Wednesday, March 6, 2024

საგაკვეთილო აქტივობები მედიაწიგნიერების უნარების ფორმირებისთვის

 თანამედროვე პირობებში სასწავლო პროცესის განხორციელება გულისხმობს მედიაწიგნიერების ფუნქციების – სწავლების (მედიაწიგნიერების), ადაპტაციის, განმავითარებელი და მაორგანიზებელი ფუნქციების გამოყენებასაც, სადაც:

  • „სწავლება“ მოიცავს მედიატექსტების გაცნობას/მიწოდებას/ათვისებას (მათ შორის – თეორიული კუთხითაც), მათ აღქმასა და ანალიზს, უნარს, გამოიყენო ცოდნა სხვადასხვა სიტუაციაში, იაზროვნო, განსაჯო ლოგიკურად;
  • ადაპტაციის ფუნქცია ვლინდება (წარმოიქმნება) უშუალოდ მედიაკულტურასთან კომუნიკაციის ეტაპზე, კონცეპტუალურ დონეზე;
  • განმავითარებელი ფუნქცია მოიაზრებს პიროვნების მოტივაციურ, ნებელობით და სხვა პიროვნულ თვისებებზე, მედიაგარემოსთან შემოქმედებითი კონტაქტების დროს მიღებულ გამოცდილებაზე აქცენტირებას;
  • მაორგანიზებელი ფუნქცია კი გამოიხატება მედიატექსტების ანალიზისთვის საუკეთესო პირობების შექმნით.

საგაკვეთილო პროცესში მედიაწიგნიერების მიდგომების გამოყენება გულისხმობს მრავალფეროვან აქტივობებს:

  • დესკრიპტორული (აღწერითი, ანუ ძირითადი აზრობრივი შინაარსის გამომხატველი დავალებების შეთავაზება მოსწავლეებისთვის), როგორიცაა შინაარსის გადახედვა/გამეორება, მედიატექსტში გადმოცემული მოვლენების ჩამოთვლა/დასახელება;
  • კლასიფიკაციაზე ორიენტირებული სავარჯიშოები (ისტორიულ და სოციოკულტურულ კონტექსტში მედიატექსტის ადგილის განსაზღვრა);
  • ანალიტიკური ხასიათის დავალებები (როგორიცაა მედიატექსტის სტრუქტურის ანალიზი, მედიატექსტის ენის განსაზღვრა, ავტორისეული კონცეფციების განხილვა და ა.შ.);
  • პერსონალური (მედიატექსტით გამოწვეული გრძნობების, მოგონებების, განცდების აღწერა);
  • დამოკიდებულებებზეღირებულებებზე ორიენტირებული დავალებები;
  • მედიატექსტის შეფასებამისი ღირებულების განსაზღვრა (მაგალითად, ესთეტიკური და მორალური კრიტერიუმების შესაბამისად).

დავალებებირომლებსაც ამ დროს ვთავაზობთ მოსწავლესტიპოლოგიურად შეიძლება დაიყოს შემდეგნაირად:

  • სასწავლო მასალის შინაარსის (ფაქტებისა და მოვლენების) მიხედვით;
  • დავალების შინაარსის მიხედვით (კონკრეტულად რას ითხოვს მედიატექსტი: მხატვრულ ანალიზს, ჯგუფურ და ინდივიდუალურ მუშაობას თუ სხვ.);
  • ლიტერატურული და იმიტაციური (თეატრალიზებული, გამომსახველობითი) აქტივობები (სათამაშო თუ სხვ. ტექნოლოგიებით და ტექნიკური საშუალებებით) მედიატექსტზე მუშაობისას კრეატიული იდეების ინიცირებისთვის, როგორიცაა, მაგალითად, სცენარის და მინიგეგმის დაწერა მედიატექსტისთვის, მედიატექსტის შექმნის დროს მისი ამა თუ იმ ნაწილის ინსცენირება და ა.შ) და ა.შ;
  • ვიზუალური აქტივობები (აფიშების შექმნა, ფოტოკოლაჟი, ნახატები თემასთან ახლოს, ანიმაცია)

და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ შემოქმედებითი, „ლიტერატურულ-იმიტაციური“ ხასიათის დავალებები მეთოდურად ყოველთვის წარიმართება სათამაშო ტექნოლოგიებით. დასაწყისში მოსწავლეებს ვთავაზობთ, წარმოიდგინონ თავი მედიატექსტის სცენარისტად და დაწერონ:

  1. ორიგინალური სცენარის გეგმა მედიაკულუტურის ნებისმიერი სფეროდან (ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროებია: ბეჭდური მედია, აუდიოვიზუალური ფორმები – რადიო, ტელევიზია, ინტერნეტი); მაგალითად, ეკრანიზაცია, ტელესიუჟეტი რომელიმე ლიტერატურული ნაწარმოების, რომელიმე ისტორიული პირის შესახებ, პოლიტიკური მოვლენების მიმოხილვა, ისტორიული ქრონიკა და ა.შ., რომელიც დაახლოებით 3-5 წუთი გაგრძელდება;
  2. შემდეგ მინისცენარის მიხედვით შექმნან „რეჟისორული სცენარიც“, სადაც ორიგინალურ ტექსტთან ერთად, თუ ეს ფილმია, გამოჩნდება რაკურსი, კამერის მოძრაობა, მონტაჟის პრინციპები და სხვ.

ამ ტიპის სამუშაოსთვის სცენარის მომზადება მნიშვნელოვანი დეტალია. ამ დროს მოსწავლეებს შორის ნაწილდება „როლები“: „რეჟისორების“, „ტელეოპერატორების“, „ხმის ოპერატორების“, „დიზაინერების“, „მსახიობების“, „გრიმიორების“, „ჟურნალისტების“, „მულტიპლიკატორების“, „კომიქსების მხატვრების“, „ელექტრონული სპეცეფექტების სპეციალისტების“ (ტექნიკური მხარდაჭერა) – თანამედროვე ვიდეო- და კომპიუტერული ტექნიკის მცოდნეები მედიატექსტების შედგენისთვის და სხვ.

ჯგუფი ერთად მუშაობს სცენარზე და ერთად იქმნება საბოლოო პროდუქტი. მიღებული მედიაპროდუქტი შეიძლება სულაც არ იყოს თამაშის ანუ ანიმაციური ტექნოლოგიით შექმნილი და წარმოადგენდეს

ა) მხოლოდ დოკუმენტურ მედიატექსტს

ბ) ან ისეთ დოკუმენტურ მედიატექსტს, რომელიც დაეყრდნო მედიაკულტურისთვის დამახასიათებელ გამომსახველობით, მხატვრულ ხერხებს.

მასწავლებელი ორივე შემთხვევაში მხოლოდ მაკორექტირებელ როლს ასრულებს, მისი აუდიტორია კი, შეიძლება ითქვას, ფანტაზიორთა სივრცეა, სადაც საკუთარ მოსაზრებებს, შემოქმედებითობას თავისუფლებას აძლევენ. მიზანი სასწავლო ამოცანების გადაწყვეტაა და არ გულისხმობს დასრულებული ფორმის მედიაპროდუქტის შექმნას, რომელსაც პრეტენზია ექნება პროფესიულ დონეზე. შეიძლება ითქვას, რომ აქ:

  • მთავარია არა შედეგი, არამედ თავად პროცესი, აუდიოვიზუალური ენის, შემოქმედებითი უნარების გამომუშავება;
  • თუმცა, გარკვეულწილად, მზა მედიატექსტებიც საჭიროებს რეკლამირებას, „ბაზარზე“ „გაყიდვას“, „გავრცელებას“ და ა.შ. ამ მიზნებს ექვემდებარება პრაქტიკულ სამუშაოში კონკრეტული შემოქმედებითი ამოცანების ჩართვა, რომლებიც ავითარებს წარმოსახვას, ფანტაზიას, ასოციაციურ აზროვნებას და აუდიტორიის არავერბალური აღქმის უნარს;
  • რაც შეეხება საკუთარი მედიატექსტისთვის სარეკლამო პლაკატების მომზადებას (ვარიანტი: პლაკატები პროფესიული მედიატექსტებისთვის), ის შეიძლება შეიქმნას მედიაკულტურის თემაზე არსებული ნახატების/ფოტოების კოლაჟის საშუალებით ან ხელით დაიხატოს „კომიქსები“ კონკრეტული მედიატექსტების საფუძველზე, რომლებიც გარკვეული ასაკის აუდიტორიისთვის არის განკუთვნილი.

ნებისმიერი ეს აქტივობა დიდ ინტერესს იწვევს მოსწავლეთა შორის, მაგრამ განსაკუთრებით ემოციურად ხვდებიან ვიდეორგოლებს. შესაბამისად, მასწავლებელი მეტ ყურადღებას აქცევს ვიდეოსთვის მოსწავლეების მიერ სცენარის დაწერას. ვიდეოს შექმნისთვის სცენარი აუცილებელია. ის ვიდეოწარმოების ფუნდამენტური ელემენტია, ერთგვარი სახელმძღვანელო-ინსტრუმენტი და ამოსავალი წერტილი ყველასთვის, ვინც ვიდეოს შექმნაში მონაწილეობს.

ნებისმიერი ვიდეოსცენარი ძირითადად ოთხი ნაწილისგან შედგება:

  1. შესავალი (რომელმაც „უნდა აიძულოს“ მსმენელი, ყურადღება მიმართოს ეკრანისკენ);
  2. ძირითადი საკითხები (მიზანია, მიაწოდოს საჭირო ინფორმაცია მაყურებელს და გამოიწვიოს მათი ნდობა);
  3. დასკვნა (მიზანია, კიდევ ერთხელ გაააზრებინოს ინფორმაცია მაყურებელს);
  4. მოწოდება მოქმედებისკენ (რომელმაც მაყურებელს მოქმედებისკენ უნდა უბიძგოს. ღირებულებითი, დამოკიდებულებების თვალსაზრისით, ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელისთვის).

სასწავლო, საგანმანათლებლო ვიდეოსცენარის დასაწერად დასაწყისში შეიძლება შაბლონის გამოყენებაც. მთავარია, სქემა იყოს ძალიან მარტივი და მოსწავლეებისთვის ადვილად აღსაქმელი. მაგალითად, ვიდეო „სტიქიური მოვლენები – გზამკვლევი“:

  1. შესავალი ნაწილი: ვიდეოსცენარის დასაწყისში, შესავალში, გამოჩნდება ორგანიზაციის (ჯგუფის, გაერთიანების) ლოგო (ანუ ვინც ქმნის ვიდეოს), შემდეგ კამერა თანდათან გადადის გამოსახულებასა და წამყვანზე;
  2. ძირითადი საკითხები: წამყვანი ესალმება მაყურებლებს და აუწყებს: „დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ სასწავლო ვიდეორგოლს „სტიქიური მოვლენები – როგორ დავიცვათ თავი სტიქიური უბედურებისგან?“ თქვენი გიდი ვიქნები მე, ექსპერტი სამოქალაქო უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში. დღეს მე გაგაცნობთ ამ თემის ძირითად ასპექტებს“. ეკრანზე გამოჩნდება ვიდეოს ცალკეული ნაწილების ტიტრები: „რა არის სტიქიური მოვლენა?“, „როგორ მოვიქცეთ სტიქიის დროს?“, „შედეგები და აღდგენა“.
  • ნაწილი პირველი – „რა არის სტიქიური მოვლენა?“

ეკრანზე ჩანს სტიქიური მოვლენის განმარტება: სტიქია არის ბუნებრივი მოვლენა, რომელიც ატარებს საგანგებო ხასიათს და რომელსაც მოჰყვება მოსახლეობის ნორმალური ცხოვრების დარღვევა, მატერიალურ ღირებულებათა დანგრევა და განადგურება, საფრთხეს უქმნის ადამიანთა სიცოცხლეს; ხასიათდება მნიშვნელოვანი მასშტაბებითა და სხვადასხვაგვარი ხანგრძლივობით, მაგალითად, მიწისძვრა შეიძლება რამდენიმე წამს გაგრძელდეს, ხოლო წყალდიდობა – თვეობით. სტიქიური უბედურებაა მიწისძვრა, ზვავი, ღვარცოფი, წყალდიდობა, ხანძარი და ა.შ. შესაბამისად, ამ დროს რასაც ვაკეთებთ, ეს არის დამაზიანებელი ზემოქმედების მინიმიზაცია და შეჩერება.

  • ნაწილი მეორე – „როგორ მოვიქცეთ სტიქიური მოვლენის დროს, როგორ დავიცვათ თავი?“

წამყვანი: ა) ახლა გადავიდეთ მომზადებაზე. უნდა გვქონდეს მოქმედების გეგმა ოჯახის წევრების ევაკუაციისთვის, რომელშიც გათვალისწინებული იქნება საკონტაქტო მონაცემები, შეხვედრის ადგილი, გადარჩენისთვის აუცილებელი ელემენტები; ბ) ეკრანზე ჩანს სქემები და ილუსტრაციები, რომლებიც წარმოაჩენს მომზადების ეტაპებს.

წამყვანი: ა) სტიქიური მოვლენის დროს უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ. მიწისძვრის დროს თავი შევაფაროთ მაგიდის ან მყარი საწოლის ქვეშ; წყალდიდობის დროს სასწრაფოდ მოვძებნოთ უფრო მაღალი ადგილები და ვაცნობოთ გადაუდებელი დახმარების სამსახურს; ბ) ეკრანზე ჩანს ანიმაცია, რომელიც გვიჩვენებს სწორ მოქმედებას სხვადასხვა სტიქიური მოვლენის დროს.

წამყვანი: „გახსოვდეთ, რომ თქვენი და თქვენი ახლობლების უსაფრთხოება მთავარია. იმოქმედეთ ინსტრუქციის მიხედვით და არ გარისკოთ“.

  • ნაწილი მესამე – „შედეგები და აღდგენა“

წამყვანი: ბოლოს, მოდი, ვისაუბროთ სტიქიური უბედურებების შედეგებსა და დაზიანებულის აღდგენაზე. ზიანის შეფასებისა და აღდგენისთვის საჭიროა იმ ადგილობრივ სამსახურებსა და ორგანიზაციებთან დაკავშირება, რომლებიც დაგეხმარებათ ამ პროცესში (ეკრანზე გამოჩნდება შესაბამისი რჩევები).

წამყვანი: გახსოვდეთ, რომ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებული ცოდნა და უახლესი ინფორმაციის ფლობა დაგეხმარებათ, ეფექტურად იმოქმედოთ საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში.

  • დასასრული: წამყვანი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ეს იყო საგანმანათლებლო ვიდეო „სტიქიური უბედურებები – გზამკვლევი“: ვიმედოვნებთ, სასარგებლო ინფორმაცია მიიღეთ და ამიერიდან უფრო თავდაჯერებულად იმოქმედებთ სტიქიური მოვლენების შემთხვევაში. „მოემზადეთ და იყავით უსაფრთხოდ!“
  • მუსიკალური დასასრული.

მოსწავლეთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ხელოვნური ინტელექტის (მათ შორის – ნეიროქსელის) გამოყენებით შექმნილი ვიდეომასალები. ამით მასწავლებელს შეუძლია გაამრავალფეროვნოს სასწავლო პროცესი, მაგრამ ეფექტიანობისთვის მნიშვნელოვანია, აქტიურად გამოიყენოს მედიაპროდუქტის (მაგალითად, ფილმის/ფრაგმენტის) დეკოდირების (დეკონსტრუქციის) სქემა და მედიაპროდუქტი ეფექტურ სასწავლო რესურსად გადააქციოს.

მაგალითი: საგანი – ისტორია; თემა – „ანტიკური საქართველო“ (ზოგადი შედეგები: ისტ. საბ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12)

მედიაწიგნიერების მიზანი მოცემულ მასალასთან მიმართებით: დესკრიპტორული

დავალების ტიპი: სასწავლო მასალის შინაარსზე ორიენტირებული

I – მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილ სამ-ხუთწუთიან მარტივ მედიაპროდუქტს ანტიკური საქართველოს შესახებ.

https://drive.google.com/file/d/111oSlwo-aOIRnxuz6g0MbKXV0fTN3kUa/view?ts=65b94645

II – შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს ფილმის დეკოდირების/დეკონსტრუქციის სქემას (სქემა 1) და სთხოვს, აღნიშნულ საკითხებზე იმუშაონ.

 სქემა 1.

III – დასასრულ, მოსწავლეები ერთმანეთს უზიარებენ მიღებულ შედეგებს.

IV – რეფლექსია / მოსწავლეთა თვითშეფასება

მასწავლებელს შეუძლია, მოსწავლეებს თავად შეაქმნევინოს ორ-სამწუთიანი მედიაპროდუქტები, ამგვარად წაახალისოს მათი შემოქმედებითობა და კიდევ უფრო გააუმჯობესოს მათი მედიაუნარები.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. Media Literacy: Potter, W. James (2001)

https://archive.org/details/medialiteracy0000pott_t0v8/page/n7/mode/2up

  1. ნატალია ინგოროყვა, „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“. სახელმძღვანელო მომზადდა „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ პროექტის ფარგლებში, კომუნიკაციების კომისიის, გაეროს ბავშვთა ფონდისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.
  2. მასწავლებლის წიგნი – „გამჭოლი კომპეტენციები“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2015

 



 წყარო https://mastsavlebeli.ge/

კითხვის დასმა ცნობისმოყვარეობის აღსაძვრელად

 აუდიტორიის ყურადღების მისაპყრობად საუბრის დასაწყისში  წარსადგენი წიგნის შესახებ კითხვის დასმა ეფექტური მეთოდი აღმოჩნდა. ამასთანავე, შეკითხვის მოფიქრება სააზროვნო უნარებს ავითარებს და მოსაუბრესაც წიგნზე სასაუბროდ განაწყობს. ამ მეთოდის შესახებ პირველად რამდენიმე წლის წინ ჩემმა მოსწავლემ დამაფიქრა, როდესაც ლიტერატურულ კაფეში საპრეზენტაციო სკამიდან იქ მყოფებს შემოგვხედა და ართურ კონან დოილის შერლოკ ჰოლმსის შესახებ კითხვა დაგვისვა. იმდენად მოულოდნელი და განსხვავებული იყო პრეზენტაციის ამგვარი დასაწყისი, რომ ყველა შთაბეჭდილების ქვეშ მოგვაქცია.

შეკითხვის დასმა აუდიტორიისთვის ამ ბოლო ხანს აქტიურად დავნერგე სწავლებისას.  გამოცდილებაზე დაკვირვებით, ეს მეთოდი:

  • გვეხმარება მრავალრიცხოვანი კლასის მართვაში, რადგან ყურადღების კონცენტრაციას უწყობს ხელს;
  • ნათლად წარმოაჩენს თითოეული ბავშვის აზროვნების პროცესს;
  • ცნობისმოყვარეობას აღძრავს;
  • შეკითხვის მომზადება მოსაუბრეს აიძულებს, წინასწარ იფიქროს წიგნის მთავარი გზავნილის შესახებ, შეარჩიოს კონკრეტული თემა, მიიღოს გადაწყვეტილება, შეადგინოს კითხვითი წინადადება.

შეკითხვის მოფიქრების სწავლებისთვის მოსწავლეებს ხშირად ვთავაზობ სხვადასხვა მეთოდს, მაგალითად: ხუთი კითხვა (რა?/ვინ? სად? როდის? რას შვრება? რატომ?), პირადი წერილის ქარგაში ბოლოს ვთხოვ ერთი კითხვის დასმას ადრესატისთვის, გაკვეთილს ვიწყებ შეკითხვით. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ სწავლობენ შეკითხვის ფორმულირებას.

სტატიაში გთავაზობთ მეხუთე კლასთან გამართული ლიტერატურული კაფესთვის მოფიქრებული შეკითხვების ანალიზს.

ამჯერად წარსადგენ წიგნად შევარჩიე ტუვე იანსონის „კომეტა მუმინების ხეობაში“, რომლის წაკითხვისკენ ჩემმა 10 წლის ბიჭმა მიბიძგა. მან მიამბო, რომ სწორედ ამ წიგნში ჩნდებიან პირველად ჰემულები და სნორკები. შემდეგ საყვარელი ეპიზოდიც გამიზიარა, მუმინტროლი და მისი მეგობრები ოჩოფეხებით გადაივლიან უდაბნოს და ვიცი, შენც მოგეწონებაო. ბავშვის თვალით აღქმული „კომეტა მუმინების ქვეყანაში“ ჩემი ცნობისმოყვარეობის აღსაძვრელად საკმარისი აღმოჩნდა და აგვისტოს ბოლო დღეები დაუვიწყარი გახადა.

კითხვისას ვფიქრობდი, რომ ამ წიგნს ჩემს მოსწავლეებს აუცილებლად გავაცნობდი. ტუვე იანსონის სიკეთითა და თავგადასავლებით სავსე წიგნებში მრავალი თემის გამორჩევა შეიძლება, თუმცა, წიგნში  „კომეტა მუმინების ხეობაში“ ასახულია შეყვარების ფაქიზი ეტაპი და საბავშვო ლიტერატურაში ამ თემის დიდი გულწრფელობითა  და მოვლენათა საინტერესო განვითარებით შემოტანამ აღმაფრთოვანა.

„კომეტა მუმინების ხეობაში“ მამა ხიდს აგებს. დედა ჩვეულად ფუსფუსებს. სნიფი გამოქვაბულს პოულობს, მუმინტროლი ზღვაში მარგალიტებს ეძებს. მუმინების ხეობაში სიმშვიდეს ონდატრას წინასწარმეტყველება არღვევს. ის ამბობს, რომ მალე კომეტა ჩამოვარდება. აფორიაქებული ბავშვების (მუმინტროლისა და სნიფის)  ყურადღების   გადასატანად მამა გადაწყვეტს, რომ სამოგზაუროდ უნდა წავიდნენ და ობსერვატორია მოინახულონ. დედა მუმინი მყისვე მხარს უბამს მამას და სამგზავრო ზურგჩანთებს თბილი ტანსაცმლითა და საჭირო ნივთებით ავსებს. ასე იწყება სნიფისა და მუმინტროლის ხიფათებით სავსე თავგადასავალი. გზად სნუსმუმრიკს გადაეყრებიან და მასაც თან გაიყოლიებენ. სნუსმუმრიკი ამბებს ჰყვება და ტუჩის გარმონზე უკრავს. ერთხელაც საუბრისას ახსენებს, რომ სნორკები გაიცნო და ისინი ძალიან ჰგვანან მუმინებს. ფრეკენ სნორკის შესახებ რაც უფრო მეტს ჰყვება, მუმინტროლს მით უფრო უმძაფრდება ინტერესი. სნუსმუმრიკი ამბობს, რომ ფრეკენ სნორკი ნაზი ბეწვით არის დაფარული, ფერს იცვლის, ძალიან უხდება შუბლზე ჩამოყრილი კულულები და რომ ფეხზე შებმული ოქროს რგოლის დაკარგვის გამო ძალიან ნაღვლობსო.

„- ეს გოგოები დიდი სასაცილო ვინმეები არიან! – ჩაილაპარაკა მუმინტროლმა, საძილე ტომარაში შეძვრა და ცხვირი კარვის კალთისკენ მიაბრუნა.

იმ ღამეს მუმინტროლს პატარა ფრეკენ სნორკი დაესიზმრა. გასაოცარია, როგორ ჰგავდა ფრეკენი თავად მუმინტროლს. და, რაც მთავარია, მუმინმა მას ვარდი აჩუქა თმაში ჩასაბნევად“. 1

გოგო შუბლზე ჩამოყრილი თმით მუმინტროლს უნახავად მოხიბლავს და აღფრთოვანების ამბავი ულამაზესი სიზმრით გრძელდება.

ამის შემდეგ მუმინტროლისთვის მოახლოებული კომეტისადმი შიში ძალას კარგავს და მოგზაურობა ფრეკენ სნორკის პოვნის, გაცნობისა და მოხიბვლის იმედით იმუხტება.

ტუვე იანსონი ახერხებს ისე განავითაროს მოვლენები, რომ ფოკუსი პერსონაჟთა ქცევაზე გაასწოროს და არსად ახსენებს სიყვარულს. თუმცა მუმინტროლისა და ფრეკენ სნორკის გაცნობის, ერთმანეთის აღმოჩენისა და მოხიბვლის ამბავი ერთ-ერთი საუკეთესო მონათხრობია, რაც შეყვარების  შესახებ წამიკითხავს. ურთიერთობების ასე ფაქიზად მიწოდება ბავშვებისთვის მართლაც საინტერესო და საჭიროა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, კითხვაც ამ თემის ირგვლივ მომეფიქრებინა.

-შეყვარებული თუ ყოფილხართ ოდესმე და რა სისულელე ჩაგიდენიათ სიყვარულის გამო? – ვკითხე  მეხუთე და მეშვიდეკლასელ ბიჭებს. ჩემმა კითხვამ რამდენიმე წამში მოიარა საკლასო ოთახში მყოფების გულები. ვუამბე, რომ ამ წიგნმა დამაფიქრა შეყვარების ამაღელვებელ მომენტზე და რომ შეყვარებული მუმინტროლის შესახებ მისი მეგობარი სნიფი ამბობს, რაც ის (ფრეკენ სნორკი) გაიცნო, მას შემდეგ სულელივით იქცევაო. მუმინტროლი ყურადღებას არ აქცევს მეგობრის შენიშვნებს და გამყიდველ ქალთან ერთად მთელი მონდომებით ეძებს საჩუქარს ფრეკენ სნორკისთვის. იპოვის კიდეც – სარკეს, რომელსაც ლალის თვლებით გაწყობილი ვარდი ამშვენებს. შემდეგ ამ სარკით ფრეკენ სნორკი საშიში რვაფეხას თავდასხმისგან იხსნის მუმინტროლს.

მუმინტროლი და ფრეკენ სნორკი ერთმანეთის დადებით თვისებებს ამჩნევენ, აღიარებენ და აფასებენ, საუბრობენ, ერთობიან, ცეკვავენ, საჩუქრებს დიდი გულმოდგინებით არჩევენ, გამუდმებით ზრუნავენ ერთმანეთზე. ვფიქრობ, მოზარდების დაფიქრება პატივისცემასა და ზრუნვაზე აგებული ურთიერთობების შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია.

ლიტერატურულ კაფეს 25 მოსწავლე ესწრებოდა. დროის დაზოგვის მიზნით წიგნის წარდგენის ფორმა ამგვარი იყო: საუბარი უნდა დაეწყოთ შეკითხვის დასმით და შემდეგ ერთი წუთის განმავლობაში უნდა ესაუბრათ, თუ რაზე დააფიქრათ მათ მიერ შერჩეული წიგნის წაკითხვამ.

ბავშვების შეკითხვები ამგვარი იყო:

  1. ოდესმე დირექტორის კაბინეტში თუ მოხვედრილხართ?
  2. ოდესმე თუ გნდომებიათ დეტექტივობა?
  3. რას გააკეთებდით თქვენ რომ მაწანწალა ყოფილიყავით და რა თავგადასავალი გადაგხდებოდათ, თქვენი აზრით?
  4. როდისმე გქონიათ სურვილი, ყოფილიყავით პოლიციელი და გყოლოდათ ძაღლი?
  5. რატომ უნდა დააზიანო ერთი რაღაც, რომელიც უსულოა და რატომ უნდა მოგწონდეს ის, რაც უსულო არ არის?
  6. მოგეწონებოდათ თუ არა მარტო სახლში ცხოვრება?
  7. გქონიათ ისეთი უცნაური თავგადასავალი, რომელზეც მერე თქვენ თვითონ დაფიქრებულხართ და ამოგიკითხავთ საკუთარი თავი?
  8. თქვენი აზრით, ვინ მოიგებდა ომს – კბილებიანი ტუალეტები თუ კაპიტანი ტრიკო?
  9. როგორ ექცევით თქვენს და-ძმებს?
  10. ოდესმე გნდომებიათ, რომ ყოფილიყავით ჯადოქარი?
  11. გიყვართ სკოლა?
  12. ოდესმე თუ გნდომებიათ, ვისაც კაპიტანი ტრიკო წაკითხული გაქვთ, მისნაირი ცხოვრება რომ გქონოდეთ?
  13. რატომ არის დიდი დათვი ამ წიგნში?
  14. როგორი წიგნების კითხვა მოგწონთ ყველაზე მეტად?
  15. თქვენი აზრით, რაზე უნდა იყოს ეს წიგნი – პირამიდებზე თუ კიდევ სხვა რამეზე?
  16. ოდესმე გნდომებიათ სხვა სკოლაში გადასულიყავით?
  17. ბაიას ადგილას რომ ყოფილიყავით და ვიღაც ბიჭმა გიხსნათ, რას გააკეთებდით?
  18. თქვენთან მაქვს ასეთი კითხვა, რას იზამდით თქვენი ნაცნობი ან ოჯახის წევრი რომ დაკარგულიყო?
  19. თქვენს მამაზე დაწერდით თუ არა ლექსს?
  20. სალამურა რომ ყოფილიყავით, რას იზამდით?
  21. როდისმე შველი გყოლიათ?
  22. რა არის სისხლჩაქცევა?
  23. თქვენ ფარნავაზის ადგილას რას გაააკეთებდით თქვენი მამის და ბიძის მკვლელთან ერთად?
  24. როდისმე ყოფილა ისე, რომ ჩაგძინებიათ და ვინმე მოგჩვენებიათ სიზმარში?
  25. რას იზამდით, თუ მიტოვებულ შენობას დაინახავდით?

 

ყველამ შეძლო შეკითხვის მოფიქრება. ამასთანავე, იგრძნობა მათი სილაღე, თავისუფლება, გაბედულება, რაც მასწავლებლებისთვის დიდი ბედნიერებაა  მაშინ, როცა თითოეული მოსწავლის ძალების თანაბრად წარმოჩენა ჩვენი უმთავრესი მიზანია. შეკითხვის დასმის სწავლებაც მათი თავისუფლების გამოსაწრთობად ერთ-ერთი საინტერესო და ეფექტური მეთოდი აღმოჩნდა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. იანსონი, ტუვე. 2023. კომეტა მუმინების ხეობაში. თარგ. დავით გაბუნია. რედ. ლოლა ქადაგიშვილი, თამარ გავაშელიშვილი. თბილისი: სულაკაურის გამომცემლობა
წყარო https://mastsavlebeli.ge/

იდეები მოსწავლეთა კონფერენციისთვის

 რა შეუძლია მზეს

ზოგადი განათლების ეროვნული სასწავლო მიზნების მისაღწევად  ფორმალური განათლების გვერდით მეტად მნიშვნელოვანია არაფორმალური განათლების ხელშეწყობა. არაფორმალური განათლება შეიძლება  განისაზღვროს როგორც   ფორმალური გარემოს მიღმა ჩატარებული სწავლების ნებისმიერი ფორმა.

არაფორმალური განათლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს  მოზარდის განვითარებაში. არასაგაკვეთილო პროცესში განხორციელებული აქტივობები მნიშვნელოვანია ადაპტირებადი სწავლის შესაძლებლობების, ახალი უნარებისა და ცოდნის უზრუნველსაყოფად. შეიძლება გამოვიყენოთ ინდივიდუალური და სოციალური განათლების ნებისმიერი  პროგრამა და ფორმა, რომელიც არ არის ოფიციალური სასწავლო პროგრამების ნაწილი და მიზნად ისახავს ცოდნისა და შესაბამისი კომპეტენციების გაუმჯობესებას.

არაფორმალური განათლება ახალგაზრდას ეხმარება დამოუკიდებლად აზროვნებაში, როგორც აქტიურ მოქალაქეებს კი სათემო საქმიანობასა და ეროვნული მიზნების შესაბამისად განვითარებაში.  არაფორმალური განათლების პროცესში აქტივობების არჩევის თავისუფლება მოზარდს უვითარებს  გადაწყვეტილებების მიღების უნარს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, ახალგაზრდა უფრო შემოქმედებითად ემზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის და   ხდება თავდაჯერებული.

არაფორმალურ სწავლებაში სასარგებლოა კლუბური და საწრეო სამუშაოების, სემინარების, კონფერენციების, საგანმანათლებლო გამოფენების, პრეზენტაციების, როლური თამაშების, დებატების,  ექსპერიმენტული ( STEAM)  სასწავლო აქტივობების გამოყენება. იგი ხელს უწყობს მოზარდებში სწავლებისადმი ინტერესის გაღვივებას,  ნდობისა და შესაძლებლობების ჩამოყალიბებას.

ამ სტატიაში ვისაუბრებ მოსწავლეთა კონფერენციების მნიშვნელობაზე და შემოგთავაზებთ იდეას საგანთაშორის ინტეგრირებული კონფერენციისთვის.

   რატომ არის მნიშვნელოვანი მოსწავლეთა კონფერენციები? კონფერენციებისთვის მზადებისას მოზარდი ,,ტოვებს“ საკლასო ოთახის საზღვრებს, მისი  ცოდნა სცილდება სახელმძღვანელოს. იწყებს  საგანმანათლებლო მოგზაურობას, ეძებს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაციას. ეძლევა კვლევა-ძიების უნიკალური შესაძლებლობა.

საკონფერენციო მზადების პროცესში მოსწავლეს შეუძლია დაფიქრდეს:

  • რა იცის;
  • რა არ იცის;
  • რა უნდა, რომ იცოდეს;
  • რა შემდგომი ნაბიჯები უნდა გადადგას;
  • რა საკითხზე  სჭირდებათ  დახმარების მიღება მასწავლებლისგან;

არაფორმალურ სივრცეში მუშაობის პროცესში მოსწავლე

  • საკუთარ მოლოდინების და მიღწევებს აფასებს კრიტიკულად ;
  • იღებს პასუხისმგებლობას და  შეუძლია დასახოს რეალური სასწავლო მიზნები და იმუშაოს მათ მისაღწევად;
  • ეჩვევა გუნდურ მუშაობს;
  •  ივითარებს აუდიტორიის წინაშე გამოსვლის და პრეზენტაციის უნარებს.

მოსწავლეთა კონფერენციები ეხმარება მასწავლებელს:

  • დაეხმაროს  მოსწავლეს, დაუსახოს  მკაფიო მოლოდინები და მიზნები;
  • მიიღოს გაწეულ სამუშაოზე  უკუკავშირი მოსწავლეებისგან;
  •  უკეთ გაიგოს თითოეული მოსწავლის, საინტერესო  სფეროებზე ფოკუსირებით დაეხმაროს მოზარდს მათ გააზრებაში;
  • უფრო ეფექტურად გამოიყენოს სხვადასხვა ინდივიდუალური საგანმანათლებლო სტრატეგიები სასწავლო პროცესის უკეთ და შედეგიანად წარმართვისთვის;
  • განახორციელოს  თითოეული მოსწავლის პროგრესის მონიტორინგი.

სწავლა-სწავლების პროცესში კონფერენციების გამოყენება იძლევა დიფერენცირებული სწავლების  მიდგომის საშუალებას.  მასწავლებლისა და მოსწავლის ჯანსაღი ურთიერთობა არაფორმალურ გარემოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოზარდთა აქტიურობისთვის, ურთიერთნდობის ჩამოყალიბებისთვის.

კონფერენციებისთვის მზადება და მონაწილეობა  ხელს უწყობს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.  ასეთი აქტივობები საბოლოო ჯამში ხელს უწყობს კრიტიკულ, ანალიტიკურ, შემოქმედებით აზროვნებას, ავითარებს ისეთ უნარებს და შეხედულებებს, რომელიც აუცილებელია პიროვნული თუ პროფესიული წარმატების მისაღწევად.

კონფერენციის ეფექტურობას განაპირობებს თემატიკა.  მნიშვნელოვანია  თემა იყო აქტუალურიპასუხობდეს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს. კონფერენცია შესაძლებელია ჩატარდეს საგნობრივი მიმართულებით, მაგრამ, მოსწავლეთა სურვილების გათვალისწინებით, უმჯობესია, დასამუშავებელი საკითხი იყოს ნებისმიერი საგნობრივი ჯგუფიდან. ინტეგრირებული კონფერენციები ასევე საუკეთესო საშუალებაა კოლეგებს შორის თანამშრომლობითი კულტურის ამაღლების ხელშეწყობისთვის.

ინტეგრირებული კონფერენციის ჩატარებისას უმნიშვნელოვანესია თემის სწორად შერჩევა. მოზარდს უნდა ჰქონდეს საშუალება, თემატიკა დაუკავშიროს მის საყვარელ  საგანს. ასეთი მიდგომა საშუალებას მოგვცემს, ახალგაზრდას ხელი შევუწყოთ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და სრულყოფაში.

წარმოგიდგენთ ჩემ მიერ განხორციელებული  ინტეგრირებული კონფერენციის იდეას.

კონფერენციის თემა:

რა შეუძლია მზეს – მზის სემიოტიკა

რატომ მზემზე არის ჩვენი გალაქტიკის ცენტრი.

მე-16 საუკუნემდე ადამიანები ცნობდნენ გეოცენტრულ მოდელს, რომლის თანახმადაც დედამიწაა ცენტრი, რომლის გარშემოც უნდა ყოფილიყო განხილული კოსმოსში მიმდინარე მოვლენები და პროცესები. ამ მოდელის ფუძემდებელი გახლდათ  მეორე საუკუნეში  მოღვაწე ბერძნული წარმოშობის ეგვიპტელი ასტრონომი, მათემატიკოსი და გეოგრაფი პტოლემე ალექსანდრიელი.

მეხუთე საუკუნეში ბერძენმა ფილოსოფოსებმა ფილოლაუსმა და ჰიცეტასმა ივარაუდეს, რომ დედამიწა იყო სფერო, რომელიც მუდმივად ტრიალებს მისტიკური ,,ცენტრალური ცეცხლის“ გარშემო.  ორი საუკუნის შემდეგ, არისტარქე სამოსელმა გამოთქვა მოსაზრება, რომ დედამიწა და სხვა პლანეტები მოძრაობდნენ  ცენტრალური ობიექტის, მზის გარშემო. ამ იდეამ იმ ეპოქაში ვერ მოიპოვა მხარდაჭერა. დაახლოებით 1400 წლის შემდეგ გამოჩნდნენ მეცნიერები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ  დედამიწა და სხვა ციური სხეულები  მზის გარშემო ბრუნვენ.

მე-15 საუკუნეში პოლონელმა ასტრონომმა ნიკოლაუს კოპერნიკმა  თქვა, რომ დედამიწა და სხვა პლანეტები ბრუნავენ  მზის და  საკუთარი ღერძის გარშემო. ამ წარმოდგენას ჩვეულებრივ უწოდებენ ჰელიოცენტრულ  ან „მზეზე ორიენტირებულ“ სისტემას. ეს სახელწოდება მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „ჰელიოს“, რაც  „მზეს“ ნიშნავს. კოპერნიკის თეორიას მოგვიანებით მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვა გალილეო გალილეის, კეპლერის, დეკარტის და ნიუტონის ნაშრომებში.

კოპერნიკის ჰელიოცენტრიზმს  იცავდა იტალიელი ჯორდანო ბრუნო –  კოპერნიკის თეორიის პირველი აღიარებული დამცველი და გამავრცელებელი, პოეტი და ფილოსოფოსი.  იგი კოპერნიკის სასარგებლოდ საუბრობდა არა მარტო იტალიაში, არამედ ყველა ქვეყანაში, სადაც კი  მოგზაურობდა: საფრანგეთში, ინგლისსა და გერმანიაში. კოპერნიკის მოძღვრებას ბრუნო ასე გადმოსცემს: ,,…კოპერნიკს უნდა ვუმადლოდეთ იმას, რომ მან გაგვათავისუფლა მცდარი რელიგიური დებულებებისაგან, რომელიც ყველგან გაბატონებულ ვულგარულ დამაბრმავებელ ფილოსოფიაში სუფევდა. უნდა ვაღიაროთ, რომ უფრო დასაშვებია დედამიწის ფარდობითი მოძრაობა სამყაროში, ვიდრე ის, რომ უამრავი სხეული, რომელთაგან ბევრი დედამიწაზე უფრო დიდი და ლამაზია, მოძრაობს ჩვენი სფეროს, როგორც ცენტრის ირგვლივ. ეს ხომ ბუნებას და გონებას ეწინააღმდეგება“.

ბრუნომ განავითარა კოპერნიკის თეორია და უფრო შორს წავიდა – ეპიკურეს, ჰერაკლიტეს და ლუკრეციუსის მიბაძვით, რომლებიც სამყაროს დაუსრულებლობას და მარადიულ მოძრაობას აღიარებდნენ – დაუშვა, რომ მზე ერთ-ერთი ვარსკვლავთაგანია. ასეთი ვარსკვლავი სამყაროში უამრავია. სამყაროში არა მარტო დედამიწა, არამედ მზეც მტვრის ნაწილაკად უნდა მივიჩნიოთ. ამით ბრუნო შესანიშნავ დასკვნამდე მივიდა, რომ სამყარო უსასრულოა, იგი არ შექმნილა რომელიმე გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იგი არსებობდა და მარადიულად იარსებებს. ბრუნო იტალიაში  1600 წლის 17 თებერვალს საჯაროდ კოცონზე დაწვეს. ამან  მსოფლიო საზოგადოების ნაწილი შეაშფოთა, მაგრამ ვერ შეაშინა. 1604 წელს, ისევ იტალიაში, გალილეო გალილეიმ დაიწყო ოფიციალური პროპაგანდა ჰელიოცენტრული სისტემის სასარგებლოდ.

სამყაროს შესახებ ახალ შეხედულებებს  ყველგან გამოუჩნდა მომხრეები: პოლონეთში იან ჰეველიუსი, ინგლისში – რობერტ ჰუკი, ჯონ ფლემსტიდი, ისააკ ნიუტონი და ჯეიმზ ბრადლეი, საფრანგეთში – ბერნარ ლე ბოვიე დე ფონტენელი, ნიდერლანდში – ქრისტენ ჰიუგენსი, რუსეთში – მიხეილ ლომონოსოვი, საქართველოში – დავით და იოანე ბაგრატიონები და სხვა.

კეპლერმა 1596 წელს გამოაქვეყნა წიგნი – ,,სამყაროს საიდუმლოება“. ამ ნაშრომში ავტორმა სრულიად აშკარად დაიცვა ჰელიოცენტრული სისტემა.   იოჰანეს კეპლერმა შეიმუშავა მზის სისტემის ჰელიოცენტრული მოდელი, რომლის თანახმადაც ყველა პლანეტა მოძრაობს საკუთარ ელიფსურ ორბიტაზე.

კეპლერის მზის სისტემის პლანეტების მოძრაობის კანონები:

პირველი კანონი ყოველი პლანეტა მოძრაობს ელიფსურ ორბიტაზე, რომლის ფოკუსში  მოთავსებულია მზე.

მეორე კანონი: მზისა და პლანეტის შემაერთებელი მონაკვეთი დროის ტოლ შუალედებში ტოლი ფართობების ფიგურებს შემოწერს.

                          

  მესამე კანონი: სხვადასხვა პლანეტის ორბიტაზე შემოვლის პერიოდების კვადრატების შეფარდება მზემდე საშუალო მანძილების კუბებთან მუდმივი სიდიდეა.

                     

კეპლერის კანონებზე დაკვირვება შესაძლებელია ქვემოთ მოცემულ სიმულაციებში:

https://rb.gy/p32m9y

https://rb.gy/a9b8iy

https://rb.gy/vnvq9n

ნიუტონმა თქვა პირველმა, რომ გრავიტაცია  იყო უნივერსალური  და მსოფლიოში არსებულ ყველა სხეულზე მოქმედებდა. ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონმა  უზარმაზარი გავლენა მოახდინა ადამიანების მიერ სამყაროს აღქმაზე.  ყველა სხეული ურთიერთქმედებს ერთმანეთთან ძალითრომელიც პირდაპირპროპორციულია მათი მასების ნამრავლის და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატის.

ნიუტონის მსოფლიო მიზიდულობის კანონი სამართლიანია მთელი სამყაროსთვის. ის სხეულების მოძრაობას აღწერს არა მხოლოდ დედამიწაზე, არამედ ღია კოსმოსშიც. მსოფლიო მიზიდულობის კანონის აღმოჩენის შემდეგ იოლი გასაგებია, თუ რატომ ბრუნავენ პლანეტები მზის გარშემო.

ჩვენი მზე არის 4,5 მილიარდი წლის ყვითელი ჯუჯა ვარსკვლავი – წყალბადისა და ჰელიუმის ცხელი მბზინავი ბურთი, ის  ჩამოყალიბდა   გაზისა და მტვრის გიგანტურ, მბრუნავ ღრუბელში, რომელსაც მზის ნისლეული ეწოდება. ის დედამიწიდან დაახლოებით 150 მილიონი კილომეტრითაა დაშორებული და ჩვენი მზის სისტემის ერთადერთი ვარსკვლავია.

მზე არის უდიდესი ობიექტი ჩვენს მზის სისტემაში. მისი დიამეტრი დაახლოებით 1,4 მილიონი კილომეტრია. მისი გრავიტაცია ინარჩუნებს მზის სისტემას და ინარჩუნებს ყველაფერს, დაწყებული ყველაზე დიდი პლანეტებიდან, მის გარშემო ორბიტაზე ნამსხვრევების უმცირეს ნაწილებამდე.

მზის ენერგიის გარეშე დედამიწაზე სიცოცხლე ვერ იარსებებდა.  მზე არის დინამიკური ვარსკვლავი, რომელიც მუდმივად იცვლება და აგზავნის ენერგიას კოსმოსში.  მზის და მისი გავლენის შესწავლის მეცნიერებას ეწოდება ჰელიოფიზიკა.

მიუხედავად იმისა, რომ მზე არის ჩვენი მზის სისტემის ცენტრი და აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმების არსებობისთვის, ის მხოლოდ საშუალო ვარსკვლავია თავისი ზომის მიხედვით. აღმოჩენილია 100-ჯერ დიდი ვარსკვლავებიც.

მზეზე წარმოუდგენელია სიცოცხლე მისი ექსტრემალური ტემპერატურისა და რადიაციის გამო. თუმცა, დედამიწაზე სიცოცხლე შესაძლებელია მხოლოდ მზის სინათლისა და ენერგიის წყალობით.

 

მზე მდებარეობს ირმის ნახტომის გალაქტიკაში,   მის გარშემო ბრუნავენ  ჩვენი მზის სისტემის პლანეტები, ასტეროიდები, კომეტები  და სხვა ობიექტები. ჩვენი მზის სისტემა მოძრაობს საშუალო სიჩქარით  720,000 კმ/ სთ-ში.  ამ სიჩქარითაც კი, მზეს დაახლოებით 230 მილიონი წელი სჭირდება ირმის ნახტომის გარშემო ერთი სრული ბრუნისთვის.

მზე წყალბადისა და ჰელიუმის უზარმაზარი ბურთია, რომელიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული საკუთარი გრავიტაციით. მზის მასის 3/4-ს წყალბადი შეადგენს, ხოლო დანარჩენი უმეტესად ჰელიუმია. დარჩენილი 1,69% მოიცავს მძიმე ელემენტებს, როგორებიცაა: ჟანგბადი, ნახშირბადი, ნეონი, რკინა და სხვა.

მზეს არ აქვს ისეთი მყარი ზედაპირი, როგორიც დედამიწას და სხვა კლდოვან პლანეტებს. მზის ის ნაწილი, რომელსაც ჩვეულებრივ მის ზედაპირს უწოდებენ, არის ფოტოსფერო. სიტყვა ფოტოსფერო ნიშნავს “სინათლის სფეროს” –  ეს არის ფენა, რომელიც ასხივებს ყველაზე ხილულ შუქს და ის,  რასაც ჩვენ ვხედავთ დედამიწიდან ჩვენი თვალებით.   ფოტოსფეროს ზემოთ არის ქრომოსფერო, გარდამავალი ზონა და გვირგვინი. ფოტოსფერო, ქრომოსფერო და გვირგვინი არის  მზის ატმოსფეროს ნაწილები.

მზეს ადამიანებმა მრავალი სახელი უწოდეს. მზის ლათინური სახელწოდებაა  (sol),  ხოლო ბერძნული (Helios). სწორედ აქედან მომდინარეობს  მზესთან დაკავშირებულ ბევრი ტერმინი, როგორიცაა ჰელიოსფერო, ჰელიოცენტრული და სხვა.

სემიოტიკა უძველესი ცნებაა, რომელიც მოიცავს ადამიანისა და გარემოს კომუნიკაციის ფორმებს და სისტემებს.  ცენტრალური იდეა სემიოტიკაში არის ნიშანირომელიც გარკვეულად არეგულირებს და მიმართავს ინდივიდიგარემოს ინტერაქციას.

       ჩვენი გარემოს ღერძი  არის მზე.  სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მოზარდებმა სამყარო აღიქვან და გაიაზრონ როგორც მზის ენერგიის შედეგი. მზე სიმბოლოა, რომელსაც აქვს უამრავი მნიშვნელობა. მათ შორის არის: ბიბლიური, არქეტიპული, მითოსური, ასტრონომიული, ასოციაციური, პოეტური და სხვა მნიშვნელობები. ის არის სინათლის, სითბოს და შესაბამისად, სიყვარულის წყარო… მზე  თავისი ენერგიით გავლენას ახდენს  ზოგადად ადამიანზე, მის  ბუნებასა და განწყობაზე.   სწორედ მზის  სინათლე და ენერგია  ქმნის მიწიერ ფორმებს.

სამყაროს უძველესი სურათები გეოცენტრულია, მაგრამ მზე მაინც ყოველთვის ითვლებოდა  ყოფიერების სიმბოლურ ცენტრად. სწორედ მზის ენერგია შთააგონებს ადამიანს  ინტუიციურ ცოდნას, გონიერებას, აძლევს უზღვავ ენერგიას არსებობისთვის, შენებისთვის, შემოქმედებისთვის, ფიქრისა და  განსჯისთვის.

მზის ენერგიაზე და მის გავლენაზე შესაძლებელია საკონფერენციოდ საკითხების მომზადება ნებისმიერი სასწავლო დისციპლინის ფარგლებში.

უმნიშვნელოვანესია,  ვისაუბროთ ფოტოსინთეზზე ფოტოსინთეზი არის პროცესი, როცა მზის ენერგიის გამოყენებით ნახშირორჟანგის და წყლისგან წარმოიქმნება  გლუკოზა (C6H12O6) და ჟანგბად.

გლუკოზა ფოტოსინთეზის ძირითადი პროდუქტია.  უჯრედული სუნთქვის დროს გლუკოზაში არსებული ქიმიური ბმების ენერგია გარდაიქმნება ატფ-ის ენერგიად.  ფოტოსინთეზის დროს წარმოქმნილი ჟანგბადი კი აუცილებელია ცოცხალი ორგანიზმების  სუნთქვისთვის.  ნებისმიერი ორგანიზმისთვის საჭირო ენერგია წარმოიქმნება ფოტოსინთეზის შედეგად.  ეს პროცესი სინათლის ენერგიის ხარჯზე მიმდინარეობს და მისი წყალობით წყლისა და ნახშირორჟანგისგან წარმოიქმნება გლუკოზა (ან სხვა შაქრების) მოლეკულები, ჟანგბადი კი თანაპროდუქტის სახით გამოთავისუფლდება.

ფოტოსინთეზი უმნიშვნელოვანესია დედამიწაზე სიცოცხლის შენარჩუნებისთვის.  ერთადერთი ორგანიზმი, რომელსაც შეუძლია იარსებოს ასეთ პირობებში, არის ქიმიოსინთეზური ბაქტერია, რომელსაც შეუძლია გამოიყენოს გარკვეული არაორგანული ნაერთების ქიმიური ენერგია და შესაბამისად, არ არის დამოკიდებული სინათლის ენერგიის გარდაქმნაზე.

მილიონობით წლის წინ მცენარეების ფოტოსინთეზის შედეგადაა წარმოქმნილი წიაღისეული საწვავი – ქვანახშირი, ნავთობი და გაზი.  სწორედ ამ წიაღისეულს ეყრდნობა მსოფლიო ინდუსტრია. ეს საწვავი არა მხოლოდ უზრუნველყოფს ქარხნებში, შენობებსა და ტრანსპორტირებაში გამოყენებული ენერგიის დიდ ნაწილს, არამედ წარმოადგენს ნედლეულს პლასტმასის და სხვა სინთეზური პროდუქტებისთვის.

შესაძლებელია უამრავი თემატიკის შერჩევა, რომელიც მზის ენერგიას და მის გამოყენებას უკავშირდება. მზე იყო და არის ადამიანების შთაგონების წყარო.

საკონფერენციო თემად შეიძლება მოზარდმა შეარჩიოს შემდეგი საკითხები:

  • მზე მითოლოგიაში;
  • მზე ხალხურ პოეზიაში;
  • ჩვენი  ფერადი სამყარო;
  • მზის სინათლე სახვით ხელოვნებაში;
  • მზის და მთვარის დაბნელება;
  • მზე და ენერგეტიკა;
  • მზე მუსიკაში;
  • მზე და წიაღისეული საბადოები;
  • მზე და ადამიანთა განწყობა;
  • სიყვარულის სრულყოფილებისთვის

და სხვა მრავალი.

გთავაზობთ ჩემი მოსწავლეების მიერ მომზადებულ პრეზენტაციებს კონფერენციისთვის  ,,მზის სემიოტიკა“. აღნიშნული კონფერენცია ჩატარდა დისტანციური სწავლების პერიოდში. შესაძლებელია ასეთ კონფერენციას თან ერთოდეს მუსიკალური ნომრები, გამოფენა – მაგ.  ნახატების,  STEAM რესურსების და ა.შ.

https://nestanmikadze.blogspot.com/p/blog-page_12.html

ზოგადად,  მოსწავლეთა კონფერენციის დაგეგმვისას სასურველია ისეთი თემის არჩევა, რომელიც გაამთლიანებს საკითხს ერთი იდეის ირგვლივ, ასეთი საკითხები კი ამოუწურავია.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები

https://rb.gy/nsprfs

https://rb.gy/vsceog

https://science.nasa.gov/sun/

https://science.nasa.gov/sun/facts/

https://www.britannica.com/science/photosynthesis

https://ck12.edu.ge/maswavleblebi/ana-kinwurashvili/gamochenili-mecnierebi-fizikashi/

https://semioticsjournal.wordpress.com/author/semioticsjournal/page/18/

 წყარო : https://mastsavlebeli.ge/