უფროსებს ხშირად გვავიწყდება საკუთარი ბავშვობა და ამ შეუცნობელ შესაძლებლობათა ნამდვილი ფასი. ვცდილობთ, ბავშვი ნაადრევად გამოვიყვანოთ ბავშვური სამყაროდან, გვინდა ბევრი რამ ვასწავლოთ, ცხოვრებისათვის დროზე ადრე მოვამზადოთ. ამას კი ხშირად არასასურველი შედეგი მოყვება, რადგან ვიწვევთ ბავშვის განვითარების ხელოვნურ დაჩქარებას, რაც ისევე საზიანოა, როგორც განვითარების ხელოვნური დაგვიანება. ბავშვის განვითარება ყველა სფეროს მოიცავს: ფიზიკურ ზრდას, რაც გულისხმობს სხეულის ზომებისა და ფორმის, ცენტრალური ნერვული სისტემის, სენსორული და მოტორული უნარების განვითარებას. კოგნიტური (შემეცნებითი) პროცესების - აღქმის, ყურადღების, მეხსიერების, აზროვნების და მეტყველების განვითარებას. ფსიქოსოციალურს - პიროვნული ნიშნების შეძენასა და საკუთარი უნიკალურობის გრძნობის განვითარებას, მის ადაპტაციას საზოგადოების მოთხოვნებთან და კულტურულ გარემოსთან. სკოლამდელი ბავშვის ცხოვრებაში მნიშვნელოვანია სამი ეტაპი: თამაში, ხატვა და ზღაპრის ინტერესი. აღსანიშნავია, რომ ხატვა ხელს უწყობს ბავშვის შინაგანად განცდილის გარეთ გამოტანის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. ხატვის საშუალებით ის ბევრ ისეთ გძნობასა და თვისებას იძენს, რომელთა არც განცდა და არც შეთვისება სხვა დროს და სხვა პირობებში მას არ შეუძლია. ხატვა ქცევის ისეთი ფორმაა, რომელიც ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა ფსიქიკურ უნართა მოქმედებისთვის მზაობას გულისხმობს. და მაინც რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა? უპირველესი მიზეზი ამისა არის ის, რომ ხელოვნება ეხმარება ბავშვებს აღმოაჩინონ თუ როგორ უნდა შექმნან ბედნიერება, სიხარული. ჩვენ ტექნოლოგიების საუკუნეში ვცხოვრობთ, სადაც ბავშვთა უმრავლესობა დიდ დროს ატარებს კომპიუტერებთან, ტელევიზორებთან და დიდ დროს უთმობს თამაშებს. თუმცა ჩვენ, ადამიანები ხომ იმისთის ვართ შექმნილნი, რომ რაიმე ახალი შევქმნათ. სწორედ ამიტომ დღესდღეობით, მოზარდებს სჭირდებათ შესაძლებლობები, რომ სტიმულირება მისცენ თავიანთ წარმოდგენებს. ხატვის დადებითი მხარეები ბავშვის განვითრებაში: ხატვის დროს ვითარდება მხედველობითი აღქმა, მეხსიერება; მოზარდი ეცნობა ფორმებს, მიმართულებებს, ცხოველებს, მცენარეებს, გარემოს, უვითრდება ფანტაზია, ცნობიერება, ემოციები, ესთეტიური აღქმა, უღვივდება ინტერესი, ცნობისმოყვარეობა, ნებისყოფა; სწავლობს, დაისახოს და შეასრულოს ამოცანა. მიიყვანოს დაწყებული საქმე, ბოლომდე დაასრულოს ნამუშევარი. ბავშვის სწავლობს განწყობის შემუშავებას. მნიშვენელოვანია განიცადოს სიხარული და თვითკმაყოფილება ხატვის პროცესში. დასასრულს კი დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხატვა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. ის დიდ როლს ასრულებს მისი ფიზიკური, ემოციური და კოგნიტური უნარების განვითარებაში. სხვა არც ერთი აქტივობა არ აძლევს ბავშვს საშუალებას გამოხატოს საკუთარი ემოციები და გახდეს მეტად თავდაჯერებული, ისე როგორ ხატვა. ასე რომ, როცა დავინახავთ, რომ ბავშვი ხატავს ყოველთვის უნდა შევაქოთ და მოვიწონოთ მისი ნახატი.
Content from: http://kids.ge/articles/ხატვის-როლი-ბავშვის-განვითარებაში
Kids.ge
Showing posts with label რჩევები. Show all posts
Showing posts with label რჩევები. Show all posts
Friday, March 2, 2018
რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა?
ადამიანები სხვადასხვა მიზეზის გამო ქმნიან ხელოვნებას: პირადი გრძნობების გამოხატვის, გამოფენების ან შემოსავლის გამო. მაგრამ რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა, განსაკუთრებით მაშინ როცა ბევრი მასწავლებლის ყურადრება მიმართულია ძირითადად წერა-კითხვისა და მათემატიკისკენ? ცხადია, რომ ხელოვნების სწავლა ეხმარება ბავშვებს დამალული უნარებისა და ნიჭის განვითარებაში. გარდა ამისა, არსებობს სხვა მიზეზები იმისათვის, თუ რატომ უნდა ვასწავლოთ ბავშვებს ხატვა: ხელოვნება ეხმარება ბავშვს, აღმოაჩინოს და შექმნას ბედნიერება, სიხარული. ხატვა ხელს უწყობს აზროვნების განვითარებას : მოითხოვს პრაქტიკულ და სტრატეგიულ აზროვნებას.ვითარდება ხელისა და თვალის კოორდინაცია. ამზადებს ბავშვს მომავლისთვის: შემოქმედებითობა და გონებაგახსნილობა საჭიროა ნებისმიერი კარიერული წინსვლისთვის. შემოქმედებითობა არის ხანგრძლივი უნარი და შეიძლება გამოვიყენოთ ყოველღიურ სიტუაციებში; ასწავლის ბავშვს პრობლემის გადაჭრას, რომ არსებობს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვა გზები. ზრდის მოტივაციას, აუმჯობესებს კომუნიკაციას და აძლიერებს ჩვენს ურთიერთობას გარემოსთან. ხატვა ეხმარება ბავშვს თვითშეფასებისა და თავდაჯერებულობის განვითარებაში. წარმოვიდგინოთ რა შესანიშნავი გრძნობაა ბავშვისთის, როცა ის ამბობს: ,,შეხედეთ, რა დავხატე!’’ ან ,,მე შევძელი ამის დახატვა.’’ აგრეთვე, აღსანიშნავია, ის ფაქტი, რომ ბავშვები სოციალურ ურთიერთობებს ამყარებენ სხვა ადამიანებთან, როცა ისინი აჩვენებენ ნახატებს მათ. ხელოვნება აღვიძებს შეგრძნებებს, ბავშვს აძლევს ფანტაზიის განვითარების შესაძლებლობას. ფანტაზია კი ასრულებს ორ მნიშვნელოვან ფუნქციას ბავშვის განვითარებაში: 1. შემეცნებით-ინტელექტუალურს, დაკავშირებულია გარემოზე ახალი ინფორმაციის მიღებასა და პრაქტიკული ჩვევების ფორმირებასთან; 2. დაცვითს, ეს ფუნქცია გამოიხატება იმაში, რომ წარმოსახულ სიტუაციაში შეიძლება მოხდეს დაძაბულობის მოხსნა და კონფლიქტური სიტუაციის გადაწყვეტა, რომელიც ბავშვს ჯერ არ შეუძლია გადაწყვიტოს რეალურ ცხოვრებაში. ფანტაზიის განვითარების მაღალი დონე, როგორც წესი დამახასიათებელია კარგად განვითარებული ბავშვებისთვის. ბავშვის განვითარებას თავისი კანონები აქვს. ბევრი რამ ამ კანონებიდან ჯერ კიდევ შეუცნობელია. აღსანიშნავია, რომ სკოლამდელი ბავშვის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხატვა. საგულისხმოა, რომ ხატვა ხელს უწყობს შინაგანად განცდილის გარეთ გამოტანის მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. ხატვა ბავშვის ქცევის ისეთი ფორმაა, რომელიც ერთსა და იმავე დროს სხვადასხვა ფსიქიკურ უნართა მოქმედებისთვის მზაობას გულისხმობს. როდესაც ბავშვი ხატავს: თუ დავაკვირდებით ხატვის პროცესს, მივხვდებით თუ როგორ უვითარებს ბავშვს ხატვა ფიზიკურ, კოგნიტურ და ემოციურ უნარებს. ადრეული ბავშვობიდან დაწყებული ბავშები ხატავენ და უყვართ ხატვა, რადგან სხვა არც ერთი აქტივობა არ აძლევს მათ საშუალებას გამოხატონ საკუთარი ემოციები და გახდნენ თვითდაჯერებულნი, ისე როგორც ხატვა.
Content from: http://kids.ge/articles/რატომ-უნდა-ვასწავლოთ-ბავშვებს-ხატვა
Kids.ge
Content from: http://kids.ge/articles/რატომ-უნდა-ვასწავლოთ-ბავშვებს-ხატვა
Kids.ge
რა შეცდომებს ვუშვებთ ბავშვის შექებისას?
აღზრდის პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს შექებას. მისი საშუალებით ბავშვები სწავლობენ სწორ ქცევას, უყალიბდებათ დადებითი წარმოდგენა საკუთარ თავზე. წახალისებით მათ ვუზრდით და ვუნარჩუნებთ მოტივაციას შეასრულონ ახალი და რთული ამოცანები და არ დანებდნენ გამოწვევებს. შექება ეფექტურია, თუ მას სწორი ფორმით ვაწვდით ბავშვს. ზოგჯერ მშობლები განსხვავებულად ფიქრობენ მის მნიშვნელობასა და საჭიროებაზე. ზოგი მათგანი თვლის, რომ საერთოდ არ არის საჭირო, ზოგმა კი არ იცის, როგორ უნდა შეაქოს ბავშვი სწორად. გთავაზობთ რამდენიმე გავრცელებულ არასწორ მოსაზრებას: 1. შექებამ შეიძლება უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვზე. ისწავლოს, კარგად მოიქცეს მხოლოდ ჯილდოს გამო. სწორია: ბავშვი მშობლებისაგან იღებს ქცევის მოდელს. ხშირი წახალისება და დადებითი შეფასება მას საშუალებას აძლევს ასეთივე ფორმით ფიქრი და ქცევა ისწავლოს. ანუ მისი კარგი ქცევა არ იქნება მხოლოდ ჯილდოს მიღების საშუალება. ასეთი ბავშვი თავადაც ხშირად აქებს და პოზიტიურად აფასებს გარშემომყოფებს და იგივეს იღებს მათგანაც. ეს კი, როგორც წესი, განსაზღვრავს თანატოლებში მის პოპულარულობასა და წარმატებას. თუ მშობლები ხშირად აკრიტიკებენ ბავშვს, ისიც მსგავს მოდელს სწავლობს როგორც საკუთარი თავის, ასევე სხვების მიმართ. რეალურად, სწორედ შექებისა და მოწონების დეფიციტი ზრდის რისკს, რომ ბავშვი მხოლოდ ჯილდოსთვის მოიქცეს კარგად 2. შეიძლება შექება და ჯილდო ბავშვის მოსყიდვად ჩაითვალოს. სწორია: სინამდვილეში შექება ბუნებრივად უნდა მოსდევდეს ბავშვის ქცევას. ჯილდოს მიზანია ბავშვმა ისწავლოს თუ რა არის მისაღები ქცევა. წახალისებით მას ვუბიძგებთ გამოავლინოს და განამტკიცოს ახალი უნარები. ბავშვთან არ ვდებთ ასეთი სახის გარიგებას: „თუ აალაგებ სათამაშოებს, შოკოლადს მოგცემ“ და ა.შ. ვასწავლით ქცევის წესებს, მაგალითად: “მოდი, ახლა სათამაშოები შევინახოთ, თამაში უკვე დავასრულეთ“ და ვაქებთ მაშინ, როდესაც ალაგებს ან ცდილობს აალაგოს სათამაშოები. 3. ბავშვებმა ისედაც იციან როგორ მოიქცნენ სწორად. რა საჭიროა მათი ყოველდღიური შექება სათამაშოს თხოვებისათვის ან ამოცანის ამოხსნისათვის. სწორია: ზოგჯერ ბავშვები ასრულებენ წესებს, ზოგჯერ კი რთულ ქცევას ავლენენ. სწავლების ეფექტური მეთოდია სასურველი ქცევის წახალისება და დაჯილდოვება. შექება განამტკიცებს ბავშვის ქცევას და ზრდის მისი უფრო ხშირად გამოვლენის შანსს.ლენენ. თუმცა, მათ თავისთავად არ იციან როგორ მოიქცნენ სწორად. ამისათვის აუცილებელია ჩარევა და სწავლება. 4. უმჯობესია, ბავშვი შევაქოთ იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებულ და საუკეთესო შემთხვევაში. სწორია: ზოგჯერ მშობლები ბავშვს აქებენ მხოლოდ მაშინ, როდესაც ის რაიმეს განსაკუთრებულად კარგად გააკეთებს, მაგალითად, ამოხსნის მათემატიკის რთულ ამოცანას, სრულყოფილად აალაგებს საწოლს, სათამაშოებს და ა.შ. ასეთი სტრატეგიის გამოყენება ნიშნავს, რომ ბავშვი იშვიათად იღებს მშობლებისაგან დადებით შეფასებას, რადგან სინამდვილეში საბოლოო მიზნამდე მისვლა იოლი არ არის, ამისათვის დრო და სწავლაა საჭირო. რამდენად აუცილებელია ბავშვმა ყოველთვის ყველაფერი სრულყოფილად შეასრულოს? გაცილებით ეფექტურია მისი წახალისება მცდელობისათვის, შექება და შრომის დაფასება. შესაძლოა ამ ეტაპისათვის ვერ ძლევს რთულ სასწავლო პროგრამას, ვერ ალაგებს საწოლს ისე როგორც თქვენ. მიუხედავად ამისა, დააჯილდოვეთ იმისათვის რისი შესრულებაც შეუძლია. განსაკუთრებული შემთხვევის ლოდინის ნაცვლად ყოველდღიურ ცხოვრებაშიც შეიძლება აღმოჩნდეს ბევრი ქცევა, რომელსაც ბუნებრივად ვთვლით, თუმცა, შექებას იმსახურებს. მაგალითად, ბავშვი დამოუკიდებლად მეცადინეობს, იწყებს სწავლას, მშვიდად თამაშობს, ასრულებს თქვენს ინსტრუქციასა და თხოვნას. სწორედ ასეთი მდგომით განუმტკიცებთ საკუთარი თავის რწმენას, აგრძნობინებთ, რომ მისი გჯერათ. ეს კი ნამდვილად დაეხმარება წარმატების მიღწევაში. 5. ზოგჯერ რთულია ისეთი რამის პოვნა, რის გამოც შიძლება ბავშვის შექება. სწორია: რამდენადაც რთულ ქცევას არ უნდა ავლენდეს ბავშვი, მაინც შეიძლება ისეთი რამის პოვნა, რის გამოც დავაჯილდოვებთ. ხშირად ის მშობლები რომლებიც არ აქებენ შვილებს, ასევე, კრიტიკულები არიან საკუთარი თავისა და შეცდომების მიმართ. უჭირთ კარგი ქცევის შემჩნევა ბავშვებში, სამაგიეროდ სწრაფად რეაგირებენ და აკრიტიკებენ მათ შეცდომების გამო. უფროსის მაგალითი მნიშვნელოვანია. მშობლების უპირველესი გამოწვევაა, ისწავლონ საკუთარი თავის დაჯილდოვება და შექება. მაგალითად, „ეს სადილი გემრიელი გამომივიდა“, „დღეს სამსახურში წარმატებული დღე მქონდა“ და ა.შ. თავიდან ეს შეიძლება არ აღმოჩნდეს იოლი, მოითხოვოს გარკვეული ძალისხმევა, თუმცა, შეუძლებელი არაფერია. ყოველდღიურ ცხოვრებაში კარგის შემჩნევით დაეხმარებით როგორც საკუთარ თავს, ასევე თქვენს ბავშვებს.
Content from: http://kids.ge/articles/რა-შეცდომებს-ვუშვებთ-ბავშვის-შექებისას
Kids.ge
Content from: http://kids.ge/articles/რა-შეცდომებს-ვუშვებთ-ბავშვის-შექებისას
Kids.ge
13 ოქროს წესი - როგორ შევაყვაროთ ბავშვს კითხვა
მიუხედავად იმისა, რომ XXI საუკუნე ტექნოლოგიების ეპოქაა და კომპიუტერი აქტიურად შემოიჭრა თითოეული ადამიანის ცხოვრებაში, წიგნი მაინც შეუცვლელია. თითოეულმა მშობელმა თავიდანვე უნდა იზრუნოს იმისთვის, რომ მისმა პატარამ კომპიუტერთან უსასრულო თამაშს ან თუნდაც ტელევიზორის ყურებას, წიგნების კითხვა ამჯობინოს.
იმისთვის, რომ ბავშვებს კითხვა შეაყვაროთ, გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას:
1. როცა თქვენი ბავშვისთვის წიგნს ყიდულობთ, ყურადღება მიაქციეთ შრიფტს და ილუსტრაციებს. ბავშვებს ყველაზე მეტ სიამოვნებას ისეთი წიგნის კითხვა ანიჭებთ, რომელშიც მეტი ილუსტრაციაა, რადგან ის ეხმარება მათ წარმოსახვის გაძლიერებაში და წაკითხულის შინაარსის გააზრებაში. ყველაზე კარგია, თუ ბავშვებს წააკითხებთ წიგნებს, რომლებშიც დიდი შრიფტია გამოყენებული და თითოეულ გვერდზე ბევრი ტექსტი არ წერია. არ დაგავიწყდეთ ნაწარმოების სიუჟეტიც, ის თქვენი ბავშვისთვის გასაგები უნდა იყოს.
2. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ბავშვისთვის კითხვა სიამოვნებასთან უნდა ასოცირდებოდეს. არასოდეს დააძალოთ ბავშვს წაკითხვა, შეუქმენით მას ისეთი გარემო, რომ თვითონ მოუნდეს კითხვა.
3. იმისთვის, რომ კითხვა თქვენს ბავშვებს ტანჯვად არ ექცეთ, ტექსტის კითხვას ეტაპობრივად მიაჩვიეთ და დაიწყეთ ეს მაშინვე, როგორც კი ის ყველა ასოს შეისწავლის. თავიდან კარგია, თუ წიგნებს თქვენ წაუკითხავთ, ის კი გაგონილის აზრს გადმოგცემთ, ნელ-ნელა ის შეძლებს პატარ-პატარა ეპიზოდების წაკითხვასაც, ამაში, რა თქმა უნდა, მას თქვენი დახმარება დასჭირდება, ერთი აბზაცი თქვენ წაიკითხეთ, ერთი აბზაცი მას წააკითხეთ.
4. მიუხედავად იმისა, როგორ წაიკითხა ბავშვმა, ის აუცილებლად შეაქეთ. სანამ ის თქვენი შექებით ტკბება, თქვენ შეგიძლიათ ამის „ისარგებლოთ" და წასაკითხი ტექსტები ნელ-ნელა გაუზარდოთ. თუ ასე მოიქცევით, თქვენი ბავშვი არასდროს გეტყვით წიგნის კითხვაზე უარს.
5. არასდროს შეწყვიტოთ ბავშვისთვის ხმამაღლა კითხვა, მაშინაც კი, როცა ამის გაკეთება მას თავადაც შეუძლია. ის შეძლებს გაიგოს ბევრი სასარგებლო რამ თქვენი წაკითხულიდან, გარდა ამისა, ბავშვი დიდ სიამოვნებას მიიღებს თქვენთან კონტაქტით.
6. კითხვის დროს, აუცილებლად შედით როლში, შეიცვალეთ ხმები პერსონაჟების მიხედვით, გაითამაშეთ სცენები, დასვით ლოგიკური აქცენტები. თქვენს მაგალითზე ბავშვიც ისწავლის კითხვის დროს საკუთარი ემოციების წარმოჩენას.
7. მიეცით ხმამაღლა კითხვას ჯილდოს დატვირთვა. თუ ბავშვი ცუდად იქცევა, უთხარით, რომ საღამოს ხმამაღლა აღარ წაუკითხავთ. ასეთი მეთოდით თქვენ ბავშვს მიახვედრებთ, რომ ცუდად მოქცევის გამო დაისჯება და თან თქვენს მიერ წაკითხულსაც მოაკლდება. ასეთ შემთხვევაში წიგნის კითხვის რეიტინგი მის თვალში აუცილებლად აიწევს.
8. თუკი თქვენი ბავშვისთვის ტელევიზორთან ან კომპიუტერთან ჯდომა წესად არის ქცეული, ეცადეთ, მას ამაში სხვა ხერხით "შეეჯიბროთ". მაგალითად, რა მულტფილმსაც თქვენმა ბავშვმა უყურა, თქვენც სწორედ ის წიგნი მიუტანეთ, რომლის მოტივებზეც ეს მულტფილმი შეიქმნა და აუცილებლად წაუკითხეთ. შემდგომში ამ მულტფილმს თქვენ და თქვენმა პატარამ წიგნთან ერთად უყურეთ და შეეცადეთ ბავშვის კონცენტრირება მოახდინოთ არა ეკრანზე, არამედ წიგნში დახატულ ლამაზ და მხიარულ ნახატებზე. მულტფილმის ყურების და წიგნის წაკითხვის შემდეგ, შეადარეთ ბავშვთან ერთად მათი შინაარსი. აუცილებლად გაუსვით ხაზი იმას, რომ წიგნებში ესა თუ ის ზღაპარი და ისტორია ყოველთვის გაცილებით კარგად არის მოთხრობილი, ვიდრე ტელევიზორში აჩვენებენ.
9. გამოიყენეთ სხვადასხვა ტექნიკური საშუალებები. დღეს საკმაოდ ბევრი წიგნია, რომელსაც აუდიოჩანაწერებიც ახლავს თან. ასეთი წიგნების საშუალებით ბავშვს ეძლევა შესაძლებლობა მოუსმინოს პროფესიონალურად გახმოვანებულ ტექსტს და თან წიგნიც დაათვალიეროს. შეგიძლიათ ჩანაწერი თქვენს პატარასაც გააკეთებინოთ. ბავშვები ყოველთვის დიდი სიამოვნებით უსმენენ აუდიოზღაპრებს თავისი შესრულებით.
10. საბავშვო წიგნები ყოველთვის უნდა შეესაბამებოდეს ბავშვის შესაძლებლობებს, თუ გინდათ, რომ ბავშვს კითხვა არ შეძულდეს და ნაწარმოების მიმართ ინტერესი გამოავლინოს.
11. სულ პატარა ასაკიდან დააჩვიეთ ბავშვები წიგნთან მოპყრობის კულტურას: აუკრძალეთ წიგნებში ხატვა, წიგნების ძირს დაყრა, დააჩვიეთ წიგნების თავის ადგილზე დაწყობას, თან უთხარით, რომ თუ ასე არ მოიქცევიან, წიგნები განაწყენდებიან და სხვა ბავშვებთან წავლენ.
12. როგორი დაკავებულიც არ უნდა იყოთ, რეგულარულად გამონახეთ დრო ბავშვებისთვის და მათთვის წიგნის წასაკითხად. შესთავაზეთ ბავშვს იმ ზღაპრის გაგრძელება, რომლის კითხვაც გუშინ დაიწყეთ. დაიმახსოვრეთ, შეგიძლიათ უარი უთხრათ ბავშვს ეზოში ჩასვლის თხოვნაზე, მაგრამ არასოდეს უთხრათ უარი, თუკი ის წიგნის წაკითხვას გთხოვთ.
13. იკითხეთ თქვენ თვითონაც! ეს უმთავრესია, რომ ბავშვს ინტერესი გაუჩნდეს წიგნისა და კითხვის მიმართ. იკითხეთ ბავშვის თანდასწრებით და თან გამოხატეთ თქვენი ემოციები, სადაც საჭიროა, გაიცინეთ და სადაც საჭიროა, იტირეთ. თქვენი მაგალითი თქვენი პატარასთვის ყველაზე იდეალურია.
წყარო - artinfo.ge
როგორ შევაყვაროთ ჩვენს პატარას წიგნები
„ყოველი ახალი წიგნი თვალწინ გვიშლის ახალ სამყაროს.“ ჯორდანო ბრუნო წიგნი ადამიანის ცხოვრებაში და ზოგადად პიროვნების განვითარებაში უდიდეს როლს თამაშობს. სამწუხაროდ, წიგნების სიყვარული ადამიანის თანდაყოლილი თვისება არაა. საჭიროა მისი განვითარება პატარა ასაკიდან, რათა ბავშვმა მომავალში წიგნთან მეგობრობა შეძლოს. წიგნის კითხვა ბავშვს ემპათიურს ხდის. იგი განიცდის პერსონაჟების მდგომარეობას, ფიქრობს მათზე, კითხვის პროცესში ვითარდება ფანტაზია, წარმოსახვის უნარი, იზრდება სიტყვათა მარაგი. შესაბამისად, ბავშვის მეტყველება ბევრად უფრო მდიდარი და გამართული ხდება. ახლა კი მინდა რამდენიმე პრაქტიკული რჩევა შემოგთავაზოთ, თუ როგორ შეაყვაროთ თქვენს პატარას წიგნის ჯადოსნური სამყარო. ბავშვისთვის წიგნი არ უნდა ასოცირდებოდეს ცუდ ემოციასთან. როდესაც თქვენი პატარა უყურებს ტელევიზორს, ან დაკავებულია საინტერესო საქმიანობით, ამ დროს მოთხოვნა - დაუყონებლივ დაანებოს ამ საქიანობას თავი და წიგნი წაიკითხოს - არაეფექტურია. ასეთი მიდგომის შედეგად ბავშვისთვის წიგნი ხდება ობიექტი, რომელმაც საყვარელ საქმიანობას ჩამოაშორა. ამის სანაცვლოდ, მიეცით ბავშვს მკაფიოდ განსაზღვრული ინსტრუქცია, მაგ., „ამ მულტფილიმის დამთავრებისთანავე, შენ დაისვენებ, შემდეგ კი ვიწყებთ კითხვას“, მიიყვანეთ საათთან და განუმარტეთ: „როდესაც საათის ისარი ექვსთან მივა, ჩვენ ვწყვეტთ ტელევიზორის ყურებას და ერთად ვიწყებთ კითხვას“. ასეთ შემთხვევებში ყოველთვის დაელოდეთ მისგან თანხმობას. საინტერესო მიდგომაა სახლში კითხვისა და წიგნის კუთხის მოწყობა. მაშ ასე, ბავშვთან ერთად ირჩევთ სახლში ერთ პატარა მყუდრო ადგილს, იწყებთ მის მოწყობას, ალაგებთ ბევრ წიგნს, ფერად ბალიშებს, ქმნით მყუდრო გარემოს. ეცადეთ, ამ კუთხის მოწყობაში ბავშვი მაქსიმალურად ჩართოთ: დაინტერესდით რომელი ფერის ბალიში ურჩევნია, შეათანხმეთ წიგნების თანმიმდევრობა და ა.შ.. წიგნების კუთხის მოწყობის შემდეგ ბავშვთან ერთად აარჩიეთ დღის პატარა მონაკვეთი, 10-15 წუთიც საკმარისი იქნება და ყოველდღე წიგნის კითხვა რიტუალად აქციეთ. კარგი იქნება, თუ ამ რიტუალში, პერიოდულად, მონაწილეობას მთელი ოჯახი მიიღებს. ეს კითხვის პროცესს უფრო სახალისოს გახდის. დაამზადეთ ხელნაკეთი წიგნები - თქვენს პატარასთან ერთად გაიხსენეთ ის მნიშვნელოვანი დღეები, რომლებმაც მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ეცადეთ, ეს ისტორია პატარა ფურცლებზე გადაიტანოთ, გააკეთეთ ჩანახატები, ბოლოს კი, წიგნად აკინძეთ. გამოყავით პატარა თარო და ერთად შეინახეთ თქვენი ხელნაკეთი წიგნები. ასე მხიარულად, თქვენ დიდი ისტორიის მატარებელ ბიბლიოთეკას შექმნით. ბავშვებს უყვართ როლური თამაშები - გამოყავით ერთი დღე სპექტაკლისთვის. აარჩიეთ ერთი წიგნი: გადაინაწილეთ როლები, გაწერეთ ტექსტი და მოაწყვეთ წიგნისა და თეატრის დღე. დაამზადეთ კოსტიუმები, იმღერეთ, იცეკვეთ, გამოიჩინეთ მაქსიმალური იმპროვიზაციის უნარი, რათა ბავშვის ცხოვრებაში ეს ერთი დღე გამორჩეული გახადოთ. ამ აქტივობით წიგნის პერსონაჟებს ადვილად აღქმადს გახდით თქვენი პატარასთვის. წიგნის შესაყვარებლად თქვენმა პატარამ კითხვის პროცესით სიამოვნების მიღება უნდა ისწავლოს. ამისთვის გამოიყენეთ მომენტები ყოველდღიური ცხოვრებიდან - სეირნობის დროს, მასთან ერთად წაიკითხეთ ბანერებზე, რეკლამებზე დატანილი წარწერები, ჰკითხეთ რას ფიქრობს ამ წარწერების შინაარსზე, ეთანხმება თუ არა მათ. ყოველი მისი მცდელობა წაახალისეთ, შეაქეთ. ამით მის მოტივაციას და თვითშეფასებას შესამჩნევად აამაღლებთ. და ბოლოს, წარმატებებს გისურვებთ თქვენი არაჩვეულებრივი პატარებისა და წიგნის ჯადოსნური სამყაროს დამეგობრების გრძელ და საინტერესო გზაზე.
Content from: http://kids.ge/articles/როგორ-შევაყვაროთ-ჩვენს-პატარას-წიგნები
Kids.ge
Content from: http://kids.ge/articles/როგორ-შევაყვაროთ-ჩვენს-პატარას-წიგნები
Kids.ge
რჩევები მასწავლებელს - როგორ შევაყვაროთ ბავშვებს წიგნები
კითხვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საქმიანობაა, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გვჭირდება. წიგნებთან და კითხვასთან კავშირი პატარებს კითხვის დაწყებამდე გაცილებით ადრე უჩნდებათ. ყველაფერი მაშინ იწყება, როდესაც ბავშვის ხელში პირველი წიგნი ხვდება, ან როდესაც ერთ-ერთი მშობელი უკითხავს. წიგნის კითხვა მშობელს და ბავშვს ერთად ყოფნის შესაძლებლობას აძლევს. ბავშვი და მშობლები ერთად კითხვის დროს თანამშრომლობენ, რაც მრავალ მნიშვნელოვან კომპონენტს შეიცავს. ერთ-ერთი მათგანი წინასწარ განჭვრეტაა, რადგან ამგვარი კითხვა, როგორც წესი, განრიგის მიხედვით მიმდინარეობს და მისდევს ერთგვარ მოდელს, რომელიც გარკვეული ეტაპებისგან შედგება. სახეზეა თამაშის მომენტი, რადგან ამგვარი მეცადინეობის მიზანი სიამოვნების მიღებაა. ენა აზრის შექმნისა და იდეის გადმოცემისთვის გამოიყენება. მეცადინეობის დროს ბავშვს ლიდერობის შესაძლებლობა უჩნდება, მშობლები ქცევისა და მეტყველების მოდელირებას ახდენენ, იდეის გამოხატვისათვის ბავშვთან ერთად საკუთარ „ჟარგონს“ ქმნიან. ამგვარად, ინტუიციურად იყენებენ „ლაბორატორიულ მეთოდს“, რათა თავიანთ ბავშვებს ენა შეასწავლონ, ბეჭდვითი ტექსტი და წიგნი გააცნონ. (Harvey Daniels, 1994 p.37). ბავშვს ესმის, რომ წიგნი რაღაც სასიამოვნოს უკავშირდება, როგორც პირადად მისთვის, ისე უფროსებისათვის, რაღაცას, რაც მასში კარგი განწყობის შეგრძნებას იწვევს. ბავშვს საგნის გამომხატველი სიტყვის მნიშვნელობა გაცილებით ადრე ესმის, ვიდრე მის წარმოთქმას შეძლებს. მოგვიანებით იგი იწყებს იმის გაცნობიერებას, რომ წიგნში სურათები და სიტყვებია და რომ მათ გარკვეული შინაარსი აქვთ. ეს პირველი ნაბიჯია კითხვის უნარის განვითარებაში, რაც წიგნის სიყვარულს ნერგავს.
არსებობს მთელი რიგი მიზეზებისა, რომელთა გამოც ჩვენ ვცდილობთ, ბავშვები წიგნებს ვაზიაროთ:
- რათა გავაღვივოთ და განვამტკიცოთ წიგნებისადმი სიყვარული;
- რათა დავნერგოთ და ავღზარდოთ კითხვის კულტურა;
- რათა განვავითაროთ და გავამდიდროთ მეტყველება, აზროვნება, წარმოსახვა და შემოქმედებითი უნარი;
- რათა განვავითაროთ და გავამდიდროთ ემოციები (საკუთარი და სხვა ადამიანის ემოციების ამოცნობა და გამოხატვა);
- რათა საინფორმაციო წყაროს სახით წიგნებისა და სხვა ბეჭდური მასალების გამოყენების უნარი გამოვიმუშაოთ;
- რათა განვავითაროთ და წავახალისოთ თვითგამოხატვის, თავისუფლების, არჩევანისა და დამოუკიდებლობისაკენ;
- რათა მივცეთ ურთიერთობის შესაძლებლობა და ხელი შევუწყოთ მის განვითარებას;
- რათა ხელი შევუწყოთ წერა-კითხვის უნარის განვითარებას;
- რათა ბავშვი სკოლისა და ცხოვრებისათვის მოვამზადოთ.
წიგნის გაცნობის პროცესის ეტაპები
უფროსები, როცა ბავშვებს წიგნებს აცნობენ, იმავდროულად მათში წიგნის სიყვარულსაც ავითარებენ. ეხმარებიან გამოცდილებისა და ურთიერთობის გაზიარებაში, რაც ბავშვს კითხვის პროცესის სხვადასხვა ეტაპზე უქმნის წარმოდგენას. ამ პროცესის გააზრება შესაძლებელია გამოწვევით, შინაარსის რეალიზებით, რეფლექსიის სტრუქტურით. (J.L. Steele, K. S. Meretith, & C. Temple, 1998).
გამოწვევის ფაზა
ბავშვი აქტიურად იხსენებს, თუ რა იცის მოცემულ თემასთან დაკავშირებით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ბავშვმა ფიქრი დაიწყოს.
მოცემული ფაზა მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ პირადი ცოდნისა და რწმენა-წარმოდგენების ბაზა იქმნება, რომელსაც ახალმიღებული ცოდნა შეიძლება შეემატოს და ახალი უკვე ნაცნობს დაუკავშირდეს. ამ დროს ბავშვს პროცესში აქტიურად ვრთავთ. ეს იმას გულისხმობს, რომ ბავშვი თავის ცოდნას აქტიური აზროვნებისა და მეტყველების მეშვეობით გამოხატავს. მოცემულ თემასთან დაკავშირებით იმ წარმოდგენებს ავლენს, რომლებიც ადრე ჩამოუყალიბდა. მისი შეხედულება უფროსის ან სახელმძღვანელოში გადმოცემული შეხედულებისგან განსხვავდება. ბავშვები ჯგუფში მუშაობის დროს კითხვებს დამოუკიდებლად სვამენ და პასუხსაც თავად სცემენ. მათი ზოგიერთი იდეა შეიძლება ურთიერთწინააღმდეგობრივი იყოს და ამ სხვაობამ ისინი ღრმად უნდა ჩააფიქროს, რაც შემდგომი მეცადინეობისთვის მშვენიერ მოტივაციას შექმნის.
წიგნის გაცნობის ეტაპები გამოწვევის ფაზაში:
1. უჩვენეთ ბავშვებს ყდა, გააცანით სათაური, აგრეთვე ტექსტის ავტორები და ილუსტრაციები. თუ კითხვის წინა გაკვეთილიდან ისინი უკვე იცნობენ ავტორს ან მხატვარს, შეეცადეთ, ბავშვების ადრე მიღებული გამოცდილება მოცემულ წიგნს დაუკავშიროთ;
2. გაარკვიეთ ბავშვების ვარაუდი წიგნის შინაარსთან დაკავშირებით. ამისათვის შემდეგი ხასიათის კითხვები დავსვათ: ,,რაზეა ეს წიგნი?“, ,,როგორია მისი შინაარსი?“, ,,როგორ განვითარდება მოვლენები ამ წიგნში?“, ,,ვინ იქნება მთავრი გმირი?“. ამ დროს აუცილებელია, ბავშვებს შესაძლებლობა მივცეთ ახსნან, თუ რატომ ფიქრობენ ასე;
3. დაათვალიერეთ წიგნი ბავშვებთან ერთად და მიეცით შესაძლებლობა, ილუსტრაციების საფუძველზე შინაარსის შესახებ ვარაუდები გამოთქვან. ბავშვები მოვლენათა განვითარებას ილუსტრაციებზე დაყრდნობით წინასწარმეტყველებენ, ისინი სურათებს ტექსტს უკავშირებენ და საკუთარ თავს მათთვის საინტერესო კითხვებს უსვამენ.
შინაარსის რეალიზების ფაზა
ამ ფაზაზე ბავშვი ტექსტიდან მიღებულ ახალ იდეებს ეზიარება. ჩვენი ამოცანაა, რომ პირველი ფაზის დროს აღძრული ბავშვის ინტერესი და აქტიურობა შევინარჩუნოთ.
გარდა ამისა, ბავშვები ძველ და ახალ ცოდნას შორის ხიდებს აგებენ და ამგვარად ახალ გააზრებამდე მიდიან. პედაგოგის როლი, ესთეტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე, წიგნის გამომეტყველებითწაკითხვა. ამით იგი განსაკუთრებულ ატმოსფეროს შექმნის, როდესაც კითხვას ყურადღებით მოუსმენენ. კითხვა შეიძლება: სანთლის შუქზე, ხმადაბლა ჩართული წყნარი მუსიკის თანხლებით, თვალსაჩინოების გამოყენებით, რითაც ბავშვებს კითხვაზე ყურადღების კონცენტრირებაში დავეხმარებით.
რეფლექსიის ფაზა
ამ ფაზაზე ბავშვები იდეებს, რომლებიც აღიქვეს,საკუთარი სიტყვებით გამოხატავენ. ყოველივე იმას, რასაც ბავშვი კონტექსტში ისმენს და თავისი სიტყვებით გამოხატავს, უკეთ იმახსოვრებს; სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ კითხვის შემდეგ განხილვა გაიმართოს. მასწავლებელმა/საბავშვო ბაღის აღმზრდელმა შეიძლება შემდეგი სახის კითხვები დასვას: ,,მოგეწონათ თუ არა წიგნი და რატომ?“, ,,მოგაგონათ თუ არა ამ წიგნმა რაიმე და რატომ?“, ,,გაგაკვირვათ თუ არა რაიმემ და რატომ?“, ,,რომელი გმირი მოგეწონათ და რატომ?“. პედაგოგმა ბავშვებს ამ კითხვაზე პასუხის გაცემისას საკუთარი აზრის გამოხატვაში ხელი უნდა შეუწყოს. მოზარდებს შორის იდეების ურთიერთგაზიარება მათ ლექსიკურ მარაგს აფართოებს და ისინი სხვადასხვა კონცეპტუალურ სქემას ეცნობიან, რომელთაც საკუთარი სქემებისა და მოდელების შექმნისას ითვალისწინებენ. ეს ის მომენტია, როდესაც ბავშვის შემეცნების პროცესში ცვლილებები და რეკონცეპტუალიზაცია ხდება - ხელახალი გააზრება. სკოლის ან საბავშვო ბაღის პირობებში ამ ფაზის დროს ბავშვი ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება, როდესაც ახალი ინფორმაციის ინტეგრირების სხვადასხვა ხერხს და მოქნილ კონსტრუქციებს ეცნობა, რომელიც მან შეიძლება მომავალში გამოიყენოს. პროფესიონალი პედაგოგები ცდილობენ, ბავშვებს მრავალფეროვანი შესაძლებლობები შეუქმნან, რათა მათ სხვადასხვა მეცადინეობისა და დავალებების შესრულებისას ამ ახალი იდეების შემოქმედებითად გამოყენება შეძლონ - როგორც განვითარების მრავალ სფეროში, ისე სხვადასხვა გამოყენებით საგანში - და ამგვარად ყოველივე ამის ურთიერთკავშირებით ხორცი შეასხან ქოლისტურ (ერთიან) მიდგომას.
გამოწვევა
1. წარმოვადგინოთ წიგნი
2. გამოვთქვათ ვარაუდები შინაარსის შესახებ
3. დავათვალიეროთ ილუსტრაციები
2. გამოვთქვათ ვარაუდები შინაარსის შესახებ
3. დავათვალიეროთ ილუსტრაციები
შინაარსის რეალიზება
4. კითხვა/მოსმენა
4. კითხვა/მოსმენა
რეფლექსია
5.განხილვა წაკითხვის შემდეგ
6. საქმიანობის/მეცადინეობის სხვა სახეობებთან კავშირის დამყარება
6. საქმიანობის/მეცადინეობის სხვა სახეობებთან კავშირის დამყარება
წიგნები - შემაკავშირებელი რგოლი მშობლებსა და სკოლა/საბავშვო ბაღს შორის.
მშობლები, როგორც წესი, კარგად ვერ აცნობიერებენ, რა წიგნები სჭირდებათ მათ ბავშვებს. ზოგიერთ მშობელს წიგნის შეძენის ან მოძიების შესაძლებლობა არ აქვს, ზოგიერთმა კი არ იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წიგნი ბავშვის განვითარებისა და ცხოვრებისათვის. აი, რატომ არის აუცილებელი, თითოეულმა პედაგოგმა და სასწავლო დაწესებულებამ მშობლები გააცნობიერონ იმ სარგებლობის შესახებ, რომელიც ბავშვის განვითარებისა და ცხოვრებისათვის წიგნში მოაქვს.
სკოლასა და საბავშვო ბაღში იოლად შესაძლებელია მშობლების უზრუნველყოფა ინფორმაციით იმის შესახებ, თუ რა წიგნები სჭირდებათ ბავშვებს. აუცილებელია, ეს წიგნები ბავშვის განვითარების დონეს შეესაბამებოდნენ (მაგალითად, მშობელთა ინფორმირებისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ცნობათა ბიურო, მათ შეიძლება პერიოდულად გავუგზავნოთ წერილები, საცნობარო ბარათები და ა.შ.).
სკოლამ ან საბავშვო ბაღმა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შესარულოს და მშობლებს აღნიშნულ წიგნებთან იოლად მიღწევის შესაძლებლობა მისცეს. თუ ჩვენ მოვახერხებთ ყველაფრის ორგანიზებას, რათა მშობლებმა ბავშვებთან ერთად ლიტერატურის შერჩევა და სახლში წაღება შეძლონ, მაშინ ბავშვებს შინ ექნებათ წიგნები. ეს კი კლასგარეშე კითხვას რეალურად შეუწყობს ხელს.
აუცილებელია მშობლებისა და ოჯახის სხვა წევრების ჩართვა წიგნებთან დაკავშირებით სხვადასხვა ღონისძიებაში. მაგალითად, ბავშვთან ერთად წიგნების დამზადება და კითხვა იმ დროს, როდესაც მათ ბავშვები სკოლაში/საბავშვო ბაღში მოჰყავთ ან მიჰყავთ, - ასევე ოჯახის წევრის ცოდნითა და გამოცდილებით გამდიდრების შესანიშნავი საშუალებაა, რაც წიგნისა და კითხვის სიყვარულს ნერგავს.
დღეისათვის წიგნით სახლსა და სკოლას შორის კავშირის დამყარების ერთ-ერთი პოპულარული საშუალებაა წიგნებით სავსე ჩანთები.
ხუთი წლის წინ ჩვენი მეთოდიკით პროგრამა ,,Step by Step” - ის ფარგლებში მუშაობის დროს წიგნებისათვის სპეციალური ჩანთების მომზადება დავიწყეთ (მაგალითად, ჩანთა დაბადების დღისათვის, ჩანთა ბებიებისა და ბაბუებისათვის, ეკოლოგიური ჩანთა, საავტორო ჩანთა და ა. შ.). როგორც წესი, ასეთი ჩანთა შეიცავს:
- საბავშვო წიგნებს;
- პროფესიულ წიგნს ან ჟურნალს, რომელშიც მშობელმა შეიძლება საინტერესო ინფორმაცია მოიძიოს ბავშვთა აღზრდისა და განათლების, განვითარებისა და სწავლების, მოვლისა და ჯანმრთელობის შესახებ და ა.შ.;
- ,,მშობლის სამახსოვროს“, რომელშიც განმარტებულია ასეთი წიგნებით დატვირთული ჩანთის მიზნები;
- რვეულს, სადაც ბავშმა შეიძლება წაკითხულ წიგნზე შთაბეჭდილება ჩაწეროს და აგრეთვე სხვა საინტერესო ინფორმაციას.
წესების თანახმად, რომლებიც ბავშვებმა და საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა ერთობლივად შეიმუშავეს, ეს ჩანთები რეგულარულად ,,მოგზაურობენ“ საბავშვო ბაღიდან ბავშვის სახლში და უკან, კვლავ საბავშვო ბაღში. საბავშვო ბაღის ზოგიერთ ჯგუფში არა ერთი, არამედ რამდენიმე ასეთი ჩანთაა. ამ ინიციატივას ძალიან კარგი შედეგები მოაქვს. საბავშვო ბაღების აღმზრდელების თქმით, სულ უფრო მეტმა მშობელმა დაიწყო რეგულარული კითხვა ბავშვებთან ერთად. ბავშვები საბავშვო ბაღში შინ წაკითხული ერთი და იმავე წიგნის შესახებ სხვადასხვა იდეას განიხილავენ, რაც მათ საქმიანობასა და შემოქმედებას საინტერესოს ხდის. მშობელთა თქმით, წიგნებიანი ჩანთა მათი საოჯახო ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. მათ დიდი ოდენობით პროფესიული ლიტერატურის კითხვა დაიწყეს. ჩანთებმა ბავშვები, მშობლები და საბავშვო ბაღები შეცვალეს.
დასკვნა
დასასრულს, გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ ბავშვს წიგნების სიყვარული უჩნდება მაშინ:
- თუ ისინი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი ხდებიან;
- თუ უფროსები აცნობიერებენ, რაოდენ მნიშვნელოვანია წიგნების ადგილი ბავშვის ყოველდღიურ ცხოვრებაში;
- თუ ბავშვებს სწავლების პროცესში ისეთი გზით აცნობენ წიგნებს, რომ მხედველობაში მიიღება მათი ინდივიდუალური და ასაკობრივი განვითარების თავისებურებები.
რჩევები პედაგოგს - როგორ განავითაროს ბავშვებში კითხვის უნარი და წინების სიყვარული
- უკითხეთ ბავშვებს ყოველდღე. დღე კითხვის გარეშე გავს დღეს მზის გარეშე.
- წაუკითხეთ წიგნები და ისაუბრეთ მათზე სიყვარულით.
- წიგნებისა და კითხვისადმი სიყვარულის ჩანერგვის საუკეთესო გზა ამოკითხულის საკუთარ თავზე მოდელირებაა.
- მოაწყვეთ კლასში/საბავშვო ბაღის ჯგუფში ,,კითხვის ცენტრი“, სადაც ბავშვებს წიგნების დამოუკიდებლად არჩევის შესაძლებლობა მიეცემათ.
- განალაგეთ წიგნები ისე, რომ ბავშვებმა იოლად შეძლონ მათი აღება.
- შესთავაზეთ ბავშვებს სხვადასხვა ტიპის წიგნები (როგორც თემატიკურად, ისე ზომის, ფორმისა და ყდის მიხედვით).
- სასურველია, ,,კითხვის ცენტრში“ იყოს არა მარტო წიგნები, არამედ კასეტები, რადიო, ჟურნალები და სხვა ბეჭვდითი მასალები, ასევე მასალები წიგნის დამზადებისათვის.
- იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენს ჯგუფში თითოეულმა ბავშვმა ის წიგნები მიიღოს, რომლებიც მას მიესადაგება (გაითვალისწინეთ ბავშვის ასაკი, ინდივიდუალური განვითარების დონე, აგრეთვე ინტერესები).
- იზრუნეთ იმაზე, რომ კლასში/საბავშვო ბაღის ჯგუფში ყველა ბავშვისათვის საკმარისი რაოდენობის წიგნი იყოს.
- შექმენით კითხვისათვის განსაკუთრებული ატმოსფერო, რომელიც ბავშვში ინტერესს გააღვიძებს.
- კითხვას ყოველთვის უნდ მოჰქონდეს სიამოვნება და აღიარება.
- განავითარეთ ბავშვების შემოქმედებითი შესაძლებლობები, ლიტერატურაზე სხვადასხვა ფორმით რეაგირების საშუალება მიეცით.
- დაგეგმეთ შეხვედრები და მხატვარ-ილუსტრატურებთან.
- მოაქწყვეთ კითხვის ფესტივალები/ზეიმები, სადაც ბავშვები საყვარელ წიგნებს წარმოადგენენ.
- შექმენით ახალი სიტყვის ყულაბა.
- შექმენით წიგნები ბავშვებთან ერთად - ეს ,,თვითნაკეთი“ წიგნები თქვენი ,,კითხვის ცენტრში“ სხვა წიგნების გვერდით მოათავსეთ.
- ესტუმრეთ წიგნების მაღაზიას ბავშვებთან ერთად.
- ჩართეთ მშობლები, ბაბუები და ბებიები, აგრეთვე ძმები და დები სხვადასხვა ღონისძიებაში, რომელშიც კლასში/ საბავშვო ბაღის ჯგუფში ტარდება და რამენაირად უკავშირდება წიგნებს. როგორც პედაგოგს, თქვენ შეგიძლიათ მათთვის იმის მოდელირება მოახდინოთ, თუ როგორ წაუკითხონ ბავშვებს სახლში.
გამოყენებული ლიტერატურა
Daniels,H. 1994. Litereture Circles: Voice and Choice in the Student-Centered Classroom (ლიტერატურული წრეები: ხმისა და არჩევანის უფლება ბავშვზე ორიენტირებული სწავლების პროცესში) Stenhouse Publishers, York, Maine and Penbroke Publishers Limited, Canada.
Steele J.L., Meretith K.S., Temple C. 1998 A Framework For Critical Thanking Across the Curriculum (სხვადასხვა გამოყენებით სფეროში კრიტიკული აზროვნების სწავლება) (Prepared for Reading and Writing for Critical Thinking Project), Guidebook I.
წყაროები
Kordiget, M. Jamnik, T. Knjizevna vzgoja vrtsu, DZS (წერა- კითხვის სწავლება საბავშვო ბაღში), Ljubliana. Kropp, P. 2000. Otrok postane bralec za vse zivljenje (ბავშვი კითხულობს) Ucila.
Plt Pregelj, L. 1990. Ucenje ob poslusanju (ვისწავლოთ მოსმენისას), DZS, Ljubliana.
Walsh, K.B. 1996. Creating child-centered classrooms (6-7 years old) (6-7 წლის ბავშვზე ორიენტირებული კლასის შექმნა) CRI. Inc.: Washington D>C> and OSI: New York. Welsh, K.B. 1997. Creating child-centerd classrooms (8-10 years old) (8-10 წლის ბავშვზე ორიენტირებული კლასის შექმნა) CRI< Inc.: Washington D>C> and OSI: New York.
კითხვის საერთაშორისო ასოციაციის ჟურნალი “ბავშვთა დემოკრატიული განათლება“ (№3, ზაფხული/შემოდგომა, 2002)
ტატიანა ვონტა
განათლების სფეროში ინიციატივების განვითარების კვლევითი ცენტრის -„Step by Step”- დირექტორი
ფანიკა ბალიჩი
განათლების სფეროში ინიციატივების განვითარების კვლევითი ცენტრის-„Step by Step“-მასწავლებელთა მწვრთნელი-ოსტატი
Subscribe to:
Posts (Atom)