Wednesday, January 31, 2018

დისკუსია უცხოური ენის გაკვეთილზე

დისკუსია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მეთოდია, რომელსაც გვთავაზობენ მეთოდისტები მოსწავლეებისთვის მსჯელობის, კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაწყვეტის უნარის განსავითარებლად. ის ავარჯიშებს მოსწავლეებს აზრების ზეპირად, მწყობრად გამოხატვასა და დასკვნების გამოტანაში. მასწავლებლების უმეტესობას მიაჩნია, რომ დისკუსია მათი გაკვეთილის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ხშირად ამ მეთოდის გამოყენებად მიიჩნევენ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩატარებულ გაკვეთილს ან მოსწავლის მიერ რამდენიმე არგუმენტის მოყვანას. უცხოური ენის გაკვეთილზე დისკუსიას უფრო ხშირად საშუალო საფეხურზე იყენებენ, თუმცა მისი ელემენტები გვხვდება დაწყებით და საბაზო საფეხურებზეც. ესგ-ის უცხოური ენის სტანდარტის სამივე საფეხურზე გათვალისწინებულია სამეტყველო, კერძოდ, ლაპარაკის უნარზე მუშაობა. თუ ადრე უცხოური ენის სწავლებისას მთავარი აქცენტი დაისმოდა ცოდნის გადაცემაზე, დღევანდელი მიდგომით, ყურადღება წინარე ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაზეა გამახვილებული. ამ პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება სასწავლო გარემოს, მიზნების მოქნილობას, პიროვნული ასპექტებისა და მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებას და სხვ. პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდების გამოყენებით უცხოური ენის სწავლების პროცესი შეიძლება უფრო ეფექტიანი გავხადოთ. დისკუსია როგორც პრობლემაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდი სულ უფრო ხშირად გამოიყენება უცხოური ენის გაკვეთილზე, რადგან ეს კარგი საშუალებაა ენობრივი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენებისთვის, რაც ამავე დროს ახალი იდეების გენერირებასაც უწყობს ხელს.
ძალიან მნიშვნელოვანია სადისკუსიო თემის შერჩევა. სასურველია, თემა მოსწავლეთა ასაკისთვის საინტერესო იყოს. მასწავლებლები დისკუსიის დაგეგმვისას ხშირად სოციალურ თემებზე არსებულ ტექსტებს მიმართავენ. 

ჯგუფების ვერსიების მოსმენის შემდეგ მასწავლებელი იწყებს დისკუსიას, რათა ეს ისტორია რეალობას მიუახლოოს. დისკუსიის ჩატარებამდე მოსწავლეებმა უნდა გაიხსენონ წესები. კერძოდ, მნიშვნელოვანია, იმის ცოდნა, რომ

  • არსებობს დაუსაბუთებელი და დასაბუთებული მოსაზრება;
  • არსებობს განსხვავებული მოსაზრებები, საკუთარი თვალსაზრისის დაცვასთან ერთად სხვების თვალსაზრისსაც უნდა სცენ პატივი;
  • აკრიტიკებენ აზრებს და არა ადამიანებს.
  • დასვან შეკითხვები;
  • პერიფრაზირების, კითხვის დასმის გზით დააზუსტონ გამოთქმული თვალსაზრისი (მაგალითად, „თუ სწორად გავიგე, შენ ამბობ, რომ…“);
  • იკამათონ კონსტრუქციულად;
  • შეაჯამონ დისკუსიისას გამოთქმული აზრი;
  • გადაამოწმონ ვარიანტები.

მასწავლებლის გასაკონტროლებელია შემდეგი: დისკუსიის მიზნები და წარმართვის წესები წინასწარ უნდა იყოს ცნობილი; დისკუსიის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ჯგუფს განსახილველი საკითხის შესახებ ცოდნის გამომჟღავნებასა და პრობლემის გადაწყვეტისთვის ამ ცოდნის გამოყენებაში; დისკუსია პასუხების განუსაზღვრელ რაოდენობას წარმოშობს და არ მოითხოვს ერთადერთ დასკვნას;
დისკუსიის დროს მასწავლებელი მხოლოდ აკონტროლებს მონაწილეთა მიერ დისკუსიის წესების დაცვას და ინიშნავს მათ პასუხებს, რომ მოსწავლეები შეაფასოს. არ არის მიზანშეწონილი, დისკუსიაში მან აშკარად გამოხატოს საკუთარი პოზიცია. მან უნდა შეაფასოს არგუმენტები და არა პოზიციის სისწორე. სასურველია გამოვიყენოთ ჯგუფის შეფასების რუბრიკა ან ჩეკლისტი, რომელიც შეიძლება შეავსოს ჯგუფის ერთმა წევრმა, რომელიც საერთო პოზიციის გამომხატველი იქნება, ან ჯგუფის თითოეულმა წევრმა.
 დისკუსიის ბოლოს ხდება საკითხის შეჯამება. მასწავლებელს შეუძლია დაამატოს აქტივობები მიზნის მისაღწევად. სასურველია, გაკვეთილის ბოლოს მოხდეს კითხვარის შევსება ან ჯგუფში განხილვა. ეს დამოკიდებულის კლასის შესაძლებლობებზე.
 

No comments:

Post a Comment