Monday, September 30, 2024

ორსახა იანუსი – მოდი, ერთად ჩავყვინთოთ იდიომების ზღვაში!

 ქართულის გაკვეთილზე ლექსიკურ მარაგზე მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, განსაკუთრებით ისეთ სიტყვებზე, რომლებსაც ყოველდღიურ საუბარში იშვიათად ვიყენებთ და მათი ცოდნა ადამიანის განათლებულობაზე და ინტელექტზე მიუთითებს. მაგალითად, ინგლისური ენის სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ასეთი ფრაზებსა და სიტყვებზე მუშაობას ექცევა. უამრავი რესურსი, წიგნი, სავარჯიშოების რვეულები თუ ტესტური დავალება გვთავაზობს მხოლოდ იდიომებს, მხატვრულ გამონათქვამებს, იმიტომ, რომ ინგლისელებმა ზუსტად იციან, რომ ენის სიღრმისეული ცოდნა სწორედ ასეთი „მარგალიტების“ გააზრებასა და გაგებას გულისხმობს. ქართულში ასეთი გამონათქვამები თითქოს მივიწყებული გვაქვს. მათ სასკოლო სახელმძღვანელოებშიც კანტიკუნტად შევხვდებით და ისიც მხოლოდ მშრალი განმარტებით შემოიფარგლება. არადა, რა ზღვა მასალა და რესურსი გვაქვს, რა საინტერესო! თითოეულ მათგანს ისტორიულ თუ მითოლოგიურ მოგზაურობაში მივყავართ, აქტიურდება წარმოსახვა, ასოციაციები, შემოქმედებითობა…

თუ ბავშვებთან თითოეულ იდიომს საგულდაგულოდ დავამუშავებთ, შედეგით თავადაც განცვიფრდებით – როგორ ჩაყვინთავენ სიტყვათა ზღვაში, როგორ გაფრინდებიან შორეულ წარსულში, როგორ მოაგროვებენ ამბებს და შემდეგ ერთ ფაზლად როგორ ააწყობენ, როგორ გაამთლიანებენ და მიიღებენ უნიკალურ გამონათქვამს… შარშან ჩემს მესამე კლასელებთან დავამუშავე იდიომები: „ვარსკვლავებს ეთამაშება“, „ოლიმპიური სიმშვიდე“ , „ფორტუნამ გაიღიმა“, „სიტყვის ბანზე აგდება“ – წელს რომ დაბრუნდნენ, ეს ფრაზები ისე ბუნებრივად ექციათ საკუთარ ყოველდღიურ ლექსიკად, ძალიან გამიკვირდა და გამიხარდა!

(აღნიშნულ იდიომებზე აქტივობებს იპოვით ჩემს გვერდზე).

აქვე გთავაზობთ ალექსანდრე ონიანის „ქართული იდიომების“ ელექტრონულ ვერსიას:

https://dlab.ug.edu.ge/books/detail/5826

 

სიტყვა რომ აღარ გავაგრძელოთ, ამ წერილში კიდევ ერთი საინტერესო იდიომის თავგადასავალს გთავაზობთ, რომელზეც მუშაობის სიამოვნებას თქვენს მოსწავლეებთან ერთად მიიღებთ.

ვინ არის ორპირი იანუსი? რას ნიშნავს იანუსობა?

ადამიანი, რომელიც ორგულია, გაიძვერა, ორპირი – ორსახა იანუსად მოიხსენიებენ ხოლმე.

იანუსი რომაული ღვთაებაა, თავდაპირველად მზისა და სინათლის ღმერთი იყო, შემდეგში კი უფრო მეტი დატვირთვა შეიძინა.

ხსნიდა ზეციურ კარიბჭეს, რომ იქიდან დედამიწაზე დღე გამოეშვა. იანუსის, როგორც გუშაგის ხელთ იყო შესასვლელი და გასასვლელი კარის გასაღები, აღებდა და ხურავდა ჭიშკრებს. თავად სიტყვა „იანიც“ – გასასვლელებს აღნიშნავს.

მხოლოდ კარიბჭის ღვთაება, როდი იყო იანუსი, ის დროებას, წარსულსა და მომავალს, დასაბამსა და დასაწყისს განაგებდა. დედამიწაზე, რომაელთა ყველა კარი და კარიბჭე იანუსს ეძღვნებოდა და იქ მის ქანდაკებებს აღმართავდნენ ხოლმე.

იანუსი შემოქმედ ღმერთად მიაჩნდათ, მან გააცოცხლა დედამიწა, გააჩინა ყველა მდინარე და ნაკადული. მისი მეუღლე წყლის ნიმფაა, ხოლო შვილი წყაროთა და შადრევანთა ღვთაება.

იანუსი მოგზაურებსაც და გზაზე დამდგარ ადამიანებსაც მფარველობდა, სწორედ მას უსწავლებია ადამიანისთვის ხომალდის აგება.

ეს გასაოცარი ღმერთი, ომსა და მშვიდობასაც განაგებდა, მისი სახელობის ტაძრის კარიბჭე მხოლოდ ომიანობისას იღებოდა, რომ საბრძოლველად გამზადებულ ლაშქარს ამ კარიბჭეში გაევლო და მათთვის გზა დაელოცათ.

რადგან დროც მას უკავშირდება, წლის ერთ თვეს მისი სახელი უწოდეს, რომელიც დღემდე შემორჩა: იანუსი – იანვარი.

მისი სადიდებელი დღესასწაული ჩვენს ახალ წელს შეერწყა. ამ დღესასწაულზე აკრძალული იყო: ჩხუბი და ალიაქოთი, რათა ადამიანებს მშვიდი წელი ჰქონოდათ და იანუსს მათთვის ცუდი წელი არ გამოეგზავნა.

ორსახა იანუსის ერთი სახე წარსულისკენ იმზირება, ხოლო მეორე მომავლისკენ. ერთი ახალგაზრდა კაცისა აქვს, მეორე – მოხუცებულის. ამიტომ გახდა ორსახა იანუსი ორგული ადამიანის სინონიმი. თუმცა, იანუსი კეთილი და დამლოცველი ღმერთია. ადამიანებს გვჩვევია, როდესაც მხოლოდ გარეგნობაზე ვამახვილებთ ყურადღებას, მას ვიმახსოვრებთ, ვინახავთ, შინაარსი, სინამდვილე კი ადვილად გვავიწყდება.

 

ლექსიკონი

კარიბჭე – ქალაქის, ციხის შესასვლელი კარი

გუშაგი – დარაჯი, მცველი

 

 

აქტივობა 1:

დააკვირდი აღწერას: ორსახა იანუსის ერთი სახე წარსულისკენ იმზირება, ხოლო მეორე მომავლისკენ. ერთი ახალგაზრდა კაცისა აქვს, მეორე – მოხუცებულის. აღწერის მიხედვით დახატე იანუსის პორტრეტი.

 

აქტივობა 2:

 

ტექსტის უკეთ გააზრებისთვის

 

  1. რატომ უწოდებენ იანუსს გუშაგს?
  2. რის ღვთაება იყო იანუსი?
  3. რატომ აღმართავდნენ კარიბჭეში იანუსის ქანდაკებებს?
  4. რატომ მიაჩნდათ იანუსი შემოქმედ ღმერთად?
  5. რომელ თვეს ჰქვია იანუსის სახელი?
  6. რატომ იყო ჩხუბი და აურზაური აკრძალული იანუსის დღეს?

 

აქტივობა 3:

წარმოიდგინე, როგორ ქმნის იანუსი მდინარეებს, აცოცხლებს დედამიწას. შექმენი კომიქსი. შენი კომიქსის პერსონაჟებად, იანუსთან ერთად აქციე იანუსის ცოლი ტყის ნიმფა და ასული – წყაროთა და შადრევანთა ქალღმერთი. არ დაგავიწყდეს ღრუბლებში პერსონაჟთა სიტყვების ჩაწერა.

აქტივობა 4:

 

შეავსე კროსვორდი

აქტივობა 5:

მოიფიქრე ერთი ამბავი იანუსზე. გაითვალისწინე მისი უნარები და ისტორია. დაასათაურე და გააკეთე ილუსტრაცია.

 

 https://mastsavlebeli.ge/


ხელოვნება კადრს მიღმა

 ახალი სასწავლო წლისთვის მზადებაში ხელოვნების გაკვეთილებზე გადაღებულ ფოტომასალას გადავხედე და მონატრებული მოსწავლეების სახეებმა შემახსენეს, რომ წელსაც ყურადღებით უნდა დავაფიქსირო კადრებში მათი შემოქმედების პროცესი.

მე და ჩემს მოსწავლეებს, ასევე ჩვენი გამოფენების დამთვალიერებლებს, ეს კადრები ძალიან კარგად გვადგება ხელოვნებაზე, როგორც ცოცხალ შემოქმედებით პროცესზე, დაკვირვებისთვის და ანალიზისთვის.

ხელოვნების მასწავლებლისთვის ყველაზე ამაღელვებელი და საპასუხისმგებლო მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენის წარდგენაა სკოლაში. წარმტაცი და ყოვლისმომცველი ექსპოზიციის შექმნას საკმაო დრო, კარგი დაგეგმვა სჭირდება, რომ ყველა მოსწავლის შემოქმედების შედეგი თანაბრად და ეფექტურად წარმოვაჩინოთ. მაგრამ ხელოვნების სწავლება მხოლოდ საბოლოო შედეგით არ განისაზღვრება. ხელოვნების შექმნის, შემოქმედების პროცესი თანაბრად მნიშვნელოვანია.

მოსწავლეები უმეტესად სიხარულითა და ღირსების განცდით ათვალიერებენ სკოლაში გამოფენილ თუ ჩვენი ხელოვნების გაკვეთილების ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნებულ საკუთარ ნამუშევრებს. მაგრამ არიან საკუთარ შესაძლებლობებზე მერყევი წარმოდგენის მქონე ბავშვებიც, ცოტა მორცხვებიც, რომლებსაც წლის დასაწყისში როცა ვხვდებით ერთმანეთს, კატეგორიულად არ სჯერათ რომ კარგად გამოსდით ხელოვნებასთან შეხება, ან ჯერ კიდევ ჰგონიათ რომ მაინცდამაინც აკადემიურ ჩარჩოებს უნდა ესადაგებოდეს მათი ნამუშევრები. მერე როცა ნელნელა ვუახლოვდებით ერთმანეთს, ხვდებიან, რომ ხატვის თუ ძერწვის დროს, არ უნდა იფიქრონ საბოლოო შედეგზე, პროცესით უნდა ისიამოვნონ. წლის ბოლოს კი გამოფენაზე როცა ხედავენ საკუთარ ქმნილებებს, სიამაყით გადმოგვხედავენ ხოლმე დამთვალიერებლებს.

ჩვენი ხელოვნების გაკვეთილების ფეისბუკგვერდი პანდემიის პერიოდში შევქმენით და მას შემდეგ აქტიურად ვიყენებთ სკოლის აუდიტორიისთვის როგორც დასრულებული ნამუშევრების, ისე შემოქმედებითი პროცესის ამსახველი კადრების გასაზიარებლად. მოსწავლეებს განსაკუთრებით უყვართ „კადრს მიღმა სცენები“, სადაც აღბეჭდილია როგორ ფუსფუსებენ, მეგობარს ეხმარებიან… აკვირდებიან ამ ფოტოებს და იცინიან, დეტალურად იხსენებენ განვლილ აქტივობებს.

მოკლე ვიდეოებზე მეხუთე კლასის ერთერთ პროექტზე მუშაობის მთელი ისტორია გვაქვს შემონახული. ბავშვებმა თავიდან 5 ჯგუფად განაწილებულებმა გადაწყვიტეს მუყაოსა და მეორადი ქაღალდებისგან შენობების მაკეტების გაკეთება და მუშაობის პროცესში ისე შეხმატკბილდნენ, ბოლოს შეერთდნენ და ეს პატარ-პატარა ქაღალდის ნაგებობები გრანდიოზულ ერთიან კომპლექსად გადააქციეს. სწორედ ეს, შემოქმედებითი პროცესით გატაცება და ერთმანეთის მხარდაჭერა და გაერთიანებაა მთავარი რის მიღწევასაც ვცდილობ ხელოვნების გაკვეთილებზე.

ვირტუალურ გალერეაში საკმაოდ ვრცელი ფოტო-ვიდეო მასალა მოგვიგროვდა, რა თემებზე მუშაობდნენ ბავშვები, ჩანიშნული გვაქვს სასწავლო მიზნები, შთამაგონებელი ხელოვანები და ა.შ. წლის ბოლოს კი ერთად ვქმნით სკოლაში დიდ ექსპოზიციას ან ჩვენი ონლაინ გამოფენისთვის შემაჯამებელ ვიდეოკოლაჟებს.

ჩემმა მოსწავლეებმა იციან, რომ ხატვის თუ ძერწვის პროცესში, მათი ნებართვით, მუშაობის ამსახველ ფოტო-ვიდეო მასალას ვიღებ. მაშინაც, კი, როცა ბავშვები დისტანციურად მეცადინეობდნენ, ვთხოვდი შემოქმედების მომენტები ახლო ხედის კადრებით და მოკლე ვიდეო ჩანაწერებით თავადვე, როგორც შეძლებდნენ, ისე დაეფიქსირებინათ.

სკოლაში გაკვეთილზე ცოტა მეტი დატვირთვა კი მემატება, გადაღებისას სათანადოდ თვალყური უნდა ვადევნო მოსწავლეების მუშაობის პროცესს, რომ მნიშვნელოვანი დეტალები არ გამომრჩეს და ყველას თანაბრად გავუნაწილო ყურადღება. დღის ბოლოს გადაღებული მასალის დალაგებასაც საკმაო დრო მიაქვს. ჩემმა მერვეკლასელმა მოსწავლეებმა ტელეფონში ფოტოს და ვიდეოს სწრაფად დასამუშავებლად კარგ აპლიკაციებს მიმაგნებინეს. რამდენიმეს დღემდე აქტიურად ვიყენებ. წამებში შემიძლია ფოტოების სასურველ ზომაზე მოჭრა, გამონათება, ფაქტობრივად ფოტოშოპის მსგავსი ინსტრუმენტები მაქვს ტელეფონში Snapseed-ის აპლიკაციის სახით. ვიდეოს მონტაჟს კი, ისევ და ისევ, ჩემი მოსწავლეების რჩევით, Capcut-ის დახმარებით უსწრაფესად ვახერხებ.

ბავშვებიც ნელნელა ითვისებენ შემოქმედებითი პროცესის ხარისხიანად გადაღებას. თავიდან რამდენიმე რჩევა მივეცი, რა უნდა გაითვალისწინონ რომ საინტერესო მასალა გამოუვიდეთ. გაიგეს რა მნიშვნელოვანია რაკურსი გადაღებისას, რომ ფოტოზე ჩრდილი არ უნდა ფარავდეს გამოსახულებას, მოჭრილი კადრის ხიბლიც გაიაზრეს და ა.შ. გადაღებული ფოტოების სერიიდან თავად  შეუძლიათ შეარჩიონ ერთი ან ორი ფოტო ყველაზე გასაგებად რაც გადმოსცემს პროცესს, რომ მერე ხელოვნების ვირტუალურ გალერეაში გავაზიაროთ.

ასე შეთანხმებულად ვმუშაობთ, ერთმანეთისგან ვსწავლობთ ხელოვნების გაკვეთილებზე. შემოქმედების პროცესის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა კი ამ ჩვენს გამოცდილებას გვახსენებს, გვახარებს, გვაფიქრებს, რა გამოუვიდათ კარგად, რა ისწავლეს ახალი, რა შეიძლებოდა უკეთესად გაეკეთებინათ. მეც ყურადღებით ვაკვირდები ამ პროცესებს და მომავალი პროექტებისთვის ვითვალისწინებ კარგსაც და ნაკლსაც.

ახლა როცა ახალი სასწავლო წლის გამოფენებზე ვფიქრობ, საგულდაგულოდ ვინიშნავ, რომ საეტაპო ნამუშევრებთან ერთად, მოსწავლეების მუშაობის პროცესის ამსახველი კადრები არ გამოგვრჩეს. შემოქმედებითი პროცესის ამსახველი რამდენიმე ფოტოს დამატება ჩვენს ექსპოზიციას უფრო ცოცხალს, დინამიურს გახდის.

მგონია, რომ ეს კადრები უმალ მიიპყრობს მნახველის თვალს და გულს. ყველამ არ იცის რა ხდება ხოლმე ხელოვნების ოთახში, როგორ მიმდინარეობს ჩვენი გაკვეთილები. სკოლის გამოფენაზე დამთვალიერებლები ხედავენ დასრულებულ ნახატებს და სკულპტურებს, მეორადი ნივთებით შექნილ ობიექტებს და ა.შ. და უმეტესწილად მაინც საბოლოო შედეგზე არიან ფოკუსირებულები. ამ შედეგს კი წინ უძღვოდა მოზარდების შრომა, მონდომება, ძალისხმევა, კითხვების დასმა, ანალიზი, კვლევა, ექსპერიმენტები, საკმაოდ ვრცელი და აღმოჩენებით სავსე გზა ნამუშევრების დასრულებამდე. ამიტომ  მე და ჩემი მოსწავლეები ვცდილობთ მნახველი ვირტუალურად შემოვახედოთ ხელოვნების ოთახში, ვაჩვენოთ ჩვენი მუშაობის ეთიკა და ხელოვნების შექმნის პროცესი, რომ გამოფენის დამთვალიერებლებმა თავი შემოქმედების თანამონაწილეებად იგრძნონ.

სკოლაში გამართულ ექსპოზიციაზე არაერთხელ მომისმენია ასეთი კომენტარი: “დავიჯერო ეს მეექვსეკლასელმა თავად დახატა?! ნუთუ ეს შესაძლებელია?“ ჩემი პასუხია: დიახ, შესაძლებელია… ვფიქრობ, პროცესის ამსახველი კადრების გაცნობა არის ყველაზე გასაგები და სასარგებლო გზა ვაჩვენოთ აუდიტორიას თუ როგორ იქმნება ხელოვნება.

წელს ასეთი კადრები ხელოვნების ოთახშიც უნდა გამოვფინოთ, ერთ კუთხეს მივუჩენთ კედელზე და ხშირად განვაახლებთ, რომ მოსწავლეები დადებითად დაიმუხტონ, გაახსენდეთ გავნლილ პროექტებზე როგორი ხალისით მუშაობდნენ, ახლები კი შთაგონებით აღივსონ.

https://mastsavlebeli.ge/

როგორ ვასწავლოთ ბავშვს მიზნის დასახვა და მისი მიღწევა

 მიზნის დასახვისა და მისი განხორციელების უნარი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელიც ესაჭიროება ბავშვს სასწავლო პროცესში წარმატების მისაღწევად. უფრო მეტიც, მიზანდასახული მოქმედების უნარი საკვანძო უნარია წარმატების მისაღწევად ცხოვრების ნებისმიერ სფეროში, იქნება ეს სწავლა, თუ ნებისმიერი სხვა საქმიანობა. ის ერთნაირად მნიშვნელოვანია, როგორც მოზარდებისთვის, ისე ზრდასრულთათვის. ეს ბუნებრივია რადგანაც, როცა ადამიანს რაღაცის მიღწევა სურს, ის მუდმივად წინ მიიწევს. მიზნები მოქმედებს როგორც კომპასი, რომელიც მოგვმართავს სწორი მიმართულებით და გვეხმარება დავრჩეთ ფოკუსირებული დავალებაზე და შევინარჩუნოთ მოტივაცია.

 რა დადებითი შედეგების მომტანი შეიძლება აღმოჩნდეს მიზანდასახული მოქმედების უნარი:

  • მიზნები ქმნის სიცხადეს. მიზნის დასახვით ჩვენ განვსაზღვრავთ, თუ კონკრეტულად რის მიღწევა გვინდა. ეს ჩვენს ქმედებებს აზრს და მიმართულებას აძლევს; გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ ენერგიისა და რესურსების ფუჭად ფლანგვა, ოპტიმალურად გამოვიყენოთ ისინი;
  • მიზნები ზრდის ჩვენს მოტივაციას, მოტივაციის წყარო ხდება, რადგანაც ვიცით, რომ ვმუშაობთ კონკრეტული შედეგის მისაღწევად. მიზანი გვეხმარება ვიყოთ კონცენტრირებული და დაჟინებული მაშინაც კი, როცა სირთულეებს ვეჯახებით;
  • მიზნები გვეხმარება პროგრესის გაზომვაში. ის წარმოადგენს მკაფიო კრიტერიუმს, რომლითაც შეიძლება პროგრესის გაზომვა. ჩვენ შეგვიძლია დავინახოთ რამდენად ახლოს ვართ მიზნის მიღწევასთან და აუცილებლობის შემთხვევაში მოვარგოთ მოქმედებები დასახულ მიზანს, კორექტირება გავუკეთოთ ჩვენს ქმედებებს, ცვლილებები შევიტანოთ მათში;
  • მიზნები ხელს უწყობს თვითგანვითარებას. მიზნის დასახვისა და მიღწევის პროცესი მოითხოვს, საჭიროებს თვითრეფლექსიას, დაგეგმვას, გადაწყვეტილების მიღებასა და პრობლემის გადაჭრას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ამ მნიშვნელოვანი უნარების განვითარებას;
  • მიზანდასახულ მოქმედებას არცთუ იშვიათად წარმატებამდე მივყავართ. როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ადამიანები, რომლებიც მიზნებს ისახავენ, უფრო ხშირად აღწევენ წარმატებას ცხოვრებაში, რადგანაც იციან, რა სურთ და აქტიურად მუშაობენ მის მისაღწევად;
  • მიზნის დასახვა ნებისმიერ ასაკობრივ საფეხურზე ეხმარება მოზარდს სირთულეების დაძლევაში, სიტუაციის რაციონალურად შეფასებაში, გეგმის შედგენასა და ეტაპობრივად ამ გეგმის მიხედვით მოქმედებაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ გვსურს, რომ მოზარდი წარმატებული იყოს არა მხოლოდ სასწავლო საქმიანობაში, არამედ სხვა სფეროებშიც, დროულად უნდა ვიზრუნოთ მასში მიზნის დასახვისა და მისი მიღწევის უნარის გამომუშავებაზე.

 რეკომენდაციები – როგორ ვასწავლოთ ბავშვს მიზნის დასახვა და მისი მიღწევა:

  • უპირველეს ყოვლისა, ავუხსნათ, განვუმარტოთ ბავშვს მიზნების მნიშვნელობა, გავარკვიოთ იმაში, თუ რა არის მიზანი და რატომ არის ის მნიშვნელოვანი;
  • დავეხმაროთ მიზნის ჩამოყალიბებაში და მის სწორად ფორმულირებაში. გავითვალისწინოთ, რომ მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, გაზომვადი, მიღწევადი და დროში განსაზღვრული;
  • თუ ბავშვი ისახავს დიდ და გრძელვადიან მიზანს, ვურჩიოთ დაყოს ის უფრო პატარა და მოკლევადიან მიზნებად. ეს მიზნის მიღწევის პროცესს უფრო გააადვილებს და დაეხმარება ბავშვს, დაინახოს საკუთარი პროგრესი;
  • გამოვხატოთ მხარდაჭერა და გავუძლიეროთ ბავშვს მოტივაცია მიზნის მისაღწევად. ჩვენი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. შევაქოთ, როცა ის აღწევს პატარა მიზნებს დიდი მიზნისკენ მიმავალ გზაზე, დავეხმაროთ გაუმკლავდეს წარუმატებლობას და დაბრკოლებებს;
  • ვურჩიოთ ბავშვს უფრო მარტივად, მსუბუქად შეხედოს წარუმატებლობას. ის, რომ რაღაც არ გამოგვივიდა, სრულიადაც არ ნიშნავს მარცხს. წარუმატებლობა არ უნდა გახდეს იმედგაცრუების მიზეზი, ვინაიდან ის შეიძლება წინსვლის წინაპირობადაც კი ვაქციოთ. უარყოფით ემოციებთან გამკლავება და არდანებება მსგავს სიტუაციებში ბავშვს მომავალში აუცილებლად გამოადგება. გვახსოვდეს, რომ პატარებისთვის ძალიან მტკივნეულია წარუმატებლობა და წაგება. ასეთ სიტუაციებში თავის ემოციებს ისინი შესაბამისად გამოხატავენ. 5-6 წლამდე ასაკის ბავშვისთვის სრულიად ნორმალურია მწვავე რეაგირება მარცხზე. ამიტომ, უშედეგო მცდელობა იქნება ჩვენი მხრიდან მოვითხოვოთ მისგან „ნებისმიერი შედეგის მიღება“ და მისი დარწმუნება იმაში, რომ „მთავარია არა მოგება, არამედ მონაწილეობა“;
  • ავუხსნათ ბავშვს, რომ დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე მას აუცილებლად დასჭირდება სიმტკიცე და დაჟინებულობა, რადგანაც ის მთავარი ფაქტორია მიზნის მისაღწევად. ამასთან, საჭირო იქნება იმის გათვალისწინებაც, რომ ყოველთვის ყველაფერი დაუბრკოლებლად, უმტკივნეულოდ არ კეთდება. მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მოძრაობა წინ, მაშინაც კი, თუ ეს საკმაოდ რთულია;
  • მოვერიდოთ ბავშვის განებივრებას საჩუქრებით და მისი ნებისმიერი სურვილის ასრულებას. დავუტოვოთ მას რაიმე საოცნებოდ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოზარდს ძალიან გაუჭირდება მიზნების დასახვა და აღნიშნული მიზნების მისაღწევად მოქმედება. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს ჰქონდეს ოცნება, რომელიც თავისით არ ახდება. საჭიროა მოზარდს გავაგებინოთ, რომ ეს ოცნება რეალობად იქცევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გარკვეულ ძალისხმევას გამოიჩენს მის მისაღწევად. ბავშვი იწყებს ფიქრს იმაზე, თუ რა შეიძლება და რა უნდა გაკეთდეს ოცნების ასასრულებლად. ასე ჩნდება მიზნები. შევთავაზოთ მოზარდს, თავად მოიფიქროს გეგმა მის მისაღწევად და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში აღმოვუჩინოთ დახმარება;
  • გავათავისუფლოთ მოზარდი უმწეობისა და უსუსურობის განცდისაგან. ბევრ ბავშვს ეჩვენება (ხშირად არცთუ უსაფუძვლოდ), რომ მშობლები მათ ნაცვლად წყვეტენ ყველაფერს – რა წიგნი წაიკითხოს, სად გაატაროს არდადეგები, რით დაკავდეს სკოლის შემდეგ, რომელ წრეზე იაროს და ა.შ. ასეთ დროს ბავშვს ესაჭიროება მასზე კონტროლის ცოტა შესუსტება. როდესაც მოზარდის ნაცვლად ყველაფერს დედა და მამა წყვეტს, მისთვის ძალიან რთულია, გაერკვეს, რა სურს თავად მას. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში საკმაოდ გართულდება მიზნის დასახვისა და მისი მიღწევის უნარის გამომუშავება ბავშვში. ვენდოთ მოზარდის არჩევანს. რაც არ უნდა დიდი იყოს ცდუნება, მის ნაცვლად გადავწყვიტოთ ყველაფერი, არ ღირს ამის გაკეთება. თუ ბავშვს ყოველთვის მივუთითებთ რა გააკეთოს, ის ვერასოდეს გაიგებს, რა სურს თავად და ძნელად თუ შეძლებს ბოლომდე დაიჯეროს საკუთარი შესაძლებლობების. ვესაუბროთ ბავშვს მის ოცნებებსა და ინტერესებზე, მივცეთ საშუალება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს, რა სურს და დავეხმაროთ სამოქმედო გეგმის შედგენაში. ამ პროცესში მას ჩვენი დახმარება დასჭირდება, მაგრამ გვახსოვდეს, რომ ფასდაუდებელ ცხოვრებისეულ გამოცდილებას ის მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საკუთარ მიზნებს დამოუკიდებლად დაისახავს;
  • ვიყოთ მაგალითი ბავშვისთვის, ვუჩვენოთ მას, როგორ ვისახავთ მიზნებს და ვაღწევთ მათ იმ ამოცანების ჩართვით, რომელთა გადაწყვეტა ყოველდღიურად გვიწევს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზნის დასახვისა და მისი მიღწევის უნარი ერთ-ერთი ის უმნიშვნელოვანესი უნარია, რომელიც აუცილებლად უნდა განვავითაროთ ბავშვში იმისათვის, რომ მან შეძლოს წარმატებების მიღწევა. მიზნის დასახვისა და მისი მიღწევის სწავლება მნიშვნელოვანი, წინგადადგმული ნაბიჯია ბავშვის განვითარებაში. ეს დაეხმარება მას, გახდეს უფრო დამოუკიდებელი, თავდაჯერებული და წარმატებული.


https://mastsavlebeli.ge/?p=41138 

Thursday, August 1, 2024

„ბატონი ტორნადო“

 – „გოგო, ნახე რა მომხდარა?“

– „გოგო, „იმან“ რა დაწერა, წაიკითხე?“

– „გოგო, უყურე ამ ვიდეოს?“

 

ასე, როგორც წესი, ჩემი მეგობარი მწერს ხოლმე, რაღაც დრამატულ ამბებს მიზიარებს. არადა, ვერაფრით ისწავლა, რომ მე უკვე აღარაფერზე ვქოთქოთებ. ცხოვრების იმ ეტაპს მივაღწიე, როცა ქოთქოთს შევეშვი და ვცდილობ, ყველაფერს წყნარად ვადევნო თვალი. აი, ჩვენი პორტუგალიასთან გამარჯვება ხომ გულით გამიხარდა, მაგრამ ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ამის შემდეგ ქუჩებში ყიჟინით მერბინა. არა, სიხარულით გამოწვეული ხმაურის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ მე უხმაუროდ გახარებულმა დავიძინე.

 

თუმცა, კვლავ ჩემს მეგობარს დავუბრუნდეთ. იმ დღესაც ჩვეულებისამებ მომწერა, არ არის ეს კარგი ნიშანი და მეშინიაო. გამოგზავნილი ლინკის გახსნა ჯერ დამეზარა, შემდეგ მაინც გავხსენი და მეც რაღაცნაირად ნირწამხდარი დავრჩი…

 

ალავერდში ტორნადო დატრიალებულა, ტაძრისთვის გუმბათიც შემოუძარცვავს და ჯვარიც დაბლა ჩამოუგდია.

მეწყინა…

ამ ადგილთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს და ძალიან ადრეულ ბავშვობაში ყველას ვარწმუნებდი, რომ ალავერდი კოტე პაპამ ააშენა.

დიახ, დიახ, არ მოგესმათ. ჩემმა კოტე პაპამ ააშენა!

კოტე პაპას გარდაცვალებიდან რამდენიმე თვის შემდეგ დავიბადე. სიკვდილის წინ უთქვამს, რა მოხდებოდა ეს მესამეც დამეჭირა ხელშიო („ორში“ ჩემზე უფროსი ორი დეიდაშვილი იგულისხმა). იმის თქმა მინდა, რომ არ ვიცნობდი, მაგრამ ჩემი ქეთო ბებოს მონდომებით, ფაქტობრივად ყველაფერი ვიცოდი მასზე და კითხვაზე: დედა უფრო გიყვარს თუ მამა, დაუფიქრებლად ვპასუხობდი -კოტე პაპა-მეთქი.

ჰოდა, ალავერდის მიმდებარედ რაღაც დანგრეული მეურნეობა ჩაუბარებიათ მისთვის. აღუდგენია, აუმუშავებია და არაერთი მადლობაც დაუმსახურებია. ეტყობა, ეს მითხრა ბებომ. მე კი გადავწყვიტე, რომ ალავერდიც მან ააშენა.

 

1974 წლის 3 აპრილს ოჰაიოს შტატის ერთ პატარა ქალაქში მუსიკალური სკოლის მოსწავლეები, რომელიღაც მიუზიკლის რეპეტიციას გადიოდნენ. დღის მეორე ნახევარი იყო და ქალაქი ნელ-ნელა სამუშაო დღის დამთავრებისთვის ემზადებოდა. ამ დროს ერთი პატარა ბიჭი ყიჟინით შევარდა დარბაზში და დაიყვირა: ტორნადოს ნახვა გინდათ? მასწავლებლიანად ყველა ფანჯრისკენ გაიქცა და მათკენ წამოსული შავი ფერის მბრუნავი სვეტი დაინახეს. რამდენიმე წამში ტორნადო სკოლაში შემოიჭრა და ყველაფერი ყირაზე დააყენა. სკოლის სამი დიდი ავტობუსი ჰაერში აიტაცა და დააბზრიალა. აქედან, ერთი პირდაპირ სკოლის სააქტო დარბაზის სცენას დაანარცხა. სკოლის ბავშვები გადარჩნენ, მაგრამ ქალაქში 32 ადამიანი დაიღუპა, მთლიანად შტატში – 39; ქვეყანაში კი, 24 საათის განმავლობაში უმაღლესი ხარისხის სიძლიერის ტორნადოს 335 ადამიანი შეეწირა. ამ 24 საათში ამერიკის 13 შტატში და კანადის ონტარიოში 148 ტორნადო დაფიქსირდა, მათ შორის შვიდი მაქსიმალური სიძლიერის იყო, F5. ხოლო, უშუალოდ ამ ტორნადოს, სკოლა და მთელი ქალაქი რომ აათამაშა, ჯერ F6 სტატუსი მიანიჭეს. შემდეგ, კვლავ F5-ზე ჩამოიყვანეს, რადგან F6 უბრალოდ არ არსებობს.

 

როდესაც ყველაფერი მიწყნარდა, გამოჩნდნენ ექიმები, მაშველები, მოხალისეები და მათთან ერთად ხანში შესული იაპონელი, რომელიც თავიანთი ყოფილი სახლების ნანგრევებთან მჯდომ გაოგნებულ ადამიანებთან მიდიოდა და ეკითხებოდა, სად იყვნენ ისინი ტორნადოს დაწყებისას, რას აკეთებდნენ, რამდენად დაზიანდნენ, დაიღუპა თუ არა ვინმე მათი ოჯახიდან. ხალხიც ყველაფერს უყვებოდა, ესეც ყველაფერს იწერდა და მაშინვე სხვებთან გადადიოდა. ეს კაცი პროფესორი ტედ ფუძიტო ამ დღიდან მომავალი ექვსი თვის განმავლობაში თავის მასშტაბურ გამოკვლევას დაასრულებს ტორნადოების შესახებ. სწორედ ამ ნაშრომზე დაყრდნობით უზარმაზარ ნახტომს გააკეთებს განვითარებაში მეტეოროლოგია და საფუძველი ჩაეყრება ტორნადოს შესაძლო წინასწარმეტყველებას. თავად კი ისტორიაში შევა მეტსახელით „ბატონი ტორნადო“.

 

ტორნადოს ჩამოყალიბებისთვის ამინდის რამდენიმე ფაქტორის დამთხვევა არის საჭირო. ყველაფერი იმით იწყება, რომ ცივი, მშრალი ჰაერის უზარმაზარი მასა სწრაფად გადაადგილდება ნოტიო თბილი ჰაერის მასებისკენ. ნოტიო ჰაერის მასებს შორის სხვაობა იმდენადვე მნიშვნელოვანია, რამდენადაც სხვაობა ტემპერატურას შორის. როდესაც ცივი ჰაერი ეჯახება თბილს ჰაერს, მას ნელ-ნელა ზემოთკენ წევს. უბერავს ქარი, ნელ-ნელა აცივდება, ცა ღრუბლებით იფარება, იწყება წვიმა ან თოვლი. თუ თბილი მშრალი ჰაერი სწრაფად ავა ატმოსფეროს ზედა ნაწილში, იქ სწრაფადვე ცივდება და დაბლა იწყებს დაშვებას. თან გზაზე თბილ ნაკადებს ანაცვლებს. თუმცა, თუ ეს ჰაერი დაშვებას ტროპიკულ ადგილებში იწყებს, მაშინ გაჯერდება დიდი რაოდენობის წყლის ორთქლით. ეს ორთქლი კონდენსირდება, წარმოქმნის წყლის წვეთებს. ამ დროს გამოთავისუფლდება ენერგია, რომელიც გარემოს ათბობს. როცა ნოტიო ცხელი ჰაერი ზევით მიდის, კიდევ უფრო ცხელდება, მასში ნესტის კონდენსაციის გამო. ძალიან დიდ სიმაღლეზე ასვლა შეუძლია. წარმოიქმნება მძლავრი აღმავალი ნაკადები, ვერტიკალური ქარები, რომლებსაც, უფრო მაღლა, გარეთ გამოაქვს ეს ნოტიო თბილი ჰაერის მასები. წარმოიქმნება გიგანტური ღრუბლები, რომლებიც შეიძლება ჰორიზონტალურად გაბრტყელდეს. ეს ნიშნავს, რომ ღრუბელი ტროპოსფეროსთან არის მიახლოებული. იქ ტენი ჩერდება, რაც ნიშნავს – ელოდე წვიმებს, ჭექა-ქუხილსა და სეტყვას. თუმცა, ეს ტორნადოსთვის საკმარისი არ არის. აი, თუ ამ დროს ამ ტერიტორიაზე ცივი მასები შემოიჭრება, ცივი ჰაერი ქაოსურად ჩაანაცვლებს თბილს. ატმოსფერო ძალიან არასტაბილური გახდება. დიდ სიმაღლეზე სხვადასხვა ქარი სხვადასხვა მიმართულებით ქრის და ერთმანეთს ანაცვლებს. ამ ერთმანეთის საპირისპიროდ მორბენალ ქარებს შორის წარმოიქმნება ატმოსფერული მორევი. მათ შორის მოძრავი ჰაერი იხვევა, დაახლოებით ისე, როგორც პლასტილინი დაიხვევა ორივე ხელით რომ გავაბრტყელოთ/დავაგორგოლაოთ. მაღლა ჰორიზონტალური საჰაერო მორევი წარმოიქმნება. თუ ასეთი ჰორიზონტალური მორევი აღმავალ ნაკადს შეეჯახება და თუ ეს აღმავალი ნაკადი ძლიერია, მორევი მას უერთდება და ვერტიკალურად დატრიალდება. მომენტი, როდესაც ამ სვეტის თავზე ძაბრივით ჩაღრმავება გაჩნდება, იმის მაუწყებელია, რომ შიგნით წნევა მკვეთრად შეიცვალა და ის „გიგანტურ საჰაერო მტვერსასრუტად“ გარდაიქმნა, რომელიც ყველაფერს შეიწოვს ქვემოდან და ზემოთ ძალიან მაღლა ატყორცნის. შეიწოვს მტვერს, ფოთლებს, ტოტებს და ყველაფერს, რასაც კი ზედ გადაუვლის და გაანადგურებს. ტორნადოს წარმოქმნის მექანიზმი სრულად ამოცნობილი არ არის. თუ ვინმემ იცის, რომ არსებობს, წერილის კომენტარში მიუთითეთ. ანუ, იმის თქმა მსურს, რომ ეს თეორიები ჯერ კიდევ ვითარდება და რაც მე დავწერე, ეს სწორედ ტედ ფუძიტოს ვერსიაა, ისიც ძალიან შემოკლებით და პოპულარულ ენაზე აღწერილი.

 

ტეცუე ფუძიტო 1920 წლის 23 ოქტომბერს იაპონიაში დაიბადა. 1944 წელს პატარა ქალაქ კიტაკუსუს უნივერსიტეტში ფიზიკის დოცენტად აირჩიეს. სხვათა შორის, ამერიკელებს ბომბის ჩამოგდება სწორედ ამ ქალაქში სურდათ (მაშინ კოკურა ერქვა), თუმცა ღრუბლიანობის გამო სამიზნე შეცვალეს და ნაგასაკისკენ გადაინაცვლეს. მოგვიანებით, დანგრეული ქალაქების შესასწავლად ფუძიტოც წავა, რათა გამოიკვლიოს, როგორ იმოქმედა დაზიანების ტალღამ კონსტრუქციებზე. შემდეგ ტაიფუნების მექანიზმით ინტერესდება. სწორედ მან შექმნა ქარიშხლების პირველი მეტეოროლოგიური რუკები. მოგვიანებით, კვლევებსა და განვითარებას ამერიკაში აგრძელებს. „ბატონი ტორნადოსაც“ აქ შეარქმევენ.

 

 

ყოველ 40-50 წელიწადში ერთხელ ტორნადოთა მძლავრი სერიები იწყება. ამას სუპერ-აფეთქებას უწოდებენ. ამ დროს რომელიღაც ადგილას დღეში შეიძლება 50-მდე ტორნადომ „ჩამოიაროს“. ასეთმა „აფეთქებამ“ შეიძლება მინიმუმ 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს. აღარაფერს ვამბობ, დანგრეულ და განადგურებულ სახლებზე, მანქანებზე და ა.შ. ტორნადოების ასეთი სერია სულ სამჯერ არის დაფიქსირებული: 1932 წლის 21 მარტს, 1974 წლის 3 აპრილს, 2011 წლის 27 აპრილს.

 

თუმცა, ერთი სხვაც აღსანიშნავია, 1965 წლის ტორნადოს მეორენაირად „ბზობის“ ტორნადოსაც უწოდებენ, რადგან ბზობის დღეს მოხდა ოჰაიოში, ინდიანასა და აიოვაში.

 

მკაცრი ზამთრის შემდეგ, აპრილში გამოიდარა და ადამიანებმაც გაიხარეს. მექსიკის ყურიდან წამოსული ჰაერის ნოტიო თბილმა მასებმა ჩრდილოეთით საკმაოდ შორ მანძილზე გადაინაცვლეს. ქვეყნის ცენტრში წარმოიქმნა დაბალი წნევის მასიური უბანი. უცებ ამ ჰაერს ზემოდან გადაეფარა მშრალი და კიდევ უფრო თბილი ჰაერის მასები. სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ, ადგილი ჰქონდა ინვერსიას, ტემპერატურული ფენების ნორმალური ურთიერთგანლაგება ამოყირავებულია და თბილი ჰაერი ცივზე უფრო მაღლაა.

 

11 აპრილს, ბზობის კვირას, ცივმა ქარმა თბილი ჰაერის მასა გვერდით მოისროლა, რის შედეგადაც მის ქვეშ არსებული ღრუბლის მასები წინ წამოვიდა, გამოვარდა უძლიერესი აღმავალი ნაკადი, რომელიც ჰორიზონტალურს შეუერთდა და პირველი ტორნადოც აიოვაში მზად გახლდათ. აქ და სხვა ტერიტორიებზე, 16 საათის განმავლობაში 55 ტორნადომ გაიარა. გარდაიცვალა 266 ადამიანი. ზარალზე, რომ აღარაფერი ვთქვათ.

 

შემდეგ დღეებში პროფესორი ფუძიტო პატარა თვითმფრინავით შემოივლის მთელ ტერიტორიას, ყველაფერს სურათს გადაუღებს, ჩაინიშნავს, ციფრებად, გრაფიკებად და ცხრილებად აქცევს და მრავალგზის გაანალიზების შემდეგ გამოიყვანს ტორნადოს ინტენსივობის შკალას. ამ შკალას ფუძიტის შკალა ეწოდება და ტორნადოს დამანგრეველი ხასიათი სწორედ მისით განისაზღვრება.

 

F 0 – სუსტი ქარიშხალი, ხეები დაამტვრია, სადმე სახლს სახურავი ახადა;

F 1 – სტაბილური სიძლიერის;

F 2 – მნიშვნელოვნად ძლიერი და დამაზიანებელი;

F 3 – ძალიან ძლიერი;

F 4 – დამანგრეველი;

F 5 – კატასტროფული.

 

დღეს უკვე ტორნადოს წინასწარმეტყველებაც შეიძლება, რადგან შექმნილია გაფრთხილების სისტემები.

მაგრამ… მაინც რა ესაქმებოდა კახეთში ტორნადოს?… ეგ მიკვირს…

 

https://mastsavlebeli.ge/

ეტიუდი “ერთი ლექსი” (ტერენტი გრანელის “დაბრუნება სოფელში”)

 დაბრუნება სოფელში

ახლა არის ივნისი, ახლა გვიან ღამდება.
მაგონდება ბავშვობა. ეს ცა მაშინ სხვა იყო!
ამ მაღლობზე ველოდი ქრისტეს გამოცხადებას…
მერე თეთრმა სიჩუმემ ის იმედი წაიღო.

ახლა დედის აჩრდილი დებს და მამას მაბარებს,
(ახლა უფრო ხშირია დარდი და უძილობა).
მზერას მტაცებს საყდარი. ველზე გათხრილ სამარეს
ვაკვირდები შორიდან, როგორც მიწის ჭრილობას.

ახლა იქნებ ჭორებიც მომედება ტალახად:
მე ხომ ბედმა გამრიყა, თანაც მტანჯავს ციება!..
ახლა ჩემში ძნელია გენიოსის დანახვა,
ახლა ჩემი გაკილვა ყველას ეპატიება.

თუმცა თვალებს ცეცხლიანს არ ეტყობათ დაღალვა,
ვიცი, გაფითრებული ვგავარ შემოღამებას.
ნიჭმა ვეღარ მიშველა, როგორც ზეცამ მაღალმა…
არ თავდება ვარამი და იობის წამება.

ახლა მინდა ამ მზეში იმედები გახშირდეს
(თუმცა რაა იმედი? – წამიერი ფარ-ხმალი).
მელანდება სიკვდილი და სოფელი მამშვიდებს,
ჩემი ტკბილი ოცნების ლურჯი ნამოსახლარი.

ეს ხუთსტროფიანი ლირიკული შედევრი ტერენტი გრანელის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ლექსია. უხეში გამოანგარიშებით, გრანელის ლექსების ოთხმოცდათხუთმეტი პროცენტი ყველაზე გავრცელებული საზომით – ლოგაედური ათმარცვლედით არის დაწერილი. აღნიშნულ ათმარცვლედს მან შესძინა სრულიად უნიკალური ინტონაციური აკუსტიკა, გრანელის ათმარცვლედის ინტონაციურ ეპიგონიზმს დღესაც მრავლად შევხვდებით. რაც შეეხება სხვა საზომებს, რომელთა ხვედრითი წილი, როგორც უკვე აღვნიშნე, გრანელთან ცოტაა: ამ საზომებით დაწერილ მის ლექსებში თვითკმარობა და ინდივიდუალიზმი კონცეპტუალურ-თემატური აქცენტებით უფრო მიიღწევა. ტერენტი, ზოგადად, არ იყო ნოვატორი ვერსიფიკატორი, უკვე არსებული, სულ რამდენიმე ფორმის ფარგლებში ოპერირებდა, თუმცა ეს ფორმები წარმოუდგენელ პოეტურ სიმაღლემდე აიყვანა, როგორც ჭეშმარიტად დიდ პოეტს სჩვევია.

ეს კონკრეტული ლექსი ფოლკლორული თოთხმეტმარცვლედით არის დაწერილი. ამ რამდენიმე თვის წინ, გალაკტიონისადმი მიძღვნილ ერთ გადაცემაში, ერთი პატივცემული ამ და სხვა ძველ საზომებს გალაკტიონს “აბრალებდა”, მისი შემოტანილიაო. სინამდვილეში ეს ფოლკლორული საზომია, რომელიც, საყოველთაო მოსაზრებით, გურამიშვილმა გაალიტერატურულა. თუმცა ამ საზომის მწიგნობრულ ვარიანტს გურამიშვილამდე გაცილებით ადრე – მეცხრე საუკუნეში ვხვდებით ატენის სიონის კედელზე, სადაც სხვადასხვა სახეობის (5/2 და 4/3) შვიდმარცვლედით დაწერილი ორი, მონორიმულად გარითმული ლექსის ფრაგმენტი იკითხება:

1. “იხილეთ ესე ჟამი,
წავა, ვითარცა წამი…” და ა. შ.

და

2. “ეგრე იტყვის მოძღვარი,
მუნ არ არის ვაჭარი…” – და ა. შ.

ზემოთ ნახსენები პატივცემული პირველ წარწერაში დამუშავებულ შვიდმარცვლედსაც (5/2) გალაკტიონს მიაწერდა, თუმცა დავანებოთ თავი, ამჟამად ჩვენ მეორე წარწერა გვაინტერესებს: ეს ის თოთხმეტმარცვლედია, რომლითაც ტერენტის, ზემოთ მოხმობილი, ლექსია დაწერილი, ოღონდ ეს თოთხმეტმარცვლედი, უბრალოდ, შუაზეა გახლეჩილი. მიუხედავად ამ წარწერისა, ამ და ათეულობით სხვა საზომის ლიტერატურული ლეგიტიმაცია, ცხადია, გურამიშვილის დამსახურება გახლავთ, წორედ გურამიშვილის მეშვეობით კულტივირდა ეს საზომი შემდგომდროინდელ ქართულ პოეზიაში და გალაკტიონმაც სწორედ მისგან აიღო (ისევე, როგორც – სხვა, არაერთი საზომი), უბრალოდ, გალაკტიონმა ამ საზომში შიდა რითმები შემოიტანა და ასე დაწერა “ლურჯა ცხენები”. ეს საზომი, გალაკტიონისეული შიდა რითმებით, გრანელსაც აქვს გამოყენებული და იქ “ლურჯა ცხენების” ინტონაციურ ტყვეობას ვერ აღწევს თავს, თუმცა ეს შეგირდობის პერიოდია. ამ პერიოდში გრანელთან ცისფერყანწელების საერთო პოეტიკის (ბესიკური თოთხმეტმარცლედის მონოტონური, მოსაწყენი ინტონაცია) შეინიშნება, თუმცა ტერენტიმ რეკორდულად მალე დაძლია გავლენები და თავის უნიკალურ ხმას მიაგნო, ოღონდ უნდა ითქვას, რომ ამ და კიდევ სხვა რამდენიმე საზომით მისი შემდგომი, უკვე ღრმად ინდივიდუალისტური, დაინტერესება სწორედ გალაკტიონიდან მოდის.

***

ლექსი (როგორც ტერენტის თითქმის ყველა ლექსი) ჯვარედინად გარითმული კატრენებით არის დაწერილი. რას გვეუბნება ლექსის კონცეპტუალური მხარე? – აქ ტერენტი მთელი თავისი გენიალური დიდებულებით არის წარმოდგენილი, მისი პოეზიის ყველა იმანენტური შტრიხია ამ ლექსში თავმოყრილი: სოფელში დაბრუნების თემა; რელიგიური მოტივები; გარიყულობა და უიმედობა; მუდმივი სიახლოვე ტრანსცენდენტურ სამყაროსთან.

გრანელმა წალენჯიხა სახარებისეული ტოპონიმიკის რეგისტრში აიყვანა. ჩემი ბავშვობა მთლიანად თუ არა, ნაწილობრივ მაინც წალენჯიხასთან იყო დაკავშირებული – დეიდაჩემი ცხოვრობს იქ, თანაც – გრანელის სახლ-მუზეუმიდან სულ ორასიოდე ნაბიჯში. მახსოვს გრანელის მოუვლელი სახლ-მუზეუმი…



ეს ლექსი ჩემში ბავშვობისდროინდელ, ტკბილ-მწარედ ინტიმურ ემოციებს აღძრავს: მახსენდება მოასფალტებული, დახვეული, ხეებით დაბურული გზა, რომელიც ფერდობს მიუყვება ეკლესიამდე (“ამ მაღლობზე ველოდი ქრისტეს გამოცხადებას…”), მახსენდება წალენჯიხის ძველი ტაძარი, სადაც მოვინათლე (“მზერას მტაცებს საყდარი.”) და მახსენდება ტაძრის გაყოლებაზე გათხრილი სამარე ჩემი ოცდაერთი წლის დეიდაშვილისა, რომელიც რუსეთში მოკლეს (“ველზე გათხრილ სამარეს / ვაკვირდები შორიდან, როგორც მიწის ჭრილობას…”)…

https://mastsavlebeli.ge/

ქალები ვაჟა-ფშაველას პოემებში

  („ბახტრიონი, „გიგლია“, „ეთერი“, „სისხლის ძიება“)

რაც შეეხება ქალთა კონკრეტულ სახეებს, რომლებიც ვაჟა-ფშაველას პოემებში გვხვდება, მათი გალერეა მრავალფეროვანია. მასში გვხვდებიან ქალები – დიდი პიროვნებები, საკაცობრიო თვისებებითა და გრძნობით აღსავსენი და ასევე, ყოველდღიურ საზრუნავზე მზრუნველი, სულმოკლე, აწრიალებული, მოფუსფუსე და გამოჩენის მიმდევარი ქალები.

ვაჟასეულ ქალთა პირველ წყებაში საპატიო ადგილი დედებს აქვთ მიჩენილი – სანათას პოემა „ბახტრიონიდან“ და გიგილას დედას პოემიდან „გიგლია“.

 

დავიწყოთ სანათას დახასიათებით. პოემაში სანათას გამოჩენისთანავე იბადება კითხვა: ვინ არის ეს „ბერი დიაცი“, ცრემლი რომ „წინ უდგას გუბედა“, თემის ხელშეუხებელი ტრადიცია რომ ასე თამამად დაურღვევია, ქალისთვის დაუშვებელი მოვალეობა უკისრია: „მარტოს დაუკლავ საკლავი, თვითონვე უტყავებია“ და ხევისბერის მაგივრად მიცვალებულთ ამწყალობებს. შინაგანად ძლიერი ადამიანის გარდა, ამას ვერავინ ჩაიდენდა, თუნდაც ისეთ გამოუვალ მდგომარეობაშიც, როგორიც სანათას შემთხვევაშია: მამაკაცი რომ აღარაა დარჩენილი თემში მტერთან ბრძოლის შემდეგ („უკაცურთ კაცობა გვმართებს, მანამ სული გვჩრავ პირშია, ხატიც შეგვინდობს ცოდვასა…“) ცხადია, სანათა, ჯოხს რომ ეყრდნობა „ხანხალით, ძალისძალითა,“ სულიერად ჯერ კიდევ გაუტეხელია. ნაწარმოების კითხვისას თანდათან გვიმტკიცდება ეს აზრი: თურმე ეს ის ქალია, რომელსაც მტერთან ბრძოლაში დაეღუპა ქმარი; ის დედაა, შვიდი შვილი რომ დაზარდა, „შვიდივ ლომისა დარია“ და შვიდივე რომ დაიტირა ერთ დღეს (,,ორ კვირას საფლავებ ვთხარე იმათ თავშესაფარია“); ის ხოშარელი დიაცი, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა თავისი სოფლის დაქცევა. ასეთი მძიმე, ტრაგიკული მდგომარეობიდან ადამიანის სულით დაცემამდე ერთი ნაბიჯიღაა, დარდი ახრჩობს სანათას, გულს იმჯიღავს, მწარედ მოთქვამს თვის სატკივარზე:

 

„დავკარგე ყველა თვისტომი,

ვინაც კი მყვანდა თავისა

………………………………………………..

რად გვინდა დედებს შვილები,

რაზე ვსწვალობდით, ნეტავი?

…………………………………………………

დღე მთელი, ხვალე მკვდარია,

 

მოვა წაიღებ უეცრად

სისხლისა ნიაღვარია

პირსისხლიანის მსინჯველი

შვილის, დუშმანიმც არია!“.

 

პირადი სატკივრის გარდა, სხვაც აწუხებს მოხუც სანათას, თავის დაღუპულ ქმარ-შვილთან ერთად ხოშარელთა ბედისწერასაც გლოვობს:

 

„როდემდის უნდა ვიბანოთ

სისხლით პირი და ხელები,

შვილთა მაგივრად დიდებსა

…………………………………………………….

ვაჰმე, გაგვიწყდა, აღარ გვყავს

ამ ფშავისხევის მცველები!“.

 

ეს უკვე აღარ არის ვიწრო, პიროვნული ტკივილი, ქვეყნის, ხალხის სატკივარზე მოთქმა და ვაებაა. თითქოს გულგატეხილია სანათა, თითქოს ყველასი და ყველაფრის რწმენაც დაკარგული აქვს, მაგრამ გამოჩნდება კვირია და მოაქვს ამბავი: თურმე ურჯულო თათრებზე საბრძოლველად ემზადებიან ქართველები („მთელი კახეთი ქცეულა ჩიქილამოხდილ ქალადა“) და სანათა, ბედდამწვარი და მგლოვიარე, გასაოცარ ფერისცვალებას განიცდის: უკვე აღარ დასტირის მტერთან ბრძოლაში დახოცილ ქმარ-შვილს, რადგან მათ, როგორც ქვეყნისთვის თავგანწირულებს, სატირალი არაფერი სჭირთ („თუ ამამყრიდით მტრის ჯავრსა შვილთ არც კი მოვიგონებდი“), ისევ მხნე და ძლიერია, რწმენაგაუტეხელი და იმედით სავსე:

 

„შენ გაუმარჯვე ჩვენს ჯარსა,

დავლათო ახმეტისაო.

…………………………………………

გვიშველე, ლაშარის ჯვარო,

დაგვჭირდა შენი თავია,

………………………………………………………………….

გვიჭირს და გამოგვაყენე

შეუმუსრავი ძალია!“.

 

ეს კი უკვე „ქართვლის დედის“ დალოცვაა და მოწოდება.

 

ასეთი ძლიერი და საინტერესო ხასიათი შექმნა ვაჟამ სანათას სახეში.

 

ბევრი რამა აქვთ საერთო სანათას და პოემა „გიგლიას“ ერთ-ერთ გმირს – თალალის, „ფშავი-ხევი იმედის“, თავისი ვაჟკაცობით განთქმული გიგლიას დედას. მასაც, როგორც ყველა დედას, მზეც და მთვარეც შვილზე ამოსდის (,,პურა შეჭამე, ნუ ჩქარობ, შვილო, სილაღევ დედისა“), მაგრამ ეს სიყვარული არ არის ეგოისტური და ბრმა, რადგან თალალის შეგნებაში სხვა სიყვარულიც არის გამჯდარი: ერისა და ქვეყნის სიყვარული. მან იცის, რომ შვილი მარტო თავისთვის კი არა, მამულისთვისაც გაზარდა:

 

„კაცს მიტომ კაცსა ვეძახით,

უნდა წელს ერტყას ხმალია,

მაშ რა უნდა ვქნათ, ხომ ჰხედავ,

ფშავლები მტერმა დალია?!“.

 

ამიტომაც, მიუხედავად ავი წინათგრძნობისა („შენ არ მოუკვდე დედასა, შენზედ არ დავჯდე მტირალი“), რომელსაც გიგლიას დის, თამარის სიზმარიც ემატება („სხივნ გამქრალიყვნენ მზისანი, დალეწილები ეყარნენ აბრაქნი ჩემის ძმისანი“), არიგებს და გზას ულოცავს გიგლიას:

 

„ფშაველთ სალოცავმ შემასწვრას

შენს შინ მშვიდობით მოსვლასა,

ხერხით მაიქცე მტერთანა,

ნუ გასწევ ჯიუტობასა

მშვიდობით! ჯვარი გეწეროს!“.

 

პატრიოტ ქალებზე ლაპარაკისას უნდა მოვიხსენიოთ ლელა ბაჩლელიც პოემა „ბახტრიონიდან“. ჩვეული მოწიწებითა და სინატიფით ხატავს ვაჟა მთიელი ქალწულის უზადო სილამაზეს:

 

„საამურია საცქერლად

ვარდზე ცხვარები დილისა,

ქალი ჰგავს სამოთხის ყვავილს,

ნარწყავსა უკვდავებითა,

ხორცშესხმულ სიყვარულსა ჰგავს,

აუწყველს, -უწყავებითა“.

 

ეს ლელაა „ვარდი, ვარდის წყლით ნაბანი“, მტერთან საბრძოლველად, სნეული მამის სანაცვლოდ ბრძოლაში წაყვანას რომ მოითხოვს მისი საქციელი გაოცებული და აღშფოთებული მეომარი მამაკაცებისაგან:

„- ვერ მიჰხვდით? პირდაპირ გეტყვით:

თათრებთან ომი მწადიან,

………………………………………

რად გიკვირსთ, ფშაველ-ხევსურნო

იქნებ მიწუნებთ ქალობით?

ჩემ ძმათ ცხოვნებამ, გარგებდით,

ჩვენთა სალოცავთ წყალობით“.

 

ეს მომხიბვლელი შერწყმა ქალურისა და ვაჟური ქცევისა უფრო ხაზს უსვამს მთიელი ქალწულის მიმზიდველ ქალურობას.

 

ლელას პატრიოტიზმი მარტო მჭექარე სიტყვებში არ გამოიხატება („მტრის ჯავრი გულში მიდგია, შავის ალაზნის გუბედა“): ის აშკარა სიკვდილზე მიდის და იღუპება, როგორც გმირი ბახტრიონის ციხის კარებთან.

 

„ლეკვი ლომისა სწორიაო….“ და ამაზე მეტი „ლომობა“ ქალისაგან, ალბათ ძნელი წარმოსადგენია.

 

 

ვაჟას პოემა „ეთერი“ ხალხური „ეთერიანის“ საფუძველზეა შექმნილი. დიდი ნიჭია საჭირო, რომ ხალხურმა გენიამ არ შთანთქას ხელოვანის ინდივიდუალური შესაძლებლობები. ვაჟას ჰქონდა ეს ნიჭი. მის პოემაში, რომელიც ერთი ტრაგიკული სიყვარულის ამბავია, არ არის ის საგმირო-ჰეროიკული სული, ხალხური ეპოსისთვის რომაა დამახასიათებელი. ნაწარმოების ცენტრში დგას მწყემსი ქალი ეთერი და არა ხალხი. აქ ეთერის ფსიქიკა, მისი სულის მოძრაობაა მთავარი.

 

ვაჟასეული ეთერი კიდევ ერთი მშვენიერი სახეა მისი პოემების გმირ ქალთა შორის:

 

„… და მწყემსი ქალი, ობოლი-

ყვავილი ედემისაო…

ეტყობა მიწას ლამაზი

ნავალი ეთერისაო“.

 

მართლაც, გენიოსის კალმის მოსმაა, როგორც იტყვიან, შეუძლებელია, რამდენიმე ჩვეულებრივი ფრაზით ამაზე სრულიად და არაჩვეულებრივად ქალის სილამაზის გადმოცემა.

 

ტყის ფერიაა ეთერი. ყელი ჯეირანს მიუგავს, ბალიშად ქვა უდევს და ლეიბად „შამბი ძირზედა“, თვალებში ზღვა და ხმელეთი ჩაჰქსოვია, ხორცშესხმული სიყვარულია და თავზე ტრფობის გვირგვინი ადგას:

 

„ტანთ შავი ჯუბა აცვია,

შავი მანდილი თავზედა,

ვერ ნახავ ერთ მძივს, ან ღილსა

ეთერის ლერწამ ტანზედა“.

 

„პოემაში ეთერი შუა საუკუნეების საგალობელში გამოსახულ ღვთისმშობელსა ჰგავს, სახე მისი მზეა… (თვალებში) უბრწყინავს მთელი ქვეყანა, წმინდანთა და ღვთაების სიყვარულით დაგვირგვინებული“ (ვაჟა-ფშაველას ხუთი პოემა, საიუბილეო კრებული, 1974).

 

ვაჟას ეთერი პიროვნებაა: წინდახედული („ღირსი არა ვარ, ხელს გბანდე, განაღამც გვყვანდე ცოლადა, მეფე ხარ რატომ არ ჰფიქრობ? საქმეს რად იჭერ ყროლადა?“), არცთუ მიამიტი („მიწაზე ცალი არა გყავს, როგორც მზეს მაღლა ცაზედა; ვაითუ მალე მოგწყინდე, მალე გამცვალო სხვაზედა“), დამატყვევებელი სულის პირველქმნილი მშვენიერი სისპეტაკითა და უანგარობით (,,ხშირად ტანთ არა მაცვია, დავდივარ ფეხშიშველაო, მაგრამ სიმდიდრე, სიდიდე, ფუჭია ჩემთვის ყველაო“.).

 

კიდევ ერთი მშვენიერი, მაღალი სულის ქალი გვხვდება პოემაში „სისხლის ძიება“. ეს არის დემურის ცოლი. პოეტური ნიჭი არც ამ ქალის სილამაზის გადმოსაცემად დაიშურა ვაჟა-ფშაველამ:

 

„ქალი გადმოდგა ქოხიდან,

შუქი გამოჰყვა პირითა,

………………………………………………..

თუ შურთხი არის ლამაზი

მსტვინავი მაღალ მთაზედა?

…………………………………………………….

ან თუ ვარსკვლავთა კრებული

უხვსხივიანი ცაზედა?

…………………………………………………..

იქნება სამოთხე იყოს,

ქვეყნად მოსული ციდანა?

ვაჟკაცის გული ჭირია,

გადამგდებელი ჭკვიდანა“.

 

ქალი, რომელსაც საოცარი მოკრძალება და ხათრი აქვს ქმრისა, აღმოაჩენს, რომ დემური გამცემია: „შავად მენახოს, ქმარაო, შენი ვარსკვლავი ცაზედა“. ამ მწარე სიტყვების მიზეზიც, ალბათ მარტო ძმის სიკვდილი არ არის, შელახული რწმენა და თავმოყვარეობაცაა.

 

მოულოდნელად და უცნაურად იკლავს თავს დემურის ცოლი: იმავე ცეცხლში გადაეშვება, რომელშიც მისი ქმრის მკვლელი, ქიჩირბეი, იწვება. საინტერესოა, რა არის ეს? რწმენადაკარგული და სასოწარკვეთილი ქალის საბედისწერო ნაბიჯი, პროტესტი უსამართლობის მიმართ, თუ რაღაც სხვა, უფრო ღრმა განცდა.

 

მრავალფეროვანია ვაჟასეული პლეადა ქალებისა, რომელთა ხასიათებსა და შინაგან სამყაროში ბოლომდე წვდომა არც ისე ადვილია. ეს, შეიძლება ითქვას, მთელ მის შემოქმედებაზეც. „დღეს ვერავინ დაიჩემებს, თითქოს მან ისეთნაირად გახსნა ვაჟა-ფშაველას ლექსი, რომ შემდგომ თაობებსაც კი არაფერი რჩებათ გაურკვეველი და გასაკეთებელი…

 

ვაჟა-ფშაველა დიდი ხელოვანია და ამიტომ კვლევა-ძიების რომელიმე ერთ დონეზე ნამდვილად დაუძლეველია იგი. თვითონ ვაჟა ადვილად თხზავდა, ჩვენ კი ძნელად გასარკვევი თხზულებები დაგვიტოვა, რაცაა მისი პოეტური სიცოცხლის უკვდავების პირობა“.

 

ვაჟა ურთულესი ფენომენია, რომლის სიდიადის ბოლომდე გააზრებისგან ჩვენ ჯერ კიდევ კიდევ შორს ვართ.

 

ქართულმა გენმა შვა ვაჟა-ფშაველა, რომელიც „ოლიმპიური ზევსივით დგას არა მარტო ქართველი ხალხის, არამედ მთელი კაცობრიობის სულიერი კულტურის საგანძურში“ (დ. ბენაშვილი, ვაჟა-ფშაველა, 1961წ).

 https://mastsavlebeli.ge/