ციფრული დიზაინის პლატფორმა
თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცე მუდმივად მოითხოვს ინოვაციურ მიდგომებს, საკლასო ოთახებში თუ მათ მიღმა ტექნოლოგიების ინტეგრაციას და მსოფლიოში ამ კუთხით მიმდინარე ცვლილებებისთვის ფეხის აწყობას. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს სწავლების ხარისხის ამაღლებას და მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას.
ციფრულ ეპოქაში, როდესაც ვიზუალური წიგნიერება და ციფრული კომპეტენციები სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ერთ-ერთ ასეთ პლატფორმას წარმოადგენს Canva, რომელიც თავისი მრავალფუნქციურობით და სასწავლო პროცესში ინტეგრირების სიმარტივით სულ უფრო მეტ აღიარებას პოვებს პედაგოგებისა და მოსწავლეების მხრივ.[1] წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს, მიმოიხილოს Canva-ს არსი და მისი შესაძლებლობები პრაქტიკული მაგალითების მოხმობით, ასევე – მისი პოტენციალი უკუკავშირისა და შეფასების ინსტრუმენტად გამოყენების კუთხით.
რა არის canva?
Canva არის გრაფიკული დიზაინის ონლაინპლატფორმა, რომელიც 2013 წელს შეიქმნა. ის საშუალებას აძლევს მომხმარებლებს, მათ შორის – მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და სტუდენტებს, შექმნან მაღალი ხარისხის გრაფიკული პროდუქტი. პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს მზა შაბლონების, დიზაინის ელემენტებისა და ინსტრუმენტების ფართო სპექტრს სხვადასხვა ტიპის ვიზუალური შიგთავსის შესაქმნელად. Canva-ს ხელსაწყოები მარტივია და მომხმარებელს შეუძლია, დიზაინის სპეციალური ცოდნის გარეშეც კი შექმნას მაღალი ხარისხის ვიზუალური მასალა.
Canva გვთავაზობს როგორც უფასო, ისე პრემიუმ (Canva Pro) ვერსიებს, ასევე – სპეციალურ პაკეტ Canva for Education-ს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის. მობილური აპლიკაცია ხელმისაწვდომია ყველა ტიპის სისტემაზე და კომფორტულია სამუშაოდ.
მისი შესაძლებლობებიდან გამოვყოფდი:
- მზა შაბლონებს და მდიდარ ვიზუალურ მასალებს;
- რამდენიმე მომხმარებლის ერთდროული მუშაობის შესაძლებლობას;
- პროექტების გაზიარებას რედაქტირების ან მხოლოდ ნახვის უფლებებით;
- კომენტარების სისტემას უკუკავშირისა და შეფასებისთვის.
როგორ დავრეგისტრირდეთ პლატფორმაზე?
ვებგვერდზე რეგისტრაციის დროს ვუთითებთ სტატუსს (მოსწავლე, მასწავლებელი, სტუდენტი, უმაღლესი დაწესებულების აკადემიური პერსონალი), რაც საშუალებას აძლევს პლატფორმის ალგორითმს, შეარჩიოს და შემოგვთავაზოს ჩვენზე მორგებული დიზაინის შაბლონები. 2018 წელს დავრეგისტრირდი როგორც მასწავლებელი. გარკვეული ხნის შემდეგ მომივიდა საგანმანათლებლო პაკეტზე უფასო წვდომის შემოთავაზება. ამისთვის უნდა ამეტვირთა/გამეგზავნა ჩემი პროფესიის დამადასტურებელი დოკუმენტი (ცნობა სკოლიდან). აღნიშნული მოთხოვნის შესრულების შემდეგ ადმინისტრაციამ მომცა წვდომა საგანმანათლებლო პაკეტზე.
როგორ შეიძლება გამოიყენონ Canva მასწავლებელმა და მოსწავლემ?
სასწავლო პროცესში Canva-ს ინტეგრაცია მრავალი ფორმით შეიძლება. ის ეხმარება მასწავლებლებს სასწავლო მასალების ვიზუალურად მიმზიდველი და ინფორმაციულად მდიდარი ფორმით წარდგენაში, ხოლო მოსწავლეებს – შემოქმედებითი, თანამშრომლობითი, ციფრული წიგნიერებისა და ანალიტიკური უნარების განვითარებაში.
კოვიდის პანდემიის შემდეგ Canva-ს აქტიურად ვთავაზობ მოსწავლეებს და ვნერგავ სწავლა-სწავლების პროცესში:
- საშინაო დავალებების შესასრულებლად;
- ჯგუფურ თუ ინდივიდუალურ პროექტებზე სამუშაოდ;
- შეფასებისა და უკუკავშირისთვის.
პლატფორმის გამოყენებას ვიწყებ მე-7 კლასიდან მოქალაქეობისა და გეოგრაფიის საგნობრივ დისციპლინებში. უპირველეს ყოვლისა, ვასწავლი პლატფორმის გამოყენებას, რის შემდეგაც გადავდივართ მარტივი დავალებების შესრულებაზე.
მოსწავლეები ქმნან ციფრულ პორტფოლიოს, რომელშიც ათავსებენ ნამუშევრებს, დავალებებსა და პროექტებს. შემდეგ ამ პორტფოლიოზე წვდომას აძლევენ მასწავლებელს, რაც საკმაოდ მარტივი პროცედურაა. მოსწავლე მასწავლებელს ამატებს რეგისტრაციის დროს გამოყენებული ელექტრონული ფოსტის საშუალებით ან მომხმარებლის სახელის ჩაწერით, შეტყობინება კი მოდის ელექტრონულ ფოსტაზე. მასწავლებელი საკუთარ კაბინეტში ხედავს ყველა პროექტს, დავალებასა თუ პრეზენტაციას, რომლებიც მოსწავლეებმა გაუზიარეს.
ჯგუფური პროექტის შემთხვევაში მოსწავლეებს შეუძლიათ, ერთდროულად მოამზადონ პრეზენტაცია სკოლაში ან შინიდან. ამისთვის გაზიარების ღილაკის გამოყენებით ამატებენ ერთმანეთს რედაქტირების უფლებით. ეს კომპონენტი ხელს უწყობს თანამშრომლობითი მუშაობის უნარების გაუმჯობესებას.
შეფასება და უკუკავშირი Canva-ს გამოყენებით
Canva იდეალურია პროექტზე დაფუძნებული შეფასებისთვის. მოსწავლეები ქმნიან ისეთ კომპლექსურ/შემაჯამებელ პროდუქტებს, როგორიცაა პრეზენტაცია, პოსტერი, ინფოგრაფიკა და სხვ.
შემაჯამებელი შეფასებისა და უკუკავშირისთვის აქტიურად ვიყენებ კომენტარის ფუნქციას. ამ ფუნქციის გამოყენება შეძლება როგორც მთლიან პროდუქტზე/პრეზენტაციაზე, ისე ცალკეულ გვერდებსა თუ სლაიდებზეც. თავის მხრივ, განვითარებაზე ორიენტირებული უკუკავშირი ხელს უწყობს მოსწავლეებში პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას შეფასების მიმართ.
პედაგოგის მიერ გაცემული უკუკავშირი თუ გაკეთებული შეფასება მისდის მოსწავლეს/ჯგუფს. მიღებული რეკომენდაციის საფუძველზე მათ შეუძლიათ ცვლილებების შეტანა, რედაქტირება და ა.შ. გარდა ამისა, პლატფორმა საშუალებას აძლევს მოსწავლესა და მასწავლებელს, შექმნან თვითშეფასების ფორმები/რუბრიკები, შეფასების რუბრიკები და სხვა.
შეჯამება
Canva წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომელიც მნიშვნელოვნად ამდიდრებს თანამედროვე საგანმანათლებლო პროცესს. სასწავლო გარემოში მისი ინტეგრაცია მრავალმხრივ სასარგებლოა როგორც მასწავლებლებისთვის, ისე მოსწავლეებისთვისაც, განსაკუთრებით – ვიზუალური კომუნიკაციის, შემოქმედებითი აზროვნებისა და ციფრული წიგნიერების განვითარების კუთხით.
საგანმანათლებლო კონტექსტში Canva-ს გამოყენება ხელს უწყობს:
- სასწავლო მასალების ვიზუალურად მიმზიდველი და ეფექტური ფორმით წარდგენას;
- მოსწავლეთა მოტივაციისა და ჩართულობის ამაღლებას;
- 21-ე საუკუნის უნარების განვითარებას;
- შეფასებისა და უკუკავშირის პროცესის გამდიდრებას.[2]
[1]Nabila Farhana Jamaludin, Siti Farahin Sedek (2024). ” CANVA as a Digital Tool for Effective Student Learning.”
[2] “Canva Tool Students’ Views on Using Canva as an All-In-One Tool for Creativity and Collaboration.” file:///C:/Users/User/Downloads/CanvaTool.pdf
https://mastsavlebeli.ge/
No comments:
Post a Comment