ყველა, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ამ თემაზე გადაღებული ფილმი, თანხმდება, რომ გავლენა ფილმის დასრულების შემდეგ მართლაც დიდია.
მასწავლებლების დიდი როლი ჩვენს ცხოვრებაში კინემატოგრაფმა არაერთხელ დააფასა ,
კარგი იქნება, თუ ამ ფილმებს სკოლაში, მოსწავლეებთან ერთად უყურებთ. ამ შემთხვევაში ისინი კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ თქვენ მათი მეგობრები ხართ, მათზე ზრუნავთ და ერთმანეთს ძალიან სჭირდებით.
კლასი (The Class)
სხვა ფილმებისგან განსხვავებით, აქ მთელი სიუჟეტი ერთ სივრცეში – სკოლაში ვითარდება. ფილმი დოკუმენტური სიცხადით გვიჩვენებს მოსწავლეებისა და მასწავლებლების ურთიერთობას. იმას, როგორ შეიძლება ვებრძოლოთ პრობლემებს, მოვაგვაროთ კონფლიქტები და დავამყაროთ კარგი ურთიერთობა კოლეგებთან.
ძვირფასი (Precious)
ფილმის სიუჟეტი 1987 წელს ჰარლემში ვითარდება. 16 წლის კლერის ჯონსი, მეტსახელად ძვირფასი, აფროამერიკელი გოგოა, რომელიც უკვე მეორედ არის ფეხმდძიმედ საკუთარი მამისგან, დედა კი სასტიკად ექცევა. „Precious“ საკმაოდ რთული, ემოციური და სევდიანი ფილმია, რომელიც შეგვახსენებს მოსწავლეების ცხოვრებაში მასწავლებლების როლს და კიდევ ერთხელ მიგვითითებს იმაზე, რომ აუცილებელია, მასწავლებელი მოსწავლის მეგობარი იყოს
მონა ლიზას ღიმილი (Mona Lisa Smile)
არაჩვეულებრივი ისტორია ჯულია რობერტსის მონაწილეობით, რომელშიც რეჟისორი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს მასწავლებლის ფუნქციას. იმას, რამხელა გავლენა აქვთ პედაგოგებს ჩვენს გადაწყვეტილებებზე, აზროვნებასა და ცხოვრებაზე.
მკვდარი პოეტების საზოგადოება (Dead Poets Society)
ის თამამად შეიძლება ჩაითვალოს ყველა დროის საუკეთესო ფილმად, რაც კი ამ თემაზე გადაღებულა. მასწავლებელი, რომლის როლსაც არაჩვეულებრივად ასრულებს რობინ უილიამსი, უშურველად უზიარებს მოზარდებს თავის ოცნებებს, დამოკიდებულებებსა და იდეებს, გვიჩვენებს, რამხელა ადგილი შეიძლება დაიკავოს რიგითმა მასწავლებელმა მოსწავლის ცხოვრებაში.
თავისუფლების მწერლები (Freedom Writers)
ჩემი ნება რომ იყოს, ერთ-ერთი პირველი ფილმი, რომელსაც მოსწავლეებს ვაჩვენებდი, სწორედ „თავისუფლების მწერლები“ იქნებოდა. სიუჟეტი რეალურ ამბავს ეფუძნება. ახალგაზრდა მასწავლებელი, რომლის როლსაც ორი „ოსკარის“ მფლობელი ჰილარი სუონკი ასრულებს, მოსწავლეებს შთააგონებს, იყვნენ ტოლერანტები, იმუშაონ საკუთარ თავზე და სკოლის შემდეგაც განაგრძონ სწავლა.
No comments:
Post a Comment