Monday, January 20, 2025

AI ჩატბოტები: პერსონალიზაცია და სოციალური უნარები

 “პერსონალიზაცია არა მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაციაა, არამედ მომხმარებელთან ურთიერთობის ახალი ფილოსოფია, რომელიც ემპათიისა და ეფექტური კომუნიკაციისკენ მიისწრაფვის.”

Marcus & Davis, Rebooting

დღეს ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩატბოტები ჩვენი ყოველდღიური კომუნიკაციის განუყოფელ ნაწილად იქცა. მომხმარებლებისთვის საკმარისი აღარ არის მხოლოდ სანდო და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, ისინი უფრო მეტს ელოდებიან ჩატბოტებისგან. სწორედ ამიტომ (AI) ჩატბოტები იძენენ სოციალურ უნარებს და უფრო პერსონალიზირებული ხდებიან.  რას გულისხმობს ჩატბოტების სოციალური უნარები? როგორ აღწევენ ისინი ისეთ უნარებს, რომ  მოერგონ კონკრეტულ მომხმარებელს და მისი ინდივიდუალური საჭიროებები გაითვალისწინონ?

პერსონალიზაციის პროცესში ჩატბოტები აერთიანებენ ენის დამუშავების ალგორითმებს და მომხმარებლის ქცევის ანალიზს, რაც მათ საშუალებას აძლევს, უფრო ბუნებრივი, დამაჯერებელი და ინტერაქტიური გახდნენ. ეს არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური მიღწევა, არამედ განვითარებადი სოციალური ფენომენია, რომელიც ცვლის ადამიანებისა და ტექნოლოგიების ურთიერთობის/კომუნიკაციის პარადიგმას.

სტატიაში განვიხილავთ, როგორ ვითარდება პერსონალიზაცია და სოციალური უნარები AI ჩატბოტებში, რა გამოწვევების წინაშე დგანან ეს სისტემები და როგორ გავლენას ახდენს ეს ტრანსფორმაცია მომხმარებლების ციფრულ გამოცდილებაზე.

 

ChatGPT-ის პერსონალიზაციის პარამეტრები

თუ გსურთ, თქვენი ჩატი უფრო მეტად პერსონალიზებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებული იყოს, შეგიძლიათ, რომ ეს პარამეტრებიდანაც მოაგვაროთ. შედით ChatGPT-ის პერსონალიზაციის პარამეტრების მენიუში, რომელიც საშუალებას მოგცემთ დააკონფიგურირეთ ჩატბოტის ხასიათი და სტილი საკუთარი სურვილების შესაბამისად. ეს ფუნქცია საკმაოდ ინტუიტიურია და ორი ძირითადი ბლოკისგან შედგება (ორივე ველში მოცემულია დამხმარე კითხვები):

  1. პერსონალიზაციის ინსტრუქციები: აქ მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს, როგორ უნდა მოიქცეს ჩატბოტი, როგორი ინფორმაციის მიწოდება სურს და როგორ სტილში. შესაძლებელია ბლოკში ჩაწერო მაქსიმუმ 1500 სიმბოლოს ტექსტი. მაგალითად:
    • სასურველი ტონი: მეგობრული, ოფიციალური, სასაუბრო.
    • ცოდნის დონე: რამდენად დეტალური ინფორმაცია გჭირდება.
    • პრიორიტეტული თემები: განსაკუთრებული ინტერესის სფეროები.
  2. პასუხის მიწოდების სტილი: ეს ველი განკუთვნილია იმისათვის, რომ მომხმარებელმა განსაზღვროს, როგორ სტილში (მაგალითად, მარტივი, აკადემიური ან კრეატიული) უნდა შეასრულოს ჩატბოტმა დავალებები.
  3. დაშიფრული პასუხების ჩართვა/გამორთვა: ბოლოში მოცემულია გადამრთველი, რომელიც მართავს „დაშიფრული ChatGPT-ის“ ფუნქციას. თუ ეს გააქტიურებულია, ჩატბოტი იქნება მეტად „პერსონალიზებული“ და უკეთ მოერგება თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებს.

 

თუ უფრო კონკრეტულად გსურთ, რომ რაიმე დამატებითი ინფორმაცია ჩართოთ, მაგალითად, თქვენი ინტერესი, ჰობი, – ეს შეიძლება დაწეროთ პირველ ველში. ამის შემდეგ ჩატბოტი უფრო მეტად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს და თემატიკას.

ამ ინსტრუქციების შენახვა და შემდგომი განახლება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი!

თუ გსურთ აღმოაჩინოთ განსხვავება, შეადარეთ  ერთსა და იმავე კითხვაზე „პერსონალიზებული“ და „არაპერსონალიზებული“ ჩატის პასუხები.

პერსონალიზაციის გარდა, ჩატბოტების ეფექტურობა დიდწილად დამოკიდებულია მათ უნარზე, აღიქვან და უპასუხონ მომხმარებლის ემოციურ მდგომარეობას. ემპათიური ჩატბოტები უკეთეს შედეგს იძლევიან ისეთ სფეროებში, როგორიცაა მენტალური ჯანმრთელობის  მხარდაჭერა, საგანმანათლებლო გარემო და მომხმარებელთა მომსახურება.

დადასტურებული ქეისებია:

  • Woebot: ჩატბოტი, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს მენტალური ჯანმრთელობის საკითხებში. მას აქვს უნარი, ამოიცნოს ემოციური ტონალობა  და გასცეს შესაბამისი პასუხი.  ეს კი  მნიშვნელოვანი მიღწევაა, რათა  სოციალური უნარები AI-ში ინტეგრირდეს.
  • Replika AI: ჩატბოტი, რომელიც ემპათიური ურთიერთობების ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული და მას  შეუძლია გახდეს “ვირტუალური მეგობარი.”
  • IndiaAI-ის მიერ შექმნილი განათლების ჩატბოტი ხელს უწყობს ინდოეთში ბავშვების განათლებას, რომლებსაც განათლებაზე წვდომა შეზღუდული აქვთ. ჩატბოტის  უნარი,  დიალოგი წარმართოს ადგილობრივ ენებზე, ხელს უწყობს კულტურული ბარიერების გადალახვას.

 

როგორ ახდენენ ჩატბოტები კომუნიკაციის ინდივიდუალურ მოდელირებას?

პერსონალიზაცია ჩატბოტებში ხორციელდება რამდენიმე ძირითადი ტექნოლოგიის მეშვეობით:

  1. მომხმარებლის მონაცემების ანალიზი. ჩატბოტები აგროვებენ და აანალიზებენ ინფორმაციას მომხმარებლის ქცევებიდან, პრეფერენციებიდან და წინა კომუნიკაციებიდან. ეს ითვალისწინებს ტექსტის ტონის, ენის სტილის და თემატიკის განსაზღვრას, რაც  კომუნიკაციას უფრო მეგობრულსა და რელევანტურს ხდის.
  2. ენობრივი მოდელირება. ჩატბოტები იყენებენ ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) ალგორითმებს, რათა უკეთ გაიგონ მომხმარებლის ზუსტი საჭიროებები. მაგალითად, მომხმარებლის მიერ დასმული ერთი და იგივე კითხვა შეიძლება განსხვავებულად განიმარტოს კონტექსტის მიხედვით ან მისი კომუნიკაციის სტილის მიხედვით.

              სიტუაცია: მომხმარებლები სვამენ ერთსა და იმავე კითხვას:
„რამდენ ხანში მომაწვდიან შეკვეთას?“ – ეს კითხვა სხვადასხვაგვარად შეიძლება ფორმულირდეს:

              ფორმალური სტილით: „გთხოვთ, მაცნობოთ, შეკვეთის მოტანის სავარაუდო     დრო.“

              არაფორმალური სტილით: „როდის მომიტანს კურიერი?“

              სტრესული ტონით: „რამდენ ხანში მოვა ჩემი შეკვეთა? ძალიან მეჩქარება!“

ჩატბოტის რეაქცია:

  • ფორმალურ სტილზე: ჩატბოტი იყენებს პროფესიულ და დეტალურ პასუხს:
    „გმადლობთ შეკითხვისთვის. თქვენი შეკვეთის მიტანის დრო დამოკიდებულია თქვენს მისამართსა და მიწოდების სერვისზე. ჩვეულებრივ, ამას 3-5 სამუშაო დღე სჭირდება.“
  • არაფორმალურ სტილზე: პასუხი მარტივი და პირდაპირია: „როგორც წესი, 3-5 დღის განმავლობაში მოვა. თუ დამატებითი კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ მომწეროთ.“
  • სტრესულ ტონზე: ჩატბოტი იყენებს დამამშვიდებელ და მხარდაჭერას ტონს:
    „ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის! მიტანის დრო ჩვეულებრივ 3-5 დღეა, მაგრამ დავაზუსტებ და მალე შეგატყობინებთ.“

 

  1. რეალური დროში მორგება. ბევრი ჩატბოტი რეალურ დროში იცვლება მომხმარებლის პასუხების მიხედვით. თუ მომხმარებელი მოკლე პასუხებით გამოირჩევა, ჩატბოტი ადაპტირდება და მსგავს ფორმატს იღებს, ხოლო თუ საუბარი უფრო ემოციურია, ჩატბოტი ტონს ამუშავებს და შესაბამისად უფრო “ადამიანური” ხდება.

 

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი სოციალური ინტეგრაციისთვის?

AI ჩატბოტების სოციალური უნარების გაუმჯობესება თანამედროვე საზოგადოებისთვის  განსაკუთრებულია რამდენიმე მიმართულებით:

  1. ბარიერების გადალახვა ურთიერთობებში. ჩატბოტების ინდივიდუალური მიდგომა ეხმარება ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კომუნიკაციის სპეციფიკური სირთულეები — იქნება ეს ენობრივი ბარიერი, სოციალური შფოთვა თუ სხვა. მაგალითად, ჩატბოტები შესაძლოა დაეხმარონ მომხმარებლებს, რომლებსაც სამედიცინო, განათლების ან პროფესიული დახმარება სჭირდებათ.
  2. ინკლუზიური კომუნიკაციის ხელშეწყობა. პერსონალიზებული ჩატბოტები ეხმარებიან საზოგადოების მრავალფეროვან ჯგუფებს. ისინი ითვალისწინებენ ამ ჯგუფების განსხვავებულ ენობრივ და კულტურულ ნიუანსებს და მათ საჭიროებებს, რაც კომუნიკაციას უფრო ინკლუზიურს ხდის.
  3. მომხმარებლის ნდობის გაზრდა. პერსონალიზაცია და სოციალური უნარები აუმჯობესებს მომხმარებლის ნდობას ტექნოლოგიის მიმართ. როდესაც ჩატბოტი „ემპათიურია“  და რეალურად ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს, ის აღარ აღიქმება მექანიკურ ინსტრუმენტად, არამედ სანდო დამხმარე და მეგობარია.

 

დასკვნა

AI ჩატბოტების პერსონალიზაცია და სოციალური უნარების განვითარება აუმჯობესებს ციფრული კომუნიკაციის ხარისხს. ჩატბოტების ინდივიდუალური კომუნიკაციის მოდელირება  არა მარტო ტექნოლოგიური წინსვლაა, არამედ ახალ გზებს უხსნის სოციალური ინტეგრაციის პროცესს. მომავალში პერსონალიზაციის გაუმჯობესება და სოციალური უნარების გაღრმავება/დახვეწა ხელს შეუწყობს AI ჩატბოტების უფრო ფართოდ გამოყენებას, რაც კომუნიკაციას კიდევ უფრო ხელმისაწვდომსა და ჰუმანურს გახდის. ამავე დროს, მომავალი ჩატბოტები, სავარაუდოდ, მულტიმოდალურ კომუნიკაციას გამოიყენებენ, რაც მომხმარებელს ტექსტთან ერთად აუდიო და ვიზუალურ რესურსებსაც შესთავაზებს. ეს ხელს შეუწყობს უფრო ღრმა, ინტუიციურ და ბუნებრივ ინტერაქციას.


https://mastsavlebeli.ge/


No comments:

Post a Comment