Thursday, October 2, 2025

მასწავლებლის დაფასების კვირეული - ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

 მაისის პირველ კვირაში მსოფლიოში მასწავლებლის დაფასების კვირეული აღინიშნება. მასწავლებლები ის ადამიანები არიან, რომლებიც ოჯახის შემდეგ ყველაზე დიდ გავლენს ახდენენ ბავშვების აზროვნებისა და ქცევის ჩამოყალიბებაზე. მიუხედავად ამისა, თავად პროფესია ხშირად საკმაოდ დაუფასებელი რჩება ხოლმე.

მასწავლებლის დაფასების კვირეულთან დაკავშირებით „ოქლიფის სკოლა“ გიზიარებთ ფრანგი მწერლისა და ფილოსოფოსის, ალბერ კამიუს წერილს, რომელიც მან თავისი დაწყებითი სკოლის მასწავლებელს მისწერა.

კამიუ ერთი წლისაც არ იყო, როდესაც მამა II მსოფლიო ომში დაეღუპა. მას ზრდიდნენ წერაკითხვის არ მცოდნე, სმენადაქვეითებული დედა და დესპოტი ბებია. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც კამიუში ნიჭი და ნათელი მომავალი დაინახა, მისი მასწავლებელი, ლუი ჟერმენი, იყო.

სამი დეკადის გასვლის შემდეგ, 1957 წელს, კამიუმ ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურაში და კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღებიდან რამდენიმე დღეში ეს შესანიშნავი წერილი მიუძღვნა მასწავლებელს:

19 ნოემბერი 1957

ძვირფასო ბატონო ჟერმენ,

ვაცადე, ამ დღეებში ჩემ გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა ცოტა ჩაწყნარებულიყო, რათა გულის სიღრმეში თქვენთვის მოსაწერად საჭირო სიტყვები მომეძებნა. ამ რამდენიმე დღის წინ იმაზე გაცილებით დიდი პატივი მხვდა წილად, ვიდრე ოდესმე ვისურვებდი. როდესაც ეს ამბავი მაცნობეს, პირველი ვინც გამახსენდა, დედაჩემის შემდეგ, თქვენ იყავით. თქვენ გარეშე, იმ მზრუნველი ხელის გარეშე, რომელიც პატარა საბრალო ბავშვს გამოუწოდეთ, თქვენი სწავლებისა და მაგალითის გარეშე, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. ამ ჯილდოს მნიშვნელობას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ იგი საშუალებას მაძლევს, გითხრათ, რამდენს ნიშნავდით და ახლაც ნიშნავთ ჩემთვის და კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ თქვენი მცდელობები, თქვენი შრომა და თქვენი გული, უშურველად რომ ჩადეთ ამ ყველაფერში, კვლავაც ცოცხლობს თქვენს ერთ-ერთ პატარა მოსწავლეში, რომელიც, განვლილი წლების მიუხედავად, დღესაც თქვენი მადლიერია. გეხვევით მთელი გულით.

ალბერ კამიუ

https://oakleaf.edu.ge/ka/teacher-appreciation-week/

No comments:

Post a Comment