Friday, May 23, 2025

როგორ ვასწავლოთ ნარჩენების მართვა სკოლაში

 „მხოლოდ მაშინ განვიცდი სიბრაზეს, როდესაც

ვხედავ, როგორ ყრიან ადამიანები ნივთებს,

რომელთა გამოყენებაც შეიძლება”

დედა ტერეზა

სტატიაში განხილულია მსოფლიოში არსებული გლობალური პრობლემის – ნარჩენების მართვის გზები და მეთოდები, გაანალიზებულია ნარჩენების ზრდის მიზეზები, საუკუნეების წინ საზოგადოების დამოკიდებულება აღნიშნულ პრობლემასთან და ამ პრობლემის გადაჭრის თავისებური სტრატეგიები, ასევე აღწერილია განვითარებული ქვეყნების გამოცდილება ნარჩენების მართვაში. ხაზგასმითაა აღნიშნული სკოლის როლი და მნიშვნელობა მომავალი ეკომეგობრული, გარემოზე მზრუნველი, პასუხისმგებლიანი საზოგადოების  ჩამოყალიბებაში. კონკრეტულად კი განხილულია სერვანტესის სახელობის გიმნაზიაში ეკო კლუბის „ აიას ბიოლოგები“-ს მიერ განხორციელებული პროექტი,  რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირება და  გარემოსადცვითი განათლება, ეკოცნობიერების დონის ამაღლება; ნარჩენების გონივრული მართვა და გამოყენება ; არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და განვითარება; საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესის გაღვივება. პროექტი ეხმიანება მდგრადი განვითარების მიზნებს და არ მოითხოვს დიდ დანახარჯებს. პროექტის ფარგლებში აღწერილია თუ როგორ ხდება ნაბიჯ-ნაბიჯ სკოლაში მოსწავლეებში ნარჩენების მართვის კულტურის დამკვიდრება. დეტალურადაა განხილული პროექტის თითოეული ეტაპი : მოსწავლეებმა გამოკვეთეს ნარჩენებით დაბინძურების პრობლემა სკოლაშიც და სკოლის გარეთაც, დასახეს მიზანი, შეაგროვეს ინფორმაცია და აიმაღლეს ეკოცნობიერება,მიმართეს და ითანამშრომლეს ნარჩენების მართვის კომპანიებთან, მოიწვიეს და თავადაც ესტუმრენ, გაეცნენ ნარჩენების გადამუშავების მეთოდებს საქართველოში, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შექმნეს ფლაერები და დაარიგეს მოსახლეობაში, ნარჩენების შესაგროვებლად მოიფიქრეს საინტერესო და სახალო კონკურსები, ამით გაზარდეს ინტერესი საკითხისადმი და ბუნებაც გადაარჩინეს დაზიანებისაგან. პრობლემის გადაჭრაში სხვა სკოლებიც გამოიწვიეს და ერთმანეთს ნარჩენების მართვის საკუთარი მეთოდები გაუზიარეს, მაგალითი მისცეს სხვებს და ნარჩენებისგან სასწავლო რესურსები შექმნეს, მოაწყეს გამოფენა, აქციები, აღნიშნეს ნარჩენების გადამუშავების დღე და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს ნარჩენების დაგროვებით გამოწვეული ეკოლოგიურ კატასტროფის შესახებ. სერვანტესის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა  ნარჩენების მართვა და საარსებო გარემოზე ზრუნვა სასკოლო ცხოვრების ყოველდღიურობად  აქციეს და თანატოლებსაც მოუწოდებენ მსგავსი ქმედებისკენ.

დღეს-დღეისობით არ არსებობს მსოფლიოში ისეთი ქვეყანა, რომელსაც არ ჰქონდეს ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული პრობლემები.

ნაგვის შეგროვებასა და მისი დასახლებული პუნქტებიდან გატანას დიდი ხნის ისტორია აქვს. ამ საქმის პიონერები ძველი ბერძნები იყვნენ, ჯერ კიდევ 4,5 ათასი წლის წინ მათ სპეციალური კანონი მიიღეს, რომელიც ადამიანებს ავალდებულებდა ნაგავი გაეტანათ ათენიდან კილომეტრ ნახევრით დაშორებულ, სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიაზე.

მეთხუთმეტე საუკუნის დასაწყისში, ევროპაში ნაგავის დაგროვების გამო უმძიმესი მდგომარეობა შეიქმნა. მაგალითად, პარიზში ნაგვის გროვები ქალაქის გალავანზე უფრო მაღალი იყო. სწორედ, ასეთი საქციელისათვის ქვეყნები დაისაჯნენ შავი ჭირის ეპიდემიის გავრცელებით, რომელმაც 140 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამის შემდეგ ევროპის მმართველებმა დააარსეს სპეციალური სამსახურები და მათ კანონით  ქუჩებისა და სასმელი წყლის სისუფთავეზე პასუხისმგებლობა დააკისრეს. ჯარიმის პირველი ფორმებიც მათ შემოიღეს.

უძველეს დოკუმენტურ – ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით ნედლეულის მეორადი გადამუშავება პირველად იაპონიაში დაიწყო. ევროპამ ამ საკითხს ყურადღება მხოლოდ 1630 წელს მიაქცია და ისიც მხოლოდ მაშინ, როდესაც ამერიკის შეერთებულ შტატებში ქაღალდისა და ქსოვილების გადამამუშავებელმა პირველმა ქარხანამ დაიწყო ფუნქციონირება.

1895 წელს, ნიუ-იორკში, ქალაქის ხელმძღვანელობამ მოუწოდა მოქალაქეებს გადაერჩიათ ნარჩენები, კერძოდ მათი შემდგომი გადამუშავების მიზნით გამოეცალკევებინათ ერთმანეთისაგან ქაღალდი, საკვები, ქსოვილები და ლითონი. ორი წლის შემდეგ, ქვეყანაში დაიწყო ფუნქციონირება პირველმა ნაგავგადამამუშავებელმა ქარხანამ.

შვედეთსა და ნორვეგიაში ნაგავსაყრელების შემცირების მიზნით, წვავენ ნაგავს რის შედეგადაც მიღებული ენერგიით უკვე დიდი ხანია ათბობენ წყალსა და ბინებს, ხოლო ქალაქებს უზრუნველყოფენ ელექტროენერგიით.

1981 და 1987 წლებში იაპონიაში დაარსდა ორი ხელოვნური კუნძული. მშენებლობის პრინციპი ერთი შეხედვით ძალიან მარტივია – კუნძული წარმოადგენს დაკონსერვებულ ნაგავს. კუნძულზე განთავსებულია აეროპორტი, სასტუმროები, მაღაზიები, მუზეუმი, სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეები და დასასვენებელი პარკები, IKEA-ს მაღაზია, რამდენიმე კაფე, ტურისტებისთვის კუნძულის დასათვალიერებლად გამოყოფილია მატარებელი, ხოლო კუნძულთან დაკავშირება ხდება საავტომობილო ხიდით.

საზოგადოებასა და ცალკეულ ადამიანებს დიდი როლი ეკისრებათ ნარჩენების მართვის პროცესში. დღეისათვის, მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებს ნარჩენების მართვის ეფექტური სტრატეგიები აქვთ შემუშავებული. მათი მიზანია: ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება; მეორადი გადამუშავებისთვის, ნარჩენებზე მეტი ხელმისაწვდომობა; იმ ტერიტორიების შემცირება, რომლებიც გამოყოფილია მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენის განსათავსებლად.

ევროკავშირის მრავალ ქვეყანაში ოჯახები ახარისხებენ ნარჩენებს (ქაღალდს, პლასტმასას, ლითონებს, ბაღის ნარჩენებს და სხვ.) სხვადასხვა კონტეინერში. დახარისხებულის შეგროვება უზრუნველყოფს ყველაზე მაღალი ხარისხის მასალების მიღებასა და მასალების ღირებულების მაქსიმიზაციას, ზრდის ამ მასალებიდან უფრო მეტი რაოდენობით პროდუქტის მიღების შესაძლებლობას

ნარჩენების გადამუშავებას მოაქვს მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური სარგებელი, როგორიცაა საჭირო რესურსების მიღება და პირველადი ნედლეულის დაზოგვა, ინოვაციის წახალისება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

თუ წარსულში ნარჩენების მართვის ძირითად მეთოდად მათი განთავსება ითვლებოდა, დღეს ნარჩენები სულ უფრო მეტად განიხილება რესურსად. ეს აისახება ნარჩენების მართვის მეთოდების ევოლუციაზე. კერძოდ, ხდება განთავსების მეთოდიდან რეციკლირებისა და აღდგენის მეთოდებზე გადასვლა. განვითარებულ ქვეყნებში დღეისათვის ფართოდ არის დანერგილი ნარჩენების მართვის იერარქიის პრინციპი, სადაც პრიორიტეტი ნარჩენების თავიდან აცილებასა და მეორად გადამუშავებას – რეციკლირებას – ენიჭება

ეკოლოგია, ისევე, როგორც მთელი მსოფლიოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვისაც უმნიშვნელოვანესი საკითხია. საქართველო პატარა ქვეყანაა და იმ საჭირბოროტო საკითხთან დაკავშირებით, როგორიც ნარჩენების მართვაა, კარგი იქნება თუ გადმოიღებს ისეთი პატარა განვითარებული ევროპული ქვეყნების მაგალითს როგორიცაა ფინეთი, დანია და ა.შ. უპირველეს ყოვლისა  საჭიროა მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა ამ კუთხით, მათი ჩართვა სხვადასხვა ღონისძიებებში, ტრენინგების ჩატარება მოსწავლეებსა და სტუდენტებთან. მთავრობა და მერია დგამს გარკვეულ ნაბიჯებს სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლებისა და სხვადასხვა აქტივობების განსახორციელებლად. ნარჩენების მართვის საკითხში აქტიურად არიან ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციები. მაგრამ დიდი საქმეები იწყება პატარა ნაბიჯებით და ვფიქრობ ნარჩენების მართვის კულტურა ბავშვობის ასაკიდან უნდა ჩამოყალიბდეს, ამაზე უნდა ზრუნავდეს მშობელი, ბაღისა და სკოლის აღმზრდელები.

ამ სტატიით მსურს გაგიზიაროთ საკუთარი გამოცდილება და შემოგთავაზოთ ნარჩენების მართვის საინტერესო მიგნებები და სტრატეგიები სკოლაში, რომელიც განხორციელდა სერვანტესის სახელობის გიმნაზიაში AIA-GESS, ამავე სკოლის ბიოლოგიის კლუბის „აიას ბიოლოგების“ წევრების მიერ ჩემი ხელმძღვანელობით.

გამოკვეთეთ პრობლემა !

სკოლის ფარგლებში დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა საკლასო ოთახის ნარჩენებით დანაგვიანების პრობლემა (ნარჩენებიდან განსაკუთრებით ბევრი იყო ქაღალდი, ბოთლები, დისკები, საქაღალდეები) თითქმის ყველა კლასში, სავარაუდოდ მოსწავლეთა უმეტესობას ჰქონდა ბუნდოვანი წარმოდგენა  ნარჩენების შემცირებასა და მათ გონივრულად გამოყენებაზე.

თქვენ ასევე შეგიძლიათ სთხოვოთ მოსწავლეებს აღმოაჩინონ ნარჩენებით დაბინძურების პრობლემა საკუთარი საცხოვრებელი სახლის გარშემო, უბანში, დასახლებში, რაიონში, გადაუღონ სურათი ყველაზე დაბინძურებულ ადგილებს.

დასახეთ მიზანი !

გადავწყვიტეთ გაგვეხორციელებინა ისეთი პროექტი, რომელიც გამოიწვევდა მოსწავლეებსა და ზოგადად საზოგადოებაში ეკოცნობიერების დონის ამაღლებას და ბუნებისადმი მზრუნველი, გონივრული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, ამავდოულად გაზრდიდა ინტერესს საბუნებისმტყველო საგნებისადმი.

პროექტის მიზანი იყო :

  1. საზოგადოების ინფორმირება და გარემოსადცვითი განათლება, ეკოცნობიერების დონის ამაღლება.
  2. ნარჩენების გონივრული მართვა და გამოყენება
  3. არაფორმალური განათლების ხელშეწყობა და განვითარება.
  4. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისადმი ინტერესის გაღვივება.

შეიტყვეთ მეტი ნარჩენების შესახებ ! მოიძიეთ ინფორმაცია, დაუკავშირდით კომპეტენტურ პირებს შესაბამისი ორგანიზაციებიდან !

კლუბის ფარგლებში ჩვენ მუდმივად ვეცნობით ნარჩენებისა და მათი მართვის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციებს. განსაკუთრებით კი ჩვენი ქვეყნის ბედი გვადარდებს და გვაინტერესებს, როგორ ხდება საქართველოში ნარჩენების მართვა, ამიტომ მოვიწვიეთ სტუმარი – საქართველოს მყარი ნარჩენების კომპანიის დირექტორის მრჩეველი – ქალბატონი ხათუნა ჩიკვილაძე. ქალბატონმა ხათუნამ განიხილა ისეთი თემები, როგორიცაა : მდგრადი განვითარების მიზნები, ნარჩენები და მათი სახეები, ნარჩენების მართვის პოლიტიკა, კანონმდებლობა, სტრატეგია საქართველოში და მართვის ეროვნული გეგმა, გაგვაცნო თანამედროვე მიდგომები და გაგვიზიარა განვითარებული უცხო ქვეყნების გამოცდილებები, ვისაუბრეთ მუნიციპალური ნარჩენების მართვასა და ნაგავსაყრელებზე, არსებულ მდგომარეობაზე და იმაზე თუ რა შეიძლება გააკეთოს თითოეულმა ჩვენგანმა ნარჩენების შესამცირებლად. კლუბის წევრებმა გააცნეს კლუბის მიერ შემუშავებული ნარჩენების შემცირების სტრატეგია და ისაუბრეს კლუბის აქტივობებზე. მათ ასევე ამომწურავი პასუხები მიიღეს დასმულ შეკითხვებზე. მიღებული ცოდნის საფუძველზე დაიგეგმა საინტერესო აქტივობები.

ნარჩენების დაგროვებით გამოწვეული პრობლემების სათავე დაბალი ეკოცნობიერებაა! გაარკვიეთ თქვენი თანატოლებისა თუ ზოგადად საზოგადოების დამოკიდებულება და ცოდნა საკითხის მიმართ, ჩაატარეთ კვლევა !

კლუბის წევრებმა შეიმუშავეს კითხვარი,ჩაატარეს გამოკვლევა როგორც ელექტრონულ ფორმატში, ასევე პირისპირ, დაამუშავეს მიღებული შედეგები, გაანალიზეს  და გამოკვეთეს ბუნდოვანი და პრობლემური საკითხები.

გაუზიარე ცოდნა და გამოცდილება სხვებს ! განახორციელეთ სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები !

მიღებული ცოდნის საფუძველზე, კვლევის შედეგების გათვალისწინებით კლუბის წევრებმა სკოლაში ჩაატარეს სემინარი დაინტერესებული პირებისთვის. სემინარის თემა იყო : „ნარჩენები და მათგან გამოწვეული საფრთხეები“.  სემინარის შემდეგ წარიმართა დისკუსია, მსმენელებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და ისაუბრეს პრობლემის გადაჭრის გზებზე.

გარდა ამისა კლუბის წევრებმა შექმნეს საინფორმაციო ბუკლეტები და დაარიგეს მოსახლეობაში და სკოლაში.

დაუმეგობრდით ნარჩენების გადამამუშავებელ კომპანიებს !

კლუბის წევრებმა მოიძიეს ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ ნარჩენების გადამუშავებაში, გადაწყვიტეს მათთან თანამშრომლობა. ეს ორგანიზაციებია Tene, Polyvim LLC და „პარკი არ მინდა“, ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია, ვეისთლესი.

სკოლაში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით გროვდებოდა პოლიეთილენის ბოთლები, რომელიც შემდეგ ნაგავსაყრელზე ხვდებოდა. სასწრაფოდ საჭირო იყო მათი შეგროვება და ხელახალი გადამუშავება, მოსწავლეებში ნარჩენების სწორად მართვის კულტურის ჩამოყალიბება და ამავდროულად მათი ამ ქმედების წახალისება. ამიტომ კლუბის წევრებმა გამოაცხადეს კონკურსი : „შეაგროვე და მართე გონივრულად“ , კლასებს უნდა შეეგროვებინათ რაც შეიძლება მეტი ბოთლის თავსახური და ბოთლი, ვინც მეტ თვსახურსა და ბოთლს შეაგროვებდა ორი კვირის განმავლობაში გამარჯვებულიც ის იქნებოდა, ხოლო ჯილდოს თავად ტენეს დამფუძნებელი დააწესებდა. კონკურსის შედეგად შეგროვდა 8000 ბოთლის თავსახური და ბოთლი. დედამიწის დღეზე ტენეს დამფუძნებელმა ბატონმა სანდრომ თავად გამოავლინა გამარჯვებული და ჯილდოდ ტენეს ქარხანაში სტუმრად დაპატიჟა, ასევე თითოეულ კლასს გადაეცა ტენეს მიერ დამზადებული მობილურის დამტენი კაბელები.

პოლივიმის წარმომადგენლებმა საჩუქრად გადმოგვცეს მწვანე ურნები, სადაც დღემდე ვაგროვებთ ბოთლებს და ვაგზავნით პოლივიმში გადასამუშავებლად. ერთ კვირაში ერთ მწვანე ურნაში 280 ბოთლი შეგროვდა, ასეთი 6 ურნა გვაქვს სკოლაში, რამდენი ბოთლი აღმოჩნდებოდა ნაგავსაყრელზე  რომ არა ჩვენი გონივრული ქმედება !

კლუბის წევრები პოლივიმსაც ესტუმრნენე და საკუთარი თვალით ნახეს თუ როგორ ხდებოდა პოლიეთილენის ბოთლების გადამუშავება.

ასევე მოვიწვიეთ „პარკი არ მინდა“- ს წარმომადგენლები, ნარჩენების მართვის საკუთარი სტრატეგიები გავაცანით ერთმანეთს, პარკისგან ჩვენს მიერ დამზადებული ჩანთებიც ვაჩვენეთ და ნარჩენებისაგან დამზადებული სხვა რესურსებიც.

ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია – ვესტუმრეთ კომპანიაში და ამჯერად ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ საბურავების, მანქანის ზეთებისა და ტანსაცმლის გადამუშავების შესახებ. მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გაეკეებინათ ბანერი, სადაც ასახული იქნებოდა საბურავების გადამუშავების პროეცესი და შედეგი. დღეს ამ ორგანიზაციამ თითქმის ყველა რეგიონი და თბილისის სკოლების უმრავლესობა მოიცვა და ზრუნავს ცნობიერების ამაღლებაზე.

ვეისთლესი არი დიდი კომპანია, აქტიურად ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას, ზრუნავს საზოგადოებაში ნარჩენების მართვის მიმართულებით სწორი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე. ძირითადი ორიენტირი ელექტრონული ნარჩენებია. მათ საჩუქრად გადმოგვცეს ელემენტების შესაგროვებელი ყუთი, რომელმაც მალევე დაიწყო შევსება. სასიხარულოა, რომ მათი ყუთები განთავსებულია სხვადასხვა ლოკაციაზე დიდ სუპერმაკეტებში.

მას შემდეგ ჩვენს სკოლაში დამკვიდრდა ნარჩენების შეგროვების კულტურა, მოსწავლეებმა უკვე იციან რომ, ნარჩენი არაა ნაგავი და ის შეიძლება გადამუშავდეს!

აქციე ნარჩენი სასარგებლო სასწავლო რესურსად !

საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას ვაწყდებით პრობლემას – მოსწავლეთა გულგრილ დამოკიდებულებას ამ საგნებისადმი, იშვიათადაა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები მოზარდის გულთან ახლოს, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება ზოგიერთი საკითხის შესწავლისას.განსაკუთრებით უჭირთ საკითხის გააზრება თუ ხელთ არ გვაქვს სასწავლო რესურსები.

ნარჩენების შემცირებისა და გონივრული გამოყენების, ასევე სწავლა-სწავლების ხელშეწყობის მიზნით გადავწყიტეთ ნარჩენებიდან სასწავლო რესურსების შექმნა და საგაკვეთილო პროცესში მათი გამოყენება.საფუძველი ჩაუყარეთ კიდევ ერთ პროექტს „ნარჩემებიდან სასწავლო რესურსებამდე“.

მოხდა სწავლის პროცესში გამოსაყენებელ რესურსებზე იდეების გენერირება (შეიძლება მოიფიქრონ თავად საჭიროებებიდან გამომდინარე, ან დაიხმარონ ინტერნეტი), შეადგინეს დასამზადებელი რესურსების ნუსხა. მოაგროვეს საჭირო ნარჩენები და მასალები, კლუბის წევრებმა გადაინაწილეს საქმიანობა და შეუდგნენ რესურსების დამზადებას. ასე შეიქმნა მიკროსკოპის, პირის ღრუს, თირკმელების, უჯრედების, ფილტვების, ქრომოსომების, ადამიანის ანატომიური მოდელები, ასევე მათემატიკური მოდელები პატარებისთვის და სხვა.

კლუბის წევრებმა ჩაწერეს ვიდეო – „გზამკვლევები“, სადაც დეტალურადაა აღწერილი რესურსის დამზადების ინსტრუქცია, თუ რა დანიშნულება აქვს მოდელს, რისთვის და როგორ გამოიყენება სასწავლო პროცესში, მოიფიქრეს სახალისო აქტივობები რესურსების გამოყენებით. ვიდეოები კლუბის youtube არხზე  (https://www.youtube.com/@aiasbiologebi5332) ატვირთეს.

ერთ დროს მოსაწყენ და რთულ საკითხებს ახლა უკეთესად იაზრებენ და გაკვეთილიც უფრო სახალისო და ნაყოფიერია. კლუბის წევრებმა სკოლის ღია სივრცეში მოაწყვეს რესურსების გამოფენა – დემონსტრირება. რესურსების გამოყენებით განახორციელეს სხვადასხვა ტიპის შემეცნებით-გასართობი აქტივობები, ვორქშოპები, როგორც დაწყებითი, ასევე საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის. მათ გაუჩნდათ სურვილი, რომ თავადაც შეექმნათ ნარჩენებიდან სასარგებლო და საჭირო რესურსები, გადაწყვიტეს ნარჩენების შეგროვება და რეციკლირება. დაინტერესდნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებით, გაუჩნდათ მათი შესწავლის სურვილი. შედეგად, აუმაღლდებათ ეკოცნობიერების დონე, ისინი გახდებიან კარგი მაგალითი სხვებისთვის, თავად მოიფიქრებენ სხვადასხვა გარემოსდაცვით ღონისძიებებს და განახორციელებენ.

რესურსებით დაინტერესდნენ სხვადსხვა საგნის პედაგოგებიც. ისინი შეძლებენ ამ რესურსების გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში, რაც გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და სწავლის სურვილს.

პროექტი არის გრძელვადიანი, რადგან პროექტის მიზანია რაც შეიძლება მრავალფეროვანი რესურსების დამზადება და არ შემოიფარგლება მხოლოდ რამდენიმე კონკრეტული რესურსის შექმნით.

ჩაატარეთ კვლევა ექსპერიმენტი !

კლუბის წევრებმა პროექტის ფარგლებში გამოიკვლიეს თუ რა ზეგალენას ახდენს მცენარეზე ნარჩენების წვის შედეგად გამოყოფილი გამონაბოლქვი და რა როლს ასრულებს მცენარე კლიმატის ცვლილების პროცესში, პროექტი გახდა გამარჯვებული „science on stage“- ის ფარგლებში.კლუბის ხელმძღვანელმა პროექტი წარადგინა ფინეთში საერთაშორისო ფესტივალზე.

გამოიწვიე ნარჩენების მართვაში სხვებიც ! ერთად მეტს შევძლებთ !

კლუბმა “AIA-ს ბიოლოგები” წამოიწყო კამპანია – გამოწვევა -“შეამცირე და მართე გონივრულად”, რომლის ფარგლებში გამოვიწვიეთ სხვადასხვა სკოლები. პროექტში ჩაერთნენ თბილისის, მცხეთის, ბათუმის, ხარაგაულის, ქუთაისის, ლაგოდეხის  სკოლის სხვადასხვა კლასისა და საგნის პედაგოგები მოსწავლეებით.  კამპანია წელსაც გავაგრძელეთ და კვლავ გამოვიწვიეთ არამარტო საქართველოს სკოლები, არამედ რეგიონებიც. ითვინინგის პლატფორმაზე იგივე პროექტის შევიამხანაგეთ და დავაინტერესეთ თურქეთი, ალბანეთი, ესპანეთის წარმომადგენლები. გავეცანით სხვადასხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში ნარჩენების მართვის სტრატეგიებს თუ პრობლემებს.

მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილებები, ნარჩენების მართვის თავისებური ხედვა, ნარჩენებიდან სასწავლო რესურსების შექმნის ტექნიკა და გამოყენება. ვნახეთ მოსწავლეთა მიერ შექმნილი ბევრი საინტერესო რესურსი.

მადლობის ნიშნად კი თითოეულ მონაწილეს გადაეცა სამახსოვრო სერტიფიკატი. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა პადლეტის დაფაზე დააფიქსირეს შთაბეჭდილებები.

მოაწყე დასუფთავების აქცია !

თქვენ შეგიძლიათ ერთი კონკრეტული ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიის დასუფთავება. ტერიტორია შეგიძლიათ თავად აირჩიოთ ან არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც გთავაზობენ დასუფთავების აქციებს და შეგიძლიათ ჩაერთოთ.

შექმენით გამაფრთხილებელი ნიშნების  და ნარჩენებით დაბინძურებულ თვალსაჩინო ადგილებში განათავსეთ, მოსახლეობაში წინასწარ დამზადებული საინფორმაციო ბუკლეტები დაარიგეთ.

ჩვენ დავასუფთავეთ ჩვენი სკოლის მიმდებარე ტარიტორია. ასევე მონაწილეობა მივიღეთ დიღმის ჭალების დასუფთავებაში.

შეაგროვე მაკულატურა და გადაცვალე წიგნებში !

შეგიძლიათ შეაგროვეთ მაკულატურა სკოლაში ან სხვადასხვა ორგანიზაციებიდან.

კლუბის წევრების განცხადების საფუძველზე სკოლის მოსწავლეებმა მოიტანეს მაკულატურა სახლიდან. წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე პალიტრა L -ის მიერ ორგანიზბული იყო პროექტი, რომლის ფარგლებშიც შეგროვებული ქაღალდის ნარჩენები გადავცვალეთ წიგნებში და გადავეცით სკოლის ბიბლიოთეკას.

მოაწყეთ ფოტოების ან ნახატების გამოფენა თემაზე „ნარჩენები – საფრთხე თუ სასარგებლო რესურსი“ (სათაური შგიძლიათ სეცვალოთ და თავად მოიფიქროთ)

დედამიწის დღეს მოვაწყეთ საინტერესო გამოფენა : „ჩემი თვალით დანახული მომავლის დედამიწა – ნარჩენებით თუ მის გარეშე“.  მოსწავლეებმა საკუთარი ნახატებით, მაკეტებით თუ ფოტოებით გამოხატეს თავისი დამოკიდებულება ნარჩენებით გარემოს დაბინძურების მიმართ და მოუწოდეს მათი შემცირებისა და ხელმეორედ გამოყენებისადმი.

შეაგროვეთ ტანსაცმელის ნარჩენი !

დღეს-დღეობით ტანსაცმლის ნარჩენი დიდ საფრთხეს უქმნის ბუნებას. ხშირად ადამიანები იმაზე მეტ ტანსაცმელს ყიდულობენ ვიდრე საჭიროა, ძველი კი ნაგავსაყრელზე დიდხანს არ იხრწნება და აბინძურებს ნიადაგს.

გაეცით და აჩუქეთ დაპატარავებული და ძველი ტანსაცმლი ვისაც სჭირდება.

ჩვენ სკოლაში შევაგროვეთ ტანსაცმელი და გადავეცით ეკლესიას, საიდანაც ის დაურიგდათ გაჭირვებულებს. ამის გარდა სკოლაში მოვაწყეთ მასტერკლასი ქსოვილებიდან ლაქების ამოყვანის შესახებ, ქიმიის კლუბთან თანამშრომლობით, ამ ცოდნის გამოყენებით შესაძლებელია რაც შეიძლება დიდხანს ვატაროთ საყვარელი ტანსაცმელი და ამავდროულად ხელი შეუწყოთ ტანსაცმლის ნარჩენების შემცირებას.

მოაწყვეთ ესეების კონკურსი !

მოსწავლეებს შესთავაზეთ ნარჩენებთან დაკავშირებით ესეების ან მოთხრობის, ან ლექსის თუ წერილის დაწერა. მიეცით დრო და შემდეგ გამოავლინეთ საუკეთესო რამდენიმე ნამუშევარი, კარგი იქნება თუ სიმბოლური საჩუქრებითაც წაახალისებთ მონაწილეებს და გამარჯვებულებს. საუკეთესო ნაწარმოები სკოლის გაზეთში ან ჟურნალში გამოაქვეყნეთ.

გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები და AI

თანამედროვე პლატფორმების გამოყენებით შექმენით სახალისო და ამავდროულად შემეცნებითი თამაშები, კროსვორდები. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შეგიძლიათ შექმნათ სურათი, ან ვიდეო ან სულაც სიმღერა ნარჩენების თემაზე.

დაწერეთ სცენარი და განახორციელეთ თეატრალური დადგმა

დაწერეთ პატარა სცენარი, სადაც გამოკვეთილი იქნება ნარჩენების მართვის პრობლემური საკითხები და მათი გადაჭრის გზები.

ჩაწერე და გაავრცელე ვიდეო მიმართვა. კარგი იქნება თუ ჩაწერ მოკლე 2 წუთიან ვიდეომიმართვას, სადაც მკაფიოდ გააჟღერებ თითოეული მოქალაქის მოვალეობას და პასუხისმგებლობას ნარჩენების შემცირებაში, მოუწოდებ გარემოს დაცვისკენ.

მოაწყე ვიქტორინა

მას შემდეგ რაც მოსწავლეები დააგროვებენ გარკვეულ ცოდნას ნარჩენების, მათი შეგროვების, გადამუშავებისა და ხელახლა გამოყენების შესახებ, შეგიძლიათ სკოლაში მოაწყოთ შემეცნებითი ხასიათის ვიქტორინა. კლუბის წევრებმა გამართეს ვიქტორინა, მონაწილე 8-9 კლასებიდან გამარჯვება მერვე კლასელებმა მოიპოვეს.

ორგანიზება გაუწიეთ ნარჩენებისაგან შექმნილი ნივთების გამოფენა გაყიდვას!

წამოიწყე მეწარმეობა!

ჩვენს სკოლაში ყოველწლიურად ეწყობა გამოფენა -გაყიდვა. მოსწავლეებმა წამოიწყეს მეწარმეობა : შექმნეს პარკების ჩანთები, ცდილობენ გაყიდონ და თანხა ქველმოქმედებას მოახმარონ.

აღნიშნეთ ნარჩენების გადამუშავების დღე, 18 მარტი.

შეაჯამეთ წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობები, რა ცოდნა და უნარები შეიძინეთ, რა იყო თქვენი ძლიერი და სუსტი მხარე, რა შედეგზე გახვედით და რის გაუმჯობესებას გეგმავთ, დაისახეთ ახალი მიზნები და იფიქრეთ ახალ ღონისძიებებზე.

სტატიაში აღნიშნული პროექტი წარდგენილი იყო ტექნიკურ უნივერსიტეტში, აკადემიკოს გ.ცინცაძის 90-ე იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო სამეცნიერო-მეთოდურ კონფერენციაზე  „ქიმია-მიღწევები და პერსპექტივები“ და დიდი მოწონება დაიმსახურა.

მსგავსი პროექტებით მასწავლებელი ხელს უწყობს მოსწავლეებში მათი სამოქალაქო პასუხისმგებლობის ზრდას, უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შექმნას, აქტიურ კომუნიკაციას, გარემოს აღქმას, ქცევებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბებას, საგანმანათლებლო კომპეტენციების ამაღლებას და სასწავლო ამოცანების ეფექტურ გადაჭრას, თანამედროვე მიდგომებით შეიარაღებული მოსწავლის აღზრდას, რაც დადებითად აისახება ჩვენი ქვეყნის და, საზოგადოდ, კაცობრიობის მომავალზეც.

მოხარული ვიქნებით თუ ჩვენი რჩევები და გამოცდილება თქვენთვის სასრგებლო აღმოჩნდება და თქვენც აგიყოლიებთ იმ დიდი საქმეში რასაც ნარჩენების შემცირება და მათი გონივრული გამოყენება ჰქვია. ერთად ვიზრუნოთ გარემოზე !

 

გამოყენებული ლიტერატურა

http://forestry.ge/public/uploads/other/2021-02-11/68614.pdf – განათლება მდგრადი განვითარებისთვის

კონფერენცია (tsu.ge)

პ. როჯერი. ხვალამდე გაქრება (ნაგვის ისტორია) თბილისი, 2015.

საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების და დახარისხების ისტორია | ეკოფაქტი (ekofact.com)

(5)ნარჩენების-მართვა.pdf

ნარჩენები-წიგნი.pdf

https://mastsavlebeli.ge/?p=43481

 

 

,,ნამდვილი და მოგონილი ამბების’’ მწერლის სახელოსნო

  რით არის გამორჩეული, საყოველთაოდ ცნობილი, უამრავი ბავშვის, მშობლისა და მასწავლებლისთვის საყვარელი წიგნების სერია, საკითხავი და სავარჯიშოები ,,კითხვის საათისათვის’’  ,,ნამდვილი და მოგონილი ამბები’’?

პასუხი მარტივია, წიგნებში მოცემული ტექსტები ბავშვების ასაკისთვის შესაბამისი ენით არის დაწერილი, თანდართული აქვს სახალისო ილუსტრაციები, საინტერესო სავარჯიშოები და მარტივი ინსტრუქციები.

წიგნების სერია შექმნილია I-VI კლასების მოსწავლეებისათვის ნინო გორდელაძისა და ავტორთა ჯგუფის მიერ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).

,,პირლსის წიგნიერების საერთაშორისო და ეროვნული კვლევის რეკომენდაციების თანახმად, წიგნებში მოცემულია, როგორც მხატვრული, ასევე  შემეცნებითი ტექსტები. თანდართული შეკითხვები ორიენტირებულია წაკითხულის გააზრებასა და წერითი მეტყველების განვითარებაზე. სამწუხაროდ, ამ კვლევის დროს გამოიკვეთა, რომ წერითი მეტყველება, წერილობით საკუთარი აზრის გამოხატვა უფრო უჭირთ ჩვენს მოსწავლეებს, ვიდრე არჩევით და ღია შეკითხვებზე პასუხების სწორად გაცემა’’  აღნიშნავს ქალბატონი ნინო გორდელაძე. ამიტომაც, წიგნის სტრუქტურა ასეთია:

  • წაკითხულის გააზრება;
  • მწერლის სახელოსნო.

შეიძლება ითქვას, რომ ,,ნამდვილი და მოგონილი ამბების’’ სერიის წიგნებმა ,,დროს გაუსწრო’’. მკითხველი ადვილად იპოვის პარალელებს წიგნში მოცემული შემოქმედებითი/კომპლექსური დავალებების ორიგინალურ ნიმუშებსა და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს შორის.

დიდი ხნის წინ შექმნილი დავალებები მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებზეა მორგებული და წერის, კითხვისა და ზეპირმეტყველების მისაღწევი შედეგების დაძლევას უზრუნველყოფს.

მინდა, გაგაცნოთ მე4 კლასის წიგნში მოცემული ,,მწერლის სახელოსნოს’’ განყოფილება, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, თვითონ შექმნან მცირე მოცულობის ტექსტები. ბავშვებს განსაკუთრებით მოსწონთ ავტორთა ჯგუფის მიერ მიცემული მარტივი ინსტრუქციები:

  • ამ თავში შეძლებ, თავად დაწერო მოთხრობები.
  • ამ ნაწილში მოცემულია ბევრი საინტერესო რჩევა წერასთან დაკავშირებით, ლიტერატურული ხერხები და აუცილებელი შენიშვნები.
  • აქ ნახავ მრავალ საინტერესო იდეასა და შეთავაზებას, რომ ისწავლო, როგორ წერო საინტერესოდ.

 

რჩევები:

  1. ყველა მოთხრობას ესაჭიროება დასაწყისი, შუა ნაწილი და დასასრული.
  2. სანამ მოთხრობის წერას დაიწყებ, ჯობია, მონახაზი გააკეთო, რა ხდება თხრობის თითოეულ ნაწილში.
  3. წარმოიდგინე, თითქოს შენი მოთხრობა მწვერვალის დალაშქვრას ჰგავს.

მასწავლებელი თანამიმდევრულად გააცნობს მოსწავლეებს, რა უნდა გაითვალისწინონ თითოეული ნაბიჯის შესრულებისას:

დასაწყისი  მკითხველს გააცანი პერსონაჟები, მოქმედების დრო და ადგილი;

განვითარება – რაღაც მოვლენა ბიძგს აძლევს მთავარი პერსონაჟის მოქმედებას;

კულმინაცია – ხდება რაღაც იდუმალი, დრამატული შემთხვევა ან გარკვეული უთანხმოება პერსონაჟებს შორის;

კვანძის გახსნა – პრობლემა გადაჭრილია, ამბავი სრულდება;

დასასრული – ღია საკითხები იხურება.

 

შემდეგ მოსწავლეები რვეულში გააკეთებენ საკუთარი მოთხრობის მონახაზს:

დაბოლოს, მონახაზის მიხედვით დაწერენ მოთხრობას და დაასათაურებენ.

 

,,მწერლის სახელოსნოს’’ განყოფილებაში მოსწავლეებს არაერთი საინტერესო, შემოქმედებითი დავალება ელოდებათ:

  • პირველი მოთხრობა;
  • შექმენი პერსონაჟი;
  • ცხოვრების ერთი დღე;
  • ვინ ჰყვება ამბავს?
  • შემდეგ რა ხდება?
  • დროში მოგზაურობა;

 

თითოეული დავალების შესრულებისთვის რვეულის ,,მინდორზე’’ განთავსებულია: სიუჟეტის განვითარების იდეები, საინტერესო სიტყვები, დამხმარე კითხვები.

 

ეს ყველაფერი კი საშუალებას იძლევა, რომ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა, როგორც პატარა ,,მწერლებმა’’, სწორი სტრატეგიების გამოყენებით შეძლონ მცირე მოცულობის თხზულებების შექმნა.

 

გამოყენებული რესურსი:

 

სერია  ,,ნამდვილი და მოგონილი ამბები’’  შექმნილია ნინო გორდელაძისა და ავტორთა ჯგუფის მიერ (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა).

 

https://mastsavlebeli.ge/ 

 წერილი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხონ: მასწავლებლებმა, სკოლის მმართველებმა და მშობლებმა.

 

ოჰ, როგორ ვიღლებით მასწავლებლები! ვიღლებით ფიზიკურად, გონებრივად, ემოციურად! ვინმემ რომ რაიმე ხელსაწყო გამოიგონოს და ადამიანის გონებაში წამში მიღებული გადაწყვეტილებები დათვალოს, ალბათ პირველ ადგილას მასწავლებლები გავლენ. ამდენი დაძაბულობა, პასუხისმგებლობა, თითოეული დეტალის გათვალისწინება და ბეწვის ხიდზე სიარული, საბოლოოდ ემოციურ გამოფიტვასა და გადაღლას იწვევს.

იმ დღეს ერთი მშობელი ბრაზობდა სოციალურ ქსელში, ამდენი დასვენება რაში სჭირდებათ მასწავლებლებსო, და სხვა მშობლებიც მხარს უბამდნენ. მართალი გითხრათ, მეწყინა და კიდევ ერთხელ დამაფიქრა იმ ამბავმა, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის რამხელა ნაპრალია და ერთმანეთის მიმართ ორივე მხარე ხშირად ჩასაფრებულ პოზიციაშია. როდესაც მშობლისა და მასწავლებლის თანამშრომლობა ბავშვის სწორი განვითარების, მისი ჰარმონიული მდგომარეობის წინაპირობაა.

ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის მშობლებიც, ვერ იაზრებენ და ვერ ხვდებიან რამხელა ძალისხმევა გვჭირდება მასწავლებლებს, ყოველდღიურად რომ თითოეულ ჩვენს მოსწავლეს სათანადო ყურადღება და სითბო გავუნაწილოთ. გაკვეთილზე სულ დაძაბული ვარ, სულ იმის ფიქრში ვარ – ვაითუ ვინმე გამომრჩა; ვაითუ ვინც არ აქტიურობს, ჩემი მხედველობის მიღმა დარჩა. ისეთი შემთხვევებიც ყოფილა, როცა რობოტული რეჟიმიდან გამოვსულვარ და ოდნავ მოვშვებულვარ. ყოფილა და მერე ძალიან მინერვიულია, მიდარდია. ჰოდა, ცოტა მეტი დასვენების დღე ნამდვილად დავიმსახურეთ. ეს ფუფუნება არ არის, ეს საჭიროებაა. სხვანაირად გამოგვეცლება ის ენერგია, რომელსაც ისევ ბავშვებზე ვხარჯავთ. ხანდახან ერთ უქმე დღეს სასწაულის მოხდენა შეუძლია მასწავლებლისთვის, დაისვენებს, გამოიძინებს (უძილობა ხომ მუდმივი პრობლემაა) და უჰ, მერე ისეთ მაგარ ამბებს დაატრიალებს კლასში! ნამდვილ ქარბორბალად დაბრუნდება!

მასწავლებლებს ძალიან ცოტა გვყოფნის – რომ აღვფრთოვანდეთ და გაგვიხარდეს და პირიქით – რომ სასოწარკვეთაში ჩავვარდეთ და ძალიან, ძალიან გვეწყინოს.

ჰო, იმას ვამბობდი, რომ მასწავლებლებს ძალიან ცოტა გვყოფნის ემოციების ამოსაფრქვევად, და ესეც ალბათ ყოველდღიური ემოციური დაძაბულობიდან უნდა მოდიოდეს. ძალიან მალე და ძალიან უმნიშვნელო რამ გვწყინს. ყველაზე მეტად ის, რაც ეჭვქვეშ დააყენებს ჩვენს კარგ მასწავლებლობას. როდესაც აღნიშნავენ ერთ გადაცდომას, ერთ დაბნეულობას, ერთ არასწორ ქმედებას, თუმცა მის უკან იმდენი კარგი რამ გაგვიკეთებია, იმდენი სწორი ქმედება გვაქვს, იმდენი შრომა, ჯაფა – თუმცა ასეა ჩვენთან, ერთი ფეხის დაცდენა და ყველაფერი წყალშია გადაყრილი.

მასწავლებლები ძალიან სენსიტიური ვართ, თუმცა ამას საგულდაგულოდ ვმალავთ და ბავშვებთან კლდესავით უტეხი ვხდებით, ღრუბელივით ვისრუტავთ უამრავ ემოციას, ფრაზას, პრობლემას, მივდივართ სახლში და თან მიგვაქვს. აბა სკოლაში ხომ არ დავტოვებთ აბა გზაში ხომ არ გავაფრქვევთ, აბა მეტროში ხომ არ გავაყოლებთ მატარებელს, მიგვაქვს სახლში და სახლში ვაფრქვევთ, შვილებთან – ჰოდა, მასწავლებლის შვილობა ცალკე ამბავია. რთულია, როცა დედა გჭირდება და როცა გინდა, მხოლოდ შენი იყოს, ის რამდენიმე საათი მაინც, საღამოს მაინც და ის კი შენთან იტვირთება და შენთან აფრქვევს სკოლიდან წამოყოლილ ღრუბლებს, წვიმებს და ჭექა-ქუხილებს.

მასწავლებლები საუკეთესო რობოტები ვიქნებოდით – ოღონდ სკოლის დროს, კლასის დროს, გაკვეთილის დროს – რეჟიმებსაც იოლად გადავრთავდით. მთავარია, ემოცია არ გაგვპაროდა სადმე, იმიტომ, რომ სტანდარტებს არ უნდა გადავუხვიოთ და დადგენილ წესებს მოვერგოთ, კურიკულუმებს გავყვეთ და გამოვყვეთ, შიგადაშიგ ცოტა ინტერპრეტაციის უფლებაც გვაქვს, თუმცა ესეც განსაზღვრული და შემოსაზღვრულია.

ვიღაც იტყვის, რომ ბევრს ვწუწუნებ და ყველა პროფესიაშია სირთულე. იმ დღეს ერთმა ფარმაცევტმა მითხრა – ნეტავ თქვენ, რა მარტივია მასწავლებლობა, მე კიდევ თითოეულ წამალს უნდა დავაკვირდე, ვადაგასული ხომ არ არის. ეჰ, ჩვენ თითოეულ ბავშვს ვაკვირდებით, უზარმაზარი ლუპითა და მიკროსკოპით, რომ პრობლემების სათავე აღმოვაჩინოთ, ოჯახში ჩავიჭყიტოთ, ბავშვის გონებაში შევძვრეთ. რომელი უფრო მარტივია?

ჩემი ძმა მეტყოდა, რას ამბობ ექიმობაზე რთული როგორააო. ჰო, ეგეც მართალია, ექიმად მუშაობა ძალიან რთულია, განსაკუთრებით სასწრაფოს ექიმობა – თუმცა დამხმარე აპარატურა, მედიკამენტები, დადგენილი წესები და დიაგნოზები, პროცესს ამარტივებს. აქ დადგენილია, გამოკვლეულია, ასეა – ან გაქვს დაავადება ან არა. მასწავლებელი ყოველ დღე იკვლევს, აკვირდება რომ ისეთი შეფასება გააკეთოს, ისეთი დასკვნა გამოიტანოს, რომელზეც არც არაფერი დაწერილა და არც არავის უკეთებია მილიონი კვლევა. შესაძლოა განათლების ფსიქოლოგიაში არსებობდეს კიდეც მსგავსი რამ, მაგრამ გყავს 23 მოსწავლე? ჩათვალე რომ 23 სამყარო გაქვს შესასწავლი, აღმოსაჩენი, დასადგენი და ეს 23-ვე ისეთი განსხვავებული და უნიკალურია!

ალბათ იტყვიან ვაზვიადებ და მაქვს უფლება, რომ გავაზვიადო კიდეც, რადგან დღეს მასწავლებლებს ძალიან გვჭირდება ემოციური მხარდაჭერა, წახალისება, უბრალოდ იმის თქმა, რომ, ჰეი, შენ რა მაგარი ხარ; როგორ დაძლიე ეს პრობლემა; რა საინტერესოა შენი მეთოდები! ხომ ვთქვი, რომ ძალიან პატარა რამ გვჭირდება მასწავლებლებს ფრთებისთვის? ჰოდა ასეთი ფრაზები ზუსტად ეს პატარა რამეა.

ხშირად ვფიქრობ ხოლმე, 90-იანების მასწავლებლებზე, რა ძალა ატარებინებდათ იმ უბედურ დროს, უშუქობაში, სიცივეში გაკვეთილებს? თან ხელფასისა და ელემენტარული სახსრების გარეშე? რატომ კერავდნენ სახლებში ფარდებს და კლასის ფანჯრებზე კიდებდნენ? მე მგონი მათ საკუთარი თავის რწმენა ჰქონდათ, რომ რაღაც ძალიან კარგს აკეთებდნენ. ფიქრობდნენ, რომ მათზე იყო დამოკიდებული უამრავი ბავშვის ბედი, რომ ისინი იყვნენ ჯადოქრები და ხელთ ჯადოსნური ჯოხი ჰქონდათ. ამიტომ იყვნენ ასეთი მხრებგაშლილი, ამაყი და ამიტომ აღარ იყო მნიშვნელოვანი, ხელფას აიღებდნენ თუ არა. ენთუზიაზმს ხომ საკუთარი თავის რწმენა და მაღალი თვითშეფასება აძლიერებს. დღევანდელ მასწავლებლებს სწორედ ეს გვაკლია, საკუთარი თავის რწმენა, რომ მაგარი ვართ, რომ მთებს გადავდგამთ, რომ გადაწყვეტილებები ისე მივიღოთ, შიშმა არ გაგვკრას გულში, მშობელს თუ მოეწონება? ნეტავ რას იტყვის? დირექტორი ხომ კმაყოფილი დარჩება? ჩვენ გვაკლია საკუთარი თავით სიამაყე, აღფრთოვანება – ამიტომაა რომ მშობლის ერთი ტკბილი სიტყვით ვბედნიერდებით. ამიტომაა, რომ, როცა ვიღაც ჩვენს მასწავლებლობას შეაქებს, ძალიან, ძალიან გვიხარია და ხშირად ეს სიხარული ჩვენს მოსწავლეებს გადაედება ხოლმე, გახარებული, ბედნიერი მასწავლებელი ავტომატურად გახარებულ და ბედნიერ მოსწავლეს ნიშნავს, დამიჯერეთ, ეს ასეა.

რამდენიმე წლის წინ შევძელი და პანტიანში მიწა ვიყიდე, ვუყურებ ამ მიწას და ვოცნებობ, ისეთი სივრცე შევქმნა, ისეთი ხის სახლი ავაშენო – რომელიც მასწავლებლებისთვის ემოციების, გრძნობების გაზიარების ადგილად იქცევა. ალბათ გადავგაბრგდებოდი მთლიანად იქ და ჩვენი მასწავლებლების მასპინძლად ვიქცეოდი. ერთმა ძალიან კარგმა მასწავლებელმა შესანიშნავი სამაგიდო თამაში მაჩუქა: „წერითი თერაპია, შენი ცხოვრების სცენარი“ (გურამ მეგრელიშვილის საავტორო თამაშია). ვუყურებ ამ უმაგრეს თამაშს და წარმოვიდგენ, რა მაგარი იქნებოდა, იმ ჩემს სივრცეში ეს მასწავლებლებს გვეთამაშა! რამდენი უმაგრესი იდეა გაჩნდებოდა, რამდენი ადამიანი გაბედნიერდებოდა! და არა მხოლოდ ეს, და არა მხოლოდ თამაშები – უბრალო საუბრები, საკუთარი დარდების და პრობლემების გაზიარება, გვირილას ჩაისთან და ხანდახან ერთ ყლუპ კონიაკთან ერთად. ერთხელაც ავყევი მოდას და ხელოვნურ ინტელექტს დავეკითხე, რა ვქნა ფული როგორ ვიშოვო-მეთქი. ხელოვნურმა ინტელექტმა ისევ მასწავლებლების, ხალხის დახმარება მირჩია. ალბათ მოვა დრო, რომ ამ ყველაფერს თავს მოვუყრი და ერთად ავაშენებთ მასწავლებლის ნამდვილ სახლს, რომელიც მხოლოდ მასწავლებლებზე იზრუნებს და მასწავლებლების ბედნიერებას უზრუნველყოფს, ზემოთ ხომ ვთქვით – ბედნიერი მასწავლებელი ბედნიერ ბავშვებს ნიშნავს, ავტომატურად.

სიხარული გადამდებია და მინდა, გაგახაროთ და დაგპირდეთ, რომ ამ იდეას აუცილებლად განვახორციელებ. შევქმნი სივრცეს, სადაც თქვენი ჭექა-ქუხილების დატოვებას შეძლებთ, სადაც დაიცლებით. შევქმნი მასწავლებლის ნამდვილ სახლს!

და მოდი, ვიამაყოთ ჩვენი თავით, ჩვენი მასწავლებლობით, რომ ასეთი მაგარი ვართ, ასეთი უტეხი და ასეთი ამაყიც! დიახ, ჩვენ გვეშლება, მაგრამ, რომ იცოდეთ, ამ შეცდომებს როგორ განვიცდით, როგორ ვწუხვართ, როგორ ვდარდობთ – კი არ გვისაყვედურებდით, გვეტყოდით რომ, არა უშავს, ალბათ დაიღალე, რობოტი ხომ არ ხარ?

დიახ, ჩვენ არ ვართ რობოტები.


https://mastsavlebeli.ge/?p=43476 


Sunday, March 16, 2025

ლიტერატურული ანალიზის ციფრული ევოლუცია

 (ტექსტების კრეატიული განხილვა ChatGPT -სთან ერთად)

 ციფრული ტექნოლოგია და განათლება

ციფრული ტექნოლოგიები ცვლის ჩვენი სამყაროს პარადიგმას – ადამიანმა გენერაციული ჩატბოტების სახით ზღაპრული “ციფრული ჯინი” მიიღო. ჩატბოტების  ყოველდღიური მისალმება დაახლოებით ასე ჟღერს: “რა კითხვა გაქვს დღეს?”, რაც გულისხმობს: “გისმენთ და გემორჩილებით!” ეს ფრაზა ბევრ ადამიანს აფრთხობს, რადგან არ იცის, რა სჭირდება და როგორ მოითხოვოს ის, რაც ზუსტად არ იცის, რომ სჭირდება. არა და, ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროში უკვე შემოჭრილია, ბევრი რამ შეცვლილია უკვე და ბევრიც ძალიან სწრაფად შეიცვლება. არ ღირს დრო დავკარგოთ შიშში, რომ “ისინი” სამსახურებს წაგვართმევენ, დაგვიპყრობენ, დედამიწიდან გაგვაძევებენ და ა.შ., რადგან ეს უკვე მოხდა და ჩვენც უნდა ვადაპტირდეთ ახალ რეალობასთან. რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი მხოლოდ ინსტრუმენტებია, მთავარი ადამიანია! ბრძანებების გამცემის როლში ყოფნაც აბნევს ადამიანს, რადგან მანამდე მან იცოდა, რომ რუტინულ სამსახურებში  ის უნდა ეკეთებინა, “რასაც დაავალებდნენ”, ახლა კი მან უნდა დაწეროს ინსტრუქციები ჩატბოტებისთვის – ეს კი სასარგებლოსთან ერთად საპასუხისმგებლოცაა!

ერთი სიტყვით, იწყება არა მარტო ღირებულებათა გადაფასება, არამედ იდენტობის კრიზისიც და ეს გზა ყველამ ერთად უნდა გავიაროთ ურთიერთდახმარებით, რადგან ხელოვნური ინტელექტი აღარ არის მხოლოდ ფუტურისტული იდეა, ის ჩვენი ყოველდღიური კომუნიკაციის ნაწილია.

ახლა კი სრულიად კონკრეტულ თემაზე მინდა გესაუბროთ: ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებზე განათლებაში. უკვე დიდი ხანია,  გენერაციულმა ჩატბოტებმა სტუდენტებისა და მოსწავლეების ყოველდღიურობაშიც შეაღწია და ტრადიციულ დავალებებსაც მარტივად უმკლავდება. პროფესორ-მასწავლებლებს მოგვიწევს დავალებების ტრანსფორმაცია, რათა ახალგაზრდობამ  “copy-paste” კი არ გამოიყენოს, არამედ შემოქმედებითად ითანამშრომლოს და ცოდნა გაიმდიდროს და გაიმყაროს. ჩემი ბოლო წლების გამოცდილება უნივერსიტეტში ამ მხრივ ნაყოფიერი აღმოჩნდა. ამიტომ მინდა გაგიზიაროთ გამოცდილებაც და შემოგთავაზოთ კონკრეტული შემოქმედებითი პრომპტები ჩატბოტებთან სამუშაოდ ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე. დიახ, მათი გამოყენება ლიტერატურის ანალიზშიც ახალ ჰორიზონტებს გვიხსნის. ChatGPT-ი და მსგავსი ჩატბოტები ცვლიან ტრადიციულ მიდგომებს და გვთავაზობენ ინტერაქტიურ და ექსპერიმენტულ სივრცეს, სადაც ტექსტი აღარ არის სტატიკური შესწავლის  ობიექტი, არამედ ცოცხალი დიალოგის ნაწილია. ზოგადადაც, მომავლის ცოდნა – ეს არის დიალოგსა და ინტერაქციაში ახალი “ცოდნების” შექმნის პროცესი, ამავე დროს ეს არის ინდივიდუალური პროცესი.

თუ ტრადიციული ლიტერატურული ანალიზი ემსგავსებოდა არქეოლოგიურ გათხრებს, სადაც კრიტიკოსები ფენიდან ფენამდე ეძებდნენ “ჭეშმარიტ ინტერპრეტაციას”, დღეს ჩვენ ვართ ახალ რეალობაში, როცა ანალიზი აღარ არის მხოლოდ დეკოდირება, არამედ შემოქმედებითი დიალოგია.

ChatGPT და მსგავსი მოდელები ქმნიან დინამიკურ მიდგომებს, რომლებიც ერთდროულად მოიცავენ ფილოსოფიურ, ფსიქოანალიტიკურ, სტრუქტურალისტურ თუ პოსტმოდერნისტულ პერსპექტივებს. მათთან ურთიერთობისას მოსწავლეები/სტუდენტები იღრმავებენ ანალიტიკურ უნარებს და სწავლობენ ტექსტის მრავალგანზომილებიან წაკითხვასაც. თითოეული დიალოგი ციფრულ ჰერმენევტიკას ემსგავსება – ტექსტი გარდაიქმნება, მრავალფეროვანი ინტერპრეტაციები იმატებს და მკითხველი თავად ხდება ტექსტის თანაავტორი.

რა უნარებს იძენს სტუდენტი ახალ კომუნიკაციაში?

ტექსტი ცოცხალი დიალოგია… რა ცოდნას/სარგებელს იღებს აქედან მოსწავლე/სტუდენტი?

ყველაზე მთავარი: მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის სასარგებლო მხოლოდ ჩატბოტის პასუხების ანალიზი კი არ არის, არამედ საკუთარი პრომპტების ოპტიმიზაცია და კითხვების დახვეწა. ეს მათ დაეხმარება მეტაკოგნიტიური უნარების განვითარებაში – როგორ ვიფიქროთ საკუთარ ფიქრებზე და როგორ დავსვათ უკეთესი კითხვები – ეს არის დღეს ჩატბოტებთან თანამშრომლობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თემა.

აგრეთვე:

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ლიტერატურულ ანალიზში ახალ, კრეატიულ განზომილებას აძლევს სწავლის პროცესს და გვაძლევს შესაძლებლობას, რომ აკადემიური პროცესი უფრო  მეტად ექსპერიმენტული და მრავალფეროვანი გახდეს.

ახალგაზრდები სწავლობენ კრიტიკული აზროვნების ახალი რაკურსს – რომ ინტერპრეტაცია ერთმნიშვნელოვანი არ არის და რომ ტექსტის კითხვა შეიძლება გახდეს ინტელექტუალური თავგადასავალი.

ძლიერდება ინოვაციური ხედვა და ინტერდისციპლინური კავშირები – ChatGPT გვთავაზობს მოულოდნელ კავშირებს ფსიქოლოგიასთან, სოციოლოგიასთან, კიბერკულტურასთან, რაც ტექსტს ახალ კონტექსტებში აცოცხლებს და სრულიად ახალ მხარეებს გვანახებს.

ტექსტის ანალიზი ხდება არა მხოლოდ აკადემიური, არამედ ნარატიული, პოეტური და დრამატული პროცესიც.

ვითარდება ციფრული წიგნიერება – სტუდენტები/მოსწავლეები სწავლობენ, როგორ იმუშაონ AI-ჩატბოტებთან ისე, რომ მათი გამოყენება არ იყოს  მხოლოდ ინფორმაციული, არამედ შემოქმედებითი და კრეატიული.

მულტიმოდალური ინტერპრეტაცია – ტექსტი შეგვიძლია გარდავქმნათ აუდიალურ, ვიზუალურ, სენსორულ და ემოციურ გამოცდილებად, თუკი ჩატბოტებს შესაბამის ანალიზს მოვთხოვთ.

მნიშვნელოვანი ხდება ციფრული დიალოგური სწავლება – ცოდნა აღარაა სტატიკური სისტემა; ის მუდმივად ვითარდება, რადგან ჩატბოტი გვეხმარება ახალი, ალტერნატიული ხედვების გენერირებაში.

ლიტერატურული ანალიზის ახალი ეპოქა

თავიდანვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ChatGPT არ ანაცვლებს ტრადიციულ ლიტერატურულ მეთოდებს – ის მხოლოდ აფართოებს, ავრსებს, აღვიძებს მკითხველში ტექსტის მიმართ ცნობისმოყვარეობას და ანალიზის პროცესს აქცევს სახალისო თამაშად. ჩატბოტებთან ინტერაქცია საშუალებას გვაძლევს, ვიყოთ ერთდროულად მკვლევრებიც და შემოქმედებიც, მკითხველებიც და ტექსტის თანაავტორებიც. ეს ახალი ჰიბრიდული მეთოდი გვთავაზობს  ინტელექტუალურ ტრენინგს და ახალ გამოცდილებას, რომელიც ციფრული სამყაროს ეპოქაში განსაკუთრებით აქტუალურია.

მომავალი უკვე აქ არის, და ეს მომავალი ციფრული დიალოგია – დიალოგი, როცა  ხელოვნური ინტელექტი შემოქმედებითი პარტნიორია, რომელიც ტექსტის ახალ განზომილებებს გვიხსნის.

ახლა კი კონკრეტული ექსპერიმენტი:

მოდი, სანიმუშოდ ავიღოთ გალაკტიონ ტაბიძის ლექსი “ქარი ქრის” (თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ნებისმიერი პოეტური ან პროზაული ტექსტი და მისცეთ განსხვავებული პრომპტი).

ვუტვირთავთ ჩატბოტს ლექსს და ვაძლევთ პრომპტს: განიხილე გალაკტიონ ტაბიძის ლექსი “ქარი ქრის” სხვადასხვა პერსპექტივაში (აქ შეგიძლია დაუკონკრეტო, რა პერსპექტივებიც გსურს):

ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის,

ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ,

ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის –

სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ.

ისევ წვიმს, ისევ თოვს, ისევ თოვს,

ვერ გპოვებ ვერასდროს, ვერასდროს,

შენი მე ხატება დამდევს თან,

ყოველთვის, ყოველ დროს, ყოველგან.

შორი ცა ნისლიან ფიქრებს ცრის,

ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის.

ChatGPT – ის პასუხი:

  1. მისტიკური აღქმა

ლექსში ბუნების ძალები თითქოს ცოცხლდებიან. ქარი და ნისლი შეიძლება განვიხილოთ როგორც მისტიკური სულები ან უხილავი ძალები, რომლებიც გმირის გრძნობებს განასახიერებენ.

  1. ფსიქოანალიტიკური აღქმა

ლექსი შეგვიძლია გავაანალიზოთ როგორც ქვეცნობიერის გამოძახილი. „სადა ხარ“ შეიძლება იყოს იდენტობის ძიების სიმბოლო, ხოლო განმეორებადი „ქარი ქრის“ — შინაგანი არეულობის და დაძაბულობის გამოხატულება.

  1. მეტაფიზიკური აღქმა

ლექსი შეიძლება აღვიქვათ როგორც დროისა და სივრცის ძიება. „ყოველ დროს, ყოველგან“ გრძნობის ულევობას და დროის მიღმა არსებობას აღნიშნავს.

  1. ალეგორიული აღქმა

ეს ლექსი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ცხოვრების ციკლის ალეგორია: ქარი — ცვლილებები, ფოთლები — დროის გასვლა, ხოლო ნისლი — მომავლის გაურკვევლობა.

  1. მუსიკალური აღქმა

ლექსის რიტმი და განმეორებადი სტრიქონები შეიძლება მუსიკალურ კომპოზიციად აღვიქვათ. „ქარი ქრის“ გამეორება რეფრენის მსგავსად ჟღერს, რაც მელოდიურობას ანიჭებს ნაწარმოებს.

  1. აბსურდული აღქმა

შეგვიძლია, ლექსი დავინახოთ როგორც აბსურდის თეატრის ელემენტი. ლირიკული გმირი ეძებს ვიღაცას ან რაღაცას, რაც შეიძლება არც არსებობდეს, და ეს ძიება უსასრულოდ გრძელდება.

  1. სიურრეალისტური აღქმა

ბუნების ელემენტების და ემოციის შერწყმა სიზმრისეულ, სიურრეალისტურ სცენას ქმნის. ფოთლები, რომლებიც „ქარდაქარ“ მიჰქრიან, შეიძლება განვიხილოთ, როგორც ფიქრების ფრაგმენტები, რომლებიც ცნობიერებას გასცდნენ.

  1. კოსმიური აღქმა

ლექსი შეიძლება აღვიქვათ, როგორც კოსმოსური მოგზაურობა. ქარი და ნისლი სივრცესა და დროის უსასრულობაში მოგზაურობის სიმბოლოებია, ხოლო გმირის „სადა ხარ“ — სამყაროში საკუთარი ადგილის ძიებაა.

  1. რიტუალური აღქმა

განმეორებადი სტრიქონები და რიტმი შეიძლება რიტუალურ შელოცვას ჰგავდეს, თითქოს ლირიკული გმირი შეყვარებულის ხატებას იძახებს და ბუნების ძალებს უხმობს.

  1. ციფრული აღქმა

ლექსი შეგვიძლია აღვიქვათ როგორც ინფორმაციული ნაკადის და მონაცემების ცირკულაცია ციფრულ სამყაროში. „ქარი ქრის“ მსგავსად, მონაცემები განუწყვეტლივ მოძრაობს ქსელში, „ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ“ კი პაკეტების მარშრუტირებას ჰგავს ინტერნეტში. „სადა ხარ“ შეიძლება მივიჩნიოთ დაკარგული მონაცემის ან უკუგამის ძიებად, ხოლო ნისლი — ღრუბლოვან შენახვასა და ვირტუალურ რეალობას განასახიერებს.

ვაგრძელებ ინსტრუქციების მიცემას და ვეუბნები: განიხილე ლექსი აუდიალური, ვიზუალური და კინესთეტიკური აღქმის პერსპექტივაში:

ChatGPT – ის პასუხი:

აუდიალური აღქმა

ეს მიდგომა ფოკუსირდება ხმებზე, რიტმსა და მუსიკალურობაზე:

  • ანალიზი: განმეორებადი „ქარი ქრის“ ქმნის რიტმს, რომელიც ქარის ხმაურს ჰგავს. ეს აკუსტიკური ეფექტი ქმნის მუდმივი მოძრაობის და წრებრუნვის შეგრძნებას. „ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ“ — აქ სიტყვები ხმაურის იმიტაციას ახდენენ, თითქოს ფოთლები ერთმანეთთან შეხებით ცვივიან.
  • ნიმუში: თუ აუდიოფორმატში წარმოვიდგენთ, შეიძლება გამოყენებულ იქნას ქარის ჩურჩული, ფოთლების შრიალი და წვიმის მსუბუქი ხმაური ფონად. პოეტის ხმაც შეიძლება დაბალ, სევდიან ტონალობაში ჟღერდეს, რაც ლექსის მელანქოლიურ ატმოსფეროს გააძლიერებს.

ვიზუალური აღქმა

ეს მიდგომა ამახვილებს ყურადღებას ვიზუალურ ასოციაციებზე და სურათებზე:

  • ანალიზი: ლექსში მდიდარია ვიზუალური დეტალები: „ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ“ — წარმოდგენაში ჩნდება ქარბორბალას მსგავსი სცენა, სადაც ფოთლები ჰაერში ბრუნავენ. „ნისლიან ფიქრებს ცრის“ იწვევს ნისლით დაფარულ ჰორიზონტს და გაურკვევლობის ატმოსფეროს.
  • ნიმუში: ლექსის ვიზუალიზაციისას, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ნაცრისფერი, სუსტი განათება, ნისლი, რომელიც ცას ფარავს, და ფოთლები, რომლებიც ქარის ძალით ბრუნავენ. ეს ყველაფერი ქმნის სევდიან და მელანქოლიურ პეიზაჟს.

კინესთეტიკური აღქმა

ეს მიდგომა კონცენტრირდება მოძრაობასა და შეგრძნებებზე:

  • ანალიზი: ლექსში მოძრაობის დინამიკა ძლიერია: „ქარი ქრის“ — ჰაერის მოძრაობის შეგრძნება იბადება; „ფოთლები მიჰქრიან“ — სისწრაფისა და ქარბორბალის ენერგიის განცდა ჩნდება.
  • ნიმუში: კინესთეტიკურად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რომ ვდგავართ ქარიან დღეს ღია სივრცეში, ვგრძნობთ სახეზე ცივ ნიავს, ტანსაცმლის ფრიალს და ფოთლების შეხებას, რომლებიც ქარს მიჰყავს.

როდესაც მოსწავლეები/სტუდენტები განსხვავებული პრომპტებით მიიღებენ სრულიად განსხვავებულ პასუხებს, კრიტიკულად გაიაზრებენ მიღებულ ინფორმაციას, დახვეწენ ახალი პრომპტებით საბოლოო შედეგს, ამის შემდეგ იწყება უკვე ყველაზე საინტერესო პროცესი –  აუდიტორიაში განხილვა.

ასეთ შემთხვევაში მასწავლებელი ფასილიტატორია, მოდერატორი, რომელიც სწორად უხსნის მოსწავლეებს პრომპტების შექმნის ხელოვნებას და წარმართავს განხილვის პროცესს. ბოლოს კი შეაჯამებს განსხვავებულ ინტერპრეტაციებს.

  

ამ თემაზე უფრო მეტი წაიკითხეთ ამ ნაშრომებში:

  1. Ryan, M.-L. (Ed.). (1999). Cyberspace Textuality: Computer Technology and Literary Theory. Indiana University Press.
  2. Berry, D. M., & F. Gruisin, R. (Eds.). (2017). Digital Humanities: Knowledge and Critique in a Digital Age. Polity Press.
  3. Jenkins, H., McPherson, T., & Shtern, J. (Eds.). (2018). The Digital Critic: Literary Culture Online. OR Books.
  4. Ramsay, S. (2011). Reading Machines: Toward an Algorithmic Criticism. University of Illinois Press.
  5. Overton, C. L. (1998). Artificial Intelligence and Literary Creativity: Inside the Mind of Brutus, a Storytelling Machine. Routledge.

 https://mastsavlebeli.ge/?p=42470

სწავლა-სწავლების პროცესის გამოწვევები

 სწავლა-სწავლება საკმაოდ საინტერესო, გამოწვევებითა და აღმოჩენებით სავსე პროცესია, რომელსაც სწორად მართვა სჭირდება, რაც ცხადია, გულისხმობს მასწავლებლის, ტუტორის მიერ სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპების ცოდნასა და პრაქტიკაში მის ადეკვატურად დანერგვას. დღესდღეობით, ამ კომპლექსურ საკითხს განათლების ექსპერტები ფსიქოლოგიურ ჭრილში განიხილავენ და მიიჩნევენ, რომ მოსწავლის სწორად განვითარებისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელებისთვის და საგნის ათვისება-გააზრების პროცესისთვის უმნიშვნელოვანესია, მასწავლებელს შეეძლოს მოსწავლესთან ადეკვატური კომუნიკაციის დამყარება, რომელიც განხორციელდება საბაზისო ფსიქო-ემოციური ფაქტორების გაცნობისა და ანალიზის საფუძველზე. ამრიგად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ფსიქოლოგთა გარკვეული ნაწილი დაინტერესდა სწავლა-სწავლების პროცესით და ერთობლივად, სხვადასხვა მოსწავლეზე ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად შეიმუშავა ოცი პრინციპი, რომლებიც მასწავლებელს დაეხმარება თვითრეფლექსიაში, მოსწავლესთან კომუნიკაციის დამყარების ნაწილში, დიალოგის სწორად წარმართვის ასპექტში. წინამდებარე სტატიაში გვსურს, რამდენიმე მათგანზე ვისაუბროთ, გამოვყოთ მნიშვნელოვანი პრინციპები და გავუზიაროთ ის ფართო აუდიტორიას, რათა წარმოდგენილი მასალა განათლების სპეციალისტებმა დანერგონ და პრაქტიკაში გამოიყენონ.

როგორ ფიქრობს და სწავლობს მოსწავლე? – ეს ერთ-ერთი იმ მრავალ კითხვათაგანია, რომელზეც უნდა დაფიქრდეს მასწავლებელი, სანამ მოსწავლეთათვის საგნის, საკითხის გაცნობას დაიწყებს. აღნიშნული კი ეფუძნება მოსწავლის ფსიქო-ემოციურ-სოციალური ფაქტორების ცოდნას კონკრეტულ ასაკში. პირველი პრინციპის თანახმად, მოსწავლეთა ზოგადი რწმენა-წარმოდგენები ცოდნასა და განათლებაზე დიდწილად განსაზღვრავს მისი შემეცნების, სწავლის, მოტივაციის ხარისხს. თუ მოსწავლე ფიქრობს, რომ მისი გონება სწრაფად ვერ ჭრის რთულ პრობლემას ან მას რაიმე დაბრკოლების გადალახვა არ შეუძლია, ბუნებრივია, მუდმივად უჭირს გამოწვევების მიღება, მარცხში კი ახალ ცოდნის მიღების შესაძლებლობას ვერ ხედავს. ფსიქოლოგთა რეკომენდაციით, ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლესთან შექებისა და უკუკავშირის სწორად გამოყენება, რათა მას თავიდან ავარიდოთ აღნიშნულისადმი ინდიფერენტული დამოკიდებულება. უკუკავშირი უნდა იყოს საქმიანი, არგუმენტებზე დაფუძნებული, აუცილებელია ნაშრომის დადებითი და უარყოფითი ნაწილის სწორად ჩვენება. არასასურველია ე.წ. შეფასებითი ლექსიკური ერთეულების ჩართვა, როგორიცაა: „მშვენიერია“, „იდეალურია“. უკუკავშირი მაშინაა ეფექტური, როდესაც მოსწავლე ხვდება, რა დაწერა სწორად და რა ნაწილში დაუშვა შეცდომა. ამის შემდეგ კი უნდა დაიწყოს მომდევნო ეტაპი.

როდესაც მოსწავლე თავს ვერ ართმევს რაიმე დავალებას, მნიშვნელოვანია მასწავლებელმა ხაზი გაუსვას იმ ფაქტს, რომ მოსწავლემ ახალი სტრატეგიების გამოყენებით, საკითხზე ინფორმაციის გაღრმავებით, ძალისხმევის გაორმაგებით უნდა შეძლოს დავალების შესრულება, ახალ გამოწვევად უნდა დასახოს მოცემული პრობლემა. აღნიშნული საკითხი გულისხმობს, რომ მასწავლებელმა შესაძლოა, იგი სოკრატესეული კითხვების პრინციპით მიიყვანოს პასუხთან ან დამატებითი მასალაზე მიუთითოს, რათა მან საკუთარ თავზე მუშაობით, თვითშემეცნებით შეძლოს შეცდომის იდენტიფიკაცია და მისი გამოსწორების გზების ძიება.

საყურადღებოა, მასწავლებელმა არ შეაქოს მოსწავლე მარტივი დავალების შესრულების შემდეგ, ეს მის თვითშეფასებას აქვეითებს. აუცილებელია, დავალების შესრულების დროს ყველამ დამოუკიდებლად იმუშაოს. ეს ზრდის მოსწავლის თვითრეალიზაციის ხარისხს. შეცდომის დაშვება დადებითი კუთხით უნდა იყოს დანახული – როგორც ახალი „მწვერვალი“, რომლის „დალაშქვრაც“ გაორმაგებული ვარჯიშითა და ძალისხმევითაა შესაძლებელი.

 

შემდეგი პრინციპი გულისხმობს იმას, რომ მოსწავლის მიერ მიღებული გამოცდილება, სხვადასხვა საკითხზე ცოდნის დაგროვება განსაზღვრავს მისი სწავლის ხარისხს. ფსიქოლოგები გამოყოფენ ორ ცნებას: კონცეპტუალური ზრდა და კონცეპტუალური ცვლილება. პირველ ცნებაში გაერთიანებულია მოსწავლის ცოდნა გარკვეულ საკითხზე, მეორეში კი მის მიერ არასწორად აღქმული და დამახსოვრებული ინფორმაცია. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელს ევალება საკითხის შესახებ დამაჯერებელი, სანდო ინფორმაციის, მონაცემების წარდგენა. მან მოსწავლეს არგუმენტირებულად უნდა დაუმტკიცოს საკითხის მცდარობა. მეორე შემთხვევაში კი სწორედ მას უნდა მისცეს ე.წ. მთავარი როლი და თავადვე უნდა მიიყვანოს სწორ დასკვნამდე.

მოსწავლეს აქვს გარკვეული ცოდნა, რომელზეც ახალი უნდა დააშენოს. საყურადღებოა, მასწავლებელმა გამოარკვიოს, თუ რა ტიპის ინფორმაციას იცნობს მოსწავლე და მისთვის საინტერესო რაკურსით დაანახვოს ახალი საკითხი, რათა მას გაუჩნდეს ინტერესი და მისი ჩართულობის ხარისხი გაიზარდოს. ამისთვის კი საჭიროა ისეთი ინსტრუმენტის გამოყენება, რომელიც მათ საბაზისო ცოდნას შეამოწმებს.

 

მომდევნო პრინციპის კვალდაკვალ, გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი დავალების შესრულება, რომელიც სახელმძღვანელოშია წარმოდგენილი, არ მოიცავს გრძელვადიან მიზანს. იმისთვის, რომ მოსწავლემ ხანგრძლივ მეხსიერებაში „გადაიტანოს“ შესწავლილი საკითხი, მან პრაქტიკულად უნდა განახორციელოს იგი, სოციო-კულტურულ კონტექსტს უნდა დაუკავშიროს და თავად უნდა იყოს პროცესის აქტიური წევრი. დავალების შესრულება საშუალებაა, ხოლო პირადი გამოცდილების შეძენა უკვე მიზნის განხორციელება. შესაბამისად, გარდა პროექტებისა, საგულისხმოა მოსწავლემ იმუშაოს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებულ ღია კითხვაზე, სადაც აუცილებელი იქნება პირადი დამოკიდებულების გამოხატვა და დასაბუთება. ამ მიზნის მისაღწევად, გარდა ფორმალური განათლებისა, საგულისხმოა არაფორმალური განათლების კომპონენტის გათვალისწინებაც, რომელიც კლასგარეშე აქტივობებს მოიცავს. ერთი საკითხის ორგვარი ფორმით მიწოდება გრძელვადიანი მიზნის მიღწევის გასაღებია.

მოსწავლემ უნდა გამოიმუშაოს საკუთარ თავთან მუშაობის უნარი, რომელიც ყურადღების, კონცენტრაციის, თვითკონტროლის, დაგეგმვის ასპექტებს მოიცავს. აღნიშნულის განსახორციელებლად კი საჭიროა კლასის სწორად ორგანიზება, სწორი ინსტრუქციების გაცემა, მოსწავლეთა მხარდაჭერა, მკაფიო და ნათელი მიზნების დასახვა, მოსწავლემ უნდა შეძლოს მოკლე და გრძელვადიანი შედეგების განსაზღვრა.

ამერიკელი ფსიქოლოგები მიიჩნევენ, რომ შემოქმედებითი აზროვნება დასწავლადია და აუცილებელია მასწავლებელმა სწორად იმოქმედოს მოსწავლეში მის გასავითარებლად. მან აუცილებლად უნდა ცვალოს აქტივობები, დავალებები ორიენტირებული უნდა იყოს შექმნაზე, გამოგონებაზე, წარმოდგენასა და ვარაუდების დაშვებაზე. უნდა განისაზღვროს, რომ მან ჯგუფში, სხვა სოციუმთან ერთად უნდა იმსჯელოს პრობლემაზე. მსჯელობისას გათვალისწინებული უნდა იყოს ნებისმიერი მოსწავლის აზრი და შეხედულება.

სწავლა-სწავლების პროცესში საყურადღებოა გარეგანი და შინაგანი მოტივაციის როლი. გარეგანი მოტივაცია ცალსახად მნიშვნელოვანია, იგი გულისხმობს სხვადასხვა აქტივობის შესრულების შემდეგ მოსწავლის დაჯილდოებას კარგი ნიშნით, შექებით… ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლესთან სწორ უკუკავშირზე დაყრდნობით განმსაზღვრელი შეფასების გამოყენება. მიღწეული შედეგით კმაყოფილება, რომელიც ემყარება შრომასა და გარჯას, ასოცირდება დადებით ემოციასთან. თავისთავად მნიშვნელოვანია შინაგანი მოტივაციის განვითარებაც, იგი გულისხმობს თვითდისციპლინითა და თვითშემეცნებით მიღებულ სიამოვნებას. მას აღარ სჭირდება გარეგანი ფაქტორი მოტივაციისთვის, მისი მიზანია შეიმეცნოს და ამით გაბედნიერდეს. აღნიშნულ დონემდე მისასვლელად მოსწავლემ უნდა გაიაროს გარეგანი მოტივაციის ფაზა. შინაგანი მოტივაციის განვითარებისთვის საკმაოდ აქტუალური ინსტრუმენტია სამოტივაციო საუბრები. მოსწავლეს ვუხსნით აქტივობის საჭიროებასფუნქციას და ყურადღებას მახვილებთ იმაზე, თუ რა შედეგს მოუტანს ის მა. მაგალითისთვის, თუ მოსწავლეს კითხვის კომპონენტი აქვს განსავითარებელი, ამისთვის შემოგვაქვს განმავითარებელი შეფასების ერთ-ერთი ინსტრუმენტი, კითხვის შეფასების კრიტერიუმები, და ის თავად ხსნის თავის შეცდომებს და ისახავს მიზანს, თუ რა უნდა გააუმჯობესოს, როგორ და როდის უნდა მიაღწიოს აღნიშნულ მიზანს. მთავარი კითხვის პასუხამდე კი მოსწავლე მასწავლებლის მცირედი დახმარებით თავისით მიდის: თუ რატომ სჭირდება კითხვის უკეთ ცოდნა.

ამრიგად, ინსტრუმენტები მრავალგვარია, აუცილებელია მასწავლებელმა იკვლიოს, როგორ მიაღწიოს დასახულ მიზანს და რომელი ფსიქოლოგიური მახასიათებლები უნდა იყოს გათვალისწინებული აქტივობის განხორციელების დროს. უნდა გვახსოვდეს, რომ მოსწავლე ზრდასრულობის ასაკამდე ურთულეს ფსიქო-ემოციურ პროცესს გადის. სწორედ ამ მნიშვნელოვან წლებში ყალიბდება მისი თავდაჯერებულობისა და თვითაქტუალიზაციისკენ მიმავალი გზის უმნიშვნელოვანესი საფეხურები. მასწავლებლის როლი კი ცალსახად მნიშვნელოვანია, რადგან მისი თითოეული სიტყვა ღრმა კვალს ტოვებს მოსწავლის არაცნობიერზე, რომელიც ზრდასრულობის ასაკში ათასგვარი „მახინჯი“ ფორმით შეიძლება გამოვლინდეს.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Lucariello, S. Graham…. ,,Top 20 principles from psychology for prek-12 teaching and learning’’, American psychology assosiation, 2015;
  2. სწავლების მეთოდები და სწავლების სტრატეგიები: https://mastsavlebeli.ge/?p=2536

  3. https://mastsavlebeli.ge/?p=42474