Sunday, December 17, 2023

გზა დეკლარატიულიდან პირობისეულამდე

 განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელი სპეციალისტები უფრო და უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გაღვივებას და ამ მიმართულებით სწავლების ტექნოლოგიების დახვეწას. მრავალმა კვლევამ ცხადყო, რომ მოსწავლეთა შინაგანი მოტივაციისა და საბუნებისმეტყველო საგნების მიმართ ინტერესის გაზრდა იმ ასაკში, როდესაც მოსწავლე თავის მომავალ კარიერაზე იწყებს ფიქრს, ზრდის საბუნებისმეტყველო სფეროში დასაქმების მსურველი მოსწავლეების რაოდენობას [1]. ჩვენმა ჩატარებულმა კვლევებმაც გვიჩვენა, რომ მოსწავლეთა უმეტესობას მოსწონს განსხვავებული ფორმატით ჩატარებული გაკვეთილები. მათ მიაჩნიათ, რომ ჯგუფური სამუშაო, მიგნებებით სწავლება და საკუთარი პრეზენტაციების მომზადება გაცილებით საინტერესო, სახალისო და შემეცნებითია, ვიდრე ჩვეულებრივი, კლასიკური, ტრადიციული მეთოდი. განსაკუთრებით დასამახსოვრებლად მიაჩნიათ ინტეგრირებული, პრობლემაზე ორიენტირებული და მედიაწიგნიერების კომპეტენციით ჩატარებული გაკვეთილები [2].

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, წარმოგიდგენთ ინტეგრირებული გაკვეთილის იდეასა და გეგმას სამ საგანში: ქიმიაში, ბიოლოგიასა და მათემატიკაში. გაკვეთილი განკუთვნილია საშუალო საფეხურისთვის. სასურველია, ჩატარდეს მე-11 კლასში. სწორედ ამ ასაკში დგება მოსწავლე პროფესიის არჩევანის წინაშე.

 

თემა: PH, საჭმლის მომნელებელი სისტემა და ლოგარითმები.

გაკვეთილს ეთმობა 2 საგაკვეთილო საათი, სასურველია, საათობრივი ბადე დალაგდეს ორი ერთმანეთის მომდევნო გაკვეთილის შესაბამისად.

ინტეგრირების მიზანი: მოსწავლემ გამოიმუშაოს ტრანსფერის უნარი – შეძლოს PH-ის მნიშვნელობის შინაარსობრივი დაკავშირება და ცოცხალი ორგანიზმების შინაგან და გარეგან ტუტე- და მჟავა გარემოზე მისი ზემოქმედების ახსნა, PH-ის სკალის განსაზღვრამდე კი თავად მივიდეს ათობითი ლოგარითმის გამოყენებით.

სამივე ეს თემა ცალ-ცალკე ვრცლად ისწავლება შესაბამის საგნებში, მაგრამ მათი ურთიერთკვეთა, გამოყენება და ფართო კონტექსტში დანახვა პასუხობს თანამედროვე განათლებისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების შეძენის გამოწვევებს.

 

აქტუალურობა: საგანთაშორისი ტრანსფერის განხორციელება, რაც გულისხმობს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.

ჩვენ მიერ განხორციელებული კვლევის საფუძველზე, ერთ-ერთი ფოკუს-ჯგუფის ანალიზიდან გამომდინარე, გამოიკვეთა მოსწავლეთა მოსაზრება იმის შესახებ, რომ წინარე ცოდნისა და მასწავლებლის ფასილიტაციის გარეშე, ინტერნეტის დახმარებით, ნებისმიერი საკითხის სწავლა ამომწურავად შეიძლება. ამ „ამბიციის“ მართებულობის შესაფასებლად საჭიროა დაიგეგმოს ინტეგრირებული გაკვეთილი აქტუალურ თემაზე და წარიმართოს ისე, რომ მასწავლებლის დახმარების გარეშე, მხოლოდ მოკლე ინსტრუქციებით, პირდაპირ შეუდგნენ ბავშვები ჯგუფურ მუშაობას მოდელით: „მასწავლებელი – პასიური, მოსწავლე – აქტიური“.

მსგავსი გაკვეთილის ჩატარებით მასწავლებელი ერთგვარ მინიკვლევასაც ატარებს და ადგენს, რამდენად შესაძლებელია მასწავლებლის მხოლოდ მცირედი ჩარევით საკმაოდ ღრმაშინაარსიანი საკითხის გააზრება, დამუშავება და გამოყენება სხვა საკითხების შესწავლის პროცესში.

აქტივობა 1. დრო – 10 წთ. მასწავლებლის შესავალი, თემის მიმოხილვა და მკაფიო ინსტრუქცია გაკვეთილის ფორმატისა და სტრუქტურის შესახებ. დავალებების გაცემა – საორგანიზაციო საკითხები.

ჯგუფები კომპლექტდება დიფერენცირებულად.

კლასი იყოფა სამ ჯგუფად სახელწოდებებით: „ბიოლოგები“, „ქიმიკოსები“ და „მათემატიკოსები“. შემადგენლობა შეირჩევა მოსწავლეთა ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისად. გარემოს გასახალისებლად და განწყობის შესაქმნელად წინ დაიდებენ წარწერებს გუნდების სახელებით. ყოველ ჯგუფს აქვს ლეპტოპი, პლიფჩარტი, მარკერები, რომელთა გამოყენებითაც მოამზადებენ პრეზენტაციას (ვისაც რომელი ეხერხება ან მოსწონს), ასევე – ამობეჭდილი თეორიული მასალა, რათა არჩევანი ჰქონდეთ ბეჭდურ და ელექტრონულ რესურსებს შორის და მოიძიონ ინფორმაცია დიფერენცირებული სწავლების მეთოდის შესაბამისად, ინტერესების, ხასიათისა და უნარების გათვალისწინებით.

აქტივობა 2. დრო – 30 წთ. მეთოდი – ჯგუფური მუშაობა.

პრეზენტაციაში უნდა წარმოაჩინონ:

ქიმიკოსებმა:

  • როგორ მიმდინარეობს მჟავებისა და ტუტეების დისოციაცია;
  • რა არის PH, როგორ გამოითვლება, რატომ უნდა ვიცოდეთ ამის შესახებ;
  • რა კავშირია ყოფა-ცხოვრებასა და ორგანიზმისა და საკვები პროდუქტების მჟავატუტოვან ბალანსს შორის.

სამიზნე ცნებებინივთიერება (ქიმ. საშ. 1,2,3,4); ქიმიური ბმა – (ქიმ. საშ. 1,2,3,4)

 

ბიოლოგებმა:

  • საჭმლის მომნელებელი სისტემის აგებულება და ფუნქციები;
  • ორგანიზმის რომელ ნაწილშია ტუტე გარემო და რა მნიშვნელობა აქვს მას იქ მიმდინარე პროცესებისთვის;
  • ორგანიზმის რომელ ნაწილშია მჟავა გარემო და რა მნიშვნელობა აქვს მას იქ მიმდინარე პროცესებისთვის;
  • რომელი გარემო უწყობს ხელს ინფექციების გავრცელებას, მაგ.: პირის ღრუში, ნაწლავებში, სისხლში და ა.შ.

სამიზნე ცნებებისასიცოცხლო თვისება (იოლ. სა.1.2,3,4,5); ჯანმრთელობა და დაავადება (ბიოლ. სა. 1.2,3,5)

 

მათემატიკოსებმა:

  • რას ნიშნავს ლოგარითმი;
  • რისთვის გამოიყენება იგი;
  • როგორ იწარმოება ათობითი ლოგარითმი;
  • მოცემული ინფორმაციის საფუძველზე (ეძლევათ რესურსი: წყალში წყალბადიონების ან ჰიდროქსონიუმის კონცენტრაციის შესახებ ხსნარში) შექმენით PH სკალა და წარმოადგინეთ კოორდინატთა ღერძზე.

სამიზნე ცნებებისიდიდეები, რიცხვები და მოქმედებები (მათ. საშ. 1,2,3,4); ალგებრული გამოასახულება (მათ. საშ. 1,2,3,9)

ჯგუფებს დავალების ბარათები ურიგდებათ ვერბალური ინსტრუქციების გარეშე, მაგრამ დიფერენცირებულად. იმ შემთხვევაში, თუ ჯგუფი თავს ვერ ართმევს დავალებას, ერთვება მასწავლებელი ჯგუფის დროებით წევრად.

 

აქტივობა 3. დრო – 25 წთ. მეთოდი – პრეზენტაციები.

 

წარდგენისთვის თითო ჯგუფს ეძლევა 5-6 წუთი.

 

აქტივობა 4. დრო – 10 წთ. მასწავლებლების რეფლექსია – უკუკავშირი.

 

აქტივობა 5. დრო – 10 წთ. მოსწავლეთა რეფლექსია – 3, 2, 1.

მაგალითად, ძალიან ცნობილი და მარტივი:

  • სამი რამ, რაც სრულყოფილად გავიგე
  • ორი რამ, რაც ნაწილობრივ გავიგე
  • ერთი რამ, რისი გაგებაც ამ თემაზე დამატებით მინდა.

 

აქტივობა 6. განმავითარებელი შეფასებები სოლო ტაქსონომიის მიხედვით ბიოლოგიის, ქიმიისა და მათემატიკის საგნობრივ კომპეტენციაში, ასევე – უნარ-ჩვევების მიმართულებით.

 

ამ ტიპის გაკვეთილი საშუალებას იძლევა, მოსწავლეებს ვასწავლოთ, როგორ ისწავლონ დამოუკიდებლად, როცა მასწავლებელი არის ფასილიტატორი და მონიტორინგს უწევს სწავლის პროცესს.

ამ გაკვეთილიდან მოსწავლეების სარგებელი ის იქნება, რომ ისინი შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების შეფასებას, იმას, რამდენად შეუძლიათ დამოუკიდებლად სწავლა, რა ხარისხით არის საჭირო მასწავლებლის ჩარევა, ნათლად დაინახავენ საგანთა შორის კავშირს, ყველა საგნის სწავლების საჭიროებას და გაიგებენ, რომ ნებისმიერი საკითხი კომპლექსურად უნდა განიხილებოდეს.

მასწავლებლის სარგებელი კი იქნება მოსწავლეთა აკადემიური შედეგების გაუმჯობესება. გარდა ამისა, განსხვავებული ტიპის გაკვეთილები ხელს უწყობს პროფესიულ ზრდას, რადგან „თუ ბედავ სწავლებას, თავადაც არასდროს შეწყვიტო სწავლა“ (ჯონ კოტონ დანა).

გაკვეთილის ძლიერი მხარეა შერჩეული თემა, რომელიც მთლიანად შეესაბამება ბიოლოგიისა და ქიმიის საგნებს, აქვს გამოყენებითი ხასიათი, ხოლო მათემატიკური ნაწილი მას კიდევ უფრო საინტერესოსა და სახალისოს ხდის. გაკვეთილი დაგეგმილია ისე, რომ მასში ყველა მოსწავლე მაქსიმალურად იყოს ჩართული, რაც დიფერენცირებული ჯგუფების შექმნითა და რესურსის შეთავაზებით იქნება უზრუნველყოფილი.

ამრიგად, წარმოდგენილი რესურსი შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვადასხვა ფორმით. ჩვენ, სტატიის ავტორები, ასეთ ინტეგრირებას მივმართავთ, როდესაც მოსწავლის აქტიური როლის დანახვა და განვითარება გვაქვს დასახული მიზნად, თუმცა შეიძლება, აღნიშნული თემა პირდაპირ ახსნან მასწავლებლებმა, ჩაატარონ მინილექცია, გამართონ პრეზენტაცია და შემდეგ ქვიზის ან გასასვლელი ბილეთების გამოყენებით შეამოწმონ მოსწავლეთა გაგება-გააზრების დონე, ჩაატარონ ზეპირი გამოკითხვა და შინ შესასრულებლად მისცენ კომპლექსური დავალება მიღებული ცოდნის გამოყენებით. ყველა შემთხვევაში სამუშაო მოიცავს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა PISA, თბილისი, 2015. მოსწავლეთა დამოკიდებულებები საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართ, გვ. 43
  2. ხ. თეთვაძე, ნ. პოპიაშვილი, პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა – „საბუნებისმეტყველო საგნებში დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზების დადგენა და ანალიზი“
წყარო https://mastsavlebeli.ge/


ემოციური ინტელექტი ერთი წიგნის მიხედვით

 თანამედროვე ნორვეგიელი მწერლის, იბენ აკერლის, წიგნი „ჩემი მეგობარი ლარსი“ საზაფხულო არდადეგების დასრულებამდე სულაკაურის გამომცემლობამ გამომიგზავნა. წიგნი ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. მოუთმენლად ველოდი სასწავლო წლის დაწყებას, რათა წიგნის შესახებ მოსწავლეებთან მესაუბრა.

ხშირად ვიყენებთ სიტყვა ბულინგს ჩაგვრის ნაცვლად და თითქოს სიტყვამ თავისი მნიშვნელობაც დაკარგა. მშობლებმა თუ მასწავლებლებმა ხშირად ვკითხოთ საკუთარ თავს, რას ვაკეთებთ ჩაგვრის გამოვლენისა და აღმოფხვრისთვის? როგორ ვიქცევით, როდესაც ჩვენს შვილს ჩაგრავენ ან, პირიქით, ჩვენი შვილი ჩაგრავს სხვას?

ამ თემის ირგვლივ საყმაწვილო ლიტერატურა აქტიურად ითარგმნება, თუმცა, „ჩემი მეგობარი ლარსი“ შუქურასავით გამოჩნდა სხვა წიგნებს შორის. წიგნში კარგად არის გამოკვეთილი, როგორ შეიძლება იქცეს ბავშვი მჩაგვრელად და შემდეგ უკვე თავად გახდეს ჩაგვრის ობიექტი, ამავე დროს, ძალიან სწორად იქცევა საზოგადოების ყველა მხარე – მჩაგვრელისა თუ ჩაგრულის მშობლები, მასწავლებლები, მოსწავლეები კი ორად იყოფიან. მათ ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვთ სასწავლი. პრობლემის გამოკვეთისა და გადაჭრის გზებიც სიუჟეტურ ხაზს ებმის და ფიქრებით ავსებულს გტოვებს.

მთხრობელი მთავარი პერსონაჟი გოგოა. სწორედ მისი თხრობის მანერა გახდა სტატიის დაწერის მიზეზი. ამანდა საკუთარ ემოციებს მკაფიოდ აღწერს, რამაც მის ემოციურ ინტელექტზე დამაფიქრა. ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა სასწავლო პროცესში თანდათან უფრო აქტუალური ხდება.

გიზიარებთ ჩემს დაკვირვებას იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ წიგნი „ჩემი მეგობარი ლარსი“ მოსწავლეებში ემოციური ინტელექტისადმი ცნობიერების ამაღლებისთვის.

ნაბიჯი 1. 

ემოციური ინტელექტის შესახებ საუბარი

პირველ ეტაპზე მოსწავლეებს მათთვის გასაგები ენით გავაცნოთ ემოციური ინტელექტის მახასიათებლები:

საკუთარი თავის ცნობა გულისხმობს საკუთარი ემოციებისთვის სათანადო სახელის დარქმევას. როცა ადამიანს შეუძლია დაარქვას სახელი ემოციას, რომელსაც კონკრეტულ მომენტში განიცდის, კმაყოფილების განცდა ეუფლება. იმისთვის, რომ მოზარდებმა ემოციების გაცნობა შეძლოს, გავაცნოთ საბაზისო ემოციები: სიხარული, გაოცება, ბრაზი, ზიზღი, შიში, სევდა, სიძულვილი.

 

საკუთარი თავის მართვა – შეიძლება ბავშვს ემოციის ამოცნობა არ უჭირს, მაგრამ არ იცის, როგორ გაუმკლავდეს მოზღვავებულ ბრაზს, წყენას, სიხარულს… სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია საკუთარი ემოციების მართვის ცოდნა, რაც მას დაეხმარება ქცევის მართვაში.

სხვისი ემოციების ამოცნობა – თუკი მოზარდი საკუთარი ემოციებისთვის სახელის დარქმევას სწორად შეძლებს, სხვისი ემოციების ამოცნობა არ გაუჭირდება.

ურთიერთობების მართვა – მხოლოდ სხვისი ემოციების ამოცნობა საკმარისი არ არის. ემოციური ინტელექტის მეოთხე საფეხური საკუთარი ემოციების სხვის ემოციებისადმი მორგებაა. სკოლაში ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსწავლემ შეძლოს საკუთარი განცდებისთვის სახელის დარქმევაც და სხვისი ემოციების სათანადო შეფასების შემდეგ სწორი ქმედებაც, რათა არც საკუთარი თავი დააზიანოს და სხვისი დახმარებაც შეძლოს.

ნაბიჯი 2.

წიგნის მთავარი თემების გაცნობა

საბავშვო ლიტერატურა ემოციურ ინტელექტს ავითარებს, რადგან კითხვისას  პერსონაჟის სამყაროს ეცნობი და მის ემოციებს თავადაც განიცდი. ეს კი თანაგანცდის უნარს აღვივებს.

იბენ აკერლის წიგნში „ჩემი მეგობარი ლარსი“ სიუჟეტი სკოლაში ვითარდება. ზაფხულის არდადეგების დასრულების შემდეგ სკოლაში დაბრუნებულ ამანდას ერთდროულად ბევრი პრობლემა დაატყდება თავს – აღმოაჩენს, რომ ისევ უიმედოდ შეყვარებულია, რაც მის თავისუფალ ქცევას ზღუდავს; ტუტორობას დაავალებენ დაუნის სინდრომის მქონე ბიჭზე, რაც მის შფოთვას გააასმაგებს; კლასში პოპულარული მოსწავლეებისთვის წინააღმდეგობის გაწევას ცდილობს, რაც მის ძალებს აღემატება; ურთიერთობა უფუჭდება საუკეთესო მეგობართან; საკუთარ პრობლემებთან პირისპირ აღმოჩენილი თავს მარტოსულად გრძნობს.

წიგნში ასევე გაშლილია სხვადასხვა თემა: სასკოლო საზოგადოების ჩართულობა სასწავლო პროცესის სწორად წარმართვისთვის; მშობლების როლი კონფლიქტურ სიტუაციებში; სოციალურ ქსელებზე დამოკიდებული მოზარდების პრობლემები და რაც ამ სტატიის დასაწყისშივე გამოვკვეთე, ემოციური ინტელექტის მნიშვნელობა საკუთარი თავის ცნობისთვის თუ სხვისი ქცევის მოტივის სწორად აღსაქმელად.

ნაბიჯი 3.

წიგნის მიხედვით შედგენილი ცხრილის შევსება

კითხვისას საგანგებოდ ვხაზავდი ამანდას მიერ საკუთარი თუ სხვისი ემოციების შეფასების ამსახველ მონაკვეთებს. მაინტერესებდა, ნეტავ, ჩემი მოსწავლეებისთვის რომელი ფრაზა გახდებოდა საკუთარი ემოციების შესახებ ფიქრის აღმძვრელი თუ დაფარული სათქმელის გამოვლენისთვის ბიძგის მიმცემი. სწორედ ამიტომ ამანდას ემოციური სამყაროდან შევარჩიე  28 მონაკვეთი და ცხრილში მოვათავსე. ამობეჭდილ ცხრილს საბაზო საფეხურის მოსწავლეებს დავურიგებ და ვთხოვ, პერსონაჟის ნათქვამი ფრაზებიდან სურვილისამებრ შეარჩიონ რამდენიმე და გასწვრივ დატოვებულ ღია სივრცეში კომენტარი დაწერონ.

კომენტარი შეიძლება იყოს პირადი მაგალითი საკუთარი ცხოვრებიდან, სხვა წიგნიდან, ფილმიდან, მათთვის ნაცნობი სიტუაციიდან.

ცხრილის შევსებისას გაეცნობიან საკუთარ ემოციებს, ერთი კომენტარის ხმამაღლა წაკითხვისას ერთმანეთის შესახებ მეტს შეიტყობენ, მასწავლებლებს კი საშუალება მოგვეცემა მოსწავლეების შინაგან სამყაროს დავუახლოვდეთ და ჩვენთვის დაფარული, უხილავი დინებები შევამჩნიოთ.

დარწმუნებული ვარ, ბევრ მათგანს წიგნის წაკითხვის სურვილიც აღეძვრება.

ამასთანავე, ემოციური ინტელექტის შესახებ ცოდნას გაიღრმავებენ, რაც სასკოლო ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლის.

ვფიქრობ, ცვლილებებისთვის მხოლოდ ერთი აქტივობა საკმარისი არ იქნება. დროდადრო შევთავაზოთ ემოციური ინტელექტის შესახებ სხვადასხვა აქტივობა, რომლებიც Pinterest.com-ზე მრავლად მოიძებნება, თუკი საძიებო ველში ჩავწერთ სიტყვებს Emotional intelligence activities.

 

პერსონაჟის განცდები და ფიქრები

 

 

ჩემი კომენტარი
1.       „მაინც რატომაა სიყვარული ასე უსაშველოდ რთული? გამუდმებით რატომ უნდა ვგრძნობდე, თითქოს შიგნიდან ცეცხლი მიკიდია? საკუთარ თავს წამსაც ვერ ვუთმობ. ასე მგონია, სხეულში ერთი ციდა გნომი ჩამისახლდა და გულს მიკაწრავს“.

 

2.       „-ზაფხული როგორ გაატარე? – ვეკითხები და საკუთარი გამბედაობა მაკვირვებს. არადა, შიგნიდან ორცხობილასავით გახუხული ვარ“.

 

3.       „ვცდილობ, არხეინად ჩავიცინო და ვაჩვენო, რომ ანას და ქრისტინას აზრი არ მაღელვებს, თუმცა, ცხადია, მათი ირონია გულს მტკენს. ნესტარივითაა. უფრო იმიტომ, რომ ეს სიტყვები სწორედ ამ ორისგან მესმის“.
4.       „საკუთარი თავითა და ფოტოებით გართულები ვერც ამჩნევენ, რომ მთელი კლასი მათ დაშოშმინებას უცდის“.

 

5.       „ვიცი, სანამ (სარი, საუკეთესო მეგობარი) გვერდით მყავს, თითქმის ყველა სირთულეს გადავლახავ და ეს ფიქრი პატარა იმედსაც მიღვივებს“.

 

6.       „ათრთოლებულ ხელებს მუხლებს შორის ვმალავ“.

 

7.       „წყნარად ვზივარ, მაგრამ ჩემს თავში ქარიშხალი მძვინვარებს“.

 

8.       „წამი წამს მიჰყვება და უფრო მეტად ვიძაბები“.

 

 

9.       „-მმმ…- ვამბობ დაბნეული. მეტის სათქმელად სიტყვები არ მყოფნის“.

 

 

10.   „ცხადია, ჩემს პასუხს ელოდება, მე კი გამბედაობა არ მყოფნის, სალამი ამოვღერღო“.

 

11.   „თანდათანობით შფოთვა მიპყრობს. ასე მგონია, გამადიდებელი შუშა დამიმიზნეს“.

 

12.   „სხეული თავისით მოქმედებს. ჯერ მარჯვენა ფეხს ვადგამ ფრთხილად, მერე ნელ-ნელა მარცხენასაც. ორივე ხელის დახმარებით სკამიდან ადგომას ვახერხებ და ცოტა ხანს ვჩერდები.

ფეხები იატაკზე მოძრაობას იწყებენ, თუმცა გულის გამალებული ბაგაბუგის რიტმს ვერ ჰყვებიან. ხელები მიოფლიანდება.

ვერავინ ხვდება, რომ უცნაური სიტუაციაა“.

 

13.   „ზაფხულის არდადეგებზე ვოცნებობ; იმ დღეებს ვნატრობ, როცა ჩახჩახა მზის გარდა, დროდადრო სხვაზე არაფერზე ვფიქრობდი“.

 

14.   „ჩემს მერხთან დაჯდომისთანავე ვგრძნობ, რომ საკუთარი თავით ცოტათი ვამაყობ“.

 

15.   „ამდენი და ასე თავშეუკავებლად, კარგა ხანია, აღარ მიცინია. აღარც მახსოვს, ბოლოს ასე როდის ვიხალისე. წამიერად ყველა დარდსა და საფიქრალს ვწყდები“.

 

16.   „თითქმის ოთხი საათი გასულა, რაც სტუმრად ვარ და მობილური ერთხელაც არ შემიმოწმებია. თან წამითაც არ მომიწყენია“.

 

17.   „სინდისი მაწუხებს, მაგრამ დაგვიანების მიზეზი იმდენად კარგია, რომ ძალიანაც აღარ ვნერვიულობ. ერთი სული მაქვს, სახლში მივიდე და დედას და მამას ჩემი დღის ამბებს მოვუყვე“.

 

18.   „ერთდროულად შიშითა და სიამაყით ვივსები. მეამაყება, რომ რთული ვითარების გამოსწორება მოვახერხე, მაგრამ არ ვიცი, ჩემს საქციელს როგორი შედეგი მოჰყვება“.

 

19.   „ვგრძნობ, რომ ვიღაც მაკვირდება“.

 

 

 

20.   „გული ისე მიცემს, ლამის მკერდიდან ამოხტეს. ხელები მიოფლიანდება. ვგრძნობ, რომ რაღაც მემართება“.

 

21.   „უცებ მახსენდება, რომ მთელ სკოლაში, მგონი, განსხვავებულობა ჩემსავით არავის აშინებს“.

 

22.   „ჩემი საიდუმლოს გამჟღავნებაზე ფიქრიც კი თავზარს მცემს“.

 

23.   „მირჩევნია, პრობლემა ჩემგან დამოუკიდებლად გადაწყდეს“.

 

24.   „თვალის უპეები უეცრად მომდგარი ცრემლებით მითბება. ბრაზისგან მთელი სხეულით ვკანკალებ“.

 

 

25.   „ჩემი საქციელის მრცხვენია და საკუთარი თავით უდიდეს იმედგაცრუებას  განვიცდი“.

 

26.   „მომწონს, რომ მათი აღარ მეშინია“.

 

 

27.   „მომდევნო დღეები გრძელი და უღიმღამო. სკოლაში მარტო მივდივარ და შინ მარტო ვბრუნდები. თავი უჩინარი არსება მგონია. ვერავინ მხედავს და ჩემი არავის ესმის“.
28.   „მარითი მასწავლის, რომ პატიებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი სწორედ საკუთარი თავის პატიებაა. ძალიანაც ვცდილობ, მაგრამ მეტისმეტად რთულია“.

 

 


გამოყენებული ლიტერატურა:

  1. აკერლი, იბენ. 2023. ჩემი მეგობარი ლარსი. თარგ. თამარ კვიჟინაძე. რედ. სოფიო გულიაშვილი. თბილისი: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
წყარო https://mastsavlebeli.ge/

პოზიტიური შეფასებისას დაშვებული შეცდომა

 არ ვიცი, იხსენებთ თუ არა მოსწავლეობის დროინდელ ამბებსა და გულისტკივილებს, მე კი მათი გახსენება მეხმარება, მარტივად დავაყენო თავი ჩემი მოსწავლეების ადგილას და შეცდომები არ გავიმეორო. ახალი ამბავი არ არის, რომ როცა თავს სხვის ადგილას წარმოიდგენ, უფრო ადვილად გაიაზრებ, რატომ იქცევა ის სხვა ასე. ადამიანები ამას იშვიათად ვაკეთებთ, უმეტესად განსჯა გვირჩევნია, თუმცა მუდამ ასე რომ მოვქცეულიყავით, უდიდეს შვებას ვიგრძნობდით და ყველაფერი გაცილებით მარტივი გახდებოდა, პირველ რიგში – ჩვენთვის.

კარგი მოსწავლეობა ადვილი არ არის. „კარგი“ მეტისმეტად სუბიექტური ცნებაა, თუმცა, კლასიკური განმარტებით, ეს ნიშნავს მოსწავლეს, რომელიც შედარებით სწრაფად ითვისებს მასალას, გაკვეთილზე ჩართულია მუშაობაში და დავალებებსაც ყოველთვის ასრულებს. კარგი მოსწავლეობის ეს განმარტება თაობებს მოჰყვება, პერიოდულად რაღაცები იცვლება, განსაზღვრებები ემატება ან აკლდება, ძირითადი ფორმა კი უცვლელია: კარგი მოსწავლე ხარ, თუ სისტემატურად სწავლობ და დავალებებსაც ასრულებ ხოლმე. ჰოდა, ეს სულაც არ არის-მეთქი მარტივი! განა იმიტომ, რომ სწავლა და დავალებების შესრულებაა რთული, არამედ იმიტომ, რომ ამას ყველა მიეჩვია.

როცა პროფესიაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი, ხშირად მირჩევდნენ, შემექო და წამეხალისებინა ყველა მოსწავლე, განსაკუთრებით კი ისინი, ვისაც განსხვავებული გამოწვევები ჰქონდა, რათა მოტივაცია ამაღლებოდათ და სხვა, შედარებით ძლიერი ბავშვების ფონზე სწავლის ხალისი არ დაკარგვოდათ. დროთა განმავლობაში პოზიტიური შეფასება ისე გამიჯდა ხასიათში, რომ ჩემი საგაკვეთილო პროცესის ძალიან ორგანულ და, იმავდროულად, გულწრფელ ნაწილად იქცა. მერე კი ერთი რამ შევამჩნიე – კლასი თავისთავად დაიყო ჯგუფებად: მოსწავლეები, რომლებისგანაც ყოველთვის მოველოდი შედეგს, მოსწავლეები, რომლებიც მუშაობისა და ქების ფონზე სწრაფად პროგრესირებდნენ და მოსწავლეები, რომლებიც შედარებით ნელა პროგრესირებდნენ. აღმოჩნდა, რომ ყურადღება და მოტივაციის ასამაღლებელი ქება უმეტესად სწორედ იმ მოსწავლეებისკენ მქონდა მიმართული, რომლებიც მეორე და მესამე კატეგორიებში მოხვდნენ.

შესაძლოა, ამ შეცდომაზე ყურადღება არც კი გამემახვილებინა, რომ არა გოგონა, რომელმაც ერთ ჩვეულებრივ დღეს გაკვეთილზე მკითხა: „მას, მე არ ვარ ყოჩაღი?“ შენ თავისთავად-მეთქი, მივუგე და როგორც კი გაკვეთილი დასრულდა, მთელი სიცხადით მივხვდი, რას ნიშნავდა მისი შეკითხვა. მე ისე მივეჩვიე მის სტაბილურ პროგრესს, რომ ნელ-ნელა გადამავიწყდა აღმენიშნა, როგორი კარგია. ალბათ დავიჯერე, რომ მასაც ისევე უნდა სცოდნოდა თავისი ყოჩაღობის ამბავი, როგორც მე ვიცოდი. ამასობაში კი დამავიწყდა, ხმამაღლა შემეხსენებინა მისთვის, რომ ვენდობოდი და, დარწმუნებული ვიყავი, ყველაფერი გამოუვიდოდა. თუმცა პატარები ჩვენს ნდობას ასე ვერ აღიქვამენ და ჰგონიათ, რომ საკმარისად კარგები არ არიან.

სკოლაში მისულმა, კითხვა მალევე ვისწავლე. გამართულად ვკითხულობდი და ჩემი მასწავლებელი ამას ისე მიეჩვია, თითქოს თანდაყოლილი უნარი ყოფილიყო და არა ჩემი შრომის შედეგი. ჩემი თანაკლასელების უმეტესობა კი ჯერ კიდევ ეჭიდავებოდა ერთად თავმოყრილ ასოებს. ერთ დღეს გაკვეთილზე დირექტორი დაგვესწრო. მახსოვს, ყველას წაგვაკითხეს თითო აბზაცი. სხაპასხუპით ჩავამთავრე და გავჩერდი. ჩემმა თანაკლასელებმაც ჩაკითხეს, მათ შორის ერთმა – ასევე სხაპასხუპით და კარგად. მახსოვს, მასწავლებელი მას მონდომებით აქებდა იმის გამო, რომ კითხვა ასე კარგად ისწავლა. აქებდა, რათა მეტი მოტივაცია მისცემოდა, რადგან მანამდე ბევრი სირთულე ჰქონდა და მასწავლებლის დახმარებით ეტაპობრივად დაძლია. როდესაც მან კითხვა დაამთავრა, მასწავლებელი თავზე დაადგა, მოეფერა და დირექტორსაც უთხრა, აი, რა კარგად ისწავლა კითხვა, რა ყოჩაღიაო. დირექტორმა ჩემზე ანიშნა, ისიც კარგად კითხულობსო. მასწავლებელმა წამით გამომხედა, ხელი აიქნია: ის ჰო, თავისთავადო, -და ისევ ჩემს თანაკლასელზე განაგრძო საუბარი.

ახლა, როცა უკან ვიხედები, ამ ეპიზოდში უამრავ შეცდომას ვხედავ, თუნდაც ჩემი იმ თანაკლასელების წინაშე დაშვებულს, რომლებმაც ვერც მასწავლებლის ქება დაიმსახურეს და არც დირექტორი გამოესარჩლათ, თუმცა მინდა, უკეთ აგიხსნათ, რატომ დატოვა ჩემს მეხსიერებაში ამხელა კვალი ამ მოგონებამ. მასწავლებელს ვუყვარდი, ძალიან ვუყვარდი. არ გეგონოთ, ის ხელის აქნევა და პასუხი იმას ნიშნავდა, რომ ჩემს უნარებს არაფრად აგდებდა. უბრალოდ, დარწმუნებული იყო, რომ მე ეს მისი პოზიტიური შეფასების გარეშეც უნდა შემძლებოდა და რომ შემეძლო კიდეც. მაგრამ ჩემმა ბავშვურმა გონებამ ვერაფრით გაიაზრა, რატომ არ იყო ჩემი მიღწევა აღნიშვნის ღირსი და ნელ-ნელა საკუთარი თავის რწმენა დავკარგე. ჩემმა თვითშეფასებამ ზემოთ-ქვემოთ დაიწყო მოძრაობა, იმის მიხედვით, თუ როგორ შეაფასებდნენ სხვები ჩემს ნამუშევარს. სხვები კი ხშირად არ მაფასებდნენ. განა იმიტომ, რომ ის, რასაც ვაკეთებდი, არ ვარგოდა, არამედ იმიტომ, რომ ვარგოდა, ამას მოელოდნენ და დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს მეც უნდა მცოდნოდა. მე ზოგჯერ ვიცოდი და საკუთარი თავით მეტისმეტად ვამაყობდი, ზოგჯერ კი პირიქით, მეგონა, საკმარისი არ იყო, რასაც ვაკეთებდი და მეტი უნდა მეკეთებინა. მერე ვბრაზობდი და საერთოდ არაფრის კეთება აღარ მინდოდა.

პატარამ თითქმის არასდროს იცის და გამუდმებით ეძებს ხელჩასაჭიდს უფროსებისგან – სიტყვას, საქციელს, ქებას, ნიშნად იმისა, რომ ის, რაც გააკეთა, თუნდაც იოლად, კარგი და საკმარისია. თუ ვერ იპოვა, ნელ-ნელა „კარგი მოსწავლეც“ დაკარგავს მოტივაციას.

„მას, ჩემს დავალებას არ ამოწმებთ?“ – მკითხა წინა დღეს ერთმა მოსწავლემ. „არასდროს არავინ ამოწმებს ჩემს დავალებას“, – ჩაიბურტყუნა მერე თავისთვის. ამის გაგონებისთანავე მის მერხთან გავჩნდი, თუმცა ვაღიარებ, შესაძლოა, მისი დავალება მართლა არ შემემოწმებინა, სწორედ იმიტომ, რომ ვიცოდი, ყველაფერი უშეცდომოდ ექნებოდა დაწერილი.

ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მოსწავლეს თანაბრად მივაქციოთ ყურადღება, განურჩევლად მათი აკადემიური მოსწრებისა და ხშირად შევაქოთ ისინიც, ვინც, ჩვენი აზრით, ყველაფერს კარგად აკეთებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მათგან მივიღებთ უფროსს, რომელიც თავის პროფესიაში შემდგარია, მაგრამ ყველა მიღწევას გამუდმებით კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს და ყოველ წამს სხვებისგან ითხოვს დასტურს, რომ რაღაც გამოუვიდა, რათა ბავშვობაში ჩამოყალიბებული არასტაბილური თვითშეფასება ცოტა ხნით მაინც დაასტაბილუროს.

 


 წყარო https://mastsavlebeli.ge/

აღზრდა – თანამედროვე მიდგომები

 გაგაცნობთ გერმანელი ავტორის სუზან მირაუს ნაშრომს „თავისუფალი და უდრეკი“ („Frei und unverbogen“). სუზან მირაუ პედაგოგი და ოჯახური ურთიერთობების კონსულტანტია. ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ექსპერტია ოჯახის მხარდაჭერის, ბავშვთა აღზრდისა და განვითარების სფეროში. კარიერის დასაწყისში სუზან მირაუ ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში ასწავლიდა, შემდეგ მშობლებისა და სპეციალისტებისთვის კერძო პრაქტიკა დაიწყო. ამასთან ერთად, ის უძღვება ბლოგს, მართავს სემინარებს, სპიკერია კონფერენციებზე, სადაც ოჯახის მხარდაჭერისა და გაძლიერების საკითხებს განიხილავენ.





მშობლებთან ურთიერთობა გავლენას ახდენს ბავშვის ცხოვრებაზე. მისი სულიერი, ემოციური და ფიზიკური განვითარება სწორედ ამ ურთიერთობის თავისებურებებზეა დამოკიდებული. წიგნის ავტორის აზრით, მშობლების უმრავლესობა ცდილობს, შვილები სწორად აღზარდოს, რათა, ზრდასრულ ასაკს მიღწეულებმა, წარმატებული და ბედნიერი ცხოვრებით იცხოვრონ. აღზრდის მრავალი თეორია არსებობს, რომლებიც ზოგჯერ ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება. მაინც როგორია „სწორი აღზრდის“ პრინციპები? როგორ უნდა მოახერხონ მშობლებმა უამრავ რჩევასა და რეკომენდაციას შორის საუკეთესოს არჩევა? ან იქნებ საერთოდ არ არის საჭირო „აღზრდა“? მშობლებს თავად აქვთ შვილად ყოფნის გამოცდილება და მათი მშობლებიც აღზრდის გარკვეული სტილით ხელმძღვანელობდნენ, ამიტომ უფროსები ხშირად ეკითხებიან საკუთარ თავს: „როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება, მშობლებს განსხვავებული მიდგომები რომ ჰქონოდათ?“ ეს კითხვები ზრდასრულ ადამიანებს უმეტესად უსიამოვნო განცდებს უჩენს, რადგან ფიქრობენ, რომ მათ თავს მოახვიეს გარკვეული ჩარჩოები, შეზღუდვები ან სულაც ძალიან დააზიანეს.

„უდავოა, რომ აღზრდა მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრებას და მის დამოკიდებულებას საკუთარი თავის მიმართ, – ვკითხულობთ წიგნში, – კერძოდ, იმას, პოზიტიურად აფასებს თუ ნეგატიურად საკუთარ პიროვნებას, საკუთარ შესაძლებლობებს, ართმევს თუ ვერა თავს ცხოვრებისეულ სირთულეებს. ასევე სერიოზული ფაქტორია ბავშვის ცხოვრების დასაწყისში მისთვის მნიშვნელოვანი უფროსისადმი მიჯაჭვულობის განცდის ფორმირება. ბავშვის გადმოსახედიდან, მიჯაჭვულობა მას იცავს, საფრთხეს არიდებს, რაც უზრუნველყოფს მის ფიზიკურ, პიროვნულ და ფსიქოლოგიურ ზრდა-განვითარებას. სამწუხაროდ, თუ ადამიანს ბავშვობიდანვე არ ჩამოუყალიბდა საიმედო, მყარი მიჯაჭვულობა, ის პერიოდულად განიცდის საკუთარი შესაძლებლობების მიმართ უნდობლობას, შესაძლოა, ჰქონდეს უიმედობის განცდა. იმატებს რისკი უფრო სერიოზული პრობლემების განვითარებისა (შფოთვითი აშლილობები, დეპრესიული მდგომარეობები და სხვადასხვა სახის სომატური ჩივილები).

აღზრდის შესახებ სამეცნიერო და პოპულარული ლიტერატურა მრავლად არის. ამ ლიტერატურაში უამრავ რეკომენდაციას თუ მითითებას ამოიკითხავთ: როგორ მოუწესრიგოთ ძილი პატარას; როგორ ასწავლოთ ბრაზის მართვა და თავადაც ისწავლოთ ემოციების ადეკვატურად გამოხატვა. ზოგიერთი ავტორი მშობლებს უხსნის, როგორ მოიქცნენ მცირეწლოვან თუ მოზარდ შვილთან. მიუხედავად ბევრი რჩევა-დარიგებისა, მშობლები მაინც ჩივიან, რომ შვილებთან გაუცხოება სერიოზულ პრობლემად რჩება. ისე გამოდის, რომ ბავშვები, ასე ვთქვათ, თავს კარგავენ, როდესაც სიახლეებთან ადაპტირებას ცდილობენ“.

ყველა ბავშვი და ყველა მშობელი განსხვავებულია, უნიკალურია. პრობლემებიც ყველას კომპლექსური და განსხვავებული აქვს და ტრივიალური, ზოგადი რეკომენდაციებით ისინი ვერ გადაიჭრება. ამდენად, აღზრდის პროცესში ინდივიდუალური მიდგომები უკიდურესად მნიშვნელოვანია. შეუძლებელია, უნივერსალური პასუხი გაეცეს კონკრეტულ სიტუაციებში გაჩენილ კითხვებს. ბავშვები არ არიან ელექტრონული მოწყობილობები, რომ საჭირო ღილაკს თითი დააჭირო და გარანტირებული შედეგი მიიღო. სუზან მირაუს აზრით, ბავშვები არიან ადამიანები, რომლებიც განსხვავებულად რეაგირებენ სხვადასხვა გამღიზიანებელზე, მათ განსხვავებული ტემპერამენტი და უნარები აქვთ, ამიტომ განსხვავებული რეკომენდაციები და ქცევის კორექციისადმი სხვადასხვა მიდგომა თითოეულზე განსხვავებულად მოქმედებს. ჩვილებიც კი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ტირილის დროს დასამშვიდებლად ზოგს ხელში აყვანაც ჰყოფნის, ზოგი კი უფრო მეტს მოითხოვს მშობლებისგან.

განსხვავებული მიდგომები, ცხადია, მხოლოდ დამშვიდებისას არ არის საჭირო – ისინი აქტიურობის, აგზნებადობისა და ჰიპერაქტიურობის შემთხვევაშიც შეიძლება განსხვავებული იყოს.

პრობლემის გადაჭრა უმეტესად კონკრეტულ ქმედებას ან მეთოდს გულისხმობს. თავდაპირველად აუცილებელია, მშობელმა/უფროსმა მოახერხოს პრობლემის გამომწვევი მიზეზის ამოცნობა. საქმე ეხება მშობლების/აღმზრდელების შეხედულებას, საზოგადოდ, ბავშვზე, მის მოთხოვნილებებსა და უფროსებთან ურთიერთობაზე. ანუ როგორ იქცევიან ზრდასრულები, როდესაც მშობლის როლში არიან. ამ შემთხვევაში აღზრდის მეთოდებზე საუბარი მეორეხარისხოვანია, ხანდახან კი საერთოდაც არ დგება დღის წესრიგში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ერთ მშვენიერ დღეს რომელიმე მშობელი აღმოაჩენს, რომ აღზრდის არცერთი კონცეფცია არ შეეფერება მის წარმოდგენას საკუთარი შვილის შესახებ.

გერმანელი ავტორი საკუთარ პრაქტიკაზეც გვესაუბრება და ერთ შემთხვევას იხსენებს. ახალგაზრდა მშობლები მთელი კვირის განმავლობაში ერთსა და იმავე პრობლემას აწყდებოდნენ: მათი ოთხი წლის გოგონა მაია საღამოობით არაფრით არ იძინებდა. დედას, რომელიც სამსახურში მთელი დღე საპასუხისმგებლო საქმით იყო დაკავებული, შინ დაბრუნებისას იმედი ჰქონდა, რომ მას შემდეგ, რაც მაია დაიძინებდა, მშვიდად მოილევდა საოჯახო საქმეებს და დასვენებასა და განტვირთვასაც შეძლებდა. შვილის ურჩობით შეწუხებულმა მშობლებმა უამრავი რამ სცადეს ბავშვის დასაძინებლად: გოგონას უკითხავდნენ წიგნებს, ამშვიდებდნენ აბაზანით ან მასაჟს უკეთებდნენ; დედა და მამა რიგრიგობით წვებოდნენ საწოლში მაიასთან ერთად, უსმენდნენ აუდიოზღაპრებს. მშობლები მშვიდ, ჰარმონიულ გარემოს ქმნიდნენ, რითაც ცდილობდნენ, გოგონასთვის ჩაძინება შეუმჩნეველი და ბუნებრივი გაეხადათ. სამწუხაროდ, არცერთმა მეთოდმა არ გაჭრა. თითქოსდა ჩაძინებული მაია ისევ თამაშს იწყებდა, მიუხედავად იმისა, რომ ისე ეძინებოდა, გამუდმებით თვალებს ისრესდა. მშობლებმა პედიატრსაც მიმართეს და, მისი რეკომენდაციით, შვილის ერთსა და იმავე დროს დაძინება სცადეს, მაგრამ ისევ უშედეგოდ. გაღიზიანებულმა დედამ საწოლში მაიას ძალით გაჩერებაც მოინდომა. ასეთი მცდელობები იმით სრულდებოდა, რომ დედაც და შვილიც ტირილს იწყებდნენ. დაღლილი მაია ძლივს ახერხებდა ჩაძინებას.

ყველაფერი მაშინ გაირკვა, როდესაც შეწუხებული მშობლები სერიოზულად გაესაუბრნენ პატარას. მაიამ ისინი მიახვედრა, რომ სურდა, თავად მიეღო მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში.

„წარმომიდგენია, – წერს ავტორი, – რა ირონიულად ჩაიცინებენ მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები და იფიქრებენ: „ასეთი ციცქნა და უკვე საკუთარი გადაწყვეტილებების მიღება?“ დიახ! სპეციალისტები ამას ავტონომიურობის ფაზას უწოდებენ. საბავშვო ბაღში გატარებული დღის შემდეგ მაიასთვის ძალიან დიდი შეზღუდვა იყო დასაძინებლად გამწესება. მას მშობლებთან დროის გატარება და, ამავე დროს, საკუთარი თავისა და შესაძლებლობების დემონსტრირება სურდა. მშობლებმა გადაწყვიტეს, გოგონასთვის მოესმინათ. ისინი ნებას რთავდნენ პატარას, ვახშმობამდე ეთამაშა მამასთან ერთად, დედა კი ამ დროს მშვიდად აკეთებდა საქმეს. ამის შემდეგ ბავშვი უპრობლემოდ იძინებდა“.

დასასრულ, უნდა ითქვას, რომ ხშირად მშობლები შვილებს სათანადოდ ვერ აფასებენ. უფროსების თვალთახედვით, მათი შვილები არიან ისეთები, როგორი წარმოდგენაც აქვთ მშობლებს, საზოგადოდ, ბავშვებზე. პრობლემების უმრავლესობა სწორედ ამ მოცემულობიდან წარმოიშობა, – მიაჩნია გერმანელ ექსპერტს.

მაინც რატომ არის, რომ მშობლები უნიკალურ ინდივიდებად ვერ აღიქვამენ შვილებს? რატომ მიიჩნევენ უფროსები, რომ ბავშვები მათ შეხედულებებს უნდა შეესატყვისებოდნენ? რატომ ჰგონიათ, რომ ისინი ყოველთვის ისე უნდა იქცეოდნენ, როგორც საყოველთაოდ მიღებული შეხედულებებით არის განსაზღვრული? იმიტომ ხომ არა, რომ უფროსებს სავალდებულოდ მიაჩნიათ უმცროსების აღზრდა?

საინტერესო კითხვებია, არა? ახლა გაცილებით საინტერესო კითხვებს მოისმენთ, პასუხებს კი ამავე ავტორის სტატიებში ამოიკითხავთ. მაშ ასე: როგორ ვისწავლოთ შვილების ჭეშმარიტი გაგება? როგორ გავთავისუფლდეთ გარკვეული ფიქრებისა და მოლოდინებისგან? რატომ არის, რომ სხვადასხვა ავტორი დღესაც სთავაზობს მშობლებს აღზრდის მზამზარეულ მიდგომებს? როგორ მოახერხონ მშობლებმა, რომ შვილებს პატივისცემით მოეპყრონ, თანაც ისე, რომ არცერთი მხარე არ გრძნობდეს თავს დაჩაგრულად და გამოფიტულად?

 წყარო https://mastsavlebeli.ge/

ტრადიციული ლიტერატურა და ციფრული ლიტერატურა

 ციფრული ეპოქა ფუნდამენტურად ცვლის ავტორისა და მკითხველის ტრადიციული გაგების პარადიგმას. შესაბამისად, თუ ტრადიციული აღქმით შევაფასებთ ახალ ლიტერატურას, არაფერი გამოგვივა. ეს იგივეა, რომ ვინმემ გითხრათ: დაინახე, სამყარო სხვადასხვა ფერში და თქვენ კი არ იხსნიდეთ წითელფილტრიან სათვალეს. ამიტომ ტრადიციული მწერლებისგან ციფრული ლიტერატურის შეფასება, როგორც „თამაში“ და „არასერიოზულობა“, მინდა გითხრათ, რომ ზუსტი მეტაფორებია და ამით სრულიად არ ადგება ჩრდილი ახალ მხატვრულ ტექსტებს. დიახ, ეს არის მეტი თამაში, მეტი სიმსუბუქე/არასერიოზულობა, სრულიად განსხვავებული ესთეტიკა, რომელსაც ან იღებ, ან ვერა, მაგრამ იმის თქმა, რომ არ არსებობს, – ციფრული ეპოქის არცოდნაა!

ამავე დროს, ციფრული ლიტერატურა არ არის ტრადიციული ლიტერატურის ალტერნატივა და არაფრით არ „ემუქრება“ ავტორი-მკითხველის ტრადიციულ გაგებას. ამიტომ გადამეტებული ღელვა იმაზე, რომ „ლიტერატურას ამასხარავებენ“ – იუმორის სფეროა და ამავე დროს, მართლაც არსებობს ასეთი ციფრული ჟანრი: ტვიტერატურა, რომლის ერთი მიმართულებაა ტრადიციული ტექსტების დეკონსტრუქცია, რაც არ ნიშნავს „მეორედ მოსვლას“. დეკონსტრუქცია ყველაზე მეტად გულისხმობს იმ ტექსტის ცოდნას, რომლის დეკონსტრუქციასაც ახდენ იუმორითა და თამაშით. სამყაროს მრავალი მხარე და წახნაგი აქვს და ერთი მიმართულებით ყურება ღლის თვალებს და არა მარტო თვალებს, ცნობიერებასაც შტამპავს.

შეგვიძლია, ვისაუბროთ მხატვრულობაზე, ექსპერიმენტებზე, გამოხატვის ტექნოლოგიურ ფორმებზე ან საერთოდ არ ვისაუბროთ ციფრულ ლიტერატურაზე, მაგრამ გაბრაზება იმაზე, რაც დრომ მოიტანა, დროის კარგვაა. ამ შესავალს იმიტომ ვწერ, რომ ამ დღეებში ბევრი დაიწერა – „ეს რაღა მოიგონეთ“ – სტილში ციფრულ ლიტერატურაზე.

ციფრული ლიტერატურა არის ტექნოლოგიებზე და მოწყობილობებზე დაფუძნებული ლიტერატურა და გამოიცემა ციფრულად. ციფრულ ლიტერატურას არ სჭირდება „გამომცემლობა“-შუამავალი ან ავტორის აღზევება და ავტორიტეტად ქცევა იმისათვის, რომ „კარგად გაიყიდოს“. რა თქმა უნდა, არსებობს ონლაინსაზოგადოებები, რომლებიც ავრცელებენ ციფრულ ნარატივებს, მაგრამ არამც და არამც ამას არა აქვს ტრადიციული სახე.

ისევე, როგორც ციფრული სამყარო არის ქსელურობა, ზუსტად ასე, ციფრული ლიტერატურაც არის ქსელური, სწრაფადგავრცელებადი და გამოხმაურებადი. ციფრული ტექსტი არ არის მხოლოდ ტექსტი, – ის არის მულტიმედია ნარატივი და ხშირად დაფუძნებულია თამაშზე და არის კიდეც თამაში. მკითხველი ციფრულ ლიტერატურაში არ არის პასიური, ის ჩართულია ხშირად სხვადასხვა ფორმით ტექსტში და უფრო მეტიც, მას შეუძლია ცვლილებების შეტანაც. თუ ტრადიციული ლიტერატურული ტექსტი ეს არის წრფივი ნარატივი, რომელიც იწყება, ვითარდება და სრულდება, ციფრული ტექსტი არაწრფივია, რაც ნიშნავს, რომ არსებობს განშტოებული თხრობა და ჰიპერბმულები, რომლებიც ეფუძნება მკითხველის არჩევანს. ეს რაღაცით ძალიან ჰგავს კვანტურ ფიზიკას, შესაბამისად, კვანტური ცნობიერების ანარეკლია.

ციფრული ლიტერატურა ლიტერატურისა და ტექნოლოგიების შემოქმედებითი კვეთაა და სთავაზობს მკითხველს ინოვაციურ და ინტერაქტიურ გზებს სიუჟეტებში ჩართვისთვის. მაგალითად, “Bury Me, My Love” by The Pixel Hunt and Figs პიქსელ ჰანტის – „დამმარხე, ჩემო სიყვარულო“ – ეს არის ინტერაქტიური თამაში – სირიელი ქალის, ნურის ისტორია, რომელიც გადაწყვეტს სახიფათო მოგზაურობას ევროპაში უკეთესი ცხოვრების საძიებლად. მოთამაშე ირგებს მაჯდის, ნურის ქმრის როლს, რომელიც სირიაში რჩება. მაჯდისა და ნურის შორის კომუნიკაციის ძირითადი რეჟიმი არის შეტყობინებები აპლიკაციის საშუალებით, სადაც მოთამაშეები აკეთებენ არჩევანს და პასუხობენ ნურის შეტყობინებებს, რაც გავლენას ახდენს თხრობის მიმდინარეობაზე. ამ თამაშში ბევრი მოთამაშე ერთვება რეალური ისტორიებით. თამაშის დასრულება დამოკიდებულია ინტერაქციაზე, ვინ როგორ რჩევებს მისცემს ნურის. თამაშის აპები არსებობს სხვადასხვა მოწყობილობისთვის, შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ და თქვენც მოირგოთ მაჯდის როლი[1].

ავტორის დემოკრატიზაცია

გაჩნდა კიდევ ერთი ახალი ტერმინი: ავტორის დემოკრატიზაცია, რაც გულისხმობს ლიტერატურული და შემოქმედებითი ნაწარმოებების შექმნისა და გავრცელების პარადიგმის ცვლას – ეს არის გადასვლა ცენტრალიზებული, ექსკლუზიური ავტორიტეტიდან (ტრადიციული ავტორები, გამომცემლები) უფრო ინკლუზიურ, მონაწილეობით მოდელზე, რომელიც მოიცავს კონტრიბუტორთა უფრო ფართო სპექტრს.

ციფრული სივრცეები მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, შექმნან და გააზიარონ საკუთარი შინაარსი/კონტენტი. ისეთი პლატფორმები, როგორებიცაა ბლოგები, სოციალური მედია და ერთობლივი წერის სივრცეები, ყველას აძლევს უფლებას, გაუზიარონ თავიანთი შემოქმედება გლობალურ აუდიტორიას.

ციფრული პლატფორმები ხელს უწყობს აგრეთვე კოლაბორაციულ ავტორობას, როცა რამდენიმე ქმნის ერთ ტექსტს. უფრო მნიშვნელოვანი ხდება იდეა/ტექსტი, ვიდრე ავტორი. ასეთი ტექსტები წარმოაჩენენ კოლექტიური წერის ძალას და არღვევენ ტრადიციული წერის პარადიგმას.

ციფრული წერის პლატფორმები, როგორც საგანმანათლებლო რესურსი

ბევრ ქვეყანაში ეფექტურად გამოიყენება ციფრული წერის საიტები და აპლიკაციები, როგორც საგანმანათლებლო რესურსი.

ასეთია, მაგალითად https://www.storybird.com/ – სადაც ბავშვები/სტუდენტები შეთავაზებული ვიზუალური მასალის არჩევით ქმნიან საინტერესო კონტენტს. ვიზუალური მასალის მრავალფეროვნება მათ ეხმარება, შეარჩიონ მათთვის სასურველი და აგრეთვე, გააღვიძონ მთვლემარე ასოციაციები მათი დახმარებით. მულტიმედია თხრობის ინსტრუმენტები ეხმარება ახალგაზრდებს თვითგამოხატვასა და თვითრეალიზაციაში.

ისეთი პლატფორმები, როგორიცაა Twine ან inklewriter, საშუალებას აძლევს სტუდენტებს შექმნან ინტერაქტიური მხატვრული ლიტერატურა. ციფრული წერის ეს ფორმა ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნებისა და კრეატიულობის განვითარებას ახალგაზრდებში.

ციფრული წერის მსგავსი პლატფორმები https://www.inklestudios.com/ – კარგი იქნებოდა ქართველი ავტორ-მკითხველებისთვისაც.

ზოგიერთი პლატფორმა საშუალებას აძლევს მოსწავლეებს/სტუდენტებს, ითანამშრომლონ თანატოლებთან მთელს მსოფლიოში, ხელი შეუწყონ გლობალურ პერსპექტივებს და კულტურათაშორის კომუნიკაციას.

ციფრული წერის პლატფორმები ხელს უწყობს უფრო დინამიკურ და ინტერაქტიურ საგანმანათლებლო გარემოს, ეხმარება სტუდენტებს განავითარონ წერის და ციფრული წიგნიერების ძირითადი უნარები, ხოლო პროფესორებს/მასწავლებლებს სთავაზობს მრავალმხრივ ინსტრუმენტებს ეფექტური სწავლებისა და შეფასებისთვის.

და, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის პროცესი, თავისი დადებითი და უარყოფითი ნიუანსებით და რაც უფრო მეტს დავწერთ და განვავითარებთ ციფრულ ლიტერატურას, მით უფრო დაიხვეწება ციფრული მწერლობის გამოხატვის ფორმები, სტილი და ჟანრები ქართულ ლიტერატურულ ციფრულ სივრცეშიც.

გამოყენებული ლიტერატურა:

[1] https://store.steampowered.com/app/808090/Bury_Me_My_Love/

 წყარო https://mastsavlebeli.ge/

შობა-ახალი წლის განწყობილებები

 ქართულ ლიტერატურაში არაერთი მხატვრული ნაწარმოებია, რომლებშიც შობა-ახალი წლის რიტუალურ-სადღესასწაულო განწყობილებები წარმოჩნდება. შობა მისტერიაა, რომელიც სამყაროს ცვლის. ეს ერთხელ მოხდა და კვლავ მეორდება მარადიულად, რადგან შობა ადამიანის სულიერი სამყაროს წიაღში ხორციელდება. ქრისტე ჩვენს გულში უნდა დაიბადოს, მხოლოდ ამგვარად ეზიარება ადამიანი ამ საიდუმლოს, რომელმაც განახლება უნდა მოიტანოს. შობამ თვალი უნდა აუხილოს, გააღვიძოს ადამიანი, გამოიყვანოს საკუთარი ეგოს, უმეცრების, უსიყვარულობის, პლატონისეული გამოქვაბულიდან. ის ჩვენს ცხოვრებაში წარმოქმნის ახალ განზომილებას, რომელშიც ადამიანმა თავისი ცოდვა-მადლი კიდევ ერთხელ უნდა გაიაზროს. ამ დროს პროვიდენციალური აღქმა მძაფრდება, რაც იმას გულისხმობს, რომ ყოველივე, რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში, განგების გადასახედიდან, ამ კონტექსტში აღვიქვათ. ამიტომაც მიწას სწყდება მზერა და ზეცისკენ იხედება, „რომ დაშთოს აქ ამაოება“ (ბარათაშვილი). ლიტერატურაში შობის ამბები დახატულია ადამიანის სულიერ-ზნეობრივი კათარსისისთვის. ასეა ყველა ნაწარმოებში, ქართულსა თუ უცხოურ ლიტერატურაში: ჩარლზ დიკენსის, ჰოფმანის, დოსტოევსკის, ო ჰენრის, ილიას, აკაკის, ვაჟა-ფშაველას, ნიკო ლორთქიფანიძისა და სხვათა საშობაო ნაწარმოებებში. ახალი წლის დღესასწაული კი საეროა, ზედაპირულია და ზეიმის ტალღებზე ტივტივებს. ის მატერიალური სამყაროს კალენდარულ დასაწყისს გულისხმობს. როგორც ვიცით, ის საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა.

 

სახარებისეული შობის ეპიზოდების პარადიგმები ლიტერატურაში მრავალგვარად ისხამს ხორცს. აქ მნიშვნელოვანია შემდეგი საკითხები: 1. ბაგაში დაბადება (როგორც სიმბოლო ღვთაებრივის ყოველგვარ სივრცეში არსებობისა და გამოვლენისა), 2. ბეთლემის ვარსკვლავი (როგორც სიმბოლო კაცობრიობისთვის ღვთისკენ გზის მაჩვენებლისა), მოგვთა საჩუქრები (ოქრო (როგორც მეფეს), გუნდრუკი (როგორც ღმერთს) და მური (როგორც კაცს)), მრავალმნიშვნელოვანი სიმბოლოები, განმასახიერებელი სამყაროს უზენაესი კანონებისა (ოქრო-დიდების, გუნდრუკი ღვთაებრიობის, ხოლო მური-წარმავლობის გამომხატველი). ნიკო ლორთქიფანიძე ადამიანის უპირველეს ღირებულებას ასე გამოთქვამს: „ადამიანი იმდენივე ღირს. რამდენიც კაცობრიობა“ („დადიანის ასული და მათხოვარი“). ამიტომაც ლიტერატურაში არა საჩუქარს, არამედ გაცემას ენიჭება მნიშვნელობა: „რასაცა გასცემ. შენია, რასც არა დაკარგულია“. ეს კარგად წარმოჩნდა ო ჰენრის მოთხრობაში, რომელშიც საჩუქრებმა სიმბოლური, სულიერი მნიშვნელობა შეიძინეს და მატერიალური ღირებულება დაკარგეს. ახალგაზრდა წყვილმა ერთმანეთისთვის გაიმეტა ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც გააჩნდა: „ჭეშმარიტად ბრძენია ყველა ადამიანი, ვინც ასევე გასცემს და იღებს საჩუქრებს. ისინი მოგვები არიან“.

 

კონსტანტინე გამსახურდია აღწერს, როგორი საჩუქრები მიართვეს მეფე გიორგის („დიდოსტატის მარჯვენა“): „კათალიკოსმა მელქისედეკმა უთენია უკვლია, საწოლის დარბაზს მოადგა ოქროითა, ვერცხლითა და ბროწეულებით გავსილი ხონჩით, კლარჯეთიდან ჩამოტანილი ძელიცხოვლის ჯვარი მიართვა, პატიოსანის თვლებით მოოჭვილ ლუსკუმაში ჩადებული, და ძვირფასი ხატი ამინაშატისა. დილიდანვე ეწვივნენ მეფეს ერისთავნი, ზვიად სპასალარი და მსახურთუხუცესი, მანდატურთუხუცესი და მსაჯულთუხუცესი, ეზოსმოძღვარი და ჩუხჩარხი, მოლარეთუხუცესი და მეღვინეთუხუცესი. მენადირეთუხუცესმა სამი ქორი მიართვა ფოლადისფერი, შვიდი შავარდენი ლაზიკიდან ჩამოყვანილი, ერთი თავიც ველური ეშვისა სავსებით მოოქროვილი. მერემეთუხუცესმა და სამმა ერისთავმა შვიდ-შვიდი ცხენი თვითეულთა. ერისთავებმა ისრებიც მოართვეს მეფეს, მსხვილნი ბოძალნი დიდნადირთათვის, ქეიბურნი მხეცთათვის, ხარჩა და ქიბურჯი ფრინველთათვის, დიდ-დიდნი კაპარჭნი საომარნი. მოიღო მთელი კონა ისრებისა ბანჯგვლიანმა მამამზე ერისთავმა“.

 

მრავალმნიშვნელოვანია სახარებისეულ შობის ეპიზოდში ანგელოზთა გალობა: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“. ამ გალობაში წარმოჩნდება, რომ რწმენა, მშვიდობა და სათნოება ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ამიტომაცაა, რომ რწმენის რღვევა იწვევს ათასნაირ შფოთვას, არეულობას და კაცთა შორის მანკიერებათა გავრცელებას. აკაკი წერეთლის „შობა“ შემდეგი სტრიქონებით სრულდება:

 

„დიდება ყოვლის შემოქმედს!

დიდება მისსა მცნებასა!..

დიდება ქვეყნად მაცხოვრის

ხორციელ მოვლინებასა!..“.

 

„ვეფხისტყაოსანში“ კარგად წარმოჩნდება ნავროზობა, როგორც ახალი წლის დღესასწაული გულანშაროში. ეს ქალაქი კი სიმბოლურად სწორედ მატერიალური ყოფის სილაღის, უდარდელობის, ზედაპირულობის განსახიერებაა. სწორედ ამ დღესასწაულზე წარმოჩნდება მნიშვნელოვანი რამ – მოწყენილი და განმარტოებული ფატმან-ხათუნი სარკმლიდან ნესტანს დაინახავს, თვალებზე ხელს აიფარებს, რადგან ქალი თვალისმომჭრელ შუქს აფრქვევს. სწორედ იგი გამოიხსნის ნესტანს შავკანიან მონათაგან და დედასავით უპატრონებს. როგორც ვიცით, დავარმა წყალს მისცა ნესტანი, ბედისწერამ კი ბოლომდე არ გაიმეტა მზეთუნახავი, რადგან წყალი განახლების სიმბოლოა და სწორედ ზღვათა სამეფოში გამოირიყა. ასე რომ, ახალი წელი პოემაში კომპოზიციური ელემენტის ფუნქციას ასრულებს.

 

ეკატერინე გაბაშვილი თავის ნოველას „ღვინია გადაიჩეხა“ ასეთ მინაწერს უკეთებს (საახალწლო იმედები), მაგრამ მასში სწორედ ამ იმედების გაქრობა-გაცამტვერებაა. ერთი საინტერესო ნიუანსიცაა: „1800 წელს მტკვარი ისე გაიყინა, რომ ორი კვირა ხალხი ზედ გადიოდ-გამოდიოდაო“. ურემი შეშა უნდა გაყიდოს კაცმა, რომ ოჯახმა საშობაო სადილის გამართვა შეძლოს. ისინი აწყობენ გეგმებს, რას იყიდიან. მწერალი აღწერს შეშის ბაზრობაზე გამართულ ვაჭრობას. ნინიკაც ცდილობს მყიდველის მოზიდვას, მაგრამ პოლიციელი ადგილის შეცვლას უბრძანებს. ყინულით გასიპულ დაღმართზე ერთ ხარს ფეხი „ყინულში ჩაუვარდა, მეორე ფეხი წაუსხლტა და ორთავე წინა ფეხით გაილასტა. ვიწროდ აკოკოლავებული შეშა საჩქაროდ გადიხარა გვერდზე და მსუბუქი ურემიც თან გადაიტანა“. „ნინიკა უძრავად იდგა, ღვინიას თვალებში ჩასცქეროდა. საქონლის უსიტყვო, საზარელი ტანჯვა უსიტყვოდვე იბეჭდებოდა იმის პატიოსანს სახეზედ და კაცს გულს უკლავდა“. მოსეირე ხალხი ხარისთვის ყელის გამოჭრას ურჩევდა, მაგრამ ნინიკა საყვარელ მარჩენალ ღვინიას, როგორც საკუთარ მარჯვენას, ვერ გაიმეტებდა. სოფელში კი მოლოდინით სავსე ოჯახია. მწერალს რეალობის კონტრასტისთვის სიზმარი შემოაქვს. გოგია ხედავს სანოვაგითა და საჩუქრებით დატვირთულ შვილს: „ნახა, რომ ნინიამ შუა ცეცხლით გაჩაღებულ დარბაზში შემოიტანა პირამდის გატენილი ხურჯინი, მთელ თავისს ჯალაბს სიხარული მოჰფინა: პატარა ფეფეს წითელი ჩუსტები, ნენეს ჭრელი შალის კაბა, მიხას ქუდი და ქალამნები, საღვინით თაფლი, ტიკით არაყი, გოგიასთვის დასტა-დასტა თამბაქო კერას წინ დიდ გორასავით დაგროვილი იყო და პატრონები ცეკვითა და ღრიანცელით გარს უვლიდნენ. თვითონ გოგია საახალწლო ტაბლით, წმინდა სანთლებანთებული, კარებში იდგა და თავის ოჯახის ბედნიერებით ხარობდა“. სულისშემძვრელია მოთხრობის ფინალური ფრაზები; „ღვინია დაჩეხილა, ღვინია დაჩეხილა, ჩვენი ღვინია! – ზარივით გაისმა ყინვისაგან მოკრიალებულს ჰაერში გოგიას ოჯახის გოდება და ძველ წელიწადთან ერთად მისწყდა შეუნიშნავად ჟამთა ვითარებაში…“. ასეთივე სევდიანია ნოველა „როგორ მიეგება სვიმონიკა ახალწელიწადს“, რომელშიც წარმოჩენილია ქალბატონის მიერ შინიდან გაგდებული ბიჭუნა როგორ იყინება ქუჩაში. ნოველა ეხმიანება დოსტოევსკის „საშობაო ამბავს“.

 

ვაჟა-ფშაველას მოთხრობებსა და ლექსებში სახარებისეული პარადიგმები ახალ მხატვრულ სახეებში ისხამს ხორცს („სათაგური“, „საშობაო მოთხრობა“, „საშობაო თქმულება“ და სხვ.). მის ლექსში „საშობაო ამბავი“ დახატულია ღარიბი ოჯახი. ავტორი აგრძელებს ხალხოსანთა ტრადიციას და უბრალო ადამიანების გასაჭირზე მოგვითხრობს. ქრისტიანული სწავლების კონტექსტშია წარმოჩენილი ლექსის სათქმელი. ოჯახს არაფერი აქვს საშობაოდ, მჭადს გამოაცხობს მხოლოდ. ამ დროს ვიღაც უცხო მოუკაკუნებს და ღამის გათევას სთხოვს. ისინი შეიფარებენ, გაათბობენ და სახვალიოდ გამზადებული მჭადითაც გაუმასპინძლდებიან. საშობაო სასწაული ხდება. გაცემული საჩუქარი ასმაგად ანაზღაურდება. დილას გაღვიძებულ გეგელას უამრავი სანოვაგე ხვდება, თუმცა მგზავრი აღარსად ჩანს. მკითხველი, რა თქმა უნდა, ხვდება, რომ მათ თვითონ ქრისტე ესტუმრა.

 

სახარებაში მოთხრობილია, როგორ მივიდა ფილიპე ნათანაელთან და უთხრა: „ვპოვეთ ის, ვისთვისაც დაწერეს მოსემ რჯულში და წინასწარმეტყველებმა: იესო, ძე იოსებისა, ნაზარეველი. და უთხრა მას ნათანაელმა: განა შეიძლება ნაზარეთიდან კეთილი გამოვიდეს რამე? (იოანეს სახარება, 1, 45-46). ე.ი. რა სიკეთეს უნდა მოველოდეთ ნაზარეთიდანო. ამ პარადიგმას ვარიაციულად ეხმიანება ვაჟა-ფშაველა თავისი „საშობაო მოთხრობით“, რომელშიც დახატულია კახეთის ტყიან ჭალაში, მოწნულ ქოხში ღამეს როგორ ათევენ მონადირეები. ისინი წუხან ხელმოცარულობაზე, რადგან შობა დღისთვის ვერაფერი მოინადირეს. მათ შორისაა ღაღოლა, ბეჩავი კაცი, რომელსაც ყველა ეხუმრება და დასცინის, შენ თუ გვიშველიო. ერთი სახალისო სიზმარსაც ჰყვება: „მე წუხელ სიზმარში ისა ვნახე, რომ ღაღოლას თავზედ კლდის კაცის რქები ამოჰსვლიყო, პირი ბუმბულიანი ჰქონდა და ხელში ბარკალი ეჭირა ცხვრისა“, მაგრამ სასწაული ხდება, დილას გაღვიძებული მონადირენი დაინახავენ: „ქოხის კარებში შემოიჭედა ძლივძლივობით კისერზე ირმის თავრქაგადადებული თავის ბანჯღვლიანის ქუდით ღაღოლა. ყველანი გაოცდნენ, მუცელში ენა ჩაუვარდათ, ვერაფერი მოეხერხებინათ და, ბოლოს, თითქოს გონს მოვიდენ, ყველანი ერთად მიეხვივნენ და ულოცავდნენ გამარჯვებას“.

 

შიო არაგვისპირელი მისთვისვე დამახასიათებელი ფსიქოლოგიური სიღრმით აღწერს ახალი წლის ღამეს („ახალწლის ღამეს “). ეს არის ეტიუდი. როგორც ვიცით, მას უყვარდა მცირე ჟანრები და არაჩვეულებრივად ახერხებდა ადამიანური ტკივილების გამოხატვას, მათი ბნელი, დემონური და ნათელი, ანგელოზური მხარეების გამოკვეთას. როგორც რუსთველი ამბობს: „რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია“, მაგრამ ამ კონტრასტული ჩრდილის გარეშე სიხარულსა და ბედნიერებას ბევრი რამ მოაკლდებოდა. მწერალი ხატავს სიცოცხლით სავსე ქალს, და მომაკვდავ ქმარს, პატარა ოჯახის ტკბილ-მწარე საახალწლო სამზადისს. სიცოცხლე და სიკვდილი ერთმანეთს ერწყმის. ეროსისა და თანატოსის სუნთქვა ერთმანეთს გადაეწვნება.

 

ილია ჭავჭავაძე თავის პუბლიცისტურ წერილებში ამ მისტერიას რელიგიურ-ეროვნულ კონტექსტში განიხილავს („ქრისტე აღსდგა“, ქრისტეშობის მილოცვა“). ეს განსაკუთრებით კარგად წარმოჩნდება წერილში „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“. ილიას აზრით, საახალწლოდ კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს ადამიანი განვლილ წელსა და მომავალზე. იგი ვერაფერს ხედავს სასიკეთოს, მომავალიც ნისლში ეჩვენება. ილია მეკვლის სარიტუალო სიტყვებს იხსენებს: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი“ და თავის მსჯელობას ამაზე აგებს, მხოლოდ ღვთის წყალობას მინდობა არაფერს არგებს, რადგან ღმერთმა ქართველს საუკეთესო მიწა-წყალი უბოძა: „დანარჩენი თქვენ იცით და თქვენმა კაცობამაო. რა კაცობა გამოვიჩინეთ?“. იხსენებს გრიგოლ ორბელიანის სიტყვებს „სადღეგრძელოდან“ „სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა“. ამ სამოთხე ქვეყანაში მარტო ქართველს უგუბდება სული, გული ელევა, ხორცი ადნება“. წინაპრებმა თავიანთი გასაკეთებელი გააკეთეს. „ლანგ-თემურებმა ჩვენს საკუთარ სისხლში გვბანეს და მაინც დავრჩით და გამოვცოცხლდით. შაჰ-აბაზებმა ჩვენის კბილით გვაგლეჯინეს ჩვენი წვრილშვილნი და მაინც გამოვბრუნდით, მოვსულიერდით. აღა-მაჰმად-ხანებმა პირქვე დაგვამხეს, ქვა-ქვაზედ არ დაგვიყენეს, მოგვსრნეს, მოგვჟლიტეს და მაინც ფეხზედ წამოვდექით. მოვშენდით, წელში გავსწორდით. გავუძელით საბერძნეთს, რომსა, მონღოლებს, არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, რჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველებისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ახლა ჩრჩილმა შესჭამოს, თაგვმა დაგვიჭამოს. დრო-ჟამი ამას გვიქადის“.

 

აქაც გამოიკვეთება დროის რღვევის პრობლემა, აწმყოს თითქოს კავშირი აქვს დაკარგული წარსულთან, შესაბამისად, ის ვერ იქცევა მომავლისთვის ნოყიერ ნიადაგად. ილია ყურადღებას ამახვილებს რწმენის მნიშვნელობაზე, სულიერი საყრდენების სიმტკიცის აუცილებლობაზე: „ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის“. მისი აზრით, საჭიროა გონიერმა ადამიანმა გაითვალისწინოს, როგორ პოლიტიკურ-ეკონომიკურსა თუ კულტურულ კონტექსტში ცხოვრობს: „ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლსა ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს“. ილია ფუტკარს შრომისმოყვარეობის სიმბოლოდ და მისაბაძ მაგალითად წარმოაჩენს. მისი აზრით, ფილოსოფიური დაფიქრებაა საჭირო თემაზე: „რანი ვყოფილვართ, რანი ვართ, რანი ვიქნებით“. ამისთვის კი „მოძრაობაა“ საჭირო. გავიხსენოთ, ფაუსტი რა დიდხანს ფიქრობს, როგორ თარგმნოს სახარების დასაწყისი: „პირველად იყო სიტყვა“ და ბოლოს ასე გადაწყვეტს: „პირველად იყო საქმე (ქმედება, ე.ი. მოძრაობა)“ (გოეთე, „ფაუსტი“).

 

ილია ჭავჭავაძე თავის მოთხრობაში „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“ (საახალწლო მოთხრობა), ერთი მხრივ, საახალწლო განწყობას უქმნის მკითხველს, მეორე მხრივ კი, მორალურ-ზნეობრივ დილემაზე დააფიქრებს, რომელთა შორის უპირველესია შემწყნარებლობა, სხვათა ღირსების აღიარება, ეგოიზმის ჩარჩოების გადალახვა. როცა ვკითხულობთ, როგორ არჩევს ქალი ნიგოზს, როგორ ადუღებს თაფლს, გვახსენდება გრიგოლ რობაქიძის სიტყვები: „ილია თითქოს ყნოსავს და შემდეგ გემოს უსინჯავს სიტყვებს“. მართლაც მკითხველი შეიგრძნობს სახლში დატრიალებულ სურნელსა და სითბოს. მაგრამ ეს არ არის მთავარი, არამედ ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილის ამბავი, რომელიც ბავშვებს ზნეობრივ მაგალითად უნდა ექცეთ. ნიკოლოზმა აღიარა მოწინააღმდეგის ვაჟკაცობა და დამარცხებულს თავი არ მოჰკვეთა: „ნუ გეშინიან, მე თავს არ მოგჭრი. შენი თავი შენის ვაჟკაცობისათვის მიპატიებია. ცოდვაა შენი გაფუჭება. წადი და ღმერთმა გზა მშვიდობისა მოგცესო. – მე სიცოცხლეს თუ ვისგანმე ვიჩუქებდი, მარტო შენისთანა ვაჟკაცისაგანაო, – უპასუხა ყიზილბაშმა, სალამი მისცა და წავიდა“. ეს ის თემაა, რომელსაც შემდეგ ვაჟა-ფშაველა გააღრმავებს და ახალ მხატვრულ-ესთეტიკურ სიმაღლეზე აიყვანს.

 

ნიკო ლორთქიფანიძე საშობაო მინიატიურებში ორ ძირითად სატკივარს გამოყოფს, ეს არის ეროვნული და სოციალური. მინიატიურებს კრავს და ამთლიანებს ერთნაირი დასაწყისი და დასასრული, ერთგვარი წრიული სტრუქტურა: „იქ, სადღაც შორს, ბეთლემში, ცხრამეტი საუკუნისა წინათ, ცამოჭედილ ღამეს მღვიმეში დაიბადა იესო, ძე ქალწულის მარიამისა, მაშვრალთა იმედი და ნუგეში, ტანჯვის შემამსუბუქებელი, სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი… აქ კი… დღეს…“. აქ კი დღეს ისევ იტანჯება ადამიანი. სამ მინიატიურაში „სარეცელზე“, „საქართველო იყიდება“ და ბრმა თერძი“ მწერალი გულშიჩამწვდომად ხატავს ადამიანურსა და ეროვნულ ტრაგედიას. აქ მთავარია თავისუფლების თემა. ადამიანს პიროვნულსა თუ ეროვნულ თავისუფლებას უზღუდავს წუთისოფელი თავისი „წყევა-კრულვიანი საკითხავებით“. მინიატიურაში „სარეცელზე“ დედას უკვდება ავადმყოფი შვილი, ხელში ანგელოზის ქანდაკებით, შობა ღამეს, ტანჯვით ნაშობი შვილი, მარადიულობას უერთდება, თითქოს ქრისტეს გზას იმეორებს, გარდაიცვლება, „ახალ ცხოვრებას იწყებს“. მესამე მინიატიურაში „ბრმა თერძი“ კვლავ წუთისოფლის ამოუხსნელ უსამართლობას ეჩეხება მკითხველი: რა დააშავეს ბავშვებმა, რომელთა მამა, დაბრმავებული თერძი მათთვის სარჩოს ვეღარ შოულობს. ეს კითხვა ღამეში ისევე იყინება, როგორც პატარათა უმანკო გულები. მინიატიურაში „იყიდება საქართველო“ ადამიანთა ეგოიზმზე, სიბრმავეზე, მათ გაცემა-ღალატზეა აქცენტი გამახვილებული. როგორც იუდამ გაყიდა ქრისტე, ასევე ყიდიან ქართველნი საქართველოს, შესაბამისად, საკუთარ თავს, რადგან „უსამშობლოდ კაცი არა ხარ“ (გურამ დოჩანაშვილი). მწერალი საოცარი ექსპრესიით წარმოაჩენს, ერთი მხრივ, ქართველთა საუნჯეს, ისტორიას, წარსულს, კულტურას, ყოველივეს, რაც საუკუნეთა განმავლობაში ერს შეუქმნია, რაც ღმერთს მოუმადლებია, მეორე მხრივ, „ბედნიერი ერის“ გულგრილობას, უმეცრებას, სიბრიყვეს: „იყიდება საქართველო. მინდორ-ველით, მთა-გორით, ტყით, ვენახით, სათესით; წარსულის ისტორიით; მომავალი სვე-ბედით; მშვენიერის ენით; ნაქარგი ფარჩა-ხავერდით; ვაჟკაცურის ხასიათით, სტუმართ-მოყვარეობით; დიდებულის სანახაობით, წმინდა ჰაერით; ნაამაგევი სახლით და კარით; ჩუქურთმიანი მონასტრებით და ეკლესიებით; მჩქეფარე ნაკადულებით; ლურჯის ზღვით; მოწმენდილ-მოკაშკაშებული ცით; ერით, ბერით; თვალწარმტაც ბანოვანთა გუნდებით; გონებაგახსნილ ვაჟებით; მალხაზი ბავშვებით; ვერცხლისფერ თმით შემოსილ პატივსადებ მოხუცებით“. თვითონ მწერალი კი „უძლური ჭირისუფალივით“ შეჰყურებს ამ სავაჭრო „ბალაგანს“. იმას, რომ „ყიდის ყველა, ყველგან“, რომ ყიდიან ერთიანად თუ ნაწილ-ნაწილ – თვითგანადგურება ჰქვია, რომელზეც მთელი მეცხრამეტე საუკუნის მწერლობა, განსაკუთრებით კი, ილია ჭავჭავაძე მიანიშნებდა.

 

მამას, ფესვებსა და სამშობლოს მოწყვეტილი კონსტანტინე სავარსამიძე გამსახურდიას რომანში „დიონისოს ღიმილი) იხსენებს გამზრდელი ტაია შელიას ღარიბულ ისლის ქოხში გატარებულ შობის დღეებს: „ბედნიერი დღეები იყო! შობის მხიარული მეალილოების სიმღერა დაბნელებულ სოფელში. მამაჩემის სახლში მივიყვანდი ალილოს პირველად და მიხაროდა, მამის ნაჩუქარ თეთრ უზალთუნებს ჩემს ძიძიშვილებს რომ გავუყოფდი, კალანდის ღამეს ჩიჩილაკიანი მორდუ წინ გაგვიძღვებოდა, ნალიას, მარანს, ხეებს, ცხოველებს და ფრინველებს ყველას ფეხქვეშ უყრიდა მეფეხური – ნაკურთხ ფეტვის მარცვლებს და შესძახებდა: „მშვიდობა თქვენდა“. შემდეგ დახურულ კარებთან იძახოდა ხელმწიფე მეკვლე: „კარ გამიღე“ ხმა შიგნიდან: „რა მოგაქვს?“ „ღვთისა და კაცის წყალობა. წმინდა ბასილი მობრძანდება. კარი გამიღე!“ „რა მოგაქვს?“ „წმინდა თაფლის სანთელი, ოქრო და ვერცხლი, წმინდა ბასილი მობრძანდება. კარ გამიღე, კარ გამიღე!“ როცა მესამედ დაკაკუნების შემდეგ ძიძა კარებს გაგვიღებდა და სათითაოდ მკერდში ჩაგვიხუტებდა, ჩემი გული სიხარულისაგან ფრთხიალებდა, როგორც ხოხობი ჩირგვებში. ახლაც ყოველ ახალ წელს, ასე მგონია, ჩემი ცხოვრების ბნელ გზებზე ანთებული ჩიჩილაკით ხელში – ახალი ცხოვრებისაკენ წინ მიმიძღვოდეს ტაია შელია“. მწერალი წუხს: „ჩემი გული აწ აღარ ელის ახალ დღესასწაულებს და უნებურად ძველისაკენ ვიყურები მელანქოლიურად“.

 

ეს ტკბილ-მწარე განწყობილებები მსჭვალავს საშობაოდ დაწერილ ნაწარმოებებს. როგორც გალაკტიონ ტაბიძე ერთ ლექსში წერს: „ვის არ უგრძვნია ცრემლი/შობის ხეების რხევით?“ („ქარი არხევდა იტალიური შობის ხეს ტრიპოლისში“).

 წყარო https://mastsavlebeli.ge/