ცხოვრება ხშირად გვაყენებს დილემების წინაშე. ხშირად გვიწევს სიმართლისა და ტყუილის, სწორისა და არასწორის, თეთრისა და შავის ერთმანეთისგან გარჩევა… ლიტერატურაც, ცხადია, ცხოვრების მიბაძვაა, როგორც არისტოტელე, კაცობრიობის ძველთაძველი ბრძენი იტყოდა. თუმცა, თუ ოსკარ უაილდს დავუჯერებთ, ხელოვნება და ლიტერატურა სულაც არაა ცხოვრების მიბაძვა, ცხოვრების სარკე. ის მხოლოდ მაყურებელსა თუ მკითხველს აირეკლავს. მაგრამ სწორედ ეს თეზისი ამყარებს იმ მოსაზრებას, რომელზეც ახლა ვწერ. ამიტომაც ლიტერატურაც ასეთ დილემებს გვთავაზობს და ხშირად ჩვენ გვიტოვებს კითხვის ნიშნებს, ჩვენ გვიტოვებს გადასაწყვეტ საკითხებს.
პერსონაჟები ხშირად დგებიან დილემების წინაშე, და ხშირად ამ დილემების გადაწყვეტას მოაქვს მთავარი – ჩვენ ვხედავთ, როგორ მეტამორფოზს განიცდიან ისინი, როგორი მტკივნეულია ეს მათთვის და, შესაბამისად, მკითხველისთვისაც, რომელიც მათთან ერთად ღელავს და გულშემატკივრობს მათ.
ასეთი მაგალითები ქართულ ლიტერატურაშიც ბევრია. მარტო ალუდას მაგალითი რად ღირს ვაჟა-ფშაველას უკვდავი პოემიდან, ან ჯოყოლასი, ან, ან… მარადიული დილემა, მარადიული ბრძოლა, მარადიული ჭიდილი საკუთარ თავთან, მარადიული კათარსისი და მარადიული გამარჯვება (თუნდაც ფიზიკური მარცხის შემთხვევაში) არის კიდეც მარადიული თემა ლიტერატურისა. პერსონაჟის მხატვრული სახის განვითარებისას მის შინაგან ბრძოლაში სწორედ მხარის არჩევას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. რა გზას ადგება იგი? სიკეთისას თუ ბოროტებისას? ეს ფაქტორი განსაზღვრავს ტექსტის შემდგომ განვითარებასაც.
ისევ ალუდას მივუბრუნდეთ და ორი ადამიანური სიმართლის ურთიერთჭიდილს. განა მანამდე არ არის მართალი ალუდა, სანამ ისე იქცევა, როგორც დანარჩენები? განა თავისებურად მართალი არ არიან სხვა პერსონაჟებიც? ისინიც საკუთარ სიმართლეს იცავენ, საკუთარ ადათებს, და ან უბრალოდ, კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ უნდათ, ან მათთვის „შეჩვეული ჭირი“ „შეუჩვეველ ლხინს ჯობია“… და თან, შენი სუბიექტური სიმართლე სიმართლეა მანამ, სანამ უსამართლობად არ გადაიქცევა, სანამ ობიექტურ ჭეშმარიტებას არ დაუპირისპირდება.
ლიტერატურა სარკეა ადამიანური გამოცდილებისა, ფიქრებისა და ქმედებისა. ის გვეხმარება პიროვნულ ზრდაში, ეთიკური პრინციპების ჩამოყალიბებაში, გვიღვიძებს თანაგრძნობას და განგვაცდევინებს კათარსისს. ჩვენ ვეცნობით ადამიანებს, მათი განსხვავებული ხედვის კუთხეს, ახალი პერსპექტივით ვიწყებთ სამყაროს შესწავლას და სწორედ ეს, სხვის შინაგან სამყაროში, სხვის სულში მოგზაურობა ავითარებს ჩვენში ახალ ადამიანს, რომელიც სხვისი სიმართლის გასაგებად, მისაღებად არის მზად…
ლიტერატურული გმირებისა თუ მწერლების მიერ წამოჭრილი მორალური დილემები ხშირად თავდაყირა აყენებს ჩვენს მრწამსსა თუ შეხედულებებს, დაგვაფიქრებს ჩვენს არჩევანზე, გვიბიძგებს პიროვნული ზრდისკენ. ლიტერატურა გვაძლევს სინანულის გამოცდილებას (გავიხსენოთ თუნდაც რასკოლნიკოვი დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელიდან“, მისი საოცარი მეტამორფოზი სწორედ ამისკენ მიმართავს მკითხველს).
ამ თემაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ორუელის „1984-ს“ და ვერც მის სხვა ტექსტებს – სწორედ სხვადასხვა სიმართლის დაპირისპირებით მწერალი მკითხველს სამართლიანობას ასწავლის.
ასეთ გამოცდილებას გვახსენებენ სხვა ტექსტებიც: ხალიდ ჰოსეინის „ფრანით მორბენალში“ მთავარ პერსონაჟს გმირობა სწორედ საკუთარი დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლებამ შთააგონა. ამირი ებრძვის დანაშაულს, სინდისის ქენჯნას ავღანეთის მღელვარე ისტორიის ფონზე. მისი პირადი ჭეშმარიტება ღალატის შესახებ და პატიების სურვილი მკითხველს სინანულის საკუთარ გამოცდილებაზე დააფიქრებს. მიუხედავად იმისა, რომ ამირის ისტორია უნიკალურია, ემოციური ჭეშმარიტებები (სირცხვილი, სინდისის ქენჯნა, სიყვარული და სინანული) უნივერსალურია.
ლიტერატურას შეუძლია გვაცინოს, გვატიროს, აგვაღელვოს, ემოციების ზღვა გაგვიჩინოს და დაგვიშროს, შეკითხვები დაგვისვას და მერე ან გაგვცეს პასუხი ამ კითხვებზე, ან თავად გვაიძულოს, ვეძებოთ პასუხები. იმას კი აუცილებლად გვეტყვის, რომ დედამიწაზე რამდენი ადამიანიცაა, იმდენი სიმართლე არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზუსტად ამდენივე სამართლიანობაა. მორალური დილემა, რომლის წინაშეც პერსონაჟები დგებიან, სწორედ სიკეთის არჩევანისკენ გვიბიძგებს, მისკენ მიგვითითებს, აგვამაღლებს.
ამ თემების წამოჭრით, ამ საკითხებზე მსჯელობით დავეხმარებით ჩვენს მოსწავლეებსაც, აღმოვაჩენინოთ და გადავაჭრევინოთ მორალური დილემები. მაგალითებად კი ლიტერატურულ პერსონაჟებს გამოვიყენებთ, რომლებიც მარადიულ კითხვებს ჩვენზე გაცილებით კვალიფიციურად გასცემენ პასუხს.
https://mastsavlebeli.ge/
No comments:
Post a Comment