Sunday, June 25, 2023

„ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა ტრფობა გაგვყოლია…“

 

დავით კაკაბაძეზე ვწერ, ხელოვნების ამ კორიფეზე, საამაყო ადამიანზე, მოღვაწეზე არა მარტო მხატვრობის, არამედ ხელოვნების ისტორიისა თუ თეორიის, ქართული ისტორიოგრაფიის, კინემატოგრაფიის განვითარების თვალსაზრისით. მოდით, მივყვეთ თანმიმდევრულად ამ გენიალური შემოქმედის ღვაწლს…

დავით კაკაბაძე ის შემოქმედი იყო, რომელშიც სრულყოფილად გამოვლინდა არა მარტო ეროვნული, არამედ თანამედროვე კულტურის სულიც, ხელოვნების მწვერვალებს რომ იპყრობს. იგი იყო შენაკადი ლიტერატურისა და ხელოვნების იმ მძლავრი დინებისა, რომელიც მე-20 საუკუნის ათიანი წლების შუახანებიდან მოყოლებული იგრძნობოდა, გამოიკვეთა რა საქართველოს მძიმე საზოგადოებრივ-სოციალურ ცხოვრებაში ეროვნულ-გამათავისუფლებელი იდეების მნიშვნელობა თვითდამკვიდრებისათვის. მხატვრობაში ესენი იყვნენ: ვალერიან სიდამონ-ერისთავი, დიმიტრი შევარდნაძე, შალვა ქიქოძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, გრიგოლ მესხი, მიხეილ ჭიაურელი, ლადო გუდიაშვილი. ისინი იყვნენ არა მარტო შემოქმედნი, არამედ საზოგადოებრივი ინტერესების მატარებელი ადამიანებიც. ამ დროს იხსნება მხატვრების მიერ უნიკალურად მოხატული, ქართველ ლიტერატორთა თავშეყრის ადგილი „ქომერიონიც“. 1919 წელს გამართულ გამოფენაზე კი დავით კაკაბაძის შემოქმედებამაც გაიბრწყინა, გაამჟღავნა მხატვრის რჩეულობა. ამავე წელს დავით კაკაბაძე ლადო გუდიაშვილთან ერთად ოსტატობის დასახვეწად გაემგზავრა პარიზში.

დავით კაკაბაძე ფართო ინტერესებისა და პროფილის შემოქმედი იყო. იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ხელოვნების ისტორიისა და თეორიის საკითხების შესწავლა-დამუშავებას. სწავლობდა კიდეც ფილოლოგიის ფაკულტეტზე პეტერბურგში, სადაც მას დიდ ყურადღებას აქცევდა იქ მყოფი ივანე ჯავახიშვილი, ზრუნავდა მის მატერიალურ კეთილდღეობაზეც. ივანე ჯავახიშვილის დავალებით მხატვარი ხელნაწერთა და კედლის მხატვრობის ასლებს ასრულებდა და მუშაობდა გამოკვლევაზე ქართული ორნამენტის შესახებ. სწორედ პეტერბურგში მოღვაწეობის ნაყოფიერ წლებში გამოჩნდა დავით კაკაბაძის შემოქმედების ფართო დიაპაზონი, რომელმაც ის ქართველ ხელოვანთა შორის სრულიად გამორჩეულ მოვლენად აქცია.

1918 წელს დავით კაკაბაძე საქართველოში დაბრუნდა. ამ პერიოდისაა მისი ერთ-ერთი თვალსაჩინო ნამუშევარი „იმერეთი-დედაჩემი“, როგორც სიმბოლო დედისა და სამშობლოს ერთიანობისა. ამ ნახატში მხატვრულ ძიებათა მთელი მრავალფეროვნებაა: აქაა რეალიზმიც, პირობითობაც უკანა პლანისა (ტონთა მონაცვლეობა პლანებისა და მათი გამაერთიანებელი, კოლორიტის განმაპირობებელი ღრმა მწვანე ფერი), სივრცის პრობლემაც, რომელზეც მხატვარი აქცენტს აკეთებდა მთელი თავისი შემოქმედებით. იშვიათი ემოციურობაა აქ, დედის ფიგურის ლაკონიურობა და იმერეთის პეიზაჟის დეკორატიული მოზაიკურობა, თითქოს ათასჯერ ნანახიც და სწორედ დავით კაკაბაძისეული განუმეორებლობით ნაგრძნობიც. აქედან დაიწყო კაკაბაძის ცნობილი ციკლი, იმერეთისადმი მიძღვნილი, სიბრტყითი გადაწყვეტებითაც და საოცარი სივრცობრივი შთაბეჭდილებებითაც. როგორც ვთქვით, 1919 წელს დავით კაკაბაძე უკვე პარიზს მიემგზავრება, სადაც ის 1927 წლამდე ცხოვრობს. პარიზი, იმდროინდელი საყოველთაო კულტურული ურთიერთობების უკვე აღიარებული ცენტრი, დიდი სკოლა აღმოჩნდა ახალგაზრდა მხატვრებისთვის. გამოიკვეთა მათი ინტერესები და მიზანი, ჩამოუყალიბდათ პროგრამა. დავით კაკაბაძე, ავანგარდისტული მიმართულებით გატაცებული, ქმნის გასაოცარ, მომხიბვლელ აბსტრაქტულ კომბინაციებს, მუშაობს ხელოვნების ისტორიის დარგში (მეცადინეობს ლუვრის ხელოვნებათმცოდნეობის ერთიან კურსებზე), აყალიბებს თანამედროვე ხელოვნების საკუთარ თეორიულ კონცეფციას (აქვეყნებს წიგნებს ქართულ ენაზე: „პარიზი“, „ხელოვნება და სივრცე“), მუშაობს კინემატოგრაფიაში სტერეოეფექტის შეტანაზე (მან მიაგნო საკუთარ სტერეოკინოს საიდუმლოებას, რომელიც ოფიციალურად აღიარებულია საფრანგეთის, ამერიკის, ბელგიის, დანიის, იტალიის, ესპანეთის, უნგრეთის საპატენტო ბიუროების მიერ). აღიარებაც მოვიდა. 1921 წელს დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი და შალვა ქიქოძე ლიკორნის გალერეაში „ქართველ მხატვართა გამოფენას“ აწყობენ. პარიზის პრესა კი ასე ეხმაურება სხვადასხვა გამოფენაზე გამოტანილ დავით კაკაბაძის ნახატებს: „წადით, ნახეთ ბატონ კაკაბაძის მხატვრობა… ბატონი კაკაბაძე გვავსებს რაღაც აზრით, ეს არ არის შაბლონური მხატვრობა…“. დავით კაკაბაძის ნახატები გაიგზავნა თანამედროვე ხელოვნების სანიმუშო გამოფენაზე ნიუ-იორკის ბრუკლინის მუზეუმში (1926 წ.) და გამოიფინება ჰანს არპის, ჟორჟ ბრაკის, მაქს ერნსტის, ვასილი კანდინსკის, პაბლო პიკასოსა და ჯინო სევერინის ნაწარმოებთა გვერდით, ანუ მე-20 საუკუნის მხატვრობის ამ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს შორის.

პარიზში დავით კაკაბაძეს მატერიალური პრობლემები, გაჭირვებაც ჰქონდა და იმ ადამიანთა შორის, ვინც მას მხარში ამოუდგა და ამხნევებდა, იყო ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც მასში ხელოვნების ისტორიის შესწავლის სურვილს აღვივებდა: „განაგრძე ისე მუყაითად, როგორც დაიწყე შესწავლა“, – წერდა ის დავით კაკაბაძეს. მხატვრის ეპისტოლარული მემკვიდრეობა კი იშვიათ მასალას იძლევა მისი ნიკო მართან, ილია ზდანევიჩთან, ტიციან ტაბიძესა და სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან ურთიერთობის შესახებ.

დავით კაკაბაძე ჩამოდის რევოლუციური იდეებით მცხოვრებ საქართველოში, ე.წ. „პროლეტარული“ ხელოვნებისთვის ბრძოლის წინააღმდეგობებით სავსე პროცესით. 1928 წელს დავით კაკაბაძე აწყობს გამოფენას, ერთგვარ ანგარიშს მისი უცხოეთში გატარებული წლებისა. და შედეგი?! „წმინდა ესთეტიზმად“ მონათლული მისი მხატვრობა კრიტიკისა და შეტევის წნეხის ქვეშ მოექცა იმდროინდელ პრესაში, რამაც მხატვარს დაათმობინა პოზიციები, რომლებსაც იგი მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ დაუბრუნდა, თუმცა აბსტრაქტული ტილოები მის შემოქმედებაში აღარ შექმნილა. ხოლო ეს გამოფენა დარჩა ერთადერთ პერსონალურ გამოფენად მის სიცოცხლეში.

დავით კაკაბაძის მხატვრობით აღტაცებულია კოტე მარჯანიშვილი და მას თანამშრომლობას სთავაზობს. ტოლერის სპექტაკლით „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“ დავით კაკაბაძე ქუთაისის თეატრით იწყებს ქართულ თეატრში მუშაობას, სადაც მან არა ერთი და ორი გამორჩეული ნამუშევარი შექმნა დროთა განმავლობაში.

1931 წელს კი დავით კაკაბაძემ დაასრულა სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღება საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლების შესახებ (ამას წინ უძღოდა დიდი სამუშაო სცენარის დამუშავებისა და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა ფოტოგრაფირება). ესეც კიდევ ერთი ასპექტი ამ დიდი შემოქმედის ნიჭიერების უნივერსალიზმისა…

დავით კაკაბაძე აქტიურად მოღვაწეობდა საზოგადოებრივად: კითხულობდა ლექციებს, გამოდიოდა მოხსენებებით, წლების განმავლობაში იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, შემდგომ პრორექტორიც. თუმცა ორმოციანი წლების ბოლოს შემოქმედებითმა კონიუნქტურამ მისი შემოქმედება „ფორმალიზმის“ ტყვეობის ქვეშ მყოფად გამოაცხადა და 1948-49 სასწავლო წლიდან იგი გაათავისუფლეს სამხატვრო აკადემიიდან, რადგან „ვერ უზრუნველჰყო სტუდენტების სოციალისტური რეალიზმის მეთოდის საფუძველზე აღზრდა“. ასე რომ, ავტორიტარული რეჟიმის ხელოვნების დოგმატიზმმა, მხატვრული შემოქმედების დაუფასებლობამ „მოკლა“ დავით კაკაბაძის შემოქმედებითი აქტიურობა, დაამსხვრია მისი მხატვრული პოზიცია, ორგანული პრინციპები, რომლებსაც ათობით წლის განმავლობაში თეორიულად ასაბუთებდა. მისმა შემოქმედებამ დაკარგა ინდივიდუალიზმი მხატვრისა, რომელმაც ჩამოაყალიბა საკუთარი კონცეფცია სახვითი ხელოვნების განვითარებისა.

დავით კაკაბაძე ეკუთვნოდა იმ ხელოვანებს, რომლებმაც იციან სამყაროს საიდუმლო: „მხატვრული მხედველობა იმით გამოირჩევა ჩვეულებრივი მხედველობისგან, რომ პირველის საშუალებით ჩვენ ვაღწევთ ფორმის შინაგან მხარეს და ვხედავთ არათუ მარტო ფორმის გარეგნულ თვისებებს, არამედ ვცნობთ მის შინაგან თვისებებსაც. მხატვრული მხედველობის საშუალებით ჩვენ ვუახლოვდებით ბუნებას, და, ამავე დროს, ხელოვნების არსსაც. მისი საშუალებით ჩვენ ბუნების საიდუმლოების კარს ვხსნით, რომლის იქით მუდმივი სიცოცხლის წყარო იწყება“ (დავით კაკაბაძის ციტატაა). მას, ასეთი დიდი ერუდიციისა და დაკვირვების წყალობით, ჰქონდა შეხედულებათა სისტემა ფორმისა და შინაარსის, მხატვრული ნაწარმოების იდეის, სიუჟეტის ფერწერის ტექნიკის შესახებ. იგი ამბობდა, რომ ქართული ხელოვნება ძალიან ვიწრო ფარგლებში მოამწყვდიეს, აღარ ვიცნობდით მოწინავე მიღწევების წყაროს, ამიტომ ვეღარ განვიცდიდით თანამედროვეობის შინაარსს და დაკნინდა ორიგინალური აზროვნებაც.

ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით დავით კაკაბაძე იწყებს ქართული ორნამენტის გენეზისის პრობლემებზე მუშაობას და ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში აქვს გამოქვეყნებული გამოკვლევა „ქართული ხატების მოჭედილობის სახეები“, ხოლო შემდგომ „ბექა ოპიზარი“. მხატვარი ბევრს მოგზაურობდა და ადგილზე ეცნობოდა ძეგლებს, საქართველოს საისტორიო საზოგადოების დავალებით შესრულებული ჰქონდა ძველი მინიატიურებისა და ფრესკების ასლები. მის არქივში დაცულია ასობით ფოტოგრაფია ქართული არქიტექტურის ძეგლებისა, რომელთა შესწავლის თვალსაზრისით საინტერესოა მისი ფილმი „საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლები“ (1951 წელს გადაიღო). სამწუხაროდ, ფილმი არ შემოგვრჩენია. იმ დროისთვის ხომ ეს პირველი ცდა იყო ქართული არქიტექტურული ძეგლების ასეთი მოცულობითი დემონსტრირებისა და იყო ნიმუში დავით კაკაბაძის დიდი პატრიოტიზმისა და მშობლიური კულტურისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა.

დავით კაკაბაძე იყო მოაზროვნე მხატვარი, რომლის როლი ხელოვნების თეორიისა და ისტორიის დარგში დღემდე დაუფასებელია. მან პოეტურ განზოგადებამდე აამაღლა საკუთარი შემოქმედება, მისი განუმეორებელი, ქართული სული. ლადო გუდიაშვილი მის ავანგარდისტულ ნამუშევრებზეც ამბობდა, რომ „დაკვირვებულ თვალს კარგად შეუძლია შეამჩნიოს, რომ ეს სურათები არ ჰგვანან ჩვეულებრივ აბსტრაქტულ ნამუშევრებს – არც ფერით, არც კომპოზიციით, მე, მაგალითად, მათშიც ვგრძნობ საქართველოს მიწა-წყალს, ზეცას, ჰაერს, კოლორიტს“. სწორედ საკუთარი ქვეყანა იყო დავით კაკაბაძის, ამ გენიალური შემოქმედის, ნამოღვაწარის მასულდგმულებელი და დაუტოვა კიდეც მას უმდიდრესი განძი – საკუთარი ტილოები. ეს კი მისი წინასწარმეტყველებაა: „ჩემი სურათების მოქმედება მუდმივად იქნება ისტორიაში, მოქმედებით, აღმზრდელობითი თვალსაზრისით, კეთილშობილებით, სიმამაცით, გამბედაობით, ჩემი სურათები შემატებს ადამიანებს აზროვნებას, კეთილშობილებას, სიმამაცეს, გამბედაობას“.

ეს იყო ადამიანი უნივერსუმი, რომელიც არც ეპოქამ დააფასა, არც კაცმა. მისმა სრულიად უნიკალურმა ნიჭმა შეწყვიტა განვითარება ზემოთქმულ გარემოებათა გამო, რადგან ის დრო არ „სუნთქავდა“, არც თანამედროვეობას უშვებდა საკუთარი, მასობრივი ხელოვნების „გაყინულ“ დოგმატებთან, არც ინდივიდუალიზმს სწყალობდა შემოქმედებაში. ამიტომ მოხდა, რაც მოხდა.

დრომ ვითომ ამ მხრივ პროგრესი მოიტანა?! „კარგი თუ გამოგვერია“, არ დავკორტნით ხოლმე ისევ? ხელის შემშველებელიც აღარავინაა, რადგან თითქოს კეთილდღეობის „მშიერმუცელა მონებად“ და გადარჩენის ინსტინქტით ატანილებად იქცნენ ადამიანები. წმინდას, ნაღდსა და ღირებულს უჭირს, თუ უჭირს დღეს!

ჩვენ გარდა, ვინაა ამაში დამნაშავე? რასაკვირველია, არავინ, რადგან ღმერთი ისევ უხვად „გვაბერტყავს“ ნიჭსა და შემოქმედებითობას.

საკუთარ სულებშია საძებარი ყველა ძნელბედობის მიზეზი, სუბიექტური იქნება ის თუ ობიექტური.

სიყვარული, ანუ საძირკველი ნებისმიერი ზნეობრივი დოქტრინისა, დავკარგეთ. ესაა მოკლედ ყველა ჩვენი უბედურების სათავეც: ღვთისა, ქვეყნისა და ერთმანეთის სიყვარული…

წყარო http://mastsavlebeli.ge

ბავშვების პლანეტა

 

ალბათ მარტო არ ვარ. ალბათ სხვებსაც აქვთ ამოჩემებული ადგილები, სადაც სულის მოსაბრუნებლად დადიან – იმ ჰაერს ჩასასუნთქად, რომლის მსგავსიც სხვაგან არ ეგულებათ. ზამთარია, ზაფხულია, დღეების უაზრობა თუ მომავლის დანახვის შეუძლებლობა ნახევრად ჩაბნელებული დარბაზისკენ მიმავალ ქუჩაზე მაყენებს. ჩემი სახლიდან თხუთმეტი წუთის სავალზეა. კარს ყოველთვის სიხარულით ვაღებ ხოლმე – სიჩუმისას, სხვადასხვა თვალით დანახული სილამაზისას.

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში ორ-სამ სტუმარზე მეტი იშვიათად მინახავს, სრულ სიცარიელეში, გამქრალ დროში კი ხშირად აღმოვჩენილვარ. გამჩენია განცდა, რომ ყველაფერი, რასაც მზერა სწვდება, ცოცხალია, გრძნეულის ხელით სულჩადგმულია იმ სამყაროში, რომელსაც თავისი წეს-კანონები აქვს და რომლიდან გამოღწევაც, უკან დასაბრუნებელი ხიდის გადმოვლაც უფრო და უფრო ძნელი ხდება.

შარშან ლიტველი ფოტოგრაფების გამოფენაზე მისულს წამოსვლის აუცილებლობა ყოველ ჯერზე მავიწყდებოდა. თითქოს ტერფები იატაკს მისწებებოდა – წამიერად გამოფხიზლებული, ნაბიჯის გადადგმას ვერ ვახერხებდი, ვერ ვიჯერებდი, რომ ანტანას სუტკუსის ფოტოებისთვის თვალის მოწყვეტით გამოუსწორებელ დანაშაულს არ ჩავიდენდი. მაშინ ბიბლიოთეკისკენ არც გამიხედავს – პატარა ოთახისკენ, სადაც ფოტოალბომებით სავსე თაროებია. გადმოიღე და ათვალიერე, სანამ სურათების ერთმანეთისგან გარჩევის უნარს არ დაკარგავ.

ახლა ახირებად ანტანას სუტკუსის ალბომის თვალიერება მაქვს. მისი გვარი რამდენიმეს აწერია, მაგრამ ჩემი რჩეული „ბავშვებია“ – გერმანულ გამომცემლობაში, „შტაიდლში“ მომზადებული და 2021 წელს გამოცემული. ჩემი ბავშვობის მიწაზე ფეხის დადგმა და ყველაზე მნიშვნელოვანის გამორჩევა სხვას არავის მოუხერხებია, რუკიდან გამქრალი ქვეყნის, საბჭოთა კავშირის არცერთ ფოტომემატიანეს. მერე რა, რომ სხვადასხვა ათწლეულებში გადაღებულ ფოტოებზე ვხედავ საკუთარ თავს, მერე რა, რომ ეს გოგოები და ბიჭები ჩემი თანატოლები არ არიან.

„როდესაც ანტანას სუტკუსი ლიტველ ბავშვებს გვაჩვენებს, მათში ყველა იმ ბავშვს ხედავს, ვინც კი ამ სამყაროში ცხოვრობს, – წერს წიგნის შემდგენელი ტომას შირმბიოკი, – მისი თვალთახედვით, ისინი საკუთარ პლანეტაზე ცხოვრობენ – ისეთ ადგილას, რომელსაც უფროსები ვერაფერს გაუგებენ და ვერც იქ მოხვდებიან ოდესმე. ბავშვთა სამყარო მთელი სისავსით აწვდის მას ადამიანურ ემოციებს, მეტიც, ეს ემოციები ბავშვებში უფრო გულწრფელია, ძალდაუტანებელია, ვიდრე უფროსებში“. ფოტოალბომის თვალიერებისას ამ სიტყვების სიმართლეში ბოლომდე რწმუნდები.

თავად ფოტოგრაფს კი უთქვამს: „ბავშვებს საკუთარი სამყარო აქვთ – თავისი კანონებით, წესებით, ბედნიერებითა და მწუხარებით. მასში მოხვედრა თუ გინდა, უნდა იგრძნო, რომ შენც ბავშვი ხარ. უფროსები და ბავშვები – სხვადასხვა ისტორიებია“. შეძლო და ამ სამყაროს გზა-შარაზე დაუღლელად იარა, ალღომ კი ერთხელაც არ უმტყუნა – მისი გადაღებული გოგოები და ბიჭები რაღაც ისეთს ჰყვებიან, რასაც მხოლოდ გრძნეულს მოუყვებოდნენ, საზღვრების გაქრობის მცოდნესა და ერთდროულად ორ ადგილას ყოფნაში დახელოვნებულს.

არც ანტანას სუტკუსის ბიოგრაფიაზე, არც საბჭოთა სინამდვილისადმი მის დამოკიდებულებაზე არაფერს ვამბობ. ამ ყველაფრის შეტყობა სულ მცირე ძალისხმევის ფასადაც კი შეიძლება. პატარა წერილში ადგილს ვერ ვპოულობ თუნდაც ერთ ფოტოს აღსაწერად, მაგალითად, 1964 წელს საბავშვო სიმღერის ფესტივალზე გადაღებული ბაფთიანი გოგოს დაძაბული სახის საჩვენებლად. მაინც რა ჩანს ამ სახეზე – შიში? შიშნარევი ცნობისმოყვარეობა? თუ იმ ადამიანის რთულად სახელდასარქმევი განცდა, ვისაც იმედი გაუცრუვდა, მაგრამ ორიოდე მბრწყინავ წერტილს მაინც ხედავს?

ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი. ანტანას სუტკუსის „ბავშვები“. სხვა ალბომებიც, რომლებზე წერისასაც მთავარის მოხელთებას მაინც ვერ მოვახერხებდი.

წადით, ჩაისუნთქეთ ის ჰაერი.

 

წყარო http://mastsavlebeli.ge

თარგმანის მასტერკლასი

 

`განა შეიძლება სრულყოფილად თარგმნო ლირიკული პოეზია _ სხვისი სუნთქვა და გულისცემა, სხვისი ალერსი და ტკბობა, სხვისი სიხარული და მწუხარება?!~, – წერს ბათუ დანელია. პოეტის წრფელი გულდაწყვეტა იგრძნობა ამ სტრიქონებში. მართლაც, შეუძლებელია სრულყოფილი თარგმნა. პოეზია ხომ მხოლოდ აზრი და ემოცია არ არის?! პოეზია ის დილა თუ საღამოა, როცა ლექსი შეიქმნა, ის წვიმაა, პოეტის მზერას რომ ასველებდა წერისას, ის სიოა `სარკმლით მონაქროლი~, იასამნის ნელსურნელებით გაჟღენთილი… სიტყვათა ექოებია, ერთმანეთთან დაწყვილებისას გამკრთალი.

პოეზია სრულყოფილად არ ითარგმნება, ამიტომაცაა, რომ იშვიათია დედნის შესატყვისი პოეტური თარგმანები. ტიციან ტაბიძისთვის მიწერილ ერთ წერილში ბორის პასტერნაკი წერდა: `მართლა მოგეწონათ? მე კი მეეჭვება: ყოველგვარი თარგმანი, უხეიროც და კარგიც, ერთგვარი ძალადობაა დედნის მიმართ. ჩემი თარგმანი პირველთა რიგს უფრო მიეკუთვნება. ალბათ, დაგიმახინჯეთ ლექსები~.

მხოლოდ კარგ პოეტს შეუძლია შექმნას ილუზია, რომ მისი თარგმანი ზუსტად ირეკლავს დედნისეულ გულისცემას. მხოლოდ კარგ პოეტს აქვს განცდა, რომ, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, სრულყოფილებამდე შორია და მხოლოდ იდეალური თარგმანისკენ სწრაფვა შეგაქმნევინებს ღირებულს.

ასეთია ბათუ დანელიას თარგმანები. თვითონ მას საოცრად აქვს გამახვილებული სიტყვის არსში წვდომის უნარი, ამაზე მეტყველებს მისი პოეზია, მაგრამ ერთია, როდესაც მშობლიური ენის კარნახით ქმნი, საკუთარ წინაპრებსა და ფესვებს აყურადებ, მეორეა, როდესაც სხვის სამყაროს თარგმნი, სხვის გულისცემას `იმეორებ~. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობთ ბორის პასტერნაკისა და იოსიფ ბროდსკის ლექსების შესანიშნავ თარგმანებს. ეს პოეტები დიდი ხანია შეიყვარა ქართველმა მკითხველმა, რადგან მათი პოეტური სამყაროები, განსხვავებული და თავისთავადი, სავსეა სიცოცხლის მრავალფეროვნებით, თავისუფლების წყურვილითა და რწმენით. მათი პოეზია სუფთა ჰაერივითაა, რომლის ჩასუნთქვა გიადვილებს ჯანმრთელ სულიერ არსებობას, ეს ლექსები მკითხველს აღავსებს დიდი ენერგიით, რომელიც აუცილებელია ცხოვრებისეულ წინააღმდეგობათა გადასალახავად. გადამდებია მათი მეამბოხური სულისკვეთება ყოველივე ანტიჰუმანურის წინააღმდეგ, ეს პოეზია მკითხველს საკუთარი თავისა და ღვთის ძიებისაკენ უბიძგებს.

ამ ორი დევნილის, შეურაცხყოფილის, თანამემამულეთაგან უარყოფილი მწერლის შემოქმედება იქცა რუსული ლიტერატურის კლასიკად. თუ ვინმეს სურს, ჩასწვდეს რუსეთის სულს, მან სწორედ ამ შემოქმედთა ნაწარმოებები უნდა გაიცნოს უპირველესად. დიდი განსხვავების მიუხედავად, ორივე პოეტისთვის საერთოა სიტყვის სიყვარული. სიტყვა ღმერთი და სიცოცხლეა, ამიტომაცაა მათი პოეზია შთამბეჭდავი. მათი ლექსები ირეკლავენ ადამიანურ სითბოსა და სინაზეს, სისასტიკესა და გულგრილობას, დემონურისა და ანგელოსურის ჭიდილს. ყოველივე ეს კი წარმოჩენილია საოცარი მხატვრული სახეებით, მუსიკალურობითა და ფერწერულობით.

იოსიფ ბროდსკი და ბორის პასტერნაკი განსხვავებული სტილის შემოქმედნი არიან. სხვადასხვაგვარია მათი პოეტური აზროვნების სიმბოლიკა, მათი ლექსიკა, მათი დამოკიდებულება ენასთან, ლექსთწყობის ფორმები, რითმა და რიტმი. რა თქმა უნდა, იყო საშიშროება, რომ ქართულ ენაზე ისინი ერთმანეთს დამსგავსებოდნენ, რადგან ერთი პოეტი თარგმნიდა (რაც ხშირად ხდება ხოლმე), მაგრამ ყველაზე დიდი გამარჯვება ბათუ დანელიასი, როგორც მთარგმნელისა, სწორედ ისაა, რომ მან შეძლო მათი სტილური თავისთავადობის შენარჩუნება.

იოსიფ ბროდსკის თარგმანებისთვის შერჩეულია მისი პოეზიისთვის დამახასიათებელი ხელწერა, ბორის პასტერნაკის პოეტური მეტყველებისთვის _ განსხვავებული მანერა. ვფიქრობთ, ბათუ დანელია ჩასწვდა ორივე მწერლის შინაგან სამყაროებს, გაითავისა მათ ლექსებში წარმოჩენილი ტკივილი თუ სიხარული და მოძებნა აზრისა და ემოციის გამოხატვის ფორმები.

ერთადერთი, რაც ძალიან ბათუ დანელიასეულია, ეს არის ანჟამბემანები. იგი ანჟამბემანის დიდოსტატია. სტრიქონიდან სტრიქონში ისე გადაედინება აზრი და ემოცია, ამოსუნთქვას ვერ ასწრებს მკითხველი:

`აქ შეიძლება შეურიგდე სიცოცხლეს ჯერაც

გასავლელს _ წილადს და გავლილის ლტოლვასაც ზარით

დასასრულისკენ, რაც წააგავს მთელს, ხოლო ბგერა

ამოღებული ლანჩის წვერით _ არია არი~ (იოსიფ ბროდსკი, `რომაული ელეგიები~, VII).

`ნაჩურჩულევი ძლივს ესმოდათ, მაგრამ ქარიანს

ვერ აბრალებდნენ ჟამს და უცებ სიამე მოგვრილ

ერთ მოგვს ვიღაცა შეეხო და მობრუნდა მოგვი

და ღია კარში დაინახა: ქალწულ მარიამს,

როგორც სტუმარი, ისე ჭვრეტდა ვარსკვლავი შობის~ (ბორის პასტერნაკი `ქრისტეშობის ვარსკვლავი~).

ორივე პოეტი ნობელიანტია, თუმცა პასტერნაკს უარი ათქმევინეს პრემიის მიღებაზე (1958 წ.), ბროდსკის კი პრემია 1987 წ. გადასცეს. სანობელო ლექციაში წარმოჩნდა მისი რწმენა მხატვრული ლიტერატურის გარდამქმნელი და გამაკეთილშობილებელი ძალისა. ბროდსკი ფიქრობდა, რომ `პლატონური მნიშვნელობით უნდა აიხსნას დოსტოევსკის შენიშვნა, რომ `მშვენიერება იხსნის სამყაროს~, ან მეთიუ არნოლდის გამოთქმა, რომ `ჩვენ პოეზია გადაგვარჩენს~. `სამყაროს გადარჩენა, ალბათ უკვე შეუძლებელია, მაგრამ ცალკეული ადამიანისა ყოველთვის შეიძლება~. მისი აზრით: `ჩვენს ხელისუფალთ იმის გათვალისწინებით რომ ვირჩევდეთ, თუ რა წაიკითხეს და არა იმის მიხედვით, ვინ როგორი პოლიტიკური პროგრამა შემოგვთავაზა, ქვეყნად ნაკლები სადარდელი იქნებოდა~, ან კიდევ: `დიკენსის წამკითხველს თავისივე მსგავსის მოკვლა უფრო გაუჭირდებოდა, ვიდრე მას, დიკენსი რომ არც გაუგია~. ამგვარი თვალსაზრისი კი ეფუძნებოდა მის მიერვე ფორმულასავით ჩამოქნილ რწმენას: `ესთეტიკა ეთიკის დედაა~.

ბორის პასტერნაკის სახელი განსაკუთრებით ძვირფასია ქართველთათვის. ცისფერყანწელთა ერთგულმა მეგობარმა დიდი ღვაწლი დასდო ქართული პოეზიის პოპულარიზაციას. პოეტი რამდენჯერმე იყო საქართველოში, განსაკუთრებით დაუმეგობრდა ტიციან ტაბიძის ოჯახს და ხშირად სწერდა წერილებს. ამ წერილების ნაწილი დაბეჭდილია ნინო ტაბიძის შესანიშნავი მოგონებების წიგნში `ტიციანი და მისი მეგობრები~.

პასტერნაკმა თარგმნა ვაჟა ფშაველას `გველის მჭამელი~, ნიკოლოზ ბარათაშვილი, აკაკი წერეთლის პოეზია. ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის, გიორგი ლეონიძის, კოლაუ ნადირაძისა და სხვათა ლექსები. საქართველოთია შთაგონებული მისი წიგნები: `მეორედ დაბადება~, `ლექსები საქართველოზე, ქართველი პოეტები~. მის ლექსებს თარგმნიდნენ სიმონ ჩიქოვანი, თამაზ ჩხენკელი, მორის ფოცხიშვილი, ვახუშტი კოტეტიშვილი, ირაკლი სურგულაძე, თედო ბექიშვილი, ტარიელ ჭანტურია, ჯემალ აჯიაშვილი, ანდრო ბუაჩიძე. მისი პროზაული შედევრი `ექიმი ჟივაგო~ ორჯერ ითარგმნა (აკაკი ბრეგაძე, ნოდარ ნონიაშვილი).

ბორის პასტერნაკის `ექიმი ჟივაგოს ლექსების~ ბათუ დანელიასეული თარგმანები გამოირჩევა აზრის გადმოცემის დახვეწილობითა და მუსიკალურობით.

ყველასთვის ცნობილია ამ მნიშვნელოვანი რომანის ბედი. საბჭოეთში ეს წიგნი დაბეჭდვამდე აკრძალეს, ამიტომაც პირველად იტალიაში გამოიცა და მალე მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ექიმი ჟივაგო, პასტერნაკის ალტერ-ეგო, უკეთილშობილესი ადამიანი, რომანტიკოსი, სიყვარულის მაღმერთებელი, სიცოცხლის ბოლომდე პოეტად დარჩა. რომანის დასასრულს დართული მისი ლექსები წარმოაჩენენ იური ჟივაგოს წინააღმდეგობებით აღსავსე, დახვეწილ, ამაღლებულ სულიერ ცხოვრებას.

რომანში, როდესაც ქარტეხილებს გადარჩენილი ჟივაგო საყვარელ ლარასთან ერთად დროებით ვარიკინოში განმარტოვდება, რათა უკანასკნელი პაემანი მოეწყოთ, გამოსთხოვებოდნენ ოცნებებს, ჟივაგო ლექსების წერას დაუბრუნდება. საოცარი გატაცებით წერდა და „აღმაფრენას~ გრძნობდა. ვფიქრობთ, იმ სულისკვეთების გახსენება, რომელიც ჟივაგოს ლექსების წერისას ჰქონდა, დაგვეხმარება ჩავწვდეთ მისი ლექსების არსს. იგი გრძნობდა, წერისას თითქოს შემოქმედების წარმმართველ ძალთა თანაფარდობა ირღვეოდა, ყირამალა დგებოდა. ამ შემთხვევაში, მთავარი ადამიანი და მისი სულის მდგომარეობა კი არ იყო, რომლის ასახვასაც აპირებდა, არამედ, უპირველესად, მშობლიური ენა, რომლითაც სურდა `გულისნადები დაეგვირისტებინა~. მისთვის ენა იყო `სილამაზისა და აზრის სასუფეველი~. თუ მიენდობოდი ენას, ის თვითონ გადააქცევდა ყოველივეს მუსიკად. ამიტომაც იყო, რომ ჟივაგო ლექსების წერისას საოცარ ნეტარებას განიცდიდა. ამიტომაც მოჩქეფდა მძლავრ ნიაღვრებად ჟივაგოს ლექსებში ფერი და მუსიკა.

სწორედ ეს ფერადოვნება შეუნარჩუნა ბათუ დანელიამ ამ ლექსებს, რომლებიც გამსჭვალულია სიცოცხლის დაუშრეტელი ენერგიით. ეს ენერგია იბადება ღვთის `ხილვის~ დიდი წყურვილიდან. ეს განწყობილება ირეკლება ლექსებში: `ვნების კვირას~, `ქრისტეშობის ვარსკვლავი~, `მაგდალინელი~, `გეთსიმანიის ბაღი~ და სხვ.

`გარშემო ჯერაც ღამე ხასხასებს,

ჯერაც ვერაფრით დათვლი ვარსკვლავებს,

ჯერაც დუმს ზეცის ყველა სართული,

ღამეს დრო კიდევ დარჩა წასვლამდე,

და ზოგჯერ რომ არ განზე მიხედვა,

მიწა ფსალმუნის კითხვით გართული,

აღდგომის მოსვლას ვერც გაიგებდა~ (`ვნების კვირას~).

ბათუ დანელიასთვის მთავარია მოიხელთოს ლექსის სული და მერე შესატყვისი ფორმით გადმოსცეს, ამიტომაც ასე ცინცხლად აღწევს ჩვენამდე პასტერნაკის ხმა ქართული სიტყვებით. მას ხომ ასე ძალიან უყვარდა საქართველო.

იოსიფ ბროდსკის პოეტური ენა რუსული პოეზიისთვისაც სიახლე იყო, არატრადიციული სინტაქსი, მითოლოგიურ სახეთა სიჭარბე, ტეხილი რიტმი _ ეს იყო ინტელექტუალური პოეზია, საოცრად დახვეწილი, თუმცა, პასტერნაკის პოეზიასავით გამჭვირვალე არა. თუ პასტერნაკთან შეხვედრა მაშინვე გაჯადოებს თვალშისაცემი პოეტურობით, მშვენიერების გულწრფელი თაყვანისცემით, ბროდსკის პოეზია ასეთი `სტუმართმოყვარე~ არაა, აქ მეტი ძალისხმევა სჭირდება მკითხველს მასთან გასაშინაურებლად.

მიუხედავად ამისა, ბათუ დანელიამ შეძლო ბროდსკის სულიერი სამყაროს ქართულ ენაზე გადმოტანა. ამისი დასტურია ლექსები: `ძილისპირული~, `რომაული ელეგიები~, `ტემზა ჩელსიში~, `ახალი ჟიულ ვერნი~, `მეტყველების ნაწილი~, `დიდი ელეგია ჯონ დონს~, `ოდისევსი ტელემაქეს~, `დეკემბერი ფლორენციაში~ და სხვ.

`სძინავს ღმერთსაც და _ დედამიწა სხვაფერობს ახლა…

ბრმაა ყველასი თვალი, ყურიც ვერაფერს ისმენს,

ეშმაც ძილშია, მასთან ერთად ომებით დაღლილ

მტრობასაც სძინავს თოვლის ველზე ინგლისურ ცისქვეშ.

მთავარანგელოზს სძინავს ბუკით, სძინავთ მხედრებსაც,

ცხენებიც ნარნარ რხევით გრძნობენ ძილისას გემოს,

ქერუბიმებიც, ჩახვეულნი, მძინარ ვედრებად

მოჩანან პავლეს ეკლესიის თაღების ქვემოთ.

ჩასძინებია ჯონ დონსა და ყველა ლექსს სძინავს,

ყველა ხატსახეს, ყველა რითმას _ კარგსა და მდარეს

ვერც კი გაარჩევ… და ყველანი, ქცეულნი სპლინად,

სილაბურ ლექსში წვანან, როგორც ღრუბლებში მთვარე~.

ეს არის ფრაგმენტი ლექსიდან „დიდი ელეგია ჯონ დონს~, რომელშიც შესანიშნავად ირეკლება ბათუ დანელიას ოსტატობა, ზუსტად შეარჩიოს ლექსის რიტმი, რითმა და თითქმის უნაკლოდ გადმოსცეს დედნისეული სტრიქონების სული, აზრი, ფერი, მუსიკა და სურნელი. ჯონ დონი ბროდსკის საყვარელი მეტაფიზიკოსი პოეტი იყო, რომლის პოეზია თარგმნა კიდევაც.

ბროდსკისთვის ენა ამოუხსნელი მეტაფიზიკური ფენომენი იყო. ამაზე საუბრობს ის თავის შესანიშნავ ესეებში. მან გაიზიარა ოდენის ფრთიანი გამოთქმა: `დრო ენას აღმერთებს~ და თვითონ უფრო გააღრმავა: `თუ დრო, რომელიც ღმერთის სინონიმია, უფრო მეტიც _ ღმერთს გულისხმობს, ენას აღმერთებს, მაშინ საიდან მომდინარეობს ენა? ძღვენი ხომ უფრო მცირეა, ვიდრე მომძღვნელი? თუ ასეა, ენა ხომ არ არის დროის საცავი? სწორედ ამიტომ ხომ არ აღმერთებს დრო ენას?~ ამ ღრმააზროვან კითხვებზე პასუხია ესეიში `აჩრდილის თაყვანისცემა~ (გია ჯოხაძის თარგმანი).

ნობელიანტი ჩესლავ მილოში ბროდსკიზე წერდა, რომ მისი პოეზიისთვის დამახასიათებელია `მეტაფორათა ქსელი, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე სტროფში განიტოტება, ქმნის ისეთ სალექსო კონსტრუქციას, რომლისთვისაც საჭიროა დეკლამაცია, სიმღერაც კი… პოეტის ამოცანა, როგორც ეს ბროდსკის ესმის, მემკვიდრეობის შენარჩუნებაა სამყაროში, რომელიც სულ უფრო იხრება მეხსიერების დაკარგვისაკენ. ბროდსკის საწყის ტექსტად ბიბლია უნდა მივიჩნიოთ… ის თავისუფლად იყენებს ლიტერატურულ მოდელებსა და ადამიანური ქცევის არქეტიპებს~.

1991 წელს ბროდსკი გამოეხმაურა ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო ქართველ მწერალთა ჯგუფს. მის წერილში ვკითხულობთ; „ძვირფასო მეგობრებო! როგორც ქართული კულტურისგან ბევრი რამით დავალებული ადამიანი, თქვენ გვერდით ვარ~.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბროდსკის პოეზია შესანიშნავად აქვთ ნათარგმნი ვახუშტი კოტეტიშვილსა და გია ჯოხაძეს და ეს თარგმანებიც არაჩვეულებრივად გადმოსცემენ ამ პოეტის მხატვრული სამყაროს თავისთავადობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გია ჯოხაძის შესანიშნავი წიგნი `მშვენიერი ეპოქის დასასრული~ (ბროდსკის ლექსები, ესეები, ინტერვიუები, ლექციები).

ეს ორი დიდებული პოეტი თავისი შემოქმედებით გადალახავს დროისა და სივრცის საზღვრებს და უკვდავებას მოიპოვებს ენაში. სწორედ ამ წყურვილს უკვდავებისას შეიგრძნობს მკითხველი მათი ლექსების ბათუ დანელიასეული თარგმანების კითხვისას. ეს ლექსები დაბეჭდილია წიგნებში: ბორის პასტერნაკი `იური ჟივაგოს ლექსები~ (2009); იოსიფ ბროდსკი `ბროლის კუნძული~ (2011).

წყარო http://mastsavlebeli.ge

კლასის საკითხავი წიგნი

 

ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში მეოთხე წელია დავნერგე კლასის საკითხავი წიგნის კითხვის ტრადიცია. მოსწავლეთა ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით, თითოეული კლასისთვის ვარჩევ ერთ წიგნს, რომელსაც სემესტრის განმავლობაში ვკითხულობთ. ჩემი დაკვირვებით, ერთი წიგნის კითხვამ სასწავლო პროცესს სასიკეთო ცვლილებები შესძინა და გადავწყვიტე, გამოცდილება თქვენთვისაც გამეზიარებინა.

არჩევანი

კლასისთვის საკითხავ წიგნს დაკვირვებით ვარჩევ. ჯერ თავად ვკითხულობ, ვაკვირდები წიგნის ირგვლივ გამოთქმულ მოსაზრებებს, ვეცნობი რეცენზიებს და შემდეგ გადაწყვეტილებას ვიღებ. ვცდილობ, ბავშვებს თანამედროვე თუ კლასიკური ქართული და უცხოური საბავშვო რომანები მონაცვლეობით შევთავაზო.  შერჩევისას წიგნის საინტერესო სიუჟეტი, თემატიკა და მხატვრული ენაა გადამწყვეტი. ასევე, ღირებულებები, რომლებსაც მოსწავლეები წიგნის წაკითხვის შემდეგ შეიძენენ.

წიგნის შეძენა

ერთ-ერთი სირთულე კლასისთვის წიგნების შეძენას უკავშირდება. ვითვალისწინებ იმას, რომ ყველა მოსწავლის მშობელმა შეიძლება ვერ გამოძებნოს წიგნისთვის საჭირო თანხა ან დრო. ამიტომ, ზოგჯერ რამდენიმე მოსწავლისთვის წიგნებს თავად ვყიდულობ. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებთან ეფექტური კომუნიკაცია და კლასის დამრიგებლის მხარდაჭერა. პირველ ეტაპზე მშობლებს ვაცნობ წასაკითხი წიგნის ირგვლივ დასახულ მიზნებსა და კლასის საკითხავი წიგნის მნიშვნელობის შესახებ ვესაუბრები. შემდეგ, მათი გადაწყვეტილების მიხედვით, ერთად ან ცალ-ცალკე ყიდულობენ წიგნებს. აქტიურად ვთანამშრომლობ გამომცემლობა „ინტელექტთან“ და მთავარი რედაქტორის, ზვიად კვარაცხელიას, კეთილი ნებით ფასდაკლებით ვსარგებლობთ. „სულაკაურის გამომცემლობის“ მაღაზიებშიც მთელი კლასისთვის წიგნების ყიდვისას შესაძლებელია 10 %-იანი ფასდაკლებით სარგებლობა.

კიდევ ერთი ეფექტური გზაა ერთმანეთისთვის წიგნების თხოვების პრაქტიკის დანერგვა, მაგალითად, სემესტრის დასაწყისში ერთმა მეექვსე კლასმა მეორე მეექვსე კლასს, მშობლების ნებართვით, ლინდა მალალი ჰანთის „თევზი ხეზე“ ათხოვა. ამგვარად ერთმანეთზე ზრუნვას სწავლობენ, ამასთანავე, ერთი წიგნი კიდევ უფრო მეტ ბავშვს აერთიანებს. წიგნის ყდაზე დატოვებული სახელისა და გვარის მიხედვით ერთმანეთს ეცნობიან, აკვირდებიან გახაზულ სიტყვებს, მონიშნულ ეპიზოდებს. ამ ამბავთან დაკავშირებით მკითხველთა კლუბში სახალისო დამთხვევა აღმოვაჩინეთ. მეექვსეკლასელი ნიკა საუბრობდა წიგნზე „თევზი ხეზე“. წიგნის მეპატრონის სახელისა და გვარის ამოკითხვა ვთხოვე და  ნიკას გვერდით იჯდა ნინი – გოგო, რომლის წიგნსაც ნიკა კითხულობდა.

ცნობისმოყვარეობის აღძვრა

წიგნის შეძენის შემდეგ, კითხვის დაწყებამდე, მოსწავლეებს ვთხოვ სათაურისა და ყდის მიხედვით ვარაუდების გამოთქმას. განწყობის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია. კლასის საკითხავი წიგნის მიხედვით შეთავაზებულ დავალებებს ზოგჯერ ცალკე რვეულში წერენ. კითხვისას ხშირად ვუბრუნდებით მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და ვარაუდები რაც უფრო აცდენილია რეალობას, მით უფრო ახალისებთ საკუთარი მიუხვედრელობა.

როდის და როგორ ვკითხულობთ კლასის საკითხავ წიგნს?

საერთო წიგნზე საუბრისა და შთაბეჭდილებების გასაზიარებლად კვირაში ერთი დღე გვაქვს გამოყოფილი. წასაკითხად რამდენიმე თავს ვაძლევ და წინა დღეს მეც ხელახლა ვკითხულობ. ყოველ ჯერზე სხვადასხვა მეთოდს ვთავაზობ. ხშირად გაკვეთილის თემატიკას წიგნში ასახული მოვლენები მკარნახობს, მაგალითად, თამარ გეგეშიძის რომანში „სული-ჩიტი“ ერთ-ერთ თავს ჰქვია „ეზო“. ამ თავის კითხვისას დამებადა იდეა მოსწავლეებთან ერთად ჩემი ბავშვობის უბანში ფეხტური მომეწყო და ჩანაფიქრი იმავე დღეს ავასრულეთ. მოვინახულეთ სკოლა, რომელიც მე დავამთავრე, გავიცანით ჩემი კლასელის დედა, გზად შემოგვხვდნენ ჩემი მასწავლებლები, მეგობრები, მათი მშობლები, ნამცხვრების საყიდლად მაღაზიაში შესულებს კი ჩემი კლასელის და გაგვეცნო, ფეხტური ჩემი ბავშვობის სახლში დავასრულეთ.

ამ ბოლო დროს აქტიურად ვიყენებ ჩაღრმავებული კითხვის მეთოდს, ვხაზავთ სქემას და ერთ თავს სამჯერ, სხვადასხვა მიზნით, ვკითხულობთ, კერძოდ, პირველი წაკითხვისას ვაკვირდებით მოქმედების დროს, ადგილსა და პერსონაჟებს, ცხრილის პირველ გრაფაში დეტალურად ვინიშნავთ ყველაფერს, მეორე წაკითხვისას უცხო, ლამაზ, საინტერესო სიტყვებს, წინადადებებს, ციტატებს, მხატვრულ ხერხებს ვიწერთ, მესამედ კი მთავარი აზრის შესახებ გამოვთქვამთ მოსაზრებებსა და პარალელს ვავლებთ ცხოვრებასთან, მულტფილმებთან, წიგნებთან, ფილმებთან, ანიმეებთან…

დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ მეშვიდეკლასელებმა ერთმანეთისთვის წაიკითხეს, კერძოდ, გამოვიყენეთ მეთოდი „წაიკითხე ჩემი წიგნი“. კითხვისას პატარა ბარათებზე წერდნენ კითხვებს, შთაბეჭდილებებს და ყოველდღიურად ცვლიდნენ. კვირაში ერთხელ კი კლასის წინაშე პრეზენტაციას წარადგენდნენ და ერთმანეთს უზიარებდნენ, რომელი შეკითხვა მოეწონათ, რაზე დაფიქრდნენ, რა სიახლე აღმოაჩინეს თანაკლასელში.

ასევე, ვიყენებთ მარკირებული კითხვის სტრატეგიას, ვდგამთ მინისპექტაკლებს, ვმართავთ ჩრდილების თეატრს, ვწერთ თავისუფალ თემებს, კომენტარებს, პერსონაჟის დღის ჩანაწერებს, პირად წერილებს ვუგზავნით მწერლებს, პარალელურკლასელებს, ვამზადებთ დიორამებს…

ხშირად წიგნის კითხვაში ჩართულები არიან მშობლები, პაპები, უფროსი და-ძმები.

წაკითხულის შესაჯამებლად ვაწყობთ ლიტერატურულ კაფეს.

რომელი წიგნები წავიკითხეთ:

  1. ლელა ცუცქირიძის „ატუსა და მატუსა“;
  2. ირმა მალაციძის „სატკბილეთის ქვეყანა“;
  3. არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“ და „ცისფერი ირემი“;
  4. ანა-კატერინე ვესტლის „ავრორა Z კორპუსიდან“და „დედა, მამა და რვა ბავშვი“;
  5. ლინდა მალალი ჰანთის „თევზი ხეზე“;
  6. ონჯალი რაუფის „გმირი ღამის ავტობუსში“;
  7. მარია ფარის „ტუვა გლიმერდალიდან“;
  8. თამარ გეგეშიძის „საშლელები“;
  9. დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“;
  10. ტორესა მოსის „ორდროშობანა“;
  11. ნატო დავითაშვილის „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ და „ამბავი ლილე იროელისა“.

კლასის საკითხავი წიგნი მოსწავლეებს:

  • აერთიანებს;
  • წიგნიერების დონეს უმაღლებს;
  • შემეცნებით სამყაროს უფართოებს;
  • ლექსიკურ მარაგს უმდიდრებს;
  • კითხვისადმი ინტერესს უღვივებს;

 

ამასთანავე, ერთი წიგნის კითხვა:

 

  • საერთო ღირებულებებს ამკვიდრებს;
  • სასკოლო კულტურას ახალ სიცოცხლეს სძენს;
  • თავგადასავლებს გვაჩუქებს;
  • კითხვას პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

მერვეკლასელებს ვთხოვე, პატარა ბარათებზე დაეწერათ ფიქრები კლასის საკითხავი წიგნის შესახებ:

„ჩემი აზრით, საერთო წიგნების კითხვა იყო შესანიშნავი იდეა. ყოველ წიგნს თავისი ატმოსფერო აქვს. ასეთი რამის გამო ვამაყობ, რომ ამ კლასში ვსწავლობ“.

„ჩემი აზრით, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ერთად ვკითხულობთ, ვუზიარებთ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს და ვიძენთ ახალ სიტყვებს“.

„ჩვენი კლასისთვის ეს ლიტერატურა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ თვალსაწიერს ხსნის და გვახალისებს. მოკლედ, ეს ისაა, რაც საჭიროა!“

„ეს წიგნები გვაერთიანებს. ბევრ აქტივობას ვაკეთებთ ერთად და მოგონებებს ვაგროვებთ“.

„ჩემი აზრით, როცა ერთად ვკითხულობთ, უფრო გვიყვარდება კითხვა და ერთმანეთს ვუახლოვდებით“.

„ჩემი აზრით, იმიტომაა საჭირო კლასის საკითხავი წიგნის კითხვა, რომ ვიღებთ უფრო მეტ ცოდნას, კლასელები უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს, ხალისს გვმატებს“.

„კლასის საკითხავი წიგნი გვაერთიანებს“.

“კლასის საკითხავი წიგნი სტიმულს გვაძლევს, ვიკითხოთ ბევრი წიგნი“.

„თითქოს წიგნი, რომელსაც ვკითხულობთ, მაქსიმალურად იშიფრება, და უფრო მეტ რამეს ვიგებთ“.

„კლასის საკითხავი წიგნები კლასელებს გვაახლოებს, მაგალითად, მე და ნინის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონმა“ ერთმანეთი უკეთ გაგვაცნო. კლასის საკითხავი წიგნები რომ არ გვქონდეს, ცოტა უხალისო იქნებოდა სკოლა“.

„კლასის საკითხავი წიგნი თითქოს ყველას გვაერთიანებს. ყველა ერთ წიგნზე რომ ლაპარაკობს, ერთნაირად ვაზროვნებთ მაგ დროს“.

„ერთად წაკითხული წიგნები რომ არ შემოეტანა მასწავლებელს, საერთოდ არ დავიწყებდით კითხვას და უინტერესოები ვიქნებოდით“.

„ეს წიგნები მნიშვნელოვანია, რადგან ახალი ურთიერთობები იწყება. ბევრ პრობლემებს ვიგებთ ცხოვრების შესახებ და ამ ყველაფერს ვიაზრებთ“.

„კლასის საკითხავი წიგნი ჩვენს ფიქრებს აერთიანებს, სიცილით სიყვარულისკენ მივყავართ. იმ ბავშვებსაც გვაერთიანებს, რომლებსაც ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა გვაქვს და მასწავლებლებიც ვერაფერს შვრებიან“.

 

როგორც ვხედავთ, მოსწავლეების დამოუკიდებელი ჩანაწერების მთავარი გზავნილები ერთმანეთთან იკვეთება და მათ მიერ გამოხატული კმაყოფილება ახალი ძალებით მავსებს.

 

კლასის საკითხავი წიგნები ბავშვების ჩანთების მუდმივი ბინადარია. ისეთ დღეებშიც დაატარებენ, როცა არ ვავალებ. ხატავენ ყდაზე, აფორმებენ ინდივიდუალურად და საკლასო ოთახში ყოფნისას მერხებზე მრავლისმეტყველად დადებული წიგნები ყვავილებს ჰგვანან. სახლში საკუთარ სივრცეში უჩენენ ბინას და თაროზე ჩამწკრივებული წიგნის ყუები ათას თავგადასავალს ჰყვებიან, მაგალითად, როგორ იცეკვეს ძველ თბილისში მერვეკლასელებმა ნატო დავითაშვილის წიგნის „ამბავი ლილე იროელისა“ მიხედვით დადგმული პანტომიმა და ღვთისშვილებად და ქაჯებად გადაქცეულმა გოგო-ბიჭებმა გამვლელ-გამომვლელების ყურადღებაც მიიპყრეს. სკოლამდე მოსასვლელი გზაც თითოეულ წიგნს თავისებური აქვს – გამომცემლობიდან ზოგჯერ ავტობუსით, ზოგჯერ კი ტაქსით „მგზავრობენ“.

ერთხელ განათლების სამინისტროდან საინფორმაციო ვიდეორგოლის ჩასაწერად სკოლაში გვესტუმრნენ. საკლასო ოთახში სანამ ოპერატორი აპარატურას მართავდა, ერთ-ერთი მამაკაცი კედლის პოსტერზე დატანილი უცხო სიტყვებით დაინტერესდა. რამდენიმეს შესახებ ვისაუბრეთ და მეორე დღეს ბავშვებს ვუამბობდი, როცა მათთვის უთენია პოსტერს ვამზადებდი და ჩემი სამი წლის გოგონას ფლომასტერებით ვწერდი ასპიტს, გირგედსა თუ თითბერს, მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ამ სიტყვების ირგვლივ განათლების სამინისტროდან მოსულ სტუმართან დიალოგს გავმართავდი.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ხშირად დასმული შეკითხვა,თუ როგორ ვუთავსებ ერთმანეთს ვრცელტანიანი წიგნის წაკითხვასა და საპროგრამო მასალას. ჩემი გამოცდილებით, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ სახელმძღვანელოს ტექსტები და კლასის საკითხავი წიგნი ერთმანეთს ბუნებრივად ებმის, სხვადასხვა განწყობა შემოაქვს სწავლების პროცესში და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად კიდევ უფრო დიდი შედეგის მომტანია. მოსწავლეები, რომლებსაც გაწაფული კითხვა უჭირთ ან აქტიური მკითხველისთვის საჭირო ნებისყოფა არ აქვთ, ხშირად კლასის საკითხავ წიგნს სრულად ვერ კითხულობენ. ასეთ დროს მშობლებს ვთხოვ დახმარებას, თუმცა, საბაზო საფეხურზე მშობლები სასკოლო ცხოვრებაში ჩაბმა ჭირს. სწორედ ამიტომ, ბოლო ხანს თითოეულ კლასს ხმამაღლა ვუკითხავ კლასის საკითხავ წიგნს და ამ გამოცდილების შესახებ სხვა სტატიაში გიამბობთ.

წყარო http://mastsavlebeli.ge

როგორ გავართოთ და თან ვასწავლოთ ბავშვებს ერთდროულად

 

არდადეგების დროს, ბავშვი ჩვენგან მეტ ყურადღებასა და გართობას ითხოვს. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ და საინტერესო იდეას:

 

ღრუბელთმკვლევარი

მართალია, ჯერ ძალიან არ დამთბარა, მაგრამ რამდენიმე წუთით პარკის გამწვანებულ მოლზე წამოწოლა არაფერს გვავნებს. იმისათვის, რომ ღრუბლების თვალიერება უფრო საინტერესო გახდეს, შეგიძლიათ სპეციალური დაკვირვების ჩარჩო დაამზადოთ. ამოჭერით ქაღალდის ოთხი ზოლი და ისე გადააწებეთ ერთმანეთს, რომ კვადრატი მიიღოთ. შემდეგ კვადრატის თითოეულ კუთხეს მიამაგრეთ სხვადასხვა ტიპის ღრუბლის პატარა ფოტო ან ნახატი: კუმულუსი, ცირუსი, სტრატუსი. თან მოუყევით ბავშვებს, როგორ განსხვავდებიან ეს ღრუბლები ერთმანეთისგან. შემდეგ კი დაწექით ბალახზე, ჩაიხედეთ ღრუბლების ჩარჩოში და გამოიცანით, რა ტიპისაა ისინი.

ბუდის მქსოველი

ჩიტები ბევრს შრომობენ ბუდეების ასაშენებლად. თქვენც შეაგროვეთ ტოტები, ბალახი. შეეცადეთ, თავად გააკეთოთ ჩიტებისთვის ბუდე. ჩიტები მადლიერი დაგრჩებიან!

მიწის შემსწავლელი

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ერთი კვადრატული მეტრის ნიადაგის ფარგლებშიც კი სიცოცხლე დუღს: იქ ბალახი შრიალებს, ჭიანჭველები დარბიან, ჭია-ღუები დაცოცავენ. თოკებისა და ჯოხების დახმარებით შემოღობეთ მიწის ერთი კვადრატული მეტრი, აიღეთ გამადიდებელი შუშა და შეისწავლეთ მისი ყოველი სანტიმეტრი. ჩვენს ფეხქვეშ მთელი სამყარო გადაიშლება.

ააფეთქეთ თესლით სავსე ბუშტი

ზოგიერთი მცენარე საკმაოდ ეფექტურად „ტოვებს შთამომავლობას“: ისინი ფაქტობრივად აფეთქებენ დაგროვილ თესლს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით იფანტება. თქვენ შეგიძლიათ ბავშვს ეს პროცესი ვიზუალურად აჩვენოთ: აავსეთ ბუშტი თესლით, გაბერეთ და ქარიან დღეს გარეთ გახეთქეთ.

მოამზადეთ ხელნაკეთი სასუქი

ამისთვის დაგჭირდებათ ცარიელი გამჭვირვალე ბოთლი, ცოტაოდენი მიწა, ასევე ფოთლები, ბალახი, საკვების ნარჩენი – ყველაფერი, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნეშომპალას მოსამზადებლად. მოაჭერით ბოთლს ზედა ნაწილი, შემდეგ ყველაფერი ჩადეთ ბოთლში, დატოვეთ აივანზე და ყოველდღე დააკვირდით ცვლილებებს. აუხსენით ბავშვებს, რა არის ნეშომპალა და რისთვის სჭირდება ის მცენარეებს. შემდეგ კი რომელიმე მცენარისთვის გამოიყენეთ.

შეისწავლეთ მზისგან დამცავი კრემის მუშაობა

იმისათვის, რომ ბავშვებმა უკეთ გაიგონ, რატომ არის საჭირო მზისგან დამცავი საშუალება, მოაწყვეთ პატარა ექსპერიმენტი. აიღეთ შავი ქაღალდის ზოლი, ნახევარი დაამუშავეთ მზისგან დამცავი კრემით, ნახევარი დატოვეთ ისე, როგორც არის და ერთი დღით კაშკაშა მზის ქვეშ დადეთ. საღამოს კი ერთმანეთს შეადარეთ დამუშავებული და დაუმუშავებელი ქაღალდი.

იწინასწარმეტყველეთ ამინდი გირჩებით

სახალისო ფაქტი: გირჩი თავისივე თესლის დაცვის მიზნით ამინდის შესაბამისად იხსნება და იხურება. ააშენეთ ამინდის პატარა სადგური ფანჯრის რაფაზე. თუ გირჩი გაიხსნა – მშრალი ამინდი იქნება, თუ დახურულია – იწვიმებს.

დააკონსერვეთ ბუნება

გაისეირნეთ მინდორში ან პარკში ბავშვებთან ერთად, შეაგროვეთ საინტერესო მცენარეები, ყვავილები, შემდეგ კი მზეზე გააშრეთ და ჩადეთ ძველ მინის ქილებში. ეს ოთახსაც უჩვეულოდ გაალამაზებს და ბოტანიკის გაკვეთილშიც ჩაგეთვლებათ.

ხელნაკეთი საპნის ბუშტები

საპნის ბუშტების გასაკეთებლად დაგჭირდებათ საპონი, თბილი წყალი და ცოტა შაქარი. შეურიეთ ინგრედიენტები და შეეცადეთ ბუშტები თქვენი ხელით გაბეროთ. ჩაატარეთ კონკურსი. დაე, გამარჯვებული იყოს ის, ვინც ყველაზე დიდ ბუშტს გაბერავს.

დაამზადეთ ხელნაკეთი კატაპულტი

მარტივი კატაპულტი იდეალური სათამაშოა პატარა ბავშვებისთვის. მიწაზე დადეთ სქელი ჯოხი, ზემოდან კი დაადეთ ფიცარი. ფიცრის ერთ ბოლოში მოათავსეთ გირჩი და აჩვენეთ ბავშვებს, როგორ არის დამოკიდებული ფრენის ტრაექტორია დარტყმის ძალაზე.

ბინგო ბუნებაში სეირნობისთვის

დაფიქრდით, რა ფრინველები, ცხოველები, მცენარეები შეგიძლიათ იპოვოთ თქვენს სახლთან ახლოს. შემდეგ დახატეთ ბინგო და წადით სასეირნოდ. იმარჯვებს ის, ვინც შეძლებს პირველმა აღმოაჩინოს და გადახაზოს ყველაფერი, რაც დახატულია.

პარაშუტი სათამაშოებისთვის

აიღეთ პატარა ნაჭერი, ცხვირსახოცი და ძაფების დახმარებით გააკეთეთ პარაშუტი. შემდეგ მიაბით პატარა სათამაშოს და ნახეთ, შეძლებს თუ არა ის წარმატებით დაშვებას. მოუყევით თქვენს შვილს, როგორ მოქმედებს ქარი პარაშუტისტის ფრენაზე.

როგორ განსხვავდებიან ხეები ერთმანეთისგან

პარკში თუ ტყეში სეირნობისას შეხედეთ ხეებს – რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან? შეაგროვეთ ფოთლები და თესლი სახლში ნამდვილი სამეცნიერო ჰერბარიუმის შესაქმნელად. ამავდროულად, მოუყევით ბავშვებს, როგორ შეიძლება ღეროზე რკალების რაოდენობის მიხედვით ამოიცნოთ ხის ასაკი.

ნაგავზე ნადირობა

ტერიტორიის დასუფთავება შეიძლება ბავშვისთვის უინტერესო აღმოჩნდეს. მაგრამ თუ თქვენ შეიმუშავებთ ნადირობის გეგმას (მაგალითად, შეაგროვებთ მხოლოდ პლასტმასის ნაგავს), ის შეიძლება საინტერესო თამაშად აქციოთ. შემდეგ შეაჯამებთ ნადირობას და გაარკვევთ, რა სახის ნარჩენი ჭარბობს თქვენს მხარეში.

ადგილობრივი ფრინველების შესწავლა

აიღეთ ბინოკლი და დააკვირდით ბეღურებს, კაჭკაჭებს, ყვავებს, გვრიტებს. რით განსხვავდება მათი გარეგნობა? რა ხმებს გამოსცემენ ისინი? ჩაინიშნეთ ყველა დაკვირვება. ჩიტების მოსაზიდად დაუყარეთ მათ საკვები.

დრო და მოძრავი მზე

მზიან ამინდში სასეირნოდ რომ წახვალთ, ფერადი ცარცები გაიყოლეთ. შემოხაზეთ თქვენი ან თქვენი შვილის ჩრდილი ტროტუარზე და მიაწერეთ, რომელი საათია. გარკვეული პერიოდის შემდეგ დაბრუნდით იმავე ადგილას და შემოხაზეთ ჩრდილი უკვე სხვა ფერის ცარცით – ის სხვა ადგილას იქნება. მოუყევით ბავშვებს ცაზე მზის მოძრაობის შესახებ.

 

წყარო http://mastsavlebeli.ge

ნეიროლინგვისტური თამაში ანაგრამებით

 

თუ თქვენ ლექსიკონებში ჩაიხედავთ, ანაგრამის შესახებ ამოიკითხავთ შემდეგს: ანაგრამა (ბერძ. Αναγραμμα) — სიტყვა ან შესიტყვება, რომელიც წარმოიქმნება სხვა სიტყვის ან შესიტყვების ასოების გადაადგილებით; გამოიყენება გამოცანებში, თამაშებში. ასევე არის ლექსების შექმნის ხერხი, რომელშიც ლექსის საწყისი სიტყვის ცალკეული ფონემები მეორდება სხვა სიტყვებში. ანაგრამის მაგალითებია: მხალი – ხმალი, ტახი – ხატი, თავი – თივა და ა.შ.

მიზანშეწონილი იქნება, ეს თემა სოსიურიდან დავიწყოთ. სოსიურმა აღმოაჩინა ლექსის წყობის უნივერსალური, განსაკუთრებული, ანაგრამული პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ „ყოველი პოეტური ტექსტის აგება დამოკიდებულია საკვანძო სიტყვის ბგერით შემადგენლობაზე. ტექსტის დანარჩენი სიტყვები შეირჩევა ისე, რომ მათში გარკვეული კანონზომიერებით განმეორდეს საკვანძო სიტყვის ბგერები“.

სოსიურმა ამ გამოკვლევებით გაკვალა გზა პოეტურ ტექსტში ბგერისა და მნიშვნელობის ურთიერთკავშირის ახლებური გაგებისათვის. მისი აზრით, ბგერის გამეორება და ბგერწერა არა მხოლოდ ბგერადობის სიმეტრიის მიღწევის საშუალებაა, არამედ, პირველ რიგში, ასოცირდება ლექსის თემასთან. ნიშნის ორმხრივობის პრობლემა, რომელიც ღრმად არის განხილული „ზოგადი ენათმეცნიერების კურსში“, თავისებურად გრძელდება და აისახება სოსიურის ჩანაწერებში ანაგრამებზე.

ტექსტის ამგვარი წაკითხვა ახალი სემიოტიკური განზომილებაა, რომელშიც ნიშნის ორპლანიანობა იკარგება და ჩვეულებრივი სამეცნიერო ლოგიკით აღარაფერი იხსნება. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ანაგრამების შესახებ კვლევებს სოსიური არ აქვეყნებდა. ეს არის ის, რაც შეიძლება კიდეც დაადასტურო და, ამავე დროს, არ იყოს მუდამ კანონზომიერი. ამიტომ სოსიური წერდა: „არავითარი საშუალება არ არსებობს იმისა, რომ საბოლოოდ გაეცეს პასუხი იმას, აქვს თუ არა ანაგრამას შემთხვევითი ხასიათი. ნებისმიერ სამ სტროფში შეიძლება მოიძებნოს მარცვლები, რომელთაგან ანაგრამების შედგენა იქნებოდა შესაძლებელი“. „ტექსტის ყოველი ელემენტი ფუნქციონირებს, როგორც მოძრავი „გრამა“, რომელიც კი არ გამოხატავს, არამედ ბადებს, აღძრავს აზრებს (ტოდოროვი).

ამ გაგებით, ანაგრამა წარმოადგენს რაღაც შეფარულს (ავტორის მიერ, ან ავტორისგან დამოუკიდებლად, არაცნობიერად), რომლის (გ)ახსნა დამოკიდებულია მკითხველის ინტუიციურ წვდომაზე.

თანამედროვე გაგებით, ანაგრამები, მაგალითად, პოეზიაში, გამოიყენება, როგორც აზრის გამოხატვის განსაკუთრებული ალგორითმები, რომლებსაც ახლავს ენობრივი თამაშის სიმსუბუქე და აზრის გამოხატვის სიღრმე და დახვეწილობა.

ამ მხრივ თანამედროვე ქართულ პოეზიაში ძალიან საინტერესოა პაატა ნაცვლიშვილის ანაგრამები. ღრმა ენობრივი ინტუიცია და გამოთქმის ორიგინალურობა არის საფუძველი ამგვარი პოეზიისა.

„ბანს ნუ მეტყვი, განს ნუ მეტყვი, მითხარ ა!

ჩუმად მითხარ, უხმოდ მითხარ, ხმით არა.

ისიც მარქვი, გიგომ რაო, თხამ რაი,

ქვიშამ რაო, მიწამ რაო, თიხამ რა!

მთავ, გადმიშვი, თუ ნამდვილი მთაი ხარ,

ჩანს, ამინდმა დამინდო და მიხათრა,

და გადამკრა ცისატრყელის მათრახი…

რითმა ხარობს, რითმა ხარობს, რითმა ხა…[1]“.

 

ან ეს:

„არ თქვა ცოდვის, არცა მოდის,

ცხადს არჩიე სიზმარი:

მზე არც ჩადის, არც ამოდის,

ზღვის ნაპირას მარი ზის…“.

ლევან ბრეგაძე პაატა ნაცვლიშვილის ანაგრამების შესახებ წერს:

„დაბოლოს სუპერ-შიუთელრაიმი – თანხმოვანთა ორი წყვილის გადაადგილება ერთი სიტყვის ფარგლებში:

მახინჯაური

კონდუქტორო, მაგ სასტვენში იქნებ ერთიც ა,

რაღა დარჩა! გავიარეთ ბოლოსწინა ა!

ჩვენი აზრით, ამგვარი რითმის ეფექტი, მიმზიდველობა იმითაც უნდა იყოს გამოწვეული, რომ იგი თითქოს ომონიმური, ანუ უზუსტესი რითმისა და არაზუსტი კონსონანსური რითმის ერთ-ერთი სახეობის ნაჯვარია: ომონიმთან მას ის ანათესავებს, რომ სარითმო სიტყვები ზუსტად ერთი და იმავე ბგერებისგან შედგება, ხოლო კონსონანსური რითმისა კი ის გამოჰყოლია, რომ თანხმოვანთა რაოდენობა არ არის დაცული“.

ანაგრამების სხვადასხვა სახე არსებობს: დაშალო ცნობილი სიტყვა სხვა სიტყვებად, ან – შეაერთო დაშლილი ასოები და აღმოაჩინო დამალული სიტყვა.

 სავარჯიშო: მოდი, უბრალოდ, ავიღოთ რომელიმე ორ-სამ ან მეტმარცვლიანი სიტყვა და ასოები ავურიოთ ნებისმიერად, ხოლო შემდეგ შევთავაზოთ მოსწავლეებს, სტუდენტებს, შვილებს, ახლობლებს, რომ, რაც შეიძლება, სწრაფად ააწყონ მნიშვნელობის მქონე სიტყვა. ეს უბრალო სავარჯიშო ახალისებს მონაწილეებს, ავარჯიშებს ტვინს და აიძულებს, პრობლემის გადაჭრის სწრაფი გზა იპოვოს. თამაში სახალისოა და ამ გზით ახალი სიტყვების შესწავლა ძალიან ეფექტური.

მგზავრი – ვრამზიგ

კოსმოსი – მისოკოს

მინდორი – დიმნირო

ხომალდი – მალიდოხ

ყვავილი – ვილაყივ

ხალიჩა – ლიახაჩ

ანგელოზი – გნაზიოლე

აკადემია – აიმაკაედ

რობოტი – იტობორ

 

[1] https://newsaunje.ge/index.php?do=full&id=41

წყარო http://mastsavlebeli.ge

სიუჟეტური ბარათები

 

არახალია, რომ დაწყებით კლასებში თვალსაჩინოებით სწავლებას დიდი ადგილი უკავია. ამ საფეხურზე მასწავლებლებს განსაკუთრებით გვიწევს იმაზე ფიქრი, რა შევთავაზოთ მოსწავლეებს ფერადი და საინტერესო.

ჩემს პირველკლასელებს შევატყვე, რომ ამბის მოფიქრება უჭირდათ. ვცადე ინდივიდუალურად, წყვილებში, ნახატის მიხედვით, სიტყვების მიხედვით, მაგრამ ვგრძნობდი, ეს საკმარისი არ იყო.  დავიწყე ფიქრი, რა აქტივობა შემეთავაზებინა მათთვის და გამახსენდა, რომ რამდენიმე დღის წინ საკანცელარიო მაღაზიაში სიუჟეტური ბარათები შევიძინე. მართალია, სულ სხვა მიზნით, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, აქტივობაში გამომდგომოდა.

სერიული სიუჟეტური ბარათები დაყოფილია ოთხ სურათად, რომლებშიც  თანმიმდევრულად ვითარდება მოქმედება, მათი უკანა მხარე კი დანომრილია (იმ შემთხვევისთვის, თუ ბავშვმა სწორი თანმიმდევრობით დაწყობა ვერ მოახერხა). ამოვარჩიე ყველაზე მარტივი ბარათები, მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად, თითოეულ მოსწავლეს მივეცი ბარათი  და ვთხოვე, კარგად დაკვირვებოდნენ. მოსწავლეებს ჯერ ინდივიდუალურად უნდა მოეფიქრებინათ ამბავი სურათების მიხედვით და ფურცელზე დაეწერათ – ამის მიზანი მეტყველების განვითარების ხელშეწყობა იყო.

შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე, ერთმანეთისთვის ეჩვენებინათ ბარათები და მოქმედების თანმიმდევრობის მიხედვით დაელაგებინათ.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები ინდივიდუალურად მოიფიქრებდნენ ამბავს და დააწყობდნენ ბარათებს, მოფიქრებული ამბავი უნდა გაეერთიანებინათ და საბოლოო ვერსიის პრეზენტაცია მოეხდინათ.

აქტივობის შესრულების დროს მოსწავლეებს აუცილებლად დაეხმარეთ. თავდაპირველად თქვენ მოიფიქრეთ ამბავი იმ ბარათის მიხედვით, რომელსაც მოსწავლეებს არ მისცემთ. მოახდინეთ  აქტივობის მოდელირება. გაკვეთილის მსვლელობისას კი თითოეულ ჯგუფს დაუთმეთ სათანადო დრო, რათა დავალების სირთულეს თავი გაართვან.

საბოლოო ჯამში, ამ აქტივობამ ხელი შეუწყო ლოგიკური აზროვნების, მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენის, პრეზენტაციის, ზეპირი და წერითი მეტყველების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

 

წყარო http://mastsavlebeli.ge 

Wednesday, May 31, 2023

ციფრული რესურსები და მათი მნიშვნელობა სასწავლო პროცესში

 

ციფრული საგანმანათლებლო რესურსების გამოყენება გაკვეთილზე, მისი სხვადასხვა მეთოდითა და ინსტრუმენტით გაჯერება არის სასწავლო პროცესის სრულყოფისა და ოპტიმიზაციის უმნიშვნელოვანესი ასპექტი, რაც მრავალფეროვანსა და საინტერესოს ხდის სწავლა-სწავლების პროცესს.

ზემოაღნიშნულის განხორციელების აუცილებელი პირობა ტრადიციული სწავლების მეთოდების თანამედროვე ტექნოლოგიებთან ჰარმონიული თანხვედრაა. ამ საქმეში საგანმანათლებლო ციფრული ტექნოლოგიები გვიხსნიან ახალ შესაძლებლობებს.

სწავლა-სწავლების თეორიებიდან დღეს ძალიან აქტუალურია კონსტრუქტივიზმი, რომელიც სწავლას განსაზღვრავს, როგორც გამოცდილებიდან ცოდნის აგებას. კონსტრუქტივიზმის  პარადიგმის თანახმად, მოსწავლე ცოდნის მშენებელი და სწავლების აქტიური მონაწილეა; მოსწავლე არ არის ცოდნის პასიური მიმღები და დამგროვებელი. კონსტრუქტივიზმის არსი მოიცავს ხუთი საგანმანათლებლო პრინციპის რეალიზაციას:

  • მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას,
  • ახალი ცოდნის აგებას წინარე ცოდნაზე დაყრდნობით,
  • ცოდნის სამივე კატეგორიას: –
  1. დეკლარაციული/კონცეპტუალური ცოდნა (პასუხობს კითხვას: რა ვიცი?)
  2. პროცედურული/დინამიკური ცოდნა (პასუხობს კითხვას: როგორ გავაკეთო?
  3. ფუნქციური/პირობისეული/ტრანსფერული ცოდნა (პასუხობს კითხვას: როდის და რატომ გამოვიყენო მიღებული ცოდნა?);
  • მიღებულ ცოდნათა ურთიერთდაკავშირებასა და ორგანიზებას;
  • სწავლის სწავლას ანუ სწავლის სტრატეგიების დაუფლებას.

კონსტრუქტივიზმს სხვანაირად უწოდებენ სწავლას კეთებით. მოსწავლის მიერ კონსტრუქტივიზმის არსის რეალიზებისა და  თავად ახალი ცოდნის აგების მიზნით, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო პროცესის აგება სწავლების ინტერაქტიურ ფორმებზე. ამ დროს მოსწავლე თავადაა მთავარი მოქმედი ფიგურა და თავად ხსნის გზას ცოდნის ათვისებისკენ. მასწავლებელი აქტიური დამხმარეა და მისი უმთავრესი ფუნქცია სასწავლო პროცესის ორგანიზება და სტიმულირებაა.

სასწავლო პროცესში მულტიმედიური საშუალებების გამოყენება საშუალებას გვაძლევს:

  • მოვახდინოთ განათლების ჰუმანიზაცია;
  • გავზარდოთ სასწავლო პროცესის ეფექტურობა;
  • განვავითაროთ მოსწავლეთა პიროვნული თვისებები;
  • გავითვალისწინოთ მოსწავლეთა ინდივიდუალური და ასაკობრივი თავისებურებები, მათი საჭიროებები;
  • დავეხმაროთ მოსწავლეებს დამოუკიდებელ სასწავლო საქმიანობაში, რაც მიზნად ისახავს მათ თვითორგანიზებულ და თვითგანვითარებულ პიროვნებებად ჩამოყალიბებას;
  • გაკვეთილები ვაქციოთ ემოციურად და დასამახსოვრებლად;
  • შევცვალოთ მასწავლებლისა და მოსწავლის ურთიერთობის ხარისხი;
  • ობიექტურად შევაფასოთ მოსწავლის ცოდნა.

რომელი ციფრული რესურსები შეგვიძლია აქტიურად გამოვიყენოთ სასწავლო პროცესში?

v  https://learningapps.org – შექმნილია სწავლა-სწავლების მხარდასაჭერად მცირე, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინტერაქტიური სავარჯიშოების საშუალებით, რომლებიც იქმნება ონლაინ და შეიძლება გამოყენებულ იქნეს სასწავლო პროცესში. სავარჯიშოების შესაქმნელად საიტი გვთავაზობს რამდენიმე შაბლონს (სავარჯიშოები კლასიფიკაციაზე, ტესტები მრავალფეროვანი არჩევანით და ა. შ.)

https://learningapps.org/display?v=pnfba04nk23

  • https://com – ერთ-ერთი ყველაზე ოპტიმალური პლატფორმა, რომელიც საშუალებას გვაძლევს შევაგროვოთ, გავაზიაროთ და ორგანიზაციული სახე მივცეთ ყველა მულტიმედიურ რესურს, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, დაამატოს მრავალი შინაარსის ელემენტი. კოლექციები შეიძლება შეიქმნას ინდივიდუალურად და კოლექტიურად. პლატფორმის მოქნილობა საშუალებას გვაძლევს, ავირჩიოთ, როგორ ვიმუშაოთ.

https://wakelet.com/wake/Nqut81r8DA6zdGlh90ff1

  • https://genially.ly – პლატფორმა ინტერაქტიური კონტენტის შესაქმნელად. ერთიანი ინსტრუმენტი დიდაქტიკური რესურსებისთვის, პრეზენტაციებისთვის, თამაშებისთვის, ინტერაქტიური სურათებისთვის, რუკებისთვის, ილუსტრირებული პროცესებისთვის, რეზიუმეებისთვის და ა. შ.

https://view.genial.ly/6285d62da3ae520011f46c77/interactive-content-leksika-grammatika

  • https://wordwall.net – შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ინტერაქტიური, ისე ბეჭდური მასალების შესაქმნელად, რისთვისაც საიტი გვთავაზობს მრავალფეროვან შაბლონებს. შაბლონები მოიცავს: კროსვორდებს, ვიქტორინებს, არკადულ თამაშებს, როგორიცაა დევნა ლაბირინთში, თვითმფრინავი, აგრეთვე, კლასის მართვის ინსტრუმენტებს, მაგალითად, განლაგების გეგმა და ა. შ.

https://wordwall.net/resource/32630618

  • https://jigsawplanet.com – მილიონი უფასო ფაზლი, რომლებიც შეგვიძლია თავად შექმნათ სურათისა ან/და კოლაჟის ატვირთვით, შაბლონის გამოყენებით და შემდეგ მოსწავლეებმა ითამაშონ, თავსატეხი ამოხსნან, გაუზიარონ ან გამართონ კონკურსი სხვა მომხმარებლებთან.
  • https://kahoot.com/ – პოპულარული სასწავლო პლატფორმა ვიქტორინების, ტესტების შექმნისა და საგანმანათლებლო თამაშებისთვის.

https://create.kahoot.it/details/db908ed3-b06e-497f-b4cc-2bf80dcd6c3c

  • https://quizizz.com – კიდევ ერთი საინტერესო და მოსახერხებელი პროგრამა ონლაინ ტესტირებისთვის, ვიქტორინების, დიდაქტიკური თამაშებისა და ტესტების შესაქმნელად.

https://quizizz.com/admin/quiz/63ac1e51a0aeae001d84dfa0?source=quiz_share

  • https://www.gimkit.com – ახალი, თამაშზე დაფუძნებული განმავითარებელი შეფასების ინსტრუმენტი, რომელშიც მოსწავლეები იყენებენ მრავალ სტრატეგიას ვიქტორინის კითხვაზე პასუხის გასაცემად. დავალების ტიპები: კითხვები რამდენიმე სავარაუდო პასუხით, ტექსტის სტრიქონის შეყვანა, აუდიო დავალება.

https://www.gimkit.com/view/63a998d728fd0f0021994dd5

  • https://www.playpos.it – ინტერაქტიური ვიდეოს შექმნის პლატფორმა. ვიდეო შეგვიძლია თავად შევქმნათ, გადმოვწეროთ ან მივუთითოთ ბმული. რის შემდეგაც კლიპი მზადაა რედაქტირებისთვის და ის შეგვიძლია გარდავქმნათ საგანმანათლებლო ინტერაქტიურ მასალად. ინტერაქტივი მოიცავს: ყურებამდე ან მის შემდეგ კითხვების დასმას, განხილვას, ღია და დახურულ კითხვებს. შეიძლება სუბტიტრების მითითება, შესრულებული სამუშაოს რედაქტირება, შექმნილი ვიდეოს არასასურველი ეპიზოდის მოჭრა.

https://app.playpos.it/go/share/1694373/1624257/0/0/-234—

შეგვიძლია თამამად დავასკვნათ, რომ ციფრული რესურსები არის სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის ორგანიზაციის ერთ-ერთი ეფექტური ხერხი და მათი სწორი, გონივრული და შემოქმედებითი გამოყენება ეფექტური საშუალებაა საგანმანათლებლო პროცესში დასახული მიზნების მისაღწევად.

წყარო http://mastsavlebeli.ge/

 

„მასწავლებელი, როგორც იდეების მესაკუთრე“

 

ანიმაციაში – „მასწავლებელი, როგორც იდეების მესაკუთრე“- განხილულია მასწავლებლის პროფესიული განვითარების პროგრამის კონცეფცია, რომელიც კიბისებურია და უწყვეტ ციკლურობას ეფუძნება. ანიმაციაში თვალსაჩინოდ ჩანს, როგორ ხდება მასწავლებელი იდეების მესაკუთრე.


პროფესიული განვითარება -კოლეგებთან თანამშრომლობით

 

ყველა მასწავლებელს მსოფლიოს მასშტაბით უნდა ჰქონდეს მაღალი ხარისხის უწყვეტი პროფესიული განვითარების შესაძლებლობები, რომლებიც  დაეხმარება პირადი პრაქტიკის გაუმჯობესებაში და ხელს შეუწყობს მათი მოსწავლეების წარმატებას.მასწავლებელთა ხარისხიანი  პროფესიული განვითარება აუცილებელია, თუ გვინდა, რომ ჩვენს მოსწავლეებს მივცეთ საუკეთესო განათლება.პროფესიული განვითარებაზე ზრუნვა  მუდმივი და მდგრადი უნდა იყოს, რომელიც სკოლის მისიასა და ხედვასთან იქნება დაკავშირებული და, რაც მთავარია, ამას ერთჯერადი სახე არ უნდა ჰქონდეს.

რატომ არის უწყვეტი პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანი მასწავლებლებისთვის?

საუკეთესო გზა იმის უზრუნველსაყოფად, რომ მოსწავლეებმა საუკეთესოდ ისწავლონ და მიაღწიონ თავიანთ პოტენციალს, არის მათთვის ხარისხიანი   განათლების მიწოდება.(Sutton Trust, 2011).ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა და მხარდაჭერა შესაძლებელია პროფესიული განვითარების პროგრამების საშუალებით, რომელიც ზრდის მასწავლებელთაგან სწავლების ეფექტიანობას (Cordingley et al 2015) .

დილან უილიამის ციტატა:

„ყველა მასწავლებელს სურს,  რომ გააუმჯობესოს თავისი პრაქტიკა – არა იმიტომ, რომ ისინი საკმარისად კარგები არ არიან, არამედ იმიტომ, რომ უკეთესები იყვნენ“

არსებობს უამრავი კვლევა და მტკიცებულება იმის შესახებ, თუ „რა მუშაობს“ (ან სულ მცირე „რამ იმუშავა“ – ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ კვლევის კრიტიკული მომხმარებლები) და ასევე, თუ როგორ გვეხმარება მტკიცებულებებზე ინფორმირებული მიდგომები, შეცვალოს ჩვენი  შინაგანი ინსტინქტები “საუკეთესო ფსონებისკენ”.

დღევანდელ საგანმანათლებლო სივრცეში  უამრავი ბრიტანული სკოლის მთავარი საწყისი წერტილი არის EEF ( Education Endowment Foundation ქართ, განათლების ფონდი) -ის ინსტრუმენტი – სწავლებისა და სწავლის სტრატეგიები, სადაც დეტალურადაა აღწერილი სტრატეგიის გავლენის  ეფექტურობა და პროგრესის შესაძლებლობა.

ყველა სკოლას აქვს პროფესიული განვითარების გეგმა/პროგრამა, მაგრამ რა ვიცით იმაზე, თუ რა მუშაობს უკეთესად?

პროფესიული განვითარების გეგმების/პროგრამების შემუშავება და დანერგვა ეფექტურად,საკმაოდ დიდ ძალისხმევას  მოითხოვს, საჭიროა ინფორმაციის გონივრული დახარისხება , ლოგიკური თანმიმდევრობის დაცვა, აქტივობების  შერჩევა ისე ,რომ მარტივი აღსაქმელი და ასათვისებელი იყოს  მასწავლებლისთვის.

როგორც დევიდ ვესტონი და ბრიჯიტ კლეი ასახელებენ  ნაშრომში „დიდი სწავლების გათავისუფლება“, იმის თქმა, რომ კონფერენცია ან სესია „შესანიშნავი პროფესიული განვითარებაა“,  იგივეა, რაც იმის თქმა, რომ  პროდუქტების საყიდლებზე სიარული „შესანიშნავი კვებაა“; მაშ რა უნდა იყოს საუკეთესო  გზა? უნივერსალური ფორმულა არ  არსებობს, თუმცა ,განათლების მკვლევარი მერი კენედი თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ  ”კვლევის ჩატარების მნიშვნელოვანი მიზეზი არის ეფექტური პრაქტიკის იდენტიფიცირება, რათა სხვებმა შეძლონ მათი  გაზიარება და დანერგვა.” ამისთვის გავეცნოთ დიდი ბრიტანეთის   მასწავლებელთა პროფესიული განვითარების   გამოცდილებას. დიდ ბრიტანეთში, INSET   (In-Service Education and Training ქართ.სამსახურში სწავლა და ტრენინგი) (პროგრამა , ეს არის რასაც ჩვენ ვუწოდებთ მასწავლებელთა მომზადების დღეებს, სკოლებს   წელიწადში ხუთი დღე აქვთ ასეთი, რომელსაც მუნიციპალიტეტი ან სკოლა ადგენს, ამ დღეებში სწავლა სკოლაში არ მიმდინარეობს და “სამსახურში ტრენინგის” დღეებს მოკლედ “INSET დღეებს” უწოდებენ.

ზოგიერთი საგანმანათლებლო  დაწესებულების მხრიდან    შეთავაზებულია და დანერგილია ტერმინი ,,პროფესიული სწავლა’’ და ზოგში ,,პროფესიული განვითარება’.’ ხშირად ეს მხოლოდ პროვაიდერის ან დაწესებულების არჩევანზეა დამოკიდებული – რისი მოლოდინი აქვს აუდიტორიას მათგან.

სახელების გარდა, პროვაიდერები სთავაზობენ სწავლების პროგრამების კონცეფციას. ის  გათვლილია მასწავლებლებზე, რომლებსაც აქვთ ხედვა, გააუმჯობესონ თავიანთი პრაქტიკა და დაოსტატდნენ.

თუმცა, სიფრთხილით მოვეკიდოთ ოსტატობას – თუ ჩვენ რაღაცას “დავეუფლებით”, არსებობს იმის საშიშროება, რომ ვიფიქროთ, ,თითქოს მეტი არაფერი გვაქვს სასწავლი.

ჩატარდა მრავალი კვლევა პროფესიული განვითარების მიდგომების ეფექტურობის შესახებ. როგორც ერთ-ერთი მკვლევარი(კენედი) აცხადებს, “ცენტრალური წინაპირობა, რომელიც ემყარება ყველა პროფესიულ განვითარებას არის ის, რომ მკვლევარმა იცის  სწავლების შესახებ ის, რაც მასწავლებლებმა არ იციან”.

პროფესიული განვითარების  გეგმის/ პროგრამის შექმნა.

 

ყველა სკოლას აქვს (ან უნდა ჰქონდეს!) პროფესიული განვითარების პროგრამები, რომლებსაც  ხშირად პირდაპირი კავშირი აქვთ საკუთარ მიზნებთან სკოლის მისიასა და  ხედვასთან.

არსებობს პროფესიული განვითარების ეროვნული სტანდარტები, რომლებიც დეტალურად არის აღწერილი  ბრიტანეთის მთავრობის მიერ:

  1. პროფესიული განვითარება უნდა იყოს ორიენტირებული მოსწავლის შედეგების გაუმჯობესებასა და შეფასებაზე.
  2. პროფესიული განვითარება უნდა იყოს გამყარებული მყარი მტკიცებულებებითა და ექსპერტიზით.
  3. პროფესიული განვითარება უნდა მოიცავდეს თანამშრომლობას და ექსპერტულ გამოწვევას.
  4. პროფესიული განვითარების პროგრამები უნდა იყოს მდგრადი დროთა განმავლობაში.

ეს ყველაფერი ეფუძნება იმას, რომ  :

  1. პროფესიული განვითარება პრიორიტეტული უნდა იყოს სკოლის ხელმძღვანელობისთვის.

საბოლოო სტანდარტი არის საკვანძო – პროფესიული განვითარებისთვის პრიორიტეტის მინიჭების აუცილებლობა

გაერთიანებული სამეფოს განათლების დეპარტამენტი (DfE)  აცხადებს, რომ:

„მაღალი ხარისხის პროფესიული განვითარების დიზაინი ისეთივე რთული დისციპლინაა, როგორიც მაღალი ხარისხის სწავლების დიზაინი. ის მოითხოვს  აქტივობების პროგრამების დაკავშირებას, დაგეგმვას  და შეფასებას..

თავის სკოლებს  განათლების დეპარტამენტი სთავაზობს:

  1. განიხილეთ პროფესიული განვითარება,როგორც სტრატეგიული განვითარების ნაწილი.
  2. ეფექტიანი პროფესიული განვითარება გულისხმობს ტრენინგებს როგორც საწყის ეტაპზე, ასევე მაღალხარისხიან შემდგომ ქოუჩინგს.
  3. ახალი უნარების, ცოდნისა და სტრატეგიების დანერგვა უნდა განხორციელდეს  წინასწარი გაწერილი აქტივობებით.
  4. გააძლიერეთ სკოლის ფარგლებში ,,ექსპერტთა’’ მხარდაჭერა. გამოიყენეთ მაღალკვალიფიციური მწვრთნელები/ ქოუჩები.

ბრიტანეთის სკოლებმა ასევე დაიწყეს კვლევის ლიდერების დანიშვნა, რომლებიც სწავლა სწავლების  გაუმჯობესების მიზნით აწარმოებენ კვლევებს.

განათლების პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ ბოლო მოხსენებაში იკვეთება შემდეგი:

  1. მასწავლებლებისთვის ხარისხიანი პროფესიული განვითარება ისეთივე ეფექტურია მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად, როგორიც კლასში ათწლეულის გამოცდილების მქონე მასწავლებლის ყოლა.
  2. ხარისხიან პროფესიული განვითარების პროგრამებს უფრო დიდი გავლენა აქვს მოსწავლის შედეგებზე, ვიდრე სხვა ღონისძიებებს, როგორიცაა მასწავლებლის ანაზღაურება ან სასკოლო დღის ხანგრძლივობის გაზრდა.
  3. მაღალი ხარისხის პროფესიული განვითარების ხელმისაწვდომობის გაზრდა, სავარაუდოდ, შეამცირებს  სისტემიდან ახალგაზრდა კადრის გადინებას.

დავუბრუნდეთ EEF-ს და მათ რჩევებს:

  1. „საერთო მოცემულობის მიხედვით, პროფესიული განვითარება უნდა განიხილებოდეს როგორც მიმდინარე პროცესი და არა– ცალკეული მოვლენა“.
  2. „პროფესიული განვითარების აქტივობების შინაარსი ასევე უნდა იყოს თანმიმდევრული და მიზანმიმართული”.
  3. „მიზანია პროფესიული განვითარების სისტემის შექმნა, რომელიც წაახალისებს მუდმივ სწავლას და პრაქტიკაში გამოყენებას“.

პროფესიული განვითარების თვალსაზრისით კარგი მოდელია  სასწავლო ჯგუფები ან პროფესიული სასწავლო თემები, სადაც მასწავლებელი თანამშრომლობს მცირე, არაიერარქიულ კლასტერებში, რათა ფოკუსირდეს კონკრეტულ საკითხზე, მასწავლებლები მხარს  უჭერენ ერთმანეთს ქოუჩინგისა და საკლასო  დაკვირვების გზით.

სკოლებმა  უნდა იზრუნონ, რომ პროფესიული განვითარება  იყოს ინკლუზიური, ორიენტირებული და პასუხისმგებელი პერსონალის ყველა საჭიროებაზე.

პროფესიული განვითარების გეგმა(პროგრამა) უნდა იყოს ისევე გულდასმით გააზრებული და დაგეგმილი, როგორც სასწავლო საგნობრივი  პროგრამა,   უზრუნველყოფილი იყოს  ეფექტური მიდგომები.

პროფესიული განვითარების პროგრამების შეფასება

წარმატებული პროფესიული განვითარების  დიზაინის საბოლოო საკვანძო ასპექტი არის მუდმივი შეფასება – განხორციელების ციკლი, რომელიც რეგულარულად ერწყმის რეფლექსიის, უკუკავშირის და ფორმალური გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობებს, საჭიროების ან გაუმჯობესების გამოვლენილ სფეროებზე დაყრდნობით.

შეფასება უნდა იყოს სათანადო, სისტემატური და, როგორც შეფასების ნებისმიერი ფორმა შეიძლება გამოიყენონ მომავალში პოზიტიური გადაწყვეტილებების მისაღებად.

ხარისხობრივი ინფორმაციის შეგროვება ყოველთვის შესაძლებელია მასწავლებლებისგან  და სტუდენტისგან, მაგრამ პოპულარული მოდელი და ჩარჩო არის ის, რაც დახვეწილია თომას გუსკის მიერ.

გუსკიმ შემოგვთავაზა  შეფასების ხუთი დონე, რომელთაგან თითოეული იზრდება სირთულისა და სიღრმის მიხედვით და ეყრდნობა წინას.

გუსკის  შეფასების ხუთი დონე

  1. მონაწილეთა რეაქციები.
  2. მონაწილეთა სწავლა.
  3. ორგანიზაციის მხარდაჭერა და ცვლილება.
  4. მონაწილეთა მიერ ახალი ცოდნისა და უნარების გამოყენება.
  5. მოსწავლის შედეგები.

ეს უკანასკნელი არის საკვანძო და არსებითად დაკავშირებულია წარმატებასთან – როგორ იმოქმედა პროფესიული  განვითარების აქტივობამ სტუდენტებზე?

რაიმე სარგებლობა მოუტანა მათ?

დასკვნები

ფლეტჩერ-ვუდი ასკვნის, რომ “ეფექტური პროფესიული განვითარების რეცეპტი არ არსებობს”.

მთავარი არის ის, რომ  ვიფიქროთ თითქოს მასწავლებლებს შეუძლიათ მართონ საკუთარი პროფესიული  საჭიროებები და განვითარება.

ტიმპერლი და სხვები აცხადებენ:„პირველი [მითი] არის ის, რომ მასწავლებლები უნდა განიხილებოდნენ  როგორც თვითრეგულირებადი პროფესიონალები, რომლებსაც საკმარისი დრო და რესურსები  აქვთ, მოსწავლეებს კარგი მასწავლებლები სჭირდებათ. მასწავლებლები ვითარდებიან მხარდაჭერით, ინვესტიციით და რწმენით კარიერის  ყველა ეტაპზე.

და ბოლოს :

რატომ არის უწყვეტი პროფესიული განვითარება მნიშვნელოვანი მასწავლებლებისთვის?

მასწავლებელთა განვითარების შესაძლებლობა საუკეთესო საშუალებაა სტუდენტების საუკეთესო განათლების  უზრუნველსაყოფად, რაც მათ საშუალებას მისცემს მიაღწიონ თავიანთ პოტენციალს.

როგორ უნდა ჩამოვაყალიბო პროფესიული განვითარების პროგრამა?

წარმატებული პროფესიული განვითარების პროგრამის გასაღები არის ის, რომ ის უნდა იყოს მდგრადი, მხარდაჭერილი, სტრუქტურირებული და მიზანზე ორიენტირებული.

თქვენი პროფესიული განვითარების პროგრამამ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი :

  1. დარწმუნდით, რომ ის საჭიროებაზე მორგებულია;
  2. დარწმუნდით, რომ ის მხარდაჭერილია;
  3. შეუსაბამეთ ის სკოლის მისიას და ხედვას;
  4. შექმენით მხარდაჭერის პოზიტიური ატმოსფერო ყველა თანამშრომლისთვის;
  5. ზოგჯერ საუკეთესო პროფესიული განვითარება კოლეგებთან საუბარია;
  6. განჭვრიტეთ კლიმატის ცვლილებები – პერსონალის ბრუნვა, დრო, ლიდერობის მხარდაჭერა; იყავი პროაქტიული;
  7. გამოყავით სივრცე და დრო სწავლის თეორიებისა და სტრატეგიების შესასწავლად;
  8. მიეცით პედაგოგიურ კვლევებს გამოყენება და სინთეზირება;
  9. ისარგებლეთ თქვენი სკოლის გამოცდილებით და რესურსით;
  10. სიფრთხილით მოვეკიდოთ ზედაპირულ ინიციატივებს .

 

წყაროები:

  1. Fletcher-Wood, H (2018); Designing Professional Development for Teacher Change; IfT.
  2. Sutton Trust (2011) Improving the impact of teachers on pupil achievement in the UK.
  3. Kennedy, Mary. (2019). How We Learn About Teacher Learning. Review of Research in Education. 43. 138-162.
  4. Cordingley, P., Higgins, S., Greany, T., Buckler, N., Coles-Jordan, D., Crisp, B., Saunders, L., Coe, R. Developing Great Teaching: Lessons from the international reviews into effective professional development. Teacher Development Trust. 2015.
  5. Timperley, A. Wilson, H. Barrar & I. Fung (2007) Teacher Professional Learning and Development: Best EvidenceSynt hesis Iteration Wellington, New Zealand: Ministry of Education.
  6. Fletcher-Wood, H and Zuccollo, J (2020); The effects of high quality professional development on teachers and students; EPI.
  7. Timperley, H; (2008); Teacher Professional Learning and Development; International Academy of Education.
  8. Guskey, T; (2000); Evaluating Professional Development; Corwin Press.
  9. Weston, D and Clay, B; (2018); Unleashing Great Teaching; Routledge (Taylor Francis).
  10. https://www.educationcorner.com/professional-development-in-education/

წყარო  http://mastsavlebeli.ge/

წყვილებსა და ჯგუფებში მუშაობის ეფექტიანობა მოსწავლეთა თავდაჯერებულობის ამაღლებასა და ჩართულობაში

 

მეცხრე წელია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ვასწავლი ინგლისურ ენას.  მათთან ურთიერთობა ყოველდღიურად მიწევს. ხშირად ვფიქრობ, როგორ დავგეგმო გაკვეთილი ისე, რომ საბოლოო შედეგი არა მოსწავლეების მიერ ფაქტობრივი ინფორმაციის დამახსოვრება, არამედ მაღალ სააზროვნო უნარებზე გასვლა, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება და მათი მრავალმხრივი განვითარება იყოს, რათა მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნის ტრანსფერი რეალურ ცხოვრებაში. ვფიქრობ, ვგეგმავ და მივდივარ დასკვნამდე, რომ მცირე ჯგუფებსა და წყვილებში მუშაობა არსებითად მნიშვნელოვანია პედაგოგიურ მოღვაწეობაში.

პატარა ჯგუფებსა და წყვილებში მუშაობა დიდ როლს ასრულებს არატრადიციული, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების დროს. კვლევები გვიჩვენებს, რომ მსგავსი მიდგომებით სწავლებისას მოსწავლეებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ ,ისაუბრონ უცხოურ ენაზე, ვიდრე ტრადიციული,  მასწავლებელზე ორიენტირებული სწავლებისას. (Long and Porter, 1985).  თეორიული პერსპექტივიდან, პატარა ჯგუფებსა და წყვილებში მუშაობა ენის სწავლების ორ მთავარ თეორიას ეყრდნობა: ინტერაქციის ფსიქოლინგვისტური თეორია (Long-ის თეორიებზე დაყრდნობით (1983; 1996)) და სოციოკულტურული თეორია (ვიგოტსკის თეორიებზე დაყრდნობით (1978)). ორივე თეორია ორიენტირებულია ინტერაქციული სწავლების მნიშვნელობაზე.  ხოლო, როგორც ჰარმერი (2001: 207) განმარტავს „წყვილებსა და ჯგუფებში მოსწავლეთა მუშაობა არის ენის გამოყენების მყარი ინსტრუმენტი, რაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა აქტივობებისთვის, იქნება ეს მეტყველება (speaking), წერა (writing), კითხვა (reading) თუ სხვა.“

ვთანხმდებით იმაზე, რომ წყვილებსა და ჯგუფებში მუშაობა გადამწყვეტ როლს ასრულებს თანამედროვე სწავლებაში. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, მაშინ როცა ჩვენი სკოლის, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლისა და Global Partner-ის წარმომადგენელ ამერიკელ სპეციალისტებთან ხელშეკრულების საფუძველზე, ამერიკელი სპეციალისტები: – ლანეტ დელინგერი, რუთ დერიქი და მარა ჯონსონი – ჩამოვიდნენ ბათუმში. Global Partners-ს ჰყავს გამოცდილი, მაღალკვალიფიციური პედაგოგების ჯგუფი, რომლებიც ზრუნავენ მსოფლიო მასშტაბით მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინგლისური ენის გაღრმავებაზე. ისინი გვესწრებოდნენ გაკვეთილებზე, გვიბრუნებდნენ უკუკავშირებს, გვიზიარებდნენ  გამოცდილებას, გვაძლევდნენ რეკომენდაციებს და გვიტარებდნენ ტრენინგებს. ტრენინგებს უძღვებოდნენ გამოცდილი ამერიკელი პედაგოგები : ლანეტ დელინგერ – Global Partners-ის დირექტორი, რუთ დერიქ – Global Partners-ის დირექტორის მოადგილე, მარა ჯონსონ – Global Partners-ის. ტრენინგებზე გვაცნობდნენ სხვადასხვა წყვილში და ჯგუფებში მუშაობის ტექნიკებსა და აქტივობებს.

შემოგთავაზებთ ამერიკელი სპეციალისტების მიერ გაზიარებულ წყვილებსა  და ჯგუფებში მუშაობის აქტივობებს. შესაძლოა, თქვენ უკვე იცნობთ და იყენებთ კიდეც აღნიშნულ აქტივობებს, მაგრამ ვიღაცისთვის  ეს მეთოდი ახალი იყოს. (შემოთავაზებულია მხოლოდ აქტივობების აღწერა და არა მათი მიზნები, ცნებები და ესგ-სთან შესაბამისობა).  ესენია:

  1. “Interview your partner”– მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში და მასწავლებლის მიერ წინასწარ შემუშავებული საკვანძო სიტყვებითა და სამიზნე გრამატიკული სტრუქტურის მქონე შეკითხვების გამოყენებით თავიან მეწყვილეებს ინტერვიუს ართმევენ, პასუხებს ინიშნავენ და კლასის წინაშე წარადგენენ.
  2. “Tell me more”- მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში, მათ ურიგდებათ სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი საკითხავი მასალა. მოსწავლეების დავალებაა ერთმანეთზე შეკითხვების დასმით გაცვალონ ინფორმაცია, მიღებული ინფორმაცია ჩაინიშნონ და წარადგინონ კლასის წინაშე.
  3. “A spy in a group“ _ მოსწავლეები მუშაობენ წინასწარ დაყოფილ ჯგუფებში. პრობლემატური საკითხის ირგვლივ მსჯელობენ, მოჰყავთ პირადი მაგალითები და ქმნიან იდეების ნუსხას. მასწავლებელი ორივე ჯგუფის  მოსწავლეებს ურიგებს პატარა ფურცლებს. ყველა ფურცელი ცარიელია ერთის გარდა, რომელზეც წერია სიტყვა Spy-ჯაშუში. მოსწავლე, რომელსაც შეხვდება Spy ფურცელი გადადის მეორე ჯგუფში, მეორე ჯგუფის Spy კი პირველ ჯგუფში. ჯაშუშების დავალებაა  ჯგუფის ახალ წევრებს მოახსენონ  ჯგუფებში გაჟღერებული აზრები, იდეები და პირადი მაგალითები.
  4. “Pictionary” – მოსწავლეები მუშაობენ მცირე ჯგუფებში. ერთი მოსწავლე თითოეული ჯგუფიდან გადის დაფასთან და ხატავს თემასთან დაკავშირებულ კონცეპტს განსაზღვრულ დროში. ჯგუფების დანარჩენმა წევრებმა უნდა გამოიცნონ, თუ რას ხატავს მათი ჯგუფის წევრი. აქტივობა მანამ გრძელდება, სანამ ყველა მოსწავლეს არ მიეცემა დახატვის შანსნი.
  5. “Scattergories”– მასწავლებელი დაფაზე ხაზავს სხვადასხვა კატეგორიების შემცველ ცხრილს. მაგალითად:

Rivers Fruits Animals Cities
A



B



C



D



 

კატეგორიების შეცვლა  შესაძლებელია კლასის დონისა და თემის მიხედვით. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ ასო-ბგერაზე წყვილებმა ან ჯგუფებმა უნდა შეავსონ ცხრილი კატეგორიების მიხედვით.

  1. “Information gap”- წყვილებს ეძლევათ თითქმის ერთნაირი ფოტოები მცირე განსხვავებებით. წყვილებმა ერთმანეთს ფოტოები არ უნდა აჩვენონ და შეეცადონ, აღუწერონ ფოტო ყველა დეტალის გათვალისწინებით. მოსწავლეები ერთმანეთს უსმენენ, ფოტოების ჩვენების გარეშე ადგენენ განსხვავებებს მათ შორის. ეს აქტივობა განსაკუთრებით ეფექტურია დაწყებით საფეხურზე There is/There are, ფერების, ცხოველების, სხვადასხვა ლექსიკური ერთეულებისა და ადგილის წინდებულების სწავლებისას.
  2. “Telephone conversation” – მოსწავლეები ერთმანეთთან ზურგით სხედან და შესწავლილი სატელეფონო საუბრისთვის სახასიათო ფრაზების გამოყენებით წარმართავენ დიალოგს. ერთმანეთს უსმენენ და პასუხობენ შეკითხვებზე. ეს აქტივობა მათში აღძრავს ინტერესს და ამავდროულად, მოსმენის უნარის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
  3. “Divide and Conquer”– მასწავლებელი ჯგუფებად დაყოფილ მოსწავლეებს ავალებს წაიკითხონ წიგნის ან მოთხრობის რამდენიმე თავი/პარაგრაფი. ჯგუფის წევრებმა უნდა გადაინაწილონ თავები/პარაგრაფები, შეთანხმდნენ, ვინ რომელ თავს/პარაგრაფს წაიკითხავს. წაკითხვისთვის განკუთვნილი გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ თითოეული თავის/პარაგრაფის მთავარ სათქმელს/მოკლე შინაარს, რის შემდეგაც ხდება ნაწარმოების შეფასება.
  4. “Jigsaw”-ეს ბევრისთვის ცნობილი სტრატეგია მიზნად ისახავს, მოსწავლეები „ექსპერტები“ გახდნენ კონკრეტულ საკითხში, შემდეგ კი თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ  სხვებს. მასწავლებელი სამიზნე თემას/დასამუშავებელ ტექსტს ყოფს რამდენიმე შემადგენელ ნაწილად (“puzzle pieces”), აყალიბებს 3-5 კაციან ჯგუფებს და თითოეულ მათგანს ავალებს მათთვის განკუთვნილი სამიზნე ტექსტის დამუშავებას, მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი საკითხების გამოყოფას, ტექსტის შეფასებას. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები, ტექსტის მათთვის განკუთვნილი ნაწილის, „ექსპერტები“ გახდებიან, მასწავლებელი ჯგუფის წევრებს სხვადასხვა ჯგუფებში გადასვამს, ისე რომ ჯგუფებში გადანაწილდეს ტექსტის  შემადგენელი სხვადასხვა ნაწილის „ექსპერტი“. მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ საწყის ჯგუფებში მიღებულ გამოცდილებას, რის მეშვეობითაც ქმნიან ცოდნის დასრულებულ სახეს.
  5. “ThinkPair-Share”– დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე. ამ ტიპის უმარტივესი წყვილში მუშაობა, მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ჯერ თავად დაფიქრდნენ კონკრეტულ საკითხზე, იმუშაონ მეწყვილესთან ერთად და ბოლოს წარმოადგინონ საერთო პასუხი კლასის წინაშე. მასწავლებელი წინასწარ მომზადებულ შეკითხვებს კითხულობს ან დაფაზე წერს. მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად, ფიქრობენ კონკრეტულ შეკითხვებზე, აკეთებენ ჩანაწერებს. გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, თავიანთ მოსაზრებებს მეწყვილეებს უზიარებენ, ერთმანეთს უსმენენ, ერთად მსჯელობენ და მიდიან საბოლოო პასუხამდე, რის შემდეგაც თავიანთ მოსაზრებებს კლასის წინაშე აჟღერებენ.

ამერიკელ პედაგოგებთან თანამშრომლობის გარდა, ჩემმა სკოლამ მომცა შესანიშნავი შესაძლებლობა, მემუშავა ნორვეგიელ ინგლისური ენის პედაგოგთან, პაბლო რევისთან ერთად. მე და ბატონი პაბლო ერთად ვგეგმავდით და ვატარებდით ინტერაქციულ  გაკვეთილებს. ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს გამოცდილებებს და ვცდილობდით,  ერთად მოგვეგვარებინა კლასში წამოჭრილი ესა თუ ის სირთულე.  დავგეგმეთ და განვახორციელეთ არაერთი წყვილში და ჯგუფებში მუშაობის აქტივობები, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ მიდგომით სწავლების ეფექტიანობაში, ვინაიდან მოსწავლეები მეტად თავდაჯერებულნი გახდნენ, განუვითარდათ კოლაბორაციის, თანამშრომლობისა და სოციალური უნარები.

ჩვენ, მასწავლებლებმა უნდა დავძლიოთ ჯგუფური მუშაობით გამოწვეული შესაძლო პრობლემების შიში. ცხადია, თავდაპირველად გაგვიჭირდება, მაგრამ რაც უფრო ხშირად მივმართავთ ამ სტრატეგიას, მით უფრო დავიხვეწებით ჩვენც და ჩვენთან ერთად მოსწავლეებიც შეეჩვევიან გუნდურ მუშაობას.

წყვილებსა და ჯგუფებში მუშაობის ეფექტიანობა მოსწავლეთა თავდაჯერებულობის ამაღლებასა და ჩართულობაში

 

მადონა ფუტკარაძე

მეცხრე წელია საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს ვასწავლი ინგლისურ ენას.  მათთან ურთიერთობა ყოველდღიურად მიწევს. ხშირად ვფიქრობ, როგორ დავგეგმო გაკვეთილი ისე, რომ საბოლოო შედეგი არა მოსწავლეების მიერ ფაქტობრივი ინფორმაციის დამახსოვრება, არამედ მაღალ სააზროვნო უნარებზე გასვლა, კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბება და მათი მრავალმხრივი განვითარება იყოს, რათა მოსწავლეებმა შეძლონ ცოდნის ტრანსფერი რეალურ ცხოვრებაში. ვფიქრობ, ვგეგმავ და მივდივარ დასკვნამდე, რომ მცირე ჯგუფებსა და წყვილებში მუშაობა არსებითად მნიშვნელოვანია პედაგოგიურ მოღვაწეობაში.

პატარა ჯგუფებსა და წყვილებში მუშაობა დიდ როლს ასრულებს არატრადიციული, მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების დროს. კვლევები გვიჩვენებს, რომ მსგავსი მიდგომებით სწავლებისას მოსწავლეებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ ,ისაუბრონ უცხოურ ენაზე, ვიდრე ტრადიციული,  მასწავლებელზე ორიენტირებული სწავლებისას. (Long and Porter, 1985).  თეორიული პერსპექტივიდან, პატარა ჯგუფებსა და წყვილებში მუშაობა ენის სწავლების ორ მთავარ თეორიას ეყრდნობა: ინტერაქციის ფსიქოლინგვისტური თეორია (Long-ის თეორიებზე დაყრდნობით (1983; 1996)) და სოციოკულტურული თეორია (ვიგოტსკის თეორიებზე დაყრდნობით (1978)). ორივე თეორია ორიენტირებულია ინტერაქციული სწავლების მნიშვნელობაზე.  ხოლო, როგორც ჰარმერი (2001: 207) განმარტავს „წყვილებსა და ჯგუფებში მოსწავლეთა მუშაობა არის ენის გამოყენების მყარი ინსტრუმენტი, რაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა აქტივობებისთვის, იქნება ეს მეტყველება (speaking), წერა (writing), კითხვა (reading) თუ სხვა.“

ვთანხმდებით იმაზე, რომ წყვილებსა და ჯგუფებში მუშაობა გადამწყვეტ როლს ასრულებს თანამედროვე სწავლებაში. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, მაშინ როცა ჩვენი სკოლის, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლისა და Global Partner-ის წარმომადგენელ ამერიკელ სპეციალისტებთან ხელშეკრულების საფუძველზე, ამერიკელი სპეციალისტები: – ლანეტ დელინგერი, რუთ დერიქი და მარა ჯონსონი – ჩამოვიდნენ ბათუმში. Global Partners-ს ჰყავს გამოცდილი, მაღალკვალიფიციური პედაგოგების ჯგუფი, რომლებიც ზრუნავენ მსოფლიო მასშტაბით მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინგლისური ენის გაღრმავებაზე. ისინი გვესწრებოდნენ გაკვეთილებზე, გვიბრუნებდნენ უკუკავშირებს, გვიზიარებდნენ  გამოცდილებას, გვაძლევდნენ რეკომენდაციებს და გვიტარებდნენ ტრენინგებს. ტრენინგებს უძღვებოდნენ გამოცდილი ამერიკელი პედაგოგები : ლანეტ დელინგერ – Global Partners-ის დირექტორი, რუთ დერიქ – Global Partners-ის დირექტორის მოადგილე, მარა ჯონსონ – Global Partners-ის. ტრენინგებზე გვაცნობდნენ სხვადასხვა წყვილში და ჯგუფებში მუშაობის ტექნიკებსა და აქტივობებს.

შემოგთავაზებთ ამერიკელი სპეციალისტების მიერ გაზიარებულ წყვილებსა  და ჯგუფებში მუშაობის აქტივობებს. შესაძლოა, თქვენ უკვე იცნობთ და იყენებთ კიდეც აღნიშნულ აქტივობებს, მაგრამ ვიღაცისთვის  ეს მეთოდი ახალი იყოს. (შემოთავაზებულია მხოლოდ აქტივობების აღწერა და არა მათი მიზნები, ცნებები და ესგ-სთან შესაბამისობა).  ესენია:

  1. “Interview your partner”– მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში და მასწავლებლის მიერ წინასწარ შემუშავებული საკვანძო სიტყვებითა და სამიზნე გრამატიკული სტრუქტურის მქონე შეკითხვების გამოყენებით თავიან მეწყვილეებს ინტერვიუს ართმევენ, პასუხებს ინიშნავენ და კლასის წინაშე წარადგენენ.
  2. “Tell me more”- მოსწავლეები მუშაობენ წყვილებში, მათ ურიგდებათ სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი საკითხავი მასალა. მოსწავლეების დავალებაა ერთმანეთზე შეკითხვების დასმით გაცვალონ ინფორმაცია, მიღებული ინფორმაცია ჩაინიშნონ და წარადგინონ კლასის წინაშე.
  3. “A spy in a group“ _ მოსწავლეები მუშაობენ წინასწარ დაყოფილ ჯგუფებში. პრობლემატური საკითხის ირგვლივ მსჯელობენ, მოჰყავთ პირადი მაგალითები და ქმნიან იდეების ნუსხას. მასწავლებელი ორივე ჯგუფის  მოსწავლეებს ურიგებს პატარა ფურცლებს. ყველა ფურცელი ცარიელია ერთის გარდა, რომელზეც წერია სიტყვა Spy-ჯაშუში. მოსწავლე, რომელსაც შეხვდება Spy ფურცელი გადადის მეორე ჯგუფში, მეორე ჯგუფის Spy კი პირველ ჯგუფში. ჯაშუშების დავალებაა  ჯგუფის ახალ წევრებს მოახსენონ  ჯგუფებში გაჟღერებული აზრები, იდეები და პირადი მაგალითები.
  4. “Pictionary” – მოსწავლეები მუშაობენ მცირე ჯგუფებში. ერთი მოსწავლე თითოეული ჯგუფიდან გადის დაფასთან და ხატავს თემასთან დაკავშირებულ კონცეპტს განსაზღვრულ დროში. ჯგუფების დანარჩენმა წევრებმა უნდა გამოიცნონ, თუ რას ხატავს მათი ჯგუფის წევრი. აქტივობა მანამ გრძელდება, სანამ ყველა მოსწავლეს არ მიეცემა დახატვის შანსნი.
  5. “Scattergories”– მასწავლებელი დაფაზე ხაზავს სხვადასხვა კატეგორიების შემცველ ცხრილს. მაგალითად:

Rivers Fruits Animals Cities
A



B



C



D



 

კატეგორიების შეცვლა  შესაძლებელია კლასის დონისა და თემის მიხედვით. შემთხვევითობის პრინციპით შერჩეულ ასო-ბგერაზე წყვილებმა ან ჯგუფებმა უნდა შეავსონ ცხრილი კატეგორიების მიხედვით.

  1. “Information gap”- წყვილებს ეძლევათ თითქმის ერთნაირი ფოტოები მცირე განსხვავებებით. წყვილებმა ერთმანეთს ფოტოები არ უნდა აჩვენონ და შეეცადონ, აღუწერონ ფოტო ყველა დეტალის გათვალისწინებით. მოსწავლეები ერთმანეთს უსმენენ, ფოტოების ჩვენების გარეშე ადგენენ განსხვავებებს მათ შორის. ეს აქტივობა განსაკუთრებით ეფექტურია დაწყებით საფეხურზე There is/There are, ფერების, ცხოველების, სხვადასხვა ლექსიკური ერთეულებისა და ადგილის წინდებულების სწავლებისას.
  2. “Telephone conversation” – მოსწავლეები ერთმანეთთან ზურგით სხედან და შესწავლილი სატელეფონო საუბრისთვის სახასიათო ფრაზების გამოყენებით წარმართავენ დიალოგს. ერთმანეთს უსმენენ და პასუხობენ შეკითხვებზე. ეს აქტივობა მათში აღძრავს ინტერესს და ამავდროულად, მოსმენის უნარის განვითარებასაც შეუწყობს ხელს.
  3. “Divide and Conquer”– მასწავლებელი ჯგუფებად დაყოფილ მოსწავლეებს ავალებს წაიკითხონ წიგნის ან მოთხრობის რამდენიმე თავი/პარაგრაფი. ჯგუფის წევრებმა უნდა გადაინაწილონ თავები/პარაგრაფები, შეთანხმდნენ, ვინ რომელ თავს/პარაგრაფს წაიკითხავს. წაკითხვისთვის განკუთვნილი გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ თითოეული თავის/პარაგრაფის მთავარ სათქმელს/მოკლე შინაარს, რის შემდეგაც ხდება ნაწარმოების შეფასება.
  4. “Jigsaw”-ეს ბევრისთვის ცნობილი სტრატეგია მიზნად ისახავს, მოსწავლეები „ექსპერტები“ გახდნენ კონკრეტულ საკითხში, შემდეგ კი თავიანთი გამოცდილება გაუზიარონ  სხვებს. მასწავლებელი სამიზნე თემას/დასამუშავებელ ტექსტს ყოფს რამდენიმე შემადგენელ ნაწილად (“puzzle pieces”), აყალიბებს 3-5 კაციან ჯგუფებს და თითოეულ მათგანს ავალებს მათთვის განკუთვნილი სამიზნე ტექსტის დამუშავებას, მნიშვნელოვანი და მეორეხარისხოვანი საკითხების გამოყოფას, ტექსტის შეფასებას. მას შემდეგ, რაც მოსწავლეები, ტექსტის მათთვის განკუთვნილი ნაწილის, „ექსპერტები“ გახდებიან, მასწავლებელი ჯგუფის წევრებს სხვადასხვა ჯგუფებში გადასვამს, ისე რომ ჯგუფებში გადანაწილდეს ტექსტის  შემადგენელი სხვადასხვა ნაწილის „ექსპერტი“. მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ საწყის ჯგუფებში მიღებულ გამოცდილებას, რის მეშვეობითაც ქმნიან ცოდნის დასრულებულ სახეს.
  5. “ThinkPair-Share”– დაფიქრდი, დაწყვილდი, გაუზიარე. ამ ტიპის უმარტივესი წყვილში მუშაობა, მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, ჯერ თავად დაფიქრდნენ კონკრეტულ საკითხზე, იმუშაონ მეწყვილესთან ერთად და ბოლოს წარმოადგინონ საერთო პასუხი კლასის წინაშე. მასწავლებელი წინასწარ მომზადებულ შეკითხვებს კითხულობს ან დაფაზე წერს. მოსწავლეები მუშაობენ დამოუკიდებლად, ფიქრობენ კონკრეტულ შეკითხვებზე, აკეთებენ ჩანაწერებს. გონივრული ვადის გასვლის შემდეგ, თავიანთ მოსაზრებებს მეწყვილეებს უზიარებენ, ერთმანეთს უსმენენ, ერთად მსჯელობენ და მიდიან საბოლოო პასუხამდე, რის შემდეგაც თავიანთ მოსაზრებებს კლასის წინაშე აჟღერებენ.

ამერიკელ პედაგოგებთან თანამშრომლობის გარდა, ჩემმა სკოლამ მომცა შესანიშნავი შესაძლებლობა, მემუშავა ნორვეგიელ ინგლისური ენის პედაგოგთან, პაბლო რევისთან ერთად. მე და ბატონი პაბლო ერთად ვგეგმავდით და ვატარებდით ინტერაქციულ  გაკვეთილებს. ერთმანეთს ვუზიარებდით ჩვენს გამოცდილებებს და ვცდილობდით,  ერთად მოგვეგვარებინა კლასში წამოჭრილი ესა თუ ის სირთულე.  დავგეგმეთ და განვახორციელეთ არაერთი წყვილში და ჯგუფებში მუშაობის აქტივობები, რამაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა ამ მიდგომით სწავლების ეფექტიანობაში, ვინაიდან მოსწავლეები მეტად თავდაჯერებულნი გახდნენ, განუვითარდათ კოლაბორაციის, თანამშრომლობისა და სოციალური უნარები.

ჩვენ, მასწავლებლებმა უნდა დავძლიოთ ჯგუფური მუშაობით გამოწვეული შესაძლო პრობლემების შიში. ცხადია, თავდაპირველად გაგვიჭირდება, მაგრამ რაც უფრო ხშირად მივმართავთ ამ სტრატეგიას, მით უფრო დავიხვეწებით ჩვენც და ჩვენთან ერთად მოსწავლეებიც შეეჩვევიან გუნდურ მუშაობას.

 

 წყარო http://mastsavlebeli.ge