Tuesday, September 2, 2025

ზაფხული ჩვენი მღელვარებისა

 დადგა ზაფხული და გულები აივსო თავისუფლების, დასვენებისა და შთაბეჭდილებების მოლოდინით. ზაფხული ყველასთვის თანაბრად უკავშირდება ისეთ სიხარულს, რომელმაც შემდეგ მთელი წელი უნდა გვკვებოს, გვასაზრდოოს და გვანუგეშოს. ფოთლები ნელ-ნელა რომ შეყვითლდება, ცა უფრო ხშირად რომ მოიქუფრება, დღე უფრო მეტად რომ დამოკლდება, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ როცა ეს ყველაფერი გაივლის, ისევ მოვა ზაფხული. ეს ბავშვური მოლოდინია და ვფიქრობ, სწორი მოლოდინიც.

სანამ ბავშვი ხარ, ზაფხულისგან მოელი, რომ ის იქნება ბედნიერებით დატვირთული, ისეთი მრავალფეროვანი, რომ სიამოვნებით მოუყვები თანატოლებს მის შესახებ. ხშირად ილაპარაკებ იმაზე, რა სცადე, რა გამოგივიდა და რა ისწავლე; სად იყავი და ვინ გაიცანი; რა წაიკითხე, რას უყურე, რას მოუსმინე და რამ აღგაფრთოვანა.

ზაფხული ამოსუნთქვის პერიოდია, რომელმაც ხელახლა უნდა დაგვბადოს, ხელახლა გაგვაძლიეროს, ხელახლა შეგვამზადოს დაბრკოლებების გადალახვისთვის, ხელახლა მოგვაკრებინოს მენტალური და ფიზიკური ენერგია, რომ ისევ ვიტვირთოთ პასუხისმგებლობების სიმძიმე ამ მსუბუქი, თავისუფალი და შთაბეჭდილებებით სავსე პერიოდის შემდეგ.  სწორედ ამისთვის გაჩნდა ზაფხული.

ბავშვობის შთაბეჭდილებებისა და სიხარულების ერთი სკივრი რომ არსებობდეს, ის უმთავრესად ზაფხულის დღეებში გადახდენილი ამბებით, თავგადასავლებით და სიხარულებით იქნებოდა სავსე. ამ სკივრში იქნებოდა გამარჯვებებიც, ფიზიკური ტრავმებიც, მტკივნეული სულიერი განცდებიც, იქნებოდა შეცნობის, დაკვირვებისა და აღმოჩენის შთაბეჭდილებებიც. ზაფხულში, გაკვეთილებისგან, სკოლისგან, დავალებებისგან მოშორებით, სხვა გაკვეთილები იწყება. ვფიქრობ, საზაფხულო გაკვეთილებიც უმნიშვნელოვანესია ბავშვისთვის, მისი სწორი ჩამოყალიბებისთვის, მისი ბედნიერი და სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის.

მას შემდეგ, რაც ვიზრდებით და მშობლები ვხდებით,  ნელ-ნელა გვავიწყდება, რას ნიშნავს ზაფხული ბავშვისთვის და რას მოელის ის მისგან. ახლა, ჩვენი პრაქტიკული გადასახედიდან, გვაქვს ჩვენ-ჩვენი „დიდური“ მოლოდინები, რომლებიც ძალიან განსხვავდება ბავშვების მოლოდინებისგან. უფროსებს გვინდა, ზაფხულისგანაც პრაქტიკული სარგებელი მივიღოთ, ყველა მტკივნეული „ჩავარდნა“ ავანაზღაუროთ, ბავშვს იმდენი დრო არ დავუტოვოთ, რომ გაზარმაცდეს, მოიწყინოს, კალაპოტიდან ამოვარდეს… ვაითუ დაავიწყდეთ ის ყველაფერი, რაც მთელი წლის განმავლობაში დაისწავლეს, დრო და ენერგია დაახარჯეს, ამიტომ ცუდი არ იქნება, თუ გადაიმეორებენ… ის წიგნებიც უნდა წაიკითხონ, რომლებიც არდადეგების დაწყებამდე ჩამოუწერა მასწავლებელმა, მათემატიკაშიც არ აწყენდათ წავარჯიშება, არც ინგლისურის თუ ფრანგულის დახვეწა, არც კითხვისა და წერის უნარის გაუმჯობესება და ასე დაუსრულებლად.

ცოტას თუ დავფიქრდებით, თუ თავსახურს ავხდით ჩვენი ბავშვობის ზაფხულის სკივრს, თუ ძველ ამბებს ამოვქექავთ, მივხვდებით, რომ ზაფხული სწორედ ამ კალაპოტიდან ამოვარდნის პერიოდი იყო. სიხარულის და შთაბეჭდილებების გაუნელებელი პერიოდი, რომელიც შემდეგ ფეიერვერკივით აინთება და გაგვინათებს მოქუფრულ დღეებს, რომელსაც გასდევს მსუბუქი, სასიამოვნო მღელვარების განცდა. ამ სკივრში თუ ჩავიხედავთ, გაგვახსენდება  ყველა ის დღე, როდესაც რაღაც ვცადეთ და გამოგვივიდა, თუმცა წავქცეულვართ კიდეც, მუხლიც გადაგვიყვლეფია და ნაიარევი ყოველთვის გაგვახსენებს ამ მცდელობებს. გაგვახსენდება, როგორ ვისწავლეთ ველოსიპედის მართვა, ცურვა, ვიმგზავრეთ მარტო და გადავლახეთ მარტოობის შიში.

ზაფხულს უხდება კალაპოტიდან ამოვარდნა, მღელვარე, კეთილი მოლოდინებით სავსე განწყობა, საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა და გამოცდა, მოშვება და იმის შეგრძნება, რომ ცოტა ხანს მაინც აღარ არსებობს ვალდებულებები და თავისუფალი ვართ.



https://mastsavlebeli.ge/?p=40566

მულტიმედია რესურსები და ენის სწავლება 17 ივნისი, 2024 - 12:03

 მულტიმედია რესურსები მნიშვნელოვნად ზრდის სწავლების პროცესის ეფექტიანობას, განსაკუთრებით უცხო ენების სწავლებაში. იტალიური ენის სწავლებაში მულტიმედია რესურსები ეხმარება მოსწავლეებს  შეიძინონ ცოდნა, განავითარონ მოსმენის, საუბრის, კითხვისა და წერის უნარები.

რაში მდგომარეობს მულტიმედია რესურსების გამოყენების სარგებელი?

აუდიო და ვიდეო მასალები, ავითარებს მოსმენის უნარს –  აუდიო და ვიდეო რესურსები მოსწავლეებს ეხმარება იტალიური ენაში ენობივი კომპეტენციის განვიტარებაში   რეალურ  მაგალითებზე დაფუძნებით. ვიდეოები, რომლებშიც იტალიურად საუბრობენ, ეხმარება მოსწავლეებს სწორი გამოთქმასა  და ინტონაციაში

ინტერაქტიული პროგრამები და აპლიკაციები – ინტერაქტიული პროგრამები, როგორიცაა Duolingo, Babbel და სხვა, ეხმარება მოსწავლეებს სიტყვებისა და გრამატიკის აქტიურად შესწავლაში თამაშების და სავარჯიშოების მეშვეობით. აპლიკაციები გვთავაზობს შედეგების მონიტორინგის სისტემას, რაც ეხმარება მასწავლებლებს და მოსწავლეებს პროგრესის თვალყურის დევნებაში.

სოციალური ქსელები და პლატფორმები – სოციალური ქსელების მეშვეობით მოსწავლეები  ურთიერთობენ იტალიელ  მოსწავლეებთან, რაც ეხმარება მათ ენის პრაქტიკის დახვეწაში.

მულტიმედია რესურსები მნიშვნელოვან როლს ასრულებს იტალიური ენის სწავლებაში. მულტიმედია რესურსების მეშვეობით მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა უფრო სწრაფად და  შეისწავლონ ენა, რაც საბოლოო ჯამში ზრდის  სწავლის ხარისხს.

მინდა გაგიზიაროთ ის აქტივობები, რომელსაც ვიყენებ პრაქტიკაში მულტიმედია რესურსების გამოყენებასთან მიმართებაში.

აქტიური მოსმენა და რეფლექსია –  ვიდეოს ყურების შემდეგ, მასწავლებელი ეხმარება მოსწავლეებს გაანალიზონ მოსმენილი და უპასუხონ კითხვებზე. მაგალითად, “Peppa Pig” ეპიზოდის ყურების შემდეგ, მოსწავლეები განიხილავენ პერსონაჟების ქცევას და მოვლენებს, რაც ეხმარება მათ ენის გაგებაში და განმტკიცებაში.

კომუნიკაციური სავარჯიშოები –  ვიდეოს ყურების შემდეგ, მოსწავლეები ივარჯიშებენ დიალოგების ან სცენების განსახიერებაში. მაგალითად, “Muzzy in Gondoland” ეპიზოდის ყურების შემდეგ, მოსწავლეები წყვილებში ისახავენ სცენას, რაც ეხმარება მათ დიალოგების პრაქტიკაში.

ლექსიკის და გრამატიკის გაძლიერება – ვიდეოს ყურების შემდეგ, მასწავლებელი ამახვილებს ყურადღებას ახალი სიტყვების და გრამატიკული სტრუქტურების განმარტებაზე და ვარჯიშებზე. მაგალითად,  “Learn Italian with ItalianPod101” ვიდეოს ყურების შემდეგ, მოსწავლეები ამზადებენ ახალ სიტყვებსა და გრამატიკას გამოყენებით სავარჯიშოებს.

კულტურული კონტექსტის შესწავლა – ვიდეოს ყურების შემდეგ, მოსწავლეები განიხილავენ იტალიურ კულტურას და ჩვეულებებს, რაც ეხმარება მათ ენის უფრო ღრმად გაგებაში. მაგალითად,  იტალიური მულტიპლიკაციური ფილმის ყურების შემდეგ, მოსწავლეები განიხილავენ იტალიურ ოჯახურ და სოციალურ ტრადიციებს.

ინტერაქტიული აპლიკაციები და პლატფორმები –  მასწავლებელი იყენებს ინტერაქტიულ აპლიკაციებს და პლატფორმებს, სადაც მოსწავლეებს შეუძლიათ ვიდეოების ყურება და მათი განხილვა. მაგალითად, “Kahoot!” ან “Quizlet” პლატფორმების გამოყენებით, მასწავლებელი ქმნის კითხვარებს და თამაშებს ვიდეოს თემაზე.

საკუთარ პრაქტიკაზე დაყრდნობით მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება იმის შესახებ თუ რა მნიშვნელობა აქვს როდესაც მოსწავლე შესასწავლ თემაზე თვითონ ქმნის ვიდეომასალას – მოსწავლეების მიერ იტალიურ ენაზე ვიდეოფილმების შექმნა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენის სწავლების პროცესში.

https://drive.google.com/file/d/1YItlJpFR_o2p79-OBSbSZw-yTLo1yyUh/view

ეს მეთოდი ხელს უწყობს მოსწავლეების აქტიურობას, მოტივაციას და ავითარებს ენის პრაქტიკაში გამოყენების უნარს. გარდა ამისა, ვიდეოფილმების შექმნა აძლიერებს კრეატიულობას და ტექნოლოგიურ უნარებს, რაც ასევე მნიშვნელოვანია თანამედროვე განათლებისთვის. ამ დროს ხდება:

ენობრივი უნარების გაუმჯობესება – ვიდეოფილმების შექმნის პროცესში მოსწავლეები პრაქტიკულ გამოცდილებას იღებენ მოსმენასა და საუბარში. ისინი სწავლობენ იტალიურ ენაზე სწორ გამოთქმებს და ინტონაციას.  სცენარის შექმნის დროს, მოსწავლეები ივითარებენ წერით უნარებს. ეს ხელს უწყობს გრამატიკული სტრუქტურების და ლექსიკის გაუმჯობესებას.

კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება –  ვიდეოფილმების შექმნის პროცესი მოსწავლეებს აძლევს საშუალებას გამოავლინონ საკუთარი კრეატიულობა, შექმნან ინოვაციური სცენარები და ვიზუალური კონტენტი.  ვიდეოფილმების წარმოების დროს მოსწავლეები აწყდებიან სხვადასხვა პრობლემებს და ჭრიან მათ, რაც ავითარებს მათ კრიტიკულ აზროვნებას.

ტექნოლოგიური უნარების განვითარება – მოსწავლეები სწავლობენ ვიდეო რედაქტირების პროგრამების გამოყენებას, რაც ტექნოლოგიურ უნარებს ავითარებს. ზოგიერთი ვიდეო პროექტი მოითხოვს  ანიმაციის გამოყენებას, რაც დამატებით ტექნოლოგიურ ცოდნას საჭიროებს.

კულტურული კონტექსტის გაგება – ვიდეოფილმების შექმნის პროცესში მოსწავლეები  ეხებიან  იტალიური კულტურის სხვადასხვა ასპექტებს, რაც ეხმარება მათ კულტურული გაგების გაღრმავებაში.

გუნდური მუშაობა და სოციალური უნარები – ვიდეოფილმების შექმნის დროს მოსწავლეები ხშირად მუშაობენ ჯგუფებში, რაც ეხმარება მათ გუნდური მუშაობის უნარების განვითარებაში. გუნდური მუშაობის დროს მოსწავლეები იუმჯობესებენ კომუნიკაციის უნარებს და სწავლობენ სხვებთან ეფექტურად ურთიერთობას.

ჩემი მოსწავლეები სამიზნე ცნებებისა და შესასწავლი თემების შესაბამისად ქმნიან:

მოკლე ფილმებს და სიუჟეტებს –  რომელთა საშუალებითაც ისინი აღწერენ სხვადასხვა სიტუაციებს იტალიურ ენაზე. ეს ფორმატი ეხმარება მოსწავლეებს ყოველდღიური საუბრისა და დიალოგების პრაქტიკაში გამოყენებაში.

ანიმაციებს და მულტიპლიკაციური ფილმებს,  რომლებიც შეიძლება მოიცავდეს საგანმანათლებლო თემებს ან მოთხრობებს.  ანიმაციების შექმნა ხელს უწყობს გრაფიკული უნარების განვითარებას და ენის ვიზუალური კონტექსტის გაგებას.

დოკუმენტურ ფილმებს, როგორიცაა იტალიური კულტურა, ისტორია ან ცნობილი ადამიანები.  დოკუმენტური ფილმები ეხმარება მოსწავლეებს კვლევისა და ინფორმაციის ანალიზის უნარების განვითარებაში.

ინტერვიუებს და  რეპორტაჟებს – მოსწავლეები იწერენ ინტერვიუებს ან აკეთებენ რეპორტაჟებს სხვადასხვა თემებზე. ეს ფორმატი ეხმარება მოსწავლეებს კომუნიკაციისა და ჟურნალისტური უნარების გაუმჯობესებაში.

მოსწავლეების მიერ იტალიურ ენაზე ვიდეოფილმების შექმნა მნიშვნელოვანი საშუალებაა ენის სწავლებაში, რომელიც აერთიანებს – ენას, კრეატიულობას, ტექნოლოგიას და გუნდურ მუშაობას. ამ მეთოდის გამოყენებით, მოსწავლეები იღებენ მრავალფეროვან და ინტეგრირებულ გამოცდილებას, რაც ეხმარება მათ არა მხოლოდ ენის უკეთ შესწავლაში, არამედ ზოგადი განათლების და უნარების გაუმჯობესებაში.

ასევე  კარგი შედეგები  აქვს იტალიურ ვიდეომასალაზე ქართული ტიტრების დადების აქტივობას – იტალიურ ენაზე არსებული ვიდეომასალებზე ქართული ტიტრების დადებას  მნიშვნელოვანი სარგებელი აქვს მოსწავლის ენობრივი კომპეტენციის განვითარებაში. ეს მეთოდი ეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაიგონ და შეისწავლონ უცხო ენა, განავითარონ მოსმენის, კითხვის, წერისა და ინტერპრეტაციის უნარები. ამ დროს ხდება:

ქართული ტიტრების დადების აქტივობების  სარგებელი

  1. ინტერაქტიული გაკვეთილები – ვიდეოს ყურების შემდეგ, მასწავლებელი განიხილავს ტიტრებში გამოყენებულ სიტყვებსა და ფრაზებს. ეს ეხმარება მოსწავლეებს ტიტრებში არსებული ინფორმაციის უკეთ გაგებაში და გამოყენებაში.
  2. ვიზუალური სწავლება –  ვიდეოს ყურებისას მასწავლებელი აჩვენებს ტიტრებს და განიხილავს იტალიურ და ქართულ ტექსტებს. ეს ეხმარება მოსწავლეებს გაიგონ და შეისწავლონ იტალიური ტექსტი ვიზუალური და ხმოვანი კონტექსტის გამოყენებით.
  3. სიტყვებისა და ფრაზების ანალიზი – ვიდეოს ყურების შემდეგ, მოსწავლეები იწერენ და განიხილავენ ტიტრებში გამოყენებულ ახალ სიტყვებს და ფრაზებს. ეს ეხმარება მოსწავლეებს ლექსიკური  მარაგის გამდიდრებაში  და გრამატიკული ცოდნის  გამყარებაში.
  4. ინტერკულტურული  მიდგომა –  მასწავლებელი განიხილავს ვიდეოს შინაარსის კულტურულ კონტექსტს და მის მნიშვნელობას იტალიურ ენასა და კულტურაში.  ეს ეხმარება მოსწავლეებს უკეთ გაიგონ იტალიური კულტურა და მისი გავლენა ენაზე.
  5. თარგმანის სავარჯიშოები –  მოსწავლეები დამოუკიდებლად ან ჯგუფებში თარგმნიან იტალიური ტექსტს ქართულად და განიხილავენ შედეგებს. ეს ეხმარება მოსწავლეებს თარგმანის უნარების განვითარებაში და ენის  სტრუქტურების გაგებაში.

იტალიურ ენაზე არსებულ ვიდეომასალებისთვის ქართული ტიტრების დამატება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ენის სწავლებას. ეს მეთოდი ეხმარება მოსწავლეებს უფრო სწრაფად და მიზნობრივად შეისწავლონ იტალიური ენა, განავითარონ ლექსიკური და გრამატიკული უნარები, ასევე გააცნობიერონ კულტურული კონტექსტი. სწავლებაში ასეთი სტრატეგიის ინტეგრაცია მრავალფეროვნებას და ინტერაქტიულობას ანიჭებს გაკვეთილებს, რაც ეხმარება მოსწავლეებს უფრო ინტერესით ისწავლონ იტალიური ენა.

https://mastsavlebeli.ge/?p=40051


თამაშის გამოყენება ინგლისური ენის გაკვეთილზე

 თამაშით სწავლება ხელს უწყობს მოსწავლეებში ისეთი უნარების განვითარებას, რომელთა გარეშე ცხოვრებაც დღეს ფაქტობრივად შეუძლებელია.  უდიდესი  ფსიქოლოგის, დიმიტრი უზნაძის მიხედვით – „თამაშის საშუალებით ვითარდება ის ძალები და შესაძლებლობები, რომლებიც შემდგომში სერიოზული საქმიანობის განხორციელების საფუძველი ხდება“.

მოსწავლე ცოდნას თამაშის საშუალებით იღრმავებს და ივითარებს. თამაშით სწავლება არის ძალიან სახალისო, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე, როდესაც მოსწავლეს სკოლასთან შეგუება უწევს. ამ დროს სწავლება განსაკუთრებით საინტერესო და სახალისო უნდა იყოს. თამაშზე დაფუძნებულ სწავლებას შეუძლია, განუვითაროს მოსწავლეს დამოუკიდებლად სწავლისა და პრობლემის გადაჭრის უნარები. ის დიდ როლს ასრულებს მოსწავლეთა თანამშრომლობითი და ჯგუფური მუშაობის განვითარებაში.

სწავლების დროს თამაშის გამოყენებას ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ განათლების  სფეროს მეცნიერ-მკვლევრები. ისინი საუბრობენ სასწავლო პროცესში თამაშის უპირატესობაზე, რაც აისახება მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე.

„ენის შესწავლა რთული ამოცანაა და მიზნის მისაღწევად მუდმივი ძალისხმევაა საჭირო. კარგად შერჩეული თამაშები ფასდაუდებელია, რადგან მოსწავლეებს ეძლევათ შესვენების საშუალება და ამ დროს ისინი იყენებენ სხვადასხვა ენობრივ უნარებს“. (Leonard Ashok, Sasi Revathi, Saminathan, 2013)

შესაბამისად, თამაშით სწავლება სწავლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა.

ყველა თამაში, რომლებსაც მოსწავლეები თამაშობენ, ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე ძალიან ბევრი სავარჯიშო. ჯგუფური თამაშები კიდევ უფრო სასარგებლოა. (Leonard Ashok, Sasi Revathi, Saminathan, 2013)

„ენობრივი თამაშები საკლასო ოთახში არის სასიამოვნო აქტივობა წესებით, რომლებიც მიზანმიმართულად არის შემუშავებული მოსწავლეებში სწავლის დონის ასამაღლებლად, ჰალდფილდი (1999) ამტკიცებს, რომ თამაშები გართობასთან ერთად გულისხმობს მიზნებსა და წესებს“. (Abdullah, Karim, 2020)

მე, როგორც ინგლისური ენის მასწავლებელი, ყოველთვის ვცდილობ, ჩემი საგაკვეთილო პროცესი იყოს საინტერესო აქტივობებით დატვირთული. დაწყებით საფეხურზე თამაშზე დაფუძნებული სწავლების მეთოდი, ვფიქრობ, ძალიან სასარგებლოა მოსწავლეებისთვის. უცხო ენის კათედრის სხდომებსა და მასწავლებლების შეხვედრებზე ხშირად განვიხილავთ, რომელი აქტივობაა შედეგზე ორიენტირებული და შესაბამისად, ვთანხმდებით, რომ თამაშზე დაფუძნებული სწავლების მეთოდით ძალიან კარგ შედეგს ვიღებთ, მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართული სასწავლო პროცესში, დავალებებს  უფრო გააზრებულად და ყურადღებით ასრულებენ.

სტატიაში შევეცდები, მოგაწოდოთ რამდენიმე თამაშის ინსტრუქცია, რაც სასწავლო პროცესს უფრო მრავალფეროვანსა და საინტერესოს გახდის.

  1. Run to the board – ეს თამაში კარგი გზაა იმის შესამოწმებლად, რამდენად კარგად იმახსოვრებენ მოსწავლეების წინა გაკვეთილზე ნასწავლ სიტყვებს.

ინსტრუქცია:  ეს თამაში შეიძლება გამოყენებულ იქნას გრამატიკის, ლექსიკის ან მართლწერაში სავარჯიშოდ. მაგალითად, ლექსიკაში სავარჯიშოდ, მოსწავლეებს სთხოვეთ, დაწერონ ცხოველების სახელები. ისინი წერენ, რაც შეიძლება მეტ მაგალითს. ასევე ეს აქტივობა შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც დიაგნოსტიკური ტესტი იმის გასარკვევად, თუ რა იციან მოსწავლეებმა სემესტრის დასაწყისში.

ვყოფთ კლასს ორ ჯგუფად (დიდი კლასის შემთხვევაში შესაძლებელია მეტი ჯგუფის შექმნა). დავყოთ დაფა ორ (ან მეტ) ნაწილად, გუნდების რაოდენობის მიხედვით. მოსწავლეებს ვუნიშნავთ დროს, რამდენ ხანში შეასრულონ დავალება (4 წუთი, 5 წუთი ა.შ.). დაფაზე ვწერთ კატეგორიას, ან რომელიმე საკითხს, გრამატიკულ მასალას. მოსწავლეები კი წერენ სიტყვებს, რომლებიც ამ თემაზე საუბრისას გამოიყენება. ვთხოვთ თითოეულ გუნდის თითოეულ წევრს სწრაფად დაწერონ დაფაზე ეს სიტყვები. მოსწავლეები შემდეგ მოსწავლეს გადასცემენ ცარცს და ასე გრძელდება დროის ამოწურვამდე. იმარჯვებს გუნდი, რომელსაც ყველაზე მეტი პასუხი აქვს.

  1. The ballgame (Hello, my name is..) – ეს თამაში განსაკუთრებით კარგია დაბალ კლასებში. მისი მეშვეობით მოსწავლეები ივითარებენ საუბრისა და გუნდური მუშაობის უნარს. ერთადერთი რესურსი, რომელიც საჭიროა, არის ბურთი (ან რბილი სათამაშო).

ინსტრუქცია: მოსწავლეებმა უნდა გააკეთონ წრე, მასწავლებელი იღებს ბურთს და წარადგენს საკუთარ თავს, შემდეგ გადასცემს ბურთს მოსწავლეს, რომელმაც უნდა წარადგინოს საკუთარი თავი, მოსწავლე სხვა მოსწავლეს გადასცემს. და ასე გრძელდება მანამ, სანამ ყველა მოსწავლე არ წარადგენს საკუთარ თავს.

  1. Flyswatter game – ეს თამაში ძალიან სახალისოა, მოსწავლეები ივითარებენ ლექსიკას და მოსმენის უნარ-ჩვევებს.

ინსტრუქცია: გავყოთ მოსწავლეები 2 ჯგუფად, დავწეროთ 10-20 სიტყვა დაფაზე. პირველი ორი მოსწავლე გადის დაფასთან და თითოეულს ეძლევა თითო ბუზის საკლავი. მასწავლებელი აძლევს მინიშნებებს ერთ-ერთ სიტყვაზე, იწყებს ზოგადი მინიშნებით და მიდის უფრო კონკრეტულამდე. მასწავლებელს შეუძლია დაახლოებით 3-ჯერ მიანიშნოს, სანამ პირველი მოსწავლე გამოიცნობს სიტყვას. მოსწავლემ, რომელმაც იცის პასუხი, თავისი ბუზის საკლავით ურტყამს სიტყვას. თუ სწორია მისი გუნდი იღებს ქულას და შემდეგი ორი მოსწავლე მოდის დაფასთან. იმარჯვებს გუნდი, რომელსაც მეტი სწორი პასუხი ექნება.

  1. Throwing ball – ამ აქტივობით მოსწავლეები იმეორებენ ნასწავლ სიტყვებს.

ინსტრუქცია: გავყოთ მოსწავლეები 2 (ან მეტ) ჯგუფად.  ვირჩევთ თემას ცხოველებზე. მასწავლებელი დაფაზე წერს ასო-ბგერებს.  თითოეული ჯგუფიდან გამოდის თითო მოსწავლე. მოსწავლე ისვრის ბურთს დაფისკენ, რომელ ასო-ბგერასაც ბურთი მოხვდება, ამ ასოზე უნდა დაასახელოს ცხოველი.

  1. Pictionary race – ამ თამაშით მოსწავლეები ვარჯიშობენ ლექსიკაზე.

ინსტრუქცია: გავყოთ მოსწავლეები 2 ჯგუფად, თითოეული ჯგუფიდან გამოდის თითო მოსწავლე. ვაჩვენებთ სიტყვას, მოსწავლეები ხატავენ. რომელი გუნდის მოსწავლეც გამოიცნობს სიტყვას, ის გუნდი იგებს.

  1. Running dictation – ეს თამაში მოსწავლეებს უვითარებს წერის, მოსმენის, მეტყველებისა და კითხვის უნარებს. ხელს უწყობს მოსწავლეთა თანამშრომლობითი უნარების განვითარებას. მისი გამოყენება შესაძლებელია ინგლისურის ცოდნის ნებისმიერ დონეზე.

ინსტრუქცია: მოსწავლეები იყოფიან ორ ჯგუფად. მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მოსწავლეს. ავირჩიოთ პატარა ტექსტი, წინადადებები ან დიალოგი, განვათავსოთ საკლასო ოთახის კედელზე. მწერლები სხდებიან სკამებზე, მკითხველები მიირბენენ, წაიკითხავენ კედელზე დაწერილ  წინადადებას, მოირბენენ და უკარნახებენ მწერლებს, შემდეგ ისინი ცვლიან როლებს. გამარჯვებული არის გუნდი, რომელიც პირველი დაასრულებს, თუმცა თუ მათ შეცდომები ექნებათ, ისევ უნდა გააგრძელონ.

  1. Roll the dice – ამ თამაშის გამოყენება ძალიან ბევრი სახით შეიძლება. წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მათგანს.

ინსტრუქცია: მასწავლებელი დაფაზე წერს ექვს წინადადებას, რომელიც ერთიდან ექვსამდეა დანომრილი. მოსწავლე გამოდის აგორებს კამათელს, რომელი ციფრიც ამოდის, კითხულობს წინადადებას და შეუსაბამებს შესაბამის ილუსტრაციას.

  1. Category writing game – ეს თამაში ძალიან კარგია ლექსიკის გასამეორებლად და მართლწერის შესამოწმებლად.

ინსტრუქცია: კლასს ვყოფთ ორ ან სამ ჯგუფად. თითოეული ჯგუფი ირჩევს კაპიტანს. მასწავლებელი მაგიდაზე დებს ფურცელზე ჩამოწერილ კატეგორიებს (მაგ. საჭმელი, ცხოველები, ტრანსპორტი და ა. შ.), რომლებიც დაფარულია და კაპიტნები ირჩევენ კატეგორიებს. თითოეულმა ჯგუფმა თავის კაპიტანს უნდა უთხრას და დაწეროს ამ კატეგორიის შესაბამისი, რაც შეიძლება მეტი სიტყვა. მათ აქვთ დროის ლიმიტი, შეიძლება მივცეთ 3 ან 4 წუთი. თითოეული ჯგუფი ყოველი სიტყვისთვის იღებს თითო ქულას. ამ თამაშში ძალიან მნიშვნელოვანია მართლწერა.

 

https://mastsavlebeli.ge/?p=40782

გაკვეთილის ბოლოს დარჩენილი წუთები – დამატებითი შესაძლებლობა

 

(7 სწრაფი საკლასო აქტივობა)

გაკვეთილი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, მოსწავლეებს გამოვკითხეთ გაკვეთილი და ახალი მასალაც ავუხსენით, დისკუსიაც გავმართეთ, საათს დავხედეთ − კიდევ გვაქვს დრო.  მასწავლებლები მსგავს სიტუაციებში , უმეტესწილად, იმპროვიზაციის იმედად არიან, თუმცა, კარგი იქნება,  გარკვეული წარმოდგენა გვქონდეს დამატებით, სწრაფ და სახალისო აქტივობებზე. ყველა მასწავლებელი აღმოჩენილა მსგავს სიტუაციაში, ამ დროს  უმჯობესია, მოსწავლეებს  მისცეთ  განტვირთვის რამდენიმე წუთი. ამისთვის აუცილებელია, გვქონდეს სახალისო, საინტერესო, სწრაფი აქტივობების ნაკრები, რომელიც ირიბად მაინც შეუწყობს ხელს ნასწავლი მასალის განმტკიცებას. წარმოგიდგენთ შვიდ, ადვილად განსახორციელებელ აქტივობას, რომელსაც შეუძლია დარჩენილი წუთები მოსწავლეების განვითარებისთვის ღირებულ შესაძლებლობებად აქციოს.

  1. კრეატიულობის ხელშეწყობა ამბის თხრობით

სთხოვეთ მოსწავლეებს, შექმნან მოთხრობა, რომელიც იწყება სიტყვით „ერთხელ“ და მოიცავს იმ ცნებების ან სიტყვების ჩამონათვალს, რომლებიც შეარჩიეთ საკლასო სასწავლო მასალიდან. თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ,,სიუჟეტური კამათლები’’ story cubes.  მოსწავლეებმა კამათელზე წარმოდგენილი გამოსახულებები უნდა დაასახელონ, დააკავშირონ და შექმნან ისტორია. უმცროს მოსწავლეებთან ერთად  ეს აქტივობა შეგიძლიათ ვერბალური კომუნიკაციის საშუალებით განახორციელოთ ; უფროს მოსწავლეებთან კი წერის აქტივობად აქციოთ. მასწავლებელს შეუძლია მსგავსი აქტივობები  განმავითარებელი შეფასებისთვის გამოიყენოს.

  1. ჯგუფური მუშაობა

ჯგუფური სწრაფი აქტივობები, როგორიცაა თანამშრომლობითი თამაში ან თანატოლთა დისკუსიები,  მასწავლებელს საშუალებას აძლევს, დამატებითი დრო სოციალური სწავლის შესაძლებლობად აქციოს. აქტივობა „იფიქრე-დაწყვილდი-გააზიარე“ საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, შეამოწმონ წინარე ცოდნა, გაცვალონ იდეები და განივითარონ თანაგრძნობის,  მოსმენისა და კომუნიკაციის უნარები.

think-pair-share

  1. იმოძრავეთ!

ზოგჯერ, გაკვეთილზე არსებული ხარვეზის შესავსებად, საუკეთესო გზაა მოსწავლეებს სწრაფი, შემეცნებითი  ფიზიკური აქტივობა შესთავაზოთ. ასეთი აქტივობაა ,,საიმონი ამბობს’’ (Simon Says) , რომელიც მოსწავლეებს განტვირთვაში და ენერგიის აღდგენაში ეხმარება. მსგავსი აქტივობა მოსწავლეებს სწავლის მოტივაციას უმაღლებს.

Simon says

  1.   შექმენით დროის კაფსულა (სემესტრის დასაწყისში)

სთხოვეთ მოსწავლეებს, ერთად იმუშაონ დროის კაფსულის შესაქმნელად, რომელიც მათ ამჟამინდელ ინტერესებს, მიზნებსა და მოგონებებს შეინახავს. მათ შეუძლიათ გამოიყენონ პატარა ნივთები ან დაწერონ წერილები მე-ს კაფსულში შესატანად. დალუქეთ კაფსულა და დანიშნეთ მისი გახსნის თარიღი მომავალში, მაგალითად, სასწავლო წლის დასრულების ან რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ისინი უფრო მაღალ კლასში გადავლენ. ეს არის მნიშვნელოვანი გზა მოსწავლეებისთვის, დაფიქრდნენ თავიანთ გამოცდილებაზე და იფიქრონ მომავალზე.

TIme capsule

  1. გავიცნოთ ერთმანეთი

საგაკვეთილო პროცესი საშუალებას გვაძლევს, მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა კიდევ უფრო კარგად გაიცნონ ერთმანეთი და დარჩენილი წუთები პროდუქტიულად გამოიყენონ. ასეთია ერთი ძალიან სახალისო და ,,სულელური თამაში“.  თქვენ უბრალოდ სვამთ კითხვებს, როგორიცაა: გირჩევნიათ გიგანტურ კურდღლად გადაიქცეთ თუ მინიატიურულ ჟირაფად? ან გირჩევნიათ დღეში 75-ჯერ აცემინოთ, თუ სადაც კი წახვალთ, ყველგან მოგიწიოთ საზაფხულო ფლოსტების ტარება?

მოცემულია 200 კითხვის სია, რომელიც დაგეხმარებათ თამაშის დაწყებაში.

list of 200 questions

  1. პრაქტიკული აქტივობები
  • საკლასო კულინარიული წიგნი

მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესოა აქტივობა, რომელშიც აქტიურად არიან ჩართულები და შესაძლებლობა აქვთ თვითონ შექმნან რაიმე ხელშესახები.  საინტერესო აქტივობაა  ,,საკლასო კულინარიული წიგნი’’. აქტივობა

წერის უნარების გასაუმჯობესებლად გამოგადგებათ.  სთხოვეთ მოსწავლეებს, საყვარელი კერძის რეცეპტი დაწერონ. მათ შეუძლიათ კერძების ილუსტრაციებიც შექმნან და „დეგუსტაციისთვის“ მოიტანონ საკლასო ოთახში. საბოლოოდ, შესაძლებელია რეცეპტების გაერთიანება და ერთ წიგნად აკინძვა.

  • იდეები სასკოლო გაზეთის შესაქმნელად

მოსწავლეები ქმნიან საკლასო გაზეთს. ისინი ინაწილებენ როლებს, არიან რედაქტორები, ილუსტრატორები, რეპორტიორები და სხვა. თემატურად გაზეთი შეიძლება მრავალფეროვანი იყოს, ეხებოდეს აქტუალურ საკითხებს, მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვან თემებს. მოსწავლეებს შეუძლიათ, შექმნან კომიქსებიც. აქტივობის დასასრულს მოსწავლეები სხვა კლასის მოსწავლეებს დაურიგებენ გაზეთის ასლებს ან გამოფენენ მათ განცხადებების დაფაზე.

სწრაფი, მიზანმიმართული აქტივობების ორგანიზება უზრუნველყოფს კლასში დროის ნაყოფიერად გამოყენებას. ასეთი აქტივობები არა მხოლოდ ინარჩუნებენ მოსწავლეთა ჩართულობას, არამედ ხელს უწყობენ ისეთი კრიტიკული უნარების განვითარებას, როგორიცაა კრეატიულობა, გუნდური მუშაობა და ფოკუსირება. ასეთი სწრაფი დამხმარე საშუალებები შესაძლებლობაა, მასწავლებელმა მაქსიმალურად ნაყოფიერად გამოიყენოს საგაკვეთილო დრო.

წყაროები:

1.https://www.storycubes.com/en/ ნანახია : 21/09/2024წ

2.https://www.readingrockets.org/classroom/classroom-strategies/think-pair-share  ნანახია 21/09/2024წ

  1. https://youtu.be/QRVTPFfOwcM?feature=shared

ნანახია : 21/09/2024წ

  1. https://www.wikihow.com/Create-a-Time-Capsule

ნანახია: 21/09/2024წ

5.https://conversationstartersworld.com/would-you-rather-questions/would-you-rather-questions-for-kid/

ნანახია: 21/09/2024წ

 https://mastsavlebeli.ge/?p=41155

როგორ ვაქციოთ რუტინული აქტივობა სახალისოდ

 სწავლა-სწავლების პროცესის ეფექტურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი მოსწავლეთა მოტივაციაა. კვლევები აჩვენებს, რომ მოსწავლეების ინტერესი საგაკვეთილო პროცესის მიმართ მნიშვნელოვნად იკლებს, როცა გაკვეთილი რუტინული და ერთფეროვანია. მსგავს გარემოში მოსწავლეები ადვილად კარგავენ მოტივაციას და სწავლა უფრო მოვალეობად აღიქმება, ვიდრე განვითარების პროცესად. კვლევებით დგინდება, რომ ინტერაქტიული და ინოვაციური აქტივობები, რომლებიც თამაშს შემოქმედებითობას და ტექნოლოგიებს  ეფუძნება, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსწავლეთა ჩართულობას, ზრდის სწავლის ეფექტურობას და ხელს უწყობს მათ შემოქმედებით აზროვნებას. ამ სტატიაში წარმოდგენილი იქნება აქტივობა, რომელიც ტრადიციული სწავლების მეთოდს ინოვაციურ მიდგომად გარდაქმნის და ნათლად გამოაჩენს, თუ როგორ შეიძლება სწავლა გახდეს სასიამოვნო და პროდუქტიული პროცესი.

ალბათ ყველა მოსწავლეს ჰქონია ისეთი გაკვეთილი, სადაც მოსაწყენი რუტინისა და მოტივაციის დეფიციტის გამო ყველაფერი უკეთებია გაკვეთილზე დროის გასაყვანად,გარდა მასში უშუალო მონაწილეობისა. ყველა მასწავლებელს კი უფიქრია იმაზე,თუ რა იწვევს საგაკვეთილო პროცესისადმი ამგვარ უინტერესობას. ამის მიზეზი უამრავი რამ შეიძლება იყოს, მაგრამ ერთ-ერთი მათგანია მოსაწყენი,ცარიელი რუტინა, სადაც ყოველი შემდგომი ნაბიჯი და აქტივობა ერთმანეთს ჰგავს, რაც თავისთავად, დროთა განმავლობაში მოსაბეზრებელი ხდება.

მასწავლებლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოსწავლეებს შესასწავლი თემა სწორად და სრულყოფილად მიაწოდოს, მაგრამ ეს პროცესი ისე უნდა წარიმართოს, რომ მათში მოწყენისა და უინტერესობის ნაცვლად დიდი მოტივაცია გამოიწვიოს. მართლაც, სწავლის პროცესი უნდა იყოს იმდენად დინამიკური, აქტივობები კი მოსწავლეთა ასაკისა და შესაძლებლობების შესაბამისი, რომ რუტინა იქცეს გასართობ და ინტერაქტიულ პროცესად. ამისთვის შესაძლებელია სასწავლო პროცესში ინოვაციური აქტივობების გამოყენება, რაც იწვევს მოსწავლეთა სრულ ჩართულობას, სწავლა-სწავლების პროცესი კი ბევრად უფრო შთამბეჭდავი და მომაჯადოებელი ხდება.  ამ სტატიაში წარმოგიდგენთ ერთი აქტივობის ორ ვარიანტს და ძალიან მოკლედ შევეცდებით ტრადიციული აქტივობა გარდავქმნათ ინოვაციურ აქტივობად.

აქტივობის თემა: სხეულის ნაწილები (Parts of  the human body).აქტივობის სახელი: გამოვიყენოთ სხეულის აღმნიშვნელი სიტყვები წინადადებებში.

აღწერა: 1.მოსწავლეები კითხულობენ და თარგმნიან ტექსტს (A Monster Kindergarten), სადაც ნახსენებია მათთვის ახალი, სხეულის ნაწილის აღმნიშვნელი ტერმინები ინგლისურად. 2. ტექსტის გაცნობის შემდეგ, მასწავლებელი ახალ სიტყვებს წერს დაფაზე, თავისი ქართული განმარტებებით. მოსწავლეებს ევალებათ ჩაიწერონ ეს სიტყვები და წინადადებები შექმნან მათი გამოყენებით.

    ახლა კი განვიხილოთ იგივე აქტივობის ინოვაციური ვარიანტი.

აქტივობის სახელი: „შექმენი შენი მონსტრი“

აღწერა: ახალი ტექსტის გაცნობისა და თარგმნის შემდეგ მასწავლებელი შემდეგ აქტივობა-თამაშს სთავაზობს მოსწავლეებს:

 

1.მასწავლებელი იყენებს ორ კამათელს. პირველი კამათლის ციფრები წარმოადგენს სხვადასხვა სხეულის ნაწილს (მაგალითად- ერთიანი არის ცხვირი, ოთხიანი არის ხელი და ა.შ); ხოლო მეორე კამათლით განისაზღვრება ამ სხეულის ნაწილების რაოდენობა.

  1. მოსწავლეებს ურიგდებათ თაბახის ფურცლები. მათ უნდა გააგორონ ორივე კამათელი და დახატონ მონსტრი იმის მიხედვით, თუ რომელი სხეულის ნაწილი და ციფრი ამოუვიდათ (მაგალითად- ნიკამ გააგორა პირველი კამათელი,სადაც ამოვიდა ციფრი ოთხი- ანუ ხელი; მეორე კამათლის გაგორებისას კი- ციფრი ხუთი. ნიკამ უნდა დახატოს მონსტრი, რომელსაც აუცილებლად ექნება ხუთი ხელი, დაარქვას მას სახელი, გააფერადოს და ა.შ.).

3.ამის შემდეგ, თითოეული მოსწავლე გამოდის კლასის წინაშე და აკეთებს თავისი შექმნილი „მონსტრის“ შესახებ მოკლე პრეზენტაციას, მაგალითად: „This is my monster Max, he has got five hands and three eyes…“

ამ აქტივობის შედეგად მოსწავლეებს უვითარდებათ ისეთი სასარგებლო უნარები, როგორიცაა: კრეატიულობა, შემოქმედებითი აზროვნება, შესწავლილი მასალის პრაქტიკაში გამოყენება.
მსგავსი ინოვაციური მეთოდების გამოყენებით სასწავლო პროცესი აუცილებლად გახდება  მიმზიდველი და ნაკლებად მოსაწყენი, სადაც მოსწავლეებს კეთებითა და თამაშით ბევრად გააზრებულად შემოესწავლებათ ესა თუ ის მნიშვნელოვანი საკითხი.

სწავლა-სწავლების პროცესი მხოლოდ ინფორმაციის გადაცემას არ გულისხმობს. მასწავლებლის მიზანი უნდა იყოს მოსწავლეებისთვის ისეთი გარემოს შექმნა, სადაც ისინი აქტიურად ჩაერთვებიან, აზროვნებენ, ქმნიან და პრაქტიკაში იყენებენ შესწავლილ მასალას. „შექმენი შენი მონსტრი“ ტიპის ინოვაციური აქტივობები მოსწავლეებს არა მხოლოდ სასწავლო მასალის უკეთ დამახსოვრებაში ეხმარება, არამედ განუვითარებს მათ კრეატიულობას, გუნდურობასა და პრეზენტაციის უნარებს. მსგავსი მიდგომები სასწავლო პროცესს მიმზიდველსა და სასიამოვნოს ხდის, რაც საბოლოოდ სწავლის ხარისხსაც მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლები მუდმივად ეძებდნენ ახალ, ინოვაციურ მეთოდებს, რომლებიც სწავლას და თამაშს გააერთიანებს.

მსგავსი ინოვაციური მეთოდების გამოყენებით სასწავლო პროცესი აუცილებლად გახდება  მიმზიდველი და ნაკლებად მოსაწყენი, სადაც მოსწავლეები კეთებით და თამაშით ბევრად გააზრებულად  დაეუფლებიან ამა თუ იმ  მნიშვნელოვანი საკითხს.

https://mastsavlebeli.ge/?p=41690


თამაშით სწავლებისთვის

 „სამყარო აღარ გვაჯილდოებს იმისთვის, რაც ვიცით, არამედ იმისთვის, თუ რის გაკეთებას ვახერხებთ იმით, რაც ვიცით.“ სწორედ ეს არის ის რეალობა, რომელთანაც გამკლავება ბოლო ათწლეულებია გვიწევს. ტექნოლოგიური განვითარების წინასვლასთან ერთად, გამუდმებით იცვლება სამუშაო მოთხოვნები და ადგილები; ჩნდება ახალი პროფესიები და ქრება – ძველი. მომავალში კი ალბათ უამრავი ახალი და სხვადასხვანაირი გამოწვევა გველოდება, რომელსაც წინასწარ ვერასდროს ვიწინასწარმეტყველებთ. ყველაფერი ეს იმას ნიშნავს, რომ განათლებამ მცირე ასაკიდანვე უნდა შეამზადოს ბავშვები მუდმივად ცვალებად და მზარდ სამყაროსთან შესახვედრად: სწავლების მეთოდებიც ისე უნდა იყოს შერჩეული, რომ მოსწავლეები მხოლოდ საგნობრივ ცოდნას კი არა, ცხოვრებისეულ უნარებს და გამოცდილებასაც უნდა იძენდნენ.

ბევრმა მასწავლებელმა იცის, თუ რაოდენ მნიშნელოვანია, სწავლების პროცესში გასართობი აქტივობების გამოყენება, რათა ბავშვებმა თამაშით შეიმეცნონ, ისწავლონ და დაიმახსოვრონ. შემეცნებითი აქტივობები ხშირად მეტ დროს და ძალისხმევას მოითხოვს, შესაბამისად, უბრალოდ სათამაშო აქტივობები – სადაც პატარებმა უნდა იხტუნონ, ირბინონ და ა.შ. მათთვის უფრო მიმზიდველია. ამიტომ ასეთ თამაშებში უფრო დიდი ხალისით არიან ჩართულები. ჩვენც გვგონია, რომ საუკეთესო გზას მივაკვლიეთ, თუმცა საიდან უნდა ვიცოდეთ, მსგავსი თამაშები ნამდვილად ეხმარებათ თუ არა მათ განვითარებაში? ან ჩვენ თუ გვეხმარება ჩვენი მოკლე თუ გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში? სწავლა ხომ მართლაც რამდენიმე უცხო სიტყვის და წინადადების დამახსოვრება არაა?!

სათამაშო აქტივობის დაგეგმვა გაცილებით მარტივი გახდება, თუკი მისი ხუთი მახასიათებელი ზედმიწევნით გვეცოდინება.

ხუთი მახასიათებლიდან პირველი, ცხადია ისაა, რომელიც აქტიურ ჩართულობას გულისხმობს. წარმატებული აქტივობები, პირველ რიგში, სწორედ იმით იზომება, თუ რამდენად გაზრდილია მოსწავლეთა კონცენტრაციის დონე, რადგან როცა ისინი მთელი გულისყურით არიან ჩართულები, სწავლაც ბუნებრივად ხდება. მეორეს მხრივ, აუცილებელია აქტივობა სოციალურად ინტერაქციულიც იყოს; ეს ნიშნავს, რომ მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა ერთმანეთს თავიანთი იდეები გაუზიარონ, საკუთარი თავები გამოხატონ, დაინახონ თანაკლასელების პერსპექტივა და საჭიროების შემთხვევაში მოილაპარაკონ და გადაწყვიტონ. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ჯანსაღი კომუნიკაციის ხერხების და უნარების გამომუშავებაა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ნებისმიერი საგნის შინაარსის სწავლა. თამაშით სწავლებისას აუცილებელია მოსწავლეებს ცდებისა და შეცდომების დაშვების – შესაბამისად მათი გამოსწორების და გაუმჯობესებიც საშუალება ჰქონდეთ. ცხადია, აქტივობა სახალისო უნდა იყოს, და არამხოლოდ იმ მხრივ, როგორც ამას პირველი მახასიათებელი მოითხოვს; სწავლა გრძელვადიანი და დამღლელი პროცესია, როდესაც ამ პროცესში ჩვენს მიღწევას ვხედავთ, თუნდაც მხოლოდ მცირეს, ეს უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს. ამიტომ ყველა აქტივობა უნდა იძლეოდეს იმის საშუალებას, რომ მოსწავლეებმა თუნდაც მხოლოდ ერთხელ თქვან „არის!, მე ეს შევძელი!“ ბოლოს კი, აუცილებელია იმის გააზრება, რომ რასაც ვაკეთებთ ერთ კონკრეტულ და დიდ მიზანს ემსახურება, რომელიც ამასთანავე ჩემთვის, როგორც მოსწავლესთვის, ძალიან მნიშვნელოვანი და ძვირფასია. რადგან რაც ძვირფასია, იმისთვის არც დრო გვენანება, არც ენერგია და არც რაიმე სხვა რესურსი.

იმისთვის, რომ მსგავსი აქტივობის დაგეგმვა უფრო მარტივი იყოს ქვემოთ ჩემი ერთ-ერთი აქტივობის მაგალითზე განვიხილავ, თუ როგორ და რა მეთოდებით იყო მასში გამოყენებული თამაშით სწავლების ხუთი მახასიათებელი. მსგავსი ფორმის გამოყენება ყველა მასწავლებელს შეუძლია, არამხოლოდ დაგეგმვისას, არამედ უკვე არსებული აქტივობების შესაფასებლად და თვითრეფლექსიისთვის.

აქტივობას, რომელიც 10 წლის ბავშვების ჯგუფისთვის გამოვიყენე, „მორბენალი მოკარნახე“ ჰქვია. თავად აქტივობა დიდი ხანია მასწავლებლიდან მასწავლებელს გადაეცემა და დიდი პოპულარობით სარგებლობს მოსწავლეებში. თამაშიც სწავლების ხუთი მახასიათებლის შესწავლისას მისი ხელახალი გადააზრება განსაკუთრებით გამომადგა და, ჩემდა გასახარად, აღმოჩნდა, რომ იგი ყველა მახასიათებელს ზედმიწევნით ერგებოდა.

სათამაშო აქტივობის წესები ძალიან მარტივია: ვიღებთ ტექსტს (ან მის ნაწყვეტს), რომელსაც ვასწავლით და ვბეჭდავთ რათა საკლასო ოთახის გარეთ კედელზე გავაკრათ. შემდეგ იგივე ტექსტს, ოღონდ ამჯერად საკვანძო სიტყვების გამოტოვებით, ვბეჭდავთ და ვამრავლებთ. უმჯობესია თუკი მოსწავლეები წყვილებში იმუშავებენ: ერთი მოსწავლე კლასში რჩება ფურცელთან და კალამთან ერთად, მეორე კლასის გარეთ გარბის, რათა თავის წყვილს გამოტოვებული სიტყვა მოუტანოს და დააწერინოს.

 

მახასიათებლებიკი/არამაგალითები, თუ როგორ წარმოჩნდება მახასიათებლები აქტივობაში
საინტერესო (actively engaging)კიჩემი აქტივობის მიმდინარეობისას მოსწავლეებს ბოლომდე გაჰყვათ ინტერესი და დრო ისე გავიდა, ვერც კი გაიგეს. ბავშებმა დიდი სიამოვნებით ითამაშეს, რადგან სურდათ ერბინათ და სწრაფად და ზუსტად შეესრულებინათ მიცემული დავალება.
ინტერაქციული (socially interactive)კიროდესაც მოსწავლეებს დავალება ავუხსენი და წყვილებში გავანაწილე, მათ საშუალება მივეცი, მოელაპარაკათ და თავად გადაეწყვიტათ, თუ რომელი დარჩებოდა კლასში და რომელი გაიქცეოდა და სიტყვებზე ‘ინადირებდა.’
განმეორებადი (ცდების და შეცდომების დაშვების შესაძლებლობა/iterative)კითამაშის პარალელურად აქტიურად ვადევნებდი თვალს თუ როგორ კარნახობდნენ და იწერდნენ სიტყვებს მოსწავლეები. ზოგჯერ მოკარნახეს შეცდომით მოჰქონდა სიტყვა, ან ის უშვებდა შედომას, ვინც იწერდა. ასეთ დროს მათ ვეუბნებოდი, რომ ტექსტში შეცდომა იყო, თუმცა ზუსტად არ ვუთითებდი სად. შესაბამისად, ისინი იწყებდნენ გადამოწმებას მანამ, ვიდრე შეცდომას არ მიაგნებდნენ.
სახალისო (joyful)კითამაში სახალისო იყო, არამხოლოდ იმიტომ რომ ათი წლის ბავშვები მთელი გულით ერთობიან სირბილისას და მცდელობისას, რომ პირველებმა დაასრულონ და გაიმარჯვონ, არამედ იმიტომაც რომ ყოველი მომდევნო სიტყვის პოვნისას და მისი ჩაწერის დასრულებისას  მოსწავლეებს უკვე ჰქონდათ იმის განცდა, რომ რაღაც დიდს მიაღწიეს და გაიმარჯვეს.
მნიშვნელოვანი (meaningful)კიაქტივობა მნიშვნელოვანი იყო, არამხოლოდ იმიტომ რომ იგი ერთდროულად მოიცავდა უცხო ენის შესსწავლისას გასავითარებელ ოთხივე უნარს (წერა-კითხვა, მოსმენა-საუბარი), არამედ იმიტომაც რომ მოსწავლეებმა პროცესისას გააანალიზეს, რომ შეუძლებელი იყო გაემარჯვათ, თუკი გუნდურად არ იმუშავებდნენ და ერთმანეთს არ დაეხმარებოდნენ. ვინც სიტყვებს კარნახობდა, ბოლომდე რჩებოდა მასთან, ვინც წერდა, რომ ბოლომდე დახმარებოდა სიტყვის დასრულებაში. ხოლო ვინც წერდა ზოგჯერ რამდენჯერმე აგზავნიდა უკან მოკარნახეს, რათა ბოლომდე დარწმუნებულიყვნენ, რომ შეცდომას არ უშვებდნენ. ამ პროცესმა მოსწავლეები ერთმანეთთან უფრო დაახლოვა.

 

აქტივობების დაგეგმვისას ხუთი მახასიათებლის გათვალისწინება საშუალებას გვაძლევს მოსწავლეებს ისეთი ცხოვრებისეული უნარების გამომუშავებაში დავეხმაროთ, როგორებიცაა მაგალითად, კრიტიკული აზროვნება, თანამშრომლობა, კონცენტრაცია, მიზანმიმართულობა და ა.შ. მსგავსი უნარები მათ არამხოლოდ საკლასო ოთახში დაეხმარებათ, არამედ მომავალშიც შეუყობთ ხელს წარმატების მიღწევაში.  გარდა ამისა, თუკი სწავლებით თამაშის ხუთ მახასიათებელს პრაქტიკაში წარმატებით დავნერგავთ, დიდი ალბათობით მოსწავლეების ქცევის, კონცენტრაციის და მოტივაციის მარადჟამ არსებული პრობლემებიც მარტივად მოგვარდება, რადგან ასე ისინი მთლიანად და ბუნებრივად იქნებიან ჩართული სწავლების პროცესში.

 https://mastsavlebeli.ge/

EEE მოდელი

 


უცხო ენის სწავლების უამრავ მეთოდს შორის ყველაზე პოპულარულია ე.წ. PPP მოდელი. პირველი P პრეზენტაციას (Presentation) აღნიშნავს, მეორე – პრაქტიკას (Practice), მესამე – წარმოებას (Produce). გაგვიგონია თუ არა რამე ამ მოდელის შესახებ, მეტ-ნაკლებად მაინც ამ ხერხით ვასწავლით, რადგან ყველაზე ბუნებრივია: თავდაპირველად მასწავლებელი ხსნის თეორიას, მერე ამ თეორიას მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად ამუშავებენ და ნელ-ნელა პრაქტიკაში გადააქვთ, საბოლოოდ კი მოსწავლეები მასწავლებლისგან დამოუკიდებლად იწყებენ მუშაობას. ხშირად ყველაფერი ეს ერთ გაკვეთილზე ხდება.

მოდელი წარმატებით მუშაობს იმ ჯგუფებსა და კლასებთან, რომელიც უცხო ენის დამწყები ან მცირეწლოვანი მოსწავლეებისგან შედგება.

ერთი შეხედვით, მარტივად ჟღერს, თუმცა ამ ყველაფრის პრაქტიკაში განხორციელება საკმაოდ ძნელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კლასში ან ჯგუფში რვა წლამდე ან ამაზე უმცროსი მოსწავლეები გვყავს.

გაკვეთილს დაგეგმვისას ჩვენი მიზანი ხშირად მხოლოდ კონკრეტულ გაკვეთილს უკავშირდება. ვფიქრობთ იმაზე, რა გვინდა შეძლონ გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა. თუმცა გაკვეთილები ერთი დიდი თავის ცალკეული ნაწილებია და გრძელვადიან მიზნებზე დაფიქრება არანაკლებ მნიშვნელოვანია. მით უმეტეს, ეს შედეგის მიღებასაც და გაკვეთილების დაგეგმვასაც გააადვილებს. გარდა ამისა, ზემოხსენებული PPP მოდელი, როგორც უკვე ვთქვი, მცირე ასაკის მოსწავლეებთან არც ისე კარგად მუშაობს და თუ ჩემი გაკვეთილის მიზანია, გაკვეთილის დასაწყისში წარდგენილი ახალი სიტყვები თუ წინადადების სტრუქტურა გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა დიალოგში გამოიყენონ, დიდი ალბათობით ისინი ამას ვერ შეძლებენ.

EEE მოდელი ამ შემთხვევაში უფრო „მეგობრული“ და ხელსაყრელია. პირველი E შეხვედრას (Encounter) აღნიშნავს, მეორე – ჩართვას (Engage), მესამე კი – გამოყენებას (Exploit). აღსანიშნავია, რომ ამ მოდელით მუშაობისას ზედმიწევნით უნდა ვიცოდეთ, რა არის ჩვენი გრძელვადიანი მიზანი, რომელსაც კონკრეტული თავის ბოლოში გასვლისას უნდა მივაღწიოთ და, ამასთანავე, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მოდელის თითოეული ნაწილი ხშირად ორ ან მეტ გაკვეთილს მაინც მოიცავს, იმის მიხედვით, რამდენი გაკვეთილია თითოეულ თავში და რამხელაა დასაძლევი მასალა.

  1. შეხვედრა

როდესაც ჩემი ძმა პატარა იყო და ლაპარაკს სწავლობდა, ერთი უცნაური ჩვევა ჰქონდა: როცა ყურს მოჰკრავდა სიტყვას, რომელიც ჯერ არ იცოდა, რამდენჯერმე ჩუმად იმეორებდა – ამას მისი ტუჩების მოძრაობით ვხვდებოდით. ვიდრე საკმაოდ კომფორტულად და თავდაჯერებულად არ იგრძნობდა თავს, მანამდე ამ სიტყვას ხმამაღლა არ ამბობდა. უცხო სიტყვების წარმოთქმისთვის 2-3 წლის, 4-5 წლის და 6-8 წლის ბავშვების მზაობა, ცხადია, სხვადასხვაა, თუმცა საერთოც ბევრი აქვთ. ზრდასრულ ასაკშიც კი უცხო სიტყვის თქმა იმ ენაზე, რომელზეც ჯერ გამართულად ვერ ვლაპარაკობთ, საკმაოდ გვერთულება და არამხოლოდ იმიტომ, რომ შესაძლოა, სწორად ვერ წარმოვთქვათ და შევრცხვეთ.

შეხვედრის ეტაპი თავის დასაწყისია, როდესაც ახალ თემასთან დაკავშირებულ სიტყვებს წარვადგენთ. ამ დროს, მოსწავლეების ასაკის გათვალისწინებით, საგაკვეთილო პროცესი უმჯობესია ისე იყოს დაგეგმილი, რომ მეტი დრო ეთმობოდეს მოსმენას. პროცესი მასწავლებელს მიჰყავს, მოსწავლეები ხედავენ სურათებს, ასრულებენ მოძრაობებს, რომლებიც ახალ სიტყვებს უკავშირდება, იმეორებენ ახალ სიტყვებს, ოღონდ გუნდურად, რადგან ჯერ კიდევ არ აქვთ საკმარისი პრაქტიკა და მზაობა იმისთვის, რომ სიტყვები ინდივიდუალურად წარმოთქვან. გუნდურად ისინი ნელ-ნელა იძენენ იმ თავდაჯერებას, რომელიც მათ მომდევნო ეტაპზე სიტყვების დამოუკიდებლად წარმოთქმაში დაეხმარება.

  1. ჩართვა

თავის მეორე ან, უფრო ხშირად, მესამე გაკვეთილიდან უფრო მარტივია ისეთი აქტივობების დაგეგმვა, სადაც მასწავლებელი ინდივიდუალურად სთხოვს მოსწავლეებს, უცხო სიტყვები ან წინადადებები გაიმეორონ. ამ ეტაპზე მოსწავლეებს უკვე აქვთ საკმარისი პრაქტიკა, მათ ბევრჯერ მოისმინეს, ბევრჯერ გაიმეორეს გუნდურად, შესაბამისად, ისე ძალიან აღარ უჭირთ გამბედაობის მოკრება და სიტყვებისა თუ წინადადებების დამოუკიდებლად წარმოთქმა. თუმცა ამ ეტაპზე ჯერ კიდევ მასწავლებელია ცენტრში და ის არ ელის, რომ ყველა მოსწავლე უშეცდომოდ იტყვის ყველაფერს. ასეთ დროს შეიძლება გამოვიყენოთ აქტივობები, რომლებიც მოსწავლეების მიერ დროდადრო პასუხის დამოუკიდებლად გაცემას გულისხმობს. მაგალითად, შეიძლება ვაჩვენოთ სურათები, ვთხოვოთ, თვალები დახუჭონ, ერთი სურათი დავმალოთ, თვალები გავახელინოთ და ვკითხოთ, რომელი სურათია აკლია და ა.შ.

  1. გამოყენება

მესამე ეტაპზე გადასვლისას ცენტრში უკვე მოსწავლეები არიან, მასწავლებელი კი უკანა პლანზე გადადის. ის აკვირდება და შედარებით ჩუმად მართავს პროცესს. ეს თავის დაახლოებით მეხუთე ან მეექვსე გაკვეთილი უნდა იყოს. ამ ეტაპზე მოსწავლეებს საკმარისი მზაობა აქვთ, რათა გამოიყენონ ის ლექსიკური ერთეულები თუ გრამატიკის წესები, რომლებიც პირველ ორ ეტაპზე მოისმინეს და დაამუშავეს. ამ დროს მოსწავლეები იწყებენ წყვილებში ან მცირე ჯგუფებში მუშაობას ისეთი აქტივობებით, როგორიცაა მცირე დიალოგი, როლური ან სამაგიდო თამაში, სიტყვების ლოტო და სხვ.

ამ მოდელის მიხედვით მთელი თავის დაგეგმვა გაცილებით ადვილია, რადგან ზუსტად ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ პირველ, მეორე თუ მეექვსე გაკვეთილზე. გაკვეთილის დაგეგმვისას მოკლევადიანი მიზნები და მათი მიღწევაც უფრო რეალური ხდება და თავიდან გვაცილებს იმ სტრესს, რომელიც შეიძლება მივიღოთ იმის დანახვისას, რომ ჩვენი პატარები ვერ ახერხებენ იმ სიტყვებისა თუ წინადადებების წარმოთქმა- გამოყენებას, რომლებიც ეს-ესაა ვასწავლეთ

https://mastsavlebeli.ge/

ინტეგრირებული გაკვეთილი ქართულ და ინგლისურ ენაში

 საგანთაშორის ინტეგრაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია სწავლების დროს. ინტეგრირებული გაკვეთილი მოსწავლეს ეხმარება, დაინახოს როგორაა სხვადასხვა საგანი ეერთმანეთთან დაკავშირებული. გთავაზობთ გაკვეთილის გეგმას, რომელიც აერთიანებს ინგლისური და ქართული ენის გაკვეთილებს. გაკვეთილის თემად შერჩეულია რომანტიზმის ეპოქა და მისი ასახვა ქართულ და ინგლისურ პოეზიაში. პოეზიის ნიმუშად მოყვანილია ნ. ბარათაშვილის „მერანი“ და ე.ა. პოს „ყორანი“.

გაკვეთილის გეგმა

კლასი/კლასებიმე-11
მასწავლებელი 
ჩატარების დრო 
საგანიქართული ენა  ინგლისური ენა
გაკვეთილის თემარომანტიზმის ეპოქის პოეზია ქართულ და ინგლისურ ლიტერატურაში
გაკვეთილის ხანგრძლივობა45 წთ

 

 

სასწავლო მიზნები და მოსალოდნელი შედეგებიმოსწავლეებმა შეძლონ ინგლისური და ქართული ენების გამომსახველობითი საშუალებების, მხატვრული ხერხებისა და სტილისტური საშუალებების მსგავსება-განსხვავებების დანახვა ქართული და ინგლისური რომანტიკული პოეზიის ნიმუშებზე
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი1.       საორგანიზაციო მომენტი; მისალმება, სიის ამოკითხვა და გაკვეთილის მიზნის გაცნობა 2 წთ

2.       ვიდეორგოლის ჩვენება და რომატიზმის ეპოქის ზოგადი მიმოხილვა 10 წთ https://www.youtube.com/watch?v=aaHxtoHnHbM&t=10s

3.       რომანტიკული პოეზიის მიმოხილვა და გავლენები ქართულ რომანტიზმზე – მცირე ლექცია; მასწავლებელი ატარებს მოკლე მიმოხილვას, განიხილება რომანტიზმის ეპოქა, მისი ასახვა ქართულ ლიტერატურაში, რომეტიზმის ეპოქის მნიშვნელოვანი პოეტური ნიმუშები, ედგარ პოს პოეზია და მისი გავლება ქართულ პოეზიაზე.  8 წთ

4.       2 ჯგუფად გაყოფილ მოსწავლეებს ურიგდებათ ჰენდაუთის სახით ჩამოთვლილი სტილისტური ხერხები და წინადადებები, რომლებშიც ეს ხერხებია გამოყენებული ინგლისურ ენაზე. მათ უნდა ამოიცნონ, რომელ წინადადებაში რომელი სტილისტური ხერხია გამოყენებული. 10 წთ

5.       მოსწავლეებს ეძლევად ნიმუშად ედგარ ალან პოს „ყორანის“ და ფრაგმენტები (ინგლისურ ენაზე) და ნიკოლოზ ბარათაშვილის „მერანი“, სადაც მათ უნდა ამოიცნონ სტილისტური ხერხები და გააანალიზონ ნასწავლი ნიმუშების მიხედვით. 10 წთ ჯგუფური მუშაობა

6.       დისკუსია – თავისუფლების იდეა „ყორანის“ და „მერანის“ მიხედვით.

მოსალოდნელი პრობლემები და შესაძლო პრობლემის გადაჭრის გზებიმოსწავლეებმა უნდა შეძლონ ინგლისურ ენაზე ორიგინალი პოეზიის ნუმუშის გააზრება. ზოგიერთ მოსწავლეს შესაძლოა გაუჭირდეს ასეთ ტექსტტან მუშაობა. ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია ლექსიკონის გამოყენება.
შეფასება და თვითშეფასება (შეფასების კრიტერიუმები, მეთოდები და საშუალებები)შესაბამისობის დვალება ფასდება სწორად ამოცნობილი სტილისტური ხერხების რაოდენობის მიხედვით

 

 

 

რესურსები

 

შესაბამისობის დავალება

 

HiperboleI am so hungry, I could eat a horse
IronyThe thieves robbed the police station
AliterationSweet smell of success
MethaphoreMy mom has a heart of gold
SimileHe fights like a lion
MetonymyCrown (for the power of king)

 https://mastsavlebeli.ge/