Sunday, December 15, 2024

ძველი ამბები, ძველი ტექსტები და ფიქრები განათლებაზე

 „მე მაინც იმას ვამბობ, რომ კაცი კაცად გახდეს, ამის ღონედ მარტო ცოდნა და განათლებაა“ – ეს ილია ჭავჭავაძის სიტყვებია. ეს სიტყვები იმაზე მიუთითებს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდა ჩვენი სასიქადულო მოღვაწე ცოდნასა და განათლებას. ამ აზრამდე ქართული საზოგადოება ილიამდე საუკუნეებით ადრე მივიდა.

ქრისტიანობა რომ წიგნიერი რელიგიაა და ღვთისმსახურებისთვის აუცილებელია სპეციალური ლიტერატურის (და არამარტო საღვთო წიგნების) ცოდნა (და ამ ტექსტებში ნავიგაცია მარტივი საქმე ნამდვილად არ არის), ეს საყოველთაოდაა ცნობილი. ამასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენი ცნობილი ჰაგიოგრაფიული ტექსტების პერსონაჟები ავლენენ სასულიერო მწერლობის მიმართ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველების, როგორც წიგნიერი ერის შესახებ, წარმოდგენა უძველეს ბერძნულ წყაროებშივე გვხვდება. აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკაში“ ნახსენებია, რომ კოლხებს ჰქონდათ ე.წ. კირბები (თიხის ფირფიტები), რომლებზეც ხმელეთისა და ზღვის საზღვრები იყო მონიშნული – ქაღალდის მოხმარებამდე ისინი აქტიურად იყენებდნენ წერისა თუ ჩანიშვნის მსგავს ტექნიკას.

ფარნავაზ მეფის ცხოვრება გავიხსენოთ – ლეონტი მროველის თქმით (სავსებით მოსალოდნელია, მისი წერის მანერიდან გამომდინარე, გაცილებით უფრო ძველ წყაროებს ეყრდნობოდეს), ქართლის სამეფოს დამფუძნებელმა პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ ქართული ენა სახელმწიფო რელიგიად აქცია და „შექმნა მწიგნობრობა ქართული“ – ეს ამბავი მართლაც ასეა თუ არა, ამაზე მნიშვნელოვანი იმის გააზრებაა, წიგნიერების როგორ საჭიროებას ხედავდნენ ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში.

მსგავსი მაგალითების მოყვანა მრავლად შეგვიძლია ჩვენი ისტორიული წყაროებიდან, თუმცა მხოლოდ ერთს, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობას გავიხსენებ: მეფეს ომშიც კი თან დაჰქონდა საკითხავი ლიტერატურა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდა საგანმანათლებლო კერების შექმნას.

ისევ ჰაგიოგრაფიას დავუბრუნდეთ: სენაკში გადასულმა შუშანიკ დედოფალმა თან წაიღო ევანგელიე – სახარება – და წმინდა მოწამეთა წიგნები; ქართლში ჩამოსული აბო ქართულ ენასთან ერთად დამწერლობასაც სწავლობს, რადგან მას, როგორც ქრისტიანს, შესაბამისი სწავლების მიღება სურს…

არგუმენტები და მაგალითები უხვადაა ქართულ სასულიერო მწერლობაში, თუმცა განათლების თემასთან მიმართებაში საგანგებოდ უნდა გამოვყოთ „ზეცისა კაცსა და ქუეყანისა ანგელოზი“, „უდაბნოთა ქალაქმყოფელი“, გრიგოლ ხანძთელი, რომლის მოღვაწეობის მასშტაბი მხოლოდ ქართლიდან ტაო-კლარჯეთში გაპარვით და იქ რამდენიმე მონასტრის აგებით ნამდვილად არ შემოიფარგლება. რა წერია განათლებაზე გიორგი მერჩულის შესანიშნავ ტექსტში, რომელიც, დიდი მოღვაწის ცხოვრების აღწერის გარდა, შეიძლება ითქვას, ეპოქის მატიანეცაა. წერია ის, რომ გრიგოლ ხანძთელის „გულისხმიერებაი სწავლისაი განსაცვიფრებელ იყო ფრიად“. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქართლში ცხოვრობდა და ფიქრადაც არ ჰქონდა გავლებული სამხრეთ საქართველოში გამგზავრება, მან მხოლოდ ის იცოდა ზუსტად, რომ ღირსეული მოძღვარი სამაგალითო უნდა ყოფილიყო ყველასთვის. იცოდა და იყო კიდეც. გრიგოლ ხანძთელი ეცნობა სწავლობს სასულიერო ლიტერატურას, საგალობლებს („ხმითა სასწავლელი სწავლაი საეკლესიოი“), ეუფლება არაერთ ენას, და როგორც ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, არა მხოლოდ მეტყველებას, არამედ დამწერლობასაც. ესეც მისი პასუხისმგებლობიანობის მაჩვენებელია. იცის, რა სჭირდება, და ამის შესასწავლად არ ინანებს დროს. და რაც ყველაზე საინტერესოა, სასულიერო კულტურის აყვავების ეპოქაში გრიგოლ ხანძთელს არ ავიწყდება ფილოსოფოსთა ნაშრომები, მათ ნაწერებსაც ზედმიწევნითი ინტერესით ეუფლება (აქ კი შენიშნავს ავტორი, „რომელი პოვის სიტყუაი კეთილი, შეიწყნარის, ხოლო ჯერკუალი განაგდისო“, მაგრამ, ფაქტია, ცოდნის სრულყოფისთვის მხოლოდ ერთი მიმართულებით განვითარება წმინდა ბერს საკმარისად არ მიაჩნია). მისი ასეთი ინტერესი და გულმოდგინება სამაგალითოა არამხოლოდ იმ ეპოქისთვის, არამედ, შეიძლება ითქვას, უნივერსალური მოდელია კაცობრიობისთვის. სიტყვა „მოძღვარი“ ძველ ქართულში მასწავლებელს ნიშნავს, მასწავლებელმა კი, თუ სურს, რომ ასწავლოს, არც თავად არ უნდა შეწყვიტოს სწავლა, განვითარება. როცა ამ დიდი მოღვაწის საქმისადმი დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ იმას, თუ როგორ ემზადება ის ჯერ ბერობისთვის, მოძღვრობისთვის, და შემდეგ – წინამძღვრობისთვის. სანამ მონასტრების შენებას დაიწყებს, თავის მეგობრებთან ერთად ორი წელი ოპიზაში ცხოვრობს, იქ მცხოვრებთაგან ითვისებს სხვადასხვა უნარს. ამითაც არ კმაყოფილდება, გადის უდაბნოში და მეუდაბნოეებისგან სწავლობს სათნოებებს. ეს არაა მთხრობლის მიერ ფურცლის შესავსებად ან მოვალეობის მოხდის მიზნით დაწერილი ტექსტი. ის, რაც გრიგოლ ხანძთელმა ოპიზაში ცხოვრებისას აითვისა, ვხედავთ, როგორ გამოიყენა შემდგომი მოღვაწეობისას. ისიც აღსანიშნავია, რომ ხანძთის მონასტერიც უცებ, თავისთავად არ აშენებულა, თავიდან მხოლოდ საკუთარი ძალებით ცდილობდნენ ბერები, მხოლოდ მოგვიანებით გადაწყვიტეს გაბრიელ დაფანჩულთან დაკავშირება, მასთან შეთანხმება. გრიგოლ ხანძთელი ალბათ საგანგებოდაც კი არჩევდა ღირსეულ მოკავშირეს და ყველასთან არც მივიდოდა, „არავის უდებთაგანსა შეიწყნარებდა“. აგებულ მონასტერს წეს-განგება რომ სჭირდება, ამისთვისაც საგანგებოდ ზრუნავს წინამძღვარი, პირდაპირ მზა წესებს არ ენდობა, უცხოეთიდანაც ჩამოატანინებს და თავადაც შეისწავლის ადგილობრივ წესებს, მხოლოდ ამის შემდეგ შეადგენს საკუთარს, „სიბრძნით განსაზღვრებულს და მეცნიერებით განბრწყინვებულს“. მისი ასეთი დამოკიდებულებების გამო იქცევა იგი დიდებულ მოღვაწედ, ამიტომ იძენს უპირობო ავტორიტეტს სასულიერო თუ საერო მოღვაწეების, მათ შორის, მონარქების თვალშიც. გრიგოლ ხანძთელს ბევრი თვისება ჰქონდა, რომელთა გამოც იყო ის ასე აღიარებული ყველასგან, მაგრამ, დამეთანხმებით, მათ შორის უპირატესი მართლაც ის ცოდნა და შემდგომ უკვე გამოცდილება იყო, რომელმაც ასორი წლის ასაკამდე, გარდაცვალებამდე, და შემდეგაც შეუნარჩუნა მას ეს სახელი და ღირსება. მის მიერ დაარსებულ მწიგნობრულ კერებში, ხანძთასა და შატბერდში, აღიზარდა ის თაობა, რომელმაც საქმიანობა ღირსეულად გააგრძელა არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მისი მოღვაწეობის, საერო პირებთან სწორი თანამშრომლობის შედეგად კი ტაო-კლარჯეთმა შეძლო, ჩაენაცვლებინა არაბებისგან განადგურებული ქართლი და ქვეყანა განვითარების გზაზე დაეყენებინა.

დღეს, 21-ე საუკუნეში, იმის გააზრება, რომ განათლება თავისუფლებაა, რომ მომავალი განათლებაშია, და რომ ის გვიხსნის უამრავ კარს, უამრავ შესაძლებლობას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

წერილს ისევ ილიას სიტყვებით დავასრულებ: „სწავლა, ცოდნა, მეცნიერება – ღონეა იმისთანა, რომელსაც დღეს წინ ვეღარაფერი ვეღარ უდგება: ვერც მუშტი, ვერც ხმალი, ვერც ჯართა სიმაღლე“.

https://mastsavlebeli.ge/



No comments:

Post a Comment