Tuesday, September 2, 2025

ინგლისური ენა – ენათა კოქტეილი

 

დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული ენაა ინგლისური. ის რიგით მეორეა ჩინური მანდარინის ენის შემდეგ. ინგლისური არის სახელმწიფო ენა გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიაში. ის მეორე სახელმწიფო ენაა კანადასა და ირლანდიაში. ინგლისური ასევე დიდი ბრიტანეთის ისტორიული კოლონიების – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ინდოეთი და ჰონკონგი – ოფიციალური და ნახევრად ოფიციალური ენაა.

ქვეყანათა უმეტესობაში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ფლობენ ინგლისურ ენას. ინგლისური ენა დიდი ხანია, კომერციისა და საერთაშორისო ურთიერთობების ენაა.

ინგლისური ენა მიეკუთვნება ინდო-ევროპული ენების ოჯახს. ამიტომ ის მჭიდროდ არის დაკავშირებული იმ ენათა უმეტესობასთან, რომლებიც გვხვდება ისლანდიიდან დაწყებული, ევროპის ქვეყნებისა და ინდოეთის ჩათვლით. თანამედროვე ინგლისური ენა ყველაზე მეტად ჰგავს ფრიზიულს, რომელზეც  ჰოლანდიის პროვინცია ფრიზიაში საუბრობენ. ისლანდიური ნაკლებად შეიცვალა ათასი წლის განმავლობაში. ეს არის ჯერ კიდევ ცოცხალი ენა, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავს ძველ ინგლისურ ენას.

გერმანული, ლათინური, რუსული, ბერძნული და ფრანგული ის ენებია, რომელთაც მრავალი წლის განმავლობაში განიცადეს გრამატიკული, ლექსიკური და ფონეტიკური ცვლილებები.

რაც შეეხება ინგლისურს, ის შედარებით უცვლელი დარჩა. მეტყველების ნაწილები – ზმნიზედა, ზედსართავი სახელი, წინდებული, კავშირი უცვლელია. ისინი ყოველთვის ერთნაირად იწერება, განურჩევლად იმისა, როგორ გამოვიყენებთ მათ სხვადასხვა კონტექსტში. თუმცა, არსებითი სახელი, ნაცვალსახელი და ზმნა ზოგჯერ იცვლის ფორმას. არსებითი სახელების უმეტესობა ინგლისურ ენაში მრავლობით რიცხვს აწარმოებს დაბოლოება -s, -es-ს მეშვეობით. მაგ. Cows, girls, tables, boxes, classes, etc. თუმცა ზოგიერთი არსებითი სახელის შემთხვევაში შეიცვალა მრავლობითი რიცხვის წარმოების გზა. მაგ. Woman-women, man-men, goose-geese, Mouse-mice, tooth- teeth, foot-feet, louse-lice. არსებითი სახელების მცირე ჯგუფი ინგლისურ ენაში მრავლობით რიცხვს აწარმოებს -en დაბოლოების დართვით. ზოგიერთი არსებითი სახელი კი მრავლობით რიცხვში არ იცვლის ფორმას. მაგ. Ox-oxen. Deer, sheep, moose and grouse.

შვიდიდან ხუთ პირის ნაცვალსახელს აქვს განსხვავებული ფორმები როდესაც მათ წინადადებაში ვხვდებით სუბიექტისა და ობიექტის ფუნქციით. ესენია I, me; he, him; she, her; we, us; and they, them. ასევე გვაქვს განსხვავებული ფორმის კუთვნილებითი ნაცვალსახელები – mine, his, hers, ours, theirs.

რაც შეეხება ზმნებს, ცვლილებების მიუხედავად, მათ არ აქვთ ისეთი რთული პარადიგმა, როგორც ლათინურ, ბერძნულ და გერმანულ ენებში. ერთი ზმნა, რომელსაც ინგლისურ ენაში ყველაზე მეტი ფორმა აქვს, გახლავთ to be (be, am, is, are, was, were, been, and being). სუსტ, ანუ წესიერ ზმნებს აქვთ მხოლოდ ოთხი ფორმა. მაგ. talk, talks, talked, and talking. ძლიერ ანუ არაწესიერ ზმნებს – ხუთი; მაგ. sing, sings, sang, sung, and singing. რამდენიმე ზმნას, რომლებიც ბოლოვდება t ან d ასოებზე, აქვთ მხოლოდ სამი ფორმა; მაგ. cut, cuts, cutting. ზმნის პარადიგმის ეს ცვლილებები მკვეთრად განსხვავდება ძველი ინგლისური ენისგან, სადაც ridan, ანუ „ride“-ს ცამეტი ფორმა ჰქონდა, და გერმანული ენისგან, სადაც ზმნას reiten აქვს თექვსმეტი ფორმა.

ინგლისურ ენაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აფიქსაციას, რამაც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად შეცვალა ენა. აფიქსაციის შედეგად წარმოიშვა ახალი სიტყვები. პრეფიქსი სიტყვას დაერთვის თავში. მაგ: way-subway; do-overdo. ზოგიერთი პრეფიქსი უცხოური წარმოშობისაა, მაგ. პრეფიქსი macro or micro: macroeconomics, microbiology. ეს პრეფიქსები ბერძნული წარმოშობისაა.

ყველაზე მეტად გავრცელებული სუფიქსი გახლავთ –er. ეს უკანასკნელი მიუთითებს მოქმედების შემსრულებელზე. მაგ. singer, player, seeker, writer.

ძალიან პოპულარულია ორი სიტყვის შედეგად მიღებული სიტყვებიც, მაგ. cloverleaf, gentleman, dateline.

ინგლისურ ენაში დაახლოებით 750 000 სიტყვაა. აქედან ნახევარი წარმოშობით გერმანიკულია, ხოლო ნახევარი – რომანული (ლათინური წარმოშობის ენები – ფრანგული, ესპანური, იტალიური და თავად ლათინური).

გერმანიკული წარმოშობისაა ისეთი სიტყვები, როგორებიცაა – father, mother, brother, man, wife, ground, land, tree, grass, summer, and winter, bring, come, get, hear, meet, see, sit, stand, and think.

ფრანგული წარმოშობისაა სიტყვები: constitution, president, parliament, congress, and representative. ფრანგული ენიდანა ნასესხებია სიტყვები: city, place, village, court, palace, manor, mansion, residence, domicile, cuisine, diner, café, liberty, veracity, carpenter, draper, haberdasher, mason, painter, plumber, and tailor. ბევრი სიტყვა და ფრაზა, რომლებიც ინგლისურ ენაში უკავშირდება მეღვინეობას, ბალეტს, პოლიტიკას, ლიტერატურას, თეატრს და კულინარიას, მომდინარეობს ფრანგული ენიდან.

ზოგიერთი სიტყვა წარმოშობით ესპანურია. მაგ: cigar, armada, guerrilla, matador, mosquito, and tornado. რამდენიმე სიტყვა ამერიკაში ლათინური ამერიკიდან შევიდა, მაგ: canyon, lasso, mustang, pueblo, and rodeo.

ლათინური ენიდან შესული სიტყვები განსაკუთრებით მრავალრიცხოვანია. ბევრი სიტყვა შექმნილია ორი სიტყვისგან. მაგ: malnutrition, transfer, circumference, supernatural, submarine, suburb, substantial, contemporary, multilingual, conjunction, compassion, და სხვა მრავალი.

ბერძნული ენიდან ნასესხები სიტყვები დაკავშირებულია მეცნიერებასთან და ტექნოლოგიებთან; მაგ: ბერძნული წარმოშობის ყველაზე უფრო პოპულარული სიტყვებია: alphabet, geometry, geology, photography, psychology, psychiatry, pathology, biology, philosophy, telephone, logistics, და metamorphosis.

არაბული წარმოშობის სიტყვები ინგლისურ ენაში სხვა ევროპული ენის გზით, უმეტესწილად ესპანურის გავლენით დამკვიდრდა. არაბული ენა ესპანეთში გამოიყენებოდა ისლამური პერიოდის დროს. არაბული წარმოშობისაა ისეთი სიტყვები, როგორებიცაა – alcohol, alchemy, algebra, alkali, almanac, arsenal, assassin, cipher, elixir, mosque, naphtha, sugar, syrup, zenith, and zero.

ჩვენამდე მოღწეული, დღევანდელი სალიტერატურო ინგლისური ენა შედეგია ბევრი ლინგვისტური ტრადიციისა, რამაც, ცხადია, საუკუნეების განმავლობაში თავისი კვალი დაატყო ენას.

უძველესი ბრიტანელების ენა გახლდათ კელტური, რომელიც დღევანდელი უელსური ენის სახითაა შემორჩენილი. ამ ენაზე საუბრობს დღეს უელსის მოსახლეობა. როდესაც რომაელებმა დაიპყრეს ინგლისი, გაბატონდა ლათინური ენა. მაგრამ, მოგვიანებით, როდესაც რომაელების ბატონობა შეწყდა, ლათინურმა ენამაც დაკარგა თავისი დომინანტობა და მხოლოდ VI-VII საუკუნეში კუნძულებზე ქრისტიანობის გავრცელებასთან ერთად ხელახლა დამკვიდრდა ქვეყანაში.

ინგლისური ენის განვითარებას სამ ეტაპად ყოფენ. ეს არის ძველი ინგლისური ენა (ანგლო-საქსური), საშუალო ინგლისური ენა და თანამედროვე ინგლისური ენა. ძველი ინგლისური ენა გამოიყენებოდა ახალი წელთაღრიცხვის 449-1100 წლებში. 449 წელს გერმანული ტომების შემოჭრის შედეგად ენამ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. სხვადასხვა ტომმა ენაში თავიანთი ენობრივი თავისებურებები დაამკვიდრეს და შედეგად ჩამოყალიბდა ძველი ინგლისური ენის ოთხი დიალექტი: ნორთუმბრიული, მერსიანული, დასავლეთ საქსონური და კენტური.

1066 წელს ნორმანების შემოჭრის შედეგად გაბატონდა ნორმანების ფრანგული ენა და საბოლოოდ გათანაბრდა ოთხი დიალექტური ინგლისური. კულტურულმა ცენტრმა ნელ-ნელა ლონდონისკენ გადაინაცვლა და ინგლისური ენის გამოყენებაც უფრო გახშირდა. ლათინურმა ენამ საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა სტატუსი, როგორც საეკლესიო და სწავლების ენამ.

საშუალო ინგლისური ენა 1100 წლიდან 1450 წლამდე არსებობდა. მას არ განუცდია ისეთი ცვლილებები, როგორიც მისმა წინამორბედმა ენამ განიცადა. სწორედ ამ პერიოდში 1362 წელს ინგლისის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ინგლისური ენა გახდა პარლამენტისა და სასამართლოს ოფიციალური ენა.

მეთექვსმეტე საუკუნის მიწურულ დაიწყო თანამედროვე ინგლისური პროზის განვითარება. ზოგიერთი ლიტერატურული ნაწარმოების დაბეჭდვამ ხელი შეუწყო ენის სტანდარტიზაციას. 1525 წელს დაიბეჭდა უილიამ ტინდელის ახალი აღთქმა. მომდენო 90 წელი გახლდათ აღორძინების პერიოდი ინგლისურ ლიტერატურაში, რამაც კულმინაციას მიაღწია უილიამ შექსპირის ნაწარმოებებში და 1611 წლის ბიბლიის კინგ ჯეიმსისეულ ბეჭდურ ვერსიაში.

ლიტერატურული ნაწარმოებების გარდა, ენის სტანდარტიზაციას ხელი ლექსიკონის შექმნამაც შეუწყო. პირველი მნიშვნელოვანი ლექსიკონი შეადგინა და გამოსცა 1755 წელს სამუელ ჯონსონმა. ენის სტანდარტიზაციას კიდევ უფრო შეუწყო ხელი ლინდლი მიურეის მიერ შედგენილმა წიგნებმა English Grammar (1795) and English Spelling Book (1804).

 

საინტერესო ფაქტები ინგლისური ენის შესახებ:

  1. ეს არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ენა (დაახლოებით 1,5 მილიარდი მოლაპარაკე), 350 მილიონზე მეტი ადამიანის მშობლიური და უცხოური ენა, რომელსაც დღეს მსოფლიოში ყველაზე მეტი შემსწავლელი ჰყავს;
  2. ყოველწლიურად მისი ლექსიკური მარაგი დაახლოებით 4000-მდე სიტყვით მდიდრდება;
  3. ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებადი სიტყვები ინგლისურ ენაში არის I და you;
  4. ამბობენ, რომ ინგლისური ენა ყველაზე უფრო ბედნიერი ენააო. სიტყვა happy 3-ჯერ უფრო ხშირად გამოიყენება ვიდრე სიტყვა „ sad”;
  5. მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით ერთი მეოთხედი ინგლისურ ენაზე საუბრობს;
  6. ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებადი ზედსართავი სახელი არის „good”, ხოლო არსებითი სახელი – „time”;
  7. სიტყვას „set” აქვს ყველაზე უფრო მეტი მნიშვნელობა;
  8. ინტერნეტსივრცეში დაცული ინფორმაციის დაახლოებით 80% ინგლისურ ენაზეა.
  9. ინგლისური არის 67 ქვეყნის ოფიციალური ენა;
  10. ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს ინგლისური ენის დაახლოებით 24 დიალექტი;
  11. ე.წ. „ბრიტანული აქცენტი“ ლონდონში და მის გარეთ ამერიკის რევოლუციის დროს გავრცელდა;
  12. შექსპირმა გამოიგონა ბევრი სიტყვა ინგლისურ ენაში. მათ შორის: birthplace, blushing, undress, torture და ბევრი სხვა;
  13. პირველი ინგლისური ლექსიკონი 1755 წელს შეიქმნა;
  14. უძველესი ინგლისური სიტყვა, რომელიც ჯერ კიდევ გამოიყენება გახლავთ „town“.
  15. ყველაზე უფრო ხშირად გამოყენებული ასო ინგლისურ ენაში გახლავთ „e“;
  16. ასოთ შეთანხმება „ough” შეიძლება წაკითხულ იქნას 10 განსხვავებული ჟღერადობით;
  17. დაახლოებით 30% სიტყვებისა ინგლისურ ენაში მომდინარეობს სხვა ენებიდან;
  18. სიტყვა „run” ინგლისურ ენაში შეიძლება გამოყენებულ იქნას 600-მდე განსხვავებულ კონტექსტში განსხვავებული მნიშვნელობით;
  19. ინგლისურ ენაზე მოსაუბრე ადამიანმა საშუალოდ 20 000-დან 35 000 სიტყვა იცის;
  20. „Go” ყველაზე პატარა სრული წინადადებაა ინგლისურ ენაში.

ამრიგად, ინგლისური ენა ყველაზე უფრო ფართოდ გავრცელებული ენაა დედამიწაზე. მისი წარმოშობის ისტორია სავსეა პარადოქსებით, დაუჯერებელი ისტორიებით. ის ახლაც განაგრძობს სიცოცხლეს, განვითარებას, მუდმივად ივსება საინტერესო, სხვადასხვა ლექსიკურ-გრამატიკული ერთეულით. ამდენად, თუ გვსურს, ვისაუბროთ ცოცხალ, თანამედროვე ინგლისურ ენაზე, კვალდაკვალ უნდა მივდიოთ მის განვითარებას, გავეცნოთ ენაში დამკვიდრებულ სიახლეებს და გამოვიყენოთ ის პირად პრაქტიკაში.

 https://mastsavlebeli.ge/

როგორ შევაფასოთ ზეპირმეტყველება ანუ „Speaking“, როგორც ეფექტური შემაჯამებელი ინსტრუმენტი

 


ცოდნის შეჯამება სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია, ხოლო შემაჯამებელი დავალების სწორად დაგეგმვა და წარმართვა – მუდმივი გამოწვევა მასწავლებლისათვის. გამოწვევა მდგომარეობს მის მრავალშრიანობაში, რადგან იგი გულისხმობს არამხოლოდ კურიკულუმის შესაბამისი დავალების მომზადებას მოსწავლეებისათვის, არამედ თავად ამ დავალების შინაარსის გათვალისწინებას, გარემოს შერჩევას, მოსწავლეთა/მშობელთა ინფორმირებას, სათანადო შეფასების რუბრიკის მომზადებას, პროცესის წარმართვას და შედეგების რეფლექსიას. ამ პროცესის დახვეწა – შეფასების სისტემის ვერიფიკაცია-ვალიდაციის ნაწილია. ის ასევე დიდ მნიშვნელობას იძენს იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებისათვის, რომლებმაც ეროვნული სასწავლო გეგმით შემოთავაზებული შეფასების მეორე მოდელი აირჩიეს და შემაჯამებელი დავალების კომპონენტს მნიშვნელოვანი წილი მიანიჭეს.

აღნიშნულ სტატიაში წარმოგიდგენთ უცხო ენის საგნობრივი ჯგუფისათვის მეტად აქტუალურ თემას, რომელიც ეხება ზეპირმეტყველების (Speaking-ის) კომპეტენციის შეფასებას მოსწავლეთა მრავალრიცხოვან ჯგუფებში. პრაქტიკული კვლევა, რომელსაც მიმოვიხილავთ, განხორციელდა ქალაქ ქუთაისში, სსიპ 30-ე საჯარო სკოლაში ინგლისური ენის კათედრაზე, მასწავლებლისა და კათედრის ხელმძღვანელის – სალომე ორმოცაძის მიერ და წარმოადგენს კარგ ნიმუშს სკოლაში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირების, მასზე ეფექტურად რეაგირების, ინტერვენციების დაგეგმვისა და შემდგომი გაუმჯობესებისთვის. ის წარმოადგენს სკოლაში 2024-2025 სასწავლო წელს ფოკუსირებული თვითშეფასების ფარგლებში შეფასების სანდოობისა და ვალიდობის გაზრდის მიზნით განხორციელებული მასშტაბური კვლევების ნაწილს. ასევე უკვე წარმატებული პრაქტიკა შეიძლება მაგალითის მიმცემი გახდეს სხვა ანალოგიური საჭიროების მქონე სკოლისთვის.

ზოგადი პრობლემის მიმოხილვამდე აუცილებელია აღინიშნოს, რომ უცხო ენაში ზეპირმეტყველების კომპეტენციის შეფასება მრავალ გამოწვევასთანაა დაკავშირებული. ზეპირმეტყველების კომპეტენციის მნიშვნელობა ენის შესწავლაში დიდია. ის წარმოადგენს კომუნიკაციის უმთავრეს მექანიზმს და მოიცავს არამხოლოდ თეორიულ ცოდნას გრამატიკისა და ლექსიკის მიმართულებით, არამედ წარმოთქმას, ინტონაციას, ტემპს, რეაქციას საუბრისას და სხვ. მაგალითად, British Council-ის კვლევების მიხედვით ინგლისისა და შოტლანდიის ზოგიერთ სკოლაში უცხო ენას ასწავლიან მასწავლებლები, რომლებსაც არ აქვთ ენის საკმარისი ცოდნა ან გავლილი არ აქვთ კვალიფიკაციის ამაღლების კურსები. ასევე ბევრ მასწავლებელს არ აქვს სათანადო მეტყველების უნარები, რაც ამცირებს მათ თავდაჯერებულობას და აფერხებს მოსწავლეებთან კომუნიკაციას. შესაბამისად, ამ პირობებში მასწავლებლები ხშირად გადადიან გრამატიკაზე ორიენტირებული სწავლების მოდელზე, რაც ზღუდავს მოსწავლეების კომუნიკაციური უნარების განვითარებას.

უნდა აღინიშნოს, რომ ზეპირმეტყველების კომპეტენციასთან დაკავშირებული პრობლემები უცხო ენის სწავლებისას პრობლემას წარმოადგენს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ბარიერები, რომლებიც უკავშირდება ფსიქოლოგიურ დაბრკოლებებს (ენის შფოთვა და ნაკლები თავდაჯერება), ლინგვისტურ სირთულეებს (ლექსიკის სიმცირე და გრამატიკული სისუსტე), პრობლემებს გამოთქმასა და ინტონაციასთან დაკავშირებით და პრაქტიკის ნაკლებობას. პრაქტიკის ნაკლებობა მაინც ერთმნიშვნელოვნად შეიძლება გამოიყოს, რადგან ის წარმოადგენს გასაღებს ფსიქოლოგიურ დაბრკოლებებთან და ლინგვისტურ სირთულეებთან მიმართებით, მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესის დროს აქტიურად მიმართავენ დიალოგების, დებატებისა და სხვა ტექნიკებს, რაც მოსწავლეებს აიძულებს აზრი ჩამოაყალიბონ უცხო ენაზე.

მსგავსი საჭიროებების იდენტიფიცირება მოახდინეს მასწავლებლებმა სსიპ ქალაქ ქუთაისის 30-ე საჯარო სკოლაში 2023-2024 სასწავლო წლის ბოლოს. ამას ამყარებდა სადირექტორო და დიაგნოსტიკური შეფასების შედეგები და მშობელთა უკუკავშირი. საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მნიშვნელოვან ნაწილს უჭირდა ინგლისურ ენაში ზეპირმეტყველებასთან დაკავშირებული ბარიერების დაძლევა, სხვადასხვა თემაზე აზრის ჩამოყალიბება და სწორი გამოთქმის/ინტონაციის გამოყენება. 2024-2025 სასწავლო წლის დასაწყისში დაიგეგმა კვლევა მოსწავლეებში ზეპირმეტყველებასთან დაკავშირებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და ინტერვენციების დაგეგმვის მიზნით. განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა მიენიჭა შემაჯამებელი დავალების ნაწილში ზეპირმეტყველების კომპეტენციის შეფასებას, რადგან სკოლა შეფასების მეორე მოდელის მიხედვით მუშაობს.

კვლევაში პრობლემის შესწავლისას გამოყენებულ იქნა გამოკითხვა მოსწავლეებთან და ჩაღრმავებული ინტერვიუები მასწავლებლებთან. მასწავლებლებმა აღნიშნეს, რომ შემაჯამებელი დავალების დროს ზეპირმეტყველების კომპეტნეციის შეფასება სირთულეებთან იყო დაკავშირებული. მრავალრიცხოვანი მოსწავლეების პირობებში ერთი მასწავლებელი ერთ საგაკვეთილო დროში ვერ ახერხებდა მსგავსი ტიპის შემაჯამებლის ეფექტურად წარმართვას. გარდა ამისა, მასწავლებლის მიერ მოსწავლეებთან შემაჯამებელზე ზეპირი კომუნიკაცია შეფასების სანდოობასაც აყენებდა კითხვის ნიშნის ქვეშ.

ყველა ზემოაღნიშნული რისკის დაზღვევის მიზნით, სკოლამ დაგეგმა ინტერვენცია, რაც გულისხმობდა ზეპირმეტყველების კომპეტენციის შეფასებას ინგლისური ენის საერთაშორისო გამოცდების პრინციპით – სკოლამ შეიძინა გარკვეული რაოდენობის ყურსასმენი, რომლის გამოყენებითაც მოსწავლეს შეეძლო მოესმინა შეკითხვა, ჩაეწერა პასუხი და აეტვირთა შესაბამის პლატფორმაზე.

ინვენტარის შეძენის შემდეგ ინგლისური ენის პედაგოგმა, სალომე ორმოცაძემ დაიწყო შესაბამისი პლატფორმის მოძიება. განხილულ იქნა სხვადასხვა ვარიანტი, ისეთები, როგორებიცაა: Sanako Lab 100 პროფესიონალი და მრავალმხრივი ფუნქციონალით, Robotel Smart Class, Flipgrid და სხვა. მთავარ მოთხოვნას, რომ ეს პლატფორმები ყოფილიყო საკლასო სივრცეში კომფორტულად გამოსაყენებელი, ყველა ვერ აკმაყოფილებდა. ზოგი მათგანი იყო ნაკლებად ავტომატიზებული და უფრო მეტად ხელით მუშაობას საჭიროებდა. საბოლოოდ შეირჩა ონლაინპლატფორმა – Vocaroo, რომელსაც აქვს ფუნქცია, ჩაიწეროს მოსაუბრის ხმა, მოახდინოს მისი გაზიარება ლინკით და ჩამოიტვირთოს ჩანაწერი. აღნიშნული პროგრამა ჩაშენდა Google forms-ში. ამავე form-ში ჩაშენდა აუდიოფაილის ლინკი, რომელიც ატვირთული იყო დრაივზე. ასეთი ფორმით წარმოდგენილი დავალება ტექნიკურად მოსახერხებელი იყო, როგორც მოსწავლის იდენტიფიცირებისათვის, ისე აუდიოფაილებთან წვდომისათვის.

სამიზნე ჯგუფად შეირჩა მე-9 კლასი, რომელზეც მომდინარეობდა კვლევა. კლასი წარმოდგენილი იყო მოსწავლეთა განსხვავებული ენობრივი კომპეტენციებით. მასწავლებელმა კარგად მოამზადა კლასი, მისცა რა მათ დეტალური ინსტრუქცია, როგორ გამოეყენებინათ რესურსი.

პლატფორმის მომზადების შემდეგ პედაგოგმა შეარჩია ტესტის შინაარსი, რომლის მიზანიც იყო მოსწავლეთა ცოდნის ჯამურად შეფასება მე-4 თემატური ერთეულის (Unit) ფარგლებში. შექმნის პროცესში გათვალისწინებული იყო ე.ს.გ.-ის მოთხოვნები და თემატიკა, განსაზღვრული კონკრეტული კლასის საგნობრივი სტანდარტით. ტესტის ამოცანები მომზადდა ისე, რომ მოსწავლეს არ სჭირდებოდა მხოლოდ ტექსტიდან მექანიკურად გადმოტანილი ცოდნა. კითხვები დაეფუძნა ცნებებს (concept-based learning), რაც ითვალისწინებდა შესწავლილი თემის ღრმა გაგებას და არა ზედაპირულ რეპროდუქციას. ასევე შემუშავდა შეფასების რუბრიკა უშუალოდ ზეპირმეტყველების კომპეტენციის შეფასებისათვის.

უშუალოდ შემაჯამებლის პროცესი გამოიყურებოდა შემდეგნაირად: მოსწავლეს პირადი ინფორმაცია შეჰქონდა Google Forms-ში, კითხულობდა ჩაშენებულ ფაილს, ისმენდა მოსასმენ მასალას და გადადიოდა Vocaroo-ს პლატფორმაზე. შემდგომ ამისა, წერდა კონკრეტული კითხვის პასუხს აუდიოფაილად (საუბრობდა კონკრეტული შეკითხვის პასუხზე), აკოპირებდა კითხვის ლინკს და ავსებდა ისევ Google Forms-ის შესაბამის ველში. უფრო ცხადად რომ წარმოვიდგინოთ, მას სჭირდება მაუსის მხოლოდ სამჯერ დაწკაპუნება ფაილის მოსმენის შემდეგ – პროგრამის გახსნა, პასუხის ლინკის დაკოპირება და Google Forms-ში ჩასმა.

ინტერვენციის შემდეგ გაანალიზდა მიღებული შედეგები. მსგავსი მეთოდით ზეპირმეტყველების კომპეტენციის შემოწმებას ტრადიციულისგან განსხვავებით დიდი უპირატესობა აქვს დროის მენეჯმენტის თვალსაზრისით – ერთ გაკვეთილზე შესაძლებელია თუნდაც 100 მოსწავლის ჩაწერა. მასწავლებელს კი საშუალება აქვს მოუსმინოს ჩანაწერს ნებისმიერ დროს. ასევე მინიმუმამდეა დაყვანილი მასწავლებლის მხრიდან შეფასებაში ჩარევის რისკი (მაგ. წახმარება, სიტყვის შეხსენება და ა.შ.). მოსწავლეს შეუძლია მოუსმინოს საკუთარ ჩანაწერს და გამოიყენოს თვითშეფასებისათვის – გააუმჯობესოს შედეგები და იყოს ფოკუსირებული მხოლოდ ლინგვისტურ ხარისხზე. რისკების ნაწილში იდენტიფიცირდა შებოჭილობა, ტექნიკური პრობლემები და ინტერაქციის ნაკლებობა რეალურ გარემოში. აქვე უნდა განიმარტოს, რომ ყველა შემაჯამებელი ვერ ჩატარდება მსგავსი მეთოდით, თუმცა ზეპირმეტყველების უნარის შემოწმებისთვის მნიშვნელოვანი პროგრესი ცალსახაა.

მომავალი წლისთვის სკოლა გეგმავს პლატფორმის გამარტივების მიმართულებით მეტ მუშაობას და სავარჯიშო ჩანაწერების ეტაპის დამატებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ადმინისტრაციის მხარდაჭერა და მოტივაცია, რაც არამხოლოდ თეორიულ მხარდაჭერაში, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებშიც გამოიხატა (პლატფორმის მოძიება და შერჩევა). რაც შეეხება მოსწავლეთა უკუკავშირს, სანიმუშოდ გთავაზობთ რამდენიმე ნაწყვეტს მათი შეფასებებიდან:

„ჩემი აზრით, სახალისო იყო, ძალიან კარგი საშუალება იყო ინგლისურის საუბრის დონის გასაზრდელად. ყურსასმენების პრობლემა არ მქონია, არ ისმოდა გარედან ხმა, მხოლოდ მცირე ბუტბუტი“;

„მე მომეწონა პროცესი. სასიამოვნო იყო რაღაც ახლის გამოცდა. ჩემთვის ეს უკეთესი იყო, ვიდრე მხოლოდ რაღაც ტესტის წერა. უფრო კარგად შეუძლია მასწავლებელს, გაიგოს ბავშვის ცოდნა, რადგან აქ გადაწერა და რამე ეგეთი რაღაც არ შეგიძლია“;

„ჩემი აზრით, უცხო ენაში ყველაზე მთავარი ბარიერი საუბარია. ამიტომ, ჩემი აზრით, ძალიან კარგი აქტივობა იყო. ცოტა ტექნიკური პრობლემები იყო, მაგრამ რადგან პირველია და სატესტო, მომავალში გამოსწორდება“.



შენიშვნა: ფოტოს გამოქვეყნების სტანდარტი დაცულია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

 https://mastsavlebeli.ge/

 

პროექტზე დაფუძნებული სწავლების უპირატესობა

 პროექტზე დაფუძნებული სწავლება მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომაა, რომელიც სწავლა-სწავლების პროცესს აკავშირებს რეალურ სამყაროსთან. იგი ემყარება სასწავლო კურიკულუმთან დაკავშირებულ საკითხებს, შესაბამის მკვიდრ წარმოდგენებს და იმ გამოწვევებს, რაც სასწავლო პროცესს უფრო პროდუქტიულსა და მიზანმიმართულს გახდის. ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით, პროექტებით მუშაობა გაცილებით ეფექტურ შედეგს იძლევა. იგი ეწინააღმდეგება მექანიკურ დამახსოვრებაზე მიმართული სწავლების მეთოდს და ყურადღებას ამახვილებს პრაქტიკულ საქმიანობაზე, კვლევასა და ანალიზზე. მოსწავლე ეუფლება პრობლემის გადაჭრის, გადაწყვეტილების მიღებისა და შემოქმედებითი აზროვნების უნარებს.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხშირად ინტეგრირებულია და აერთიანებს სხვადასხვა საგნობრივ ჯგუფს. სწავლა-სწავლების ასეთი მიდგომები ზრდის მოტივაციას და მოსწავლეს უბიძგებს ცოდნის დამოუკიდებლად და სიღრმისეულად ათვისებისკენ.

სკოლის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდას ბევრ სიახლესთან მოუწევს ადაპტირება, ვიდრე მხოლოდ გაკვეთილის მოსმენა ან დავალების შესრულებაა. რეალურ სამუშაო გარემოში საჭიროა პრიორიტეტების განსაზღვრა, დროის ეფექტური მართვა და ჯგუფური თანამშრომლობა. სწორედ ამ უნარების განვითარებას ემსახურება პროექტზე დაფუძნებული სწავლება. პროექტზე მუშაობა ავითარებს ისეთ უნარებს, როგორიცაა გუნდურობა, კვლევის ანალიზი, დროის მენეჯმენტი, პრობლემების შემოქმედებითად გადაჭრა, ეფექტური თანამშრომლობა, სამუშაოსთვის შესაბამისი ინსტრუმენტების შერჩევა, დამოუკიდებელი მუშაობისა და კრიტიკული პროცესების მართვა, ინფორმაციის სინთეზი, მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტების გამოყენება, პიროვნული და სოციალური პასუხისმგებლობა, გადაწყვეტილების მიღება, სხვადასხვა პროექტში ჩართვა ან მათი მართვა.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს მოსწავლის ცნობისმოყვარეობის გაღვივებას და მისი შესაძლებლობების აქტიურ რეალიზაციას სასწავლო პროცესში; საშუალებას აძლევს ახალგაზრდას, თავად ამოიცნოს და შეაფასოს რეალურ ცხოვრებაში არსებული გამოწვევები. პროექტებით მუშაობა სასწავლო პროცესს აკავშირებს საკლასო ოთახის მიღმა არსებულ სამყაროსთანის არის ხიდი თეორიასა და პრაქტიკას შორისამყარებს თეორიულ ცოდნის პრაქტიკაში ტრანსფერსსწორედ ამ გზით ხდება სწავლა უფრო მიზანმიმართული და მოტივაციაზე დაფუძნებული.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება არ უნდა განიხილებოდეს, როგორც მხოლოდ ჯგუფური აქტივობა ან შემთხვევით შერჩეული თემის დამუშავება. ეფექტური პროექტი უნდა ეფუძნებოდეს მოსწავლის ინტერესებს, კლასის დინამიკას ან თემის რეალურ საჭიროებებს. სწორედ ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს აქტიურ მონაწილეობას, ღრმა ჩართულობასა და ნაყოფიერი დასწავლის გამოცდილებას.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ საგაკვეთილო მასალით. ის მოზარდს უნდა აძლევდეს შესაძლებლობას, მიღებული ცოდნა რეალურ კონტექსტში გამოიყენოს. ასეთი მიდგომა ხელს უწყობს საგნობრივი შინაარსის ღრმად გააზრებას, მოსწავლის ინტერესისა და მოტივაციის ზრდას. წარმატებული პროექტის განხორციელება მოითხოვს წინასწარ ჩატარებულ კვლევას, ამ კვლევაზე დაფუძნებულ დაგეგმვას და ეტაპობრივ განხორციელებას, იქნება ეს პრეზენტაცია, მოდელი თუ სხვა სახის პროდუქტი.

პროექტებით სწავლებისას მოსწავლე თავად ეძებს გზებს პრობლემის ან საკვლევი საკითხის გადასაჭრელად. მისი მიზანი აღარ არის მხოლოდ სწორი პასუხის პოვნა. ის ხდება პროცესის ავტორი – იკვლევს, აანალიზებს და ქმნის. ამ ტიპის სწავლების წარმატების ერთ-ერთი მთავარი პირობაა ის, რომ მოზარდს აქვს მკაფიო მოლოდინი და მოტივაცია, ეს კი უზრუნველყოფს უფრო დამოუკიდებელ, მიზანმიმართულ და გააზრებულ მუშაობას.

პროექტის იდეა ხშირად იბადება ლექციური, თეორიული საკითხის გააზრებით, თუმცა პროექტზე დაფუძნებული სწავლება გულისხმობს მუშაობას საკლასო სივრცის ფარგლებს მიღმა. მისი ეფექტურობა სწორედ ის გახლავთ, რომ მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა მზა ფორმულით, მოცემულის ზედაპირული გააზრების ნაცვლად, საკუთარი გზა იპოვოს ამოცანის გადასაწყვეტად. მოზარდი ყველაზე ეფექტურად მაშინ სწავლობს, როდესაც დასასწავლი საკითხი აღვივებს მის ინტერესსა და ფანტაზიას. მნიშვნელოვანია, მოზარდს ჰქონდეს ავტონომია როგორც შინაარსის შერჩევაში, ისე მუშაობის ფორმისა და გზის განსაზღვრაში. ასეთი დაინტერესებით შესრულებული სამუშაო კი უზრუნველყოფს სწავლების პროცესის ეფექტურობასა და პროდუქტიულობას.

პროექტებზე მუშაობა ხელს უწყობს მოსწავლის როგორც აკადემიური, ასევე პიროვნული უნარების განვითარებას; აძლევს მას საშუალებას, დაეუფლოს პრობლემის გადაჭრის სტრატეგიებს, გაიღრმაოს თანამშრომლობის უნარები და განივითაროს დამოუკიდებლად მუშაობის პრაქტიკა; სწავლობს პასუხისმგებლობის აღებას, დროის მართვასა და შემოქმედებით აზროვნებას.

პროექტზე მუშაობისას მოსწავლე აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის მიმღები, ის ხდება შემცნობი, კვლევის ავტორი და აღმოჩენის მონაწილე. ასე იქმნება ნამდვილი ინტელექტუალური შრომის გამოცდილება, რაც მოსწავლეს უყალიბებს მიღებული ცოდნის ღრმად გააზრებისა და გამოყენების უნარებს. მოზარდს შეუძლია დამოუკიდებლად აზროვნება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული მსჯელობა და ინიციატივის გამოჩენა – უნარები, რომლებიც სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება XXI საუკუნის ციფრულ სამყაროში.

სასწავლო-კვლევითი პროექტები ხელს უწყობს თანამშრომლობას, რეფლექსიას, პასუხისმგებლობის გაზიარებასა და თანატოლებისაგან სწავლას; სწავლა-სწავლების პროცესს უფრო ცხოვრებისეულს, აქტიურსა და დატვირთულს ხდის, ისე, როგორც ამას მოითხოვს ჩვენი სწრაფად ცვალებადი, ტექნოლოგიურად გაჯერებული რეალობა.

თანამედროვე ციფრული ეპოქა, რომელსაც თანდათანობით სულ უფრო მეტად განსაზღვრავს ხელოვნური ინტელექტი (AI), განათლების სფეროში აყენებს ახალ საჭიროებებსა და გამოწვევებს. არსებული რეალობის გათვალისწინებით, სასწავლო-კვლევითი პროექტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. AI-ის ეპოქაში ინფორმაცია ადვილად ხელმისაწვდომიამაგრამ მისი გააზრებაკრიტიკული შეფასება და ახალ კონტექსტში ჩასმა – ეს ის უნარებიარომლებიც პროექტებზე მუშაობით ყალიბდება. სწორად დაგეგმვის შემთხვევაში, სასწავლო-კვლევითი პროექტები ახალგაზრდას აყალიბებს, როგორც მკვლევარსა და შემოქმედებითად მოაზროვნეს, მომზადებულს ინოვაციურ და ცვალებად გარემოში ვარირებისთვის. პროექტებზე მუშაობა ავითარებს მოზარდის ციფრულ კომპეტენციებს, რაც უპირობოდ აუცილებელია AI-თან ეფექტური თანაცხოვრებისთვის.

AI-ის ეპოქაში მეტად მნიშვნელოვანია სწავლა კეთებით. ამ დროს მოსწავლე მხოლოდ დამკვირვებელი კი არა, პროცესის აქტიური მონაწილეა. რეალური ექსპერიმენტების ჩატარება, რეალურ კონტექსტში მოფიქრებული და განსაზღვრული დავალებების შესრულება მნიშვნელოვნად ამაღლებს სწავლების ხარისხს. მოზარდი იძენს ცოდნის გამოყენების ტრანსფერულ უნარებს – როგორ დაგეგმოს პროცესი, დააფიქსიროს შეცდომა, გააანალიზოს მონაცემები და შედეგი შეუსაბამოს დასახულ მიზანს; მოზარდი თავად მიდის თეორიულად მასალის პრაქტიკულ გააზრებამდე.

რეალურ ექსპერიმენტებზე დაფუძნებული პროექტი სასწავლო პროცესის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმაა. ის თეორიულ ცოდნას აკავშირებს პრაქტიკულ გამოცდილებასთან და ახალგაზრდას უვითარებს ისეთ უნარებს, რომლებიც აუცილებელია მომავალი წარმატებისთვის. სწავლა კეთებით ქმნის სივრცეს ექსპერიმენტებისთვის, კრეატიული მიდგომებისა და მრავალფეროვანი პასუხებისთვის. ასეთი გამოცდილება კი უფრო მომზადებულს ხდის მოსწავლეს იმ სამყაროსთვის, სადაც ცოდნის უბრალოდ ფლობა საკმარისი აღარაა, საჭირო ხდება მისი გამოყენება, განვითარება და ინტერპრეტაცია.

თუ შევაჯამებთპროექტზე დაფუძნებული სწავლების ეფექტურობა და მნიშვნელობა შეიძლება დავალაგოთ შემდეგნაირად:

  • ავთენტური შეფასება: პროექტზე დაფუძნებული სწავლება საშუალებას იძლევა, ტრადიციულ ტესტირების ნაცვლად, მოსწავლე უფრო ეფექტურად შეფასდეს მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით, როგორებიცაა – პრეზენტაცია, პროექტის შედეგის ანალიზი, შექმნილი მოდელი, ესეი, პორტფოლიო და სხვა;
  • მოსწავლის მომავლისთვის მომზადებაპროექტებით მუშაობა მოზარდს აძლევს საშუალებას, დახვეწოს შესაბამისი სასწავლო ტექნიკები, გაითავისოს ის გამოცდილება და დამოკიდებულებები, რომლებიც აუცილებელია ცვალებად და კონკურენტულ გარემოში წარმატების მისაღწევად;
  • ცოდნის განმტკიცება პრაქტიკით: თეორიული მასალის პრაქტიკული გააზრება ამყარებს ცოდნას და ხელს უწყობს ნასწავლის სიღრმისეულად ათვისებას. ექსპერიმენტების ჩატარებით მოსწავლე უკეთ ხედავს, როგორ მუშაობს კონცეფცია პრაქტიკაში, რაც სწავლებას უფრო ნაყოფიერს ხდის;
  • კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებასასწავლო-კვლევითი პროექტები ხელს უწყობს მოზარდის კრიტიკულ აზროვნებას. მას უწევს პრობლემის იდენტიფიცირება, ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, ექსპერიმენტის დაგეგმვა, მონაცემების შეგროვება, გაანალიზება და დასკვნების გამოტანა. ამ პროცესში ახალგაზრდა სწავლობს, როგორ გაუმკლავდეს მოულოდნელ სირთულეებსა და მარცხს, რაც უმნიშვნელოვანესი უნარია ნებისმიერ სფეროში საქმიანობისთვის;
  • მეცნიერული მეთოდის გაგება და გამოყენება: საკვლევ თემაზე მუშაობისას მოსწავლე უშუალოდ ეცნობა და იყენებს ისეთ ნაბიჯებს, როგორებიცაა – დაკვირვება, კითხვების დასმა, ჰიპოთეზის შემუშავება, ტესტირება, მონაცემთა ინტერპრეტაცია და შედეგების პრეზენტაცია. ეს უნარები ფუნდამენტურია არა მხოლოდ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, არამედ ნებისმიერ სფეროში საქმიანობაში;
  • პრაქტიკული უნარების გამომუშავება: ექსპერიმენტული პროექტები ხშირად მოითხოვს სხვადასხვა მოწყობილობის და ტექნიკის გამოყენებას. იქნება ეს ლაბორატორიული აღჭურვილობა, პროგრამული უზრუნველყოფა, თუ კონკრეტული საველე ინსტრუმენტები. ასეთი მუშაობით კი ახალგაზრდა იძენს ისეთ პრაქტიკულ, ხელშესახებ უნარებს, რომლებიც მას მომავალში გამოადგება;
  • მოტივაციის ამაღლება და ინტერესის გაღვივება: სწავლა ხდება უფრო საინტერესო და მიმზიდველი, როდესაც მოსწავლეს აქვს საშუალება, თავად გამოიკვლიოს და აღმოაჩინოს. კვლევა აღვივებს ცნობისმოყვარეობას და ზრდის მოტივაციას, რადგან მოზარდი უშუალოდ ხედავს თავისი შრომის შედეგს;
  • შეცდომებზე სწავლა და მოქნილობა: რეალურ ექსპერიმენტებში ხშირად ხდება, რომ პროცესები ზუსტად დაგეგმილის შესაბამისად არ ვითარდება. ეს გამოცდილება ახალგაზრდას ასწავლის, რომ შეცდომა არ არის მარცხი, არამედ პიროვნული ზრდის შესაძლებლობაა. ის ეუფლება მოქნილ აზროვნებას და სწავლობს, როგორ დაარეგულიროს და მართოს საკუთარი მიდგომები გაუთვალისწინებელი გარემოებების შემთხვევაში;
  • კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის გაუმჯობესება: პროექტებით სწავლება ბუნებრივად გულისხმობს გუნდურ მუშაობას. მოსწავლეს ეძლევა შესაძლებლობა მეგობრებს გაუზიაროს იდეები, ერთმანეთში გადაინაწილონ პასუხისმგებლობა და ითანამშრომლონ საერთო მიზნის მისაღწევად. ასეთი გამოცდილება ეხმარება ახალგაზრდას, უკეთ გამოხატოს აზრი, თამამად წარუდგინოს სხვებს საკუთარი ნამუშევარი და მიღებული გამოცდილება.

პროექტებზე დაფუძნებული სწავლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს არა მხოლოდ თითოეული მოსწავლის პიროვნულ და აკადემიურ განვითარებაში, არამედ ისეთი საზოგადოების ფორმირებაშიც, რომელიც აზროვნებს კრიტიკულად, ეძებს ახალ გზებს და არ ეშინია ინოვაციური გადაწყვეტილებების.

 სასკოლო პროექტები შეძლება დაიყოს შემდეგ კატეგორიებად:

  • სასწავლოკვლევითი პროექტი:
  • მოითხოვს საკვლევი საკითხის გამოკვეთას, ჰიპოთეზის ჩამოყალიბებას, დამამტკიცებელი და უარმყოფელი არგუმენტების მოძიებას; ჩატარებული სამუშაოს ანალიზს; კვლევის ეფექტური შედეგების მისაღებად, საინტერესო მიდგომების მოფიქრებას;
  • ხელს უწყობს მოზარდში მეცნიერული კვლევების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
  • სოციალური პროექტი:
  • შესაძლოა განხორციელდეს შემდეგ თემებზე – ეკოლოგია, ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, სერვისის გაუმჯობესება, სოციალური ადაპტაცია, განათლება, დასვენების ორგანიზება, შემოქმედება და სხვა;
  • სოციალური პროექტები ხელს უწყობს მოსწავლეთა მოქალაქეობრივად აქტიურ ჩართულობას, პასუხისმგებლობის და ემპათიის უნარების განვითარებას.
  • როლური ხასიათის პროექტი:
  • იდეის ან შედეგის უკეთ გადმოსაცემად იგონებენ სიტუაციებს და დგამენ როლურ თამაშებს, პროექტის თემიდან გამომდინარე ირგებენ სხვადასხვა როლს, მაგ. ლიტერატურული გმირის, ისტორიული პიროვნების, მეცნიერის და სხვ.;
  • როლური პროექტები ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას და მრავალმხრივი გააზრების უნარს.
  • ინფორმაციულშემეცნებითი პროექტი:
  • გულისხმობს ინფორმაციის მოძიებას, კლასიფიკაციას, განხორციელებული სამუშაოების წარმოდგენის ფორმის შემუშავებას, განკუთვნილია ფართო აუდიტორიისთვის, მაგ. ინტერნეტსივრცეში განთავსებისთვის;
  • მიზნად ისახავს კონკრეტული საკითხის შესახებ ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებასა და გაზიარებას. ის ხელს უწყობს ცოდნის გაღრმავებას, ანალიტიკურ აზროვნებას და კომუნიკაციის უნარების განვითარებას.
  • შემოქმედებითი ტიპის პროექტი
  • არ ითხოვს გეგმის დეტალურ გაწერას, მოვლენები ვითარდება მოსწავლეთა მიდგომებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს აქტივობების თავისუფალ და კრეატიულ მიდგომებს;
  • ხელს უწყობს მოზარდის ფანტაზიის, თვითგამოხატვისა და ინდივიდუალური სტილის განვითარებას. ის საშუალებას აძლევს მოსწავლეს, შექმნას ორიგინალური პროდუქტი – იქნება ეს ტექსტი, ნახატი, ესე, მელოდია, სპექტაკლი თუ სხვა.
  • პრაქტიკაზე ორიენტირებული პროექტი:
  • მსგავსი პროექტის ფარგლებში შეიძლება შეიქმნას რაიმე რესურსი (პლაკატი, პოსტერი, მოდელი), რომელიც გამიზნულია პრაქტიკაში გამოსაყენებლად;
  • ხელს უწყობს თეორიული ცოდნის რეალურ სიტუაციებში გამოყენებას და ავითარებს პრაქტიკულ უნარებს, რაც აუცილებელია ყოველდღიური პრობლემების გადასაჭრელად.

 წარმოგიდგენთ სასწავლოკვლევითი პროექტის სტრუქტურას:

პროექტის სახელწოდება 
პროექტის ტიპი 
საგანი (საგნები) 
კლასი 
მონაწილეთა ასაკი 
პრობლემის ანალიზი 
თემა /საკითხები /ქვესაკითხები 
სამიზნე ცნება 
სტანდარტთან კავშირი 
კვლევა – რა ტიპის კვლევას მოიცავს პროექტი 
გრძელვადიანი მიზნები 
მდგრადი განვითარების მიზნები 
პროექტის მიზნები და ამოცანები 
პროექტის ვადები 
მოსალოდნელი შედეგები და რისკები 
პროექტის მიზნების და ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები 
სასარგებლო ბმულები 
გამოყენებული რესურსები 

 

პროექტის გეგმის დასაწერად საჭიროა რამდენიმე პუნქტობრივი განმარტება:

  • პროექტის ტიპი:
  • საგნობრივი  მუშაობა მხოლოდ ერთი საგნის ფარგლებში;
  • ინტრადისციპლინური – ერთსა და იმავე საგნობრივ ჯგუფში სხვადასხვა საკითხის ინტეგრაცია;
  • ინტერდისციპლინური – საერთო მიზნის მისაღწევად, რამდენიმე საგნის (სხვადასხვა საგნობრივი ჯგუფის) შერწყმა;
  • მულტიდისციპლინური – საგნები მონაწილეობენ პარალელურად, ერთმანეთის შინაარსში ჩარევის გარეშე; დისციპლინები შეიძლება გაერთიანდეს როგორც თემის, ისე უნარებისა და დამოკიდებულებების გარშემო;
  • ტრანსდისციპლინური – საგნობრივი საზღვრების გადალახვა რეალური ცხოვრების პრობლემების გადასაჭრელად.
  • პრობლემის ანალიზი:
  • პროექტში უნდა განისაზღვროს კონკრეტული პრობლემა და გამოიკვეთოს, რატომ არის ის საგნობრივად ან სოციალურ დონეზე აქტუალური;
  • საჭიროა პრობლემის მიზეზების და მისი შესაძლო გავლენის ანალიზი;
  • სასწავლო-კვლევით პროექტებში შესასწავლი პრობლემა შეიძლება უკავშირდებოდეს რაიმე სამეცნიერო საკითხის რთულად აღქმას, მის ახსნასა და გააზრებას;
  • რა გზით, რა მეთოდით სჯობს საკითხის მოსწავლემდე მიტანა ისე, რომ გაღვივდეს ინტერესი და გამარტივდეს გააზრება.
  • სამიზნე ცნება:
  • პროექტის გეგმა უნდა პასუხობდეს მესამე თაობის ესგ-ს მოთხოვნას;
  • რომელ გრძელვადიან მიზანთან (სამიზნე ცნებასთან) მიმართებაშია პროექტის ფარგლებში განსახილველი საკითხები/ქვესაკითხები.
  • სტანდარტთან კავშირი:
  • პროექტში უნდა იყოს განსაზღვრული საგნობრივი სტანდარტით მისაღწევი შედეგები.
  • კვლევარა ტიპის კვლევას მოიცავს პროექტი:
  • ინფორმაციის მოძიება და დახარისხება, ანალიზი, ექსპერიმენტის ჩატარება, მოდელზე მუშაობა თუ სხვა პრაქტიკული მოქმედებები;
  • განსაზღვრული უნდა იყოს, კვლევის პროცესში რომელი უნარები განვითარდება, მაგ: დაკვირვება, შეკითხვების დასმა, ჰიპოთეზის შექმნა, მონაცემების ინტერპრეტაცია, დასკვნების გამოტანა, პრეზენტაციის აწყობა, აუდიტორიის წინაშე წარდგენა და სხვა.
  • მდგრადი განვითარების მიზნები:
  • სასურველია, თუ პროექტში გავაკეთებთ ჩანაწერს, მდგრადი განვითარების რომელი მიზნისკენაა მიმართული დაგეგმილი სამუშაო;
  • როგორ უკავშირდება გაეროს მდგრადი განვითარების 17 მიზანს (მაგ., ხარისხიანი განათლება, სუფთა წყალი, კლიმატის ცვლილება, კეთილდღეობა ან სხვ.);
  • მდგრადი განვითარების მიზნების გამოკვეთა პროექტს აქცევს სოციალური ღირებულების მქონედ.
  • გრძელვადიანი მიზნებში
  • უნდა განისაზღვროს, გრძელვადიან პერსპექტივაში რა ტიპის სასწავლო, სააზროვნო უნარების და კომპეტენციების განვითარებას შეუწყობს ხელს პროექტი;
  • როგორ დაეხმარება მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის, კომუნიკაციის, თანამშრომლობისა და შემოქმედებითი მიდგომის გაღრმავებაში;
  • რატომ არის ღირებული? რა მნიშვნელობა აქვს მის შინაარსს მოსწავლის პიროვნული განვითარებისთვის და რეალურ სამყაროში ორიენტაციისთვის.
  • პროექტის მიზნები და ამოცანები:
  • საჭიროა განმარტება საერთო იდეასა და მიმართულებაზე, რომელსაც პროექტი ისახავს, რა მიზანს ემსახურება მუშაობის მთელი პროცესი;
  • ამოცანები, ანუ ის კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც მიზნების მიღწევისთვის უნდა შესრულდეს;
  • საჭიროა ზუსტად ჩამოყალიბდეს, რას უნდა მიაღწიოს პროექტმა შინაარსობრივად, ესგ-სთან მიმართებაში, საგნობრივად და უნარების განვითარების თვალსაზრისით.
  • მოსალოდნელი შედეგები და რისკები
  • რას ველით პროექტისგან მოსწავლეთა ცოდნის, უნარების, დამოკიდებულებების დონეზე (ესგ-ს მიზნების შესაბამისად);
  • რა შესაძლო სირთულეებთან (რისკებთან) შეიძლება დაგვჭირდეს გამკლავება, დროის დეფიციტი, რესურსების ნაკლებობა და სხვ.
  • პროექტის მიზნების და ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობებიეს ნაწილი მოიცავს კონკრეტულ ნაბიჯებს, საქმიანობებსა და მოქმედებებს, რომლებიც საჭიროა მიზნების მისაღწევად:
  • შესაბამისი საქმიანობის დაგეგმვა;
  • სამუშაო შეიძლება იყოს ექსპერიმენტი, კვლევა, შეხვედრა, პრეზენტაცია, მონაცემების ანალიზი და სხვა;
  • პროექტის იდეის და გეგმის კლასისთვის გაცნობა;
  • კლასის დაყოფა ჯგუფებად, საქმიანობის გადანაწილება და მომზადება;
  • პროექტის მიმდინარეობის მონიტორინგი;
  • განხორციელებული სამუშაოს შეჯამება, პრეზენტაციების განხილვა, დისკუსიები და საბოლოო შეჯამება;
  • პროექტის შეფასება წინასწარ შედგენილი შეფასების რუბრიკებით.
  • შეფასების რუბრიკები შეიძლება იყოს განმსაზღვრელი ან განმავითარებელი:
  • სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული;
  • ჰოლისტური, რამდენად მოხდა შემდეგ კომპონენტებში დასახული მიზნის მიღწევა – პრეზენტაციის, შემოქმედებითობის, თანამშრომლობის, კომუნიკაციის, კონფლიქტების მოგვარების, დამოუკიდებლად ექსპერიმენტის ჩატარების უნარები, საიმედოობა, ექსპერიმენტის შედეგის გააზრება, მონაცემების, შედეგების ანალიზი, ინტერპრეტაცია და გამოტანილი დასკვნები, პასუხი საკვლევ კითხვაზე – დადასტურდა თუ არა ჰიპოთეზა.
  • ფინანსური მხარდაჭერის საჭიროების შემთხვევაში პროექტს უნდა ახლდეს ბიუჯეტი:
რესურსის

დასახელება

რაოდენობაერთეულის ღირებულებასულსპონსორის % დახმარება
   

 

  
  • პროექტის რეფლექსია უნდა პასუხობდეს შემდეგ კითხვებს:
  • მოხერხდა თუ არა დასახული მიზნების მიღწევა?
  • რომელი აქტივობები წარიმართა გეგმის შესაბამისად?
  • რომელი ვერ განხორციელდა და რატომ?
  • რომელ კომპონენტში იყო პროექტი ყველაზე წარმატებული?
  • რა სარგებელი მიიღეს პროექტის მონაწილეებმა?
  • რა საჭიროებს გაუმჯობესებას და როგორ?
  • მოხდა თუ არა პროექტის განხორციელების პროცესში აქტივობების დამატება და/ან მოდიფიცირება და რატომ?
  • რას გავითვალისწინებ მომავალში მსგავს პროექტზე მუშაობისას.

პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს თეორიული ცოდნის განმტკიცებას და ავითარებს მოსწავლეთა პრაქტიკულ, კვლევით და პრეზენტაბელურობის უნარებს. ქმნის ნიადაგს მოტივირებული, კრიტიკულად მოაზროვნე და პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდის ჩამოსაყალიბებლად. ნებისმიერ პროექტზე მუშაობა ტოვებს სივრცეს ახალი კითხვებისთვის, იდეებისა და მომავალი კვლევებისთვის, რაც სწავლა-სწავლების მაღალი ხარისხის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია.

https://mastsavlebeli.ge/