Sunday, May 13, 2018

ესეის წერის სტრატეგიები

“4 აბზაცის გზით წერა“ კრიტიკული აზროვნების ერთ-ერთი კლასიკური, ამავდროულად, თვალსაჩინო სტრატეგიაა. მისი ავტორია კელი ამბროუსი[1], რომელიც მიიჩნევს, რომ სტრატეგიის გამოყენებით წერას დაწყებითი კლასებიდანვე შეიძლება შევაჩვიოთ ბავშვები. სტრატეგია წარმატებით გამოიყენება სწავლების საბაზო და საშუალო საფეხურებზეც, ასევე ყოველთვის, როდესაც ესეის წერას გადავწყვეტთ.
სქემა 1.

აღნიშნული მოდელი ძალიან ეფექტური და ეკონომიურია, რადგან სქემა შეიძლება გამოვიყენოთ ფაზლი ჯგუფური სამუშაოების შესრულებისასაც. ამგვარ შემთხვევაში გაკვეთილზე ერთდროულად რამდენიმე ესეის შექმნა და გაცნობა მოხერხდება.
საგაკვეთილო თუ სალექციო პროცესში აქტიურად გამოიყენება ხაზგასმის სტრატეგიაც. ამ სტრატეგიის არსი ის არის, რომ გამოვიყენოთ ხაზგასმის მეთოდი ძირითადი აზრისა და მისი მხარდამჭერი დეტალების მიმართ.
„შენ ამბობ/მე ვწერ“  სტრატეგია
„შენ ამბობ/მე ვწერ“ არის დაგეგმვისა და გადამოწმების სტრატეგია, რომელიც ეყრდნობა წერის თანამშრომლობით მოდელს და წერისას ავითარებს იდეებს. სტრატეგიის ავტორია კეითი სქარაფია (Kathie Scarafia).
ნაბიჯი 1: შესავალი
„შენ ამბობ/მე ვწერ“ სტრატეგია დაეხმარება იმ სტუდენტებს, ვისაც უჭირს აზრების/იდეების ფურცელზე გადატანა. სტრატეგია მოითხოვს 2 ადამიანს. ესეის ავტორი ზეპირად პასუხობს მასწავლებლის/ლექტორის ან თანაპარტნიორის მიერ დასმულ შეკითხვებს. ამ დროს კი წერის მეორე მონაწილე ყველაფერს ზუსტად ინიშნავს ფურცელზე. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ესეის ავტორებმა უნდა ამოიცნონ თავიანთი აზრები ან სიტყვები, როდესაც მონახაზს კვლავ დაუბრუნდებიან.  კითხვები, რომლებსაც მსმენელ/ჩამნიშვნელი სვამს, დაფუძნებულია მონახაზსა თუ თეზისზე, როლის შესახებაც იწერება ესეი. „სად გვჭირდება მეტი იდეა?“,  „სად შეიძლება დავამატოთ მეტი დეტალი?“. სტუდენტები, რომლებიც ამგვარად მუშაობას ეჩვევიან, მერე თავადაც, პარტნიორის გარეშეც უიოლდებათ წერა. ზოგი ჩანაწერს თავისით კრავს, ზოგიც დაბალ ხმაზე მსჯელობს ამა თუ იმ იდეის შესახებ.[2]
ნაბიჯი 2: „შენ ამბობ/ მე ვწერ“ სტრატეგიის მოდელირება
„შენ ამბობ/მე ვწერ“ სტრატეგია აიგება პარტნიორებისადმი „კარგის“ პრიმიტივზე დაფუძნებული შეკითხვების დასმით. სტუდენტები ასევე ხედავენ, როგორ გარდაიქმნება ავტორისეული აზრები მის საკუთარ სიტყვებად. მოსაუბრე ავტორებს გაცნობიერებული აქვთ, რომ ნელა უნდა ისაუბრონ, რათა მათი სიტყვები არ დაიკარგოს. ესეი აიგება ზედაპირული მონახაზის/ ჩანაწერის გამოყენებით. სტუდენტები რწმუნდებიან სტრატეგიის წარმატებაში.  სპეციფიკური ინსტრუქციების წარმოებისთვის სასარგებლოა ნაბიჯების სიის გამოქვეყნება დაფასა თუ დიდ ეკრანზე.  მაგალითად, ამ ფორმით:

სქემა 2.
ამ ყველაფრის შემდეგ დროა, სტუდენტების ხელი შევუწყოთ სტრატეგიის წარმატებით განხორციელებაში.[3]
ნაბიჯი 3: „შენ ამბობ/მე ვწერ“ სტრატეგიის ხარაჩო
ამ სტრატეგიით იქმნება წერილობითი ნაწილი, ასევე წერითი მსჯელობისა და ზეპირი მეტყველების გამოყენებით იხსნება წერის სირთულეები.   ქაღალდის ცალკე ფურცელზე პარტნიორის მიერ იწერება ყველა აზრი, რომელიც მსჯელობისას თანაავტორის მიერ წარმოითქმის. ნაწერს მთხრობელი ავტორიც გადაიკითხავს და ერთად ეძებენ ადგილებს, რომლებიც ჩასწორებას საჭიროებს.  ამ სტრატეგიის გამოყენებით ავტორს ენიჭება ნდობა, რომ ყველა მისი აზრი თუ სიტყვა უცვლელად ინახება ფურცლის ნაწილზე.  ის კი, ვისაც ფურცელზე თავისი აზრების გადატანა უძნელდება, წერაში თანდათან იწაფება და მალე თავის აზრებსაც ისევე სწრაფად გარდაქმნის არგუმენტად თუ ესეიდ, როგორც ეს პარტნიორთან თანამშრომლობის შემთხვევაში ხდებოდა ხოლმე[4].

რა სტრატეგიასაც არ უნდა ვიყენებდეთ, მთავარია, გვახსოვდეს, რომ თეზისისა თუ არგუმენტისთვის ნებისმიერი აზრი ფასეულობას დავაფუძნოთ და ისე დავუკავშიროთ განსაზღვრის კრიტერიუმს, ასევე მართებულობას/რელევანტურობას, მნიშვნელოვნებასა და თანმიმდევრულობას[5]. რადგან  სწორედ ამგვარი მიდგომა წარმოადგენს ეფექტური არგუმენტის შექმნისა და არგუმენტირებული მსჯელობის  საფუძველს.
მაგრამ კიდევ უფრო მთავარია, ვასწავლოთ იმის წარმოდგენა, რომ ყველაფერი შეუძლიათ და შეძლებენ, ყველაფერი წარმოიდგინონ. ეს ფრაზა „კრეატორის დღიურიდანაა“. კოტე იანტბელიძის ეს საინტერესო წიგნი კი ცალკე წერილს  ნამდვილად იმსახურებს.

სხვა რესურსები:


[1] http://gseweb.gse.buffalo.edu/org/writingstrategies/pdffiles/ambrose.pdf
[5] http://mastsavlebeli.ge/?p=11024

კვლევაზე დაფუძნებული სწავლება, სასწავლო მიდგომები და მეთოდები

ევროპაში მიმდინარე განათლების რეფორმის პარალელურად, საქართველოშიც დაიწყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების მიდგომების ცვლილების პროცესი. ჩვენს ქვეყანაში 2004 წლიდან შემუშავდა და დაინერგა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელშიც დიდი ადგილი უჭირავს მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომებსა და კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას (ესგ, 2005). საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებას საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება. მისი მთავარი ამოცანაა, მოსწავლეებში გაიზარდოს მეცნიერული კვლევისა და სიახლეების მიმართ ინტერესი,  ჩამოყალიბდეს მათში კვლევითი პროცესების განხორციელებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები.
კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ეფექტურად განხორციელებისათვის, შესაბამისად ორგანიზებულ საკლასო გარემოში, მნიშვნელოვანია, მაღალი კომპეტენციების მქონე მასწავლებელი სასწავლო პროცესში იყენებდეს სწავლების სხვადასხვა თეორიებზე დაფუძნებულ და კვლევით აქტივობებზე მორგებულ,   მრავალფეროვან სასწავლო მეთოდებსა და მიდგომებს.
ბერძენიშვილის (2015) მიხედვით, სწავლების თეორიებიდან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია კონსტრუქტივიზმი. კონსტრუქტივისტული შეხედულებები ეყრდნობა პიაჟესა და ვიგოტსკის ფსიქოლოგიას, ბატლერისა და ბრუნერის კვლევებსა და ჯონ დიუის ფილოსოფიას. კონსტრუქტივისტები იზიარებენ ორ  ძირითად თვალსაზრისს:
  1. შემსწავლელები აქტიურნი არიან საკუთარი ცოდნის აგებაში;
  2. სოციალური ინტერაქციები მნიშვნელოვანია ცოდნის კონსტრუირებისათვის.
კონსტრუქტივისტული შეხედულების მიხედვით სწავლა არ არის მასწავლებლის ან სახელმძღვანელოს საშუალებით მიღებული ინფორმაციის გადამუშავება, არამედ სწავლა არის ცოდნის აქტიური და პიროვნული კონსტრუირება. კონსტრუქტივიზმის ფარგლებში ჩამოყალიბდა 5 E  სასწავლო ციკლის მოდელი  და კვლევითი ციკლის მოდელი.
5 E  სასწავლო ციკლის მოდელი  ჩამოყალიბდა ატკინისა და კარპლუსის (Atkin & Karplus, 1962) მიერ დაწყებითი საფეხურის პედაგოგებისთვის. ბოლო ათწლეულების მანძილზე ეს მოდელი გადამუშავდა ბარუფალდის (Barufaldi, 2002) მიერ, რომელსაც დღესდღეობით აქტიურად იყენებენ აშშ-სა და ევროპის ქვეყნების საბაზო და საშუალო საფეხურის მასწავლებლები. 5E სწავლების მოდელი შედგება ხუთი საფეხურისგან:
  1. Explore – კვლევა-ძიება
  2. Explane – ახსნა-განმარტებები
  3. Elaborate – ანალიზი-განვრცობა
  4. Evaluate – შეფასება
                                                                                        

   სქემა 1.   5 E  სასწავლო ციკლის მოდელი
ჩართულობის საფეხურზე მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის მიზანს და უზიარებს, თუ რა უნდა იცოდნენ და რისი გაკეთება უნდა შეეძლოთ გაკვეთილის ბოლოს. ამით მასწავლებელი ცდილობს, მოსწავლეები ჩართოს სასწავლო პროცესში.
კვლევა-ძიებითი სტადია შესანიშნავია იმისათვის, რომ მოსწავლეები აქტიურად ჩაერთონ მასწავლებლის მიერ ინიცირებულ კვლევით სამუშაოებში. ამ სტადიაში მოსწავლეები აყალიბებენ კვლევით კითხვებსა და ჰიპოთეზებს, ჯგუფებში მუშაობენ მასწავლებლის ინსტრუქციების გარეშე, აგროვებენ მონაცემებსა და ინფორმაციას, ერთმანეთს უზიარებენ დაკვირვების შედეგებს. ეს სტადია შესაძლებლობას აძლევს სხვადასხვა დონის მოსწავლეებს გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება.
ახსნა-განმარტებითი სტადიის დროს მასწავლებელი მითითებას აძლევს ჯგუფებს, თუ როგორ უნდა გადაამუშავონ უკვე არსებული ინფორმაცია და მონაცემები. ის გასაგები ენით უხსნის მოსწავლეებს სამეცნიერო კონცეფციებს, რომლის შესახებაც ჩაატარეს კვლევა. შედეგად, მოსწავლეები ნასწავლ მასალას ადვილად უკავშირებენ ყოველდღიურ ცხოვრებას და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ პრაქტიკაში. ამ სტადიას ხშირად კონცეფციის განმავითარებელ სტადიასაც უწოდებენ.
განვრცობითი სტადიის დროს მასწავლებელი ეხმარება კონცეფციების განმტკიცებაში, არგებს ყოველდღიურ ცხოვრებას მაგალითებით და ამის შემდეგ, შესაძლოა, ახალი საკვლევი კითხვა ჩამოყალიბდეს მოსწავლეებში.
შეფასების სტადიაში მასწავლებელი აჯამებს, თავს უყრის მოსწავლეთა ცოდნას, სვამს მრავალმხრივ შეკითხვებს, რათა მოსწავლეებმა შეაფასონ და გააანალიზონ თავიანთი ცოდნა. ამავდროულად, მასწავლებელი ადარებს ჩართულობის ფაზაში არსებულ ცოდნას საბოლოო ცოდნასთან.
ლეველინი (Llewellyn, 2002) კიდევ უფრო აზუსტებს 5E სასწავლო ციკლის კვლევის ფაზის ეტაპებს და აყალიბებს კვლევითი ციკლის მოდელს, რომელიც კვლევაზე დაფუძნებული სწავლების ასპექტებს ასახავს, დეტალურად გამოყოფს მათ და ორიენტირებულია კვლევის შედეგების გაზიარებაზე. კვლევითი ციკლის მოდელი 6 რგოლისგან შედგება:
  1. Acquisition – აღქმადობაInquisition – ძიება
  2. Supposition – ვარაუდების გამოთქმა
  3. Implementation – განხორციელება
  4. Summation – შეჯამება
  5. Exhibition – წარდგენა
                                                                                       
        სქემა 2.     კვლევითი ციკლის მოდელი
ძიების ფაზის განმავლობაში წარმოიშობა ღია დაბოლოებიანი კითხვები. ისინი უმეტესად ასე იწყება „რა იქნება თუ…?“
აღქმადობის ფაზის მიმდინარეობისას, მასწავლებლის მიერ განხორციელებული გონებრივი იერიშის დროს, მოსწავლეები ეყრდნობიან წინარე ცოდნასა და გამოცდილებას, ებადებათ ახალი იდეები პრობლემის გადასაჭრელად. ამ ფაზის დროს მოსწავლეების კითხვა ძირითადად არის – „რა ვიცი იმისათვის, რომ ამ საკითხს პასუხი გავცე?“
ვარაუდების ფაზაში მოსწავლეებს თავიანთ ცოდნაზე დაფუძნებით შემოაქვთ წინადადებები, ვარაუდები და ძირითადად იყენებენ ტერმინებს, „მე ვფიქრობ…“, „სავარაუდოდ….“, „როგორც ჩანს…“ ეს ფაზა ძირითადად ექსპერიმენტის ჩასატარებლად ჰიპოთეზების ფორმირებას მოიცავს.
განხორციელების ფაზაში მოსწავლეები ადგენენ კვლევის გეგმასა და დიზაინს, გეგმის მიხედვით ატარებენ კვლევას და ამოწმებენ თავიანთ ვარაუდებს.
შეჯამების ფაზაში მოსწავლეები აგროვებენ მონაცემებსა და მტკიცებულებებს, აკეთებენ ჩანაწერებს და აანალიზებენ საკუთარ ქმედებებს, ადარებენ თავდაპირველ, „რა იქნება, თუ…“ გამოთქმას შედეგებთან და აკეთებენ დასკვნებს.
წარდგენის ფაზაში მოსწავლეები აზიარებენ შედეგებს. საკუთარ აღმოჩენებსა და ახალ ინფორმაციას აქვეყნებენ სტატიის, პოსტერის ან ელექტრონულად მომზადებული პრეზენტაციის სახით.
განხილული სტრატეგიები დაეხმარება საბუნებისმეტყველო საგნების მასწავლებლებს სხვადასხვა გარემოში, სხვადასხვა საბუნებისმეტყველო საგნისა და განსხვავებულ საფეხურზე სწავლების დროს. ამასთანავე, გაიზრდება შემსწავლელთა ინტერესი და მოტივაცია, განვითარდება მათი შემეცნებითი, კვლევითი და სოციალური სფეროები.
გამოყენებული ლიტერატურა:
  1. ბერძენიშვილი, ც. (2015, სექტემბერი 21). კონსტრუქტივისტული შეხედულებები სწავლაზე.
  2. ეროვნული სასწავლო გეგმა, 2005
  3. Atkin, J. M., & Karplus, R. (1962). Discovery or invention?. The Science Teacher29(2), 121-143.
  4. Barufaldi, J. (2002, July). Based on the 5E Instructional Model. In Eisenhower Science Collaborative Conference in Austin, Texas.
  5. Llewellyn, D. (2002). Teaching high school science through inquiry: A case study approach. Corwin Press. USA

მედიათეკის როლი სკოლაში

მედიათეკა მულტიმედიური ბიბლიოთეკაა, რომელიც გვთავაზობს სხვადასხვა სახის მომსახურებას: უახლეს წიგნებს, წვდომას ელექტრორესურსებთან, სამუშაო სივრცეს, ხელსაყრელ ინფრასტუქტურას შეხვედრებისთვის, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს.
მედიათეკასთან ჩემი პირველი შეხება სამი წლის წინ უწერიდან თბილისის წიგნის ფესტივალისთვის მოსწავლეების წამოყვანას უკავშირდება. ფესტივალის პარალელურად ვათვალიერებდით ქალაქს, მოვინახულეთ მუზეუმები, მთაწმინდის პანთეონი, ძველი თბილისის ქუჩები. ეროვნულ ბიბლიოთეკაში სტუმრობისას ვესტუმრეთ ფრანგულ მედიათეკას. თანამედროვე ინფრასტურქტურამ, ფერადმა წიგნებმა, ძველმა ვინილებმა, საბავშვო ოთახმა იმდენად მოგვხიბლა, რომ სურვილი გამიჩნდა მსგავსი სივრცე ჩვენს სკოლაშიც მოგვეწყო. ყველაზე მეტად კი მედიათეკაში არსებულმა არაფორმალურმა გარემომ გამიღვივა მოქმედების სურვილი.
სოფელში დავბრუნდით და თან ჩამოვიტანეთ ას ორმოცდაათამდე ძველი თუ ახალი წიგნი. მერე სკოლის დირექტორს – ქალბატონ ნაილის – გავუზიარე იდეა და მანაც სიხარულით აიტაცა. გამოგვიძებნა თავისუფალი ოთახი, მოგვცა საჭირო ინვეტარი და ბიბლიოთეკიდან ახალნაყიდი რამდენიმე თაროც დაგვითმო. ხმაურით მოვფინეთ ნაჩუქარი წიგნები მაგიდებზე, თაროებზე დავაბინავეთ და ჩვენი მცირედი ქონება  რვეულის რამდენიმე ფურცელზე დავტიეთ. ასე სპონტანურად დაიწყო ამბავი სკოლის მედიათეკისა, რომელსაც ბავშვებმა „ჯადოსნური სამყაროს ოთახი“ უწოდეს.
თავდაპირველად ოთახი ცარიელი და უღიმღამო იყო. გადავწყვიტე, ნელ-ნელა იქაურობა ისეთ მექცია სივრცედ, სადაც მოსწავლეებს ყოფნა გაუხარდებოდათ, სადაც მოვაწყობდით ლიტერატურულ კაფეებს, ჩავატარებდით სამოდელო გაკვეთილებს, ერთმანეთს ხმამაღლა წავუკითხავდით წიგნებს, დავგეგმავდით სპექტაკლებს, გავივლიდით რეპეტიციებს, აღვნიშნავდით მწერლების დაბადების დღეებს,  ვუმასპინძლებდით სტუმრებს, მოვუსმენდით სხვადასხვა ჟანრის მუსიკას.
რაც მთავარია, ოთახის მოწყობაში ბავშვებს უნდა მიეღოთ აქტიური მონაწილეობა. მართლაც, არა მხოლოდ დირექტორი, მასწავლებლები და მოსწავლეები, არამედ მშობლებიც კი ავიყოლიეთ. მოსწავლის მამამ ფიცრები გვაჩუქა, რომლებიც სკოლის წითელი მოფახფახებული ავტობუსით მოვაქროლეთ. ჩემმა მეგობრებმა ხის ღია კარადა აგვიწყვეს წიგნებისთვის, მეთორმეტეკლასელმა ბიჭებმა კი ოთახშივე დაამზადეს მაგიდა, სკამები, ტანსაცმლის საკიდი, საპრეზენტაციო სკამი. მერე ოთახი ნელ-ნელა აივსო და გაფერადდა რესურსებითა და საჩუქრებით. ახლა კი რას არ ნახავთ აქ: ერთგან გოდერძი ჩოხელის მოთხრობებისთვის დამზადებული ნაჭრის პოსტერი გვიკიდია; კარზე ორიგამის ხელნაკეთი ნივთია ჩამოკონწიალებული, ზამთრის ერთ დღეს გაღმა სოფლიდან სტუმრად მოსულმა გოგომ რომ მოგვიტანა;  ხის ყუთში წიგნების მიხედვით დამზადებული პრეზენტაციები მოვათავსეთ და კუთხეში მივუჩინეთ ბინა; საკიდზე ჰალსტუხები და ხის წკეპლებზე დამაგრებული ჭრელი ბადეები ჩამოვკიდეთ, რომლებზეც  ეპიზოდები და ახალი სიტყვები გვახსენებენ წაკითხულ წიგნებს, საპრეზენტაციო სკამის უკანა კედელზე ბავშვებმა ფერადი ცარცით პლანეტები მიახატეს, მზის სხივებზე წიგნების სათაურები დაწერეს და უსასრულობის კედელი უწოდეს. აქვეა გოდერძი ჩოხელის სპექტაკლითვის შეკერილი მთვარე და თევზები; დარდების შემგოვებლის გუდა, რომელშიც ძველი სცენარები დავაბინავეთ. მეორე მსოფლიო ომში გამოვლილი ძველებური ჩემოდანი ჯერ ხომ წიგნის ფესტივალზე ვამოგზაურეთ, მერე ოთახში გამოვკეტეთ და შიგნით სხვადასხვა ნივთი ჩავალაგეთ: განსაკუთრებულ ყურადღებას შავი ბუმბულები იქცევს, უფროსკლასელმა პაატამ რივნის პირას ნაპოვნ მკვდარ ჩიტს დააცალა და სპექტაკლზე რეკვიზიტად -კალმად- გამოვიყენეთ. კედელზე გაბმულ თოკზე ერთად შეკერილ-მოხატული ხელნაკეთი ნაჭრის თოჯინები გვიკიდია;  ოთახის ფანჯრებზე ლიტერატურული პერსონაჟები გავაცოცხლეთ, რომელთაც დროდადრო ვცვლით; ჭერში პერსონაჟთა გალერეა მოვიწყვეთ – თავზე დაგვყურებენ კლასიკური თუ თანამედროვე ლიტერატურიდან გაცოცხლებული ქართველი და უცხოელი გმირები. ზამთარში ოთახს შეშის ღუმლით ვათბობთ, რომელზეც ცაცხვის ჩაის ვიდუღებთ, ლიტერატურულ კაფეებში კი გლინტვეინს ვათუხთუხებთ. კარს შემოაღებთ თუ არა, იგრძნობთ კვამლის, ხისა და წიგნების სუნს, რომელსაც სტუმრად მოსულმა ბავშვობის მეგობარმა თავისუფლების სურნელი უწოდა.
მედიათეკის ოთახის ყველაზე მთავარი დანიშნულება მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებაა. ყოველდღიურად წიგნებთან თავისუფალი ურთიერთობის შესაძლებლობამ ბავშვებს შემეცნებითი თვალსაწიერი გაუფართოვა და ახლა თითქმის თითოეულმა მათგანმა – მკითხველმა თუ არამკითხველმა – ზეპირად იცის, რომელ თაროზე რა წიგნი დევს, თავისუფლად ცნობენ ავტორებსა და სათაურებს.
ჩვენი ჯადოსნური სამყაროს ოთახი სამი წლის ხდება და მინდა გითხრათ, რომ არცერთი ნივთი არ დაკარგულა. ყოველი წიგნის თავგადასავალი იციან: ვინ და როდის გვაჩუქა, ვის აქვს წაკითხული ან ვის რომელი აქვს წაღებული. ოთახის გასაღები მეცხრეკლასელ გოგოებს აქვთ და მათ ევალებათ გაღება-დაკეტვა. დროდადრო ყველა ერთად ალაგებს, უვლის, ზრუნავს, ხელნაკეთ ნივთებს ამზადებს. ზაფხულში მთის ყვავილებს აგროვებენ და ახმობენ ხელნაკეთ მაგიდაზე დადებულ შუშაში გამოსამზეურებლად ან წიგნის ფურცლებში ჩასატოვებლად.
ჩვენი პატარა სკოლის მედიათეკის ქონება ხუთასამდე წიგნს ითვლის, თითოეულს თავისი თავგადასავალი აქვს. მათ ჩვენამდე მოსასვლელად ნაქერალას უღელტეხილის გადმოვლა მოუხდათ. წიგნები გვაჩუქეს გამომცემლებმა, მთარგმნელებმა, მწერლებმა, უცნობებმა, ჩემმა ჯგუფელებმა, უფროსმა მეგობრებმა. გასულ შემოდგომას პროექტი „ეკვილიბრიუმი“ გვესტუმრა და თაროები კიდევ უფრო აფერდადდნენ და გადაივსნენ ახალი წიგნებით.
მედიათეკის ოთახი ჩემი მასწავლებლური პრაქტიკისთვის დაუშრეტელი იდეების წყაროა. აქ დატრიალებული ამბები და წიგნიერების განვითარებისთვის გამიზნული აქტივობები მიგროვებს დიდ გამოცდილებას, რომელსაც ვარგებ პრაქტიკის კვლევას, სტატიის შინაარსსა თუ კონფერენციის თემას. ოთახში განთავსებული რესურსები კი  საინტერესო აქტივობების გამოგონებაში მეხმარებიან.
ხშირად ვფიქრობ, თუ რა არის მიზეზი იმისა, რომ ინტერესი ამ ოთახისადმი არ იკლებს და რატომ უყვართ ბავშვებს ასე განსაკუთრებულად. პირველ რიგში, ალბათ, ეს არის ნდობასა და თავისუფლებაზე აგებული ურთიერთობის ხელშემწყობი წიგნიერი გარემო, სადაც სკოლის ერთფეროვნებიდან არაფორმალურ გარემოში ხვდებიან ბავშვები, საუბრობენ, ათვალიერებენ და კითხულობენ წიგნებს, ერთმანეთს უსმენენ, ირგვლივ კი საკუთარი ხელით შექმნილი ნივთები ახვევიათ. ნაჩუქარი წიგნები პირად მაგალითად ციმციმებენ და ახლა თვითონ მიგზავნიან წიგნებს სოფლიდან ქალაქში, თვითონ ზრუნავენ ოთახზე, ალაგებენ, აკვირდებიან, უფრთხილდებიან, პასუხისმგებლობით ეკიდებიან ყველაფერს, რაც თავისთავად ბავშვებში კმაყოფილების განცდას ბადებს.
ახლა, როცა რამდენიმე თვეა მათთან ერთად აღარ ვარ, „ჯადოსნური სამყაროს ოთახის“ კარი მაინც ყოველდღე იღება, სკოლის დირექტორი მეუბნება, რომ ის ისევ აქტიურად მოქმედებს და პერიოდულად ლიტერატურულ დღესასწაულებსაც მასპინძლობს.
სოფლის პატარა სკოლაში, სადაც სულ 21 მოსწავლეა, ადვილია მედიათეკის მსგავსი სივრცის მოწყობა, რისი განხორციელებაც  ქალაქის მრავალრიცხოვან სკოლაში, რა თქმა უნდა, გაჭირდება. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ყველა სკოლაში მოიძებნება ერთი ცარიელი ოთახი, რომლის გასულიერება მოსწავლე-მასწავლებლების ძალისხმევით მეტ სიხარულს შეიტანს სასკოლო ცხოვრების რუტინაში. გარკვეული მექანიზმების გამოგონებით, მართვაც შესაძლებელი გახდება და ნდობის გაღვივებითა და პასუხისმგებლობის დაკისრებით უფრო რეალიზებულად იგრძნობენ თავს მოზარდები.
რამდენიმე რჩევა ჩვენი პატარა გამოცდილებიდან: დაისახეთ მიზანი და  გააცანით ის სკოლის ადმინისტრაციას, გაუზიარეთ მოსწავლეებს, გადაანაწილეთ პასუხისმგებლობები – ზოგი ხელმარჯვეა, ზოგი კარგად ხატავს, ზოგს კარგი ორგანიზების უნარი აქვს. შემოიკრიბეთ ირგვლივ მოხალისეები, დააკისრეთ ვალდებულებები. ოთახის წიგნებით შესავსებად სოციალურ ქსელში წამოიწყეთ საქველმოქმედო აქცია და შედეგი ნამდვილად გაგაკვირვებთ. თავდაპირველად თქვენ თავად მოგიწევთ ყველაფრის კეთება, თანდათან კი ფასილიტარობას მოსწავლეები გადაიბარებენ. ყოველდღიური ზრუნვა დადებით ენერგეტიკას შესძენს ოთახს და ნელ-ნელა დაგიგროვდებათ თქვენი პირადი ამბები, რომლებსაც შეიძლება ბლოგის შექმნა მოჰყვეს. რაც მთავარია, დროდადრო აუცილებელია  ინტერიერის განახლება  და  მისი გამრავალფეროვნება.
ქალაქში დაბრუნებულმა სწავლა მაგისტრატურაში განვაგრძე.  როცა ლექციებს შორის თავისუფალი დრო მაქვს, ვაკის მედიათეკას ვაკითხავ. შენობის თანამედროვე ინფრასტრუქტურა მიმზიდველია. ადგილ-ადგილ ამოჭრილი ჭერიდან ცამდე აწვდილ ხეებსა და ცას ვხედავ. შუშის კედლების წინ გამჭვირვალე სამყაროა – საბავშვო ატრაქციონებით, ასწლოვანი ხეებითა და პარკში მოსეირნე ადამიანებით. მედიათეკის შიდა სივრცე დაყოფილია სხვადასხვა დანიშნულების მიხედვით. მიყვარს თვალთვალი, როგორ მეცადინეობენ სტუდენტები, მათ მეტაკოგნიტურ უნარ-ჩვევებზე დაკვირვებაც ჩვევად მექცა. ღია კაფეში ვსადილობ, ყავას ვსვამ და  ფოთლების, მზისა და წვიმის სურნელით ვტკბები. უნებურად ვისმენ ერთად შეკრებილი მეგობრების საუბარს, ჰიჩკოკის ერთ-ერთი ფილმის შესახებ იმდენს საუბრობენ, რომ სახლში დაბრუნებული ვეძებ და ვუყურებ. აქედან ვწერ წერილებს რაჭველ მოსწავლეებს და ვუამბობ ახალი სკოლის, მოსწავლეების, სტუდენტობისა და წიგნების შესახებ. ვუყვები, როგორია ნამდვილი მედიათეკა, სადაც სკოლის დამთავრების შემდეგ მინდა, რომ მათი სტუდენტური ცხოვრება  გაგრძელდეს.
როცა ქალაქში მსტუმრობენ, აუცილებლად მიმყავს და ვათვალიერებინებ ვაკის მედიათეკას. ისინიც „ჯადოსნური სამყაროს ოთახის“ შემდეგ ადვილად ერგებიან ახალ გარემოს, წიგნების თაროებს შორის თვალებაციმციმებული იწყებენ სიარულს და საყვარელი ავტორებისა და სათაურების ძებნას. რამდენიმე კვირის წინ ვაკის მედიათეკაში მეცხრეკლასელი გოგო წავიყვანე და თამაში წამოვიწყეთ, რაც შეიძლება მეტი ნაცნობი წიგნი უნდა ეპოვნა. მე კი უკან დავყვებოდი ჩემი წითელყდიანი დღიურითა და ფანქრით ხელში. ჩემდა სასიხარულოდ, სამოცზე მეტი ავტორი ჩამოვწერე, რომლებიც მარიამმა წიგნებით სავსე თაროებზე აღმოაჩინა.  ჩარლზ დიკენსის „ოლივერ ტვისტი“ კი დიდხანს ამაოდ ვეძებეთ. როგორც ჩანს, ვიღაცას გატანილი ჰქონდა და ვინ იცის, სანამ ჩვენ მას ვეძებდით, უცნობი მკითხველი ოლივერს ფეხდაფეხ დაჰყვებოდა ლონდონის ქუჩებში
 http://mastsavlebeli.ge