Wednesday, May 15, 2024

მე უნდა ვიყო თვითკრიტიკული

 თანამედროვე საგანმანათლებლო სივრცეში თვითკრიტიკულობა ეფექტური სწავლების ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტია. სწავლების ტრადიციული მოდელები ნაკლებად იყო ორიენტირებული სასწავლო პროცესისა თუ შედეგების ანალიზსა და კრიტიკაზე, სწავლების თანამედროვე ფორმები კი ამ ორი ელემენტის გარეშე უკვე წარმოუდგენელია.

სწავლისა და სწავლების თეორიების თანახმად, თვითკრიტიკული სწავლების ევოლუცია სამ ეტაპად მოხდა. ტრადიციული, ქცევითი მოდელი, მასწავლებლის უნარ-ჩვევებსა და სასწავლო პროცესის წარმართვის ტექნიკურ მხარეზე იყო ორიენტირებული. ამ მოდელის ფარგლებში, მოსწავლეები სასწავლო მასალას ზუსტად ისე ითვისებდნენ, როგორც წარმოდგენილი იყო, ყოველგვარი ანალიზისა და მსჯელობის გარეშე.

მეორე, კოგნიტივისტური მოდელი შედარებით კომპლექსურია და მასწავლებლის მხრიდან სასწავლო პროცესისადმი ანალიტიკურ მიდგომას მოითხოვს. ამ შემთხვევაში, მოსწავლეებს, მასალის ათვისების გარდა, მისი ანალიზი მოეთხოვებათ.

მესამე, ინტერპრეტაციული მოდელი კი, ანალიზთან ერთად, კრიტიკულ დამოკიდებულებას მოითხოვს, როგორც მასწავლებლის, ისე მოსწავლეთა მხრიდან. 1987 წელს ცნობილმა ამერიკელმა მკვლევარმა, დონალდ შონმა ტერმინი “ანალიტიკური პრაქტიკა” დანერგა, რომლის თანახმადაც, პრაქტიკოსმა სპეციალისტმა მუდმივად უნდა გადახედოს თავის გამოცდილებას და პროფესიონალ კოლეგებთან კოორდინაციის შედეგად გააუმჯობესოს თავისი პროფესიული საქმიანობა. ამ ცნების დანერგვისთანავე, ბევრმა სკოლამ თუ უნივერსიტეტმა ანალიტიკური პრაქტიკის კონცეფციაზე ააგო მასწავლებლის პროფესიული განათლებისა და განვითარების პროგრამები.

მასწავლებელი სწავლების ტექნიკურ უნარ-ჩვევებს, რაც პირველი, ბიჰევიორისტული მოდელის ძირითადი მოთხოვნაა, სამუშაო პრაქტიკის პირველივე წლებში იძენს. ამ პერიოდშივე ეცნობა ის სასწავლო პროცესში წარმოქმნილ ტიპურ სირთულეებს. გარკვეული გამოცდილების მიღებისა და სირთულეების დაძლევის შემდეგ კი, მასწავლებელი, ტექნიკური უნარ-ჩვევების შეძენასთან ერთად, სწავლების ინდივიდუალურ სტილს ივითარებს და შესაბამისად, სწავლების კოგნიტივისტურ დონეზე გადაინაცვლებს. ამ მოდელზე გადასვლა, ერთი მხრივ, წინ გადადგმული ნაბიჯია სწავლების მესამე, ინტერპრეტაციულ დონეზე გადასანაცვლებლად, თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა, ის დამაბრკოლებელი ფაქტორიც გახდეს, თუ მასწავლებელი ინდივიდუალური სწავლების სტილის ჩარჩოებში მექანიკურად მოაქცევს სასწავლო პროცესში შექმნილ ნებისმიერ სიტუაციას.

სწავლების მესამე, ინტერპრეტაციული მოდელი ყველაზე კომპლექსურია და მასწავლებლისგან იმის ზუსტ ცოდნას მოითხოვს, თუ როდის უნდა იმოქმედოს, რა ინფორმაცია უნდა წარმოადგინოს და როგორ ახსნას მასალა, როდის გააკეთოს რეაგირება მოსწავლის ქცევაზე, რა და როგორ შეაფასოს და გააანალიზოს, იმისათვის, რომ შეცვალოს ან გააუმჯობესოს სწავლების პროცესი. სწორედ ამ დონეზე მოეთხოვება მასწავლებელს თვითკრიტიკულობა და მუდმივი პროფესიული ზრდისკენ მისწრაფება. განათლების თანამედროვე სტანდარტები, დღეს, ისე, როგორც არასდროს, მოითხოვს მოსწავლეთა კრიტიკული აზროვნების განვითარებას. საამისოდ კი, პირველ რიგში, მასწავლებელს უნდა შეეძლოს თავად იაზროვნოს კრიტიკულად და მოსწავლეებსაც განუვითაროს ეს უნარ-ჩვევა.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებლის თვითკრიტიკულობა სწორი მიმართულებით უნდა განვითარდეს, რათა დადებითის ნაცვლად უარყოფითი შედეგი არ მივიღოთ. თუ მასწავლებელმა თვითკრიტიკულობის სწორი მეთოდების გამოყენება არ იცის, კრიტიკამ, შესაძლოა, ისეთი რისკების წინაშე დააყენოს, როგორიცაა თავდაჯერებულობის, კოლეგების თუ ხელმძღვანელობის მხარდაჭერის დაკარგვა, მოსწავლეების ან მშობლების მხრიდან მის მიმართ ნდობის შესუსტება.

თვითკრიტიკის სფერო და მეთოდები

თვითკრიტიკულობის მიზანი მასწავლებლის ტექნიკურ და ორგანიზაციულ უნარ-ჩვევებზე, მოსწავლე-მასწავლებლის კითხვა-პასუხზე, დროის მართვაზე, გაკვეთილის წყობაზე, მასალის ახსნის და განმტკიცების ტექნიკაზე, აქტივობების ტიპებზე დაკვირვება და მათი გარჩევაა.

უნდა აღინიშნოს, რომ ის მასწავლებლები, რომლებიც თვითკრიტიკის მეთოდებს აქტიურად იყენებენ, ბევრად უფრო კარგ შედეგებს იღებენ მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების თვალსაზრისით.

პროფესიული განვითარებისთვის მხოლოდ გამოცდილება არ არის საკმარისი. მასწავლებელი ყველაზე უკეთ ხედავს სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, თუმცა ამ პროცესის ინტერპრეტაცია ყველა მასწავლებელს არ შეუძლია. იმისათვის, რომ ის თვითკრიტიკული იყოს, პირველ რიგში, მას უნდა შეეძლოს თავისი ქმედებების ობიექტურად შეფასება, ჰქონდეს დაკვირვების, ექსპერიმენტის ჩატარების, ადაპტირების, კვლევის, ანალიზის, პრობლემის გადაჭრის, ინოვაციის დანერგვის უნარ-ჩვევები.

თვითკრიტიკულობის მეთოდები

თვითკრიტიკულობა ინტუიციური უნარ-ჩვევაა, თუმცა ამ სტატიაში ჩვენ განვიხილავთ თვითკრიტიკული სწავლების კლასიკურ მეთოდებს. სწავლისა და სწავლების თეორიაში თვითკრიტიკულობის ორი მიდგომაა გავრცელებული: კვლევითი და ანალიტიკური. ანალიტიკური მიდგომა, თავის მხრივ, ორ მიმრთულებად იყოფა: ანალიზი პროცესის მიმდინარეობისას და პროცესის შემდგომი ანალიზი.

კვლევითი მიდგომა

კვლევითი მიდგომა, რომლის ფუძემდებელი გახლავთ გერმანული წარმოშობის ამერიკელი ფსიქოლოგი კურტ ლევინი (1946), გულისხმობს დაგეგმილი ქმედებების სისტემატურ განხორციელებას. კონკრეტული ქმედებების დასახვა კი გარკვეული მონაცემების გაანალიზების შედეგად ხდება. მოქმედებათა სისტემური განხორციელება თანმიმდევრულ პროცესს გულისხმობს. კვლევითი მიდგომა მონაცემთა შეგროვების, დაკვირვების, გაანალიზების, ქმედებათა დაგეგმვისა და განხორციელების, განმეორებითი ანალიზისა და დაგეგმვის ეტაპებს მოიცავს. ავსტრალიელი ლინგვისტი დევიდ ნუნანი აღნიშნავს, რომ კვლევითი მიდგომა მაშინ ატარებს აუთენტური კვლევის სახეს, როცა მისი მიმდინარეობა და შედეგები ღია განხილვის საგანი ხდება. ეს შეიძლება განხორციელდეს პუბლიკაციის, საკონფერენციო პრეზენტაციის ან შიდა-სასკოლო ანგარიშის სახით.

კვლევითი მიდგომის უკეთ აღსაქმელად განვიხილოთ შემდეგი მაგალითი: ჰონკონგში 38 საშუალო სკოლის მასწავლებლებმა განახორციელეს შეფასებითი კვლევა იმის გასარკვევად, თუ რატომ ამბობდნენ უარს მოსწავლეები ზეპირსიტყვიერ პრაქტიკაში მონაწილეობის მიღებაზე. პირველ რიგში, მასწავლებლებმა შეაგროვეს ასეთი შემთხვევების მაგალითები და წარმოადგინეს მათი სიტუაციური აღწერა; შემდეგ დასახეს სტრატეგიები პრობლემის დასაძლევად, რომელთა პილოტირებაც ოთხი კვირის განმავლობაში განახორციელეს. პილოტირების პროცესში ყველა მათგანი აწარმოებდა დაკვირვებებს, აკეთებდა ჩანაწერებს და აანალიზებდა ცვლილებებს. საპილოტე პერიოდის დასასრულს თითოეულმა მასწავლებელმა გაკვეთილის ვიდეო-ჩანაწერი მოამზადა. მათ ერთობლივად გააანალიზეს გამოყენებული სტრატეგიები, ბოლოს კი შეადგინეს ანგარიში, სადაც აღწერეს პრობლემა, სტრატეგიების განხორციელების პროცესი და მათი შეფასება. ანგარიშის განხილვისას აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი დასკვნა პროგნოზირებადი იყო, ხოლო ზოგი _ მართლაც მოულოდნელი და აუცილებლად გასათვალისწინებელი. შედეგებმა აჩვენა, რომ მოსწავლეები ზეპირსიტყვიერ ვარჯიშში მონაწილეობაზე უარს ამბობდნენ ენის ცუდად ცოდნისა და შეცდომების დაშვების შიშის გამო. დისკომფორტის შეგრძნება, მოსწავლის პასუხის მოლოდინში მასწავლებლის ხანგრძლივი სიჩუმე, მოსწავლეთა რიგითობის არასწორად გადანაწილება, შეკითხვების გაუგებრად დასმა ზეპირსიტყვიერ ვარჯიშში მოსწავლეთა მონაწილეობის დაბალი მაჩვენებლის უშუალო მიზეზები იყო.

როგორც დევიდ ჰოფკინსი (1985), განათლების ფაკულტეტის მოწვეული პროფესორი ლონდონის უნივერსიტეტში, აღნიშნავს, კვლევითი პროექტის განხორციელებისას უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ მასწავლებლის ძირითადი მოვალეობა სწავლებაა და კვლევის მასშტაბმა მის საქმიანობას ხელი არ უნდა შეუშალოს.

კვლევითი მოდელისგან განსხვავებით, ანალიტიკური მიდგომა თვითკრიტიკის უფრო მოქნილი ფორმაა, ნაკლებ დროს მოითხოვს და ცვლილებებისა და შესწორებების უფრო მოკლე დროში განხორციელების საშუალებას იძლევა.

ანალიტიკური მიდგომა

განათლებისა და სწავლა-სწავლების თეორეტიკოსები ანალიტიკურ მოდელში გულისხმობენ მასწავლებლის მიერ საკუთარი გამოცდილების გაანალიზებას და მიზნის მისაღწევად ტრადიციულისგან განსხვავებული, ალტერნატიული გზების დასახვას. ბარლეტი აღნიშნავს, რომ თვითკრიტიკულობა სწავლების ტექნიკაში დახელოვნების ჩარჩოებს სცდება. თვითკრიტიკული მასწავლებელი სასწავლო პროცესისთვის მომზადებისას სვამს არა მხოლოდ შეკითხვას: “როგორ?”, ასევე შეკითხვებს: “რა?” და “რატომ?”. ასეთი მიდგომით მასწავლებელი არა მხოლოდ კრიტიკულად აფასებს თავის საქმიანობას, არამედ გარკვეულ ავტონომიასა და კონტროლსაც მოიპოვებს.

როგორც აღვნიშნეთ, ანალიტიკურ მოდელში ორი მიმართულება მოიაზრება:ანალიზი პროცესის მიმდინარეობისას და პროცესის შემდგომი ანალიზი. პირველი მეთოდი უფრო სპონტანური, ინტუიციური ხასიათისაა. თვითკრიტიკულობის ეს ფორმა ერთგვარად პირადი და არასაჯაროა. მასწავლებელი გეგმას გაკვეთილის მიმდინარეობის პროცესშივე ცვლის. პროცესის შემდგომი ანალიზი მოქმედებაზე დაკვირებას, შეფასებას, ცვლილებების განხორციელების მიზნად დასახვას და შემდგომ ქმედებას მოიცავს. შესაბამისად, თვითკრიტიკულობის ეს ფორმა უფრო ინტერპერსონალური და კოლეგიალურია და მასწავლებელთა პროფესიული განათლების პროგრამების ყურადღების ცენტრში ხვდება. მასწავლებლები, რომლებმაც პროცესის ანალიზის ტექნიკა შეისწავლეს, აღნიშნავენ, რომ ბევრი ისეთი რამ დაინახეს საკუთარი სწავლების სტილში, რასაც მანამდე გაუცნობიერებლად აკეთებდნენ.

სასწავლო პროცესის გაანალიზებისას თვითკრიტიკული მასწავლებელი ოთხ ძირითად ტექნიკას იყენებს:ჩანაწერების წარმოება; ანგარიშები; კოლეგების გაკვეთილებზე დასწრება და ანალიზი; გაკვეთილების ჩაწერა და ანალიზი.

ჩანაწერების წარმოება

ამ მეთოდის თანახმად, მასწავლებელი ჩანაწერებში აღწერს გაკვეთილის მიმდინარეობას, კონკრეტულ სიტუაციას ან მოვლენას, განსაკუთრებულ შემთხვევებს და გამოცდილებას. მასწავლებელს შეუძლია ჩანაწერები ინდივიდუალურად აწარმოოს, თუმცა არსებობს მათი წარმოების კოლაბორციული მეთოდიც, როცა ორი ან რამდენიმე მაწავლებელი ერთმანეთს ჩანაწერებს, რჩევებსა და რეკომენდაციებს უზიარებს.

მასწავლებლები, რომლებიც თვითკრიტიკის ამ ხერხს იყენებენ, აღნიშნავენ, რომ ჩანაწერების წარმოებისას მათ ისეთი ნიუანსები ახსენდებათ გაკვეთილის პროცესიდან, რომლებსაც, სხვა შემთხვევაში, უყურადღებოდ დატოვებდნენ. ასევე, დასტურდება, რომ ჩანაწერების წარმოება ხელს უწყობს მასწავლებლის შემოქმედებითობის განვითარებას და სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნების საფუძველი ხდება.

ანგარიშები

ანგარიში გამოიყენება კონკრეტული სასწავლო მეთოდის და ტექნიკის შეფასებისთვის. მასწავლებელი წინასწარ ამზადებს კითხვარს გაკვეთილის გეგმისა და დაგეგმილი აქტივობების გათვალისწინებით. სასწავლო ტექნიკის შეფასების ეს მეთოდი იმითაა მოსახერხებელი, რომ სწავლების ეფექტურობის დინამიკაში დაკვირვების საშუალებას იძლევა. შევსებული კითხვარების გაანალიზებით მასწავლებელი დაინახავს, თუ რამდენად გააუმჯობესა ამა თუ იმ სასწავლო ტექნიკის გამოყენება, რომელი აქტივობა უფრო ეფექტურია და რომელი ნაკლებ წარმატებულია, რამდენად მიიღწევა სასწავლო გეგმის მიზნები და ა.შ.

პირადი ანგარიშგების ასეთი ფორმა საშუალებას იძლევა, რომ პედაგოგმა საკუთარი შედეგები კოლეგებისას შეადაროს.

გაკვეთილზე დასწრება

გაკვეთილზე დასწრებამდე რეკომენდებულია გაკვეთილის გეგმის წინასწარ გაცნობა, მოსწავლეთა დონეებისა და სწავლის სტილის, კლასში არსებული სირთულეების შესახებ ზოგადი ინფორმაციის მიღება. კოლეგის გაკვეთილზე დაკვირვებისას აუცილებლად უნდა გაკეთდეს ჩანაწერები და მათი განხილვისთვის გაკვეთილის დასრულებისთანავე უნდა შედგეს მოკლე შეხვედრა დამკვირვებელსა და გაკვეთილის წამყვან მასწავლებელს შორის.

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მასწავლებლები, რომლებიც კოლეგების გაკვეთილებს დაესწრნენ, უფრო თვითკრიტიკულები გახდნენ. მათ გააცნობიერეს, თუ რა მიმართულებითაა საჭირო სწავლების პროცესის ანალიზი. მათთვის უფრო მისაღები გახდა სხვისი კრიტიკაც.

გაკვეთილების ჩაწერა და ანალიზი

სწავლების სიღრმისეული შეფასებისთვის გამოიყენება გაკვეთილების აუდიო ან ვიდეო ჩაწერის ტექნიკა. როგორც აღვნიშნეთ, წერილობითი ანგარიშები და ჩანაწერები ეფექტური ხერხებია, თუმცა ვინაიდან შეუძლებელია მასწავლებელმა დააფიქსიროს აბსოლუტურად ყველაფერი, რაც კლასში ხდება, აუდიო/ვიდეო ჩანაწერის გამოყენებით სასწავლო პროცესის ბევრად მეტი ასპექტის გაანალიზებაა შესაძლებელი. ამ შემთხვევაში, მასწავლებელს შეუძლია ისეთი დეტალებიც გააანალიზოს, როგორიცაა ღია და დახურული შეკითხვების გამოყენების პროპორციულობა, ან ძლიერი და სუსტი მოსწავლეებისთვის დათმობილი დროის ბალანსი.

მართალია, გაკვეთილის აუდიო ან ვიდეო ჩანაწერების გაკეთება ანალიზისთვის მდიდარ მასალას გვაძლევს, მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ ჩანაწერების ხშირად გაკეთებამ, შესაძლოა, გარკვეული გავლენა მოახდინოს კლასში გაკვეთილის მიმდინარეობაზე. მაგალითად, შესაძლოა, ზოგიერთი მოსწავლე უფრო გააქტიურდეს, ხოლო ზოგიერთი უფრო პასიური გახდეს. ამიტომ, ამ ტექნიკის გამოყენებისას, სასურველია, გარკვეული პერიოდულობის დაცვა.

ჩამოთვლილი მეთოდების გარდა, რეკომენდებულია მოსწავლეთა გამოკითხვა და მათი მოსაზრებების გაცნობა. მათი ხედვა განსხვავებულ და ღირებულ პერპექტივას შესძენს მასწავლებლის მუშაობის შეფასებას.

თვითკრიტიკულობა, კვლევითი და ანალიტიკური შეფასების მეთოდების სწორად გამოყენების შემთხვევაში, თვითგანვითარების საუკეთესო საშუალებაა. თუმცა, დასასრულს, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ თვითკრიტიკულობისთვის მასწავლებელს სათანადო ხელშეწყობა სჭირდება სკოლის ადმინისტრაციისგან. თუ თვითკრიტიკის შედეგებში სკოლის ადმინისტრაცია მასწავლებლის არაკომპეტენტურობაზე გააკეთებს აქცენტს და არა განვითარების პოტენციალზე, ცხადია, მასწავლებელი არ დაინტერესდება ობიექტური თვითშეფასებითა და კრიტიკით.

https://mastsavlebeli.ge/

ვაშენებ სამოქალაქო საზოგადოებას

 “მომავლის სკოლა,რომლის მიზანი მოქალაქეობრივად განწყობილი ხასიათის აღზრდა იქნება,აუცილებლად ბევრს იფიქრებს სასკოლო ცხოვრებაში მჩქეფარე პრაქტიკულ საქმიანობაზე,რომელიც დღენიადაგ აღძრავს ბავშვებში თვითმოქმედებას,ინიციატივას,შეუპოვრობას.არსებითია არა შეხედულებათა წრის შეთვისება,არამედ ხასიათისა და ნებისყოფის სამოქალაქო წრთობა.ეს მიზანი კი შეიძლება განხორციელდეს სასკოლო ცხოვრების პრაქტიკაში.

სკოლა ხომ პატარა სახელმწიფოა და ამ სახელმწიფოს მოქალაქენი მისი აღსაზრდელები არიან.დაე,სკოლა დემოკრატიულად იყოს მოწყობილი.დაე,მისი მართვა,არსებითად,მოსწავლეთა ხელში გადავიდეს.მართვის ცოცხალი პრაქტიკა გამოაწრთობს მოზარდი თაობის მოქალაქეობრივ ხასიათს”.

დიმიტრი უზნაძე (ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ამოცანები, 1917წ.)

სწორედ დღევანდელი,21-ე საუკუნის სკოლის მიზანს აღწერდათითქმის 100 წლის წინ დიმიტრიუზნაძე. დემოკრატიის, განათლებისა და სკოლის, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუტის ურთიერთკავშირის შესახებსამეცნიერო დისკუსია საუკუნეზე მეტი ხნისაა. როგორც თეორიის,ისე პრაქტიკული გამოცდილების დონეზე, დემოკრატიული სკოლის უპირატესობა ცხადია. აღნიშნულ უპირატესობას, დღეს, უფრო თვალსაჩინოს ხდის დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სამოქალაქო საზოგადოების იდეის ფართოდ გავრცელება მსოფლიოში. ჯანსაღი დემოკრატია ვითარდება მხოლოდ სამოქალაქო, თვითმმართველ საზოგადოებებში და ეს ტენდენცია გლობალურია. სკოლა იყო და რჩება უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ ინსტიტუტად, რომელიც საზოგადოებასთან ერთად ვითარდება: რისკენაც ის ისწრაფვის, იმასვე ელის სკოლისაგან.

ჩვენი სკოლის დღევანდელი მდგომარეობის გასააზრებლად ვცადოთ, პასუხი გავცეთ რამდენიმე არსებით კითხვას:

რისკენ ისწრაფვის ჩვენი საზოგადოება?

“ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი, რომელთა ურყევი ნებაა, დავამკვიდროთ დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო, უზრუნველვყოთ ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებანი და თავისუფლებანი, განვამტკიცოთ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა და სხვა ხალხებთან მშვიდობიანი ურთიერთობა…, საქვეყნოდ ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას”.

(საქართველოს კონსტიტუცია, პრეამბულა 1995წ.)

“უდავოა, რომ დემოკრატია დაინტერესებულია შეგნებულ მოქალაქეთა აღზრდით, რომლებსაც უნარი ექნებათ, შემოქმედებითად ჩაერიონ სახელმწიფოს ცხოვრების განვითარების პროცესში”.

(დიმიტრი უზნაძე, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრი, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის ამოცანები, 1917წ.)

რას ელის ჩვენი საზოგადოება სკოლისგან?

“საქართველოში ზოგადი განათლების სისტემამიზნად ისახავს, შექმნასხელსაყრელი პირობები ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელი, თავისუფალი პიროვნების ჩამოყალიბებისათვის.

ამასთანერთად, განათლების სისტემა უვითარებს მოზარდსგონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს, აძლევს საჭირო ცოდნას,ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მოსწავლეებს უყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის,საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.

მოსწავლეების, მათი მშობლების, მასწავლებლების, დირექციისა თუ გარემომცველი საზოგადოების აქტიური მონაწილეობა განაპირობებს მიზნების მიღწევის ხარისხსა და წარმატებულობას”.

(ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, 2004წ.)

რა არის სამოქალაქო საზოგადოება?

“ორგანიზებული საზოგადოებრივი ცხოვრების სფერო, რომელიცნებაყოფლობითია, თვითწარმოქმნადია, თვითგანვითარებადია, სახელმწიფოსგან ავტონომიურია და შეკრულია საკანონმდებლო წესრიგით ან გაზიარებულ წესთა ერთობლიობით”.

(Larry Diamond, Toward Demokratik Consolidation, Journal of Democracy, V.5, №3, 1994).

სწორედ, ასეთი საზოგადოება ამკვიდრებს დემოკრატიულ წეს-წყობილებას, რაც ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას წარმოადგენს.

რა კავშირი აქვს სკოლას სამოქალაქო საზოგადოებასთან?

“სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები არიან გაერთიანებული ერების მიზნების თანმხვედრი ინტერესებისა და ფასეულობების მატარებელი და შესაბამის, ნებაყოფლობით საზოგადოებრივ ქმედებასა და თანამონაწილეობაში ჩართული ინდივიდები. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა შორის არიან:

– საზოგადოებრივი ინსტიტუტები, რომელთაც თავიანთი საქმიანობით წვლილი შეაქვთ ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობადობის ამაღლებაში (სკოლები, უნივერსიტეტები, კვლევითი ორგანოები)”.

(გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა პროგრამასთან თანამშრომლობა. დამხმარე სახელმძღვანელო სამოქალაქო საზოგადოებისათვის. გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი. 2008წ.)

როგორ ავითარებს დღეს სკოლა სამოქალაქო საზოგადოებას?

ამ კითხვაზე პასუხისგასაცემად 2010 წელს ჩატარებული პირველიეროვნული კვლევის შედეგებს მოვიშველიებთ. ის საქართველოს შეფასების ასოციაციამ ჩაატარა, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც PH International (პროექტი “ჰარმონია”),ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებს. კვლევის მიზანი იყო საქართველოში სასკოლო სამოქალაქო განათლების მდგომარეობისა და მისმიმართ დამოკიდებულების შესწავლა.

კვლევის დაგეგმვის (მიზანი,შერჩევა, მეთოდოლოგია, ინსტრუმენტები და ა.შ.), მონაცემების ინტერპრეტაციისა და შედეგების ანალიზის ეტაპებზე აქტიურად მონაწილეობდნენ პროგრამის ადმინისტრაციის (PH International), პარტნიორი ორგანიზაციის _ტრენინგებისა და კონსულტაციის ცენტრისა და პროგრამის სასწავლო გეგმებისა და დამხმარე მასალების ჯგუფის წევრები (ნინო გვარამაძე,ნინო ერემაშვილი,მაკა კორძაძე,ნინო მიწიშვილი,გიორგი გახელაძე და ლევან ახვლედიანი). კვლევის სრული ანგარიში გამოქვეყნდება პროგრამის ფარგლებში შექმნილ სამოქალაქო განათლების ვებ-გვერდზე: www.civics.ge 

საინტერესო იყო იმის გარკვევა, თუ რა დამოკიდებულება აქვთ სამოქალაქო განათლების საგნისადმი სხვადასხვა კლასის მოსწავლეებს, მშობლებს, საგნის მასწავლებლებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს.

ანკეტურ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს დედაქალაქისა და საქართველოს 9 რეგიონის 51 საჯარო სკოლის მეათე-მეთორმეტე კლასების მოსწავლეებმა. გამოიკითხა 1633 რესპონდენტი.

თვისობრივი კვლევის სამიზნეჯგუფებად შეირჩა რესპონდენტთა ოთხი კატეგორია, კერძოდ, (1) სამოქალაქო განათლების საგნის მასწავლებლები, (2) არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, (3) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლები, (4) მოსწავლეთა მშობლები.

თვისობრივი კვლევა ფოკუს-ჯგუფების მეშვეობით განხორციელდა.

ქვეყნის მასშტაბით,33 ფოკუს-ჯგუფი გამოიკითხა (ამათგან, 11 – მასწავლებლების, 9 – არასამთავრობო ორგანიზაციების, 10 – ადგილობრივი თვითმმართველობების, 6 – მშობლების). გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 272 ადამიანმა.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2010 წლის 27 სექტემბრიდან 15 ოქტომბრამდე.

სამოქალაქო განათლების აუცილებლობა სკოლის სასწავლო პროგრამაში

როგორც ჩატარებული კვლევის შედეგები გვიჩვენებს, მოსწავლეთა უდიდესი უმრავლესობა (79,1%) მიიჩნევს, რომ სამოქალაქო განათლების საგნის სწავლება საქართველოს სკოლებში საჭიროა.როგორც მოსწავლეთა, ასევე თვისობრივი კვლევის ფარგლებში გამოკითხულ სხვადასხვა კატეგორიის რესპონდენტთა აზრით, სამოქალაქო განათლების გაკვეთილები ხელს უწყობს მოსწავლეთა ღირსეულ და აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. ამასთან,მოსწავლეთა უდიდესი უმრავლესობა სამოქალაქო განათლების საგანს საინტერესოდ მიიჩნევს.

რამდენად საჭიროა სამოქალაქო განათლების საგანი სხვადასხვა კლასის მოსწავლეთა აზრით?

giorgi_gaxeladze_chart1

უწყობს თუ არა ხელს სამოქალაქო განათლების საგანი მოსწავლის აქტიურ მოქალაქედ ჩამოყალიბებას?

giorgi_gaxeladze_chart2

სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხი

სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების ხარისხით კმაყოფილია გამოკითხულ მოსწავლეთა ნახევარი. თვისობრივი კვლევისფარგლებში გამოკითხულ რესპონდენტთა დიდმა ნაწილმა ვერ შეძლო სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების ეფექტიანობის შეფასება, რადგანის შედარებით ახალი შეტანილია ეროვნულ სასწავლო გეგმაში(სამოქალაქო განათლების, როგორც ეროვნული სასწავლო გეგმის ნაწილის,სავალდებულო სწავლება 2006-2007 სასწავლო წლიდან დაიწყო). მათი აზრით, გასული დრო არ იძლევა ცალსახადასკვნების გაკეთების შესაძლებლობას. თვისობრივი კვლევის ფარგლებში გამოკითხულ რესპონდენტთა მხოლოდ მცირე ნაწილი აცხადებს, რომ სამოქალაქო განათლების საგანი ეფექტიანად ისწავლება. ამგვარ განწყობას, ძირითადად, განაპირობებს ის გარემოება, რომაღნიშნული საგნის საკითხები არ ბარდება ერთიან ეროვნულგამოცდებზე.

მოსწავლეთა სამოქალაქო მზაობის შეფასება და სამოქალაქო ინიციატივების განხორციელების პირობები

გამოკითხულ მოსწავლეთა 64.6% აცხადებს, რომ პრაქტიკულად გამოუყენებია სამოქალაქო განათლების საგანში მიღებული ცოდნა. თუმცა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების საილუსტრაციოდ მოსწავლეთა მიერ მოყვანილი მაგალითები, როგორც წესი, ძალზე ზოგადი ხასიათისაა და შესაბამისად, არ ასახავსრაიმე კონკრეტულ სამოქალაქო აქტივობას, ან სხვა ხასიათის აქტივობის მაგალითს წარმოადგენს. ამასთან, მოსწავლეთა მხოლოდ29.2% აცხადებს მზადყოფნას, მონაწილეობა მიიღოს აპოლიტიკური ხასიათის სამოქალაქო აქტივობებში, მაშინ, როდესაცრესპონდენტთა 52.3%-ს ამგვარ აქტივობებში მონაწილეობის სურვილი არ აქვს.

მოსწავლეთა მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის სკოლაში გამოყენება

როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისობრივი კვლევისშედეგები გვიჩვენებს, რომ მოსწავლეთა მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის სკოლაშივე გამოყენების შესაძლებლობა და სიხშირემაღალი არ არის. გამოკითხულ მოსწავლეთა მხოლოდ მესამედი მიიჩნევს, რომ სასკოლოგარემო სამოქალაქო განათლების საგნის ფარგლებში მიღებული ცოდნის სკოლაშივე გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. 44.6%-ის აზრით კი, ეს მეტ-ნაკლებად არის შესაძლებელი სკოლის ფარგლებში. ამის შესაძლებლობას გამორიცხავს რესპონდენტთა 12.5%.

სკოლაში გადაწყვეტილებების მიღების დროს გათვალისწინებულია თუ არა მოსწავლეთა აზრი?

giorgi_gaxeladze_chart3

მოსწავლეთა მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის რეალიზება და მათთვის დახმარების გაწევა სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებაში

სხვადასხვა კატეგორიის რესპონდენტები აღნიშნავენ, რომ საქართველოში მეტ-ნაკლებად არის შესაძლებელი მოსწავლეთა მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე მიღებული ცოდნის რეალიზება.

რაოდენობრივმა კვლევამგვიჩვენა, რომ მოსწავლეთა დიდ უმრავლესობას (86.5%) არ დაუგეგმავს საკუთარი ინიციატივით სამოქალაქო აქტივობები. გამოკითხულთა მხოლოდ13.5%-მა უპასუხადადებითად ამ კითხვას.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩატარებული კვლევების მეშვეობით შეიძლება შეფასდეს, თუ რამდენად არის მზად თავად სკოლა იმისათვის, რომ მოსწავლემ საკუთარსკოლაშივე გამოიყენოს გაკვეთილებზე მიღებული ცოდნა; რამდენად ეძლევა მას საშუალება, მიიღოს მონაწილეობა სკოლის თვითმმართველობაში.

როგორი სკოლა სჭირდება სამოქალაქო საზოგადოებას?

ამ კითხვაზე პასუხები განათლების მეცნიერების ორ უდიდეს წარმომადგენელს აქვს გაცემული.

“დემოკრატიის შესახებაბრაჰამ ლინკოლნის ცნობილიგამონათქვამის პარაფრაზი რომ მოვახდინოთ, პროგრესული განათლების ფილოსოფია გულისხმობს გამოცდილების, გამოცდილებით და გამოცდილებისათვის განათლებას”.

(ჯონ დიუი, განათლება და გამოცდილება. 1938წ.)

“ნებისყოფის აღზრდა სოციალურსა და მოქალაქეობრივი აღზრდის სფეროში უნდა იყოს გადატანილი. მოწაფეთა ფართო თვითმმართველობის იდეის განხორციელება აუცილებელი მოთხოვნილებაა, რომელიცმთელ სკოლას მარად თვალწინუნდა ჰქონდეს. უეჭველია, ამ პრინციპის განხორციელება მთელი სკოლის ცხოვრების აწინდელ კონსტრუქციაზე თავისებურ გავლენას მოახდენს, მაგრამ ეს ასეც უნდა მოხდეს.

თვითმმართველობა სკოლის მთელი მუშაობის ბუნებიდან თავის თავად უნდა გამომდინარეობდეს, ამიტომაც მისი მნიშვნელობა მხოლოდ მთელი სასკოლოსისტემის სათანადო გარდაქმნის ნიადაგზე შეიძლება გაიშალოს”.

(დიმიტრი უზნაძე, განათლების სისტემის ძირითადი ამოცანები.1918წ.)

თუ ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევით გვსურს, სინამდვილედ ვაქციოთ ჩვენი ურყევი ნება_ დემოკრატიული საზოგადოებრივი წეს-წყობილების დამკვიდრება, მაშინ ძალისხმევის მიმართულება ნათელია.

სამოქალაქო საზოგადოების წევრების გამოწრთობა მხოლოდ დემოკრატიული და თვითმმართველი სკოლის ცხოვრებაში, ყოველდღიურ სასკოლო პრაქტიკაში ხდება.

https://mastsavlebeli.ge/?

მე უნდა ვიყო სამართლიანი

 სასწავლო პროცესის დროს მასწავლებლის ობიექტურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეთიკური თვალსაზრისით; ის დიდწილად განსაზღვრავს სასწავლო პროცესის წარმატებას. თუმცა მასწავლებლებმა კარგად იციან, რომ სასწავლო პროცესის დროს ობიექტურობის დაცვა ხშირად მარტივი არ არის და შესაძლოა სხვადასხვაგვარ წინააღმდეგობას ქმნიდეს.

რას ნიშნავს ობიექტურობა?

ობიექტურობა, პირველ რიგში, მოვლენების, პიროვნებების მიმართ მიუკერძოებელ, რეალობის ადეკვატურ დამოკიდებულებას გულისხმობს. სკოლის კონტექსტში ობიექტურობა რამდენიმე კუთხით შეიძლება განვიხილოთ:

  • მოსწავლეთა შეფასება;
  • მოსწავლეთა მიმართ დამოკიდებულება;
  • სწავლების პროცესი, მოსწავლეებისთვის შესასწავლი მასალის მიწოდება.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩამოთვლილი სფეროები ერთმანეთს გადაკვეთს, რასაც ქვემოთ დაწვრილებით მიმოვიხილავთ.

ობიექტურობა მოსწავლეთა შეფასების დროს

შეფასება სწავლებისა და სწავლის პროცესის ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. შეფასების საშუალებით, მასწავლებელი ადგენს მოსწავლის მიღწევის შესაბამისობას სასწავლო გეგმითა და საგნობრივი სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

შეფასების დროს ერთ- ერთ აუცილებელ პრინციპს სწორედ ობიექტურობის დაცვა წარმოადგენს. მოსწავლე ობიექტურად ფასდება მაშინ, როდესაც შეფასება არ არის დამოკიდებული მასწავლებლის პირად მოსაზრებაზე, მის სურვილზე ან დამოკიდებულებაზე. რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, რთული იყოს შეფასების დროს ობიექტურობის შენარჩუნება. სკოლა ცოცხალ ორგანიზმს ჰგავს, სადაც აქტიური ურთიერთობაა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის. კონკრეტული დავალების შეფასებისას მასწავლებელს, შესაძლოა, გაუჭირდეს მოსწავლის ობიექტურად შეფასება, ვინაიდან იცის, როგორია მისი საერთო ცოდნა, მომზადების დონე და ა. შ. იმისათვის, რომ სუბიექტური გადაწყვეტილებებისთვის ადგილი არ დარჩეს, საჭიროა, მასწავლებელმა წინასწარ განსაზღვრული, მკაფიო შეფასების კრიტერიუმებითა და სქემებით იხელმძღვანელოს. ამგვარი კრიტერიუმებით შეფასება, ობიექტურობის გაზრდასთან ერთად, აადვილებს მოსწავლესთან და მშობელთან კომუნიკაციას. მკაფიოდ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები ქმნის იმის საფუძველს, რომ მოსწავლემ და მშობელმა ნათლად აღიქვან, თუ რისთვის და როგორ ფასდება მოსწავლე, რა არის მისი სუსტი და ძლიერი მხარეები.

იმისთვის, რომ მასწავლებელმა ობიექტურობა დაიცვას, მან კარგად უნდა იცოდეს შეფასების სისტემა და შესაბამის სიტუაციებში შეფასების სხვადასხვა ფორმის გამოყენება.

მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლობების ობიექტურად შესწავლის მიზნით, სასურველია, მასწავლებელი იყენებდეს შეფასების სხვადასხვა მეთოდს. რამდენიმე მეთოდის გამოყენება, ხშირ შემთხვევაში, უფრო სრულყოფილ სურათს აძლევს მასწავლებელს მოსწავლის ცოდნის შესახებ. მას შეუძლია გამოიყენოს შეფასების შემდეგი მეთოდები: ტესტირება, დაკვირვება, მოსწავლის თვითშეფასება, თანატოლთა შეფასება, კომენტარი. შეფასების ნებისმიერი მეთოდის გამოყენებისას მასწავლებელმა უნდა დაიცვას მაქსიმალური ობიექტურობა. შეფასების მეთოდების ცოდნა და პრაქტიკაში მათი ეფექტიანად გამოყენება დადებით ზეგავლენას ახდენს მოსწავლეთა მოტივაციაზე, რაც წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

ტესტირება

ტესტირება მოსწავლის შეფასების ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდია. ტესტი, უმრავლეს შემთხვევაში, წერილობითია, თუმცა ზოგჯერ, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე( მაგ., პრეზენტაციის უნარის შემოწმებისას), შეიძლება იყოს ზეპირიც. ნებისმიერ შემთხვევაში, იმისთვის, რომ ტესტის შედეგები ობიექტური იყოს, აუცილებელია, მასწავლებელმა ისინი შეაფასოს წინასწარ შემუშავებული პასუხებით ან შეფასების სქემით. წინასწარ შემუშავებული პასუხები მნიშვნელოვანია ფაქტობრივი ცოდნის შემოწმებისას( ღია ან დახურული კითხვების შემთხვევაში). შეფასების სქემით ხელმძღვანელობა კი მასწავლებელს უფრო სრულყოფილ სურათს აძლევს მოსწავლის მიღწევების შესახებ ამა თუ იმ აქტივობაში, ან ზოგადად, საგანში. შეფასების სქემით შეიძლება შეფასდეს, მაგალითად, თხზულება, ზეპირი პრეზენტაცია, ჯგუფური მუშაობა ან პროექტზე მუშაობა. შეფასების სქემა მოიცავს მკაცრად განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და მათი გამოყენების წესებს. შეფასების კრიტერიუმები მაქსიმალურად კონკრეტული და ამომწურავი უნდა იყოს, ხოლო თითოეული მათგანისთვის წინასწარ უნდა განისაზღვროს მოსწრების სხვადასხვა დონე და შესაბამისი ქულა. ეს უზრუნველყოფს არა მხოლოდ ერთი მოსწავლის ცოდნისა და უნარების ობიექტურად შეფასებას, არამედ მოსწავლეთა მიერ ერთმანეთის ობიექტურად შეფასებასაც.

დაკვირვება და კომენტარი

მასწავლებლის მიერ მოსწავლეზე დაკვირვება და შესრულებულ დავალებაზე ვერბალური ან წერილობითი გამოხმაურება მიმდინარე შეფასების მეთოდებია. ობიექტურობის დაცვის თვალსაზრისით, დაკვირვებისა და კომენტირების დროს მეტი სიფრითხილე მართებს მასწავლებელს. მისი ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს რომელიმე მოსწავლე. იმისათვის, რომ მასწავლებლმა, თითოეულ მოსწავლეზე დაკვირვების საშუალებით, ინფორმაციის მოპოვება და ჩანიშვნა შეძლოს, სასურველია, თავად შეარჩიოს გაკვეთილზე ის მოსწავლეები, რომლებსაც დააკვირდება. დაკვირვებისა და კომენტირების დროს არ არსებობს მკაცრად განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები. ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელი მაქსიმალურად მიუკერძოებელი იყოს, დააკვირდეს თითოეულ მოსწავლეს, ობიექტურად შეაფასოს მისი განვითარება, წარმატებები და პრობლემები და დროულად, ზომიერების დაცვით მიაწოდოს მოსწავლეს შენიშვნები მათ შესახებ.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა შეფასება

შეფასების ობიექტურობაზე მსჯელობისას ხშირად პრობლემურ საკითხად გვევლინება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე( სსსმ) მოსწავლეთა შეფასება. ზოგადი განათლების ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულია, რომ სსსმ მოსწავლისთვის” სკოლამ უნდა შეიმუშავოს სასწავლო მიზნები, რაც გულისხმობს, რომ უნდა განისაზღვროს მოსწავლის მოსალოდნელი აკადემიური წინსვლა”. მოსალოდნელ აკადემიურ წინსვლასთან მიმართებაში უნდა შემუშავდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რაც, შესაძლოა, სასწავლო გეგმის მოდიფიცირებას მოითხოვდეს. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლის შეფასება ხდება მოდიფიცირებული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონით. კვლევები ადასტურებს, რომ ბევრ მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს უსამართლოდ და არაობიექტურად მიაჩნია სსსმ მოსწავლისთვის მაღალი შეფასების მინიჭება, მაშინ, როდესაც სხვა მოსწავლეს ასეთივე ცოდნის დონისთვის შედარებით დაბალი შეფასება აქვს. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ინკლუზიური განათლების პრინციპები, პირველ რიგში კი, თითოეული ბავშვის უფლება, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ისწავლოს და განვითარდეს თანატოლებთან ერთად. იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა ბავშვები ან მათი მშობლები ეჭვის ქვეშ აყენებენ მასწავლებლის ობიექტურობას, მიზანშეწონილია, მასწავლებელმა გაუზიაროს მათ აღნიშნული პრინციპები და ღირებულებები.

ობიექტურობა მოსწავლეებთან დამოკიდებულებაში

დაუშვებელია მოსწავლეების მიმართ წინასწარი განწყობების ჩამოყალიბება მათი ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური კუთვნილების, სოციალურ- ეკონომიკური სტატუსის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების, სქესის ან სხვა მახასიათებლების გამო. ზოგადად, წინასწარი განწყობა, ნებისმიერ შემთხვევაში, იწვევს არასწორ მოლოდინებს. გადაჭარბებული ან მეტად მცირე მოლოდინი, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ბავშვის სწავლასა და სოციალურ- ემოციურ განვითარებაზე. არ არის გამორიცხული, მისი თვითშეფასება დაეცეს მაშინ, როდესაც ის ხვდება, რომ ვერ აკმაყოფილებს მასწავლებლის მოთხოვნებს, ან პირიქით, როცა მასწავლებელი მას საკმარისად არ სთხოვს. მოსწავლემ, შესაძლოა, ჩათვალოს, რომ თუ მასწავლებელი, რომელიც მისთვის ავტორიტეტულ ფიგურას წარმოადგენს, არ მოელის მისგან წარმატებებს, მას სათანადოდ სწავლა არც შეუძლია. ამრიგად, მასწავლებლის ობიექტური დამოკიდებულება მოსწავლეებისადმი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც შეუძლია პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს თითოეული მოსწავლის სწავლის შედეგზე.

მნიშვნელოვანია, მასწავლებელი აცნობიერებდეს, რომ ყველა ბავშვს, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური კუთვნილებისა, სოციალურ- ეკონომიკური სტატუსისა და სქესისა, აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლებიც განპირობებულია არა ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებით, არამედ პიროვნული გამოცდილებითა და იმ გარემოთი, რომელშიც ის იზრდება.

მოსწავლეთა განსხვავებულობის პატივისცემა თითოეული ბავშვის პიროვნული ზრდის წინაპირობას წარმოადგენს. მასწავლებლის ობიექტური დამოკიდებულება თითოეული მოსწავლისადმი, როგორც პიროვნებისადმი, ბავშვებს უყალიბებს განსხვავებულის მიმართ პატივისცემის, საკუთარი თავის და სხვათა ობიექტური შეფასების უნარს.

კვლევები ადასტურებს, რომ მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის პოზიტიური ემოციური ურთიერთობა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მოსწავლეთა სწავლისადმი დამოკიდებულებაზე და მათ მიერ შეფასების ობიექტურობის შეფასებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს რეგულარულად მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია მისი წარმატებებისა და პრობლემების შესახებ. რჩევები და შენიშვნები, რაც შეიძლება, კონკრეტული უნდა იყოს, რათა მოსწავლემ შესაბამისი რეაგირება შეძლოს. კვლევები აგრეთვე ცხადყოფს, რომ მოსწავლის შეფასებისას და მისთვის ამ შეფასების გაცნობისას, პირველ რიგში, ყურადღება მის პოზიტიურ მხარეებზე უნდა გამახვილდეს, რაც მას თავდაჯერებულობას შემატებს. ცხადია, წარმატებებზე ხაზგასმით მოსწავლის მიღწევების ობიექტური სურათი არ უნდა დაიჩრდილოს.

მასწავლებლის ღირებულებათა სისტემა, პირველ რიგში, ვლინდება მოსწავლეებთან, მშობლებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას. ის მუდმივად უნდა ცდილობდეს აღნიშნულ ურთიერთობებში ობიექტურობის შენარჩუნებას და ისეთი სიტუაციებისთვის თავის არიდებას, რომლებმაც, შესაძლოა, ზემოქმედება მოახდინონ მის დამოკიდებულებებზე. მაგალითად, მიზანშეწონილი არ არის მოსწავლეებისგან ან მათი მშობლებისგან საჩუქრის მიღება. საჩუქრის მიღების შემდეგ მასწავლებელს, შესაძლოა, გაუჭირდეს ობიექტურობის შენარჩუნება.

ობიექტურობა სწავლების შინაარსის თვალსაზრისით

ობიექტურობა აგრეთვე გულისხმობს სწავლების პროცესში მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიუკერძოებლად მიწოდებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული საგნების სწავლებისას. ცხადია, იმას, თუ რამდენად ობიექტურად ისწავლება საგანი, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სახელმძღვანელო, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს სათანადოდ შედგენილ სტანდარტს- სასწავლო გეგმას. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა საგანი მაქსიმალურად ობიექტურად ასწავლოს. ისეთი საგნები, როგორიცაა ლიტერატურა და ისტორია მოვლენების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა, თავად ეს ინტერპრეტაციები კი მიმდინარე კვლევის საგანს წარმოადგენს. ამიტომ, აუცილებელია, საგნის სწავლების დროს მასწავლებელმა ობიექტური, მიუკერძოებელი ინფორმაცია მიაწოდოს მოსწავლეებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ამით ის ხელს შეუწყობს მათში ობიექტური და კრიტიკული მსჯელობის უნარის ჩამოყალიბებას.

სხვა მასწავლებლებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა

სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესების და დახვეწის მიზნით, მნიშვნელოვანია, მასწავლებელი აქტიურად თანამშრომლობდეს სხვა მასწავლებლებთან. სხვა პედაგოგებზე დაკვირვება, მათთან ერთად საკუთარი გაკვეთილის ანალიზი, კლასის მართვის სტრატეგიების შეფასება, პრობლემებზე მსჯელობა მასწავლებელს საკუთარი თავის ობიექტურად შეფასების საშუალებას აძლევს, რაც პირველი ნაბიჯია პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ.

თანამშრომლობა მიზანშეწონილია მოსწავლეთა შეფასების სისტემის უნიფიცირების მიზნითაც, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს სკოლაში მოსწავლეთა ობიექტურად შეფასებას.




https://mastsavlebeli.ge/

მე უნდა ვიყო ტოლერანტი

 “ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გინდა, შენ მოგექცნენ…”

“ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაციის” თანახმად, ტოლერანტობა “მსოფლიო კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება. ტოლერანტობა – ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში. ეს არის არამარტო მორალური ვალი, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნილებაც. ტოლერანტობა – სათნოებაა, რომელიც შესაძლებელს ხდის მშვიდობას და ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლას ეხმარება”.

წარსულის სკოლა, სადაც ჩვენ ვსწავლობდით, შეუწყნარებელი იყო განსხვავებული შეხედულებების, აზროვნებისა და განსხვავებული ხედვის. ჩვენ ვსწავლობდით და ვცხოვრობდით მრავალეროვან ქვეყანაში, მაგრამ არაფერი ვიცოდით სხვათა ტრადიციის, ისტორიის და კულტრის შესახებ, ჩვენ აღვიქვამდით და ვხედავდით საერთო სტერეოტიპებით, რომლებიც დღემდე არ დამსხვრეულა და განაგრძობს თავის არსებობას ჩვენს გონებასა თუ ყოველდღიურობაში, ასეთი დამოკიდებულებების როლი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის კატაკლიზმებში ძალიან დიდია და ჩვენგან ჯერ კიდევ შეუსწავლელი.

მრავალფეროვნება არამხოლოდ სტიმულირებას უწევს კულტურის განვითარებას, არამედ, ასევე, შეიძლება დადებითი ზეგავლენა მოახდინოს სოციალურეკონომიკურ პარამეტრებზე. მრავალფეროვნება, შემოქმედებითობა და ნოვატორობა ერთად საუკეთესო პირობებს ქმნიან საზოგადოების განვითარებისთვის, როცა უთანასწორობა, პირიქით, სოციალურ კონფლიქტებს იწვევს, რომლებსაც უმთავრესად დამღუპველი შედეგები აქვს საზოგადოებრივი კეთილდღეობის და ადამიანთა ღირსების კუთხით.

ცხოვრების განმავლობაში ადამიანს უამრავ განსხვავებულ პიროვნებებთან ურთიერთობა უწევს, ძირითადად, ადამიანური ხასიათის ან დამოკიდებულებების ეს განსხვავებები პროფესიული საქმიანობის დროს ვლინდება. არადა, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ კაცობრიობა არასაკმარისად ტოლერანტულია, ადამიანები ერთმანეთის მიმართ ნაკლებად კეთილგანწყობილნი და მომთმენნი არიან, ნაკლებად არიან გამსჭვალულნი ურთიერთპატივისცემით, ამგვარი დეფიციტი კი მრავალი უბედურების მიზეზია.

ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ მხოლოდ ფსიქოლოგიურად გაწონასწორებულ და მშვიდ ადამიანს შეუძლია დადებითი ზეგავლენა მოახდინოს სხვა ადამიანებზე, ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, მასწავლებელი, რომელიც პატივს არ სცემს სხვის აზრს, სხვის უფლებებსა და სხვა კულტურებს თავისი საქმიანობით ურთიერთპატივისცემას, მშვიდობასა და პიროვნულ თავისუფლებას უწყობდეს ხელს. ვერასოდეს აღვზრდით თავისუფალ და ტოლერანტულ მომავალ თაობას, თუ თავად ჩვენ არ ვართ საკმარისად თავისუფლების მოყვარულნი და ტოლერანტული, თუ თავად არ გვჯერა იდეებისა, რომელსაც ვასწავლით.

თანამედროვე სკოლის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა – აღზარდოს პიროვნება, რომელიც ჰუმანური, მოქალაქეობრივი და ტოლერანტული იდეების მატარებელი და ერთგული იქნება.

სათანადო ენისა და მეთოდების გამოყენების ჩვევა შეიძლება დაეხმაროს როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს, რომ შეაფასონ მრავალფეროვანი საზოგადოება არა როგორც დისკრეტული და შეუთავსებელი კულტურების ნაკრები, არამედ სიდიდე, სადაც კომპლექსური რელიგიური, კულტურული და ეთნიკური განსხვავებები აღიარებულია საერთო, მთლიან დემოკრატიულ ჩარჩოში.

ტოლერანტული მიდგომა სხვადასხვა საკითხის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს სკოლას, მასწავლებლებს, სასწავლო გეგმის შემდგენლებს და სახელმძღვანელოების ავტორებს, აუცილებელია, მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, განივითარონ ანალიტიკური აზროვნება, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტოლერანტული მიდგომისთვის.

ტოლერანტული განათლების პროექტირება და დანერგვა საკლასო ოთახიდან იწყება, რომელიც აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს ინტეგრაციის, ჰუმანიზაციის, შემოქმედებითობის და კულტურიზაციის პრინციპებს. ტოლერანტულ კულტურას მრავალი ასპექტი აქვს, სკოლაში მისი ჩამოყალიბებისთვის და არსებობისთვის კი სამი მნიშვნელოვანი პირობაა საჭირო:

  • სკოლის ადმინისტრაციის ნება და მზაობა;
  • ტოლერანტული საგან­მა­ნათლებლო პროგრამები;
  • ტოლერანტი მასწავლებ­ლები.

ტოლერანტი მასწავლებლის პიროვნული მახასითებლები სკოლაშიც და სკოლის გარეთაც ეყრდნობა ღიაობის, ნდობის, შემწყნარებლობის, ემპირიული გაგების და თვითკრიტიკულობის პრინციპებს. იგი თავის თავში აერთიანებს ეთნიკურ და სოციალურ ტოლერანტიზმს, ასევე ტოლერანტიზმს ადამიანებთან კომუნიკაციისა და ურთიერთობის დონეზეც.

ტოლერანტია პედაგოგი, რომელიც –

  • აცნობიერებს, რომ მას აღიქვამენ მაგალითის მიმცემ პიროვნებად;
  • აფართოებს შემოქმე­დე­ბით მიდგომებს პრობ­ლემების აღსაკვეთად;
  • აცნობიერებს და იყენებს შესაბამის უნარებს და ცოდნას კომფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტისთვის;
  • ერთპიროვნულად არ იღებს გადაწყვეტი­ლე­ბებს კრიტიკულ სიტუაციებში;
  • მნიშვნელოვნად თვლის სხვის აზრს და შეხედუ­ლე­ბებს;
  • ავითარებს მოსწავლე­ებ­ში კრიტიკულ და ანალი­ტი­კურ აზროვნებას;
  • აფასებს კულტურულ მრავალფეროვნებას და ცდილობს, შექმნას გარემო, სადაც დააფასებენ კულტურულ განსხვავებებს და შესაძლებელი იქნება მისი თავისუფლად გამოვლენა ცხოვრებაში.

პედაგოგის საქმიანობა მასწავლებელთა და მოსწავლეთა შორის ტოლერანტული ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის უნდა ხორციელდებოდეს, როგორც საგაკვეთილო, ასევე კლასგარეშე პროცესის დროს, აუცილებელია, მოსწავლეებთან ურთიერთობა თანამშრომლობაზე ავაგოთ და მივიღოთ ყოველი მათგანი, როგორც ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი პიროვნება.

კომპრომისზე წასვლის და მოლაპარაკების უნარი, შესაძლებლობა იმისა, რომ კონფლიქტის გარეშე დაარწმუნო ადამიანს საკუთარი სიმართლე, ისე რომ პატივი სცე და დაიცვა მისი შეხედულებები, მისი უფლება, გააჩნდეს საკუთარი აზრი. ხელს უწყობდე სხვადასხვა რელიგიური, ეთნიკური თუ კულტურული მოსწავლეების დაახლოებას და არასოდეს ეგუებოდე ანტიჰუმანურ გამოვლინებებს, როგორიცაა ფაშიზმი, რასიზმი და ქსენოფობია, – აი, ნამდვილი ტოლერანტი მასწავლებლის პოზიცია.

მასწავლებლის ტოლერანტობა ვლინდება მის საქციელში: უნარში, მშვიდად გაერკვეს და მოაგვაროს კონფლიქტი მოსწავლეთა შორის, გაგებით ეკიდებოდეს მათ სასწავლო მიღწევებს, ფიზიკურ მონაცემებსა და მათ ერთმანეთისაგან განსხვავებულ საქციელს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მასწავლებლის პროფესიულ კომპეტენციასთან, რომლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილიცაა, საგნის ცოდნასთან და სწავლების მეთოდებთან ერთად, უნარი, გამოვნახოთ ეფექტური გზები და საშუალებები მოსწავლეებთან საურთიერთოდ და სათანამშრომლოდ.

“მასწავლებელს კარგად უნდა ესმოდეს, როგორ და რატომ ავითარებს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნასა და უნარებს მოსწავლეებში. მასწავლებელს გააზრებული უნდა ჰქონდეს შემდეგი საკითხები: დემოკრატიული საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, ახალგაზრდების მომზადება აქტიური მოქალაქეობისთვის, საზოგადოებაში ინკლუზია და ინტეგრაცია, პარტნიორობის წახალისება, საერთაშორისო განზომილების პოპულარიზაცია.

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლების ძირითადი ცნებებია: დემოკრატია, ადამიანის უფლებები და პასუხისმგებლობები, თანაგრძნობა, პატივისცემა, თანასწორობა, საზოგადოებრივი მრავალფეროვნება და თემი.

სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ მოიცავს ცოდნისა და გააზრების სხვადასხვა განზომილებას, უნარს, მიდგომასა და ღირებულებას. ეს ყოველივე ერთმანეთს უკავშირდება სწავლისა და სწავლების სხვადასხვა მეთოდის დახმარებით” (პიტერ ბრეტი, პასკალ მომპოინტ გელარდი, მარია ელენა სალემა “მასწავლებელთა კომპეტენციების ჩარჩო” მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2009.)

მოსწავლეთა აღზრდა ტოლერანტ მოქალაქეებად რთული და დიდი ხნის პროცესია, პირველი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ისეთი კომფორტული გარემოს შექმნა ბავშვებისთვის, სადაც უფროსები მეტად მომთმენნი არიან კრიტიკულ სიტუაციებში და სადაც ემოციები არ განაგებენ ადამიანთა საქციელს. ძირითადად, ბავშვის ფსიქოლოგიური აშლილობები და დისკომფორტი უკავშირდება მის მიმართ უფროსების “ნულოვან ტოლერანტობას”, გამოვლენილს მისი ფიზიკური თუ გონებრივი მიღწევების და შესაძლებლობების გამო – მოსწავლე, რომლისთვისაც სკოლაში სიარული დიდი განსაცდელია და რომელსაც უარყოფითი ემოციები აქვს სასწავლო პროცესის მიმართ, ყოველდღიურად ტოვებს სკოლის კედლებში თავისი ჯანმრთელობის ნაწილს.

მოსწავლეები ხშირად საუბრობენ იმ პრობლემების შესახებ, რომელიც სასკოლო ცხოვრებაში ხვდებათ და რაც ხელის შემშლელ ფაქტორებად მიაჩნიათ მასწავლებლებთან ურთიერთობაში, მაგალითად:

  • “მე მეშინია, რომ მასწავლებლისგან ჩემი განსხვავებული შეხედუ­ლება გამოიწვევს ჩემს უარყოფით შეფასებას საგანში”;
  • “მე მინდა, რომ ჩემს პრობლემებს მეტი ინტერესით ეკიდებოდნენ მასწავლებლები”;
  • “მინდა, მასწავლებლები პატივისცემით მეპყრო­ბოდ­ნენ”;
  • “მე მინდა, ჩემი მასწავ­ლებლები არ კარგავდნენ სამართლიანობის და ობიექტურობის შეგრძნებას” და ა.შ.

აშკარაა, რომ ბევრ მოსწავლეს ჰქონია ნეგატიური გამოცდილება, მასწავლებლის მხრიდან ტოლერანტული ფასეულობების დარღვევისა და უარყოფის ფაქტებით, ასეთ დროს მათ ყოველთვის აქვთ უსამართლობის, უპატივცემულობისა და უთანასწორობის შეგრძნება, რაც უმთავრესად მთელი ცხოვრება რჩებათ გონებასა და მეხსიერებაში და რაც შემდგომში აისახება მათ ურთიერთობებში სკოლასთან, თანაკლასელებთან, სხვა დანარჩენ მასწავლებლებთან და საზოგადოებასთან. მასწავლებელს კარგად უნდა ესმოდეს და უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ მოსწავლის დემოკრატიული და მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბება და ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნის და უნარების განვითარება მოსწავლეებში მასზეა, უმეტესწილად, დამოკიდებული, როგორც აღვნიშნეთ, თანამედროვე სკოლის უმთავრესი ამოცანა არის, აღზარდოს მოსწავლე, რომელიც დემოკრატიული მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს იზიარებს, ჩამოყალიბდეს აქტიურ, ინფორმირებულ და პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქედ, და რომელიც შეიძლება დავახასიათოთ შემდეგნაირად:

  • იცნობს მოქალაქის უფლებებსა და პასუხისმგებლობებს;
  • ინფორმირებულია სოციალურ და პოლი­ტი­კურ ვითარებაზე;
  • ზრუნავს სხვა ადამია­ნების კეთილდღეობაზე;
  • შეუძლია საკუთარი მოსაზრებებისა და არგუ­-მენტების არტიკუ­ლა­ცია;
  • აქტიურია თავის თემში;
  • შეუძლია პასუხისმგებ­ლო­ბის აღება თავის საქციელზე.

ტოლერანტული აღზრდის პრობლემები ყველაზე მეტად თავის აქტუალობას იძენს მრავალეთნიკურ საზოგადოებაში, სადაც უმნიშვნელოვანესია, არ დავუშვათ მოსწავლეთა უფლებებსა და მოვალეობებში განსხვავებები და უთანასწორობა. სერიოზული ყურადღებაა საჭირო, რათა სკოლამ შეძლოს, აიცილოს სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ ინსტიტუტების ზეგავლენა, რომლებიც ნაციონალურ ან რელიგიურ ექსტრემიზმს ეწევიან, რადგან სკოლა ყოველთვის იყო და, ბუნებრივია, ყოველთვის იქნება ასეთი ჯგუფების ინტერესის სფეროში. ხშირი შემთხვევები არსებობს, როცა მშობელი, კონფლიქტური სიტუაციის დროს, არ ცდილობს, გაერკვეს საქმის ვითარებაში და არ სურს, ცივილურად მოგვარდეს კონფლიქტი, არამედ ღიად გამოდის სხვა რელიგიის თუ ნაციონალობის მოსწავლის წინააღმდეგ – “სიმამაცის ტესტი მაშინ დგება, როცა ჩვენ უმცირესობაში ვართ, ტოლერანტობის კი – უმრავლესობაში ყოფნისას”. რალფ უ. სოკმენი.

“შედარებას რომ მივმართოთ, ტოლერანტობა – ესაა საზოგადოების პოლიტიკურ კულტურაში ამოზრდილი ყვავილი. ტოლერანტობის კონცეფცია სოციალურპოლიტიკური აზრის ხანგრძლივი განვითარების ნაყოფია. ტოლერანტობა იმ საზოგადოებაშია შესაძლებელი, სადაც სოციალური და პოლიტიკური განვითარების შედეგად, უსამართლობისა და სიღატაკის შემზარავი ფორმები უკვე აღარ არსებობს. მაგრამ მართებულია საპირისპირო თვალსაზრისიც: საზოგადოებრივ ცნობიერებაში ტოლერანტობის დაუმკვიდრებლად, ძნელია ცივილიზებული საზოგადოების შექმნა”. ბერმონაზონი ბენიამინ ნოვიკი.

https://mastsavlebeli.ge/

სკოლა ჩემი სახლია

 – საით მივდივართ? – მუდამ შინისაკენ.

ნოვალისი

ჩემს ბავშვობაში ან სხვა ბავშვებზე დაკვირვებისას, აღმომიჩენია, რომ ყველაზე მტკივნეული სახლს მოწყვეტა იყო. რა საბაბითაც უნდა ყოფილიყო ეს წასვლა სხვაგან, ბრჭყვიალა საცდუნები, გასართობ-დასვენებითი სავანე, საზღვაო თუ სოფლური თავგადასავლები – ცოტა ხნის შემდეგსახლის მონატრება იწყებოდა.

ან რას ვთამაშობდით მუდმივად ჩვენ და ყველა ბავშვი?

სახლს ვაშენებდით: მაგიდის ქვეშ ვძვრებოდით, ხის ტოტებში ვიწყობდით სახლ-შტაბს, მუყაოსყუთებს ვიმხობდით თავზე;ლეიბებითაც კი მოგვიწყვია სახლი.

ბევრი შეგრძნება აღარ მახსოვს, მაგრამერთი ცხადი იყო: თავშესაფარს, სიმყუდროვეს და დაცულობას ვესწრაფვოდით. დედის მუცელი სახლიდან ცოტა ხნის გამოსულებს სამყარო ჯერ სახლადვერ აღგვექვა, რადგანძალიან დიდი იყო და თავს იქ უმწეოდვგრძნობდით. მართლაცდა, სად ახლა რომ გვაქვსგადაჯავშნული გულ-ტყავ-თავებიდა სად მაშინ:ჩვილი და უღინღლო.

ადამიანი ნაწარმოებია ფორმით და შინაარსით, მის ავტორსშემოქმედი ჰქვია. აქედანგამომდინარე, განა ბუნებრივი არ არის, რომ მას დაბადებიდან სიკვდილამდე შემოქმედებითი გარემოშეუქმნა. თუმცა ჯერ უნდა დაანახო ის სილამაზეები და იდუმლებები, რაც ბუნებაში უკვეა წარმოდგენილი და მერე ისწავლო მისგან, როგორი ფერებითა და რუდუნებით კვანძავს თავთავებს, ყვავილებს, რომ თვითონაც ასე მოექცე საკუთარ თავსა და შენს გარემოს. ჩვენ კი ჩვენი თავიდან გარეთ გახედვაც გვეზარება, ამ საოცრებათა დაფასებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

მაშ ასე, გვაჩუქა შემოქმედმა თავისი შედევრი ბავშვი და უფროსებს მოგვანდო. რა ძალისხმევას გამოვიჩენთ, რომ თვითონაც შემოქმედს დავემსგავსოთ. პირველი სიტყვაოჯახის წევრებზეა, შემდეგ,ყველა ზღაპარში ასეა, ბედის საძებნელად ოჯახიდან უნდა გამოვიდეს მოზარდი. პიროვნებად რომ ჩამოყალიბდეს, უნდა დაიწყოს ბრძოლაარსებობისთვის და აჰა, სკოლისდროც მოვიდა. აქ მასწავლებელი ჩნდება. რა არის სკოლა?ვინ არის მასწავლებელი?

განა კარგი არ იქნება,სკოლა სახლს დაამსგავსოს მასწავლებელმა – სახლს, ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით, რომ მოსწავლემ თავი აქ მყუდროდ და უსაფრთხოდ იგრძნოს, დაიჯეროს, რომ იგი უყვართ,მისი ბედი აღელვებთ; ცხოვრებისთვის საჭირო უნარებსა და ცოდნას უზიარებენ ისე, რომ მუდმივად ჭკუას არ არიგებენ. არა, ჭკუის დარიგება როგორ არ არის საჭირო,ოღონდ – სხვანაირად, მეგობრულად და მისი პიროვნების გათვალისწინებით. მოსწავლე და მასწავლებელი ერთად ქმნიან სასწავლო გარემოს გულით, გონებითა და ქმედებით.

მინდა, ყველა გაკვეთილი მოლოდინით იწყებოდეს: აბა, რა სიახლემოგვიმზადა მასწავლებელმა? რადგანადამიანის ფანტაზიას საზღვარი არ აქვს. ერთხელ,როცა ზღაპარი უნდა ამეხსნა, თავზე გვირგვინი დავიდგი და ისე დავიწყე თხრობა.

ჯერ კიდევ საჯაროსკოლაში ვასწავლიდი, რომ მივხვდი, ბავშვებს ყველაზე მეტად მასწავლებელთა მხრიდან სიყვარული და მათი პიროვნებებად აღიარება აკლდათ. შევდიოდი კლანებად და კიდევ ვიღაც-ვიღაცებად დაყოფილ კლასში (ჩვენი საზოგადოების პატარა მოდელში) და ჩემს თავს ვეკითხებოდი: მოგწონს ეს და თუ არა, რას იღონებ?

ვიმეგობრებთ და ვამეგობრებ ერთმანეთთან – სიყვარულის წებო მოვიმარჯვე და კლასის სახლადქცევას შევუდექი. დავიწყე თანამშრომლობა მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან. აი, ერთი ბავშვიგარიყული ზის, ბაიყუშობს. ისე, რომ მან ვერ გაიგო,თანაკლასელები “მივუსიე” და გამთლიანდნენ. რომელიღაც მოსწავლე გაჭირვებული ოჯახიდანაა, ექსკურსიის ფულს ვერ დებს. მის ზურგს უკან, შეძლებულ მშობლებთან და შვილებთან მოვაგვარეთ ეს საქმეც. ფულის დამდებებიც კმაყოფილი არიან თავიანთი ქველმოქმედებით.

იმ სკოლაში რომ მივედისამუშაოდ, დირექტორმა მკითხა:ბავშვებთან მუშაობის გამოცდილება გაქვსო? – არა-მეთქი.ჰოდა, ძალიან კარგიო.კლასში შესვლის წინაც მკითხა:აბა, როგორი განწყობა გაქვსო? საშინლად მეშინია-მეთქი, – ვუპასუხე (დღემდეასე ვარ). ეგეც ძალიანკარგიაო. ახლა ვხვდები, რომ ბრძენი და გამჭრიახი იყო ის დირექტორი.

ძაღლი წყალშირომ ჩააგდეს, ცურვა მაშინ ისწავლაო – ამ ანდაზასავით იყო ჩემი საქმე.სწავლას მივეძალე – ტრენინგებზე დავდიოდი, სხვა მასწავლებელთა გაკვეთილებს ვესწრებოდი; რაღას არ ვიგონებდი, რომ გაკვეთილი შოკურიდა ფერადოვანი გამეხადა, ექსპერიმენტებს ვატარებდი საკუთარ თავზე და მოსწავლეებზე. ზოგჯერვფლავდებოდი, მაგრამ მაინც ჯიუტადგანვაგრძობდი ძიებას.

სახლის თემას თუ გავაგრძელებ, იატაკიდან საყვედურის გარეშევკრეფდი ქაღალდებს, ბუფეტის ნამუსრევს – ასე ვასწავლე მათ სისუფთავე და წესრიგი. სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, გაზაფხულზე ბიჭებს დავიმარტოხელებდი, ათ-ათ თეთრს ვადებინებდი (მე თვითონ ლარს ჩამოვდიოდი) და დილით, გაკვეთილის დაწყების წინ, თანაკლასელ გოგონებს მერხებზე თითო-თითო ყოჩივარდა ხვდებოდათ – ურთიერთპატივისცემა ისწავლეს. ერთიანი რომ გახდნენ, მშობლებიც მიხვდნენ, რომ მე მათი თანამებრძოლი და არა დაპირისპირებული ძალა ვიყავი.სკოლა ჩემი სახლი იყო. სიზმრებშიც მათ ვხედავდი. შეყვარებული ვიყავი ჩემს მოსწავლეებზე, ქუჩაში გამოსულიც ყველა ბავშვში მათთან მსგავსებას ვეძებდი. ერთ ჩემს მოსწავლეს უთქვამს: სკოლაში წასვლამიხარიაო და მივხვდი, რომ სკოლა მათთვისაც სახლად გადაქცეულიყო. მაგრამ,ერთ დღეს, ჩემს სახლში,საკუთარმა შვილებმა რევოლუცია მომიწყვეს, ლოზუნგით: “ან ჩვენ, ან ისინი”.მე შვილები ვარჩიეიმიტომ, რომ მათ ჩემს მეტი მშობელი არ ჰყავდათ და დიდხანს, ძალიან დიდხანს ცუდად ვიყავი,მოსწავლეებთან ვერყოფნის ავადმყოფობა ძლივს მოვიხადე. იმ სკოლისკენ აღარასოდეს გამიხედავს.

მერე ბედმა”კავკასიურ სახლში” მიმიყვანა, ჩემი ყოფილი უსაყვარლესი ლექტორის, მწერალ ნაირა გელაშვილის მიერ დაარსებულ კულტურულ ურთიერთობათა ცენტრში, სადაც იმხანად საკვირაო სკოლა იყო გახსნილი და დავიწყე მასწავლებლობა. აქ აღარ ვიყავიისეთი უმწეო და დაუცველი, როგორც მაშინ, როცა პირველად შევდგი ფეხი საჯაროსკოლაში – გამომწვევად, კევის ღეჭვითრომ შემხვდნენ ჩემთვის უცნობი ბავშვები: აბა ერთი, რას იზამსო.მადლობა ღმერთს, ბუნებრივი რეაქცია მქონდა: ჩანთა გავხსენი, კევი ამოვიღე და ყბებისქნევაში ავყევი მათ (იმის მერე გაკვეთილზე აღარავის დაუღეჭავს).

მას შემდეგბევრმა წყალმა ჩაიარა,მაგრამ მე ისევ მეშინია ბავშვებისა, გაკვეთილზე შესვლის წინ. და ღმერთმა ნუ ქნას, სხვანაირად იყოს. უკვე იმდენიხნის მასწავლებელი ვარ, რამდენი წელიც თვითონ ვიყავიმოსწავლე და ჩემს თავს ვეუბნები, მთავარია, ყურები არ ჩამოყარო, ხალისი არ გაიქრო; შენი მოსწავლეების ასაკიდან შეხედო სამყაროს და გახსოვდეს, რომ მათზე მეტი გამოცდილება მოგეცა იმიტომ, რომ შეგიძლია შენზე უმცროსები გაახარო. და ფიქრობ მეორე დღეზე,როგორ მოაწყო პატარაგაკვეთილი – სანახაობა, რომ შენც ითამაშო და მოსწავლეებიც ათამაშო, თან შენი მიზნები განახორციელო.

ერთხელ ბავშვები ჯგუფებად დავყავი, ცარცები დავურიგე, გარეთ ასფალტზე ტერიტორიები გამოვუყავი და დავალება მივეცი, დაეხატათ თავიანთი ოცნების სახლი, დაერქმიათ სახელი; პრეზენტაციის დროს მოეყოლათ, ვინ ან რა ცხოვრობდა ამ სახლშიდა რა სურდა. ჩემ მიერ შერჩეული ჟიური აფასებდა მათ ნაშრომებს. თან საჭიროა ბავშვები მუდმივად გრძნობდნენ, რომ შენ ისინი,ყველანი, განურჩევლად გიყვარს და ყურადღების ცენტრში გყავს. თუ გინდა რაიმე შენიშვნა მისცე, ცალკე გაგყავს და უსაბუთებ, რატომ არ მოგწონს მისი საქეციელი. საკუთარ შეცდომებს საჯაროდ აღიარებ მათ წინაშე და ბოდიშსიხდი. ძალიან კარგია,რომ სულ სადღაცდაგყავს, საუკეთესოს აჩვენებ. შეიძლება ყველაფერი ვერ გაიგოს,მაგრამ რაღაც აუცილებლად დაამახსოვრდება, ჩარჩება გონებაში, მის გემოვნებაზე იმოქმედებს და ჩვენი მიზანიც ხომ ეს არის. მთავარია კაცთმოყვარენი გავზარდოთ.

უკვე რაღაცეებს ვამეტაფორებ: ყოველი სასწავლო წელი შობა-ახალი წელივით არის, თავიდან იბადები, მოსწავლეებთან ერთად მთელი წლის მანძილზე იზრდები, თავს დაისხამ და პურდები.

სიახლეებია საჭირო.ამისათვის დრო გჭირდება, მარტო ეს საქმე უნდა გებაროს, ფიქრში და ფიქრის გარეთ.შენს თავს ამხნევებ, ხშირ-ხშირად ეუბნები: თუკი ჩვეულებრივი დღე ახლებურად თენდება და ღამდება?… გულში მეცინება, ეს, სხვათა შორის,ჩემი დამსახურებაცაა – ვფიქრობ. ჰოდა, მეტი რაღა გინდა,კეთილი ინებე და არ გაბედოერთფეროვნება.

ამ შაბათ-კვირისსკოლაში კიდევ უფრო რთულადაა საქმე. აქ არიან ახალი და ძველი დევნილები, სოციალურად დაუცველნი, ეროვნული და რელიგიური უმცირესობანი, მოკლედ, თუ ვინმე სადმე დაკარგულა და თავი ვერ უპოვნია, ისეთებიც. რაღაც თბილი ცისარტყელა გადავჭიმე მე ამ სკოლაში, რადგანეს მართლაც სახლი უნდა ყოფილიყო ტრავმირებული ბავშვებისთვის. თანაც შაბათ-კვირასბავშვს დასვენება და თამაშიუნდა. რომ იცოდეთ,რამდენ ფერს ვეძებდი, რამდენ ხანს ვქსოვდი ამ ცისარტყელას.

თანამოაზრეებთან ერთად დავიწყეთ სახლის შენება, მე, როგორცრიგითმა მასწავლებელმა, მერე -კოორდინატორმა და დღემდე ვაშენებთ, ყოველ წელს უფრო და უფრო თბილსადა მხიარულს ვხდით სახლს.ასეთია თანამედროვეობის გამოწვევები. ამ ხნის მანძილზე ჯერ არ შემხვედრია უუნარობავშვი, არასდროს ყოფილაჩვენს სკოლაში მოსწავლე, სიყვარულსა და ყურადღებას არ გაეკეთილშობილებინოს. აქ ბავშვები ერთმანეთს კარგი ბავშვობის გამო აფასებენ და არა სხვა რამეთაგამო. ამიტომ არის, რომ ეს პატარა,მრავალფეროვანი, მეგობრული სკოლა,ერთი სახურავის ქვეშ მოქცეული – სოლოლაკში, გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე, ¹20-ში – ცხოვრობს და ვითარდება. კიდევ ერთი პატარასახლი შევქმენით 2001 წლიდანევროპული ფონდის, “ჰორიზონტის” ფინანსური დახმარებითა და ნაირა გელაშვილის იდეით.

კარგი მასწავლებლობა კი გამოსდით ან ძალიანახალბედებს და გამოუცდელებს, ან მათ, რომლებიც სულ სწავლობენ და უყვართ.



https://mastsavlebeli.ge/

მე ვასწავლი და ვსწავლობ

 მასწავლებელი და მოსწავლე პირობითი ცნებებია, რადგანაც მასწავლებელიც მთელი ცხოვრება სწავლობს, მათ შორის ბევრ რამეს – საკუთარი მოსწავლეებისგანაც.

,,მე თქვენ გამო უამრავ რამეს ვსწავლობ”, – მადლიერებით მითქვამს ჩემი მოსწავლეებისათვის და ეს გულწრფელი სიტყვებია. რომ არა ისინი, შესაძლოა, საკუთარი ინტერესების გამო არ მომეძებნა ახალი ინფორმაციები და ლიტერატურა, არ გამეხსენებინა ძველი, წლების წინ ნასწავლი და დავიწყებული, არ გადამეშალა ისტორიისა და ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოები და ა.შ.; ბოლოს და ბოლოს, არ დამეწერა სასკოლო სახელმძღვანელო.

ბევრ რამეს უშუალოდ მათგანაც ვსწავლობ: გაკვეთილი ხომ შემოქმედებითი პროცესია, როცა მასწავლებლის თავში ყველაზე საინტერესო აზრები იბადება. ამ აზრების თანაშემოქმედნი მოსწავლეები არიან. ისინი გვაიძულებენ, ნაცნობ, გათავისებულ, ზოგჯერ აქსიომად ქცეულ მოსაზრებას ახალი თვალით შევხედოთ, სხვა მიზეზ-შედეგობრივი კავშირები ვეძებოთ, მათთან ერთად ახლებური დასკვნები გავაკეთოთ.

რამდენიმე დღის წინ გურამიშვილს ვკითხულობდით:

,,მაშინ იხარებს მწიდნავი, ოდეს მოისთვლის მტევნებსა,

ეგრეთ მოსწავლე სწავლასა რა სრულყოფს, განისვენებსა.”

მე სიტყვა ,,მწიდნავის” მნიშვნელობას ვუხსნი, მათ ის უფრო აინტერესებთ, კონკრეტულად როდის სრულყოფს მოსწავლე სწავლას და როდის მოისვენებს. მე არ მაქვს ამ კითხვაზე პასუხი, რადგან ვიცი, ეს არ იქნება არც სკოლის დასრულების შემდეგ, არც – უმაღლესი სასწავლებლის, არც – დოქტორანტურის. იქნებ უმჯობესია, ვუთხრა ძველი და მართალი აზრი, რომ სწავლა სიბერემდეა.

ერთადერთი, რითიც შემიძლია ვანუგეშო, ისაა, რომ სწავლის პროცესი დასაწყისშია მწარე და შემდეგ ნელ-ნელა – მათთვის, ვინც გემოს გაუგებს – ,,გატკბილდების” (ოღონდ ვაზუსტებ, რომ ,,გატკბილებაც” სწავლის პროცესს უკავშირდება და არა – შედეგს).

ვერ ვიტყვი, რომ ამ ახსნა-განმარტებით დიდად არიან აღფრთოვანებულები (ზოგი პროტესტსაც კი გამოთქვამს); არადა, რა მშვენივრად გაიგეს ოთხი სტროფის წინ წაკითხული ტაეპი: ,,ნუ გენაღვლების სწავლაზე ყრმის წკეპლის ცემით კივილი. . .” არც კითხვა დაუსვამს ვინმეს, არც უკმაყოფილება გამოუხატავს.

სასკოლო ცხოვრება თავისი გზით მიდის – თავისი წარმატებებითა და დაბრკოლებებით. ყველაზე სერიოზული და თვალსაჩინო მიღწევა, რომელიც თანამედროვე სკოლაშია ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების თვალსაზრისით, ისაა, რომ მოსწავლე დადგა ლიტერატურული ტექსტის შესწავლის აუცილებლობის წინაშე და მას აღარ უწევს ტექსტის შესახებ საყოველთაოდ დაკანონებული მოსაზრებების დაზეპირება. მოსწავლე იძულებული გახდა, მიეჩვიოს თხზულების დაწერას, რადგან აღარაფერში გამოადგება ის თემების რვეული, რომელიც მემკვიდრეობით გადაეცემოდა მშობლებიდან შვილებს, შვილებიდან – შვილიშვილებს. სკოლებში ნელ-ნელა ქრება ,,შპარგალკის” ცნება. მოსწავლემ გაიგო, რომ ქართული ენა მხოლოდ გრამატიკა არაა და რომ არსებობს ლექსიკისა და სტილისტიკის საკითხები. მოსწავლე მიხვდა, რომ ცოდნის გარეშე ეროვნული გამოცდების ჩაბარება შეუძლებელია. . .

მასწავლებელიც დარწმუნდა, რომ მის წინაშე ახალი მოთხოვნებია. მასაც ბევრი რამის შესწავლა სჭირდება, რათა მუდმივად ,,ფორმაში იყოს”.

პირველ რიგში, საჭიროა ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამის გაცნობა. მასწავლებელმა ზუსტად უნდა იცოდეს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მიზანი, ამოცანები, მიმართულებები, იმისათვის, რომ ქაოსურად და ფრაგმენტულად არ წარიმართოს სწავლების პროცესი. მას ზუსტი ორიენტირები უნდა ჰქონდეს და საკუთარი სურვილებისა და ინტერესების მიხედვით არ უნდა მოქმედებდეს.

არის შემთხვევები, როდესაც ზოგიერთი მასწავლებელი უგულებელყოფს ენის სწავლებას, ზოგიერთი საერთოდ არ აწერინებს მოსწავლეებს თხზულებებს, ზოგიერთი კი მხოლოდ თავისი საყვარელი მწერლის შემოქმედებას ასწავლის. ამ ტიპის სწავლება მოსწავლეთა უნარ-ჩვევებს თანაბრად ვერ ავითარებს. მოსწავლეთა თხზულებების გასწორებისას ეროვნულ გამოცდებზე მკაფიოდ იკვეთება სწავლების პროცესის ნაკლოვანი მხარეები. ზოგჯერ გვხვდება საკმაოდ საინტერესო, ორიგინალურად დაწერილი თხზულება, რომელიც ენობრივად იმდენად ,,ხორკლიანია”, რომ ხვდები, ამ თვითნაბად აზრებს არასოდეს მიჰკარებია ენობრივი შალაშინი და მისი ავტორი არც საინტერესო მოსაზრებების არგუმენტირების უნარ-ჩვევას ფლობს. ეს უკვე სწავლების ნაკლია, რომელიც მეტწილად პედაგოგთა კვალიფიკაციის პრობლემას უკავშირდება.

მეორე, რასაც მასწავლებელი ყოველდღიურად უნდა ხვეწდეს, საგნის ცოდნაა. დამეთანხმებიან ყველაზე გამოცდილი პედაგოგები, რომელთაც არაერთხელ წაუკითხავთ კლასიკური ტექსტები, რომ ყოველი ახალი წაკითხვისას ახალი ნიუანსები, ახალი ქვეტექსტები, კონკრეტული დროისა და ეპოქის შესატყვისი ახალი ქვედინებები დაუნახავთ მათში. კლასიკური ტექსტების თანამედროვე წახნაგებით წარმოჩენა არის ის უმთავრესი გზა, რომლითაც ისინი გაკვეთილზე შეაქვს პედაგოგს, რათა მოსწავლეს მისთვის საინტერესო და ახლობელი პრობლემებიდან სხვა, ზოგჯერ უფრო ღირებული და მნიშვნელოვანი ფასეულობები დაანახოს, აგრძნობინოს, რომ ეს ,,ძველი” ტექსტები მარადიულად ,,ახალია”. ასეთი სწავლება ხელს შეუწყობს მოზარდს საკუთარი თავისა და გარემომცველი სამყაროს უკეთ შეცნობაში. როგორც გურამიშვილი ამბობს:

,,ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო,

ვინ არის, სიდამ მოსულა, სად არის, წავა სადაო. . .”

პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდების შედეგებმა აჩვენა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია მასწავლებლების ლინგვისტური ცოდნის სრულყოფის საკითხი. იმედია, ამ ნაწერების ანალიზი კეთდება და გამოჩნდება ის რეალობა, რომელიც დღეს სკოლებშია და პედაგოგთა კვალიფიკაციის სტრატეგიაც შესაბამისად განისაზღვრება.

პედაგოგთა ერთ ნაწილს აღიზიანებს ახალი ავტორებისა და ახალი ნაწარმოებების შეტანა სახელმძღვანელოებში, რადგან მათი შესწავლა, გააზრება, პრობლემათა წარმოჩენა და მოსწავლეებამდე მიტანა გარკვეულ ძალისხმევას მოითხოვს. ძველი, შეჩვეული სახელმძღვანელოების ნოსტალგია ამითაც არის განპირობებული. სასურველია, პედაგოგებს დავეხმაროთ სიახლეთა დაუფლებაში. სახელმძღვანელოთა ავტორები მათ, ძირითადად, მხოლოდ ახალი წიგნების პრეზენტაციისას ხვდებიან. უნდა გავმართოთ მასწავლებელთა კონფერენციები, სადაც კოლეგებს ერთმანეთის მოსმენის, სასკოლო სახელმძღვანელოებში შესული ახალი ტექსტების სწავლების გამოცდილების გაცნობის საშუალება ექნებათ. პედაგოგები უნდა ხვდებოდნენ ლიტერატურათმცოდნეებს, ენათმეცნიერებს, უნდა ეცნობოდნენ უახლეს კრიტიკულ ლიტერატურასა და ენათმეცნიერულ გამოკვლევებს, სპეციალისტებისაგან რჩევა-დარიგებებს უნდა იღებდნენ.

ახალი მეცნიერული გამოკვლევების გაცნობა პედაგოგთა პროფესიული დაოსტატების აუცილებელი პირობაა. ყველაზე ცნობილ და სახელმოხვეჭილ ლიტერატურათმცოდნეთა ნაშრომებიც კი (რომლებიც, გარკვეულწილად, საბჭოთა პერიოდის იდეოლოგიითაა დაღდასმული) სრულფასოვნად ვერ პასუხობს თანამედროვე ცხოვრების მოთხოვნებს. სიახლეებს ჩამორჩენილი პედაგოგი კი ვეღარ ახერხებს, გააცნობიერებინოს მოზარდს ეროვნული კულტურის ღირებულება, აჩვენოს მისი კავშირი ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებთან, ჩამოუყალიბოს ტექსტის შემოქმედებითად აღქმის უნარი.

რა თქმა უნდა, ყურსაც და გულსაც ცუდად ხვდება ტერმინი ,,ჩამორჩენილი პედაგოგი”, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს ჩვენი რეალობაა, ამას ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. ამ მიზეზებს კვლევა და შეფასება სჭირდება.

თუ პედაგოგი კარგად არ ფლობს იმ მასალას, რომელიც უნდა ასწავლოს, ამაოა საუბარი იმაზე, თუ როგორ უნდა ასწავლოს. როგორ ასწავლო – ეს არის ერთ – ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი თანამედროვე სკოლაში.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საკმაო ძალისხმევა მოახმარა იმას, რომ პედაგოგები სწავლების ახალ მეთოდებს დაუფლებოდნენ. იმედია, შედეგები არის და ამ ტრენინგებმა მაინც შეძლო იმ ხარვეზების ამოვსება, რომლებიც უმაღლეს სასწავლებლებშია მომავალი პედაგოგების სწავლების თვალსაზრისით.

ყოველთვის, როცა ახალბედა პედაგოგებთან მიწევს ურთიერთობა, ვხედავ, რომ ყველაზე მეტად მათ აშინებთ ის, შეძლებენ თუ არა გაკვეთილის ჩატარებას – მის დაგეგმვასა და წარმართვას.

მე დავესწარი რამდენიმე საჩვენებელ გაკვეთილს, რომელიც უახლესი მეთოდებით ჩაატარეს პედაგოგებმა და დავინახე ერთი საშიშროება, რომელიც ამ პროცესს ახლავს. მეთოდი არ შეიძლება იქცეს მიზნად, ის მხოლოდ საშუალებაა და ხელს უწყობს პედაგოგს, უფრო გასაგებად და სიღრმისეულად გააცნოს საკითხი მოსწავლეებს. თუ პედაგოგი მეთოდთა ტყვეობაში აღმოჩნდება, ეს სწავლების პროცესს დააზარალებს.

ერთსა და იმავე მასალასაც კი გამოცდილი პედაგოგი ყოველთვის ერთი და იმავე მეთოდით არ გადასცემს მოსწავლეებს, რადგან მეთოდის შერჩევა უამრავ ფაქტორთანაა დაკავშირებული – კლასში მოსწავლეების მომზადების დონესთან, მათ რაოდენობასთან, მოტივაციასთან, განწყობასთან და ა.შ. პედაგოგს მეთოდთა მრავალფეროვანი არსენალიდან ზუსტად იმის გამოყენება უნდა შეეძლოს, რომელიც კონკრეტულ გაკვეთილზე, კონკრეტულ სიტუაციაში სჭირდება. ტრადიციული და ინოვაციური მეთოდების ადეკვატური გამოყენება ის უმთავრესი პირობაა, რომელიც გაკვეთილს შემოქმედებით პროცესად აქცევს და არა დაშტამპულ, კალკირებულ ასლად. პროფესიონალი პედაგოგი ორ, ზუსტად ერთნაირ გაკვეთილს ვერასოდეს ჩაატარებს ისევე, როგორც ერთ მდინარეში ორჯერ ვერავინ შევა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც პედაგოგი მუდმივად უნდა სწავლობდეს (თუ აკვირდებოდეს), მოსწავლეებთან ურთიერთობაა. სწავლება ურთულესი პედაგოგიკური პროცესია, რომელშიც ურთიერთობის ხელოვნება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე საგნის ღრმა ცოდნა და ეფექტური მეთოდიკური არსენალი. ურთიერთობის ბეწვის ხიდი, რომელზეც ყოველ გაკვეთილზე გადის მასწავლებელი, განსაკუთრებულ ალღოსა და ტაქტს მოითხოვს.

სამართლიანობა, ნდობა, პატივისცემა, გულისხმიერება – ეს იყო გრძელი სიის სათავეში დაწერილი სურვილები (თუ მოთხოვნები), რომლებიც 3 წლის წინ ჩამოგვიწერეს დაფაზე დღევანდელმა მეთერთმეტეკლასელებმა, როცა ერთ-ერთ პედაგოგთან დაპირისპირება მოუხდათ. ცოდნა და ინტელექტი სიის ბოლოში იყო. ისინი ასე ალაგებდნენ პრიორიტეტებს სწავლების პროცესში. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რა უნდათ მათ, რათა თანამშრომლობის შედეგი ეფექტური იყოს.

გონივრული დათმობა და მოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინება მათ იმის სურვილს უჩენს, რომ თავისუფლად იაზროვნონ, გამოთქვან საკუთარი შეხედულებები, ისწავლონ სხვისი მოსაზრებების მოსმენა და განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებთან თანაარსებობა. ამ ურთიერთობის დირიჟორი მასწავლებელია.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ყოველწლიურად ,,სწავლობს” პედაგოგი, ახალი სახელმძღვანელოებია. მათი გაცნობისა და შერჩევის პროცესი საკმაოდ რთულია. ბაზარზე არსებული უამრავი სახელმძღვანელოს შესწავლა თითქმის შეუძლებელია, მასწავლებელს კი ხელი არ მიუწვდება ყველა სახელმძღვანელოზე, რომ მათი შედარება-შეპირისპირება ან სტანდარტებსა და პროგრამებთან შესაბამისობის თვალსაზრისით გაანალიზება შესძლოს. მოსწავლეები ერთი და იმავე კლასის ალტერნატიული სახელმძღვანელოებით განსხვავებულ ცოდნას იღებენ.

სახელმძღვანელოთა ნაწილი, ,,სტანდარტთან შესაბამისობის” თვალსაზრისით, მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ზოგჯერ ავტორები არ ითვალისწინებენ მოსწავლეთა წინარე ცოდნას; ზოგჯერ სავარჯიშოები და კითხვები მეთოდიკური თვალსაზრისით გაუმართავია; ზოგ შემთხვევაში კი არ არის გათვალისწინებული სწავლების თანამედროვე მეთოდები: მოსწავლეთა ინიციატივა, ახალი მასალის ახსნის პროცესში მისი ჩართვა, შეფასებისა და თვითშეფასების კომპონენტები.

დრომ ბევრი სტერეოტიპი შეცვალა, თუნდაც – მასწავლებლისა. ჩემს ცნობიერებაში იგი ქალბატონ ჟენია გელოვანთანაა დაკავშირებული – მაღალი, ელეგანტური, ჭაღარა, მუდამ თეთრი მაქმანის საყელოთი. ჩემი მეგობრის შვილიშვილი, ბექა მეორე კლასშია. რამდენიმე დღის წინ ნახატი მაჩვენა. თავისი მასწავლებელი დაუხატავს – ისიც მაღალი იყო, ვიწრო შარვლითა და გაშლილი თმებით; ხელში, რატომღაც, დიდი თეთრი ბუშტი ეჭირა.

დარწმუნებული ვარ, გარეგნული სხვაობის მიუხედავად, ჩემი და ბექას მასწავლებლები მაინც ძალიან ჰგვანან ერთმანეთს. ორივეს უყვარს თავისი საგანი, თავისი მოსწავლეები, თავისი პროფესია. ისინი ყოველდღე სწავლობენ, რათა ასწავლონ, რადგან იციან, რომ დიდსა და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ.

https://mastsavlebeli.ge/