Sunday, December 15, 2024

აფრებიანი გემი

 ჩემს მეგობარს ტატუ აქვს. იდაყვის გარეთა მხარეს აფრებიანი გემი ახატია. როგორც მახსოვს, რამდენიმე წლის წინ დაიხატა, თავისუფლების სიმბოლო მინდაო. არადა, თინეიჯერობის ასაკს  გამცდარი იყო. მისი არც ახლა მესმის და ნააზრევს მაშინაც ვერ ჩავწვდი, მაგრამ კაცია და გუნება. ბოლოს და ბოლოს ამ გემთან ერთად მთელი ცხოვრება თავად უნდა გაატაროს.

დერმატოლოგიის მიხედვით ტატუს რამდენიმე კატეგორია არსებობს.

  • ტრავმული ტატუ – როდესაც რაღაც შემთხვევის ან ტრავმის შედეგად საღებავი კანის ეპიდერმისის ღრმა ფენებში აღწევს და სამუდამოდ რჩება. ასეთი რამ, მაგ. მაღაროელებს ემართებათ, ნახშირის მტვერი კანში შეიზილება და, ფაქტობრივად, სამუდამოდ რჩება იქ.
  • სამოყვარულო ტატუ – ეს დაახლოებით ის სახეობაა, რაშის დახატვას, რომ გპირდებიან და პატარა ცხენუკას მიგახატავენ.
  • სამედიცინო ტატუ – შრამის დასაფარად იყენებენ, ან სამედიცინო ინფორმაციის დასაფიქსირებლად. მაგ. სისხლის ჯგუფი, ან ინფორმაცია, რომ ადამიანს დიაბეტი აქვს. ასეთი ამბები პასპორტში იწერება, ზოგან ე.წ. სამაჯურებს ატარებენ, თუმცა ადრე ტატუთი აფიქსირებდნენ, რადგან უფრო სანდოდ ეჩვენებოდათ.
  • კოსმეტიკური ტატუ, იგივე პერმანენტული მაკიაჟი.
  • დაბოლოს, პროფესიული, მხატვრული ტატუ.

 

ეს ბოლო სახეობა ყველანაირ სურათს მოიცავს და სულ მიკვირს იმ ადამიანების, ვინც სხეულზე, ასე არაფრის გამო რაღაცას იხატავს. ნუთუ რამდენიმე წლის შემდეგ არ მოგბეზრდებათ ერთი და იგივე გამოსახულების ყურება? ერთ ჟურნალში  ნამდვილად მომხდარი სასაცილო ამბები წავიკითხე: ვიღაც დანიის მოქალაქეს ხელზე შტრიხ-კოდი დაუხატავს. შემდეგ სუპერმარკეტში წასულა რაღაც საყიდლებზე და იქ აპარატს უცნია… დიახ, გადასახდელმა აპარატმა  მწვანე მუხუდოს ქილად ამოიცნო.

 

თუმცა, საბედნიეროდ მუდმივი აღარაფერია. მათ შორის, ტატუც ლაზერის რამდენიმე სეანსით შეიძლება წაიშალოს.

 

ზოგადად, ტატუს ტრადიცია უძველესი დროიდან მოდის. თუმცა, ცივილიზაციამ მხოლოდ ახლა დაიწყო მისი ლოიალურად მიღება.

 

1996 წელს ალპებში ბრინჯაოს ხანის მუმია იპოვეს, სახელად „ეტსი“. მის ტანზე 61 ტატუ იქნა აღმოჩენილი. მასალა მური იყო.

 

დაახლოებით იმავე დროს, როცა „ეტსი“ თოვლიან ალპებში დასეირნობდა, ძველ ეგვიპტეში ტატუ ქალებს შორის იყო გავრცელებული. ასეთი დასურათებული ეგვიპტელი ქალი ვინმე „ამუნეტი“ ყოფილა, ფარაონის ოჯახთან ძალიან დაახლოებული პირი. ტატუ მუცლის გარშემო აღმოაჩნდა და ფიქრობენ, რომ უფრო რელიგიურ დატვირთვას ატარებდა, ვიდრე დეკორატიულს.

 

იულიუს ცეზარი ტატუირებულ „პიქტებს“ აღწერდა, რომლებსაც ბრიტანეთის კუნძულებზე ებრძოდა. ისინი ლურჯი ყვავილებისგან მიღებული ლურჯი საღებავით იყვნენ შეღებილნი (სავარაუდოდ, ინდიგოთი). თავად ძველი რომაელები, ისევე, როგორც ძველი ბერძნები, ტატუს ბარბაროსობად მიიჩნევდნენ. ძირითადად ტატუს მონების, ჯარისკაცების და პატიმრების დასანომრად იყენებდნენ. ქრისტიანულ სამყაროში ტატუ თავიდანვე მკაცრად იყო აკრძალული. თუმცა, მაგ. შუა საუკუნეების ბოსნია ჰერცოგოვინაში მცხოვრები კათოლიკეები ხელებსა და შუბლზე ჯვარს ისახავდნენ, რათა გამორჩეულ-გამოყოფილები ყოფილიყვნენ იქ მცხოვრები მუსლიმანებისგან.

 

არადა, თავად მუსლიმანებმა და ასევე ინდუსებმა შემოიღეს პრაქტიკა ტატუსთვის „ხნა“  გამოეყენებინათ. „ხნა“ დროებით ტატუს შექმნის საშუალებას იძლეოდა. დღეს მუსლიმანურ ქვეყნებში ძველი ტრადიცია კვლავ შემორჩენილია. ქორწილის წინა ღამეს  ე.წ. „ხნის საღამოს“ აწყობენ, სადაც ბევრს ცეკვავენ და პატარძალს ხელებზე ლამაზ დეკორატიულ დროებით  ნახატებს უკეთებენ.

 

ხნის ფხვნილს ლიმონის წვენს ამატებენ, რათა მჟავა გარემო შეიქმნას და აქტიური ნივთიერების – ლავსონის გახსნა იოლად იყოს შესაძლებელი. მიღებულ კონსისტენციას ამატებენ წყალს და კანზე დაიტანენ. აჩერებენ სადღაც 6 საათის განმავლობაში. უფრო დიდი ხნით გაჩერება სახიფათოა, რადგან ალერგიული რეაქციები შეიძლება განვითარდეს. ლავსონი პრეპარატიდან მიგრირებს კანის ზედა ფენებში და კერატინთან წარმოქმნის ნაერთს. საღებავი კანზე 6 კვირის განმავლობაში რჩება. ხნის წარმომავლობის, გახსნისა და კონცენტრაციის მიხედვით ფერი შეიძლება იყოს მუქი წითლიდან ყავისფრამდე. სხვათა შორის, მაგ. თურქეთში ხნას ფრჩხილებზეც ისვამენ და რაღაცნაირი წითელი ფერის ფრჩხილებით დადიან.

 

ზოგიერთი ტიპის ხნა შეიძლება, ლავსონის გარდა, სხვა დამატებით აქტიურ ნივთიერებებსაც შეიცავდეს. მაგალითად, ე.წ. „შავი ხნა“ შეიძლება შეიცავდეს p-ფენილენედიამინს (PPD). PPD სწრაფად აღწევს კანში და შავად ღებავს, თუმცა შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, შესივება, ძლიერი ქავილი.

 

ძველ ჩინეთში ტატუ ასევე მიუღებელი იყო. თუმცა, ძველი დროის ჩინურ ლიტერატურაში, სადაც ე.წ. ჩინელ რობინ ჰუდებზე იყო მოთხრობილი, ეწერა, რომ მათი სხეული ტატუთი იყო დაფარული. ოფიციალური წყაროებიდან ისიც ცნობილია, რომ ტატუთი ნიშანს ჩინეთში პატიმრებს ადებდნენ. ჰოდა, ეს რომანტიზებული „ჰუდებიც“ ხომ ყოფილი ან გაქცეული პატიმრები იყვნენ.

 

ჩრდილოეთ იაპონიაში ერთი გამორჩეული ტომი ცხოვრობდა, სახელად „აინუ“. ამ ტომის ქალები ინდიგოს საღებავით იხატავდნენ მხრებს, ხოლო პირს ისე იღებავდნენ, რომ ულვაშების შთაბეჭდილება დაეტოვებინა. ეს რაში სჭირდებოდათ, არ ვიცი, ალბათ ტუჩებს თუ იდიდებდნენ.  შემდეგ უკვე ეს საღებავები კაბუკის თეატრში გავრცელდა. იაკუდზას ტატუები კი ისტორიას შემორჩა, როგორც ამბოხი და თავისუფლებისთვის ბრძოლა.

 

სიტყვა ტატუ პოლინეზიიდან მოდის. იქაური სიტყვიდან „ტატაუ“. ეს კი თავის მხრივ ნიშნავდა-მფრინავი მელიის ძვალს. სავარაუდოდ, სწორედ ამ ძვალს იყენებდნენ საღებავის დასატანებლად. თავად პოლინეზიის კუნძულების მცხოვრებლები, ბუნებრივია, თავიდან ბოლომდე, მოხატული იყვნენ.

 

ფილიპინელებისთვის ტატუირება ასევე ტრადიციულ მოხატვასთან ასოცირდებოდა. “Los Pentados” – ასე უწოდებდნენ ფილიპინელებს ესპანელები, რაც გაფერადებულებს ნიშნავდა. მაგელანი წერდა – ამ ხალხს, ტანსაცმლის ქვეშ კიდევ რაღაც აცვიათ, რომლის გახდა ვეღარ ხერხდებაო.

 

ტატუსთვის ძირითადად ჭვარტლს (მურს) იყენებდნენ.  ჭვარტლი შავი ფერის ნადებია, რომელიც ამა თუ იმ ქიმიური ნივთიერების წვის დროს წარმოიქმნება.

 

მაგ. აცეტილენი ქლორის არეში შეგვიძლია დავწვათ. ქლორის მისაღებად ცილინდრში მოვათავსოთ კალიუმის პერმანგანატი, კალციუმის კარბიდი და მცირე რაოდენობით მარილმჟავა. მოხდება მცირე აფეთქება. ცილინდრის კედლები კი ჭვარტლით დაიფარება. ჭვარტლს, იგივე მურს, ტატუს გარდა, ადრე, როგორც საღებავს,  ტოპოგრაფიაშიც იყენებდნენ. დღეს ტყავის ნაწარმებისთვის შავის ფერის საცხს ამზადებენ მისგან. 2KMnO4+16HCl=2KCl+2KMnO4+8H2O+5Cl2

CaC2+2H2O=C2H2+Ca(OH)2; C2H2+Cl2=2HCl+2C

 

ჭვარტლის შემდეგ ყველაზე გამოყენებადი საღებავი ინდიგო და ალიზარინი იყო. მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე ინდიგოს მცენარე ინდიგონოქსიდან გამოყოფდნენ (Indigofera tinctoria). ამისთვის ახლად მოჭრილ მცენარეებს 12-24 საათით ამოთხრილ ორმოში ათავსებდნენ და ორმოს წყლით ავსებდნენ. იწყებოდა დუღილის პროცესი, რასაც თან ახლდა ნახშირორჟანგის გამოყოფა. თავად პიგმენტი კი ხსნარში გადადიოდა და  ყვითლად ღებავდა. ამის შემდეგ ხსნარი ქოთნებში გადაჰქონდათ, სადაც მუდმივი მორევის პირობებში პიგმენტი რეაქციაში შედიოდა ჰაერის ჟანგბადთან და წარმოიქმნებოდა ლურჯი ფერის  ინდიგო.

 

ინდიგოს შემადგენლობა ბაიერმა 1870 წელს დაადგინა და ლაბორატორიაში სუფთა სახით მიიღო. ბაიერის  მთავარი კომპონენტი იზატინი გახლდათ. თუთიის მტვერთან ერთად მისი გამოხდით, ქიმიკოსმა მიიღო ნივთიერება, რომელსაც ინდოლი უწოდა, რომლისგანაც გამოყო ინდიგო.

 

ოდნავ მოგვიანებით კრებემ გაშიფრა ალიზარინის შედგენილობა. ეს უკანასკნელი ანტრაქინონის წარმოებული წითელი ფხვნილია, ქიმიური ფორმულით C14H8O4.  პირველად სინთეზირებულ იქნა ანთრაცენისგან.

 

ჩემს მეგობარს ტატუ აქვს. იდაყვის გარეთა მხარეს თავისუფლების სიმბოლო – აფრებიანი გემი ახატია. თავადაც ასეთია, თავისუფალი და მეამბოხე სულის პატრონი.

თავისუფლება მეც მიყვარს, მაგრამ ამისთვის ტატუს ვერ გავიკეთებ და ისევ გულსაბნევ  გემს დავჯერდები.

https://mastsavlebeli.ge/





No comments:

Post a Comment