Monday, July 21, 2025

ZeeMap – ის ინტერაქტიური პლატფორმა მოსწავლეთა მოტივაციისა და დიფერენცირებული მუშაობისათვის

 თანამედროვე მოსწავლის ინტერესის და მოტივაციის მართვა მარტივი არ არის.  ამ მიზეზის გამო  მასწავლებლები ძირითადად ორიენტირებული არიან  თამაშზე დაფუძნებულ სასწავლო გარემოს ფორმირებაზე.  ისინი ცდილობენ გეიმიფიკაციის პრინციპების გამოყენებას მოსწავლეთა მოტივაციის გაზრდისთვის  და სწავლების პროცესის გამარტივებისთვის.

თამაშის ელემენტებით გამდიდრებული   გამდიდრებული საგანმანათლებლო სივრცე რეალურად არის მოსწავლის აკადემიური წინსვლის მხარდამჭერი, თუმცა არსებობს სწავლების ინტერაქტიულ მეთოდებზე დამყარებული მიდგომებიც,    რომელიც ცოდნის აგების მეტ საშუალებას აძლევს მოსწავლეს.

ზოგადად,  თამაშის ტექნოლოგია თავისი ხასიათით, ყველა   ინტერაქტიურია, მაგრამ ყველა ინტერაქტიული მიდგომა არ არის თამაში. ინტერაქტიული მიდგომა უფრო ფართო ცნებაა,  თამაშის ტექნოლოგია  კი  უფრო მისი  სპეციფიკური, სტრუქტურირებული  ტიპია.

სათამაშო ტექნოლოოგიის მიზანი  მოსწავლის მოტივაციის ამაღლება, ჩართულობის გაძლიერება და სწავლის  სახალისო პროცესად გადაქცევაა. თამაშის  ტექნოლოგიის (Game-based learning, Gamification) გამოყენების დროს აქცენტი კეთდება:

  • თამაშის ელემენტებზე (მაგალითად, ქულებზე, სხვადასხვა დონის დაძლევაზე, ბეიჯებზე და ა.შ. მაგალითად, ასეთად შეიძლება განვიხილოთ ონლაინ თამაში, სადაც მოსწავლე ასრულებს დავალებებს და აგროვებს ქულებს);
  • თამაშის სტრუქტურაზე (აქვს კონკრეტული სიუჟეტი, თამაშის მიზანი და,  რაც მთავარია,  თამაშის წესები);
  • ის შეიძლება შეიცავდეს როგორც კომპიუტერულ, ისე    რეალურ, ფიზიკურ  თამაშებსაც (მაგალითად, რომლური თამაშები).

ინტერაქტიული მიდგომები (Interactive learning methods)  სათამაშო ტექნოლოგიებისგან განსხვავებით:

  • უფრო მჭიდრო ურთიერთობას და კომუნიკაციას გულისხმობს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის:
  • ამ დრო უფრო ფართო ადგილი აქვს აქტიურ, შემოქმედებით და თანამშრომლობით სწავლებას და გაცილებით საინტერესო, მრავალფეროვანი აქტივობები გვხდება, როგორიცაა დისკუსია-დებატები, ინტერაქტიულ რუკაზე მუშაობა, ჯგუფური სამუშაო, კითხვა-პასუხის რეჟიმი და ა.შ.

ინტერაქტიური მიდგომების  მიზანი  შემეცნებითი ჩართულობის გაძლიერება, კრიტიკული აზროვნების განვითარება და ცოდნის ტრანსფერია. ასეთ დავალებას წარმოადგენს, მაგალითად, როდესაც  მოსწავლეები ჯგუფებად მუშაობენ და ინტერაქტიულ რუკაზე აღნიშნავენ ისტორიულ ძეგლებს, მოვლენათა ადგილებს, თან აკავშირებენ ფოტოებს, ვიდეო და აუდიო მასალას და  უკეთებენ აღწერას.

კომპონენტითამაშის ტექნოლოგიაინტერაქტიური მიდგომა
მთავარი მიზანიმოტივაცია თამაშის გზითაქტიური სწავლის ხელშეწყობა
ფორმათამაში ან თამაშის ელემენტების გამოყენება სწავლებაშითანამშრომლობითი, დიალოგური, აქტიური აქტივობების წარმართვა
ტექნოლოგიური მოთხოვნებიხშირად იყენებს სპეციალურ აპლიკაციებსშეიძლება იყოს თუნდაც მარტივი დაფა და სტიკერები
დინამიკაქულები, გამოწვევები, დონეების დადაგენაკითხვა-პასუხი, კვლევა, პრეზენტაცია

 

რა აირჩიოს მასწავლებელმა – თამაშის ტექნოლოგიაზე გააკეთოს აქცენტი, თუ ინტერაქტიულ მიდგომაზე, რომელიც მოიცავს თამაშის ელემენტებსაც?

საკუთარ პრაქტიკაში, საზოგადოებრივი მეცნიერებების გაკვეთილებზე,  მსგავს  შემთხვევებში,     აქტიურად გამოიყენება ZeeMap.  მიუხედავად იმისა, რომ ZeeMap არ მიეკუთვნება უშუალოდ თამაშის ტექნოლოგიებს (მაგ., გეიმიფიკაციას ან საგანმანათლებლო თამაშებს), შესაძლებელია მისი დაპროექტება  თამაშის ელემენტებით:

  • რუკაში  „ჩავაშენოთ“ დავალებები,   მაგალითად, „მონიშნე რუკაზე კონკრეტული  ეკლესია-მონასტერი, ან ისტორიული ძეგლი“;
  • ან მოსწავლეებს ქრონოლოგიური  ნიშნით მოვანიშნოთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები;
  • ან რუკაზე შესასრულებელ დავალებას მივცემთ გუნდური მუშაობის ხასიათი და ა.შ.

მსგავს შემთხვევებში ZeeMap რეალურად შეიძლება განვიხილოთ თამაშის ტექნოლოგიის   მხარდამჭერი ელემენტი. ამ კუთხით, რამდენადაც ZeeMap  შეიცავს სათამაშო ტექნოლოგიის ელემენტებს, ის  ხელს უწყობს სწავლების ინკლუზიურობას და  მოსახერხებელია დიფერენცირებული დავალებების შესრულებითვისაც.

ნიმუში: ინტეგრირებული სწავლების მაგალითი (ისტორია-გეოგრაფია-მოქალაქეობა)      ZeeMap-ის გამოყენებით, რომელიც ითვალისწინებს ინკლუზიურ და დიფერენცირებულ დავალებებს:

საგანი: “ჩვენი საქართველო“

კლასი – V-VI

თემა: „ჩვენი საქართველოს“ რეგიონები, მათთვის დამახასიათებელი ბუნება და ცნობილი ადამიანები.

საგნობრივი ამოცანა:

  • ისტორიული  რეგიონის  კულტურული მემკვიდრეობის ამოცნობა (ისტორიის მიმართულებით);
  •  ბუნებრივი პირობებისა და მდებარეობის შეფასება (გეოგრაფიის მიმართულებით) და
  • მოქალაქეობა (რომელიც გულისხმობს  მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გააზრებასა  და გარემოზე ზრუნვას).

დავალებები ინტერაქტიურ რუკაზე მოსწავლის ცოდნისა და უნარების დონის მიხედვით:

ცოდნისა და უნარების  დონედავალებააქტივობის მახასიათებელი
დაბალიმონიშნე რუკაზე შენი რეგიონის მთავარი ქალაქი და დაამატე ერთი ფოტო ან სიმბოლო, რომლითაც გამოარჩევ მას სხვა ცენტრებიდანესაა მინიმალური ტექსტის და   მინიმალური  ვიზუალური აღქმის  მქონე მოსწავლე
საშუალოდაასახელე რეგიონის 2 ისტორიული ძეგლი და ბუნებრივი თავისებურება.  მონიშნე ის რუკაზე, შეგიძლია გამოიყენო სიმბოლოებიც.მცირე ტექსტზე ორიენტირებული დავალება, რომელიც წერითაც მცირე დავალების შესრულებას მოითხოვს მოსწავლისგან
მაღალიშექმენი რეგიონის პრეზენტაცია ZeeMap-ის გამოყენებით – მოამზადე  რუკა, მონიშნე, დაიტანე ზედ მინიმუმ 3 ელემენტი: ისტორიული, გეოგრაფიული და სამოქალაქო განათლების კუთხით.ძირითადად ესაა პროექტზე დაფუძნებული სწავლა, რომელიც  მოსწავლეთა  კვლევითი  უნარების გააქტიურებაზეა  ორიენტირებული

  დავალებების  დიფერენცირებული ხასიათი:

  • მოსწავლე, რომელსაც აქვს წერის სირთულე (უჭირს წერა), შეავსებს რუკას მხოლოდ ფოტოებით და  ხმოვანი აღწერით;
  • მოსწავლე, რომელსაც არ უჭირს    სივრცობრივი აზროვნება ან ეს მისი ძლიერი მხარეა, რუკაზე მონიშნავს გზებს, მდინარეებს ან მარშრუტებს;
  • ხოლო იმ მოსწავლეს,  რომელსაც სჭირდება მხარდაჭერა, შესაძლებელია ჯგუფური დავალება შევთავაზოთ და მას დაეხმარება მეწყვილე, ან გუნდის  წევრები;
  • ან  მიიღებს მოკლე ინსტრუქციას,  გრაფიკული სახით შეასრულოს დავალება (პიქტოგრამები, ფერები).

მაგრამ  ZeeMapთავისთავად,  არ წარმოადგენს თამაშს ან თამაშის ტექნოლოგიას,  ის უფრო   გეოინფორმაციული-საგანმანათლებლო ციფრული ინსტრუმენტიარომელიც მოსახერხებელია პროექტებზე დაფუძნებული სწავლებისთვის, საგნობრივი კვლევისთვის და ვიზუალური პრეზენტაციებისთვის. ამგვარი მიდგომის დროს „ჩვენი საქართველოს“ სწავლება   პროექტული სწავლების  ფორმით მიმდინარეობს.

მაგალითი 1 – პროექტი „როგორ იცნობ შენს რეგიონს?“ ZeeMap-ის გამოყენებით დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის

მუშაობის ეტაპები:

  1. მოსწავლეები ირჩევენ ერთ რეგიონს (მაგ: თბილისი)
  2. მასზე აკეთებენ ჩანაწერს (მონიშვნას) ZeeMap-ზე:
    • გეოგრაფიული მახასიათებელი: მდინარე, რელიეფი
    • ისტორიული ძეგლი: ნარიყალას ციხე
    • მოქალაქეობრივი გამოწვევა: ნარჩენების პრობლემა  ქალაქში
  3. პრეზენტაცია – ჯგუფურად ან ინდივიდუალურად  (სიტყვიერად ან ვიზუალურად).

ZeeMap-ის  ეფექტურობა მოცემულ შემთხვევაში:

  • ყველა მოსწავლე მუშაობს ერთ რუკაზე, თუმცა დავალების შესრულების ინდივიდუალურ  გზას ირჩევს: ტექსტით, ფოტოთი ან  ხმოვანი გზავნილით (აუდიოგიდით);
  • მოსწავლე გაიაზრებს თავისი რეგიონის კულტურულ, გეოგრაფიულ და საზოგადოებრივ მახასიათებლებს;
  • აქტიურდება  საგნობრივი ინტეგრაცია და ციფრული წიგნიერების უნარები.

მაგალითი 2 – პროექტი საბაზო და საშუალო საფეხურისთვის:  “ტაო-კლარჯეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები  ZeeMap-ის გამოყენებით”

მუშაობის ეტაპები:

  1. მასწავლებელი მოსწავლეებს გააცნობს  ტაო-კლარჯეთის მნიშვნელობას საქართველოს ისტორიაში;
  2. მოსწავლეები იკვლევენ და შეისწავლიან ინფორმაციას კონკრეტულ ძეგლებზე (მაგალითად, ოშკი, იშხანი, პარხალი, ხანძთა, ბანა, შატბერდი და სხვ.);
  3. შექმნიან ვიზუალურ რუკა-ს  ZeeMap-ზე, სადაც აღნიშნავენ ამ მხარის (თანამედროვე თურქეთის ტერიტორია) ეკლესია -მონასტრებს, ციხეებსა და ისტორიულ ადგილებს. ამისთვის:
  • მოსწავლეები რუკაზე ამატებენ თითოეულ ძეგლს როგორც პუნქტს (marker) – შესაბამისი გეოგრაფიული კოორდინატების გამოყენებით;
  • თითოეულ წერტილს ურთავენ ფოტო/ილუსტრაციას, მოკლე აღწერას (ისტორია, არქიტექტურა), საინტერესო ფაქტს ან ნებისმიერ ტექსტურ ინფორმაციას, თუნდაც შეკითხვას;
    1. მოსწავლეები წარადგენენ რუკას – გააკეთებენ პრეზენტაციას კლასში, ან სკოლის მასშტაბით  (პროექტის გეგმის შესაბამისად),    წარადგენენ თავიანთ რუკას, გააზიარებენ ბმულით  და შეაფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს.

მაგალითი:  მოცემული  პროექტის ფარგლებში მოსწავლეთა მიერ შექმნილი  რუკა https://www.zeemaps.com/view?group=6755316&x=33.788849&y=32.362193&z=14

ინტერაქტიურ რუკა  ZeeMap  -ზე  მუშაობის შედეგები:

  • ისტორიული აზროვნების განვითარება: მოსწავლე იკვლევს და აანალიზებს კონკრეტულ მოვლენას, მოქმედებს დროსა და სივრცეში;
  • გეოგრაფიული კომპეტენცია: მოსწავლე ორიენტირებს სივრცეში, ახდენს საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ლოკალიზაციას;
  • ვითარდება ღირებულებითი განათლების მიმართულებით: იაზრებს, რომ ქართული კულტურული მემკვიდრეობა არ მთავრდება ქვეყნის ფიზიკური საზღვრებით;
  • ციფრული უნარების განვითარება: სწავლობს ციფრულ რესურსზე მუშაობას, ციფრულ რედაქტირებას, ინფორმაციის გადმოცემას ვირტუალურად
  • დიფერენცირებული სწავლების მიმართულებით: მოსწავლე ირჩევს მასზე მორგებულ აქტივობას: ტექსტურს, ვიზუალური, ხმოვანი /აუდიო ფორმით;
  • მუშაობს ინდივიდუალურად, ან წყვილში, ან გუნდურად.

მაგალითი  –   „ოშკის ტაძარი“

  • მოვნიშნოთ ოშკის ტაძრის წერტილი (კოორდინტი) ZeeMap-ზე: ჩრდილო-აღმოსავლეთი თურქეთი, ართვინის პროვინციაში;
  • დავამატოთ ტაძრის ფოტო – ახლანდელი მდგომარეობა;
  • დავურთოთ ისტორია: აშენდა X საუკუნეში დავით III -ის, ტაოელი ბაგრატიონის მიერ და ა.შ.
  • დავამატოთ ვიდეო-მასალა ან აუდიო/გიდი
  • და ა.შ.

პროექტის შეფასების რუბრიკა მოიცავს პრეზენტაციის, კვლევის, თანამშრომლობისა და ციფრული კომპეტენციის უნარებს.

შეფასების კრიტერიუმი3 ქულა (უმაღლესი დონე)2 ქულა (საშუალო დონე)ქულა (საწყისი დონე)
სწორად მონიშნული გეოგრაფიული ობიექტები5-ზე მეტი ლოკაცია სწორადაა განსაზღვრული და წარმოდგენილი რუკაზე3-5 ლოკაციაა წარმოდგენილი ძირითადად სწორად1-2 ლოკაციაა წარმოდგენილი ან გაურკვეველი მდებარეობით
ინფორმაციის სიზუსტე და სიღრმეტექსტები ინფორმატიულია, მოიცავს ისტორიულ ფაქტებს, თარიღებსა და მახასიათებლებსტექსტი ზოგადია, მაგრამ ისტორიული შინაარსი ჩანსტექსტი ზედაპირულია ან შეცდომებით
ვიზუალური და მულტიმედიური ელემენტებიგამოყენებულია ფოტოები, ბმულები ან ვიდეოები, რაც აუმჯობესებს პრეზენტაციასგამოყენებულია მხოლოდ ფოტოები ან ლინკებივიზუალური მასალა საერთოდ არ არის გამოყენებული
მონაწილეობა და თანამშრომლობაჯგუფის ყველა წევრი აქტიურად მონაწილეობს; პასუხისმგებლობები გადანაწილებულიამონაწილეებმა იმუშავეს ერთად, მაგრამ უთანასწორო ჩართულობა შეიმჩნევამუშაობა ძირითადად ინდივიდუალურია ან ჯგუფში იყო პრობლემები
პრეზენტაციის ხარისხი (წარდგენა)გამართული მეტყველება, ლოგიკური სტრუქტურა, კითხვებზე პასუხებიწარმოდგენა ზოგადია, პასუხები მოთხოვნის მიხედვითარ იყო მკაფიო, შინაარსი გაუგებარი ან პასუხები არაეფექტური
ციფრული უნარები (ZeeMap-ის გამოყენება)სრულად და ეფექტურად გამოყენებულია ZeeMap-ის ყველა ფუნქცია (მონიშვნა, ტექსტი, ბმული და ფოტო)გამოყენებულია ძირითადი ფუნქციები, ნაწილობრივ – ტექსტი და მონიშვნაგამოყენებულია მხოლოდ ერთი ფუნქცია ან რუკა ძალიან შეზღუდულია

 

ინტერაქტიურ რუკაზე მუშაობით მოსწავლემ  გამოიყენა არატრადიციული მიდგომა,  გაუქტიურდა კრეატიულობა, გახდა უფრო მოტოვორებული, რეფლექსიური  (აღწერს, რა გააკეთა, რატომ, რა ისწავლა პროექტის ფარგლებში) და უფრო წარმატებული სასწავლო პროცესში.

 

 https://mastsavlebeli.ge/?p=43788

ბონოს „აზროვნების ექვსი ქუდი“ რაციონალური გადაწყვეტილების მისაღებად

 ინტეგრირებული გაკვეთილი მათემატიკასა და სამოქალაქო განათლებაში

პრობლემის გადაჭრა გულისხმობს პრობლემის იდენტიფიცირებასა და ანალიზს, პოტენციური გადაწყვეტილებების შემუშავებასა და საუკეთესო არჩევანს. გადაწყვეტილებების მიღება, მეორე მხრივ, მოიცავს სხვადასხვა ვარიანტს შორის საუკეთესოს არჩევას.

პრობლემის გადაჭრასა და გადაწყვეტილებების მიღებას შორის ბევრი მსგავსება და მცირე განსხვავებაა. ორივე მოითხოვს ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს. მთავარი განსხვავება ისაა, რომ პრობლემის გადაჭრა არის პროცესი, ხოლო გადაწყვეტილების მიღება – მოქმედება. პროცესი, როგორც წესი, მოიცავს საკითხის იდენტიფიცირებას, ფაქტებისა და ინფორმაციის შეგროვებას, ძირეული მიზეზების მოძიებას, კითხვების დასმასა და პოტენციური გადაწყვეტილებების შესწავლას. სისტემური მიდგომის მეშვეობით, პრობლემის გადაჭრა, ლოგიკური და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას იძლევა, რომელსაც წარმატებულ შედეგებამდე მივყავართ.

რაციონალური გადაწყვეტილების მიღება გულისხმობს პრობლემის გადაჭრის ფაზაში წარმოქმნილ მრავალ გამოსავალს შორის ერთის არჩევას, ისეთ ფაქტორებზე დაყრდნობით, როგორებიცაა – განსჯა, სიტუაციური კონტექსტი, ცოდნა და სხვა შესაბამისი ინფორმაცია. პრობლემის მკაფიო გაგება რაციონალური გადაწყვეტილების მიღებისა და გადაწყვეტის ფაზას ნაკლებად სტრესულსა და მართვადს ხდის.

რაციონალური მეთოდი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ნაბიჯ-ნაბიჯ მიდგომაა, რომელიც მოითხოვს პრობლემის განსაზღვრას, გადაწყვეტილებათა კრიტერიუმების განსაზღვრას, სხვადასხვა ალტერნატივის ჩამონათვალს, თითოეული ალტერნატივის შეფასებას. ასეთი თანმიმდევრული მიდგომა, გადაწყვეტილების მიმღებს საშუალებას აძლევს, მიაღწიოს ოპტიმალურ გადაწყვეტილებას.

საბოლოო ჯამში, როგორ იღებენ ადამიანები გადაწყვეტილებას, დამოკიდებულია მათ კულტურაზე, კონვენციებზე, გამოცდილებაზე, განათლებასა და სხვა ფაქტორებზე.

პრობლემის გადაჭრის ეფექტური და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების უნარი, აუცილებელია ცხოვრებისეული რთული სიტუაციების დასაძლევად.

ყოველი პრობლემის გადაჭრა უფრო დიდი წარმატებით არის შესაძლებელი, თუ ადამიანს განვითარებული აქვს ლოგიკური და ანალიტიკური უნარები, კრიტიკული აზროვნება.

კრიტიკული აზროვნება წარმოადგენს ფაქტების ანალიზის, იდეების ორგანიზების, შეხედულებების დაცვის, შედარების გაკეთების, დასკვნების გამოტანის, არგუმენტების შეფასებისა და პრობლემის გადაჭრის უნარს. კრიტიკული აზროვნების დროს შესაძლებელია პრობლემის გადაჭრის რამდენიმე სწორი გზის პოვნა და გადაწყვეტილების მიღება. ხოლო ორიგინალური, მანამდე არარსებული პასუხების მიგნება შემოქმედებითი მიდგომით არის შესაძლებელი. პრობლემის გადაჭრის დროს მნიშვნელოვანია ორივე ტიპის აზროვნება. პირველად უნდა მოხდეს პრობლემის გაანალიზება, შემდეგ ვაყალიბებთ პრობლემის გადაწყვეტის შესაძლო ვარიანტებს, ბოლოს უნდა ვარჩევთ  პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზას, ვმოქმედებთ მის შესაბამისად და ვაფასებთ მის ეფექტურობას.

პრობლემის გადაჭრა უკავშირდება აზროვნების განვითარებას. მათემატიკა აზროვნების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა. ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში სწავლობდნენ მათემატიკასა და ფილოსოფიას აზროვნების გავარჯიშების მიზნით.

მათემატიკური აზროვნება არ გულისხმობს მხოლოდ ამოცანების ამოხსნას, განტოლებების გამოყენებისა და გამოცდების ჩაბარების უნარს. მათემატიკური აზროვნება ბევრად მეტია, ვიდრე არითმეტიკული ტესტების, გეომეტრიისა და ტრიგონომეტრიის, თუ ალგებრის ცოდნა. ის გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, სწორად შეაფასოს ცხოვრებისეული გამოწვევები და ნაკლები შეცდომები დაუშვას გადაწყვეტილებების მიღების დროს. მათემატიკური აზროვნება აფართოებს ფიქრის არეალს, წარმოსახვის უნარს და აყალიბებს პიროვნებას, რომელიც მზად არის ჰიპერკონკურენტულ გარემოში მუშაობისთვის.

XI კლასი

ინტეგრირებული გაკვეთილი

თემა – რაციონალური გადაწყვეტილება

მათემატიკა: გამოიყენეთ სხვადასხვა ხერხი და დაასაბუთეთ, რომ ტრაპეციის ფერდების შემცველი წრფეების გადაკვეთის წერტილი და ფუძეების შუა წერტილი ერთ წრფეს ეკუთვნის (https://9bklasi52.blogspot.com).

რამდენიმე ხერხით დებულების დასაბუთება მოსწავლეებმა წინა კლასებიდან იციან. თუმცა, ამჯერად თემის – „ვექტორების გამოყენება გეომეტრიულ ამოცანებში“ – შესწავლის დროს, კიდევ ერთხელ გადავწყვიტე მისი ყველა მეთოდით, მათ შორის ვექტორების გამოყენებით დამტკიცება. ბოლოს დავსვი კითხვა – რომელია, თქვენი აზრით, რაციონალური გზა პრობლემის გადასაწყვეტად?

გაიმართა დისკუსია. იყო სხვადასხვა არგუმენტირებული მოსაზრება. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მათ მიერ პრობლემის მოგვარების გზების შეფასება და მათ შორის არჩევანის გაკეთება, მისი უპირატესობის დასაბუთებით.

სამოქალაქო განათლება (სიტუაციური ამოცანა):

გოგა თქვენი თანატოლია. ის მე-11 კლასის მოსწავლეა. აქტიური, მეგობრული ახალგაზრდაა. ჩართულია სკოლის აქტივობებში. ხშირად ესწრება ტრენინგებს და საჯარო გამოსვლებს. აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება.

გოგას ძალიან უყვარს ხეზე კვეთა და სადურგლო სამუშაოები. ფიქრობს, რომ სიამოვნებას მიიღებს, თუ გახდება ავეჯის ან ინტერიერის დიზაინერი.

მის წინაშე გადაწყვეტილების მიღების რთული პროცესია.

მისი მეგობრების უმრავლესობა პროგრამისტობას აპირებს, მაღალი ანაზღაურებისა და შრომით ბაზარზე მოთხოვნის გათვალისწინებით. მისი მშობლები ექიმები არიან და ძალიან სურთ, გოგაც მათ გზას გაჰყვეს. სადაც მეტს გადამიხდიანიმ პროფესიაში წავალ! – ამბობს გოგა.

განიხილეთ გოგას დილემა ექვსი სხვადასხვა მომართულებით, გააანალიზეთ და დაეხმარეთ რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაში.

პრობლემა – გოგა სოციუმის გავლენის ქვეშაა. ადამიანებს არ უხდიან ხელფასს მათი დიპლომის ან პროფესიის მიხედვით, უხდიან მათი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მიხედვით. პროგრამისტი, რომელსაც არ უყვარს თავისი საქმე, არ სწავლობს, არ ეძებს პრობლემის მოგვარების გზებს, არც დამსაქმებლებს აინტერესებთ.

ლურჯი ქუდი – შეხვედრის ხელმძღვანელი.

ლურჯი ქუდის წარმომადგენელმა, მოკლედ გააცნო ჯგუფს ქუდების კონცეფცია და ძირითადი პრობლემის მონახაზი; ამ ქუდის მფლობელი აკვირდებოდა მთლიან პროცესს, აგროვებდა ინფორმაციას და იღებდა გადაწყვეტილებას.

 

თეთრი ქუდი – გოგას მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს. ყველა საგანს კარგად სწავლობს. არის ნიჭიერი და შრომისმოყვარეც. იზრდება ექიმების ოჯახში. შესაძლებელია, გააგრძელოს ტრადიცია. არის ხელოვანი, შემოქმედი ადამიანი. ძალიან უყვარს მეგობრები, რადგან მათ აზრს პატივს სცემს. თუმცა, არ ჩანს მისი სხვა პიროვნული თვისებები და ინტერესები (თეთრი ფერის ქუდი მიუკერძოებელი და ობიექტურია. ის ცივი გონებით ცდილობს ინფორმაციის მოწოდებას).

შავი ქუდი – გოგა არასწორ არჩევანს აკეთებს. გარშემომყოფების გავლენის ქვეშაა. ასრულებს სოციუმის დაკვეთას. არის მოდას აყოლილი. მისი ინტერესების სფეროა ხელოვნება. მას მოსწონს ხეზე კვეთა, ოცნებობს დიზაინერობაზე. გარკვეული დროის მერე, აუცილებლად მიხვდება საკუთარ შეცდომას და ძალიან ინანებს. მას მიზნის განხორციელებაში გარშემომყოფების შეხედულებები უშლის ხელს, რომელთაგანაც აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს (ეს ქუდი მიგვითითებს რისკებზე, გამოხატავს წუხილს, შეშფოთებას, კრიტიკას, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ნეგატიურ განწყობას).

ყვითელი ქუდი – კარგს იზამს, თუ გახდება პროგრამისტი. ძალიან მოთხოვნადი პროფესიაა შრომით ბაზარზე. შესაძლებელია რომელიმე დიდი საერთაშორისო კომპანია დაინტერესდეს მისი შესაძლებლობებით, ანაზღაურება ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სხვა პროფესიებში. გოგა დიდ წარმატებას მიაღწევს და დაავიწყდება ბავშვობის დროინდელი ოცნება (ყვითელი ქუდის მატარებელი ოპტიმისტია. ეს ქუდი ოპონირებას უწევს შავ ქუდს).

 

მწვანე ქუდი – პროგრამისტიც რომ გახდეს, მას ეს ხელს არ უშლის, შეისწავლოს ავეჯის ან ინტერიერის დიზაინი. პირიქით, პროგრამისტობა დაეხმარება, რომ ვირტუალურ სივრცეში, ჯერ ნებისმიერი პროექტის ან ჩანაფიქრის სიმულაცია შექმნას, ასე შეიძლება შედევრებიც კი მიიღოს (არავითარი კრიტიკა, რაც შეიძლება მეტი ახალი იდეა, განხორციელებადი თუ განუხორციელებელიც კი).

 

წითელი ქუდი – ძალიან მეცოდება გოგა. საკუთარი თავი წარმოვიდგინე. მეც დავიბნეოდი, შეიძლება დროთა განმავლობაში გაერკვეს სიტუაციაში და გაბრაზდეს მეგობრებზე, მშობლებზე. ახლა მას სწორი რჩევა და თანადგომა სჭირდება (ეს ქუდი არაფერს ასაბუთებს, ემოციურ მხარეზე აკეთებს აქცენტს).

 

ჯგუფებმა უარი განაცხადეს ქუდების შეცვლაზე, რომელიც მოდერატორმა შესთავაზა. მისი დამსახურებით, საბოლოოდ ჯგუფები მივიდნენ საერთო აზრამდე, რომ გოგამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარი ინტერესებისა და უნარების შესაბამისად. გაიაროს კონსულტაცია კვალიფიციურ ადამიანებთან, პროფესიულ კონსულტანტებთან.

 

„აზროვნების ექვსი ქუდი“ სიძნელეების გადალახვის მარტივი და პრაქტიკული მეთოდია. პრინციპი არის პარალელური აზროვნება, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ყველა მონაწილე, ერთდროულად ერთსა და იმავე თემაზე არის ორიენტირებული, რაც მონაწილეებს, პრობლემის მოგვარებისა და საუკეთესო გადაწყვეტილების მიღების საშუალებას აძლევს, ამავე დროს ავითარებს შემოქმედებით აზროვნებას.

ხშირად ადამიანები მიიჩნევენ, რომ პრობლემა თავისით გაქრება ან დიდი გადაწყვეტილება სხვისი პასუხისმგებლობაა. გადაწყვეტილებებს შეიძლება ჰქონდეს შორსმიმავალი  შედეგები. ამიტომ მისი მიღების უნარი აუცილებელია პიროვნული და კარიერული განვითარებისთვის.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ს.გორგოძე, მ.ბოჭორიშვილი, ნ.ჭიაბრიშვილი, ქ.ჭიაბრიშვილი, გ.გახელაძე „ვისწავლოთ და ვასწავლოთ კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება, წარმოსახვითი განათლება“, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, თბილისი, 2010 წელი;
  2. თეიმურაზ ორმოცაძე, „მათემატიკური აზროვნების განვითარების მეთოდიკა“;
  3. https://mastsavlebeli.ge/?p=13491;
  4. https://www.youtube.com/playlist?list=PLtIX-OhzWn3Fa9-ddRyT9IaCfi3jCH73F;
  5. https://vet.ge/api/files/educational_resources/6425359517beaa001cf4ee07.

 https://mastsavlebeli.ge/?p=44300

ინგლისური ენა – ენათა კოქტეილი

 დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული ენაა ინგლისური. ის რიგით მეორეა ჩინური მანდარინის ენის შემდეგ. ინგლისური არის სახელმწიფო ენა გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში. ის მეორე სახელმწიფო ენაა კანადასა და ირლანდიაში. ინგლისური ასევე დიდი ბრიტანეთის ისტორიული კოლონიების – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ინდოეთი და ჰონკონგი – ოფიციალური და ნახევრად ოფიციალური ენაა.

ქვეყანათა უმეტესობაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ფლობენ ინგლისურ ენას. ინგლისური ენა დიდი ხანია, კომერციისა და საერთაშორისო ურთიერთობების ენაა.

ინგლისური ენა მიეკუთვნება ინდო-ევროპული ენების ოჯახს. ამიტომ ის მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ ენათა უმეტესობასთან, რომლებიც გვხვდება ისლანდიიდან დაწყებული, ევროპის ქვეყნებისა და ინდოეთის ჩათვლით. თანამედროვე ინგლისური ენა ყველაზე მეტად ჰგავს ფრიზიულს, რომელზეც  ჰოლანდიის პროვინცია ფრიზიაში საუბრობენ. ისლანდიური ნაკლებად შეიცვალა ათასი წლის განმავლობაში. ეს არის ჯერ კიდევ ცოცხალი ენა, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს ძველ ინგლისურ ენას.

გერმანული, ლათინური, რუსული, ბერძნული და ფრანგული ის ენებია, რომელთაც მრავალი წლის განმავლობაში განიცადეს გრამატიკული, ლექსიკური და ფონეტიკური ცვლილებები.

რაც შეეხება ინგლისურს, ის შედარებით უცვლელი დარჩა. მეტყველების ნაწილები – ზმნიზედა, ზედსართავი სახელი, წინდებული, კავშირი უცვლელია. ისინი ყოველთვის ერთნაირად იწერება, განურჩევლად იმისა, როგორ გამოვიყენებთ მათ სხვადასხვა კონტექსტში. თუმცა, არსებითი სახელი, ნაცვალსახელი და ზმნა ზოგჯერ იცვლის ფორმას. არსებითი სახელების უმეტესობა ინგლისურ ენაში მრავლობით რიცხვს აწარმოებს დაბოლოება -s, -es-ს მეშვეობით. მაგ. Cows, girls, tables, boxes, classes, etc. თუმცა ზოგიერთი არსებითი სახელის შემთხვევაში შეიცვალა მრავლობითი რიცხვის წარმოების გზა. მაგ. Woman-women, man-men, goose-geese, Mouse-mice, tooth- teeth, foot-feet, louse-lice. არსებითი სახელების მცირე ჯგუფი ინგლისურ ენაში მრავლობით რიცხვს აწარმოებს -en დაბოლოების დართვით. ზოგიერთი არსებითი სახელი კი მრავლობით რიცხვში არ იცვლის ფორმას. მაგ. Ox-oxen. Deer, sheep, moose and grouse.

შვიდიდან ხუთ პირის ნაცვალსახელს აქვს განსხვავებული ფორმები როდესაც მათ წინადადებაში ვხვდებით სუბიექტისა და ობიექტის ფუნქციით. ესენია I, me; he, him; she, her; we, us; and they, them. ასევე გვაქვს განსხვავებული ფორმის კუთვნილებითი ნაცვალსახელები – mine, his, hers, ours, theirs.

რაც შეეხება ზმნებს, ცვლილებების მიუხედავად, მათ არ აქვთ ისეთი რთული პარადიგმა, როგორც ლათინურ, ბერძნულ და გერმანულ ენებში. ერთი ზმნა, რომელსაც ინგლისურ ენაში ყველაზე მეტი ფორმა აქვს, გახლავთ to be (be, am, is, are, was, were, been, and being). სუსტ, ანუ წესიერ ზმნებს აქვთ მხოლოდ ოთხი ფორმა. მაგ. talk, talks, talked, and talking. ძლიერ ანუ არაწესიერ ზმნებს – ხუთი; მაგ. sing, sings, sang, sung, and singing. რამდენიმე ზმნას, რომლებიც ბოლოვდება t ან d ასოებზე, აქვთ მხოლოდ სამი ფორმა; მაგ. cut, cuts, cutting. ზმნის პარადიგმის ეს ცვლილებები მკვეთრად განსხვავდება ძველი ინგლისური ენისგან, სადაც ridan, ანუ „ride“-ს ცამეტი ფორმა ჰქონდა, და გერმანული ენისგან, სადაც ზმნას reiten აქვს თექვსმეტი ფორმა.

ინგლისურ ენაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აფიქსაციას, რამაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეცვალა ენა. აფიქსაციის შედეგად წარმოიშვა ახალი სიტყვები. პრეფიქსი სიტყვას დაერთვის თავში. მაგ: way-subway; do-overdo. ზოგიერთი პრეფიქსი უცხოური წარმოშობისაა, მაგ. პრეფიქსი macro or micro: macroeconomics, microbiology. ეს პრეფიქსები ბერძნული წარმოშობისაა.

ყველაზე მეტად გავრცელებული სუფიქსი გახლავთ –er. ეს უკანასკნელი მიუთითებს მოქმედების შემსრულებელზე. მაგ. singer, player, seeker, writer.

ძალიან პოპულარულია ორი სიტყვის შედეგად მიღებული სიტყვებიც, მაგ. cloverleaf, gentleman, dateline.

ინგლისურ ენაში დაახლოებით 750 000 სიტყვაა. აქედან ნახევარი წარმოშობით გერმანიკულია, ხოლო ნახევარი – რომანული (ლათინური წარმოშობის ენები – ფრანგული, ესპანური, იტალიური და თავად ლათინური).

გერმანიკული წარმოშობისაა ისეთი სიტყვები, როგორებიცაა – father, mother, brother, man, wife, ground, land, tree, grass, summer, and winter, bring, come, get, hear, meet, see, sit, stand, and think.

ფრანგული წარმოშობისაა სიტყვები: constitution, president, parliament, congress, and representative. ფრანგული ენიდანა ნასესხებია სიტყვები: city, place, village, court, palace, manor, mansion, residence, domicile, cuisine, diner, café, liberty, veracity, carpenter, draper, haberdasher, mason, painter, plumber, and tailor. ბევრი სიტყვა და ფრაზა, რომლებიც ინგლისურ ენაში უკავშირდება მეღვინეობას, ბალეტს, პოლიტიკას, ლიტერატურას, თეატრს და კულინარიას, მომდინარეობს ფრანგული ენიდან.

ზოგიერთი სიტყვა წარმოშობით ესპანურია. მაგ: cigar, armada, guerrilla, matador, mosquito, and tornado. რამდენიმე სიტყვა ამერიკაში ლათინური ამერიკიდან შევიდა, მაგ: canyon, lasso, mustang, pueblo, and rodeo.

ლათინური ენიდან შესული სიტყვები განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია. ბევრი სიტყვა შექმნილია ორი სიტყვისგან. მაგ: malnutrition, transfer, circumference, supernatural, submarine, suburb, substantial, contemporary, multilingual, conjunction, compassion, და სხვა მრავალი.

ბერძნული ენიდან ნასესხები სიტყვები დაკავშირებულია მეცნიერებასთან და ტექნოლოგიებთან; მაგ: ბერძნული წარმოშობის ყველაზე უფრო პოპულარული სიტყვებია: alphabet, geometry, geology, photography, psychology, psychiatry, pathology, biology, philosophy, telephone, logistics, და metamorphosis.

არაბული წარმოშობის სიტყვები ინგლისურ ენაში სხვა ევროპული ენის გზით, უმეტესწილად ესპანურის გავლენით დამკვიდრდა. არაბული ენა ესპანეთში გამოიყენებოდა ისლამური პერიოდის დროს. არაბული წარმოშობისაა ისეთი სიტყვები, როგორებიცაა – alcohol, alchemy, algebra, alkali, almanac, arsenal, assassin, cipher, elixir, mosque, naphtha, sugar, syrup, zenith, and zero.

ჩვენამდე მოღწეული, დღევანდელი სალიტერატურო ინგლისური ენა შედეგია ბევრი ლინგვისტური ტრადიციისა, რამაც, ცხადია, საუკუნეების განმავლობაში თავისი კვალი დაატყო ენას.

უძველესი ბრიტანელების ენა გახლდათ კელტური, რომელიც დღევანდელი უელსური ენის სახითაა შემორჩენილი. ამ ენაზე საუბრობს დღეს უელსის მოსახლეობა. როდესაც რომაელებმა დაიპყრეს ინგლისი, გაბატონდა ლათინური ენა. მაგრამ, მოგვიანებით, როდესაც რომაელების ბატონობა შეწყდა, ლათინურმა ენამაც დაკარგა თავისი დომინანტობა და მხოლოდ VI-VII საუკუნეში კუნძულებზე ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად ხელახლა დამკვიდრდა ქვეყანაში.

ინგლისური ენის განვითარებას სამ ეტაპად ყოფენ. ეს არის ძველი ინგლისური ენა (ანგლო-საქსური), საშუალო ინგლისური ენა და თანამედროვე ინგლისური ენა. ძველი ინგლისური ენა გამოიყენებოდა ახალი წელთაღრიცხვის 449-1100 წლებში. 449 წელს გერმანული ტომების შემოჭრის შედეგად ენამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. სხვადასხვა ტომმა ენაში თავიანთი ენობრივი თავისებურებები დაამკვიდრეს და შედეგად ჩამოყალიბდა ძველი ინგლისური ენის ოთხი დიალექტი: ნორთუმბრიული, მერსიანული, დასავლეთ საქსონური და კენტური.

1066 წელს ნორმანების შემოჭრის შედეგად გაბატონდა ნორმანების ფრანგული ენა და საბოლოოდ გათანაბრდა ოთხი დიალექტური ინგლისური. კულტურულმა ცენტრმა ნელ-ნელა ლონდონისკენ გადაინაცვლა და ინგლისური ენის გამოყენებაც უფრო გახშირდა. ლათინურმა ენამ საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა სტატუსი, როგორც საეკლესიო და სწავლების ენამ.

საშუალო ინგლისური ენა 1100 წლიდან 1450 წლამდე არსებობდა. მას არ განუცდია ისეთი ცვლილებები, როგორიც მისმა წინამორბედმა ენამ განიცადა. სწორედ ამ პერიოდში 1362 წელს ინგლისის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ინგლისური ენა გახდა პარლამენტისა და სასამართლოს ოფიციალური ენა.

მეთექვსმეტე საუკუნის მიწურულ დაიწყო თანამედროვე ინგლისური პროზის განვითარება. ზოგიერთი ლიტერატურული ნაწარმოების დაბეჭდვამ ხელი შეუწყო ენის სტანდარტიზაციას. 1525 წელს დაიბეჭდა უილიამ ტინდელის ახალი აღთქმა. მომდენო 90 წელი გახლდათ აღორძინების პერიოდი ინგლისურ ლიტერატურაში, რამაც კულმინაციას მიაღწია უილიამ შექსპირის ნაწარმოებებში და 1611 წლის ბიბლიის კინგ ჯეიმსისეულ ბეჭდურ ვერსიაში.

ლიტერატურული ნაწარმოებების გარდა, ენის სტანდარტიზაციას ხელი ლექსიკონის შექმნამაც შეუწყო. პირველი მნიშვნელოვანი ლექსიკონი შეადგინა და გამოსცა 1755 წელს სამუელ ჯონსონმა. ენის სტანდარტიზაციას კიდევ უფრო შეუწყო ხელი ლინდლი მიურეის მიერ შედგენილმა წიგნებმა English Grammar (1795) and English Spelling Book (1804).

 

საინტერესო ფაქტები ინგლისური ენის შესახებ:

  1. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენა (დაახლოებით 1,5 მილიარდი მოლაპარაკე), 350 მილიონზე მეტი ადამიანის მშობლიური და უცხოური ენა, რომელსაც დღეს მსოფლიოში ყველაზე მეტი შემსწავლელი ჰყავს;
  2. ყოველწლიურად მისი ლექსიკური მარაგი დაახლოებით 4000-მდე სიტყვით მდიდრდება;
  3. ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებადი სიტყვები ინგლისურ ენაში არის I და you;
  4. ამბობენ, რომ ინგლისური ენა ყველაზე უფრო ბედნიერი ენააო. სიტყვა happy 3-ჯერ უფრო ხშირად გამოიყენება ვიდრე სიტყვა „ sad”;
  5. მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი ინგლისურ ენაზე საუბრობს;
  6. ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებადი ზედსართავი სახელი არის „good”, ხოლო არსებითი სახელი – „time”;
  7. სიტყვას „set” აქვს ყველაზე უფრო მეტი მნიშვნელობა;
  8. ინტერნეტსივრცეში დაცული ინფორმაციის დაახლოებით 80% ინგლისურ ენაზეა.
  9. ინგლისური არის 67 ქვეყნის ოფიციალური ენა;
  10. ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს ინგლისური ენის დაახლოებით 24 დიალექტი;
  11. ე.წ. „ბრიტანული აქცენტი“ ლონდონში და მის გარეთ ამერიკის რევოლუციის დროს გავრცელდა;
  12. შექსპირმა გამოიგონა ბევრი სიტყვა ინგლისურ ენაში. მათ შორის: birthplace, blushing, undress, torture და ბევრი სხვა;
  13. პირველი ინგლისური ლექსიკონი 1755 წელს შეიქმნა;
  14. უძველესი ინგლისური სიტყვა, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება გახლავთ „town“.
  15. ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებული ასო ინგლისურ ენაში გახლავთ „e“;
  16. ასოთ შეთანხმება „ough” შეიძლება წაკითხულ იქნას 10 განსხვავებული ჟღერადობით;
  17. დაახლოებით 30% სიტყვებისა ინგლისურ ენაში მომდინარეობს სხვა ენებიდან;
  18. სიტყვა „run” ინგლისურ ენაში შეიძლება გამოყენებულ იქნას 600-მდე განსხვავებულ კონტექსტში განსხვავებული მნიშვნელობით;
  19. ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ადამიანმა საშუალოდ 20 000-დან 35 000 სიტყვა იცის;
  20. „Go” ყველაზე პატარა სრული წინადადებაა ინგლისურ ენაში.

ამრიგად, ინგლისური ენა ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული ენაა დედამიწაზე. მისი წარმოშობის ისტორია სავსეა პარადოქსებით, დაუჯერებელი ისტორიებით. ის ახლაც განაგრძობს სიცოცხლეს, განვითარებას, მუდმივად ივსება საინტერესო, სხვადასხვა ლექსიკურ-გრამატიკული ერთეულით. ამდენად, თუ გვსურს, ვისაუბროთ ცოცხალ, თანამედროვე ინგლისურ ენაზე, კვალდაკვალ უნდა მივდიოთ მის განვითარებას, გავეცნოთ ენაში დამკვიდრებულ სიახლეებს და გამოვიყენოთ ის პირად პრაქტიკაში.

 

Uploading: 198893 of 198893 bytes uploaded.

მაია თურქიაშვილი https://mastsavlebeli.ge/?p=44302 

ზაფხულის პროლოგის ჩანაწერები #1

 ჩემი წინაპრები წარსულზე მეოცნებეები იყვნენ. არის ასეთი ხალხიც. ზეგინდელზე კი არა, გუშინწინდელზე ფიქრობენ – ასე რომ მომხდარიყო ან არ. დასხდებოდნენ ბებია და ბაბუა, მზერას ჩაიბრუნებდნენ ზურგისკენ და იქ ტიროდნენ და იცინოდნენ. იქ, რა დროსაც დიდი ხანია გამოცდნენ და ვერ შეცვლიდნენ. მეც ვიმემკვიდრევე ეს თვისება და სულ წარსულზე ვდარდობ. განა არ ვიცი – წარსული შორეული ვარსკვლავივითაა – აქედან რაც უნდა სული უბერო, ვერც გააღვივებ და ვერც ჩააქრობ. ვიცი, მაგრამ მაინც იქ ვარ. აი, მაგალითად; საავადმყოფოს მისაღებში ვზივარ. მამაჩემის ამბავი გავიგე. გავიგე და მაშინვე რომ თურქეთზე მეფიქრა… ჩავყვები, ჩავყვები ფსკერამდე – ფიქრის ფილტვები მეგლიჯება. იქ, მხოლოდ უჰაერობაა, რადგან აწმყომ იცის წარსული და ვერ ცვლის. დიდი ტანჯვაა, უსარგებლო და უთავბოლო. მაგრამ ვართ ასეთი ხალხიც. ვართ და ვერაფერს იზამ. წარსულზე მეოცნებენი.

////

ჩემი სახლიდან შორს, გადაღმა, მოჩანს სახლი.

ეს სახლი, ქალაქის წესისამებრ, მრავალსართულიანია და მრავალი სართულის წესისამებრ, ამ სახლს ბევრი ფანჯარა აქვს.

ყველა ერთნაირი.

შორიდან ეს არის.ასე მოჩანს. მხოლოდ ეს გრძელი, მოსაწყენი და ნაცნობი წინადადება.

მაგრამ ახლოდან, ერთი ფანჯრიდან მოჩანს ლოცვა მომაკვდავ შვილზე და მეორედან მოჩანს სიმღერა. ოღონდ სიმღერა ფრთხილად მოჩანს ამ ფანჯრიდან და ფეხაკრეფით.

სხვა ფანჯრიდან რომ სიმღერა მოჩანს, ის სიმღერა ხმამაღალია და კაცმა, რომ თქვას, ამიტომაც აღარ მოჩანს ბავშვის ტირილი მეზობელი ფანჯრებიდან. არც ძაღლის ყეფა. არც ჩურჩული აღარ მოჩანს შეყვარებულის. მე რომ მკითხოთ, ის სიმღერა, რომლის გამოც სხვა ფანჯრებიდან არც ცრემლი მოჩანს, არც ყეფა და არც სიყვარული – მეტისმეტად ხმამაღალია.

მაგრამ ამ სახლის შემოქმედი მე არაფერს არ მეკითხება.

ზოგიდან მოჩანს ბანკის ვალი ანაც მეზობლის. ზოგიდან თვითონ მეზობელი ანაც ბანკირი.

ზოგიდან მოჩანს შური და ზოგიდან შური არ მოჩანს, მაგრამ არის. ზოგიდან მოჩანს ცრემლი და ზოგიდან არ მოჩანს, მაგრამ არის. ზოგიდან მოჩანს ღიმილი და ზოგიდან არ მოჩანს. უბრალოდ არ მოჩანს, რადგან არ არის.

ზოგი ფანჯრიდან მოჩანს საუზმე და სადილი. ზოგჯერ ვახშამიც. მხოლოდ ეს მოჩანს. ეს მდუმარე რიტუალი და ერთი ჩრდილი.

ზოგიდან ბევრი ჩრდილი მოჩანს. ამ ჩრდილების ხმაური მოჩანს. ყურისწამღები.

ზოგი ფანჯრიდან არაფერი მოჩანს, რადგან იქ აღარავინაა. ზოგი ფანჯრიდან არაფერი მოჩანს, რადგან იქ არიან.

კი, არის ორი ასეთი არაფერიც. ორი ფანჯარა.

ზოგი ფანჯრიდან მოჩანს სურვილი რომ გამოაღონ და ჰაერი ჩაისუნთქონ. ზოგიდან მოჩანს სურვილი, რომ გამოაღონ და აღარასდროს ჩაისუნთქონ ეს ჰაერი.

ანუ გადმოხტნენ.

ზოგიდან მოჩანს სიზმარი და ამ სიზმარში მოჩანს გოგო, როგორც უარი და ეს სიზმარი საშინელია. ზოგიდან მოჩანს სიზმარი და ამ სიზმარში მოჩანს გოგო, როგორც თანხმობა და ეს სიზმარი ცრუა.

ზოგიდან მოჩანს შუქი, რომელიც ანთია. ზოგიდან მოჩანს შუქი, რომელიც ჩამქრალია.

ბევრია ფანჯარა და შორიდან ყველა ერთნაირი. შეიძლება სჯობდეს შორიდან უყურებდე და არასდროს მიხვიდე ახლოს. ან საერთოდ არ უყურებდე.

უბრალოდ ადგე და საკუთარი ფანჯარა გამოიხურო.

 წყარო https://mastsavlebeli.ge/?p=43801

სივრცითი წარმოდგენები, როგორც ფსიქიკური განვითარების საფუძველი

 ვფიქრობ, საყურადღებო ფაქტია, რომ ბავშვის სკოლისათვის მზაობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს სივრცით მიმართებებში გარკვევა წარმოადგენს. თუმცა, არის შემთხვევები, როცა სასკოლო ასაკის ბავშვს ერევა მარჯვენა-მარცხენა, ზევით-ქვევით-შუაში. მშობელი გაოცებას ვერ მალავს, თუ რატომ შეიძლება ეს პრობლემად აღვიქვათ. ერთ-ერთი ექვსი წლის ბიჭუნას დედამ თავისი მოსაზრება ასეთნაირად „დაასაბუთა“ – „რა მოხდა მერე, ჩემი უფროსი შვილი, რომელიც ამჟამად მერვე კლასშია, დღესაც ვერ არჩევს მარჯვენა-მარცხენას. ადრე თუ გვიან ხომ ისწავლის!“. ალბათ, ასეთი მსჯელობა არც უნდა გაგვიკვირდეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ ძალიან ცოტა ადამიანი დაფიქრებულა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ადეკვატური სივრცითი წარმოდგენები. ასეთი შეკითხვა ხშირად უცნაურადაც კი ჟღერს. თითოეული ჩვენგანისთვის სივრცეში ორიენტაცია თითქოს რაღაც თავისთავადს წარმოადგენს. ყველა მოზრდილი ადამიანი კარგად ერკვევა ისეთ ცნებებში, როგორიცაა: ზემოთ – ქვემოთ, წინ – უკან, უფრო შორს – უფრო ახლოს. მართალია, ზოგიერთი ადამიანი ხანდახან ურევს მარჯვენა-მარცხენას, მაგრამ ეს ბევრისთვის „დასაშვებად“ ითვლება და მხოლოდ ღიმილს იწვევს.

ზოგადად სივრცის შესახებ ჩვენი წარმოდგენები სრულიად ბუნებრივად, თითქმის თანდაყოლილად გვეჩვენება და ეს არის სწორედ დიდი შეცდომა. ეს წარმოდგენები არავითარ შემთხვევაში არ არის თანდაყოლილი. ისინი ადამიანში დაბადების მომენტში კი არ ჩნდება, არამედ ყალიბდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში, რომელიც დაახლოებით 7-8 წლამდე გრძელდება. მთელი ამ ხნის განმავლობაში ბავშვი სწავლობს სივრცის, ამ სივრცეში სხვადასხვა საგნის მდებარეობის და მათი გადაადგილების სწორად აღქმას ერთმანეთთან და საკუთარ სხეულთან მიმართებაში. ის ეუფლება შედარების უნარს, ასევე სივრცის პარალელურად შეიმეცნებს ისეთ კატეგორიას, როგორიცაა დრო. ამგვარად ათვისებული ყველა ინფორმაცია საფუძვლად ედება მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გაგებას, რაც ადამიანს ლოგიკური აზროვნების საშუალებას აძლევს. ერთი სიტყვით, სივრცითი წარმოდგენები, რომლებიც ადრეულ ეტაპზე ყალიბდება, ფსიქიკური განვითარების საფუძველს წარმოადგენს, რასაც შემდეგ დაეფუძნება დანარჩენი უმაღლესი ფსიქიკური ფუნქციები. ნებისმიერი დარღვევა ამ პროცესებში პრობლემებს იწვევს. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, განუვითარებელი სივრცითი ორიენტაციის მქონე ბავშვები განიცდიან სირთულეებს ფურცლიდან ტექსტის გადმოწერისას, რადგანაც შეიძლება გამოსახულებას სარკისებურად აღიქვამდნენ. შესაბამისად, სირთულეები აქვთ ისეთი სასკოლო უნარების დაუფლებაში, როგორიცაა კითხვა, წერა, დათვლა. მათ სირთულეები აქვთ ასევე ლოგიკური და წარმოსახვითი აზროვნების უნარების გამომუშავებაში. ამიტომ, ბავშვებში სივრცითი წარმოდგენების დროული და სწორი ფორმირება ნორმალური ფსიქიკური და გონებრივი განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას წარმოადგენს. სამწუხაროდ, დღეისთვის ამ მიმართულებით ყველაფერი კარგად ნამდვილად არ გვაქვს. საქმე ის გახლავთ, რომ სივრცის ნორმალური გაცნობისთვის, იმ წესების ათვისებისთვის, რომლითაც სამგანზომილებიანი სივრცეა მოწყობილი, აუცილებელია ბავშვის მუდმივი და აქტიური ურთიერთქმედება ამ სივრცესთან. არცთუ შორეულ წარსულში ეს პროცესი ბუნებრივად მიმდინარეობდა – თითოეული ბავშვი მუდმივად იმყოფებოდა სამგანზომილებიან სივრცეში, არსებობდა ამ სივრცეში, აკვირდებოდა მას, მოქმედებდა, თამაშობდა, მოძრაობდა. მაგრამ დღეს სამგანზომილებიან სივრცეს გაუჩნდა უძლიერესი კონკურენტი და შეიძლება ითქვას მტერიც კი – ელექტრონული მოწყობილობის ბრტყელი, ორგანზომილებიანი ეკრანი. ის ქმნის სივრცის ილუზიას, რომელიც პრინციპულად განსხვავდება რეალურისაგან. თუმცა, შეიძლება ის უფრო საინტერესო, მიმზიდველი ჩანდეს და მოთხოვნადიც გახდეს. ხანგრძლივი და სისტემატური ყოფნა ვირტუალურ სივრცეში საშუალებას აძლევს ბავშვს, სწრაფად გამოიმუშაოს ამ სივრცეში ქცევის უნარ-ჩვევები. უფროსები ხშირად ვერ ვმალავთ გაოცებას და აღფრთოვანებას იმის გამო, რომ ჩვენი პატარები სწრაფად და მარტივად ეუფლებიან თანამედროვე ტექნოლოგიების მიღწევებს. ბუნებრივია, ეს მათი მომავალი წარმატებების გასაღებია ახალი ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში. მაგრამ, როგორც წესი, ასეთ დროს ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, რომ ვირტუალურ სივრცეში ამ წარმატებებს ხშირად თან ახლავს დამახინჯებული წარმოდგენები რეალურ სივრცეზე, მის კანონზომიერებზე, დროსთან მის კავშირზე და ა.შ. რა თქმა უნდა, ვირტუალურობა არ იწვევს სივრცეში ორიენტაციის უნარის სრულ დაკარგვას. ჯერჯერობით, ყველაფრის მიუხედავად, ადამიანთა უმრავლესობა საკმაოდ კარგად ერკვევა ისეთ სივრცით წარმოდგენებში, როგორიცაა: ზემოთ – ქვემოთ, მარჯვნივ – მარცხნივ, წინ – უკან და ა.შ. მაგრამ, პრობლემა ის არის, რომ შემდგომ, ყველაზე ელემენტარული სივრცითი წარმოდგენები, რომელსაც ტვინი ითვისებს ჯერ კიდევ მანამ, სანამ ბავშვი ბრტყელი ეკრანის წინ აღმოჩნდება, რთულად ვითარდება. ამიტომ, სულ უფრო ხშირად გვხვდება დისლექსიის, დისგრაფიის, დისკალკულიის შემთხვევები, ასევე პრობლემები იჩენს თავს ლოგიკური აზროვნების განვითარებაში.

იმისათვის, რომ დროულად შევამჩნიოთ და მივხვდეთ, რომ ბავშვს სერიოზული პრობლემები აქვს სივრცითი წარმოდგენების განვითარებაში, აუცილებელია ყურადღება მივაქციოთ ადეკვატური სივრცითი წარმოდგენების ფორმირების ეტაპებს:

ეტაპი 1 (ადრეული ასაკი) – სივრცის აღქმას პატარა დაბადებიდან უკვე 4 – 5 კვირაში ახერხებს. ამ ასაკის ბავშვს შეუძლია სივრცეში ობიექტების გამოყოფა, მათი გარჩევა. 2-4 თვის ასაკში ბავშვს შეუძლია ობიექტების მოძრაობისთვის თვალყურის დევნება. ერთი წლის ბავშვი თავდაჯერებულად განასხვავებს სივრცეში ობიექტებს და მანძილს მათ შორის. 1-2 წლის ბავშვს შეუძლია ორიენტირება საკუთარ თავზე, განასხვავებს საკუთარი სხეულის ნაწილებს, გარდა სხეულის მარჯვენა და მარცხენა მხარისა. სამ წლამდე ბავშვი აღიქვამს ობიექტებს ერთმანეთთან სივრცითი კავშირების გარეშე. მაგ. ის ვერ ხედავს განსხვავებას სურათებს შორის, სადაც ერთი და იგივე საგნები სხვადასხვანაირად არის განლაგებული სივრცეში.

ეტაპი 2 (3-4 წელი) – ყველაზე უფრო ადრე ბავშვი გამოყოფს ზედა მიმართულებას. შემდეგ მის საპირისპიროს – ქვედას. ამის შემდეგ პატარები აცნობიერებენ მიმართულებებს – „წინ“ – „უკან“ და ბოლოს „მარჯვნივ“ – „მარცხნივ“. ამასთან, სივრცითი მიმართულებების აღმნიშვნელ თითოეულ წყვილში ბავშვი გამოყოფს ჯერ ერთს, შემდეგ კი, მასთან შედარების საფუძველზე, საპირისპიროს ამოიცნობს. სივრცით მიმართულებებს ბავშვი საკუთარი სხეულის ნაწილებთან აკავშირებს. მაგ. უკან არის იქ, სადაც ზურგია.

თავდაპირველად ბავშვი საგნის სივრცით მდებარეობას განსაზღვრავს მასთან შეხებით, რადგანაც თვლის, რომ მაგ. მარჯვნივ არის ის საგნები, რომლებიც უშუალოდ მარჯვენა ხელის გვერდით მდებარეობს. ცოტა მოგვიანებით ბავშვისთვის საკმარისია ობიექტის მდებარეობის მხოლოდ ვიზუალურად შეფასება. ამ ასაკში ბავშვი ჯერ კიდევ ვერ აღიქვამს ცხადად საგნებს შორის მანძილს. მაგ. საგნების რიგში დალაგებისას ის მათ ძალიან ახლოს ათავსებს. ცნება „გვერდით“ მისთვის წარმოადგენს სინონიმს ისეთი ცნებისა, როგორიცაა „შეხება“.

ეტაპი 3 (4-5 წელი) – სამყარო, სადაც ბავშვს სივრცეში ორიენტაციის შესაძლებლობა ეძლევა, თანდათან ფართოვდება. პატარას უკვე შეუძლია სხეულის შემობრუნებით და ხელის მიმანიშნებელი მოძრაობით სივრცეში ორიენტირება.

ეტაპი 4 (5-6 წელი) – ბავშვს შეუძლია საგნების პოზიციის განსაზღვრა საკუთარ თავთან მიმართებაში ნებისმიერ დიდ მანძილზე. ის უკვე კარგად ფლობს სივრცითი მიმართებების სიტყვიერ აღნიშვნებს. შეუძლია სხვადასხვა ობიექტებიდან ორიენტირება. თავდაპირველად ის იკავებს იმ ობიექტის ადგილს, საიდანაც ორიენტირდება. შემდეგ კი აზრობრივად დგება მოპირდაპირე მხარეს მდგომი ადამიანის პოზიციაში, ანუ 180 – გრადუსით შემობრუნდება.

ეტაპი 5 (6-7 წელი) – ბავშვს შეუძლია ორი სივრცითი ზონის გამოყოფა, რომელთაგან თითოეულში ორი ნაწილია, მაგ.„წინ მარცხნივ“, „წინ მარჯვნივ“. ზონების საზღვრები ბავშვისთვის პირობითი და მოძრავი, მობილურია. სივრცით ორიენტირებას ბავშვები საკუთარი სხეულის ნაწილებთან აკავშირებენ.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სივრცითი წარმოდგენების განვითარების თითოეულ ეტაპზე ბავშვი კარგად დაეუფლოს ასაკის შესაბამის ყველა ფუნქციას. თუ შევამჩნევთ, რომ რაღაც კარგად ვერ არის – ბავშვი ვერ ახერხებს იმის გაკეთებას, რასაც მისი ასაკის ბავშვი უნდა აკეთებდეს, ვერ ახერხებს დროსა და სივრცეში ორიენტირებას, თუ პრობლემები გაუჩნდა ტექსტის აღქმაში, ზეპირმეტყველებაში, თვლაში, აუცილებლად დავუკავშირდეთ სპეციალისტს – ბავშვთა ნეიროფსიქოლოგს. ამ სიტუაციის თვითდინებაზე მიშვება არ შეიძლება.

გვახსოვდეს – ის, რაც ადრეულ ასაკში საკმარისად არ იქნა დაუფლებული, ათვისებული, საჭიროებს აუცილებელ და სწრაფ კორექციას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომავალში პრობლემები გაიზრდება და შესაძლოა, ბავშვს ხელი შეუშალოს ეფექტიან სწავლაში და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

 წყარო https://mastsavlebeli.ge/?p=44319