Saturday, November 29, 2025

მასწავლებლის ბიბლიოთეკას ახალი წიგნი შეემატა- “ციფრული ტრანსფორმაცია განათლებაში, თანამედროვე გაკვეთილები.”

 წიგნი შექმნილია მასწავლებლის მხარდასაჭერად და მიზნად ისახავს თანამედროვე გაკვეთილის კონცეფციის გააზრებას, ციფრული საშუალებების გამოყენების მაგალითების გაზიარებას და ისეთი მეთოდების წარმოდგენას, რომლებიც მოსწავლეს სწავლების პროცესში აქტიურ მონაწილედ აქცევს.

თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე სწრაფად იცვლება. ციფრული ტრანსფორმაცია არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური პროგრესი – ეს არის სასწავლო პროცესის ახალი ფილოსოფია, რომელიც მოითხოვს განსხვავებულ ხედვას, შემოქმედებითობასა და მოქნილობას. მასწავლებლის როლი მრავალფუნქციურია: იგი აღარ არის მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ მოსწავლეთა ინტერესების გამღვიძებელი, ინფორმაციის დამუშავებისა და კრიტიკული აზროვნების ჩამომყალიბებელია.

გაკვეთილი XXI საუკუნეში უნდა პასუხობდეს იმ გამოწვევებს, რასაც ციფრული ეპოქა გვთავაზობს და გულისხმობს ინტერაქტიურ რესურსებს, მრავალმხრივ კომუნიკაციას, კოლაბორაციულ გარემოსა და ტექნოლოგიების მიზნობრივ ინტეგრაციას. სწორედ ამ გზით იქმნება სასწავლო გამოცდილება, რომელიც არა მხოლოდ ცოდნის შეძენას, არამედ უნარებისა და ღირებულებების განვითარებას უწყობს ხელს.

ეს წიგნი არა მხოლოდ პრაქტიკული გზამკვლევია, არამედ პროფესიული რეფლექსიის, ინოვაციური იდეების და პედაგოგიური ექსპერიმენტების ინსპირაციის წყაროც. მისი გამოყენება მასწავლებელს საშუალებას აძლევს, საკუთარი გაკვეთილი გარდაქმნას სივრცედ, სადაც ცოდნა, ტექნოლოგია და შემოქმედებითობა ერთიანდება.

წიგნის ავტორები:

მანანა ბოჭორიშვილი, ხათუნა ციხელაშვილი, ცირა ბარბაქაძე, მაია ფირჩხაძე, თინათინ ზარდიაშვილი, ლელა მანგოშვილი, ნანა აბულაძე, ნასტასია არაბული, თემურ სუყაშვილი, გიორგი ჭაუჭიძე, ნოდარ ცაგარეიშვილი, თინათინ გიორგაძე, გურამ ბურდილაძე, ნინო გაფრინდაშვილი, ირინე გუდაძე, ირმა ჯოჯუა, მორის დანდურიშვილი ეკატერინე სამხარაძე

დიზაინერი– ბესიკ დანელია

რედაქტორები: ნატალია ინგოროყვა, ნანა მაჭავარიანი, მანანა ბოჭორიშვილი

ყდის ილუსტრაცია- მარიამ ელიზბარაშვილი

“ციფრული ტრანსფორმაცია განათლებაში, თანამედროვე გაკვეთილები.”


https://mastsavlebeli.ge/

სანამ კლასში შევალ: წინასწარი შფოთის ამბავი

 რამდენიმე თვის წინ ჩემს თავს უცნაური რამ შევნიშნე. ისეთი, რაც, სავარაუდოა, დიდი ხანია მემართება, უბრალოდ ყურადღება ახლა გავამახვილე და შესაბამისად, გავაანალიზე კიდეც. გაკვეთილის დაწყებამდე 20-30 წუთით ადრე უცნაური შფოთი მიპყრობს, მკერდში სიმძიმეს ვგრძნობ, ყბები მეძაბება და თავში ათასობით აზრი ისე სწრაფად დარბის, რომ ვერცერთ მათგანს ვერ ვეწევი. არც ვცდილობ ხოლმე. ალბათ შფოთვის სიმპტომებს იმდენად ვართ მიჩვეული, რომ თუ რამე უფრო რთულში არ გადაიზრდება, ჩვეულებრივ ამბად გვეჩვენება. ეს ხომ სულ შეიძლება დაგვემართოს? მაგალითად, ზედმეტი კოფეინის, ძილის ნაკლებობის, გადაღლილობის გამო. არცერთი ჩამოთვლილთაგანი არ აკლია თანამედროვე ადამიანის ყოველდღიურობას, ამიტომ შფოთი ზოგჯერ უკანა ფონზე, ჩუმად „მიმდინარეობს“, ვიდრე ჩვენ ჩვეულებრივ ვფუსფუსებთ. საზიანოა, თუმცა ასეა.

 

ერთ დღესაც, როცა არც ძილი მაკლდა, არც დაღლილი ვიყავი და არც ზედმეტი ყავა მქონდა დალეული, ჩემს თავს ასეთი აბეზარი შფოთი შევნიშნე და დავფიქრდი. საათს დავხედე, გაკვეთილის დაწყებას ოციოდე წუთი აკლდა. ყველაფერი მზად მქონდა. რაც მთავარი და ყველაზე უცნაურია, იმ კლასში უნდა შევსულიყავი, რომელსაც ერთ წელზე მეტია, ვასწავლი და ბავშვებს შესანიშნავად ვიცნობ. ვიცი, რა უხარიათ, რა სწყინთ, რა მოსწონთ, რას ვერ იტანენ. ისინიც ასევე, ძალიან კარგად მიცნობენ და, როგორც წესი, დროს ბრწყინვალედ ვატარებთ ხოლმე ერთად. მაშინ რატომ ვიჯექი დაძაბული, რატომ ვცდილობდი ავტომატურად ღრმად მესუნთქა და რატომ ვიმტრევდი თითებს? ამჯერად შფოთი არ დავაიგნორე და შევნიშნე, რომ გაკვეთილის დაწყებიდან პირველ ორ-სამ წუთში მთლიანად გაუჩინარდა.

 

თანამედროვე კლვევების მიხედვით მასწავლებელთა საშუალოდ 40-50% მუდმივად განიცდის შფოთვის ან სტრესის ნიშნებს. შფოთვა განსაკუთრებით ძლიერდება როცა, მასწავლებელი ემოციურადაა ჩართული სწავლების პროცესში, ცდილობს ყველაფერი გააკონტროლოს, შეცდომები თავიდან აირიდოს და ყველაფერი სრულყოფილად შეასრულოს. ვფიქრობ, ჩვენი ეს მდგომარეობა სისუსტე სულაც არაა, პირიქით, ეს ნიშნავს, რომ სწავლება ჩვენთვის მექანიკური პროცესი არ არის და მასში სულსა და გულს ვდებთ, თუმცა შფოთვა და სტრესი ჩვენს ორგანიზმსა და ნერვულ სისტემაზე უდიდეს კვალს ტოვებს. ამიტომ კარგი იქნებოდა, თუკი პირველ რიგში სწორედ მის გაკონტროლებას შევეცდებოდით. გაკონტროლებამდე კი აუცილებელია შევნიშნოთ და დავაკვირდეთ, როდის ჩნდება, რატომ და რა სიმპტომებით. შემჩნევა პირველი ნაბიჯია გამკლავებისკენ.

 

ჩემი სამუშაო დღეები საოფისე საათებით იწყება. გაკვეთილის დაწყებამდე ზოგჯერ ოთხს ან ხუთ საათს სიჩუმეში ვატარებ: გეგმებს ვწერ, საჭირო მასალებს ვამზადებ, ვბეჭდავ. ზოგჯერ ამ ყველაფერს მუსიკის ფონზე ვაკეთებ, ან თანამშრომლებს მშვიდად ვესაუბრები, გვერდით მოდგმულ ყავას ვსვამ და არ ვჩქარობ. მერე კი უცებ გაკვეთილების დრო მოდის, რომლის რიტმიც ძალიან სწრაფია და ჩემგან საერთოდ სხვა უნარების გამოხმობასა და გააქტიურებას მოითხოვს. გაკვეთილის ჩატარება ხომ სცენაზე ასვლას ჰგავს, უნდა გამოცოცხლდე, ხმა აიმაღლო, განწყობა შეიცვალო, გაკვეთილის თემას გადახედო და მზად უნდა იყო, რომ თითოეული მოსწავლის ინტერესს მოერგო. ასე და ამგვარად ჩემმა ნერვულმა სისტემამ ჩემზე ადრე იცის, რომ მალე უნდა ავდგე და ჩემი პროფესიული ვერსია ჩავრთო, რომელიც მოქმედებს სწრაფად, ლოგიკურად, თანმიმდევრულად და თავდაჯერებულად. კომფორტის ზონაში მაგიდასთან ცხელ ყავასთან ერთად მოკალათებული ჩემი თავის ნელი ვერსია ნელ-ნელა უნდა გადაირთოს კონცენტრაციის რეჟიმში და ეს ჩუმი გადართვა ჩემში იწვევს უმისამართო შფოთს. ვღელავ, ხომ ყველაფერი გამომივა?! რამე ხომ არ შემყვება კლასში, რაც ხელს შემიშლის?! რამემ რომ არ იმუშაოს?! რომ დავმარცხდე?! თითქოს მფრინავი ვარ, რომელმაც აფრენამდე უნდა შეამოწმოს, გააქტიურებულია თუ არა ყველა ღილაკი. მერე კი, როგორც კი ავფრინდებით (გაკვეთილის დავიწყებთ), ყველაფერი თავის ადგილას დგება. თვითმფრინავი დინჯად მიაპობს სივრცეს. ეს უკვე ფოკუსის ფაზაა, როცა გონება ზედმეტ ხმაურს ამცირებს და საშუალებას გაძლევს, იმოქმედო – ასწავლო.

 

მნიშვნელოვანია ისიც გავიაზროთ, რომ ზოგჯერ შფოთვა სულაც არ არის იმ დღის გაკვეთილების ბრალი. შეიძლება ეს სულაც ძველი პროგრამაა, რომელიც ნერვულ სისტემაში დარჩა და ისიც ყოველ ჯერზე დაუღალავად ამოყოფს თავს. თუკი ოდესღაც ახალ სამსახურში, დემოზე, პირველ ჯერზე ან საჩვენებელ გაკვეთილზე ძალიან ვღელავდით და დიდი სტრესი მივიღეთ ან რაღაც არ გამოგვივიდა, ჩვენმა სხეულმა ეს ისე დაიმახსოვრა როგორც გაფრთხილება. ახლა კი, ამდენი წლის და ამდენი გაკვეთილის მერეც კი, როცა დრო დგება, ისევ გზავნის სიგნალებს, რომ სადღაც საფრთხეა. ეს თავდაცვის მექანიზმია, რომელიც, იდეაში, კვლავ ჩვენთვის აქტიურდება. წარმოიდგინეთ, რომ უბრალოდ ჩვენზე ზრუნავს და ცდილობს აგვარიდოს იმ საფრთხეს ან უსიამოვნებას, რომელიც კვლავ ჰგონია, რომ განმეორდება. ამის გაცნობიერება პირველი ნაბიჯია იმისკენ, რომ ძველი პროგრამები როგორმე წავშალოთ და საკუთარ თავს შთავაგონოთ, რომ უსაფრთხოდ ვართ.

 

როცა ჩემი შფოთვის სავარაუდო მიზეზები ჩამოვწერე და იმ ყველაფერში გავერკვიე, რაც ზემოთ აღვწერე, ისიც ცხადი გახდა, რომ არსებობს კონკრეტული გზები, რითაც მასთან გამკლავება შემიძლია. პირველ რიგში, აუცილებელია მას სწორი სახელი დავარქვათ, შემდეგ კი ჩავატაროთ ისეთი პატარა რიტუალი, რაც დამშვიდებაში დაგვეხმარება – დავლიოთ წყალი, მოვუსმინოთ მუსიკას, წარმოვიდგინოთ მოსწავლეების მოღიმარი სახეები, ღრმად ვისუნთქოთ, თვალები დავხუჭოთ, ხუთი წუთი ჩუმად, სიმშვიდეში გავატაროთ და ა.შ. ეს რიტუალი ყველასთვის ინდივიდუალური შეიძლება იყოს.

 

თუკი ამის მსგავსად თავს ხშირად გრძნობთ, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ჩვენი ეს მდგომარეობა სწორედ იმას აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ ვზრუნავთ. ყოველი მასწავლებელი კი, ვინც შფოთის მიუხედავად მაინც შედის კლასში, უპირობოდ უმამაცესია. უსიამოვნოა, თუმცა შფოთი ჩვენი პროფესიის მუდმივი თანმხლებია, რომელიც ალბათ საგაკვეთილო პროცესისადმი სიყვარულს ვერასდროს წაგვართმევს, თუმცა ძალა კი ნამდვილად შეიძლება წაგვართვას, თუკი, პირველ რიგში, საკუთარ თავს არ გავუფრთხილდებით.

ამიტომ, თავს გაუფრთხილდი, მასწავლებელო!

 

 


https://mastsavlebeli.ge/

„ბურთი, რომელსაც ბიჭი დაეკარგა“ – ემპათიისა და თანაგრძნობის გაკვეთილი ჩვენს მოსწავლეებს

 ქართული საბავშვო პროზა და პოეზია, იმაზე მეტად მრავალფეროვანი და საინტერესოა, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია და გვგონია. არის შემთხვევებიც, ხან ისეთ საოცარ ტექსტს აღმოვაჩენ ხოლმე, რომ  მაშინვე მიჩნდება მისი ბავშვებისთვის წაღებისა და გაზიარების სურვილი, რადგან კარგი, ჯანსაღი და სწორი ღირებულების მქონე ტექსტებით დიდად არ ვართ განებივრებული.

ასეთი აღმოჩენა იყო ედიშერ ყიფიანი მოთხრობა „ბურთი, რომელსაც ბიჭი დაეკარგა“. წიგნი ბუკინისტებში აღმოვაჩინე, ძალიან ძველი გამოცემა, 70 წლის წინანდელი. ბავშვებს უყვართ ძველი წიგნები და უზომოდ გაიოცეს, როდესაც ეს გამოცემა ვაჩვენე:

ფრთხილად, სათუთად ათვალიერებდნენ, აკვირდებოდნენ გაყვითლებულ ფურცლებს, კითხულობდნენ, უკვირდათ. რამდენიმემ აღნიშნა, რომ ოჯახის ბიბლიოთეკაშიც ჰქონდათ ძველი წიგნები და გაუჩნდა სურვილი, რომ ენახა და დაეთვალიერებინა. მერე უცებ გაჩნდა იდეა: მოდით, შემდეგ გაკვეთილზე თავად შეარჩიეთ ძველი წიგნები, მოიტანეთ და მეგობრებს გაუზიარეთ-მეთქი, შემპირდნენ, რომ ასეც მოიქცეოდნენ.

სანამ წიგნს ვასრულებდი, პატარა დაჩუტული რეზინის ბურთი ვისროლე და ვთქვი, რომ ის იქნებოდა ჩვენი შეხვედრის მთავარი გმირი.  გაუკვირდათ, ბურთი რანაირად? ბიჭებს გაუხარდათ – ოო, ფეხბურთი ხომ მათი ყველაზე სანატრელი რამეა!

გამოთქვეს უამრავი ვარაუდი – რაზე იქნებოდა ამბავი, რა როლში იქნებოდა ბურთი. მერე სათაურიც რომ ვუთხარი, სულ გადაირივნენ, როგორ შეიძლება, ბურთმა ბიჭი დაკარგოს, ალბათ პირიქით, ბიჭები კარგავენ ბურთებსო. მე მგონი, აქ რაღაც შეცდომააო. ამას დაემატა ძველი წიგნის ხიბლი და ინტერესი და ჩემი მიზანიც მიღწეული იყო – ცნობისმოყვარეობა გავუღვიძე და ახლა ყველა დაძაბული, ინტერესით ელოდა ამბავს.

გადავჯექით ხალიჩაზე და დავიწყეთ კითხვა. კითხვის დროს ვჩერდებოდი და კითხვებს ვსვამდი, ან ვაცლიდი ბავშვებს ემოციები და მოსაზრებები გამოეხატათ.

„ასე დაიწყო ჩვენი მეგობრობა. ბიჭუნას ძალიან ვუყვარდი, მე კი თავდაპირველად ვეჯიუტებოდი, თამაშობისას ფეხიდან ავეცლებოდი ხოლმე, ბიჭუნა თავს ვერ შეიმაგრებდა და სასაცილოდ გაიშხლართებოდა მიწაზე. ბოლოს დამიმორჩილა, თავი შემაყვარა. მეც თავდავიწყებით შემიყვარდა ჩემი პატრონი; სულ მისკენ მივფრინავდი, ფეხებში ვუგორდებოდი.

ჩემი წყალობით ბიჭს წვივები დაუმსხვილდა, სწრაფი სირბილი ისწავლა, დაცემისას აღარ ტიროდა. მახარებდა ეს ამბავი; ვამჩნევდი, რომ სიამაყისაგან ზომაზე მეტად ვიბერებოდი..

ბურთს უეცრად ხმა ჩაუწყდა. ცრემლები ახრჩობდა საწყალს. ფისოს გული აუჩვილა მისმა საცოდაობამ“.

ეს მოთხრობა უზარმაზარი საბადოა – ემპათიისა და ემოციების ამოცნობის, ემოციების გაგების. რას გრძნობდა  ბურთი? შენც ხომ არ გაგჩენია მსგავსი გრძნობა? მარტოდ ხომ არ გრძნობ თავს? ასეთი კითხვებით ბავშვები ემოციებზე დაფიქრდებიან, საკუთარ გამოცდილებას დაუკავშირებენ ტექსტს, სიღრმისეულად გაიაზრებენ პრობლემას.

წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთი საინტერესო თემაც გააქტიურდა: დაკარგული ნივთები, ბავშვები ფიქრობენ და ჰყვებიან ისტორიებს – რა ნივთი დაკარგეს, როგორ ენატრებათ, ნეტავ რას გრძნობენ ეს ნივთები. წერენ პატარა წერილსაც, რომელსაც დაკარგული ნივთი დაუწერდა თავის პატრონს, იგონებენ ამ ნივთების ახალ თავგადასავალს – იქნებ ახალი პატრონი იპოვეს? იქნებ უკეთ არიან? ან პირიქით, ბურთივით ჩაჩუტულები და უბედურები ყრიან სადმე? ვკითხულობთ წერილებს და ვნახულობთ პატარა ანიმაციას დაკარგულ ნივთებზე.

https://www.youtube.com/watch?v=zIL0vSNx8Xg

ამის შემდეგ ბავშვები ჯგუფებად იყოფიან. ვურიგებ წინასწარ მომზადებულ ფორმატებს, სადაც შუაში ბურთი ხატია და ბურთის გარშემო კი ფიქრის ღრუბლებია:

თითოეულზე ბურთის ცხოვრების ეტაპებია მინიშნებული, ამ ეტაპების მიხედვით მოსწავლეებმა ღრუბლებში უნდა ჩაწერონ: რას ფიქრობს ბურთი; რას განიცდის; რა ემოცია აქვს:

  1. ბიჭმა ბურთი იყიდა.
  2. ბიჭი ბურთთან ერთად თამაშობს.
  3. ბურთი დაკარგულია.
  4. შეხვედრა.
  5. ახალი ცხოვრება.

შემდეგ კი ერთად ვაჯამებთ და ბურთის ცხოვრება გვეშლება თვალწინ – თავისი განცდებითა და ფიქრებით.

აქვე გიზიარებთ რამდენიმე რესურსს, რომლებიც შეიძლება დაგეხმაროთ პროცესში.

 

 

 https://mastsavlebeli.ge/

კითხვის ალგორითმი

 მოზარდებთან ერთად წიგნების კითხვისა და გადაკითხვისას აღმოვაჩინე, რომ მათი ვერდიქტი – „მომწონს/არ მომწონს“ – მოქმედებს კითხვის შემდეგ მსჯელობის ხარისხზე.

უფრო გასაგებად ავხსნი:

თუ მოსწავლეს ტექსტი მოსწონს, ის მის შესახებ უ კ ე თ მსჯელობს. მეტი ხალისით, მეტი ენთუზიაზმით.

თუ მოსწავლეს ტექსტი არ მოსწონს, მსჯელობა შემოიფარგლება განსჯითა და განაჩენით: „სისულელეა. არ მომწონს და მორჩა“.

 

კიდევ ერთი დაკვირვება – მოსწავლეებს მოსწონთ ის, რაც უკეთ ესმით.

„ესმით“ – ნიშნავს:

  • ლექსიკა გასაგებია;
  • სიტყვათა უმრავლესობის მნიშვნელობა იციან;
  • სიტყვები, რომელთა მნიშვნელობაც არ იციან, კონტექსტით ამოიცნობა;
  • ესმით როგორც სიტყვების, ისე ფრაზეოლოგიზმების პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობა;
  • მიზეზშედეგობრივი კავშირი ტექსტის ნაწილებს შორის მათთვის გასაგებია;
  • აზრობრივად, იდეურად, ემოციურად „მიჰყვებიან“ აღწერილს, მონათხრობს, შეუძლიათ ინტერპრეტირება და აქტუალიზება (დაკავშირება საკუთარ გამოცდილებასთან ან დროსთან).

 

ამასთან, მოსწავლეები უმთავრესად სწორედ თავიანთი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან გამომდინარე აფასებენ წაკითხულს. რაც გამოცდილი აქვთ, უგრძნიათ, რაც მათი ყოველდღიურობისთვის ნაცნობია („გამოცდილებაშია გამოტარებული“), იმას „შეიწყნარებენ“, რაც გაუგებარია, ჯერკვალივით განაგდებენ. ეს, ერთი მხრივ, აუცილებლადაა გასათვალისწინებელი ლიტერატურის სასკოლო კურსის შედგენისას, მეორე მხრივ კი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია იმისა, რა უნდა შევთავაზოთ (და, რაც მთავარია, როგორ!) მათ თვალსაწიერის, ემოციური აღქმის დიაპაზონის, წარმოდგენების ჩარჩოებისა და გამოცდილებების გასაფართოებლად, რომ არ დავტოვოთ ისინი მხოლოდ საკუთარი გამოცდილებისა და ამ „მოწონების დიაპაზონის“ სიმწირეში.

პედაგოგიკა პირდაპირ „გვავალდებულებს“ მოსწავლეთა ასაკობრივი განვითარების, თავისებურებების გათვალისწინებას სწავლა-სწავლების პროცესში და ამ ვალდებულების შესრულება, რასაკვირველია, გვმართებს კიდეც. მაგრამ თუ მხოლოდ იმას მივაწვდით მოზარდებს, რაც მათ ისედაც „ესმით“ და „მოსწონთ“, განვითარებას ხელს შევუშლით და ახალ, საინტერესო გამოცდილებებსა და გამოწვევებთან გამკლავების უნარებსაც ვერ გამოვუმუშავებთ. არადა, იმის შეცნობა და შემეცნება, რაც არ გვესმის, მეტად საინტერესო და მნიშვნელოვანი შრომაა. აუცილებელიც, თუ გვსურს, გავცდეთ ჩვენივე წარმოდგენების ვიწრო ჩარჩოებს.

წიგნების მეშვეობით, მით უმეტეს ლიტერატურის სასკოლო კურსის ფარგლებში, ამ მიზნის მიღწევა საკმაოდ რთულია.

უინტერესო მეთოდოლოგიას, მოძველებულ მიდგომებს, სავალდებულო პროგრამის ათწლეულების განმავლობაში უცვლელობას ისიც ემატება, რომ მხატვრულ ლიტერატურას დღეს ბევრი კონკურენტი ჰყავს. კითხვა გარჯაა, ნების ძალას, ფიქრისა და ჩაღრმავების ატმოსფეროს მოითხოვს. მოზარდებს დღეს დროსტარების ამაზე გაცილებით მიმზიდველი უამრავი საშუალება აქვთ: სოციალური ქსელი, ვიდეოთამაშები, პოდკასტები და აუდიოწიგნები, ფილმები და სერიალები, ტიკტოკი და იუთუბი…

კითხვის ეს ჰიპერაქტიური, ყოვლისმომცველი და ჯიქური ჩამნაცვლებლები მთლიანად იპყრობენ მათ ყურადღებას. სწრაფად ცვალებადი კადრები, ჩამთრევი და დამაინტრიგებელი სიუჟეტები, სპეციალურად შექმნილი ალგორითმები შესანიშნავად უზრუნველყოფენ იმას, რომ ადამიანებმა საათები გაატარონ სქროლვაში. ამ წამლეკავი მავნებლობის წინააღმდეგ ნებისყოფის გამომუშავება ზრდასრულებსაც გვიჭირს. „კითხვის სიამოვნება“ დამაჩლუნგებელი ნეტარების იმ დოზასთან შეფარდებით, რასაც, მაგალითად, ტიკტოკი უზრუნველყოფს, არაფერია. შესაბამისად, უფასურდება და ყოველგვარ საზრისს კარგავს მოწოდებები, წიგნიერების უპირატესობების წარმოჩენის მცდელობები.

ერთი შეხედვით, ჩიხია.

თუ განსხვავებული ჟანრის, ფორმის, შინაარსის ტექსტებს არ შევთავაზებთ მოსწავლეებს, თვალსაწიერის გასაფართოებლად სოცქსელებსა და ეკრანს შევატოვებთ.

ეს არ გვინდა.

დაძალებით კითხვის ეფექტი ნულს ქვემოთაა. უფრო ზუსტად, უკუპროპორციულია – ზიზღსა და წინააღმდეგობას ბადებს მხოლოდ. სიამოვნების მიღების თვალსაზრისით საკუთრივ წიგნი გაჯეტებთან კონკურენციას თითქმის ვერ უძლებს.

გვრჩება ჩვენი საკუთარი ალგორითმის შესამუშავებლად დიდძალი ძალისხმევის გაწევა და „სისტემური ცვლილებების“ განხორციელება.

პირველ რიგში, თავი უნდა დავანებოთ დიდაქტიკას და საკუთარი გამოცდილების ურყევ ჭეშმარიტებად გამოცხადებას. თუ ჩვენთვის კითხვა „ერთი სიამოვნებაა“, მოზარდისთვის შესაძლოა ასე არ იყოს, ამიტომ სხვა გზებია საძიებელი კითხვისკენ გულისა და გონების მოსაბრუნებლად. ან… მხოლოდ გონების.

მოზარდები პრაგმატული ხალხია. „რაში მჭირდება“ და „რაში გამომადგება“ – გეცნობათ ეს კითხვები? ხშირად სვამენ ხოლმე.

მიცდია და მცდელობას გაუმართლებია – კითხვის როგორც გონების სავარჯიშოს, ნების წრთობისა და ერთგვარი „ტრენაჟორის“ ფუნქციით შენიღბვა. ამართლებს.

კითხვის როგორც მიმზიდველი ალტერნატივის შეთავაზება – ასევე ამართლებს.

ანუ თუ არჩევანი კითხვასა და ტიკტოკს შორისაა გასაკეთებელი, ეს უკანასკნელი უკონკურენტოა და აუცილებლად „გაიმარჯვებს“. მაგრამ თუ კითხვას შევთავაზებთ სწავლა-სწავლების პროცესში რომელიმე სხვა აქტივობის ან სავალდებულო (და, ვთქვათ პირდაპირ, მოსაწყენი, აუტანელი ან არასასურველი) საქმიანობის ნაცვლად და არჩევანს მოზარდს დავუტოვებთ, კითხვა, დიდი ალბათობით, „მოიგებს“.

შესაბამისად: არა გაჯეტთან, არამედ რაიმე სხვა აქტივობასთან შეპირისპირება, არჩევანის შეთავაზება მომგებიანია. აქედან გამომდინარე, საზრუნავად გვრჩება საგანგებო გარემოს შექმნა. დავარქვათ ამას „კითხვის კუნძულები“. შეგვიძლია სკოლაში ადგილის გამოყოფა, სათანადოდ მოწყობა, მოსწავლეებისთვის კლასგარეშე ან საკლასო აქტივობებად სწორედ კითხვის შეთავაზება.

საზოგადოდ, არჩევანის შეთავაზება პედაგოგიკაში უცილობელი, სავალდებულო, გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე პრინციპია. საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ამ სამარჯვის გარეშე ჯეროვანი პედაგოგიური ურთიერთობა ვერ შედგება. ჩვენს სამსჯელო კონტექსტში არჩევანი შესაძლოა გულისხმობდეს წიგნების სამეულის, ხუთეულის, ათეულის შეთავაზებას – მოსწავლე თავად აირჩევს სასურველს, მერე კი წაკითხულის შესახებ მოსაზრებების მოწესრიგებისა და გაზიარების ფორმების შეთავაზებას: მოამზადე ზეპირი პრეზენტაცია, წერილობითი ანოტაცია, ვიდეოჩანაწერი, აუდიოფაილი, პოდკასტი, სკეტჩების სერია, ილუსტრაციები…

ასევე კითხვის ალგორითმის ნაწილად უნდა ვაქციოთ მიმზიდველი, კომფორტული ადგილები სასწავლო სივრცეებში (შინ ან სკოლაში) – ტორშერი, მოხერხებული სავარძელი, მყუდრო და სასიამოვნო გარემო. მარკეტინგში მსგავსი ხრიკები ამართლებს და იმ მაღაზიებში, რომლებშიც მერჩენდაიზერი სწორად განალაგებს პროდუქციას, შეიმუშავებს სპეციალურ დიზაინს იმისთვის, რომ მყიდველი უფრო მეტხანს დარჩეს სივრცეში, გაყიდვის მაჩვენებელიც უფრო მაღალია.

ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმაზეც, რომ არსებული პროგრამები, კურიკულუმები და მეთოდოლოგია თანამედროვე მოზარდების მოთხოვნილებებს, საჭიროებებს, ასაკობრივ თავისებურებებს ვერ ესადაგება. სწავლა-სწავლების პროცესი ჩამორჩება ჩვენი მოსწავლეების სოციალურ და კოგნიტიურ რეალობას. სკოლის შეთავაზებებსა და მოზარდის ყოველდღიურობას შორის დისბალანსი, აცდენა ვეებერთელაა.

სანამ ამ დიდებული და ყოვლისმომცველი ცვლილებებისთვის მოიცლიან გადაწყვეტილებათა მიმღებნი, მანამდე ისევ მასწავლებლებს შეგვიძლია მცირე, მაგრამ მტკიცე და შედეგიანი ნაბიჯების გადადგმა და კითხვის ახლებური ალგორითმის შეთავაზება.


https://mastsavlebeli.ge/