Friday, July 13, 2018

ბარონი მიუნჰუზენი – ტყუილები ყველაზე მართალი კაცისგან

აპრილში  მოსწავლეებს „ბარონ მიუნჰაუზენის თავადასავალს“ ვუკითხავ და ტყუილის ფენომენზე ვსაუბრობთ. გრძელცხვირა და ულვაშებაწკეპილი ჩია ბერიკაცის ნაამბობზე გულიანად იცინიან, საუბარშიც განსაკუთრებული ენთუზიამით ერთვებიან.
ვაკვირდები და ვფიქრობ, გაზაფხულის დამსახურებაა ასეთი ხალისიანი განწყობა თუ მართლაც თავისებური  მისტიკა ახლავს აპრილს – სიცრუის, მასხრობისა და თამაშის ხასიათზე რომ გვაყენებს. ფაქტი ჯიუტია: განსხვავებული ეროვნების, რელიგიისა თუ  შეხედულებების ადამიანები შეთქმულებივით სწორედ აპრილში აღვნიშნავთ სიცილის, წითელი ცხვირის, გაუცინარი მზეთუნახავის, აპრილის გიჟის და ვინ მოთვლის,  სანქცირებული ტყუილის რამდენ გამოგონილ დღეს.
მიუნჰაუზენის ამბებით შთაგონებული ბავშვები გულახდილობის ხასიათზე დგებიან და როდესაც ვეკითხები, რა შემთხვევაში ამბობენ ტყუილს, ერთმანეთს პასუხის გაცემას არ აცდიან:
– როცა მეშინია, მასწ! როცა ვნერვიულობ! ბევრს რომ ვფიქრობ მერე! როცა არ ვიცი რა ვთქვა! ისე, უბრალოდ! როცა მინდა სიმართლე არ გაიგონ! შევეჩვიე და ვამბობ!  ზოგჯერ ტყუილი ჯობია, მასწ, თორემ სიმართლე რომ ვთქვა,  შეიძლება მეტი საყვედური მივიღო!
ერთი შეხედვით მარტივი ფრაზებია, მაგრამ ისეთი ცნობისმოყვარე გამოხედვა, აჩქარებული გულისცემა, ალალი მიმიკა და ჟესტიკულაცია ახლავს, წიგნის წაკითხვის ტოლფას განცდებს მიტოვებს.
ინტერესი მიმძაფრდება და კიდევ ერთ შეკითხვას ვაპარებ:  არავის გითქვამთ ტყუილი სხვის გასამხიარულებლად?
– როგორ არა მასწ, მაგრამ ეგ უკვე ტყუილი კი არა, გამოგონილი ამბავი იქნება!
და აი, სწორედ ასეთ მომენტში მეძლევა შანსი ბავშობას დავუბრუნდე, სკეპტიკურობის, კრიტიკისა და ირონიის გარეშე მივიღო ზღაპრები, მიამიტურად ვენდო  მიუნჰაუზენს, როდესაც ამტკიცებს: „სად მე და სად ტყუილი! ჩემისთანა მართლისმთქმელი კაცი დედამიწაზე არ დაიარებაო!“
სიცრუის პავილიონი
დამეთანხმებით ალბათ, რომ არსებობს წიგნები და ლიტერატურული გმირები, რომლებსაც ყველა იცნობს და მათ შორისაა  მიუნჰაუზენიც. ზოგს წიგნი წაუკითხავს, ზოგს ანიმაციური ან მხატვრულ ფილმი უნახავს, ზოგს კი უბრალოდ სმენია მის შესახებ. თუმცა,  პოპულარობის მიუხედავად ყველამ როდი იცის, რომ ფათერაკებიანი ბარონი რეალური პიროვნება იყო – სამხედრო პირი, მამაცი მეომარი, სახელგანთქმული მონადირე და კარგი მთხრობელი, სახელად კი იერონიმ კარლ ფრიდრიხ მუნჰაუზენი ერქვა. მის შესახებ დაწერილი მოთხრობების ავტორი კი XVIII საუკუნის გერმანელი მწერალი, პოეტი და ისტორიკოსი რუდოლფ ერიხ რასპე გახლავთ.
ბარონი მიუნჰაუზენი გერმანიის ქალაქ ბოდენვერდერში ცხოვრობდა. ომიდან რომ დაბრუნდა, ეზოში უზარმაზარი პავილიონი ააგო, რომელიც ნადირის ტყავებითა და ფიტულებით მორთო. ვახშმის შემდეგ პავილიონში მეგობრებისა და მეზობლების სასმელზე მიპატიჟება და საოცარი თავგადასავლების მოყოლა უყვარდა. გადმოცემის თანახმად, როლებში რომ  შეიჭრებოდა სახე წამოუჭარხლდებოდა და თავის მოდურ პარიკს აქე-იქით ატრიალებდა. გარშემომყოფების სიცილ-ხარხარს, დამცინავ  შეძახილებს არად აგდებდა და შეუსვენებლად ყვებოდა ჰაერში პეპლებივით მოფარფატე ქალებზე, კაცზე, რომელიც  თოკისგან განასკვული ყულფით მთლ ტყეს ერთ კონად კრავდა, ცალი ნესტოდან კი ისე უბერავდა, წისქვილის ფრთებს ატრიალებდა,მთვარის მეფისა და მზის იმპერატორის ომზე, ყველის კუნძულზე, სადაც ლუდისა და რძის მდინარეები მორაკრაკებდა და საკვირველად ზრდილობიან ხეებზე, სტუმრებს თავის დახრით რომ ემშვიდობებოდნენ, როგორ აჯირითა  მარხილში შებმული მგელი, როგორ ამხედრდა და დასეირნობდა ნახევარ ცხენზე, როგორ დაამარცხა ცოფიანი  ქურქი…
მალე ეს ამბები „მხიარული ადამიანების გზამკვლევში“ დაიბეჭდ. 1786 წელს კი რასპემ ლიტერატურულად დაამუშავა და წიგნად გამოსცა. ბარონი პოპულარული გახდა, ბოდენვერდერში მის სანახავად მოცლილი ადამიანების ნაკადი დაიძრა. ცნობისმოყარეების მოსაგერიებლად მიუნჰაუზენი იძულებული გახდა სახლის გარშემო დარაჯები დაეყენებინა.
დღეს ბოდენვერდერში მიუნჰაუზენის ძეგლი დგას, მის  ეზოს კი ისევ ამშვენებს  ძველებურ ყაიდაზე აგებულ-რესტავრირებული პავილიონი, რომელსაც ახლა „სიცრუის პავილიონს“ ეძახიან.
სასაცილოდ ყოფნის ფუფუნება ყველას როდი აქვს.
ძნელია, არ გაგეცინოს, როდესაც  მთვარიდან მომავალ ბარონს თოკი არ ყოფნის, გზადაგზა ჭრის, ერთმანეთზე გადანასკვამს და ისე უახლოვდება დედამიწას; ჯოხზე ცხენს მიაბამს, დილით თოვლი დადნება და ცხენი ეკლესიის სამრეკლოზე ჩამოკიდებული აღმოჩნდება; ცხენს იღლიაშ, კარეტას კი მხრებზე მოიგდებს და ისე განაგრძობს გზას; საკუთარ თავს ნაწნავში სწვდება, მოქაჩავს და ჭიდან ამოიყვანს.
– პატივცემულო ბარონო, თქვენ გვარწმუნებთ, რომ ადამიანი თავის თმას ხელს თუ ჩაავლებს, შეძლებს მაღლა აიტაცოს? – უკითხავთ მიუნჰაუზენისთვის, მას კი განუმარტავს, რომ „საღად მოაზროვნე თანამედროვე ადამიანი ვალდებულიც კი არის შიგადაშიგ ივარჯიშოს ამ ილეთზეო.“
რას ვიზამთ, ყველა როდი დავიკვეხნით ასეთი თავდაჯერებულობით, არც იმის ფუფუნება გვაქვს, მუდამ სხვის გამხიარულებაზე ვიფიქროთ და გვჯეროდეს, რომ „ადამიანების მთავარი უბედურება, მათ ზედმიწევნით სერიოზულობაშია. დიახ! ყველაზე მეტ სისულელეს დედმიწაზე სწორედ სერიუზული გამომეტყველების მქონე ადამიანები ჩადიან!“
აპრილის საკადრისი გაკვეთილი გრძელდება
ბევრ მოგზაურს სჩვევია თავს გადახდენილი ამბების გაზვიადება, თუმცა, როგორი დამოკიდებულება გვექნება  ზღაპრების, თავშესაქცევი ამბებისა და ფენტეზის მიმართ ეს ჩვენი პირადი საქმეა. ზოგს არ მოსწონს ან აღიზიანებს  მიუნჰაუზენისეულ არაკები, ვერც ასაკობრივ ცენზს ანიჭებს მის შესახებ დაწერილ წიგნს და ეს ფაქტიც საგონებელში აგდებს. სკეპტიკურ აუდიტორიას ბარონი თავიდანვე აფრთხილებს: „თუ თქვენს შორის არის ადამიანი, რომელსაც ეჭვი ეპარება ჩემს სიმართლეში, ბოდიშის მოხდით ვთხოვ დაგვტოვოს. მე მართალია ბევრ დაუჯერებელ ამბავს გიამბობთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩემს ისტორიებს ჭეშმარიტებასთან საერთო არ აქვს!“
აი, ასე მარტივად ირჩევს ავტორი საკუთარ მსმენელსა და მკითხველს.  ბავშვური მიამიტობის მისხალი თუ შეგვრჩენია, დავრჩებით და მოსწავლეებთან ერთად შევთანხმდებით, რომ მიუნჰაუზენი ალალ-მართალი ადამიანია. გახსოვთ ალბათ, „ყველის კუნძულში“ ერთი პასაჟი: მოგზაურებს, რომლებიც საკუთარ თავგადასავალს უსინდისოდ აზვიადებენ, თავდაყირა დაკიდებენ. ბარონი აღშფოთდება, მაგრამ დამსჯელებს როდი უსაყვედურებს, ცრუპენტელების საქციელს დაგმობს და დასძენს: „ჩემს ნაამბობში არც ერთი ტყუილი არ ურევია, ტყუილი მეჯავრება, ყველა ჩემს ახლობელს ყოველთვის ყველაზე მართალ კაცად მივაჩნდიო!“
– მე მჯერა მიუნჰაუზენის, მასწ!  მართლა წუხდა მატყუარების ხელმწიფეს და ტყუილების გუდას რომ ეძახდნენ, მეც არ მომეწონებოდა! დასცინიან, ის კი გულით იცინის, ესეიგი, ბედნიერია! მგონი, მართლა მოსძვრა თავი, მთვარეზეც იქნებოდა, ისეთი ყოჩაღია!  ზედმეტებიც მოსდის, მაგრამ ისე კარგად  ყვება, ვუჯერებ! მიუნჰაუზენი არ ტყუის, მასწ,!
ჩემი აზრით, ბარონის ნაამბობზე ადამიანების რეაქციით რასპე საშუალებას გვაძლევს უკეთ დავინახოთ საკუთარი თავი და ბავშვების ქცევასაც დავაკვირდეთ.
სახელოვანი ბარონი ირემს კლავს იმისთვის რომ  შამფურზე წამოაცვას და ზედ მისი შუბლიდან ამოსული ალუბლის ნაყოფისგან მოხარშული კომპოტი დააყოლოს. ნეტავ თუ გაიცინებენ მოსწავლეები, რას იტყვიან, მოიწონებენ ამგვარ გადაწყვეტილებას? მეორე შემთხვევაში სანადიროდ წასული მიუნჰაუზენი დათვს მოკლავს, გაატყავებს, მის ქურქს გადაიცვამს, თეთრ დათვებს გაუშინაურდებ, მერე  კი სათითაოდ ყველას ამოხოცავს. ვინ იფიქრებდა თანამოძმე ასეთი მუხანათი თუ აღმოჩნდებოდა! ნუთუ ამ შემთხვევაშიც მისაღებია სიცილი?  ბარონი გავკიცხოთ თუ არასწორ რეაქციაზე ვისაუბროთ?
ვინ იცის, რა ჩაიფიქრა რასპემ ორი საუკუნის წინ ამ ამბებს რომ წერდა! რაც არ უნდა იყოს აპრილის ერთი გაკვეთილი საკმარისი ნამდვილად არ აღმოჩნდა, მთხოვენ, შემდეგ გაკვეთილზეც  მივიტანო წიგნი, კიდევ წავიკითხოთ და დავხატოთ გასაოცარი ამბები. ინტერნეტში ილუსტრაციებსაც ვათვალიერებთ. ბევრი მხატვრის შთაგონების წყაროდ ქცეულა მიუნჰაუზენი.  ცხოვრებაში ძლიერი აღნაგობის, სრული, მრგვალსახიანი მამაკაცი ყოფილა. დაგრეხილულვაშიანი, გრძელცხვირა და ხმელი მოხუცი კი  ცნობილი ფრანგი გრაფიკოსის, გიუსტავ დორეს გონებამახვილური ილუსტრაციების ზეგავლენით დამკვიდებულა.
მას შემდეგ, რაც რასპეს წიგნმა სახელი გაითქვა, მიუნჰაუზენი იმ ადამიანების ეპითეტადაც იქცა, საკუთარ თავს არარსებულ თვისეებს რომ მიაწერენ. მედიცინაში კი „მიუნჰაუზენის სინდრომი“ ისეთ სიმულაციურ ქცევას ეწოდება, როდესაც პაციენტი აზვიადებს ან ხელოვნურად იწვევს ავადმყოფობის სიმპტომებს, რათა სამედიცინო კვლევა ჩაუტარონ.
ასე სრულდება ჩვენი გაკვეთილი, მიუნჰაუზენად (ან მომავალ რასპედ) ქცეული მოსწავლეები საკლასო ოთახს ტოვებენ და გაიძხიან: მშვენიერმა აზრმა გამიელვა თავში! დიდებული გადაწყვეტილება მივიღე! ყველაზე გულადი მე აღმოვჩნდი! ოჰ, სანადიროდ წავედი და ტყვია ისევ სახლში დამრჩა! აბა, შუბლი მომიშვირე, ალუბლის კურკა უნდა გესროლო, ვნახოთ, ხე თუ ამოგივა! სხვა ჩემს ადგილას დაიბნეოდა, მაგრამ მე ხომ იცით, მამაცი და მოხერხებული კაცი ვარ!
წყარო : http://mastsavlebeli.ge 

წიგნები, რომლებიც ცხოვრებაზე დაკვირვებას ჰგავს

„როცა ბავშვები მამებს არ უჯერებენ, ჩხუბობენ და სიგარეტს ეწევიან, ამინდები მაშინ ფუჭდება,“ – ასე მიაჩნიათ მეიკომელებს (ჰარპერ ლის რომანში „ნუ მოკლავ ჯაფარას“). ქარი და წვიმა ახლად ამწვანებულ ხეებს ქანცს რომ აცლის და გამოდარებას საშველი არ ადგება, ყოველთვის მეიკომური ცრურწმენა მახსენდება და გულში თუ ხამამღლა წამდაუწუმ ვიმეორებ: ბავშვებო, დროა მამებს დაუჯეროთ, გეყოთ ჩხუბი, შეწყვიტეთ სიგარეტის მოწევა!
წიგნები ყველას სხვადასხვაგვარად გვამახსოვრებენ თავს: გემოებით, ფერებით, მუსიკით, ჩაცმულობით, აქსესუარებით, ინტონაციებით და ვინ მოთვლის, რამდენი ნიშნის ჩამოთვლა შეიძლება. მე, როგორც წესი, ამინდს ვაფიქსირებ და აღვრიცხავ: შემოდგომის უთავბოლო წვიმები ისე არ ჩაივლის, კუნძულ სალკტროკას ნავმისადგომიდან ამოზრდილი ჩორვენი და მისი სენბერნარი არ მოვიგონო, ჩიტები დაბლა ფრენას რომ იწყებენ, ვიცი მალე გაწვიმდება (ჰეკლბერი ფინისგან ნასწავლი, მრავალჯერ გამოცდილი ნიშანია). „ოზის ჯადოქარი“ და „მერი პოპინსი“ ქარებიანი წიგნებია, „პეპი გრძელწინდა“ – მარადიული გაზაფხულის, „მონტებულსუ“ – შემოდგომის…
რამდენიმე დღის წინ, ზამთარმა კუდი რომ მოიქნია, სოფლის მეორნეობას ზარალი მიაყენა, სოციალურ ქსელში კი ვნებათაღელვა ატყდა, ღირდა თუ არა შუა გაზაფხულზე თბილი პულოვერებისა და ფეხსაცმლის შენახვა, ისევ მეიკომური გაფრთხილება მომაგონდა. „ნუ მოკლავ ჯაფარას“ გადავშალე, საყვარელ აბზაცებს ვინ მოთვლის, მერამდენედ გადავავლე თვალი, ნაცნობ  გმირებს შევეხმიანე და, როგორც აქამდე მჩვეოდა, ჭყიტას, ჯემისა და დილის ამბები ჩემებურად გავაგრძელე. თუმცა მალევე გამახსენდა მეიკომური ამბების ჰარპერ ლისეული გაგრძელება უკვე რომ არსებობდა, წიგნს „მიდი, დააყენე დარაჯი“ ერქვა და მეორე წელია შორიდან ვუვლიდი – არ თუ… ვერ ვკითხულობდი.
ვისაც „ნუ მოკლავ ჯაფარა“ საყვარელი წიგნების სიაში ჩაუწერია, ალბათ დამეთანხმება, რომ ნაწარმოებს საკმაოდ ორიგინალური დასასრული აქვს: სამი მთავარი გმირის სანუკვარი ოცნება ახდება და რედლი ბუა სახლიდან გამოვა, თუმცა ამ საბედისწერო მომენტისთვის ერთ გმირს ექიმის გადაწყვეტილებით ღრმად სძინავს, მეორე მეიკომიდან შორს იმყოფება, მესმეს კი „უკეთური საფრთხობელასთვის“ დიდი ხნის მეგობარივით ჩაუკიდია ხელი. მე, როგორც მკითხველს თავშესაქცევად ბევრი საფიქრალი დამრჩა. წარმოვიდგენდი ხოლმე როგორ მოუყვებოდა ჭყიტა გონზე მოსულ ძმას ყველაფერს, ჯემი კი სანამ ატიკუსსა და კელპურნიას არ გამოკითხავდა, არაფერს დაუჯერებდა. ზაფხულის არდადეგებზე მეიკომში ჩამსულ დილსაც მოწმეების დასტური დასჭირდებოდა, საბოლოოდ კი ბავშვები საბედისწერო ღამით მომხდარ მოვლენებს უსათუოდ გაითამაშებდნენ. ისინი ხომ მთელი ზაფხული სახლის უკან, ორ ვეებერთელა ჭადარს შორის მდგარ პატარა ქოხში მეიკომში მომხდარ ყველა მნიშვნელოვან ამბავს, ნანახ ფილმებსა და წაკითხულ წიგნებს დგამდნენ.
გავიაზრე, მეტი სიფრთხილე რომ მომეთხოვებოდა, ვინაიდან ახალ წიგნში ზაფხული შესაძლოა სულაც აღარ გულისხმობდა „მწერების დასაცავი ბადით შემოღობილ ღია აივანზე ძილს, ხის ქოხში თამაშსა და კელპურნიას დამზადებული გრილი ლიმონათის გემოს.“ მივხვდი, „მიდი, დააყენე დარაჯის“ წაკითხვის დრო რომ დამდგარიყო, კალენდარს ჩავხედე, გასაკეთებელი საქმეების სიას თვალი გადავავლე და მოულოდნელად 28 აპრილის გასწვრივ მიწერილი „ჰარპერ ლის დაბადების დღე“ ამოვიკითხე (მიყვარს სასიამოვნო დამთხვევები). გადავწყვიტე, აღარ გადამედო, ღირსეულად შევხვედროდი ჩანიშნულ თარიღს, პირველი დავაბრუნე და თაროდან მეორე წიგნი გადმოვიღე.
ჰარპერ ლი ორი წიგნის ავტორია
„ჰარპერ ლის ორ წიგნი,“ – ეს ფრაზა თავისთავად ბევრ საინტერესო ამბავსა და ისტორიას გულსხმობს. განსაკუთრებული ხაზგასმა კი სიტყვა „ორს“ სჭირდება, ვინაიდან 2015 წლამდე 87 წლის ჰარპერ ლის ერთი წიგნის ავტორად ვიცნობდით.
1960 წელს გამოცემული „ნუ მოკლავ ჯაფარას“ იმთავითვე ბესტსელერად იქცა, მრავალ ენაზე ითარგმნა, პულიტცერის პრემია დაიმსახურა და დღემდე ამერიკული ლიტერატურის გამორჩეული ნაწარმოებების სიაში მოწინავე პოზიციებზეა. მსგავს წარმატებაზე ჰარპერ ლი ნამდვილად არ ოცნებობდა, ეგონა, მისი ჯაფარა კრიტიკოსების ხელში „სწრაფად და უმოწყალოდ დალევდა სულს,“ თუმცა, მოლოდინმა არ გაუმართლა: „უმცირესის ნაცვლად ყველაფერი მიიღო!“
55 წლიანი პაუზის შემდეგ გამოცემულმა მეორე წიგნმა ბევრი მითქმა-მოთქმა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ზოგიერთმა პასაჟმა გული დამწყვიტა, ზოგიერთმა გამაოცა, ხან გულიანად ვიცინოდი, ხან ცრემლი მერეოდა. ასეც უნდა მომხდარიყო – ჰარპერ ლი ხომ ადამიანების ყოფას აღწერს, მისი წიგნების კითხვა ცხოვრებაზე დაკვირვებას ჰგავს.
„მიდი, დააყენე დარაჯში“ სამართლიანობაზე მსჯელობა, სხვის ტყავში ჩაძრომის აუცილებლობა (ატიკუსი თავის შვილებს პატარაობიდან რომ ასწავლიდა) კვლავ აქტუალურ თემებად რჩება. მეორე წიგნი წინამორბედის მსგავსად კვლავ დაგვაფიქრებს ბავშვებისა და დიდების აღქმულ სამყაროს შორის არსებულ უფსკრულზე, გარშემომყოფების სიყვარულისა და სიძულვილის მიზეზებზე, „მურიანების“ მიმართ დამოკიდებულებაზე. მეიკომში მატარებლით მიმავალი ჭყიტა (უკვე ჯინ ლუიზით რომ მოიხსენიებენ და მიმართავენ) შავკანიანების სახლების სახურევაბზე ანტენებს ამჩნევს და ეღიმება. უნებურად „ნუ მოკლავ ჯაფარას“ პირველსავე გვერდებზე ირონიულად მოხსენიებული სასამართლოს შენობა გვახსენდება – „ძველი ქალაქის მოედანზე საცოდავად ჩამოწოლილი და გადაბრეცილი.“ პარალელს ვავლებთ და გვაინტერესებს, ისევ სჭირდება სამართალს ხიმინჯები? მეიკომში მომხდარი გარეგნული ცვლილებები რეალურია თუ მოჩვენებითი?
მეორე წიგნში დამოკიდებულებებთან ერთად ადამიანების ხასიათიც იცვლება, ოდესღაც გულღია და მგრძნობიარე ბავშვებს „ცხოვრება უსწავლიათ“ და უფროსებს ახლა სხვა თვალით აკვირდებიან. უფროსების უმრავლესობა კი, საკუთარი საქციელი მუდამ მართებულად რომ მიაჩნია, სამწუხაროდ არც თუ სამაგალითოა. დახუთულ, შენელებულ და გადაღლილ მეიკომში არაერთ პერსონაჟს მოისაკლისებთ, სამაგიეროდ „ჯინ ლუიზის კოცნის უფლებით აღჭურვილი ყმაწვილი“ ჰენკ კლინტონი გამოჩნდება. შესაძლოა სავარაუდო სასიძოს მამიდა ალექსანდრასავით თქვენც ძნელად შეეგუოთ და დაქორწინების ხელისშემშლელი მიზეზების ძებნა დაიწყოთ. რას ვიზამთ, ვისაც ჭყიტა შვილივით (ან მეგობარივით) გვიყვარს, არავისთვის გვემეტება. ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, პირველ ტომში ხელუხლებლად დავტოვებდი უცოდველი ჯაფარასავით მოჭიკჭიკეს, ბავშვური მიამიტობითა და ცელქობით სავსეს, შაშხის საკარნავალო კოსტიუმში გამოწყობილი მთელ მეიკომს სიცილით რომ ხოცავდა. თუმცა, ლიტერატურას საკუთარი კანონები აქვს და ავტორის ნება უზენაესია.
ჭყიტა, ჰარპე ლი და მამა ატიკუსი
თანამედროვე მკითხველისთვის ალბათ ისეთივე ნაცნობი, ახლობელი და გათავისებული სახელია ატიკუს ფინჩი, როგორც რობინზონ კრუზო, ტომ სოიერი, გრაფი მონტე კრისტო (ცნობილი პერსონაჟების სახელების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს). ატიკუსი ერთი წაკითხვით გიყვარდება, პირველივე გვერდებიდან მის მიმართ სიმპატიით იმსჭვალები (ჯაფარასეულ ატუიკუსს ვგულისხმობ, მეორე წიგნში სამწუხაროდ გამოცვლილი მომეჩვენა), პატიოსანი, მამაცი და ამავე დროს ჩვეულებრივი ადამიანია. დედით ობოლ ჭყიტასა და ჯემს „მამასთან სასაყვედურო არაფერი ჰქონდათ, ის არც მათთან თამაშს თაკილობდა და არც წიგნის კითხვას დაზარდებოდათ. გულთბილი და მოსიყვარულე იყო.“  ბავშვები თუ გადააჭარბებენ, ისე მოკუმავდა პირს, ტუჩები სწორ ხაზად ექცეოდა, ზედმეტ საყვედურებს სიტუაციაში გარკვევა ერჩივნა, შვილებთან ნებისმიერ საკითხზე თავისუფლად მსჯელობდა, ალბათ ამიტომაც უხმობენ იმედიანად: „ატიკუს, სამყაროს დასასრული დგება, უშველე რამე!!!“
ატიკუს ფინჩი ჰარპერ ლის მამის პროტოტიპია. ამასა ლი ადვოკატი ყოფილა,  „ნუ მოკლავ ჯაარაში“ აღწერილი სასამართლო პროცესი კი მისი ერთერთი საძიებო საქმე გახლდათ. 1962 წელს  რობერტ მალიგანმა „ნუ მოკლავ ჯაარას“ მიხედვით ფილმი გადაიღო. სასამართლოს ინტერიერი ჰარპერ ლის მშობლიური ქალაქის მონრევილის სასამართლოს ზუსტი ასლის მიხედვით ააგეს. ჰარპერი გადაღებებს ესწრებოდა და თურმე  ცრემლსაც ხშირად აფრქვევდა, ბევრ სასიამოვნო სიურპრიზთან ერთად ატიკუსის როლის შემსრულებელი გრეგორი პიკი საკუთარ მამას აგონებდა.
ჰარპერ ლის ალტერ-ეგოა ყაჩაღანა ჭყიტა, შიშისაგან გული რომ ეკუმშება, „გოგო, გოგო“ არ დაუძახონ და უსამართლობით შეძრული ზოგჯერ არამკითხეს კბილებზე საკუთარი თითის სახსარს აფშვნის. მამიკოს გათამამებული გოგონას აღზრდას მამიდა ალექსანდრა გადაწყვეტს და, რა თქმა უნდა, ჭყიტას უკმაყოფილებასაც დაიმსახურებს: „მისი აზრით, უნდა მეთამაშა პაწაწინა ქურებით, სათამაშო ჩაის სერვიზებით, უნდა მეტარებინა ის მარგალიტის ყელსაბამი, რომელიც მან დაბადებისას მაჩუქა, მამაჩემის მარტოხელა ცხოვრებაში მზის სხივივით უნდა მეკიაფა. მე კი ვთვლიდი, მზის სხივი თავისუფლად შეიძლება ვყოფილიყავი ბრიჯებშიც.“
სხვა ბევრ მსგავსებასთან ერთად ჰარპერ ლიმ და ჭყიტამ კითხვა ადრეულ ასაკში „უნებლიეთ აითვისეს, ისევე თავისთავად, როგორც კაბის ზურგზე ღილების შებნევის ან ზონარის ორად გამონასკვის ხელოვნება.“ რომ გეკითხათ, ვერაფრით ვერ მოიგონებდნენ, „როდიდან გადაიქცნენ მამის საჩვენებელ თითს ზემოთ გავლებული საგაზეთო სტრიქონები ცალკეულ სიტყვებად.“
კითხვა – სუნთქვასავით ჩვეულებრივი და აუცილებელი პროცესი
კარგი მკითხველი პერსონაჟები წიგნის ნამდვილი სამკაულია, დამატებით ღირსებებს ჰმატებს მას (და ეს ფაქტი არაერთ წერილში ხაზგასმით აღმინიშნავს). ჭყიტასთვის რომ გეკითხათ, კითხვა თუ გიყვარსო, გაუკვირდებოდა. შეიძლება, გაინტერესებდეს უყვარს თუ არა ადმიანს სუნთქვა? – აქეთ ჩაგეკითხებოდათ. წიგნის ჭიები არიან ჯემი და დილიც, აღარაფერს ვამბობ სათვალიან-გაზეთებიან ატიკუსზე. „ნუ მოკლავ ჯაფარაც“ კითხვის ხასიათზე მომყვანი წიგნია, მთავარია დაიწყოთ და თუ გაჭირდა, ერთი პატარა რუბიკონის გადალახვასაც შეძლებთ.
მოსწავლეებთან ურთიერთიობის პრაქტიკაში ზემოხსენებულ რუბიკონს არაერთხელ შევუფერხებივარ. საქმე იმაში გახლავთ, რომ „ნუ მოკლავთ ჯაფარას“  დასაწყისში არის ერთი ადგილი (ფინჩების საგვარეულოს დინასტიის ამბების აღწერა), სადაც ტირე ოაზისივით მოჩანს და არაერთ მოზარდს წიგნის წაკითხვა გადააფიქრებინა. გული მწყდებოდა და საბოლოოდ ერთი ხერხი გამოვიყენე – მოსწავლეებს დანიელ პენაკისეულ „მკითხველის უფლებათა დეკლარაცია“ შევახსენე. ერთ მუხლის მიხედვით, გვერდების გამოტოვების ხელშეუხებელი უფლება გაგვაჩნია. ბავშვები შეღავათით სარგებლობდენენ და კითხვას იმ მომენტიდან იწყებდნენ ზაფხულის ერთ მზიან დღეს სათამაშოდ მომართული ჭყიტა და ჯიმი კომბოსტოს კვლებში ჩამალულ დილს რომ გაიცნობენ. 4-5 გამოტოვებული გვერდის ხარჯზე კომპრომისზე წასვლა ნამდვილად მიღირდა, სამაგიეროდ წაუკითხავი აღარ რჩებოდათ საუკეთესო წიგნი (ბესტსელერის სახელს ნამდვილად და არა მოდური ლიტერატურული ტენდენციების ხათრით რომ იმსახურებს).
ალბათ წარმოუდგენელია იცხოვრო და არაფერი იცოდე რედლების კარმიდამოს განაპირას მდგარი ორი მუხის ან  ოკრობოკროდ დაკემსილი შარვლის  საიდუმლოზე, რა კავშირშია ერთმანეთთან ვერცხლის ქაღალდში შეხვეული კევები, ძველებური მონეტები, რუხი ბაწრის გორგალი, ორი პაწაწინა საპნის ქანდაკება, ძეწკვზე დაკიდებული საათი, მართლწერაში ჯილდოდ მიღებული სამკერდე ნიშანი და ალუმინის დანა.
მშურს იმ ადამიანების, „ნუ მოკლავ ჯაფარას“ წაკითხვის სიამოვნება წინ რომ აქვთ. თუმცა არც მეორე წიგნს ვივიწყებ, ეტიკეტს ვიცავ და გთავაზობთ: თქვენთვის სასურველ ნებისმიერ 28 აპრილს წაიკითხოთ, რადგან იმ დღეს ჰარპერ ლის დაბადების დღე იქნება.
წყარო : http://mastsavlebeli.ge

„მივაბიჯებ ტყეებსა და ველებში, სწორედ ისე, როგორც მსურს!“

73  წლის პეპი გრძელწინდას მარადიული ბავშვობა

როგორ უნდა მოიქცეთ, თქვენი  კალენდარი თუ ჩამორჩა?  რა თქმა უნდა, პეპის მსგავსად, ღირშესანიშნავი თარიღები მაშინ აღნიშნოთ, როდესაც მოახერხებთ („კალენდრის ხელოსანთან“ მისვლას კი ყოველთვის მოასწრებთ).
დღესასწაულები იმსთვის არსებობს, საყვარელი ადამიანები რომ გავახაროთ და სულაც არ არის საჭირო წესებისა თუ განრიგის დაცვა. გახსოვთ, სიხარულის კუნძულიდან დაბრუნებულმა პეპიმ მთელი ღამე გაათენა  მეგობრებისთვის გამოტოვებული საშობაო ზეიმი რომ „აენაზღაურებინა:“ სახლისკენ მიმავალი ბილიკები ნამქრისგან გაათავისუფლა, სამზარეულოს შუაგულში დიდი, ლამაზი ნაძვის ხე დადგა, ღუმელში ცეცხლი ააგიზგიზა, ღვეზელი გამოაცხო, მაგიდაზე თხლად დაჭრილი შაშხი, ძეხვი და სხვა ნუგბარი დაალაგა, ცხენს – საკუჭნაოში, მაიმუნ ნილსონს კი ნაძვის ხეზე, ჩვიდმეტი სანთლის გარემოცვაში მიუჩინა ადგილი. არც სჩუქრები დაივიწყა: ზოგი შეკრულა დამალა, ზოგი ბუხრის თავზე დაკიდა. როგორ გაიხარეს ტომმა და ანიკამ! თბილ სამზარეულოში მოკალათებულები, გემრიელად ილუკმებოდნენ და გაიძახოდნენ: რა კარგია, პეპის ვილაში დრო რომ ჩამორჩა, თორემ წელს საშობაო ნაძვის ხეს ვეღარ ვნახავდითო!
პეპი ადამიანების გახარების  მართლაც უბადლო ოსტატი იყო.
გადავწყვიტე, გაფუჭებული კალენდარით მეც მესარგებლა და მრგვალი თარიღებისა თუ იუბილეებისთვის გვერდი ამევლო. ამიტომ 21 მაისს კი არა, „არდაბადების დღეზე,“ თქვენთან ერთად  გავიხსენებ ჭორფლიან, წითურ გოგონას აპრეხილი ნაწნავებით, 73 წლის რომ გახდა და…  ჯერაც არ გაზრდილა.
პეპილოტა ვიქტუალია რულგარდინა გრძელწინდა.
პაჭუა ცხვირი ჭორფლით დასწინწკვლოდა, პირი ლამის ყურებამდე ჰქონდა გახეული. როცა გაიცინებდა, კბილები თეთრად  უელავდა. თავისივე შეკერილი ლურჯი კაბა ეცვა, ალაგ-ალაგ წითელ ნაკუწებჩადგმული (ეტყობოდა, ნაჭრი  არ ეყო), წვრილ კანჭებზე სხვადასხვა ფერის გძელი წინდები ეცვა, ერთი ყავისფერი, მეორე შავი.
ჩვეულებრივი გმირი ნამდვილად არ გახლდათ, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მხიარულების კუნძულის პრინცესა იყო და ღირშესანიშნავი მშობლები ჰყავდა: დედა ანგელოზი, მამა ზანგების მეფე! მიუხედავად იმისა, რომ სკოლაში არ დადიოდა,  წერა-კითხვა და ანგარიში არ იცოდა და საზოგადოებაში მიღებულ წესებსაც არ იცავდა, საოცრად სხარტი, სამართლიანი და, რაც მთავარია, კეთილი ადამიანი იყო. „დიახ, პეპის ვენდობი, ის იქნებ ყოველთვის თავაზიანად არ იქცევა, სამაგიეროდ ოქროს გული აქვს, ეს კი ყველაფერს ნიშნავს!“ – ეუბნებოდა ანიკას და ტომის დედა სკეპტიკურად განწყობილ მეზობლებს და საკუთარ შვილებს დაუფიქრებლად აყოლებდა მხიარულების კუნძულზე ოკეანის გავლით სამოგზაუროდ მიმავალ პეპის.
წაკვითხისთანავე  შეგვიყვარდა და მოგვინდა მისთვის მიგვებაძა – მასავით გვესაუბრა, გვევლო და დაუჯერებელი ამბები  შეგვეთხზა. პირველივე აბზაცებიდან მოვიხიბლეთ, იმიტომ, რომ რასაც მოისურვებდა, იმას აკეთებდა, ვილა „ყიყლიყოში“ მარტოდმარტო ცხოვრობდა და არავინ აიძულებდა შუა თმაშის დროს დაეძინა ან თევზის ქონი მაშინ დელია, როდესაც კანფეტის კნატუნი ყველაფერს ერჩივნა. გრადა ამისა,  ეფრაიმ გრძელწინდას ასულს შთამომავლობით ფანტასტიკური ფიზიკური  ძალაც გადასცემოდა: ცხენს ხელში აიყვანდა და ისე დაატარებდა, ცირკის ცნობილ მძლეოსნებს ამარცხებდა, ხარს რქებს ამტვრევდა, პოლიციელებს სახლიდან კინწისკვრით აძევებდა, მძარცველებს კარადის თავზე ტომრებივით ყრიდა. პატარებსა და სუსტებს ნამდვილმა გმირმა თითქოს ბეწვზე მოგვისწრო, ოპტიმიზმით აგვავსო და საკუთარ შესაძლებლობებში დაგვარწმუნა. თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, პეპი დაუნდობელი მოძლადე არასდროს რომ ყოფილა, პირიქით, დამარცხებულების მიმართ დიდსულოვნებით გამოირჩეოდა –  გასაძარცვად მისულ ქურდებს დანაშაულის გამოსასყიდად გათენებამდე აცეკვებდა, ბოლოს კი გემრიელად დაანაყრებდა და ასაჩუქრებდა კიდეც (ის ხომ „ტროლივით მდიდარი“ გახლდათ, ოქროთი სავსე ჩემოდანს ინახავდა ნახევრადდანგრეულ ვილა „ყიყლიყოში“).
პეპის ტყუილებსაც იოლად ვპატიობდით, იმიტომ, რომ ჩვენს მეგობრობას ამით არაფერი  აკლდებოდა. გარდა ამისა, გამომგონებლობის უტყუარი მიზეზიც ვიცოდით –  „დიდხანს ცხოვრობდა კონგოში, სდაც დილიდან დაღამებამდე ტყუილებს ფქვავენ.“ ამიტომ გულიანად ვიცინოდით, როდესაც გვარწმუნებდა:
ბრაზილიაში ისე არავინ გამოვა სახლიდან, თავზე კვერცხი თუ არ წაიგლისაო;
არგენტინაში ბავშვებს საშინაო დავალებებს არ აძლევენ, ამიტომ ჩუმად იპარებიან კარადაში გაკვეთილების სასწავლად და ვაი მისი ბრალი, ვისაც დედა შეუსწრებსო;
ისეთი სკოლა ვიცი, რომელშიც კანფეტების ფაბრიკიდან  საგანგებო მილია გაყვანილი და მოსწავლეები მთელი დღე ფერად-ფერად კანფეტებს აკნაწუნებენო;
ამერიკაში ერთ გუბეს ვერ ნახავ თავისუფალს, ბავშვები მთელი დღე იქ სხედან, ზამთარში კი,  როცა გუბეები იყინება, თავები რჩებათ ამოყოფილი და დედებს ხილის წვენი და გუფთა იქ მიაქვთ თავიანთი შვილებისთვისო;  
სამხრეთ აფრიკაში ბავშვს სიცხე აუწევს თუ არა, მაშინვე ჭაღზე ფეხებით ჩამოჰკიდებენ და მანამდე აქანავებენ ვიდრე არ გამოჯანმრთელდებაო!
პეპის უცნაურობები მხოლოდ შეთხზული ამბებით როდი ამოიწურებოდა: ფეხებს ბალიშზე შემოაწყობდა და თავზე საბანწაფარებულს ეძინა, კიბეზე თავდაყირა ჩადიოდა, ფეხსაცმელებს პურის თეფშზე ალაგებდა, ქვაბში მოთუხთუხე კერძს ქოლგის ტარით ურევდა,  რომ დანაყრდებოდა, დარჩენილ რძეს ყურში ისხამდა, თაფლაკვერების ცომს კი  პირდაპირ იატაკზე აბრტყელებდა და ჭრიდა. რჩევებიც უნიკალური იცოდა: დღეს თუ არ წახვედით, ხვალ ვეღარ მოხვალთო; თუ გინდა, გაიგო, რომელია პორტუგალიის დედაქალაქი, ადექი და მისწერე პორტუგალიელებს, სიამოვნებით გაცნობებენო; კაცს მუცელი რომ ასტკივდება, ცხელი ტილო უნდა დაღეჭოს ან ცივი წყალი გადაისხას თავზეო;
ვინ მოთვლის,  კიდევ რამდენი უცნაურობის გახსენება და ჩამოთვლაა შესაძლებელი. პეპის გარშემო ხომ ნამდვილი თავგადასავლები ხდებოდა, ამიტომ მისი მეგობრები: ცხენი, მაიმუნი, ანიკა და ტომი დროს მშვენივრად ატარებდნენ. პეპის „გვერდით ყოფნა“ ჩვენც არანაკლებ გვახარბდა – მისი სიკეთე და უანგარო მეგობრობის უნარი – გადამდები, სამყაროზე წარმოდგენები კი საოცრად მიმზიდველი იყო. ჟღალთმიან გოგონასთან მიჯაჭვულობა დიდობაშიც გაგვყვა. დღესაც, ნაცნობ გვერდებს გადავხედავთ თუ არა, თითქოს გართობისა და ცელქობის ბილეთი ავიღეთო, ბავშვობაში ვბრუნდებით. ისევ გვჯერა, რომ ყველაზე წარმოუდგენელი ოცნებაც შეიძლება ახდეს!
Pippi Långstrump
პეპი ასტრიდ ლინდგრენის ქალიშვილიმა, კარინმა გამოიგონა, როდესაც ფილტვების ანთება ჰქონდა და დედა ყოველ საღამოს ზღაპრებს უყვებოდა. ერთხელაც უთქვამს, მოდი, პიპი გრძელწინდაზე მიამბეო, – თავისთავად და მოულოდნელად მოსვლია თავში ეს უცნაური სახელი.
ასე გაჩნდა დაუმორჩილებელი გოგონა Pippi Långstrump – დიახ პიპი, და არა პეპი, როგორც ეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსულმა თარგმანმა დამკვიდრდა. საქმე იმაში გახლდათ, რომ პეპის შესახებ წიგნების მთარგმნელს ლილიანა ლუნგინას ასტრიდ ლინდგრენისთვის უთხოვია, რუსულ ენაში სკაბრეზული კონოტაციის თავიდან ასაცილებლად სახელს შევცვლიო. ლინდგრენი დასთანხმებულა და ჩვენც, როგორც ყოველთვის, საერთო საბჭოთა ქვაბში მოვიხარშეთ – ჟღალთმიანი გოგონა პეპიდ გაგვეცნო.
იმედი მაქვს, ოდესმე ჩვენი შვილებიც იხილავენ ახალ გამოცემას ორიგინალური სახელითა და სათაურით. განა ცოტა შეცდომა გამოგვისწორებია?! აკი, მთარგმნელებისა თუ გამომცემლების ძალისხმევით დავიბრუნეთ ალან მილნის ვინი ფუუჰი – ვინი პუხის ნაცვლად, ლუის კეროლის ელისი – ალისას მაგივრად, ისიც შევიტყვეთ, რომ ფრენკ ბაუმის „ოზის ჯადოქარის“ მთავარი გმირი დოროთი ყოფილა და არა ალექსანდრე ვოლკოვისეულ თარგმანში სახეშეცვლილი ელი. მოთმინებით დაველოდოთ პიპის დაბრუნებასაც, განა სად გვეჩქარება, მას ხომ  „ბავშვად დარჩენის აბები“ აქვს გადაყლაპული და რაც არ უნდა ერქვას, მის გვერდით ყოველთვის და ყველგან მხიარულეად ვიქნებით.
წყარო : http://mastsavlebeli.ge

სამი წიგნი ზაფხულის თაროდან

თარო პირობითია, წარმოსახვითი. წიგნები პირდაპირ იატაკზე აწყვია, უფრო სწორად, განიერ ფიცარზე კედლის გასწვრივ. მოკლედ, იატაკი, ფიცარი და მერე წიგნებია. ესენი წაკითხული მაქვს, ზოგიერთი – არაერთხელ. წაუკითხავები დაბალი მაგიდის მარცხენა კუთხეში მაღალ კოშკად აღმართულა. მათთან ახლოს გავლა-გამოვლაც კი მიხარია – ზაფხულის ბოლომდე არაფერი მომაკლდება.
ნიკოლოზ ბარათაშვილის პირადი წერილები ალალბედზე გადავშალე და კარგა ხანს ფეხზე მდგარმა ვიკითხე, ზუსტად ამ დაბალ მაგიდასთან. ყველაფერი უნდა დავივიწყო, რაც აქამდე ვიცოდი და თავიდან უნდა შევიყვარო, მისი სახის თითოეული ნაკვთი კიდევ ერთხელ უნდა დავხატო წარმოსახვით. ხმის გაგონებაც უნდა ვცადო. „კიდეც ვტანცაობ“, – ვკითხულობ და ვხედავ. „ჩემი აქ დარჩომა სიზარმაცეში არ ჩამომართოთ. ღმერთმა დამიფაროს! ეგ თვისება სხვისიც მეჯავრება. ჭეშმარიტად არა, ზარმაცი არა ვარ, მაგრამ რა ვქნა, რა გაეწყობა სოფლის ბრუნვას… მახლას!“ – ვკითხულობ და მესმის.
ორასი წელი ხელის ერთი აქნევით ქრება. სკოლის წლებში შექმნილი წარმოდგენა ქვიშაზე ხმელი წკირით დახატული სურათივით იშლება – ქარს მიაქვს ფიქრთ გასართველად განმარტოებული, წარბშეკრული პოეტის ხატება. მის თვალს და ყურს არაფერი გამოეპარება, ქვეყნის ჭორები პირველმა უნდა გაიგოს, ნაჩხუბარი ცოლ-ქმარი შეარიგოს, ბიძამისს სიტყვა გადაუკრას ძველ გატაცებაზე („ბ[ეზა]კის ცოლი […] მუხრავანიდგან გადმოვიდა, ამ ზაფხულს იქ იდგა უქმროდ. არ გინდა, რომ ერთს საათს მაგ მთებში გამომძვრალიყავ და მუხრავანში, იმის ოთახში შუაღამისას დაბადებულიყავ?“), იბუზღუნოს, ქალები ზონრებს რატომ არ მიქსოვენო („ახალ დანიშნულს თუ პატარძალს სოფიოს მოახსენე, თუ შეგხვდეს: ჩემი ზონარი რა უყო? ქმარი არას დაუშლის. მეორე სოფიოსაც უთხარ, ჩქარა გამიკეთოს. ვინც მე ზონარს მომიქსოვს, აეგრე ჩქარა გათხოვდება!“).
უნდა დავხურო და თავიდან დავიწყო. ესეც უნდა დავივიწყო, რაც ამწუთას წავიკითხე. კიდევ ერთხელ გავაცოცხლებ, მკლავს გამოვდებ, ყურს ტუჩებთან მივუტან.
მეორე წიგნი, რომელსაც თვალი დავადგი, ვ. გ. ზებალდის „ემიგრანტებია“. როცა ამ მწერლის კითხვას ვიწყებ, სამყაროში მყისვე ყველაფერი საკუთარ ადგილას აღმოჩნდება ხოლმე, წესრიგი ხილული და ხელშესახები ხდება. არ არსებობს ქაოსი, რომლისთვის ფორმის მიცემაც მწერალს არ შეეძლოს. მხიბლავს მისი მოზომილი სიჯიუტე – აუჩქარებლად მიუყვება არჩეულ გზას, გზისპირებზე ყველა მოძრაობას ამჩნევს, გაფაჩუნებას, უმნიშვნელო რხევას, პეპლის მოფარფატე ფრთებს. და ყოველი მისი დაკვირვება მეტისმეტად საგულისხმოა. თვალს და ხელს შუა იქსოვება ტექსტის ბადისებრი ქსოვილი – ძალდაუტანებლად, ოსტატის მოუღლელი, შრომას ნაჩვევი თითებით: „სახლი შოტლანდიური ნაძვებითა და ურთხმლებით გარშემორტყმული სასაფლაოს ახლოს, ერთ წყნარ ქუჩაზე იდგა. გარეშე თვალისგან მას კაცის სიმაღლე გალავანი და ერთმანეთში გადახლართული ღვიისა და ლუზიტანიური დაფნის ბუჩქები იცავდა. სახლისკენ მიმავალ ფართო ქუჩაზე დავეშვით და მოხრეშილი მოედანი გავიარეთ. ხელმარჯვნივ, საჯინიბოებისა და ფარდულების უკან, შემოდგომის უღრუბლო ცის ფონზე წიფლის ხეივანს დაინახავდით, სადაც ყვავები ბინადრობდნენ, მაგრამ ახლა, ამ ნაშუადღევს, იქაურობა მიეტოვებინათ და მათი ბუდეები, ფოთლებქვეშ, რომლებსაც დროდადრო სიო არხევდა, შავ წერტილებად მოჩანდა“.
ეს ზებალდია. ზელიტერატურა.
მესამე წიგნი კი ავგუსტ სტრინდბერგის რომანი და პიესებია – სხვა ეპოქის, სხვა სამყაროს ზმანებები და თავსატეხები. მიყვარს ის ქვეყანა, რომლის ამბავსაც მისი გმირები ხან ხმამაღლა, ხან კი მხოლოდ თვალებით ჰყვებიან – მენატრება, მოგონებებში სხვადასხვა სახით წარმომიდგება. შვედური ტოპონიმები, შვედური გვარ-სახელები, დამარილებული ქაშაყი და ახლად მოხარშული კარტოფილი, ყავის მძაფრი სუნი სამზარეულოში… მწერლის მხარდამხარ სიარული ზოგჯერ წყალსა და ზოგჯერ ხმელზე, გარინდება, მერე ისევ ნაბიჯის აჩქარება. „მომდევნო დილას ყველა ვედრო მწვანე საღებავით გადაღება და შავი კანტითა და თეთრი გულებით მოხატა“, – თვალში მოხვედრილი ფრაზა. არ ვიცი, ვინ გაისარჯა. ზუსტად ვიცი, სად შეიძლება ასეთი ნივთების პოვნა. რომანი „ჰემსელები“, პიესა „ფრეკენ ჟული“, რომელიც სამეფო უბნის თეატრმა დაუვიწყარ სანახაობად აქცია, „მასზე ძლიერი“, „ზმანება“. აქამდეც უნდა წამეკითხა, მაგრამ მწამს, რომ წიგნები ყველაზე სწორ დროს ჩნდებიან ჩვენს სასთუმალთან.
ასე იწყება ზაფხული – ერთი ისტორიიდან მეორეში გადასვლით, წერილებით, დრამატიზმით, საუკუნიდან საუკუნეში მოგზაურობით, გზისპირას შესვენებითა და ბალახის ღერზე აცოცებულ მწერზე დაკვირვებით, ფიორდებით, მორუხო ციდან წამოსული წვიმის წვეთებით, ცნობისმოყვარეობით, მოლოდინით.
წყარო : http://mastsavlebeli.ge/

არდადეგებზე წასაკითხი წიგნების თავისებურებანი

რა წაიკითხე ზაფხულის არდადეგებზე? – შეგვეკითხებოდნენ და მოსალოდნელი პასუხი სიამაყით გვავსებდა. ღრმად ჩავისუნთქავდით (სია მართლაც შთამბეჭდავი გვქონდა), გონებას დავძაბავდით (არც ერთი წიგნი არ უნდა გამოგვრჩენოდა) და ჩამოთვლას ვიწყებდით. თითოეულ სათაურს განსხვავებული ემოციით წარმოვთქვამდით, თითოეულ წიგნს გამსხვავებული არომატი გასდევდა.
თუმცა ზემოხსენებული შეკითხვა ყველაში საუკეთესო მოგონებებს როდი იწვევდა, არც მასზე პასუხის გაცემისას იჩენდნენ განსაკუთრებულ ენთუზიაზმს. დიახ, ისეთი მეგობრებიც გვყავდა, სოფლის ბიბლიოთეკებიდან გამოყოლილი სურნელოვანი სიგრილე რომ არ აღელვებდათ, არც ფარნის შუქზე უწევდათ წიგნის დასრულება (მათთვის ღამის საათებში კითხვას აკრძალული ხილის სიტკბო როდი დაჰყვებოდა), არც პერსონაჟების ხატვა და რეჟისორობა იტაცებდათ კითხვის პარალელურად – როგორც დანიელ პენაკი იტყოდა,  „პირადი ურთიერთობა არ ჰქონდათ წიგნის გმირებთან.“
დანიელ პენაკი შემთხვევით როდი ვახსენე. ამ წერილს ხომ სწორედ მას ვუძღვნი – ადამიანს, რომელმაც საუკეთესო სახელმძღვანელო დაწერა იმის შესახებ, როგორ შევაყვაროთ კითხვა ახლგაზრდებს (დაწერა და იქვე გავაფრთხილა: „უმორჩილესად გთხოვთ, ეს წიგნი პედაგოგიური ტანჯვა-წამების იარაღად არ გამოიყენოთო“).
„რომანივით საკითხავი“
კითხვის შეყვარების დიდოსტატის წიგნს „რომანივით საკითხავი“ ჰქვია. სანამ გადაშლით, უკანა გვერდს დააკვირდით, იქ „მკითხველის ხელშეუვალი უფლებებია“ ჩამოთვლილი. ეს ათპუნქტიანი, თითქოს ხუმრობითა და თამაშ-თამაშით ჩამოწერილი ფრაზები დღეს „მკითხველის უფლებათა კონვენციად“ სახალხოდ გახლავთ აღიარებული. შესაძლოა პარადოქსულად მოგეჩვენოთ, მაგრამ „მკითხველის უფლებათა კონვენცია“ სწორედ იმ ადამიანმა ჩამოაყალიბა, პატარაობოდან მწყარალად რომ გახლდათ წიგნებთან და კითხვასთან.
პენაკი სკოლაში საკმაოდ სუსტ მოსწავლედ ითვლებოდა, წერა-კითხვის სწავლა უჭირდა, ერთი წელი დასჭირდა ასო „ა“ რომ დაემახსოვრებინა. მამამისი მასხრობდა: „ასე თუ გააგრძელა, ჩვენი დანიელი 26 წლის იქნება ანბანს სრულად რომ აითვისებსო.“ თუმცა თანდათან რამდენიმე კარგი მასწავლებლის ზეგავლენით მდგომარეობა საგრძნობლად შეცვლილა, პენაკს წარმატებისთვის მიუღწევია, საბოლოოდ კი ისე გაწაფულა ფრანგულ ენასა და ლიტერატურაში, სწორედ ამ სპეციალობით დაუმთავრებია საბალკალავრო პროგრამა და კოლეჯში სწავლების ლიცენზიაც მოუპოვებია (პარიზის მახლობლად, სუანსონის სკოლაში ლიტერატურის მასწავლებლად დაუწყია მუშაობა).
დანიელ პენაკის პირველი ლიტერატურული ნაწარმოები არაერთმა რედაქციამ დაიწუნა. მაგრამ გამოჩნდა ერთი საკმაოდ ცნობილი რედაქტორი, რომელმაც დამწყებ ავტორს მისი ნაწარმოების არგუმენტირებული გარჩევა გაუგზავნა და სთხოვა, ხელახლა დაემუშავებინა ტექსტი, ვინაიდან „საკმაოდ პერსპექტიულ და ნიჭიერ ავტორს ჭვრეტდა მასში.“
კიდევ კარგი, გულისხმიერი ადამიანი რომ შეხვდა, თორემ დღემდე უუფლებო მკითხველებად დავრჩებოდით და წარმოდგენაც არ გვექნებოდა, რომ გვაქვს არ წაკითხვის (უფლება N1), გვერდების გამოტოვების (უფლება N2), ხელახლა (უფლება N4) თუ ხმამაღლა (უფლება N9) წაკითხვის და ვინ მოთვლის კდევ რამდენი საინტერესო უფლება წიგნებთან მიმართებაში.
„ძაღლი ძაღლი“
მალე პენაკმა ბავშვებისთვის დაიწყო წიგნების წერა და საკმაოდ დიდ წარმატებასაც მიაღწია. დღეისათვის იგი არაერთი პოპულარული წიგნის ავტორია. ვისარგებლებ შემთხვევით და ზაფხულის არდადეგებზე წასაკითხად მის კიდევ ერთ წიგნს გირჩევთ, რომელსაც „ძაღლი ძაღლი“ ჰქვია. იცით, როგორი ამბავია, დიდტანიან რომანებს დესერტივით რომ დააყოლებთ და პირს ჩაიტკბარუნებთ.
წიგნის მთავარი გმირი პატარა ლეკვია, სახელად ძაღლი, რომელიც პირველ პირში გვიამბობს საკუთარ თავგადასავალს, ნიცის ნაგავსაყრელიდან რომ იწყება. ხანგრძლივსა და რთულ გზას გაივლის ძაღლი ძაღლი, სანამ სანუკვარ მიზანს მიაღწევს და ადამიანებს შორის ნამდვილ მეგობარს შეიძენს (როგორც თავად განმარტავს, „თავის გემოზე აღზრდის“).
პენაკი გვიამბობს ცხოველების ისეთ შეხედულებებსა თუ თავისებურებებზე, რომელთა შესახებ ადამიანებს წარმოდგენაც არ გვაქვს. სწორედ ამ მცირე რომანიდან შევიტყობთ, რომ ძაღლებს ღირსების შესანარჩუნებლად ოთხივე ფეხზე დგომა რომ არ სჭირდებოდეთ, წინა თათებით ყურებს დაიცობდნენ (ჩვენი ყვირილისთვის რომ არ მოესმინათ), გარდა ამისა, მათ არ მოსწონთ სამარცხვინო ეპითეტები, ადამიანები რომ აკერებენ: ქოფაკი, მაწანწალა, ავი და სხვა. საბრალო ძაღლებს ყოველ ნაბიჯზე საფრთხე ელით, იქნება ეს თავზე დამხობილი მაცივრები, მოღრიალე ავტომობილები, მაწანწალა ცხოველებზე მონადირე უსულგულო არსებები თუ უბრალოდ ბოროტი ადამიანები. „ასეთ მტრულ გარემოში ცოცხალი რომ გადარჩე, მართლაც დიდი მიღწევაა. თუმცა ძაღლს რომ ჰკითხო, მხოლოდ ცოცხლად გადარჩენა არაფერსაც არ ნიშნავს (იმის გამო, რომ ნებისმიერ ძაღლს დედამაიწაზე ცხოვრების მთავრი მიზანი აქვს).“
პენაკის მცირე რომანში ორიგინალური ლიტერატურული ხერხებით ისეა გადმოცემული ძაღლების ყოფა, გეგონებათ, მართლა ძაღლის მონაყოლს ვისმენთო. ამბავი გამოგონილია, მაგრამ ისე რეალურად იკითხება, ეჭვიც არ გვეპარება, რომ ძაღლი ძაღლისგან ნაამბობი გულისხმიერმა პენაკმა სიტყვასიტყვით ჩაიწერაო.
„ორი წინადადაებაც საკმარისია იმისთვის, ადამიანს წიგნის წაკითხვა რომ მოანდომო.“
სიტყვების რახარუხი მართლაც უსარგებლოა, მით უმეტეს ზაფხულში, სიცხეს გარიდებულ მოსწავლეებს დასვენებისა და გართობის მეტი რომ არაფერი სურთ. და… ამ დროს, ფარატინა ფურცელზე ჩამოწერილი კლასგარეშე საკითხავი წიგნების სია უმძიმეს ტვირთად აწევთ. დასახული ვადები მათში სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს, მით უმეტეს, როდესაც ზოგიერთი საგანგებოდ შერჩეული წიგნი ისეთი სქელი და მძიმეა, შეიძლება ფიზიკური ტრავმაც მოგაყენოს (სერიოზულად დაგაშავოს უნებლიე, გაუთვლელი მოქედებისას). დიალოგებს აღარ იკითხავთ? კარგად დააკვირდით, უფროსებო, ზოგან „ტირე ოაზისივით მოჩანს… ძლივს დაელაპარაკება ხოლმე ერთი კაცი მეორეს.“ ყოველივე ზემოთქმულის შემდეგ არ გაგიკვირდეთ, „ბავშვსა და წიგნს შორის  ბინდის მსაგავსი ფარდა თუ ჩამოეშვა.“
რა ხერხს უნდა მივმართოთ ასეთ შემთხვევაში?
წავიკითხოთ „რომანივით საკითხავი“ და მის ენაზე ვესაუბროთ ახალგაზრდებს, იქ მითითებულ სქემას გავყვეთ, ისე მოვიქცეთ, როგორც პენაკი გვირჩევს: კომპიუტერთან დაჯდომა და თამაში წაკითხული გვერდებისთვის ჯილდოდ არ ვაქციოთ; ყველაფერში ნუ დავადანაშაულებთ ციფრულ ტექნიკას, რომლის გამორთვაც ხშირად თავად გვავიწყდება; „უკურნებელ სენს, სახელად ლიტერატურისა და კითხვის სიყვარული რომ ჰქვია,“ ხელოვნურად კი ნუ შევყრით, უმჯობესი იქნება ინფექციასავით გადავდოთ.
ზაფხული მართლაც საოცარი ხანაა, მწერები, ფრინველები და ცხოველები ზამთრისთვის საკვებს იმარაგებენ, მოსწავლეებს კი საშუალება ეძლევათ მთელი ცხოვრების სამყოფი ინტელეატუალური თუ სულიერი საგზლისთვის ზრუნვა დაიწყონ. წიგნების ქარავანი დაძრულია და ჯერ კიდევ ჰაერში კიდია კითხვა „რა წაიკითხე ზაფხულის არდადეგებზე?.“ მასზე პასუხის გაცემა, რა თქმა უნდა, მათი პრეროგატივაა, „არ ვილაპარაკოთ წაკითხულზე“ (უფლება N10) – ეს პუნქტიც ხელშეუხებელს ხდის ნებისმიერ მკითხველს. თუმცა… მთავარი ამ შემთხვევაში დუმილის უფლებით სარგებლობა როდია, მთავარია ქარავანმა შეუმჩნევლად არ ჩაიაროს, სწორედ დღეს წასაკითხი წიგნი გადაუშლელი არ დარჩეს, თორემ … სიტყვების უაზრო რახარუხს აზრი რომ არ აქვს, უკვე არერთხელ აღვნიშნეთ. დაბოლოს, ისევ დანიელ პენაკს მოვიხმობ: „ტელევიზია, კინემატოგრაფი ყველაფაერს გამზადებულს გვაწვდის, იქ ყველაფერი დღეჭილია, კითხვის დროს კი წარმოსახვა მუშაობს, ამიტომაა კითხვა მუდმივი შემოქმედების აქტი.“
 წყარო : http://mastsavlebeli.ge

პალაციოს საოცრება

ავგუსტ პულმანის ისტორიის კითხვა მეტროში დავიწყე, ღამით, როცა მაგისტრატურის ლექციიდან ვბრუნდებოდი. სიმართლე ვთქვა, წიგნი დროის გასაყვანად გადავშალე და ვფიქრობდი, რომ სხვა დროს თავიდან წავიკითხავდი, იმ მომენტში კი მთავარი იყო ყურადღება გადამეტანა და დაღლილობა ნაკლებად შემეგრძნო, თუმცა პირველი რამდენიმე გვერდიდანვე მივხვდი, რომ ვცდებოდი.
ავგუსტ პულმანი, პატარა ბიჭია, რომელიც მეხუთეკლასამდე სკოლაში არ დადიოდა თავისი სახის გამო, რაც დაბადებიდან დაჰყვა. ჯანმრთელობის ხშირმა პრობლემებმა მას ხელი შეუშალა სხვა ბავშვების მსგავსი ყოველდღიურობა ჰქონოდა, თუმცა ოდესმე ეს ასე უნდა მომხდარიყო. ავგუსტი თვითონ აღწერს სკოლის პირველ დღეებს, დირექტორთან შეხვედრას, ოჯახურ ამბებს – როგორ  ეხმარებიან მშობლები. შემდეგ კი სკოლის პირველი დღეებია აღწერილი – უცხო ადამიანები, მასწავლებლები, თანატოლები, უფროსები. როგორ მიიღებენ ისინი ავგუსტს, რომელიც უცნაურად გამოიყურება; დასცინებენ, დაუმეგობრდებიან.
მოკლედ რომ თქვა, მე ამ წიგნის რეცენზიას არ ვწერ და ამიტომ ვწყვეტ მის შინაარსზე, ემოციურ მომენტებსა და სხვა ნიუანსებზე საუბარს. უბრალოდ, მისი წაკითხვის შემდეგ კიდევ უფრო ხშირად ვფიქრობ ჩვენს რეალობაში მცხოვრებ პატარა „ავგუსტებზე“.
რამდენიმე წლის წინ ბორჯომის ქუჩაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების სკოლის მოსწავლეებს რომ ადგილობრივმა მცხოვრებებმა კარი შეუდუღეს, ეს ამბავი სულ მახსენდება. თუ სწორად მახსოვს, ერთ-ერთ ბლოგში დავწერე კიდეც ამის შესახებ. მაშინ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმაც მოიხსნა მორალური პასუხისმგებლობა და უბრალოდ განაცხადა, რომ ყველაფერს შესაბამისი უწყებები მოიკვლევდნენ. როგორც იტყვიან, ხელები დაიბანა.
წლებია და ათწლეულები, მიუხედავად ერთეული ადამიანებისა და ორგანიზაციების ძალისხმევისა, ვერ ჩამოყალიბდა ჩვენთან ტოლერანტული გარემო. ჯანსაღი ხედვა და დამოკიდებულებები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ადამიანებისადმი. არადა, ძალიან ბევრი ავგუსტ პულმანი ახლა სახლში ატარებს დროს, იმიტომ, რომ მეზობლები მასზე ჭორაობენ, გამვლელებს ეცოდებათ და სინანულის გამომხატველი სახით უღიმიან; მასწავლებლებმა ნაკლებად იციან – როგორ დაეხმარონ მათ. და სხედან ეს ძალიან კარგი ბავშვები სახლში, განათლების უფლებაწართმეულები, მათივე საზოგადოებისგან.
ჩვენ კი ისინი რატომღაც მხოლოდ წიგნებში მოგვწონს. სადაც არაფერი ემუქრებათ, სადაც არაა საჭირო კარის შედუღება, გამოკეტვა, დანარჩენებისგან გარიდება.
ვიცი, რომ ჩვენს ელჟურალს ძალიან ბევრი მშობელი კითხულობს. ვეცდები ნაკლებპათეტიკურად გამომივიდეს და ვეტყვი მათ, რომ იმ წიგნის წაკითხვის შემდეგ, სულ ვოცნებობ, რომ ბავშვობაში ავგუსტის მსგავსი ბავშვი ვყოფილიყავი. როგორი? – საოცრება!..
წყარო ; http://mastsavlebeli.ge

„ესა მესა, გადის ესა“ – არდადეგებზე გათვლილი წიგნები

ზაფხული ამჯერადაც თვალსა და ხელს შუა მიილია, არდადაეგებიც თვალის დახამხამებაში გაფრინდა. არ გამიკვირდება, წიგნებისთვის თუ ვერ მოიცალეთ. არადა, რამდენი წიგნი იყო ზაფხულში წასაკითხად გათვლილი! „ეს წიგნი მესა, გადის ესა,“ – ფიქრობდით, იოლად გაიცხრილებოდა გაზაფხულის მიწურულს ჩამოწერილი კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის უზარმაზარი სია. ახლა რა გაუძლებს მშობლებისა და მასწავლებლების დამცინავ ტონსა და ირონიულ გამოხედვას, როდესაც მათი დასმული საბეიდისწერო კითხვა „რა წაიკითხე ზაფხულის არდადეგებზე?“ ხასიათს მოგიწამლავთ!
ამ მდგომარეობიდან შემიძლია მარტივად გიხსნათ პატარა და „ყოჩაღი“ წიგნების დახმარებით – მათ ერთ დღეში წაიკითხავთ, სასაუბრო და მოსაყოლი კი უამრავი დაგიგროვდებათ. ყოველ შემხვევაში, უხერხულ დუმილისა და უფროსებისთვის თვალის მორიდებას ნამდვილად გადაურჩებით. გარდა ამისა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ (და კითხვა გათვლებსა და ანგარიშებს აღარ დაუკავშიროთ),  ეს წიგნები ნამდვილად მოგეწონებათ, კითხვის ხასიათზე მოგიყვანთ და შესაძლოა, მხოლოდ მათ აღარც დასჯერდეთ.
მარია ფარის „ვაფლის გულები“ (+9)
წიგნის მთავარი გმირები ცხრა წლისანი არიან: ლენას მწვანე თვალები და ცხვირზე შვიდი ჭორფლი აქვს, თრილეს ღია ფერის თვალები, ლოყაზე კი ფოსო. თუ შევთანხმდებით, რომ საბავშვო ლიტერატურაში ცელქობით პირველ ადგილზე პეპი გრძელწინდაა, მეორე ადგილში ლენას ნამდვილად ვერავინ შეეცილება. ის თავის სახლიდან თრილეს სახლამდე ხან თოკს გაჭიმავს და მის გამძლეობას თავადვე ამოწმებს, ხან ტრამპლინიდან პირდაპირ შუა სამანქანო გზაზე ხტება, რის გამოც ხშირად „თავი ტვინის შერყებვით აქვს სავსე.“  გოგონას სკოლა არ უყვარს, ოცნებობს, დათვივით ბუნაგში შეძვრეს და ზაფხულის მომდევნო არდადეგებამდე ზამთრის ძილით დაიძინოს. თრილე კი ხშირად ნატრობს შუბლზე ისეთი ღილაკი ჰქონდეს, დააჭიროს და გაქრეს (ასეთ სურვილს ლენას შექმნილი უხერხული სიტუაციები უჩენს).
თრილეს პაპა საუკეთესო უფროსია, რომელსაც ბავშვები იცნობენ: მას შეუძლია სახლი საომარ შტაბად აქციოს, ქამარში გაყრილი გასაბრტყელებელი ჯოხით კი მეკობრეების მეთაურად გარდაისახოს, ჯიბის ფანრით „შეიარაღებული“ ზოგჯერ თრილეს დედას ყავასა და ორცხობილებს სძალავს, თან გაიძახის: „ან ყავა ან სულიო!“ რაც შეეხება პაპიდას, ის ხომ გაჭირვების ნამდვილი ტალკვესია, „რაზე არ ამბობენ საუკეთესოა, მაგრამ პაპიდას ვაფლებთან დედამიწის ზურგზე მართლა ვერაფერი მივა,“ ამაში თქვენც შეგიძლიათ დარწმუნდეთ, წიგნის სანიშნეზე პაპიდას საოცარი ვაფლების რეცეპტს თუ გამოცდით.
„ვაფლის გულების“ ავტორი შვედი მარია ფარი დაწყებითი კლასების პედაგოგია, წიგნის წაკითხვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ ის პატარების გულისნადებისა და ფარული ფიქრების მიგნების დიდოსტატია. მშვენივრად იცის და ჩვენც მოხერხებულად გადმოგვცემს როგორია „მათემატიკის გაკვეთილის ოხვრა“ („პატარა ლენას ხშირად რომ აღმოხდება), გვიმჟღავნებს თრილეს გრძნობებს (ბიჭუნა ლენას საუკეთესო მეგობრად თვლის თავს, თუმცა დაკვრვებული თვალი იმასაც შეამჩნევს, რომ მის ბავშვურ გულს სიყვარული შეჰპარვია). ასე რომ, „ვაფლის გულებში,“  როგორც ნებისმიერ საბავშვო წიგნში, უფროსებსაც უამრავი თავშესაქცევი გველოდება.
ანა გავალდას „35 კილო იმედი“ (+9)
„ვერ ვიტან სკოლას!“ – ასე იწყება ეს პატარა და გრძნობებით სავსე წიგნი. საკუთარ თავგადასავალს პირველ პირში გვიამბობს პატარა ბიჭუნა, რომელსაც სწავლამ ცხოვრება გაუმწარა. მას მერე, რაც აღმოაჩენს, რომ სკოლაში მხოლოდ პირველ დღეს კი არა, ყოველდღე უნდა იაროს, მის გარშემო ყველაფერი თავდაყირა დგება. ერთადერთი ნათელი წერტილი საგანმანათლებლო სისტემაში მისთვის მარი მასწავლებელია, რომელიც მხოლოდ ერთი წელი საუკეთესო საგანს, ჩხირკედელაობას ასწავლის. სწორედ მარი მასწავლებლისგან ვიგებთ (წიგნის მე-12 გვერდზე), რომ პატარა ბიჭუნას გრეგუარი ჰქვია. ჩემი აზრით,  ეს ორიგინალური ნიუანსი ნაწარმოების ერთგვარი სამკაულია, მანამდე გრეგუარს დედ-მამა ეჩხუბება, არიგებენ, სჯიან, მის სახელს კი არავინ წარმოთქვამს. ავტორი მთავარი გმირის წარდგენის პრეროგატივას სწორედ მარი მასწავლებელს ანიჭებს.
ბაბუა „35 კილო იმედშიც“ ზღაპრული პერსონაჟია: შვილიშვილის დამცველი, შემწე, მოსიყვარულე და მისთვის თავგადადებული (როგორც ბაბუებს სჩვევიათ, ყველაზე მაგარი „ბიჭია“ დედამიწის ზურგზე). აღმოჩნდებით თუ არა ბაბუას სურნელოვან ფარდულში, ამაში მაშინვე დარწმუნდებით. იმასაც შეიტყობთ, რისი იმედი აქვს პატარა გრეგუარს, ოცდათხუთმეტ კილოს რომ იწონის და უწერია თუ არა მის სანუკვარ სურვილებს ახდენა.
ანა გავალდას ეს მცირე ზომის წიგნი ბავშვებს უკეთ დაანახვებს საკუთარ თავს, მშობლებს კი დაგვაჯერებს, რომ მეტი ყურადღება გვმართებს საკუთარი შვილის განსაკუთრებული ინტერესების მიმართ.
იუსტაინ გორდერის „ჰეი, არის მანდ ვინმე?“ (+7)
ცნობილი ნორვეგიელი მწერლის, იუსტაინ გორდერის, როგორც საბავშვო მწერლის მთავარი ღირსება ის გახლავთ, რომ რთულ თემებზე მარტივად  საუბარი შეუძლია. მისი ნაწარმოებები გულწრფელობით გამოირჩევა, სწრაფად და იოლად იკითხება,  მოსწავლეებს სასკოლო პროგრამის ათვისებაშიც კი ეხმარება.
რვა წლის ჯო ძამიკოს დაბადაბეამდე ცოტა ხნით ადრე ვაშლის ხეზე თავდაყირა ჩამოკიდებულ პატარა მიკას იპოვის, ბიჭებს შორის „ფილოსოფიური“ საუბარი გაიმართება. ისინი უამრავ საინტერესო კითხვას სვამენ. წიგნში ეს კითხვები  განსხვავებული შრიფტით ცალკეა გამოყოფილი და დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან საინტერესო თემებზე საუბრის საშუალებას იძლევა. თუმცა გორდერის აბზაცები უფროსებსაც ბევრ რამეზე დააფიქრებს:
„მოგზაურობას შორს მივყავართ, ქვეყნიერების ზურგზე, სიზმარს კი უფრო შორს, მის სიღრმეში.“
„მუდამ მაოცებდა და მაოცებს კოსმოსი, თუმცა ისიც ყოველთვის მაკვირვებს, რომ მაქვს თავი და გონება, რომელსაც ჩემსავე სამყაროში შევყავარ.“
საკუთარ თავში მოგზაურობა, საკუთარი თავის მიგნება, სამყაროზე კი მეტი გულისყურით დაკვირვება, – აი, რის ხასიათზე დაგაყენებთ ეს წიგნი.
ჟან კლოდ მურლევას „პირაღმა მდინარე“ (+10)
„პირაღმა მდინარე“ ორტომეულია. პირველ წიგნს „ტომეკი“ ჰქვია, მეორეს – „ჰანაჰი.“ თუ გსურთ, თქვენს ცხოვრებაში სინათლემ და სიკეთემ შემოაღწიოს, ორივე წაიკითხეთ.
თხუთმეტი წლის ტომეკი თავის პატარა მაღაზიში ყველაფერს ყიდის. ერთ დღეს, შაქარყიუნლის საყიდლად მისული თორმეტი წლის ჰანაჰი ტომეკს თავგზას აურევს (გოგონა ისეთ მდინარეს დაეძებს, რომელიც პირაღმა მიედინება და რომლის ბოლოში აღებულ წყალსაც უკვდავების ძალა აქვს) და „სამყაროს მოხილვის ხასიათზე“ დააყენებს.
როგორც ხედავთ, ნაწარმოების დასაწყისი ზღაპარში სამოგზაუროდ საუკეთესო წინაპირობებს გვთავაზობს, თუმცა არც მერე მოისაკლისებთ საინტერესო შეხვედრებს, იქნება ეს ჭკუამხიარული და ფუმფულა მარი სახედარ კადიშონთან ერთად თუ თავდავიწყების ტყე, გემის გულადი კაპიტანი თუ ბრაზიანი ცისარტყელა, არარსებული კუნძული თუ ყვავილების ოკეანე. აი, ლურჯი ყვავილებს (სახელად იალქნები რომ ჰქვია) კი უნდა ერიდოთ, თორემ მათი სურნელი ძილს მოგგვრით და სანამ პარფიუმერები ყურში „გაღვიძების სიტყვებს“ არ ჩაგჩურჩულებენ, ვერ გაიღვიძებთ. ისიც უნდა გაგიმხილოთ, რომ ყველა ადამიანს ინდივიდუალური „გაღვიძების სიტყვები“ ჰქონია და მათ მოძებნას ზოგჯერ უფრო მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ჩემი შემოთავაზებული ოთხი წიგნის წაკითხვას. მოკლედ, არჩევანი თქვენზეა, გაითვალეთ და სასურველი წიგნით დაიწყეთ.
წყარო : http://mastsavlebeli.ge