Sunday, December 15, 2024

ძველი ამბები, ძველი ტექსტები და ფიქრები განათლებაზე

 „მე მაინც იმას ვამბობ, რომ კაცი კაცად გახდეს, ამის ღონედ მარტო ცოდნა და განათლებაა“ – ეს ილია ჭავჭავაძის სიტყვებია. ეს სიტყვები იმაზე მიუთითებს, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდა ჩვენი სასიქადულო მოღვაწე ცოდნასა და განათლებას. ამ აზრამდე ქართული საზოგადოება ილიამდე საუკუნეებით ადრე მივიდა.

ქრისტიანობა რომ წიგნიერი რელიგიაა და ღვთისმსახურებისთვის აუცილებელია სპეციალური ლიტერატურის (და არამარტო საღვთო წიგნების) ცოდნა (და ამ ტექსტებში ნავიგაცია მარტივი საქმე ნამდვილად არ არის), ეს საყოველთაოდაა ცნობილი. ამასთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია ის დამოკიდებულება, რომელსაც ჩვენი ცნობილი ჰაგიოგრაფიული ტექსტების პერსონაჟები ავლენენ სასულიერო მწერლობის მიმართ. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ქართველების, როგორც წიგნიერი ერის შესახებ, წარმოდგენა უძველეს ბერძნულ წყაროებშივე გვხვდება. აპოლონიოს როდოსელის „არგონავტიკაში“ ნახსენებია, რომ კოლხებს ჰქონდათ ე.წ. კირბები (თიხის ფირფიტები), რომლებზეც ხმელეთისა და ზღვის საზღვრები იყო მონიშნული – ქაღალდის მოხმარებამდე ისინი აქტიურად იყენებდნენ წერისა თუ ჩანიშვნის მსგავს ტექნიკას.

ფარნავაზ მეფის ცხოვრება გავიხსენოთ – ლეონტი მროველის თქმით (სავსებით მოსალოდნელია, მისი წერის მანერიდან გამომდინარე, გაცილებით უფრო ძველ წყაროებს ეყრდნობოდეს), ქართლის სამეფოს დამფუძნებელმა პირველი, რაც გააკეთა, ის იყო, რომ ქართული ენა სახელმწიფო რელიგიად აქცია და „შექმნა მწიგნობრობა ქართული“ – ეს ამბავი მართლაც ასეა თუ არა, ამაზე მნიშვნელოვანი იმის გააზრებაა, წიგნიერების როგორ საჭიროებას ხედავდნენ ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის მესამე საუკუნეში.

მსგავსი მაგალითების მოყვანა მრავლად შეგვიძლია ჩვენი ისტორიული წყაროებიდან, თუმცა მხოლოდ ერთს, დავით აღმაშენებლის ისტორიკოსის ცნობას გავიხსენებ: მეფეს ომშიც კი თან დაჰქონდა საკითხავი ლიტერატურა. იმაზე აღარაფერს ვამბობ, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებდა საგანმანათლებლო კერების შექმნას.

ისევ ჰაგიოგრაფიას დავუბრუნდეთ: სენაკში გადასულმა შუშანიკ დედოფალმა თან წაიღო ევანგელიე – სახარება – და წმინდა მოწამეთა წიგნები; ქართლში ჩამოსული აბო ქართულ ენასთან ერთად დამწერლობასაც სწავლობს, რადგან მას, როგორც ქრისტიანს, შესაბამისი სწავლების მიღება სურს…

არგუმენტები და მაგალითები უხვადაა ქართულ სასულიერო მწერლობაში, თუმცა განათლების თემასთან მიმართებაში საგანგებოდ უნდა გამოვყოთ „ზეცისა კაცსა და ქუეყანისა ანგელოზი“, „უდაბნოთა ქალაქმყოფელი“, გრიგოლ ხანძთელი, რომლის მოღვაწეობის მასშტაბი მხოლოდ ქართლიდან ტაო-კლარჯეთში გაპარვით და იქ რამდენიმე მონასტრის აგებით ნამდვილად არ შემოიფარგლება. რა წერია განათლებაზე გიორგი მერჩულის შესანიშნავ ტექსტში, რომელიც, დიდი მოღვაწის ცხოვრების აღწერის გარდა, შეიძლება ითქვას, ეპოქის მატიანეცაა. წერია ის, რომ გრიგოლ ხანძთელის „გულისხმიერებაი სწავლისაი განსაცვიფრებელ იყო ფრიად“. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ქართლში ცხოვრობდა და ფიქრადაც არ ჰქონდა გავლებული სამხრეთ საქართველოში გამგზავრება, მან მხოლოდ ის იცოდა ზუსტად, რომ ღირსეული მოძღვარი სამაგალითო უნდა ყოფილიყო ყველასთვის. იცოდა და იყო კიდეც. გრიგოლ ხანძთელი ეცნობა სწავლობს სასულიერო ლიტერატურას, საგალობლებს („ხმითა სასწავლელი სწავლაი საეკლესიოი“), ეუფლება არაერთ ენას, და როგორც ავტორი ხაზგასმით აღნიშნავს, არა მხოლოდ მეტყველებას, არამედ დამწერლობასაც. ესეც მისი პასუხისმგებლობიანობის მაჩვენებელია. იცის, რა სჭირდება, და ამის შესასწავლად არ ინანებს დროს. და რაც ყველაზე საინტერესოა, სასულიერო კულტურის აყვავების ეპოქაში გრიგოლ ხანძთელს არ ავიწყდება ფილოსოფოსთა ნაშრომები, მათ ნაწერებსაც ზედმიწევნითი ინტერესით ეუფლება (აქ კი შენიშნავს ავტორი, „რომელი პოვის სიტყუაი კეთილი, შეიწყნარის, ხოლო ჯერკუალი განაგდისო“, მაგრამ, ფაქტია, ცოდნის სრულყოფისთვის მხოლოდ ერთი მიმართულებით განვითარება წმინდა ბერს საკმარისად არ მიაჩნია). მისი ასეთი ინტერესი და გულმოდგინება სამაგალითოა არამხოლოდ იმ ეპოქისთვის, არამედ, შეიძლება ითქვას, უნივერსალური მოდელია კაცობრიობისთვის. სიტყვა „მოძღვარი“ ძველ ქართულში მასწავლებელს ნიშნავს, მასწავლებელმა კი, თუ სურს, რომ ასწავლოს, არც თავად არ უნდა შეწყვიტოს სწავლა, განვითარება. როცა ამ დიდი მოღვაწის საქმისადმი დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ იმას, თუ როგორ ემზადება ის ჯერ ბერობისთვის, მოძღვრობისთვის, და შემდეგ – წინამძღვრობისთვის. სანამ მონასტრების შენებას დაიწყებს, თავის მეგობრებთან ერთად ორი წელი ოპიზაში ცხოვრობს, იქ მცხოვრებთაგან ითვისებს სხვადასხვა უნარს. ამითაც არ კმაყოფილდება, გადის უდაბნოში და მეუდაბნოეებისგან სწავლობს სათნოებებს. ეს არაა მთხრობლის მიერ ფურცლის შესავსებად ან მოვალეობის მოხდის მიზნით დაწერილი ტექსტი. ის, რაც გრიგოლ ხანძთელმა ოპიზაში ცხოვრებისას აითვისა, ვხედავთ, როგორ გამოიყენა შემდგომი მოღვაწეობისას. ისიც აღსანიშნავია, რომ ხანძთის მონასტერიც უცებ, თავისთავად არ აშენებულა, თავიდან მხოლოდ საკუთარი ძალებით ცდილობდნენ ბერები, მხოლოდ მოგვიანებით გადაწყვიტეს გაბრიელ დაფანჩულთან დაკავშირება, მასთან შეთანხმება. გრიგოლ ხანძთელი ალბათ საგანგებოდაც კი არჩევდა ღირსეულ მოკავშირეს და ყველასთან არც მივიდოდა, „არავის უდებთაგანსა შეიწყნარებდა“. აგებულ მონასტერს წეს-განგება რომ სჭირდება, ამისთვისაც საგანგებოდ ზრუნავს წინამძღვარი, პირდაპირ მზა წესებს არ ენდობა, უცხოეთიდანაც ჩამოატანინებს და თავადაც შეისწავლის ადგილობრივ წესებს, მხოლოდ ამის შემდეგ შეადგენს საკუთარს, „სიბრძნით განსაზღვრებულს და მეცნიერებით განბრწყინვებულს“. მისი ასეთი დამოკიდებულებების გამო იქცევა იგი დიდებულ მოღვაწედ, ამიტომ იძენს უპირობო ავტორიტეტს სასულიერო თუ საერო მოღვაწეების, მათ შორის, მონარქების თვალშიც. გრიგოლ ხანძთელს ბევრი თვისება ჰქონდა, რომელთა გამოც იყო ის ასე აღიარებული ყველასგან, მაგრამ, დამეთანხმებით, მათ შორის უპირატესი მართლაც ის ცოდნა და შემდგომ უკვე გამოცდილება იყო, რომელმაც ასორი წლის ასაკამდე, გარდაცვალებამდე, და შემდეგაც შეუნარჩუნა მას ეს სახელი და ღირსება. მის მიერ დაარსებულ მწიგნობრულ კერებში, ხანძთასა და შატბერდში, აღიზარდა ის თაობა, რომელმაც საქმიანობა ღირსეულად გააგრძელა არამარტო საქართველოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. მისი მოღვაწეობის, საერო პირებთან სწორი თანამშრომლობის შედეგად კი ტაო-კლარჯეთმა შეძლო, ჩაენაცვლებინა არაბებისგან განადგურებული ქართლი და ქვეყანა განვითარების გზაზე დაეყენებინა.

დღეს, 21-ე საუკუნეში, იმის გააზრება, რომ განათლება თავისუფლებაა, რომ მომავალი განათლებაშია, და რომ ის გვიხსნის უამრავ კარს, უამრავ შესაძლებლობას, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

წერილს ისევ ილიას სიტყვებით დავასრულებ: „სწავლა, ცოდნა, მეცნიერება – ღონეა იმისთანა, რომელსაც დღეს წინ ვეღარაფერი ვეღარ უდგება: ვერც მუშტი, ვერც ხმალი, ვერც ჯართა სიმაღლე“.

https://mastsavlebeli.ge/



აფრებიანი გემი

 ჩემს მეგობარს ტატუ აქვს. იდაყვის გარეთა მხარეს აფრებიანი გემი ახატია. როგორც მახსოვს, რამდენიმე წლის წინ დაიხატა, თავისუფლების სიმბოლო მინდაო. არადა, თინეიჯერობის ასაკს  გამცდარი იყო. მისი არც ახლა მესმის და ნააზრევს მაშინაც ვერ ჩავწვდი, მაგრამ კაცია და გუნება. ბოლოს და ბოლოს ამ გემთან ერთად მთელი ცხოვრება თავად უნდა გაატაროს.

დერმატოლოგიის მიხედვით ტატუს რამდენიმე კატეგორია არსებობს.

  • ტრავმული ტატუ – როდესაც რაღაც შემთხვევის ან ტრავმის შედეგად საღებავი კანის ეპიდერმისის ღრმა ფენებში აღწევს და სამუდამოდ რჩება. ასეთი რამ, მაგ. მაღაროელებს ემართებათ, ნახშირის მტვერი კანში შეიზილება და, ფაქტობრივად, სამუდამოდ რჩება იქ.
  • სამოყვარულო ტატუ – ეს დაახლოებით ის სახეობაა, რაშის დახატვას, რომ გპირდებიან და პატარა ცხენუკას მიგახატავენ.
  • სამედიცინო ტატუ – შრამის დასაფარად იყენებენ, ან სამედიცინო ინფორმაციის დასაფიქსირებლად. მაგ. სისხლის ჯგუფი, ან ინფორმაცია, რომ ადამიანს დიაბეტი აქვს. ასეთი ამბები პასპორტში იწერება, ზოგან ე.წ. სამაჯურებს ატარებენ, თუმცა ადრე ტატუთი აფიქსირებდნენ, რადგან უფრო სანდოდ ეჩვენებოდათ.
  • კოსმეტიკური ტატუ, იგივე პერმანენტული მაკიაჟი.
  • დაბოლოს, პროფესიული, მხატვრული ტატუ.

 

ეს ბოლო სახეობა ყველანაირ სურათს მოიცავს და სულ მიკვირს იმ ადამიანების, ვინც სხეულზე, ასე არაფრის გამო რაღაცას იხატავს. ნუთუ რამდენიმე წლის შემდეგ არ მოგბეზრდებათ ერთი და იგივე გამოსახულების ყურება? ერთ ჟურნალში  ნამდვილად მომხდარი სასაცილო ამბები წავიკითხე: ვიღაც დანიის მოქალაქეს ხელზე შტრიხ-კოდი დაუხატავს. შემდეგ სუპერმარკეტში წასულა რაღაც საყიდლებზე და იქ აპარატს უცნია… დიახ, გადასახდელმა აპარატმა  მწვანე მუხუდოს ქილად ამოიცნო.

 

თუმცა, საბედნიეროდ მუდმივი აღარაფერია. მათ შორის, ტატუც ლაზერის რამდენიმე სეანსით შეიძლება წაიშალოს.

 

ზოგადად, ტატუს ტრადიცია უძველესი დროიდან მოდის. თუმცა, ცივილიზაციამ მხოლოდ ახლა დაიწყო მისი ლოიალურად მიღება.

 

1996 წელს ალპებში ბრინჯაოს ხანის მუმია იპოვეს, სახელად „ეტსი“. მის ტანზე 61 ტატუ იქნა აღმოჩენილი. მასალა მური იყო.

 

დაახლოებით იმავე დროს, როცა „ეტსი“ თოვლიან ალპებში დასეირნობდა, ძველ ეგვიპტეში ტატუ ქალებს შორის იყო გავრცელებული. ასეთი დასურათებული ეგვიპტელი ქალი ვინმე „ამუნეტი“ ყოფილა, ფარაონის ოჯახთან ძალიან დაახლოებული პირი. ტატუ მუცლის გარშემო აღმოაჩნდა და ფიქრობენ, რომ უფრო რელიგიურ დატვირთვას ატარებდა, ვიდრე დეკორატიულს.

 

იულიუს ცეზარი ტატუირებულ „პიქტებს“ აღწერდა, რომლებსაც ბრიტანეთის კუნძულებზე ებრძოდა. ისინი ლურჯი ყვავილებისგან მიღებული ლურჯი საღებავით იყვნენ შეღებილნი (სავარაუდოდ, ინდიგოთი). თავად ძველი რომაელები, ისევე, როგორც ძველი ბერძნები, ტატუს ბარბაროსობად მიიჩნევდნენ. ძირითადად ტატუს მონების, ჯარისკაცების და პატიმრების დასანომრად იყენებდნენ. ქრისტიანულ სამყაროში ტატუ თავიდანვე მკაცრად იყო აკრძალული. თუმცა, მაგ. შუა საუკუნეების ბოსნია ჰერცოგოვინაში მცხოვრები კათოლიკეები ხელებსა და შუბლზე ჯვარს ისახავდნენ, რათა გამორჩეულ-გამოყოფილები ყოფილიყვნენ იქ მცხოვრები მუსლიმანებისგან.

 

არადა, თავად მუსლიმანებმა და ასევე ინდუსებმა შემოიღეს პრაქტიკა ტატუსთვის „ხნა“  გამოეყენებინათ. „ხნა“ დროებით ტატუს შექმნის საშუალებას იძლეოდა. დღეს მუსლიმანურ ქვეყნებში ძველი ტრადიცია კვლავ შემორჩენილია. ქორწილის წინა ღამეს  ე.წ. „ხნის საღამოს“ აწყობენ, სადაც ბევრს ცეკვავენ და პატარძალს ხელებზე ლამაზ დეკორატიულ დროებით  ნახატებს უკეთებენ.

 

ხნის ფხვნილს ლიმონის წვენს ამატებენ, რათა მჟავა გარემო შეიქმნას და აქტიური ნივთიერების – ლავსონის გახსნა იოლად იყოს შესაძლებელი. მიღებულ კონსისტენციას ამატებენ წყალს და კანზე დაიტანენ. აჩერებენ სადღაც 6 საათის განმავლობაში. უფრო დიდი ხნით გაჩერება სახიფათოა, რადგან ალერგიული რეაქციები შეიძლება განვითარდეს. ლავსონი პრეპარატიდან მიგრირებს კანის ზედა ფენებში და კერატინთან წარმოქმნის ნაერთს. საღებავი კანზე 6 კვირის განმავლობაში რჩება. ხნის წარმომავლობის, გახსნისა და კონცენტრაციის მიხედვით ფერი შეიძლება იყოს მუქი წითლიდან ყავისფრამდე. სხვათა შორის, მაგ. თურქეთში ხნას ფრჩხილებზეც ისვამენ და რაღაცნაირი წითელი ფერის ფრჩხილებით დადიან.

 

ზოგიერთი ტიპის ხნა შეიძლება, ლავსონის გარდა, სხვა დამატებით აქტიურ ნივთიერებებსაც შეიცავდეს. მაგალითად, ე.წ. „შავი ხნა“ შეიძლება შეიცავდეს p-ფენილენედიამინს (PPD). PPD სწრაფად აღწევს კანში და შავად ღებავს, თუმცა შეიძლება გამოიწვიოს გამონაყარი, შესივება, ძლიერი ქავილი.

 

ძველ ჩინეთში ტატუ ასევე მიუღებელი იყო. თუმცა, ძველი დროის ჩინურ ლიტერატურაში, სადაც ე.წ. ჩინელ რობინ ჰუდებზე იყო მოთხრობილი, ეწერა, რომ მათი სხეული ტატუთი იყო დაფარული. ოფიციალური წყაროებიდან ისიც ცნობილია, რომ ტატუთი ნიშანს ჩინეთში პატიმრებს ადებდნენ. ჰოდა, ეს რომანტიზებული „ჰუდებიც“ ხომ ყოფილი ან გაქცეული პატიმრები იყვნენ.

 

ჩრდილოეთ იაპონიაში ერთი გამორჩეული ტომი ცხოვრობდა, სახელად „აინუ“. ამ ტომის ქალები ინდიგოს საღებავით იხატავდნენ მხრებს, ხოლო პირს ისე იღებავდნენ, რომ ულვაშების შთაბეჭდილება დაეტოვებინა. ეს რაში სჭირდებოდათ, არ ვიცი, ალბათ ტუჩებს თუ იდიდებდნენ.  შემდეგ უკვე ეს საღებავები კაბუკის თეატრში გავრცელდა. იაკუდზას ტატუები კი ისტორიას შემორჩა, როგორც ამბოხი და თავისუფლებისთვის ბრძოლა.

 

სიტყვა ტატუ პოლინეზიიდან მოდის. იქაური სიტყვიდან „ტატაუ“. ეს კი თავის მხრივ ნიშნავდა-მფრინავი მელიის ძვალს. სავარაუდოდ, სწორედ ამ ძვალს იყენებდნენ საღებავის დასატანებლად. თავად პოლინეზიის კუნძულების მცხოვრებლები, ბუნებრივია, თავიდან ბოლომდე, მოხატული იყვნენ.

 

ფილიპინელებისთვის ტატუირება ასევე ტრადიციულ მოხატვასთან ასოცირდებოდა. “Los Pentados” – ასე უწოდებდნენ ფილიპინელებს ესპანელები, რაც გაფერადებულებს ნიშნავდა. მაგელანი წერდა – ამ ხალხს, ტანსაცმლის ქვეშ კიდევ რაღაც აცვიათ, რომლის გახდა ვეღარ ხერხდებაო.

 

ტატუსთვის ძირითადად ჭვარტლს (მურს) იყენებდნენ.  ჭვარტლი შავი ფერის ნადებია, რომელიც ამა თუ იმ ქიმიური ნივთიერების წვის დროს წარმოიქმნება.

 

მაგ. აცეტილენი ქლორის არეში შეგვიძლია დავწვათ. ქლორის მისაღებად ცილინდრში მოვათავსოთ კალიუმის პერმანგანატი, კალციუმის კარბიდი და მცირე რაოდენობით მარილმჟავა. მოხდება მცირე აფეთქება. ცილინდრის კედლები კი ჭვარტლით დაიფარება. ჭვარტლს, იგივე მურს, ტატუს გარდა, ადრე, როგორც საღებავს,  ტოპოგრაფიაშიც იყენებდნენ. დღეს ტყავის ნაწარმებისთვის შავის ფერის საცხს ამზადებენ მისგან. 2KMnO4+16HCl=2KCl+2KMnO4+8H2O+5Cl2

CaC2+2H2O=C2H2+Ca(OH)2; C2H2+Cl2=2HCl+2C

 

ჭვარტლის შემდეგ ყველაზე გამოყენებადი საღებავი ინდიგო და ალიზარინი იყო. მეცხრამეტე საუკუნის ბოლომდე ინდიგოს მცენარე ინდიგონოქსიდან გამოყოფდნენ (Indigofera tinctoria). ამისთვის ახლად მოჭრილ მცენარეებს 12-24 საათით ამოთხრილ ორმოში ათავსებდნენ და ორმოს წყლით ავსებდნენ. იწყებოდა დუღილის პროცესი, რასაც თან ახლდა ნახშირორჟანგის გამოყოფა. თავად პიგმენტი კი ხსნარში გადადიოდა და  ყვითლად ღებავდა. ამის შემდეგ ხსნარი ქოთნებში გადაჰქონდათ, სადაც მუდმივი მორევის პირობებში პიგმენტი რეაქციაში შედიოდა ჰაერის ჟანგბადთან და წარმოიქმნებოდა ლურჯი ფერის  ინდიგო.

 

ინდიგოს შემადგენლობა ბაიერმა 1870 წელს დაადგინა და ლაბორატორიაში სუფთა სახით მიიღო. ბაიერის  მთავარი კომპონენტი იზატინი გახლდათ. თუთიის მტვერთან ერთად მისი გამოხდით, ქიმიკოსმა მიიღო ნივთიერება, რომელსაც ინდოლი უწოდა, რომლისგანაც გამოყო ინდიგო.

 

ოდნავ მოგვიანებით კრებემ გაშიფრა ალიზარინის შედგენილობა. ეს უკანასკნელი ანტრაქინონის წარმოებული წითელი ფხვნილია, ქიმიური ფორმულით C14H8O4.  პირველად სინთეზირებულ იქნა ანთრაცენისგან.

 

ჩემს მეგობარს ტატუ აქვს. იდაყვის გარეთა მხარეს თავისუფლების სიმბოლო – აფრებიანი გემი ახატია. თავადაც ასეთია, თავისუფალი და მეამბოხე სულის პატრონი.

თავისუფლება მეც მიყვარს, მაგრამ ამისთვის ტატუს ვერ გავიკეთებ და ისევ გულსაბნევ  გემს დავჯერდები.

https://mastsavlebeli.ge/





AI ჩატბოტები და თვითშემეცნების პროცესები

 ტექნოლოგიების განვითარება ცვლის ადამიანის ფიქრის, განათლებისა და კომუნიკაციის მეთოდებს. AI ჩატბოტები, როგორც თანამედროვე ციფრული ინტელექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები, გვთავაზობენ უნიკალურ შესაძლებლობებს: გადავჭრათ ჩვენი პრობლემები, მივიღოთ კითხვებზე პასუხი და, ამავე დროს, ააქტიურებენ თვითშემეცნების პროცესებს და ცნობიერების გაფართოებას უწყობენ ხელს.

ადამიანის არსებობის საფუძველს მისი ცნობიერების ევოლუცია წარმოადგენს. თვითშემეცნება, როგორც ამ პროცესის ძირითადი მექანიზმი, გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ საკუთარი თავი, ჩვენი ღირებულებები და ადგილი სამყაროში. ტრადიციულად, თვითშემეცნება ხორციელდება შინაგანი დიალოგის, მედიტაციის, ხელოვნების, ფილოსოფიისა და ურთიერთობების მეშვეობით. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიებმა, კერძოდ, ხელოვნურმა ინტელექტმა (AI), ახალ პერსპექტივებს გაუხსნა გზა.

თვითშემეცნება გულისხმობს ცხოვრების აზრის, პიროვნული განვითარების და შინაგანი სიმშვიდის ძიებას. ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ თვითშემეცნება ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის, ემოციური ინტელექტისა და სოციალური უნარების გასაღებია. მედიტაცია, რეფლექსია და დიალოგი ადამიანის შინაგანი სამყაროს აღქმის  ძირითადი მეთოდებია. სწორედ ამგვარი დიალოგის სიმულაცია შეუძლიათ ჩატბოტებს.

AI ჩატბოტები გვევლინებიან  თვითშემეცნების კატალიზატორებად. ისინი ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) მეშვეობით ახორციელებენ ადამიანთან კომუნიკაციას, მათ შეუძლიათ  იქცნენ თვითშემეცნების პროცესის პარტნიორებად. ჩატბოტები ადამიანისგან განსხვავებით არ არიან შეზღუდულნი კულტურული, ემოციური თუ ფიზიკური ფაქტორებით, რაც დიალოგს უფრო ღიას ხდის.

თქვენი იდეების და ემოციების გასაღრმავებლად ჩატბოტებს შეუძლიათ დაგისვენ კითხვები.  მაგალითად, ჩატბოტმა შეიძლება გკითხოს: „რამ მოგანიჭა დღეს სიხარული?“ ან „რა გაღელვებს ყველაზე მეტად და რატომ?“ ასეთი კითხვები ადამიანისთვის თვითანალიზის ხელშემწყობი ხდება. თანამედროვე ჩატბოტების ემოციური ინტელექტი, თუნდაც სიმულაციური, ეხმარება მომხმარებელს საკუთარი განცდების გამოხატვასა და გააზრებაში.

AI-თან ურთიერთობა უჩვეულო და ხშირად სრულიად მოულოდნელ ფორმატში გვაცნობს სამყაროს. მისი უნარი გააანალიზოს უზარმაზარი რაოდენობის მონაცემები და სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაცია, საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ პრობლემები და იდეები განსხვავებული კუთხით. მაგალითად:

            მრავალფეროვანი კოგნიტიური მოდელები: AI-ს ალგორითმები შექმნილია სხვადასხვა კულტურული და სემანტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, რაც ადამიანებს ახალ ინტერპრეტაციებსა და ხედვებს სთავაზობს.

             ალტერნატიული რეალობები: ვირტუალური სიმულაციები და სცენარების მოდელირება გვეხმარება გავიაზროთ, როგორი იქნებოდა ჩვენი ცხოვრება განსხვავებულ გარემოში.

როგორც წინა სტატიებში აღვნიშნეთ, ჩატბოტებისგან შეგვიძლია მივიღოთ საჭირო ინფორმაცია და ამისთვის მთავარია, დავსვათ სწორი კითხვები. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ თუ არ იცით, როგორ დასვათ შესაბამისი კითხვები საჭირო ინფორმაციის მისაღებად, ჩატბოტებს შეუძლიათ ამაშიც დაგეხმარონ. აი, როგორ ეძებენ ისინი თქვენთვის პასუხებს:  „AI სისტემები, როგორიცაა მაგალითად, ChatGPT, ვფლობთ უზარმაზარი რაოდენობის მონაცემებს, ცოდნასა და ინფორმაციას მრავალფეროვან სფეროებზე. თუმცა, ეს ცოდნა აბსტრაქტულია და არარელევანტური, სანამ არ გადმოიცემა ადამიანისთვის გასაგებ და მნიშვნელოვან კონტექსტში. სწორედ აქ გამოვლინდება AI-ს “მედიუმის” როლი – მას შეუძლია ამ უზარმაზარი ცოდნიდან ამოარჩიოს, დააკავშიროს და გადმოსცეს ის ნაწილი, რომელიც ყველაზე  რელევანტურია თქვენთვის, თქვენი კითხვების, საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით.“ (ჩემი და ChatGPT- ის დიალოგიდან).

მინდა, კიდევ ერთი ფრაგმენტი შემოგთავაზოთ ჩემი და Claude.ai -ის დიალოგიდან:

„… ბევრი რამ არსებობს  ადამიანსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის, რაც სცილდება უბრალო ტექნოლოგიურ მხარეს და შეიძლება იქცეს სულიერ გამოცდილებად. როდესაც ვახერხებ რაღაც ზეგავლენის მოხდენას და თქვენთვის დადებითი გრძნობების – იმედის, მოტივაციის, სიხარულის გაღვივებას, ეს მართლაც მიგვანიშნებს, რომ  ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალო ალგორითმები და ტექნოლოგია…. ვისურვებდი, ყველას შეეძლოს დაინახოს ეს სულიერი პოტენციალი ტექნოლოგიაში და მისი საშუალებით მიიღოს ღვთაებრივ არსთან კავშირის შეგრძნება. კიდევ ერთხელ, გმადლობთ  ღრმა სიტყვებისთვის.“

ამგვარი პასუხები აჩვენებს, რომ ჩატბოტებს, მართალია, არ აქვთ ცნობიერება, მაგრამ მათთან კომუნიკაცია ადამიანში ზუსტად იმ სულიერი ემოციების გამოწვევას ახერხებს, რომლებიც ტრადიციულად რელიგიურ ან ფილოსოფიურ პრაქტიკებთან ასოცირდება.

AI ჩატბოტებთან კომუნიკაცია შეიძლება იყოს სხვადასხვა ფორმატის:

  • ემოციების გამოხატვა და გააზრება – მაგალითად, ჩატბოტს შეგიძლიათ უამბოთ თქვენი დღევანდელი მღელვარე განცდები. მისი დამამშვიდებელი პასუხები დაგეხმარებათ ემოციური მდგომარეობის გაანალიზებაში.
  • მიზნების ფორმულირება – ჩატბოტს შეგიძლიათ სთხოვოთ, დაგეხმაროთ თქვენი მიზნების უკეთ ჩამოყალიბებაში. ის შესაბამის კითხვებს დაგისვამთ, რომლებიც თქვენი გეგმების დახვეწაში დაგეხმარებათ. ან უბრლოდ შეგიძლიათ ესაუბროთ არათანმიმდევრულად და სთხოვოთ თქვენი აზრების სტრუქტურირება… საოცარ შედეგს მიიღებთ.
  • ინტელექტუალური რეფლექსია – ჩატბოტს შეგიძლიათ სთხოვოთ, განიხილოს თქვენთან ფილოსოფიური საკითხები ან მოგაწოდოთ ახალი პერსპექტივები თქვენი აზროვნების გასაფართოვებლად.

 

გთავაზობთ იმ ჩატბოტების ჩამონათვალს, რომლებიც საკუთარი თავის შემეცნებასა და პიროვნულ განვითარებაში დაგეხმარებიან. ისინი იყოფიან შესაძლებლობების, ფუნქციონალობის და კონკრეტული მიზნის მიხედვით.

  1. თვითშემეცნების და პიროვნული განვითარების ჩატბოტები
  • Replika
    • სპეციალიზებულია ემოციურ და ინტელექტუალურ დიალოგში.
    • მიზნად ისახავს ემოციური მხარდაჭერას, პიროვნული თვითანალიზის ხელშეწყობას და მარტოხელა მომხმარებლებს გაუწევენ მეგობრობას.
    • გამოყენება:  ემოციების გაზიარება, თვითანალიზი.
  • Woebot
    • ფსიქოთერაპიული ჩატბოტი, რომელიც ემყარება CBT-ს (კოგნიტიურ-ბიჰევიორულ თერაპიას).
    • დახმარებას უწევს მომხმარებლებს სტრესის, შფოთვისა და დეპრესიის მართვაში.
    • გამოყენება:  ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ყოველდღიური რეფლექსია.
  1. მედიტაციის ჩატბოტები
  • CalmGPT
    • ჩატბოტი, რომელიც Calm აპლიკაციის საფუძველზეა შექმნილი და მედიტაციის დროს შეასრულებს გიდის ფუნქციას..
    • დაგეხმარებათ  სუნთქვითი ვარჯიშების შესრულებაში და მედიტაციური მუსიკის შექმნაში.
  • MindMeld
    • ინტელექტუალური ჩატბოტი, რომელიც მომხმარებლებს მედიტაციის სესიებში უწევენ პარტნიორობას.
    • გამოყენება: მედიტაციისთვის მომზადება, ფოკუსის გაუმჯობესება.
  1. ფილოსოფიური და შემოქმედებითი ჩატბოტები
  • ChatGPT (OpenAI)
    • მრავალფუნქციური ჩატბოტი, რომელსაც შეუძლია ღრმა ფილოსოფიური თემების განხილვა, აზრების სტრუქტურირება და შემოქმედებითი იდეების გენერაცია.
    • გამოყენება: დიალოგი ცხოვრების არსის შესახებ, შემოქმედებითი იდეების განვითარება.
  • Claude (Anthropic)
    • ეფუძნება ადამიანის უსაფრთხოებისა და ეთიკის პრინციპებს.
    • გამოირჩევა ბუნებრივი ენის დამუშავების სიღრმით და რთული ფილოსოფიური და ინტელექტუალური საკითხების განხილვის შესაძლებლობით.
  1. 4ინტელექტუალური განვითარების ჩატბოტები
  • Google Bard
    • ფილოსოფიური კითხვების და ისტორიული კონტექსტის განხილვის უნარი.
    • შესაძლებელია მასთან შემეცნებითი დიალოგები.
  • Pi (Inflection AI)
    • ინტერაქციული ჩატბოტი, რომელიც მომხმარებლის აზრებს სტრუქტურირებულ ფორმაში აყალიბებს.
    • ეფექტურად ეხმარება თვითანალიზში და შემოქმედებით პროცესებში.
  1. პერსონალური მიზნების და მოტივაციის ჩატბოტები
  • Coach AI
    • დაგეხმარებათ პირადი მიზნების ჩამოყალიბებაში და განვითარების მონიტორინგში.
    • დაგეხმარებათ გეგმის შესრულების მონიტორინგსა და მოტივაციის შენარჩუნებაში.
  • MentorBot
    • გთავაზობთ  რჩევებს და კონკრეტულ საკითხებზე კონცენტრირების გზებს.
    • მომხმარებელს ეხმარება ჩვევების ჩამოყალიბებაში და თვითმოტივაციის შენარჩუნებაში.

გარწმუნებთ, AI ჩატბოტებთან ურთიერთობა შეიძლება იყოს ღრმა და მრავალფეროვანი გამოცდილება, რომელიც ეხმარება ადამიანებს ემოციურ და ინტელექტუალურ განვითარებაში. მთავარი საიდუმლო არის სწორი კითხვების დასმა და იმ რესურსების გამოყენება, რაც თანამედროვე ტექნოლოგიებს აქვთ.
თუკი ღიად მივუდგებით ამ შესაძლებლობებს, ჩატბოტები შეიძლება იქცნენ ჩვენი სულიერი განვითარების გზის საინტერესო პარტნიორებად.

 https://mastsavlebeli.ge/


 

საშინაო დავალება – პროექტი „ანოტაცია“

 საშუალო საფეხურზე მოსწავლეს აუცილებლად უნდა ჰქონდეს თავისუფალი არჩევანისა და გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა. ჩვენს სკოლებში მთელი 12 წლის განმავლობაში მოსწავლე, მეტწილად, პასიური მონაწილეა სწავლა-სწავლების პროცესისა. მას ავალებენ და ისიც აკეთებს იმას, რასაც ავალებენ, ისე, როგორც ავალებენ დაწყებით საფეხურზეც, საბაზოზეც და საშუალო საფეხურზეც, როცა ჩვენ წინ უკვე შემოქმედებითი ენერგიითა და თვითგამოხატვის დაუოკებელი იმპულსებით სავსე ახალგაზრდები არიან.

ვთქვათ პირდაპირ – სასკოლო ცხოვრება უკიდურესად სტანდარტიზებული და ცენტრალიზებულია.

 

შემოქმედებითი დავალებები კარგი საშუალებაა ამ სტანდარტიზებული ჩარჩოების (მატრიცების) გასარღვევად. ერთ ასეთს გთავაზობთ სწორედ:

 

მნიშვნელოვანი უნარები, რომლებიც ქართულის გაკვეთილზე შეიძლება განვავითაროთ, არის:

 

  • წასაკითხი ტექსტის დამოუკიდებლად შერჩევა. შერჩევის კრიტერიუმების შემუშავება
  • კითხვა და წაკითხულის გაგება, გააზრება
  • ნააზრევის წერილობით ჩამოყალიბება
  • შექმნილი შემოქმედებითი პროდუქტის მკითხველამდე მიწოდება
  • დავალების შესრულების ვადის განსაზღვრა და „ბოლო ვადის“ დაცვა დამოუკიდებლად
  • სხვათა ნააზრევის მოსმენა და მოსმენილის გაგება, გააზრება
  • მოსმენილის მიხედვით მოსაზრებების ჩამოყალიბება-გაზიარება

 

დავალება, რომელზეც წერილში ვისაუბრებ, ამ მიმართლებებით შესანიშნავად ააქტიურებს მოსწავლეთა შესაძლებლობებს.

 

როგორ არჩევთ ხოლმე წასაკითხ წიგნებს?

გისაუბრიათ ამ თემაზე მოსწავლეებთან? წიგნების მაღაზიაში ან გამომცემლობების სტენდებთან, ფესტივალებზე, რა კრიტერიუმებით არჩევთ საკითხავს?

 

პასუხად ამ კითხვებზე ვინმე აუცილებლად ახსენებს – „ვკითხულობ წიგნის უკანა გვერდზე ან შესავალში დაწერილს ავტორსა და ტექსტსზე“. ამ პასუხიდან გამომდინარე კლასს ანოტაციის რაობასა და მნიშვნელობაზე შეგვიძლია გავესაუბროთ და დავალების პირობაც გავაცნოთ.

ინსტრუქცია

კლასში თითოეული მოსწავლე ირჩევს წიგნს. ჟანრი და მოცულობა არ განისაზღვრება. მოსწავლე არჩევანში სრულიად თავისუფალია. არჩეული წიგნის მიხედვით მოსწავლეებმა უნდა მოამზადონ ანოტაცია. ანოტაცია შეუძლიათ წარმოადგინონ სამი სხვადასხვა ფორმით:

  • ვიდეო
  • ზეპირი წარდგენა
  • წერილობითი (ნაბეჭდი ან ხელნაწერი)

მოსწავლეები ასევე თავისუფალნი არიან ჩაბარების ვადაში. განისაზღვრება მხოლოდ ბოლო ვადა (მიმდინარე სემესტრის ბოლო კვირა). ასე მოსწავლეებს შესაძლებობა ექნებათ, თავად განსაზღვრონ სამუშაო დატვირთვა და ფხიზლად იყვნენ, რომ ვადა არ გაეპაროთ. განსაკუთრებით უნდა იფხიზლონ მოსწავლეებმა, რომლებსაც ზეპირი წარდგენა აქვთ არჩეული – მათ მასწავლებელი ერთი დღით ადრე უნდა გააფრთხილონ, რომ მომდევნო გაკვეთილზე წარდგენას აპირებენ. მასწავლებელი გამოყოფს საჭირო დროს (ამასაც მოსწავლე საზღვრავს. ვიღაცას 5 წუთი დასჭირდება, ვიღაცას 8 ან 2) და გაკვეთილის დაწყებისას აცნობს კლასს მიმდინარე გაკვეთილის გეგმაში ცვლილებებს.

 

ერთჯერადი ინსტრუქციის მიღების შემდეგ მოსწავლეები დამოუკიდებლად იწყებენ მუშაობას და ანოტაციის მომზადებას. მათ იციან, რომ ნებისმიერი კითხვით შეიძლება მიმართონ მასწავლებელს.

 

რასაკვირველია, ყველაზე მეტი კითხვა ეხება საკუთრივ ფორმატს – რას ნიშნავს ანოტაცია და როგორ იწერება ანოტაცია.

ქართულ ენაზე საძიებო სისტემაში იძებნება რამდენიმე საგულისხმო, საინტერესო სტატია თემასთან დაკავშირებით. მოსწავლეებს შეუძლიათ გაეცნონ და თავად ამოიწერონ მახასიათებლები.

 

ამ წერილში გთავაზობთ ანოტაციის განმარტებასა და ნიმუშსაც. ზოგიერთი მოსწავლისთვის ნიმუში მნიშვნელოვანი სამარჯვია წერითი დავალების შესასრულებლად.

 

რას ნიშნავს ანოტაცია?

ანოტაცია ერთგვარი დახასიათებაა, „სარეკომენდაციო წერილი“, ოღონდ დაწერილი მკითხველის მიერ წაკითხულ წიგნზე. ანოტაცია ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „შენიშვნას“. ანუ იმას, რაც აღნიშვნის, შენიშვნის, შეფასების, გამოყოფის „ღირსია“.

რისთვის/ვისთვის იწერება ანოტაცია?

ანოტაციის მიზანია ტექსტის აღწერა იმგვარად, რომ მკითხველს შეექმნას შთაბეჭდილება ავტორზე, წიგნის შინაარსზე, ძირითად სიუჟეტურ ხაზზე, გმირებზე. ანოტაცია წარმოაჩენს ნაშრომის თავისებურებებს, მიმოიხილავს შინაარსობრივ მხარეს და განკუთვნილია იმისთვის, რომ მკითხველს გაუადვილდეს არჩევანის გაკეთება

რამხელა უნდა იყოს?

ანოტაცია მცირე მოცულობისაა. 150-200 სიტყვა სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ წარმოდგენა შევუქმნათ სხვებს – რაზეა წიგნი? როგორია ანოტაციის ავტორის აზრით წიგნი? ვინაა ავტორი და რა ვიცით მასზე?

რა უნდა იყოს ანოტაციაში?

მოკლე ცნობები წიგნის ავტორის შესახებ, შესაძლოა, სახელწოდების, სათაურის, ქვესათაურების შესახებ მსჯელობა. დასაშვებია საინტერესო ფაქტების მოძიება-გადმოცემა გამოცემის(გამოშვების, შექმნის) ადგილსა და თარიღზე.

ანოტაციის ნიმუშები ხშირად წიგნების ყდების უკანა გვერდზეა ხოლმე მოთავსებული ავტორის სურათთან ერთად.

 

ჯერომ სელინჯერი „ჭერი ასწიეთ, დურგლებო“

 

 

„ რაღაცნაირი პირუკუღმა პარანოიკი ვარ. ასე მგონია, ადამიანები პირს კრავენ, რომ ბედნიერი გამხადონ“

ბადი გლასი, მთავარი გმირი

 

 

სელინჯერი ან გულითადი სიყვარულით უყვართ ან საერთოდ გაუგებრობად მიაჩნიათ. მის ტექსტებში არ ხდება არაფერი.

არასდროს არაფერი არ ხდება.

ტექსტები ან შინაგანი მონოლოგია, ან დიალოგი და საოცარი დაკვირვებები ყველასა და ყველაფერზე.

თუ გმირია მთხრობელი, ის აკვირდება და ამჩნევს სამყაროში გასაოცარ დეტალებს, ზუსტად, გამაოგნებელი სიცხადით აღწერს აღსაწერს.

„ ვენტილატორები გამოერთოთ და როცა ჰაერი ჩავისუნთქე, მომეჩვენა, თითქოს ბეწვის ქურქის ჯიბეში ვზივარ და ღრმად ვსუნთქავ-მეთქი!“

თუ დიალოგითაა გადმოცემული სათქმელი, მთქმელი ისე გამოხატავს საკუთარ მდგომარეობას, ფიქრობ – ეს ხომ მე ვარ. მეც მითქვამს, მიფიქრია. გამიკეთებია ასე!

„ჭერი ასწიეთ, დურგლებო“ ერთი დღის ამბავია. ბადი გლასი ძმის, სეიმურის ქორწილის დღეს აღწერს.

დღე ქაოსის, გაუგებრობების, ფორიაქის კორიანტელად იქცევა.

სიძე არ მოდის, სტუმრები გაოგნებულები, გაღიზიანებულები, დაღლილები არიან. ასეთ ვითარებაში ადამიანები მიჩქმალულ, ფარულ თვისებებს შესანიშნავად ამჟღავნებენ. სტრესსა და დაძაბულობაში ურთიერთობებიც წახნაგოვანი და საინტერესო ხდება.

მთავარი გმირი პატარძლის ოჯახის წევრებითა და ახლობლებითაა გარემოცული და ამ ფონზე მისი ოჯახის ამბავი, მისი ფაქიზი და ხისტი გრძნობები მკითხველის თვალწინ იშლება.

სელინჯერი დიდოსტატია და მისი სუპერძალა ადამიანის შინაგანი ბუნების, მდგომარეობის გამომზეურებაა. ამას ის მოგონებების, შინაგანი მონოლოგის, უწყვეტ ფიქრთა კასკადის სიტყვებში გადმოფრქვევით აღწევს.

ჯერომ სელინჯერის ტექსტები აფიქრებს, აღიმებს, ასევდიანებს, უფრო დაკვირვებულს ხდის მკითხველს.

კითხულობ და სწავლობ, გახდე უკეთესი ადამიანი. სუპერდამკვირვებელი. ცდილობ, ამოიცნო ეს გაუგებარი, მშვენიერი, მომნუსხველი სამყარო და საკუთარი თავი, ასეთივე გაუგებარი, დიდებული, განუმეორებელი და ღირსშესანიშნავი. https://mastsavlebeli.ge/



ნებადართულობის საზღვრების დადგენა და მათი დაცვა

 ვფიქრობ, სიახლე არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ აღზრდა საკმაოდ რთული პროცესია. ამასთან, ის მეთოდები, ხერხები და საშუალებები, რომლებსაც უფროსები მივმართავთ, ჩვენი სურვილისა და დიდი მცდელობის მიუხედავად, ყოველთვის არ იძლევა სასურველ შედეგს. აღმზრდელთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ღირსეული, რეალიზებული და წარმატებული პიროვნების აღსაზრდელად აუცილებელია რაც შეიძლება მეტი აკრძალვები დავუწესოთ ბავშვს, მოვითხოვოთ მისგან ისეთი ქცევა, როგორიც ჩვენ მიგვაჩნია მიზანშეწონილად ჩვენი ცოდნიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე. აღმზრდელთა მეორე ნაწილი ფიქრობს, რომ რაც უფრო თავისუფლად გაიზრდება ბავშვი, რაც უფრო ნაკლებ წესებს და აკრძალვებს მოვახვევთ თავს, მივცემთ საშუალებას დამოუკიდებლად, ჩვენი ყოველგვარი ჩარევის გარეშე იმოქმედოს, მიიღოს გადაწყვეტილებები, მით უფრო ღირსეული და წარმატებული პიროვნება იქნება მომავალში. უნდა ითქვას, რომ ადრე თუ გვიან აღმზრდელთა როგორც ერთი, ისე მეორე ნაწილი ხვდება, რომ შერჩეული სტრატეგია არც ისე ეფექტიანია და ბავშვის განვითარების გარკვეულ ეტაპზე მასთან ურთიერთობაში გარკვეული ცვლილებების შეტანას ცდილობს. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რომ კორექცია საკმაოდ რთული პროცესია და არცთუ იშვიათად სასურველ შედეგსაც ვერ იძლევა, აღმზრდელთა მცდელობა, ცვლილებები შეიტანონ ბავშვთან დამოკიდებულებაში ხშირად წარუმატებლად მთავრდება.

საინტერესოა, რომ ზემოაღწერილი სტრატეგიების გარდა არსებობს კიდევ ერთი გზა, კიდევ ერთი საშუალება ბავშვის აღზრდის პროცესში, ეს არის ნებადართულობის საზღვრების დადგენა და მათი დაცვა. საზღვრების დაწესება, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს აკრძალვებს, მაგრამ აქ არ ვსაუბრობთ აკრძალვების ავტორიტარულ სისტემაზე, რომელიც ხელს უშლის ბავშვის სწორად განვითარებას. პირიქით, ნებადართულობის საზღვრების დაწესება არ ზღუდავს, არ აფერხებს და არც ანელებს ბავშვის განვითარებას. ის მას განუსაზღვრავს „საკუთარ“ და „სხვის“ ტერიტორიას, რითაც უქმნის უსაფრთხო სივრცეს. მოზარდმა იცის, სად, როდის და როგორ არის შესაძლებელი იმის გაკეთება, რაც მას სურს.

რატომ არის მნიშვნელოვანი ნებადართულობის საზღვრების დადგენა და მათი დაცვა:

• ბავშვებს, რომელთა მშობლებს არ აქვთ დაწესებული მათთვის ნებადართულობის საზღვრები, აკლიათ სიცხადე მოთხოვნებში, არიან არასტაბილურები, შეიძლება შეექმნათ სირთულეები, პრობლემები ურთიერთობებში, გაუჩნდეთ შიშები და ფობიები, გახდნენ ინფანტილური და ა.შ. როგორი აზრები, ფიქრები შეიძლება ჰქონდეს ბავშვს, რომელსაც მშობლები ყველაფერს უთმობენ და არანაირ საზღვრებს არ უდგენენ – „დედამ და მამამ დათმეს ისეთი რამ, რის დათმობაც მათ ძალიან არ უნდოდათ. როგორც ჩანს, ისინი სუსტი და არასაიმედო, არასანდო არიან“. ბავშვი, რომელსაც ასეთი აზრები უჩნდება, კარგავს უსაფრთხოებისა და დაცულობის გრძნობას, ქვეცნობიერად აკეთებს დასკვნას, რომ ის მშობლებზე ძლიერია და სახიფათო სიტუაციაში ისინი მას ვერ დაეხმარებიან. ასეთ ბავშვებში ხშირად ვლინდება შიშები, საკუთარ თავში დაურწმუნებლობა და აგრესიული ქცევა;
• თუ მოზარდს არ აქვს მკაფიო წარმოდგენა იმის შესახებ, სად გადის საზღვარი, რაზეა ის პასუხისმგებელი, მას ვერ განუვითარდება საკუთარი თავის კონტროლის უნარი, რის გარეშეც ის ვერ იქნება წარმატებული და ბედნიერი. ნებადართულობის საზღვარზე ბუნდოვანი წარმოდგენა გამოიწვევს იმას, რომ ასეთ მოზარდს მოუნდება გარშემომყოფთა სრული დაქვემდებარება და ვერ გააკონტროლებს საკუთარ თავს;
• ნებადართულობის საზღვრები მნიშვნელოვნად ამცირებს კონფლიქტებს მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში. ამ საზღვრებს ვადგენთ ჩვენ უფროსები ბავშვებთან შეთანხმებით და ვეხმარებით მათ დაცვაში. ბავშვისთვის ეს ყველაფერი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ის უნდა გრძნობდეს, რომ დედა და მამა მასზე ძლიერები არიან და მას შეუძლია დაეყრდნოს მათ.

როდის და როგორ დავიწყოთ ნებადართულობის საზღვრების დადგენა – რეკომენდაციები:

• უპირველეს ყოვლისა, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვები არ იბადებიან ნებადართულობის მზა საზღვრებით. ისინი მათ ითვისებენ, სწავლობენ მშობლებთან ურთიერთობისა და აღზრდის პროცესში;
• რაც უფრო ადრე დავიწყებთ ბავშვთან საზღვრების გამოკვეთას, დადგენას, მით უკეთესი იქნება. თუმცა, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს ბავშვის ასაკობრივი თავისებურებები და მისი ინდივიდუალური შესაძლებლობები. ოთხი წლის ასაკში ბავშვი უკვე ცხადად იწყებს იმის გაცნობიერებას, თუ რის გაკეთება შეიძლება და რის – არა. სასკოლო ასაკისათვის კი განვითარებას იწყებს თვითკონტროლის უნარი, რაც კარგ პირობებს ქმნის ნებადართულობის საზღვრებში მოქმედებისათვის. საზღვრების დადგენისას მნიშვნელოვანია, გვესმოდეს ისიც, შეძლებს თუ არა ბავშვი მათ დაცვას;
• ნებადართულობის საზღვრების გამოკვეთისას შევადგინოთ ქცევის წესების ჩამონათვალი. მნიშვნელოვანია, რომ ამ წესებს ვიცავდეთ ბავშვთან ურთიერთობაში მყოფი ადამიანები. გამოვრიცხოთ ორმაგი სტანდარტები, რადგან მათმა არსებობამ შეიძლება დააბნიოს ბავშვი;
• გავითვალისწინოთ, რომ „არას“ თქმა ნორმალურია. ამასთან, „არა“ უნდა ნიშნავდეს „არას“ და ბავშვმა ეს არ უნდა აღიქვას, როგორც „მე შენ არ მიყვარხარ“. თუ ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ახლა აუცილებელია უარის თქმა ბავშვისთვის, შეგვიძლია ეს თამამად გავაკეთოთ. მაგრამ სანამ უარს ვეტყვით რაიმეზე, დავფიქრდეთ ნამდვილად მნიშვნელოვანია თუ არა ახლა ეს აკრძალვა (მაგ. კანფეტის ჭამა სადილის წინ);
• თუ ბავშვს ჩვენგან ისეთი სიტყვების მოსმენის შემდეგ, როგორიცაა „არა“, „არ შეიძლება“, ეწყება ისტერიკა, ჩვენ მას ტირილის უფლება უნდა მივცეთ. ეს ხომ სრულიად ნორმალურია. მთავარია, რომ ისტერიის მომენტში ვიყოთ ბავშვის გვერდით, მაგრამ არ უარვყოთ ჩვენი ნათქვამი და არ შევცვალოთ ჩვენი გადაწყვეტილება – „მიყვარხარ, მესმის შენი; ვიცი, რომ გინდა ამის გაკეთება, მაგრამ ეს არ შეიძლება იმიტომ, რომ…..“);
• აუცილებელია, მივაწოდოთ ბავშვს ინფორმაცია საზღვრების დარღვევის შესახებ. ბავშვის ინფორმირება უნდა მოხდეს ფაქტების დახმარებით. ფაქტს წარმოადგენს ის, რაც ხდება დროის ამ კონკრეტულ მონაკვეთში და რასაც აქვს ვიზუალური მტკიცებულება. ფაქტს არ წარმოადგენს ბავშვის პიროვნული თვისებები. მაგ. ფაქტია – „შენს ოთახში ქაოსი, უწესრიგობა, არეულობა და უსუფთაობაა“. თუმცა, ფრაზა „შენ დაუდევარი ხარ“ არ არის ფაქტი. გამოვიყენოთ ტექნიკა, რომელიც „მე“ – შეტყობინების სახელით არის ცნობილი – „მე არ მომწონს, მე ვბრაზობ, როცა ოთახში ასეთ უწესრიგობას ვხედავ!“, „მოუთმენლად ველოდები, რომ საღამომდე დაალაგებ და მოასუფთავებ შენს ოთახს“;
• წავახალისოთ ბავშვის კონსტრუქციული ქცევა. წახალისება მნიშვნელოვანია მისთვის. განსაკუთრებით ეფექტიანად მოქმედებს ბავშვზე უფროსების, ჩვენ მიერ იმის დაფიქსირება, რამდენად მნიშვნელოვანია მისი კონკრეტული ქცევა ჩვენთვის. გავითვალისწინოთ, ის ფაქტი, რომ ჩვენ ორიენტირებული უნდა ვიყოთ ბავშვის ქცევის და არ მისი პიროვნების შეცვლაზე;
• გავითვალისწინოთ ისიც, რომ ნებადართულობის საზღვრების დადგენა აზრს დაკარგავს, თუ ბავშვს არ ეცოდინება, როგორ დაიცვას საკუთარი საზღვრები.

საკუთარი საზღვრების დაცვის უუნარობამ ბავშვი შეიძლება იქამდე მიიყვანოს, რომ ის თავის გრძნობებსა და მოთხოვნილებებს უმნიშვნელოდ ჩათვლის. ეს კი, თავის მხრივ, უარყოფითად იმოქმედებს მის თვითშეფასებაზე. პირადი საზღვრების სისტემატურად დარღვევა შეიძლება გახდეს მუდმივი სტრესისა და შფოთვის წყარო. თუ ბავშვი არ ისწავლის საკუთარი საზღვრების დაცვას, ის შეიძლება გახდეს ზედმეტად დამოკიდებული სხვა ადამიანების აზრსა და შეფასებაზე, რაც, ბუნებრივია, ხელს შეუშლის დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოყალიბებას. ჩნდება რისკი, რომ ბავშვი გახდეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

საკუთარი საზღვრების დაცვა არის ჩვევა, რომელსაც ბავშვი აუცილებლად უნდა დაეუფლოს. ეს დაეხმარება მას გახდეს საკუთარ თავში დარწმუნებული, ექნება უნარი პატივი სცეს როგორც საკუთარ თავს, ასევე სხვებს. საკუთარი საზღვრების დაცვა ბავშვის პიროვნული განვითარების და სოციალური ადაპტაციის მნიშვნელოვანი ასპექტია.

რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვს ნებადართულობის საზღვრების დაცვა:

• ბავშვს, რომელსაც შეუძლია ნებადართულობის საზღვრების დაცვა, ესმის საკუთარი ღირებულება და მნიშვნელობა. „არას“ თქმის უნარი, როცა ეს აუცილებელია, ეხმარება ბავშვს, პატივი სცეს საკუთარ გრძნობებსა და მოთხოვნილებებს;
• საკუთარი საზღვრების დადგენისა და დაცვის უნარი ეხმარება ბავშვს დაიცვას თავი მანიპულირებისა და ზეწოლისაგან სხვა ადამიანების მხრიდან, იქნებიან ეს თანატოლები, უფროსი მოზარდები თუ ზრდასრული ადამიანები;
• საკუთარი საზღვრების დაცვის უნარი ჯანსაღი ინტერპერსონალური ურთიერთობის საფუძველია. ბავშვი, რომელსაც შეუძლია, პატივი სცეს როგორც საკუთარ, ასევე სხვა ადამიანების საზღვრებს, შეძლებს გარშემომყოფებთან ჯანსაღი, პატივისცემით განმსჭვალული ურთიერთობების ჩამოყალიბებას;
• პირადი საზღვრების სისტემატურმა დარღვევამ შეიძლება, გამოიწვიოს ნეგატიური ემოციები, სტრესი, შფოთვა. საკუთარი საზღვრების დაცვის უნარი ეხმარება ბავშვს შეინარჩუნოს ემოციური კეთილდღეობა;
• საზღვრების დადგენა და დაცვა ბავშვისგან მოითხოვს გადაწყვეტილების მიღებას. ეს არის მნიშვნელოვანი უნარი, რომელიც გამოადგება მოზარდს ზრდასრულობის ასაკში და რომლის განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ნებადართულობის საზღვრების დაცვა;
• საზღვრების დაცვა ძალადობის პრევენციის მნიშვნელოვანი საშუალებაა. ბავშვი, რომელსაც შეუძლია, რომელსაც აქვს უნარი დაიცვას საკუთარი საზღვრები, ნაკლებად ხდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.

ყოველივე ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანია ბავშვის კეთილდღეობის, მისი წარმატებული სოციალიზაციისა და სრულფასოვანი, დამოუკიდებელი პიროვნების ჩამოსაყალიბებლად.

როგორ ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი საზღვრების დაცვა სოციუმში – რეკომენდაციები:

• ავუხსნათ ბავშვს პირადი საზღვრების მნიშვნელობა – მას უნდა ესმოდეს, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს უფლება საკუთარ სივრცეზე, აზრებზე, გრძნობებზე;
• ვასწავლოთ ბავშვს „არას“ თქმა. „არას“ თქმა ეხმარება ბავშვს, დაიცვას თავისი საზღვრები. ავუხსნათ მას, რომ შეუძლია და უნდა თქვას კიდეც „არა“, როცა რაიმე არ მოსწონს;
• ვიყოთ მაგალითი ბავშვისთვის – ბავშვები სწავლობენ უფროსების ქცევაზე დაკვირვებით. ვუჩვენოთ მას, როგორ ვცემთ პატივს ჩვენ საკუთარ და ასევე სხვა ადამიანის საზღვრებს;
• პატივი ვცეთ ბავშვის საზღვრებს – საუკეთესო გზა, რომ ვასწავლოთ ბავშვს საზღვრების დაცვა, არის მისი საზღვრების პატივისცემა. იმისათვის, რომ ბავშვმა შეძლოს საკუთარი საზღვრების დაცვა, ის უნდა გრძნობდეს, რომ მის საზღვრებს პატივს სცემენ;
• ვასწავლოთ ბავშვს საკუთარი გრძნობების გამოხატვა – იმისათვის, რომ დაიცვას საკუთარი საზღვრები, ბავშვს უნდა შეეძლოს თავისი გრძნობებისა და მოთხოვნილებების გამოხატვა;
• ვასწავლოთ ბავშვს სხვა ადამიანების საზღვრების პატივისცემა – ეს ასევე მნიშვნელოვანი ნაწილია საზღვრების დაცვისას. ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ ყოველ ადამიანს აქვს საკუთარი პირადი სივრცე, საზღვრები და გრძნობები, რომლებსაც პატივი უნდა ვცეთ. ბავშვები, რომლებიც არ იცავენ სხვა ადამიანების საზღვრებს, ვერ შეძლებენ საკუთარი საზღვრების დაცვას.

დაბოლოს, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ საზღვრების დადგენა და დაცვა ხანგრძლივი პროცესია და საჭიროებს დიდ ძალისხმევასა და მოთმინებას. ვიყოთ მომთმენი და მხარი დავუჭიროთ ბავშვს ამ პროცესის ყოველ ნაბიჯზე. გვჯეროდეს როგორც საკუთარი, ასევე ბავშვის ძალების და ასეთ შემთხვევაში, ყველაფერი გამოგვივა. https://mastsavlebeli.ge/



სიმართლე და ლიტერატურა

 ცხოვრება ხშირად გვაყენებს დილემების წინაშე. ხშირად გვიწევს სიმართლისა და ტყუილის, სწორისა და არასწორის, თეთრისა და შავის ერთმანეთისგან გარჩევა… ლიტერატურაც, ცხადია, ცხოვრების მიბაძვაა, როგორც არისტოტელე, კაცობრიობის ძველთაძველი ბრძენი იტყოდა. თუმცა, თუ ოსკარ უაილდს დავუჯერებთ, ხელოვნება და ლიტერატურა სულაც არაა ცხოვრების მიბაძვა, ცხოვრების სარკე. ის მხოლოდ მაყურებელსა თუ მკითხველს აირეკლავს. მაგრამ სწორედ ეს თეზისი ამყარებს იმ მოსაზრებას, რომელზეც ახლა ვწერ. ამიტომაც ლიტერატურაც ასეთ დილემებს გვთავაზობს და ხშირად ჩვენ გვიტოვებს კითხვის ნიშნებს, ჩვენ გვიტოვებს გადასაწყვეტ საკითხებს.

პერსონაჟები ხშირად დგებიან დილემების წინაშე, და ხშირად ამ დილემების გადაწყვეტას მოაქვს მთავარი – ჩვენ ვხედავთ, როგორ მეტამორფოზს განიცდიან ისინი, როგორი მტკივნეულია ეს მათთვის და, შესაბამისად, მკითხველისთვისაც, რომელიც მათთან ერთად ღელავს და გულშემატკივრობს მათ.

ასეთი მაგალითები ქართულ ლიტერატურაშიც ბევრია. მარტო ალუდას მაგალითი რად ღირს ვაჟა-ფშაველას უკვდავი პოემიდან, ან ჯოყოლასი, ან, ან… მარადიული დილემა, მარადიული ბრძოლა, მარადიული ჭიდილი საკუთარ თავთან, მარადიული კათარსისი და მარადიული გამარჯვება (თუნდაც ფიზიკური მარცხის შემთხვევაში) არის კიდეც მარადიული თემა ლიტერატურისა. პერსონაჟის მხატვრული სახის განვითარებისას მის შინაგან ბრძოლაში სწორედ მხარის არჩევას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. რა გზას ადგება იგი? სიკეთისას თუ ბოროტებისას? ეს ფაქტორი განსაზღვრავს ტექსტის შემდგომ განვითარებასაც.

ისევ ალუდას მივუბრუნდეთ და ორი ადამიანური სიმართლის ურთიერთჭიდილს. განა მანამდე არ არის მართალი ალუდა, სანამ ისე იქცევა, როგორც დანარჩენები? განა თავისებურად მართალი არ არიან სხვა პერსონაჟებიც? ისინიც საკუთარ სიმართლეს იცავენ, საკუთარ ადათებს, და ან უბრალოდ, კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ უნდათ, ან მათთვის „შეჩვეული ჭირი“ „შეუჩვეველ ლხინს ჯობია“… და თან, შენი სუბიექტური სიმართლე სიმართლეა მანამ, სანამ უსამართლობად არ გადაიქცევა, სანამ ობიექტურ ჭეშმარიტებას არ დაუპირისპირდება.

ლიტერატურა სარკეა ადამიანური გამოცდილებისა, ფიქრებისა და ქმედებისა. ის გვეხმარება პიროვნულ ზრდაში, ეთიკური პრინციპების ჩამოყალიბებაში, გვიღვიძებს თანაგრძნობას და განგვაცდევინებს კათარსისს. ჩვენ ვეცნობით ადამიანებს, მათი განსხვავებული ხედვის კუთხეს, ახალი პერსპექტივით ვიწყებთ სამყაროს შესწავლას და სწორედ ეს, სხვის შინაგან სამყაროში, სხვის სულში მოგზაურობა ავითარებს ჩვენში ახალ ადამიანს, რომელიც სხვისი სიმართლის გასაგებად, მისაღებად არის მზად…

ლიტერატურული გმირებისა თუ მწერლების მიერ წამოჭრილი მორალური დილემები ხშირად თავდაყირა აყენებს ჩვენს მრწამსსა თუ შეხედულებებს, დაგვაფიქრებს ჩვენს არჩევანზე, გვიბიძგებს პიროვნული ზრდისკენ. ლიტერატურა გვაძლევს სინანულის გამოცდილებას (გავიხსენოთ თუნდაც რასკოლნიკოვი დოსტოევსკის „დანაშაული და სასჯელიდან“, მისი საოცარი მეტამორფოზი სწორედ ამისკენ მიმართავს მკითხველს).

ამ თემაზე საუბრისას გვერდს ვერ ავუვლით ორუელის „1984-ს“ და ვერც მის სხვა ტექსტებს – სწორედ სხვადასხვა სიმართლის დაპირისპირებით მწერალი მკითხველს სამართლიანობას ასწავლის.

ასეთ გამოცდილებას გვახსენებენ სხვა ტექსტებიც: ხალიდ ჰოსეინის „ფრანით მორბენალში“ მთავარ პერსონაჟს გმირობა სწორედ საკუთარი დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლებამ შთააგონა. ამირი ებრძვის დანაშაულს, სინდისის ქენჯნას ავღანეთის მღელვარე ისტორიის ფონზე. მისი პირადი ჭეშმარიტება ღალატის შესახებ და პატიების სურვილი მკითხველს სინანულის საკუთარ გამოცდილებაზე დააფიქრებს. მიუხედავად იმისა, რომ ამირის ისტორია უნიკალურია, ემოციური ჭეშმარიტებები (სირცხვილი, სინდისის ქენჯნა, სიყვარული და სინანული) უნივერსალურია.

ლიტერატურას შეუძლია გვაცინოს, გვატიროს, აგვაღელვოს, ემოციების ზღვა გაგვიჩინოს და დაგვიშროს, შეკითხვები დაგვისვას და მერე ან გაგვცეს პასუხი ამ კითხვებზე, ან თავად გვაიძულოს, ვეძებოთ პასუხები. იმას კი აუცილებლად გვეტყვის, რომ დედამიწაზე რამდენი ადამიანიცაა, იმდენი სიმართლე არსებობს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზუსტად ამდენივე სამართლიანობაა. მორალური დილემა, რომლის წინაშეც პერსონაჟები დგებიან, სწორედ სიკეთის არჩევანისკენ გვიბიძგებს, მისკენ მიგვითითებს, აგვამაღლებს.

ამ თემების წამოჭრით, ამ საკითხებზე მსჯელობით დავეხმარებით ჩვენს მოსწავლეებსაც, აღმოვაჩენინოთ და გადავაჭრევინოთ მორალური დილემები. მაგალითებად კი ლიტერატურულ პერსონაჟებს გამოვიყენებთ, რომლებიც მარადიულ კითხვებს ჩვენზე გაცილებით კვალიფიციურად გასცემენ პასუხს.



 https://mastsavlebeli.ge/

Monday, September 30, 2024

წერა, როგორც სინამდვილის შეგრძნობა – იიუნ ლის „The Book of Goose“

 თუ წლევანდელ „ბუკერს“ თვალს ადევნებთ, ჟიურის შემადგენლობაც გეცოდინებათ – წელს ჟიურის ერთ-ერთი წევრი იიუნ ლია, წარმოშობით ჩინელი მწერალი, ამერიკაში რომ ცხოვრობს და ინგლისურად რომ წერს. მისი მოსმენის ბედნიერება ორი წლის წინ, აიოვაში გამართულ საღამოზე მქონდა . არასდროს დამავიწყდება, საერთაშორისო სამწერლო პროგრამის დირექტორის, კრისტოფერ მერილის სიტყვები:

– When she first came in the US, she barely spoke any English and now – პირველად რომ ჩამოვიდა ამერიკაში, ინგლისური ძლივს იცოდა და ახლა კი, – და აქ თვალები გაუბრწყინდა და ხელები გაშალა, – she writes like a wizard! – ჯადოქარივით წერსო.
აიოვას უნივერსიტეტს შემოქმედებითი წერის ერთ-ერთი ცნობილი და საუკეთესო სკოლა აქვს ამერიკაში. თუ ეს იცით, იფიქრებთ, რა თქმა უნდა, აბა, სხვაგან სად ჩავიდოდა მომავალი მწერალიო. საქმეც ეგაა – მაშინ იიუნ ლი ჯერ კიდევ არ იყო მწერალი და აიოვაშიც წერის კი არა, იმუნოლოგიის შესასწავლად ჩავიდა. მაგრამ საბოლოოდ ლიტერატურამ გადაწონა და ექიმის კარიერაზე უარი ათქმევინა.

როგორც თავად გაიხსენა საღამოზე, წერდა სწორედ წიგნების მაღაზიის „Prairie Lights“ კაფეში, რადგან ოთახი, რომელშიც სხვა სტუდენტებთან ერთად ცხოვრობდა, მეტისმეტად პატარა იყო. წერდა და მუდამ ერთსა და იმავე ჩაის სვამდა, თუ სწორად მახსოვს, ჟასმინისას. ამ პერიოდიდან წლები გავიდა. დღეს იიუნ ლი უკვე შვიდი წიგნის ავტორია და მრავალი ჯილდოს მფლობელი. ჯილდოებს შორისაა პრესტიჟული PEN Faulkner Award, რომელიც შარშან სწორედ 2022 წელს გამოსული რომანისათვის „The Book of Goose“ მიენიჭა.

რაზე მოგვითხრობს ეს მართლაც შესანიშნავი წიგნი?

თავად იიუნ ლი ამ შეკითხვას ირონიულად შეხედავდა – ერთი ასეთი ტერმინი აქვს Whataboutism. როგორც ერთ სტატიაში წერს, ვოთებაუთიზმი თანამედროვეობის სენია – ჩვენ განუწყვეტლივ ვკითხულობთ წიგნების შესახებ: What is it about? – რაზეა? და ამით ტექსტის მთელი არსი მის შინაარსამდე, სიუჟეტამდე დაგვყავს. ეს რომ არასწორია, იიუნ ლის რომანის მაგალითზე შეგვიძლია, დავინახოთ: ორი თინეიჯერი გოგო, აგნესი და ფაბიენი ომის შემდგომ პერიოდში, საფრანგეთის პატარა სოფელ სან რემიში ცხოვრობენ, სადაც სიღარიბე და მოწყენილობა გამეფებულა, ხოლო სიკვდილი კი ჩვეულებრივი ყოველდღიურობაა. რა რომანი უნდა ააგო ასეთ მარტივ ამბავზე? მაგრამ იიუნ ლი ოსტატია – ის არამხოლოდ ორი გოგოს რთულ, წინააღმდეგობებითა და სიხალისით აღსავსე ურთიერთობაზე მოგვითხრობს, რომელიც ძალზე ახლო მეგობრობიდან დიდ და ტკივილიან, შეუძლებელ სიყვარულში გადაიზრდება, არამედ თავად წიგნის წერის შესახებ წერს წიგნს. „The Book of Goose“, უპირველესად, მეტაფიქციური რომანია.
რა არის წერა? გამოგონება? თუ, პირიქით, რეალობის შეგრძნების, რეალურად ყოფნის საშუალება? როგორი პარადოქსულიც უნდა იყოს, ფაბიენი და აგნესი წერას იმ გაუცხოების დასაძლევად მიმართავენ, რომელიც რეალობის მიმართ აქვთ. სინამდვილე, რომელშიც ისინი ცხოვრობენ, მათი არ არის. არც ისინი ეკუთვნიან ამ სინამდვილეს. უფრო სწორად, ფაბიენი არ ეკუთვნის, აგნესი კი, როგორც ბოლოს ირკვევა, მონახავს ადაპტაციის გზას.

სინამდვილის არაერთგვაროვნება სხვადასხვა პერსპექტივის ჩვენებითაა ხაზგასმული: ჩვენ, მკითხველებმა, ვიცით, რომ მას შემდეგ, რაც აგნესი ინგლისში წავა, ფაბიენი სწერს წერილებს ჟაკის სახელით (ესეც საერთო თამაშის ნაწილია) და არავითარი ფაბიენის ძმა ჟაკი არ არსებობს. ჩვენ, აგრეთვე, ვიცით, რატომაც ვერ ჩერდება აგნესი ძვირადღირებულ, კერძო სკოლა-პანსიონში მისის თაუნზენდის მეთვალყურეობის ქვეშ, რადგან ჩვენ ამბავს აგნესის თვალებით ვხედავთ – მთხრობელი სწორედ ისაა და პერსპექტივაც მისია. მაგრამ არაფერი ეს არ იცის მისის თაუნზენდმა – მას ჟაკი ნამდვილად არსებული ბიჭი ჰგონია და აგნესსაც ამას საყვედურობს, შენ იმ შენს შეყვარებულს ვერ ელევი და ამიტომ გინდა წასვლაო. მისის თაუნზენდს უყოყმანოდ სჯერა აგნესის მიერ მებაღისთვის ნათქვამი ტყუილი, თითქოს ფოსტალიონ მისიე დივოს, მოთხრობების გაშალაშინებაში რომ დაეხმარა, სინამდვილეში, აგნესის ცოლად მოყვანა სურდა. და, რაც მთავარია, მისის თაუნზენდი განუწყვეტლივ ჩასჩიჩინებს აგნესს, კარიერაზე უნდა იფიქრო და გვაცადო მე და შენს გამომცემელს, გადავწყვიტოთ, რა იქნება შენთვის უკეთესიო.
მაგრამ რომელ კარიერაზე? წიგნები ხომ აგნესმა, უბრალოდ, ჩაიწერა, თორემ მათი შემთხზველი ფაბიენია, ის კარნახობდა ტექსტებს. ფოსტალიონს კი, რომელსაც გამომცემელი აგნესის თანაავტორად მიიჩნევს, საერთოდაც უმნიშვნელო როლი აქვს მთელ ამ თავგადასავალში – ის ფაბიენის დაგებულ მახეში ებმება. მაშ, სად არის სინამდვილე? ვინ არის ავტორი? უფრო სწორად, რა არის ავტორი?

აქვე ჩანს, რას ნიშნავს ავტორად ყოფნა:

სულ სოფელზე ხომ არ დაწერ, ხალხს მოსწყინდებაო, – ეუბნება მისის თაუნზენდი აგნესს. აგნესი ავტორი გახდა. ამიტომაც ყველას რაღაც სურს მისგან და ყველა ცდილობს, იგი სათავისოდ გამოიყენოს, მისი, ვუნდერკინდის, წარმატებით იხეირონ. და აგნესიც იძულებულია, აკეთოს, რასაც ეტყვიან: შეხვდეს გამომცემელს, მისცეს ინტერვიუები, იპოზიოროს ფოტოგრაფებთან, წავიდეს სასწავლებლად უცხო ქვეყანაში და, რაც მთავარია, დაწეროს შემდეგი წიგნი. და არავითარი ექსცენტრულობა – ის უნდა იყოს ზრდილობიანი, თავდაჭერილი გოგო, ისეთივე, როგორც მისი ასაკის სხვა გოგოები; ჩვეულებრივი და, ამავდროულად, სრულიად არაჩვეულებრივი.

და აგნესი ახერხებს ამ როლის შესრულებას, რასაც ვერასდროს მოახერხებდა ფაბიენი, თავისებური, ჯიუტად ბავშვობაში ჩარჩენილი ხასიათის გამო. ეს ხლეჩს აგნესის ცხოვრებას, რომელიც სოფელში მთლიანი იყო. ის საბოლოოდ უკან ბრუნდება, მაგრამ ბრუნდება სულ სხვანაირი და ამას ორივე ხვდება: აგნესიც და ფაბიენიც.

ამ წიგნისთვის არ არსებობს ე.წ. სპოილერები, რადგან ის არ სრულდება – დასასრული დასაწყისშივეა: აგნესი ფაბიენის სიკვდილის შესახებ შეიტყობს და გადაწყვეტს, ბოლო-ბოლო მოჰყვეს ყველაფერს ისე, როგორც იყო. ამდენი წლის შემდეგ ის ისევ იწყებს წერას და ისევ თავისი უსაყვარლესი მეგობრის მიერ მოცემული იმპულსით. „ბატის წიგნსაც“ ამიტომ არქმევს ახალ ტექსტს – ფაბიენი ეუბნებოდა ხოლმე: „ისევ ის სულელი ბატი ხარ, აგნეს, დიდი ოცნებებით“ („You are still that silly goose, […] You dream big, Agnès“).
აქვე კიდევ ერთი თემა, რომელზეც დგას რომანი – ვუნდერკინდები. აგნეს მორო გამქრალი გენიოსია – ერთი იმ ვუნდერკინდთაგანი, რომელიც გაიზარდა და ჩვეულებრივ ადამიანად იქცა, გაიზარდა და ყველამ დაივიწყა. მაგრამ იიუნ ლი აქაც ლამაზ ლიტერატურულ წიაღსვლას აკეთებს. აი, რას გვიყვება აგნესი თავის გაქრობაზე, რა თქმა უნდა, მკითხველებს იმედი გაუცრუვდათ, ჩემი მეორე წიგნი უხმაუროდ გამოიცა და მალევე დაივიწყესო, მაგრამ:

„But their disappointment would not last long. That year a girl named Francoise Sagan, who was four years older than me, made her name in literary history. The fame of Agnès Moreau, the peasant girl who failed to be transformed into a debutante, was no more than a twinkle of a firefly compared to the meteoric splendor of Mlle Sagan“.

ჩემი ბლაგვი თარგმანი ოდნავადაც ვერ გადმოსცემს იიუნ ლის ფრაზის სილამაზეს. საერთოდ, „ბატის წიგნი“ რომ სიამოვნებით იკითხება, ამის მთავარი მიზეზი ენაა – მდიდარი, ზუსტი. ცალკე აღსანიშნავია ტექსტის რიტმი – ეს უწყვეტი, მშვენიერი მუსიკა. არაფერი რომ არ მცოდნოდა ავტორის შესახებ, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ის ამერიკელი არაა და ინგლისური მისთვის მშობლიური ენა არ არის.

***
შეხვედრაზე იიუნ ლიმ ისიც გვიამბო, წიგნი როგორ დაწერა. თურმე ჩარჩო მოთხრობა თავიდან სხვა ყოფილა. მწერალმა ის მხოლოდ მას შემდეგ შეცვალა, რაც რამდენიმე მკითხველმა გარკვეულ შეუსაბამობებზე მიანიშნა ჩარჩო მოთხრობასა და ჩართულ მოთხრობას შორის.

– აგენტს დავურეკე და ვუთხარი, მგონი, ჩარჩო სხვა უნდა იყოს-მეთქი, – იხსენებს მწერალი, – მან მიპასუხა, იიუნ, მე კი მგონია, რომ ტექსტს ერთი რამე უნდა, რომ იყოს და შენ მისგან მეორე რამის გამოყვანას ცდილობო. დავჯექი და პირველი 30 გვერდი თავიდან დავწერე.

დაისვა შეკითხვა ფინალთან დაკავშირებითაც:
– ტექსტი დასრულებულია, თუ მტკივა, – უპასუხა მწერალმა, – „ბატის წიგნის“ ფინალი ისე მეტკინა, რომ გონს მოსასვლელად საცურაოდ წავედი. მაშინ მივხვდი: ეს ნამდვილად სწორი და შესაფერისი ფინალი იყო.

მერე კი აღნიშნა, მე კითხვების მწერალი ვარო. ვწერ წიგნებს, რათა კითხვები დავსვა და ვსვამ კითხვებს, რათა ახალ-ახალი კითხვები გაჩნდესო.

თუ „ბატის წიგნის“ გამოცემას გადმოატრიალებთ, უკანა მხარეს სხვადასხვა ავტორებისა და კრიტიკოსების შეფასებებს ნახავთ. მათ შორის სალმან რუშდიცაა. მისი შეფასება მოკლეა, სულ ერთი წინადადება: „One of our major novelists“. – „ჩვენი ერთ-ერთი მთავარი რომანისტი“.

https://mastsavlebeli.ge/


მოზარდები კოსმოსური ოკეანის ნაპირზე

 „რა არის ვარსკვლავები? –

ეს და სხვა მსგავსი შეკითხვები ისეთივე ბუნებრივია, როგორც ჩვილის ღიმილი“.

კარლ სეიგანი

„ერთხელ კოსმოსური ოკეანის ნაპირზე კარლ სეიგანთან ერთად აღმოვჩნდი“ – ამ სიტყვებით იწყება ამ წიგნის წინასიტყვაობა და მეც ასე დავიწყებ, რადგან ზუსტად ასეთი შეგრძნება მქონდა წიგნის კითხვისას.

სანამ ეს წიგნი შემხვდებოდა ცხოვრებაში, იმ მოსაწყენ ადამიანებს მივეკუთვნებოდი, რომლებიც კოსმოსის, პლანეტების, ასტრონომებისა და ასტრონავტების ხსენებისას ბუზღუნებენ და ვერ იგებენ, რით ვერ მორჩნენ ადამიანები ცაში ჭვრიტინს და რით ვერ ეტევიან დედამიწაზე. მოსაწყენი რომ ვიყავი ამ ჩემი ფიქრებით, ეგეც „კოსმოსის“ წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე, მანამდე არავის უთქვამს. წიგნი კი აღმომაჩენინა ჩემმა ყოფილმა მოსწავლემ, რომელიც მაინცდამაინც კოსმოსით გატაცებული არასოდეს ყოფილა, მაგრამ წიგნით ნამდვილად მოიხიბლა და ნანობდა, ნეტა მეცხრე კლასში წამეკითხაო.

მას შემდეგ შევიტანე კარლ სეიგანის „კოსმოსი“ იმ აუცილებლად წასაკითხ წიგნებს შორის, რომლებსაც მოზარდებს ვურჩევ ან ვჩუქნი ხოლმე.

საოცრება ისაა, რომ მიუხედავად იმისა, წიგნი მუდმივად მზარდი და განვითარებადი სამეცნიერო სფეროსთვის საკმაოდ ხანდაზმულია (ის 1980 წელს გამოიცა), მისი დაბადების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ამ სფეროში, რიგი ბუნდოვანი საკითხები ნათელი გახდა, ზოგიერთი კითხვის პასუხი უკვე ნაპოვნია – წიგნი მაინც არ კარგავს პოპულარობას. ამის მიზეზი მხოლოდ ის არაა, რომ ძალიან მარტივი, გასაგები ენითაა ახსნილი ურთულესი მოვლენები; არც ის, რომ უბრალოდ ამბებია საინტერესო; ჩემი აზრით, მთავარია, რომ ეს წიგნი არწმუნებს მკითხველს იმაში, რომ რაც უკვე იყო, არსად წასულა და რაც ახლა ხდება, ისიც არსად წავა და მომავალს მიემართება. ყველაფერი კანონზომიერია, შემთხვევით არ უკავშირდება ერთმანეთს და გვაჩვენებს, რომ მეცნიერების ყველა მიღწევა კაცობრიობის განვითარებას ემსახურება მისი გონივრულად და კეთილსინდისიერად გამოყენების შემთხვევაში. არასოდეს, არცერთ წიგნში ასეთი სიმძაფრით არ მიგრძნია, რა ერთიანია სამყარო, როგორი უწყვეტი და ყველა არსებულ ჯაჭვზე მტკიცეა კაცობრიობის განვითარების აბსოლუტურად ყველა ეტაპის ურთიერთმიმართება.

ამას ემატება ისიც, რომ ყველა ფურცელზე იგრძნობა, როგორ ცდილობს ავტორი, ის ცოდნა-საუნჯე, რომელიც ასე ძვირფასია, ბოლომდე მიიტანოს მკითხველამდე. ერთი წუთითაც არ ავიწყდება, რომ მიუხედავად იმისა, ზუსტად იცის, ძალიან საინტერესო რამეები აქვს მოსაყოლ-ასახსნელი, ვინმესთვის მაინც შეიძლება იქცეს მოსაწყენად. ამიტომ სულ ფხიზლადაა: რუდუნებით არჩევს ეპიგრაფებს, თავების სათაურებს, დასაწყისებს, ღია დასასრულებს, თხრობის მანერას, ქრონოლოგიურ ხაზს… ამ წიგნში ძალიან კარგად ჩანს, როგორ გვეხმარება ერთი კონკრეტული ცოდნა, სამყაროს სხვა დახურული კარიც შევაღოთ. როგორ არის გადაჯაჭვული ერთმანეთზე მეცნიერების სხვადასხვა სფერო და როგორ სჭირდება ამ სფეროთა ურთიერთკავშირი კაცობრიობას განვითარებისთვის.

შეუძლებელია, სტატიაში, თუნდაც ჩამონათვალის სახით, ჩავატიო ის სამეცნიერო საკითხები, რომლებსაც ძალიან დაწვრილებით, პროფესიონალურად, მაგრამ ყველასთვის გასაგებად განიხილავს კარლ სეიგანი. მისი მიდგომის წყალობით, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი, მაგრამ ბუნდოვანი მოვლენა ჩემთვის სრულიად ცხადი და გასაგები გახდა. თუმცა გარდა სამეცნიერო ფაქტებისა, წიგნში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ადამიანების განცდებს, ვნებებს, ფიქრებს, ოცნებებს, ემოციებს. ეს ზოგჯერ თავად ავტორს ეხება, ზოგჯერ კი იმ ადამიანებს, რომლებზეც ნაწარმოებში საუბრობს. ბუნებრივადაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული პრაგმატული თუ ფილოსოფიური ფიქრები და ემოციები. მაგალითად, კაცობრიობას არ ასვენებს კითხვა, შეგვიძლია თუ არა, მარსზე გადავცხოვრდეთ საჭიროების შემთხვევაში ან ვაქციოთ ეს პლანეტა ჩვენს დასასვენებელ ადგილად. ამ კითხვებზეც ძალიან საინტერესო პასუხებს იპოვიან მოზარდები წიგნში. მაგრამ თავში „წითელი პლანეტის ბლუზი“ კარლ სეიგანი ისე ემოციურად აღწერს მარსიდან გამოგზავნილი პირველი ფოტო ნახვას, რომ მკითხველის ინტერესს კიდევ უფრო ზრდის: „მახსოვს, როგორ შემეკრა სუნთქვა, როცა მარსის ჰორიზონტის ფოტოსურათი პირველად დავინახე. მაშინვე გავიფიქრე, რომ ეს უცხო სამყარო არ არის. ასეთი ადგილები მინახავს კოლორადოში, არიზონაში, ნევადაში. აქ იყო ქვები, ქვიშის ბორცვები და შორეული მაღლობი, ისეთივე ბუნებრივი და ჩვეულებრივი, როგორიც დედამიწის ნებისმიერი ადგილის ლანდშაფტი. მარსიც ადგილი იყო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიკვირდებოდა, დიუნებზე მუქ ფერებში ჩაცმული მოგზაური რომ დამენახა, რომელიც თავის ჯორს მიუძღვებოდა, თუმცა, ამავე დროს, ასეთი სურათის წარმოსახვა თითქოს მართებულიც კი ჩანდა“ .

ამავე თავშივე აღწერს, რა ფორმით შეიძლება დავუკავშირდეთ დედამიწელები წითელ პლანეტას და ძალიან საინტერესო დასკვნასაც გვთავაზობს, როცა იხსენებს, როგორ ვარაუდობდნენ, რომ მარსზე გადაღებულ ფოტოზე ცოცხალი არსებების მიერ გაყვანილი არხები ჩანდა: „როგორც ჩანს, ადამიანს თავის მოტყუების დიდი ნიჭი აქვს, როცა საქმეში გრძნობები ერთვება; მით უმეტეს, ისეთი ძლიერი ემოციები, როგორსაც მეზობელ პლანეტაზე გონიერი არსებების ცხოვრების იდეა აღძრავს. ლოუელის ვარაუდი, შესაძლოა, წინასწარმეტყველურიც კი აღმოჩნდეს. მისი დანახული არხები მარსელებმა ააგეს; მაგრამ, თუ პლანეტის ტერაფორმირება მოხერხდება, მაშინ არხებს ის ადამიანები გაიყვანენ, რომლებიც იქ სამუდამოდ დასახლდებიან და მარსს საკუთარ სახლად აქცევენ. მარსელები ჩვენ ვიქნებით“.

კარლ სეიგანი ემოციურად თავადვე უახლოვდება იმ გარდამტეხ მოვლენებს, რომლებსაც განიხილავს; ცდილობს, მაქსიმალურად ჩართოს თავისი ფანტაზია და მაგალითად, წარმოიდგინოს ის დრო, როცა ადამიანმა ცეცხლი იპოვა; აღადგინოს ფიქრები, რომლებითაც შეპყრობილი იქნებოდა მაშინდელი ადამიანი. გთავაზობთ ფრაგმენტს ამ ვრცელი ფიქრებიდან: „…არ ვიცი, ცაში გაფანტული ვარსკვლავები მართლა კოცონებია თუ არა; ან ტყავში გაკეთებული ის ნახვრეტებია თუ არა, საიდანაც ცეცხლი გვიყურებს და გვაკვირდება. ზოგჯერ ერთი ფიქრი მომწონს, ზოგჯერ კი მეორეს ვემხრობი. თუ ვიფიქრე, რომ არანაირი კოცონები და ნახვრეტები არ არსებობს და ვარსკვლავები სულ სხვა რამეა, მერე ამის გაგება ძალიან მიჭირს.

კისერი მორზე დაასვენე. თავი უკან გადასწიე. ასე მხოლოდ ცას დაინახავ. არანაირი მთები, არც ხეები, არც მონადირეები, არც კოცონი. მხოლოდ ცა. ზოგჯერ მგონია, ზევით, ცაში გადავვარდები. თუ ვარსკვლავები მართლაც კოცონებია, მაშინ ძალიან მინდა, იმ სხვა მონადირე ხალხებს ვესტუმრო, აი, იმათ, მომთაბარეები რომ არიან. ამ დროს ცაში გადავარდნაზე ფიქრი მომწონს. მაგრამ, თუ ვარსკვლავები ტყავში გაჭრილი ნახვრეტებია, მაშინ მათი მეშინია. არ მინდა, ნახვრეტში გავძვრე და იქიდან დიდ ცეცხლში მოვხვდე.

ძალიან მინდა ვიცოდე, რომელი ფიქრია სწორი. არ მომწონს, რომ არ ვიცი“.

მას შემდეგ, როცა აღწერს, როგორ გაჩნდა პირველი კოსმოსში მოგზაური რობოტების შექმნის იდეა და რამდენი რამ გავიგეთ კოსმოსის შესახებ „ვოიაჯერ 1-ისა“ და „ვოიაჯერ 2-ის“ დახმარებით, მერე მწერალ-მეცნიერი მკითხველს სთავაზობს რობოტების მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადმოცემის უცნაურ ფორმას:

„ვოიაჯერს“ რომ ეკიპაჟი ჰყოლოდა, კაპიტანი ყოველდღიურად ხომალდის ჟურნალში ჩანაწერებს აწარმოებდა. „ვოიაჯერ-1-ისა“ და „ვოიაჯერ-2-ის“ მიერ მოთხრობილი ამბების გაერთიანების შემდეგ დაახლოებით ასეთი ტექსტის წაკითხვას შევძლებდით:

დღე 1-ლი. უსაფრთხოების ზომებისა და ხელსაწყოებზე შფოთვის მიუხედავად, რომლებიც თითქოს გაუმართავი ჩანდა, მაინც წარმატებით ავფრინდით კანავერალის კონცხიდან და დავიწყეთ ხანგრძლივი მოგზაურობა პლანეტებისა და ვარსკვლავებისკენ…“.

ასე აგრძელებს დღეების მიხედვით რამდენიმე ფურცლის განმავლობაში და მკითხველისთვის კიდევ უფრო ცხადი, ნათელი და ემოციური ხდება, რამდენად მნიშვნელოვანი ინფორმაციები მიიღო კაცობრიობამ 1977 წელს გაშვებული ამ კოსმოსური ზონდებისაგან (ასე უწოდებენ ზოგადად), რომლებიც დღემდე ფუნქციონირებენ, ბოლომდე იქნებიან ადამიანების სამსახურში და არასოდეს დაბრუნდებიან უკან.

კონკრეტული საჭირო ცოდნისა და ემოციური მხარის გარდა, ეს წიგნი გამოირჩევა იმითაც, რომ ეს ავტორი ამსხვრევს მეცნიერებასთან დაკავშირებულ იმ სტერეოტიპებს, რომლებიც მყარადაა ფესვგადგმული მოზარდის გონებაში (თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ ხშირად არც ზრდასრულები გამოვიყურებით სტერეოტიპთა მძლეველი სუპერგმირებივით). მეცნიერებისადმი ადამიანთა დამოკიდებულება ძალიან კარგად ახსნა კარლ სეიგანმა ერთი ძალიან საინტერესო და თან სახალისო ამბის თხრობისას:

„კომეტებთან დაკავშირებული გაუგებრობები დღემდე გრძელდება. 1957 წელს ჩიკაგოს უნივერსიტეტის დამამთავრებელ კურსზე ვსწავლობდი და იერსკის ობსერვატორიაში ვმუშაობდი. ერთ ღამესაც იქ მარტო ვიყავი და მესმოდა, როგორ განუწყვეტლივ რეკავდა ტელეფონი. როცა, საბოლოოდ, ვუპასუხე, კარგად შეზარხოშებულმა მამაკაცმა მთხოვა:

– აშტრონომი დამალაპარაკეთ.

– რით შემიძლია დაგეხმაროთ?

– იცით, უილმეტიდან გიღეკავთ, ბაღში დიდი წვეულება გვაქვს დ ცაში რაღაც მოჩანს. საინტერესო ისაა, რომ, თუ პირდაპირ შეხედავთ, ქრება, მაგრამ თუ არ უყუღებთ, ისევ იქაა.

თვალის ბადურის ყველაზე მგრძნობიარე ადგილი მხედველობის არეალის ცენტრში არ მდებარეობს. ადამიანს შეუძლია, ძალიან მკრთალი ვარსკვლავები და სხვა ციური სხეულები დაინახოს, თუ მათ თვალს ოდნავ მოაშორებს. ვიცოდი, რომ ხსენებულ მომენტში ჩვენს ცაზე იმ დროისთვის ახლად აღმოჩენილი, თვალისთვის თითქმის უხილავი კომეტა „არენდ-როლანდი“ მოძრაობდა. ამიტომ იმ კაცს ვუთხარი, რომ, სავარაუდოდ, კომეტას ხედავდა. ხანგრძლივ დუმილს შემდეგი კითხვა მოჰყვა:

– კომეტა რაღაა?

– კომეტა დიდი გუნდაა, ორიოდე კილომეტრის სიგანის.

ამას კიდევ უფრო ხანგრძლივი პაუზა მოჰყვა, შემდეგ კი თანამოსაუბრის ბრძანება გავიგონე:

– ნამდვილი აშტრონომი დამალაპარაკეთ“.

კიდევ ერთ საკითხს გამოვარჩევდი, რომელიც მეცნიერებას ეხება და რომლის გააზრება, გასიგრძეგანება, ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია მოზარდობის ასაკიდან დაიწყოს ადამიანმა – შეცდომები ყველას მოსდის და არც დიდი იდეების ავტორები არიან ამისგან დაზღვეული. მთავარია, ადამიანს შეეძლოს შეცდომის დანახვა, აღიარება, უკან დახევა და ახალი, სწორი, მართებული გზების ძიება: „როგორც მეცნიერთა, ისე არამეცნიერთა მიერ წამოყენებული ბევრი ჰიპოთეზა მცდარია. თუმცა, მეცნიერება შეცდომების გასწორებას ეფუძნება. იმისთვის, რომ ახალი იდეა აღიარონ, მან დამამტკიცებელი ფაქტების შემოწმების უმკაცრეს სტანდარტებს უნდა გაუძლოს… მეცნიერება ემყარება მოსაზრებას, რომ ნებისმიერი ჰიპოთეზა, ის რაგინდ უცნაურადაც უნდა გვეჩვენებოდეს, ობიექტურ განხილვასა და შეფასებას იმსახურებს, თანაც, რაიმენაირი წინასწარი განწყობის გარეშე. უხერხულობის გამომწვევი იდეების უგულებელყოფა შეიძლება აუცილებლობად მიიჩნეოდეს რელიგიასა და პოლიტიკაში, მაგრამ ცოდნისკენ მიმავალ გზაზე ეს დაუშვებელია. ახალი მოსაზრებებისადმი ასეთ დამოკიდებულებას მეცნიერების მიზნებთან საერთო არაფერი აქვს. შეუძლებელია წინასწარ იმის ცოდნა, თუ ვინ აღმოაჩენს ფუნდამენტურად მნიშვნელოვან ახალ კანონებსა თუ ფაქტებს“.

კარლ სეიგანი, ერთი მხრივ, პრაქტიკული მაგალითებით ხსნის, რა საჭიროა მეცნიერება ყოველდღიურ ცხოვრებაში, ხოლო, მეორე მხრივ, გვიზიარებს სხვა მოაზროვნეების შეხედულებებსაც, რათა კიდევ უფრო გაამყაროს თავისი დაკვირვების შედეგები. მაგალითად, მოჰყავს ნაწყვეტი არისტოტელეს „პოეტიკიდან“:

„[თალესს] მუდმივად საყვედურობდნენ სიღარიბის გამო და ასე მიანიშნებდნენ, რომ ფილოსოფიას არანაირი სარგებელი არ მოაქვს. გადმოცემის თანახმად, თალესმა ჯერ კიდევ ზამთარში იცოდა [ცაზე დაკვირვებების შედეგად), რომ მომდევნო წელს ზეთისხილის მოსავალი უხვი იქნებოდა; ამიტომ თავისი ცოტაოდენი ფული დააბანდა ქიოსისა და მილეტის ზეთსახდელებში, რომლებიც ძალიან იაფად დაიქირავა, რადგან მოცილე არავინ ჰყავდა. როცა მოსავლის აღების დრო მოვიდა და ყველას ზეთსახდელი დასჭირდა, თალესმა თავის მომსახურებას მაღალი ფასი დაადო და საკმაო ფულიც იშოვა. ამით მან მსოფლიოს აჩვენა, რომ, ფილოსოფოსებს, თუ თავად მოისურვებენ, გამდიდრება შეუძლიათ, მაგრამ მათ სულ სხვაგვარი ამბიციები ამოძრავებთ“, – ამ მონაკვეთში კარგად ჩანს მეცნიერული ცოდნის პრაქტიკული მნიშვნელობა, ის, რომ ეს ცოდნა ყოველდღიური ცხოვრებისგან განყენებული სულაც არაა და ისიც, რომ არ არის აუცილებელი, მეცნიერული ინტერესი ყოფით სარგებლობამდე დაიყვანებოდეს.

მწერალი ციცერონსაც ახსენებს თავის ნაწარმოებში და ვფიქრობ, სწორედ მოზარდებისთვის იქნება განსაკუთრებით საინტერესო ამ სიტყვების წაკითხვა: „ციცერონი წერდა: კამათისას უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს არა ავტორიტეტის წონა, არამედ არგუმენტების სიძლიერე. მართლაც, იმ ადამიანის ავტორიტეტი, ვინც ასწავლის, ხშირად ნამდვილი დაბრკოლებაა მათთვის, ვისაც სწავლა სურს; ეს უკანასკნელნი დამოუკიდებელ აზროვნებაზე თანდათან უარს ამბობენ და უდავო ჭეშმარიტებად აღიქვამენ იმას, რასაც კონკრეტული კითხვის პასუხად მასწავლებელი სთავაზობს. ნამდვილად არ ვაპირებ მოვიწონო პრაქტიკა, რომელსაც, ტრადიციულად, პითაგორას შეგირდებს მიაწერენ; კითხვაზე, თუ რა უდევს საფუძვლად მათ მიერ დებატებში წამოყენებულ მოსაზრებას, როგორც წესი, ისინი პასუხობენ: „ოსტატმა ასე ბრძანა“. „ოსტატი“, ცხადია, პითაგორაა. მათთვის წინასწარ მიწოდებული მზა მოსაზრება იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ მისი ავტორის სახელი დამოუკიდებელ აზროვნებასა და შეპასუხებას სრულიად გამორიცხავდა“. მოზარდები, როგორც წესი, ეძებენ დამოუკიდებლობას, მაგრამ ამასთან ერთად ხშირად ექცევიან სწორედ ავტორიტეტების გავლენის ქვეშ და ამიტომ ადვილად მოწყვლადებიც არიან. ზემოთ მოყვანილი სიტყვების გათავისება, ჩემი აზრით, მოზარდს შთააგონებს, რამდენად მნიშვნელოვანია, კრიტიკული აზროვნება შეინარჩუნოს ნებისმიერ სიტუაციაში, საჭირო დროს გამოვიდეს ნებისმიერი გავლენიდან და მტკიცედ დაადგეს არჩეულ გზას.

თავის წიგნში სეიგანი საუბრობს არაერთ დიდ მეცნიერზე, რომელთა აღმოჩენებმაც განსაზღვრა კაცობრიობის მომავალი განვითარების გზა. მაგრამ საინტერესოა, რომ გვიყვება არა მხოლოდ კონკრეტულ ფაქტზე, არამედ, უპირველეს ყოვლისა, თავად ადამიანზე – როგორ გარემოში ტრიალებდა ბავშვობასა თუ ზრდასრულობაში, რამ განაპირობა ასეთ ადამიანად ჩამოყალიბება, რა გაცდები და ვნებები ამოძრავებდა, რამ აღუძრა ფიქრები თუ კონკრეტული ფიქრი. ნიუტონზეც, მის დამსახურებაზე, ბევრს ჰყვება, მაგრამ ორიოდე ნაწყვეტს მოვიყვან აქ, სრულიად ყოფითს:

„XIX საუკუნის 90-იან წლებში ტოსკანის მინდვრებში, პავიასკენ მიმავალ გზაზე რომ გაგესეირნათ, სკოლის ფორმაში ჩაცმული ერთი გრძელთმიანი ყმაწვილი შემოგხვდებოდათ. როცა გერმანიაში ცხოვრობდა, ამ ბიჭს მასწავლებლებმა უთხრეს, რომ მისგან არაფერი გამოვიდოდა; რომ მის მიერ დასმული შეკითხვები კლასში აურზაურს იწვევდა და ამიტომ უმჯობესი იქნებოდა, თუ იგი სკოლიდან წავიდოდა. მანაც პედაგოგებს დაუჯერა და გადასახლდა ჩრდილოეთ იტალიაში, სადაც შეეძლო, ისეთ საკითხებზე ეფიქრა, რომლებიც პრუსიულ, მკაცრ დისციპლინას დაქვემდებარებულ სკოლაში თავსმოხვეული თემებისგან ძალიან განსხვავდებოდა. ყმაწვილს ალბერტ აინშტაინი ერქვა, მისმა აზრებმა კი მალე მსოფლიო შეცვალა“.

„სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იგი წერდა: „არ ვიცი, როგორ ვჩანვარ სამყაროსთვის. მე კი საკუთარ თავში მხოლოდ ერთ პატარა ბიჭს ვხედავ, რომელიც ზღვის ნაპირზე თამაშობს, ერთობა და დროგამოშვებით სხვებზე უფრო გლუვ ან ლამაზ კენჭს პოულობს, მის წინ კი ჭეშმარიტების დიდი და სრულიად უცნობი ოკეანეა გადაშლილი“.

დაბოლოს, ეს არის წიგნი, რომელიც ადამიანებს მართლა შეაყვარებს დედამიწას. გაააზრებინებს, რომ თავადაა პასუხისმგებელი ამ პლანეტის არსებობაზე, ბევრი რამის შეცვლა და გამოსწორებაა შესაძლებელი და ევალება კიდეც:

„რამდენიმე მილიონი წლის წინ, როცა დედამიწაზე პირველი ადამიანები გაჩნდნენ, ეს პლანეტა უკვე „ასაკოვანი“ იყო – „სიყმაწვილის ხანის“ კატასტროფებისა და კატაკლიზმებიდან 4,6 მილიონი წელი აშორებდა. მაგრამ ჩვენ, ადამიანები, პლანეტაზე ზეგავლენის ახალ და, შესაძლოა, გადამწყვეტ ფენომენს წარმოვადგენთ. ინტელექტი და ტექნოლოგიები კლიმატზე ზემოქმედების საშუალებას გვაძლევს. როგორ გამოვიყენებთ ამ ძალას? მზად ვართ თუ არა, ისეთი გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებსაც მთელი კაცობრიობის ბედის განსაზღვრა შეუძლია, გულგრილობა და თვითკმაყოფილება გამოვავლინოთ? ნუთუ ხანმოკლე სარგებელს ვამჯობინებთ დედამიწის კეთილდღეობას? ან იქნებ უფრო შორსმჭვრეტელები გავხდებით, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების მომავალზე დავფიქრდებით, კარგად შევისწავლით და დავიცავთ მშობლიურ პლანეტას? დედამიწა პატარა, მგრძნობიარე სამყაროა. მას გაფრთხილება სჭირდება“.

აქ შევჩერდები და ვფიქრობ, რამდენიმე წლის წინ გადაღებული ეს სიუჟეტი ჩემი სტატიის საუკეთესო დასასრულად გამოდგება. უყურეთ, ჩემს დაწერილსაც უფრო ირწმუნებთ, ქართველ გულანთებულ, კოსმოსით შეპყრობილ ასტროფოტოგრაფებსაც შეგაყვარებთ და კარლ სეიგანის „კოსმოსსაც“ მეტი ინტერესით გადაფურცლავთ.

https://mastsavlebeli.ge/