Sunday, March 16, 2025

რეკომენდაციები სწავლების ოპტიმიზაციისთვის აღქმის მოდალობების გათვალისწინებით

 მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს პრაქტიკული ასპექტები, სასწავლო პროცესის ინკლუზიურობა, სწავლებაში დიფერენცირებული მიდგომების აქტიური გამოყენების აუცილებლობის აღიარება და, საზოგადოდ, მოსწავლის ჰოლისტური განვითარება განსაკუთრებულ აქტუალობას ანიჭებს საგანმანათლებლო პროცესის ოპტიმიზაციას. ამის მისაღწევად საჭიროა არსებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მეცნიერული კვლევების შერწყმა ადამიანის მოდალობის ტიპთან, რაც საგანმანათლებლო სივრცის ხარისხობრივ ცვლილებებს გულისხმობს.

დასახული მიზნის რეალიზება დიდწილად დამოკიდებულია მასწავლებლის მიერ პრაქტიკულ საგაკვეთილო საქმიანობაში გამოყენებულ სწავლების მეთოდებზე (ძირითადად სტიმულების რაოდენობის გაზრდაზე), რომლებიც უშუალოდ არის მიბმული მოსწავლეთა სწავლის სტილს. სწავლის სტილი გარკვეულწილად აყალიბებს სწავლისადმი ჩვენს დამოკიდებულებას და გვიჩვენებს „ჩვენთვის“ საუკეთესო გზებს დავალებისთვის თავის გასართმევად [ფირჩხაძე: 2022] (აქვე უნდა ითქვას, რომ ნებისმიერი სტილი თავისთავად ნეიტრალურია; წარმატება-წარუმატებლობა იმაზეა დამოკიდებული, როგორ გამოიყენებს მოსწავლე საკუთარ უნარებს).

სწავლის სტილი აღქმის მოდალობაზეა მიბმული. მასზე აქცენტირება ეხმარება მოსწავლეს, განივითაროს ვიზუალური, სმენითი, კინესთეტიკური და ციფრული უნარები. ამის შედეგად წინ წამოიწევს დომინანტური ანუ წამყვანი სისტემა, მოხდება იმპულსების გადაცემა სხვა ფსიქიკური პროცესებისთვის (მეხსიერება, წარმოდგენა, წარმოსახვა), გააქტიურდება აზროვნების პროცესი და მასზე დაყრდნობით მივიღებთ მაღალ აკადემიურ შედეგებს.

საგაკვეთილო პროცესში აღქმის მოდალობებზე ყურადღების გამახვილება ასევე ხელს უწყობს:

  • სასწავლო დროის ეკონომიას;
  • ემოციოგენურობას, რადგან დადებით გავლენას ახდენს მოსწავლეებზე – ეხმარება მათ მასალის უკეთ გაგებასა და გააზრებაში, ინფორმაციის შექმნაში, შენახვაში, გადამუშავებაში, პრაქტიკულ გამოყენებაში;
  • ცოდნის ტრანსფერსა და ინტეგრირებულ სწავლებას;
  • დისტანციურ სწავლებას – მოსწავლე სწრაფად ადაპტირდება ონლაინ სივრცესთან და მეტად თავდაჯერებული ხდება. ელექტრონული და დისტანციური სწავლების დროს აღქმის მოდალობების წინ წამოწევა ინოვაციური მიდგომებით ამრავალფეროვნებს სწავლა-სწავლების პროცესს;
  • დიფერენცირებული სწავლებისა და რემედიაციის წარმატებას – მოსწავლეს მოდალობის მიხედვით, მისთვის დამახასიათებელი უნარების გათვალისწინებით მიეწოდება ინფორმაცია, ხოლო ალბათობა იმისა, რომ მიწოდებული ინფორმაცია დაეკარგოს, ძალიან მცირეა.

შინაარსობრივად, პრაქტიკული კუთხით, ეს შეიძლება ასე წარმოვიდგინოთ:

  • ვიზუალური უნარის მქონე მოსწავლეებს უჭირთ სახელების დამახსოვრება, მაგრამ ადამიანის გარეგნობის დეტალებს არაჩვეულებრივად აღიქვამენ. ასეთი მოსწავლეები მარტივად ითვისებენ სასწავლო მასალას, როცა ის ვიზუალური სახით არის წარმოდგენილი. მათ ურჩევნიათ, ტექსტი თავად წაიკითხონ, რადგან აზრებს ძირითადად წარწერების სახით ალაგებენ – აქედან გამომდინარე, უძნელდებათ მოსმენილი ინსტრუქციების დამახსოვრება. მათ სწავლაში ეხმარება სახალისო აქტივობები და ფაზლები, სახელმძღვანელოები, სამუშაო ფურცლები, ჩანაწერები, რუქები, ფლეშ-ბარათები, სქემები, ინფორმაციული პლაკატები. როდესაც მასწავლებელი გაკვეთილზე ვიზუალურ სტიმულს იყენებს, ამ მოდალობით შემსწავლელი მოსწავლე იოლად აღწევს წარმატებას [Santangelo & Tomlinson, , Miler, 2016].
  • სმენითი შემსწავლელებისთვის მნიშვნელოვანია, საკლასო ოთახში კომფორტულად იგრძნონ თავი. არ უყვართ ხმაური, რადგან ადვილად ეფანტებათ ყურადღება. მასალას უკეთ იმახსოვრებენ აუდიორესურსების გამოყენებისას. ურჩევნიათ, ისწავლონ მოსმენით. მოსწონთ ლექციები, აუდიოწიგნები და დისკუსიებში მონაწილეობა (ურჩევნიათ, კონკრეტული თემის შესახებ ჯგუფურ დისკუსიაში მიიღონ მონაწილეობა, ვიდრე მის შესახებ წაიკითხონ). თუმცა პედაგოგებმა უნდა გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ ასეთი მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია, მოსმენასთან ერთად თავადაც ისაუბრონ [ბოჭორიშვილი, 2014].
  • ტაქტილურ-კინესთეტიკური უნარის მქონე მოსწავლეებს ურჩევნიათ, ისწავლონ შეხებით და მოძრაობით. ზეპირსიტყვიერ აქტივობებს, ლექციური ტიპის გაკვეთილებს ისინი წერით დავალებებს ამჯობინებენ, რადგან მაღალ დონეზე აქვთ განვითარებული შემოქმედებითი აზროვნება. ძირითადად უყვართ კეთებით სწავლა, სხეულის ენით ემოციების გამოხატვა, საკუთარი ხელით ნივთების დამზადება. კინესთეტიკურ მოსწავლეებთან მუშაობისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი რესურსები: კომპიუტერის კლავიატურა, ქვიშის უჯრა, დაფა, მაგნიტური ასოები, დიორამები და მანიპულაციები [Sprenger, 2008; Terry, 2024; Pankaew, 2024; Miler, 2016; ბოჭორიშვილი, 2014].

 

ცხრილი:  სწავლების სხვადასხვა სტილ, განმარტებებ და მაგალითები (იხ. ხუნძაყიშვილი, 2018): 

            

როგორც ვხედავთ:

  • აღქმის მოდალობა გულისხმობს, როგორ აღიქვამს და ამუშავებს ინდივიდი ინფორმაციას სხვადასხვა (აუდიალური, ვიზუალური, კინესთეტიკური) სენსორული არხის მეშვეობით;
  • საკუთრივ სწავლების ოპტიმიზაციაში კი იგულისხმება სწავლების იმ მეთოდების გამოყენება, რომლებიც ყველაზე ეფექტურია კონკრეტული მოსწავლისთვის [მ. მაჭარაშვილი, 2020].

ამის შედეგია, რომ აღქმის მოდალობები და სწავლების ოპტიმიზაცია მჭიდდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. საზოგადოდ, სწავლების ოპტიმიზაციის ძირითადი ასპექტებია:

  1. სწავლის ინდივიდუალური სტილის გათვალისწინება. იგულისხმება სწავლების ადაპტაცია მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების, პრეფერენციებისა და შესაძლებლობების მიხედვით; აღქმის სხვადასხვა მოდალობის შესაბამისად, ვიზუალური, აუდიალური, კინესთეტიკური მეთოდები​ს გამოყენებას [Siyu Wu, 2024].
  2. სწავლების აქტიური მეთოდები. სწავლების აქტიურ მეთოდებად განიხილება დისკუსიები, ჯგუფური პროექტები და ინტერაქციული დავალებები. რომლებიც ხელს უწყობს სტუდენტების ჩართულობის ამაღლებას და ინფორმაციის უკეთ დამახსოვრებას
  3. ტექნოლოგიების ინტეგრაცია. სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება მნიშვნელოვანია. ვგულისხმობთ ონლაინ პლატფორმების, ვირტუალური რეალობისა და ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას, რაც გაზრდის სწავლების პერსონალიზაციასა და ეფექტიანობას ​[Siyu Wu, 2024].
  4. განმარტებითი უკუკავშირი. იმისთვის, რომ მოსწავლეებმა შეძლონ თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეების გაგება, მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა მათ რეგულარული და კონსტრუქციული უკუკავშირი მიაწოდოს.
  5. სასწავლო რესურსების მრავალფეროვნება.

 

სასწავლო პროცესში აუცილებელია მრავალფეროვანი რესურსების: სახელმძღვანელოების, ვიდეოების, აუდიოჩანაწერებისა და ინტერნეტრესურსების, – გამოყენება, რათა მოსწავლეებმა მიიღონ ინფორმაცია სხვადასხვა ფორმითა და ფორმატით​.

  1. სწავლის შედეგების შეფასება. სწავლის პროცესისა და შედეგების რეგულარული შეფასება უმნიშვნელოვანესია, რათა განისაზღვროს, რამდენად ეფექტურია გამოყენებული მეთოდები და რა ცვლილებებია საჭირო მათ გასაუმჯობესებლად.

 

როგორ შეიძლება მივაღწიოთ სწავლების ოპტიმიზაციას, რომელიც მოდალობებზეა დაფუძნებული?

  • ამისთვის მასწავლებელი შეისწავლის მოსწავლეთა სწავლის სტილს, შეუსაბამებს სწავლების მეთოდებსა და სტრატეგიებს და ამ გზით გააუმჯობესებს აკადემიურ შედეგებს და მიაღწევს სწავლების ოპტიმიზაციას.

 

რამდენიმე რეკომენდაცია თითოეული მოდალობის გასააქტიურებლად, რომლებიც ხელს შეუწყობს სწავლების ოპტიმიზაციას:

 

ვიზუალური მოსწავლეები უკეთესად სწავლობენ, როდესაც მასალა ვიზუალურად არის წარმოდგენილი. სასურველია, გამოყენებულ იქნეს:

  1. ნივთებიდიაგრამები და გრაფიკები, რათა გამარტივდეს კონცეფციების გაგება;
  2. ვიდეოები და ანიმაციები – შესთავაზეთ ლექციები ვიდეო- და ანიმაციური ილუსტრაციებით, რომლებიც დაეხმარება მათ, ვიზუალურად აღიქვან მასალა;
  3. წიგნები და ბარათები – გამოიყენეთ ფერადი ბარათები, წიგნები და პოსტერები ინფორმაციის უკეთ აღსაქმელად;
  4. წარმოდგენები და პრეზენტაციები – შესასწავლი მასალა წარმოადგინეთ პრეზენტაციების სახით, რათა მოსწავლეებმა უკეთ აღიქვან კონცეფციები.

სმენითი მოსწავლეები უკეთესად სწავლობენ მოსმენით. მათი ოპტიმიზაციისთვის აუცილებელია:

  1. ლექციები და დისკუსიები, რომლებიც მოსასმენი მასალით იქნება გამდიდრებული;
  2. აუდიოწიგნები და პოდკასტები, რომლებსაც მოსმენით ისწავლიან;
  3. როლური თამაშები, რაც სმენითი აღქმის შესაძლებლობებს გააძლიერებს;
  4. მუსიკისა და სხვა ხმების გამოყენება სასწავლო ატმოსფეროს შესაქმნელად.

ტაქტილური მოსწავლეები უკეთესად სწავლობენ პრაქტიკული და ფიზიკური აქტივობების მეშვეობით. მათი ოპტიმიზაციისთვის მნიშვნელოვანია:

  1. პრაქტიკული ექსპერიმენტები და ლაბორატორიული სამუშაოები;
  2. მოდელირება და კონსტრუქციების აგება – გამოიყენეთ მოდელები, კონსტრუქციები და სათამაშოები, რათა მოსწავლეებმა შეძლონ სწავლა ფიზიკური ობიექტების გამოყენებით;
  3. ხელით შესრულებული ჩანაწერები – სთხოვეთ მოსწავლეებს, გააკეთონ ჩანაწერები, რითაც გაიუმჯობესებენ აღქმის ;
  4. როლური თამაშები და სიმულაციები, რათა მოსწავლეები აქტიურად ჩაერთონ სასწავლო პროცესში.

 

ამგვარი მიდგომით მასწავლებელი, ფაქტობრივად, უზრუნველყოფს საგანმანათლებლო პროცესების ახალი სახით ორგანიზებას – აღქმის მოდალობებზე ორიენტირებული წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის დანერგვასა და განხორციელებას.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მაია ფირჩხაძე, როგორ გამოვიყენოთ აღქმის მოდალობები მასალის ასათვისებლად, 2022

https://mastsavlebeli.ge/?p=34826

  1. Santangelo, T, Tomlinson, C., The application of differentiated instruction in postsecondary environments: Benefits, challenges, and future directions. International Journal of Teaching and Learning in Higher Education, 20(3), 2009

https://citeseerx.ist.psu.edu/document?repid=rep1&type=pdf&doi=e229c15ee5052fe80db583148ab0e910c4c3c32d

  1. Miler, A., How preferred modalities create more effective teaching and learning environments, 2016

https://drive.google.com/file/d/1ijbu2LluioJfmB36kBOk6OiAdwtgbYaO/view

  1. მანანა ბოჭორიშვილი, სწავლის მოდალობები და დიფერენცირებული სწავლება, 2014

WWW.EDUCATIONHOUSE.GE

  1. მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი, განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება. თბილისი, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითaრების ეროვნული ცენტრი, 2018

https://www.calameo.com/books/005033132bd468d82d2ba

  1. მარიკა მაჭარაშვილი, მოსწავლის სწავლის სტილის გათვალისწინება გაკვეთილების დაგეგმვისას, 2020

https://mastsavlebeli.ge/?p=27297

  1. Siyu Wu, Yang Cao, A Comprehensive Exploration of Personalized Learning in Smart Education: From Student Modeling to Personalized Recommendations. Retrieved, 2024

https://ar5iv.labs.arxiv.org/html/2402.01666v1

https://mastsavlebeli.ge/?p=42268 


No comments:

Post a Comment