Thursday, October 2, 2025

მე შენი მასწავლებელი ვარ

 “ მე შენი მასწავლებელი ვარ.

მე უნდა გასწავლო ოცდაცამეტივე ასო.
მე უნდა გასწავლო, რომ ხმოვნების გარეშე ვერ ვიმღერებთ.
მე უნდა გასწავლო, რომ მზე ერთადერთია და არ იმარცვლება.
რომ დღეს მზის შუქი გვინათებს და არც “დღე” იმარცვლება.
მე უნდა გასწავლო, რომ არ არის აუცილებელი, ყველა გიყვარდეს, მაგრამ აუცილებელია, პატივი სცე ნებისმერ აზრს.
რომ შიში არ არსებობს და შეცდომების დაშვება არ არის ტრაგედია.
უნდა გასწავლო ისეთი ზღაპრების წერა, რომლის ბოლოც ყოველთვის კეთილი არ არის.
ლექსის ისე წაკითხვა უნდა გასწავლო, რომ თვალები დახუჭო და ცხადად დაინახო წაკითხული.

უნდა გასწავლო, რომ თუ გეტირება, უნდა იტირო და ცრემლი სირცხვილი არაა.
არც ისაა სირცხვილი, როცა თამაშისას მარცხდები და შენ ღრიალი გინდა, ხმამაღლა, გულამოსკვნით გეტირება… იტირე, იღრიალე, გამოუშვი ეს ემოცია და მერე დმშვიდდები, მერე გაიღიმებ.
მე გულში ჩაგიკრავ და გეტყვი, რომ შენ მეტის გაკეთება შეგიძლია და როცა ბოლომდე დაიხარჯები, ნაკლები ანგარიშით ან საერთოდ არ დამარცხდები.

რომ დამარცხება სირცხვილი არ არის და როდესაც გაიმარჯვებ, მე ისევ გულში ჩაგიხუტებ, გაგახედებ დამარცხებულისკენ და გაგახსენებ ამ ცრემლებს.
მე უნდა გასწავლო დაკვირვება, რათა ისეთი რაღაცები აღმოაჩინო, რასაც სხვები ვერ ხედავენ და ვინც ვერ ხედავს, ეს დაუწერო ან დაუხატო, ან ფოტოგამოფენა მოუწყო, ან კომპიუტერულ გრაფიკაში გამოსახო, ან გამოძერწო, ან ფილმი გადაუღო, ან სპექტაკლი დაუდგა, ან, უბრალოდ, უამბო, ან როგორც გინდა…
სანამ გაიზრდები და ქვეყანას ნახავ, უნდა გასწავლო, როგორ დახუჭო თვალები და გაფრინდე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში, გაიცნო შენხელა გოგონები და ბიჭები.
ნახო, როგორ ცხოვრობენ, როგორ სწავლობენ, როგორ თამაშობენ, როგორ იძინებენ, უფროსებს როგორ ეკონტაქტებიან…

უნდა დაგარწმუნო, რომ თუკი სამართლიანი იქნები, შენს ნებისმიერ საქციელს გავამართლებ, მხარს დაგიჭერ, გვერდში ამოგიდგები.
მე იმედიც უნდა გასწავლო, იმედის გულით ტარება, იმედის არდაკარგვა.
ერთგულება მინდა გასწავლო. ადამიანის, საქმის ერთგულება.
მინდა გასწავლო, როგორ უნდა გამონახო ამ უუუცოტავეს 24 საათში რამდენიმე წუთი ადამიანებთან საურთიერთოდ, მოსაკითხად, მოსაფერებლად.
ადამიანების რწმენა მინდა გასწავლო, მაგრამ არც იმის თქმა უნდა დამავიწყდეს, რომ ყველა ადამანი კეთილი არ არის და დაგაფიქრო ამაზე.

აუცილებლად უნდა გასწავლო, რომ სხვისი ცხოვრება, სხვისი შეცდომები შენი გასარჩევი არ არის და მისი ნებართვის გარეშე ნუ ჩაერევი, ნუ განსჯი, ნუ განიკითხავ.
უნდა გასწავლო, რომ არც შენ ხარ დაზღვეული რამენაირი შეცდომისგან.
სიმამაცე უნდა გასწავლო – სიმართლის თქმის სიმამაცე.
თუკი სიმამაცეს გასწავლი, მგონია, რომ სხვისი დადანაშაულება არასდროს მოგინდება. მგონია, რომ ადამიანების დაცვა გეყვარება.

მოთმინებაც მინდა გასწავლო.

და მიმტევებლობა, რადგან ყველაზე დიდ ბედნიერებას მაშინ იგრძნობ, როდესაც შენ მოგიტევებენ…

და ღიმილი მინდა გასწავლო, ჩემო პატარა, ღიმილი. გაღიმების უნარი, ნამდვილი გაღიმების. მხოლოდ ტუჩებით კი არა, თვალებით, გულით გაღიმება მინდა გასწავლო.
მე შენი მასწავლებელი ვარ.

და რაც აქ მიწერია, ეს ყველაფერი მე შენგან გავიგე, მაშინ, როდესაც 6 წლის იყავი, გაფართოებული თვალებით მოხვედი ჩემთან, მივიხურეთ საკლასო ოთახის კარები და მხოლოდ ჩვენ დავრჩით – მე და შენ.
დედა და მამა კი იქ აღარ იყვნენ.
შენ გმირი ხარ.
ახლა მე მომეცი საშუალება, გმირად ვიქცე.”

მასწავლებლის დაფასების კვირეული - ალბერ კამიუს წერილი მასწავლებელს

 მაისის პირველ კვირაში მსოფლიოში მასწავლებლის დაფასების კვირეული აღინიშნება. მასწავლებლები ის ადამიანები არიან, რომლებიც ოჯახის შემდეგ ყველაზე დიდ გავლენს ახდენენ ბავშვების აზროვნებისა და ქცევის ჩამოყალიბებაზე. მიუხედავად ამისა, თავად პროფესია ხშირად საკმაოდ დაუფასებელი რჩება ხოლმე.

მასწავლებლის დაფასების კვირეულთან დაკავშირებით „ოქლიფის სკოლა“ გიზიარებთ ფრანგი მწერლისა და ფილოსოფოსის, ალბერ კამიუს წერილს, რომელიც მან თავისი დაწყებითი სკოლის მასწავლებელს მისწერა.

კამიუ ერთი წლისაც არ იყო, როდესაც მამა II მსოფლიო ომში დაეღუპა. მას ზრდიდნენ წერაკითხვის არ მცოდნე, სმენადაქვეითებული დედა და დესპოტი ბებია. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც კამიუში ნიჭი და ნათელი მომავალი დაინახა, მისი მასწავლებელი, ლუი ჟერმენი, იყო.

სამი დეკადის გასვლის შემდეგ, 1957 წელს, კამიუმ ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურაში და კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღებიდან რამდენიმე დღეში ეს შესანიშნავი წერილი მიუძღვნა მასწავლებელს:

19 ნოემბერი 1957

ძვირფასო ბატონო ჟერმენ,

ვაცადე, ამ დღეებში ჩემ გარშემო ატეხილი მითქმა-მოთქმა ცოტა ჩაწყნარებულიყო, რათა გულის სიღრმეში თქვენთვის მოსაწერად საჭირო სიტყვები მომეძებნა. ამ რამდენიმე დღის წინ იმაზე გაცილებით დიდი პატივი მხვდა წილად, ვიდრე ოდესმე ვისურვებდი. როდესაც ეს ამბავი მაცნობეს, პირველი ვინც გამახსენდა, დედაჩემის შემდეგ, თქვენ იყავით. თქვენ გარეშე, იმ მზრუნველი ხელის გარეშე, რომელიც პატარა საბრალო ბავშვს გამოუწოდეთ, თქვენი სწავლებისა და მაგალითის გარეშე, ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა. ამ ჯილდოს მნიშვნელობას საერთოდ არ მივაქცევდი ყურადღებას, მაგრამ იგი საშუალებას მაძლევს, გითხრათ, რამდენს ნიშნავდით და ახლაც ნიშნავთ ჩემთვის და კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ, რომ თქვენი მცდელობები, თქვენი შრომა და თქვენი გული, უშურველად რომ ჩადეთ ამ ყველაფერში, კვლავაც ცოცხლობს თქვენს ერთ-ერთ პატარა მოსწავლეში, რომელიც, განვლილი წლების მიუხედავად, დღესაც თქვენი მადლიერია. გეხვევით მთელი გულით.

ალბერ კამიუ

https://oakleaf.edu.ge/ka/teacher-appreciation-week/

ბელ კაუფმანი - წერილი ჩემს განსვენებულ მასწავლებელს

 სასაწავლო პროგრამა უაზროა! აბა ვის რაში სჭირდება მათემატიკის სწავლა, როცა კომპიუტერი არსებობს?“  მოსწავლეთა აზრით, „მასწავლებლები მეტისმეტად არაგულწრფელნი არიან, გვმბრძანებლობენ"

...მისტერ სტოკ, ყველაფერი შეიცვალა, სამყარო სულ სხვა გახდა, დღეს მაღალ წრეებში კორუფცია მეფობს, დღეს მთვარეზე მიფრინავენ ადამიანები, დედამიწაზე კი სიღატაკე სუფევს და გარემოც გაბინძურებულია.

მასწავლებლების ავტორიტეტი შეირყა, ჩვენი პედაგოგიური ხერხები აღარ ჭრის, ჩვენ ურთულესი საკითხების წინაშე ვდგავართ, რომლებიც ჩვენ არ შეგვიქმნია; 

და თუ დერეფანში მორიგეობის, საპირფარეშოშო წესრიგის დაცვის, არეულობების წინასწარ თავიდან აცილებისა და სამ ცალად ანგარიშების წერის მიუხედავად ავად თუ კარგად მაინც ვასწავლით  რაღაცას, ეს დიდი გამარჯვებაა...

...როდესაც გაკვეთილს გააცდენდა ვინმე, "ძალიან გვაკლდიო" - ეტყოდით ხოლმე.

თუ რომელიმემ გაკვეთილი არ იცოდა, საყვედურით გაიქნევდით თავს: "სამწუხაროა, ჩვენ შენი აზრის მოსმენა გვინდოდაო''.

როცა დაიგვიანებდა ვინმე, მისდათავად მიიჩნევდით, რომ საპატიო მიზეზით დაიგვიანა და ამიტომ აღარ ჰკითხავდით რასმე.

თქვენ ყოველთვის ტოლებივით გვეპყრობოდით და თქვენს გაკვეთილებზე ჩვენც დიდებად ვგრძნობდით თავს.

"კაზუისტიკას ერიდეთო", - შეგეძლოთ გეთქვათ, რაკი გულისხმობდით, რომ ან ვიცოდით ეს სიტყვა ან ყველანი დავიწყებდით აქა-იქ მერხებზე დაწყობილ ლექსიკონებში ქექვას. და ჩვენც ვიქექებოდით ლექსიკონებში...

თქვენ მართლა გწამდათ ჩვენი.

თქვენ უფრო ადრე იყავით გულწრფელი, ვიდრე ამ სიტყვას ეჭვის თვალით შეხედავდნენ, შემწყნარებელი - ვინემ ეს სიტყვა კლიშედ იქცეოდა.

ბავშვს ვერ გამოაპარებ სიყალბეს.

ბავშვი ისევე არჩევს სწორსა თუ მრუდეს, როგორც ის, ვისაც წრფელი სიყვარული შეუძლია.

არ გვიმალავდით იმასაც, რა გიყვარდათ ან გიტაცებდათ ლიტერატურიდან. თქვენ არ გრცხვენოდათ იმის გამჟღავნება, რომ ლექსი გაღელვებთ, არ გეშინოდათ რაიმეზე გეთქვათ - მშვენიერიაო.

ეს ის დრო იყო, როცა ღვიოდა სწავლის ენთუზიაზმი, როცა მასწავლებლები უჩვეულო, განსაკუთრებულ ადამიანებად გვეხატებოდნენ, როცა არამარტო სიჩუმეს, სრულ მორჩილებასაც მოითხოვდნენ, როცა კევის ღეჭვა წესრიგის დარღვევად ითვლებოდა, მასწავლებლისთვის ნათქვამი "რას ახუჭუჭებ!" - წარმოუდგენელ სითავხედედ.

ახლა, როცა თვითონ მხვდა წილად მასწავლებლობა, გასაოცარი სევდით ვიხსენებ იმ დღეებს.

მისტერ სტოკ, ყველაფერი შეიცვალა, სამყარო სულ სხვა გახდა.

რა ვასწავლოთ?

მისტერ სტოკ, თქვენ რას ასწავლიდით ბავშვს, რომელიც გამოგიტყდებათ: "ჩემს სახლში ისეთი ამბავია, ათესვა მომიხდება''.

ან რა მომავლის გეგმები უნდა ჰქონდეს ბიჭს, რომელმაც დაწერა - "ჩემს მომავალზე ჯობია საერთოდ არ ვიფიქრო''...

ერთხელ მოწაფეებს შევთავაზე დაეწერათ წინადადება - "მე მყავდა მასწავლებელი, რომელიც..." და მოიგონეთ, იმ მასწავლებელზე კარგი რა გახსოვთ-მეთქი.

იცით რა დაწერეს?

"არ იყო შარიანი. თუ ადამიანურად მომთხოვდა, არ ვაწბილებდი''.

"თუ სწავლა მიჭირდა, არ მაგრძნობინებდა ბრიყვი ხარო. იგი ნიშნებით კი არ მაფასებდა, მე მისთვის პიროვნება ვიყავი''.

"კი არ ლაყბობდა, გულწრფელად მელაპარაკებოდა''.

"დაწყებით სკოლაში მასწავლიდა და ერთხელ, ქარბუქში, თავისი ასპროცენტიანი ქიშმირის შარფი მათხოვა''.

"დარტყმული იყო და უფრო ჭკვიანი ვეგონე, ვიდრე ვიყავი, ამიტომ მეც ჭკვიანად უნდა მეჩინა თავი''.

დღემდე ვინახავ საწერი მაგიდის უჯრაში ჩემთვის ძვირფას საშობაო ბარათს. მასზე ცირკის სპილოა წითელი ჟილეტით და ზედ აწერია: "მე მუდამ მახსოვს''. ქვემოთ კი ფანქრითაა მიწერილი:

"როცა ციხიდან გამომიშვეს და კლასში დავბრუნდი, თქვენ არც კი გიკითხავთ ჩემთვის, რატომ ჩაგსვესო, მხოლოდ ეს მითხარით: "შემოდი, გეთაყვა" და რვეული მომეცით. ძალიან გთხოვთ, არ დამივიწყოთ. მე არასოდეს, არასოდეს დამავიწყდებით. თქვენი მოწაფე სეი...''

მისტერ სტოკ, დღეს ალბათ თქვენც გაგიძნელდებოდათ მასწავლებლობა, მაგრამ ვიცი, არ შეშინდებოდით, არც თვალს დახუჭავდით ყველაფერზე და არც ლაქლაქს მოყვებოდით.

ყველა ბავშვი თქვენთვის დღესაც პიროვნება იქნებოდა...

თქვენნაირი მასწავლებლები ყოველთვის იქნებიან, ვიდრე არიან ბავშვები, რომლებიც ერთ მშვენიერ დღეს იტყვიან: "ოდესღაც მე მყავდა მასწავლებელი..."

აბრაამ ლინკოლნი - წერილი შვილის მასწავლებელს

 ჩემი შვილი დღეს სკოლაში მიდის.

ერთხანს მისთვის ყველაფერი ახალი და უცნაური იქნება. იმედი მაქვს, მას სათუთად მოეპყრობით.

ჩემი შვილისთვის ეს იქნება თავგადასავალი, რომელიც მას სამყაროში ამოგზაურებს.

ყოველი თავგადასავალი ომს, ტრაგედიასა და ტკივილს გულისხმობს. ამის გადასალახავად და ცხოვრების გზის გასავლელად კი მნიშვნელოვანია რწმენა, სიყვარული და მხნეობა.

ასე რომ, ძვირფასო მასწავლებელო, გთხოვთ, ჩაჰკიდოთ მას ხელი და ასწავლოთ ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს. ასწავლეთ! მაგრამ, თუ შეიძლება, სათუთად.

ასწავლეთ მას, რომ ყოველი მტრის წილ, ერთი მეგობარია.

მან აუცილებლად უნდა გაიგოს, რომ ყველა ადამიანი არ არის კეთილი და მართალი.

თუმცა, ასევე მსურს იცოდეს, რომ არამზადების საპირწონედ გმირებიც არსებობენ.

ყოველი უღირსი და ეგოისტი პოლიტიკოსის წილ მოიძებნება ღირსეული ლიდერი.

ასწავლეთ, თუ შეძლებთ, რომ საკუთარი ოფლით გამომუშავებულ 10 ცენტს უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე შემთხვევით ნაპოვნ დოლარს.

ასწავლეთ, რომ სჯობს, სკოლაში მარცხი განიცადოს, ვიდრე იცრუოს ან გადაიწეროს.

ასწავლეთ, რა ღირსეული შეიძლება იყოს დამარცხება და უთხარით, როგორ შეიძლება ისიამოვნოს გამარჯვებით.

ასწავლეთ თანაგრძნობა და ამავე დროს - უხეშობა უხეშ ადამიანებთან.

გაათავისუფლეთ შურისგან და, თუ შეძლებთ, ასწავლეთ გულწრფელი ღიმილი.

თუ შეგიძლიათ, ასწავლეთ, გაიცინოს მოწყენილობის ჟამს და უთხარით, რომ ცრემლები სირცხვილი არ არის.

ასწავლეთ, რომ დამარცხებაშიც შეიძლება იყოს დიდება, ხოლო წარმატებაში სასოწარკვეთილება.

ასწავლეთ, დასცინოს ცინიკოსებს.

დაანახვეთ წიგნების სასწაული, მაგრამ დაუტოვეთ დრო ცაში მფრინავი ფრინველების, მზეზე მოფუსფუსე ფუტკრების, მწვანე მდელოებზე აყვავებული ყვავილების სასწაულზე საფიქრალადაც.

ასწავლეთ საკუთარი იდეების რწმენა, მაშინაც კი, როცა სხვები არ ეთანხმებიან.

ეცადეთ, შესძინოთ სიმტკიცე და ნებისყოფა, არ გაჰყვეს ბრბოს, როცა ყველა მის გარშემო ამას აკეთებს.

ასწავლეთ ყოველი ადამიანის მოსმენა და ამასთან, კარგისა და ცუდის გარჩევასაც მიაჩვიეთ.

ასწავლეთ, როგორ გაყიდოს საკუთარი ინტელექტი და შესაძლებლობები რაც შეიძლება ძვირად, მაგრამ ისიც შთააგონეთ, რომ სულისა და გულის გაყიდვა არ შეიძლება.

მიეცით საშუალება, გამოიჩინოს გამბედაობა და არ მოითმინოს; მიეცით საშუალება, მოითმინოს, რომ გახდეს გამბედავი.

უთხარით, სწამდეს საკუთარი თავის, რადგან ამით ღვთისა და ადამიანის რწმენასაც შეინარჩუნებს.

ასწავლეთ, ოღონდ გულში ნუ ჩაიხუტებთ, გახსოვდეთ, რომ მხოლოდ ცეცხლში იჭედება ფოლადი!

მესმის, რომ ეს ყველაფერი არ არის მარტივი და დიდი გამოწვევაა, მაგრამ ეცადეთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც შეგიძლიათ.

ჩემი შვილი ხომ ასეთი მშვენიერი პატარა ბიჭია!

სულის უსასრულო ხეტიალი

 ჩემთვის იაპონია ოცნების ქვეყანაა. რატომ, ეს ამ წიგნმა კიდევ ერთხელ ამომახსნევინა, იაპონური სულის „შარადასავით“.

„ჩემი ცხოვრება უანკარეს ღვინის ფერია“, წერდა გალაკტიონი. იუკიო მიშიმასთანაც ადამიანი დახატულია, როგორც გრაფინში ჩასხმული ღვინოსავით ცვალებადი სამყარო! სრულიად განუმეორებელია ეს სამყარო, რომელსაც ამ რომანში კიოაკი მაცუგაე ჰქვია. ეს მთავარი პერსონაჟი არისტოკრატული ოჯახიდანაა და თავიდანვე გვნუსხავს მისი „სხვანაირობა“, თავად ადამიანიც ხანდახან მთელი ცხოვრება რომ ცდილობს, გაერკვეს. აი, როგორ შემოიჭრება 19 წლის კიაოკის ცხოვრებაში „შორეული ქალის ეშხი“: იმპერატორის ასულის, პრინცესას, რომელიც ღრუბლებში გახვეული მთის დათოვლილი მწვერვალივითაა (თოვლის მეტაფორულ საკრალურობას ბევრგან ვგრძნობთ ნაწარმოებში), „პროფილის ამ პატარა ნაკუწმა ისე გამოანათა, როგორც სუფთა კრისტალის ნატეხმა ან წამით დანახულმა ცისარტყელამ“ (12). როგორც მშვენიერია ეს ყმაწვილური სულის მონაქროლი, ისეთივე მომნუსხველი სილამაზისაა მისი პატრონიც. აი, როგორი წინასწარმეტყველურია მისი მამის, მარკიზი მაცუგაეს, გრძნობები: „ხალხის სიტყვებით შეშინებულმა მარკიზმა თავისი მემკვიდრის გადაჭარბებულ სილამაზეში რაღაც ეფემერული იგრძნო და მის გულში შფოთვის მარცვალი გაჩნდა“ (12).

მკითხველი მთელი ნაწარმოების განმავლობაში არკვევს კიოაკის პიროვნულ პერიპეტიებს. ვინაა იგი, უნიადაგოა? ეკალივითააო მისი დახვეწილობა, გვაპარებს მწერალი. მას სძულს უხეშობა და მისი გულის შემათრთოლებელი – სინატიფეა, მაგრამ ამის ამაოებას, განა, ვერ ხვდება იგი?! ამიტომ ტანჯავს საკუთარი ცხოვრების უსარგებლობის განცდა. „თვრამეტი წლის ასაკში უკვე… გადაეწყვიტა, რომ საკუთარ თეთრ ხელებს ცხოვრებით არ გასვრიდა და ერთ ბებერასაც არ გაიჩენდა. დროშასავით იცხოვრებდა, მხოლოდ ქარისთვის რომ ცოცხლობს. მხოლოდ ერთ ჭეშმარიტებას აღიარებდა: უსასრულო, უაზრო სიცოცხლეს, რომელიც დასრულდება თუ არა, ხელახლა იწყება, ჩაქრება თუ არა, მაშინვე აალდება, მიმართულებისა და შედეგების გარეშე, მხოლოდ გრძნობებით სიცოცხლეს“ (19). კიოაკიმ ჯერ არ იცის, რომ ყველაზე საშიში ასეთი სიცოცხლეა, რომ ის სწორედ „ქარიშხლებს“ ან გულში გაჩენილ ხანძარს ეწირება ფარვანასავით. ახლაღა მივხვდი, რა „მძიმე სიმსუბუქე“ აქვს აღმოსავლური ფილოსოფიისთვის ჩვეულ ამ „გაქცევას“ პირობითობების „საკნიდან“… თუმცა საიდან ეცოდინება – მას ჯერ არ უგემია ცხოვრება.

აქ თითქოს ვერც მოიტან თუნდაც ქართული პირობითობების სიმძიმეს, ვაჟას გმირების სოციალური მისიისთვის შეწირულობას, მაგრამ ამ სინამდვილეში სხვანაირი მსხვერპლია, ბოლომდე გაუცნობიერებელი. „რაც უნდა გასაკვირი ყოფილიყო, კიოაკის სულის კუჭი ასეთ ხელოვნურ საკვებს უფრო კარგად ამუშავებდა, მეგობრობაშიც კი“ (19). ჰო, ამ „კუჭმა“ ჯერ არ იცის წუთისოფლის „სისხლიანი“ ტკბილმწარობა.

არ შეიძლება ამ რომანში „თვალი არ მოგწყვიტოს პოეტური პროზის ფერწერამ“, შეგრძნებათა ოქსიმორონების სიღრმითა და სიფარფატით – თითქოს იაპონური პოეზიის მინიმალიზმი მაქსიმალური გახადეს, გაზარდეს. ქვეტექსტი რომანის თითოეულ ეპიზოდში განუზომლად დიდია და იდუმალი.

  • „განთიადის იისფერი სიბნელე“;
  • წყლის ზედაპირზე არეკლილი ნეკერჩხალივით აწითლებული მთა ცეცხლივით „ელვარებდა“;
  • კიოაკის სიზმრების დღიური.

ყოველთვის შთამბეჭდავია ყოველი მწერლის აღქმა დროისა, სამყაროსი და მათში მოქცეული ადამიანისა. კიოაკისთვის სამყარო წყლით სავსე ჩანთასავითაა, ძირზე ნახვრეტებით, რომლებიდანაც წვეთ-წვეთად იპარება დროც და წუთისოფელიც. „რა არის ცაში სანახავი“ – იკითხავს კიაოკის დედა, რომელსაც, ქმრის უაზრო ოპტიმიზმსა და ფუქსავატობაში გამოწრთობილ საკუთარ უემოციობაში არ შეუძლია თავისი ვაჟის ნატიფი სულიერი სამყაროს მალულ შრეებში შეღწევა. კიოაკი კი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ქალი, რომელიც მასთან თუნდაც მცირედითაა დაკავშირებული, მშვენიერი უნდა იყოს და ეს თავიდან მის ამპარტავნებად გვეჩვენება. იქნებ თავდაცვაცაა, ვინ იცის, მისი სულიერი წყობის ადამიანისთვის… ის ხომ ასეთი ტრაგიკულია, განწირულიც: „მიუხედავად იმისა, რომ მას არც ტკივილები ტანჯავდა, არც რამე მძიმე დაავადება, ის გამჭვირვალე ნათება, რომელიც მისი სხეულის სიღრმიდან გამოსჭვიოდა, მას უკურნებელი სენით დაავადებული ადამიანის სიამაყით ავსებდა“ (38).

ნაწარმოებში ჩნდება მეორე უნაკლო მშვენიერება, სატოკო – „სატოკოს ხმა ამ შუა ზამთარში ივნისის გარგარს ჰგავდა: ზომიერად მძიმეს, თბილსა და მწიფეს“ (65) – ეს ისევ პალიტრაა, თან აქ გოგენისეულ ყვითელს გემო და წონაც აქვს.

ვეცნობით კიოაკის მეგობარ ჰონდასაც, რომელიც სამართლის შესწავლითაა დაინტერესებული. მას სწამს, რომ სამყაროს წესრიგში მიუღებელია როგორც მჭახე ნათება, ასევე – წყვდიადიც. იგი ცდილობს, გაერკვეს ღვთაებრივი და ადამიანური სამართლის ურთიერთმიმართებაში (რომელ ჩვენგანს არ უცდია ეს?). ამქვეყნად არისო:

  • ნაციონალური სამართალი, ანუ ისტორიული მემკვიდრეობითი სამართალი;
  • ბუნების უნივერსალური სამართალი, რომელიც ვერანაირად გადავა უნივერსალურ ჭეშმარიტებაში, რადგან „თუ სამართალი, მისი ძველი ბერძნული გაგებით, ბუნებითი სამართლის იდეას გასცდებოდა, უფრო ფართო უნივერსალურ ჭეშმარიტებაში გადავიდოდა (ამის არსებობასაც თუ დავუშვებდით), თავად სამართლის იდეა ჩამოინგრეოდა“ (69).

ცხადია, ადამიანურობის ჩარჩოებზეა საუბარი, რომელსაც ურთიერთგარდამავალი ორბუნებიანობა ახასიათებს – „სული სამყაროსთან სხეულითაა დაკავშირებული და სამი სახისაა: კარგი, ცუდი და ის, რაც მათ შორისაა“ (უძველესი ინდური მანუ-სკრიტის კანონებიდანაა). ამიტომ საჭიროა თავისუფლებაც, წესრიგიც, თავშეკავებაც, თვითკონტროლიც, შინაგანი ცენზიც. „ის, ვინც ყველა სულიერის მიმართ სიტყვას, ფიქრს და სხეულს გააკონტროლებს და ვნებებსა და ბრაზს სრულყოფილად მოთოკავს, საბოლოო მიზანს მიღწევს, ანუ სამუდამოდ გათავისუფლდება სანსარისგან“ (71). ზოგადად, ცხოვრებისადმი ამ ორი დამოკიდებულების – თავზეხელაღებული, განუჭვრეტი, თავგანწირულობისა (კიაოკი) და მკაცრად რაციონალური სულიერი წყობის (ჰონდა) მეგობრული თანამყოფობაა მოცემული წიგნში. ამიტომაა სამართლიც „უძველესი დროიდან მოყოლებული ხარბი მეთევზის მიერ ნასროლი უზარმაზარი ბადე“. ვინ მოჰყვება ამ „ბადეში“, ხშირად გაურკვეველია და არაწინასწარგანზრახული…

რა არის სიყვარული? ლტოლვა „წვიმის წვეთების ფორმის ბიბილოებისდამი“, თუ ფუსაკოში რაღაცა ზაფხულის გეორგინების მხურვალებასავით, როგორც ცეცხლი, ფაიფურის ჭურჭელში რომაა გამომწყვდეული? თუ შფოთვისგან გათავისუფლებული, მბრწყინავი თავმოყვარეობა, ბედნიერებისგან გადადღაბნილად რომ ხედავს უკვე ყველაფერს? თუ სწრაფვა „უცხო სამოთხეებისკენ“? – „…(კიოაკის – მ.ი.) საშინლად ასევდიანებდა მუდმივად სხეულში გამოკეტილი გულები, სულები, რომელთაც ჰაერში ფარფატი არ ძალუძთ“ (78).

ზოგადად, ფსიქოლოგიზმები იუკიო მიშიმას „კოზირია“ და არსად შემხვედრია ადამიანურ ბუნებაში „ჩაყურყუმელავების“ ასეთი წარმატებული, ფიქრის ხანგრძლივად შემაყოვნებელი, მცდელობები, თეოდორ დოსტოევსკის ნაწარმოებების გარდა. ძალიან საინტერესოა მსახურთა სახეები ამ მხრივ; კიოაკის მსახური, შეუხედავი, სახეგამონაყარიანი, იინუმა, რომლისთვისაც კიოაკის არსებობა საკუთარი მარცხის უტყუარი, მრავალჯერადი დადასტურებაა, რასაც ის ვერაფრით ეგუება და ხანგრძლივად განცდილ ამ ძლიერი დაცემის ტკივილს, საპირისპიროდ, თაყვანისცემისმაგვარი გრძნობებისკენ მიჰყავს, თუმცა ბრაზს, წლებთან ერთად უსაზღვრო ავადმყოფობად რომ ჰქცევია, ყოველდღე თან დაატარებს. და სატოკოს მსახური ქალი ტადეშინას ოსტატური მოქნილობით შექმნილი ფსიქოპორტრეტი: „იცოდა, ასეთ დროს როგორ გამხდარიყო სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი. უმანკო სახეზე სამყაროს წესრიგის კულისებიდან მაკონტროლებელი ადამიანის რწმენა გასჩენოდა“ (96)… და ამ რწმენით მისთვის არაფერია უსაფრთხო და უეჭველი, რადგან „იცოდა, უღრუბლო ზეცის გახევა მერცხლის ერთ ფრთასაც შეეძლო“ (96).

კიოაკი განდეგილი რომ არ ყოფილიყო, უნდა გაგვკვირვებოდა… „მისი რწმენა საკუთარი მარტოობისა, სხეულში კი არა, სულში ჩაბუდებული ავადმყოფობა იყო“ (106). საკუთარი თავისადმი ყმაწვილური ურწმუნოება აფიქრებინებს, რომ დაეჭვდეს, შეუძლია თუ არა ადამიანის ფიქრს, გრძნობას, ოცნებას, შეცვალოს სამყარო.

ამბობენ, ადამიანს ძალუძსო, მოზიდოს რაიმე ფიქრებით ან განჭვრიტოს თავისი სიკვდილი, ან იცოდეს, როგორი სიკვდილი უნდა: „სიკვდილი ახალგაზრდობაში ერჩივნა, ისიც უმტკივნეულოდ. მაგიდაზე დაუდევრად მოსროლილი ულამაზესი აბრეშუმის კიმონოსავით, რომელიც იატაკზე შეუმჩნევლად ცურდება – ასეთი ელეგანტური სიკვდილი“ (138). თუმცა კიოაკიმ არც ის იცის, რომ სიკვდილი არასდროსაა ელეგანტური და მისივე „უიღბლო ვარდისფერი, მიცვალებულის მაკიაჟივით“ შემაძრწუნებელ-ბანალურია… ამ თავისთვის ბევრი რამის შეუცნობლობაში, კიოაკი ცდილობს, დროს გაასწროს („ყოველთვის ერჩივნა უკვე დაკარგულზე ედარდა, ვიდრე დაკარგვის შიშით დატანჯულიყო“). აქამდე მხოლოდ გრძნობებით მცხოვრები კიოაკი ახლა ცდილობს, ჩასწვდეს გრძნობებისგან დაცლილი სიტყვების „გამოყენების პოლიტიკას“, რომლებიც უფრო აღელვებს ადამიანთა გულებს და ამ „აბსტრაქტული სიტყვების ცივ ტყეში სხეული გათბობას იწყებს“. ცხოვრებაში ჭირს ზოგჯერ, გაარჩიო მთავარი და უმნიშვნელო. ძალიან საინტერესო მიმართებაა მაკრო- და მიკროსამყაროებისა ხოჭოს „კომიკურობამდე სერიოზულ“, თითქოს, სრულიად უაზრო გადაადგილებაში, რასაც კიოაკი უყურებს… და ეს ბზინვარე ხოჭო გაკვეთილია კიოაკისთვის, როგორ იბზინოს ლამაზად დროში გადაადგილებისას, მიუხედავად იმისა, რომ წამიერად, უმოწყალოდ იცვლება რეალობა. მივადექით დროის მიშიმასეულ გაგებასაც…

დრო ამ ცვალებადობით, აწმყოდან წარსულში გადადინებული, შეწყვეტილი წამის „წერტილებით“ შემდგარ წრფეს ჰგავსო. მაშინ რა არის გრძნობების „აბჯარი“ ამ თვალმიუდევნებელ ცვლაში ან მათი, განცდათა, სამშობლო სადღაა? ეს კითხვები და საკუთარი დაუცველობის განცდაა საფუძველი კიოაკის „პროტესტანტობისა“ – „…გრძნობდა, რომ (მასში – მ.ი.) სამყაროს წინააღმდეგ წასვლის შეუჩერებელი ძალა იღვიძებდა… სწორედ ახლა იყო დრო გახუნებულ სევდაში გამოკეტილი სამყაროს ჩამოშლისა, მის თვალწინ ჯერ არნახული, სრულყოფილი, უნაკლო განთიადი გადაშლილიყო“ (200). თუმცა ავტორი დასაწყისშივე მიგვანიშნებს, როცა რუსეთ-იაპონიის ომის სურათს აღწერს, რომ ხელჩართული ომების დრო დასრულდა და გრძნობათა „ომების“ ეპოქა დაიწყო.

ჰონდა გრძნობს მეგობრის საბედისწერო, ვნებიანი თავგანწირვის სურვილს, თვითგანადგურების მექანიზმის „წიკწიკს“ და უნდა საღ აზრზე მოაქციოს იგი: „ეს მშვენიერია, მაგრამ ფანჯარაში გაელვებული ჩიტის სილუეტის გულისთვის მთელი ცხოვრების სამსხვერპლოზე გატანა როგორ დავანებო?“. ჰონდას რაციონალიზმია ეს, გრძნობებს არასდროს, არაფრის დიდებით რომ არ აჰყვება, ამიტომ გონების ამ დინამიკამ არ იცის, რომ „ფანჯარაში ჩიტის გაელვებული სილუეტი“ კი ქრება წამსვე, ეფემერასავით, მაგრამ შეიძლება სამუდამოდ ჩარჩეს ჩვენს მეხსიერებას, ყველაზე სრულყოფილად შედგენილ კანონზე მეტად… ეს სიმყიფე, გამჭვირვალობა, მთვარის მისტიკურ შუქში შეყოფილი ხელივით, კიოაკისა და სატოკოს ტრაგიკული სიყვარულისა, არც ისე უსაფრთხოა და უსუსური – მას დამანგრეველი ძალა აქვს („ყველაფერი გარშემო – მტვრიანი გზა, ზღვის ღელვაც, ქვიშაზე მქროლავი ნიავი, ფიჭვნარი, ხმაური, – განადგურებას ჰპირდებოდა“). ასეთი სიყვარული სიცოცხლის მადლიერებაა, მაგრამ ეს ყოველთვის არ ნიშნავს ბედნიერებას. ეს ნამდვილი გრძნობაა, უცნაური სინთეზით სინაზისა და ვნებისა, დახვეწილობისგან საკმაოდ შორს მდგომი გრძნობა, რომელიც სილამაზეცაა და სიმახინჯეც, ერთდროულად. ეს „ნატიფი სიველურეა“, სულს რომ დაგიწვავს, ამბობს მიშიმას შედარება-შედევრი. ასე იცის დიდმა სიცივემაც და სიმხურვალემაც; „მაგრამ ჰონდა მოხიბლა, მისი სიტყვების შემდეგ მეგობრის თვალებში გამკრთალმა განადგურების სხივმა. მის გამჭვირვალე თვალებში, როგორც ტაძრის წინ წყვდიადში ჩარბენილი მგლების ხროვა, ვერგამოყენებული, თავად კიოაკისთვისაც შეუმჩნეველი, ველურის სულის წამიერი აჩრდილი მხოლოდ თვალის გუგებში გაჩნდა და მაშინვე გაქრა…“ (321).

იმპერატორის ოჯახის სარძლო სატოკო მონასტერში თმას იჭრის, აბორტის შემდეგ, მონაზონი ხდება („თმის ღერები, როგორც ამქვეყნიურობა, ერთმანეთის მიყოლებით ცვიოდა. ჩამოცვენილი კი უსასრულოდ შორი ხდებოდა“). კიოაკი საკუთარ თავს კეთროვანს ამსგავსებს და კიდევ უფრო ლამაზი ხდება. მას შეასმევენ კუს სისხლს, რომელიც საშინელი წყევლასავითაა კიოაკის წარმოდგენებსა თუ სიზმრებში, გამოსაჯანმრთელებლად. კიოაკის „სულის კუჭი“ კი მოგვიანებით იგემებს სიკვდილსაც: „ახლა კი წყევლა მოიხსნა, კუ მოკლეს, მან კი მისი სისხლი დალია. აი, ასე უცებ, რაღაც დასრულდა, შიში მოთვინიერდა და კიოაკის კუჭში რაღაც განუზომელ, ამოუცნობ სასიცოცხლო ძალად იქცა“ (412).

მომწონს სიმაღლე ამ წიგნისა, ფუძიამას მწვერვალივით, ასე „ზემოდან ქვემოთ“ რომ მიმყარებს ცხოვრებისეულ ფუჭ ორჭოფობას, ასე მსგავსს ამაოებისა, ვითომდა, ყველაფრის მომსრავი განურჩევლობისა. არა, ყველაფერი არაა ამაო არაფრით და რატომ არაა, ახლა მოგახსენებთ…

რა არის იაპონური, ანუ გაზაფხულის თოვლი?

 

> საკურას ყვავილების დამაბრმავებელი (როგორც აღმოსავლელი ოსტატები იტყვიან, რომელთაც ღმერთი ან იხილეს, ან დახატეს, ან აღწერეს) მშვენიერების ქროლა ჩვენ თვალწინ?

> მისკანტუსის მოყვითალო ყვავილების ფარფატი, პატარა მფრინავ მწერებს რომ მოგაგონებთ?

> მართლაც, სულისა და სხეულის გამყინავი სიფაქიზე ნამდვილი თოვლისა, რომელიც ისევე აზრობს, როგორც დიდი სიყვარული?

 

იაპონია ვიღაცისთვის რუკაზე „წითელი კრევეტივითაა“, მაგრამ ჩემთვის და იუკიო მიშიმასთვის კი – „მისი ნაცნობი იაპონია უფრო ლურჯი, უფორმო და ნისლივით სევდიანი ქვეყანა იყო “. ესაა ქვეყანა, რომელშიც 19 წლის ყმაწვილს შეუძლია თქვას:

 

„იმპერატორს ვუღალატე! უნდა მოვკვდე!“.

 

ეს კიოაკია, რომელსაც უკვე ტანჯვად ჰქცევია „ოქროს ქანდაკებასავით სუნთქვისშემკვრელი სატოკოს არსებობა“. ეს ის ამაყი, ერთ დროს ამპარტავანი და თავნება კიოაკია, რომელსაც სამუდამოდ დაშორებული სატოკოს სახელის წარმოთქმისას, საბედისწეროდ ავადმყოფს, სიცხიანს, „ჩვეულებრივზე მეტად ჯანმრთელის გამომეტყველება უხდებოდა, ისე ლამაზად უბრწყინავდა სახე, როგორც სპილოსძვლის ფიგურას, რომლის შიგნიდან ცეცხლი ანთია “.

 

მე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენა შემძინა ამ დიდმა წიგნმა. სიყვარულის ეს თავდავიწყება, სიცხიანი მეგობრის სასთუმალთან ჩამომჯდარი მეორე მეგობარი, სწორედ მეგობრისთვის ყველასა და ყველაფრის მიტოვების შემდეგ, ჰონდა, რომელსაც კიოაკივით თავგანწირვა არ შეეძლო, თუმცა მისი რაციონალიზმი ზენიტს აღწევდა, – ისეთი ნამდვილია, ისეთი ეჭვდაუდებელი, თითქოს, ეს ჩვენი სულების რაინდობის სამყაროა, სრულიად რეალისტური, თუმცა იაპონური, ტრადიციული აზროვნებით, წარსულიდანაცაა გამოხმობილი და იშვიათი ელვარების თვალივით ჩასმული თანამედროვეობის, – ცოტა არ იყოს, სიტლანქითა და უგემოვნობით ყველასა და ყველაფრის აღმრიცხველისა – ჟანგიან ვარაყში.

 

ამიტომ მიყვარს ასე იაპონია – ამ უბადლო სინთეზის გამო. ესაა მაინც აუხსნელი იაპონური საიდუმლო, რადგან ეს მხოლოდ მათ შეუძლიათ, როგორც გაზაფხულისა და ტკივილის ასე გასაკრალურება და ასე მტანჯველად, ნატიფად, სასიამოვნოდ დაკავშირება ერთმანეთთან…

 

მხოლოდ იაპონელს შეუძლია თქვას – ღია წითელი ქლიავის ყვავილის გაშლასავით ჩუმი სიცილი (ქალისა – მ.ი.) და შემდეგ დაამატოს: „…ალბათ სწორად ვერ აღიქვეს მისმა ყურებმა და ეს გაზაფხულის ცივ ჰაერში გაყინული ქვითინის ხმა იყო. ხმა, რომელიც სანამ ხმამაღალ ქვითინში გადაიზრდებოდა, ძალით გააჩუმეს. თითქოს სიმს გამოჰკრესო, ქვითინი შეწყვეტილ ექოსავით დაიკარგა…“.

 

თუ სიცოცხლე მუდმივად მბრუნავი ნაკადის მსგავსი სიკვდილ-სიცოცხლის წრებრუნვაა, როგორც ეს აღმოსავლურ რელიგიურ ფილოსოფიებშია. დრო კი ყოველწამიერის შეწყვეტის, განადგურების მეშვეობით, როგორც წერტილებისგან შემდგარი განგრძობითი ხაზია… მაშინ რა არის ლაიბნიცის სამი დროის კავშირის თეორია?! ან წინასწარგანზრახულობა, საერთოდ?…

 

თავის ქალიდან წყლის დალევას ნახატზე, ჰონდა სიყვარულის მეტაფორას ადარებს, როგორც ადამიანური არსისა და სამყაროს არსის გადაბმას. აქ „ჰამლეტიც“ მახსენდება…

 

კიოაკი კვდება 20 წლის ასაკში. კვდება სიყვარულისგან. მისი სიზმრების დღიური რჩება, უტოვებს სიკვდილის წინ თავის განუყრელ მეგობარს, ჰონდას, ანუ ის მეგობარს აბარებს საკუთარ აღარყოფნასაც. ეს ყველაზე დიდი საჩუქარი მგონია ყველა დიადი მეგობრობისთვის, რომელიც გადაწონის „სოლომონის განძს, კრეზის სიმდიდრეს, ოქროს…“. მე ჩემი სიზმრების დღიურს, რომელსაც ამიერიდან დავწერ, ჩემი გარდაცვლილი მეგობრის, ინგა მილორავასთვის შევადგენ. მხოლოდ ის გაიგებს და იმსახურებს ამას…

 

ეს რომანი კი ძალიან ჰგავს შეყვარებულთა თვითმკვლელობის სევდიან ამბავს… და თუ სამყარო, მართლაც, ისეთი მიზეზშედეგობრიობითაა დაქსელილი, როგორც ინდირას ქსელის ამბავშია, რომლის მიხედვით ყოველი ადამიანი და ყოველი მოვლენა ფარულად თუ ხილულადაა დაკავშირებული ერთმანეთთან, სიკვდილის შემდეგაც გადაიკვეთება ყოველივე ის, რაც წუთისოფელში ნამდვილი და დიდებული იყო.

 

ესაა ულამაზესი ყმაწვილის, კიოაკის, ბოლო სიზმარი:

„– ისევ შევხდებით. აუცილებლად შევხდებით.

ჩანჩქერის ქვეშ…“.

 

ციტატები წიგნიდან — იუკიო მიშიმა, „გაზაფხულის თოვლი“, „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, 2023 წელი

https://mastsavlebeli.ge/