Thursday, July 4, 2024

მოსწავლისა და მასწავლებლის “ფლეილისტი”

 მოსწავლეთა ინტერესების კვლევა ჩემი მასწავლებლური საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. რას უსმენენ, უყურებენ, იცვამენ, რა აწუხებთ და უხარიათ – ამ ყოველივეზე დაკვირვება მეხმარება, რომ მოზარდების სამყაროს გავეცნო და ლიტერატურული ტექსტები თუ მეთოდები სწავლების პროცესს მოვარგო. პირველ რიგში, მასწავლებლის ყურადღება ნდობას აღვივებს და გულწრფელობის ხარისხს ზრდის, ამასთანავე, საშუალება გვეძლევა სწავლა-სწავლება უფრო სახალისო გავხადოთ. სამწუხაროდ, ისედაც უამრავი პრობლემის წინაშე დგას ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა: გადატვირთული სახელმძღვანელოები, ლექციური ხასიათის გაკვეთილები, 5-წუთიანი შესვენებები, მრავალრიცხოვანი კლასები, მცირე საგაკვეთილო დრო, სხვადასხვა საგნის საშინაო დავალებები, ქულებზე ღელვა, სასკოლო კვების არქონა…როგორ უძლებენ? – ხშირად ვფიქრობ ჩემი მოსწავლეების შემყურე.  პრობლემების აღმოსაფხვრელად არასათანადო ძალისხმევა, შედეგად, გართულებულ ქცევასა და სწავლისადმი გულგრილობას იწვევს. სწორედ ამ ყოველივეზე მუდმივმა ფიქრმა მიმიყვანა იმ დასკვნამდე, რომ მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გაკვეთილების შეთავაზება სიხარულით ავსებს ბავშვებს.

ამჯერად გიზიარებთ ამბავს ერთი საინტერესო გაკვეთილის შესახებ, რომელიც მე და ჩემმა მეცხრეკლასელმა მოსწავლემ ერთად ჩავატარეთ. გაკვეთილის იდეამდე კი მარიამის მოხატულმა მერხმა მიმიყვანა. როგორც წესი, მერხზე გაკეთებული წარწერები თუ ნახატები მოზარდების თვითგამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. ერთ დღეს მარიამის მერხთან ჩავლისას თვალში მომხვდა მომღერლებისა თუ მუსიკალური ჯგუფების სახელწოდებები და მათზე დაკვირვებისას აღმოვაჩინე, რომ მე და მარიამს ერთნაირი მუსიკალური გემოვნება გვქონია. როცა განწყობის ასამაღლებლად თუ სამწუთიანი ჩანაწერების წერისას მუსიკა გვჭირდებოდა, მარიამის მერხიდან რომელიმე კომპოზიციას ვარჩევდით და ვრთავდით. ასე დავარქვით მარიამის მერხს „ფლეილისტი“.

შემდეგ კი გამახსენდა დღიური, რომელშიც ზუსტად მარიამის ასაკში ვწერდი ჩემი ყოველდღიურობის შესახებ.  2001 წლის ერთ მშვენიერ დღეს დღიურში ჩამიწერია:

„მე 15 წლის თინეიჯერი ვარ. მიყვარს მუსიკა. რაღაც ამ ბოლო ხანებში ჩემს მეგობარს გავებუტე თუ ისინი გამებუტნენ, არ ვიცი, წიგნს ვგულისხმობ. მე მიყვარს მუსიკა. აი, ამ წუთას ვუსმენ გორილაზის „ქლინთ ისთვუდს“. ახლა გეტყვით, ამ პერიოდში ვის ვუსმენ:

Dido – Here with me, Thank you

Gorillaz – Clint Eastwood

Geri Halliwell – It’s Raining Men

Bee gees

Red Hot Chilli Peppers

Depeche Mode – Dream on, Free Love

Shivaree – Goodnight Moon

Hooverphonik – Mad About You

Nelly Furtado – I’m Like A Birdes

Anastacia

Dastiny’s Child

John Lenon – დაუვიწყარია.

მე მიყვარს მუსიკა.“

წარმოიდგინეთ, როგორ გამახარებდა ამ ჩანაწერის მარიამის მერხთან პარალელის გავლების პერსპექტივა. მართლაც უზარმაზარი ინტერესი გამოიწვია, როდესაც მოსწავლეებს მათი თანატოლი მასწავლებლის მუსიკალური გემოვნების შესახებ ვესაუბრე და თვალსაჩინოებად კი ჩემი დღიური გამოვიყენე.

რამდენიმე კვირის განმავლობაში ვგეგმავდით მე და მარიამი გაკვეთილს. თავდაპირველად Youtube-ზე შევქმენით სიმღერების სია და ერთმანეთს გავუზიარეთ, შემდეგ შევარჩიეთ ერთი მუსიკოსი და მისი ბიოგრაფია კლასისთვის წარსადგენად მოვამზადეთ, ხოლო ერთი სიმღერის მიხედვით ჩვენი მოგონებების შესახებ დავწერეთ ტექსტი, რომელსაც საინტერესო ფორმატი შევურჩიეთ, კერძოდ, თაბახის ფურცელზე გადავხატეთ მუსიკალური ვიდეორგოლიდან კადრი და Youtube-ის მახასიათებლები (რამდენი ნახვა და კომენტარი ჰქონდა ვიდეორგოლს, როდის იყო ატვირთული…) მივუთითეთ.

ვფიქრობ, წინასაგაკვეთილო სამზადისმა 14 წლის მოსწავლესთან უფრო მეტად დამაახლოვა, ამასთანავე, დროდადრო, კლასს ვუზიარებდით ჩვენი ჩანაფიქრის შესახებ და მათაც გადაედოთ დადებითი მუხტი. ჩვენი მიზანი იყო, ბავშვები დაგვეფიქრებინა მუსიკალური გემოვნებისა და მოსწავლე-მასწავლებლის ინტერესების გადაკვეთის წერტილზე.

გაკვეთილმა შემდეგი თანმიმდევრობით ჩაიარა:

  • გაკვეთილის იდეისა და მიზნის გაცნობა;
  • პრეზენტაცია სლაიდშოუს სახით საყვარელი მუსიკოსის შესახებ;
  • ერთი სიმღერის მოსმენა, ვიდეორგოლის ჩვენება და ჩანაწერის წაკითხვა;
  • ვიდეორგოლის ქვეშ თანდართული კომენტარებიდან ერთი კომენტარის აუდიტორიისთვის გაცნობა;
  • კლასს საშინაო დავალებად შევთავაზეთ, მათაც გაეხსენებინათ ერთი მნიშვნელოვანი მოგონება საყვარელი სიმღერის ირგვლივ და დაეწერათ.

ჩემი შერჩეული სიმღერა დღიურის ჩანაწერში არ მქონდა მითითებული, თუმცა იმდენად ძვირფასი მოგონება ამომიტივტივდა, გულმა მისკენ გამიწია. ეს იყო ამერიკელი მომღერლის, მობის, სიმღერა სახელად – Natural Blues. ვიდეორგოლის შინაარსი ეხება ადამიანის ცხოვრებას. მთავარი გმირი თავად მომღერალია, რომელიც საავადმყოფოს მისაღებში ტელევიზორში უყურებს თავისი ცხოვრების კადრებს სიბერიდან დაბადებამდე. მუსიკას, სიმღერის ტექსტს, ვიდეორგოლის ვიზუალურ შინაარსს მსმენელში სევდიანი განწყობა შემოაქვს და თან ყოველი წუთის დაფასებისკენ გიბიძგებს, რადგან მხოლოდ მომავალზე ფიქრი აწმყოში განსაცდელ სიხარულს აუფერულებს. 14-15 წლისა ვიდეორგოლის ყურებისას სევდაზე სულ არ ვფიქრობდი, პირიქით, სიმღერა ფიქრისა და ანალიზის გარეშეც ძალიან მიყვარდა და ჩემი ბავშვობის მეგობართან ერთად ხშირად ვუსმენდი.

ჩემმა თინეიჯერობამ კი სწორედ იმ დროში ჩაიარა, როცა მუსიკას მხოლოდ რადიოს ან ამერიკული არხის, Mtv-ის, საშუალებით ვუსმენდით. გადახვევისა და ამგვარად მრავალჯერადად მოსმენის ბედნიერება სად იყო, ამიტომ კიდევ უფრო მეტად გვიხაროდა მოულოდნელად საყვარელი სიმღერის მოსმენა.

როგორ ინახავს მუსიკა ჩვენი ცხოვრების განსაკუთრებულ მომენტებს, ამაზეც ხშირად უნდა ვესაუბროთ, რადგან გაკვეთილის შემდეგ უკუკავშირისას აღმოვაჩინე, რომ ბავშვების უმრავლესობა მუსიკას არ უსმენს, არ იცნობს მუსიკალურ ჟანრებს და საერთოდ არ გამოხატავს ინტერესს. მჯერა, რომ მათთვის ჩემი და მარიამის შერჩეული მუსიკის გაცნობა უკვალოდ არ ჩაივლის და სადღაც აუცილებლად იჩენს თავს. როგორც მკითხველად ჩამოყალიბებისას ვთავაზობთ სხვადასხვა სტრატეგიას, ასევე უნდა ვიზრუნოთ ბავშვების ცნობიერების ასამაღლებლად მუსიკის, მხატვრობის, სპორტის მიმართულებით. რაც უფრო მრავალფეროვანი ინტერესი ექნება მოზარდს, მით უფრო მშვიდად გადალახავს  პუბერტატის რთულ პერიოდს.

მოგონება ერთი სიმღერის ირგვლივ

„22 წლის წინ სააღდგომო არდადეგებზე ჩემმა მეგობარმა იმერეთის სოფელ ჩხარში დამპატიჟა. დიდი, წითელი ავტობუსით გავემგზავრეთ ტასოს დედის, ნათელა დეიდას, სოფელში. იქ ოლია – ანასტასიას გამზრდელი ბებია ცხოვრობდა. ჩემი მეგობარი გიჟდებოდა ოლიაზე, ჩხარის სახლზე. სიხარულით იყო სავსე, მეც რომ მაზიარა თავის საყვარელ გარემოს.

მე და ტასო ბევრს ვიცინოდით, ვვარჯიშობდით, ოლია ბებოს სახლი დავულაგეთ და ისიც გვაქებდა. მახსოვს, ფხვიერი  ნამცხვარი გამოგვიცხო უგემრიელესი ხილფაფით, მას შემდეგ სულ მენატრება იმ ნამცხვრის გემო. აღდგომის შემდეგ დღეს სასაფლაოზე გავყევი ტასოს. სოფლის შარაგზაზე მივდიოდით საკუთარი ცხოვრებითა და გარეგნობით უკმაყოფილო 15 წლის გოგოები, მაგრამ ყველაზე ლაღები და ბედნიერები. მივდიოდით და მობის სიმღერის მისამღერს ჩვენი გამოგონილი ფაზებით ვმღეროდით. ახლა, 22 წლის შემდეგ, ჩემი სახლის სამზარეულოში ვზივარ, ვწერ და ვიხსენებ იმ დღეს, ვუსმენ მობის და ისევ ჩხარში ვარ, 15 წლის, ჩემს უსაყვარლეს მეგობართან ერთად შარაგზაზე მივდივარ და გულიანად ვიცინი.

ჩემი მოგონების გამოხმობისას კიდევ ერთხელ დავფიქრდი, როგორი მაგიური ძალა აქვს მუსიკას – ემოციების გაცოცხლების, დროში მოგზაურობის, მოუხელთებელი განცდებისა და შეგრძნებების წამოშლის, ძვირფასი ადამიანებისადმი სიყვარულის გამძაფრების“.

 

ეს ჩანაწერი წავუკითხე კლასს, მარიამმა კი ქართული ჯგუფი Skazz გაგვაცნო და მათი ერთ-ერთი სიმღერის Egoist-ის შესახებ შემდეგი ჩანაწერი გაგვიზიარა:

„მეტროში ვარ. ნერვები მაქვს ძალიან მოშლილი. Skazz-ის სიმღერას ვუსმენ ბოლო ხმაზე ისე, რომ არაფერი მესმის. უცებ ვიღაც მთვრალი კაცი მადგება, ვერ ხედავ, აქ კაცი რომ დგას და უნდა დასვაო? მე კიდევ გაბრაზებულზე ვუპასუხე, არანაირად არ ვარ ვალდებული-მეთქი, თქვენ რა გაწუხებთ, იმას რომ პრობლემა ჰქონდეს, გაიჭირვებდა და მაინც დაჯდებოდა-მეთქი, თან იქით თავისუფალი ადგილი იყო და ვუთხარი, თუ მაინც და მაინც დაჯდომა უნდა, იქაც დაჯდებოდა-მეთქი. შემდეგ მკითხა, რამდენი წლის ხარო. ვუთხარი, 14-ის-მეთქი და თავი გადააქნია. გვერდით ქალი მეჯდა, დგებოდა, რომ დაესვა, ბავშვს შეეშვი, აგერ აქ დაჯექიო და იმ კაცმა უპასუხა, არაო, მე დაჯდომაზე არ მაქვს საუბარი, ამისთვის მშობლებს უნდა ესწავლებინათ და სათანადოდ აღეზარდათო. ვუთხარი, თქვენ ჩემს მშობლებს ნუ ეხებით, არ გაბედოთ და ჩემს მშობლებზე არ ილაპარაკოთ-მეთქი, თქვენ არ იცით და არ იცნობთ ჩემს მშობლებს, არ იცით, ვისი გაზრდილი ვარ, თორემ მაგას არ იტყოდით-მეთქი და ამის მერე ხმა ვეღარ ამოიღო. მე კიდევ ჩამოვედი მარჯანიშვილზე და წავედი. მთელი გზა იმ კაცთან საუბარზე ვფიქრობდი და თან ამ სიმღერას ვუსმენდი“.

ჩემი და მარიამის მოფიქრებულმა დავალების გაზიარებამ სხვებსაც გაუღვივა წერის სურვილი. საინტერესო იყო მათი შერჩეული სიმღერების მოსმენა და მოგონებების წაკითხვა. ამ აქტივობით კიდევ უფრო ახლოს გავიცანი თითოეული მათგანი. 14-15 წლის მოზარდების ნაწერებმა შემახსენა, თუ როგორი ფაქიზი დამოკიდებულება სჭირდებათ ურთიერთობისას და როგორ მძაფრად განიცდიან ყველაფერს.

აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მოსწავლისა და მასწავლებლის სიმღერათა ნუსხაში შევნიშნეთ გადაკვეთის წერტილები, რადგან ის, რასაც მათ ასაკში ვუსმენდი, ისინიც უსმენენ და ჩემთვისაც ნაცნობი იყო რამდენიმე სიმღერა. ვფიქრობ, ეს გაკვეთილი დაუვიწყარი იქნება ჩემთვისაც და მარიამისთვისაც. მუსიკამ დაგვაახლოვა და ერთმანეთის სამყაროში გვამოგზაურა.

15 წლის ლელას სიმღერების სია:

https://www.youtube.com/playlist?list=PLoIliAHxgn-2nuP8kCRDSjPSm489ufBZJ

14 წლის მარიამის სიმღერების სია:

https://www.youtube.com/playlist?list=PLRC65d5x9uLBnk7-eGyaFxSTYqw5p20ww

 

 

 

14 წლის მარიამის მერხი – 2024 წელი

მოსწავლე


წყარო https://mastsavlebeli.ge/

 

15 წლის ლელას დღიურის ჩანაწერი – 2001 წელი

მასწავლებელი

 

 

 

 

ხელოვნური ინტელექტი და სასკოლო განათლება

 ეროვნული სასწავლო გეგმის მისიაა მოსწავლის ჰოლისტური განვითარება. ამისათვის სკოლამ უნდა უზრუნველყოს სისტემური აკადემიური ცოდნის კონსტრუირება. მოსწავლემ უნდა შეძლოს ინფორმაციის გააზრება საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით; აზრის, იდეის ჩამოყალიბება; კანონზომიერებების აღმოჩენა და მოდელირება ახალ სიტუაციასთან მიმართებით; სასწავლო მასალის მეცნიერულ კონტექსტში გააზრება; სასწავლო ამოცანებისა და ცხოვრებისეული პრობლემების წარმატებით გადაჭრა მრავალფეროვანი სტრატეგიებისა და მიდგომების საშუალებით.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებში მნიშვნელოვანია სიღრმისეული სწავლა-სწავლება; მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურება; ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირება; ცოდნათა ურთიერთდაკავშირება და ორგანიზება; სწავლის სტრატეგიების დაუფლება (სწავლის სწავლა); მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის შეძენა,  კრიტიკული,  ანალიტიკური  აზროვნება  და  შემოქმედებითობა.

21-ე საუკუნეში სწავლა-სწავლების პროცესი სულ უფრო მეტ საჭიროებას ავლენს  ვირტუალური და სიმულაციური შესაძლებლობების გამოყენების თვალსაზრისით.  ხელოვნური ინტელექტის გავლენა განათლებაში მნიშვნელოვანი და შორსმიმავალია.

ხელოვნური ინტელექტი (AI) არის პროგრამული უზრუნველყოფის ინტელექტი. AI-ტექნოლოგია ფართოდ გამოიყენება ინდუსტრიასა და მეცნიერებაში. ხელოვნური ინტელექტი (AI) კომპიუტერული ალგორითმია, რომელიც ასრულებს ისეთ ინტელექტუალურ ქმედებებს, რომლებიც დამახასიათებელია მხოლოდ ადამიანისთვის. მისი სისტემები შექმნილია მონაცემების აღქმისა და ინტერპრეტაციისთვის, მრავალმხრივი მსჯელობისა და მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მისაღებად. ეს სისტემები მიზნად ისახავს ადამიანის შემეცნებითი შესაძლებლობების გამეორებას ან სიმულაციას, რაც მათ საშუალებას აძლევს, გადაჭრან პრობლემები და დაუკავშირდნენ სამყაროს ისეთი გზებით, რომლებიც მიმსგავსებულია ადამიანის ინტელექტთან.

AI-ს აქვს პოტენციალი, მოახდინოს რევოლუცია სწავლების ტრადიციულ მეთოდებში, გააძლიეროს მოსწავლეთა ჩართულობა და გააუმჯობესოს სწავლის შედეგები ყველა საგნობრივი მიმართულებით. თანდათან იზრდება AI-ს  ინტეგრაცია სკოლებში. განსაკუთრებულია ხელოვნური ინტელექტის  მეთოდების STEM-სწავლებაში  ჩართვა.

ევროპის საბჭო ხელოვნურ ინტელექტს ასე განმარტავს: „მეცნიერების, თეორიების, ტექნოლოგიების ერთობლიობა, რომლის მიზანია ადამიანის კოგნიტური უნარების  მანქანის მიერ რეპროდუცირება. არსებული განვითარების დონის გათვალისწინებით, ხელოვნური ინტელექტი ნიშნავს ადამიანის მიერ გასაკეთებელი რთული ინტელექტუალური დავალებების მანქანისთვის დელეგირებას“.

AI არის ციფრული სამყაროს განუყოფელი ნაწილი. AI-ის შესახებ სწავლება მედიაწიგნიერების კონტექსტში ხელს უწყობს სრულყოფილი ციფრული ცოდნის განვითარებას, რომელიც სულ უფრო მეტად ვრცელდება ყოველდღიური ცხოვრების სხვადასხვა ასპექტზე.

გამოთქმა „ხელოვნური ინტელექტი“, ინგლისურად Artificial Intelligence (AI) – პირველად ოფიციალურად გამოიყენეს 1955 წელს. ხელოვნური ინტელექტის პირველ პროგრამას  შეეძლო ჭადრაკის თამაში. 1997 წელს  IBM-ის სუპერკომპიუტერმა  (Deep Blue) დაამარცხა მსოფლიო ჩემპიონი გარი კასპაროვი.

ალან მატისონ ტურინგი იყო პირველი, ვინც ჩაატარა არსებითი კვლევა იმ სფეროში, რომელსაც მან უწოდა „მანქანური დაზვერვა“. ხელოვნური ინტელექტი, როგორც აკადემიური დისციპლინა, დაარსდა 1956 წელს. ინტერესი ხელოვნური ინტელექტის მიმართ საგრძნობლად გაიზარდა  21-ე საუკუნეში. შეერთებულ შტატებში კომპანიები, უნივერსიტეტები და ლაბორატორიები დიდწილად დაფუძნებულია  ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენებაზე.

ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია შეასრულოს ამოცანები, რომლებიც მოითხოვს ადამიანის ინტელექტს. ეს ამოცანები მოიცავს პრობლემის გადაჭრას, მეტყველების ამოცნობას, გადაწყვეტილების მიღებას და სწავლას. AI-სისტემები შექმნილია მონაცემების ანალიზისა და ინტერპრეტაციისთვის, შაბლონების იდენტიფიცირებისთვის, მათ მიერ შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე პროგნოზების ან რეკომენდაციების გასაკეთებლად.

ხელოვნურმა ინტელექტმა რევოლუცია  მოახდინა სხვადასხვა ინდუსტრიაში. შესაბამისად, თანდათან მნიშვნელოვანი ხდება მისი როლი და ფუნქცია განათლებაში. AI განსაკუთრებულ როლს ასრულებს საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებაში. ბოლო წლებში ხელოვნურმა ინტელექტმა გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ფიზიკის სწავლა-სწავლების გზების გასამრავალფეროვნებლად. სწავლების მეთოდების გაუმჯობესებიდან დაწყებული რთული ფენომენების ინტერპრეტაციამდე, AI-ს აქვს პოტენციალი, მოახდინოს რევოლუცია ფიზიკის განვითარებაში და ხელი შეუწყოს ახალ აღმოჩენებს რეალური სამყაროს შესახებ. ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებისა და გამოთვლითი სიმძლავრის გამოყენებით, მკვლევრებსა და მეცნიერებს შეუძლიათ, გააანალიზონ დიდი რაოდენობით მონაცემები. ეს კი იძლევა საშუალებას ბუნებრივ პროცესებზე ახალი შეხედულებებისა და კონცეფციების ჩამოსაყალიბებლად.

დიდი  მნიშვნელობა  ენიჭება  ხელოვნურ ინტელექტს ფიზიკის თანამედროვე მეთოდებით  შესწავლაში.  მნიშვნელოვანია იმ პოტენციური სარგებლისა და გამოწვევების განხილვა-გააზრება, რომელიც მოჰყვება AI-ს ფიზიკის სწავლებაში  ინტეგრირებას. AI-ზე ორიენტირებული განათლება უპირველესად გულისხმობს პედაგოგთა შესაძლებლობების გაზრდას  ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დასაძლევად. შესაბამისი სფეროს სპეციალისტებმა  უნდა აჩვენონ  წარმატებული მაგალითები,  სადაც განხილული იქნება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ფიზიკისა და ბუნების კვლევების სფეროში.

AI-ზე მომუშავე სისტემებს შეუძლიათ ინდივიდუალურად შეაფასონ  მოსწავლის ძლიერი და სუსტი მხარეები, მოარგონ გაკვეთილები კონკრეტული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და უზრუნველყონ რეალურ დროში უკუკავშირი. დიფერენცირებული მიდგომა ეხმარება მოსწავლეს, რთული ცნებები აითვისოს  უფრო ეფექტურად, საკუთარი ტემპის შესაბამისად. ხელოვნური ინტელექტის სისტემებს შეუძლიათ უზრუნველყონ დაუყოვნებელი უკუკავშირი და განსაზღვრონ ის სფეროები, სადაც შეიძლება საჭირო გახდეს დამატებითი მხარდაჭერა. AI ეხმარება მოზარდს, თვალყური ადევნოს საკუთარ პროგრესს და შეასრულოს საჭირო კორექტირება ფიზიკის ცნებების სიღრმისეულად გასააზრებლად. AI-ს შეუძლია რევოლუცია მოახდინოს შეფასების პროცესში ადაპტაციური შეფასებების მიწოდებით, რომლებიც მოსწავლის ინდივიდუალურ შესაძლებლობაზე დაყრდნობით არეგულირებს სირთულის დონეს და შინაარსს.

ფიზიკის სწავლების კონტექსტში AI-ს შეუძლია გადამწყვეტი როლი ითამაშოს აბსტრაქტული და რთული პრინციპების გაგებაში. მანქანური სწავლების ალგორითმების გამოყენებით, ხელოვნური ინტელექტის სისტემებს შეუძლიათ დაამუშაონ დიდი რაოდენობით მონაცემები და ამოიცნონ ისეთი შაბლონები, რომლებიც შეიძლება არ იყოს აშკარა დამკვირვებლებისთვის. ეს შესაძლებლობა  ახალგაზრდას  ეხმარება, უფრო ღრმად გაიაზროს ფიზიკის კანონები და შეძლოს მათი ეფექტურად გამოყენება.

AI-ის ფუნქცია  განათლებაში სცილდება სწავლების ტრადიციულ მეთოდებს.  ხელოვნური ინტელექტის სისტემებს შეუძლიათ უზრუნველყონ ვირტუალური სიმულაციები და ექსპერიმენტები, რაც მოსწავლეს  საშუალებას აძლევს, შეისწავლოს სამეცნიერო კონცეფციები პრაქტიკული და ინტერაქტიური გზით. ამ სიმულაციებს შეუძლიათ რეალური სამყაროს შესატყვისი სცენარების გამეორება, რაც უადვილებს მოზარდს, დააკვირდეს და გააანალიზოს ფიზიკური პროცესები სხვადასხვა პირობებში. გარდა ამისა, AI-ს შეუძლია დახმარება მონაცემთა ანალიზში, ექსპერიმენტული შედეგების ინტერპრეტაციასა და მნიშვნელოვანი დასკვნების გამოტანაში.

AI განაგრძობს განვითარებას და გაუმჯობესებას, მისი როლი განათლებაში უდავოდ გაფართოვდება. AI-ის ინტეგრაციას ფიზიკის სწავლებაში აქვს პოტენციალი, მოახდინოს რევოლუცია სწავლების ტრადიციულ მეთოდებში. მრავლისმომცველია  ხელოვნური ინტელექტის ჩართვის მეთოდები ფიზიკის  სწავლებასა და განვითარებაში:

  • AI-ზე მომუშავე ვირტუალური ლაბორატორიები და სიმულაციები საშუალებას აძლევს მოზარდს, ჩაატაროს ფიზიკის ექსპერიმენტები კონტროლირებად ირეალურ გარემოში. ამ სიმულაციებს შეუძლიათ რეალურ სამყაროში არსებული სცენარების გამეორება, რაც იძლევა შესაძლებლობას, ახალგაზრდამ გამოიკვლიოს და გაიგოს რთული ცნებები პრაქტიკული გამოცდილების საშუალებით.
  • AI-ზე ორიენტირებული ინტელექტუალური სწავლების სისტემებს შეუძლიათ უზრუნველყონ სწავლების დიფერენცირებული საჭიროება და მხარდაჭერა. ამ სისტემებს შეუძლიათ ადაპტირდნენ სწავლის ინდივიდუალურ სტილთან (ვიზუალი, აუდიალი, კინესთეტი), შეაფასონ მოსწავლის ცოდნის ხარვეზები და მიაწოდონ მიზანმიმართული ინსტრუქცია და სავარჯიშოები.
  • ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები შეიძლება გამოყენებულ იქნას ბუნებრივი ენის დამუშავების სისტემების შესაქმნელად, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, ურთიერთქმედება ჰქონდეთ ფიზიკის შინაარსთან ხმოვანი ბრძანებების ან ტექსტის შეყვანის საშუალებით. ეს იძლევა  საშუალებას უფრო ინტუიციური და სასაუბრო გამოცდილების მისაღებად.
  • AI-ს შეუძლია დახმარება ფიზიკის კვლევებში ან ექსპერიმენტებში დიდ მონაცემთა ნაკრების ანალიზის გასაკეთებლად. მას შეუძლია განსაზღვროს შაბლონები, ტენდენციები და კორელაციები, რომლებიც შეიძლება ადვილად შესამჩნევი არ იყოს ადამიანის თვალისთვის. AI-ზე მომუშავე მონაცემთა ვიზუალიზაციის ინსტრუმენტებს ასევე შეუძლიათ წარმოადგინონ რთული მონაცემები უფრო ხელმისაწვდომი და გასაგები სახით.
  • AI-ალგორითმებს შეუძლიათ გააანალიზონ მონაცემთა დიდი ნაკრები, მათ შორის ექსპერიმენტული შედეგები და დაკვირვებები, რათა დადგინდეს შაბლონები და კორელაციები. ეს საშუალებას აძლევს მკვლევრებს, აღმოაჩინონ ფარული ურთიერთობები და მიიღონ ინფორმაცია ფიზიკის ფუნდამენტურ კანონებზე.

ხელოვნური ინტელექტი ეხმარება მეცნიერებას ბუნებრივი მოვლენების ინტერპრეტაციასა და პროგნოზირებაში. AI-ს შეუძლია დახმარება რთული გამომთვლელი მოდელების შემუშავებაში, რომლებიც შეისწავლის ბუნებრივ მოვლენებს. ცნობილი ფიზიკური კანონებისა და პრინციპების გამოყენებით,  ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერით  შესაძლებელია დასაკვირვებელი პროცესების წინასწარ განსაზღვრა და ახსნა.

AI-ტექნიკას შეუძლია სხვადასხვა წყაროდან  გააანალიზოს სურათები და სიგნალები. შეუძლია გამოსახულების და სიგნალის დამუშავება, მათ შორის ტელესკოპებიდან და ნაწილაკების დეტექტორებიდან. ეს საშუალებას აძლევს მკვლევრებს, დაადგინონ ციური ობიექტები, აღმოაჩინონ ნაწილაკები და მიიღონ ღირებული ინფორმაცია სამყაროში მიმდინარე ფიზიკური პროცესების შესახებ.

AI-ზე მომუშავე მოდელებს შეუძლიათ კომპლექსური ბუნებრივი სისტემების სიმულაცია, როგორიცაა კლიმატის შაბლონები ან ასტროფიზიკური მოვლენები. მონაცემებზე ორიენტირებული მიდგომების ცნობილ ფიზიკურ კანონებთან კომბინირებით, AI-ს შეუძლია ზუსტი პროგნოზების გენერირება და დახმარება ბუნებრივი მოვლენების გაგებაში.

ხელოვნური ინტელექტის ალგორითმებს შეუძლიათ გადაამოწმონ დიდი რაოდენობით მონაცემები და საფუძველი ჩაუყარონ ახალ შეხედულებებს, რომლებიც შეიძლება დაუყოვნებლივ არ იყოს აშკარა მკვლევრისთვის.  ამ მონაცემებზე ორიენტირებულმა მიდგომამ შეიძლება ფიზიკის სფეროში შექმნას ახალი შესაძლებლობები და აღმოჩენები.

AI-ის მომავალი ფიზიკის განვითარებაში და ბუნებრივი კანონების შესწავლაში  ფლობს ტრანსფორმაციული წინსვლის უზარმაზარ პოტენციალს. ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო და უფრო ინტეგრირდება ფიზიკის სასწავლო პროგრამებში, მსოფლიოს ბევრი სკოლა იყენებს ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერილ ინსტრუმენტებსა და აპლიკაციებს.

ფიზიკის სწავლებაში იზრდება ვირტუალური რეალობის (VR) და გაძლიერებული რეალობის (AR) გამოყენება. ეს ტექნოლოგიები უზრუნველყოფს ინტერაქტიურ და რეალისტურ სიმულაციებს, რაც საშუალებას აძლევს მოზარდებს, გამოიკვლიონ და წარმოიდგინონ  ფიზიკის შესაცნობად რთული პრინციპები. AI-ზე მომუშავე ინსტრუმენტებს, როგორიცაა ვირტუალური სიმულაციები და გათამაშებული სწავლის გამოცდილება, შეუძლია, გააძლიეროს მოსწავლეთა ჩართულობა და მოტივაცია ფიზიკის უკეთ შესასწავლად. ეს სწავლის პროცესს გახდის უფრო სასიამოვნოს; AI მოზარდს მეტად გაუღვივებს ინტერესს საგნის მიმართ.

AI-ს აქვს პოტენციალი, ფიზიკის შესწავლის პროცესი გახადოს მეტად ხელმისაწვდომი და ინკლუზიური; შეუძლია დაეხმაროს ახალგაზრდას, რომელიც არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან აქვს ენის ფლობის ბარიერი. ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მთარგმნელობითი ინსტრუმენტები ხელს შეუწყობს ენის შესწავლას, რაც  მთელ მსოფლიოში უზრუნველყოფს  მოზარდებისთვის ფიზიკის სწავლებას.

რამდენადაც ხელოვნური ინტელექტი უფრო ინტეგრირებული ხდება ფიზიკის სასწავლო კურსებში, უნდა იქნას გათვალისწინებული ეთიკური მოსაზრებები. ისეთი საკითხები, როგორიცაა მონაცემთა კონფიდენციალურობა, ალგორითმის მიკერძოება და ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობით გამოყენება, საჭიროებს გულდასმით მონიტორინგს და რეგულირებას, რათა უზრუნველყოფილ იქნას სამართლიანი საგანმანათლებლო პრაქტიკა.

AI-ზე ორიენტირებული მომავლისთვის ფიზიკის სწავლებაში აუცილებელია მასწავლებელთა ტრენინგი და პროფესიული განვითარება.  მასწავლებლები უნდა იყვნენ აღჭურვილნი საჭირო უნარებითა და ცოდნით, რათა მიზანმიმართულად მოახერხონ ხელოვნური ინტელექტის ფიზიკის საკითხებთან ინტეგრაცია. მასწავლებელთა მომზადების პროგრამები და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები ფოკუსირებული უნდა იყოს AI-წიგნიერებაზე, პედაგოგიურ სტრატეგიებსა და ეთიკურ მოსაზრებებზე.

ფიზიკის სწავლებისას AI-ზე მომუშავე ეფექტური ინსტრუმენტებისა და აპლიკაციების შესაქმნელად გადამწყვეტია პედაგოგებისა და ხელოვნური ინტელექტის ექსპერტების თანამშრომლობა. მასწავლებლებს შეუძლიათ ერთობლივად დაამუშაონ ღირებული ინფორმაცია სპეციფიკურ საჭიროებებსა და გამოწვევებზე, ხოლო ხელოვნური ინტელექტის ექსპერტებს შეუძლიათ შეიტანონ თავიანთი ტექნიკური წვლილი.

განათლების სფეროს წარმომადგენლებმა უნდა შეიმუშაონ ეთიკური სახელმძღვანელო მითითებები და რეგულაციები, რათა უზრუნველყონ განათლებაში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლობით გამოყენება. ეს მოიცავს მონაცემთა კონფიდენციალურობის დაცვას, გადაწყვეტილების მიღებისას გამჭვირვალობას და ალგორითმული მიკერძოების მოგვარებას.

ფიზიკაში ხელოვნური ინტელექტის სრული პოტენციალის გამოსაყენებლად აუცილებელია უწყვეტი კვლევა და ინოვაცია. მიმდინარე კვლევებმა უნდა განსაზღვროს ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაციის ეფექტურობა, გამოიკვლიოს AI-ზე ორიენტირებული სწავლების ახალი მეთოდები და შეაფასოს მისი გავლენა მოსწავლის სწავლის შედეგებზე.

ხელოვნურმა ინტელექტმა დიდი როლი შეასრულა ფიზიკის თანამედროვე კვლევებში:

CERN-ის დიდი ადრონული კოლაიდერი  LHC, მსოფლიოში ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი ნაწილაკების ამაჩქარებელი, წარმოქმნის მასიური რაოდენობის მონაცემებს. AI-ალგორითმები გამოიყენება ამ მონაცემების გასაანალიზებლად, იშვიათი მოვლენების ან შაბლონების იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც შეიძლება მიუთითებდეს ახალი ნაწილაკების ან ფენომენების არსებობაზე.  AI-მ გადამწყვეტი როლი ითამაშა 2012 წელს ჰიგსის ბოზონის აღმოჩენაში.

AI გამოიყენება კვანტური გამოთვლის სფეროში კვანტური ალგორითმების ოპტიმიზაციის, კვანტური სისტემების სიმულაციისა და რთული კვანტური მდგომარეობის გასაანალიზებლად. ხელოვნური ინტელექტის ტექნიკა მკვლევრებს ეხმარება, გაუმკლავდნენ გამოწვევებს, რომლებიც დაკავშირებულია პრაქტიკული კვანტური კომპიუტერების შემუშავებასა და კვანტური მექანიკის ფუნდამენტური პრინციპების გაგებასთან.

მნიშვნელოვანია AI  გარემოსდაცვით კვლევებსა და კლიმატის ცვლილებაში:

ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება კლიმატის დახვეწილი მოდელების შესაქმნელად, რომლებიც ახდენენ კლიმატის ნიმუშების სიმულაციას და პროგნოზირებას. ეს მოდელები აანალიზებენ მონაცემებს, აერთიანებენ ფიზიკურ კანონებს და განიხილავენ სხვადასხვა ფაქტორებს, როგორიცაა სათბურის გაზების ემისიები და ოკეანის დინებები. ხელოვნური ინტელექტის მქონე კლიმატის მოდელები გვეხმარება კლიმატის ცვლილების გაგებაში, მომავალი სცენარების პროგნოზირებასა და გადაწყვეტილების მიღებაში.

ხელოვნური ინტელექტი გამოიყენება ბიომრავალფეროვნების კვლევებში დიდი მონაცემთა ბაზის გასაანალიზებლად, როგორიცაა სატელიტური სურათები და საველე დაკვირვებები, ეკოსისტემების მონიტორინგისთვის და მათ დასაცავად. AI-ალგორითმებს შეუძლიათ სახეობების იდენტიფიცირება, პოპულაციის დინამიკისთვის თვალყურის დევნება და ჰაბიტატის პირობებში ცვლილებების აღმოჩენა. ეს ინფორმაცია გადამწყვეტია კონსერვაციის მცდელობებისთვის და ბიომრავალფეროვნებაზე ადამიანის საქმიანობის გავლენის გასაგებად.

დიდია ხელოვნური ინტელექტის როლი კოსმოსის კვლევასა და ასტროფიზიკაში. ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები გამოიყენება ტელესკოპების მიერ შეგროვებული ასტრონომიული მონაცემების გასაანალიზებლად, ეგზოპლანეტების იდენტიფიცირებისთვის (პლანეტები ჩვენი მზის სისტემის მიღმა). ხელოვნური ინტელექტის მეთოდები იძლევა დახვეწილი სიგნალების აღმოჩენის საშუალებას, რომლებიც მიუთითებენ ეგზოპლანეტების არსებობაზე მონაცემთა უზარმაზარ ბაზაში. ამან გამოიწვია მრავალი ეგზოპლანეტის აღმოჩენა და გააფართოვა ჩვენი ცოდნა პლანეტარული სისტემების შესახებ.

ხელოვნური ინტელექტის ალგორითმები გამოიყენება კოსმოსური მოვლენების აღმოსაჩენად და კლასიფიკაციისთვის, როგორიცაა სუპერნოვა და გრავიტაციული ტალღები. ტელესკოპებისა და დეტექტორების დიდი რაოდენობით მონაცემების ავტომატურად გაანალიზებით, ხელოვნური ინტელექტის სისტემებს შეუძლიათ იშვიათი და მნიშვნელოვანი მოვლენების იდენტიფიცირება, რაც ხელს შეუწყობს  სამყაროს შესახებ ცოდნის გაღრმავებას.

კვლევები აჩვენებს ხელოვნური ინტელექტის წარმატებულ ინტეგრაციას ფიზიკისა და ბუნების კვლევებში, რაც მეცნიერებაში რევოლუციური აღმოჩენების საშუალებას იძლევა. ხელოვნური ინტელექტის გამოთვლითი სიმძლავრისა და შაბლონის ამოცნობის შესაძლებლობების გამოყენებით, მკვლევრებს შეუძლიათ, გამოიკვლიონ ახალი შეხედულებები, იწინასწარმეტყველონ ბუნებრივი მოვლენები და წვლილი შეიტანონ  ფუნდამენტურ აღმოჩენებში.

ხელოვნური ინტელექტის საშუალებით მოსწავლეები შეიძენენ ცოდნას ტექნოლოგიებისა და ალგორითმების შესახებ. ეს ცოდნა მათ საშუალებას მისცემს, ეფექტურად  და კრიტიკულად შეაფასონ მათ მიერ გამოყენებული ინფორმაცია.

ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი შესაძლოა ისე იყოს დაპროგრამებული, რომ გამოიწვიოს საზოგადოების მიკერძოებულობა და ინფორმაცია აზრთა მანიპულირებისთვის გამოიყენოს. საგანმანათლებლო გარემოში ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების დანერგვისას უმნიშვნელოვანესი უნდა იყოს სენსიტიური ინფორმაციის დაცვა და მონაცემთა  გამოყენებისას პასუხისმგებლობის  უზრუნველყოფა. ხელოვნური ინტელექტის  შესწავლით მოსწავლეებს უვითარდებათ მანიპულაციების ამოცნობისა და ანალიზის უნარები, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას, ეჭვქვეშ დააყენონ და გადაამოწმონ მედიის შინაარსის სიზუსტე და სამართლიანობა.

AI-ტექნოლოგიებს შეუძლია, შექმნას  ყალბი მედია, მაგალითად, როგორიცაა Deep Fake ან ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული ისეთი ტექსტი, რომელიც ძალიან ჰგავს სიმართლეს. ხელოვნური ინტელექტის შესახებ სწავლება მოსწავლეებს უვითარებს უნარს, შეაფასონ მედიაშინაარსის სანდოობა და ავთენტურობა. კრიტიკული აზროვნებითა და გადამოწმების ტექნიკის ფლობით, ისინი მარტივად შეძლებენ AI-ის მიერ შექმნილი ან მანიპულირებული შინაარსის გამოვლენას.

ის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე აქტიურად გამოიყენებენ ხელოვნურ ინტელექტს, ბევრად უფრო სწრაფად განვითარდებიან, ვიდრე სხვები. შესაბამისად, მნიშვნელოვანია მოსწავლეებს, რომლებსაც მოუწევთ ხელოვნური ინტელექტის სამყაროში ცხოვრება, ზუსტად ესმოდეთ, რა არის ის, რა დადებითი თუ უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ამ ტექნოლოგიამ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

დროულია, საქართველოს პედაგოგებმა გადადგან ნაბიჯები ხელოვნური ინტელექტის ელემენტების შესწავლისა და პრაქტიკაში დანერგვის მიმართულებით.

გთავაზობთ იმ ვებსაიტებს, პროგრამებსა და სავარჯიშოებს, რომლებიც დაგეხმარებათ ხელოვნური ინტელექტის უკეთ შესწავლასა და სწავლებაში:

https://learning–corner.learning.europa.eu/learning–materials/what–artificial–intelligence_en

 

https://education.ec.europa.eu/news/ethical–guidelines–on–the–use–of–artificial–intelligence–and–data–in–teaching–and–learning–for–educators

 

https://www.commonsense.org/education/lists/lessons–and–tools–for–teaching–about–artificial–intelligence

 

https://aiedu–ai–challenges.s3.us–west–1.amazonaws.com/AIChallenge4_ChatGPT.pdf

კონკრეტული სავარჯიშოები:

https://code.org/

https://www.helloruby.com/

https://teachablemachine.withgoogle.com/

https://www.curiositymachine.org/

https://www.aiedu.org/

https://machinelearningforkids.co.uk/#!/welcome

https://mostlikelymachine.artefactgroup.com/

https://ai–4–all.org/testimonial/open–learning–student–1/

https://ctrl–f.ca/en/

ინტელექტუალურ პლატფორმებს შეუძლიათ, დააკავშირონ მსგავსი ინტერესების მქონე მოსწავლეები; თანამშრომლობით სწავლება ხელს შეუწყობს მოზარდებს  საკითხების  უკეთ გააზრებაში, პრობლემების ერთობლივად გადაჭრაში, ფიზიკის და ზოგადად STEM-პროექტების განხორციელებაში. ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ინტელექტუალური სწავლების სისტემები დაეხმარება მოსწავლეებს, გაიუმჯობესონ STEM-წიგნიერება და მიიღონ პერსონალიზებული დახმარება გამომდინარე მათი უნიკალური შესაძლებლობებიდან.

AI-ინსტრუმენტები და რესურსები მასწავლებლებისთვის:

Gradescope: ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტი, რომელიც ეხმარება მასწავლებლებს შეფასების პროცესის გამარტივებაში, უზოგავს დროს, ხოლო   მოზარდს აძლევს უკუკავშირს, ნათლად გაიგოს, თუ როგორ  აითვისა სასწავლო მასალა. https://www.gradescope.com/

Carnegie Learning:  პლატფორმა იყენებს AI-ტექნოლოგიას და მოსწავლეს  აწვდის ინდივიდუალურ სასწავლო გამოცდილებას.

https://www.carnegielearning.com/

SlidesAI:  შეუძლია,  შექმნას ვიზუალურად მიმზიდველი პრეზენტაცია უმცირეს დროში. ეს ინსტრუმენტი საშუალებას აძლევს მასწავლებლებს, გაითავისუფლონ დრო საკლასო სივრცეში სხვა ძირითად აქტივობებსა და ამოცანებზე ფოკუსირებისთვის. https://www.slidesai.io/

researchrabbit : ამ პროგრამას საკვანძო სიტყვებისა და თემების გამოყენებით    შეუძლია, შეაგროვოს შესაბამისი სტატიების სია, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნას კვლევითი ნაშრომებისთვის, საკლასო მასალებისთვის და სხვა.

https://www.researchrabbit.ai/

Teacher-Tools.AI: პედაგოგებს სთავაზობს მრავალფეროვან ფუნქციებს. ერთი ინსტრუმენტი არის გაკვეთილის გეგმის შედგენა. ეს ინსტრუმენტი ქმნის გაკვეთილის გეგმებს სასურველი საგნის, თემისა და კლასის დონის მიხედვით.  ცხადია, ეს ვერ იქნება საბოლოო პროდუქტი; ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც ახალი გაკვეთილის გეგმის მონახაზი.

https://teacher–tools.ai/m/login?r=%2Flesson–plan–free

ჯერჯერობით ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება ის საკითხი, რომ ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არ არის ხელმისაწვდომი ქართულ ენაზე და ასევე ცოტაა   AI-ის  უფასო  აპლიკაციები. AI-ის აპლიკაციებთან სამუშაოდ შესაძლებელია  translate.google.ge-ის გამოყენება.

თუ თქვენ გაქვთ  Gmail ფოსტა,  ე.ი. გაქვთ  ხელოვნური ინტელექტის უფასო პლატფორმა. Gmail-ის ფოსტიდან გადავიდეთ გაფართოებულ საძიებო სისტემაში და მოვნახოთ gemini.

gemini.google.com  არის უფასო აპლიკაცია, რომელიც თქვენთვის საინტერესო ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

AI-ტექნოლოგიის გავლენა განათლებაზე  მნიშვნელოვანია და დროთა განმავლობაში შეიცვლება. განათლებაში ხელოვნური ინტელექტის პოზიტიური და უარყოფითი ასპექტების გათვალისწინებით, მასწავლებლებს შეუძლიათ გამოიყენონ AI-ინსტრუმენტები და რესურსები ეფექტიანი და ინკლუზიური სასწავლო გამოცდილების შესაქმნელად. ამ სფეროში ჯერ კიდევ ბევრი რამ არის უცნობი – მასწავლებლებმა უნდა გააგრძელონ ღია საუბარი ამ ინსტრუმენტების შესახებ. ერთობლივი მუშაობით კი განათლების სფეროს შეუძლია, გამოიყენოს ხელოვნური ინტელექტი განათლების გასაუმჯობესებლად.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ეროვნული სასწავლო გეგმა

https://rb.gy/rgnh94

https://rb.gy/584ylv

https://rb.gy/01hfux

https://rb.gy/2361wv

წყარო  https://mastsavlebeli.ge/




Monday, June 3, 2024

ნიუ-იორკი – (ჩანაწერები საზოგადოებრივი გეოგრაფიის გაკვეთილისათვის)

 ნენსი ჯაილზი (CBS-ის ჟურნალისტი): „რატომ ვსაუბრობთ მონობაზე დღეს? ამერიკაში მონათმფლობელობა ხომ 200 წლის წინათ დასრულდა? დღეს ყველასთვის თანაბარი პირობებია და „სათამაშო“ მოედანიც ყველასთვის თანაბარია.

იბრაჰიმ ექს კენდი (ისტორიის პროფესორი, ბოსტონის უნივერსიტეტი): ამერიკაში რომ „სათამაშო“ მოედანი ყველასთვის თანაბარი იყოს, მაშინ არ იქნებოდა ის უთანასწორობა, რომელიც არსებობს ჯანდაცვის სფეროდან სიმდიდრის განაწილებამდე და განათლებიდან დაპატიმრებამდე (აქ ბატონ კენდის, ინგლისურად სიტყვების თამაში აქვს გამოყენებული: „from Health to Wealth“ და „from Education to Incanceration“, ლ.ა.) – „გარკვეული რასობრივი ჯგუფების წარმომადგენლები აშშ-ში, დღევანდელი მონაცემებით, ალბათ უფრო ღარიბები იქნებიან, უფრო ადრე მოკვდებიან და უფრო დიდი შანსი აქვთ, მოხვდნენ ციხეში“, – იბრაჰიმ ექს კენდი, ამერიკელი აქტივისტი, ანტი-რასისტი, ავტორი, ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი.

ქალაქი ნიუ-იორკი ყველასათვის ნაცნობია თავისი მრავალფეროვნებით, მულტიეთნიკურობით, ცათამბჯენებით, მუზეუმებითა და გალერეებით, ამერიკული „ოცნების“ შესახებ გადაღებული კინოფილმებით, სიმდიდრითა და თავისი მნიშვნელობით დღევანდელ სამყაროში. ნიუ-იორკს ხანდახან „მსოფლიოს“ ან „სამყაროს“ დედაქალაქსაც ეძახიან, რაც გარკვეულწილად დამახასიათებელია ამერიკული მარკეტინგისთვის – მათი ბიზნესისა და პოლიტიკის მასშტაბი, დღეს უფრო გლობალურია, ვიდრე ნაციონალური; ნიუ-იორკს იქ არსებული ასობით სხვადასხვა კულტურის გამო მრავალი მეტსახელით მოიხსენიებენ: ამერიკის „დიდი ვაშლი“ (The Big Apple), „გოთამი“ (Gotham), „იმპერიის ქალაქი“ (The Empire City), „ბეტონის ჯუნგლები“ (Concrete Jungle), „ქალაქი, რომელსაც არ სძინავს“ (The city that never sleeps), „ახალი ამსტერდამი“ და კიდევ მრავალი მეტსახელი უშუალოდ მიგვითითებს ნიუ-იორკის მრავალწახნაგოვნებაზე, მის ამოუწურავ რესურსებსა და შინაარსებზე, მის უნიკალურობაზე მსოფლიოს ქალაქებს შორის და მის ენერგიაზე.

ნიუ-იორკის მსგავსი წარსული და ისტორია, წარმოშობის უცნაურ ისტორიასთან ერთად, ალბათ არცერთ ქალაქს არ აქვს დედამიწაზე. ნიუ-იორკის, როგორც ყველა სხვა ქალაქის ამბავი, განუმეორებელია. მაგრამ ნიუ-იორკის ისტორიის გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი მომენტები, სამწუხაროდ, გარდა ინდუსტრიალიზაციისა და ტექნიკური პროგრესისა, ავტომობილებისა და ცათამბჯენებისა, ამ ყველაფრის „შესაქმნელად“ აფრიკიდან მონების სახით ჩამოყვანილ ადამიანებსა და მათი შთამომავლობისადმი დამოკიდებულების სასტიკ ისტორიასაც უკავშირდება…

ნიუ-იორკული „შავი“ უბნები: ბრონქსი, ბრუკლინი, ქვინსი, ჰარლემი, ფლეტბუში, ისთ-ნიუ-იორკი, ჯემეიქა, ქრაუნ-ჰაითსი და ქუინს-ვილიჯი… ნიუ-იორკის ჰარლემური რენესანსი: „ზანგების ახალი მოძრაობა“, „ნიუ-იორკული ბლუზი“, მსოფლიო ჯაზის ახალი „მოციქულები“ – დიუკ ელინგტონი, ლუი არმსტრონგი, დიზი გილესპი, ბილი „ბოუჯანგლზ“ რობინსონი, ფლეტჩერ ჰენდერსონი; ახალი ტალღის აფროამერიკელი მწერლები და პოეტები – ჰუბერტ ჰარისონი, ლენგსთონ ჰიუზი, ზორა ნილ ჰარსტონი, კლოდ მაკ-ქეი; მოცეკვავეები ჟოზეფინ ბეიკერი და ეტელ მოუზესი… ამ სიის დასრულება შეუძლებელია, რადგან მონებით ვაჭრობის შედეგად, ნიუ-იორკის მოსახლეობის თითქმის 30% აფრიკულ-ამერიკული წარმოშობის მონათა შთამომავალია (დღევანდელი ნიუ-იორკის მთლიანი მოსახლეობის, 8.6 მილიონი მცხოვრების დაახლოებით 24.5% აფროამერიკელია).

ქალაქ ნიუ-იორკის სახელი, მისი ბრწყინვალება და სისასტიკე, მისი სიმდიდრე და სიღატაკე, დღესაც იმ სისხლიან წარსულს ეხმიანება, რომელიც მე-17 საუკუნეში, კუნძულ მანჰეტენზე, ჰოლანდიის სამეფოს ამ მიყრუებულ კოლონიაში დაიწყო. 

ევროპელებამდე, ნიუ-იორკის მიდამოების ადგილობრივ მკვიდრ მოსახლეობას, ლენაპეს ტომის ხალხი წარმოადგენდა (ლენაპე – ლენი ლენაპე, ამერიკის ალგონკინების ენაზე ნიშნავს, „ნამდვილ ადამიანს“, „მკვიდრ მცხოვრებს“), რომლებიც მდინარე ჰადსონისა და კ. მანჰეტენის სტატენ აილენდის და ლონგ-აილენდის ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ და თავს სოფლის მეურნეობით, ნადირობითა და თევზჭერით ინახავდნენ. ლენაპე საკმაოდ განვითარებული და მდიდარი ტომი იყო და მათი ნადირობისა და მცენარეული კულტურების მოყვანის დახვეწილი მეთოდები ახალმოსული კოლონისტებისთვისაც კი უცნობი იყო. მოგვიანებით მოსულმა ევროპელებმა ბევრი რამ ისწავლეს ლენაპეს ხალხისგან, რომლებიც ვერაფრით წარმოიდგენდნენ, რომ ევროპელები, მათი ახალი მეზობლები, მალე მათი დაღუპვისა და მშობლიური ადგილებიდან გასახლების მიზეზი გახდებოდნენ (შენიშვნა: დღეს ლენაპეს ხალხი, ნიუ-იორკიდან მათი გადასახლების შემდეგ, ნიუ-იორკის შტატიდან ათასობით კილომეტრზე მდებარე ოკლაჰომაში, ვისკონსინსა და კანადურ ონტარიოში რეზერვაციებში ცხოვრობენ). 

პირველი ევროპელი, რომელმაც დღევანდელი ნიუ-იორკის მიდამოები აღწერა, ფლორენციელი იტალიელი მოგზაური და ავანტიურისტი, ჯოვანი და ვერაძანო იყო, რომელიც იმ დროს (1522-1524 წწ.) საფრანგეთის მონარქის, ფრანსუა I სამსახურში გახლდათ (ეს ის ფრანსუა პირველია, რომელმაც დიდი ლეონარდო და ვინჩისგან შეიძინა „მონა ლიზა“, ლ.ა.) და მისი დავალებით იკვლევდა ჩრდილოეთ ამერიკის, ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროებს. ეს ჯერ კიდევ ის დროა, როდესაც ევროპელები, კოლუმბის კვალდაკვალ ევროპიდან აზიაში მიმავალ „მოკლე“ საზღვაო გზას ეძებენ…

მონებით ვაჭრობა ქ. ნიუ-იორკში ჰოლანდიელებმა დაიწყეს, ახალი კოლონიის, ნიუ-ამსტერდამის დაარსების შემდეგ. როგორც ჰოლანდიის არქივებში შენახული ერთი დოკუმენტი გვეუბნება, კუნძული მანჰატა (დღევანდელი მანჰეტენი) ლენაპეს ტომის ბელადისგან 1626 წელს ჰოლანდიის ვესტ-ინდოეთის სავაჭრო კომპანიის მოხელემ, პეტერ შაგენმა 60 გულდენად იყიდა. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ამ დოკუმენტის გარდა, რომელსაც ხელს ჰაგენი აწერს, არანაირი სხვა მტკიცებულება კუნძულის გაყიდვის შესახებ არ არსებობს…

ამავე წელს ჰოლანდიელებმა მანჰეტენზე 11 აფრიკელი კაცი და სამი ქალი ჩამოიყვანეს. 1664 წელს კუნძულის ინგლისელების მიერ დაპყრობის შემდეგ, ნიუ-ამსტერდამის 8,000-კაციანი მოსახლეობის თითქმის მეათედი აფრიკელები იყვნენ (მონები და მონობისგან გათავისუფლებულნი). იმდროინდელი არაადამიანური წესებით, ჰოლანდიელებმა აფრიკელი მონები ბრიტანელებს „გადასცეს“, როგორც მოძრავი საკუთრება, რომლებსაც მათი ნების საწინააღმდეგოდ ამუშავებდნენ… ბრიტანულ ნიუ-იორკში კანონით აიკრძალა მონების მოკვლა, თუმცა ჰოლანდიელებისგან განსხვავებით, ბრიტანელებმა ზანგებს აუკრძალეს ეკლესიაში ჯვრისწერა, რამაც ოჯახების დაშლა და დაყოფა გამოიწვია…

სამწუხაროდ, ისე მოხდა, რომ საუბრები მონათმფლობელობისა და მონათა ვაჭრობის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის შესახებ, დღევანდელ ევროპელებსა და ამერიკელებს დიდად არ სიამოვნებთ.

შესაბამისად, მონათა ვაჭრობის შესახებ მწვავე საკითხები კოლონიზატორული წარსულიდან, ინგლისურ, ფრანგულ თუ ესპანურ სასკოლო წიგნებში მოკლედ და ბუნდოვნად არის ნახსენები. ნიუ-იორკის საისტორიო საზოგადოების ვებსაიტი (New York Historical Society: https://www.slaveryinnewyork.org/bookmark.htm) შესავალ ტექსტში პირდაპირ აღნიშნავს, რომ „მონობა გახლდათ გადამწყვეტი ინსტიტუტი ნიუ-იორკის განვითარებისთვის, მისი დაარსების წლიდან“. ალბათ აქ კარგი იქნება იმის გახსენებაც, რომ აწმყოს გასაგებად აუცილებელია წარსულის ცოდნა…

ამერიკაში რევოლუციური კონფლიქტის ყველაზე მწვავე ფაზის დროს (იგულისხმება ამერიკული კოლონიისა და ბრიტანეთის იმპერიის კონფლიქტი 1775-1783 წწ., ლ.ა.), ამერიკის მომავალი პრეზიდენტი და ამერიკული თავისუფლების სიმბოლო, ჯორჯ ვაშინგტონი, ამერიკელებს აფრთხილებდა: „თუ არ დავუპირისპირდებით ბრიტანეთის ტირანიას, გადავიქცევით ისეთივე მორჩილ და სასოწარკვეთილ მონებად, როგორებიცაა ის შავკანიანები, რომლებზეც ჩვენ ვბატონობთ…“. აღსანიშნავია, რომ ამ დროს, თვით ბ-ნ ვაშინგტონს ჰყავდა ასობით შავკანიანი მონა, თუმცა ეს მას საერთოდ არ უშლიდა ხელს ამერიკის თავისუფლებისთვის ბრძოლაში…

 






წყარო https://mastsavlebeli.ge/

სკოლის როლი პროფესიის არჩევაში

 თითოეული მოქალაქე ცხოვრების საკმაოდ დიდ ნაწილს სკოლაში ატარებს და შეუძლებელია, ამან გავლენა არ მოახდინოს ინდივიდის განვითარებასა და სამყაროს შემეცნების მისეულ აღქმაზე.

ცნობილია, რომ პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა კომპლექსურ ხასიათს ატარებს [1]. მნიშვნელოვანია, მოზარდს შეექმნას წარმოდგენა საკუთარი თავის შესაძლებლობებისა და უნარების შესახებ. მას უნდა შეეძლოს, პასუხები გასცეს ისეთ შეკითხვებს, როგორიცაა: რა თვისებების მატარებელი ვარ? რა ღირებულებები გამაჩნია? რა განსხვავებაა ღირებულებებსა და ობიექტურ ჭეშმარიტებებს შორის? მაქვს კი ადეკვატური თვითშეფასება?  რისი გაკეთება მომწონს?  ემთხვევა ჩემი შესაძლებლობა ჩემი კომფორტის ზონას? თუ არა, რა უნდა გავაკეთო იმისათვის,  რომ ისინი ერთმანეთს შეესაბამებოდეს?

აქვე უნდა გავიხსენოთ, ზოგადი განათლების  ეროვნული მიზნები და ეროვნული სასწავლო გეგმა, რომელთა მიხედვითაც სკოლა ვალდებულია, ცხოვრების ასპარეზზე გაუშვას ისეთი მოქალაქე, რომელიც აღჭურვილი იქნება 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებით, შეეძლება საკუთარი გზის გაკვალვა და ქვეყანაში საკუთარი ადგილის პოვნა, დამკვიდრება და რეალიზება.

ყოველივე ზემოთქმულის შესრულებისთვის, მთავარი ინსტრუმენტი, ალბათ, პროფესიის სწორად შერჩევაა. პროფესია უნდა იყოს ისეთი სფერო და საქმიანობა, რომელიც ადამიანს მოუტანს კეთილდღეობას, საკუთარი მნიშვნელოვნების შეგრძნებასა და სოციალიზაციას. პროფესიაში ან  უმაღლეს სასწავლებელში მოზარდი მიდის ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დასრულებისთანავე. ამ დროს იგი გარკვეული უნდა იყოს საკუთარ სურვილებში, ინტერესებში და შესაძლებლობებში. რას აკეთებს სკოლა ამისათვის? როგორია მისი როლი? ცალკეული საგნების სწავლა საკმარისი არაა. მოსწავლის პიროვნული განვითარება გულისხმობს, ყველა საგნის გაერთიანებულად დანახვასა და მის გამოყენებით მხარეს ინტეგრირებულ კონტექსტში.

იმისათვის, რათა გაგვერკვია სკოლისა და მასწავლებლის როლი მოსწავლის სამომავლო არჩევანსა და გადაწყვეტილებაში, ჩავატარეთ კვლევა, რომლის ფარგლებშიც გამოიკითხა რამდენიმე სკოლის საშუალო საფეხურის მოსწავლეები და აწ უკვე სკოლადამთავრებული სტუდენტები.  კითხვარის ანალიზის შემდეგ, ალოკაციის მიზნით დამაზუსტებელი კითხვებით მოეწყო დისკუსია.

საშუალო სკოლის მოსწავლეების 78%-ის  აზრით, სკოლის დამთავრების შემდეგ აპირებენ სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებელში. მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეთა ნახევარზე მეტი საშუალო და საშუალოზე დაბალი აკადემიური მოსწრებით ხასიათდება, უმეტესობას სურს უმაღლეს სასწავლებელში სწავლა.

ამავე დროს, მათ 65%-ს ინფორმაცია პროფესიების შესახებ მიღებული აქვთ ინტერნეტით. არ ფლობენ სრულ ინფორმაციას საქართველოში არსებული უნივერსიტეტების შესახებ.

კითხვაზე, იქონია თუ არა მათ გადაწყვეტილებაზე გავლენა სკოლამ, მოსწავლეთა 80%-ზე მეტმა უარყოფითი პასუხი გასცა.

სკოლადამთავრებული ახალგაზრდებისათვის განკუთვნილი კითხვარი მოიცავდა 15 კითხვას, რომელთაგან რამდენიმეს გამოვყოფთ:

ამჟამად ხართ თუ არა სტუდენტი?                                       

  

 

მუშაობთ  საკუთარი პროფესიით?            

რამ იქონია თქვენზე გავლენა, პროფესიის არჩევის დროს?

 

დაგეხმარათ თუ არა სკოლა პროფესიის არჩევაში?

კითხვარის ანალიზის შემდეგ გამოიკვეთა, რომ მოზარდები სკოლას ამთავრებენ პროფორიენტაციის შესახებ საკმაოდ დაბალი ცნობიერებით.

ამაში დაგვარწმუნა დისკუსიამაც, რომელსაც მხოლოდ რამდენიმე საკვანძო კითხვა  მოიცავდა და  ვაკვირდებოდით.

კითხვებიდან ერთ-ერთი შეეხებოდა სასკოლო კონფერენციის გამართვას, რომლის თემაც იქნებოდა – საინტერესო, შემოსავლიანი, პრესტიჟული და თუნდაც არასასურველი პროფესიები. მოსწავლეებმა სურვილი გამოთქვეს მოესმინათ და თავადაც მოემზადებინათ მასალა მათთვის საინტერესო პროფესიების შესახებ.

კვლევის ინტერვენციად დავისახეთ სწორედ საინფორმაციო ხასიათის კონფერენცია, რომელიც გაგრძელდა ორი დღე;  პირველ დღეს იყო მასწავლებლების მოხსენებები საკუთარი საგნის პოპულარიზაციით, მეორე დღეს კი – საშუალო საფეხურის მოსწავლეები და პროფესიაში უკვე შემდგარი ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები და სტუდენტები.

გარდა ამისა, მე-10-მე-11 კლასის მოსწავლეები გასვლით ექსკურსიაზე გვყავდა შსს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში წითელი ხიდის სექტორზე,  სადაც დაათვალიერეს და გაეცნენ მესაზღვრის პროფესიას, ასევე, იყვნენ კერძო ბიზნესმენ-მეღვინესთან მარანში, მოინახულეს აგრარული უნივერსიტეტი, საბუნებისმეტყველო მუზეუმი და  რამდენიმე ფაკულტეტის შესახებ მიიღეს ინფორმაცია, ნახეს თანამედროვე აღჭურვილობის ლაბორატორიები, იყვნენ წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯშიც, სადაც სწავლა დაფინანსებულია სახელმწიფოს მიერ და მოიცავს უამრავ პრაქტიკულ საქმიანობას.

შემდეგი ინტერვენცია ფოკუსჯგუფში დე ბონოს მეთოდით(„აზროვნების ექვსი ქუდი“) დისკუსიის მოწყობა  იყო [2].

მოსწავლეებს მიეცათ სიტუაციური ამოცანა, პროფესიისა და კარიერის შესახებ და მოირგეს სხვადასხვა ფერის ქუდი; ყველამ თავის ჭრილში იმსჯელა და საინტერესო დასკვნები გააკეთეს.

ამრიგად, ჩვენი, კვლევის ავტორების რეკომენდაციაა, აქტიურად შევიტანოთ სასკოლო ცხოვრებაში პროფესიებთან დაკავშირებული საინფორმაციო აქტივობები, პროექტები, კონფერენციები, რათა სკოლიდან ცხოვრების ასპარეზზე უფრო მშვიდად და თამამად გავუშვათ  მოსწავლეები.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://studinfo.ge/2021/08/18/profornientacia-karieris-dagegmva-swori-profesiis-shesarchevad/
  2. https://www.izrune.ge/geo/96
წყარო https://mastsavlebeli.ge/