მასწავლებლები და მშობლები, ბუნებრივია, შფოთავენ, როცა რომელიმე ბავშვი სულ ჩუმადაა. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც მორცხვ ბავშვს თავის გამოჩენაში დაეხმარება. მათი უმრავლესობა სხვა სიტუაციებშიც გამოგადგებათ.
- გაარკვიეთ, რა აინტერესებს თქვენს მორცხვ მოსწავლეს. შეგიძლიათ, მას ამის შესახებ ჰკითხოთ; გამოიყენოთ ინტერესების სფეროს კვლევა; დააკვირდეთ, რა აცვია (მაგ., დინოზავრის გამოსახულებიანი მაისურები), დააწერინოთ წიგნი საკუთარი თავის შესახებ და სხვ. გამოიყენეთ ეს ინფორმაცია საუბრის ან საგანმანათლებლო აქტივობების საწყის წერტილად.
- დაავალეთ კლასში სხვა, უფრო აქტიურ ბავშვებთან ერთად მუშაობა. ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს ურთიერთობებსა და ახალი მეგობრების გაჩენას.
- ყურადღება გაამახვილეთ მის ძლიერ მხარეებზე. თუ მორცხვი მოსწავლე წარმატებულია მათემატიკაში, დაავალეთ მას, დაეხმაროს სხვა მოსწავლეს, რომელსაც ამ სფეროში დახმარება სჭირდება.
- დააწყვეთ მერხები ან სკამები ისე, რომ მორცხვი მოსწავლეები მოხვდნენ მათთვის კარგად ნაცნობი ბავშვების ან მათ გვერდით, ვისაც კარგად შეუძლია სხვების ჩართვა.
- ასწავლეთ ბავშვებს, როგორ ჩაერთონ ჯგუფურ აქტივობებში. მაგალითად, სათამაშო მოედანზე, წააქეზეთ ბავშვი, ვინმეს ჰკითხოს: „შეიძლება, მეც ვითამაშო?“
- მიეცით დავალება, რომელიც გულისხმობს ოთახში გადაადგილებას და სხვებთან ურთიერთობას ან გააკეთებინეთ რამე, რაც თავს მნიშვნელოვნად აგრძნობინებს, მაგ., დაფის გაწმენდა.
- ყოველდღე დაუთმეთ დრო მორცხვ მოსწავლეს. ჩართეთ საუბარში. თუ თქვენთან თბილი ურთიერთობის დამყარებას მოახერხებს, შესაძლოა თავი უფრო დაცულად იგრძნოს.
- მოერიდეთ მორცხვი ბავშვების ისეთ მდგომარეობაში ჩაყენებას, რომელიც მათთვის შესაძლოა შემაწუხებელი ან სტრესის გამომწვევი აღმოჩნდეს.
- ასწავლეთ ბავშვებს, გაუმკლავდნენ გამოჯავრებას (მაპროვოცირებელ ქცევას). ასწავლეთ სიტყვები, რომლებიც მათ თავის დაცვაში დაეხმარება („გამოჯავრება ცუდია“. „არ მომწონს, როცა მაჯავრებ“. „გთხოვ, შეჩერდი“). მზად იყავით ჩასარევად. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ გამოჯავრება გარდაუვალია, გამოუმუშავეთ ბულინგისადმი შეუწყნარებლობის პოლიტიკა.
- იქონიეთ კონტაქტი მშობლებთან. ჰკითხეთ, რას ამბობენ სახლში ბავშვები სკოლის შესახებ. შესაძლოა, ბავშვი სკოლაში არ აქტიურობდეს, მაგრამ სახლში დადებითად ახასიათებდეს სკოლას.
No comments:
Post a Comment