Monday, March 6, 2023

სიურრეალისტური თამაშები

 

სიურრეალისტების ხელოვნებას ჩემი მოსწავლეები ყოველთვის დიდი ინტერესით ათვალიერებენ და უამრავ შეკითხვას მისვამენ – რატომ დნება საათები სალვადორ დალის ნახატში? მაგრიტის შავქუდიანი მამაკაცები ღრუბლებში რად სეირნობენ? და ა.შ. მათი თვალით ეს ნამუშევრები ერთგვარი გამოცანებია, რომელთა ამოხსნას ჩვენ თამაშებით ვიწყებთ.

სიურრეალისტების მიერ მოგონილი თამაშები, ხატვის სხვადასხვა ტექნიკა, სახალისო და მოულოდნელობებით სავსე აქტივობები, ხელოვნების გაკვეთილებზე ამ მიმდინარეობის განხილვისას, თემის შესავალში, ან ჯგუფური სამუშაოს დაწყების წინ, გნებავთ სასწავლო წლის დასაწყისში, ან უბრალოდ ბავშვების განტვირთვისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ.

სიურრეალისტურ ნახატებში თუ ობიექტებში, საგნები, ადამიანები, ბუნება უჩვეულო კონტექსტში გვევლინებიან, სადაც რეალური და წარმოსახული სამყარო ლოგიკის გარეშეა გაერთიანებული. ასეთი სიმბოლური სურათები შეიძლება სიზმარში ვნახოთ, როცა გონება ცნობიერის კონტროლისგან თავისუფალია. სიურრეალისტები სწორედ ქვეცნობიერს ათავისუფლებენ და „ზერეალობას“ ქმნიან.

სიურრეალისტები თავს სიმბოლიზმის მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ. მათ წრეში გაერთიანებული იყო სხვადასხვა ეროვნების ხელოვანი მრავალფეროვანი მხატვრული მიდგომებით. ლიტერატურასა და მხატვრობაში ამ მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი ავტომატიზმი, ენის ექსპერიმენტული გამოყენება, ნაპოვნი საგნები, გარკვეულწილად მის წინამორბედ დადაიზმშიც იყო წარმოდგენილი. თუმცა, სიურრეალისტებმა ეს სტრატეგიები ზიგმუნდ ფროიდის სიზმრებისა და ქვეცნობიერი გონების თეორიების ჩარჩოში მოაქციეს. მათ სჯეროდათ, რომ შემოქმედება რომელიც ადამიანის ქვეცნობიერიდან მოდის უფრო ძლიერი და ნამდვილია, ვიდრე ცნობიერი ფიქრის ნებისმიერი პროდუქტი. ღრმად აინტერესებდათ სიზმრების ინტერპრეტაციაც, როგორც გამოუთქმელი გრძნობებისა და სურვილების გამოვლენა.

სიურრეალისტებმა სახვითი ტექნიკის, ხერხებისა და ჯგუფური თამაშების სერია სიზმრების სამყაროს გამოსაღვიძებლად გამოიგონეს. ამ „სალონური თამაშების“ მიზანი გაოცების, აბსურდულობის, იუმორისა და მოულოდნელი გადაკვეთების წარმოქმნა იყო. (სურ. 1)

სტატიაში განხილული რამდენიმე თამაში და ტექნიკა – „დახვეწილი გვამი“ (Cadavre Exquis), ავტომატური ხატვა, ფროტაჟი და „კოლაჟი დახეული ქაღალდით”, ვფიქრობ, მოსწავლეებს სიურრეალიზმის უკეთ გაგებაში დაეხმარება და თამაშის გზით საკუთარ თავს, ნაცნობ საგნებსა თუ მოვლენებს ახლებურად დაანახებს.

ყველაზე სახელგანთქმული სიურრეალისტური თამაში Cadavre Exquis (ფრანგულად), (ინგლისურად Exquisite Corpse), ქართულად ასე ჟღერს – „დახვეწილი გვამი“. თამაშის შინაარსი უფრო გასაგები რომ ყოფილიყო, გაკვეთილზე მოსწავლეებს წარვუდგინე, როგორც „უცნაური, გამოგონილი არსება“. ბავშვობაში ასეთი თამაშის ვარიაცია სიტყვებით თუ ნახატებით, ალბათ ბევრ ჩვენგანს უთამაშია. მე პირადად მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა რომ ეს გასართობი სიურრეალისტების მოგონილი იყო, ისევე როგორც ფროტაჟის ტექნიკა – როცა ხურდა ფულს ფურცლის ქვეშ ამოვდებდით და გრაფიტის ფანქრით მის ანაბეჭდს ვაკეთებდით.

„დახვეწილი გვამი“ 1925 წელს პარიზში სიურრეალისტებმა ივ ტანგმა, ჟაკ პრევემ, ანდრე ბრეტონმა და მარსელ დიუშანმა გამოიგონეს და ძალიან ჰგავს ძველ სალონურ თამაშს, რომელშიც მონაწილენი ერთ წინადადებას ისე ადგენენ, რომ არ იციან რა დაწერა წინა მოთამაშემ. სახელი „cadavre exquis“ კი მოდის ფრაზიდან, რომელიც ამ პირველი თამაშის შედეგად დაიბადა – „დახვეწილი გვამი ახალ ღვინოს დალევს“ („le cadavre exquis boira le vin nouveau“).

„დახვეწილ გვამს“ სიურრეალისტები ნახატებითა და კოლაჟებითაც თამაშობდნენ და სიტყვების ნაცვლად უცნაური, გამოგონილი, ჰიბრიდული არსებების სხეულის ნაწილებს ინტუიციურად ხატავდნენ.

ამ თამაშს სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეების გასახალისებლად ხშირად ვიყენებ. სიურრეალიზმის ისტორიის გაცნობისას კი ბავშვების ყურადღების კონცენტრირებასა და ახალი თემით უფრო ცოცხლად დაინტერესებაში მეხმარება. ძალიან კარგია, სანამ გონებისა და ხელის სავარჯიშო პორტრეტის ხატვას, ან ილუსტრაციასა და ფანტასტიკური ქმნილებების დიზაინზე მუშაობას შევუდგებოდეთ. მთავარი ხიბლი ალბათ თამაშის იუმორი და მოულოდნელობის ეფექტია, თან თანატოლთა თანამშრომლობას ეყრდნობა და იდუმალების გრძნობას შეიცავს. თამაშის წესები კი თავისუფლად შეიძლება მოვარგოთ ნახატების, კოლაჟების და ლექსების შექმნის პროცესსაც. შეგვიძლია ოჯახთან ან მეგობრებთან ერთადაც ვითამაშოთ.

„გამოგონილი არსებები“ სიურრეალისტურ სტილში ჩვენ ასევ ვითამაშეთ: (სურ. 2)

კლასი 3- ან 4-წევრიან ჯგუფებად იყოფა, თითოეულს ფურცელი და ფანქარი დასჭირდება. ფურცელი ჰორიზონტალურად სამად იკეცება – უცნაური არსების თავის, ტორსის და ფეხების დასახატად. მოთამაშეები დაფარულად ხატავენ ამ სხეულის ნაწილებს და ფურცელს გადაკეცილს გადააწოდებენ ერთმანეთს, მხოლოდ მინიშნებას უტოვებენ, სად მთავრდება კისერი ან ტორსი. დაფარულ ნახატებში არ ვიხედებით, ეს თამაშის მოულოდნელობის ეფექტს არღვევს. როდესაც ბოლო მოთამაშე დაასრულებს ხატვას, ფურცელი მაშინ იხსნება სრული ნახატების გამოსავლენად.

მოსწავლეები ხატავენ სპონტანურად, რაც იმ წამს მოუვათ თავში. ფურცლის პირველ გადაკეცილ არეში შეუძლიათ ყველაზე უცნაური თავი დახატონ, რაც კი წარმოუდგენიათ – ადამიანის ან ფანტასტიკური არსების, პროპორციული ან დისპროპორციული, სიმეტრიული ან ასიმეტრიული, სახის ნაკვთები შეუძლიათ ზედმეტი მიუხატონ, ან სულაც მოაკლონ. თმა, ბეწვი, ქუდი, რქები, სათვალე, სამკაული, ნისკარტი და სხვა დეტალები არ დაავიწყდეთ. მეორე მოთამაშე კისრის ხაზების მიხედვით აგრძელებს და ხატავს ტორსს – ტანსაცმლით, ხელებით, ან თუნდაც ფრთებით და ა.შ. მესამე ხატავს არსების ფეხებს, ან გადაადგილების ნებისმიერ საშუალებას, ფარფლებს, საცეცებს, ბორბლებს და ა.შ. ბოლოს ფურცლებს ერთდროულად ვხსნით და თუ საჭირო გახდა, უცნაური ქმნილების სხეულის ნაწილებს ხაზებით ვაერთებთ. მერწმუნეთ, ასეთ ნახატებს სიცილის გარეშე ვერ დაათვალიერებთ.

ნახატების გახსნის მერე, როცა სიცილით გული ვიჯერეთ, ერთად განვიხილეთ, როგორი იყო ხატვა, როცა წინასწარ არ იცი, რა გამოსახულებას აგრძელებ, როგორი განცდაა, როცა ფიქრის გარეშე წამიერად აზრად მოსულ იდეას ხატავ. სპონტანური ნახატებით თამაში ბავშვებს ძალიან მოეწონათ. მთხოვეს, ხშირად გავიმეოროთ გაკვეთილებზე. ფიგურების გაფერადებაც სახალისოა, ამ დროს უფრო ახლოს და სხვა თვალით აკვირდებიან ამ უცნაურ არსებებს, სახელებიც შეიძლება დაარქვან და საინტერესო გარემოც დაუხატონ ირგვლივ. (სურ. 3)

ევროპასა და ამერიკაში Cadavre Exquis/Exquisite Corps-ს ხელოვნების გაკვეთილებზე კოლეჯში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწყებით კლასებსა თუ საზაფხულო ბანაკებში თამაშობენ. ინტერნეტსივრცეში ამ აქტივობის უთვალავი რესურსი და მაგალითი შეგვიძლია ვიპოვოთ.

სიურრეალისტურ ტექნიკებში ავტომატიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა – სპონტანური ან ავტომატური წერა, ხატვა; გამოსახულებებისა და სიტყვების თავისუფალი ასოციაციები.

ავტომატური ხატვა განისაზღვრება, როგორც „ქვეცნობიერის გამოხატვა, ან „ქვეცნობიერის სავარჯიშო“. იგი მონაწილეებისგან გონების კონტროლის გარეშე ხატვას მოითხოვს. ერთი შეხედვით შედეგი შეიძლება ნაჯღაბნების სერიას ჰგავდეს, მაგრამ ეს ნახატები ავტორის ქვეცნობიერის ნაკადის დაფიქსირებაა. (სურ. 4)

ავტომატური ხატვა სიურრეალისტური მიმდინარეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილია თანამედროვე ხელოვნებაში. ხელოვნების შექმნის ამ უნიკალურ მეთოდს 1920-იანი წლების ბევრი ხელოვანი იყენებდა – ანდრე მასონი, ოსტინ ოსმან სპარი, ხუან მირო, სალვადორ დალი, ჟან არპი, ანდრე ბრეტონი. შემოქმედების ბოლო პერიოდში პაბლო პიკასოც სიურრეალისტური ავტომატიზმით იყო გატაცებული. მას შემდეგ, რაც ავტომატური ხატვით პირველი ნამუშევრები შეიქმნა, ეს ახალი ტექნიკა სწრაფად გადავიდა ფერწერასა და სხვა მედიაში.

ავომატური ხატვისთვის სხვადასხვა სახატავი საშუალება – ფანქრები, პასტელები ან მარკერები და თითო მოსწავლისთვის 2-3 ფურცელი დაგვჭირდება. ეს აქტივობა მუსიკის თანხლებითაც შეგვიძლია ჩავატაროთ. კარგი იქნება, თუ წინასწარ სხვადასხვა მელოდიას (წყნარი, აჩქარებული, და დრამატული) შევარჩევთ, 1-2 წუთი მოვუსმენთ და უმალ უწყვეტი კონტურით დავიწყებთ ხატვას. ფურცლებზე ხაზების აჩქარებულ თუ შენელებულ მოძრაობებში მოულოდნელი გამოსახულებები დაიხატება. შემდეგ კი ამ ნახატებმა ახალი ვიზუალური სახეები ან თამაშები შეიძლება შთაგვაგონოს. (სურ. 5, 6)

ფროტაჟი ფურცლის ზედაპირზე ტექსტურის შექმნის ტექნიკაა ისეთი მასალებით, როგორიცაა ნებისმიერი ფაქტურიანი ზედაპირი და ცვილის პასტელი, გრაფიტის ფანქარი ან ნახშირი. ფაქტურის შესაქმნელად შეიძლება კედლის ხაოიანი ზედაპირი, იატაკი, მაგიდა, წიგნის ყდა, ქსოვილი და ნებისმიერი რელიეფური ზედაპირის მქონე საგანი გამოვიყენოთ. ამ ტექნიკის აღმომჩენი მაქს ერნსტისთვის ფროტაჟი მის ქვეცნობიერში შეღწევის საშუალება იყო. ის ნამუშევრებში სიმებს, ბადეს, პურის ქერქსაც კი იყენებდა. (სურ 7)

თხელი ქაღალდი განათავსეთ სხვადასხვა ტექსტურიან საგანზე, წაუსვით ფანქარი, პასტელი ან ნახშირი და ნახავთ, როგორ ამოისახება ზედაპირზე ფურცლის ქვეშ არსებული ფორმები და გამოსახულებები. შემდეგ დავაკვირდეთ ამ ნახატებს, რას გვაგონებს ეს ფაქტურები? ადამიანებთან, სიმბოლოებთან, ობიექტებთან თუ ბუნებრივ მოვლენებთან ხომ არ გვიჩნდება ასოციაციები? წარმოსახვას გზა მივცეთ, ახალი ნიშნები და ფერები შეიძლება დავამატოთ და ფროტაჟში დამალულ მოულოდნელ სახეებს ამოვიკითხავთ. (სურ. 8)

ფროტაჟი მოსწავლეებს შემოქმედებითი ფიქრისკენ უბიძგებს, სადაც „არაფერი“ შეიძლება „რაღაც“ გახდეს. ერთ ნახატში სხვადასხვა ზედაპირისგან მიღებული ფროტაჟების დაკავშირებით კომპლექსური ეფექტების შექმნაა შესაძლებელი. დამატებით შეიძლება გავაფერადოთ, გამოვჭრათ ან სხვა მასალებს დავუკავშიროთ კოლაჟში.

„კოლაჟი დახეული ქაღალდით“ (ფრ. Papier Déchiré) პირველად ჟან არპმა გამოიყენა. (სურ. 9)

ნაკუწებად დახეული ან სხვადასხვა ფორმად დაჭრილი ფერადი ან მეორადი ქაღალდები თეთრ ფურცელზე უნდა მიმოვაბნიოთ. შემთხვევით დაცვენილი ქაღალდები უკვე გარკვეულ კონფიგურაციებს შეიცავს, რომლებიც ასეთივე წყობით ფურცელზე დავაწებოთ. (სურ. 10)

მოსწავლეები ყურადღებით დააკვირდებიან შემთხვევით მიღებულ კოლაჟს, რომელიც აბსტრაქტულ კომპოზიციად შეუძლიათ დატოვონ, ან განავრცონ – ფანქრებით, საღებავებით, პასტელებით, მარკერებით ამ დეტალების შემაერთებელი ან ზედ მიხატული ხაზების, წერტილების თუ სხვა ფორმების დამატებით და დამუშავებით.

მოსწავლეებთან ერთად ხელოვნების გაკვეთილებზე კიდევ არაერთი სიურრეალისტური თამაში და ვიზუალური ტექნიკა – გრატაჟი, ფროსაჟი, დეკალკომანია, ფოტოკოლაჟი, ფოტომონტაჟი – შეგვიძლია გამოვიყენოთ. ბავშვებს ყოველთვის ხიბლავთ მოულოდნელობის ელემენტი და იუმორი საკლასო ოთახში. თამაშით სწავლება კი ყველა ასაკის მოსწავლისთვის საინტერესო და სასარგებლოა, როგორც საგნით დაინტერესების, ისე განტვირთვისთვის და რაც მთავარია, ხელოვნებაში თავისუფლების შეგრძნებისთვის.

 

წყარო:

A book of surrealist games, Compiled by Alastair Brotchie, Edited by Mel Gooding, 1995

https://www.nationalgalleries.org/art-and-artists/31332/cadavre-exquis-exquisite-corpse

https://www.centrepompidou.fr/es/ressources/oeuvre/ckXapBx

https://www.widewalls.ch/magazine/automatic-drawing

Unreal, Mysterious, Strange, Explore the dreamlike art of the Surrealists with these art activities for kids and families. Elizabeth Margulies, Lisa Mazzola Nov 12, 2020

ემპათია – ბავშვები და მშობლები

 

„ემპათიას და თანაგრძნობას ანადგურებს საკუთარი თავით ტკბობა. როდესაც ადამიანი საკუთარ თავზეა კონცენტრირებული, მთელი სამყარო მისი პრობლემებისა და საზრუნავის მასშტაბებამდე ვიწროვდება… მაგრამ როდესაც ყურადღებას ვაქცევთ სხვებს, სამყარო ფართოვდება“, – ვკითხულობთ მიშელ ბორბას (Michele Borba) ბესტსელერში „ემპათიური ბავშვები“.

მიშელ ბორბა მრავალი ბესტსელერის ავტორია, რომელთა უმეტესობა რამდენიმე ენაზეა თარგმნილი. ის ყოფილი პედაგოგია, ბავშვთა აღზრდის საკითხების ექსპერტი, ახალგაზრდებში ბულინგისა და ძალადობის პრევენციის სპეციალისტი, აქვს სპეციალური განათლება შშმ ბავშვებთან მუშაობის სფეროში და დოქტორის ხარისხი პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში. არის არაერთი ჯილდოს მფლობელი. ცხოვრობს კალიფორნიაში მეუღლესთან ერთად. ჰყავს სამი ზრდასრული ვაჟიშვილი.

 

მიშელ ბორბა წერს, რომ სხვისი გრძნობების ამოცნობის უნარი ბავშვს ემოციურ წიგნიერებას უვითარებს და სწორედ ეს არის პირველი ნაბიჯი ემპათიისა და თანაგანცდის სწავლების გზაზე. ამერიკელი ფსიქოლოგი მშობლებს სთხოვს, არ იჩქარონ და გულდასმით განავითარონ ყოველი ნაბიჯი, სანამ მომდევნო საფეხურზე გადავიდოდნენ.

 

პირველი ეტაპი: გაჩერდით და ყური მიუგდეთ. ემპათია გარშემო მყოფთა მიმართ ყურადღებით იწყება, ამიტომ, როდესაც ბავშვთან ურთიერთობთ, სხვა ყველაფერი დაივიწყეთ. გვერდზე გადადეთ მობილური ტელეფონი. დაამკვიდრეთ წესი: „ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას – არავითარი ინტერნეტშეტყობინება, ელექტრონულ წერილებზე პასუხი, სატელეფონო საუბარი, ტელევიზორი!“

 

მეორე ეტაპი: პირისპირ ურთიერთობა. სხვისი ემოციების ამოცნობას ბავშვები მხედველობითი კონტაქტით სწავლობენ, ამდენად, აუცილებელია, უფროსი საუბრისას პირდაპირ უყურებდეს ბავშვს, ანუ მათი თვალები ერთ სიმაღლეზე იყოს. მხედველობითი კონტაქტის შესანარჩუნებლად დააკვირდით თნამოსაუბრის თვალის ფერს, სახის მიმიკას, ინტონაციას და ემოციურ სიგნალებს.

მესამე ეტაპი: კონცენტრირდით გრძნობებზე. ემოციური წიგნიერების განვითარება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ემპათია. ბავშვმა უნდა ისწავლოს საკუთარი გრძნობების გამოსახატავად საჭირო სიტყვების პოვნა. მაგალითად:

  • აღვწეროთ გრძნობა: „მგონი, ბრაზობ“; „ალბათ შეწუხებული ხარ“; „ძალიან გაღიზიანებული კილოთი ლაპარაკობ“.
  • დავსვათ დამაზუსტებელი კითხვები: „შეშინებული ხარ?“; „ნაწყენი ხომ არ ხარ?“; „ხომ არ ნერვიულობ?“
  • აღვწეროთ შესაბამისი ჟესტი: „მუშტები გაქვს შეკრული, ხომ არაფრის გეშინია?“; „ხელები გიკანკალებს, რამეზე ბრაზობ?“; „ისეთი გამომეტყველება გაქვს, როგორც ჩანს, ვიღაცამ ძალიან გაგაბრაზა“.

არასოდეს განსაჯოთ ბავშვის გრძნობები, უბრალოდ უყურეთ და აღწერეთ ისინი.

მეოთხე ეტაპი: გრძნობების გამოხატვა. ბავშვისთვის აუცილებელია, შეძენილი ემოციური ლექსიკონი გრძნობების გამოსახატავად გამოიყენოს. მიღებულია, რომ ბავშვთან საუბარი დავიწყოთ კითხვით: „რას ფიქრობ გიორგის/ნინოს გრძნობების შესახებ?“ – მაგრამ გაცილებით ეფექტური იქნება, თავდაპირველად გამოვთქვათ ვარაუდი: „მგონი რაღაცაზე ნერვიულობ“. ამ ყველაფრის მიზანია, ბავშვის ემოციური ლექსიკონი თანდათან შეივსოს და ის მოემზადოს იმ მომენტისთვის, როდესაც დამოუკიდებლად შეძლებს ემოციის გამოხატვას. სწორედ ამის შემდეგ მოახერხებს ბავშვი, განმარტოს: „თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, როდესაც ლუკას დავარტყი“.

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ვკითხოთ ბავშვს: „შენ რას გრძნობ?“ შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდება, სხვების გრძნობებზეც დავუსვათ კითხვა: „როგორ ფიქრობ, რას გრძნობდა ლუკა, როდესაც დაარტყი?“ ამგვარად შესაძლებელი ხდება, ბავშვის ყურადღება გადავამისამართოთ და ვუბიძგოთ მას, სხვების გრძნობებზეც დაფიქრდეს. ერთმა კალიფორნიელმა მშობელმა მოსწრებულად შენიშნა: „შვილებს ვეუბნები: როდესაც რამე არ მოგწონთ და გსურთ, შეცვალოთ, ხმამაღლა თქვით, რასაც გრძნობთ. ეს წამალივითაა – მისი დალევა დიდად არ გინდათ, მაგრამ მისი წყალობით უფრო და უფრო უკეთ გახდებით“.

უკვე მრავალი წელია, თანამედროვე ცხოვრების ძირითად გამოწვევად იქცა გაჯეტების ხანგრძლივი და უკონტროლო გამოყენება. მიშელ ბორბას აზრით, ემპათიასა და გრძნობების გამოხატვაზე საუბრისას ამ საჭირბოროტო საკითხს გვერდს ვერ ავუვლით. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაკონტროლდეს ის დრო, რომელსაც ოჯახის წევრები ელექტრონულ მოწყობილობებთან ატარებენ. ურთიერთობები მათ შორის ყოველგვარი მოწყობილობის გარეშე უნდა წარიმართოს. ვირტუალური ურთიერთობები ცოცხალი ურთიერთობებით უნდა ჩანაცვლდეს.

  • უფროსებმა უნდა დააწესონ და დაიცვან გაჯეტების გამოყენების ლიმიტი. მშობლების მიერ შექმნილი წესრიგი ბავშვებზე თანდათან დადებითად აისახება. თავდაპირველად, მაგალითად, შეიძლება, ყველამ დაიცვას ერთი უწყინარი პირობა და ოჯახურ ტრაპეზს ტელეფონების გარეშე დაესწროს. უფროსებმა, როგორც ქცევის მისაბაძმა მოდელებმა, საკუთარ თავზე უნდა აიღონ გრძნობებზე საუბრის ინიციატივა, მოუყვნენ ოჯახისწევრებს საკუთარი გრძნობების შესახებ. მალე შვილები თავადაც იოლად და ხალისით გააკეთებენ იმავეს.
  • მშობლებმა უნდა შეზღუდონ გაჯეტების გამოყენება, შეწყვიტონ ტელეფონის წამდაუწუმ შემოწმება და ყველა შეტყობინებაზე მყისიერად პასუხის გაცემა. მსგავსი „მსხვერპლი“ აუცილებლად იქცევა ბავშვისთვის მაგალითად. შვილთან საუბრის დროს ტელეფონი სასურველია გამორთოთ ან უხმო რეჟიმზე გადაიყვანოთ, რომ ყურადღება არ გაგიფანტოთ.
  • ოჯახური სადილი ან ვახშამი კვირაში თუნდაც ერთხელ სმარტფონების გარეშე დადებით გავლენას ახდენს ბავშვების ემოციურ განვითარებასა და სასკოლო მიღწევებზე. პერიოდულად აირჩიეთ რომელიმე ემოცია, თუნდაც სიამაყე, და ჰკითხეთ ბავშვებს, კვირის განმავლობაში თუ მოხდა რამე ისეთი, რაც მათში სიამაყის განცდას იწვევს. ეს მხოლოდ მაგალითია, მსგავსი საუბარი ოჯახის წევრებს შორის შეიძლება მათთვის მისაღები ნებისმიერი სცენარით წარიმართოს სუფრასთან, ძილის წინ თუ მანქანაში.

სკოლის მოსწავლეებისთვის ემპათიისა და ემოციური წიგნიერების სწავლების უამრავი პროგრამა არსებობს. მიშელ ბორბა ერთ მათგანს გამოარჩევს.

კალიფორნიის ერთ-ერთი სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა შეიმუშავა მეთოდი, რომელიც ემსახურება სკოლაში ბულინგის პრევენციას მოსწავლეების მიერ ერთმანეთის პოზიტიურად აღქმის საშუალებით. მასწავლებელმა აიღო წითელი, ყვითელი და მწვანე ქაღალდის ფურცლები, გამოჭრა წრეები, რომლებსაც, საკუთარი გუნება-განწყობილების მიხედვით, ყოველდღე აკრავდა საკლასო ოთახის კარზე. ყველაზე ხშირად კარზე მწვანე წრე იყო მიკრული, რაც „კარგ დღეს“ ნიშნავდა. ყვითელი ფერი ერთგვარ გაფრთხილებას გამოხატავდა, ამიტომ მოსწავლეები პედაგოგს ეკითხებოდნენ: „მასწავლებელო, ყველაფერი რიგზე გაქვთ?“ წითელი ფერი „განგაშის“ მაუწყებელი იყო და მოსწავლეებიც ყურადღებით აკვირდებოდნენ მასწავლებელს, რომელსაც ერთხელ დედა ჰყოლია შეუძლოდ და წითელი წრის საშუალებით ამცნო ბავშვებს, რომ მძიმე დღე ჰქონდა.

მათემატიკოსი მიიჩნევს, რომ ბავშვებს შეუძლიათ, ძალიან ემპათიურები იყვნენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ უფროსები მათ ამის შესაძლებლობას მისცემენ.

ეს მეთოდი გამოიყენა ერთ-ერთმა მშობელმაც, რომელიც სხვადასხვა ფერის სტიკერებს მაცივარზე აკრავდა. ამ ქალბატონმა აღიარა, რომ მისთვის მოულოდნელად შვილები ძალიან ემპათიურები გახდნენ. კიდევ ერთმა დედამ ფურცელზე დაწერა: „გთხოვთ, ნუ შემაწუხებთ!“ – და ამ ფურცელს თავისი საძინებლის კარზე აკრავდა ხოლმე, როდესაც თავს შეუძლოდ გრძნობდა ან უგუნებოდ იყო. მისი თქმით, ბავშვები ძალიან მგრძნობიარეები გახდნენ მის მიმართ. შემდეგ ბავშვებმა თავადაც დაიწყეს მსგავსი მოწოდებების გაკვრა თავიანთი ოთახის კარზე, როდესაც არ სურდათ, სხვებისთვის თავს მოეხვიათ თავიანთი უგუნებობა. მოკლედ, რაც ამ მეთოდის გამოყენება დაიწყეს, ოჯახის წევრები გაცილებით მეტად უფრთხილდებიან ერთმანეთს, გაცილებით მეტ ყურადღებას იჩენს ერთმანეთის მიმართ.

 

ძვირფასო მშობლებო, პედაგოგებო, აღმზრდელებო, თქვენც შეგიძლიათ, თქვენი ოჯახის წევრებისა თუ მოსწავლეების ასაკისა და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით შეიმუშაოთ მისაღები მეთოდები, რომლებიც თქვენს შვილებს/აღსაზრდელებს ემპათიას განუვითარებს.

წყარო http://mastsavlebeli.ge


გზამკვლევი STEAM სწავლებისთვის

 

დღესდღეობით STEM-მიდგომის დანერგვა მიმდინარეობს მასში გაერთიანებული საგნების იზოლირებული სწავლების გზით. STEM-მიმართულება ერთ საგნად არ ისწავლება. გვაქვს საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიების, მათემატიკის საგნები. შედეგის მისაღებად საგნებს შორის კავშირი კიდევ უფრო გასამყარებელია. მოსწავლეებს უნდა ვაჩვენოთ STEM-ის მომავლისთვის საჭირო შესაძლებლობები, გამოვიწვიოთ ინტერესი აღნიშნული საგნებისა და პროფესიების მიმართ, დავანახოთ ძირითადი როლი, რომელსაც STEM ასრულებს ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებაში. ამისთვის აუცილებელია, სწავლება მეტად ინტეგრირებულად მიმდინარეობდეს.

STEM-ში ყველა კომპონენტი ერთობლივად უნდა მუშაობდეს. დღეს აბრევიატურა STEM გაფართოვდა და დაემატა „A“ – ART, ხელოვნება. ეს მანიშნებელია იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია STEM-სწავლებაში შემოქმედებითობა. STEAM-ის საშუალებით შესაძლებელია, უზრუნველვყოთ მოსწავლეების მომზადება მომავლის მოქალაქეებად, რომლებიც მზად იქნებიან, საზოგადოებაში არსებული ნებისმიერი პრობლემა კრიტიკული, თანამშრომლობითი, ეფექტური გზებით გადაჭრან.

გთავაზობთ რამდენიმე პლატფორმას გაკვეთილზე STEAM-პროექტებისა და აქტივობების დანერგვისა და ინტეგრირების ხელშესაწყობად. განხორციელებული პროექტები, ინიციატივების მაგალითები დაგეხმარებათ STEAM-ის ინტეგრირებაში სწავლებისას დღის წესრიგის შეფერხების გარეშე. აქტივობების მიზანია, დაიძლიოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნები კარიერული დაგეგმვის საკითხებში. საბოლოო ჯამში, სასკოლო საზოგადოებას ხელი ეწყობა, რომ იყოს კარიერული დაგეგმვის აქტივობების ორგანიზატორი, მასწავლებელი და მოსწავლე ფლობდნენ სათანადო ინფორმაციას აქტუალური STEAM-ის სამუშაო ბაზრის შესახებ.

STEAM-სწავლების დანერგვის

საერთაშორისო აქტივობები

 Stem ალიანსი

Stem ალიანსი არის სამუშაო სივრცე STEAM-უნარების განსავითარებლად. იგი აერთიანებს განათლებასა და ინდუსტრიას, ხელს უწყობს ახალგაზრდებში STEAM-განათლებითა და კარიერით დაინტერესების პროცესს, მომავლის მოქნილი უნარების განვითარებაში წარმოქმნილი გამოწვევების დაძლევას.

აღნიშნული ალიანსი ადგენს კავშირებს STEAM-განათლებასა და კარიერას შორის, ახდენს სკოლების ჩართვას ამ პროცესში მთელი ევროპის მასშტაბით. ალიანსის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ხელს უწყობს STEAM-სწავლების დანერგვას სწავლების ყველა საფეხურზე.

გახდი ალიანსის წევრი და გაამდიდრე საგაკვეთილო პროცესი STEAM-აქტივობებით: http://www.stemalliance.eu/

Stem-ალიანსი ყოველწლიურად 22 000-ზე მეტი პედაგოგის პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

მასწავლებლის განვითარებისთვის:

  • ვებინარები სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ;
  • ონლაინშეხვედრები საუკეთესო პრაქტიკის განხილვისა და STEAM-განათლებაში ინოვაციების შესახებ;
  • ონლაინკურსები რესურსებისა და STEAM სასწავლო რესურსების სწორად შესარჩევად;
  • მრჩეველთა ქსელი, რომელიც პედაგოგებს ეხმარება, უკეთ გაიგონ STEAM კარიერული გზები და მათი საგანმანათლებლო საჭიროებები;
  • ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს რესურსებს, კვლევებს, ანგარიშებს, გაიდლაინებს და ა.შ.

ალიანსი ყოველწლიურად 122 000 მოსწავლეს აძლევს ჩართვის საშუალებას.

მოსწავლის განვითარებისთვის:

  • ყოველწლიური კამპანიები – რესურსებითა და ინიციატივებით სავსე პროექტები სკოლებში, უნივერსიტეტებსა და STEAM-კლუბებში;
  • კონკურსები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეებს, მიიღონ მრავალი სასწავლო რესურსი ალიანსის პარტნიორებისგან, გაიმარჯვონ, დაჯილდოვდნენ და მოიპოვონ ფართო აღიარება;
  • საპილოტე პროგრამები, რომლებიც ალიანსის წევრებს ეხმარება ახალი სასწავლო მასალების ან პროცედურების დადასტურებაში ტესტირებისა და ოპტიმიზაციის გზით.

Space EU

Space EU ჩართულია მასწავლებელთა და მოსწავლეთა სწავლებაში. აქ შეგიძლიათ ნახოთ კოსმოსთან დაკავშირებული საინტერესო აქტივობები, STEAM-ის შემოსვლა საკლასო ოთახში და სასკოლო სასწავლო გეგმაში, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებაში.

ეწვიეთ: SpaceEU project (space-eu.org)

Space EU-ს გამოყენება კოსმოსის შესასწავლად უფრო სახალისოსა და მრავალფეროვანს გახდის საგანმანათლებლო პროგრამებს. ის გამოიწვევს მოსწავლეთა დიდ ინტერესს, შთააგონებს და გააფართოებს ახალგაზრდა გონებას, განავითარებს ევროპული და გლობალური მოქალაქეობის გრძნობას, ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურული წარმოშობის ადამიანების ურთიერთობას STEAM-ში (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა).

აქ დაგხვდებათ სააზროვნო აქტივობები მოსწავლეებისთვის, იპოვით ახალ და საინტერესო STEAM კარიერულ შესაძლებლობებს, აღმოაჩენთ მრავალ ბმულს, რომლებიც ამოგზაურებს მოსწავლეებს STEAM თავგადასავლებში და კოსმოსურ გამოფენებზე.

 Steam განათლება

Steamonedu  მოიცავს ისეთ ასპექტებს, რომლებიც მასწავლებელს სძენს უნარს, განვითარდეს STEAM-საგანმანათლებლო პრაქტიკის კუთხით.

ეს პროექტი ახდენს სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ინტეგრირებას STEAM-განათლებაში. იგი აერთიანებს მასწავლებლებს, ტრენერებს, მკვლევრებს, საგანმანათლებლო ინსტიტუციებსა და განათლების სექტორით დაინტერესებულ პირებს. ეს არის ონლაინსაზოგადოება, რომელიც საჭიროებებისთვის არის შექმნილი. აქ იქმნება მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო მასალა და სასწავლო სცენარები. ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელიც აგროვებს STEAM-განათლების საუკეთესო პრაქტიკასა და პოლიტიკას. გარდა ამისა, არის STE(A)M პედაგოგთა გაერთიანება და ემსახურება თვითდასაქმების ინსტიტუტსაც. გვთავაზობს მოქნილ სივრცეს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ STEAM-განათლების შესაძლებლობები.

გახდით პედაგოგთა STE(A)M-გაერთიანების აქტივობების მონაწილე:

https://steamonedu.eu/

პლატფორმაზე გაერთიანებულნი არიან STE(A)M-განათლების განმახორციელებელი პედაგოგები. მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერით, სწავლებით, ტრენინგებით, გამოცდილების გაზიარებით ჩამოყალიბდა STE(A)M საზოგადოების მყარი კავშირი, რომლის შედეგადაც შეიქმნა STE(A)M განათლების ჩარჩო. იგი მოიცავს კომპეტენციებს, პოლიტიკას, მეთოდოლოგიებს, საგანმანათლებლო ობიექტებს და ა.შ.

აქ შეგიძლიათ იხილოთ STE(A)M-საგანმანათლებლო პრაქტიკის მრავალი სახელმძღვანელო და გზამკვლევი, რომლებიც საკლასო სივრცეში STE(A)M-ის დანერგვაში დაგეხმარებათ.

 

STEAM-აქტივობების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა

სწავლა-სწავლებაში STEAM-ის ჩასართავად საჭიროა, მასწავლებელმა გამოიყენოს მრავალფეროვანი დავალებები. ზემოთ მოყვანილი აქტივობები პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის ისეთ გამჭოლ კომპეტენციებს, როგორიცაა შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, მოსწავლეები არ სხედან ფაქტების კონსტატაციის ჩარჩოში. ამგვარი აზროვნებით მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება ახალი ინფორმაციის ნაკადში, თვითმყოფადის გამორჩევა, უვითარდება წარმოსახვა, ინტერპრეტირების უნარი.

STEAM-აქტივობები მოსწავლეს ასევე უვითარებს მეწარმეობის კომპეტენციებს, ხელს უწყობს ეკონომიკური იდეების რეალიზებისთვის ხელსაყრელი პირობების ადვილად დანახვასა და რეაგირებას.

 

წყარო:

https://steamit.eun.org/guidelines-on-how-to-present-stem-jobs-in-classrooms/


ლიტერატურა, როგორც გზამკვლევი კონფლიქტურ სიტუაციებში

 

სასკოლო ლიტერატურის კურსში არის ტექსტები, რომლებშიც კონფლიქტური ან ძალადობის შემცველი სიტუაციებია ასახული.

ამგვარი სიტუაციების მონაწილე პერსონაჟთა ხასიათსა და ქცევაზე, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და დამდგარ შედეგებზე დაკვირვება შეიძლება საინტერესო მსჯელობის საგნად იქცეს.

ამ ბლოგში კონფლიქტის არაძალადობრივი გზით მოგვარებასა და სათანადო ქმედებებს შევეხებით, გზებს, რომელთა მოსწავლეებისთვის გაცნობა ლიტერატურის გაკვეთილებზეა შესაძლებელი თემატური ტექსტების გამოყენებით.

მასწავლებელმა განსახილველად შეიძლება შეარჩიოს მხატვრულ ტექსტში გადმოცემული ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაცია. თუ კონფლიქტი ჩხუბითა და აყალმაყალით, ძალადობით დასრულდა, ისმის კითხვა: როგორ შეიძლებოდა უსიამოვნო შედეგის თავიდან აცილება? რა შეიძლებოდა მოემოქმედებინა გმირს იმისთვის, რომ ფიზიკური შეხლა-შემოხლა აერიდებინა?

საკუთრივ შინაარსობრივი პლასტის გაგება-გააზრების დონის კითხვების დამუშავების შემდეგ სასურველია, წაკითხულის ტრანსფერს (ერთგვარ სიტუაციაში ნასწავლის სხვაგვარ, განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენების სტიმულირებას) შევუწყოთ ხელი. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ, თავიანთ ცხოვრებისეულ სიტუაციებს მოარგონ ნასწავლი და ამ გზაზე ძალიან დაეხმარებათ იმის გაცხადება, რას ფიქრობენ ამა თუ იმ მწვავე საკითხის შესახებ.

ტექსტის შინაარსის გაგებისა და გააზრების შემდეგ სამუშაო ნაბიჯები:

  1. წარმოიდგინე, რომ მოცემული სიტუაცია შენ თვალწინ ხდება.
  • რა გზას გამონახავდი კონფლიქტის არაძალადობრივი გზით მოსაგვარებლად? შენი აზრით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები?
  • რა სახიფათო შედეგები შეიძლება მივიღოთ ძალადობით კონფლიქტური სიტუაციის მოგვარების მცდელობისას?

ამ საკითხებზე მოსაზრების ჩამოყალიბებისა და გამოხატვისთვის მოსწავლეებს გარკვეული დრო უნდა მიეცეთ. ამ ეტაპზე სასურველია მათი დაწყვილება ან დაჯგუფება. ჯგუფში ან მეწყვილესთან მეტად მოსალოდნელია, რომ ისინი ღიად შეძლებენ მოსაზრების გამოხატვას.

ჯგუფსა და წყვილებს მოსაზრებების კლასისთვის გაზიარების საშუალებაც უნდა მიეცეთ. ამისთვის ერთ-ერთმა წევრმა უნდა შეაჯამოს განხილული და კლასის წინაშე წარმოადგინოს.

ამ პროცესს შემაჯამებელი მსჯელობა მოჰყვება.

სამსჯელო თემა (მოცემული თეზისი სანიმუშოა, მასწავლებელს შეუძლია, კლასში ჩატარებულ სამუშაოს მოარგოს სამსჯელო ციტატა):

„უტყვი და უმოქმედო მოწმეების თანხმობით ხდება ამქვეყნად ყველაზე მეტი ბოროტება“ .

  • შენი აზრით, რა იგულისხმება ამ გამოთქმაში?
  • შესწავლილთაგან რომელ ნაწარმოებებს გაიხსენებდი მოსაზრების საილუსტრაციოდ?
  • შენი პირადი ცხოვრებიდან, გამოცდილებიდან თუ შეგიძლია გაიხსენო რაიმე ფაქტი, როდესაც შეესწარი უსიამოვნებას, ძალადობას? რა განცდა დაგეუფლა? რა იფიქრე? რა მოიმოქმედე, თუ მოქმედება გადაწყვიტე?

შემაჯამებელი მსჯელობის წარმართვის პროცესში მასწავლებლის ამოცანაა, შექმნას კეთილგანწყობილი, ღია გარემო. არ არის რეკომენდებული, მან ღიად გამოხატოს საკუთარი პოზიცია, მაგრამ გამოთქმული თვალსაზრისების დამადასტურებელი არგუმენტების დამაჯერებლობის კომენტირება სასურველია. უნდა შეფასდეს არა პოზიცია და თვალსაზრისი, არამედ არგუმენტი, დასაბუთების მცდელობა. ეს მასწავლებელს საშუალებას მისცემს, დააკვირდეს და გააანალიზოს მოსწავლეთა აზროვნება, ხასიათი, ემოციების მართვის უნარი.

საკითხები, რომლებიც მასწავლებელმა უნდა დაამუშაოს:

  • რას ფიქრობენ მოზარდები ძალადობის არაკონფლიქტური გზით მოგვარებაზე?
  • რამდენად ფლობენ ინფორმაციას იმაზე, როგორ უნდა მოიქცნენ არაკონფლიქტურ სიტუაციაში?
  • აღმოჩენილან თუ არა თავად მსგავს ვითარებაში?

 

მნიშვნელოვანი ორიენტირები მასწავლებლისთვის

თითოეულ ადამიანს აქვს ძალა და შესაძლებლობა, სასიკეთო გავლენა მოახდინოს კონკრეტულ სიტუაციაზე, შეცვალოს ის უკეთესობისკენ, დაეხმაროს იმას, ვისაც დახმარება სჭირდება.

ეს მნიშვნელოვანი უნარია.

ისეც ხდება, რომ ადამიანები თვალს ხუჭავენ და გარიდებას, გაცლას, ჩაურევლობას ამჯობინებენ, თუ ძალადობას ან უსიამოვნო სიტუაციას შეესწრნენ.

ჩვენს ყოველდღიურობაში არაერთხელ გავმხდარვართ ან გავხდებით უსიამოვნო ფაქტის შემსწრე. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას – ქუჩაში, სკოლაში, ტრანსპორტში. ხშირია ვირტუალური ძალადობის ფაქტები სოციალურ ქსელში.

უტყვი და უმოქმედო მოწმე ისაა, ვინც ასეთ სიტუაციაში უმოქმედობას გადაწყვეტს, არც სიტყვით და არც ქმედებით არ ჩაერევა.

მოვლენების განვითარების ერთი შესაძლებლობაა თანამონაწილეობა.

თანამონაწილე ისაა, ვინც სიტყვით, კომენტარით, შემაგულიანებელი წამოძახილით ან ფიზიკურად მხარს დაუჭერს მოძალადეს და, შესაბამისად, მონაწილეობასაც მიიღებს ძალადობაში.

არიან ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ ძალადობის აღკვეთას და ხელს შეუშლიან მოძალადეს, მხარს დაუჭერენ იმას, ვისაც დახმარება სჭირდება.

როგორ შეიძლება ამის გაკეთება?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია უსაფრთხოებაზე ზრუნვა. საკუთარი უსაფრთხოების დაცვა ნიშნავს კონკრეტულ სიტუაციაზე დაკვირვებით ისე მოქმედებას, რომ საფრთხე არ შეექმნას ჩვენს სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე ფიზიკურად ძლიერია, შეირაღებულია ან სახიფათოა, პირდაპირი ჩარევა არ ღირს. ასეთ დროს დასახმარებლად უნდა მივმართოთ შესაბამის სამსახურს (112, მასწავლებელი, უფროსი ადამიანი, პოლიციელი…).

ზოგიერთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სიტყვიერი ჩარევა. მოძალადისთვის იმის ხაზგასმით თქმა, რომ მისი საქციელი მიუღებელია (კონკრეტული სახელდება იმისა, რასაც აკეთებს მოძალადე. მაგალითად, „შენ აწვალებ ძაღლს. ასე არ შეიძლება. დაანებე თავი!“. „მე ვხედავ, რასაც აკეთებ და ეს არ არის სწორი. ახლავე შეწყვიტე!“).

თუ ინტერნეტსივრცეში იგდებენ ვინმეს აბუჩად, აქაც მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციის მტკიცედ, მკაფიოდ გამოხატვა, კომენტარის დატოვება, რომელშიც პირდაპირ იქნება ნათქვამი, რომ ვისიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა, აბუჩად აგდება არ შეიძლება.

მოძალადე, რომელსაც მიუთითებენ, რომ მისი საქციელი მიუღებელია, არ გრძნობს გარემოცვის მხარდაჭერას და მეტად მოსალოდნელია, ძალადობა შეწყვიტოს.

წყარო http://mastsavlebeli.ge


საგანმანათლებლო პლატფორმა ck-12-ის საუკეთესოდ გამოყენების პრაქტიკები 5 სკოლისგან

 

2022 წელს განათლების კოალიციის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და  საერთაშორისო პლატფორმა CK-12-ის ინიციატივით შეიქმნა “საგანმანათლებლო პლატფორმა ck-12-ის სკოლების ქსელი“ და ჩატარდა კონკურსი, რომლის მიზანიც ამ პლატფორმის გამოყენების საუკეთესო პრაქტიკების გამოვლენა იყო.

ორიგინალურ პლატფორმაზე ძალიან ბევრი მასალა და ყველაფრის გადმოქართულება, რა თქმა უნდა, შეუძლებელია. ჩვენ ვეცადეთ, შეგვერჩია რესურსები ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად. შედეგად საბაზო და საშუალო სკოლის თითქმის უკვე ყველა საფეხურისთვის არსებობს წიგნები STEM-ის მიმართულების საგნებში ქართულ ენაზე, ასევე ხელმისაწვდომია 100-მდე სიმულაცია ფიზიკაში, რაც, ვფიქრობთ, გაამდიდრებს ფიზიკის გაკვეთილებს და მასწავლებლებს გაუმარტივებს რიგი საკითხების ახსნას“, – გვეუბნება განათლების კოალიციის გამგეობის თავმჯდომარე ირინა ხანთაძე.

გაეროს ბავშვთა ფონდის განათლების სპეციალისტი მარიანა ხუნძაყიშვილის ამბობს, რომ  საგანმანათლებლო პროცესში ინოვაციური რესურსების ინტეგრირება მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ინკლუზიური გახადონ სასწავლო პროცესი და უკეთესად უპასუხონ მოსწავლეთა ინდივიდუალურ საჭიროებებსა თუ ინტერესებს. ისევე როგორც ნებისმიერ სიახლეს, მნიშვნელოვანია, ხელი შეეწყოს ამ პლატფორმის სისტემურ დონეზე დანერგვას, რათა ის ხელმისაწვდომი იყოს რაც შეიძლება მეტი მასწავლებლისა და მოსწავლისათვის. ამისათვის, გაეროს ბავშვთა ფონდის ინიციატივითა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და შვიდ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, პლატფორმა CK-12 ინტეგრირდა ამ უნივერსიტეტების შესაბამის საგნობრივ სილაბუსებშიც. უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალი ჩართულია შესაბამის რეგიონებში პლატფორმა CK-12-ის მიმართულებით მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაშიც.

ქსელის მიზანი CK-12-ის  რესურსების პოპულარიზაცია და ინტეგრირებაა სწავლა-სწავლების პროცესში. ამ მიზნის მისაღწევად სკოლებთან და მასწავლებლებთან 2022 წელს 20 კონსულტანტ-მასწავლებელი იყო ჩართული, რომლებიც სასწავლო პროცესში საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმის რესურსების სწორად გამოყენებასა და სასწავლო პროცესში CK-12-ის დანერგვისთვის საჭირო ინსტრუმენტებს უზიარებდნენ კოლეგებს. ჯამში, 2022 წელს CK-12-ის სკოლების ქსელმა 60 სკოლა, 327 მასწავლებელი და 9522 მოსწავლე გააერთიანა.

წლის ბოლოს გამოვლენილი საუკეთესო პრაქტიკის 5 სკოლის სია კი ასეთია:

  1. ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლა
  2. საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბოულის №2 საჯარო სკოლა
  3. სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლა
  4. ქალაქ თბილისის №26 საჯარო სკოლა
  5. ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლა

ჟურნალი „მასწავლებელი“ ხუთივე სკოლის დირექტორს ესაუბრა და ამ სტატიის მიზანიც მათი გამოცდილების გაზიარებაა.

“ჩვენი სკოლის მისია არის ზოგადად საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერება და სულ ვცდილობთ,  ისეთი საგანმანათლებლო პლატფორმები დავნერგოთ სასწავლო პროცესში, რომლებიც სწავლა-სწავლების პროცესს უფრო ინტერაქიუს გახდის. ამგვარი პლატფორმების საჭიროება ნათლად დავინახეთ, როცა დისტანციურ სწავლებაზე გადავედით. იმ პერიოდში სულ გვიწევდა სასწავლო მასალების ძებნა, ადაპტირება, დისტანციური გაკვეთილებისთვის გამოსადეგი რესურსების ძებნა – როცა CK-12-ის მასალები გამოჩნდა, მივხვდით, რომ მათი გამოყენება არა მარტო დისტანციური, პირისპირ სწავლებისთვისაც სასარგებლო იქნებოდა. თანაც, ქართულ ენაზე ადაპტირებული ასეთი ხარისხის მასალები, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში, ბევრი არ არის. ჩვენ ტექნოლოგიურადაც მზად ვიყავით ამისთვის, გვქონდა გამართული კომპიუტერები, მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, პროექტორი, საბუნებისმეტყველო ვირტუალური ლაბორატორია და ნამდვილად გაამართლა ამ რესურსის გამოყენებამ სასწავლო პროგრამაში” – გვიყვება საჩხერის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი ლენა გომართელი. ის ფიქრობს, რომ მისი სკოლის მოხვედრა საუკეთესო პრაქტიკების მქონეთა რიცხვში ერთდროულად განაპირობა კარგად დაგეგმილმა სასწავლო პროცესმაც, რომლის დროსაც მასწავლებლები მუდმივად უზიარებდნენ ერთმანეთს გამოცდილებას და იყენებდნენ კომპლექსური გაკვეთილების პრაქტიკასაც და იმ გამოცდილებამ, რომელიც უკვე არსებობდა სკოლაში ვირტუალური და ვირტუალურ-რეალური ლაბორატორიების გამოყენების თვალსაზრისით.

“ჩვენ, მე და კათედრა ერთად დავსხედით და შევიმუშავეთ გეგმა, ერთად განვსაზღვრეთ, რომელ კლასში რა საკითხები უნდა შეეტანათ,  გვქონდა სისტემატური შეხვედრები, ერთმანეთს წარვდგენდით ანგარიშებს და ყველამ ზუსტად იცოდა, რა იყო მისი საქმე. ჩვეულებრივი გაკვეთილების გარდა მათემატიკის და საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლები ინტეგრირებულ გაკვეთილებსაც გეგმავდნენ, ეს რესურსები ჩავსვით კომპლექსურ დავალებებში, ვიყენებდით პროფესიული განვითარებისთვის, რეკომენდაციებსაც კი ვაძლევდით თვითონ ამ პლატფორმას, თუ, მაგალითად, თარგმანი იყო მოუქნელი ან მასალის გაუმჯობესების რესურსი არსებობდა. მათემატიკის ერთმა მასწავლებელმა CK-12-ის ონლაინ კლუბი შექმნა და იმ კლუბში მუშაობდა ბავშვებთან ერთად. შეიძლება წარმოუდგენლად მოგეჩვენოთ, მაგრამ ერთად ვაგროვებდით მასალებს, რომელსაც ვიყენებდით და  მოსწავლეების ნამუშევრებს – პროცესის სწორად დაგეგმვა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იყო იმ შედეგისთვის, რაც მივიღეთ” – ამბობს ლენა გომართელი.

“სოფლის სკოლებს ზოგადად ძალიან გვიჭირს კომპიუტერული ტექნიკა და ინოვაციების შემოტანა და ამიტომ, ყოველთვის ვცდილობთ მონაწილეობა მივიღოთ საგრანტო კონკურსებში, რომელიც კარგი შესაძლებლობაა სკოლის განვითარებისთვის. CK-12-ის კონკურსითაც თავიდან იმიტომ  დავინტერესდით, რომ  გამარჯვების შემთხვევაში ტექნიკური გაძლიერების საშუალება გვექნებოდა” – გვეუბნება ნონა ყაველაშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლის დირექტორი. კონკურსში სწორედ იმ დროს მიიღეს მონაწილეობა, როცა სკოლას და სკოლის 150-ზე მეტ მოსწავლეს სკოლის ახალი შენობის მოლოდინში ძველი შენობის დაცლა და მეზობელი სკოლის შენობაში შესახლება უწევდათ. მიუხედავად ამ გამოწვევისა, ძალები მოსინჯეს და საუკეთესო სკოლებს შორისაც მოხვდნენ, რამაც გარდა სიხარულისა, სკოლას ახალი კომპიუტერები, პროექტორი და ეკრანი მოუტანა, რაც მომდევნო წლებში ელექტრონული რესურსების კლასებში გამოყენებას გაამარტივებს.

“თავიდან თითქოს გაგვიჭირდა, მაგრამ მალევე ისე მოეწონათ მასწავლებლებს ეს რესურსებიც და მენტორებიც, რომ ახლა უკვე CK-12-ის გამოყენება სასწავლო პროცესის  ჩვეულებრივი ნაწილია, ბევრად ცოცხალი გამოდის გაკვეთილებიც და ნამდვილად ძალიან კარგი სასწავლო რესურსია. მასწავლებლებისთვის  დიდი სტიმულია საუკეთესო პრაქტიკის სკოლებს შორის რომ მოვხვდით – უფრო თავდაჯერებულად გააგრძელებენ სიახლეების დანერგვას სასწავლო პროცესში” – გვიზიარებს მისი სკოლის გამოცდილებას ნონა ყაველაშვილი.

“მრავალფეროვანი, ხელმისაწვდომი რესურსები STEM-ის საგნების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია” – ამბობს ჟუჟუნა გაბაიძე, თბილისის 26-ე საჯარო სკოლის დირექტორი. მან CK-12-ის შესახებ პირველად მაშინ გაიგო ფეისბუკიდან, როცა განათლების კოალიციამ კონკურსი გამოაცხადა სკოლებისთვის. რესურსის გაცნობიდან მალევე მიხვდა, რომ მისი გამოყენება საინტერესო იქნებოდა როგორც მასწავლებლებისთვის,ასევე  მოსწავლეებისთვისაც, რომლებიც გაჯეტების და ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ბევრად მეტი ხალისით სწავლობენ, ვიდრე ტრადიციული სახელმძღვანელოებიდან.

“ძალიან კარგი კონსულტანტები ჰყავს ამ პროგრამას, რომლებიც მუდმივად ედგნენ მხარში ჩვენს მასწავლებლებს და შედეგად მივიღეთ მრავალფეროვანი აქტივობები სასწავლო პროცესში, რამაც გაამართლა. ცხადია, უწყვეტი უნდა იყოს ეს პროცესი, თვითონ პლატფორმასაც ემატება რესურსები და ვფიქრობ, რომ ჩვენ CK-12-ის მუდმივ მომხმარებლებად ვიქცევით” – გვითხრა ჟუჟუნა გაბაიძემ. ის თვლის, რომ ამ პლატფორმაზე არსებული სასწავლო მასალები თავისი ფორმით და შინაარსით, არა მხოლოდ მასწავლებლებისთვის არის ადვილად გამოსაყენებელი, არამედ ბავშვების ინტერესებთანაც ახლოს არის და საბოლოო ჯამში, ამიტომაც არის შედეგიანი მისი გამოყენება სწავლების პროცესში.

 “CK-12-ის შესახებ ვიცოდით, დისტანციური სწავლების დროს ვიყენებდით კიდეც და როცა განათლების კოალიციის გვერდზე ვნახეთ, რომ კონკურსი გამოცხადდა, ვიფიქრეთ ჩავრთულიყავით. საბუნებისმეტყველო საგნები  უჭირთ მოსწავლეებს, რთულ საგნებად ითვლება ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, მათემატიკაც და ვიფიქრეთ, რომ დაგვეხმარებოდა ამ მიმართულებით ახალი რესურსების ინტენსიური გამოყენება. მოლოდინს გადააჭარბა, ისეთი რესურსები აქვთ: თამაშით სწავლება, სიმულაციები, გაკვეთილების ბოლოს შემაჯამებელი კითხვები ისეთ საინტერესოს და სახალისოს ხდის გაკვეთილს და აადვილებს ახალი საკითხების ახსნასაც და გავლილის გამტკიცებასაც. ყველაზე მთავარი რაც არის, ამ რესურსის საშუალებით, ხედავენ სასწავლო მასალასა და ცხოვრებას შორის კავშირს. ზოგადად, მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა სახელმძღვანელოს მოიაზრებს მხოლოდ ერთ-ერთ სასწავლო რესურსად და საინტერესო რომ იყოს გაკვეთილი, მასწავლებელს შეუძლია მრავალფეროვანი რესურსების გამოყენება და ყველა ასეთი პლატფორმა ძალიან გვეხმარება” – გვიყვება ონის საჯარო სკოლის დირექტორი დალი რაზმაძე. ის თვლის, რომ ელექტრონული რესურსების წარმატებით გამოყენებაში მის სკოლას სათანადო ტექნიკური აღჭურვილობის ქონაც დაეხმარა და მასწავლებლების ღიაობაც სიახლეების მიმართ. ზოგადად, ონის საჯარო სკოლა გამოირჩევა მაღალმთიანი რეგიონების სკოლებს შორის  მოსწავლეების მაღალი აკადემიური მოსწრებით და ეროვნულ გამოცდებში აბიტურიენტების მიღწევებით.

ამ პლატფორმაზე ცალკე საგნად არის მეცნიერება, რომელიც პირდაპირ ემსახურება ეროვნული სასწავლო გეგმის მიზანს,  მოსწავლემ დაინახოს საგანთა შორის კავშირი და ერთიანობაში მოიყვანოს თავისი ცოდნა. საბუნებისმეტყველო საგნები ინტეგრირებულად არის მოცემული ამ საგნის ქვეშ და ძალიან კარგად შეიძლება მისი გამოყენება, მით უმეტეს, რომ მასწავლებლებისთვის დეტალური ინსტრუქციაც მოყვება” – ამბობს დალი რაზმაძე.

“ზოგადად კონკურსები ჩვენთვის უცხო არ არის, სულ ვმონაწილეობთ საინტერესო კონკურსებშიც და პროექტებშიც იმ პრინციპით, რომ გამოცდილების მისაღებად მაინცდამაინც გამარჯვება საჭირო არ არის. თუ ვიმარჯვებთ, ეს კიდევ დამატებითი სიხარულია. განათლების კოალიცია გამორჩეული ორგანიზაციაა, სადაც ნამდვილად ვიცით, რომ ფიქრობენ, აზროვნებენ და სისტემის გაუმჯობესებაზე ზრუნავენ. მათთან წლებია მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს და როცა ეს კონკურსი გამოცხადდა, მაშინვე გადავწყვიტეთ, გვეცადა” – გვიყვება გელა მაჭარაშვილი, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბოულის მეორე საჯარო სკოლის დირექტორი. ის იხსენებს სხვა ელექტრონულ სასწავლო რესურსებსაც, მაგალითად საიტ el.ge-ს, რომელსაც მასწავლებლები მანამდეც იყენებდნენ და ავლებს პარალელს CK-12-თან, სადაც რესურსების უმეტესობა ნათარგმნი და ქართულ რეალობაზე ადაპტირებულია.

“პანდემიამ აჩვენა, რამდენად გვჭირდება ციფრული რესურსები, ელექტრონული მატარებლები და მას შემდეგ ინტერესიც გაზრდილია ყველა ასეთი სიახლის მიმართ. ბავშვებისთვისაც საინტერესოა ახალი მიდგომებით ჩატარებული გაკვეთილები. მასწავლებლებისთვის კი სტიმულია ნამდვილად, როცა ხედავენ შენს მონდომებას” – ამბობს გელა მაჭარაშვილი.

საერთაშორისო საგანმანათლებლო პლატფორმა CK-12 თხუთმეტი წლის წინ იმ

რწმენით შეიქმნა, რომ პლანეტაზე მცხოვრებ ყველა ბავშვს აქვს კარგი განათლების

მიღების უფლება, ყველა ბავშვი განსხვავებულია, განსხვავებული საჭიროებებით,

რეალობითა და შესაძლებლობებით და იმისთვის, რომ მათ კარგი განათლება მიიღონ,

საჭიროა, სწავლის პროცესი პერსონალურ მოგზაურობას ჰგავდეს. პლატფორმა,

რომელსაც დღეს 221 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და სწავლების ყველა

საფეხურისა და ყველა საგნისთვის ასობით სასწავლო რესურსს აერთიანებს, ცდილობს, მასწავლებლებს, მშობლებსა და ბავშვებს გაუმარტივოს წვდომა მათთვის მორგებულ და საჭირო მასალებზე, რომელიც, ერთი მხრივ, თანამედროვე ბავშვების ინტერესებზეა მორგებული და ინტერაქტიურია, მეორე მხრივ კი მათ საშუალებას აძლევს, სასკოლო პროცესის მიღმაც შეძლონ ჩავარდნების გამოსწორება, ცუდად ნასწავლ მასალასთან მიბრუნება და პირიქით, იმის შესახებ ცოდნის გაღრმავება, რამაც განსაკუთრებით დააინტერესა ბავშვი გაკვეთილზე. CK-12 უკვე წელიწადზე მეტია ქართულ ენაზეც გამოჩნდა და მეშვიდე-მეთორმეტე კლასებისთვის საბუნებისმეტყველო საგნების გაკვეთილებისთვის სასწავლო რესურსების ადაპტირებულ ვერსიებს სთავაზობს ქართულ სკოლებს.

 

ინიციატივას ახორციელებს განათლების კოალიცია პროექტისხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა ყველა მოსწავლისათვისფარგლებში. პროექტი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნორვეგიის სპეციალური საჭიროების საგანმანათლებლო სააგენტოს (სტატპედი) და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ნაწილია და მიზნად ისახავს ეროვნული განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერებას, დაფინანსებულია ნორვეგიის მთავრობის მიერ და განხორციელდება 2021-2023 წლების პერიოდში.

წყარო http://mastsavlebeli.ge 


Saturday, November 26, 2022

„როგორ გარდავქმნათ აგრესია დადებით ენერგიად“

 

ავლენთ თუ არა აგრესიას? როგორი დამოკიდებულება გაქვთ აგრესიისადმი? გეშინიათ მისი გამოვლენის თუ ტკბებით მისით, თუ ვერ ახერხებთ მის განცდასა და გამოვლენას? და ბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანი – რა სიტუაციაში და ვინ იწვევს თქვენში აგრესიას?

ყველა ადამიანში სხვადასხვა რამ იწვევს გაღიზიანებას: ზოგს შეხედვა არ სიამოვნებს და შეიძლება ქუჩაში მოგახალოს – „რას მიყურებ?“; ზოგი მანქანის სიგნალს ვერ იტანს („რას ასიგნალებ?); ანდა ხელფასი დააკლეს და ამითაა აღშფოთებული. ეს, ასე ვთქვათ, სტანდარტული ფორმებია, მაგრამ არსებობს აგრესიის ენერგიის სპეციფიკური ფორმებიც.

როდესაც აგრესია  თავს იჩენს, ამ დროს ძლიერ ზეწოლას განიცდის პიროვნება და ცდილობს როგორმე „მოინელოს“ რათა „გაატაროს“ და გადაუაროს. ამ დროს ჩნდება ორი შესაძლებლობა: ერთია, როდესაც ინდივიდი შეშინებულია და არსებობს მისი მხრიდან თავაზიანობის სტანდარტების დარღვევა, ცდილობს თავშეკავებას, რასაც შედეგად აგრესიის განდევნა მოჰყვება. ეს აქტი, თავის მხრივ, იწვევს ფსიქო-ფიზიკურ დარღვევებს სომატურიდან დაწყებული და ფსიქოლოგიურით დამთავრებული. მეორე შემთხვევა უფრო ექსტრავერტებს ემართებათ, როდესაც აგრესია ვლინდება სიტყვიერი ფორმით ან ქმედებით. შეიძლება ადამიანმა ისეთი რამ გითხრას, რომ მკლავები ჩამოგცვივდეს, დაინგრე შინაგანად. შალვა ნუცუბიძისთვის უთქვამთ დაკრძალვისას, – რას იყურები საფლავში, იქ ხომ არ გინდა, მის გვერდით წოლაო? პასუხია საგულისხმო: „შენს გვერდით დგომას, მის გვერდით წოლა მირჩევნიაო“; შეკითხვა აგრესიული იყო, მაგრამ პასუხი კულტურული, სუბლიმირებული ფორმით ითქვა და სოციალურ აგრესიაში არ გადაზრდილა; ენერგიის ამგვარ გარდასახვას  უფრო დიდი ფსიქიკური ენერგია, რეაგირების უფრო მაღალი დონე სჭირდება.

თუ აგრესიულ ენერგიას ვიგრძნობთ,  შეგვიძლია ბინის დალაგებას და ამ რიგის საქმიანობას მივმართოთ; ანდა, როდესაც ადამიანი გამოცდაზე ჩაიჭრება და ამის გამო აგრესია ეუფლება, მან ეს ენერგია შეიძლება გამოიყენოს მომავალი გამოცდისათვის მომზადებისა და უკეთესად ჩაბარებისათვის, რადგან ეს ენერგია საკეთებლის უკეთ შესრულების სურვილს  ასაზრდოებს. აგრესიის გარდაქმნა რომ შევძლოთ, მისი  დეზიდენტიფიცირება უნდა მოვახდინოთ. აგრესიული იმპულსი ჩვენი არსების შემადგენელი, ძალიან ღირებული ნაწილია. აგრესიას ავტომატურად ძალადობასთან აკავშირებენ ხოლმე და ადამიანის ამაღლებული თვისებების ფორმირებისათვის მისი განდევნა საჭიროდ მიაჩნიათ. ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ეს არასწორი შეხედულებაა და არ ითვალისწინებს აგრესიის დადებითი ასპექტებს.

რამაკრიშნა იხსნებს ლეგენდას საშინელ შხამიან გველზე, რომელიც შიშის ზარს სცემდა გამვლელებს, მაგრამ ერთხელ იგი ბრძენს შეხვედრია და ისე მოხიბლულა მისი სიბრძნითა და თავაზიანობით, რომ უკითხავს, – როგორ გავხდე შენნაირიო? ბრძენს რჩევა მიუცია, რომ ხალხის კბენისთვის უნდა დაენებებინა თავი და მასაც უბიწოდ არსებობა გადაუწყვეტია. ხალხს რომ გველის უსაფრთხო არსებად გარდაქმნა უხილავს, ქვების სროლა, კუდით ჰაერში ასროლა და წვალება დაუწყია. საბედნიეროდ, ამ ბრძენს იმავე გზით კიდევ მოუწია თურმე გავლა და ხილვა იმისა, თუ რა დღეში ჩავარდნილიყო გველი:- შენმა რჩევამ, აი, რად მაქციაო, უსაყვედურია ბრძენისთვის; მასაც მარტივად უპასუხია: – ადამიანთა კბენისთვის კი დაგინებებია თავი, მაგრამ სისინი ხომ არ ამიკრძალავსო? ეს ამბავი იმის ნათელყოფაა, რომ ბოროტ ადამიანს სისინი ზიანს ვერ მიაყენებს, მაგრამ მიახვედრებს, რომ თავდაცვა შეგიძლია და იცი, ბოროტს წინ როგორ აღუდგე.

ადამიანი, რომელიც საკუთარ აგრესიას უფრთხის, თრგუნავს იმის შიშით, რომ  რამე ცუდი არ ჩაიდინოს სხვების მიმართ, სინამდვილეში საკუთარი თავისკენ წარმართავს მას. ბავშვობისას მამა სისტემატურად სცემდა, დედა კი  რიგიდულ კონტროლს ახორციელებდა და შვილმაც ეს აგრესია გაითავისა; თუმცა მუდმივად თავს იკავებდა, რომ მშობლები არ დაეხოცა და ეს ყველაფერი საკუთარი თავისკენ წარმართა, რაც გამოვლინდა სუიციდის, დეპრესიის, არაადეკვატურ დანაშაულის გრძნობაში. ასეთ ადამიანის არსებაში დაგროვილი ენერგია წარმოშობს იმგვარ აზრებს, რომლებიც მუდმივად განმეორების ფორმით ვლინდება. ეს შეიძლება მაზოხისტურ, საკუთარი თავის წამებაში გადაეზარდოს. ასეთმა ადამიანმა უნდა ისწავლოს თავისი აგრესიული ენერგიის მისთვის საყვარელ საქმეში რეალიზება და აგრესიის კონსტრუქციული გამოყენება; უნდა გაიწაფოს იმაში, რომ აგრესია გამოიყენოს „საწვავად“ თავისი საქმიანობისათვის.

აგრესიული ენერგიის გარდაქმნის ერთ მაგალითად შეიძლება წარმოვიდგინოთ ასეთი ვითარება: დავაკვირდეთ და გავიაზროთ, რომ ჩვენს სხეულში აგრესიით გამოწვეული გრძნობები და შეგრძნებები  წარმოადგენენ ენერგიას, რომელიც ღირებულია და შეუძლია ჩვენთვის ზიანის მოყენება, მაგრამ ამავე დროს შეუძლია გამწევ ძალადაც იქცეს და გამოგვადგეს მიზნისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ ვიცით, რომ ბევრი შემოქმედი აგრესიას კრეატიულ ენერგიად გარდასახავდა. რომაელი პოეტი  კვინტილიანუსი ამბობდა, რომ ჩემი ბრაზი და რისხვა ქმნის ჩემს ლექსებსო. აინშტაინის მეგობარი იგონებს, რომ იგი დაჟინებით აგრძელებდა თავის მათემატიკური პროექტების დამუშავებას, რომელიც ათი წლის შემდეგ ფარდობითობის თეორიად იქცა  ყოველგვარი წაქეზებისა და დახმარების გარეშე. ჟიულ ვერნმა თავისი ნაწარმოებების დაბეჭდვაზე დასტური მიიღო მეასე რედაქციიდან. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ აგრესია საჭიროა. მიქელანჯელოს პორტრეტებსა და ნახატებში ადამიანები აღტაცებულები იყვნენ, რასაც მისი თანამედროვეები ეძახდნენ „დერიბილიტას“, რაც ამაღლებულ სიდიადესა და ინტენსივობას და იმავდროულად საშიშს ნიშნავს. რა თქმა უნდა, ეს მწირი მაგალითები არ არის საკმარისი რთული შემოქმედებითი პროცესების საჩვენებლად, მაგრამ მაინც აშკარაა, რომ ყოველი გენიოსის შემოქმედებაში დიდ როლს თამაშობდა აგრესია- ამ სიტყვის ფართო გაგებით; ანუ სპექტრი, რომელიც იწყება რისკით და გადადის ძალმოსილებაში და სრულდება შემოქმედებითი აქტით. ერთი გადმოცემით, მიქელანჯელოს ჩაქუჩი მონა ლიზაზე მუშაობისას თხუთმეტ წუთში უფრო მეტს მასალას ამუშავებდა, ვიდრე სამი ახალგაზრდა ქვისმთლელი სამ-ოთხ საათში მოახერხებდა; მისი ბიოგრაფი წერს, რომ მიქელანჯელოსავე თქმით, ჩაქუჩი მის სხეულს ჯანმრთელობას უნარჩუნებდა. იგი მუშაობისას ისეთ რისხვასა და იმპულსურობას ავლენდა, რომ მეგონა, მთელ ქანდაკებას ნამსხვრევებად აქცევდაო.

ჩინურ სიბრნე ი ძინ-ში არის ჰექსაგრამა, რომ თუ მდაბიო, ბოროტმა ადამიანმა ქალაქში დაიკავა მმართველის პოზიცია, მას შეუძლია კეთილშობილი მოქალაქის შეზღუდვა; მსგავსად ამისა, თუ ჩვენს გულში ერთმა ვნებამ დაისადგურა, მას შეუძლია, დაბინდოს გონება. ვნება და გონება ვერ ძლებენ გვერდიგვერდ. ამიტომ აუცილებელია ბრძოლა  ყოველგვარი დათმობის გარეშე, რათა კეთილმა ბოროტზე გაიმარჯვოს და ამისთვის აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა. პირველ ყოვლისა უნდა გვახსოვდეს, რომ ბოროტებასთან ბრძოლა უნდა ეყრდნობოდეს მეგობრულ განწყობას და, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია, თავად არ უნდა გავბოროტდეთ. ამ ბრძოლისას კომპრომისი დაუშვებელია; და კიდევ: ბოროტს პირდაპირ არ უნდა ვებრძოლოთ, რადგან თუ დავმარცხდით, ვნება შეგვიპყრობს და გავბოროტდებით. ბოროტზე გამარჯვების საუკეთესო ხერხია სიკეთე ანუ საპირისპიროს კეთება, რისთვისაც ბიოლოგიური აგრესიაა საჭირო. 

წყარო https://azrovnebisakademia.ge

„სწორი კომუნიკაცია სხვებთან და საკუთარ თავთან“

 

თქვენს ცხოვრებაში რამე ისე თუ არ ხდება, როგორც გინდათ, რომ მოხდეს, ესეც კომუნიკაციის შეცდომაა – რაღაცას ისე არ ვაკეთებთ, როგორც საჭიროა. რატომ არის კომუნიკაცია უნივერსალური? იმიტომ, რომ თუ არ მაქვს ურთიერთობები დალაგებული სამსახურში, ეს ნიშნავს, რომ მეშლება სხვებთან კომუნიკაცია. არ აკეთებს ჩემი შვილი რაღაცას ისე, როგორც მე მინდა, ეს ნიშნავს, რომ შეცდომა მომდის ურთიერთობებში. არ მაქვს აწყობილი საქმე შეყვარებულთან, ესეც ნიშნავს, რომ არ იცით, როგორ ესაუბროთ სწორად მას და ა.შ. ამიტომ გამოდის, რომ თუ კომუნიკაციის კანონზომიერებებში ადამიანი ერკვევა, ფაქტობრივად, მის ცხოვრებაში ყველაფერი ისე ლაგდება, როგორც თვითონ უნდა. როდესაც ვფიქრობთ, რა ხდებოდა ჩვენს ცხოვრებაში, აზრები მოგვდის. აზრების შემადგენელი ნაწილი იგივე სიტყვებია, როგორც ჩვენ ვკომუნიცირებთ. თქვენს თავში თქვენ ფიქრობთ. შესაბამისად, რა აზრიც მოგივათ, ანუ რასაც გაიფიქრებთ, ისე აფასებთ თქვენს ცხოვრებას. მე შემიძლია ვთქვა, ცუდად მიცხოვრია ან კარგად მიცხოვრია. რასაც თქვენ იხსენებთ, იქიდან 99% ურთიერთობებს ეხება. ეს პროცესი უმნიშვნელოვანესია თითოეული ადამიანისთვის.

„ურთიერთობის პროცესი არის ურთიერთზეგავლენა და ურთიერთობის შედეგი კი ის ემოცია, რასაც ჩვენ ერთმანეთზე ვტოვებთ. ადამიანმა, რომელსაც ურთიერთობისას არ შეუძლია გარკვეული ტიპის ემოცია დატოვოს, ჩათვალეთ, რომ ტყუილად ილაპარაკა. “

როგორც წესი, ადამიანები, საერთოდ არ აკვირდებიან ამ პროცესს. ყურადღების მიღმა რჩებათ. ისინი, ძირითადად, ახმოვანებენ თავიანთ სურვილებს. ანუ ჩვენი კომუნიკაცია არ არის ხოლმე შედეგზე ორიენტირებული. მე ვამბობ, მე რა მინდა. მაგრამ რატომ უნდა გააკეთოთ თქვენ ის, რაც მე მინდა, ამაზე არ მიფიქრია. არის სიტუაცია, რომ თანამშრომელს რაღაცას მკაცრად ეტყვი და ის მუშაობს. მაგრამ არის სიტუაციაც, როცა მკაცრად ეტყვი და ვეღარ მუშაობს. ანუ სხვადასხვა რეაქციებს იძლევა. აქედან გამომდინარე, რას ნიშნავს შედეგიანი კომუნიკაცია? შედეგი რა მინდა მივიღო, ის რომ გული მოვიფხანო თუ ის, რომ ამან იმუშაოს? თუ მე მინდა, რომ ამან იმუშაოს, მაშინ ჩემი კომუნიკაცია სწორდება შედეგის მისაღებად და არა მე თავში რა აზრები მომივა. ესე იგი, კომუნიკაციას აზრი არ აქვს, ერთმანეთთან ურთიერთობას აზრი არ აქვს, თუ ის არ არის შედეგისთვის გათვლილი. მაგალითად, მინდა, რომ ჩემი ბავშვი კარგად სწავლობდეს და ვუყვირი, ისწავლე, ისწავლე! ისწავლის? არ ისწავლის, ცხადია. ამას ვამბობ, რომ დაფიქრებულები თუ ვიქნებით, თქვენი ენა გახდება გაცილებით სწორი გავლენების მომხდენი. 

თქვენ გგონიათ, რომ ადამიანებს საუბრის შინაარსები ახსოვთ?! მათ ახსოვთ თავიანთი დასკვნის ემოცია თქვენს საუბარზე. ზუსტად შინაარსს ვერ გაგიმეორებს. კომუნიკაციის მთელი ხიბლი ის არის, რომ მე უნდა ვიცოდე, როგორ აღვძრა თქვენში რაღაც ემოციები და შენც უნდა იცოდე, როგორ აღძრა შენს თავში ის ემოციები, რომელიც გჭირდება. მე თუ ვიტყვი, რომ ბედნიერი არ ვიქნები, სანამ მილიარდი არ მექნება. ჩემს თავში ვაკეთებ ბარიერს სხვა ემოციური განცდებისთვის და სანამ მილიარდი არ მექნება, მე ვერსად ვიგრძნობ ბედნიერად თავს. თუ მე ეს ბარიერი მოვხსენი, შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს თქვენ რომ გნახოთ, ამის გამოც დავდგე კარგ ხასიათზე. 

არის კიდევ ერთი მომენტი – ჩვენ გვინდა, რომ ჩვენ გარშემო ყველაფერი ისე ხდებოდეს, როგორც მოგვწონს. ისედაც რომ დაფიქრდეთ, თუ საკუთარ თავს ვერ ვმართავ, როგორ უნდა შევძლო სხვისი მართვა?! ამიტომ თუ ჩვენ გვაინტერესებს თანმიმდევრობა, ყველაფერს ვალაგებთ ჯერ საკუთარ თავთან, მერე უკვე ძალიან კარგად ვერკვევით, რა უნდა გავაკეთოთ გარეთ, რომ სახლში, სამსახურში ან სხვა ადგილებში ის სიტუაცია და ის ემოცია გვქონდეს, რაც გვჭირდება. აი, ეს არის არსი საკუთარ თავთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის.

 

ფსიქოლოგი ზურა მხეიძე.

წყარო https://azrovnebisakademia.ge

„სტერეოტიპები“

 

არსებობს ასეთი შეხედულება, რომ ბავშვებს ქცევითი სტერეოტიპები არ უნდა მივცეთ, იმიტომ რომ სტერეოტიპი ცუდია და მაგალითად, სქესი საერთოდ თვითონ უნდა აირჩიოს, როცა გაიზრდება. ამას რატომ ვეუბნებით, ყოველგვარ აზრსაა მოკლებული, იმიტომ რომ არც ფსიქოლოგიაა გათვალისწინებული და არც თავისებურებების მექანიზმები. 

ჯერ ერთი, ძალიან ბევრმა არ იცის, საერთოდ სტერეოტიპი რა არის; „სტერეოტიპი“ სალანძღავად არ არის გამოგონილი, სტერეოტიპი არის ფსიქიკის ფუნქცია, ადაპტაცია მოხდინოს გარემოში; თქვენ რომ სტერეოტიპი არ გქონდეთ, ეს ნიშნავს, რომ იმაზე რომ გითხარით, კარია, მერე უნდა გამოგყვეთ და მეორე კარზეც გითხრათ, რომ ესეც კარია და მერე გდიოთ და სადაც მას დაინახავთ, უნდა გეძახოთ, რომ კარია. 

სტერეოტიპი არის ეკონომიური მდგომარეობა – რომ ამაზე ინფორმაცია მაქვს და შესაბამისად ვიქცევი, რადგანაც გარკვეული ცოდნა მაქვს. ვისაც სტერეოტიპები არ აქვს, წარმოიდგინეთ, რომ მას ფსიქიკური დარღვევა აქვს; ეს ნიშნავს, რომ ყველაფერი თავიდან უნდა ვიკითხო; 

მეორე მომენტი – თუ ჩვენ სტერეოტიპს არ მივცემთ სქესის ნიშნის მიხედვით, კი ბატონო ნუ მივცემთ; ჯერ ერთი, როგორ წარმოგიდგენიათ სახლში ბავშვს არ ვაძლიო სტერეოტიპი; ესე იგი ქცევის მოდელები სხვადასხვა უნდა ვახორციელო. ეს ნიშნავს იმას, რომ ხან ჩემმა მეუღლემ უნდა მოუშვას წვერი და შემოვიდეს შარვლით და სხვა შემთვევაში ის ხომ ხედავს, მე როგორი ვარ და შესაბამისად უყალიბდება გარკვეული ცოდნა; 

რანაირად უნდა მოვახერხო, რომ ბავშვს სტერეოტიპი არ მივცე, ეს აბსოლუტური აბსურდია, რაზეც საუბრობენ და მესამე – ბავშვი ელოდება თქვენგან ქცევის მაგალითს; თუ ეს მაგალითი არ მიეცი, ის ვერ სწავლობს, ანუ კოგნიტური პროცესი, ინფორმაციული პროცესი მისთვის საკმარისი არ არის. ამიტომ როდესაც ჩვენ გვინდა, რომ ბავშვმა ბევრი იკითხოს, არ არის საკმარისი ვუმეოროთ – წიგნები იკითხე! ის უნდა ხედავდეს, რომ ჩვენც კითხულობთ და ამას ბავშვი მიიღებს; ამიტომ მისთვის მნიშვნელოვანია ქცევითი მოდელები.

 

 

სტატია მომზადებულია ფსიქოლოგ ზურა მხეიძის წიგნის მიხედვით – „სიყვარული, ტყუილი, ემოციები და თვითშეფასება ურთიერთობებში“

წყარო https://azrovnebisakademia.ge/

„მიჯაჭვულობის მნიშვნელობა ბავშვებში“

 

არსებობს ისეთი მნიშვნელოვანი უნარი, რომელსაც ჰქვია მიჯაჭვულობა. იგი განაპირობებს ზრდასრული ადამიანის ფუნქციურად გამართულ ცხოვრებას, სოციალიზაციასა და  მყარ ურთიერთობებს. მიჯაჭვულობა – ეს არის ძლიერი ემოციური უნარი, რომელიც ცხოვრების პირველ წლებში ყალიბდება, აჩენს ფიზიკური და ემოციური ურთიერთობის  სურვილს და ბადებს უსაფრთხოების განცდას.

დედა არის ერთგვარი კარი, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს ბავშვის გაყვანა სამყაროში. ოჯახი როგორც მიკროსამყარო არის საფუძველი იმისა, რომ ბავშვმა უსაფრთხოდ იგრძნოს თავი ან პირიქით, სამყარო აღიქვას მტრულად. ეს დამოკიდებულია მშობლის მიერ  ბავშვში ფორმირებულ და ჩამოყალიბებულ მიმართებებზე სამყარისადმი. 

„მშობელს უნდა ჰქონდეს მტკიცე, უსაფრთხო, პოზიტიური ურთიერთობა ბავშვთან.“

 

 

ცხოვრების პირველი წლებში ბავშვი არის უსუსური და შესაბამისად მისი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ძალიან მნიშვნელოვანია. ბავშვი თავის ძირითად მოთხოვნილებებს კვება იქნება ეს, სიმშრალე თუ უსაფრთხოება როგორ გვატყობინებს? ვიცით, რომ ჩვილს ინფორმაციის მოწოდების სხვადასხვა სიგნალი აქვს და მას მშობლები უმეტესად აღიქვამენ ტირილის ნაირსახეობის მიხედვით როდის შია, როდის გამოცვლას ითხოვს და როდის ხელში აყვანას. თუ რამდენად მყისიერად, დროულად და ეფექტურად ვრეაგირებთ ამ სიგნალებზე, ამის მიხედვით ყალიბდება ბავშვის განცდა და შეგრძნება ჩვენი მისადმი ზრუნვის, მის მოთხოვნილებებზე რეაგირების მიხედვით უყალიბდება საკუთარი მნიშვნელოვნობის განცდა.

მნიშვნელოვანი ფაქტორი უსაფრთხო მიჯაჭვულობისა არის უსაფრთხოების განცდა.  ხშირად ამბობენ, რა მოხდა, რომ  ნაადრევად მოხდა ქორწინება? არადა ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, ორი ადამიანის ურთიერთობა რამდენად სტაბილურია, რამდენად არიან მზად, რომ შვილი იყოლიონ. მათ სათავეშივე უნდა ჰქონდეთ ბავშვთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის განცდა, რადგან როდესაც არ არის ჯანსაღი და მყარი ურთიერთობები, ჩვენ ვიღებთ ბავშვს, რომელიც შეიძლება დიდი აგრესიით დაუბრუნდეს თავის ოჯახს და შემდგომ სამყაროს.

მშობელს უნდა ჰქონდეს მტკიცე, უსაფრთხო, პოზიტიური ურთიერთობა ბავშვთან. პედიატრები ძალიან ხშირად ამბობენ, რომ ბავშვის შესახებ ყველაზე დიდ ინფორმაციას მშობელი აწვდის, რადგან მას აქვს ყველაზე სრული კონტაქტი ბავშვთან და ზუსტად იცის შვილის რეაქციები და გარემოსთან მიმართება. შესაბამისად, დედა არის იმ ემოციების მიმღები და გამზიარებელი, რომელიც ბავშვისთვის უმთავრესია.

მიჯაჭვულობის ფორმირება და გამყარება ძირითადად ხდება სამი წლის ასაკამდე და ამიტომ არის მნიშვნელოვანი ამ სამი წლის განმავლობაში ბავშვთან ინტენსიური კავშირი და ურთიერთობის მოდელის ჩამოყალიბება; სამ წლამდე ვითარდება ტვინი  და თუ მიჯაჭვულობა არ არის მყარი ან დეზორგანიზებულია, ტვინის უჯრედების განვითარების პროცესი ფერხდება.

არსებობს იაპონელი ნევროლოგების თვალსაზრისი, რომ ბავშვის ტვინი ორიდან რვა თვის ასაკში სწრაფი ნახტომის ტემპით ვითარდება. ბიძგი, რომელიც ხელს უწყობს ტვინის განვითარებას, სწორედ მშობელთან ურთიერთობა, მისი სახის გამომეტყველება, ხმის ტემბრი, ემოციების ურთიერთდაზიარება და მხარდაჭერაა.

ზოგი მშობელი ფიქრობს, რომ  ბავშვისთვის საკმარისია სრულფასოვანი კვება, საფენები, კარგად მოვლა და სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. ამ ტიპის მშობლებისთვის არა აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიკავებს ბავშვს, ვინ დააძინებს და გააღვიძებს; ისინი ემოციურ კავშირებზე ნაკლებად საუბრობენ და ვერ იაზრებენ თუ რამხელა ზეგავლენა აქვს ამ ყველაფერს ბავშვის განვითარებაზე.

ყველა მშობელს უნდა ჰქონდეს გააზრებული ემოციური კავშირების მნიშვნელობა და ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს, რათა ზრდასრულობაში შესულ მის შვილს ჰქონდეს სტაბილურობის, დამოუკიდებლობის შეგრძნება ცხოვრებისეულ სტრესებთან გამკლავების უნარი. ეს არის ჩვენი უმთავრესი, მშობლისეული მოვალეობა საკუთარი შვილის წინაშე რომ მან შეძლოს ცხოვრებაში მოსალოდნელ წინააღმდეგობათა გადალახვა  და სწორედ ეს პირველადი ფუნდამენტია მნიშვნელოვანი სამყაროში მტკიცედ  დგომისა და უსაფრთხოდ და არსებობისათვის.

წყარო https://azrovnebisakademia.ge

როგორ მოქმედებს კითხვა ბავშვის განვითარებაზე

 

კითხვის სიყვარული ბავშვებისათვის ადვილი მისაღწევი არ არის, ბავშვები საკმაოდ რთულ პირველ ეტაპს გადიან კითხვის სწავლის დროს, რაც დიდ ძალისხმევასა და მუშაობას საჭიროებს, როგორც ბავშვის, ასევე მშობლისა თუ მასწავლებლის მხრიდან. მას შემდეგ, რაც ეს რთული ეტაპი გადაილახება, კითხვის საშუალებით ბავშვი უამრავი ჯადოსნური და ზღაპრული კარის შეღებას შეძლებს, რაც მის წარმოსახვის უნარს ავითარებს. ზოგადად, კითხვის დაწყებას ასაკი არ აქვს და არასოდესაა გვიანი, თუმცა ამ სტატიაში შევეცდებით ადრეულ ეტაპზე კითხვით დაინტერესების სასარგებლო შედეგების გრძელი სიიდან რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი შემოგთავაზოთ:

ადრეულ ასაკში კითხვის პროცესთან ადაპტირების მნიშვნელობა

უამრავმა კვლევამ უკვე აჩვენა და დაადასტურა კითხვის სარგებელი ბავშვის განვითარების პროცესში. ბავშვის პრაქტიკაში კითხვის რეგულარულად დანერგვა მას საშუალებას აძლევს პირველ რიგში განივითაროს კონცენტრირების, მოსმენის, გაცნობიერების უნარები. ასევე, კითხვა შესაძლებელია ბავშვს შევთავაზოთ განტვირთვის, სიმყუდროვისა და სიმშვიდის განწყობის შესაქმნელად. რეალურად წინასასკოლო ასაკში მშობლის თანამონაწილეობა კითხვის პროცესში, ბავშვს სასკოლო ეტაპისათვის ეფექტურად ამზადებს. ამ თემაზე ნორვეგიელი მკვლევარის მიერ ჩატარებულმა კვლევამ 1171 მოსწავლესა და მათ მშობლებზე 19 სხვადასხვა სკოლიდან აჩვენა, რომ არსებობს ძალიან დიდი კავშირი წინასასკოლო ეტაპზე მშობლების მიერ ბავშვებისათვის წაკითხვის პრაქტიკასა და ამ მოსწავლეების პროგრესს შორის სასკოლო ეტაპზე. ამას შეგვიძლია ვუწოდოთ „ადრეული“ კითხვა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად დადებითად მოქმედებს ბავშვის ლექსიკურ მარაგზე, ასევე საფუძველს წარმოადგენს მომდევნო ეტაპზე ბგერის კონკრეტულ ასოსთან შესაბამისობის პროცესში.

ლიტერატურის დადებითი გავლენა ბავშვისა და მოზარდის მეხსიერების გაუმჯობესებაზე

ტვინი საჭიროებს წვრთნას და ფორმის შენარჩუნებას, ამისათვის ერთ-ერთი საუკეთესო აქტივობა არის კითხვა. წიგნისა თუ ისტორიის კარგად გასაგებად საჭიროა რიგ დეტალებზე ყურადღების გამახვილება და მათი დამახსოვრება, მაგალითად, პერსონაჟების სახელები, მათი როლი, ფუნქცია, წარსული, მათი განზრახვები. ასევე ყურადღება უნდა გავამახვილოთ იმ ყველა მეორეულ მოქმედებაზეც, რომელიც ძირითადი ამბის პარალელურად ვითარდება.

ლექსიკის გამდიდრება

კითხვის პროცესი ბავშვსა და მოზარდს ავარჯიშებს მართლწერაში, ასევე ეხმარება ახალი სიტყვებისა და გამოთქმების აღმოჩენაში. მხატვრული ლიტერატურის კითხვისას ბავშვმა შეიძლება აღმოაჩინოს მისთვის აქამდე უცნობი გრამატიკული დრო, კილო, უღლების ფორმა, რომელიც ჯერ სკოლაში არ უსწავლია. ბავშვი კითხვისას აღმოაჩენს ისეთ ლექსიკურ ერთეულებს, რომლებსაც ის ყოველდღიური მეტყველებისას ვერ შეხვდება.

კითხვა ამცირებს სტრესს

დღეს ბავშვები და მოზარდები ხშირად განიცდიან სტრესს, სკოლის ხანგრძლივი გაკვეთილები, ხანდახან მკაცრი მეთოდები მათთვის ზეწოლაა და ძალისხმევას მოითხოვს. ლიტერატურა ამ სტრესისაგან თავის დასაღწევად არაჩვეულებრივი გზაა. წიგნები რეალობიდან მოწყვეტის, მცირედი შესვენების, ერთი წამით სამყაროსთან მარტო დარჩენის საშუალებას გვაძლევს. აგრეთვე, იელის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევამ დაადასტურა კიდეც, რომ სტუდენტებში კითხვა 68 %-ით ამცირებს სტრესს და ის დაახლოებით იმავე უბნებს ააქტიურებს ტვინში, რასაც სწორად შესრულებული მედიტაცია.

წარმოსახვის განვითარება

იქნება ეს სათავგადასავლო რომანი, დეტექტივი, ზღაპარი, დოკუმენტური პროზა თუ კომიქსი, წიგნი ბავშვს სხვადასხვა წარმოსახვით სამყროში ამოგზაურებს, ბავშვი ხვდება სხვადასხვა ქვეყანაში, ქალაქში, დროსა თუ ეპოქაში. ამ სამყაროებში შესაღწევად და შესაბამისად, ყოველდღიურობიდან გამოსასვლელად, ბავშვებს საკუთარი წარმოსახვის მოხმობა და მისი გააქტიურება სჭირდებათ. ხშირად ამ პროცესს ბავშვებში საკუთარი ისტორიების შექმნის სურვილიც შეუძლია გააღვივოს.

ემპათიის განვითარება

რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ისეთი აქტივობა, როგორიც კითხვაა (რომელიც სხვა ადამიანებთან ინტერაქციას არ საჭიროებს პროცესში) ძალიან ავითარებს ემპათიის უნარს და ბავშვს აჩვევს სხვა ადამიანების გაგებას, გათვალისწინებას, ადამიანურ ურთიერთობებს. მართლაც, კითხვის პროცესში ჩაძირული, უკეთ ახერხებ სხვა ადამიანის ტყავში შეძვრე, ეს კი გეხმარება შენი თავი მათ ადგილას დააყენო, გაიგო და გააცნობიერო მათი ემოციები, შეგრძნებები თუ რეაქციები.

 

ფრანგულიდან თარგმნა აზროვნების აკადემიის პედაგოგმა, ფილოლოგმა ლიკა ჩხაიძემ.  

სტატია გამოქვეყნებულია ვებგვერდზე carnetsnord

როგორ განვავითაროთ ემპათია ბავშვებში

 

ემპათია მოიცავს განსხვავებული პერსპექტივების აღქმასა და სხვა ადამიანების დაფასებას. ეს არის თანაგრძნობა, თანაგანცდა.

შეუძლია თუ არა მშობელს ბავშვში ემპათიის გაღვივება? ქვემოთ ჩამოთვლილია რამდენიმე რჩევა, რომლებიც დაფუძნებულია კვლევებსა თუ პრაქტიკულ შრომებზე.

1. გამოხატეთ თანაგრძნობა თქვენი შვილის მიმართ და ასევე, აჩვენეთ სხვების თანაგრძნობის მაგალითი.

ბავშვები ემპათიას ჩვენზე დაკვირვებით სწავლობენ და იმასაც აკვირდებიან, ჩვენ თვითონ რამდენად ვართ მათ მიმართ თანამგრძნობები. ეს განცდა მათში აყალიბებს ნდობას და განამტკიცებს უსაფრთხო ურთიერთკავშირს. ასეთი ტიპის მიჯაჭვულობა არის საკვანძო იმისთვის, რომ მათ გაიაზრონ და გაიზიარონ ჩვენი ქცევის მოდელი, ღირებულებები, მათ შორის, აიღონ თანაგრძნობის მაგალითიც.

ემპათია შვილების მიმართ შეგვიძლია გამოვხატოთ სხვადასხვა ფორმით, იქნება ეს მათი ფიზიკური და ემოციური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, მათი ინდივიდუალურობის გაგება და გათვალისწინება, მათი ცხოვრების სტილისადმი გულწრფელი ინტერესის გამოვლენა, ისეთ აქტივობებში ჩართვა, რომლითაც უკეთ გავიცნობთ შვილებს ან მათთვის ყველაზე სასიამოვნო აქტივობებში აქტიური მონაწილეობა.

ბავშვები ასევე აკვირდებიან, როგორ ვექცევით, ვაფასებთ სხვებს. ისინი ამჩნევენ როგორ ვექცევით მიმტანს რესტორანში, კურიერს (ვამჩნევთ მათ და ვაფასებთ, თუ ჩვენთვის ისინი უხილავნი არიან). ისინი აკვირდებიან, როგორ ვეგებებით სკოლაში ახლადგადმოსული ბავშვის მშობლებს, განვიცდით თუ არა მათი თანაკლასელის პრობლემებს ან რაიმე გამოწვევას.

ეცადეთ:

• უკეთ გაიცნოთ თქვენი შვილი

დაუსვით მას შეკითხვები; მაგალითად, დღეს რა ისწავლე საინტერესო, რა იყო დღეს შენთვის ყველაზე რთული, არჩევანი რომ გქონდეს დღის დარჩენილ მონაკვეთს როგორ გაატარებდი, გყავს თუ არა მეგობარი, რომელსაც განსაკუთრებით აფასებ? რას აფასებ მასში ყველაზე მეტად?

• გამოხატოთ ემპათია სხვების მიმართ, მათ შორის მათ მიმართაც, ვინც თქვენგან განსხვავებულია.

ეცადეთ, რომ რეგულარულად იყოთ ჩართული რაიმე საზოგადოებრივ სამსახურში, უკეთესია, თუ ამას შვილთან ერთად გააკეთებთ. გამოხატეთ ინტერესი სხვადასხვა პრობლემის მქონე ადამიანების მიმართ.

• იზრუნეთ საკუთარ თავზე ეს თქვენი შვილისათვისაც კარგი მაგალითია.

სცადეთ ჩაერთოთ თქვენთვის სასიამოვნო აქტივობებში, იქნება ეს წიგნის კითხვა, სპორტი, სეირნობა, მედიტაცია თუ სხვა, რაც თავიდან აგაცილებთ სტრესს და შვილის მიმართაც მეტად თანამგრძნობი გახდებით.

2. სხვებზე ზრუნვა პრიორიტეტად აქციეთ და დააწესეთ მაღალი ეთიკური მოლოდინები.

ბავშვები, პირველ რიგში, მშობელში უნდა ხედავნენ, რომ სხვებზე ზრუნვა მათთვის პრიორიტეტია და ეს ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც საკუთარ თავზე ზრუნვა.

ეცადეთ:

• ბავშვს გაუგზავნოთ მკაფიო შეტყობინება.

გაითვალისწინეთ ყოველდღიური ფრაზები, რომლებსაც ბავშვებს ეუბნებით ზრუნვის მნიშვნელობის შესახებ. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ უთხრათ: „ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ შენ ხარ ბედნიერი“, შეიძლება თქვათ: „ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ სიკეთე გააკეთე და ამან ბედნიერება მოგანიჭა.“

• აჩვენოთ, რომ ბავშვის ემპათიურობა, თქვენთვის მნიშვნელოვანია.

ჰკითხეთ მასწავლებლებს და მწვრთნელებს, არიან თუ არა თქვენი შვილები საზოგადოების მზრუნველი წევრები, ნაცვლად იმისა, რომ ჰკითხოთ მხოლოდ მათი აკადემიური მოსწრების, ქულების, წარმატებების შესახებ.

• დაეხმაროთ თქვენს შვილებს გააცნობიერონ, რომ სამყარო მხოლოდ მათ გარშემო არ ბრუნავს.

აჩვენეთ მაგალითი, რომ ზოგჯერ სხვების ინტერესების გათვალისწინებაც აუცილებელია და შესაძლოა, სხვისი თანაგრძნობის, გათვალისწინების მოტივით გარკვეულ რამეზე უარის თქმაც მოგვიწიოს.

3. მიეცით ბავშვებს ემპათიურობის შესაძლებლობა

ბავშვებში თანაგრძნობის უნარს მუდმივად სჭირდება გაღვივება და განვითარება. თანაგრძნობის სწავლა გარკვეულ ასპექტებში ჰგავს ხოლმე სპორტული უნარების დახვეწას, ან ახალი ენის სწავლას, რადგან ისიც მოითხოვს პრაქტიკულ „ვარჯიშს“.

ეცადეთ:

• მოაწყოთ ოჯახური შეხვედრები

საერთო საკითხების, კონფლიქტების, გამოწვევების დროს მოაწყვეთ ოჯახური შეხვედრები, ბავშვებს მიეცით საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვის საშუალება და სივრცე, წაახალისეთ ამ პროცესში მათი ჩართულობა, შეაქეთ მის მიერ სხვა ოჯახის წევრების გათვალისწინების მაგალითები. სთხოვეთ ოჯახის წევრებს ყურადღებით მოუსმინონ ერთმანეთს.

• წაახალისოთ თანატოლების მიმართ თანაგრძნობა

ხშირად ჰკითხეთ ბავშვებს თანაკლასელების და სხვა თანატოლების შესახებ. სთხოვეთ, როდესაც ისინი კონფლიქტში არიან თანატოლებთან, გაითვალისწინონ სხვათა განცდებიც.

• ერთად განიხილოთ ეთიკური დილემები

განიხილეთ თქვენს შვილთან ერთად ეთიკური დილემები, რომლებიც დაეხმარება შეაფასოს სხვადასხვა სიტუაცია. მაგ.: „დავიპატიჟო თუ არა ახალი მეზობელი ჩემს დაბადების დღეზე, როცა ის ჩემს საუკეთესო მეგობარს არ მოსწონს?“ „უნდა ვუთხრა ჩემს მეგობარს, რომ სხვა საერთო მეგობარმა მოატყუა?“

დაბოლოს, დაეხმარეთ ბავშვებს ემოციური თვითრეგულაციის განვითარებაში და ემოციების გამოხატვაში. ხშირად თანაგრძნობის ნაკლებობის მიზეზი ისაა, რომ მათში სხვა მძაფრი ემოციები აფერხებს თანამგრძნობელობის განცდას, სხვებზე ზრუნვის სურვილს აჭარბებს მაგალითად ბრაზი, შური, სირცხვილი თუ სხვა განცდები. ბავშვებს სჭირდებათ დახმარება, რომ ისწავლონ საკუთარი ემოციების ამოცნობა, სახელდება, გამოხატვა, რაც მათში ემპათიურობას აუცილებლად გააღვივებს.

წყარო: mcc.gse.harvard.edu

სტატია მოამზადა აზროვნების აკადემიის პედაგოგმა, ფილოლოგმა ლიკა ჩხაიძემ