Monday, November 20, 2017

როგორ შეუძლია მასწავლებელს მორცხვი ბავშვის დახმარება

მასწავლებლები და მშობლები, ბუნებრივია, შფოთავენ, როცა რომელიმე ბავშვი სულ ჩუმადაა. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, რომლებიც მორცხვ ბავშვს თავის გამოჩენაში დაეხმარება. მათი უმრავლესობა სხვა სიტუაციებშიც გამოგადგებათ.

  1. გაარკვიეთ, რა აინტერესებს თქვენს მორცხვ მოსწავლეს. შეგიძლიათ, მას ამის შესახებ ჰკითხოთ; გამოიყენოთ ინტერესების სფეროს კვლევა; დააკვირდეთ, რა აცვია (მაგ., დინოზავრის გამოსახულებიანი მაისურები), დააწერინოთ წიგნი საკუთარი თავის შესახებ და სხვ. გამოიყენეთ ეს ინფორმაცია საუბრის ან საგანმანათლებლო აქტივობების საწყის წერტილად.
  2. დაავალეთ კლასში სხვა, უფრო აქტიურ ბავშვებთან ერთად მუშაობა. ამან შესაძლოა ხელი შეუწყოს ურთიერთობებსა და ახალი მეგობრების გაჩენას.
  3. ყურადღება გაამახვილეთ მის ძლიერ მხარეებზე. თუ მორცხვი მოსწავლე წარმატებულია მათემატიკაში, დაავალეთ მას, დაეხმაროს სხვა მოსწავლეს, რომელსაც ამ სფეროში დახმარება სჭირდება.
  4. დააწყვეთ მერხები ან სკამები ისე, რომ მორცხვი მოსწავლეები მოხვდნენ მათთვის კარგად ნაცნობი ბავშვების ან მათ გვერდით, ვისაც კარგად შეუძლია სხვების ჩართვა.
  5. ასწავლეთ ბავშვებს, როგორ ჩაერთონ ჯგუფურ აქტივობებში. მაგალითად, სათამაშო მოედანზე, წააქეზეთ ბავშვი, ვინმეს ჰკითხოს: „შეიძლება, მეც ვითამაშო?“
  6. მიეცით დავალება, რომელიც გულისხმობს ოთახში გადაადგილებას და სხვებთან ურთიერთობას ან გააკეთებინეთ რამე, რაც თავს მნიშვნელოვნად აგრძნობინებს, მაგ., დაფის გაწმენდა.
  7. ყოველდღე დაუთმეთ დრო მორცხვ მოსწავლეს. ჩართეთ საუბარში. თუ თქვენთან თბილი ურთიერთობის დამყარებას მოახერხებს, შესაძლოა თავი უფრო დაცულად იგრძნოს.
  8. მოერიდეთ მორცხვი ბავშვების ისეთ მდგომარეობაში ჩაყენებას, რომელიც მათთვის შესაძლოა შემაწუხებელი ან სტრესის გამომწვევი აღმოჩნდეს.
  9. ასწავლეთ ბავშვებს, გაუმკლავდნენ გამოჯავრებას (მაპროვოცირებელ ქცევას). ასწავლეთ სიტყვები, რომლებიც მათ თავის დაცვაში დაეხმარება („გამოჯავრება ცუდია“. „არ მომწონს, როცა მაჯავრებ“. „გთხოვ, შეჩერდი“). მზად იყავით ჩასარევად. მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ გამოჯავრება გარდაუვალია, გამოუმუშავეთ ბულინგისადმი შეუწყნარებლობის პოლიტიკა.
  10. იქონიეთ კონტაქტი მშობლებთან. ჰკითხეთ, რას ამბობენ სახლში ბავშვები სკოლის შესახებ. შესაძლოა, ბავშვი სკოლაში არ აქტიურობდეს, მაგრამ სახლში დადებითად ახასიათებდეს სკოლას.

ფილმები, რომლებიც მასწავლებლებისა და მოსწავლეების ურთიერთობაზე გვიყვება

ფილმები მასწავლებლების შესახებ ერთ-ერთი ყველაზე შთამაგონებელი და საინტერესოა. სცენარი ძირითადად კლასიკურია – მასწავლებელი ცდილობს, მოსწავლეებს საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნოს და დაარწმუნოს, რომ მათ ყველაფერი შეუძლიათ.
ყველა, ვისაც ერთხელ მაინც უნახავს ამ თემაზე გადაღებული ფილმი, თანხმდება, რომ გავლენა ფილმის დასრულების შემდეგ მართლაც დიდია.
მასწავლებლების დიდი როლი ჩვენს ცხოვრებაში კინემატოგრაფმა არაერთხელ დააფასა ,
კარგი იქნება, თუ ამ ფილმებს სკოლაში, მოსწავლეებთან ერთად უყურებთ. ამ შემთხვევაში ისინი კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ თქვენ მათი მეგობრები ხართ, მათზე ზრუნავთ და ერთმანეთს ძალიან სჭირდებით.

კლასი (The Class)
სხვა ფილმებისგან განსხვავებით, აქ მთელი სიუჟეტი ერთ სივრცეში – სკოლაში ვითარდება. ფილმი დოკუმენტური სიცხადით გვიჩვენებს მოსწავლეებისა და მასწავლებლების ურთიერთობას. იმას, როგორ შეიძლება ვებრძოლოთ პრობლემებს, მოვაგვაროთ კონფლიქტები და დავამყაროთ კარგი ურთიერთობა კოლეგებთან.
ძვირფასი (Precious)
ფილმის სიუჟეტი 1987 წელს ჰარლემში ვითარდება. 16 წლის კლერის ჯონსი, მეტსახელად ძვირფასი, აფროამერიკელი გოგოა, რომელიც უკვე მეორედ არის ფეხმდძიმედ საკუთარი მამისგან, დედა კი სასტიკად ექცევა. „Precious“ საკმაოდ რთული, ემოციური და სევდიანი ფილმია, რომელიც შეგვახსენებს მოსწავლეების ცხოვრებაში მასწავლებლების როლს და კიდევ ერთხელ მიგვითითებს იმაზე, რომ აუცილებელია, მასწავლებელი მოსწავლის მეგობარი იყოს
მონა ლიზას ღიმილი (Mona Lisa Smile)
არაჩვეულებრივი ისტორია ჯულია რობერტსის მონაწილეობით, რომელშიც რეჟისორი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს მასწავლებლის ფუნქციას. იმას, რამხელა გავლენა აქვთ პედაგოგებს ჩვენს გადაწყვეტილებებზე, აზროვნებასა და ცხოვრებაზე.
მკვდარი პოეტების საზოგადოება (Dead Poets Society)
ის თამამად შეიძლება ჩაითვალოს ყველა დროის საუკეთესო ფილმად, რაც კი ამ თემაზე გადაღებულა. მასწავლებელი, რომლის როლსაც არაჩვეულებრივად ასრულებს რობინ უილიამსი, უშურველად უზიარებს მოზარდებს თავის ოცნებებს, დამოკიდებულებებსა და იდეებს, გვიჩვენებს, რამხელა ადგილი შეიძლება დაიკავოს რიგითმა მასწავლებელმა მოსწავლის ცხოვრებაში.
თავისუფლების მწერლები (Freedom Writers)
ჩემი ნება რომ იყოს, ერთ-ერთი პირველი ფილმი, რომელსაც მოსწავლეებს ვაჩვენებდი, სწორედ „თავისუფლების მწერლები“ იქნებოდა. სიუჟეტი რეალურ ამბავს ეფუძნება. ახალგაზრდა მასწავლებელი, რომლის როლსაც ორი „ოსკარის“ მფლობელი ჰილარი სუონკი ასრულებს, მოსწავლეებს შთააგონებს, იყვნენ ტოლერანტები, იმუშაონ საკუთარ თავზე და სკოლის შემდეგაც განაგრძონ სწავლა.

Monday, November 13, 2017

რა მნიშვნელობა ენიჭება შემოქმედებით აზროვნებას და როგორ განვავითაროთ იგი

შემოქმედებითობა არა მხოლოდ თითოეულ ადამიანს აძლევს შესაძლებლობას, სამყარო და მასში მიმდინარე მოვლენები მრავალფეროვნად აღიქვას, არამედ ახალი იდეებისკენ სწრაფვის, აღმოჩენების გაკეთების, უწყვეტი გამოცდილებების შეძენის საწინდარია. ეს ყველაფერი კი, საბოლოო ჯამში, სამყაროს განვითარების გარანტიაა.

 ეს სტატია, პირველ რიგში, სწორედ მასწავლებლებისთვის არის განკუთვნილი, თუმცა მშობლებისათვისაც საინტერესო იქნება იმის შეტყობა, თუ როგორ უნდა შეუწყონ ხელი მოზარდს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში. კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რა სტრატეგიებს მივმართავთ ყოველდღიურად.

 ამ მიზნით მიმოვიხილავთ შემოქმედებითობის ცნებას, მის მნიშვნელობას და განვითარების შესაძლებლობებს. დასასრულს რამდენიმე რჩევასაც მოგცემთ.
 კრეატიულობის თეორიების განხილვისას ასხვავებენ კრეატიულობის მასშტაბს – ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვლენილს და გენიოსებისთვის დამახასიათებელს. მეცნიერების აზრით, მხოლოდ ექსტრაორდინალურ ადამიანებზე აქცენტის გაკეთებამ შესაძლებელია ყოველდღიური კრეატიული გამოცდილება უგულებელყოს.

· შემოქმედებითობა ვითარდება დროთა განმავლობაში, პიროვნებისა და გარემოს კავშირში. ამ თეორიაში შემოქმედებითობის ძირითადი განმავითარებელია ოჯახისა და გარემოს სტრუქტურა; დიდია თამაშის როლი, ეფექტს მრავალი ფაქტორი განაპირობებს.

· შემოქმედებითობა შესაძლებელია გაიზომოს, განისაზღვროს მისი სანდოობა და ქმედითობა. შესაძლებელია გამოირჩეს სპეციფიკური შემოქმედებითობა. აქ მთავარი ფოკუსი პროდუქტია.

· შემოქმედებითობას განსაზღვრავს „ბაზრის მოთხოვნა”, მასზე გავლენას ახდენს მაკრო ფაქტორები. აქ რამდენიმე ფოკუსია: პიროვნება, პროდუქტი, ადგილი, დამაჯერებლობა.
· შემოქმედებითობის გამოხატვა გადის რამდენიმე აუცილებელ ფაზას. მას შესაძლებელია ჰქონდეს წრფივი და რეკურსიული ელემენტები. აქ უპირატესი მნიშვნელობა ენიჭება პროცესს.

· შემოქმედებითობა, უპირატესად, კოგნიტური პროცესია. იდეის ფორმირება ფუნდამენტურია. აქ მთავარი კონცეპტებია: ასოციაციები, მეტაფორა, კონცეპტუალური კომბინაციები, მეტაკოგნიტური პროცესები, სწორხაზოვანი/გადახრილი აზროვნება. მთავარ ფოკუსს პიროვნება და პროცესი წარმოადგენს.

· შემოქმედებითი გზით პრობლემის ძიება და გადაჭრა რაციონალური პროცესია, რომელიც შესაძლებელია ეფუძნებოდეს ექსპერტულ ცოდნას და გამოცდილებას. შემოქმედებითი ადამიანები აქტიურად ერთვებიან პრობლემებისა და მათი გადაჭრის გზების ძიებაში. აქ მთავარი ფოკუსი პიროვნებაზე, პროცესსა და პროდუქტზე კეთდება. 

· შემოქმედებითობა კომპლექსური სისტემების და მათი ინტერაქციის შედეგია. აქ მთავარი კონცეპტებია: კოლაბორაციული შემოქმედებითობა, სისტემების კავშირი, კომპლექსურობა, სადაც ფოკუსი კეთდება პიროვნებაზე, პროცესზე, პროდუქტზე, ადგილზე.

 საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისას მნიშვნელოვანია, პედაგოგმა გაიაზროს, თუ რა ფაზებს გადის მოსწავლის ცნობიერება შემეცნების პროცესში. მან უნდა იცოდეს, რა ინსტრუმენტები უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ სწავლის პროცესი იყოს საინტერესო, სახალისო და ეფექტური. 

შემოქმედებითობის განვითარებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ემოციის გამოწვევას, რაც სხვადასხვა ინსტრუმენტით მიიღწევა.

მასწავლებლებს სურთ, განუვითარონ მოსწავლეებს შემოქმედებითი აზროვნება, თუმცა ხშირად არ არიან დარწმუნებული იმაში, სწორ სტრატეგიას მიმართავენ თუ არა. ამიტომ რამდენიმე ინსტრუმენტს ჩამოვთვლით. ფსიქოლოგების* ნაწილი ძირითად შემეცნებით ინსტრუმენტებად ასახელებს: ამბავს, მეტაფორას, ბინარულ დაპირისპირებებს, რითმას და რიტმს, ხუმრობებს და იუმორს, გონებრივ გამოსახულებებს, ჭორს და თამაშს, საიდუმლოს, წიგნიერების ჩანასახოვან ინსტრუმენტებს. 

ამბავი აღძრავს ემოციას. სწავლების პროცესში ამბის მოყოლის ღირებულება მოსწავლეთა ემოციების და წარმოსახვის მობილიზებაა. ამბის გადმოცემა არა მხოლოდ მისი ფაქტობრივი ნაწილის მოყოლას, არამედ ფაქტების, მოვლენების დალაგებას, ერთმანეთთან დაკავშირებას, სინთეზს და ანალიზს მოითხოვს.

მეტაფორების გამოყენება ერთი საკითხის მეორის მეშვეობით დანახვის შესაძლებლობას იძლევა. ეს აზროვნებას აფართოებს. მეტაფორების გამოყენება შესაძლებელია ყოველდღიურ საგაკვეთილო პროცესში, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებში მეტაფორული აზროვნებისა და ცნებების დაკავშირების უნარის განვითარებას.

ხუმრობა, იუმორი ერთ – ერთი ეფექტური ინსტრუმენტია მოსწავლეთა დადებითი ემოციების გამოსაწვევად. ისინი შეიძლება წახალისდნენ კიდეც და თავადაც მოიგონონ კონკრეტულ თემაზე სახალისო, შემეცნებითი ხუმრობები. სასურველია ომონიმების გამოყენებაც, რაც ხელს უწყობს სხარტი აზროვნების განვითარებას (მაგ; ბარი, დარი, კარი და სხვ.). ხუმრობა არა მხოლოდ სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართვის საშუალებაა, ის აძლიერებს მათი წარმოსახვის უნარსაც.

გონებრივი გამოსახულებები მოსწავლეს ეხმარება, ნაცნობი სიტყვებით შექმნას გონებაში სახეები და დაუკავშიროს ჯერ კიდევ უცნობ მოვლენებს. წარმოსახვითი სახეები მისთვის ნაცნობი და სანდო ხდება. შესაბამისად, მოსწავლე უკეთ აღიქვამს და ამუშავებს ახალ ცნებებს.

ჭორი, როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, აღიარებულია ადამიანთა სოციალური სტაბილურობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროდ. საგაკვეთილო პროცესში მთავარია, ისეთი ჭორი და ამბავი მოყვეთ, რომელიც მოსწავლეებს საკითხის, თემის უკეთ წარმოსახვასა და აღქმაში დაეხმარება.

თამაშის მნიშვნელობა აღწერილი და კვლევებით დადასტურებულია. უნდა აღინიშნოს მისი მნიშვნელობა შემეცნებითი ინსტრუმენტების თვალსაზრისით. ვიგოტსკი თავის თეორიაში აღნიშნავს, რომ თამაში ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს (აზროვნების, მეხსიერების, თანაგრძნობის და სხვ.). თამაშის ტიპი უნდა განსხვავდებოდეს შესასწავლი საკითხის მიხედვით (სამაგიდო შეჯიბრი, გამოგონება, კვლევა, რამეს აწყობა თუ სხვა).

საიდუმლოს ფენომენი აღვივებს განცდას, რომ სამყარო მხოლოდ ის არ არის, რასაც ვხედავთ. არის ბევრი ბუნდოვანი საკითხი, რომლებიც შესაძლოა, არ ვიცოდეთ. საიდუმლოს შემცველი აქტივობების საგაკვეთილო პროცესში გამოყენება აღვივებს ცნობისმოყვარეობას, გონებას მიმართავს ამოუცნობისკენ, უცნაურისკენ.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ინსტრუმენტებისა, რომლებიც მოსწავლეს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაში ეხმარება. მნიშვნელოვანია, სასწავლო პროცესი იმგვარად იყოს დაგეგმილი, რომ ხელს უწყობდეს მოსწავლეებში ახალი იდეების გაჩენას, გენერირებას, გაზიარებას.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ შემოქმედებითი აზროვნებისას რამდენიმე სააზროვნო უნარის გამოყენება და ბალანსირება ხდება: სინთეზური აზროვნების უნარის, რომელიც ახალი იდეების წარმოშობის უნარია; ანალიტიკური აზროვნების უნარის, რომლის მეშვეობითაც იდეების ანალიზი და შეფასება ხდება (კრიტიკული აზროვნება) და პრაქტიკული აზროვნების უნარის – კრეატიული ადამიანი ამ უნარს თეორიის პრაქტიკად გადაქცევის, კარგი იდეის ხორცშესმისათვის იყენებს. მნიშვნელოვანია ამ სამივე უნარის განვითარების ხელშეწყობა.


და ბოლოს, აქვე შეგვიძლია მოვიტანოთ ფსიქოლოგებისა და თეორეტიკოსების რამდენიმე რჩევა* :
· ხელი შეუწყვეთ იდეების წარმოშობას.
· დააჯილდოვეთ მოსწავლეები კრეატიული იდეებისათვის.
· წაახალისეთ გონივრული რისკი.
· იყავით შემწყნარებელი შეცდომების მიმართ, აქცენტი გააკეთეთ მათ გაანალიზებაზე.
· ეძებეთ სტიმულის გამომწვევი გარემო.
· დაანახეთ მოსწავლეებს კავშირი მათსა და გარემოს შორის.
· ხელი შეუწყვეთ სხვა შეხედულებების განხილვას.
· გააკეთეთ აქცენტი კითხვების დასმაზე და არა პასუხების გაცემაზე.

როგორ გავხადოთ ბავშვები უფრო ჭკვიანი – მეცნიერების 10 რჩევა

როგორ შეიძლება შევუწყოთ ხელი ბავშვების გონებრივ განვითარებას? გამოცემა “Time” გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც, მეცნიერების აზრით, ამაში დაგეხმარებათ:

1. მუსიკის გაკვეთილები – კვლევებმა აჩვენა, რომ მუსიკის გაკვეთილები ბავშვებს უფრო გონიერს ხდის: “საცდელ ჯგუფში მყოფ ბავშვებს შორის, მუსიკალურ ჯგუფებში მყოფმა ბავშვებმა IQ-ს მაჩვენებლის უფრო დიდი წინსვლა აჩვენეს.” კვლევების მიხედვით, მუსიკალური განათლება როგორც მოსწავლეებს, ისე სტუდენტებსაც ეხმარება სასწავლო პროცესის დროს, უკეთ ათვისებაში.

2. ვარჯიში – კარგ ფორმაში ყოფნა ზრდის შესწავლის უნარს. ვარჯიშის შემდეგ, ადამიანები 20%-ით სწრაფად ითვისებენ უცხო სიტყვებს, ვიდრე ვარჯიშამდე. სამთვიანი სავარჯიშო რეჟიმი 30%-ით ზრდის სისხლის მიწოდებას ტვინის იმ ნაწილებისთვის, რომლებიც მეხსიერებასა და სწავლაზეა პასუხისმგებელი.

3. ნუ წაუკითხავთ, იკითხეთ მათთან ერთად! – გყავთ პატარა ბავშვი, რომელიც კითხვას სწავლობს? ნუ მიცემთ საშუალებას, მხოლოდ სურათები ათვალიერონ, როცა თქვენ უკითხავთ. გაამახვილეთ ყურადღება სიტყვებზე, იკითხეთ მათთან ერთად. კვლევების მიხედვით, ეს მათი კითხვის უნარს ავითარებს.

4. ძილის დაკლების თავიდან აცილება – 1 საათი ძილის დაკლება მე-6 კლასელი ბავშვის ტვინს ფაქტობრივად, მე-4 კლასელის ტვინად აქცევს. სწავლის შეფასებებსა და ძილის საშუალო რაოდენობას შორის კორელაციური დამოკიდებულებაა. “1 საათის ძილის ხშირი დაკლება, ორწლიანი კოგნიტური მომწიფებისა და განვითარების დაკარგვის ტოლფასია,” – ამბობენ მეცნიერები.

5. თვითდისციპლინის გარეშე IQ-ს მაჩვენებელს სულაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა – იმის წინასწარ განსაზღვრაში, თუ ვინ იქნება წარმატებული, თვითდისციპლინა უფრო ღირებულია, ვიდრე IQ. ათობით კვლევამ აჩვენა, რომ ნებისყოფა ყველაზე მნიშვნელოვანი ქვაკუთხედია წარმატების მისაღწევად… მოსწავლეები, რომელთაც ნებისყოფის მაღალი დონე აქვთ, უფრო დიდი ალბათობით იღებენ მაღალ შეფასებებს.
დისციპლინას უფრო დიდი ეფექტი აქვს აკადემიურ მოსწრებაზე, ვიდრე მაღალ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს.

6. სწავლა აქტიური პროცესია – ჩვენი ტვინი ვითარდება საქმის კეთებით და არა – მხოლოდ მოსმენით მის შესახებ. ეს ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ არის უკეთესი კონკრეტული რამის შესწავლის დროს, დროის 2/3 მის პრაქტიკაში განხორციელებას და საკუთარი თავის გამოცდას დაუთმოთ. მაგალითად, თუ ერთი აბზაცის დამახსოვრება გინდათ, უკეთესია, დროის 30% მის კითხვას, ხოლო 70% კი უკვე ზეპირად წარმოთქმას დაუთმოთ.

7. ტკბილეული კარგი საშუალებაა, თუ მას სწორ დროს გამოიყენებთ – ყველამ იცის, რომ აუცილებელია საუზმის მირთმევა მნიშვნელოვანი გამოცდის დღეს.
ზოგადად, კარგი იქნება, თუ ბავშვები ყოველთვის ჯანსაღი საკვებით იკვებებიან. თუმცა, ეს რთულია, რადგან მათ ძალიან უყვართ ნაკლებად სასარგებლო პროდუქტებიც.
კვლევებმა კი აჩვენა, რომ კოფეინი და შაქარი სარგებლის მომტანიც შეიძლება იყოს ტვინის აქტიურობისათვის. კოფეინისა და გლუკოზის კომბინაციას შეუძლია გაზარდოს ტვინის მუშაობის ეფექტურობა. ისინი კი ნამდვილად უყვარს ბავშვების უმეტესობას.
ასე რომ, თუ მათ მაინც უნდა მიირთვან ტკბილეულობა ან გაზიანი სასმელები, უმჯობესია, ეს სწავლის პროცესში გააკეთონ და არა დასვენების დროს.

8. ბედნიერი ბავშვი = წარმატებული ბავშვი – ბედნიერი ბავშვები უფრო ხშირად ხდებიან წარმატებულნი და თვითრეალიზებულნი. საშუალოდ, ბედნიერი ხალხი უფრო წარმატებულია როგორც კარიერაში, ისე პირად ურთიერთობებში, ვიდრე უბედურნი. და რა არის საჭირო ბავშვების გასაბედნიერებლად? პირველ რიგში, ბედნიერი მშობლები!

9. კარგი სამეგობრო წრე – მშობლების გენეტიკა დიდად ზემოქმედებს ბავშვებზე, მაგრამ მათი აღზრდა უმნიშვნელოვანესია.
კარგ სამეზობლოში ცხოვრებას, კარგ სკოლაში სიარულსა და საზრიან და მეგობრულ ბავშვებთან ურთიერთობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.
ყველაზე მარტივი გზა GPA-ს ასამაღლებლად კოლეჯის სტუდენტისთვის არის ჭკვიან ოთახის მეზობელთან ერთად ცხოვრება – ეს ფაქტი კვლევებისა და ექსპერიმენტების შედეგად დამტკიცდა.

10. გჯეროდეთ მათი – იმის დაჯერება, რომ თქვენი ბავშვი საშუალოზე ჭკვიანია, მნიშვნელოვანია. როდესაც მასწავლებელს უთხრეს, რომ გარკვეული ბავშვები უფრო გონიერნი იყვნენ სხვებთან შედარებით, ამ ბავშვებმა მართლაც კარგი შედეგები აჩვენეს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულიად შემთხვევით იყვნენ შერჩეულნი. ამ ბავშვების 30%-მა საშუალოდ 22 ქულით აიმაღლა IQ, ხოლო თითქმის ყველამ შეძლო მისი მინიმუმ 10 ქულით ამაღლება.
და ბოლოს, აუცილებლად უნდა გახსოვდეთ, რომ ნიჭიერება არ განსაზღვრავს ყველაფერს. ზნეობისა და გულისხმიერების გარეშე, ძალიან ჭკვიანი ადამიანებიც შეიძლება საზარელნი გახდნენ.

წყარო: www.time.com

Monday, October 30, 2017

Happy Halloween !!!!

ჰელოუინი  — დღესასწაული, რომელიც აღინიშნება ყოველი წლის 31 ოქტომბერს. აღნიშვნის დროს ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და მსვლელობა — თამაშები, ფეიერვერკები, კოსტიუმირებული წვეულებები, „მოჩვენებებიანი სახლების“ მონახულება, საზარელი ისტორიების თხრობა და საშინელებათა ფილმების რეტროსპექტივები. ჰელოუინთან არის დაკავშირებული გოგრებში თვალებისა და პირების ამოჭრის ტრადიცია. 
დღესასწაულის ელემენტები ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატანილი იქნა ირლანდიელი მიგრანტების მიერ, XIX საუკუნეში. სხვა ქვეყნებში ეს დღესასწაული XX საუკუნეში გავრცელდა. ჰელოუინი აღინიშნება დიდ ბრიტანეთშიესპანეთშიაშშ-ში, კანადაშიირლანდიაშიპუერტო-რიკოშიიაპონიაშიახალ ზელანდიაში და ავსტრალიისსხვადასხვა ნაწილებში. უკვე ათასი წელია, რაც სხვადასხვა ხალხი აქტიურად აღნიშნავს დღესასწაულებსა და ფესტივალებს
."ჰელოუინი" – ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია მსოფლიოში. მისი ისტორია ათასწლეულებს ითვლის. საწყისს კი კელტური ფესტივალი "სამჰეინიდან" და ქრისტიანული "ყველა წმინდანის დღიდან" იღებს.


ამ უძველესი დღესასწაულიდან დღეისათვის მხოლოდ სახალისო გასართობი ტრადიციები შემორჩა. ყოველი 1-ლი ნოემბრის ღამეს კარნავალი ეწყობა, სადაც ადამიანები სხვადასხვა უწმინდური არსების კოსტიუმებს იცვამენ. ამ გართობის მიღმა "ჰელოუინის" უძველესი არსი იმალება.  მთელ ევროპაში ეს ღამე აღინიშნებოდა როგორც ზამთარში გადასასვლელ პერიოდად. ითვლებოდა, რომ ამ დროს გარდაცვლილთა სულები ბრუნდებოდნენ საიქიოდან, რათა მოენახულებინათ თავიანთი სახლები და ცეცხლთან გამთბარიყვნენ.ისინი დადიოდნენ და ოჯახის დანარჩენ წევრებს სთხოვდნენ საჭმელსა და სასმელს. სულებს სხვადასხვა სახის მიღება შეეძლოთ. ავ და ბოროტ სულებს ცხოველებში ჩასახლება შეეძლოთ. მათთან ერთად ჩნდებოდნენ სხვა ბნელი ძალებიც: დემონები, სახლის სულები, კუდიანები, ვამპირები და სხვა. ყველა უწმინდური ძალა დედამიწაზე ეშვებოდა. 


იმისთვის, რომ მკვდარი აჩრდილების მსხვერპლნი არ გამხდარიყვნენ, ადამიანები აქრობდნენ ცეცხლს თავიანთ სახლებში და რაც შეიძლებოდა, შემაშინებლად იცვამდნენ, იხურავდნენ ცხოველების თავების ნიღბებს და მათ ტყავებში ეხვეოდნენ იმ მიზნით, რომ დააფრთხობდნენ ავ სულებს.




"ჰელოუინის" ღამეს ჩვენსა და იმქვეყნიურ სამყაროს შორის ყველანაირი ბარიერი ირღვეოდა, იღებოდა ჭიშკარი ორ სამყაროს შორის. ასე რომ, "ჰელოუინი" ასევე იყო მცდელობა ამ ორი სამყაროს კავშირის გაგებისა. "ჰელოუინის" ღამე არის გადასასვლელი ერთი სამყაროდან მეორეში; კარიბჭე – ზამთარში, ცივ სამყაროში გადასასვლელად, სადაც ყველაფერი ცოცხალი კვდება, მაგრამ ამავდროულად, ემზადება აღორძინებისათვის. თავისუფლდება ყველაფერი ზედმეტისაგან, როგორც ხე ფოთლებისაგან.

"ჰელოუინის" პირველი დღესასწაულების დროს ეწყობოდა წარმოდგენები, მკითხაობები და ცეკვები. აღნიშნავდნენ მოსავლის აღებას, ყვებოდნენ შემზარავ ისტორიებს მკვდრებსა და მოჩვენებებზე. მე-19 საუკუნის ბოლოს "ჰელოუინი" სახალხო დღესასწაულად აქციეს. ბევრი ცრურწმენა ისტორიაში დაიკარგა. დღესასწაული იქცა ღონისძიებად თავისი აღლუმებით, კონკურსებითა და კონცერტებით. თუმცა აბობოქრებული ახალგაზრდების ვანდალური აქტების ჩაცხრობა მხოლოდ 50-იან წლებში მოხერხდა.

მას შემდეგ ყოველი 31 ოქტომბერს, ღამის 12 საათის შემდეგ, სახლებში დადიან კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები. ახლა "ჰელოუინი" არ არის უბრალოდ ღამე, როდესაც ბავშვები სხვადასხვა კოსტიუმში გამოწყობილები დადიან და აგროვებენ ტკბილეულს. "ჰელოუინი" ამერიკელების ყველაზე საყვარელი შემოდგომის სახალხო დღესასწაულია.


უძველესმა მითებმა გაგრძელება პოპ-კულტურაში, სიმბოლიზმსა და თანამედროვე ტრადიციებში ჰპოვა. "ჰელოუინის" ღამეს ადამიანები მეზობელ სახლებს სტუმრობენ, რათა მკვდრების საკვების ძიების პროცესი განასახიერონ. ისინი, ვინც კანფეტებს არიგებს, ანსახიერებენ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ, აამონ ავ სულებს. დემონებისა და გობლინების ნიღბები ბოროტ სულებს განასახიერებს.



გოგრის თავი – "ჰელოუინის" აუცილებელი ატრიბუტია. გოგრა თავისუფლდება შიგთავსისაგან და გამოიჭრება სახე, ხოლო შიგნით იდება სანთელი. გოგრა ერთდროულად სიმბოლიზდება მოსავლის აღების დასრულებასთან და ბოროტი სულების დაფრთხობასთან.


-0:01

Wednesday, October 11, 2017

როგორ შევუწყოთ ხელი სწავლის მოტივაციის ამაღლებას?

როგორ შევუწყოთ ხელი სწავლის მოტივაციის ამაღლებას? - არის  კითხვა რომლის პასუხსაც დაეძებს ყველა პედაგოგი.
სანამ უშუალოდ ამ კითხვას ვუპასუხებდეთ რამოდენიმე სიტყვით მოტივაციას შევეხები.
მოტივაცია ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებული და მნიშვნელოვანი ტერმინია თანამედროვე პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში. ის მოიცავს მოსწავლის ქმედებისა და ქცევის განმაპირობებელ ფაქტორებს, რომლებიც მას შიდა (ემოციები, გრძნობები, განცდები…) და გარე (გარემო) სტიმულებზე საპასუხო რეაქციისკენ უბიძგებენ.ადამიანის ქმედება უმეტესად მიზნის მიღწევაზეა ორიენტირებული და მას განსაზღვრული მოტივები უდევს საფუძვლად. აქედან გამომდინარე, მოტივაცია შეიძლება განიმარტოს როგორც სასურველი მიზნის მიღწევისკენ მიმართული პროცესი.
 პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სწავლის მოტივაციას და მის განმაპირობებელ ფაქტორებს. აღნიშნული საკითხის სიღრმისეულად გააზრება როგორც პედაგოგის, ასევე მოსწავლის მიერ გადამწყვეტ როლს ასრულებს მოსწავლეთა მომავალ წარმატებაში.
 როგორ შევუწყოთ ხელი სწავლის მოტივაციის ამაღლებას?
 1. გაამდიდრეთ სასწავლო პროცესი – ამის მიღწევა შესაძლებელია დამატებითი, კლასგარეშე აქტივობებით, მრავაფეროვანი სასწავლო მასალებით და  სწავლების ახალი მეთოდებისა და სტრატეგების გამოყენებით. ამით სასწავლო პროცესი მოსწავლისთვის უფრო სახალისო და საინტერესო გახდება
 2. ეცადეთ, გაააქტიუროთ მოსწავლეები – მოსწავლეებისთვის გაცილებით უფრო ბუნებრივია საგაკვეთილო პროცესში აქტიურად ჩართვა და მონაწილეობა, ვიდრე მშვიდად ჯდომა და მოსმენა. ამისათვის შეგიძლიათ, ჩაატაროთ დისკუსიები, გამოიყენოთ ჯგუფური მუშაობის მეთოდი, პრეზენტაციები, როლური თამაშები, საგანმანათლებლო ექსკურსიები და სხვა.
 3. ჩართეთ მოსწავლეები ცოდნის შეფასების ინსტრუმენტების მომზადებაში – ეს 
აქტივობა გულისხმობს მოსწავლეთა ჩართვას სემესტრული ტესტების, კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული სავარჯიშოების, კროსვორდების, სიტუაციური ამოცანების მომზადების პროცესში. ეს არა მხოლოდ გაზრდის მათ მოტივაციას, არამედ მასალის თვისებაში შეუწყობს ხელს.
 4. გამოიყენეთ უნიშნო აქტივობები – ამგვარი დავალებების დროს მოსწავლის ყურადღება შედეგიდან პირდაპირ პროცესზე გადაერთვება
 5.მიაწოდეთ მოსწავლეებს დადებითი უკუკავშირი –  ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. "1+2" შეფასება. "1+2" ისეთი შეფასებაა, სადაც "1"  შენიშვნაა, რჩევა, რომელიც მოსწავლემ უნდა გაითვალისწინოს, ხოლო "2" – პოზიტიური კომენტარი. ეს შეფასება შეგიძლიათ, შეცვალოთ თქვენი სურვილისამებს, თუმცა სასურველია, დაიცვათ პროპორცია პოზიტიურ და ნეგატიურ შენიშვნებთან მიმართებაში.
 6.მიაწოდეთ მოსწავლეებს დადებითი უკუკავშირი –  ამისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ ე.წ. "1+2" შეფასება. "1+2" ისეთი შეფასებაა, სადაც "1"  შენიშვნაა, რჩევა, რომელიც მოსწავლემ უნდა გაითვალისწინოს, ხოლო "2" – პოზიტიური კომენტარი. ეს შეფასება შეგიძლიათ, შეცვალოთ თქვენი სურვილისამებს, თუმცა სასურველია, დაიცვათ პროპორცია პოზიტიურ და ნეგატიურ შენიშვნებთან მიმართებაში.
 7. სათანადო ყურადღება დაუთმეთ მოსწავლეთა თითოეულ ნაშრომს – საჭიროა, მოსწავლეთა ნაშრომებს, მის განხილვასა და შეფასებას, სათანადო ყურადღება დაუთმოთ. ზერელე დამოკიდებულების შემთვევაში მოსწავლე დემოტივირებული ხდება.
 8. თავი აარიდეთ მხოლოდ ნიშნის დაწერას – ნაშრომის შესწორებას და ნიშნის დაწერას პარალელურად დაურთეთ კომენტარი– კონკრეტულად რის გამო დააკლდა მას ნიშანი, რა მოგეწონათ და რაზე უნდა გაამახვილოს მოსწავლემ ყურადღება. თქვენი კომენტარი, რომელიც ერთვის ნიშანს, უნდა  იყოს ვრცელი და ამომწურავი.
 9. ჩართეთ მოსწავლე საკლასო გადაწყვეტილებების მიღებაში – მოსწავლეთა მონაწილეობა საკლასო ნორმების, შეფასების კომპონენტების შემუშავებაში, შესასწავლ საკითხთა თანმიმდევრობის დადგენაში და სხვ. მნიშვნელოვნად აამაღლებს მათ მოტივაციას და ხელს შეუწყობს მათი მხრიდან ამ შეთანხმების შესრულებას.
 10. ყველა მოსწავლეს შეუძლია, ისწავლოს და იყოს წარმატებული – საგაკვეთილო პროცესში და მოსწავლეებთან ურთიერთობისას უნდა იკვეთებოდეს მასწავლებლის ამგვარი დამოკიდბულება. 
 


Friday, September 29, 2017

რა მნიშვნელობა ენიჭება კლასის ეფექტურ მართვას?

მასწავლებელი კლასში მრავალ ფუნქციას ასრულებს, მათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია კლასის მართვა. შეუძლებელია, სწავლისა და სწავლების დონე ეფექტური იყოს კლასში, რომელსაც მასწავლებელი კარგად არ მართავს. კლასის მართვის უნარი არ არის ადვილად შესაძენი. მასწავლებელს დიდი ძალისხმევა სჭირდება კლასის მართვაში რომ დახელოვნდეს.
განათლების სფეროში ჩატარებული თანამედროვე კვლევების მიხედვით, მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე ყველაზე დიდ ზეგავლენას მასწავლებელი  ახდენს. ეფექტური მასწავლებელი ბევრ ფუნქციას ერთდროულად ასრულებს. ეს ფუნქციები შეიძლება ისეთ სამ ძირითად სფეროდ გავაერთიანოთ, როგორიცაა; 
  • სწავლების მეთოდების შერჩევა და გამოყენება
  • სასწავლო გეგმის მორგება მოსწავლეთა საჭიროებებზე
  • კლასის მართვის მეთოდების ეფექტური გამოყენება.
მასწავლებლის ფუნქციათა პირველი სფერო ეხება სწავლების მეთოდების გამოყენებას. ეფექტური მასწავლებელი სწავლების მეთოდების ფართო სპექტრს იცნობს და იყენებს. მას შეუძლია თანამშრომლობითი სწავლებისა და გრაფიკული სქემების გამოყენება; იცის, როგორ შეიძლება საშინაო დავალების საშუალებით მაქსიმალური სარგებლის მიღება; შეუძლია შეკითხვების დასმა და წინმსწრები აქტივობების გამოყენება. უფრო მეტიც, მასწავლებელმა კარგად იცის, თუ როდის, რა ტიპის მასალაზე და რა ტიპის მოსწავლეებთან შეიძლება ამა თუ იმ სწავლების მეთოდის ეფექტური გამოყენება. 

 მასწავლებლის ფუნქციათა მეორე სფერო ეხება სასწავლო გეგმის მორგებას მოსწავლეთა საჭიროებებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეფექტურ მასწავლებელს საგნის შინაარსობრივი მხარის, მასალის თანმიმდევრობისა და ტემპის სწორად განსაზღვრა შეუძლია, რა თქმა უნდა სახელმწიფო რეგულაციებზე დაყრდნობით სასწავლო გეგმის მიმართ.
მასწწავლებლის ფუნქციათა მესამე სფერო ეხება კლასის მართვის მეთოდების ეფექტურ დანერგვას.
მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ამ სამი სფეროდან ცალკე აღებულ ერთ სფეროში მასწავლებლის ფუნქციათა შესრულება ეფექტური სწავლების აუცილებელი, თუმცა არასაკმარისი ფაქტორია. აღსანიშნავია, რომ სწავლების მეთოდების სწორად შერჩევა და გამოყენება, ისევე როგორც სასწავლო გეგმის მორგება მოსწავლეთა საჭიროებებზე კლასის მართვის ეფექტური დანერგვის უნარს ეფუძნება.

                                                                                  კლასის კარგ მმართველად იბადებიან თუ დროთა განმავლობაში ყალიბდებიან?

 მასწავლებელი, რომელიც კლასის ეფექტურ მმართველად ითვლება გამოირჩევა გარკვეული მახასიათებლებით. ეს მახასიათებლები ადვილად ყალიბდება და ბევრისთვის ინტუიციურ დონეზეც კი გასაგებია. შედარებით რთულია იმის დადგენა, თუ როგორ შეიძლება იქცეს მასწავლებელი კლასის კარგ მმართველად. საერთოდ, იბადებიან თუ დროთა განმავლობაში ყალიბდებიან კლასის კარგ მმართველებად? საბედნიეროდ, ამ შეკითხვაზე პასუხი იმედისმომცემია; კლასის ეფექტურ მმართველად მასწავლებელი დროთა განმავლობაში ყალიბდება. კლასის ეფექტური მმართველია ის, ვინც კარგად იცნობს და წარმატებით იყენებს კლასის მართვის კონკრეტულ მეთოდებს. ამ მეთოდების გაცნობა მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს მასწავლებლის პროფესიული ქცევის ცვლილებაზე. ეს კი მოსწავლის ქცევაზეც მოქმედებს და საბოლოოდ დადებითად აისახება მის აკადემიურ მოსწრებაზეც. განათლების სფეროში ჩატარებული სხვადასხვა კვლევაც ამ მოსაზრებებს ადასტურებს.
ბევრისათვის სასიხარულოდ უნდა ითქვას, რომ ამ სფეროში ჩატარებული კვლევების მიხედვით, კლასის კარგ მმართველად ჩამოყალიბება არც თუ დიდ დროს მოითხოვს. მაგალითად განვიხილოთ ემერის, სენფორდის, ქლემენთსის და მარტინის კვლევის (1982) შედეგები. ამ კვლევაში მონაწილეობდა ზოგადსაგანამანათლებლო სკოლის საშუალო საფეხურის 40 მასწავლებელი. ექსპერიმენტის შედეგად დადგინდა, რომ მასწავლებელმა შეიძლება მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს კლასის მართვის უნარი შესაბამისი სახელმძღვანელოს გაცნობისა და ორი ნახევარდღიანი სემინარის გავლის შემდეგ.
ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მასწავლებელს შეუძლია მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინოს მოსწავლის აკადემიურ მოსწრებაზე. მასწავლებლის ფუნქციათა სამი სფეროდან - სწავლების მეთოდების სწორად შერჩევა და გამოყენება, სასწავლო გეგმის მორგება მოსწავლეთა საჭიროებებზე და კლასის მართვის მეთოდების ეფექტური გამოყენება - კლასის ეფექტური მართვა არის უმნიშვნელოვანესი, რადგან დანარჩენების საფუძველს წარმოადგენს.

გამოყენებული ლიტერატურა - 
CLASSROOM MANAGEMENT THAT WORKS 
Robert J.Marzano, Jana S. Marzno, Debra J.Pickering