Monday, March 5, 2018

სასკოლო განათლება კარიერული წინსვლის წინაპირობა

ნებისმიერ ზრდასრულ ადამიანს აქვს პირადი გამოცდილება, რამდენად სწორად და ხარისხიანად გამოიყენა სკოლაში მიღებული განათლება საკუთარი კარიერის უკეთ ფორმირებისთვის. თუმცა, რა თქმა უნდა, არიან საკმაოდ წარმატებული კარიერის მქონე ადამიანები, რომლებიც სკოლაში მაინცდამაინც ბეჯითი სწავლით არ გამოირჩეოდნენ. მათი მტკიცებით, საფუძვლიანი განათლება სწორედ სკოლის დასრულების შემდეგ იწყება. ასეა თუ ისე, რა თქმა უნდა, შეხედულებები, შეფასებები და დასკვნებიც კი სხვადასხვანაირი იქნება. ერთი რამ კი ცხადზე უცხადესია: საკამათო არ არის, რომ სკოლაში მიღებული ხარისხიანი განათლება სწავლის წარმატებით გაგრძელებისა და წარმატებული კარიერის საძირკველია. რამდენიც არ უნდა იკამათონ ყოფილმა „ზარმაცმა მოწაფეებმა”, რომლებმაც ამა თუ იმ დარგში წარმატებას მიაღწიეს, ხარისხიანი სასკოლო განთლება ყოველთვის უპირატეს წინა პირობად დარჩება სამომავლო კარიერის ტრანსფორმირების საქმეში. ეჭვები მხოლოდ მაშინ ჩნდება და კამათიც მაშინ იწყება, როდესაც საუბარია ამ ამოცანის გადაჭრის გზებსა და საშუალებებზე.
სამამულო სკოლას ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილება აქვს; სხვადასხვა დროს ის სხვადასხვა ფორმით იყო წარმოდგენილი, მაგრამ არასოდეს ქრებოდა პროფესიულ ორიენტაციაზე აგებული მუშაობა, იქმნებოდა და ახლაც იქმნება სპეციალიზებული სასწავლო დაწესებულებები. (მაგალითად, თუ მოზარდს მოესურვებოდა, ელექტროშემდუღებელი ან ხეზე კვეთის ოსტატი გამხდარიყო, შესაძლებლობა ეძლეოდა, გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ სწავლა შესაბამისი პროფილის პროფტექნიკურ სასწავლებელში გაეგრძელებინა. ოღონდ ძირითადი სასკოლო საგნების გავლა იქაც აუცილებელი გახლდათ).
თუმცა, მოსაზრებას მოკლედ და კორექტულად თუ გამოვთქვამთ, რესურსი ჯერ არ ამოწურულა. უფრო მეტიც – თანამედროვე მსოფლიოში სასკოლო განათლების როლი იზრდება და უფრო და უფრო მრავალფეროვანიც ხდება. ეს თემა საკმაოდ მოცულობითია.
ჯერ კიდევ 10-15 წლის წინ გამოსაშვები კლასის მოსწავლეს შეეძლო „დაეხატა” საკუთარი პორტრეტი პროფესიისა და კარიერული მიღწევების თვალსაზრისით: რა სფეროში დასაქმდებოდა, რამდენ ხანში მიაღწევდა კარიერულ წინსვლას და ა.შ. ამჟამად კი, როდესაც მსოფლიოში პროგრესი ელვის სისწრაფით მიმდინარეობს, იქმნება ახალ-ახალი გამოგონებები, ვითარდება მეცნიერებისა თუ ტექნიკის ესა თუ ის დარგი, პრაქტიკულად შეუძლებელია, განისაზღვროს ან დაიგეგმოს მომავლის პერსპექტივა. რა თქმა უნდა, პროგრესირებადი მსოფლიო არა მხოლოდ მოზარდებისთვის, არამედ ზრდასრული ადამიანებისთვისაც ძნელად პროგნოზირებადია. ბიბლიოთეკაში მომუშავე ადამიანი, რომელსაც აქამდე შეხება მხოლოდ წიგნებსა და კატალოგებთან ჰქონდა, ერთ მშვენიერ დღეს აღმოაჩენს, რომ მისი სამუშაო ოთახიდან სავსებით გამქრალა კატალოგების თაროები და მათ ადგილას რაღაც მოწყობილობა დგას (კომპიუტერი), ხელმძღვანელი კი მითითებას აძლევს, რომ ამიერიდან მკითხველებს სწორედ ამ ხელსაწყოს მეშვეობით მოემსახუროს.
არ არსებობს კრიტერიუმი, რომლითაც შეიძლება განისაზღვროს, რა მდგომარეობა იქნება თუნდაც 4 წლის შემდეგ ამა თუ იმ დარგში. მაგალითად, 10 წლის წინ ვის მოუვიდოდა აზრად, რომ საკლასო ოთახებიდან ცარცი და დაფა, საკლასო ჟურნალი და მოსწავლის დღიური გაქრებოდა, ან ბავშვები სასკოლო ჩანთების ნაცვლად იღლიაში ლეპტოპამოჩრილები ივლიდნენ?
ჯერი უკვე სასკოლო სახელმძღვანელოებზე მიდგა. ბოლო ხანს განსაკუთრებით აქტუალური გახდა სასკოლო სახელმძღვანელოების ციფრული ვარიანტით შეცვლა. გამოდის, რომ ასარჩევი პროფესიის კრიტერიუმები ელვის სისწრაფით იცვლება. ამგვარ ვითარებაში ძნელია, მოზარდმა სასურველი პროფესიის არჩევაზე იფიქროს. დასკვნა ერთია – ფსონის დადება სკოლაში მიღებულ განათლებაზე შესაძლოა მომავალში დიდ შეცდომად იქცეს.
უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, აქ სასწავლო პროგრამა და თავად საგნები არაფერ შუაშია. საუბარია ამა თუ იმ დარგის მზარდ განვითარებაზე. სასკოლო განათლება, ბუნებრივია, აუცილებელია, მაგრამ სწავლის პერიოდში აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ის პროგრესი, რომელსაც მეცნიერებისა თუ ტექნიკის ესა თუ ის დარგი მიაღწევს. აქ კი საკმაოდ დიდი როლი უნდა მიენიჭოს თავად აღმზრდელთა გადამზადების პროცესს. უნდა დაიგეგმოს ტრენინგების წყება, სადაც მასწავლებლები უფრო დაწვრილებით გაეცნობიან მათ სფეროში მიმდინარე მოვლენებს.
დავუშვათ, ბავშვი ქიმიკოსობაზე ოცნებობს და შორს მიმავალ გეგმებზე დაყრდნობით რაიმე ახალი ელემენტის გამოგონება სურს. შესაძლოა, მოზარდობის წლებში მან უამრავი დრო და ენერგია დახარჯოს ახალი ელემენტის გამოგონებისთვის. ალტერნატივა ორია – ან გამოიგონებს ახალ ელემენტს, ან ვერა. ორივე შემთხვევაში მოზარდი საბოლოოდ მაინც იმედგაცრუებული რჩება, რადგან გარკვეული ხნის შემდეგ იგებს, რომ ის, რასაც მან ამდენი ძალა და ენერგია დაახარჯა, ან უკვე გამოგონებული ყოფილა, ანდა, სანამ ის „შრომობდა”, ვიღაცამ „დაასწრო” და გამოიგონა.
უნდა ითქვას, რომ დასკვნათა ამ ერთობლიობამ მკაფიო ასახვა პოვა განათლების ახალ სტანდარტებზე. უფროსებს, მასწავლებლებსა თუ მშობლებს საკუთარი წარმოდგენები აქვთ მომავალი პროფესიის არჩევაში სასკოლო განათლების როლზე. მავანს მიაჩნია, რომ მომავალი ჰუმანიტარისთვის სულაც არ არის აუცილებელი მათემატიკის, ფიზიკისა თუ ქიმიის საფუძვლიანი ცოდნა, მავანი კი მხურვალედ ამტკიცებს, რომ სასკოლო პროგრამაში აუცილებლად უნდა ჩაიდოს კინემატოგრაფიის ისტორიის კურსი და მოზარდებს სახელოვანი რეჟისორების ფილმები აყურებინონ; ვიღაც დამღუპველად მიიჩნევს ფიზიკის სასკოლო პროგრამის მნიშვნელოვნად შეკვეცას და ასე შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. უფროსებს ავიწყდებათ, რომ თავად აღიზარდნენ, პროფესიონალებად ჩამოყალიბდნენ და სასკოლო განათლება მიიღეს სულ სხვა პერიოდში, სხვა მსოფლიოში. მათი გამოცდილება, სასკოლო განათლების კრიტერიუმები ამჟამად სრულიად გამოუსადეგარია. წარსულის გამოცდილებაზე აგებული ნებისმიერი მოსაზრება სუბიექტური იქნება.
ამ პირობებში აუცილებლად მიგვაჩნია, უარყოფილ იქნეს ადრეულ ასაკში ბავშვისთვის სპეციალიზაციის არჩევანის თავისუფლების მინიჭება. აქ კი აუცილებლად იჩენს თავს ორი არსებითი მეთოდი: უაღრესად დიდი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საბაზო განათლებასა და სასკოლო საგნების არჩევანის ფართო სპექტრს და სასწავლო მოტივაციის უმაღლეს ხარისხს.
წყარო https://edu.aris.ge

No comments:

Post a Comment