უკვე დიდი ხანია, მონაცემთა ანალიზი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. განათლების სფეროში მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. მასწავლებლები სულ უფრო ხშირად იყენებენ მონაცემებს იმისთვის, რომ უკეთ გაიგონ მოსწავლეთა საჭიროებები, შეაფასონ საკუთარი სწავლების ეფექტურობა და განავითარონ იგი მოსწავლეთა წარმატებისთვის.
მოსწავლეთა ჩართვა სწავლის შედეგების ანალიზში არის ინოვაციური და ეფექტური მიდგომა, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, გახდნენ საკუთარი სწავლების პროცესის აქტიური მონაწილეები. როდესაც მოსწავლეები თავად აანალიზებენ თავიანთ შედეგებს, ისინი უკეთ გაიაზრებენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, ამყარებენ კავშირს თავიანთ მიღწევებსა და გაკვეთილებზე განხილულ მასალას შორის და სწავლისთვის უფრო მოტივირებულები ხდებიან.
მინდა, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, როდესაც მერვეკლასელებს მივეცი შესაძლებლობა, თავად გაეანალიზებინათ (წინა თავის) შემაჯამებელი წერის შედეგები სასწავლო თემა „მონაცემთა ანალიზის“ შესწავლისას.
თემატური ბლოკი: სტატისტიკა, ალბათობა
თემა: სტატისტიკა, მონაცემთა ანალიზი
თემატური არეალი: მონაცემთა ინტერპრეტაცია და ანალიზი, კვლევის დაგეგმვა და წარმოდგენა
სამიზნე ცნებები: | |
მათემატიკური მოდელი | მონაცემი, ცხრილი, დიაგრამა
|
კანონზომიერება
| მონაცემთა წარმოდგენის სხვადასხვა ხერხი
|
ლოგიკა | კვლევა, მონაცემთა ანალიზი, მსჯელობა-დასაბუთება, განზოგადება
|
საკითხები/პროცედურები:
- მონაცემები
- მონაცემთა მოწესრიგებული ერთობლიობების რაოდენობრივი და თვისებრივი ნიშნები: მონაცემთა რაოდენობა, პოზიცია და თანამიმდევრობა, მონაცემთა სიხშირე და ფარდობითი სიხშირე; განმეორების ტიპის კანონზომიერებანი; გამორჩეული (მაგალითად, ექსტრემალური, იშვიათი) მონაცემები;
- მონაცემთა წარმოდგენის საშუალებები: წრიული დიაგრამა, ფარდობითი სიხშირის დიაგრამა და შედარებები; რომელი უპირატესია და როდის;
- მონაცემთა წარმოდგენის საშუალებები რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემებისთვის: სია, ცხრილი, პიქტოგრამა, სვეტოვანი, წრიული დიაგრამები;
- მონაცემების წარმოდგენის გზები და მონაცემთა ანალიზი (სასურველია სხვა ტიპის დიაგრამით მონაცემების ანალიზი და შედარება).
შეფასების ინდიკატორები: მოსწავლემ უნდა შეძლოს:
- თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა ფორმით, ანალიზი ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით (მათ.საბ.1,2,3,7,8,9, 11);
- ამოცანის ამოსახსნელად (პრობლემის გადასაჭრელად) საჭირო მონაცემების მოპოვება (მათ.საბ.4,7,8,9);
- მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით (მათ.საბ.4,5,6).
საკვანძო კითხვა:
- როგორ გეხმარება დიაგრამები, ცხრილები და გრაფიკები მონაცემების ინტერპრეტაციაში?
აქტივობა 1.
მოსწავლეებს დავურიგე თავიანთი შემაჯამებელი ნამუშევრები შედეგებითურთ. თითოეული მოსწავლე საკუთარ ნამუშევარს აანალიზებდა შეფასების სქემის მეშვეობით. შედეგებს ადარებდნენ წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს და მიღებულ ქულებს, ამჩნევდნენ და აფასებდნენ საკუთარ შეცდომებს/პროგრესს, სახავდნენ გაუმჯობესების გზებს.
აქტივობა 2.
კლასი დავყავი ოთხ ჯგუფად. შეფასებების მიმოხილვისთვის მოსწავლეებს წარვუდგინე კლასის მოსწრების ანონიმური მონაცემები ცხრილის სახით. მოსწავლეთა ჯგუფებმა დიდ ფურცელზე განათავსეს ინფორმაცია სხვადასხვა ვიზუალური საშუალების -ცხრილების, დიაგრამების სახით მონაცემების წარმოდგენისა და ანალიზისთვის.
| გიზიარებთ მოსწავლეთა ნამუშევრების ზოგიერთ ფოტოს |
აქტივობა 3.
აქტივობა 4.
პრეზენტაცია, შედეგების ანალიზი
პრეზენტაციის დროს თითოეულმა ჯგუფმა წარადგინა თავისი ანალიზი, გამოიყენა სხვადასხვა ვიზუალური საშუალება და გამოიტანა დასკვნები კლასის მოსწავლეთა მიღწევების შესახებ. მოსწავლეებმა აღწერეს, როგორ გამოიყენეს სხვადასხვა ვიზუალური საშუალება (დიაგრამები, გრაფიკები, ცხრილები) მონაცემების წარმოდგენისთვის; დააკვირდნენ კავშირებს მონაცემებს შორის; შეამჩნიეს პრობლემები მონაცემების ანალიზისას; გამოიტანეს დასკვნები და იმსჯელეს, რა შეიძლება ყოფილიყო პრობლემის მიზეზი. პრეზენტაციის დროს მოსწავლეები აქტიურად უსვამდნენ ერთმანეთს კითხვებს და გამოთქვამდნენ სხვადასხვა მოსაზრებას. ერთ-ერთმა ჯგუფმა შეამჩნია, რომ მოსწავლეებს უფრო მეტად უჭირდათ განსაზღვრული ტიპის ამოცანებისთვის თავის გართმევა. მათ შეიმუშავეს რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება.
ამ აქტივობების შედეგად მოსწავლეებმა:
- გააანალიზეს თავიანთი ნამუშევრები და გამოავლინეს თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები;
- შეადარეს თავიანთი შედეგები კლასის საშუალო შედეგებს;
- გამოიტანეს დასკვნები თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ;
- განსაზღვრეს შემდგომი განვითარების მიზნები.
მოსწავლეებმა დადებითად შეაფასეს აქტივობა. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მონაცემთა ვიზუალიზაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენება თავიანთი სწავლის შედეგების გასაანალიზებლად.
მონაცემთა ანალიზში მოსწავლეთა მონაწილეობა მათი კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს მიდგომა მოსწავლეთა წარმატების გასაღებია. ის არა მხოლოდ ეხმარება ბავშვებს, უკეთ გაიგონ თავიანთი სწავლის პროცესი, არამედ მეც, მასწავლებელს, მაძლევს საშუალებას, უფრო ეფექტურად მოვახდინო სწავლების ინდივიდუალიზაცია და ადაპტაცია მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისად.
მე გავაგრძელებ მსგავსი აქტივობების განხორციელებას, რათა მოსწავლეებს მივცე საშუალება, გახდნენ საკუთარი სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეები. მიმაჩნია, რომ ამ გზით ჩვენ შევძლებთ, მოვამზადოთ მოსწავლეები XXI საუკუნის გამოწვევებისთვის.
გამოყენებული ლიტერატურა
- ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
- მათემატიკის გზამკვლევი მერვე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ,
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/merve-klasi/
https://mastsavlebeli.ge/
No comments:
Post a Comment