ვფიქრობ, დღეს სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში მომუშავე ნებისმიერი ადამიანი და მშობელთა დიდი ნაწილი დამეთანხმება, რომ ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდება. ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაზე საუბრისას არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ბევრ მშობელს თავად სიტყვები: „ფსიქიკა“, „ფსიქიკური“, „ფსიქოლოგიური“ , – ძალიან აშინებს. ისინი პრობლემას გაურბიან და ცდილობენ, ბავშვის ქცევაში, მის ემოციურ-სოციალურ მდგომარეობაში შემჩნეული ცვლილებები სხვა მიზეზით ახსნან. „არა, არა, ჩვენი შვილი ბუნებით არის ასეთი“, – ამბობენ ისინი და ამით იმშვიდებენ თავს.
სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არსებობს მრავალი სტერეოტიპი და მცდარი წარმოდგენა, დაბნეულობა ამ სფეროში, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს მენტალური ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის დეფიციტით.
მენტალური ჯანმრთელობა – ეს ადამიანის ემოციური და სულიერი კეთილდღეობის მდგომარეობაა. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს შეუძლია საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ სტრესთან გამკლავება, ნაყოფიერად მუშაობა. ბავშვის მენტალური ჯანმრთელობა ეხება მის ემოციურ და ფსიქოლოგიურ კეთილდღეობას. ის მოიცავს ისეთ ასპექტებს, როგორიცაა ემოციური სტაბილურობა, სტრესთან გამკლავების უნარი, ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება და ცხოვრებისეულ სიტუაციებთან წარმატებული ადაპტაცია.
ცხადია, მენტალური ჯანმრთელობა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი მუდმივად ბედნიერია, მუდმივად კარგ ხასიათზეა. თუ სკოლაში ცუდი შეფასება მიიღო, შესაძლოა, ინერვიულოს, თავი დამნაშავედ იგრძნოს და მოიწყინოს კიდეც, მაგრამ თუ ახერხებს, გაუმკლავდეს უარყოფით ემოციებს და გააგრძელოს სვლა წინ, თუ შეუძლია მომხდარის გაანალიზება, შესაბამისი დასკვნების გამოტანა და სამომავლოდ ქცევის კორექტირება, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მის მენტალურ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
მენტალურ ჯანმრთელობაზე მიანიშნებს ისიც, რამდენად სწრაფად ახერხებს ბავშვი ცხოვრებისეულ ცვლილებებთან ადაპტირებას.
კარგი მენტალური ჯანმრთელობის მქონე ბავშვი, როგორც წესი, კარგად სწავლობს, კარგი ურთიერთობა აქვს თანატოლებსა და უფროსებთან, ადვილად ახერხებს თვითრეალიზაციას და აღწევს წარმატებას. მენტალური ჯანმრთელობის დარღვევა კი სერიოზული პრობლემების წინაშე აყენებს როგორც თავად ბავშვს, ისე მასთან ურთიერთობაში მყოფ უფროსებსაც.
მენტალური ჯანმრთელობის დარღვევის ძირითადი ნიშნები და სიმპტომები ბავშვებში:
- ქცევითი ცვლილებები – აგრესიულობა, იზოლაციისკენ სწრაფვა, გადაჭარბებული მოძრაობა, საკუთარი თავით უკმაყოფილება, შფოთვა;
- ემოციური პრობლემები – ხშირი ემოციური აფეთქება, ცუდი გუნება-განწყობა, აპათია. ემოციური აფეთქება, ისტერიკა და გაღიზიანება იმაზე მიუთითებს, რომ მოზარდი ვერ უმკლავდება თავის ემოციებს. მაგალითად, სიტუაციები, როდესაც მოსიყვარულე და თავაზიანი ბავშვი გაღიზიანებულ მეამბოხედ იქცევა, ყურადღებას მოითხოვს;
- ძილთან დაკავშირებული პრობლემები – ძილის დარღვევა შესაძლოა დაკავშირებული იყოს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებთან;
- სწავლისადმი ინტერესის დაქვეითება – სასწავლო მოტივაციის დაკარგვა საგანგაშო ნიშანია. მისი უყურადღებოდ დატოვება არ შეიძლება. თუ ბავშვი ადრე ხალისიანი და ბედნიერი იყო, მოსწონდა სწავლა და სიხარულით, სიამოვნებით მეცადინეობდა, მაგრამ მოულოდნელად უხალისობა, უენერგიობა შემოეჩვია, ყურადღება უნდა მივაქციოთ და საჭირო ზომები მივიღოთ;
- არაადეკვატური რეაქცია – თუ ბავშვი გაღიზიანებული რეაგირებს უფროსების მშვიდ მოთხოვნებზე, იწვევს მშობლებსა და პედაგოგებს და კონფლიქტში ითრევს, სიტუაციის თვითდინებაზე მიშვება არ შეიძლება. ემოციურ არასტაბილურობასა და უკონტროლო აგრესიას მხოლოდ ოჯახურ უსიამოვნებამდე კი არ მივყავართ, არამედ ნეგატიურად მოქმედებს ემოციურ მდგომარეობაზეც;
- მენტალური მოუქნელობა – თუ ბავშვი ზედმეტად მგრძნობიარეა ნაცნობი სიტუაციების მიმართ, ცდილობს ერთი და იმავე ქმედებების ყოველდღე ზედმიწევნით გამეორებას და მცირედი ცვლილებებიც კი აშინებს, უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ.
მენტალური ჯანმრთელობის დარღვევის ძირითადი მიზეზები
- ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაში პირველი პრობლემები, წესისამებრ, შესამჩნევია უკვე საბავშვო ბაღში. ეს საკმაოდ რთული პერიოდია ბავშვისთვის – იცვლება მისი ცხოვრება და, შესაბამისად, ქცევაც. მშობლები ხედავენ ამ ცვლილებებს და იბნევიან, არ იციან, როგორ მოიქცნენ, როგორი რეაგირება ჰქონდეთ შვილის მიუღებელ ქცევაზე. ზოგი ამას ბავშვის ახირებას მიაწერს, ზოგი გენეტიკურ პარალელებს ავლებს („ბაბუას ჰგავს, მისი ხასიათი გამოჰყვა“), მაგრამ სინამდვილეში შესაძლოა, ყველაფერი გაცილებით რთულად იყოს.
- ბავშვის მენტალური ჯანმრთელობის დარღვევის მიზეზად შესაძლოა იქცეს ოჯახური გარემო, ოჯახის წევრებს შორის დაძაბული ურთიერთობა, არაკეთილსაიმედო სოციალური გარემოცვა, სტრესული სიტუაციები.
- ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაზე უარყოფით გავლენას ახდენს მისი შედარება სხვა ბავშვებთან. „რა ჭკვიანი და ბეჯითია შენი კლასელი გიო. როგორ მინდა, შენც ასეთი იყო! რა დაგემართა, რატომ ვერ ახერხებ, მასავით კარგად ისწავლო და მოიქცე?“ – ასეთი სიტყვებით ზეწოლას ვახდენთ ბავშვზე, რაც მისთვის ძლიერი სტრესის წყაროდ იქცევა.
- მშობლების მეტისმეტად დიდმა მოლოდინმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვზე. მდგომარეობა განსაკუთრებით მწვავდება, როცა მოზარდის რეალურ შესაძლებლობე ბსა და მშობლების მოლოდინს შორის დიდი სხვაობაა.
- უზომო, ასაკსა და ინდივიდუალურ შესაძლებლობებთან შეუსაბამო დატვირთვამ ასევე შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს მენტალურ ჯანმრთელობაზე.
როგორ შევინარჩუნოთ და განვამტკიცოთ ბავშვის მენტალური ჯანმრთელობა
- ბავშვის მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ადრეული ასაკიდანვე უნდა დავიწყოთ. ჯერ კიდევ ჩვილ ასაკში ბავშვი იღებს ემოციური ურთიერთობის გამოცდილებას, ამიტომ იმაზე, როგორ ურთიერთობს ბავშვთან დედა, დამოკიდებული იქნება მისი ემოციური მდგომარეობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დედასთან ჯანსაღი ემოციური ურთიერთობა ბავშვის სიმშვიდის საწინდარია.
- გავუწიოთ მხარდაჭერა და გვქონდეს ეფექტიანი კომუნიკაცია. შევქმნათ უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო, სადაც ბავშვი შეძლებს საკუთარი ემოციებისა და გრძნობების გამოხატვას; რეგულარულად ვიურთიერთოთ მასთან და დავინტერესდეთ მისი ცხოვრებით.
- მივიყვანოთ ბავშვი მისთვის სასურველ სპორტულ სექციაში, ორგანიზება გავუწიოთ აქტიურ თამაშებს ღია ცის ქვეშ. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს ენდორფინების გამომუშავებას, რომლებიც ადამიანის გუნება-განწყობას აუმჯობესებს.
- ვასწავლოთ ბავშვს სტრესის მართვის სტრატეგიები, დავეხმაროთ სტრესთან გამკლავების ეფექტიანი ხერხების: ღრმა სუნთქვის, მედიტაციის, – ათვისებაში.
- გვახსოვდეს, რომ ბავშვს სჭირდება სტაბილურობა და პროგნოზირებადობა. შევიმუშაოთ მასთან ერთად დღის განრიგი და დავეხმაროთ მის დაცვაში.
- თუ ბავშვს ვატყობთ მენტალური ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლის ნორმალურ ცხოვრებასა და განვითარებაში, დახმარებისთვის აუცილებლად მივმართოთ პროფესიონალს.
- მნიშვნელოვანია, დროული რეაგირება გვქონდეს ბავშვის ქცევაში შემჩნეულ ცვლილებებზე, რადგან ფსიქიკური დარღვევების ადრეულ ეტაპზე გამოვლენა მათ წარმატებით დაძლევას უწყობს ხელს.
- ვიცოდეთ: ფსიქოლოგთან მისვლა სრულიადაც არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვს და მედიკამენტური მკურნალობა სჭირდება. უმეტესად საკმარისია თამაშით თერაპია, ნდობით განმსჭვალული ურთიერთობის დამყარება და ბავშვთან მჭიდრო კომუნიკაცია. საყურადღებოა, რომ ბავშვის ქცევის კორექციისთვის საჭიროა მშობლებთან მუშაობაც – მათი კონსულტირება და აღზრდისადმი განსხვავებული მიდგომების ძიება. რეგულარული მუშაობა აუცილებლად გამოიღებს შედეგს.
მენტალური ჯანმრთელობის დარღვევის ძირითად ნიშნებსა და სიმპტომებზე ყურადღების გამახვილება და ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციების გათვალისწინება დაგვეხმარება, შევქმნათ ოპტიმალური პირობები ბავშვის ჯანსაღი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.
No comments:
Post a Comment