Thursday, March 15, 2018

რა არის ბულინგი

ბულინგი/მობინგი  ნიშნავს ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ძალადობას, რომელიც ხორციელდება ბავშვის მიმართ თანაკლასელთა ან სხვა ჯგუფის მიერ. ბულინგი სამი ტიპის არსებობს : ემოციური, სიტყვიერი და ფიზიკური. იგი სოციალური მოვლენაა, რომელიც დამახასიათებელია ძირითადად ორგანიზებული ბავშვთა კოლექტივისათვის და პირველ რიგში, ეს არის სკოლა. ეს აიხსნება იმით,  რომ სკოლაში ყალიბდება გარკვეული როლური ურთიერთობები, დიაპაზონში “ლიდერი – გარიყული”.

ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი. განსაკუთრებით ის ბავშვები, რომლებიც განსხვავდებიან თავისი თანატოლებისგან, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური მახასიათებლებით. “რისკის ჯგუფში” ხვდებიან     ფიზიკური ნაკლის, თავისებური ქცევის, სხვა ეროვნების და ა.შ ბავშვები.



ბულინგი/მობინგი გვხვდება როგორც ვაჟებში, ასევე გოგონებში. ბიჭები და გოგონები იყენებენ ბულინგის სხვადასხვა ფორმას. ბიჭები უფრო ხშირად მიმართავენ ფიზიკურ ბულინგს (პანღურის ამორტყმა, ხელის კვრა და ა.შ.), გოგონები   კი ზეწოლის ირიბ ფორმას (ჭორების გავრცელება, ურთიერთობის შეწყვეტა და ა. შ.). ბულინგი განსაკუთრებით ხშირად გვხვდება შუა ბავშვობის და ადრეული მოზარდობის პერიოდში.

ბულინგის დამახასიათებელი ქცევებია: ზედმეტი სახელების დარქმევა, დაცინვა, ჯგუფიდან ან საერთო საქმიანობიდან გარიყვა, უცენზურო სიტყვებით მიმართვა, ნივთების წართმევა, წერილობითი და სიტყვიერი შეურაცხყოფა, მუქარა, დაშინება, ხელის კვრა, მუშტებით ან ფეხით ცემა, ცილისწამება, ,,მსხვერპლის'' უხერხულ, არაკომფორტულ მდგომარეობაში ჩაგდება, იძულება - იმოქმედოს საკუთარი სურვილის წინააღმდეგ.


ქართულში ბულინგის შესატყვისია: შარიანობა, ჩხუბისთაობა, ყოჩობა. ბულინგი თანამედროვე მსოფლიოში ფართოდ არის გავრცელებული. რიგ ქვეყნებში ბულინგის მსხვერპლთ კანონი იცავს. სიტყვის ეტიმოლოგიას თუ ჩავუღრმავდებით, შესაძლებელია, ტერმინი ინგლისური სიტყვა ,,Bull"-იდან მოდიოდეს, რაც ქართულად ხარს ნიშნავს. თუ პარალელს გავავლებთ ბულინგის მსგავსი შინაარსის მქონე ქართულ სიტყვასთან ,,ყოჩობასთან", რომელიც სიტყვა ,,ყოჩიდან" მომდინარეობს, რაც ცხვრის ფარის წინამძღოლს ნიშნავს, მსგავსებას დავინახავთ. მართლაც, ხშირად მოძალადე, აგრესორი მოზარდი ცდილობს, უფროსად, ძლიერად გამოიყურებოდეს, წინამძღოლის ფუნქცია აიღოს. სამწუხაროდ, ლიდერის ამ საუკეთესო თვისებებს ძალადობის ინიციატორი ცუდად იყენებს. ხშირად ეუხეშება, მშობლებს, მასწავლებლებს, საკუთარ და-ძმას, თანატოლებს.

ბავშვი-აგრესორი მუდმივად ცდილობს უფროსად და ძლიერად გამოიყურებოდეს, ხშირად ეუხეშება მასწავლებლებს, მშობლებს, საკუთარ და-ძმას. ურთიერთობებში აღიარებს მხოლოდ ძალას და სისასტიკეს.  მათი აზრით ნებისმიერი კონფლიქტის გადაჭრა მხოლოდ ძალისმიერ გზით არის შესაძლებელი. როგორც წესი, ბავშვ-აგრესორებს მაღალი თვითშეფასება აქვთ და თავიანთ გარემოში სოციალური უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ. ზოგჯერ ისინი ჩაკეტილები და ნაკლებკონტაქტურები ხდებიან, მაგრამ ამასთან პერიოდულად ავლენენ არამოტივირებულ რისხვას.

ბავშვ-აგრესორი ძირითადად ხასიათდება ჭარბი ენერგიით; მჭევრმეტყველებით; საკუთარ თავზე კარგი წარმოდგენით; სხვებზე ზეგავლენის მოხდენის და სხვა ადამიანების გამოყენების უნარით; საჩვენებელი პოპულარობით, სინამდვილეში მას ეს არ მოსწონს, ძალაუფლების, მბრძანებლობის დიდი სურვილით და შიშით იმისა, რომ თვითონ არ დაამცირონ.

შეიძლება ითქვას, რომ ბავშვი თანატოლის მიმართ აგრესიას ავლენს რამოდენიმე არცთუ მარტივი მიზეზის გამო: კერძოდ, სურს მიიქციოს ყურადღება; საკუთარ თავზე ან გადაჭარბებულად კარგი, ან გადაჭარბებულად ცუდი წამოდგენა აქვს; არ შეუძლია მეგობრობა; არა აქვს დანაშაულის გრძნობა და სხვისი განცდების გაგების უნარი ან ის, უბრალოდ, მოწყენილია

ბულინგის მსხვერპლი ბავშვები ხშირ შემთხვევაში განსხვავებულია თანატოლებისგან. იგი შეუმჩნეველია, პატარა და სუსტია. გაურბის ხმაურიან თავყრილობას. იგი შეიძლება იყოს სხვებზე ბევრად მაღალი ან დაბალი, მსუქანი ან გამხდარი, ღარიბი ან მდიდარი, კარგად სწავლობდეს, იყოს წყნარი და ა.შ.

ხშირ შემთხვევაში ასეთი ბავშვები არიან მორიდებულები, ჩაკეტილები, მგრძნობიარენი. ახასიათებთ მაღალი შფოთვა. აქვთ დაბალი თვითშეფასება, მიდრეკილნი არიან დეპრესიისადმი და თავის თანატოლებთან შედარებით ხშირად ფიქრობენ თვითმკვლელობაზე. არ ჰყავთ ახლო მეგობარი. უკეთ ურთიერთობენ უფროსებთან, ვიდრე თავის თანატოლებთან. თუ ბულინგის მსხვერპლი ბიჭია, მაშინ ის თავის თანატოლებთან შედარებით, ფიზიკურად სუსტია. ზოგიერთი ბავშვი  განიცდის სხვადსხვა სახის სირთულეს სწავლების პროცესში და ამ მიზეზით ხდებიან ბულინგის მსხვერპლნი.

ბულინგზე ბავშვები სხვადასხვაგვარად რეაგირებენ. მაგალითად ბულინგის მსხვერპლი ბავშვები არიან უფრო მეტად გაღიზიანებლები და ფხუკიანები, ხშირად ეცვლებათ გუნება-განწყობილება, უჩნდებათ დარდი, წუხილი თანატოლების დანახვისას, არიან აგრესიულებიც, ცდილობენ დისტანცია დაიცვან უფროსებისა და თანატოლებისგან, აქვთ ნეგატიური დამოკიდებულება ბულინგის თემის განხილვისას.  


 ბულინგის  შედეგები

ბულინგის მსხვერპლი შეიძლება ხანგრძლივი დროის განმავლობაში ვერ განიკურნოს ფიზიკური დაზიანებებისაგან, განიცდიდეს მუდმივ შიშს, შფოთვას, თავს დამცირებულად ან დათრგუნულად გრძნობდეს, დაუქვეითდეს თვითშეფასება. შეიძლება ჩაიკეტოს საკუთარ თავში. ყოველივე აქდეან გამომდინარე, ასეთი ბავშვები ხშირად აცდენენ ან აგვიანებენ გაკვეთილებზე, ასევე შეიძლება გაუარესდეს მათი აკადემიური მოსწრება. სურვილი უქრებათ მიიღონ მონაწილეობა სკოლაში ჩატარებულ საზოგადოებრივ ღონისძიებებში, კარგავენ მეგობრებ .და ა.შ.

მეცნიერთა აზრით, ბულინგის ინიციატორი ბავშვები თავიანთი აგრესიულობის დემონსტრირებას მოზრდილობის ასაკშიც აგრძელებენ და ხშირად ცხოვრების კრიმინალურ გზას ირჩევენ.

ფსიქიკური ტრავმა შეიძლება იმ ბავშვებმაც მიიღონ, რომლებიც ძალადობის უშუალო მსხვერპლი არ არიან, მაგრამ არიან ტერორის ფაქტის შემსწრენი. ,,დღეს ეს სკოლაში მას დაემართა, ხომ შეიძლება, რომ ხვალ მე შემემთხვეს? ასეთ ბავშვებს ეშინიათ, თვითონაც არ გახდნენ აგრესორის მსხვერპლი. შიშის დაძლევაში მათ დაეხმარება მეგობრებთან და იმ უფროსებთან საუბარი, ვისაც ენდობიან.
წყარო : http://bullyingingeorgia.blogspot.com

No comments:

Post a Comment