Monday, November 20, 2017

შექების მეთოდები და პოზიტიური ენა

 ენა ადამინთა აზროვნების ტიპს განაპირობებს. მნიშვნელობათა სოციალური სტერეოტიპები, რომლებიც ჩვენი მსოფლხედვის საფუძველია, სწორედ ენის მეშვეობით იქმნება. ენა ბავშვობიდანვე სამყაროს ხედვისა და მისი სტრუქტურირების განსაკუთრებულ ხერხებს გვიყალიბებს. ეჭვგარეშეა, შთაბეჭდილებათა „კალეიდოსკოპურ დინებაში“ პოზიტიური ენით სამყაროც პოზიტიურად ტრანსფორმირდება. ამიტომ უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ადრეული ასაკიდანვე რა ემოციურ-ენობრივ კატეგორიებს ვაზიარებთ ან ვიზიარებთ, როგორ მივმართავთ მათ ერთმანეთისა და, განსაკუთრებით, მომავალი თაობებისკენ.

პოზიტიური ენა პოზიტიური განწყობის, ნებელობისა და ქცევის წინაპირობაა. პოზიტიურ ქცევას შედეგიც პოზიტიური მოჰყვება ხოლმე.   მართალია, მრუმე ყოფიერება არცთუ ხშირად გვანებივრებს დადებითი ენერგიებით, მაგრამ ემპათიის და სიმპათიის წყალობით, ენა, როგორც  „ყოფიერების სახლი“ მაშინვე დადებითი გრძნობებითა და დამოკიდებულებებით გვავსებს ხოლმე. იგი იმთავითვე გვთავაზობს  „კარგის პრიმიტივით“ განპირობებულ ემოციურ კატეგორიებს და გამოყენებისთანავე გვიჩვენებს მათ უპირატესობას. ემოციურ კატეგორიებში ამჯერად თავაზიან ფორმებს, საალერსო ლექსიკას ან ამ ლექსიკის მაწარმოებელ აფიქსებს მოვიაზრებთ, რომლებიც უნივერსალურია მცირედი გამონაკლისებით.


კეთილი სიტყვები კეთილ გრძნობებს წარმოშობს, ეს უკანასკნელი კი – კეთილ საქციელს. თუმცა პოზიტიური გრძნობების გადაცემა სიტყვების გარეშე,  სხეულის ენით – ღიმილით, შეხებით, თავის დაკვრით, ხელის ჩამორთმევითაცაა შესაძლებელი. მასწავლებლის ამგვარი ჟესტი ბავშვებს ძალიან მოსწონთ, თავს ამაღლებულად და მოტივირებულად გრძნობენ. თუმცა მათ არანაკლებ სიამოვნებთ შექება და კომპლიმენტები.
მიჩნეულია, რომ კომპლიმენტების სახით დადებითი დამოკიდებულების გამოხატვა სასარგებლო და სასიცოცხლოდ აუცილებელი უნარია, რადგან როდესაც საქმიან პარტნიორებს და, მით უფრო, ბავშვებს ვაქებთ, ჩვენ ვეხმარებით მათ, იგრძნონ თავი მნიშვნელოვნად სხვის თვალში და ვქმნით საქმიანი კონტაქტის კეთილგანწყობილ ატმოსფეროს. ახლობლებისთვის კომპლიმენტის თქმით კი კიდევ უფრო ვამტკიცებთ ახლო ურთიერთობებს.
შექება სასიამოვნოა, როდესაც:
  • რეალობას შეესაბამება. ადამიანებს სჯერათ მხოლოდ არგუმენტირებული შექების. სხვა შემთხვევაში შეიძლება ეგონოთ, რომ გამორჩენის მიზნით ვაქებთ.
  • შეესაბამება იმას, რასაც აფასებს თავის თავში მოზარდი თუ ზრდასრული. დანარჩენი შინაგანად უარიყოფა.
  • კომპეტენტური, ავტორიტეტული ადამიანისგან გაისმის; ისეთებიც არსებობენ, ვინც ხშირად პედაგოგსაც კი აკრიტიკებს, რა უფლებით მაქებს ან განმსჯისო.
  • მასში არ არის ორმაგი აზრი და მხოლოდ დადებით თვისებებს ეხება. მაგალითად: „კარგი ნაშრომია, ყოჩაღ! დედას კარგად უშრომია!“
  • არ მოსდევს კრიტიკა. მაგალითად: „ნიჭიერი, მაგრამ ზარმაცი ხარ.“
  • კომპლიმენტს თან არ უნდა ახლდეს ჭკუის სწავლება.
  • არ ახლავს რეკომენდაციები და ამ თვისების
    გაუმჯობესების პრაქტიკული რჩევები. ეს უკუკავშირის თემაა.
უნდა ითქვას, რომ კეთილგანწყობა თითქმის ყველასთვის მისასალმებელია. უფრო მეტიც, გვირჩევენ, რაც შეიძლება ხშირად შევაქოთ, რადგან ეს მოტივაციას მნიშვნლოვნად ზრდის. მართებული შექების სარგებელი ის არის, რომ დავანახოთ სხვებს მათი ქცევების ეფექტურობა; ვაჩვენოთ, რომ არსებობს ვიღაც, ვინც ყურადღებას აქცევს და, რომ ვინტერესდებით მათი საქმიანობით. ამდენად, შექება და კეთილგანწყობა მოღვაწეობის ყველა დარგში ერთნაირად სასარგებლოა.

No comments:

Post a Comment