურჩხული ამოდისო. მაკდანის აზრით, წყალქვეშა სამყარო იდუმალებითაა მოცული და მის უფსკრულებში უძველესი არსებები აფარებენ თავს. ნისლის საყვირი ურჩხულს აფხიზლებს, თავისკენ იხმობს და ისიც მოდის. მაკდანის სიტყვებში კი მოთხრობის მთავარი გზავნილი ჟღერდება: „- ასეთია ცხოვრება, – აგრძელებდა მაკდანი, – ვიღაც ყოველთვის ელოდება ვიღაცას, ვინც არასოდეს ბრუნდება შინ. ვიღაცას ყოველთვის უყვარს რაღაც უფრო მეტად, ვიდრე იმ რაღაცას – ვიღაც. გარკვეული ხნის შემდეგ სურვილი გიჩნდება, რომ ის რაღაც გაანადგურო და მეტი ტკივილი აღარ მოგაყენოს“. [ბრედბერი 2015, 22]

ზღვის ურჩხული ნოემბრის ღამეს ნისლის ხმას ამოჰყვება და შუქურას ანგრევს.

მოზარდებს მოთხრობა დააფიქრებს სულისშემძვრელ მარტოობაზე, რაც მაკდანს, შუქურასა და ურჩხულს აერთიანებს. მაკდანის მონათხრობში ურჩხულისადმი თანაგრძნობას ვკითხულობთ და ეს მოთხრობა ამ მხრივაც დაუვიწყარი აღმოჩნდა ჩემთვის – შეძლო და გაუგო დამანგრეველ მიზიდულობას, რომელიც საკუთარი მარტოობიდან გამოიხმობს წყალმცენარეებით, ლორწოთი და ნიჟარებით სავსეკანიან ურჩხულს.

ლელა ცუცქირიძის „სოს ანუ … — …“

როდესაც სოციალურ ქსელში ფოთის შუქურას ფოტოები გამოვაქვეყნე და ამ სტატიის დაწერის სურვილი გავამჟღავნე, მწერალი, პოეტი და ილუსტრატორი, ლელა ცუცქირიძე, გამომეხმაურა და მომწერა, რომ მალე გამოვიდოდა მისი მოთხრობების კრებული და ერთი მოთხრობის მთავარი პერსონაჟი შუქურა არისო. მოუთმენლად ველოდებოდი წიგნის გამოცემას. გვიანი შემოდგომის ერთ საღამოს წიგნის მაღაზიის თაროდან შემომანათა წიგნმა სახელად „უუუ კულელე და სხვა მოთხრობები“. პროდუქტით სავსე ჩანთა ძირს დავდე და შუქურას შესახებ მოთხრობის ძებნას შევუდექი. მალე მივაკვლიე და იქვე წავიკითხე. მოთხრობების კრებული თბილისის წიგნის დღეებზე მეხუთეკლასელებთან ერთად ვიყიდე და ერთ მშვენიერ დღეს მოთხრობა „სოს ანუ … — …“ ხმამაღლა წავუკითხე.

მოთხრობა ციცინათელა გუსტავისა და შუქურა ნოეს მეგობრობას ასახავს. მოხუცი ნოე პატარა მეგობარს ცელქ თოლიებსა და შტორმებში მოხვედრილ გემებზე უყვებოდა, გუსტავსაც არ ელეოდა ციცინათელური ამბები. „ამასობაში დამეგობრდნენ კიდეც. მეგობრობა ხომ ერთმანეთისთვის ამბების მოყოლითა და ერთმანეთის მოსმენით იწყება“. [ცუცქირიძე 2023, 122]

დამეგობრების მთავარი მოტივის ფონზე არანაკლებ მნიშვნელოვანი თემა იშლება – მეგობრის გასაჭირის გაზიარება, საჭირო დროს მის გვერდით ყოფნა და დახმარების აღმოჩენა. მოთხრობის დასასრულს შუქურა ნოეს ნათურა გადაეწვება, არადა, ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი. ციცინათელა გუსტავი მეგობარს დაამშვიდებს, შენ მაგივრად მე გავანათებო და შუქურის ყველაზე მაღალ წერტილზე აფრინდება.

მოთხრობის ბოლო აბზაცში ვკითხულობთ: „იცი, რას ნიშნავს, როცა თუნდაც ძალიან, ძალიან შორს, ძალიან პატარა, ნამცეცისხელა სინათლე ციმციმებს შენთვის და შენს დახმარებას ცდილობს?

ეს ნიშნავს, რომ შენ აღარ დაიკარგები. რომ აუცილებლად გაიგნებ გზას. რომ აუცილებლად გადარჩები.

მთავარია, ეს სინათლე დაინახო და მისკენ წახვიდე“. [ცუცქირიძე 2023, 128]

ამ მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ვისაუბრეთ მეგობრობაზე – როგორ ვირჩევთ მათ, როგორ ვცდილობთ მათ დახმარებას და როგორ შეიძლება იქცეს მეგობარი შენი ცხოვრების სინათლედ.

ანიმაცია „შუქურა“ / lighthouse

სამწუთიან ანიმაციაში მოქმედება შუქურაზე ვითარდება. მთავარი პერსონაჟი შუქურას მცველია და განმარტოებას მიჩვეულს ქალაქიდან მომავალი ადამიანების ხმები აღიზიანებს. შემდეგ ნათურა ფუჭდება და შუქურას სიბნელე მოიცავს. მცველს მოსალოდნელი საფრთხე აშინებს, დასახმარებლად მიიჩქარის, კარს აღებს და ხედავს, რომ ხელის ფანრებით მოაკითხეს სწორედ იმ ადამიანებმა, რომელთა ხმებიც აღიზიანებდა.

ბმულის ქვეშ დატოვებულ კომენტარებში ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან წერენ, რომ ანიმაციის მიხედვით სკოლაში თემები დაწერეს. საინტერესო იქნება, ჩვენც შევთავაზოთ მოსწავლეებს თავისუფალი თემის დაწერა და თავად იმსჯელონ, რის შესახებ დააფიქრა ანიმაციამ.

მუსიკა

ეს სიმღერა სტატიაზე მუშაობისას აღმოვაჩინე. ტექსტში ასახულია რელიგიური მოტივები. შუქურას სინათლე ფანტავს სიბნელეს და გემს, რომელიც ცხოვრებად არის მოაზრებული, მიმართულებას უჩვენებს. ზოგი ვერ ხვდება მთაზე აღმართული შუქურას დანიშნულებას და მისი დამსხვრევა მართებულად მიაჩნია. ლირიკული გმირისთვის კი შუქურა ქრისტეს სიმბოლური ხატია, მას ცოდვიანი კლდეებიდან სინათლისკენ მიჰყავს ადამიანის ცხოვრება.

ასევე, საინტერესო იქნებოდა სიმღერის ტექსტზე მუშაობა ინგლისურის მასწავლებელთან ერთად.

შუქურას სიმბოლოს მრავალმხრივი გააზრება ჩემს პროფესიას მახსენებს – მასწავლებლის დანიშნულება შუქურასას ჰგავს, რადგან ბავშვების ცხოვრების მიმართულებას ვაძლევთ, მათ გულში დასადგურებულ სინათლეს ვფანტავთ და როგორც არ უნდა წარიმართოს მათი ცხოვრება, ჩვენი არსებობა მათთვის საიმედო საყრდენად უნდა იქცეს.




 წყარო https://mastsavlebeli.ge/

No comments:

Post a Comment