Monday, February 25, 2019

ტექსტზე მუშაობის ეფექტური მეთოდების გამოყენება ლიტერატურის სწავლებაში

ესგ-ის მიხედვით, თითოეული გამჭოლი კომპეტენცია მნიშვნელოვანია სწავლების პროცესში, მედიაწიგნიერება კი საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, უხვი და მრავალფეროვანი ინფორმაცია დაახარისხონ, გაფილტრონ და მხოლოდ ის შეარჩიონ, რაც მნიშვნელოვანი და საჭიროა მათთვის. მინდა, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება და შემოგთავაზოთ შესაბამისი გაკვეთილის გეგმა.
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ ნაწარმოების მთავარი სათქმელის ამოცნობა და ავტორის პოზიციის განსაზღვრა, მიწოდებული ინფორმაციის შედარება და დახარისხება.
მედიაწიგნიერების მიზნები:
  1. მედიარესურსის კრიტიკული ანალიზი და სინამდვილის რეპრეზენტაციის შეფასება;
  2. მედიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში სხვადასხვა პერსპექტივისა და ხედვის იდენტიფიცირება, ანალიზი და განხილვა.
განსავითარებელი უნარ-ჩვევები:
  1. კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნების უნარი;
  2. მედიაწიგნიერების დაუფლებისა და გამოყენების უნარი.
ესგ. სტანდარტი:
ზეპირმეტყველება: ქართ: X. 5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.
კითხვა: ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.
წერა: ქართ. X. 15. მოსწავლეს შეუძლია, დაწეროს გამოხმაურება წაკითხულ წიგნზე ან მხატვრულ ნაწარმოებზე.
საჭირო წინარე ცოდნა და უნარები:
მოსწავლეები იცნობენ დ. გურამიშვილის „დავითიანიდან“ შესაბამის ნაწყვეტებს.
შეუძლიათ:
  1. წაკითხული ტექსტის გაანალიზება;
  2. ინფორმაციის დახარისხება, შედარება და ანალიზი.
აქტივობა N1: კითხვა-პასუხი
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა მოკლედ მიმოიხილონ ეპოქა, რომელშიც მოღვაწეობდა დავით გურამიშვილი.
  1. რომელ საუკუნეში მოღვაწეობდა დავით გურამიშვილი?
  2. რა იყო მისი ისტორიული გვარი და საიდან იყვნენ მისი წინაპრები?
  3. თუ ზედგენიძეა მისი ისტორიული გვარი, გურამიშვილად რატომ მოიხსენიება?
  4. რა მიაჩნია გურამიშვილს ქვეყნის უბედურების მიზეზად?
  5. როგორაა გადაჯაჭვული მისი როგორც პიროვნების ბედი ქვეყნის ბედთან?
  6. რა პრინციპი აირჩია გურამიშვილმა და რატომ ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გადმოსაცემად?

აქტივობა N2. ჯგუფური მუშაობა
აქტივობის მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ მთავარი სათქმელის ამოცნობა. განსაზღვრონ ავტორის პოზიცია, შეადარონ და დაახარისხონ მიწოდებული ინფორმაცია.
ჯგუფებს მასწავლებელი ურიგებს სამუშაო მასალებს.
თითოეულ ჯგუფს ურიგდება თავები დავით გურამიშვილის „დავითიანიდან“:
ჯგუფი: „დავით გურამიშვილის ლეკთაგან დატყვევება“
ასევე – ადაპტირებული ნაწყვეტი გურამ გეგეშიძის წიგნიდან „გოდება“ (კერძოდ, თავიდან „ლეკების ტყვე“, დასაწყისიდან „…უსინათლო ჰყო“-მდე);
ადაპტირებული ნაწყვეტები (ლეკიანობა საქართველოში) წიგნებიდან:
. ნ. ბერძენიშვილი, „ლეკიანობა XVII საუკუნის მეორე ნახევარში“
. „საქართველოს ისტორიის საკითხები“, თბილისი, 1968 წ.;
. თ. ბოცვაძე, „საქართველო-დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან“, თბილისი, 1968 წ.
II ჯგუფი: „დავით გურამიშვილის ლეკთაგან დატყვევება“
ასევე – ადაპტირებული ნაწყვეტი გურამ გეგეშიძის წიგნიდან „გოდება“ (თავიდან „ლეკების ტყვე“, დასაწყისიდან „…უსინათლო ჰყო“-მდე;
ადაპტირებული ნაწყვეტი ინტერნეტჟურნალიდან „ბურუსი“ – თენგიზ ვერულავას „დავით გურამიშვილის ბიოგრაფია“ (დასაწყისიდან „…ტირანულ წამებაში აყენებდნენ“ – აქამდე).

III ჯგუფი: „ტყვეობიდან გაპარვა დავითისა“;
ადაპტირებული ნაწყვეტი გურამ გეგეშიძის წიგნიდან „გოდება“ (თავიდან „ლეკების ტყვე“; „ბნელ ხაროში“ – აქედან „კოღოს ლაშქარი დაესია“ – აქამდე).

IV ჯგუფი: „შველა ღვთისაგან დავითისა. ტყვეობიდან გაპარვა სარუსეთოში“;
ასევე – ადაპტირებული ნაწყვეტი გურამ გეგეშიძის წიგნიდან „გოდება“ (თავიდან „ლეკების ტყვე“; „სიცოცხლეგამწარებული“ – აქედან ბოლომდე);
ადაპტირებული ნაწყვეტი ინტერნეტჟურნალიდან „ბურუსი“ – თენგიზ ვერულავას „დავით გურამიშვილის ბიოგრაფია“ („გურამიშვილი დიდხანს როდი შეგუებია“ – აქედან ბოლომდე)

ამ ტექსტების დამუშავების შემდეგ მოსწავლეები ავსებენ სქემას:
რა მსგავს ინფორმაციას გვაწვდის მოყვანილი ნაწყვეტები?რა განსხვავებულ ინფორმაციას გვაწვდის მოყვანილი ნაწყვეტები?როგორია პოეტის სულიერი მდგომარეობა?რა შეიცვალა პოეტის ცხოვრებაში ლეკთაგან დატყვევების შემდეგ?
 






   
მასწავლებელი აფასებს განხორციელებულ აქტივობას და საჭიროებისამებრ აძლევს განმავითარებელ შეფასებას.

აქტივობა N3. ჯგუფის მიერ შერჩეული მოსწავლე კლასის წინაშე ატარებს პრეზენტაციას.
აქტივობის მიზანი: პრეზენტატორმა შეძლოს, სრულყოფილად წარმოადგინოს ჯგუფის ნამუშევარი, გასაგებად და თანმიმდევრულად მიაწოდოს ის აუდიტორიას.
აქტივობა N4. ნაწყვეტის ჩვენება ფილმიდან
მიზანი: მოსწავლეებმა შეძლონ პარალელების გავლება ფილმში ასახულ მოვლენებსა და ტექსტში გადმოცემულ ფაქტებს შორის.
მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს ნაწყვეტს ნიკოლოზ სანაშვილის ფილმიდან „დავით გურამიშვილი“: https://www.youtube.com/watch?v=QKFFCOr7Fiw&t=4639s და სთხოვს, უპასუხონ კითხვებს:
  • შეესაბამება თუ არა ერთმანეთს განხილული ტექსტები და ნაწყვეტი?
  • როგორ ფიქრობთ, რატომ შეცვალა სცენარისტმა რეალობა?
  • ვინ არის სამიზნე აუდიტორია თითოეული ავტორისთვის?
  • რა როლს ასრულებს მუსიკა ფილმში?
დისკუსიის დასრულების შემდეგ მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, გადახედონ თავიანთ ნამუშევრებს და ერთი წინადადებით შეაფასონ გაკვეთილი.
გაკვეთილის დასრულების შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს ურიგებს თვითშეფასების ბარათებს და მოსწავლეებს აფასებს შეფასების რუბრიკებით

დანართი N1

პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები 
თემატიკასთან შესაბამისობა 
საკითხი გასაგებად და ამომწურავადაა გადმოცემული.3
მსჯელობისას დარღვეულია ლოგიკურობა, ამოვარდნილია თხრობის რომელიმე ელემენტი2
უჭირს მსჯელობა, საკითხი გაურკვეველია1
პრეზენტაცია არ შეესაბამება მოცემულ საკითხს0
არგუმენტები, პარალელები 
მსჯელობა არგუმენტირებულია, გამყარებულია ციტატებით, ავლებს სათანადო პარალელებს.3
მსჯელობს, თუმცა არაარგუმენტირებულად, ვერ ავლებს პარალელებს2
პასუხი არ მოიცავს სათანადო არგუმენტებს, მსჯელობა გაუაზრებელია1
პრეზენტაცია არ შეესაბამება მოცემულ საკითხს0
რეგლამენტი, საკომუნიკაციო უნარები 
ყოველთვის იცავს რეგლამენტს, ფლობს საკომუნიკაციო უნარებს3
ცდილობს რეგლამენტის დაცვას, აკლია საკომუნიკაციო უნარები2
ვერ იცავს რეგლამენტს, უჭირს აუდუტორიის ყურადღების მიპყრობა, საუბრობს გაურკვევლად1

დანართი N2
კრიტერიუმი1-3: არადამაკმ.4-6: დამაკმ.7-8: კარგი9-10 ძალიან
კარგი
შეუძლია მთავარი სათქმელის ამოცნობავერ ახერხებს ან უჭირს მთავარი სათქმელის ამოცნობაიშვიათად ამოიცნობს მთავარ სათქმელს და ზოგჯერ ბუნდოვანიაამოიცნობს მთავარ სათქმელს, თუმცა აქვს ხარვეზებისრულად ამოიცნობს მთავარ სათქმელს
ადარებს და ახარისხებს ინფორმაციასუჭირს ინფორმაციის შედარება და დახარისხებაცდილობს, შეადაროს და და დაახარისხოს ინფორმაცია, თუმცა აქვს ხარვეზებიშეუძლია მიწოდებული ინფორმაციის შედარება და დახარისხებასრულყოფილად შეუძლია ინფორმაციის შედარება და დახარისხება
სხვადასხვა მედიაში გამოყებებული ინფორმაციის იდენტიფიცირება და კრიტიკული ანალიზიუჭირს ინფორმაციის იდენტიფიცირება და კრიტიკული ანალიზიცდილობს სხვადასხვა მედიაში გამოყენებული ინფორმაციის იდენტიფიცირებას და კრიტიკულ ანალიზს, თუმცა აქვს ხარვეზებიშეუძლია სხვადასხვა მედიაში გამოყენებული ინფორმაციის იდენტიფიცირება და კრიტიკული ანალიზიკარგად ახერხებს სხვადასხვა მედიაში გამოყენებული ინფორმაციის იდენტიფიცირებას და კრიტიკულ ანალიზს


მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკა
აზრს თამამად გამოვთქვამყოველთვისზოგჯერარასდროს
ვიგებ ინსტრუქციას და ვიქცევი შესაბამისად   
ვცდილობ, ვიყო აქტიური საგაკვეთილო პროცესში   
ვიცავ დროის ლიმიტს   

კედელზე გაკრულია ლექსიკონი იმ ძირითადი სიტყვებისა, რომლებიც შეხვდებათ მედიატექსტზე მუშაობისას.

სიტყვაგანმარტება
მამითადინადი (უსასყიდლოდ მოწვეული მუშები) ყანის მკისა და სხვა საქმისათვის
დარანიკლდის ან მიწისქვეშა გამოქვაბული; გვირაბი
თაჯიძვირფასი ლითონისგან დამზადებული, პატიოსანი თვლებით მოჭედილი გვირგვინი
თომარი (სპარს.)გვირგვინთან მისამაგრებელი ფრთა
მურასა (სპარს.)მოოჭვილი, მორთული


გამოყენებული მედიარესურსი
ლეკიანობა ქართლში
ლეკიანობა – დაღესტნელ ფეოდალთა მიერ მოწყობილი წვრილ-წვრილი თავდასხმები საქართველოს ბარის მოსახლეობაზე. მიზნად ისახავდა ქონების, საქონლისა და ტყვეების გატაცებას, მოგვიანებით – დასახლებული ტერიტორიების დაპყრობასა და დამორჩილებული მოსახლეობის დახარკვას. დაღესტნელთა შემოსევები მე-16 საუკუნიდან დაიწყო და თავდაპირველად ეპიზოდურ ხასიათს ატარებდა. აბას პირველის ლაშქრობათა შემდეგ დაღესტნელებმა აღმოსავლეთ კახეთის დაცარიელებულ მიწებზე იწყეს ჩასახლება და შექმნეს ეგრეთ წოდებული „უბატონო თემები“, რომლებიც თავისებურ პლაცდარმად იქცა შემდგომი თავდასხმებისათვის. ქართლში ლეკ ფეოდალთა შემოსევები მეთვრამეტე საუკუნის ოციან წლებში დაიწყო, ხოლო მეორე ნახევრიდან წვრილ-წვრილი თავდასხმები ტერიტორიების დასაპყრობლად გამიზნულმა ლაშქრობებმა შეცვალა.
ლეკიანობას ხელს უწყობდა ფეოდალური დაქსასულობა საქართველოში. ლეკთა რაზმები ხშირად მოჰყავდათ მეფეებს ფეოდალებთან ან ტახტის პრეტენდენტებთან საბრძოლველად. ფეოდალთაგან შევიწროებული გლეხი გაურბოდა მებატონეს და თავს აფარებდა უბატონო ლეკებს, იყენებდა მათ საკუთარი ბატონის წინააღმდეგ, ქართველი გლეხი ლეკდებოდა, რადგან გალეკება მისთვის უბატონობას ნიშნავდა. ლეკიანობამ აუნაზღაურებელი ზარალი მიაყენა საქართველოს. მოსახლეობა კატასტროფულად შემცირდა, ზოგიერთი მხარე მოსახლეობისგან დაიცალა, კულტურული მეურნეობა დაეცა.

გამოყენებული ლიტერატურა:
ნ. ბერძენიშვილი, „ლეკიანობა XVII საუკუნის მეორე ნახევარში“
„საქართველოს ისტორიის საკითხები“, თბილისი, 1968 წ.
თ. ბოცვაძე, „საქართველო-დაღესტნის ურთიერთობის ისტორიიდან“, თბილისი, 1968 წ.

გამოყენებული მედიარესურსი
ლეკების ტყვე
ლამისყანა ის სოფელია, საიდანაც გაიტაცეს დავითი. სწორედ აქედან იწყება მისი ცხოვრების ეკლიანი გზა. გამტაცებლებს რომ მსხვერპლის ნამდვილი ფასი სცოდნოდათ, უფრო მაგრად გაბაწრავდნენ და გაქცევის საშუალებას არ მისცემდნენ. ქვეყნის წახდენის მიზეზით დავითი ძნელბედობის ვიწრო, მოლიპულ ბილიკებს მიჰყვება და ნათესავებთან აფარებს თავს ლამისყანაში. იმ უბედურ დღეს დავითი ალიონზე ამდგარა და ქსნის ხოდაბუნებისკენ ორი კაცით წასულა, რათა მამითადი წესისამებრ გადაეხადა. ყანის მკელები შორიდან ყოფილან მოსასვლელნი და მათ მოლოდინში ცივი წყლით პირის დასაბანად დავითი წყაროსთან მისულა, თოფი და ხმალი მუხის ძირას მიუყუდებია და როცა პეშვი წყლით აუვსია, თავს მზირად დამსხდარი ლეკები წასდგომიან. წყარო, საიდანაც დავითი გაიტაცეს, დღესაც მოჩუჩუხებს. დარანში გატვრენილი თევზებივით უხმოდ მსხდარ ლეკებს ძვირფას თოფიარაღასხმული, კარგად ჩაცმული ჭაბუკი შეუპყრიათ. ის ორი კი, ვინც პოეტს თან ახლდა, არც დავითის მონათხრობში ჩანს სადმე და არც თანამედროვეთ შემოუნახავთ რაიმე ცნობა მათ ვინაობასა და ასავალ-დასავალზე.
დრო იყო ავი. ადამიანზე ნადირობა, ტყვედ გაყიდვა და ამით სახელისა და ფულის შოვნა სასახელო საქმედ ითვლებოდა, ამიტომ ამ სათაკილო ხელობას ბევრი მიმდევარი ჰყავდა. ვისაც მკლავი უჭრიდა, ძალა მოსდევდა და ნამდვილი ჯიგიტის სახელი ენატრებოდა, რამდენიმე თავზე ხელაღებულ კაცთან ერთად თავს რისხვად ატყდებოდა მოძმეთ და ახლო მეზობლებს.
ლეკები დატყვევებულებისთვის მიწას სიღრმეში ორ-ნახევარ მეტრამდე და უფრო ღრმადაც თხრიდნენ. მიწის სინესტის, ოფლის, შმორისა და უწმიდურებისაგან იქაურობა ისე ყარდა, რომ იქ მყოფნი იტანჯებოდნენ და სიკვდილს ნატრობდნენ. ხაროებს უზარმაზარი ქვის დოლაბები ეფარა, შიგ სინათლის სხივები ოდნავ ცრიატებდა, რის გამოც იქ მოხვედრილმა, ბევრმა დაკარგა თვალისჩინი. სიჭაბუკეში გადატანილ ამ განსაცდელს ვერც გურამიშვილმა გაუძლო – სიბერეში უწია და უსინათლო ჰყო.
ბნელ ხაროში უსასოქმნილი, სიკვდილს მშვიდად ელოდა და უფალს ცოდვების მიტევებას სთხოვდა. ერთ საღამოს საშინელმა ქარბორბალამ გადაუარა უნცუქულის შემოგარენს, ციდან თქეში წამოვიდა, ხაროში წყალი ჩავარდა და დავითს ეგონა, რომ უსახელო სიკვდილი ეწვია. სწორედ ამ დროს საყარაულო, რომელზედაც დოლაბის ასაწევი ოწინარი ება, წაიქცა და დოლაბი ჰაერში აიტაცა. წყალმა დავითი ზედაპირზე აატივტივა და ხევისკენ გაიტაცა. ტყვეობიდან თავდახსნილი, გაშიშვლებულ ჯაგის ფესვებს ჩაეჭიდა და ასე გადაურჩა სიკვდილს. იგი სამშობლოსაკენ დაადგა გზას, მაგრამ ლეკები კვალში ჩაუდგნენ, იპოვეს, თავში კეტი დაჰკრეს, დასისხლიანებულ ხელ-ფეხზე ჯაჭვი დაადეს, გაპარვისთვის უმოწყალოდ სცემეს, ცხენზე ხურჯინივით გადაჰკიდეს და ისევ უნცუქულში, უფრო ღრმა ხაროში ჩააგდეს. ამ მძიმე გასაჭირში უფალს უხმო საშველად. ძილში ხმა ჩაესმა: რად არ წახვალ შინაო. რაკი ღმერთის ძალა იგრძნო, აღარ შეუშინდა დარაჯებს, დასისხლიანებული ხელებით მიწა თხარა და თავი სიბნელეს შეაფარა. მეორე გაქცევა ბედნიერი აღმოჩნდა, თუმცა უჭმელ-უსმელი, ნაცემ-ნატანჯი, ჩამოძენძილი, ტყე-ღრეში დაეხეტება, გეზი ჩრდილოეთისკენ აქვს აღებული, დღისით მზის საშუალებით მიიკვლევს გზას, ღამით მთვარეს უჭვრეტს, შვიდთა ვარსკვლავთა საიდუმლოც იცის, მაგრამ თავს ახალი უბედურება დაატყდა: შეიქმნა საშინელი ჭექა-ქუხილი, ელვისაგან ვერაფერს ხედავდა. ციდან სეტყვა წამოვიდა. სეტყვის თავში დაცემის შიშით თუ რამ ებადა, თავზე დაიხვია, ტანს აღარ ჩიოდა. ბედად, ელვის შუქზე გამოქვაბული დალანდა და შიგ შეძვრა, ღმერთს გადარჩენისათვის გულით შესტირა, რადგან სამსხვერპლო ზვარაკი არ ჰყავდა. სამი დღე შამბიანში იწვა, დღისით ჯაგებში ძვრებოდა, მხოლოდ ღამით ვიდოდა. ხუთი დღე და ღამე შვიდი ცალი ტყემლის ანაბარა იყო. მშიერს უფალმა ორი კიტრი და ნახევარი საზამთროს ნაჭერი უბოძა, თუმცა მალევე წაართვა: შიმშილისაგან გასავათებულმა, გაურეცხავად მაინც არ ინდომა საზრდო, მდინარესთან მივიდა. დახრილს უბიდან კიტრები ამოუცვივდა და წყალმა წაიღო. დაედევნა და ლამის დაიხრჩო. მაშინ კი უზენაესს საყვედური შეჰკადრა, თუმცა მალევე მოინანია, რადგან მცირე ხნის შემდეგ ბაღს მიადგა, უბე ხილით აივსო. შებინდების ჩალიანში შევიდა, იქ კი კოღოს ლაშქარი დაესია. სიცოცხლეგამწარებულმა და ყველაფერში ხელმოცარულმა, გადაწყვიტა, იქვე, კალოსთან მყოფ ხალხთან მისულიყო. ჩქარი ნაბიჯით მიუახლოვდა კალოს მლეწავებს, რომლებსაც ყელზე ჯვრები ეკიდათ. ნაგვემი და ჩამოძენძილი ადამიანი გლახაკად მიიჩნიეს და „ხლება“ შესთავაზეს. ამის გამგონი დავითი მიხვდა, რომ სარუსეთომდე მიეღწია და სიხარულით ჯვარს ემთხვია.
დაძონძილ გადამთიელს ვიღაც რუსი ყაზახი გამოუჩნდა შემწედ და მომვლელად. მისი ამაგი მშობელი მამისას შეადარა, რადგან რუსმა საოცარი გულშემატკივრობა და მზრუნველობა გამოიჩინა. თარჯიმნად ჩრდილოეთში დიდი ხნის გადასული ფხოველი იანვარა მოჰგვარეს და მისი შემწეობით გაიგეს დავითის ამბავი.
თერგის მიდამოებში დიდხანს არ დარჩენილა პოეტი – ეჩქარება, მოსკოვს ხომ მეფე ვახტანგ VI-ა შეხიზნული თავისი ამალით.

მკვლევრები ერთ რამეში თანხმდებიან: დავითის ტყვეობა დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან ლეკები ტყვეებს დიდხანს არ აჩერებდნენ – თუ არავინ გამოისყიდიდა, სტამბულისა და ალეპოს ბაზრებზე მიერეკებოდნენ. დავითის დატყვევება ზაფხულში მომხდარა, ივლისის თვეში, გაქცევით კი აგვისტოს მიწურულს გაქცეულა. პოეტს მჟავე კოწახური და ტყემალი ხვდება გზაში. აკადემიკოს კორნელი კეკელიძის აზრით, ყურძნობისას ის უკვე თერგზე იმყოფება.
სავარაუდოდ, გურამიშვილი 1729 წელს დაუტყვევებიათ.
მოსკოვში ჩასული პოეტი თაყვანს სცემს ვახტანგსა და ბაქარს, როგორც ქართველთა მეფეებს, თუმცა მათ სამეფო აღარა აქვთ და სკრიპტრას, თაჯს, თომარს და მურასა ხმალს ტყუილად დაატარებენ. მათთან მისულმა გურამიშვილმა ჯაბადარბაშობა მიიღო და მათ სამსახურში ჩადგა (ელგუჯა მაღრაძე, „გოდება“).

წუარო : http://mastsavlebeli.ge

მარტოდ დარჩენილი მშობელი

ამას წინათ სამარშრუტო ტაქსიში მგზავრობისას ძალიან სევდიან ამბავს შევესწარი. ჩემ წინ სავარძელზე დედა და შვილი ისხდნენ, დედა ოცდაათ წლამდე იქნებოდა, შვილი – ოთხი-ხუთი წლის. ბავშვი გაუთავებლად რაღაც კითხვებს სვამდა, დედა ხან პასუხობდა, ხან – არა. გზა გაიწელა. საცობი იყო. ბავშვი დაიღალა და როგორც აღგზნებულ ფსიქიკას სჩვევია ხოლმე, წრიალს მოუმატა, დედა კიდევ უფრო მეტად შეწუხდა და სავარძლებს შორის ვხედავდი,  „დაწყნარდისთან“ ერთად, როგორ უჭერდა ბიჭს ხელს მკლავზე. ბიჭი ერთი-ორი წუთი ჩერდებოდა და ისევ იწყებდა წრიალს, წუწუნს, შეკითხვებს!
ნელ-ნელა სიტუაცია დაიძაბა და ბავშვმა მშობლის ლანძღვა დაიწყო:
  • არ მიყვარხარ, დებილო! ცუდი დედა ხარ! – იმეორებდა ისტერიულად.
მათ უკან ვიჯექი, მარშუტკაში თითქმის ჭყლეტა იყო, სავარძელი მეფარებოდა და გამოლაპარაკების ან ბავშვის გართობა-დამშვიდების საშუალება არანაირად არ მქონდა. სავარძლებს შორის ღრიჭოდან ისევ ვხედავდი, როგორ უჭერდა ხელს დედა შვილს.
  • გაჩერდი, გაჩერდი, გაჩერდი! – უმეორებდა ცუდად დამალული აგრესიით.
გარტყმით ვერ გაარტყამდა, შეიძლება შერცხვენოდა კიდევაც, შეიძლება შეშინებოდა, კანონი დიდად არ კანონობს, მაგრამ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე მაინც უფრო ერიდებიან ბავშვის ფიზიკურ დასჯას. შეიძლება სახლში არც ურტყამდა და ეს ნერვიული ხელის მოჭერა ყველაზე მეტი იყო, რითაც დედა თავისი ფიზიკური უპირატოსების ჩვენებას, ამით დაშინებასა და შვილის გაჩერებას ცდილობდა, თუმცა არა მგონია. იმდენად ნერვული იყო ეს ხელის მოჭერა, იმდენად უმწეო და სუსტი ჩანდა ორივე ხელი, მშობლისაც და შვილისაც, რომ ამ უმწეობით გაბრაზებული, ვფიქრობ, რომ არა მოწმეები, აუცილებლად გაარტყამდა. თუმცა დედის ბრაზის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ჩვენ ვიყავით: მისი შვილის უსაქციელობის შემსწრეები, რომელთა წინაშეც იჯდა შერცხვენილი, დაღლილი, სუსტი და თავისზე უფრო სუსტზე ცდილობდა ძალადობას.
ამასობაში სამარშრუტო ტაქსიში შუახანს გადაცილებული, ნატურალურბეწვისქურქიანი, მკაცრი და ლამაზი შესახედაობის ქალი ამოვიდა. ასაკის გარეშეც მთელი მისი ამაყი პერსონა გამცნობდათ, რომ უნდა ამდგარიყავით და ადგილი დაგეთმოთ. ასეც მოხდა და ეს ქალი ამ ბავშვისა და დედის გვერდით აღმოჩნდა.
ბავშვმა, რა თქმა უნდა, წრიალი და წუწუნი განაგრძო, კარგად ვერ ვხედავდი, მაგრამ მგონი, დედაზე ხელითაც იწევდა.
  • მე იცი, ვინ ვარ?! პედიატრი ვარ! ბავშვთა ექიმი, გაჩერდი თორემ გაგიკეთებ ნემსს! დაემუქრა სასწრაფოდ ეს მედიდური იმ პატარას. მუქარა რომ ძალადობაა, ბავშვს რომ მართლა შეიძლება დასჭირდეს ნემსის გაკეთება, ეს რომ მერე მისთვის გაცილებით მტკივნეული იქნება, როგორც სასჯელს ისე რომ აღიქვამს, რაღა თქმა უნდა, ამ პედიატრს არაფრად ანაღვლემდა. მთელ საზოგადოებას გვამცნო, ექიმი ვარო და თავისი ჭკუით ბავშვის უსაქციელობაც შეაკავა.
დედას კი ლაპარაკი სჭირდებოდა, გაზიარება, თავის მართლება, ამბის მოყოლა. მისი დაძაბული არსება ამდენს ვეღარ იკავებდა და როგორც კი ეს ქალი გამოელაპარაკა, მაშინვე დაიწყო:
  • ადრე არ იყო ასეთი! ბაღში მოიყვანეს ერთი საშინელი ოჯახის შვილი, დედა მესამედაა გათხოვილი, მამინაცვალი ლოთია, იმ ბავშვისგან გადაიღო, იმას ბაძავს. ვეუბნები, ნუ მეგობრობ მაინცდამაინც მაგ ბიჭთან-მეთქი, არ მიჯერებს, რაც ის მოიყვანეს ბაღში, იმის მერეა ასეთი.
და აქ მოხდა ყველაზე დამზაფვრელი რამ. ბავშვმა  ისტერიულად დაიწყო  ერთი და იმავე ფრაზის გამეორება:
  • ვინც ემეგობრება, იმას არ ურტყამს, ვინც ემეგობრება, იმას არ ურტყამს, ვინც ემეგობრება, იმას არ ურტყამს… ალბათ ერთი ოცჯერ მაინც გაიმეორა.
უკვე გაჩუმება და გაჩერება შეუძლებელი გახდა, თან შევატყვე, ჩასასვლელად დაიწყეს მომზადება, ადგნენ, რომ წინ გადასულიყვნენ. უკვე პირისპირ ვხედავდი და რაც შეიძლებოდა სწრაფად დავიწყე, რომ პატარა ადამიანი ისედაც მსხვერპლი იყო და დახმარება სჭირდებოდა, რომ მან მოძებნა გამკლავების ასეთი ფორმა, რომ უნდა მოითხოვოს, ბაღმა მოაგვაროს მისი პრობლემა, რომ, სავარაუდოდ, ის ბავშვიც მსხვერპლია, მასაც სჭირდება დახმარება, რომ ქვეყანაში არსებობს ბავშვზე ძალადობის ეროვნული ქსელი, რომ სოციალური სამსახურებიცაა და რა ვიცი… რაც უცებ მოვასწარი.
დედამ ისეთი მადლიერი თვალებით გადამიხადა მადლობა, მივხვდი, მართლა არ იცოდა, რა ექნა. რაღაცები დააზუსტა, მოვძებნი ფსიქოლოგსო, შემპირდა და ჩავიდნენ.
მე ვერ ჩავყვებოდი. ლექციები მქონდა. დაწყებითი კლასების მომავალი მასწავლებლებისთვის საბავშვო მწერლობა უნდა მესწავლებინა.
ძალიან კარგები არიან, ლამაზები, ინტერესით დადიდებული თვალებით, ბევრს კითხულობენ და უნდა გაგახაროთ, ყოველ წელს უფრო და უფრო განათლებული ნაკადი მოდის. ბევრს სწავლობენ, და რაც მთავარია, მეიმედებიან, რომ მოძალადეები არ იქნებიან, ასაკობრივი თავისებურებების ცოდნა, მეთოდოლოგისა თუ კონკრეტული ტექნიკების ფლობა ადამიანობასთან ერთად საშუალებას მისცემთ ისე აღზარდონ, არ იძალადონ, ბულინგსაც ამოიცნობენ და პრევენციისა და დაძლევის გზებიც ეცოდინებათ.
ჩამოვედი სამარშრუტო ტაქსიდან დამძიმებული, ცალკე ამ ბავშვის ხმა მედგა ყურებში, ვინც ემეგობრება, იმას არ ურტყამსო, ცალკე დედის შეწუხებული და მახვეწარი თვალები, ცალკე ის მოძალადე ბავშვი მადარდებდა, სავარაუდოდ, მოძალადე დედით, რომელზეც, ასევე სავარაუდოდ, ის ლოთი ქმარი ძალადობს. მივხვდი, რომ არ უნდა წავსულიყავი ლექციებზე, იმ ქალს უნდა ჩავყოლოდი, კარგად უნდა დავლაპარაკებოდი, ან სახელი და გვარი მაინც მეთქვა, სოციალურ ქსელში დამიკავშირდებოდა, ან ტელეფონი მიმეცა… მგონი, პირველად ჩემგან მოისმინა, რომ საშველი არსებობს, რომ ვიღაც ვალდებულია, დაეხმაროს, რომ ეს მისი პატარა შვილი დამნაშავე და სამარცხვინო არაა.
ამ ამბიდან თვეზე მეტია გასული, მაგრამ მაინც ვერ მოვიშორე დანაშაულისა და უკმარობის განცდა. ყველაზე ზრუნავს სახელმწიფო მეტ-ნაკლებად, იხვეწება პროგრამები, ახალი და აქტუალური საგნები ემატება სკოლას, მჯერა, იზრდება და გაიზრდება მასწავლებელთა დონეც, რა თქმა უნდა, ყველგან მძიმე პრობლემებია აღზრდის სფეროში, მაგრამ  ყველაზე მიტოვებული, ყველაზე უმწეო ის მშობელია, რომელმაც შვილები კი გააჩინა, მაგრამ მათი აღზრდის არაფერი გაეგება. ტრადიციული ავტორიტარული მეთოდი აღარაა  ეფექტური,  მან კი სხვანაირად გაზრდა არ იცის. არადა უნდა, სასახელო და საამაყო იყოს მისი შვილი.
რა თქმა უნდა, უამრავი მშობელია, რომელსაც არაფრის გაგონება არ უნდა, მიაჩნია რომ ყველაზე უკეთ იცის, როგორ გაზარდოს საკუთარი შვილი. აი, სწორედ ეს, „საკუთარი“ აქცევთ ჩარჩოებში და ვერაფრით დაეხმარები, მაგრამ ხომ არიან ასეთებიც, კრიტიკულმა სიტუაციამ მწვავედ რომ აგრძნობინათ უმწეობა და მზად არიან რაღაცის სასწავლად, მოსასმენად, შესაცვლელად, გასაზრდელად.
კეთილი გამვლელების იმედზე არ უნდა იყვნენ ეს მშობლები. უნდა არსებობდეს რაღაც ცენტრი, რაღაც სამსახური, სადაც დახმარებისთვის მივლენ, სადაც დედობას და მამობას ისწავლიან, თანამედროვეობაში გამოსადეგ მიდგომებს გაეცნობიან, შვილის დაცვისთვის საჭირო უნარებს შეიძენენ, მათთვის მაინც, ვისაც ამისი სურვილი აქვთ.
არ უნდა წავსულიყავი ლექციებზე. იმ ქალს უნდა გავყოლოდი. ხანდახან უცებ ვერ ვაფასებთ, სად უფრო მეტად ვართ საჭირო!
წყარო 
http://mastsavlebeli.ge