Friday, July 13, 2018

აგათა კრისტი – ყველაზე ბედნიერი ბავშვი

აგათა კრისტის მშობლებმა იცოდნენ, როგორ უნდა აღეზარდათ ნიჭიერი და ბედნიერი ადამიანი.

აგათა კრისტის საინტერესო და რთულ ცხოვრებაში მართლაც ყველაფერი მოხდა: ორი მსოფლიო ომი, სიყვარული და ძლიერი მამაკაცების ეჭვიანობა, სამხედრო ექთნის სამსახური და იდუმალი გაუჩინარება, ახლო აღმოსავლეთში არქეოლოგიური გათხრები და, რა თქმა უნდა, მისი ცნობილი ერკულ პუარო და მის მარლპი.

მწერლის ცხოვრებამ ორი საუკუნის ისტორია დაიტია: XIX საუკუნის ვიქტორიანული ეპოქის ბოლო და მთელი მე-20 საუკუნე. ბევრმა არც კი იცის, რომ დეტექტივების გარდა, მწერალმა 600-გვერდიანი „ავტობიოგრაფიაც“ დატოვა, სადაც ყველაზე ოსტატურად ბავშვობა აღწერა. „უდიდესი ბედნიერება, რომელიც შეიძლება სიცოცხლეში დაგემართოს, არის ბავშვობა“, – წერდა ის.

დეტექტივების დედოფალი მორცხვი მოზარდი იყო. მაშ, როგორ გადაიქცა ცნობილ მწერლად? როგორ აღზარდეს ასეთად? აგათას ბავშვობით თუ ვიმსჯელებთ, ნიჭიერი ადამიანის აღზრდის პრინციპები მარტივი და ამავდროულად, ძალიან გონივრულია.

  1. აგათა ქრისტის ბავშვობა ბედნიერი იყო

მშობლიური კერა მთელი ცხოვრების განმავლობაში მისი მომავლის საძირკველად იქცა.  მხოლოდ ასეთი სახლის მქონენი იზრდებიან უშიშარ ადამიანებად, რომლებსაც შეუძლიათ, ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნონ სიმშვიდე. ბედნიერ ოჯახში გაზრდილი გოგონა  სიცოცხლის ბოლომდე ოპტიმიზმით უყურებდა სამყაროს. სწორედ მშობლიურ სახლთან იყო დაკავშირებული მისი ყველაზე ნათელი მოგონებანი. ეშვილდის შესახებ, სადაც ცნობილი ქალბატონი დეტექტივის ცხოვრების პირველი წლები გაილია, ის ყოველთვის სინაზით, ინგლისური ტრადიციის შენარჩუნებით წერდა: ჩემი სახლი – „ჩემი ციხესიმაგრე“!

„მე ვწერ მშობლებზე არა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ჩემი მშობლები არიან. ისინი წარმოადგენენ იშვიათ ფენომენს – ბედნიერ ქორწინებას.

როცა წარსულისკენ ვიხედები, მესმის, რომ ჩვენს სახლში კეთილდღეობა მეფობდა, და ამის მთავარი მიზეზი მამაჩემის განსაკუთრებული სიკეთე იყო. მას ჰქონდა უბრალო და მოსიყვარულე გული და ნამდვილად უყვარდა ადამიანები. ის ყოველთვის გამოირჩეოდა შესანიშნავი იუმორის გრძნობით, ადვილად შეეძლო ნებისმიერის გაცინება. მასში არ იყო არც სიძუნწე, არც ეჭვიანობა, გამოირჩეოდა გულუხვობით. იყო ბედნიერი და მშვიდი. ჩვენს დროში სიკეთე ნაკლებად ფასობს. ბევრად მეტად აინტერესებთ ადამიანის ჭკუა, შრომისმოყვარეობა, საზოგადოებისთვის სარგებლის მოტანის უნარი, მისაღები ქცევა.

ყოველთვის მინდა დავიყვირო: „არ გაუშვათ თქვენი შვილი!“. სახლი, ოჯახი, სიყვარული და მშობლიური კერის საიმედოობა – რომელი საუკეთესო განათლება შეედრება ამას? მე ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ჩემს გულს ათბობდა სახლი და ბაღი, ბრძენი და მომთმენი ძიძა, ერთმანეთის მხურვალედ მოსიყვარულე მამა და დედა, რომლებმაც შეძლეს გამხდარიყვნენ ბედნიერი მეუღლეები და მშობლები“.

  1. აგათა კრისტი ისტორიებს იგონებდა

პატარა აგათას მცირე ასაკიდანვე მდიდარი წარმოსახვა ჰქონდა, შეეძლო სახალისო ისტორიების გამოგონება და დროთა განმავლობაში ეს უნარი თავისით უვითარდებოდა. ამიტომაა აუცილებელი ბავშვის ყველაზე გაბედული, საოცარი ფანტაზიების მიღება და მხარდაჭერა ყველა შესაძლო გზით. არასოდეს შეზღუდოთ ის თამაშის დროს. მოუთხრეთ ზღაპრები, საინტერესო ისტორიები, ყურადღებით მოუსმინეთ მის მონათხრობს. გაუფრთხილდით ბავშვის საიდუმლო სამყაროს და წარმოსახვით მეგობრებს.

„წარსულზე ფიქრის გარეშე, ვერასოდეს აღადგენ ბავშვისთვის დამახასიათებელ არაჩვეულებრივ ხედვას სამყაროს შესახებ. ზრდასრულებთან შედარებით, ის გარემოს სრულიად განსხვავებული კუთხით უყურებს. რატომ არსებობს ბავშვის სულში საიდუმლოს შენახვის საჭიროება?.. ყველაზე მეტად მე ვინმედ გადაქცევა მომწონდა. რაც თავი მახსოვს, ჩემს წარმოდგენაში ყოველთვის არსებობდნენ ჩემივე გამოგონილი მეგობრები. პირველ ჯგუფს  „კნუტები” ერქვა. ვინ იყვნენ კნუტები, მეც არ ვიცოდი, არც ის ვიცოდი, ვიყავი თუ არა ერთ-ერთი მათგანი. მხოლოდ მათი სახელები მახსოვს: კლოვერი, ბლეიკი და კიდევ სამი. მათ დედა კატას ქალბატონი ბენსონი ერქვა.

დედას მოყოლილი ამბების ხიბლი ის იყო, რომ არასოდეს არაფერი გაუმეორებია, მისი ისტორიები ყოველთვის განსხვავებული იყო და მასთან ერთად არასოდეს მითამაშია ერთი და იგივე თამაში. ერთი ზღაპარი თაგუნიას, სახელად „დიდთვალებას“ შესახებ იყო, რომელიც სხვადასხვა თავგადასავალში ეხვეოდა.

დაბოლოს – ტყე. ჩემს ფანტაზიაში ის ნამდვილ ნიუ ფორესტად გამოიყურებოდა.  ფოთლოვანი, სავარაუდოდ, ხეებს შორის კლაკნილი ბილიკით. ყველაფერი, რაც ტყეს უკავშირდებოდა, იქ ცხოვრობდა. საიდუმლო, საფრთხე, აკრძალული სიამე, მიუწვდომლობა, უცნობი სიშორე. ბაღის ბილიკებზე ჰოუპი-ჰოოპით მორბენალი მე – ხან მოხეტიალე აბჯრიანი რაინდი ვიყავი, ხან – თეთრ რაშზე ამხედრებული სასახლის კარის ქალბატონი, ხანაც საპყრობილედან გამოპარული „კნუტელი“ კლოვერი“.

  1. მომავალი მწერალი ბევრს კითხულობდა

შემდეგ – სცადეთ, რაც შეიძლება ადრე მოახერხოთ სახლში კომფორტული ატმოსფეროს  შექმნა, რომლის წყალობით თქვენი შვილი თავად მოისურვებს ისწავლოს კითხვა და ზოგადად, დამოუკიდებლად ისწავლოს ყველაფერი – წერა, თვლა. არ დათრგუნოთ მისი გაოცების ბუნებრივი უნარი. წაახალისეთ ბავშვის ცნობისმოყვარეობა! სწორედ ეს თვისებები დაეხმარა აგათას, ყოველდღიურ ცხოვრებაში დაენახა რაღაც არაჩვეულებრივი, არაორდინალური და მოეფიქრებინა არატრივიალური სიტუაციები თავისი დეტექტივებისთვის.

„ჯერ ხუთი წლისაც არ ვიყავი, როცა ჩემ წინაშე წიგნის სამყარო გაიხსნა. თუ ხმამაღლა წაკითხული ზღაპარი მომწონდა, ჩვეულებრივ წიგნსაც მოვითხოვდი და ყველა ფურცელს ვსწავლობდი, რომელიც არც კი ვიცი, როგორ, მაგრამ თანდათან ჩემთვის გასაგები ხდებოდა. ძიძასთან სეირნობის დროს ვეკითხებოდი რა სიტყვები ეწერა მაღაზიების თავზე, აფიშებზე. შედეგად, ერთხელაც აღმოვაჩინე, რომ სრულიად თავისუფლად ვკითხულობდი „სიყვარულის ანგელოზს“. ძალიან ამაყმა ძიძას წიგნი ხმამაღლა წავუკითხე.

„მემ, – უთხრა მეორე დღეს ძიძამ დედაჩემს, – მგონი, მის აგათამ კითხვა ისწავლა“.

  1. პატარა აგათას მათემატიკა უყვარდა

სწორედ მათემატიკაში რეგულარული მეცადინეობის წყალობით დეტექტივის პირველ ლედის განუვითარდა „პატარა რუხი უჯრედების“ გამოყენების უნარი, როგორც მოგვიანებით ამას ერკიულ პუარო იტყოდა და ჩამოუყალიბდა ლოგიკური აზროვნება, რომელიც მისი რომანების გმირებისთვის, დამნაშავეებისა თუ და გამომძიებლებისთვის ასე საჭირო იყო, ასე ეხმარებოდა ყველაზე რთული დანაშაულის გახსნაში. ხელი შეუწყვეთ ბავშვს მათემატიკის სწავლაში ადრეული ასაკიდან. არავითარ შემთხვევაში არ უთხრათ ქალიშვილს, რომ მათემატიკა ძალიან რთული მეცნიერებაა და გოგონების საქმე არ არის.

„მამა ამაყობდა ჩემი წარმატებებით. წასახალისებლად მისგან პატარა წიგნი – „ამოცანები“ მივიღე. ყოველ დილით, პირველი საუზმის შემდეგ, მისაღებ ოთახში ფანჯარასთან ვჯდებოდი და მთელი გულით ციფრებისგან სიამოვნებას ვიღებდი. მიყვარდა ამოცანები. მიუხედავად იმისა, რომ ინტრიგას გათვლები ნიღბავდა, ჩემთვის ამ ყველაფერში მაინც იყო რაღაც ხიბლი: „ჯონს 5 ვაშლი ჰქონდა, ჯორჯს კი 6. თუ ჯონი ჯორჯს 2 ვაშლს გამოართმევს, რამდენი ვაშლი დარჩება ჯორჯს?“ ამ პრობლემაზე ფიქრის დროს, ვგრძნობდი აუცილებლობას მეპასუხა: „ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად უყვარს ჯორჯს ვაშლი“.

  1. აგათას მშობლები შემოქმედებითი ადამიანები იყვნენ
დაკავდით ხელოვნებით, სერიოზული კლასიკური ხელოვნებით! შექმენით სახლში  ბუნებრივი შემოქმედებითი ატმოსფერო. მაშინ ბავშვიც ბუნებრივად იცხოვრებს და გაიზრდება ასეთ გარემოში. ეს პირდაპირ აისახება ბავშვის შემოქმედებითი შესაძლებლობების განვითარებაზე და მისი ხედვების ჩამოყალიბებაზე. ამისათვის კარგია: მუსიკა, ხატვა, თეატრი, ცეკვა. მთავარი ისაა, რომ ამ ყველაფერმა მას სიამოვნება მოგვაროს. გაიხსენეთ, მის მარპლი და ერკიულ პუარო მრავალმხრივი პიროვნებები იყვნენ და, გარდა საიდუმლო მკვლელობების გამოძიებისა, დაკავებული იყვნენ ბაღში ვარდების გაშენებითა და თეატრით.
„ძალიან მიყვარდა მუსიკის გაკვეთილები. დედა და მამა უკრავდნენ. ჩვეულებისამებრ, დედა მენდელსონის „უსიტყვო სიმღერებს“ და ჯერ კიდევ ყმაწვილობაში ნასწავლ ბევრ სხვა „პიესას“ ასრულებდა. მამას ნამდვილი, გამორჩეული მუსიკალური ნიჭი ჰქონდა. შეეძლო სმენით ყველაფერი აეწყო – ამერიკულ ხალხური სიმღერებისა და ზანგური სპირიჩუელზების ჩათვლით. მე დღეში ერთ ან ორ საათს ენთუზიაზმით ვმეცადინეობდი.  შუმანიდან გრიგზე გადავედი, რომელიც უბრალოდ შემიყვარდა. განსაკუთრებით ვეტრფოდი „სიყვარულს“ და „გაზაფხულის პირველ სუნთქვას“. როდესაც „დილის“ დაკვრაც შევძელი, უბრალოდ, ბედნიერებით აღვივსე“.
„შემოდგომაზე პარიზში აღმოვჩნდი, მის დრაიდენის სკოლაში, დიუ ბუას გამზირზე, ტრიუმფალური თაღის გვერდით. აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა მუსიკას ენიჭებოდა, მაგრამ გარდა ამისა, ჩვენ სხვა ბევრ საინტერესო კურსს გავდიოდით. დრამატული ხელოვნების კურსი ყველას უყვარდა. ჩვენ გვასწავლიდნენ კომედი ფრანსეზის მსახიობები,  გვიკითხავდნენ ლექციებს მოლიერზე, რასინსა და კორნელიზე. მომღერლები  კონსერვატორიდან მღეროდნენ ლულისა და გლუკის არიებს. აქ ვნახე სარა ბერნარი მის ერთ-ერთ ბოლო როლში როსტანის პიესაში „შანტეკლერა“. ბედნიერება იყო იმის მოსმენა, როგორ საუბრობდნენ მსახიობები პიესებზე, როგორ მღეროდნენ ნამდვილი მომღერლები – ეს ყველაფერი ხელოვნებისადმი მგზნებარე სიყვარულს ბადებდა. ჩემთვის ახალი სამყარო გაიხსნა, სამყარო, რომელშიც ცხოვრების შესაძლებლობა მომეცა“.
  1. პატარა აგათა ყოველდღე დიდ დროს ატარებდა მარტო
ამის გამო ის არ იწყენდა! პირიქით.
როგორ გვაკლია ეს დღეს ჩვენი გიჟური ტემპის გამო, სადაც მშობლებს სულ მუდამ საქმეებზე მიეჩქარებათ, ბავშვებს კი სკოლაში და წრეებზე აგვიანდებათ. მიეცით ბავშვს მეტი დრო, მარტოდ ყოფნის დრო, როცა საკუთარ თავთან დარჩება, იფიქრებს, იოცნებებს ან თუნდაც იუსაქმურებს. გააკეთებს იმას, რაც მოსწონს. ისიამოვნებს სიცოცხლით. სწორედ ამ დროს შეძლებს თავისი წარმოსახვითი სამყაროს შექმნას.
„ცხოვრებაში არაფერია უფრო საკვირველი, ვიდრე დრო. არა მგონია თანამედროვე ადამიანებს ის საკმარისი ჰქონდეთ. ბავშვობაში საშინლად გამიმართლა სწორედ იმიტომ, რომ უამრავი დრო მქონდა. დილით იღვიძებ და ვიდრე თვალს გაახელ, უკვე სიხარულით წარმოიდგენ: „ნეტავ, დღეს რას გავაკეთებ?“ გაღვიძებისას ყოველთვის განვიცდიდი ყველასათვის ბუნებრივ გრძნობას: სიცოცხლის სიხარულს, შესაძლოა გაუცნობიერებელსაც კი. თქვენ ცხოვრობთ, თვალს ახელთ და ახალი დღე იწყება. ყოველი ნაბიჯი მოგზაურობაა უცნობ მხარეში – მომხიბლავი მოგზაურობა – ეს არის თქვენი ცხოვრება. გასაოცარია, რაოდენ დიდი სიამოვნების მიღება შეგიძლია თითქმის ყველაფრიდან, რაც ცხოვრებაში არსებობს.
მე მიყვარს მზე, ვაშლები, თითქმის ყველანაირი მუსიკა, მატარებლები, რიცხვებიანი გამოცანები და ყველაფერი, რაც რიცხვებს უკავშირდება, მიყვარს ზღვა, სიჩუმე, ძილი, ოცნება, ჭამა, ყავის არომატი, შროშანები, ძაღლების უმეტესობა და თეატრში სიარული.  თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ ნებისმიერი საკვებით და ცხოვრების წესით: სოფლის სიმყუდროვით, გზით, ქალაქის ხმაურით. ერთ შემთხვევაში, გელით სიმშვიდე; წიგნების წაკითხვის, ქსოვის, ქარგვის, მცენარეებზე ზრუნვის შესაძლებლობა. მეორე შემთხვევაში – თეატრები, სამხატვრო გალერეები, კარგი კონცერტები და მეგობრებთან შეხვედრები. ბედნიერი ვარ, რომ შემიძლია ვთქვა – მე მიყვარს თითქმის ყველაფერი“.
  1. პატარა აგათას ყველა ჩვეულებრივ გოგონად მიიჩნევდა. არავინ ელოდა, რომ ის მსოფლიოში ცნობილი მწერალი გახდებოდა
არც მისი მშობლები და არც თვითონ თხოვდა საკუთარ თავს, რომ დეტექტივის პირველი ლედი გამხდარიყო. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც მოხდა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ბავშვი ისეთად უნდა მივიღოთ, როგორიც არის. მივცეთ  უფლება, იყოს ის, ვინც არის. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი შვილი სუპერნიჭიერია, გენიოსია ან ვუნდერკინდი, რომელსაც გარანტირებული მომავალი ელის. ნუ მოითხოვთ მისგან ძალიან ბევრს. არ დაელოდოთ წარმატებას და სუპერშესაძლებლობების გამოვლინებას. დაე, გაიხაროს ცხოვრებით, დატკბეს მისი ყველაზე ჩვეულებრივი მომენტებით.
„ახლა მშობლები დარწმუნებული არიან, რომ მათი შთამომავლობა ბრწყინვალე უნდა იყოს. თუ ბავშვი მშობლების მოლოდინს ვერ ამართლებს, ის დანაშაულის გრძნობით ცხოვრობს.  ვფიქრობ, რომ ვიქტორიანული ეპოქის დასასრულ მშობლები უფრო რეალისტურად აზროვნებდნენ და ითვალისწინებდნენ შვილების შესაძლებლობებს, ყველაზე მეტად კი იმაზე შფოთავდნენ, რომ სიცოცხლეს მათთვის ბედნიერება მოეტანა. ახლა მე ვხედავ, რომ მშობლებს შვილების წარმატების სურვილი მხოლოდ საკუთარი პრესტიჟის გამო უჩნდებათ.
ჩემთან დაკავშირებით ოჯახში არსებობდა მოსაზრება, რომ არ ვიყავი სწრაფი, სხარტად მოაზროვნე.
  • აგათა ისეთი მოუხერხებელია, – მუდმივად წამოიძახებდნენ ხოლმე გარშემომყოფნი. თუმცა, მე ეს არ მაწუხებდა და ამის გამო არ ვიწყენდი.
არ ვიცნობდი ამბიციებს, რადგან ვიცოდი ჩემი ჩვეულებრიობის შესახებ. ძალიანაც კარგად მესმოდა, რომ არ გამოვირჩეოდი სწრაფი აზროვნების უნარით: ვიდრე რაიმე პრობლემას გადავწყვეტდი, საფუძვლიანად უნდა მეფიქრა. სინამდვილეში, მე მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობდი – ბედნიერ ქორწინებაზე. ძალიან მაცდურად კი გამოიყურება იმის აღიარება, რომ ყოველთვის მინდოდა მწერალი ვყოფილიყავი, მაგრამ გულზე ხელის დადებით ვიტყვი, რომ მსგავსი აზრი თავში არასოდეს მომსვლია.
სიხარულით დავიწყებდი ნაწარმოების წერა, მაგრამ წარუმატებლად. ჩემი მისამართით გამოთქმული შენიშვნები ყოველთვის ერთი და იგივე იყო: ნაწარმოებში ძალიან ბევრი ფანტაზიაა. მე მკაცრად მაკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ თემას არ მივყვებოდი. მახსოვს, მაგალითად: თემა „შემოდგომა“. ძალიან კარგად დავიწყე წერა მიწაზე გაფენილ ოქროსფერ და წითელ ფოთლებზე, მაგრამ მერე რატომღაც საერთო სურათში გოჭი შემოიპარა – მე ეს სავსებით ლოგიკურად მიმაჩნდა, რადგან ის ტყეში რკოს ეძებდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ინტერესი გოჭზე გადაერთო, მიმავიწყდა შემოდგომა, თხზულება კი მშფოთვარედ დასრულდა მოკლეკუდა გოჭის თავგადასავლებით და პომპეზური რკოს ვახშმით, რომელიც მან მეგობრებისთვის მოაწყო.
შეცდომები, რომელსაც კარნახის დროს ვუშვებდი, მასწავლებელს ისეთ საშინელ მდგომარეობაში აგდებდა, რომ საკუთარ თვალებს არ უჯერებდა. ვწერდი ისე, როგორც გამომივიდოდა, მხოლოდ გამართლების იმედად. რაც შეეხება გრამატიკასა და მართლწერას, ალბათ კლასში ჩემზე უარესი არავინ იყო. მასწავლებელი გვერდით რომ ჩამივლიდა, მწარედ ამოიოხრებდა ხოლმე. ყოველდღე ვმეცადინეობდი ორთოგრაფიას, მთელ გვერდებს ვავსებდი რთული სიტყვებით. მაგრამ ყოველთვის უამრავ შეცდომას ვუშვებდი და დღესაც ვუშვებ“.
  1. დედას უყვარდა აგათა და უგებდა მას
სიყვარული! სიყვარული და გაგება! დაე, თქვენმა შვილმა ყოველთვის იცოდეს და დარწმუნებული იყოს, რომ რაც არ უნდა მოხდეს, თქვენ მისი გესმით და მისი მხარდამჭერი ხართ. ყოველთვის დაიჭერთ მის მხარეს. მაშინაც კი, თუ ზრდასრულთა აზრით, ეს უმნიშვნელო წვრილმანი იქნება.  ბავშვისთვის, განსაკუთრებით პატარა ემოციური და ნაზი გოგოსთვის, ეს შეიძლება ნამდვილი ტრაგედია იყოს. იყავით ახლოს, რათა დაიცვათ, დაამშვიდოთ და დაარწმუნოთ, რომ ყველაფერი არც ისე საშინლადაა. სწორედ მშობლების ამ პოზიციის წყალობით, განსაკუთრებით დედის, აგათა მშვიდ და გაწონასწორებულ ადამიანად გაიზარდა.
  1. აგათა ბავშვობიდანვე ფლობდა კარგ მანერებს
იცით, რას ნიშნავს იყო „ნამდვილი ლედი“? პატივი ეცით თქვენს ქალიშვილს და ვაჟიშვილს. ასწავლეთ საკუთარი თავის პატივისცემა. შეიტანეთ მის ცხოვრებაში წესრიგი და დისციპლინა. აგათა კრისტის განათლებამ გავლენა იქონია თავის რომანებში დანაშაულის გახსნის უზადო ლოგიკაზე, მის მარპლის სამართლიანობასა და წესიერებაზე, პუაროს გალანტურობასა და დეტექტივის გარდაუვალ კეთილ დასასრულზე.
  1. 1 ბედნიერი ბავშვობა – ბედნიერი ცხოვრება
აგათა კრისტის არცერთი დეტექტიური რომანი, პიესა, მოთხრობა რომ არ შეექმნა, ის მაინც დაწერდა „ავტობიოგრაფიას“, რომლის საუკეთესო ნაწილი მიუძღვნა მშვიდ და უდრტვინველ ბავშვობას. ეცადეთ ისე მოიქცეთ, რომ თქვენს შვილს ბავშვობიდან მხოლოდ ნათელი მოგონებები დარჩეს. დარჩეს ის მას თბილი პატარა სამყაროს, ყველაზე მყუდრო სულის ნაწილად, სადაც ყოველთვის მოუნდება დაბრუნება. ბავშვობა ადამიანისთვის ყველაზე საიმედო საყრდენია ზრდასრულობასა და სიბერეში.
„ახლა, როდესაც ეს ნაწერი გადავიკითხე, კმაყოფილი დავრჩი. ზუსტად ის გავაკეთე, რაც მინდოდა – ვიმოგზაურე. არა იმდენად უკან, წარსულის გავლით, რამდენადაც მომავალში – ყველაფრის დასაწყისისკენ, იმ ჩემი თავისკენ, ჯერ რომ იმ გემზე ასვლას ელოდა, რომლითაც წლებში იმოგზაურებდა.
გონებაში მე ყოველთვის ვუბრუნდები სახლს, სადაც დავიბადე – ეშფილდში. რამდენს  ნიშნავს ის ჩემთვის! ჩვენ არ გვერგო უნარი ადამიანის ბოლომდე შეცნობის, თუმცა ზოგჯერ გამონათებებში მყისიერად ვხედავთ მის სინამდვილეს. და უნებურად ვუბრუნდები პერ გიუნტის შეკითხვას: „სად ვიყავი მე თვითონ, მე სრული, მე ნამდვილი?”. მე დღეს, ზუსტად ისევ ისეთი ვარ, როგორიც იყო ის პატარა სერიოზული გოგონა ხორბლისფერი ლოკონებით. მე ვიცნობ სრულ აგათას. ვფიქრობ, რომ მოგონებები, როგორი უმნიშვნელოც არ უნდა მოგვეჩვენოს, სწორედ რომ წარმოაჩენს შიდა ადამიანურ არსს.
ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ცხოვრება წარმტაცი იყო და ახლაც ასე ვფიქრობ. ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ ცხოვრებაში. ასეთი ღირსეული და მრავალფეროვანი ცხოვრებით, როგორითაც ვიცხოვრე, შეგიძლია იამაყო. ჩემთან დღესაც არის ჩემი ქმარი, ჩემი შვილი, ჩემი შვილიშვილი, ჩემი სიძე. მე მიყვარს სიცოცხლე. და არანაირი იმედგაცრუება, ჯოჯოხეთური ტკივილი და უბედურება ვერ მაიძულებს დავივიწყო, რომ სიცოცხლე უბრალოდ უდიდესი მადლია.
ბავშვი, რომელმაც ჭამა დაასრულა, ამბობს: „დიდი მადლობა, უფალო, კარგი ვახშმისთვის“. რა უნდა ვთქვა 75 წლის ასაკში? გმადლობ, უფალო, სიცოცხლისთვის და იმ სიყვარულისთვის, რომელიც ჩემთვის იყო განკუთვნილი“.
წყარო : http://mastsavlebeli.ge

თვითმფრინავში საკითხავი

კონსულტაციაზე მისული პაციენტები ორმოცი წლის ექიმს, ხალიდ ჰოსეინის მის სადებიუტო რომანზე ავტოგრაფს სთხოვდნენ ხოლმე. „ფრანით მორბენალი“ მალევე გახდა ბესტსელერი და გაყიდულმა ეგზემპლარებმა მილიონებს მიაღწია. თუმცა ჰოსეინისათვის წიგნის გამოცემის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე ემოციური შემთხვევა თვითმფრინავს უკავშირდება: რთული გადმოსაცემია ავტორის განცდა, როდესაც ის ხედავს, ფრენის დროს გვერდით მჯომი ქალი მის რომანს თავაუღებლად როგორ კითხულობს…
გაბრიელ ტანიე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გავიცანი, შემდეგ კი პრაღაში ვეწვიეთ და დაგვხატა კიდეც. მისი რომანი ჯერ წაკითხული არ მქონდა და შევპირდი, რომ უკანა გრძელ გზაზე, ფრენის დროს აუცილებლად გავეცნობი-მეთქი. თბილისამდე ორი თვითმფრინავის გამოცვლა გვიწევდა და მიუნხენის აეროპორტში ოთხი საათი ყოფნაც, შუალედში. სოციალურ ქსელში „ქანაანის შვილებზე“ ბევრს წერდნენ, თანაც ამ წიგნის წაკითხვა თითქმის ყველას მოგზაურობის ან დასვენების დროს მოუხდა. მისი კითხვა მეც, როგორც ავტორს დავპირდი, ჩასხდომამდე ცოტა ხნით ადრე დავიწყე. „ტანიეს ტბა ჩურჩულებს…“ – უნებურად წამოცდა უცნობ გერმანელ ტურისტს ხევსურეთში მოგზაურობისას.“ – საოცარ ეპიგრაფს თვალი რომ მოვკარი, მაშინვე მყუდროდ მოვკალათდი საკითხავად. რას წარმოვიდგენდი, რომ ამ წიგნის ნახევარი აეროპორტში იყო დაწერილი.
გაბრიელ ტანიე პრაღაში მოღვაწე მამა იოსებ გაჩავას ფსევდონიმია. როგორც ახლახან მის ინტერვიუში წავიკითხე, სადებიუტო რომანს ის ათათურქის აეროპორტში, მე-18-დან 21-ე გეითებს შორის იატაკზე მჯდომი წერდა. ერთხელ ნეაპოლში მივფრინავდი, გადაიდო ფრენა და 12 საათი ვიჯექი აეროპორტში, მგონი ორი თავი სწორედ იქ დავწერეო…
რომანი, რომელსაც ხშირად მოგზაურობისას კითხულობენ, მკითხველსაც მრავალ ქვეყანაში, განსხვავებული კონფესიის პერსონაჟებთან ერთად ამოგზაურებს. სხვადასხვა თავში მოთხრობილი ერთმანეთთან ერთი შეხედვით დაუკავშირებელი ამბები ადრე ნახსენები მწერლის – ხალიდ ჰოსიენის ბოლო რომანს – „მთებმა მთებს უთხრეს“ – მოგაგონებთ. კითხულობ წიგნს – როჰინგების, ინდუსების, პაკისტანელების ამბებს – და გგონია, რომ ეს მწერლის ხერხია – ადგილობრივ ქართულ პრობლემებზე სხვა ერების პერსონაჟებს ალაპარაკოს. საბოლოოდ კი ხვდები, რომ ყველანი ერთნი ვართ დედამიწაზე, ერთნაირი პრობლემები გვაწუხებს; ცხადად ხედავ, რომ მწერლობა მხოლოდ გამოგონილი ამბები არაა, ხანდახან გვერდით გახედვაც კმარა, საოცარი სიუჟეტები კი ერთი ხელის გაწვდენაზეა – როგორც პატარა, ისე დიდი ქალაქების ისტორიის ზედაპირზე. ერთი ისაა – კარგი დამწერი სჭირდება.
„ვერ ვახერხებ, აღარ გამაკვირვოს იმან, თუ რამდენად საინტერესოა ადამიანების ჩვეულებრივი ცხოვრება. ადამიანური სიმართლეების დაუსრულებელი წყება… ისტორიას მხოლოდ ფაქტები აინტერესებს, ემოციები გვერდით რჩება, არაა მიღებული მათი ჩართვა ისტორიაში. მე კი სამყაროს ჰუმანიტარის თვალით ვუყურებ და არა – ისტორიკოსისა. მაოცებს ადამიანი…“ – წერს ნობელის პრემიის ლაურეატი სვეტლანა ალექსიევიჩი წიგნში „სექენდ ჰენდის დრო“. გაბრიელ ტანიეს რომანში გამოგონილი პერსონაჟების ცხოვრებას დოკუმენტური ფონი გასდევს (თუმცა, წიგნში უამრავი რეალური პერსონაჟიცაა). უბრალო ადამიანების თვალთახედვიდან, მათი განცდებით ვხედავთ რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების პრობლემებს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. თხრობაში შემოჭრილი დოკუმენტური ნაკადი და ქართველი მკითხველისათვის ეგზოტიკური ადგილები კი შემეცნებით ხასიათსაც ატარებს. მწერლისთვის, როგორც ჩანს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლების საკითხი. ერთ სოფელში, სადაც ბირმის კანონებით როჰინგებს განათლების მიღება კანონით ეკრძალებოდათ, ქვრივი ქალი პერსონაჟის – ფატიმას მიერ თვითნებურად გახსნილი სკოლაც ამის დასტურია. ნიშანდობლივია, რომ საბოლოოდ ბალახებში დამალული მოსწავლეები ხედავენ მოძალადეები მას და სკოლას ერთად როგორ დაწვავენ…
მრავალრიცხოვან პერსონაჟებს შორის რომანს ფატიმას გარდა სხვა ძალიან სახასიათო ქალი პერსონაჟებიც ჰყავს. ეს ქალები ხშირად ძალადობის მსხვერპლნი არიან. მათი სულისშემძვრელი ამბები თავდადების, დედობის, სიყარულის გასაოცარ მაგალითს იძლევიან. ამ ერთი შეხედვით დაჩაგრულ, გონიერ ქალებს გასაოცარი შინაგანი ძალაც აქვთ.
ძალადობა, ომი, ლტოლვილობა და ემიგრაცია კარგად ნაცნობია ქართველი მკითხველისთვის. ეროვნული გმირების როლი, პატარა ერების თავისუფლების საკითხი და მშვიდობის მუდმივი ძიება – წიგნში თანამედროვე მსოფლიოსათვის აქტუალური საკითხები იყრის თავს, რომელიც მკითხველამდე რამდენიმე ხერხით მოაქვს მწერალს: რომანში ჩართული პიესით, პირადი დღიურებითა და წერილებით, პირველ პირში თხრობით… მარადიული სამკუთხედის თემაც აქვეა, სასიყვარულო ხაზიც წიგნს ნატიფად გასდევს. თუმცა ჩემზე განსაკუთრებით იმოქმედა დიქტატორის მონოლოგმა, ფიქრებმა კაცისა, რომელიც დელფინების სისხლით სავსე აუზზე სანებივროდ და სიცოცხლის წლების გასახანგრძლივებლად მცირე დერეფანს გადის, რომელიც სამსჯავროზე გასასვლელ გზასაც მოგაგონებთ. მწერალი შესანიშნავად ხატავს ადამიანის ფსიქოლოგიურ სურათს, აღწერს მის წარსულს და პერსონაჟის ტრანსფორმაციაც მკითხველის თვალწინ ხდება. როგორია დიქტატორის ცხოვრებისეული გზა, როგორ ჩამოყალიბდა ერთი მოკრძალებული, გაუნათლებელი ბიჭი მოძალადე, ექსტრემისტ მოლად, რა უცნაურ, გაუცხადებელ სიყვარულს ატარებდა რომის პაპის რჩეული პადრე გულში, რა გარემოებები ცვლის ადამიანს, როგორ შეიძლება შემობრუნდეს მისი ცხოვრება ისე, რომ შეხედულებები შეუცვალოს? – ამას რომანში თავად წაიკითხავთ. წიგნის ვერც ერთ პერსონაჟს ვერ შევრაცხავთ ხელაღებით უარყოფით ან დადებით გმირად. გაბრიელ ტანიე არც ერთ მათგანს არ სწირავს… ყველა წარმოჩენილია როგორც ვნებებითა და სისუსტეებით, ისე მიღწევებით და ისიცაა ნაჩვენები, თუ რა ფასად დაუჯდათ მათ ეს ყველაფერი. მწერალი პერსონაჟის ყველა მხარეს გვანახებს და მკითხველს დიდ საფიქრალს უტოვებს, თუ ვინ იმალება ამა თუ იმ დიდი, ცნობილი პიროვნების უკან. აღსანიშნავია, რომ რომანის პერსონაჟები არა მხოლოდ რეალური ისტორიული პირები არიან, გაბრიელ ტანიეს წიგნში კლასიკოსი მწერლებიც შემოჰყავს და გმირებიც სხვა რომანებიდან.
„ქანაანის შვილების“ ავტორმა ერთხელ საუბარში თქვა, ჩემს პერსონაჟებს წყალთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთო. მართლაც, რომანის სიუჟეტი ტბასთან, მდინარესთან, ზღვასთან და ოკეანესთან ვითარდება. ტანიეს პერსონაჟი ნოე კი ბიბლიურ ნოეს მოგაგონებთ. საერთოდაც, მთელი წიგნი იწვევს ბევრ ალუზიას და ძველი აღთქმის პერსონაჟებსაც გამოიხმობს. ზღვასთან მიჯაჭვულობამ კი უნებურად ოთარ ჭილაძის „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ გამახსენა…
მთავარი „ქანაანის შვილებში“ მაინც თავისუფლებისკენ სწრაფვაა, ქანაანის პოვნა. რომანის ოთხი გმირისთვის თავისუფლების სიმბოლო კაილაშის დათოვლილი მწვერვალის მსგავსი თეთრი ხომალდი აღმოჩნდება. მატერიალური თუ ფიზიკური სიდუხჭირის მიუხედავად წიგნშიც და ცხოვრებაშიც არსებობს კუნძულები, ნავსაყუდელი სულებისა და გულებისთვის, სადაც მაგიდას უსხედან სხვადასხვა ღმერთის მადიდებელი მეგობრები, ჩაის მიირთმევენ და ხელოვნებაზე საუბრობენ.
შესაძლოა რომანის სტრუქტურაში, აგებულებაში ბევრი სიახლე ვერ შენიშნოთ, თუმცა რაც მხოლოდ ამ ავტორს ეკუთვნის, ეს გულწრფელი სიყვარულია პერსონაჟების მიმართ. ამასთან უნდა აღინიშნოს ტექსტის დახვეწილი ენობრივი ქსოვილი და შესანიშნავი ეპითეტები თუ შედარებები. ჩემი აზრით, ქართულ ლიტერატურას აშკარად განსხვავებული ხმა შემოემატა – კოსმოპოლიტი (ამ სიტყვის ვაჟასეული გაგებით), მოსიყვარულე; სულიერების, მხატვრობისა და განმანათლებლობის ერთად დამტევი, რომლის სადებიუტო წიგნი ერთდროულად ჩამთრევიცაა, ინფორმაციულიც და ძალზე ემოციურიც. თითქოს ფოიერვერკი გადმოიფრქვა ტანიეს ნაწერიდან და მისი შემოსვლა ლიტერატურაში, კონკრეტულად კი რომანის ჟანრში, საკმაოდ ძლიერი და ხმაურიანი აღმოჩნდა – „ქანაანის შვილები“ გამოცემისთანავე იქცა ბესტსელერად. ქართული რომანები იშვიათად თუა გაფორმებული და ძალიან მომეწონა, რომ ამ წიგნს შესანიშნავი ილუსტრაციებიც ერთვის. ისინი წიგნის ავტორმა, ბერდია არაბულმა და ლიზი ლიკლიკაძემ შეასრულეს.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გირჩევთ თამამად შეცუროთ ხომალდ “Komandante“-თი უკიდეგანო ლიტერატურულ ოკეანეში.
წყარო : http://mastsavlebeli.ge

მხიარულ რეცეპტებს საბავშვო მწერლები წერენ



ბავშვობაში სიტყვა რეცეპტი ჩემთვის „სურნელოვან“ პერტუსინთან და მწახე კალცთან ასოცირდებოდა. ექიმის შევსებული უფერო და უსახური ბლანკები მშობლებს თავისუფლების მოედანზე (მაშინ ლენინის მოედანი ერქვა), აფთიაქში მიჰქონდათ, იქ ფარმაცევტი დოზების მკაცრი დაცვით წამლებს დაამზადებდა, ბოთლებში ჩაასხამდა, რეცეპტს ზედვე მიაწებებდა და მერე…  ყველაფერი ჩემს გამბედაობაზე იყო დამოკიდებული. გაურკვევლი კალიგრაფიის მიუხედავად, უფერო და უსახურ ბლანკზე მშვენივრად ვარჩევდი სამიანს, ჰოდა, დღეში სამჯერ ნესტოებზე თითებმოჭერილს, თვალებდახუჭულსა და სუნთქვაშეკრულს დანიშნულების შესრულება მიწევდა. მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, სიტყვა „მხიარულს“ ოდესმე რეცეპტის განსაზღვრებად თუ გამოვიყენებდი!
ახლა რომ ვუფიქრდები, რამდენ ნერვიულობას აგვაცილებდნენ რეცეპტი ფერად და სურნელოვან ფურცელზე რომ გამოეწერათ, გაუგებარი ლათინურის ნაცვლად კი „აჩი-პიპი, იო-უგი, მამა-ტატუ-თათა-ნუკი…“ჩამოეწიკწიკებინათ, მერე კი ექიმს მომღიმარი სახით (მუსიკის თანხლებითაც არ იქნებოდა ურიგო) ასეთი დარიგება მოეცა:
„როცა იგრძნობთ რომ ტანში გახურებთ,
ნუ შემოიწყობთ თავზე აგურებს.
სჯობს აბაზანა აავსეთ ბორშჩით,
შიგ ჩაწექით და უმალვე მორჩით!
ოღონდ არ ჩაწვეთ ბორშჩში მარტონი,
თავზე მოისხით კოვზით მაწონი…“
იმდენს ვიცინებდით, ოფლს ასკოფეინზე არანკლებ ეფექტურად მოვიდენდით, სიცხეც დაგვიწევდა და ყელის ტკივილიც სტრეპტოციდის ჩაღეჭვის გარეშე გაგვივლიდა. ასეთ მკურნალობაზე ბავშვები კი არა, უფროსებიც არ იტყოდნენ უარს.
და თუ ამგვარი მიდგომა თქვენთვისაც მისაღებია, მომღიმარი ექიმების, მოსიყვარულე ბებია-ბაბუების, ჭკუამხიარული მამიდებისა და ბიძა-ბიცოლების, ინიციატივიანი მასწავლებლების კლუბის წევრი ყოფილხართ და გაგმართლებიათ! რატომ? იმიტომ რომ იდეას მარტივად განახორციელებთ, მარიამ წიკლაურის საბავშვო ლექსების კრებულს წიგნის მაღაზიებში თუ მოიკითხავთ.
მასწავლებლებლებო, იცით, „მხიარული რეცეპტების“ დახმარებით თქვენს მოსწავლეებთან ერთად რამდენი თანამედროვე მონო-სპექტაკლის დადგმას შეძლებთ?! სტანდარტულ ზეიმებსაც გადაახალისებთ, ბავშვებს კი ახალ ავტორს აღმოაჩენინებთ. ხოლო ვისაც ზამთარში იოლად ერევა ვირუსები, მათთან ბრძოლის პოეტური მეთოდები  ოჯახის ნებისმიერი ასაკის წევრისთვის ნამდვილად მიგნება იქნება.
თავდაყირა პეპი და რეცეპტების ისტორია
გახსოვთ, ტომსა და ანიკას წითელა რომ შეეყრებათ და ექიმი პეპი გრძელწინდას მათთან ოთახში შესვლას აუკრძალავს? როგორ მოიწყენენ ბავშვები, ავადმყოფობა ხომ სადარდებელი აქვთ, მაგრამ პეპის გარეშე დღეების გატარება არანაკლებ უბედურებად მიაჩნიათ. თუმცა გამჭრიახი პეპი ასე იოლად როდი დანებდება: ტომის და ანიკას საწოლი ოთახის ფანჯარას ყოველდღე კიბეს ადგამს, ახალ-ახალ კოსტუმში გამოწყობილი საოცარ წარმოდგენებს მართავს, დასასრულს კი კიბეზე თავდაყირა ჩადის.
სწორედ პატარების გასამხიარულებლად თავდაყირა დამდგარი პაპეპი იქცა „მხიარული რეცეპტების“ ერთგვარ სიმბოლოდ. ვინც სოციალურ ქსელში მარიამ წიკლაურის ახალი ლექსების კრებულის გამოცემის პროცესს თვალყურს ადევნებდა, ემახსოვრება, რომ „უკუღმართი“ პეპი გამოცემამდე წიგნის გაყიდვას გულისხმობდა. დიახ, ასეთი ორიგინალური იდეა გაუჩნდა ავტორს: თავისი მეთხუთმეტე წიგნი წინასწარ შეგროვილი თანხით გამოსცა, ბევრი საინტერესო ტერმინი თუ წოდება გამოიგონა, ღონისძიებები დაგეგმა, წარდგენა ნამდვილ ზეიმად აქცია და ქველმოქმედებაც არ დაივიწყა (წიგნების ნაწილი ფერეიდნელ ქართველ ბავშვებს სჩუქრად გადასცა). იმასაც დავამატებ, რომ სანამ ამ წერილს ვამზადებდი, „მხიარული რეცეპტები“ იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატი გახდა წლის საუკეთესო საბავშვო პოეტური კრებულის ნომინაციაში.
ფერადი თავები
მარიამ წიკლაურის ლექსები ცხრა ფერად თავში გადანაწილდა და დავით ჯამრიშვილის მხიარული ილუსტრაციები მოირგო:
ამბები ყველაზე პატარებისთვის მზის ამოსვლით და წია-წია-წიპონიას“ გათვლით იწყება… ჩიტი ბუდეს აშენებს, ორი ბარტყი ოთხ ცალ წიწიბურას ძმურად იყოფს, მოცეკვავე კალიას რეპის უზომოდ ბევრი ცეკვით თავს რეტი ესხმის, ინტერნეტში შემძვრალი კოღო უკან ვეღარ გამოდის, ჭია შვილიშვილებისთვის ჯემებსა და მურაბებს ხარშავს, ბეღურები ყურძნის აკიდოს ხეზე კიდებენ (ახალ წელს ქიშმიში რომ მირთვან), თოვლის ვახშმის მენიუც აქვეა: თოვლის რძე, თოვლის ყველი, თოვლის მაწონი და ცომის გუნდა (მხოლოდ მოზელვა, გამოცხობა რომ არ უნდა);
ზღაპრების, დევების და დევების შვილების ამბები არა მხოლოდ მოსმენის და სწავლის, ხატვის ხასიათზეც მოიყვანს პატარა მკითხველს, აქ დასახელებული ციფრები კი სასიამოვნოდ გააოცებთ. აგერ, დევის ქალი ელამი მელანია შვილებისთვის სარეცხი რომ გაფინოს, თოკს მყინვარიდან ილაბუზამდე ჭიმავს (რამდენი კილომეტრია, თავად გამოთვალეთ), 9 დევუკას ერბოკვერცხი რომ შეუწვას, 100 ქილა ერბო და 1000 ცალი კვერხი უნდა მოიმარაგოს, ფაფის მოხარშვას კი 3 სოფლის სამყოფი შვრია და 3 წყაროს დაშრობა სჭირდება!!! პატარა დევებისთვის წიგნების ყიდვასაც ვერ აუდიან – რას აღარ სწავლობენ სკოლაში: დევთა ლეგენდებს, ეშვების ლესვას, ირმის წველას, ფარდაგების ქსოვას, მატყლის დართვას, პურის ცხობას, ავისა და კარგის ცნობას, ფოლადის წრთობას, გერმანულს, ინგლისურს, კომპიუტერსა და ხაზვას. ეს მართლაც ზღაპრული თავი, რომელშიც უამრავ თავისებურ და საოცარსახელებიან დევებს შეხვდებით, ბაბუდას შელოცვით მთავრდება:
ბრანდი-ბრუნდი,
ბრანდი-ბრუნდი,
კვერცხო, სამჯერ გადაბრუნდი!
გამოჩეკე ასი ფრთა,
ბრანდი-ბრუნდი,
ბრა-ბრა-ბრა!..
რა შედეგი მოჰყვება ამ ჯადოსნურ შელოცვას, აჯობებს თავად წაიკითხოთ.
ტყეების, მინდვრების, მდინარეების და ზღვების ამბები ნადირის მწყემსი ბიჭუნა ოჩოპინტრესა და მის დაიკო ოჩოდალზე შეთხზული ლექსით იწყება. ოჩოდალი ჭოტვით მუდამ ფეხზეა და მონადირეებს აფრთხობს, სანამ მისი ძმა ძილს ქირას უხდის და ტკბილ სიზმრებს ხედავს. აქვე შეიტყობთ, რა შედეგს მოუტანს გვრიტს მოცვით მკურნალობა,  რა უფრო მოსწონს რეცხვის დიდოსტატ კუს –  ბახის, მოცარტის მოსმენა თუ კომბლეს შესახებ ზღაპრების კითხვა. გაიცნობთ პატარა პინგვინს (ლაპარაკს სიმღერის დახმარებით რომ სწავლობს), ზღვის გვერდით მცხოვრებ კენჭს, მოლაღურ თალიკოს, ბუს ბახალა ბუკას (ფლეიტაზე რომ უკრავს), ზურგჩანთიან, ხელჩანთიან, ჩემოდნიან და ქისიან ჭიანჭველას, ასევე ჯიპებიან და მობილურებიან ციცას ნათესაობას. თუმცა ტყეებსა და მინდვრებში ხეტიალს, ზღვებსა და მდინარეებში ცურვას ტრავმებიც ახლავს. ამის მაგალითია გულმავიწყი ყანჩა, მუდამ ფეხს რომ კარგავს და ხილის მკრეფავი ელფი, ექიმთან და ხარაზთან ვიზიტი ერთდროულად რომ დასჭირდება (რატომ? მიზეზი აჯობებს თავად გამოიკვლიოთ).
ქალაქების, სოფლების, სახლებისა და ქუჩების ამბები მაშინ არის სასიამოვნო მოსასმენი, გზის ბოლოს ყველას საკუთარი სახლი თუ ელოდება, – ასე თვლის ავტორი და ალბათ თქვენც დაეთანხმებით. იმაშიც იოლად დარწმუნდებით, რომ მელაკუდას რეპუტაცია ზღაპრების დამსახურებით გახლავთ კომპრომეტირებული, დიახ, დიახ, წუწკობას სულ ტყუილად აბრალებენ, სინამდვილეში საბრალოს ბიბლიოთეკა აქვს სახლში გახსნილი და წიგნიერებაზე ზრუნავს. რაც შეეხებათ გაუმაძღარ თაგუნებს, მათი რეპუტაცია ნამდვილად დასაფიქრებელია: სოფლელს, მარანს, სხვენს, ქალაქს, ძველ ბორბალს, კალოშს, კარადებს, ქაღალდებს, ნოხს, პალტოს, რკოს, ხმელ კურკას გადაჭამენ, გადახრავენ და ძილის წინ მაინც კატის კოტლეტზე ოცნებობენ.
წელიწადის დროების, დღეებისა და საათების ამბები გაზაფხულით იწყება და საათის შესახებ ლექსით მთავრდება. მათ შორის კი შვიდი ტყუპისცალი და-ძმა ანუ კვირის დღეები დაუღალავად შრომობენ;
სხვა ქვეყნებისა და სხვა ბავშვების ამბები თრგმანებს აერთიანებს. მარიამ წიკლაური ვანდა ხოტომსკას, ვლადიმირ პრიხოდკოს, სპაიკ მილიგანის, დანიუტა ვავილოვის, ვერა პროვაჟნიკოვას, აგნია ბარტოს და სხვათა მიხედვით გადმოქართულებულ ლექსებს გვთავაზობს. უცხოური და ამავე დროს ახლობელი პერსონაჟები საინტერესო თავგადასავლებში ჩაითრევენ პატარებს: ხან ბეკეკეას დაეხმარებიან დაკარგული ეჟვანის ძებნაში, ხან გიოს ოცნებებში შეეცდებიან გარკვევას, თევზებს სიმღერაში, კოღოს კი ლექსის თქმაში აჰყვებიან, წუწუნა წრუწუნას და გველეშაპ ტეტიას ღორმუცელობის ამბებს ერთმანეთს შეადარებენ, საბოლოოდ კი შესაძლოა წიკო-მიკოს ენის კოდიც ამოხსნან და გადმოთარგმნონ რას ნიშნავს: „ბადი-ბუდი, მამე-ლაო, ბაჩი-ჩიკო, ჭიჭი-ფაო…“
მხიარული რეცეპტების ამბები განძის სკივრივითაა, რომელიც ერთნაირად გამოადგება „ჭკვიანს და რეგვენს, ღარიბს და მდიდარს, მტყუანს და მართალს, გამხდარს და მსუქანს, მაღალს და დაბალს, ტილიონერებს, მილიონერებს, უმუშევრებს და წილიონერებს.“ გვასწავლის ვის რა გადავულოცოთ ავადმყოფობის დროს: თურმე ჩვენი ხველა მისწრებაა ყვავისთვის (აღარ მღერის და გარშემო ყველა ისვენებს), სიცხე თაგვისთვის (სოროს ათბობს  საბრალო), ფერადი აბები ჩიტისთვის (საჭიკჭიკოდ) და ვინ მოთვლის რამდენ რეცეპტს გთავაზობთ თეთრებში გამოწყობილი ბაჭია, საკბლეთის დარაჯი, ბებო-ბუ თუ იუმორით გუდაგამოტენილი ავტორი.
ამბები შობისა და ანგელოზებისა და ამბები დედიკოებისა და ტკბილი ძილისა – ამ თავში საალილოების უდიდესი არჩევანია (ნამდვილი მისწრებაა მოახლოებული საახალწლო დღესასწაულებისთვის). აქვეა სააღდგომო, საბარბარობო, ხალხურ მოტივებზე აკინძული ლექსები, კოცნის აკიდოები, ძილისპირულ-ნანინები – რიხით სათქმელები თუ სამღერი. და რაც მთავრაია, წიგნის გვერდებზე განმარტებულია უამრავი ძველი ქართული სიტყვა, რომელიც ლექსებში გვხვდება და ჩვენი პატარების ლექსიკას გაამდიდრებს.
იცოდით, კიწაწი ხმელი წიწვი რომ იყო, ხალა – კაკლის საბერტყი ჯოხი, ფაფხაჭელა – თხელი ხრატუნა პური, ჭიჭიტა – რგოლის ფორმის პური, ფლასები – ძველმანები, პინი – დიდი ჯამი, ჭერხო – სახლის ზედა სართული, ხარო – ორმო, ბობორიკა – ობობა, კოჭობი – პატარა ქოთანი. და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენ ძველ სიტყვას გამოამზეურებს და დაგვიბრუნებს ეს ფერადი კრებული. იკითხეთ – განა ყველა ქვეყანაში წერენ საბავშვო მწერლები „მხიარულ რეცეპტებს!“
წყარო : http://mastsavlebeli.ge

ოქრო, ბავშვების თვალებში რომ ბრწყინავს

(ჰაუფისა და უაილდის ჯადოსნური წიგნები საავტორო ზღაპრების სერიიდან)

ზღაპრებზე საუბარს ვაგრძელებ. ამჯერად გავთამამდი და ჰანს კრისტიან ანდერსენის სიტყვები („ზღაპარი ის ოქროა, ბავშვის თვალებში რომ ბრწყინავს“) პირდაპირ წერილის სათაურში ავიტანე. პრაგმატულ ადამიანებს კი კვლავ ოფიციალურ განმარტებას ვთავაზობ: „ზღაპარი ფოლკლორული ჟანრის ჯადოსნური, ავანტიურული ან ყოფითი ხასიათის პროზაული ნაწარმოებია. არსებობს ფოლკლორული და ლიტერატურული ზღაპრები. ლიტერატურულ, ანუ საავტორო ზღაპრებს ხშირად ჯადოსნურ ზღაპრებსაც უწოდებენ“.
წიგნის მაღაზიებში ჯადოსნურ ზღაპრებს შორის არჩევანის გაკეთება მართლაც რთულია. ამიტომ შევეცდები ცოტათი მაინც დაგეხმაროთ და ორი ევროპელი ავტორის ზღაპრები გაგაცნოთ – ზღვაში წვეთივითაა, მაგრამ მათზე ყურადღების გამახვილება ნამდვილად ღირს.
ექვსზღაპრიანი „ქარავანი“ ჰაუფისგან
ვილჰელმ ჰაუფი ახალგაზრდობაში ფილოსოფიასა და თეოლოგიას სწავლობდა, უმაღლესი სასწავლებლის დამთავრების შემდეგ თავდაცვის მინისტრის ოჯახში ბავშვების აღმზრდელად დაიწყო მუშაობა და სწორედ მინისტრის ბავშვებისთვის შეთხზა პირველი ზღაპრები, რომლებიც 1826 წელს საკუთარ ალმანახში (სახელწოდებით „განათლებული ფენების ვაჟიშვილებისა და ქალიშვილებისთვის“) გამოაქვეყნა. ასე რომ, ჰაუფისეული ზღაპრები მოწიფული ასაკის ადამიანის შემოქმედების ნაყოფი კი არა, ახალგაზრდა მწერლის ბრწყინვალე დებიუტი გახლდათ. დიახ, ბრწყინვალე, ვინაიდან მაშინვე პოპულარობა მოიპოვა  გერმანულენოვან ქვეყნებში, დროთა განმავლობაში კი მთელ მსოფლიოში.
ქართულ ენაზე გამოცემული „ქარავანი“ ექვს ზღაპარს აერთიანებს  და ნარატიული თხრობის ბრწყინვალე ნიმუშია. რამდენიმე მთხრობელი ერთ ხაზს მიჰყვება, საბოლოოდ კი წრეს კრავენ – ამბებსა და ადამიანებს ორიგინალური ხერხებით აკავშირებენ ერთმანეთთან.
პირველივე გვერდიდან თვალუწვდენელ უდაბნოში აღმოვჩნდებით, უზარმაზარი ქარავანი აქლემების ზანზალაკებისა და ცხენების ვერცხლის ეჟვნების წკარაწკურით ჩაგვივლის… ვეფხვის ტყავით დარახტული არაბული ცხენი მდიდრული სამოსით, ოქრომკედით ნაქარგი თეთრი ჩალმითა და უდრეკი მამაცური გამომეტყველებით დამშვენებულ მხედარს გამოაგელვებს… ცოტაც და ქარავნის მფლობელი ხუთი ვაჭრის კარავში, მოქარგული ბალიშებისა და შავკანიანი მონების გარემოცვაში აღმოვჩნდებით. სწორედ იქ შევიტყობთ, რომ მხედარი ბაღდადელი დიდვეზირის ძმისწული სელიმ ბარუხია. მასპინძლები სტუმარს სუფრაზე მიიწვევენ. სადილის მერე, „მუსიკოსებსა და მოცეკვავეებს ჩვეული“ ახალგაზრდა ვაჭარი მოიწყენს. ბარუხი კი შესთავაზებს, ყოველ შესვენებაზე რიგრიგობით ამბები მოვყვეთ, ამით დროსაც გავიყვანთ და უდაბნოსაც შეუმჩნევლად გავივლითო. აზრს მოუწონებენ და პირველობასაც დაუთმობენ.
ბარუხის ზღაპარი „წერო ხალიფაზეა“: ჯადოსნური ფხვნილი თავის მფლობელებს სასურველ ცხოველად ან ფრინველად აქცევს და ნებისმიერი სულიერი არსების ენასაც აგებინებს. პირობა კი მკაცრია, გარდასახულებს გაცინება ეკრძალებათ, თორემ ჯადოსნური სიტყვა „მუტაბორ“ დაავიწყდებათ და ადამიანის გარეგნობას ვეღარ დაიბრუნებენ.
„ქარავანში“ ერთმანეთს ენაცვლებიან ახალგაზრდა, ბრძენი, გამოცდილი, ცბიერი, მამაცი, სათნო, მხდალი და გულუბრყვილო მთხრობელები თუ გმირები. მოქმედება ხან დიდებულ ბაღდადში, არაბეთის უდაბნოში, შვარცვალდის ტყეში, შუაგულ საფრანგეთსა თუ იტალიაში ვითარდება. ავტორი თითოეული ვაჭრის გარეგნობას, ქცევას, დამახასიათებელ თვისებებს აღწერს და წინასწარ განწყობას გვიქმნის: ერთი ვაჭარი მჭვუნვარე სახისაა და გულჩათხრობილი, „ხელი თავისი ცხოვრების ყველაზე საშინელ დღეებში დაუკარგავს“. შესაბამისად, მისი ამბავიც სარკესავით ირეკლავს სევდიან მოგონებებს; ყველაზე ახალგაზრდა ვაჭარი კი, სანამ საკუთარ ამბავს მოჰყვება, სახუმარო ცეკვას ჩამოუვლის, იმღერებს და ყველას გაახალისებს, ისევე როგორც მისი ზღაპარი – 3-4 ფუტი სიმაღლის, უშველებელთავიან მუკზე, ფართხუნა ხალათი და უზარმაზარი ქოშები რომ აცვია. რატომ ცხოვრობდა პატარა მუკი მარტოდმარტო მდიდრულ სახლში, რა დღეში ჩააგდო ჯადოსნურ ტყეში მირთმეულმა მსხლის ნაყოფმა და რატომ არის ზოგჯერ „ღირსეული გასამრჯელო“ 25 წკეპლა, „პატარა მუკის“ ამბავში შეიტყობთ – ზღაპარში, რომელიც დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მხიარულ ზღაპრად ითვლება მსოფლიოში.
ქარავნის მფლობელები ცდილობენ თხრობისა და მოვლენების ეპიცენტრში საკუთარი თავები ახლებურად წარმოაჩინონ, ზოგჯერ ზედმეტად გულახდილებიც არიან და სანუკვარ საიდუმლოს ამხელენ. მიუხედავად ამისა, მათი ამბები ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას გვიტოვებს. ეს ბუნებრივიცაა, ნარატიულ ნაწარმოებში მხოლოდ ერთ მთხრობელს აქვს მთლიანი სურათის განჭვრეტისა და ფინალის გახსნის პრეროგატივა. ასე რომ, „ქარავანი“ უბრალო ზღაპრების კრებული როდია, ავტორი გამოცანას გვთავაზობს, ერთი შეხედვით ერთმანეთისგან დამოუკიდებელ ამბებს მძივებივით ერთ ძაფზე კინძავს. თითოეული მძივი განუმეორებელია, გინდება აუჩქარებლად ათვალიერო, მისი სილამაზით დატკბე, სანამ თვალისმომჭრელ აღმოსავლურ სამკაულად იქცევა და დღის შუქზე აელვარდება.
ჰაუფს ევროპა არასოდეს დაუტოვებია, მიუხედავად ამისა, მისი აღწერილი აღმოსავლეთი ისეთი სურნელოვანი, ხელშესახები და დამაჯერებელია, იფიქრებთ, ავტორი თავის მშობლიურ სოფელში განცდილსა და გადამხდარს აღწერსო. ყველასათვის კარგად ნაცნობი ლეგენდები მწერალმა აღმოსავლური სულითა და ევროპული პრაგმატულობით შეზავებულ ჯადოსნურ ზღაპრებად აქცია. მისი ნოვატორული იდეები და გამოხატვის ახლებური ფორმები ლიტერატურის კრიტიკოსებმა იმთავითვე აღნიშნეს. ამიტომაც გახლავთ ჰაუფის ზღაპრები რელევანტური XIX საუკუნის შუა ხანებიდან დღემდე.
ოსკარ უაილდის ბრიტანული ზღაპრები
ბრიტანულ ზღაპრებზე ამბობენ, რომ უნიკალური, ყველასგან განსხვავებული ფენომენია, იმდენად რეალისტურია, თითქოს სინამდვილე აღწერეს და ჯადოქრობისთვის ადგილი აღარ დარჩაო. ირლანდიური წარმოშობის მწერალი და დრამატურგი ოსკარ უაილდი სწორედ ბრიტანული ტრადიციის მიმდევარი გახლავთ. ცდილობს, თვალი კი არ მოგვჭრას, ზედმიწევნით მკაფიოდ გადმოგვცეს სათქმელი.
უაილდის ზღაპრების მწვავე სატირა და სიღრმე განსაკუთრებით კარგად იგრძნობა ერთ ქართულენოვან კრებულში, რომელმაც ექვსი რჩეული ზღაპარი გაერთიანა: „ვარსკვლავ-ბიჭუნა“, „ბედნიერი უფლისწული“, „ბულბული და ვარდი“, „ღირშესანიშნავი შუშხუნა“, „ახალგაზრდა მეფე“ და „თავკერძა გოლიათი“.
თავიდან ფეხებამდე ოქროს ფირფიტებით დაფარული უფლისწულის ძეგლი ქალაქს დასცქერის, თვალებში საფირონები უელავს, ხმლის ვადას ლალი უმშვენებს. უბედურების, სიღარიბისა და შიმშილის ფონზე მსგავსი ფუფუნება ღიმილის მომგვრელია. ამიტომ სულაც აღარ გვიკვირს, როდესაც გაძარცვული ძეგლი დანიშნულებას კარგავს და გადასადნობად იმეტებენ, მისგან დარჩენილი ტყვიის გაბზარული გული კი სამყაროს ნებისმიერ სიმდიდრეს გადაწონის.
ბოროტი სურვილებისა და გულისწადილის ფონზე უმაქნისი აღმოჩნდება ვარსკვლავბიჭუნას თვალისმომჭრელი სილამაზეც. მხოლოდ ახლობელი ადამიანის სიყვარულსა და თავგანწირვას შეუძლია მისთვის ადამიანის სახის დაბრუნება.
თავკერძა გოლიათის ბაღში გამეფებულ მარადიულ ზამთარს, მარტოობასა და სიძუნწეს მაშინ მოეღება ბოლო, როდესაც მიუვალი კედელი ბავშვებს გზას გაუხსნის.
ბულბული საკუთარ სიცოცხლეს სხვისი სიყვარულისთვის სწირავს: მთელი ღამე გალობს, ვარდს საკუთარი სისხლით ღებავს და კვდება (წითელი ვარდი სტუდენტს სატრფოს კეთილგანწყობის მოსაპოვებლად სჭირდება). თუმცა გაღებული მსხვერპლი ვერ დააკმაყოფილებს პროფესორის ქალიშვილის ეგოისტურ პრეტენზიებს, ძვირფასი ქვები და ფეხსაცმლის შესამკობი ვერცხლის ბალთები მისთვის უფრო სასურველი აღმოჩნდება; სტუდენტი კი რომანტიკულ გრძნობებს მტვრიან ფოლიანტებში გადაახურდავებს; თხრილში გადაგდებულ, ბულბულის სისხლით შეღებილ ვარდს კი ეტლი გადაუვლის.
თხრილში დაასრულებს სიცოცხლეს ღირშესანიშნავი შუშხუნაც. ზღვარგადასულ ამპარტავანს მიაჩნია, რომ ქორწილთან დაკავშირებით კი არ უნდა გაისროლონ, არამედ პირიქით, უფლისწული და მეფის ასული იწერენ ჯვარს შუშხუნას პატივსაცემად. ზღაპარი ირონიული ქვეტექსტებითაა გაჯერებული. ფოიერვერკის რაკეტა, დიდი რომაული სანთელი და პეტარდები ფილოსოფიურ თემებზე საუბრობენ. ზღაპრის ფინალი კი არა მხოლოდ ნაწარმოებს, მთელ კრებულს განსაკუთრებულ პიკანტურობას სძენს, ოსკარ უაილდს კი კვლავაც მხილების დიდოსტატად წარმოაჩენს.

ზაფხულში წასაკითხი წიგნები, რომლებიც 5-დან 8 წლამდე ბავშვებს დააინტერესებთ

ზაფხული და დასვენება, სხვა სიკეთეებთან ერთად, წიგნის კითხვისთვის ყველაზე შესაფერის სეზონადაც ითვლება. უფროსმაც და უმცროსმაც ნამდვილად უნდა ისარგებლონ თავისუფალი დღეებით, მათ შორის სულ პატარა მკითხველმაც. ვინაიდან პატარებს გამართულად კითხვა უჭირთ, სასურველია პროცესში უფროსიც ჩაერთოს. პატარას ან თავად უნდა წაუკითხოთ ან "შეეშველოთ" და რიგრიგობით იკითხოთ გვერდები.
პატარა მკითხველისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მისი ასაკის შესაფერისი წიგნები შესთავაზოთ. როგორც ყოველ ზაფხულს, წიგნების მაღაზია "ბიბლუსი" ამჯერადაც გთავაზობთ არჩევანს, თუ რომელი წიგნები ჯობს 5-8 წლის ასაკის ბავშვებისთვის.
1. თოვლის გუნდას ამბები - ჯანაშია გულეური
თოვლის გუნდა ყველაზე საყვარელი პერსონაჟია. ფუმფულა, მხიარული და ცოტათი სევდიანიც. სხვა ბავშვები დიდი ხნის წინ იცნობდნენ, თქვენ კი ახლა გაიცნობთ. დამეგობრდით, ითამაშეთ მასთან და ბევრ ფათერაკს გადაეყრებით. რაც მთავარია, თოვლის გუნდა მარტო არ არის.
2. ელისი საოცრებათა ქვეყანაში
ერთ მშვენიერ დღეს წიგნში თავჩარგულ პატარა ალისას წინ თეთრი კურდღელი გადაურბენს და სწორედ ამის შემდეგ იწყება ნამდვილი თავგადასავალი საოცრებათა ქვეყანაში. ის, რაც წესით უჩვეულო უნდა ყოფილიყო, ჩვეულებრივ მოვლენად იქცა – ალისამ დაუჯერებელი რამეები ჩაიდინა: ესაუბრა წრუწუნას, ითამაშა ბანქოს მეფე-დედოფალთან, წამში გაიზარდა და წამშივე დაპატარავდა...
3. პატარა ქალაქის ზღაპრები - გურამ პეტრიაშვილი
ეს არის წიგნი პატარა ქალაქზე, სადაც შეხვდებით ყველას გარდა ბოროტი ჯადოქრებისა და კუდიანებისა. აქ ცხოვრობს კაცი, რომელმაც ქარი დაიმორჩილა, მხიარული მღებავიც ამ ქალაქში ცხოვრობს, რომელიც ბავშვების ოთახებს ფერადი ყვავილებითა და მხიარული ფიგურებით ახალსიებს. აქ ბალერინასაც შეხვდებით, რომელიც სცენას დაემშვიდობა, მაგრამ მაინც ძძველებურად უყვარს ცეკვა. პატარა ქალაქში უამრავ განსხვავებულ პერსონაჟს შეხვდებით და ყველა ერთად საოცარ ზღაპრებს მოგიყვებიან.
4. ზღაპრები ბიჭებისთვის
ჩემი პატარა წიგნი" ბალიშა წიგნების ახალი სერიაა, რომელიც სპეციალურად გოგონებისთვის და ბიჭებისთვის სამ-სამ წიგნად დაიწერა, ლამაზად დასურათებული ზღაპრები გოგონებს პრინცესებზე და ფერიებზე, ბიჭებს კი მანქანებზე და საინტერესო თავგადასავლებზე მოუთხრობს.
5. ზღაპრები გოგონებისთვის
ჩემი პატარა წიგნი" ბალიშა წიგნების ახალი სერიაა, რომელიც სპეციალურად გოგონებისთვის და ბიჭებისთვის სამ-სამ წიგნად დაიწერა, ლამაზად დასურათებული ზღაპრები გოგონებს პრინცესებზე და ფერიებზე, ბიჭებს კი მანქანებზე და საინტერესო თავგადასავლებზე მოუთხრობს.
6. ზღაპრები - ძმები გრიმები
წიგნში თქვენი საყვარელი ზღაპრები გელოდებათ და კიდევ - ლამაზი ნახატები . აქ სიკეთე ბოროტებას ამარცხებს , ცხოველები ადამიანებივით საუბრობენ და პრინცესებს ღარიბი ჭაბუკები უყვარდებათ... და ისე, როგორც ყველა ზღაპარში , ყველაფერი ბედნიერად სრულდება.
7. ოლივერი და პეჩი - კლერ ფრიდმენი
მოწყენილი ოლივერი დაკარგულ პეჩს პოულობს.ცუგა მისი განუყრელი მეგობარი ხდება. ბიჭი ხვდება, რომ პატრონი აუცილებლად მოძებნის თავის საყვარელ ძაღლს...ლამაზი და სევდიანი ამბავი მეგობრობაზე ბავშვებსა თუ დიდებს თანაბრად აუჩუყებს გულს.
8. სახურავის ბინადარი კარლსონი - ასტრიდ ლინდგრენი
სვანტესონების ოჯახი სტოკჰოლმის ერთ-ერთი სახლის მეოთხე სართულზე ცხოვრობს. მათ სამი შვილი ჰყავთ, ყველაზე პატარა ბიჭუნაა. ბოსე და ბეტანი მასზე ბევრად უფროსები არიან. ბიჭუნას სახურავის ბინადარი კარლსონი რომ არ ჰყოლოდა, სულ მარტო იქნებოდა.
9. ეზოპეს 200 იგავი
ეს იგავ-არაკები ყველა დროისა და ქვეყნის ბავშვებს მოუსმენიათ. შეუერთდით მათ და წაიკითხეთ საინტერესოდ მოთხრობილი ბრძნული ისტორიები. ისინი შესანიშნავი ილუსტრაციებითაა გაცოცხლებული და მთავრდება ისეთი რჩევა-დარიგებებით, თქვენ რომ გამოგადგებათ. მაშ, გადაშალეთ წიგნი და კითხვას შეუდექით!
10. ძმები ლომგულები - ასტრიდ ლინდგრენი
საბავშვო ლიტერატურის თანამედროვე კლასიკოსის ეს განსაკუთრებული ზღაპარი პირველად გამოიცა ქართულ ენაზე. წიგნი ორი ძმის - ჯონათანისა და სკორპას ურთიერთერთგულებისა და სიყვარულის შესახებ მოგვითხრობს. ამ ზღაპარში ყველაფერია, რაც საუკეთესო საბავშვო ნაწარმოებს უნდა ახასიათებდეს - მეგობრობა და თავდადება, გმირები და საზარელი ურჩხულები, იდუმალი ჯადოსნური ქვეყნები და მარადიული ბრძოლა სიკეთესა და ბოროტებას 
შორის…