Wednesday, August 29, 2018

მეგობრებთან ერთად წაკითხული წიგნი

ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, როგორ დავაინტერესოთ ბავშვები წიგნის კითხვით. ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახისა და მასწავლებლის როლი, მაგრამ არანაკლები ძალა აქვს მეგობრების რჩევასა და მათი გამოცდილების გათვალისწინებას. საკუთარ თავზეც რომ წარმოვიდგინოთ, ხშირად დაგვიწყია ისეთი წიგნის კითხვა, რომელიც ჩვენს მეგობარს მოსწონს. რატომ? პასუხი მარტივია – ვენდობით მის გემოვნებას.

შარშან ჩემი ექვსი მოსწავლე კონკურსში მონაწილეობდა. ამ მოტივით წაიკითხეს ,,ჰარი პოტერის” შვიდივე ნაწილი. ბავშვები აღფრთოვანებას ვერ მალავდნენ და მათი განწყობა მთელი კლასისთვის ,,გადამდები” აღმოჩნდა. ,,ჰარი პოტერის” კითხვა დაიწყეს არა მხოლოდ თანაკლასელებმა, არამედ – მათმა დამრიგებელმაც. ბევრი საინტერესო თავგადასავალი მოჰყვა კითხვის პროცესს – ერთად ვუყურებდით ფილმებს, მოვაწყვეთ ლიტერატურული კაფე, შევქმენით ტექსტის სიუჟეტთან დაკავშირებული ხელნაკეთი ნივთები. მერე ერთმა მოსწავლემ ლიტერატურულ დღიურში ჩაწერა, ჰარი პოტერის კითხვამ მე და ჩემს კლასელებს საერთო ენა გვაპოვნინაო. ჩემთვის ყველაზე მთავარი ეს შედეგი აღმოჩნდა – წიგნი იქცა კლასელების სასაუბრო თემად, წაკითხულმა ისინი უფრო მეტად გააერთიანა და საერთო ინტერესები გაუჩინა.
ცოტა ხნის წინ მკითხველთა კლუბის შესახებ საზღვარგარეთული გამოცდილების გასაზიარებლად მასალებს ვეცნობოდი და საინტერესო ინფორმაციას წავაწყდი – გერმანიაში არსებობს საბავშვო სამკითხველო კლუბების გაერთიანება, რომლის დევიზია ,,Mit Freu(n)den lesen”  და ორ მნიშვნელობას მოიცავს – კითხვა მეგობრებთან ერთად, კითხვა სიხარულით. ვფიქრობ, სწორი მიდგომაა და ნამდვილად გასათვალისწინებელია ეს პრაქტიკა ჩვენთვის.
კლასელებთან ერთად კითხვას მართლაც შეუძლია ბავშვების დამეგობრება და მათი გახალისება, მთავარია, ამას მასწავლებელი აცნობიერებდეს. ასეთ დროს არა მხოლოდ წიგნიერების კომპეტენცია უვითარდებათ მოსწავლეებს, ისინი ერთმანეთთან ურთიერთობასაც სწავლობენ.

თვის წიგნი

,,თვის წიგნი” – ამ ორ სიტყვას ყველასთვის სხვადასხვა დატვირთვა აქვს, ჩემი მოსწავლეებისთვის კი ნიშნავს აქტივობას, რომელიც უკავშირდება წაკითხულ წიგნ(ებ)ს და ზოგჯერ კედლის გაზეთის მომზადებას გულისხმობს, ხანაც – მეგობრებთან ერთად კლუბში შეკრებასა და საუბარს, ხანდახან შემაჯამებელი დავალებაც ყოფილა, ლიტერატურული თამაშიც და სახალისო ვიქტორინაც. კითხვა რომ მოსაწყენ პროცესად არ იქცეს, ფორმას ვცვლით, უცვლელი რჩება მთავარი მიზანი – ბავშვებმა წიგნი უნდა წაიკითხონ, თანაკლასელებს გააცნონ და შთაბეჭდილებები ერთმანეთს გაუზიარონ.
ჩვენი ,,თვის წიგნი” ორი სახისაა: კლასელები საკუთარი სურვილით ირჩევენ საკითხავს და შემდეგ ერთმანეთს წარუდგენენ ან კითხულობენ ერთსა და იმავე წიგნს – მასწავლებლის მიერ შეთავაზებულს.
პირველი უფრო მარტივია. კითხვის სასიამოვნო პროცესად ქცევას თავისუფალი არჩევანი განაპირობებს. მოსწავლეებს როცა გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობას ვაკისრებთ, მათი მოტივაცია იზრდება. თანაკლასელები ერთმანეთის წიგნებით ინტერესდებიან და კითხვას იწყებენ.
მეორე ვარიანტი მეტ ძალისხმევას საჭიროებს. წიგნების სამყაროში ბავშვებს მრჩეველი სჭირდებათ. ამ დროს ძალიან ბევრია დამოკიდებული მასწავლებელზე, მან ყურადღებით უნდა შეარჩიოს საკითხავი მოსწავლეთა ინტერესების, გემოვნებისა და საჭიროებების გათვალისწინებით და ისე შესთავაზოს მათ, რომ კითხვის სურვილი გაუჩნდეთ. ცხადია, კლასის ესა თუ ის წევრი ერთნაირად ვერ დაინტერესდება, არსებობს იმის საფრთხეც, რომ ბავშვებს მასწავლებლის შეთავაზებული წიგნი არ მოეწონოთ. ეს ბუნებრივია და ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად. წაკითხულის არმოწონება უკვე ნიშნავს იმას, რომ მკითხველმა ტექსტი შეაფასა, ეს ხომ გემოვნების ჩამოყალიბების  თანამდევი პროცესია. მთავარი ისაა, რომ კლასელები წიგნის გარშემო ერთიანდებიან, ერთსა და იმავე ტექსტს კითხულობენ, თუმცა ყველა თავისებურად აღიქვამს, საკუთარი თავისთვის ნათქვამს პოულობს ფურცლებზე. თუ ერთი რომელიმე პერსონაჟის ქცევას განიხილავს, მეორე ხვდება, რაზე საუბრობს, თუ მესამე შეკითხვას სვამს, მეოთხე პასუხობს. ხანდახან ისეც ხდება, რომ წაკითხული წიგნის განხილვისას პერსონაჟების მაგალითით ბავშვები ერთმანეთს ეუბნებიან სათქმელს. მთელი ეს პროცესი ტექსტის გააზრებას უფრო საინტერესოს ხდის და ასე ნელ-ნელა ყალიბდება საკლასო გარემო, რომელშიც წიგნის კითხვა პრიორიტეტულია.
ზემოთ ნათქვამში შესაძლოა დამეთანხმოთ, მაგრამ მთავარი სირთულე ხომ მოსწავლეთა წიგნამდე მიყვანაა. ამ დროს ჩნდება კითხვა – როგორ წავაკითხოთ ბავშვებს ტექსტი ისე, რომ ამის სურვილი თავად ჰქონდეთ და ეს არ იყოს მათთვის ვალდებულება? გაგიზიარებთ გამოცდილებას, გიამბობთ ჩემი მოსწავლეების მიერ ბოლო ხანს წაკითხული წიგნის შესახებ და იმასაც გეტყვით, როგორ გაახალისა მათი ყოველდღიურობა მეგობრებთან ერთად კითხვამ.
,,სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები”

წიგნების ფესტივალზე ხეტიალისას დიანა ანფიმიადისა და გიორგი ბარბაქაძის ახალგამოცემული წიგნი ჩამივარდა ხელთ.
,,ერთმა პატარა ბიჭმა, გიორგიმ, სანამ ლაპარაკს დაიწყებდა, ჯერ ხატვა ისწავლა. მერე დიდხანს, დიდხანს ელაპარაკებოდა დედას ნახატებით.
დედას კი ხატვა არ შეეძლო, სამაგიეროდ, ამბების მოყოლა უყვარდა.
ჰოდა, ასე დაიწერა ეს წიგნი…” ჯერ ანოტაცია წავიკითხე, მერე ილუსტრაციები გადავათვალიერე და მაშინვე შევიძინე. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ თანამედროვე ქართულ საბავშვო ლიტერატურას, ერთი, რომ არაჩვეულებრივი ტექსტები იქმნება დღეს და მეორე – მოსწავლეების დასაინტერესებლად მშვენიერი საშუალებაა.
მოლოდინი გამიმართლდა. ბევრი თვალით წავიკითხე ,,სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები” – მასწავლებლის, დედის, ბავშვის… და ძალიან მომეწონა. იმასაც მივხვდი, რომ ჩემი მოსწავლეები დაინტერესდებოდნენ. ვიდრე ბავშვებს წიგნს წარვუდგენდი, დავუკავშირდი მწერალს და ვკითხე, შეძლებდა თუ არა ჩვენს ლიტერატურულ კლუბში სტუმრობას და იმ მოსწავლეებთან შეხვედრას, რომლებიც მის ,,სახატავ რვეულში ჩაწერილ ზღაპრებს” წაიკითხავდნენ. დიანა დამთანხმდა.
ამ ამბით გახარებულმა სკოლისკენ დავიმგზავრე ზღაპრების ფერადყდიანი კრებული და ბავშვებს გავაცანი. ნაწყვეტები ხმამაღლა წავუკითხე, ნახატები დავათვალიერებინე. ამ დროისთვის რამდენიმეს საკუთარი ინიციატივით უკვე წაკითხულიც ჰქონდა. შემდეგ მეხუთე- და მეშვიდეკლასელ მოსწავლეებს ვუთხარი, რომ მალე ავტორი ლიტერატურულ კლუბში გვესტუმრებოდა და ერთად ვისაუბრებდით ,,სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრების” შესახებ. ვისაც სურვილი ჰქონდა, შეეძლო წიგნის წაკითხვა და შემდეგ მწერლის ნახვა, მასთან საუბარი, მისი მოსმენა  (ოდესმე აუცილებლად დავწერ, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებისა და თანამედროვე ავტორების შეხვედრა, როგორ უმაღლებს მოსწავლეს კითხვის მოტივაციას მწერალთან შეხვედრის მოლოდინი).
მოხდა ის, რასაც ველოდი. უმრავლესობამ თავიდანვე გამოთქვა წიგნის წაკითხვის სურვილი. თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობას ჯადოსნური ძალა აქვს, გადაწყვეტილების მიღებასაც ასწავლის ბავშვებს. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი მგონია.
თუ თქვენი მოსწავლეები სქელტანიანი წიგნების კითხვას ერიდებიან, ,,სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები” ამ შემთხვევაშიც დაგეხმარებათ. 60-გვერდიანი კრებული პატარ-პატარა საინტერესო ამბებისგან შედგება და მკითხველს აფიქრებს მეგობრობაზე, ადამიანურ ურთიერთობებზე, სიყვარულზე. მარტივად, სწრაფად იკითხება.
,,სახატავ რვეულში ჩაწერილი ზღაპრები” სასწავლო რესუსრსადაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. მას შემდეგ, რაც ბავშვებს შევატყობინებთ, ეს ლიტერატურული ზღაპრები დედამ შვილის ილუსტრაციების მიხედვით შექმნა, იმასაც ვეტყვით, რომ ავტორმა მკითხველზეც იფიქრა, წიგნში გამოყოფილია 2 გვერდი, რათა მსურველმა ჩახატოს, დაწეროს და ამით წიგნის ნაწილი გახდეს. ჩემი მოსწავლეები დასაწყისშივე ძალიან დაინტერესდნენ ამ შეთავაზებით.


რამდენიმე დღეში პირველი მკითხველებიც გამოჩნდნენ. დაიწყო ემოციების გაზიარების პროცესი. ზოგიერთმა წიგნის შეძენა ვერ მოახერხა და მეგობრები სიხარულით სთხოვნიდნენ საკუთარს.
რომელი ილუსტრაცია მოგეწონა? ეს ზღაპარი გაიგე? მწერალს რომ ვკითხო, შეიძლება? გადაწყვიტე, რას ჩახატავ? ზღაპარი უნდა დაწერო? როგორი ამბავია, ეს როგორ მოიფიქრა?
შეკითხვები არ ილეოდა. არც პასუხები. მეგობრები ერთმანეთის განცდების თანაზიარნი ხდებოდნენ.

***
ერთ-ერთ კლასში წიგნის წაკითხვის ყველაზე ცოტა მსურველი აღმოჩნდა. მოსწავლეს, რომელსაც უკვე წაკითხული ჰქონდა, გაკვეთილზე ვთხოვე, შთაბეჭდილება გაეზიარებინა ჩვენთვის. გვითხრა, თავიდან არ ვაპირებდი წაკითხვას, ,,ზღაპრები” პატარებისთვის განკუთვნილად მივიჩნიე, მაგრამ პირველივე ფურცლებმა მიმახვედრა, ეს წიგნი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა დაწერილიო. ყველაზე მეტად რომელი სიტყვები მოეწონა, ისიც კი გაგვანდო: ,,ძველ მეგობარს არაფრის გამო არ აწყენინო, ყველაფერი ძველდება, მეგობარი კი ყოველთვის შენთან რჩება”.
მალევე გაიზარდა მსურველების რაოდენობა. ალბათ, ხვდებით, რატომაც – მეგობრის შეხედულებამ ბავშვები დააინტერესა.

კიდევ ერთი იდეა გაგვიჩნდა იმ მომენტში – შეგვექმნა ხელნაკეთი წიგნი და სტუმრად მოსული მწერლისთვის გვეჩუქებინა. შევადგინეთ კითხვარი:
  1. თქვენი აზრი ამ წიგნის შესახებ;
  2. თქვენთვის გამორჩეული ზღაპარი;
  3. საინტერესო სიტყვები, ფრაზები;
  4. რომელი ილუსტრაცია მოგეწონათ ყველაზე მეტად და რატომ;
  5. შეკითხვა მწერალს…
ვერ წარმოიდგენთ, რამდენ ხანს ფიქრობდნენ პასუხებზე, როგორი მონდომებით წერდნენ, ხატავდნენ და აბედნიერებდათ ის, რომ მათ ნააზრევს ავტორი წაიკითხავდა.
ჩემი ერთი მოსწავლე 2 წლის წინ სხვა სკოლაში გადავიდა. მეგობრებს მოსანახულებლად ესტუმრა. გაიგო, რომ კითხულობდნენ წიგნს, რომლის ავტორსაც მალე შეხვდებოდნენ. მთხოვა, თუ შეიძლება, მეც წავიკითხავ და შეხვედრაზეც მოვალო. სიხარულით დავთანხმდი. წიგნმა მეგობრებთან კიდევ უფრო დააკავშირა.

მწერლის სტუმრობამ საოცარი ემოციებით აგვავსო. ყველაზე მთავარი – ბავშვებს უხაროდათ და ეს სიხარული კითხვას მოჰყვა შედეგად. გარდა ამისა:
  • მოსწავლეებმა გაუზიარეს თავიანთი შეხედულებები ავტორს;
  • თავისუფლად გამოთქვეს აზრები;
  • იმსჯელეს წაკითხულის შესახებ;
  • აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოვიდნენ;
  • დასვეს შეკითხვები და მიიღეს პასუხები;
  • შეიტყვეს წიგნის შექმნის ისტორია;
  • დიანა ანფიმიადისგან ბევრი საინტერესო ამბავი მოისმინეს, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ავტორი მოსწავლეებს ესაუბრა აუტიზმის შესახებ და აუხსნა, რამდენად მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ ადამიანებთან ურთიერთობის გზა;
  • მწერალს აჩვენეს საკუთარი ნახატები და ნაწერები;
  • იყვნენ ბედნიერები.

მეგობრებთან ერთად წაკითხული წიგნი ჩემი მოსწავლეებისთვის საინტერესო თავგადასავლად იქცა. რაც მთავარია, მათ უნდათ, რომ ასეთი ამბები ხშირად გადახდეთ თავს.


  წყარო : http://mastsavlebeli.ge 

პრაქტიკული კვლევა სკოლაში: კვლევის ანგარიში

მასწავლებლები ხშირად წუხან იმაზე, რომ ძალიან რთულია სწავლების  პარალელურად მათი საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის წარმოება. თუმცა არ არსებობს დაწესებულება, მის მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ საქმიან ქაღალდებს რომ არ აწარმოებდეს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეს დოკუმენტები ქმნიან ორგანიზაციის ისტორიას და საშუალებას გვაძლევენ, საკუთარ პროგრესს თუ ხარვერეზებს ახლო მომავლიდან დავაკვირდეთ. კვლევის ინსტრუმენტების შექმნა და, ზოგადად, დოკუმენტაციის წარმოება პრაქტიკის კვლევის ჩატარების დროსაც დაგვჭირდება.

კვლევის ჩატარებისა და მონაცემთა დამუშავების შემდეგ, ანგარიშის შექმნის დროც დგება. უნდა გაითვალისწინოთ, რომ ანგარიშის სათაური შეძლებისდაგვარად ლაკონური იყოს და ეხმიანებოდეს ნაშრომის მთავარ მიზანს (მაგალითად, თანამშრომლობითი გარემოს გაუმჯობესება N სკოლაში).

ყველა დოკუმენტს თავისი ენა, სტილი აქვს. რაც შეეხება კვლევის სტილს, იგი აკადემიურია. მკვლევარი ანგარიშის წერის დროს უნდა იცავდეს, მაგალითად, ჩიკაგოს სტილის კანონებს (თუ ამ საკითხით დაინტერესდებით, შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ქეით ლ. თურაბიანის სახელძღვენელოთი, რომელიც მითითებულია სტატიის დასასრულს, გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალში). ნაშრომში ასევე დაცული უნდა იყოს ლოგიკური თანმიმდევრულობა (არგუმენტების შესაბამისობა სამსჯელო საკითხთან, ნათლად გამოცემული ავტორის პოზიცია და სხვ.) და ნაწერი უნდა შეესაბამებოდეს კვლევის მიზანს.

კვლევის ანგარიშის სტრუქტურა სტანდარტულია, როგორც ტრადიციული, ასევე პრაქტიკის კვლევის ანგარიშისთვის. მასში წარმოდგენილი უნდა იყოს: შესავალი, მეთოდები, შედეგები და დასკვნა. თანმიმდევრობის დაცვა აუცილებელია, რადგან თითოეული ეტაპი წინამორბედის გაგრძელებას წარმოადგენს.

შესავალში საკვლევი პრობლემაა (თეზისი) წამოჭრილი და მასთან დაკავშირებული ჰიპოთეზებია (სავარაუდო პასუხები) ფორმულირებული. თეზისის ფორმა თხრობითია, რადგან იგი საკვლევ პრობლემას პასუხობს, ანუ მისი არგუმენტია. საკვლევი პრობლემაც და ჰიპოთეზებიც ისე უნდა იყოს ფორმულირებული, რომ მკვლევარს არ გაუჭირდეს მისი შემოწმება (არ უნდა იყოს ურთიერთსაწინააღმდეგო, ზედმეტად ვრცელი ან ვიწრო საკითხი და ა.შ.). შესავალში ზოგჯერ ლიტერატურის მიმოხილვასაც განათავსებენ, მაგრამ იგი უმეტესად ცალკე თავად გვხვდება გამოტანილი. ლიტერატურის მიმოხილვაში მკვლევრებმა საკვლევი საკითხის შესაბამისი პირველადი და მეორადი წყაროები უნდა მიმოიხილონ და კრიტიკულად გააანალიზონ. შესავალს ხშირად წინ უსწრებს აბსტრაქტი. იგი კვლევის ანგარიშს დასაწყისში დაერთვის და წარმოადგენს კვლევის მოკლე მიმოხილვას, რომელიც წარმოდგენილია ცალკე გვერდზე.
მეთოდების ნაწილში კვლევის დიზაინსა და გამოყენებულ მეთოდოლოგიაზეა  საუბარი. კვლევის დიზაინი გულისხმობს იმ თეორიული სტრუქტურისა და მეთოდების აღწერას, რომელთა დახმარებითაც მკვლევარებმა ჰიპოთეზები შეამოწმეს. მეთოდოლოგიაში კი შედის შერჩევასთან დაკავშირებული ნიუანსები, მონაცემების შეგროვების სტრატეგიები, კვლევის შეზღუდვები და ა.შ. უნდა გვახსოვდეს, რომ მკვლევართა მიერ არჩეული მეთოდოლოგია განაპირობებს მონაცემთა სანდოობას და ვალიდურობას. მარტივად რომ ვთქვათ, ამ სექციაში დეტალურად უნდა აღვწეროთ, როგორ მოვიპოვეთ და გავაანალიზეთ მონაცემები. შერჩევის ბლოკში კი უნდა ვისაუბროთ კვლევაში ჩართულ ადამიანებზე და მათი შერჩევის გზებსა და ეთიკურ ნორმებზე, რომლებიც მათ კონფიდენციალურობას და სხვა უფლებებს უზრუნველყოფს. ასევე დეტალურად უნდა იყოს განხილული მონაცემების მოპოვების პროცესი.
რაც შეეხება გარემოს, სადაც ჩატარდა კვლევა, მისი აღწერაც მნიშვნელოვანია, რადგან ის ამყარებს ან პირიქით, ეჭვქვეშ აყენებს მონაცემთა სანდოობას.  საკვლევ გარემოში იგულისხმება ის ადგილი, სადაც ტარდება კვლევა, ანუ ორგანიზაცია, მასში შემავალი თითოეული წევრით. აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული საკვლევი გარემოს თავისებურებები, რათა საფრთხე არ შეექმნას კვლევის ვალიდურობას ან სრულყოფილად წარმართვას.
შედეგების ბლოკში მკვლევარები მოპოვებულ მონაცემებს აჯამებენ და სტატისტიკურად დამუშავებულს (ცხრილები, გრაფიკები) ან სხვადასხვა ტიპის ჩანაწერების (დაკვირვების აღწერა, საველე ჩანაწერები და სხვ.) სახით წარმოადგენენ.
კვლევის ანგარიშში ასევე წარმოდგენილი უნდა იყოს ბიბლიოგრაფია, სადაც მკვლევართა მიერ გამოყენებული ყველა წყარო შესაბამისი აკადემიური სტილით იქნება მითითებული. დანართის სახით კი კვლევის ანგარიშს საილუსტრაციო მასალა და მნიშვნელოვანი მონაცემები (უმეტესად, ცხრილების/გრაფიკების სახით) დაერთვება.
რაც შეეხება დასკვნას, აქ მიღებული შედეგები მკვლევრებმა უნდა განმარტონ საკვლევ საკითხთან დაკავშირებული, უკვე ჩატარებული კვლევების დახმარებით. ჩატარებული კვლევის მიხედვით, შესავალში მოყვანილი ჰიპოთეზა ან უნდა დადასტურდეს, ან – არა. აქვე შეიძლება განთავსდეს რეკომენდაციების ბლოკი ან ხაზი გაესვას იმ საკითხებს, რომლებიც კიდევ საჭიროებს კვლევას.
სარჩევში შეიძლება ზემოთ მოყვანილი ოთხი სექცია ქვესექციებად იყოს ჩაშლილი. კვლევის ანგარიშის სარჩევი წარმოადგენს თავებისა და ქვეთავების ჩამონათვალს, სადაც ნაშრომის შინაარსი თანმიმდევრობით, გვერდების მითითებით არის მოცემული, მაგალითად:
  • აბსტრაქტი
  • შესავალი
  • ლიტერატურის მიმოხილვა
  • კვლევის მეთოდები
  • კვლევის ეტაპების აღწერა
  • განხორციელებული ინტერვენციები და შედეგები
  • კვლევის შედეგები
  • ძირითადი მიგნებები
  • რეკომენდაციები
  • ბიბლიოგრაფია
  • დანართები
როგორც ხედავთ, სარჩევში დაცულია კვლევის ანგარიშისთვის დამახასიათებელი სექციების თანმიმდევრულობა.  აბსტრაქტი წინ უსწრებს შესავალს, შესავალი და ლიტერატურის მიმოხილვა ამჯერად განცალკევებულია. ასევე ცალ-ცალკეა წარმოდგენილი კვლევის მეთოდები, ეტაპები, განხორციელებული ინტერვენციები. კვლევის შედეგებს, ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებსაც დამოუკიდებელი პარაგრაფები ეთმობა. როგორც წესია, კვლევის ანგარიშს მოყვება ბიბლიოგრაფია და დამუშავებული მონაცემების შემცველი დანართები. როგორც ვხედავთ, სტრუქტურის ოთხივე სექცია ქვესექციებადაა ჩაშლილი, თუმცა დაცულია მათი თანმიმდევრობა.
რაც შეეხება შედეგების აუდიტორიის წინაშე წარდგენას, მკვლევარმა  აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს მსმენელი და ე.წ. თხრობის მანერა შეძლებისდაგვარად მოარგოს მის ინტერესებს. ფართო აუდიტორიასთან ნაშრომის წარდგენისას, მომხსენებელმა სხარტად, ყველასათვის გასაგები ლექსიკით და კონკრეტული მაგალითებით უნდა ისაუბროს. მან უნდა შეძლოს საკვლევ საკითხთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მის მიერ მოპოვებული მონაცემების პრეზენტირება, სადაც ჰოპოთეზის დამტკიცებას ან უარყოფას მოჰყვება მიღებული შედეგებისა და მათგან გამომდინარე დასკვნების შეჯამება.
როგორც ხედავთ, კვლევის ანგარიშის დაწერა არც ისე რთულია. მთავარია, მოიძიო საჭირო ლიტერატურა, დაიცვა წერის აკადემიური სტილი და თანმიმდევრულად მიჰყვე იმ ინსტრუქციებს, რომელიც კვლევასთან დაკავშირებულ სახელმძღვანელოებში საკმაოდ დეტალურადაა გაწერილი. მომავალ წელს ჩვენც ვაპირებთ პრაქტიკის კვლევის ჩატარებას თბილისის ერთ-ერთ სკოლაში და კვლევის პროცესში მიღებულ გამოცდილებას აუცილებლად გაგიზიარებთ.
გამოყენებული ლიტერატურა:
  1. ნაჩმიასი, ჩ. ფ. და ნაჩმიასი, დ. (2009). კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.
  2. თურაბიანი, ქ. ლ. და ბუთი, უ. (2009). სახელმძღვანელო კვლევების, თეზისებისა და დისერტაციების ავტორთათვის: ჩიკაგოს სტილი სტუდენტებისა და მკვლევარებისათვის. ჩიკაგო: ჩიკაგოს უნივერსიტეტის გამომცემლობა
  3. წულაძე ლ. (2008). რაოდენობრივი კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში. თბილისი: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი. მასალა მოძიებულია შემდეგ ლინკზე: http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-00000-00—off-0civil2–00-1—-0-10-0—0—0prompt-10—4——-0-1l–10-ka-50—20-about—00-3-1-00-0-0-01-1-0utfZz-8-00&a=d&c=civil2&cl=CL3.28.6&d=HASHe2263af4d51fab66480612.6

წყარო : http://mastsavlebeli.ge

რამდენიმე მხიარული აქტივობა ქართულის გაკვეთილისთვის

როგორ ვისწავლეთ ზმნისწინები მუსიკის თანხლებით
მი, მო, ა, და, ჩა, შე, გა, წა, ამო, ჩამო, შემო, გამო, გადა, გადმო, წამო – ქართულის მასწავლებლები დამეთანხმებიან, რომ ათი წლის ბავშვებს უჭირთ შინაარსს მოკლებული მარცვლების დაზეპირება. გრამატიკის სწავლება ისედაც აქილევსის ქუსლად არის ქცეული. ამიტომ მასწავლებლებს ხშირად გვიწევს იმაზე ფიქრი, როგორ გავხადოთ რთული წესები და საკითხები უფრო გასაგები. რამდენიმე წლის წინ რადიოგადაცემას ვუსმინე. ქართულის მასწავლებელი საუბრობდა, როგორ ასწავლა ბავშვებს ზმნისწინები რიტმული მოძრაობების გამოყენებით. მისი საუბარი ჩემთვის შთაგონების წყარო გახდა. საჭირო დროს უცნობი მასწავლებლის გამოცდილება ამომიტივტივდა და საინტერესო გაკვეთილის იდეაც დაიბადა. პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში ცნობილია, რომ ბავშვის აღქმა და დასწავლის უნარი სხვადასხვაგვარია: ზოგს აუდიალური მეხსიერება აქვს, ზოგს – ვიზუალური, ზოგს კი -კინესთეტიკური. აქტივობა, რომელზეც უნდა გიამბოთ, სამივე უნარს ააქტიურებს.
გაკვეთილის გეგმა სამი ფაზის გათვალისწინებით ავაგე. წინა დღეს მუსიკა მოვძებნე, მხიარული, რიტმული. გამომწვევ ფაზაზე მუსიკა ჩავრთეთ და მოვუსმინეთ. მიზანიც გავაცანი, რომ მუსიკა ზმნისწინებისთვის უნდა დაგვეკავშირებინა. ბავშვებს გაუკვირდათ და ინტერესი გაუღვივდათ. შემდეგ დაფაზე ჩამოვწერე თხუთმეტი ზმნისწინი იმავე თანმიმდევრობით, როგორც სტატიის დასაწყისშია მოცემული და სიმღერის ტექსტად ვაქციეთ. ბავშვები თავდაპირველად გაუბედავად ამყვნენ, მერე თანდათან გათამამდნენ. მუსიკის ტემპი თავდაპირველად ნელია, შემდეგ თანდათან ჩქარდება. ტემპის ცვლილებამ ბავშვები გაახალისა. შემდეგ ეტაპზე ზმნისწინები დაფიდან გავაქრეთ და ერთმანეთს შევეხიდეთ, რა თქმა უნდა, თავდაპირველად დამახსოვრება გაუჭირდათ, მაგრამ მასწავლებლის მოსმენისას თვითონაც გააქტიურდნენ. რამდენიმე მცდელობის მერე მთელი კლასი ხალისით მღეროდა თხუთმეტ ზმნისწინს, ზოგი აცეკვდა კიდეც.
შემდეგ ცოდნის განმტკიცების დრო დადგა. ზმნისწინების შესახებ სავარჯიშოებს ვთავაზობთ. ეს შეიძლება იყოს საპროგრამო ლიტერატურული ტექსტიდან ზმნისწინიანი ზმნების ამოწერა ან შეიძლება თავად მოიფიქრონ  შესაბამისი ფორმები.
სასურველია, აღნიშნული აქტივობა ერთჯერადი არ იყოს და ის მრავალგზის დავუკავშიროთ სხვადასხვა გაკვეთილს.
გაკვეთილი რომ შედგა, ბავშვების სიხარულიც მოწმობდა, თუმცა ამაში კიდევ ერთხელ მაშინ დავრწმუნდი, როცა წლის შემაჯამებელ ტესტში ორმოცივე მოსწავლემ თავი გაართვა ზმნისწინების შესახებ არსებულ შეკითხვას.
ჩემ მიერ აღწერილი აქტივობისთვის შეიძლება გამოიყენოთ საგანმანთლებლო საიტზე kargiskola.ge ატვირთული მეთოდური მასალა – „კითხვისა და წერის ინტეგრირებული სწავლება სიმღერის გამოყენებით“. სიმღერას სახელად  „მზე და ცა“ აქვს აუდიოვერსია ვოკალითა და ინსტრუმენტული ფონით, ვიდეოკლიპი სუბტიტრებითა თუ მის გარეშე, კარაოკე – მხოლოდ ინსტრუმენტული ნაწილით, ვოკალის გარეშე. შეგვიძლია სიმღერა „მზე და ცა“ ზმნისწინების სწავლებისთვის გამოვიყენოთ.
ეს კი ლინკია, სადაც დაწვრილებით გაეცნობით სიმღერის სწავლების  მიზნებს – http://kargiskola.ge/teacherintro/songs.php
ზმნიზედებიანი თიხის გულსაბნევები
ზმნისწინების შემდეგ ზმნიზედების დრო დადგა. როგორც უკვე აღვნიშნე, ათი წლის ბავშვებს გრამატიკული კატეგორიების გარჩევა უჭირთ. ამიტომ კეთებით სწავლების გამოყენებით ზმნიზედები  შეიყვარეს.
სწავლების მრავალნაირი მეთოდი არსებობს. აქტივობების არჩევისას თავისუფლები ვართ. ჩვენ ჯგუფურ მუშაობასა და ლიტერატურულ კაფეს დავუკავშირეთ.
ჯგუფის სახელად უნდა მოეფიქრებინათ ერთი ზმნიზედა. ბავშვების არჩევანი საინტერესო იყო: ტყეში, მზიურში, პირისპირ, ალმაცერად, ჩქარ-ჩქარა, ფერხთით, დანიაში… თითოეული ჯგუფი არგუმენტირებულად ასაბუთებდა თავის არჩევანს.
თიხისგან წრეები გამოძერწეს და ზმნიზედები დააწერეს. თიხა რამდენიმე საათში გაშრა და მზად გვქონდა გულსაბნევები, რომლებიც ლიტერატურულ კაფეში გულზე ჩამოიკიდეს.
გაკვეთილი გამოგვივიდა მხიარული, აქტივობა საინტერესო და მიზანს მორგებული. ზმნიზედების შესახებ ცოდნა გაიღრმავეს და გაგება გაუიოლდათ. გრამატიკა ჩვენს ლიტერატურულ დღესასწაულს დავუკავშირეთ და ამ კუთხით ისევ გავაგრძელებთ მუშაობას.
ხელნაკეთი ბალიშები
ჩვენი არაფორმალური ღონისძიებები ფორმალურ გარემოში დასწავლილი მეთოდებისგან არის აგებული. ლიტერატურული კაფესთვის, რომელსაც ორ-სამ თვეში ერთხელ ვმართავთ, საგანგებოდ ვემზადებით. გაკვეთილებზე ვსწავლობთ საპრეზენტაციო უნარ-ჩვევებს, ტექსტის ირგვლივ საუბარს, სხვადასხვა წერით მეთოდებს, რომლებსაც შთაბეჭდილებების დასაწერად ვიყენებთ.
წიგნის წარდგინების ფორმად ხანდახან ხელნაკეთ ბალიშებს ვკერავთ. ერთხელ სოციალურ ქსელში საბავშვო მწერლის, ლელა ცუცქირიძის ბალიში ვნახე, რომელიც მარო მაყაშვილის დღიურის მიხედვით ჰქონდა შეკერილი. მაშინ გამიჩნდა  ბავშვებთან ერთად ბალიშების შეკერვის სურვილი.
ბალიშებისთვის საჭიროა:
  • ნაჭერი;
  • „სილიკონი“ შიგთავსისთვის;
  • ძაფი;
  • მაკრატელი;
  • საკერავი მანქანა;
  • ნაჭრის საღებავები.
პირველი ნაბიჯი ნაჭრის გამოჭრაა. შემდეგ ვხატავთ ერთ ეპიზოდს, ან წიგნის ყდას, ან ილუსტრაციას, ან საყვარელ ფრაზებს ვწერთ. თავდაპირველად ჩვენი დახმარება სჭირდებათ, თუმცა მალევე უღებენ ალღოს და დამოუკიდებლად ართმევენ თავს.
ერთ ბალიშს ერთი ჯგუფი ქმნიდა, პასუხისმგებლობებს კი ინაწილებდნენ: ერთად შერჩეულ ნახატს რიგრიგობით ხატავდნენ, შემდეგ აფერადებდნენ. კერვითაც ერთად შევკერეთ. ნელ-ნელა დაგვიგროვდა ფერადი ბალიშები, რომლებიც ლიტერატურული კაფეს გასაფორმებლად და წიგნების წარსადგენად გამოვიყენეთ, რამდენიმე სკოლის ბიბლიოთეკას ვაჩუქეთ, დანარჩენი კი საკლასო ოთახში დავაბინავეთ.
ეს მეთოდი ამაღლებს წიგნიერების დონეს, ეცნობიან ერთმანეთის წიგნებს, უჩნდებათ წაკითხვის სურვილი და რაც ყველაზე მთავარია, საკუთარი ხელით შექმნილი ნივთის გამო კმაყოფილების განცდა ეუფლებათ, ერთად ყოფნა დაუვიწყარ ემოციებს უკავშირდება.
კითხვა, წიგნები, ურთიერთობები, სიხარული – ყოველივე ამან შეუძლებელია, რომ სკოლა უსაყვარლეს ადგილად არ აქციოს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია.
http://mastsavlebeli.ge

მოსწავლეთა ინტერესის მართვის პრაქტიკული ასპექტები

ინტერესი რისამე გაგების, გაცნობის, შესწავლის სურვილი,  მიზანი, მისწრაფება და  მოთხოვნილებაა, რომელიც  უზრუნველყოფს პიროვნების ჩართულობას შემეცნების პროცესში. ეს ინსტინქტია, რომელიც გარკვეულ მომენტში აღძრავს კონკრეტული საქმიანობის სურვილს, რომლის დაკმაყოფილებისას ინტერესი კიდევ უფრო ღრმავდება და  ახალი ინტერესებს წარმოშობს, ამიტომ რაც უფრო მძაფრია ინტერესი, მით უფრო მეტად ინტენსიურად ცდილობს ადამიანი მის დაკმაყოფილებას, მით მეტად აქტიურადაა ჩართული ინტერესის დაკმაყოფილებისა და საინტერესოს შემეცნების პროცესში.
ზოგადად ინტერესი რამდენიმე სახისაა:
  • უშუალო, პირდაპირი ინტერესი, რომელიც გამოწვეულია ობიექტის გარეგნული იერ-სახით;
  • და არაპირდაპირი ინტერესი, რომლის დაკმაყოფილებისთვის გარკვეული საქმიანობის გაწევაა საჭირო.
უშუალო და არაპირდაპირი ინტერესი შეიძლება დაიყოს:
უშუალო – როდესაც ინტერესი მიმართულია თავად საქმიანობის პროცესზე, შემოქმედებაზე, რომლის მიზანია რაიმე მოთხოვნილების დაკმაყოფილება;
არაპირდაპირი – როდესაც ინტერესს იწვევს საქმიანობის შედეგები: განათლების ცენზი, პროფესიის შეძენა, საზოგადოებრივი მდგომარეობა, ანუ ერთგვარად  ცხოვრებისეული მოთხოვნილებები.
ინტერესში შეიძლება გამოიყოს:
  • პასიური, ანუ განსჯის, დაფიქრების პერიოდი;
  • აქტიური – ქმედების პერიოდი.
მასშტაბის მიხედვით ის შეიძლება იყოს:
  • ფართო – როდესაც ბევრია დაინტერესებული ღრმად გაიაზრონ რაიმე;
  • ვიწრო – რომლის საფუძველია  უბრალო ცნობისმოყვარეობა.
სიღრმის მიხედვით:
ღრმა – როდესაც ადამიანი მიისწრაფვის ღრმად „შეიჭრას“ საგნის შიგნით მის შესამეცნებლად;
ზედაპირული –  როდესაც ინტერესი ზერელეა;
სამყაროს, სიმტკიცის მიხედვით ინტერესი შეიძლება იყოს:
მდგრადი – როდესაც ხდება საკუთარი როლის გაცნობიერება და აღიარება, რომ ამის გაკეთება (ინტერესის დაკმაყოფილება) აუცილებელი და საჭიროა;
არამდგრადი – ის, რაც მდგრადის საწინააღმდეგოა (ის დამახასიათებელია მოზრდილებისა და ბავშვებისთვის).
გამომდინარე იქედან, რომ ინტერესი მრავალგვარია, თავის მხრივ, წარმოიშობა ინტერესის კატეგორიის პრობლემის გადაჭრის მოთხოვნილება. ასეთ შემთხვევაში ადვილია ინტერესთან დაკავშირებული ყველა სფეროს საქმიანობა, მათ შორის საგანმანათლებლო სისტემის, რადგან განათლება უპირველეს ყოვლისა მიმართულია პიროვნების განვითარებისკენ, მისი შემოქმედებითი შესაძლებლობების გააქტიურებისკენ, დამოუკიდებელი მუშაობის მეთოდების ათვისებისკენ, თვითკონტროლისკენ, სწავლის აქტიური ფორმების და მეთოდების გამოყენებისკენ, რომელიც შესაბამისი ინტერესების გარეშე ვერაფრით მიიღწევა.
მოსწავლეთა ინტერესი ძალიან მრავალგვარია, რომელთა ზოგადი  კლასიფიკაცია შემდეგი პრინციპის მიხედვით ხდება. მათ აინტერესებთ:
  • შინაარსი (რისკენაა მიმართული);
  • მატერიალური სარგებლიანობა;
  • საზოგადოებრივი და პოლიტიკური ხასიათი;
  • პროფესიული და შრომითი საქმიანობა;
  • შემეცნებითი ფორმა – სასწავლო, სპეციალური, სამეცნიერო;
  • ესთეტიკა;
  • მკითხველი;
  • სპორტი და
  • ა.შ.
ინტერესის  ეს ნიშნები  იჭრება ერთმანეთში და ერთ მთლიან სისტემას ქმნის, რომლის საერთო მიზანი შემეცნებითი პროცესის – ინტერესის დაკმაყოფილებას – ემსახურება.  მაგრამ თუ გარემომცველი სამყაროდან ადამიანი  ირჩევს  არა ყველა ობიექტს, არამედ მხოლოდ მას, რომელიც მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, მაშინ უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ „მნიშვნელოვანი“  და „საჭირო“  მხოლოდ  ინტერესის ფორმაა  მოსწავლისთვის, რადგან შემეცნებითი ინტერესი გაცილებით ღრმაა და ის პიროვნების შინაგანი მდგომარეობის გამოვლინებაა. მისი ფასი ის გახლავთ, რომ პიროვნება ინტელექტუალურ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს, ის ელოდება ახალს, ინტელექტუალურ სიხარულს, წარმატებას. შეუძლებელია ადამიანის შემეცნებითი ინტერესის გარეშე  პიროვნული განვითარება.

შემეცნებითი ინტერესის გაღვივება მოსწავლეებში სხვადასხვა კუთხით შეიძლება გამომჟღავნდეს. პედაგოგიკის თეორიაში ძირითადად მითითებულია, რომ ის წარმოადგენს მოსწავლის შინაგან სტიმულს, რამდენადაც მასზეა დამოკიდებული მისი აქტიურობა, მასწავლებელს მისი დახმარებით ადვილად შეუძლია მოსწავლის მოტივირება, სწავლის  შედეგების ამაღლება, სწავლებაში იმ ასპექტების გამოყოფა, რომელსაც შეუძლია მოსწავლის ყურადღების მიპყრობა და აზროვნების გააქტიურება.
მეტწილად მოსწავლეთა  ინტერესის ფორმირება ორ საკითხს უკავშირდება:
  1. მოსწავლის შემეცნებით სამყაროზე მეცნიერების მიღწევათა ასახვას, მის მიმართ ინტერესის გამოხატვას;
  2. ცოდნის შეძენის პროცესში მხარდაჭერას, სწავლისა და ცოდნის შეძენის მიმართ დამოკიდებულების განმტკიცებას, რომელიც აღუძრავს მოსწავლეს ცოდნის დაუფლების სურვილს.
ძირითადად მოსწავლის შემეცნებითი ინტერესის დაკმაყოფილება  ხდება:
  • სახელმძღვანელოების შინაარსით;
  • სასწავლო პროცესის ორგანიზებით;
  • მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის კომუნიკაციური პროცესით.
ეს დეტალები  სტიმულების  ფართო სპექტრს წარმოშობენ,  ავითარებენ ინტერესს და ხელს უწყობენ მის დაკმაყოფილებას. მაგრამ არის ინტერესის გაზრდის კიდევ ერთი  საინტერესო გზა,  როგორიცაა ისეთი გაკვეთილზე სიტუაციების შექმნა, რომელიც მოსწავლეს  საშუალებას მისცემს:
  • გამოხატოს საკუთარი აზრი;
  • დარჩეს საკუთარ აზრზე;
  • მონაწილეობა მიიღოს დისკუსიებსა და განხილვებში;
  • დაუსვას შეკითხვები თანაკლასელებს და მასწავლებელს;
  • გააკეთოს რეცენზია თანაკლასელის ნაშრომზე, მიიღოს მონაწილეობა მათ სწავლა/სწავლებაში;
  • აუხსნას შედარებით სუსტ მოსწავლეებს მათთვის გაუგებარი ადგილები სახელმძღვანელოს ტექსტიდან;
  • მოიძიოს დავალების შესრულების  ალტერნატიული გზა;
  • შეასრულოს შემეცნებითი ხასიათის დავალება და გადაჭრას პრობლემა;
  • შეაფასოს საკუთარი თავიც და სხვებიც;
  • გამოიყენოს სწავლის პროცესში თანამედროვე ტექნიკური საშუალებები.
ინტერესის გამოხატვის სხვადასხვა დონე არსებობს, რომლის მიხედვით მასწავლებელს შეეძლება თვალი ადევნოს მოსწავლის განვითარებას, რამდენადაც დაინტერესება სწავლის შედეგის პირდაპირპროპორციულია.
ინტერესის გამოხატვის I დონეა, როდესაც მოსწავლე ცდილობს დაიმახსოვროს, გაიგოს და გამოიყენოს ცოდნა, დაეუფლოს მისი გამოყენების გზებს. ამ ეტაპს შეესაბამება ინტერესის „არამდგრადობა“, როდესაც მოსწავლე არ ინტერესდება ცოდნის სიღრმით და არ იყენებს შეკითხვის ტიპს: „რატომ?“
ინტერესის გამოხატვის II დონეა, როდესაც მოსწავლე მიისწრაფვის შესწავლილი მასალის გამოვლენისკენ, როდესაც გამოხატავს მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარების სურვილს, აკეთებს შედეგების ინტერპრეტაციას. ამ ეტაპს შეესაბამება ინტერესის მკვეთრად გამოხატული „მდგრადობა“, როდესაც მოსწავლე ცდილობს, მიიყვანოს დაწყებული საქმე ბოლომდე, არ უშინდება სიძნელეს და ეძებს პრობლემის გადაწყვეტის გზას.
III  დონეა  – შემოქმედებითი ეტაპი, როდესაც მოსწავლის ინტერესი  არამარტო უბრალოდ იჭრება მოვლენათა „სიღრმეში“, არამედ ის ცდილობს ამ მიზნით ახალი საშუალებების მოპოვებას.  ამ ეტაპზე ინტერესის ყველა თვისება ჯაჭვური რეაქციის სახით გამოვლინდება და მოსწავლის  წინარე ცოდნის, გამოცდილებისა და ახალი ცოდნის სინთეზის ეტაპად გარდაიქმნება.

მაგრამ ერთია მოსწავლის ინტერესის გამოწვევა გაკვეთილზე და მეორეა მისი განვითარება, რომლისთვისაც მასწავლებელმა სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები და ფორმები უნდა გამოიყენოს.  ამ დროს, ცხადია, გათვალისწინებულია   სწავლების შინაარსი, თემის შინაარსი, აქტუალურობა და ასაკობრივი თავისებურებები.
ამ საკითხთან დაკავშირებით ჩემს შემოქმედებით საქმიანობაში გამოვყოფდი შემდეგ მიმართულებებს:
  • სახელმძღვანელოსთან მუშაობას (ესაა პროცესი ტექსტის კითხვიდან და ელემენტარულ კითხვებზე პასუხების ძიებიდან გაკვეთილის დიდი ნაწილის დამოუკიდებლად შესწავლამდე);
  • სამუშაო რვეულების წარმოებას (საშინაო დავალებების აუცილებლად შემოწმება);
  • წყაროებზე მუშაობას (პროცესი ისტორიულ წყაროების ანალიზიდან პროდუქტიული, შემოქმედებითი დავალებების დამოუკიდებლად შესრულებამდე);
  • დავალებების შესაბამისი მოსწავლეთა ორგანიზაციის ფორმას (ინდივიდუალური და ჯგუფური);
  • ისტორიის შესწავლის სხვადასხვა ხერხების და გზების გამოყენებას (წყაროზე მუშაობის სხვადასხვა მეთოდები) და ა.შ.
მოსწავლეთა ინტერესის შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება დაწყებითი საფეხურის  V-VI კლასებში და მომდევნო საფეხურის – საბაზო – საწყის ეტაპზე. პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, თუ ამ პერიოდებში მოსწავლეებს შეუნარჩუნდებათ ისტორიის მიმართ ინტერესი, ის გაჰყვებათ მომდევნო საფეხურზეც.
პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე V-VI-VII კლასებში ინტერესის განვითარებისკენ მიმართული პრაქტიკული საგაკვეთილო საქმიანობა და ინტერესის მართვის სტრატეგიები  ასეთი სურათს გვაძლევს:

V კლასიVI კლასიVII კლასი
– გაკვეთილის  ტექსტის უმეტესი  ნაწილის წაკითხვა და შემეცნებითი ხასიათის  კითხვებზე პასუხის გაცემა;
–  სავარჯიშოების შესრულება, როგორიცაა: სურათის აღწერა, კროსვორდების შევსება, ჩანახატების წარმოდგენა და სხვ.
– სხვადასხვა სახის პრეზენტაციის მომზადება, მაგალითად, „ჩემი მშობლიური მხარე“, „ჩემი საყვარელი დასვენების ადგილი“ და ა.შ.
– ფიზიკურ და სხვ. სახის რუკებზე მუშაობა და დასახელებული ობიექტების მოძებნა;
– თამაშის გამოყენება გაკვეთილზე;
– წერილობითი და ნივთიერი წყაროების გაანალიზება და საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა;
– გაკვეთილის ტექსტზე მუშაობა და ტექსტის ბოლოში დასმულ შეკითხვებზე  პასუხი;
– მოთხრობების შედგენა სახელმძღვანელოს სურათების მიხედვით;
–         და ა.შ.
–  გაკვეთილის თითქმის ½ -ის დამოუკიდებლად სწავლა;
– მოვლენათა მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარება და სინქრონიზება;
– დრო რომ არ დაიკარგოს, თანაკლასელების პასუხის დროს დანარჩენებს  შეუძლიათ სამუშაო რვეულებში მუშაობა;
– შედარებების  გაკეთება (ცხრილები), გეგმების მომზადება  – ჯერ მარტივი გეგმების, შემდეგ, წლის ბოლოს –  რთულზე მუშაობა;
– მუშაობა ისტორიულ პერსონალიებზე;
– მოთხრობების შედგენა სხვადასხვა თემაზე, ისტორიული მოვლენების მოდელირება;
– გენეალოგიური ცხრილების მომზადება;
– ყველაზე მნიშვნელოვანი ცნებებისა და თარიღების  ამოწერა;
– მასწავლებლის მონათხრობის მიხედვით მოთხრობის შედგენა.

– გაკვეთილის  დიდი  ნაწილის  დამოუკიდებლად სწავლა;
– სამუშაო რვეულების დამოუკიდებლად წარმოება;
– სხვადასხვა გეგმისა  და ცხრილის შედგენა;
– დავალებების დამოუკიდებლად არჩევა;
– ისტორიული რუკებისა და წყაროების  ერთმანეთთან და  ისტორისკოსთა შეხედულებებთან  შედარება;
– შემოქმედებითი დავალებების შესრულება, ჯგუფური მუშაობის ფორმების მოძიება;
– ზეპირი პრეზენტაციის მომზადება წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით.


სწორად წარმართული სასწავლო პროცესი,  სათანადო მეთოდური მიდგომები  და მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე და მოტივაციაზე ორიენტირებული სწავლება  თანამედროვე საგანმანათლებლო მოთხოვნების ადეკვატური და წარმატებული შედეგების მანიშნებელია.
 წყარო : http://mastsavlebeli.ge