
სოციალური ქსელი დაიპყრო „ბოლო ზარის“ სიმღერებმა… ამ მოვლენას კი წინ უსწრებდა 51-ე სკოლაში ინციდენტი, რომელიც სწორედ ბოლო ზარის ვიდეოს უკავშირდებოდა. ვიდეოში გაშარჟებული „ქურდული ცხოვრება“ ვერ აიტანა მოსწავლეთა სხვა ნაწილმა და დანების ტრიალიც ამას მოჰყვა… ეს ის სკოლაა, რომელშიც მოსწავლეთა დაპირისპირება ერთხელ უკვე მსხვერპლით დასრულდა…. ჩემი ყველაზე დიდი შოკი კი გამოიწვია მასწავლებლის განცხადებამ საინფორმაციოში: რომ ინციდენტი მოხდა გაკვეთილების შემდეგ და სკოლის მიღმა…
ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი დამოკიდებულებაა დამღუპველი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სკოლას „აინტერესებს“ მხოლოდ მანამ, სანამ სკოლაში არიან; თითქოს ადამიანის სხვა ნაწილი დადიოდეს სკოლაში, სხვა – ქუჩაში და სულ სხვა – სახლში… თითქოს ადამიანი ერთიანი და მთლიანი კი არა არის, რომელზეც ზრუნავს (უნდა ზრუნავდეს): ოჯახი, სკოლა, სისტემა, სახელმწიფო, არამედ დანაწევრებული… „სკოლის გარეთ“ მოსწავლეზე სკოლა პასუხისმგებლობას არ იღებს და როდესაც ასეთი ტრაგიკული შემთხვევები ხდება, მაშინ იმას კი არ კითხულობენ: რა და რატომ მოხდა… პირდაპირ თავს იცავენ: მოხდა, მაგრამ სკოლის გარეთ და ჩვენ არაფერ შუაში ვართო…
მასწავლებლებისგან ვიცი, რომ ბევრ მშობელს შვილიც არ აინტერესებს, რას აკეთებს სკოლაში… „შემოყრიან და ხელებს იბანენო“… პირიქითაც ბევრი მსმენია… და გამოდის, რომ ქუჩა ის ადგილია (სახლიდან სკოლამდე და პირიქით), სადაც ბავშვს „კისერიც უმტვრევია“….
მე არ ვეძებ დამნაშავეს… მით უფრო, ერთ რომელიმე დამნაშავეს… მე მაწუხებს ამ ბავშვების ბედი… ამას წინ ერთმა მოსწავლემ გამიმხილა: სუიციდი მხოლოდ იმიტომ გადავიფიქრე, რომ ჩემს მშობლებზე შური ვიძიოო…. ყველა ღამეს ტირილში ვათენებო და არც ესმით ჩემიო… ჰოდა, იძახეთ ახლა: რომ თქვენი ბრალი არაფერია… ან იქნებ იმ ბავშვის „ბრალია“, რომ დაიბადა საერთოდ? მე ვერ ვიძინებ ამ ამბის შემდეგ… და ასეთი მხოლოდ ერთი ბავშვი არ არის…
მოსწავლეთა „ბოლო ზარის“ სიმღერებმა და ჰიმნებმაც ამიტომ დამაინტერესა. მთელი დღე ვისმენდი სხვადასხვა სკოლის, სხვადასხვა ქალაქის ბავშვების ტექსტებს მსგავსი პრობლემებით სავსეს. ერთი შეხედვით, სახალისო ვიდეოები და არტისტული და გულწრფელი ბავშვები რეპავენ თავის 12-წლიან ისტორიას… ამაში არაფერია საგანგაშო… ხოლო, მეორე მხრივ, ტექსტების კვლევისას, აღმოჩნდება, რომ ძალიანაც მნიშვნელოვანია ის, რაზე იციანიან, რას დასცინიან, რას და რატომ აშარჟებენ ბავშვები. ეს ყველაფერი იმიტომ კი არა, რომ თავს დავესხათ და მორალი ვუკითხოთ ახალგაზრდებს, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ, არამედ იმიტომ რომ, დავინახოთ აღზდაში და განათლებაში ის ღირებულებები და კონცეპტები, რომლებიც დეკლარირებულია და რომელიც სინამდვილეში აქვთ მოსწავლეებს.
დაპირისპირება რასაც მოჰყვა, ის ვიდეო უკვე აღებულია. 51-ე სკოლის მეორე ვერსიის ვიდეოს კომენტარებში კი ეს ვნახე:
წინა ვერსიაში ,,ქურდული” და ,,ობშიაკი” ჰქონდათ. ვიდეოკლიპში ქურდულ სამყაროს არ უნდა აშარჟებდნენო. და ნუ ზოგადად ასეთ ვიდეოკლიპებზე არ არიან კარგად განწყობილი უფროსი თაობის წარმომადგენლები...
ისევ „ქურდული სამყარო“ და ისევ „ობშიაკები“ 2019 წელსაც… აი, ეს არის პრობლემა, რომ სკოლებიდან ჯერ კიდევ ვერ გამოვიდა ეს პრობლემა და დღესაც ამაზე ხოცავენ ბავშვები ერთმანეთს დაუნდობლად.
აი კიდევ რაზე იცინიან მოსწავლეები:
კლასში როცა შემოვედი,
მათ ვეგონე ბუნჩულა,
ოთხი კაცი გადავირტყი,
მოვაგვარე ჯიგრულად,
სუსტი ნერვების მქონე ვარ,
ვაწიოკებ მასტებს,
მაგრამ მაინც ჩემი გამაქვს,
ვევასები მასწებს.…
ვიდეოს კომენტარებში არის ურთიერთსაწინააღმდეგო შეძახილები:
ასეთი:
რა გინდათ ამ ბავშვებისგან, ვერ მივხვდი? ბოლო ზარზე, ენერგიით სავსე თინეიჯერები აბა, ბოტანიკაზე დანიკო ლორთქიფანიძის მოთხრობებზე ხო არ იმღერებენ? ერთობიან და არაინ. გაეშვით, იმას შეხედეთ, გირჩევნიათ, რა ლამაზები არიან. და ის გაიხსენეთ, ჩვენი თაობები რას გავდნენ ბოლო ზარზე და ბანკეტისკასეტებზე.
და ასეთიც:
სამწუხაროდ, ეს კლიპი სრულიად ასახავს იმ სიტუაციას, რომ სკოლაში პრობლემებია… წარმოიდგინეთ, რომხართ ერთ–ერთი ევროპული ქვეყნის სკოლის მოსწავლე. ამ შემთხვევაში თქვენი კლიპიც და მასში ასახულიხუმრობებიც იქნებოდა სრულიად სხვა შინაარსის, სხვა თემატიკის და სხვა სტილის… იმის თქმა მინდა, რომგარემო და კულტურა, რომელშიც ვხოვრობთ, გამოვლინდება ყველაფერში, მათ შორის, იუმორშიც…სამწუხაროდ, თითქმის ყველა სკოლაში,(უფრო სწორად,იმდენში,რაც საერთო სურათს ასახავს და ერთი/ორისკოლა, რომელიც უკეთესია, ვერაფერს ვერ ცვლის მთლიან სიტუაციაში) დაახლოებით იმავე შინაარსისკლიპები კეთდება: მასწავლებლების დაცინვა (თუნდაც ხუმრობით), სმა–ჭამის, გულაობის, ყოველივემატერიალურის ხაზგასმა და პრიორიტეტულობა… „სასტავი” და “ბირჟა” და მსგავსი თემები… რაცაბსოლიტურად განსხვავდება თანამედროვე (დასავლური) სკოლისგან… მე არ მითქვამს, რომ მხოლოდზემოთ ჩამოთვლილი ღირებულებების მატარებლები ხართ და მეტი არაფერი გისწავლიათ, ვიცი, რომწარმატებული სკოლაა, მაგრამ არა იმ ხარისხით, რაც საჭიროა, რაც შეცვლის ადამიანის იმ ბუნებას, რომელიცდღეს საზოგადოებაშია და რომელიც, სამწუხაროდ, დომინანტია…ზუსტადაც, რომ ხალხი არ აიტაცებდაგალაკტიონზე ან ილიაზე შექმნილ კლიპს, იმიტომ რომ, ასეთი საზოგადოებაა, ასეთი დაკვეთაა, მათ უნდათ„კაჩაობაც”, „კაი ბიჭობაც”, „სასტავიც”, „ბირჟაც”, დალევაც და ასე შემდეგ თემები და სკოლა რომ ვერ ცვლის ამსიტუაციას, ეს აჩვენა ამ კლიპმა….. სწორედ ამ გულისტკივილით დავწერე ეს კომენტარიც…
ეს ციტატა კი 53-ე სკოლის ჰიმნიდანაა:
“დავიღალე სწავლით, მაგრამ არც არასდროს მისწავლია…
გამოცდებს მაინც ვაბარებ და არ მიმეცადინია! “
შეიძლება თქვათ, რომ ეს მხოლოდ ერთი მოსწავლის განწყობაა, მაგრამ ხომ კარგად ვიცით, რომ „გამოცდაჩაბარებული“ ნამეცადინები თუ უმეცადინო, დასწავლილ ცოდნას იქვე ტოვებს (მე არ მაქვს საუბარი გააზრებულ და გაცნობიერებულ სწავლებაზე, რომელის გამოცდილებაც მცირე დოზით, მაგრამ მაინც არსებობს სკოლებში);
1-ლი სკოლა კი (კლასიკური გიმნაზია) ასე რეპავს თავის ამბებს:
მთელი წელი ვიდექით ძეგლთან,
ნელი კარებს აღარ გვიღებდა,
მანდატური ოქმებს გვიწერდა,
ამით პრემიას ითრევდა; და ასე შემდეგ…
წყარო : http://mastsavlebeli.ge/
No comments:
Post a Comment