Wednesday, January 31, 2018

PowerPoint პრეზენტაცია და სახალისო გარემო ინგლისური ენის გაკვეთილზე

საგანმანათლებლო ტექნოლოგიების გამოყენებამ ენის გაკვეთილის დინამიკა ძირეულად შეცვალა. მასწავლებლები სულ უფრო მეტად იყენებენ ტექნოლოგიებს ენის ოთხივე მიმართულების სწავლებისას. ტექნოლოგიების გამოყენება მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებასა და გაკვეთილის მრავალფეროვანი აქტივობებით გამდიდრებას უწყობს ხელს. საპრეზენტაციო პროგრამები, როგორიცაა PowerPoint (Microsoft) და Keynote (Apple Mac) თანამედროვე სამყაროში საკმაოდ პოპულარულ ინსტრუმენტებად იქცა. თუმცა ამ პროგრამებს უფრო მეტად აკადემიურ გარემოში მიმართავენ, სადაც აუდიტორია შედარებით პასიური და მშვიდია. მაგალითად,  უნივერსიტეტებში ლექციების ან კონფერენციებზე პრეზენტაციების წარსადგენად. ბოლო პერიოდში საგაკვეთილო პროცესში, და კონკრეტულად ენის გაკვეთილზე, ფართოდ დაიწყეს მასწავლებლებმა ზემოთ ნახსენები პროგრამების, განსაკუთრებით კი PowerPoint-ის გამოყენება.
უნდა აღინიშნოს, რომ ხშირ შემთხვევაში მასწავლებლები არასწორად იყენებენ PowerPoint-ს, რაც გაკვეთილს პასიურ ლექციად, მასწავლებელზე ორიენტირებულ პროცესად გარდაქმნის. თუმცაღა, თუკი სწორად დავგეგმავთ აქტივობებს და მართებულად გამოვიყენებთ, PowerPoint შეიძლება განსაკუთრებულად საინტერესო  დამხმარე ინსტრუმენტად ვაქციოთ ინტერაქციული გაკვეთილის ჩატარებისათვის, სადაც წახალისდება თანამშრომლობით სწავლება  და მოსწავლეთა მოტივაცია  ენის შესწავლაზე ორიენტირებული დავალებების შესრულებისას.
ყველაზე ხშირად მასწავლებლები PowerPoint-ს მიმართავენ, როდესაც ისინი მოსწავლეებს წარუდგენენ  ლექსიკურ ერთეულებს, გრამატიკულ სტრუქტურებს, ფუნქციურ გამოთქმებს.  გაგაცნობთ PowerPoint -ის რამდენიმე განსხვავებულ გამოყენებას, რაც მიზნად ისახავს  ინფორმაციის არა პირდაპირ, სწორხაზოვან  ტრანსფერს კომპიუტერიდან სტუდენტების ტვინისკენ, არამედ წარმოადგენს მეთოდს, რომელიც უზრუნველყოფს ენის კომუნიკაციურ ათვისებას, მაქსიმალურ ინტერაქციას და მოსწავლეთა ჩართულობას.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ქვემოთ წარმოდგენილი იდეებიდან ზოგიერთის განხორციელება მასწავლებელს საპრეზენტაციო პროგრამების გარეშეც შეუძლია, დაფის ან ამობეჭდილი სამუშაო ფურცლების გამოყენებით, თუმცა PowerPoint პროგრამა მათ განსხვავებულ ელფერს სძენს. კერძოდ, ინსტრუქციიდან კონკრეტულ დავალებაზე გადასვლა უფრო მოქნილია და მოსწავლეთა ყურადღება და ფოკუსირების დონე საგრძნობლად ამაღლებულია, რაც მასალის უკეთ ათვისებას უზრუნველყოფს.
  1. ნელი „გამოაშკარავება“
გუნდური თამაში
მიზანი: ნასწავლი ლექსიკის გამეორება/გამტკიცება
აქტივობისათვის მომზადება:
ჩამოტვირთეთ სურათები, რომელზეც გამოსახული იქნება ნასწავლი ლექსიკური ერთეულები. მაგალითად, ავეჯის ამსახველი სურათები. მოათავსეთ ერთი სურათი ერთ სლაიდზე და დაფარეთ თითოეული სურათი 20-25 კვადრატით. განალაგეთ კვადრატები ისე, რომ თითოეულ დაწკაპუნებაზე ერთი კვადრატი გაქრეს. ამგვარად დაფარული სურათი შეგეძლებათ ნელ-ნელა „გამოააშკარავოთ“.
აქტივობა:
ამ თამაშისათვის მოსწავლეები დაყავით ჯგუფებად (თითოეულ ჯგუფში არაუმეტეს 5 მოსწავლე). თითო ჯერზე თითოეული ჯგუფიდან მხოლოდ ერთი მოსწავლე დგება ფეხზე. ისინი უყურებენ ეკრანს, სადაც სურათი ნელ-ნელა იწყებს „გამოაშკარავებას“. მოსწავლე, რომელიც პირველად წამოიძახებს სურათზე გამოსახულ საგანს სწორად (მაგ: „მაგიდა“),გუნდს ქულას მოუტანს.
  1. სწრაფი გამეორება (drill)
გაბმით მეტყველებისა (fluency) და გრამატიკის სწავლებისას გამოსაყენებელი აქტივობა.
აქტივობისათვის მომზადება:
თავდაპირველად დაწერეთ გაკვეთილის მიზნის შესაბამისად მინიშნებები 10 წინადადების შესადგენად. მაგალითად, თუ გაკვეთილის მიზანი წარსული მარტივი დროის სწავლებაა, დაწერეთ ამგვარი მინიშნებები:  “yesterday/TV”  ან “this morning/breakfast”. თითოეული მინიშნება უნდა გამოჩნდეს ორწამიანი ინტერვალით. (ეს შეგიძლიათ მართოთ “entrance effect” საშუალებით PowerPoint-ის გამოყენებისას).
აქტივობა:
მოსწავლეები მუშაობენ წყვილებად და უყურებენ ეკრანს. როგორც კი თითოეული მინიშნება გამოჩნდება, ერთი მოსწავლე ამბობს სრულ წინადადებას. მაგალითად, თუ მინიშნება იყო “yesterday/TV” , მოსწავლე ამბობს: “Yesterday I watched TV”. მეორე მოსწავლე უსმენს და შეცდომის დაფიქსირების შემთხვევაში ინიშნავს დაშვებულ შეცდომას. რამდენადაც მინიშნებები ავტომატურად ჩნდება 2-წამიანი ინტერვალებით, მოსწავლეები იძულებულნი არიან საკუთარი წინადადებები ჩამოაყალიბონ რამდენადაც შესაძლებელია სწრაფად.
  1. შარადები
ეს კონკრეტული აქტივობა წარმოადგენს საკმაოდ პოპულარული აქტივობის ვარიაციას, რომელსაც ძირითადად მოთელვისთვის ვიყენებთ (warmer).
აქტივობისათვის მომზადება:
სლაიდზე დაწერეთ სიტყვები ან ფრაზები, რომელთა ახსნა ჟესტური ენითაა შესაძლებელი. გაკვეთილის სამიზნე ენიდან გამომდინარე, ეს შეიძლება იყოს პროფესიების, სპორტის, თავისუფალი დროის აქტივობების ან ნებისმიერი სხვა კატეგორიის ამსახველი ლექსიკური ერთეულები.
აქტივობა:
მოსწავლეებს ვაჯგუფებთ (ოთხი ან ხუთი მოსწავლე თითოეულ ჯგუფში). ერთი მოსწავლე უყურებს ეკრანს, დანარჩენებს თავი უდევთ მაგიდაზე იმგვარად, რომ ვერ დაინახონ ეკრანზე გამოსახული სიტყვა. მასწავლებელი აჩვენებს ერთ სიტყვას, მაგალითად: „ტენისის თამაში“. შემდეგ სიტყვა გაქრება ეკრანიდან, ფეხზე მდგომი მოსწავლე მეგობრებს უხსნის სიტყვას მიმიკებითა და ჟესტებით. გუნდი, რომელიც პირველი გამოიცნობს სიტყვას, იღებს ქულას. გუნდის ყველა მოსწავლე რიგრიგობით ხსნის თითო სიტყვას.
  1. „არ მითხრა სიტყვა …“
აქტივობის მიზანია ზეპირმეტყველების განვითარება.
აქტივობისათვის მომზადება:
მოამზადეთ სლაიდი, რომელზეც თავმოყრილია საშუალოდ 8-10 სიტყვა ერთი კონკრეტული თემის მიხედვით. მაგალითად: ქვეყნები, სასკოლო საგნები, ტანსაცმელი და ა. შ.
ყველა ეს სიტყვა ეკრანზე ერთდროულად ჩანს. ასევე, შექმენით მეორე სლაიდი იმავე პრინციპით. მაგალითად, თუ პირველ სლაიდზე არის ქვეყნები: კანადა, ტაილანდი, ჩინეთი და ა.შ, მეორე სლაიდზე შესაძლოა განვათავსოთ მექსიკა, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.
აქტივობა:
მოსწავლეები სხდებიან წყვილებად: მოსწავლე A და მოსწავლე B ერთმანეთის პირისპირ. მოსწავლე B ზურგით ეკრანთან, ისე რომ ეს უკანასკნელი ვერ ხედავს სიტყვებს. ეკრანზე ჩნდება პირველი სლაიდი. მოსწავლე A ირჩევს ნებისმიერ სიტყვას ჩამონათვალიდან და აღწერს მას იმგვარად, რომ მეორე მოსწავლემ შეძლოს მისი გამოცნობა. მაგალითად: „შენ შეგიძლია ამ ქვეყანაში ნახო ბიგ ბენი (Big Ben)“. მოსწავლე B უსმენს და ამბობს „დიდი ბრიტანეთი“. წყვილებს აქვთ 2 წუთი, რომ გამოიცნონ რაც შეიძლება მეტი სიტყვა. ორი წუთის გასვლის შემდეგ ისინი უცვლიან ერთმანეთს ადგილს და აკეთებენ იმავე აქტივობას მეორე სლაიდზე გამოსახულ სიტყვებზე.
  1. მეხსიერების ტესტი
ამ აქტივობის მიზანია წერის უნარის განვითარება ნანახი ვიდეოკლიპის ან მოკლე ფილმის დამახსოვრების საფუძველზე.
აქტივობის მომზადება:
მოამზადეთ მაქსიმუმ ერთწუთიანი ვიდეოკლიპი. ვიდეო შესაძლებელია მოიძიოთ You Tube-ზე და შემდეგ ჩადოთ პრეზენტაციის ფორმატში (სლაიდში).
აქტივობა:
მოსწავლეები მუშაობენ წყვილებად. დააველეთ მოსწავლეებს, უყურონ ვიდეოს ყურადღებით. ამის შემდეგ ისინი იღებენ კალმებს და წერენ წინადადებებს ნანახი ფილმის შესახებ. მათ შესაძლოა აღწერონ პერსონაჟები, გარემო, მოქმედება და ა.შ. მიეცით მათ გარკვეული დროის ლიმიტი. ამ ლიმიტის ამოწურვის შემდეგ მოსწავლეები ცვლიან ფურცელს გვერდით მჯდომ მოსწავლესთან. აჩვენეთ ვიდეო მათ განმეორებით. მოსწავლეები ასწორებენ მათი მეგობრის მიერ დაწერილ წინადადებებს. წერის უნარის განვითარებაზე დამატებითი მუშაობის მიზნით, შესაძლებელია მოსწავლეები ამუშაოთ  შეცდომების შესწორებაზე და შემდეგ გადააწერინოთ უკვე გასწორებული წინადადებები.
  1. დიალოგი
ამ აქტივობის საშუალებით მოსწავლეები შეძლებენ სასაუბრო ენის დახვეწას.
აქტივობის მომზადება:
სახელმძღვანელოებში ყოველთვის არის მოცემული დავალებები, რომელთა მიზანიც სასაუბრო ენის დახვეწაა. ამ დავალებებზე დაყრდნობით მოსწავლეები წყვილებში ადგენენ დიალოგს და გაითამაშებენ მას. იგივე დავალება უფრო საინტერესო ფორმით შესაძლებელია მოსწავლეებს შევთვაზოთ PowerPoint-ის მეშვეობით. მასწავლებელი წერს დიალოგს სლაიდზე და ფარავს სიტყვებს შავი მართკუთხედებით. მართკუთხედები სლაიდზე მაუსის დაწკაპუნების შედეგად გამოჩნდება.
აქტივობა:
მოსწავლეები მუშაობენ წყვილებად. ისინი კითხულობენ ეკრანზე გამოსახულ  დიალოგს სრულად. ერთხელ წაკითხვის შემდეგ მასწავლებელი ფარავს გარკვეულ სიტყვებს შავი მართკუთხედებით. მოსწავლეები გაითამაშებენ დიალოგს და აღადგენენ დაფარულ სიტყვებს მეხსიერებით. თანდათანობით უფრო მეტი სიტყვა იმალება და ბოლოს მთელი დიალოგი „შავდება“. მოსწავლეები მეხსიერებიდან სრულ დიალოგს აღადგენენ.

როგორც ზემოთ განხილული აქტივობებიც ცხადყოფს, საპრეზენტაციო პროგრამის (PowerPoint) კრეატიული გამოყენებით შესაძლებელია  ინგლისური ენის გაკვეთილზე მრავალრიცხოვანი კლასი გარდავქმნათ შეკრულ, ფოკუსირებულ აუდიტორიად. ამგვარი აქტივობების ერთ-ერთი დადებითი მხარე ისიც არის, რომ არ დაგჭირდებათ წინასწარ მოამზადოთ და გადაიღოთ სამუშაო ფურცლები. ასევე, გაქვთ შესაძლებლობა, შეცვალოთ აქტივობების შინაარსი და მიმდინარეობის პროცესში მოარგოთ ის მოსწავლეთა საჭიროებებს, ერთხელ მომზადებული აქტივობა გამოიყენოთ სხვადასხვა კლასში სხვადასხვა დროს.  ამ პროგრამის ასათვისებლად გაწეული ძალისხმევა ნამდვილად ღირს იმ ეფექტად, რასაც მისი საკლასო ოთახში გამოყენებით მიიღებთ.

თამაშის როლი უცხო ენის სწავლებაში

რას მატებს თამაში უცხო ენის გაკვეთილს
უცხო ენის სწავლა-სწავლებისას თამაშს ლინგვისტურ რეალიებთან ერთად კულტურის გადამტანის როლიც აკისრია. სასწავლო მეთოდად თამაშის გამოყენებისას ცენტრშია შემსწავლელი, მისი ინტერესები და შესაძლებლობები. სასწავლო პროცესში თამაშის გამოყენება ხელს უწყობს პოზიტიური, უშუალო ატმოსფეროს ჩამოყალიბებას, რაც ამ მეთოდს ტრადიციული პედაგოგიური მეთოდებისგან განასხვავებს.
უცხო ენის გაკვეთილზე თამაშის გამოყენება კომუნიკაციური მიდგომის ერთ-ერთი სახესხვაობაა, რომელის მეშვეობითაც უმჯობესდება სოციალური უნარები, ზეპირმეტყველება და ინტერაქცია.
თამაშს შეუძლია, გაალღოს თანაკლასელებსა თუ ჯგუფის წევრებს შორის არსებული ყინული, წაახალისოს მონაწილეები რთული სამუშაოს შესასრულებლად. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის ხელს უწყობს ჯგუფის დინამიკას.
გარდა ამისა, თამაში სცდება ფუნქციურ მიზნებს და მიდის უფრო შორს – მეტყველებამდე, სიტყვის თქმამდე და ა.შ.
უცხო ენის გაკვეთილზე გასართობი ქმედების უმთავრესი უპირატესობა მოტივაციის ამაღლებაა. ამ დროს მონაწილე უშუალოდაა ჩართული პროცესში და თვითშემეცნებას ეწევა. ფრანგული ენის გაკვეთილზე თამაშის გამოყენება წმინდა ლინგვისტური შესაძლებლობების განვითარებას კი არ ისახავს მიზნად, არამედ „მოქმედებას და რეაქციას სხვადასხვა საკომუნიკაციო სიტუაციაში“.
როგორ შევარჩიოთ თამაში
რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად თამაშის არჩევისას უნდა განვსაზღვროთ სამიზნე ჯგუფი. აუცილებელია, მასწავლებელი კარგად იცნობდეს მას, ითვალისწინებდეს მის ინტერესებსა და შესაძლებლობებს. გარდა ამისა, უნდა დაფიქრდეს იმაზეც, რამდენად მნიშვნელოვანია ეს თამაში სპეციფიკური და გლობალური მიზნების მისაღწევად.
მოსაძიებელია ალტერნატიული გზებიც, რადგან შესაძლოა, თამაში შეესაბამებოდეს სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს, მაგრამ, ამასთანავე, არსებობდეს ამ მიზნების მიღწევის უკეთესი, უფრო საინტერესო საშუალებაც.
გარდა ამისა, უნდა დავფიქრდეთ ჯგუფის მობილობაზე, იმაზე, როგორ განთავსდებიან მონაწილეები და ა.შ.

თამაშის მიზანი: ისევე როგორც ყველა პედაგოგიურ აქტივობას, თამაშსაც სჭირდება ნათელი და კონკრეტული მიზანი – უნდა ვიცოდეთ, რისთვის მოვიხმობთ ამ მეთოდს: წერითი თუ ზეპირი უნარების განსავითარებლად, ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად, გრამატიკული ერთეულების დასასწავლად… მიზანი ის მარადიული კითხვაა, რომელსაც მასწავლებელი გამუდმებით უნდა უსვამდეს საკუთარ თავს.
მონაწილეთა (მოსწავლეთა) რაოდენობა ჯგუფში: აუცილებელია, წინასწარ განისაზღვროს ისიც, თამაში ჯგუფურია თუ ინდივიდუალური, რადგან მონაწილეთა რაოდენობა ზოგიერთ თამაშში შეზღუდულია და პირიქით, არსებობს სოციალური თამაშები, რომლებიც დიდ ჯგუფებთან გაცილებით ეფექტურია, ვიდრე მცირესთან.
მონაწილეთა აკადემიური დონე და სოციალური უნარები: აუცილებელია ამ ფაქტორთა გათვალისწინება და მათი ერთმანეთისგან გამიჯვნა. მაგალითად, დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლე შესაძლოა იყოს ღია, დინამიკური და სიამოვნებით მიიღოს მონაწილეობა ჯგუფურ თამაშში, ხოლო მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლემ, რომელსაც არ აქვს განვითარებული ინტერპერსონალური უნარები, პირიქით, უარი თქვას მასზე, ამიტომ თამაშის ისეთი წესების შერჩევაა საჭირო, რომლებიც ყველა მონაწილეს მოერგება.
თამაშის დრო და ხანგრძლივობა: გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგიერთი თამაშის წესების ახსნას მეტი დრო სჭირდება, ზოგისას –  ნაკლები; ზოგი ჯგუფი უფრო იოლად ითვისებს წესებს, ზოგი – უფრო ძნელად. განსაზღვრეთ, რამდენი ხანი დაგჭირდებათ თამაშის დროს მოგროვებული ქულების დასათვლელად, რადგან ხშირად ეს პროცესი უფრო მეტ ხანს მოითხოვს, ვიდრე წარმოგვიდგენია.
თამაშის დროს სივრცის გამოყენება: იმის გასარკვევად, გეყოფათ თი არა სივრცე, დაუსვით საკუთარ თავს შემდეგი კითხვები: სად აპირებთ თამაშს – საკლასო ოთახში თუ მის გარეთ? პატარაა თუ დიდი საკლასო ოთახი? მოძრავია თუ არა მაგიდები? მოძრავია თუ არა თავად თამაში?
გაითვალისწინეთ შემდეგი რეკომენდაციებიც:
  • შეარჩიეთ თამაშისთვის სასურველი დრო;
  • ხელი შეუწყვეთ პოზიტიური გარემოს შექმნას;
  • აუხსენით მონაწილეებს წესები და შეამოწმეთ, ყველამ გაიგო თუ არა მითითებები.
  • თამაშის დროს გაამხნევეთ მოსწავლეები, რათა მათ აქტიური მონაწილეობის სურვილი გაუჩნდეთ.
თამაშის დასრულების შემდეგ:
  • შეაჯამეთ თამაში. ამასთან, სასურველია, მომავალი თამაშის იდეაც დასახოთ.
ერთი თამაშის პრაქტიკული მაგალითი
„დაასწარი – იპოვე ზმნა და შეადგინე წინადადება“
თამაშის კომუნიკაციური მიზანი: ზეპირმეტყველების განვითარება
ენობრივი/ ლინგვისტური მიზანი: ზმნის უღლება აწმყო დროში, დასწავლილი ლექსიკური მარაგის მიზნობრივი გამოყენება
სამიზნე ჯგუფი: A1 და ზევით
რესურსი: წინასწარ მომზადებული თვალსაჩინოება
მოსამზადებელი საფეხური:
I ეტაპი
დაავალეთ მოსწავლეებს, ფურცლებზე დახატონ ხელის მტევნები, ხელისგულებზე დაწერონ ზმნის უღლება და ამოჭრან (ზმნების შერჩევა შეიძლება მიზნობრივად, იმის მიხედვით, რომელ დროს და რომელი ჯგუფის ზმნებს გადიხართ. მაგ., I ჯგუფის ზმნები აწმყო დროში – présent les verbes en -er. სასურველია, ზმნები წინასწარ დაინაწილონ მოსწავლეებმა, რათა არ გამეორდეს. რაოდენობა განსაზღვრეთ მოსწავლეთა რაოდენობის მიხედვით. სასურველია დაახლოებით 50 ზმნა).
II ეტაპი
მოსწავლეები შესრულებულ დავალებას აკრავენ ერთ დიდ ფორმატზე, ისე, რომ იკითხებოდეს. დასრულებული თვალსაჩინოება გააკარით შესამჩნევ და ხელმისაწვდომ ადგილას.
თამაშის საფეხური
I ეტაპი
◦ მონაწილეები იყოფიან ორ ჯგუფად.
◦ თითო ჯგუფიდან გამოდის თითო წარმომადგენელი, დგება თვალსაჩინოებასთან და ელოდება დავალებას.
◦ თამაშის წამყვანი (შეიძლება, ეს იყოს მასწავლებელი) ასახელებს ზმნას, რომელიც მოცემულია თვალსაჩინოებაზე.
◦ ჯგუფის წარმომადგენლები ეძებენ ზმნას, პოვნის შემთხვევაში აფარებენ ხელს (ისე, რომ დაიფაროს ნაუღლები ზმნა) და აუღლებენ ზეპირად.
◦ ამავე ზმნის გამოყენებით ადგენენ წინადადებას (თამაშის გართულებისას შეიძლება სხვა მითითებების მიცემაც, მაგალითად, რა ასო-ბგერაზეც იწყება ზმნა, იმავე ასო-ბგერაზე დაიწყოს წინადადების ყველა წევრი: ).
თითოეულ შესრულებულ დავალებაში ჯგუფი იღებს თითო ქულას. გამარჯვებულია ის, ვინც დაასწრებს პასუხს (უფრო სწრაფად იპოვის ზმნას, უფრო სწრაფად აუღლებს მას და შეადგენს წინადადებას).
თამაში გრძელდება მანამდე, სანამ ჯგუფის ყველა წევრი არ გამოვა სათამაშოდ.
გამოყენებული ლიტერატურა

დისკუსია უცხოური ენის გაკვეთილზე

დისკუსია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია, რომელსაც გვთავაზობენ მეთოდისტები მოსწავლეებისთვის მსჯელობის, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარის განსავითარებლად. ის ავარჯიშებს მოსწავლეებს აზრების ზეპირად, მწყობრად გამოხატვასა და დასკვნების გამოტანაში. მასწავლებლების უმეტესობას მიაჩნია, რომ დისკუსია მათი გაკვეთილის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ხშირად ამ მეთოდის გამოყენებად მიიჩნევენ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარებულ გაკვეთილს ან მოსწავლის მიერ რამდენიმე არგუმენტის მოყვანას. უცხოური ენის გაკვეთილზე დისკუსიას უფრო ხშირად საშუალო საფეხურზე იყენებენ, თუმცა მისი ელემენტები გვხვდება დაწყებით და საბაზო საფეხურებზეც. ესგ-ის უცხოური ენის სტანდარტის სამივე საფეხურზე გათვალისწინებულია სამეტყველო, კერძოდ, ლაპარაკის უნარზე მუშაობა. თუ ადრე უცხოური ენის სწავლებისას მთავარი აქცენტი დაისმოდა ცოდნის გადაცემაზე, დღევანდელი მიდგომით, ყურადღება წინარე ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზეა გამახვილებული. ამ პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სასწავლო გარემოს, მიზნების მოქნილობას, პიროვნული ასპექტებისა და მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას და სხვ. პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების გამოყენებით უცხოური ენის სწავლების პროცესი შეიძლება უფრო ეფექტიანი გავხადოთ. დისკუსია როგორც პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდი სულ უფრო ხშირად გამოიყენება უცხოური ენის გაკვეთილზე, რადგან ეს კარგი საშუალებაა ენობრივი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენებისთვის, რაც ამავე დროს ახალი იდეების გენერირებასაც უწყობს ხელს.
ძალიან მნიშვნელოვანია სადისკუსიო თემის შერჩევა. სასურველია, თემა მოსწავლეთა ასაკისთვის საინტერესო იყოს. მასწავლებლები დისკუსიის დაგეგმვისას ხშირად სოციალურ თემებზე არსებულ ტექსტებს მიმართავენ. 

ჯგუფების ვერსიების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი იწყებს დისკუსიას, რათა ეს ისტორია რეალობას მიუახლოოს. დისკუსიის ჩატარებამდე მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ წესები. კერძოდ, მნიშვნელოვანია, იმის ცოდნა, რომ

  • არსებობს დაუსაბუთებელი და დასაბუთებული მოსაზრება;
  • არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, საკუთარი თვალსაზრისის დაცვასთან ერთად სხვების თვალსაზრისსაც უნდა სცენ პატივი;
  • აკრიტიკებენ აზრებს და არა ადამიანებს.
  • დასვან შეკითხვები;
  • პერიფრაზირების, კითხვის დასმის გზით დააზუსტონ გამოთქმული თვალსაზრისი (მაგალითად, „თუ სწორად გავიგე, შენ ამბობ, რომ…“);
  • იკამათონ კონსტრუქციულად;
  • შეაჯამონ დისკუსიისას გამოთქმული აზრი;
  • გადაამოწმონ ვარიანტები.

მასწავლებლის გასაკონტროლებელია შემდეგი: დისკუსიის მიზნები და წარმართვის წესები წინასწარ უნდა იყოს ცნობილი; დისკუსიის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ჯგუფს განსახილველი საკითხის შესახებ ცოდნის გამომჟღავნებასა და პრობლემის გადაწყვეტისთვის ამ ცოდნის გამოყენებაში; დისკუსია პასუხების განუსაზღვრელ რაოდენობას წარმოშობს და არ მოითხოვს ერთადერთ დასკვნას;
დისკუსიის დროს მასწავლებელი მხოლოდ აკონტროლებს მონაწილეთა მიერ დისკუსიის წესების დაცვას და ინიშნავს მათ პასუხებს, რომ მოსწავლეები შეაფასოს. არ არის მიზანშეწონილი, დისკუსიაში მან აშკარად გამოხატოს საკუთარი პოზიცია. მან უნდა შეაფასოს არგუმენტები და არა პოზიციის სისწორე. სასურველია გამოვიყენოთ ჯგუფის შეფასების რუბრიკა ან ჩეკლისტი, რომელიც შეიძლება შეავსოს ჯგუფის ერთმა წევრმა, რომელიც საერთო პოზიციის გამომხატველი იქნება, ან ჯგუფის თითოეულმა წევრმა.
 დისკუსიის ბოლოს ხდება საკითხის შეჯამება. მასწავლებელს შეუძლია დაამატოს აქტივობები მიზნის მისაღწევად. სასურველია, გაკვეთილის ბოლოს მოხდეს კითხვარის შევსება ან ჯგუფში განხილვა. ეს დამოკიდებულის კლასის შესაძლებლობებზე.
 

წერის სწავლების ნაბიჯები და სტრატეგიები

ბევრი მიიჩნევს, რომ წერა რთული  და დამღლელი საქმიანობაა.ცხადია, წერა მეტაკოგნიტურ უნარებს აერთიანებს და იგი ამიტომაც არ არის იოლი საქმე. მაგრამ მსგავსად ნებისმიერი სხვა კომპლექსური სამუშაოსა, წერა და მისი სწავლების პროცესი იოლდება, თუკი  საჭირო ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ. წერის სტრატეგიები სწორედ ის ხელსაწყოებია, რომელთა ცოდნა წერის დროს ძალიან დაგვეხმარება. მთავარია, მათი გამოყენება ადრეულ ასაკში წერის ათვისებისთანავე ვისწავლოთ. მათთან მისასვლელად კი რამდენიმე აუცილებელი ნაბიჯის გადადგმა აუცილებლად დაგვჭირდება.

 ნაბიჯი პირველი – მოვიხსნათ წერის შიში
 წერა უმაღლეს სააზროვნო უნარებს მოითხოვს, რადგან შემოქმედებითი პროცესია და წერის შიშიც იქნებ სწორედ ამ ცოდნას უკავშირდება. სინამდვილეში საშიში არც არაფერია. მთავარია, ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ ჩვენი ტვინი ეფექტურად,
 ფსიქოლოგები დიდი ხანია თანხმდებიან, რომ ყველას აქვს უნარი, იყოს კრეატიული.ტვინის მარცხენა ნახევარსფეროს გამოყენება უკავშირდება სიტყვებს, რიცხვებს, ცხრილებს, ლოგიკას, ანალიზს, ხოლო მარჯვენას საქმე აქვს რიტმთან, ფერებთან, ფორმასთან, წარმოსახვასთან, ოცნებასთან, კრეატიულობის პროცესისთვის ტვინის ორივე სფეროს მუშაობაა საჭირო, რათა მან მიიღოს წარმოსახვითი ოცნება, ტექსტი, რიცხვები, ფერი – ყველაფერი ერთად. სწორედ ეს არის კრეატიულობა. და ეს სჭირდება წერის პროცესს.
 ნაბიჯი მეორე – ვისწავლოთ ფიქრის სისწრაფე
 საჭიროა ვისწავლოთ ფიქრის სისწრაფე, რაც ნიშნავს, რამდენად სწრაფად შეგვიძლია იდეების გენერირება და ეს უნარი შეგვიძლია განვავითაროთ მარტივად – თამაშით. შეგვიძლია უფრო სწრაფად ფიქრში ვივარჯიშოთ. მეტი სისწრაფე და ასეთი სახის პროდუქტიულობაა გენიოსობის კრიტერიუმი. „გონებრივი იერიშის“ მეთოდის ხშირი გამოყენება სწრაფად ფიქრს ნამდვილად მიგვაჩვევს, თუკი მისთვის განკუთვნილ დროს გაკვეთილსა თუ წერის ლექციებზე თანდათან შევამცირებთ და დამატებით სხვა აქტივობას დავუკავშირებთ.
 ნაბიჯი მესამე – აზროვნების მოქნილობა
 მომდევნო ნაბიჯი აზროვნების მოქნილობაა, დამიანებს გვახასიათებს მხოლოდ ერთი მიმართულებით ფოკუსირება და ეს მიმართულებაა – „მე ვფიქრობ“, „მე მიმაჩნია“. სინამდვილეში უნდა ვფიქრობდეთ, რამდენი მხრიდან, რამდენი პერსპექტივიდან შემიძლია ამის დანახვა.
 ნაბიჯი მეოთხე – წარმოსახვა და ასოციაცია
 წარმოსახვა შემოქმედებითი აზროვნების სულია და მას კრეატიულად მოაზროვნე ყველა დიდი ადამიანი მიმართავს, ვინც დაბრკოლებების მიუხედავად, ხედვას გზას უხსნის და მირაჟების მანამ სჯერა, ვიდრე ისინი გაქრებიან

წარმოსახვა და ასოციაცია ორი მთავარი, საკვანძო სიტყვაა კრეატიული აზროვნების აღსანიშნად. რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვწეროთ კრეატიულად? ჯერ უნდა აღმოვაჩინოთ ასოციაცია და საგნებს შორის კავშირი. ეს არის ახლის შექმნის უნარი, წერისთვის ასე საჭირო და მნიშვნელოვანი, რომლის სწავლება და ათვისება ბავშვობის ასაკიდავნე შეიძლება.
თუკი ყველა ეს ნაბიჯი უკვე გადავდგით,  ინსტრუმენტებსაც მივუახლოვდით და გავაცნობიერეთ, რომ კარგად წერა შემთხვევითობად ვერ ჩაითვლება. ამ პროცესის წარმატებისთვის კი მნიშვნელოვანია სხვა მენტალური პროცედურის გავლაც.ისინი სტრატეგიებია, რომელთაგან რამდენიმეს მომდევნო პოსტში აუცილებლად შემოგთავაზებთ.
 წერის სწავლების ნაბიჯები და სტრატეგიები-ის სურათის შედეგი