Saturday, November 29, 2025

კითხვის ალგორითმი

 მოზარდებთან ერთად წიგნების კითხვისა და გადაკითხვისას აღმოვაჩინე, რომ მათი ვერდიქტი – „მომწონს/არ მომწონს“ – მოქმედებს კითხვის შემდეგ მსჯელობის ხარისხზე.

უფრო გასაგებად ავხსნი:

თუ მოსწავლეს ტექსტი მოსწონს, ის მის შესახებ უ კ ე თ მსჯელობს. მეტი ხალისით, მეტი ენთუზიაზმით.

თუ მოსწავლეს ტექსტი არ მოსწონს, მსჯელობა შემოიფარგლება განსჯითა და განაჩენით: „სისულელეა. არ მომწონს და მორჩა“.

 

კიდევ ერთი დაკვირვება – მოსწავლეებს მოსწონთ ის, რაც უკეთ ესმით.

„ესმით“ – ნიშნავს:

  • ლექსიკა გასაგებია;
  • სიტყვათა უმრავლესობის მნიშვნელობა იციან;
  • სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც არ იციან, კონტექსტით ამოიცნობა;
  • ესმით როგორც სიტყვების, ისე ფრაზეოლოგიზმების პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობა;
  • მიზეზშედეგობრივი კავშირი ტექსტის ნაწილებს შორის მათთვის გასაგებია;
  • აზრობრივად, იდეურად, ემოციურად „მიჰყვებიან“ აღწერილს, მონათხრობს, შეუძლიათ ინტერპრეტირება და აქტუალიზება (დაკავშირება საკუთარ გამოცდილებასთან ან დროსთან).

 

ამასთან, მოსწავლეები უმთავრესად სწორედ თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე აფასებენ წაკითხულს. რაც გამოცდილი აქვთ, უგრძნიათ, რაც მათი ყოველდღიურობისთვის ნაცნობია („გამოცდილებაშია გამოტარებული“), იმას „შეიწყნარებენ“, რაც გაუგებარია, ჯერკვალივით განაგდებენ. ეს, ერთი მხრივ, აუცილებლადაა გასათვალისწინებელი ლიტერატურის სასკოლო კურსის შედგენისას, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია იმისა, რა უნდა შევთავაზოთ (და, რაც მთავარია, როგორ!) მათ თვალსაწიერის, ემოციური აღქმის დიაპაზონის, წარმოდგენების ჩარჩოებისა და გამოცდილებების გასაფართოებლად, რომ არ დავტოვოთ ისინი მხოლოდ საკუთარი გამოცდილებისა და ამ „მოწონების დიაპაზონის“ სიმწირეში.

პედაგოგიკა პირდაპირ „გვავალდებულებს“ მოსწავლეთა ასაკობრივი განვითარების, თავისებურებების გათვალისწინებას სწავლა-სწავლების პროცესში და ამ ვალდებულების შესრულება, რასაკვირველია, გვმართებს კიდეც. მაგრამ თუ მხოლოდ იმას მივაწვდით მოზარდებს, რაც მათ ისედაც „ესმით“ და „მოსწონთ“, განვითარებას ხელს შევუშლით და ახალ, საინტერესო გამოცდილებებსა და გამოწვევებთან გამკლავების უნარებსაც ვერ გამოვუმუშავებთ. არადა, იმის შეცნობა და შემეცნება, რაც არ გვესმის, მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი შრომაა. აუცილებელიც, თუ გვსურს, გავცდეთ ჩვენივე წარმოდგენების ვიწრო ჩარჩოებს.

წიგნების მეშვეობით, მით უმეტეს ლიტერატურის სასკოლო კურსის ფარგლებში, ამ მიზნის მიღწევა საკმაოდ რთულია.

უინტერესო მეთოდოლოგიას, მოძველებულ მიდგომებს, სავალდებულო პროგრამის ათწლეულების განმავლობაში უცვლელობას ისიც ემატება, რომ მხატვრულ ლიტერატურას დღეს ბევრი კონკურენტი ჰყავს. კითხვა გარჯაა, ნების ძალას, ფიქრისა და ჩაღრმავების ატმოსფეროს მოითხოვს. მოზარდებს დღეს დროსტარების ამაზე გაცილებით მიმზიდველი უამრავი საშუალება აქვთ: სოციალური ქსელი, ვიდეოთამაშები, პოდკასტები და აუდიოწიგნები, ფილმები და სერიალები, ტიკტოკი და იუთუბი…

კითხვის ეს ჰიპერაქტიური, ყოვლისმომცველი და ჯიქური ჩამნაცვლებლები მთლიანად იპყრობენ მათ ყურადღებას. სწრაფად ცვალებადი კადრები, ჩამთრევი და დამაინტრიგებელი სიუჟეტები, სპეციალურად შექმნილი ალგორითმები შესანიშნავად უზრუნველყოფენ იმას, რომ ადამიანებმა საათები გაატარონ სქროლვაში. ამ წამლეკავი მავნებლობის წინააღმდეგ ნებისყოფის გამომუშავება ზრდასრულებსაც გვიჭირს. „კითხვის სიამოვნება“ დამაჩლუნგებელი ნეტარების იმ დოზასთან შეფარდებით, რასაც, მაგალითად, ტიკტოკი უზრუნველყოფს, არაფერია. შესაბამისად, უფასურდება და ყოველგვარ საზრისს კარგავს მოწოდებები, წიგნიერების უპირატესობების წარმოჩენის მცდელობები.

ერთი შეხედვით, ჩიხია.

თუ განსხვავებული ჟანრის, ფორმის, შინაარსის ტექსტებს არ შევთავაზებთ მოსწავლეებს, თვალსაწიერის გასაფართოებლად სოცქსელებსა და ეკრანს შევატოვებთ.

ეს არ გვინდა.

დაძალებით კითხვის ეფექტი ნულს ქვემოთაა. უფრო ზუსტად, უკუპროპორციულია – ზიზღსა და წინააღმდეგობას ბადებს მხოლოდ. სიამოვნების მიღების თვალსაზრისით საკუთრივ წიგნი გაჯეტებთან კონკურენციას თითქმის ვერ უძლებს.

გვრჩება ჩვენი საკუთარი ალგორითმის შესამუშავებლად დიდძალი ძალისხმევის გაწევა და „სისტემური ცვლილებების“ განხორციელება.

პირველ რიგში, თავი უნდა დავანებოთ დიდაქტიკას და საკუთარი გამოცდილების ურყევ ჭეშმარიტებად გამოცხადებას. თუ ჩვენთვის კითხვა „ერთი სიამოვნებაა“, მოზარდისთვის შესაძლოა ასე არ იყოს, ამიტომ სხვა გზებია საძიებელი კითხვისკენ გულისა და გონების მოსაბრუნებლად. ან… მხოლოდ გონების.

მოზარდები პრაგმატული ხალხია. „რაში მჭირდება“ და „რაში გამომადგება“ – გეცნობათ ეს კითხვები? ხშირად სვამენ ხოლმე.

მიცდია და მცდელობას გაუმართლებია – კითხვის როგორც გონების სავარჯიშოს, ნების წრთობისა და ერთგვარი „ტრენაჟორის“ ფუნქციით შენიღბვა. ამართლებს.

კითხვის როგორც მიმზიდველი ალტერნატივის შეთავაზება – ასევე ამართლებს.

ანუ თუ არჩევანი კითხვასა და ტიკტოკს შორისაა გასაკეთებელი, ეს უკანასკნელი უკონკურენტოა და აუცილებლად „გაიმარჯვებს“. მაგრამ თუ კითხვას შევთავაზებთ სწავლა-სწავლების პროცესში რომელიმე სხვა აქტივობის ან სავალდებულო (და, ვთქვათ პირდაპირ, მოსაწყენი, აუტანელი ან არასასურველი) საქმიანობის ნაცვლად და არჩევანს მოზარდს დავუტოვებთ, კითხვა, დიდი ალბათობით, „მოიგებს“.

შესაბამისად: არა გაჯეტთან, არამედ რაიმე სხვა აქტივობასთან შეპირისპირება, არჩევანის შეთავაზება მომგებიანია. აქედან გამომდინარე, საზრუნავად გვრჩება საგანგებო გარემოს შექმნა. დავარქვათ ამას „კითხვის კუნძულები“. შეგვიძლია სკოლაში ადგილის გამოყოფა, სათანადოდ მოწყობა, მოსწავლეებისთვის კლასგარეშე ან საკლასო აქტივობებად სწორედ კითხვის შეთავაზება.

საზოგადოდ, არჩევანის შეთავაზება პედაგოგიკაში უცილობელი, სავალდებულო, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე პრინციპია. საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ამ სამარჯვის გარეშე ჯეროვანი პედაგოგიური ურთიერთობა ვერ შედგება. ჩვენს სამსჯელო კონტექსტში არჩევანი შესაძლოა გულისხმობდეს წიგნების სამეულის, ხუთეულის, ათეულის შეთავაზებას – მოსწავლე თავად აირჩევს სასურველს, მერე კი წაკითხულის შესახებ მოსაზრებების მოწესრიგებისა და გაზიარების ფორმების შეთავაზებას: მოამზადე ზეპირი პრეზენტაცია, წერილობითი ანოტაცია, ვიდეოჩანაწერი, აუდიოფაილი, პოდკასტი, სკეტჩების სერია, ილუსტრაციები…

ასევე კითხვის ალგორითმის ნაწილად უნდა ვაქციოთ მიმზიდველი, კომფორტული ადგილები სასწავლო სივრცეებში (შინ ან სკოლაში) – ტორშერი, მოხერხებული სავარძელი, მყუდრო და სასიამოვნო გარემო. მარკეტინგში მსგავსი ხრიკები ამართლებს და იმ მაღაზიებში, რომლებშიც მერჩენდაიზერი სწორად განალაგებს პროდუქციას, შეიმუშავებს სპეციალურ დიზაინს იმისთვის, რომ მყიდველი უფრო მეტხანს დარჩეს სივრცეში, გაყიდვის მაჩვენებელიც უფრო მაღალია.

ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზეც, რომ არსებული პროგრამები, კურიკულუმები და მეთოდოლოგია თანამედროვე მოზარდების მოთხოვნილებებს, საჭიროებებს, ასაკობრივ თავისებურებებს ვერ ესადაგება. სწავლა-სწავლების პროცესი ჩამორჩება ჩვენი მოსწავლეების სოციალურ და კოგნიტიურ რეალობას. სკოლის შეთავაზებებსა და მოზარდის ყოველდღიურობას შორის დისბალანსი, აცდენა ვეებერთელაა.

სანამ ამ დიდებული და ყოვლისმომცველი ცვლილებებისთვის მოიცლიან გადაწყვეტილებათა მიმღებნი, მანამდე ისევ მასწავლებლებს შეგვიძლია მცირე, მაგრამ მტკიცე და შედეგიანი ნაბიჯების გადადგმა და კითხვის ახლებური ალგორითმის შეთავაზება.


https://mastsavlebeli.ge/


No comments:

Post a Comment