Sunday, March 16, 2025

რატომ ფინანსური წიგნიერება?!

 „მნიშვნელოვანია არა ის,რამდენად კარგი ხარ,

არამედ რამდენად კარგი გინდა გახდე…“

პოლ არდენი

 

დღევანდელ კომპლექსურ და ურთიერთდაკავშირებულ სამყაროში ფინანსური წიგნიერება როგორც ინდივიდუალური, ისე საზოგადოების კეთილდღეობისთვის საკვანძო ფაქტორს წარმოადგენს. ფინანსური განათლება, გარდა უბრალო ბიუჯეტირებისა და დაზოგვისა, ადამიანებს უზრუნველყოფს იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც აუცილებელია კომპლექსურ, ფინანსურ ლანდშაფტზე ნავიგაციისთვის. თუ ჩავუღრმავდებით მის მნიშვნელობას, აღმოვაჩენთ ფაქტებს- როგორ აყალიბებს ფინანსური წიგნიერება პიროვნულ კეთილდღეობასა და ეკონომიკურ სტაბილურობას.

რატომ გვჭირდება ფინანსური განათლება?

ფინანსური განათლება მნიშვნელოვანია,იმისთვის რომ სწორად განვკარგოთ ჩვენი შემოსავლები და ხარჯები,დავგეგმოთ ბიუჯეტი და მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. ის ეხება ჩვენს ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც ფულთანაა დაკავშირებული და მის სწორად ხარჯვას გულისხმობს.

ფინანსური განათლება დღევანდელ რეალობაში  ერთ-ერთი ყველაზე საბაზისო საჭიროებაა, რომელიც პირადი ფინანსების მართვისათვის საჭირო ცოდნას, ქცევებსა და დამოკიდებულებს აერთიანებს. ეს უნარები კი ნებისმიერ ადამიანს არსებული გარემოს, რისკებისა და შესაძლებლობების სწორად შეფასებაში ეხმარება. ინფორმირებული არჩევანის გაკეთება და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება ფინანსური კეთილდღეობის მთავარი წინაპირობაა.

ფინანსური წიგნიერება გვაძლევს შესაძლებლობას, გვქონდეს ფულის მართვის როგორც, თეორიული გააზრების საშუალება, ასევე პრაქტიკაში სწორად გამოყენების უნარი. ცხოვრების მანძილზე ყველა ადამიანს უწევს უამრავი ფინანსური გადაწყვეტილების მიღება, რომლებიც ძირითადად უკავშირდება ფინანსურ ორგანიზაციებსა და მათთან თანამშომლობას. ეს გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს დიდიც და პატარაც-იქნება ეს უძრავი ქონების, მანქანის შეძენა,კომუნალური გადასახადების გადახდა და ა.შ. საჭიროა,ზუსტად ასეთ დროს სწორად გამოვიყენოთ ფინანსური განათლება, სწორად განვკარგოთ საკუთარი ბიუჯეტი და სწორი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებით უკეთესად დავგეგმოთ და შესაბამისად  გავიუმჯობესოთ საკუთარი ცხოვრება.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 24 იანვრის ბრძანებით, დამტკიცდა „საქართველოს ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია 2023“, სადაც სტრატეგიის განხორციელებაში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს შორის,მოხსენიებულნი არიან საგანმანათლებლო დაწესებულებები. როგორც აღნიშნულ დოკუმენტშია განმარტებული, სტრატეგიის მისიის შესასრულებლად,ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებებს შორის პირველია ახალგაზრდა თაობისთვის ფინანსური განათლების მიწოდება და მათი მომავალი ცხოვრებისთვის მომზადება.

თუ „PISA-2018“  წლის კვლევას დავეყრდნობით, ქართველი მოსწავლეების ფინანსური განათლების დონე ერთ-ერთი ყველაზე დაბალია გამოკითხულ ქვეყნებს შორის. „OECD-ის“ 2020 წლის კვლევის თანახმად კი 18-29 წლის ახალგაზრდები უფროს მოსახლეობასთან შედარებით ნაკლებად აკონტროლებენ საკუთარ ფინანსებს და ნაკლებად აკეთებენ გააზრებულ შესყიდვებს. პრობლემის მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა და ახალგაზრდა თაობის  ფინანსური უნარების განვითარება,ასევე, ჯანსაღი ფინანსური ჩვევების გამომუშავება.სასურველია ფინანსური წიგნიერების შესწავლა ადრეული ასაკიდანვე იწყებოდეს, რაც ხელს შეუწყობს  მომავალში მოზარდების  პასუხისმგებლიან მოქალაქეებად ჩამოყალიბებასა და მათ გრძელვადიან ფინანსურ კეთილდღეობას.

2015 წელს „OECD“-ის მიერ შემუშავებული რეკომენდაციის თანახმად,სასურველია საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფინანსური განათლების პროგრამების ადაპტირება, რომელიც  გახდება  სკოლებში სასწავლო გეგმის ნაწილი. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სკოლებში ფინანსური განათლების პროგრამების ეფექტიანობის მიზეზ-შედეგობრივი კავშირები თითქმის არ არსებობს.

საინტერესოა რა ხდება ამ კუთხით საქართველოს ფარგლებს გარეთ. მაგალითად, ვისკონსინის სკოლებში ფინანსური განათლების პროგრამების ეფექტიანობის შესწავლის შემდეგ, ბეტიმ და მისმა თანაავტორებმა (Batty et al., 2015) დაადგინეს, რომ ფინანსური განათლება III-V კლასების მოსწავლეებში მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში კი არ ზრდის ფინანსურ ცოდნას, არამედ მიღებული ცოდნა ერთი წლის შემდეგაც მოქმედებს დაზოგვისკენ მიდრეკილებაზე. საკონტროლო საველე ექსპერიმენტის გამოყენებით, კალვიჯმა და მისმა თანაავტორებმა (Kalwij et al., 2017) შეისწავლეს 45- წუთიანი ფინანსური განათლების პროგრამის მოკლევადიანი ეფექტი ფინანსურ ცოდნასა და დაზოგვის ქცევაზე ჰოლანდიის დაწყებით სკოლებში. კვლევამ აჩვენა, რომ VI კლასის მოსწავლეებში არამხოლოდ ფინანსური განათლების დონე გაიზარდა მნიშვნელოვნად, ასევე გაუმჯობესდა დაზოგვისკენ მიდრეკილებაც.

ფორმალური ფინანსური განათლების სასწავლო პროგრამებთან ერთად, გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლებისადმი ინტერესიც იზრდება. შედარებით ახალი კვლევები ხაზს უსვამს სკოლის მოსწავლეებისთვის ფორმალურ შემნახველ ანგარიშებზე ადრეული წვდომის მნიშვნელობას. კოტლიკოვმა და ბერნჰაიმმა (Kotlikoff and Bernheim, 2001) დაადგინეს, რომ ადამიანები, რომელთაც ბავშვობაში ჰქონდათ სახარჯო ფული, საბანკო ანგარიში, ბევრად მეტს ზოგავენ და მეტ ქონებას აგროვებენ. ფინანსურ განათლებასა და ფინანსურ ქცევას შორის კავშირი შეაჯამეს ჯონსონმა და შერადენმა (Johnson and Sherraden, 2007). მათი აზრით, ახალგაზრდებს შორის ფორმალურ ფინანსურ პროდუქტებზე წვდომამ  შეიძლება გავლენა იქონიოს მათ უნარზე, მიიღონ ცოდნა და უნარ-ჩვევები ფინანსური განათლების გაკვეთილებზე. მეტიც, ისინი ფიქრობენ, რომ ახალგაზრდების მიერ მიღებული ფინანსური განათლება შეიძლება მნიშვნელოვნად არ აისახოს მათ ფინანსურ კეთილდღეობაზე, თუ მათ არ აქვთ წვდომა ფინანსურ ინსტიტუტებსა და მათ მომსახურეობებზე. შესაბამისად, ძირითად ფინანსურ ინსტიტუტებზე წვდომის არქონის შემთხვევაში, მხოლოდ ფინანსური განათლების ქონამ შეიძლება ვერ გაზარდოს ფინანსური კეთილდღეობა.

მნიშვნელოვანი და საყურადღებოა ჩვენთან დამკვიდრებული დამოკიდებულება, თითქოს „ფული, ხელის ჭუჭყია“ ან ფულზე საუბარი ამორალურია. მსგავსი მიდგომები და გავრცელებული სტერეოტიპები დასამსხვრევი და შესაცვლელია. ბავშვებს მნიშვნელოვანია სწორად შევასწავლოთ ფულთან ურთიერთობა. უნდა გაიგონ როგორ დაზოგონ, თუნდაც ძალიან მცირე თანხა. ეს არა მარტო სკოლის ასაკის მოსწავლეებისთვის,არამედ ყველა ასაკობრივი სეგმენტისთვის მნიშვნელოვანია.

როგორც ექსპერტი, ბატონი  გიორგი კეპულაძე  ამბობს თავის ინტერვიუში: „დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების ან სტუდენტების დიდ ნაწილს არ აქვს ინფორმაცია საბანკო პროდუქტებზე, რადგან ხშირად არ იყენებენ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას,რომ მომავალში არ დასჭირდებათ მათ შესახებ ცოდნა, ამიტომ  მნიშვნელოვანია,მათ მანამდე ვასწავლოთ ფულის დაზოგვა ან გავაგებინოთ სესხის აღებასთან დაკავშირებული საკითხები/რისკები,ვიდრე უშუალოდ ფაქტის წინაშე დადგებიან…“ მისი აზრით, „ახალგაზრდები ღირებულ სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ოჯახის უფროს წევრებთან ურთიერთობებისთვისაც.  სტუდენტი მიღებულ ცოდნას და გამოცდილებას აუცილებლად გაუზიარებს საკუთარი ოჯახის წევრებსშესაბამისადახალგაზრდა ადამიანის განათლებითცოდნა ათი ოჯახის უფროს წევრებსაც ძლევრადგან ასეთი ინფორმაციაროგორც წესიმათთვის უფრო სანდოა.…“

საუკეთესო პრაქტიკისა და კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებიც მიუთითებენ,რომ ფინანსური განათლება რაც შეიძლება ადრე, სასკოლო ასაკიდან უნდა იწყებოდეს. სწორედ ამიტომ, ეროვნული სასწავლო გეგმა სწავლების სხვადასხვა საფეხურზე ფინანსური წიგნიერების საკითხებსაც ითვალისწინებს. იმავდროულად, მნიშვნელოვანია სწავლების მეთოდებზე მუშაობა და ფინანსური განათლების ზოგად განათლებასთან ინტეგრაცია. ამ მხრივ, მნიშვნელოვნად მიიჩნევა ლიტერატურის, როგორც განათლების მიწოდების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არხის გამოყენება ფინანსური განათლების მისაწოდებლად.

ფინანსური განათლების საკითხებით მასწავლებელთა მოტივირებისა და მეტად დაინტერესებისთვის, ცოდნისა და გამოცდილების ერთმანეთისათვის გაზიარების, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ფინანსური წიგნიერების საკითხების ეფექტურად სწავლების და მოსწავლე-ახალგაზრდობის სეგმენტში ფინანსური განათლების საკითხების სწავლის პროცესის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკის, თიბისი ბანკის, ბაზის ბანკის და კრედო ბანკის მიერ განხორციელდა მასწავლებლებისა და სკოლების კონკურსი -„ასწავლე ფინანსები ლიტერატურით“, რომელიც ასევე უკავშირდებოდა 23 აპრილს-წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღის აღნიშვნას.

წარმოგიდგენთ ზემოაღნიშნულ კონკურსში საკუთარ, წარმატებულ  პედაგოგიურ გამოცდილებას (გაკვეთილების სერია), რომელიც განვახორციელე სსიპ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალის N1 საჯარო სკოლაში, მე-9 კლასის მოსწავლეებთან.

„ასწავლე ფინანსები ლიტერატურით“ -კონკურსში სკოლა გახდა გამარჯვებული ორ ნომინაციაში: გამარჯვებული სკოლა და გამარჯვებული მასწავლებელი. როგორც გამარჯვებული და საპრიზო ადგილის მფლობელი- სართიჭალის N1 საჯარო სკოლა დაჯილდოვდა გამომცემლობა „ინტელექტის“ 500 (ხუთასი) ლარიანი ვაუჩერით სკოლის ბიბლიოთეკისთვის წიგნების შესაძენად.

კონკურსი „ასწავლე ფინანსები ლიტერატურით“

კონკურსის „ასწავლე ფინანსები ლიტერატურით“ ფარგლებში ჩემს მიერ განხორციელებულმა გაკვეთილების სერიამ  მოიცვა ფინანსური განათლების ისეთი თემები,როგორიცაა: ფული, დაზოგვა,პირადი ფინანსების მართვა(საჭიროება და სურვილი, პრიორიტეტების დალაგება შესაძლებლობების მიხედვით),სესხება, ქველმოქმედება, ფინანსური ორგანიზაციები და პროდუქტები,  მომხმარებლის უფლებები  და პასუხისმგებლობები,ცხოვრებისული სიტუაციები, ქვეყნები და ვალუტები.

პროექტის ფარგლებში შერჩეული ლიტერატურის განხილვისას გამოვიყენე სწავლების ისეთი  მიდგომები,როგორიცაა:დამოუკიდებლად მუშაობა,შემთხვევების განხილვა,დისკუსია და მსჯელობა,სწავლა კეთებით(პოსტერების შექმნა),როლური თამაში,კითხვა-პასუხი, პრეზენტაცია, ასოციაციური რუკა და არაფორმალური სწავლება-გასვლითი გაკვეთილი საბანკო სივრცეში.

კონკურსის „ასწავლე ფინანსები ლიტერატურით“ ფარგლებში  შევარჩიეთ თანამედროვე, ნორვეგიელი მწერლის არნფინ ქოლერუს ნაწარმოები „კეთილიონი“. ნაწარმოების  მთავარი მოქმედი გმირის, ათი წლის ფრანკის დედა მოულოდნელად ლატარიაში  ჯეკპოტს-24 მილიონ კრონას იგებს და ბანკში ინახავს.ყველაფერი მაშინ აირევა,როცა ფრანკის დედა გადაწყვეტს-სიკეთის კონკურსი გამოაცხადოს.კეთილიონის გამარჯვებული კი 1 მილიონით დააჯილდოვოს. ჩვენი პროექტის ინსპირაციის წყაროდ სწორედ რომ ნაწარმოების ეს სიუჟეტი გახდა.

აქტივობა. 1.

პროექტის საწყის ეტაპზე მოსწავლეებმა ერთობლივად განიხილეს შერჩეული ლიტერატურა. ისინი კლასში სურვილისა და რიგითობის მიხედვით კითხულობდნენ წიგნს.მსჯელობდნენ და განიხილავდნენ ნაწარმოების საინტერესო და დაძაბულ სიუჟეტებზე.გამოთქვეს  საკუთარი მოსაზრებები  არნფინ ქოლერუს მთავარი გმირის-ფრანკის, მისი მეგობრებისა და ფრანკის დედის ქმედებებზე. ისაუბრეს იმასთან დაკავშირებით თუ რა მოგებას ნახავდა ბიჭის  დედა ბანკში ფულის დაბანდებით და როგორი იქნებოდა ნაწარმოების ფინალი.

ერთ-ერთი დისკუსიის მთავარ შეკითხვას წარმოადგენდა კითხვა: რას ფიქრობდა თითოეული მოსწავლე ქველმოქმედებაზე, გაიღებდნენ თუ არა ისინი მოგებული თანხიდან 1 მილიონ კრონას ქველმოქმედებისთვის,რამაც კლასში გამოიწვია დისკუსია/მსჯელობა სიკეთის კეთებასა და ქველმოქმედების შესახებ. მოსწავლეებისთვის ძალზედ ემოციური აღმოჩნდა ფრანკის დედის გადაწყვეტილება სიკეთის კონკურსის გამოცხადების შესახებ.ბავშვებმა საინტერესოდ ისაუბრეს სიკეთის კეთების დადებით მხარეებზე, ქველმოქმედებაში გაღებულ ფინანსურ საჭიროებასა და მიზნობრიობაზე. მათი აზრით, ბანკები გადამწყვეტ როლს ასრულებენ საქველმოქმედო საქმიანობების ხელშეწყობაში სხვადასხვა სერვისების შეთავაზებით, როგორიცაა მაგალითად: ბანკების დახმარება საქველმოქმედო ორგანიზაციებს და სხვ.

აქტივობა.2.

პროექტის მეორე აქტივობისას მოსწავლეებმა განახორციელეს  როლური თამაში.რისთვისაც მოირგეს 10 წლის ფრანკის დედის როლი,დაფიქრდნენ და გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები, როგორ განკარგავდნენ თანხას,თუ კი ისინი აღმოჩნდებოდნენ ფრანკის დედის როლში. ისაუბრეს დაზოგვაზე, საბანკო პროდუქტებზე. იმსჯელეს,რა სარგებელს მიიღებდნენ ბანკში მოგებული ფულის დაბანდებით. მოსწავლეთა ნაწილი დაინტერესდა ისეთი საბანკო პროდუქტით, როგორიცაა:ყულაბა.რა დანიშნულებით შეიძლება მისი გამოყენება და როგორ.  ნაწილს გაუჩნდა კითხვა, როგორ ანაბარზე შეიტანდა ფრანკის დედა მოგებულ თანხას. ამ და მსგავს შეკითხვებზე პასუხის გასაცემად განვიხილეთ საკითხი-დეპოზიტებისა და მისი სახეების შესახებ. დეტალურად გავარჩიეთ ვადიანი და უვადო დეპოზიტები,თითოეულის პირობები და უპირატესობები. მოსწავლეებმა უყურეს ფულის დაზოგვასა და ყულაბის გამოყენების მიზნობრიობის/სარგებლიანობის  შესახებ საინტერესო ვიდეო-ფილმს.ნახეს ანიმაციური ფილმი “სიკეთე”,რომელიც ნათლად ასახავდა ფულის გამოყენებას კეთილი საქმეებისა და  ქველმოქმედებისთვის.

 

აქტივობა.3.

მესამე აქტივობის მიმდინარეობისას მოსწავლეებმი დაფიქრდნენ საკუთარ იდეებსა და სურვილებზე. შეავსეს წინასწარ შექმნილი ე.წ. “ჩემი სურვილების ბანკი”. დააჯგუფეს სურვილები:  „პირადი მოხმარება“ და „მოულოდნელი მოვლენები“. ინდივიდუალურად მოახდინეს პრეზენტაცია და განმარტეს რატომ ეჭირა თითოეულ პირად სურვილს ესა თუ ის ადგილი “სურვილების ბანკში”. იმსჯელეს,რას მოიმოქმედებდნენ თუ კი მათ ცხოვრებაში ადგილი ექნებოდა “მოულოდნელ მოვლენებს”,როგორც ეს ნაწარმოების მთავარი გმირის -ფრანკის შემთხვევაში იყო.მოსწავლეთა პასუხებიდან გაირკვა რომ “მოულოდნელი მოვლენების” შემთხვევაში მიმართავდნენ ბანკს სესხისთვის. სესხთან დაკავშირებით განვიხილეთ ისეთი საბანკო საკითხები, როგორიცაა: სესხი და სესხის სახეები(სამომხმარებლო და  იპოთეკური სესხი, განვადება და სხვ).

აქტივობა.4.

მეოთხე აქტივობა ეხებოდა მოსწავლეთა ინდივიდუალურ მუშაობას.ბავშვებმა  ფრანკის დედის როლის მორგების შემდეგ, თემის- “პირადი ფინანსების მართვა” (საჭიროება და სურვილი,პრიორიტეტების დალაგება შესაძლებლობების მიხედვით) შექმნეს ძალიან საინტერესო თემატური პოსტერები, სახელწოდებით: „24 მილიონი ლარის მოგების შემთხვევაში რას გავაკეთებდი?“ .ინდივიდუალურად მოახდინეს შექმნილი პოსტერების წარდგენა კლასის წინაშე. პრეზენტაციისას ისაუბრეს იმაზე,თუ როგორ განკარგავდნენ მოგებულ 24 მილიონ ლარს, რა საჭიროება და სურვილები ჰქონდათ, რომელს მიანიჭეს პრიორიტეტი და რატომ.

აქტივობა.5.

პროექტის მეხუთე აქტივობას წარმოადგენდა კლასში დისკუსიის გამართვა მომხმარებელთა უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. მოსწავლეთა სურვილით, გადავწყვიტეთ სოფელ სართიჭალაში მდებარე ერთ-ერთ ადგილობრივ საბანკო ოფისში სტუმრობა,სადაც მიეცემოდათ საშუალება უშუალოდ ბანკის წარმომადგენელს გასაუბრებოდნენ და დაესვათ მათთვის საინტერესო,თემატური  შეკითხვები სესხის, დეპოზიტების, მომხმარებელთა უფლებებისა და მოვალეობების შესახებ. თემატური შეკითხვების მომზადების შემდეგ  ბანკის წარმომადგენლობასთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მოსწავლეთა გარკვეული ჯგუფი სტუმრობდა ბანკს,შეხვდნენ მორიგე მოლარე-ოპერატორს,მოირგეს მომხმარებლის როლი. დასვეს შეკითხვები და  შესაბამისად,ბანკის წარმომადგენელისგან მიიღეს კომპეტენტური პასუხები მათთვის საინტერესო თემებზე.

აქტივობა.6.

მეექვსე აქტივობის ფარგლებში მოსწავლეებმა ჯგუფურად იმუშავეს ციფრულ პლატფორმა canva.com-ში. შექმნეს იმ ძირითად ტერმინთა განმარტებების ფლაერები,რომელიც  ნაწარმოების განხილვისას ისწავლეს. მოირგეს თანატოლგანმანათლებლების როლი,შეხვდნენ  საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეებს და  კითხვა-პასუხის რეჟიმში მოახდინეს პროექტის ფარგლებში შესწავლილი საკითხების,მათ შორის, ძირითად საბანკო ტერმინებთან  დაკავშირებით   ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლა. აქტივობის დასკვნით ნაწილში კი განახორციელეს თემატური, საინფორმაციო ფლაერების გავრცელება სასკოლო სივრცეში.

აქტივობა.7.

პროექტის მეშვიდე აქტივობის განხორციელებისას მოსწავლეები დაინტერესდნენ ნაწარმოებში გამოყენებული ვალუტა-კრონას შესახებ. გამოიყენეს სკოლა-ბანკის სახელმძღვანელოდან საინფორმაციო მასალა: „ქვეყნისა და ვალუტის ბარათები“,იმუშავეს დამოუკიდებლად, მოიძიეს და შექმნეს საინტერესო პოსტერები ვალუტა-კრონას წარმოშობის შესახებ. შექმნილი პრეზენტაციები ინდივიდუალურად წარადგინეს კლასის წინაშე.

აქტივობა.8.

პროექტის დასკვნით ნაწილში მოსწავლეებმა იმუშავეს ინდივიდუალურად.შეავსეს მასწავლებლის მიერ  წინასწარ შედგენილი შემაჯამებელი ქვიზი. ქვიზი მოიცავდა ოთხ თემატურ, დახურულ კითხვასა და ორ სიტუაციურ ღია შეკითხვას,რომელიც საჭიროებდა მსჯელობას და არგუმენტირებულ დასაბუთებას იმ საბანკო თემების შესახებ,რომელიც ნაწარმოების განხილვისას იქნა შესწავლილი.

აღნიშნული პროექტ-გაკვეთილები მიმდინარეობდა ოთხი საგაკვეთილო საათი(თითო გაკვეთილი 40 წუთიანი) და დამატებით 3 არასაგაკვეთილო საათი. ყველა აქტივობა დაიგეგმა და განხორციელდა „ფინედუს“ მიერ გამოცხადებული კონკურსისთვის: “ასწავლე ფინანსები ლიტერატურით”.

კონკურსის  “ასწავლე ფინანსები ლიტერატურით” ფარგლებში ჩემს მიერ შეთავაზებულმა აქტივობებმა დიდი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია მე-9 კლასის მოსწავლეებში. მოზარდებმა პროექტის განხორციელებული აქტივობებიდან დაასკვნეს,რომ ცხოვრებაში მთავარი არა მხოლოდ ფინანსური შემოსავლის ყაირათიანი განაწილება, დაზოგვა და მიზნობრივად დაბანდებაა სანდო ფინანსურ დაწესებულებაში, არამედ მნიშვნელოვანია სიკეთე, კეთილ საქმეებში ფინანსების გამოყენება, ადამიანური ურთიერთობები და სხვათა დახმარება. გაიაზრეს რომ მცირეოდენი თანხის დაზოგვით დროთა განმავლობაში შეიძლება დიდი დანაზოგის გაკეთება და საკუთარი სურვილების რეალიზება. მიხვდნენ რომ “ძუნწი კაცივით” ფულის მიწაში დამალვას ბანკში, სასურველ დეპოზიტზე  დაბანდება სჯობს, რათა მომავალში მიიღონ მეტი ფინანსური სარგებელი. გაიზრეს,რომ  საბანკო სექტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ საქველმოქმედო საქმიანობების ხელშეწყობაში სხვადასხვა სერვისების შეთავაზებით.მაგალითად, ბანკების დახმარება საქველმოქმედო ორგანიზაციებს სახსრების ეფექტურად და უსაფრთხოდ გადაცემაში მიმღებებისთვის, როგორც შიდა ისე ეროვნულ დონეზე, ანგარიშების მართვა, საინვესტიციო მომსახურეობა და სხვა.მათ აღნიშნული საკითხი დაუკავშირეს ისეთი ორგანიზაციის მუშაობას,როგორიცაა წითელი ჯვარი,რომელიც იღებს შემოწირულობებს ფიზიკური პირებისაგან საბანკო გადარიცხვებით და მონაწილეობს ბანკების მიერ ორგანიზებულ ფინანსურ კამპანიებში.

კონკურსში „ასწავლე ფინანსები ლიტერატურით“ მონაწილეობამ მოსწავლეებში აამაღლა ცნობიერება  ფინანსური განათლების ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, როგორიცაა: ფული, დაზოგვა, პირადი ფინანსების მართვა,ქველმოქმედება, ფინანსური ორგანიზაციები და პროდუქტები, მომხმარებელთა უფლებები და პასუხისმგებლობები,ქვეყნები და ვალუტები. მოსწავლეებმა წარმატებით შეძლეს ნაწარმოების  ფინანსურ საკითხებთან დაკავშირება,ხოლო გამოყენებულმა მრავალფეროვანმა  აქტივობებმა უზრუნველყო მოსწავლეთა კრიტიკული და ანალიტიკური უნარების, კრეატიულობისა და პრეზენტირების უნარების განვითარება, ფინანსური საკითხებით მოსწავლეთა დაინტერესება და ლიტერატურის საინტერესო რაკურსით სწავლება.

გამოყენებული ლიტერატურა: 

  1. ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგია-2023 https://shorturl.at/hNOXG
  2. სტატია: „ფინანსური განათლების მნიშვნელობა ჩვენი შემოსავლებისა და ხარჯების უკეთესად მართვისთვის“. 05. 2022წ. https://helloblog.ge/story/financial-education
  3. სტატია: „ფინანსური განათლება უკეთესი მომავლისათვის“. 28.06.2023წ. https://argacherde.bog.ge/ganatleba/ratom-aris-finansuri-ganatleba-mnishvnelovani-sheni-uketesi-momavlistvis/
  4. ფინანსური განათლება მარტივად. საქართველოს ეროვნული ბანკი. https://shorturl.at/G482f
  5. სკოლებში ფინანსური განათლების ეფექტიანობა სკოლა-ბანკის მაგალითზე. https://iset-pi.ge/storage/media/other/2021-10-06/2f6178c0-2672-11ec-be43-954a03908f87.pdf
  6. ფინანსური განათლების პორტალი (finedu.gov.ge)

 

https://mastsavlebeli.ge/?p=42480
 

ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობა

 ვფიქრობ, დღეს სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში მომუშავე ნებისმიერი ადამიანი და მშობელთა დიდი ნაწილი დამეთანხმება, რომ ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება. ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბრისას არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ბევრ მშობელს თავად სიტყვები: „ფსიქიკა“, „ფსიქიკური“, „ფსიქოლოგიური“ , – ძალიან აშინებს. ისინი პრობლემას გაურბიან და ცდილობენ, ბავშვის ქცევაში, მის ემოციურ-სოციალურ მდგომარეობაში შემჩნეული ცვლილებები სხვა მიზეზით ახსნან. „არა, არა, ჩვენი შვილი ბუნებით არის ასეთი“, – ამბობენ ისინი და ამით იმშვიდებენ თავს.

სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს მრავალი სტერეოტიპი და მცდარი წარმოდგენა, დაბნეულობა ამ სფეროში, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს მენტალური ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის დეფიციტით.

მენტალური ჯანმრთელობა – ეს ადამიანის ემოციური და სულიერი კეთილდღეობის მდგომარეობაა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ სტრესთან გამკლავება, ნაყოფიერად მუშაობა. ბავშვის მენტალური ჯანმრთელობა ეხება მის ემოციურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას. ის მოიცავს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ემოციური სტაბილურობა, სტრესთან გამკლავების უნარი, ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება და ცხოვრებისეულ სიტუაციებთან წარმატებული ადაპტაცია.

ცხადია, მენტალური ჯანმრთელობა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი მუდმივად ბედნიერია, მუდმივად კარგ ხასიათზეა. თუ სკოლაში ცუდი შეფასება მიიღო, შესაძლოა, ინერვიულოს, თავი დამნაშავედ იგრძნოს და მოიწყინოს კიდეც, მაგრამ თუ ახერხებს, გაუმკლავდეს უარყოფით ემოციებს და გააგრძელოს სვლა წინ, თუ შეუძლია მომხდარის გაანალიზება, შესაბამისი დასკვნების გამოტანა და სამომავლოდ ქცევის კორექტირება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მის მენტალურ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

მენტალურ ჯანმრთელობაზე მიანიშნებს ისიც, რამდენად სწრაფად ახერხებს ბავშვი ცხოვრებისეულ ცვლილებებთან ადაპტირებას.

კარგი მენტალური ჯანმრთელობის მქონე ბავშვი, როგორც წესი, კარგად სწავლობს, კარგი ურთიერთობა აქვს თანატოლებსა და უფროსებთან, ადვილად ახერხებს თვითრეალიზაციას და აღწევს წარმატებას. მენტალური ჯანმრთელობის დარღვევა კი სერიოზული პრობლემების წინაშე აყენებს როგორც თავად ბავშვს, ისე მასთან ურთიერთობაში მყოფ უფროსებსაც.

 

მენტალური ჯანმრთელობის დარღვევის ძირითადი ნიშნები და სიმპტომები ბავშვებში:

  • ქცევითი ცვლილებები – აგრესიულობა, იზოლაციისკენ სწრაფვა, გადაჭარბებული მოძრაობა, საკუთარი თავით უკმაყოფილება, შფოთვა;
  • ემოციური პრობლემები – ხშირი ემოციური აფეთქება, ცუდი გუნება-განწყობა, აპათია. ემოციური აფეთქება, ისტერიკა და გაღიზიანება იმაზე მიუთითებს, რომ მოზარდი ვერ უმკლავდება თავის ემოციებს. მაგალითად, სიტუაციები, როდესაც მოსიყვარულე და თავაზიანი ბავშვი გაღიზიანებულ მეამბოხედ იქცევა, ყურადღებას მოითხოვს;
  • ძილთან დაკავშირებული პრობლემები – ძილის დარღვევა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან;
  • სწავლისადმი ინტერესის დაქვეითება – სასწავლო მოტივაციის დაკარგვა საგანგაშო ნიშანია. მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. თუ ბავშვი ადრე ხალისიანი და ბედნიერი იყო, მოსწონდა სწავლა და სიხარულით, სიამოვნებით მეცადინეობდა, მაგრამ მოულოდნელად უხალისობა, უენერგიობა შემოეჩვია, ყურადღება უნდა მივაქციოთ და საჭირო ზომები მივიღოთ;
  • არაადეკვატური რეაქცია – თუ ბავშვი გაღიზიანებული რეაგირებს უფროსების მშვიდ მოთხოვნებზე, იწვევს მშობლებსა და პედაგოგებს და კონფლიქტში ითრევს, სიტუაციის თვითდინებაზე მიშვება არ შეიძლება. ემოციურ არასტაბილურობასა და უკონტროლო აგრესიას მხოლოდ ოჯახურ უსიამოვნებამდე კი არ მივყავართ, არამედ ნეგატიურად მოქმედებს ემოციურ მდგომარეობაზეც;
  • მენტალური მოუქნელობა – თუ ბავშვი ზედმეტად მგრძნობიარეა ნაცნობი სიტუაციების მიმართ, ცდილობს ერთი და იმავე ქმედებების ყოველდღე ზედმიწევნით გამეორებას და მცირედი ცვლილებებიც კი აშინებს, უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ.

 

მენტალური ჯანმრთელობის დარღვევის ძირითადი მიზეზები

  • ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაში პირველი პრობლემები, წესისამებრ, შესამჩნევია უკვე საბავშვო ბაღში. ეს საკმაოდ რთული პერიოდია ბავშვისთვის – იცვლება მისი ცხოვრება და, შესაბამისად, ქცევაც. მშობლები ხედავენ ამ ცვლილებებს და იბნევიან, არ იციან, როგორ მოიქცნენ, როგორი რეაგირება ჰქონდეთ შვილის მიუღებელ ქცევაზე. ზოგი ამას ბავშვის ახირებას მიაწერს, ზოგი გენეტიკურ პარალელებს ავლებს („ბაბუას ჰგავს, მისი ხასიათი გამოჰყვა“), მაგრამ სინამდვილეში შესაძლოა, ყველაფერი გაცილებით რთულად იყოს.
  • ბავშვის მენტალური ჯანმრთელობის დარღვევის მიზეზად შესაძლოა იქცეს ოჯახური გარემო, ოჯახის წევრებს შორის დაძაბული ურთიერთობა, არაკეთილსაიმედო სოციალური გარემოცვა, სტრესული სიტუაციები.
  • ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს მისი შედარება სხვა ბავშვებთან. „რა ჭკვიანი და ბეჯითია შენი კლასელი გიო. როგორ მინდა, შენც ასეთი იყო! რა დაგემართა, რატომ ვერ ახერხებ, მასავით კარგად ისწავლო და მოიქცე?“ – ასეთი სიტყვებით ზეწოლას ვახდენთ ბავშვზე, რაც მისთვის ძლიერი სტრესის წყაროდ იქცევა.
  • მშობლების მეტისმეტად დიდმა მოლოდინმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვზე. მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავდება, როცა მოზარდის რეალურ შესაძლებლობე ბსა და მშობლების მოლოდინს შორის დიდი სხვაობაა.
  • უზომო, ასაკსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებთან შეუსაბამო დატვირთვამ ასევე შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მენტალურ ჯანმრთელობაზე.

 

როგორ შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ ბავშვის მენტალური ჯანმრთელობა

  • ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდანვე უნდა დავიწყოთ. ჯერ კიდევ ჩვილ ასაკში ბავშვი იღებს ემოციური ურთიერთობის გამოცდილებას, ამიტომ იმაზე, როგორ ურთიერთობს ბავშვთან დედა, დამოკიდებული იქნება მისი ემოციური მდგომარეობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დედასთან ჯანსაღი ემოციური ურთიერთობა ბავშვის სიმშვიდის საწინდარია.
  • გავუწიოთ მხარდაჭერა და გვქონდეს ეფექტიანი კომუნიკაცია. შევქმნათ უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო, სადაც ბავშვი შეძლებს საკუთარი ემოციებისა და გრძნობების გამოხატვას; რეგულარულად ვიურთიერთოთ მასთან და დავინტერესდეთ მისი ცხოვრებით.
  • მივიყვანოთ ბავშვი მისთვის სასურველ სპორტულ სექციაში, ორგანიზება გავუწიოთ აქტიურ თამაშებს ღია ცის ქვეშ. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ენდორფინების გამომუშავებას, რომლებიც ადამიანის გუნება-განწყობას აუმჯობესებს.
  • ვასწავლოთ ბავშვს სტრესის მართვის სტრატეგიები, დავეხმაროთ სტრესთან გამკლავების ეფექტიანი ხერხების: ღრმა სუნთქვის, მედიტაციის, – ათვისებაში.
  • გვახსოვდეს, რომ ბავშვს სჭირდება სტაბილურობა და პროგნოზირებადობა. შევიმუშაოთ მასთან ერთად დღის განრიგი და დავეხმაროთ მის დაცვაში.
  • თუ ბავშვს ვატყობთ მენტალური ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლის ნორმალურ ცხოვრებასა და განვითარებაში, დახმარებისთვის აუცილებლად მივმართოთ პროფესიონალს.
  • მნიშვნელოვანია, დროული რეაგირება გვქონდეს ბავშვის ქცევაში შემჩნეულ ცვლილებებზე, რადგან ფსიქიკური დარღვევების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მათ წარმატებით დაძლევას უწყობს ხელს.
  • ვიცოდეთ: ფსიქოლოგთან მისვლა სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს და მედიკამენტური მკურნალობა სჭირდება. უმეტესად საკმარისია თამაშით თერაპია, ნდობით განმსჭვალული ურთიერთობის დამყარება და ბავშვთან მჭიდრო კომუნიკაცია. საყურადღებოა, რომ ბავშვის ქცევის კორექციისთვის საჭიროა მშობლებთან მუშაობაც – მათი კონსულტირება და აღზრდისადმი განსხვავებული მიდგომების ძიება. რეგულარული მუშაობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

 

მენტალური ჯანმრთელობის დარღვევის ძირითად ნიშნებსა და სიმპტომებზე ყურადღების გამახვილება და ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციების გათვალისწინება დაგვეხმარება, შევქმნათ ოპტიმალური პირობები ბავშვის ჯანსაღი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.

https://mastsavlebeli.ge/?p=42252 


რეკომენდაციები სწავლების ოპტიმიზაციისთვის აღქმის მოდალობების გათვალისწინებით

 მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს პრაქტიკული ასპექტები, სასწავლო პროცესის ინკლუზიურობა, სწავლებაში დიფერენცირებული მიდგომების აქტიური გამოყენების აუცილებლობის აღიარება და, საზოგადოდ, მოსწავლის ჰოლისტური განვითარება განსაკუთრებულ აქტუალობას ანიჭებს საგანმანათლებლო პროცესის ოპტიმიზაციას. ამის მისაღწევად საჭიროა არსებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მეცნიერული კვლევების შერწყმა ადამიანის მოდალობის ტიპთან, რაც საგანმანათლებლო სივრცის ხარისხობრივ ცვლილებებს გულისხმობს.

დასახული მიზნის რეალიზება დიდწილად დამოკიდებულია მასწავლებლის მიერ პრაქტიკულ საგაკვეთილო საქმიანობაში გამოყენებულ სწავლების მეთოდებზე (ძირითადად სტიმულების რაოდენობის გაზრდაზე), რომლებიც უშუალოდ არის მიბმული მოსწავლეთა სწავლის სტილს. სწავლის სტილი გარკვეულწილად აყალიბებს სწავლისადმი ჩვენს დამოკიდებულებას და გვიჩვენებს „ჩვენთვის“ საუკეთესო გზებს დავალებისთვის თავის გასართმევად [ფირჩხაძე: 2022] (აქვე უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი სტილი თავისთავად ნეიტრალურია; წარმატება-წარუმატებლობა იმაზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებს მოსწავლე საკუთარ უნარებს).

სწავლის სტილი აღქმის მოდალობაზეა მიბმული. მასზე აქცენტირება ეხმარება მოსწავლეს, განივითაროს ვიზუალური, სმენითი, კინესთეტიკური და ციფრული უნარები. ამის შედეგად წინ წამოიწევს დომინანტური ანუ წამყვანი სისტემა, მოხდება იმპულსების გადაცემა სხვა ფსიქიკური პროცესებისთვის (მეხსიერება, წარმოდგენა, წარმოსახვა), გააქტიურდება აზროვნების პროცესი და მასზე დაყრდნობით მივიღებთ მაღალ აკადემიურ შედეგებს.

საგაკვეთილო პროცესში აღქმის მოდალობებზე ყურადღების გამახვილება ასევე ხელს უწყობს:

  • სასწავლო დროის ეკონომიას;
  • ემოციოგენურობას, რადგან დადებით გავლენას ახდენს მოსწავლეებზე – ეხმარება მათ მასალის უკეთ გაგებასა და გააზრებაში, ინფორმაციის შექმნაში, შენახვაში, გადამუშავებაში, პრაქტიკულ გამოყენებაში;
  • ცოდნის ტრანსფერსა და ინტეგრირებულ სწავლებას;
  • დისტანციურ სწავლებას – მოსწავლე სწრაფად ადაპტირდება ონლაინ სივრცესთან და მეტად თავდაჯერებული ხდება. ელექტრონული და დისტანციური სწავლების დროს აღქმის მოდალობების წინ წამოწევა ინოვაციური მიდგომებით ამრავალფეროვნებს სწავლა-სწავლების პროცესს;
  • დიფერენცირებული სწავლებისა და რემედიაციის წარმატებას – მოსწავლეს მოდალობის მიხედვით, მისთვის დამახასიათებელი უნარების გათვალისწინებით მიეწოდება ინფორმაცია, ხოლო ალბათობა იმისა, რომ მიწოდებული ინფორმაცია დაეკარგოს, ძალიან მცირეა.

შინაარსობრივად, პრაქტიკული კუთხით, ეს შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ:

  • ვიზუალური უნარის მქონე მოსწავლეებს უჭირთ სახელების დამახსოვრება, მაგრამ ადამიანის გარეგნობის დეტალებს არაჩვეულებრივად აღიქვამენ. ასეთი მოსწავლეები მარტივად ითვისებენ სასწავლო მასალას, როცა ის ვიზუალური სახით არის წარმოდგენილი. მათ ურჩევნიათ, ტექსტი თავად წაიკითხონ, რადგან აზრებს ძირითადად წარწერების სახით ალაგებენ – აქედან გამომდინარე, უძნელდებათ მოსმენილი ინსტრუქციების დამახსოვრება. მათ სწავლაში ეხმარება სახალისო აქტივობები და ფაზლები, სახელმძღვანელოები, სამუშაო ფურცლები, ჩანაწერები, რუქები, ფლეშ-ბარათები, სქემები, ინფორმაციული პლაკატები. როდესაც მასწავლებელი გაკვეთილზე ვიზუალურ სტიმულს იყენებს, ამ მოდალობით შემსწავლელი მოსწავლე იოლად აღწევს წარმატებას [Santangelo & Tomlinson, , Miler, 2016].
  • სმენითი შემსწავლელებისთვის მნიშვნელოვანია, საკლასო ოთახში კომფორტულად იგრძნონ თავი. არ უყვართ ხმაური, რადგან ადვილად ეფანტებათ ყურადღება. მასალას უკეთ იმახსოვრებენ აუდიორესურსების გამოყენებისას. ურჩევნიათ, ისწავლონ მოსმენით. მოსწონთ ლექციები, აუდიოწიგნები და დისკუსიებში მონაწილეობა (ურჩევნიათ, კონკრეტული თემის შესახებ ჯგუფურ დისკუსიაში მიიღონ მონაწილეობა, ვიდრე მის შესახებ წაიკითხონ). თუმცა პედაგოგებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ ასეთი მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია, მოსმენასთან ერთად თავადაც ისაუბრონ [ბოჭორიშვილი, 2014].
  • ტაქტილურ-კინესთეტიკური უნარის მქონე მოსწავლეებს ურჩევნიათ, ისწავლონ შეხებით და მოძრაობით. ზეპირსიტყვიერ აქტივობებს, ლექციური ტიპის გაკვეთილებს ისინი წერით დავალებებს ამჯობინებენ, რადგან მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული შემოქმედებითი აზროვნება. ძირითადად უყვართ კეთებით სწავლა, სხეულის ენით ემოციების გამოხატვა, საკუთარი ხელით ნივთების დამზადება. კინესთეტიკურ მოსწავლეებთან მუშაობისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი რესურსები: კომპიუტერის კლავიატურა, ქვიშის უჯრა, დაფა, მაგნიტური ასოები, დიორამები და მანიპულაციები [Sprenger, 2008; Terry, 2024; Pankaew, 2024; Miler, 2016; ბოჭორიშვილი, 2014].

 

ცხრილი:  სწავლების სხვადასხვა სტილ, განმარტებებ და მაგალითები (იხ. ხუნძაყიშვილი, 2018): 

            

როგორც ვხედავთ:

  • აღქმის მოდალობა გულისხმობს, როგორ აღიქვამს და ამუშავებს ინდივიდი ინფორმაციას სხვადასხვა (აუდიალური, ვიზუალური, კინესთეტიკური) სენსორული არხის მეშვეობით;
  • საკუთრივ სწავლების ოპტიმიზაციაში კი იგულისხმება სწავლების იმ მეთოდების გამოყენება, რომლებიც ყველაზე ეფექტურია კონკრეტული მოსწავლისთვის [მ. მაჭარაშვილი, 2020].

ამის შედეგია, რომ აღქმის მოდალობები და სწავლების ოპტიმიზაცია მჭიდდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. საზოგადოდ, სწავლების ოპტიმიზაციის ძირითადი ასპექტებია:

  1. სწავლის ინდივიდუალური სტილის გათვალისწინება. იგულისხმება სწავლების ადაპტაცია მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების, პრეფერენციებისა და შესაძლებლობების მიხედვით; აღქმის სხვადასხვა მოდალობის შესაბამისად, ვიზუალური, აუდიალური, კინესთეტიკური მეთოდები​ს გამოყენებას [Siyu Wu, 2024].
  2. სწავლების აქტიური მეთოდები. სწავლების აქტიურ მეთოდებად განიხილება დისკუსიები, ჯგუფური პროექტები და ინტერაქციული დავალებები. რომლებიც ხელს უწყობს სტუდენტების ჩართულობის ამაღლებას და ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებას
  3. ტექნოლოგიების ინტეგრაცია. სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვანია. ვგულისხმობთ ონლაინ პლატფორმების, ვირტუალური რეალობისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, რაც გაზრდის სწავლების პერსონალიზაციასა და ეფექტიანობას ​[Siyu Wu, 2024].
  4. განმარტებითი უკუკავშირი. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეების გაგება, მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა მათ რეგულარული და კონსტრუქციული უკუკავშირი მიაწოდოს.
  5. სასწავლო რესურსების მრავალფეროვნება.

 

სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი რესურსების: სახელმძღვანელოების, ვიდეოების, აუდიოჩანაწერებისა და ინტერნეტრესურსების, – გამოყენება, რათა მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა ფორმითა და ფორმატით​.

  1. სწავლის შედეგების შეფასება. სწავლის პროცესისა და შედეგების რეგულარული შეფასება უმნიშვნელოვანესია, რათა განისაზღვროს, რამდენად ეფექტურია გამოყენებული მეთოდები და რა ცვლილებებია საჭირო მათ გასაუმჯობესებლად.

 

როგორ შეიძლება მივაღწიოთ სწავლების ოპტიმიზაციას, რომელიც მოდალობებზეა დაფუძნებული?

  • ამისთვის მასწავლებელი შეისწავლის მოსწავლეთა სწავლის სტილს, შეუსაბამებს სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს და ამ გზით გააუმჯობესებს აკადემიურ შედეგებს და მიაღწევს სწავლების ოპტიმიზაციას.

 

რამდენიმე რეკომენდაცია თითოეული მოდალობის გასააქტიურებლად, რომლებიც ხელს შეუწყობს სწავლების ოპტიმიზაციას:

 

ვიზუალური მოსწავლეები უკეთესად სწავლობენ, როდესაც მასალა ვიზუალურად არის წარმოდგენილი. სასურველია, გამოყენებულ იქნეს:

  1. ნივთებიდიაგრამები და გრაფიკები, რათა გამარტივდეს კონცეფციების გაგება;
  2. ვიდეოები და ანიმაციები – შესთავაზეთ ლექციები ვიდეო- და ანიმაციური ილუსტრაციებით, რომლებიც დაეხმარება მათ, ვიზუალურად აღიქვან მასალა;
  3. წიგნები და ბარათები – გამოიყენეთ ფერადი ბარათები, წიგნები და პოსტერები ინფორმაციის უკეთ აღსაქმელად;
  4. წარმოდგენები და პრეზენტაციები – შესასწავლი მასალა წარმოადგინეთ პრეზენტაციების სახით, რათა მოსწავლეებმა უკეთ აღიქვან კონცეფციები.

სმენითი მოსწავლეები უკეთესად სწავლობენ მოსმენით. მათი ოპტიმიზაციისთვის აუცილებელია:

  1. ლექციები და დისკუსიები, რომლებიც მოსასმენი მასალით იქნება გამდიდრებული;
  2. აუდიოწიგნები და პოდკასტები, რომლებსაც მოსმენით ისწავლიან;
  3. როლური თამაშები, რაც სმენითი აღქმის შესაძლებლობებს გააძლიერებს;
  4. მუსიკისა და სხვა ხმების გამოყენება სასწავლო ატმოსფეროს შესაქმნელად.

ტაქტილური მოსწავლეები უკეთესად სწავლობენ პრაქტიკული და ფიზიკური აქტივობების მეშვეობით. მათი ოპტიმიზაციისთვის მნიშვნელოვანია:

  1. პრაქტიკული ექსპერიმენტები და ლაბორატორიული სამუშაოები;
  2. მოდელირება და კონსტრუქციების აგება – გამოიყენეთ მოდელები, კონსტრუქციები და სათამაშოები, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სწავლა ფიზიკური ობიექტების გამოყენებით;
  3. ხელით შესრულებული ჩანაწერები – სთხოვეთ მოსწავლეებს, გააკეთონ ჩანაწერები, რითაც გაიუმჯობესებენ აღქმის ;
  4. როლური თამაშები და სიმულაციები, რათა მოსწავლეები აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში.

 

ამგვარი მიდგომით მასწავლებელი, ფაქტობრივად, უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესების ახალი სახით ორგანიზებას – აღქმის მოდალობებზე ორიენტირებული წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის დანერგვასა და განხორციელებას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მაია ფირჩხაძე, როგორ გამოვიყენოთ აღქმის მოდალობები მასალის ასათვისებლად, 2022

https://mastsavlebeli.ge/?p=34826

  1. Santangelo, T, Tomlinson, C., The application of differentiated instruction in postsecondary environments: Benefits, challenges, and future directions. International Journal of Teaching and Learning in Higher Education, 20(3), 2009

https://citeseerx.ist.psu.edu/document?repid=rep1&type=pdf&doi=e229c15ee5052fe80db583148ab0e910c4c3c32d

  1. Miler, A., How preferred modalities create more effective teaching and learning environments, 2016

https://drive.google.com/file/d/1ijbu2LluioJfmB36kBOk6OiAdwtgbYaO/view

  1. მანანა ბოჭორიშვილი, სწავლის მოდალობები და დიფერენცირებული სწავლება, 2014

WWW.EDUCATIONHOUSE.GE

  1. მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი, განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება. თბილისი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითaრების ეროვნული ცენტრი, 2018

https://www.calameo.com/books/005033132bd468d82d2ba

  1. მარიკა მაჭარაშვილი, მოსწავლის სწავლის სტილის გათვალისწინება გაკვეთილების დაგეგმვისას, 2020

https://mastsavlebeli.ge/?p=27297

  1. Siyu Wu, Yang Cao, A Comprehensive Exploration of Personalized Learning in Smart Education: From Student Modeling to Personalized Recommendations. Retrieved, 2024

https://ar5iv.labs.arxiv.org/html/2402.01666v1

https://mastsavlebeli.ge/?p=42268 


Saturday, March 1, 2025

დააკვირდი – წარმოთქვი- დაფარე- დაწერე -შეამოწმე

 გთავაზობთ მარტივ და ეფექტურ მეთოდს, რომელიც მოსწავლეებს ეხმარება ლექსიკური მარაგის გამდიდრებაში. ამავდროულად, ის ხელს უწყობს დაკვირვების, დამახსოვრებისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარების განვითარებასაც.

სტრატეგია ეფუძნება ხუთ მარტივ პრინციპს:

  1. დააკვირდით სიტყვას ყურადღებით.
  2. წარმოთქვით ხმამაღლა, გამოთქმის გასაძლიერებლად.
  3. დაფარეთ სიტყვა.
  4. დაწერეთ სიტყვა მეხსიერებიდან.
  5. შეამოწმეთ მართლწერა სიზუსტისათვის.

მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს წინასწარ მომზადებულ შაბლონებს, რომლის პირველ სვეტში მოცემულია სიტყვების ჩამონათვალი.

მოსწავლეები აკვირდებიან თითოეულ სიტყვას და ხმამაღლა წარმოთქვამენ. როდესაც ყველა სიტყვას წაიკითხავენ, პირველ სვეტს დაფარავენ სუფთა ფურცლით და მეორე სვეტში დაწერენ მეხსიერებაში დამახსოვრებულ სიტყვებს. ბოლოს შეამოწმებენ დაწერილი სიტყვების სიზუსტეს პირველი სვეტის დახმარებით. თუ რომელიმე სიტყვა არასწორად იქნება დაწერილი, შეასწორებენ და ჩაწერენ მესამე სვეტში.

შენიშვნა: სიტყვების რაოდენობას განსაზღვრავს მასწავლებელი.

 

მოსწავლეებს უჭირთ კომპოზიტების (რთული სიტყვების) მართლწერა. ამიტომ პერიოდულად ვიყენებ ამ მეთოდს.

შაბლონის პირველ სვეტში შეგვიძლია, ჩავწეროთ, როგორც ერთცნებიანი, ასევე – ორ- და მეტცნებიანი კომპოზიტები, რაც უფრო მრავალფეროვანს და საინტერესოს გახდის სწავლების პროცესს. ქვემოთ განხილულია ყველაზე მეტად გავრცელებული კომპოზიტები.

ფუძეგაორკეცებული კომპოზიტები:

კაშკაში, რაკარუკი, ბინდბუნდი, არემარე, ჩამიჩუმი, ქოხმახი, ახლომახლო, უსწორმასწორო, სხაპასხუპი, ბრახაბრუხი…

ფუძეგაორკეცებულ სიტყვებში „და“ კავშირია ჩასმული:

თანდათან, ცხენდაცხენ, გზადაგზა, პირდაპირ, ფეხდაფეხ, სხვადასხვა, ხანდახან, კვალდაკვალ…

სხვადასხვა ფუძის ან ფორმის შეერთებით მიღებული კომპოზიტები:

გლეხკაცი, ახალგაცნობილი, გულდამწვარი… დედაბუნება, ელექტროგადამცემი, კინოფირი, ლუკმაპური, რადიოგადაცემა, წყალსადენი… დისშვილი, ხელისგული, კარისკაცი, ვარდისფერი, ცხვირსახოცი, ერთადერთი… ზედამხედველი, თანასკოლელი, წინდახედული… ხელფეხგახსნილი, ცხვირპირდასიებული…

ნათესაობის აღმნიშვნელი კომპოზიტები, როცა კუთვნილებითი ნაცვალსახელი მეორე ადგილზეა: ბებიაჩემი, ბიძაშენი, ბებიათქვენი.

კომპოზიტები, რომლებიც დეფისით იწერება:

სინონიმური და ანტონიმური მნიშვნელობის რთული სახელები –

ბედ-იღბალი, სიცილ-კისკისი, ალალ-მართალი, სვე-ბედი, ტოლ-ამხანაგი, ღარიბ-ღატაკი, ოხერ-ტიალი, მთა-ბარი, დიდ-პატარა, კვლევა-ძიება, მშვილდ-ისარი, ჩოხა-ახალუხი, სასოფლო-სამეურნეო, ფოსტა-ტელეგრაფი…

ზმნისწინით განსხვავებული ან სხვადასხვა ფუძის მქონე ზმნების გაერთიანება –

გაიხედ-გამოიხედა, აიხედ-ჩაიხედა, გაატარ-გამოატარა…

სახელის ფუძის გაორკეცების შედეგად მიღებული ზმნიზედები ან ზედსართავები –

ქუჩა-ქუჩა, ტყე-ტყე, ნაპირ-ნაპირ, ცხელ-ცხელი, ჭრელ-ჭრელი…

მინდორ-მინდორ, ტყე-ტყე, გზა-გზა, ლამაზ-ლამაზი, მაღალ-მაღალი…

გაორკეცებული რიცხვითი სახელები –

ორ-ორი, ერთ-ერთი, ათ-ათი…

უდეფისო, მაწარმოებელი სუფიქსების მქონე კომპოზიტები:

დედაშვილობა, უდედმამო, უსახლკარო, სტუმარმასპინძლობა…

მეთოდის გამოყენება შესაძლებელია სწავლების სამივე საფეხურზე, სხვადასხვა მიზნით, განსაკუთრებულად მომგებიანია დიფერენცირებული სწავლების პროცესში, როცა შაბლონში სიტყვების რაოდენობას, შინაარსსა და სირთულეს განსაზღვრავს მოსწავლეთა აკადემიური მოსწრება. შესაბამისად, შეგვიძლია, გავამარტივოთ ან გავართულოთ დავალება.

შაბლონებით სწავლება უზრუნველყოფს სტრუქტურირებულ პრაქტიკას, რომელიც მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს საკუთარი თავის ნდობისა და შესაძლებლობების მიმართ.

შაბლონი

გამოყენებული რესურსები:

https://www.teachstarter.com/us/blog/christmas-games-for-kids/

http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/wignebi/qartul_enis_marTlwera/qartul-enis_marTlwera-tavi-6.htm

https://mastsavlebeli.ge/?p=42373

პირველი სიყვარული და პირველი გაწბილება

 გახსოვთ წიგნით თქვენი პირველი იმედგაცრუება?

მე მახსოვს.

არა, არც სიუჟეტმა გამაწბილა და არც პერსონაჟის სიკვდილი მწყენია. მართალი გითხრათ, მაშინ საერთოდ არ ვკითხულობდი მხატვრულ ლიტერატურას („ჰარი პოტერის“ გარდა, მაგრამ ეგ სხვა სტატიის თემაა). კითხვა მაშინ ჩემთვის შემეცნების წყურვილს და კითხვებზე პასუხების მიღებას უკავშირდებოდა. კითხვები კი ღმერთსა და სამყაროს მოწყობას შეეხებოდა.

არ მახსოვს, ვინმეს დავუსვი თუ არა ეს კითხვები. მგონი, არა. მგონი, მაშინაც ასეთი გულჩათხრობილი ვიყავი – არც დახმარებას ვთხოვდი ვინმეს და არც რამის ახსნას, რაც არ მესმოდა. ვცდილობდი, ყველაფერი თვითონ მომეგვარებინა და გამერკვია. ამ შემთხვევაში საკითხიც სპეციფიკური იყო – რელიგიებს შორის განსხვავებები, თითოეულის სწავლება და ისტორია მაინტერესებდა.

სწორედ ამ დროს გამოსცა სულაკაურის გამომცემლობამ „საბავშვო ენციკლოპედია“.

გინახავთ ეს წიგნი? კრემისფერ ყდაზე დედამიწა ახატია. მგონი, განახლებული ტირაჟი დღესაც არის. აი, მაშინ კი, პირველად რომ დაისტამბა, სატელევიზიო რეკლამაც გაუკეთეს. როგორ მახსოვს, რეკლამაში მხოლოდ წიგნი ჩანდა, ბრუნავდა, იფურცლებოდა, უხილავი ხმა კი ჩამოთვლიდა, რის შესახებაა. ულამაზესი იყო! დიდი და დასურათებული.

მომინდა. ისე მომინდა, სული მელეოდა ნატვრაში. და ყოველ ჯერზე, როცა რეკლამას იმეორებდნენ, სიხარულით მივაშტერდებოდი ხოლმე – ასე, შორიდან ყურებით მაინც რომ დამეკმაყოფილებინა სურვილი.

მშობლებს არ გამოჰპარვიათ ან, შეიძლება, მე ვთქვი, მინდა-მეთქი, და დაბადების დღეზე მიყიდეს.

როგორ გამიხარდა! გვერდიდან არ ვიშორებდი, ვათვალიერებდი, პრიალა ფურცლებს ხელს ვუსვამდი.

გადავწყვიტე, თავიდან ბოლომდე წამეკითხა – მე ხომ თხრობით ტექსტებზე ვიყავი გაზრდილი, რომლებსაც სწორედ ასე კითხულობენ. არ ვიცოდი, რომ ენციკლოპედია სხვაა, რომ იქ ნახულობ კონკრეტულად იმას, რაც გაინტერესებს და არაა აუცილებელი, მთლიანად ჩააბულბულო; რომ ასე არავინ იქცევა.

მეც, რა თქმა უნდა, პირველ თავს ვერ გავცდი, პლანეტებსა და გალაქტიკას რომ ეხებოდა. ნაჩვენები იყო, რატომ ცვლის დღე ღამეს და წელიწადის ერთი დრო – მეორეს.

მერე არ მახსოვს, რა მოხდა; ან ვინმემ მიმითითა, რომ შემიძლია, თავი არ გავიტანჯო და ან მე წამძლია სულმა. ალბათ, უფრო მეორე. ჰოდა, გადავშალე რელიგიის თავი და…

იქ არაფერი, სრულიად არაფერი ეწერა!

არაფერი ის, რაც მე მაინტერესებდა. თითო რელიგიას თითო, ოთხ-ხუთ სტრიქონიანი აბზაცი ეთმობოდა. ეგ იყო და ეგ.

მას მერე უამრავი უვარგისი წიგნი მომხვედრია ხელში, მაგრამ ამ, ბავშვობისდროინდელ, პირველ გაწბილებას მაინც ვერცერთი ვერ შეედრება. მახსოვს, ნათესავთანაც კი დავიჩივლე, ძალიან ცოტა რამ წერია-მეთქი.

რაღაცები არ იცვლება და ცოდნის შეძენაზე დიდ ბედნიერებას დღემდე არაფერი მანიჭებს. შემეცნების წყურვილიც ზუსტად ისეთივე მძაფრი მაქვს, როგორც მაშინ, ბავშვობაში – ეს ჩემი ცხოვრების მთავარი სიყვარულია. ეგაა, რომ რელიგიებით დაინტერესება თეოლოგიისადმი ინტერესით განივრცო, თუმცა ესეც სხვა სტატიის თემაა.

თქვენ რა წიგნმა გაგიცრუათ იმედი?

https://mastsavlebeli.ge/?p=42274

ზამთრის მიწურულის ჩანაწერები

 პირველი ნაწილი

ამასწინ ვუყურებდი გოგი გვახარიას გადაცემას რეზო კიკნაძეზე, რომელიც იმ სახლში და ეზოშია გადაღებული, სადაც სტუმრობა ძალიან ცუდად მყოფს მომიხდა. ეგრე გამოვიდა, რომ ჯერაც ვახერხებდი ნაძალადევ სიარულს და რახან სიარულს – მუშაობასაც. ზურაბ კიკნაძეს სანახავად და პორტრეტის მოსამზადებლად სოფელში ვეწვიე, სადაც აქაურ ყოფას განერიდა. მახსოვს, ოდესღაც, როცა, პირველ კურსზე მივედი, პირდაპირ ფოლკლორის სემინარზე აღმოვჩნდი. ქურუმის გარეგნობის კაცი იდგა, მოგრძო თმით, შესამჩნევი საქორწინო ბეჭდით, ხელში დაკუჭული ფურცლები ეჭირა, ჩახედავდა, ოდნავ თითქოს შეხტებოდა და ფართო, წყლიანი თვალებით სადღაც შორს იყურებოდა. იყურებოდა და ამბობდა:

„ზენ ბაცალიგოს თოვლსა თოვს,

ქვენ ბაცალიგოს შრებისა“.

ეგ კაცი იყო ჩემი დიდი მასწავლებელი და მეგობარი – ზურაბ კიკნაძე. რეზოს მამა. ჰოდა, ბოლოს ეგრე აღმოჩნდა, რომ კახეთში ვესტუმრე. მეტი აღარც მინახავს. ყველა სიტყვა მახსოვს, რაც ილაპარაკა, არადა, ზოგადად იმ დროიდან ცოტა მახსოვს. და იმ სიტყვათაგან ყველაზე მეტად ეს – აქ მარტო ძველ ცოდვებს ვიშინაურებო. განა, რა ცოდვა ჰქონდა ასეთი, მაგრამ ზუსტად იცოდა – ადამიანი განცდის და განსჯის არსებაა, განწმენდის და გარდასახვის. უფრო სწორად, სჯობს, რომ ასეთი იყოს და არა იმგვარი, ეს ზედაპირული ეპოქა რომ დაჟინებით გვაძალებს. „მეტანოია!“ – ეს მითხრა, გამოსამშვიდობებლად როცა გამომაცილა. ჭიშკარს რომ გავხედე მიმავალმა, ჭიშკართან იდგა და ჭიშკარი გვშორდებოდა და გვშორდებოდა ადამიანიც, ჭიშკართან მდგარი. მაგრამ იმ სიშორიდან, კაცი აღარ ჩანდა და სიტყვა ძალიან ახლოს მესმოდა – „მეტანოია!“.

….

გაუქმების კულტურა და ვოუქიზმი აღმოჩნდა შავი ჭირი, რომელიც მიეტმასნა და მნიშვნელოვნად გამოშიგნა კაცობრიობის უკეთესი გზით განვითარების იდეა.

ჰუმანიზმის ლოზუნგით რევოლუციური წინსვლის მეთოდი ამორფული აღმოჩნდა და გარდაუვალ ჩიხს გულისხმობდა. ადამიანი, საზოგადოება, კონცეფცია, რომელიც მხოლოდ ძახილის ნიშანს სვამს ან წერტილს და არასდროს იყენებს კითხვის ნიშანს – ვეღარ ვითარდება.

ადამიანმა მოიგონა სამართალი და კანონი დანაშაულის აღმოსაფხვრელად და დამნაშავის დასასჯელად. დასასჯელად და არა გასაუქმებლად. არავის აქვს სხვისი უვადო იზოლაციის უფლება და მით უფრო არ აქვს ეს უფლება კანონს მიღმა. არ შეიძლება ამგვარი ამბავი მოდური გახდეს და ერთმანეთის წამხედურობით თუ იძულებით ერთვებოდეს მეორე და მესამე. არც ის შეიძლება, რომ მეტანოია, შენანება ლექსიკონიდან ამოიღო და ეგ პროგრესად მიგაჩნდეს. თან ვინ? ეგ ცალკე კითხვაა და ცალკე სამსჯელო.

მეორე და ლოგიკური სირთულე – სხვაგან და აქაც – ამ პროცესს მიეკედლა უნიჭო და ზოგჯერ, სამწუხაროდ, მოტივირებულად ბოროტ ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც საზოგადოებაში ისტერიული ტივტივის ერთადერთ ინსტრუმენტად ქოროს ნაწილად ყოფნა მიაჩნდა. ალბათ სწორადაც – არ მგონია, რამე სხვა საქმე, მათთვის შესაბამისი ყოფილიყო. რიგ შემთხვევებში, ეს მართლა ბოლშევიკურ მეთოდიკას დაემსგავსა – ცილისწამების გაიოლებით და ამავდროულად სტანდარტების იმის მიხედვით მონაცვლეობით, რაც კონკრეტულ ტალღას აწყობდა – წინა თუ უკანა რიცხვით.

და მესამე – ყველაზე მეტად ამ საქმით, რეტროგრადული და ტოტალიტარული რეჟიმები სარგებლობდნენ და სარგებლობენ. რატომ და როგორ, რთული მისახვედრი არ არის.

როგორც პატივცემული კამიუ იტყოდა, ამ მხრივ უკვე – „ზომიერების სიმამაცის“ – დროა.

https://mastsavlebeli.ge/?p=42414