Monday, August 14, 2023

ფილმების, როგორც სასწავლო რესურსის გამოყენება ისტორიის სწავლების პროცესში

 

უკანასკნელი წლებში, ტელევიზიისა და ინტერნეტის მეშვეობით, ჩვენს მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ სხვადასხვა ჟანრის ფილმებს – იქნება ეს წმინდა მხატვრული, დოკუმენტური, სამეცნიერო-პოპულარული, პუბლიცისტური თუ სხვა სახის კინოპროდუქცია. ხშირად ახალგაზრდობა არა წიგნების, არამედ სწორედ ფილმების საშუალებით იღებს ინფორმაციას როგორც მიმდინარე პროცესების, ასევე ისტორიული მოვლენების შესახებ. დასავლეთის ქვეყნებში უკვე დიდი ხანია მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კინოფილმებისა და სასწავლო ფილმების გამოყენებას სწავლების პროცესში. ჩვენში, ამ თვალსაზრისით, სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელოა. ამგვარი მდგომარეობა მრავალი ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული: მაგ., მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არქონით, ქართული სასწავლო, პუბლიცისტური და სამეცნიერო ფილმების ნაკლებობით, ამავე ჟანრის უცხოური ფილმების ნაკლები ხელმისაწვდომობით და სხვა.

 

მიუხედავად ამისა, ყველა ეს დამაბრკოლებელი ფაქტორი შეიძლება დაიძლიოს, თუმცა არსებობს კიდევ რაღაც, რაც ჩვენი აზრით ხელს უშლის ფილმების გამოყენებას გაკვეთილზე. სამწუხაროდ, ჩვენი მასწავლებლები არ ფლობენ იმ მეთოდურ აპარატს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფილმების, როგორც სასწავლო რესურსის გამოყენება.

ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა სამუშაო ფურცლები, რომელიც ამ პრობლემის გადაჭრას შეუწყობდა ხელს. ეს მასალა შეიძლება გამოვიყენოთ სკოლაში სოციალური მეცნიერებების (ისტორიის, გეოგრაფიის და სამოქალაქო განათლების, ასევე ხელოვნების და ლიტერატურის) სწავლებისას, თუმცა ძირითადი აქცენტი ისტორიის სწავლებაზე გამახვილდება.

ფილმების სწავლება ისტორიის გაკვეთილზე.

სასწავლო პროცესში ფილმების გამოყენება ისტორიის მასწავლებლებს საშუალებას მისცემს ბევრად უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო გახადონ სწავლების პროცესი. ამგვარი სწავლების დანერგვა განსაკუთრებით საჭიროა, როდესაც განვიცდით სხვადასხვა სახის წყაროების სიმწირეს. ამავე დროს, „ფილმებით სწავლება” მასწავლებელს რამდენიმე საგნის ინტეგრაციის საშუალებას აძლევს, იქნება ეს ისტორია, სამოქალაქო განათლება, ხელოვნება თუ ლიტერატურა. ისტორიის სწავლებისას შესაძლებელია განსხვავებული ჟანრის ფილმების გამოყენება, იქნება ის მხატვრული, სამეცნიერო-პოპულარული, წმინდა დოკუმენტური და სხვა.

თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ მრავალი კინოფილმი, რომელიც ისტორიულ თემატიკას შეეხება, ხშირად ვერ ასახავს წარსულის რეალობას და სავსეა ისტორიული ხასიათის ფაქტობრივი შეცდომებით ან გამოირჩევა ტენდენციურობით. ამასთანავე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თითოეული ფილმი, იქნება ის დოკუმენტური, მხატვრული, ან რომელიმე მხატვრული ნაწარმოების მიხედვით შექმნილი, მისი ავტორების მსოფლმხედველობრივ გავლენას განიცდის. ხშირად ისიც გასათვალისწინებელია, თუ რა ისტორიულ ეპოქასა და ვითარებაში იქმნებოდა ესა თუ ის ფილმი – ხომ არ აღმოჩნდნენ მისი შემქმნელები სახელმწიფო ცენზურის ან საზოგადოებაში გამეფებული სტერეოტიპების წნეხის ქვეშ?

სწორედ ამიტომ, დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ მოსწავლეებმა ფილმის ნახვის შემდეგ შეძლონ ფილმის ვერსიის შედარება რეალურ ისტორიულ მოვლენებთან და გამოიყენონ ის ანალიტიკური ინსტრუმენტები, რომელიც მათ საშუალებას მისცემს გამონაგონი ისტორიული რეალობისგან განასხვავონ.

სამუშაო ფურცლის გამოყენების ზოგადი ინსტრუქციები

კარგი იქნება, თუ ფილმის ჩვენებამდე მოსწავლეებს, ზეპირი (ლექცია) ან წერილობითი (ნარატივის ფორმით) სახით, მივაწვდით ინფორმაციას ფილმში აღწერილი მოვლენის შესახებ. ასევე, შესაძლებელია რომელიმე ისტორიული თემის შესწავლის და კარგად დამუშავების შემდეგ ვაჩვენოთ მოსწავლეებს ამ თემისადმი მიძღვნილი ფილმი.

ფილმის ჩვენებისას მოსწავლეებს უნდა შევახსენოთ, რომ ისტორიაში ადამიანის დამაბრკოლებელი და მოწინააღმდეგე შეიძლება იყოს არა მარტო სხვა ადამიანი, არამედ ბუნება, სახელმწიფო სტრუქტურები და დაწესებულებები, საზოგადოება, რელიგია. ასევე მნიშვნელოვანია თვით მთავარი პერსონაჟების თვისებებისა და ხასიათის ანალიზი.

ფილმის ნახვის წინ თითოეულ მოსწავლეს უნდა დავურიგოთ შესაბამისი სამუშაო ფურცელი, რომლებიც ფილმის ანალიზისთვისაა განკუთვნილი. წარმოდგენილ სამუშაო ფურცლებზე მასწავლებელს შეუძლია შეიტანოს ცვლილებები, თუ ამას კონკრეტული დავალება, კლასის მომზადების დონე და ფილმის სპეციფიკა მოითხოვს.

შესაძლებელია სხვა ვარიანტიც, კერძოდ, ჯერ ვაჩვენოთ ფილმი (რათა მოსწავლეებს შეექმნათ ზოგადი წარმოდგენა ისტორიული მოვლენის შესახებ), ხოლო შემდეგ დავიწყოთ თემის შესწავლა წერილობითი დოკუმენტების მეშვეობით. ამგვარი მიდგომა გაზრდის მოსწავლეთა მოტივაციასა და დაინტერესებას კონკრეტული ისტორიული თემის მიმართ.

კინოფილმის ჩვენების წინ მოსწავლეებმა კარგად უნდა შეისწავლონ სამუშაო ფურცელი, ხოლო მისი ჩვენების პროცესში აუცილებელია რამდენჯერმე (გააჩნია ფილმის ხანგრძლივობას) შევაჩეროთ (დაახლოებით 5 წუთით) ფილმის მსვლელობა და მივცეთ მოსწავლეებს საშუალება ხელახლა გადახედონ სამუშაო ფურცელს და შეძლებისდაგვარად გააკეთონ ჩანიშვნები. ფილმის დასრულების შემდეგ, მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა მისცეს 10–15 წუთი, რათა მათ შეძლონ საბოლოო პასუხის გაცემა სამუშაო ფურცელზე მოცემულ შეკითხვებზე.

არსებობს სამუშაო ფურცლის გამოყენების განსხვავებული საშუალებები. მაგ. იმის მაგივრად, რომ თითოეულმა მოსწავლემ წარმოადგინოს საკუთარი ნამუშევარი, შესაძლებელია მასწავლებელმა მთელ კლასს დაუსვას სამუშაო ფურცელზე მოცემული შეკითხვები, რომლებიც საკლასო დისკუსიის საფუძველი გახდება. ასევე, შესაძლებელია სამუშაო ფურცლის შევსება დავავალოთ 4 – 5 მოსწავლიან ჯგუფებს.

განსხვავებული ჟანრის ფილმების ანალიზის დროს, შეფასების კრიტერიუმებიც შესაბამისად იცვლება. ამიტომ, გადავწყვიტეთ ჩვენი პედაგოგებისთვის შეგვეთავაზებინა იმ სამუშაო ფურცლების გაცნობა, რომლებიც სხვადასხვა სახის ფილმის შეფასებისთვისაა განკუთვნილი და რომლებიც მათ ისტორიის გაკვეთილის წარმართვაში დაეხმარებათ.

კონკრეტული რეკომენდაციები.ფილმის ნახვამდე მასწავლებელმა უნდა დაავალოს მოსწავლეებს წინასწარ გაეცნონ სამუშაო ფურცლებზე მოცემულ შეკითხვებს, რათა თავიდანვე გასაგები იყოს მათთვის, თუ რაზე გაამახვილონ ყურადღება, ხოლო ფილმის ჩვენების პროცესში ცალკე ფურცელზე გააკეთონ საკუთარი ჩანიშვნები, რათა ჩვენების დასრულების შემდეგ ადვილი იყოს ამ სამუშაო ფურცლის შევსება.

ამგვარი სამუშაოს ჩატარების რამდენიმე ხერხი არსებობს: მაგ. მოსწავლეებს სამუშაო ფურცლების შევსება სახლში დავავალოთ (მას შემდეგ, რაც ნახავენ კლასში ფილმს და წინასწარ, შავად გააკეთებენ ჩანაწერებს). შესაძლებელია, ნაწილ შეკითხვებზე პასუხი კლასში გასცენ, ხოლო ნაწილზე – სახლში. არ არის გამორიცხული, რომ კრეატიულმა მოსწავლემ ზოგიერთ შეკითხვაზე პასუხის გაცემის დროს პლაკატი, რომელიმე ლექსი, ესსე, მუსიკალური ნაწარმოები ან ფერწერული ტილო გამოიყენოს.

შეკითხვები, რომლებიც სამუშაო ფურცლებშია მოცემული. პირობითად ორ კატეგორიად შეიძლება დავყოთ: ზოგადი და კონკრეტული შეკითხვები:

კონკრეტული შეკითხვების მიზანია იმის შემოწმება, თუ რამდენად ჩაუღრმავდა მოსწავლე ფილმის დეტალებს. ამგვარი მიდგომა მათგან მოითხოვს ფილმში სცენებისა და ფაქტების დამახსოვრებას და მათ ანალიზს. ასევე ხელს უწყობს მნიშვნელოვანი სასწავლო უნარების განვითარებას.

რაც შეეხება ზოგად კითხვებს, ისინი უბიძგებენ მოსწავლეებს უფრო მაღალი კატეგორიის უნარების განვითარებისკენ. ასეთი შეკითხვები ხელს უწყობს მოსწავლის მიერ ფილმში გადმოცემული იდეების, მისი საბაზისო სტრუქტურის და ძირითადი ელემენტების გაგებას.

P.S.

1) სამუშაო ფურცლების გამოყენებისას, მასწავლებლებს ვურჩევთ, მოსწავლეებმა შეკითხვებზე პასუხები ცალკე ფურცლებზე დაწერონ, რაც ამ სამუშაო ფურცლების მრავალჯერად გამოყენების საშუალებას მოგვცემს.

2) იმისათვის, რომ მასწავლებლებმა სრულფასოვნად შეძლონ ფილმის ანალიზის სწავლება, მათთვის ქვემოთ მოცემული სამუშაო ფურცლების მიხედვით დაგეგმილია სატრენინგო მოდულის შექმნა და ტრენინგების ჩატარება.

სამუშაო ფურცელი – მხატვრული ფილმი

წაიკითხეთ შეკითხვები სანამ დაიწყებთ ფილმის ყურებას.

ფილმის ჩვენებისას – მოკლე შესვენებებზე და დამთავრების შემდეგ ცალკე ფურცელზე გააკეთეთ ჩანიშვნები. თუ ამ ჩანიშვნებს ფილმის მსვლელობის დროს აკეთებთ, დარწმუნდით, რომ ეს სამუშაო ხელს არ გიშლით ფილმის ყურადღებით ყურებაში.

ფილმის დასრულების შემდეგ, შეეცადეთ მთლიანად შეავსოთ სამუშაო ფურცელი. პასუხები უნდა იყოს სრული და ამომწურავი, რაც განამტკიცებს აზრს იმის შესახებ, რომ თქვენ დაკვირვებით უყურეთ ამ ფილმს და ფიქრობდით მასში გადმოცემულ იდეებზე.

სამუშაო დასრულებულად ჩაითვლება მაშინ, როდესაც თითოეულ შეკითხვას პასუხს გასცემთ. პასუხები უნდა იყოს სრული და ამომწურავი. პასუხებისთვის შეგიძლია დაწეროთ ერთ აბზაცზე მეტიც კი, თუ ეს აუცილებელია. თქვენ მიერ გაცემული პასუხები უნდა იყოს სტილისტურად და ორთოგრაფიულად გამართული.


1.

დაასახელეთ, ფილმის სათაური, ფილმის შექმნის წელი, რეჟისორის/რეჟისორების გვარი და სახელი. სად ხდება ფილმში მოქმედება? რა ეპოქაში ხდება ფილმში მოქმედება?


2.

ვინ არის ფილმის მთავარი გმირი და როგორია ის?


3.

ვინ ან რა არის ფილმის ანტიგმირი და როგორია ის?


4.

რაში მდგომარეობს ფილმში გადმოცემული კონფლიქტი და რა ძალა უბიძგებს მთავარ გმირს ქმედებისკენ?


5.

არსებობს ფილმში სხვა, ნაკლებად მნიშვნელოვანი კონფლიქტი, რომელიც მიეკუთვნება დამატებით სიუჟეტურ ხაზს და, რომელიც ხელს უწყობს ძირითადი სიუჟეტური ხაზის განვითარებას? თუ არსებობს, მაშინ აღწერე ის და განსაზღვრე, თუ ვინ არიან მასში ჩართულები?


6.

აღწერე ფილმის მთავარი გმირის სამი მოქმედება, რომელიც კონფლიქტის მოგვარებას ემსახურება.


7.

რომელი მომენტია ფილმში დაძაბულობის კულმინაცია?


8.

რა გზით გადაიჭრა კონფლიქტი?


9.

მთავარი გმირის ხასიათის რა თავისებურებებმა შეუწყო ხელი კონფლიქტის გადაჭრას?


10.

დაასახელეთ ფილმიდან სამი მომენტი, რომელთა ანალოგიებიც შესაძლებელია საკუთარ ცხოვრებაში მოძებნოთ; აღწერეთ ისინი. შესაძლებელია ფილმში ვერ აღმოაჩინოთ ამგვარი სამი მომენტი, თუმცა შეეცადეთ.

პირველი მომენტი:

მეორე მომენტი:

მესამე მომენტი:


11.

ამოირჩიეთ ჩამოთვლილი მხატვრული ანალიზის ხერხებიდან ორი ხერხი: 1. არქეტიპის ანალიზი; 2. სიუჟეტის განვითარების საფეხურები: ა) შესავალი – მოსამზადებელი ფაზა; ბ) კვანძის შეკვრა, გ) კულმინაცია; დ) კვანძის გახსნა და ე) დასასრული; 3. ძირითადი იდეის განსაზღვრა, 4. მხატვრული სახის (სიმბოლოს) ამოცნობა და ახსნა; 5. მომავლის წარმოსახვა, 6. წარსულში დაბრუნება (მოგონებები), 7. კავშირების დანახვა, 8. ირონიის ამოცნობა და ახსნა, 8. ენობრივი გამოხატვის იმ საშუალებების იდენტიფიცირება, რომლებიც გამოყენებულია ფილმში.

აღწერეთ, რა გავლენას ახდენენ ისინი კინოფილმის მთავარი იდეის გადმოცემაზე და როგორ უწყობენ ხელს პერსონაჟთა ხასიათის გამოხატვასა და მათი აზრების გადმოცემას?


12.

ამოირჩიე ჩამოთვლილთაგან ფილმის ორი სპეციფიკური ელემენტი – 1. ხმა, 2. ფერი, 3. განათება, 4. სხვადასხვა სიშორის კადრები, 5. გადაღების კუთხე, 6. კამერის მოძრაობა, 7. მონტაჟი, 8. კადრების ხანგრძლივობა, რომლებსაც ფილმის გადაღებისას იყენებენ. აღწერე, თუ რა გავლენას ახდენენ ისინი კინოფილმის მთავარი იდეის გადმოცემაზე და როგორ უწყობენ ხელს პერსონაჟთა ხასიათის გამოხატვასა და მათი აზრების გადმოცემას?

წყარო https://mastsavlebeli.ge

Saturday, July 29, 2023

დღიურის ჩანაწერის შექმნა

 

როგორ ვასწავლოთ მოსწავლეებს ლიტერატურული გმირის დღიურის ჩანაწერების შექმნა?


ამ კითხვაზე პასუხი თითქოს მარტივია: ლიტერატურული გმირის დღიურში ასახული უნდა იყოს გმირის სულიერი ისტორია, ქმედება, აზრები, განცდები და დღიურის მახასიათებლის გათვალისწინებით – ჩანაწერის თარიღები.


დიახ, მარტივია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ყველა ნაბიჯი და სტრატეგია მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სიღრმისეული სწავლების პრინციპებზე დაყრდნობით გაიწეროს.


გთავაზობთ დაწყებითი განათლების ექსპერტის, თბილისის 155-ე საჯარო სკოლის მასწავლებლის, ნინო თედიაშვილის მიერ შექმნილი კომპლექსური დავალების სარეკომენდაციო სცენარს.


გრძელვადიანი მიზანი – სამიზნე ცნება ტექსტი (ჟანრები) (შედეგები: (I).1, 2, 3, 4, 5)


სამიზნე ცნების მკვიდრი წარმოდგენები


ტექსტის მეშვეობით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება.

ტექსტში მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია მისი სიღრმისეულად გააზრება, ახალი კუთხით წარმოჩენა.

ტექსტი შეიძლება იყოს სხვადასხვა ჟანრის; ყოველი ჟანრის ტექსტს აქვს თავისებური შინაარსი, ენა და სტრუქტურა/აგებულება.

ქვეცნებები: მოთხრობა, დღიური


შუალედური სასწავლო მიზანი


საკითხი – იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა – „გულკეთილი ქვრივის“ – პერსონაჟის (მეზობლის) დღიურის ჩანაწერის შექმნა.


ქვესაკითხები – მოთხრობა „გულკეთილი ქვრივის“ თემა, დედააზრი. პერსონაჟები (მათი ქცევა, ქცევის მიზეზები, გრძნობები, ფიქრები…); ეპიზოდები, მოქმედების დრო, ადგილი; არსებითი და არაარსებითი დეტალები; დღიურის მახასიათებლები. წერის სტრატეგიები – გონებრივი იერიში, პირველადი ვერსიის გაუმჯობესება კრიტერიუმებზე დაყრდნობით.


საკვანძო შეკითხვები:


როგორ შევქმნა პერსონაჟის – მეზობლის დღიურის ჩანაწერები? როგორ წარმოვაჩინო მისი ხედვის კუთხე (მისი ფიქრები, გრძნობები, საქციელი) დღიურის ჩანაწერების მეშვეობით?


რა სტრატეგიები გამოვიყენო დღიურის შესაქმნელად?


კომპლექსური დავალების პირობა


გაიხსენე მოთხრობა „გულკეთილი ქვრივი“. მოირგე პერსონაჟის – მეზობლის როლი და შექმენი სამი ჩანაწერი დღიურისთვის. ერთი უნდა იყოს იმ ღამის ჩანაწერი, როცა მეზობელმა რუს მიმართულება შეუცვალა; მეორე – ერთ-ერთი იმ დღის, როცა ქვრივი მის ცოლს უვლიდა; მესამე კი იმ დღისა, როცა ქვრივს სიმინდი მიუტანა და ბოდიში მოუხადა.


 


შეფასების კრიტერიუმები:


ნაშრომში წარმოაჩინე:


გამოკვეთე ამბის დეტალები: მეზობლის საქციელის მიზეზი, მისი გრძნობები, ფიქრები (ტ.1,2,3);

მოთხრობის დედააზრის გაგება (ტ.1,2);

როგორი მახასიათებლები აქვს დღიურს (ტ. 3).

 


კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)


ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა, წინარე ცოდნის გააქტიურება


რა არის თქვენთვის სიკეთე?

მოგნდომებიათ თუ არა, სამაგიერო სიკეთე გაგეკეთებინათ იმ ადამიანისთვის, ვინც რაღაცით დაგხმარებიათ?

გადაგიხდიათ თუ არა სამაგიერო იმისთვის, ვინც ცუდად მოგექცათ?

ეთანხმებით აზრს, რომ ბოროტებას ბოროტებით არ უნდა უპასუხო, რატომ, რა შედეგს მოიტანს ეს?

დაგიწერიათ თუ არა ვინმეს დღიური? გაგიკეთებიათ თუ არა დღიურის ჩანაწერები? ან იცით თუ არა ვინმე, ვინც დღიურში ჩანაწერებს აკეთებს?

თქვენი აზრით, რატომ უნდებათ ადამიანებს დღიურის ჩანაწერების გაკეთება?

ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება?

რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ?

რისი შესწავლა დაგჭირდებათ?

თქვენი აზრით, რა გაგიადვილდებათ, რა გაგიძნელდებათ?

რაში დაგჭირდებათ დახმარება?

 


ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა


ნაბიჯი 1. გამოკვეთე ამბის დეტალები ( მაგ. მეზობლის საქციელის მიზეზი, მისი გრძნობები, ფიქრები), წარმოაჩინე მოთხრობის დედააზრის გაგება.


რესურსი 1. იაკობ გოგებაშვილის მოთხრობა „გულკეთილი ქვრივი“


აქტივობა 1. პირველადი მინიშნებების (სათაურის, ილუსტრაციები) საფუძველზე ვარაუდების გამოთქმა.


აქტივობა 2. კითხვა პაუზებით


აქტივობა 3. კითხვებზე პასუხი კითხვის სტრატეგიების გათვალისწინებით


  გეზის მიმცემი შეკითხვები:


როგორ ადამიანს ვეძახით გულკეთილს?

რას გეუბნება მოთხრობის სათაური, ილუსტრაცია?

როგორ ფიქრობ, რა მოხდება შემდეგ? რა მინიშნებები დაგეხმარა? გამართლდა თუ არა შენი ვარაუდი?

ვინ წაიყვანა ქვრივმა ბაღის მოსარწყავად?

წელიწადის რა დროს ხდება მოქმედება?

რატომ გაუშვა ქვრივმა შვილი ნათესავებში?

რას იგრძნობდა მეზობელი, როცა ქვრივმა დახმარების ხელი გაუწოდა?

რა ხერხი გამოიყენე კითხვებზე პასუხის გასაცემად?

პასუხი პირდაპირ მოიძიე ტექსტში?

ერთმანეთს დაუკავშირე მინიშნებები და გამოიტანე დასკვნა?

მინიშნებები დაუკავშირე შენს ცოდნას, გამოცდილებას და გამოიტანე დასკვნა?

რომელი სტრატეგია დაგეხმარა ყველაზე მეტად მოთხრობის შინაარსის აღმოჩენაში?

როგორ ფიქრობთ, რას გრძნობს ადამიანი, როდესაც საკუთარ შეცდომას მიხვდება? როდის აწუხებს ადამიანს სინდისი? გქონიათ თუ არა ასეთი შემთხვევა?

 


რესურსი 2. სიტყვის გამომძიებელი


აქტივობა 4. სქემის შევსება


 


სიტყვა

 


 


მე ვფიქრობ ტექსტი მეუბნება ლექსიკონი ამბობს

მოყვარე      

სარჩო      

გაიგულა      

სახადი      

 


 გეზის მიმცემი შეკითხვები:


როგორ ამოვიცნო უცნობი სიტყვების მნიშვნელობა კონტექსტზე დაყრდნობით?

როგორ მოვიძიო სიტყვები ლექსიკონში?

რატომ არის მნიშვნელოვანი ტექსტში უცნობი სიტყვების გაგება?

როგორ დავიმახსოვრო ახლად შესწავლილი სიტყვები?

 


რესურსი 3. გულკეთილი ქვრივი


აქტივობა 5. დედააზრის ამოცნობა, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, ტექსტთან მიბრუნება მინიშნებებზე დასაკვირვებლად.


 გეზის მიმცემი შეკითხვები:


რა დეტალებზე ამახვილებს ავტორი ყურადღებას ვიდრე პერსონაჟს (მეზობელს) შემოიყვანს მოთხრობაში? რატომ?

რა მნიშვნელობა აქვს დეტალებს ან კონკრეტულ ინფორმაციას ტექსტის დედააზრის გაგებისთვის?

რის თქმა უნდოდა ამ მოთხრობის ავტორს? რატომ ფიქრობ ასე?

ვის აქვს განსხვავებული ვარიანტი?

ვის რა მაგალითები გახსენდებათ თქვენი ცხოვრებიდან, წაკითხული წიგნებიდან, ნანახი მულტფილმებიდან ან ფილმებიდან მოთხრობის დედააზრთან დაკავშირებით?

თქვენი აზრით, რით და როგორ უკავშირდება ეს პერსონაჟი (მეზობელი) ტექსტის დედააზრს?

 


აქტივობა 6. პერსონაჟის რუკის ერთობლივად შევსება დაფაზე


აქტივობა 7. პერსონაჟის სკამი.


 გეზის მიმცემი შეკითხვები:


რას გრძნობდა და რას ფიქრობდა მეზობელი, როცა უყურებდა, როგორ მიუშვა წყალი ქვრივმა თავის ყანაში? (აქტ. 1)

რას იგრძნობდა და რას იფიქრებდა პერსონაჟი მაშინ, როდესაც ქვრივი მთელი გულითა და სულით უვლიდა მის ცოლს?

რას იგრძნობდა პერსონაჟი, როცა ქვრივს სიმინდს გაუყოფდა და ბოდიშს მოუხდიდა? რას ჩაწერდა იმ ღამეს თავის დღიურში?

როდის განიცდის ადამიანი სინანულს რაიმეს გამო?

როგორ წარმოვიდგინო თავი, როგორც მეზობელმა, რა მინიშნებები დამეხმარება ამაში? (აქტ. 2)

რა შეიძლება ვკითხო მეზობელს მის ფიქრებზე, განცდებზე, ინტერესებზე?

რა შეიძლება ვკითხო მეზობელს მისი ცხოვრების დეტალებზე? მის წარსულზე (გიოცნებია თუ არა? ყოფილხარ თუ არა?…)

შეიცვლებოდა თუ არა ამ ამბის შემდეგ პერსონაჟის ცხოვრება? რატომ?

შეიცვალა თუ არა შენი დამოკიდებულება მის მიმართ?

 


ნაბიჯი 2. გამოკვეთე დღიურის მახასიათებლები.


რესურსი 1. დღიურის ნიმუშები


დღიურის ნიმუშები:


როცა დღე უსიამოვნოდ იწყება, დარწმუნებული ვარ, ასეც დასრულდება… ჰოდა, დღევანდელი დღეც ცუდი ემოციით დაიწყო… გამთენიისას ისეთი ხმით იჭექა, ახლაც შიშის ჟრუანტელი მივლის…


ბავშვობიდან მეშინია ჭექა-ქუხილის, სასაცილო დასანახი ვარ ამ დროს: საჩვენებელ თითებს ყურთან მაგრად ვიჭერ და ხმამაღლა ვმღერი, თან თვალებს ვხუჭავ რაც ძალი და ღონე მაქვს. ეს ის „ბედნიერი“ შემთხვევაა, როცა მარტო ვარ, არ მერიდება ემოციის ახდილად გამოხატვის, ასე ბევრად მიიოლდება შიშთან გამკლავება. ჰოოო, როცა სხვა ადამიანებიც არიან ჩემ გვერდით, აი, მაშინ რთულდება საქმე, ვითომ თავს ვაკონტროლებ, ვცდილობ სიმშვიდე შევინარჩუნო, თუმცა დიდი ნერვიულობის ფასად მიჯდება. ვინ იცის რამდენი ფერი ირევა ამ დროს ჩემს სახეზე… ბუნების მოვლენებისადმი ასეთი შიში ბებიისგან მერგო საჩუქრად….. მახსოვს როგორ მამშვიდებდა, როცა მეშინოდა, თვითონ უარეს დღეში იყო, მე რას გამომაპარებდა….


ასეთი ფერდაკარგული, შეშინებული, საოცრად აფორიაქებული გამოვედი საძინებლიდან და ვცდილობდი, განწყობა გამომეკეთებინა. ვიფიქრე, ქუხილი რომ არ ყოფილიყო, ვერც ასე ადრიანად გავიღვიძებდი-მეთქი. ამ დილით კი შემეძლო ნება-ნება მოვწესრიგებულიყავი… მაგრამ, ჰაა, ვინ გაცალა სიმშვიდე და სიამოვნება?! წყალი არ არის! მორიგი „სასიამოვნო“ ფაქტი! დარწმუნებული ვიყავი, სკოლაშიც არ გამიმართლებდა დღეს. ამიტომ დედას ვთხოვე, არ გავეშვი, უძილობა მოვიმიზეზე, მაგრამ როდის იყო, უფროსებს ჩვენი ესმოდათ. …


არაფერი გამომივიდა და გავუყევი სკოლის გზას, აი, სკოლაში კი, ჩემდა გასაოცრად, მოვლენები არაჩვეულებრივად განვითარდა. დღეს მასწავლებლებმაც შემაქეს, მეგობარმა „ფოფითი“ მაჩუქა, ვარსკვლავის ფორმა აქვს, ძალიან რბილია, ზუსტად ისეთია, როგორიც მინდოდა. დიდი ხანია ვეძებ და ამ ფორმისა და ასეთი ფერის ვერსად ვნახე. ისე, რომ იცოდეთ „ფოფითი’’ ნერვებს ამშვიდებს. ჰოდა მეც ავდგები და როცა ქუხილი შემაშინებს, ჩემს საყვარელ სათამაშოს დავამშვიდებინებ თავს.


მგონი ყველაფერი დავწერე, რაც მინდოდა მეთქვა, ხვალ კარგი ამინდია. იმედია, დილაც სიხარულით დაიწყება და დღევანდელზე უკეთესი დღე მექნება…


თბილისი. 5. 04 .2021 წ. (თეკლა 10 წლის)


 


კვირა, 14 ივნისი, 1942


პარასკევს დილის ექვს საათზე გამეღვიძა. ეს გასაგებიცაა, ჩემი დაბადების დღე იყო. მაგრამ ასე ადრე ადგომის უფლება არ მქონდა და სანამ შვიდს თხუთმეტი დააკლდებოდა, ცნობისმოყვარეობა უნდა დამეოკებინა. მეტხანს ვეღარ გავძელი. გავიქეცი სასადილო ოთახში, სადაც ჩვენი პატარა კატა, მორჰენი, ძალზე ალერსიანად შემომეგება. რვა რომ დაიწყო, მშობლებს მივაკითხე და მათთან ერთად სასტუმრო ოთახში გავედი: მინდოდა, საჩუქრები მენახა და ამომელაგებინა. ყველაზე ადრე შენ დაგინახე, ჩემო დღიურო, და ეს მართლაც საუცხოო საჩუქარი იყო. დამხვდა აგრეთვე ვარდების თაიგული, კაქტუსი, ტყის ყაყაჩოს რამდენიმე შტო. ეს იყო ყვავილების პირველი სალამი, შემდეგ კი უფრო მეტი მომართვეს. მამამ და დედამ რა არ მაჩუქეს, მეგობრებმაც ძალზე გამანებივრეს. სხვათა შორის, მივიღე «Camera Obscura»1, (ბნელი კამერა (ლათ.) ჰოლანდიაში ძალიან გავრცელებული წიგნი. (შენიშვნა ყველგან მთარგმნელისაა) თავშესაქცევი და თავსამტვრევი სათამაშოები, უამრავი სასუსნავი, გულის ქინძისთავი, იოზეფ კოჰენის „ჰოლანდიური საგები და ლეგენდები“, კიდევ ერთი მშვენიერი წიგნი: „დეზის საარდადეგებო მოგზაურობა მთებში“ და ფული. ამ ფულით მერე ბერძნული და რომაული საგმირო თქმულებები ვიყიდე. შესანიშნავია! შემდეგ ლისიმ გამომიარა და სკოლაში წავედით. ჯერ მასწავლებლებსა და თანაკლასელებს კანფეტებით გავუმასპინძლდი (ასეთი წესია ჰოლანდიაში დაბადების დღეს) მერე სწავლას შევუდექით. ჯერ ეს იყოს. რა მიხარია, შენ რომ გამიჩნდი!


ანა (ანა ფრანკის დღიური)


 


 


რესურსი 2. დამხმარე ცხრილი დღიურის შესაქმნელად


ღამის ჩანაწერი, როცა მეზობელმა რუს მიმართულება შეუცვალა. ერთ-ერთი დღის ჩანაწერი, როცა ქვრივი მის ცოლს უვლიდა. იმ დღის ჩანაწერი, როცა ქვრივს სიმინდი მიუტანა და ბოდიში მოუხადა.

 


ამ დღესთან დაკავშირებით რა მნიშვნელოვანი და საჭირო მინიშნებებია ტექსტში?

 


ამ დღესთან დაკავშირებით რა მნიშვნელოვანი და საჭირო მინიშნებებია ტექსტში? ამ დღესთან დაკავშირებით რა მნიშვნელოვანი და საჭირო მინიშნებებია ტექსტში?

     

 


რესურსი 3.


გ = გასაუმჯობესებელია

კ = კარგია


 

 


 


მე მასწავლებელი ან თანაკლასელი

დღიურში დაუფარავადაა გადმოცემული პერსონაჟის ემოციები, ფიქრები, დამოკიდებულებები სხვა პერსონაჟების (ცოლის, ქვრივის) მიმართ, მომხდარის მიმართ, საკუთარი საქციელის მიმართ, ახსნილია საკუთარი საქციელის მიზეზი.    

ჩანაწერების შინაარსი შეესაბამება ტექსტის მინიშნებებს.    

მითითებულია დაწერის თარიღი    

დასმულია სასვენი ნიშნები    

გასაუმჯობესებელია:

—————————————————————–


—————————————————————


 


აქტივობა 1. მოცემულ ნიმუშებზე დაკვირვების გზით დღიურის არსებითი მახასიათებლების ამოცნობა (რესურსი 1)


აქტივობა 2. მოსამზადებელი სამუშაო – ცხრილის შევსება


აქტივობა 3. პირველადი ვარიანტის გაუმჯობესება კრიტერიუმების ბადეზე დაყრდნობით;


 


 


 გეზის მიმცემი შეკითხვები:


რომელ პირშია დღიური დაწერილი? (აქტ.1)

რაზე ამახვილებს ყურადღებას დღიურის ავტორი?

გულწრფელად გადმოსცემს თუ არა გრძნობებს, სურვილებს, ფიქრებს, ხსნის თავის საქციელს? საიდან ჩანს?

დაუფარავად გადმოსცემს თუ არა თავის დამოკიდებულებებს სხვა ადამიანების მიმართ? თავის აზრს მომხდარის მიმართ, საიდან ჩანს?

რომელ დღეს არის დაწერილი დღიურის ჩანაწერი? საიდან ჩანს?

როგორ მიმართავს ანა ფრანკი დღიურს? რა დამოკიდებულება აქვს მის მიმართ? რატომ?

რა საერთო აქვს დღიურის ამ ორ ჩანაწერს?

რას გააკეთებთ დღიურის ჩანაწერების შესაქმნელად? რა თანმიმდევრობით?

ტექსტის რა მინიშნებებს დაეყრდნობი პერსონაჟის როლის მოსარგებად? (აქტ. 2)

რა მინიშნებებს დაეყრდნობი დღიურის პირველი დღის დასაწერად? როგორ, რის მიხედვით შეარჩევ თარიღს?

რა მინიშნებებს დაეყრდნობი დღიურის მეორე დღის დასაწერად? როგორ, რის მიხედვით შეარჩევ თარიღს?

რა მინიშნებებს დაეყრდნობი დღიურის მესამე დღის დასაწერად? როგორ, რის მიხედვით შეარჩევ თარიღს?

როგორ გააუმჯობესებ პირველად ნაწერს?

რა კრიტერიუმებს გამოიყენებ ნაწერის გასაუმჯობესებლად?

 


 


კომპლექსური დავალების შესრულების და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი შეკითხვების ბანკი მოსწავლეთა რეფლექსიის უნარის განვითარებისა და წინსვლის ხელშესაწყობად:


ახსენი, რა ცოდნა შეიძინე და წარმოაჩინე კომპლექსური დავალების საშუალებით.


 


რა ცოდნა/ გამოცდილება დაგეხმარა დღიურის შექმნაში?

როგორ ამოიცანი პერსონაჟების ქცევის მიზეზი? რა მინიშნებებს მიაქციე ყურადღება?

როგორ ამოიცანი პერსონაჟის გრძნობები, ფიქრები, დამოკიდებულებები სხვა პერსონაჟების მიმართ? რომელი მინიშნებები დაგეხმარა მათ ამოცნობაში?

რომელ ეპიზოდზე/ეპიზოდებზე გაამახვილე ყურადღება დღიურის ჩანაწერებში და რატომ?

 


აღწერე, როგორ იმუშავე დავალებაზე


 


აღწერე, როგორ იმუშავე დავალებაზე – რა გააკეთე, რა თანამიმდევრობით;

რა დაბრკოლებებს წააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? განსაკუთრებით რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?

მსგავსი დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია? მსგავსი სტრატეგიები გამოგიყენებია?

შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით?

 


აღწერე, რა დაბრკოლებებს წააწყდი და რა დაგეხმარა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში:


რა გამოგივიდა კარგად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?

რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?

ვისთან ერთად იმუშავე კომპლექსურ დავალებაზე? რით და როგორ დაეხმარეთ ერთმანეთს?

იყო თუ არა განსხვავებული მოსაზრებები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?

 წყარო http://mastsavlebeli.ge/?p=36968


 



 


 


 





მასწავლებელთა პროფესიული განვითარება -მოსწავლეთა სწავლის გასაუმჯობესებლად

 მასწავლებელთა პროფესიული განვითარება აუცილებელია მოსწავლეთა სწავლის გასაუმჯობესებლად. ქვემოთ მოცემულია სტრატეგიული და ინოვაციური მიდგომები აკადემიური პერსონალის განსავითარებლად. მოდულები შექმნილია სწავლების თანამედროვე მიდგომებისა და სტრატეგიების გათვალისწინებით, ფოკუსირდება სასწავლო ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებაზე და შეესაბამება უმაღლესი განათლების სტანდარტების ჩარჩოს.

შეისწავლეთ სწავლების პრაქტიკის ეფექტურობა მომავალი სამუშაო ძალისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გასაუმჯობესებლად;

შეიმუშავეთ გაკვეთილის გეგმა, რომელიც მორგებული იქნება მოსწავლეთა საჭიროებებზე;

განსაზღვრეთ სტრატეგიები, რათა კურსის მასალა და აქტივობები ხელმისაწვდომი იყოს თითოეული სტუდენტისთვის.

გაუმარტივეთ სწავლა მოსწავლეებს

რამდენად ხშირად აფასებთ გაკვეთილებს მოსწავლეების გადმოსახედიდან? ინოვაციური სტრატეგიების შესაქმნელად მნიშვნელოვანია, გაკვეთილებს დააკვირდეთ მოსწავლეთა პოზიციიდან და გაიზიაროთ მათი გამოცდილება.

კურიკულუმის შედგენა

კურიკულუმის სწორად შედგენა პირველი ნაბიჯია მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებისთვის. ის უნდა ითვალისწინებდეს ისეთ კომპეტენციებს, როგორებიცაა – პრობლემების გადაჭრა, თანამშრომლობა, კრიტიკული აზროვნება და კომუნიკაცია. საგაკვეთილო აქტივობა უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეების მომავალ პროფესიულ საჭიროებებს.


შაბათი, ივლისი 29, 2023

mastsavlebeli.ge

ინტერნეტგაზეთი

mastsavlebeli.ge

ინტერნეტგაზეთი


მასწავლებელთა პროფესიული განვითარება -მოსწავლეთა სწავლის გასაუმჯობესებლად

28 ივლისი, 2023 - 09:14

209ნახვა

ავტორითამარ ვანიშვილი

მასწავლებელთა პროფესიული განვითარება აუცილებელია მოსწავლეთა სწავლის გასაუმჯობესებლად. ქვემოთ მოცემულია სტრატეგიული და ინოვაციური მიდგომები აკადემიური პერსონალის განსავითარებლად. მოდულები შექმნილია სწავლების თანამედროვე მიდგომებისა და სტრატეგიების გათვალისწინებით, ფოკუსირდება სასწავლო ტექნოლოგიების ეფექტურ გამოყენებაზე და შეესაბამება უმაღლესი განათლების სტანდარტების ჩარჩოს.


კურიკულუმის შედგენა

კურიკულუმის სწორად შედგენა პირველი ნაბიჯია მოსწავლეთა შედეგების გაუმჯობესებისთვის. ის უნდა ითვალისწინებდეს ისეთ კომპეტენციებს, როგორებიცაა – პრობლემების გადაჭრა, თანამშრომლობა, კრიტიკული აზროვნება და კომუნიკაცია. საგაკვეთილო აქტივობა უნდა შეესაბამებოდეს მოსწავლეების მომავალ პროფესიულ საჭიროებებს.


შეისწავლეთ სწავლების პრაქტიკის ეფექტურობა მომავალი სამუშაო ძალისთვის საჭირო უნარ-ჩვევებისა და ცოდნის გასაუმჯობესებლად;

შეიმუშავეთ გაკვეთილის გეგმა, რომელიც მორგებული იქნება მოსწავლეთა საჭიროებებზე;

განსაზღვრეთ სტრატეგიები, რათა კურსის მასალა და აქტივობები ხელმისაწვდომი იყოს თითოეული სტუდენტისთვის.

გაუმარტივეთ სწავლა მოსწავლეებს

რამდენად ხშირად აფასებთ გაკვეთილებს მოსწავლეების გადმოსახედიდან? ინოვაციური სტრატეგიების შესაქმნელად მნიშვნელოვანია, გაკვეთილებს დააკვირდეთ მოსწავლეთა პოზიციიდან და გაიზიაროთ მათი გამოცდილება.


შეიმუშავეთ და დანერგეთ აქტივობები, რომლებიც წაახალისებენ მოსწავლეებს ურთიერთთანამშრომლობისკენ;

 


ურთიერთკავშირი საშუალებას მისცემს სტუდენტებს, ერთმანეთს დაუახლოვდნენ და სასწავლო გარემოში თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ.


 


ციფრული ტექნოლოგიების ოპტიმიზაცია

 


როგორია თქვენი როლი მოსწავლეებთან ციფრული წიგნიერების უნარების პოპულარიზაციაში? მათ უნდა შეეძლოთ ტექნოლოგიების გამოყენება ინფორმაციის მისაღებად, პრობლემების გადასაჭრელად, კომუნიკაციისა და სწავლის გასამარტივებლად. გაიარეთ კონსულტაცია თქვენს მოსწავლეებთან და მიიღეთ ერთობლივი მიდგომა მათი ციფრული სწავლის საჭიროებების გასაუმჯობესებლად.


გამოცადეთ მოსწავლეების ციფრული უნარები და შესაძლებლობები;

შეიმუშავეთ სწავლების ისეთი დიზაინი, რომ ხელი შეუწყოთ მოსწავლეებში ციფრული უნარების განვითარებას;

გამოიყენეთ სწავლის ანალიტიკური პრინციპები, რათა შეაფასოთ სტუდენტების აკადემიური მოსწრება.

შეფასებისა და უკუკავშირის გაძლიერება

 


რამდენად ნათელია შეფასების სისტემა თქვენი სტუდენტებისთვის? ეფექტურია თუ არა შეფასებები, რომლებსაც მოსწავლეებს აძლევთ?


ჩართეთ მოსწავლეები შეფასების პროცესში;

შეადგინეთ შეფასების სქემა თანამედროვე პრინციპებიდან გამომდინარე;

შექმენით რუბრიკა მოსწავლეთა შედეგების შესაფასებლად.

თქვენს საჭიროებებზე მორგებული რუბრიკის შემუშავება შეიძლება იყოს რთული და შრომატევადი პროცესი, მაგრამ ის დაეხმარება მოსწავლეებს იმის გაგებაში, თუ რას მოელიან მათგან.


 


სტუდენტური გამოცდილების გაუმჯობესება

 


რა ფაქტორები ახდენს გავლენას სტუდენტების წარმატებაზე? როგორ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ მათ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის დაწყებამდე? გამოიკვლიეთ წარმატების ძირითადი ფაქტორები, დაფიქრდით, როგორ შეიძლება მათი გამოყენება მოსწავლეთა შედეგების გასაუმჯობესებლად და შეიმუშავეთ სტრატეგია, რომელიც დაეხმარება მოსწავლეებს ახალ ეტაპზე გადასვლაში.


 


დაფიქრდით თქვენს სასწავლო პრაქტიკაზე

 


რამ გიბიძგათ გამხდარიყავით მასწავლებელი? შეგიძლიათ ჩამოაყალიბოთ თქვენი ღირებულებები, როგორც პედაგოგმა? შეესაბამება თუ არა თქვენი ამჟამინდელი პრაქტიკა თქვენს პროფესიულ მიზნებს? გააძლიერეთ თქვენი, მასწავლებლის იდენტობა, ისევე როგორც ფსიქოლოგიური ფაქტორები, რომლებიც ხელს შეუწყობენ თქვენს პროფესიულ განვითარებას.


შეაფასეთ თქვენი ვინაობა პროფესიული, სამართლებრივი და ეთიკური პასუხისმგებლობების გათვალისწინებით, რომლებიც დაკავშირებულია მასწავლებლობასთან;

ჩამოაყალიბეთ პირადი სწავლების ფილოსოფია.

აღნიშნული რჩევების გათვალისწინება ხელს შეუწყობს მოსწავლეების კეთილდღეობასა და პროგრესს.


წყარო : https://learningandteaching-navitas.com/articles/ten-pd-program/



Sunday, June 25, 2023

„ჩვენ ცხრათვალა მზეთა და მძვინვარე ზღვათა ტრფობა გაგვყოლია…“

 

დავით კაკაბაძეზე ვწერ, ხელოვნების ამ კორიფეზე, საამაყო ადამიანზე, მოღვაწეზე არა მარტო მხატვრობის, არამედ ხელოვნების ისტორიისა თუ თეორიის, ქართული ისტორიოგრაფიის, კინემატოგრაფიის განვითარების თვალსაზრისით. მოდით, მივყვეთ თანმიმდევრულად ამ გენიალური შემოქმედის ღვაწლს…

დავით კაკაბაძე ის შემოქმედი იყო, რომელშიც სრულყოფილად გამოვლინდა არა მარტო ეროვნული, არამედ თანამედროვე კულტურის სულიც, ხელოვნების მწვერვალებს რომ იპყრობს. იგი იყო შენაკადი ლიტერატურისა და ხელოვნების იმ მძლავრი დინებისა, რომელიც მე-20 საუკუნის ათიანი წლების შუახანებიდან მოყოლებული იგრძნობოდა, გამოიკვეთა რა საქართველოს მძიმე საზოგადოებრივ-სოციალურ ცხოვრებაში ეროვნულ-გამათავისუფლებელი იდეების მნიშვნელობა თვითდამკვიდრებისათვის. მხატვრობაში ესენი იყვნენ: ვალერიან სიდამონ-ერისთავი, დიმიტრი შევარდნაძე, შალვა ქიქოძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, გრიგოლ მესხი, მიხეილ ჭიაურელი, ლადო გუდიაშვილი. ისინი იყვნენ არა მარტო შემოქმედნი, არამედ საზოგადოებრივი ინტერესების მატარებელი ადამიანებიც. ამ დროს იხსნება მხატვრების მიერ უნიკალურად მოხატული, ქართველ ლიტერატორთა თავშეყრის ადგილი „ქომერიონიც“. 1919 წელს გამართულ გამოფენაზე კი დავით კაკაბაძის შემოქმედებამაც გაიბრწყინა, გაამჟღავნა მხატვრის რჩეულობა. ამავე წელს დავით კაკაბაძე ლადო გუდიაშვილთან ერთად ოსტატობის დასახვეწად გაემგზავრა პარიზში.

დავით კაკაბაძე ფართო ინტერესებისა და პროფილის შემოქმედი იყო. იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა ხელოვნების ისტორიისა და თეორიის საკითხების შესწავლა-დამუშავებას. სწავლობდა კიდეც ფილოლოგიის ფაკულტეტზე პეტერბურგში, სადაც მას დიდ ყურადღებას აქცევდა იქ მყოფი ივანე ჯავახიშვილი, ზრუნავდა მის მატერიალურ კეთილდღეობაზეც. ივანე ჯავახიშვილის დავალებით მხატვარი ხელნაწერთა და კედლის მხატვრობის ასლებს ასრულებდა და მუშაობდა გამოკვლევაზე ქართული ორნამენტის შესახებ. სწორედ პეტერბურგში მოღვაწეობის ნაყოფიერ წლებში გამოჩნდა დავით კაკაბაძის შემოქმედების ფართო დიაპაზონი, რომელმაც ის ქართველ ხელოვანთა შორის სრულიად გამორჩეულ მოვლენად აქცია.

1918 წელს დავით კაკაბაძე საქართველოში დაბრუნდა. ამ პერიოდისაა მისი ერთ-ერთი თვალსაჩინო ნამუშევარი „იმერეთი-დედაჩემი“, როგორც სიმბოლო დედისა და სამშობლოს ერთიანობისა. ამ ნახატში მხატვრულ ძიებათა მთელი მრავალფეროვნებაა: აქაა რეალიზმიც, პირობითობაც უკანა პლანისა (ტონთა მონაცვლეობა პლანებისა და მათი გამაერთიანებელი, კოლორიტის განმაპირობებელი ღრმა მწვანე ფერი), სივრცის პრობლემაც, რომელზეც მხატვარი აქცენტს აკეთებდა მთელი თავისი შემოქმედებით. იშვიათი ემოციურობაა აქ, დედის ფიგურის ლაკონიურობა და იმერეთის პეიზაჟის დეკორატიული მოზაიკურობა, თითქოს ათასჯერ ნანახიც და სწორედ დავით კაკაბაძისეული განუმეორებლობით ნაგრძნობიც. აქედან დაიწყო კაკაბაძის ცნობილი ციკლი, იმერეთისადმი მიძღვნილი, სიბრტყითი გადაწყვეტებითაც და საოცარი სივრცობრივი შთაბეჭდილებებითაც. როგორც ვთქვით, 1919 წელს დავით კაკაბაძე უკვე პარიზს მიემგზავრება, სადაც ის 1927 წლამდე ცხოვრობს. პარიზი, იმდროინდელი საყოველთაო კულტურული ურთიერთობების უკვე აღიარებული ცენტრი, დიდი სკოლა აღმოჩნდა ახალგაზრდა მხატვრებისთვის. გამოიკვეთა მათი ინტერესები და მიზანი, ჩამოუყალიბდათ პროგრამა. დავით კაკაბაძე, ავანგარდისტული მიმართულებით გატაცებული, ქმნის გასაოცარ, მომხიბვლელ აბსტრაქტულ კომბინაციებს, მუშაობს ხელოვნების ისტორიის დარგში (მეცადინეობს ლუვრის ხელოვნებათმცოდნეობის ერთიან კურსებზე), აყალიბებს თანამედროვე ხელოვნების საკუთარ თეორიულ კონცეფციას (აქვეყნებს წიგნებს ქართულ ენაზე: „პარიზი“, „ხელოვნება და სივრცე“), მუშაობს კინემატოგრაფიაში სტერეოეფექტის შეტანაზე (მან მიაგნო საკუთარ სტერეოკინოს საიდუმლოებას, რომელიც ოფიციალურად აღიარებულია საფრანგეთის, ამერიკის, ბელგიის, დანიის, იტალიის, ესპანეთის, უნგრეთის საპატენტო ბიუროების მიერ). აღიარებაც მოვიდა. 1921 წელს დავით კაკაბაძე, ლადო გუდიაშვილი და შალვა ქიქოძე ლიკორნის გალერეაში „ქართველ მხატვართა გამოფენას“ აწყობენ. პარიზის პრესა კი ასე ეხმაურება სხვადასხვა გამოფენაზე გამოტანილ დავით კაკაბაძის ნახატებს: „წადით, ნახეთ ბატონ კაკაბაძის მხატვრობა… ბატონი კაკაბაძე გვავსებს რაღაც აზრით, ეს არ არის შაბლონური მხატვრობა…“. დავით კაკაბაძის ნახატები გაიგზავნა თანამედროვე ხელოვნების სანიმუშო გამოფენაზე ნიუ-იორკის ბრუკლინის მუზეუმში (1926 წ.) და გამოიფინება ჰანს არპის, ჟორჟ ბრაკის, მაქს ერნსტის, ვასილი კანდინსკის, პაბლო პიკასოსა და ჯინო სევერინის ნაწარმოებთა გვერდით, ანუ მე-20 საუკუნის მხატვრობის ამ ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავებს შორის.

პარიზში დავით კაკაბაძეს მატერიალური პრობლემები, გაჭირვებაც ჰქონდა და იმ ადამიანთა შორის, ვინც მას მხარში ამოუდგა და ამხნევებდა, იყო ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც მასში ხელოვნების ისტორიის შესწავლის სურვილს აღვივებდა: „განაგრძე ისე მუყაითად, როგორც დაიწყე შესწავლა“, – წერდა ის დავით კაკაბაძეს. მხატვრის ეპისტოლარული მემკვიდრეობა კი იშვიათ მასალას იძლევა მისი ნიკო მართან, ილია ზდანევიჩთან, ტიციან ტაბიძესა და სხვა გამოჩენილ მოღვაწეებთან ურთიერთობის შესახებ.

დავით კაკაბაძე ჩამოდის რევოლუციური იდეებით მცხოვრებ საქართველოში, ე.წ. „პროლეტარული“ ხელოვნებისთვის ბრძოლის წინააღმდეგობებით სავსე პროცესით. 1928 წელს დავით კაკაბაძე აწყობს გამოფენას, ერთგვარ ანგარიშს მისი უცხოეთში გატარებული წლებისა. და შედეგი?! „წმინდა ესთეტიზმად“ მონათლული მისი მხატვრობა კრიტიკისა და შეტევის წნეხის ქვეშ მოექცა იმდროინდელ პრესაში, რამაც მხატვარს დაათმობინა პოზიციები, რომლებსაც იგი მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ დაუბრუნდა, თუმცა აბსტრაქტული ტილოები მის შემოქმედებაში აღარ შექმნილა. ხოლო ეს გამოფენა დარჩა ერთადერთ პერსონალურ გამოფენად მის სიცოცხლეში.

დავით კაკაბაძის მხატვრობით აღტაცებულია კოტე მარჯანიშვილი და მას თანამშრომლობას სთავაზობს. ტოლერის სპექტაკლით „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“ დავით კაკაბაძე ქუთაისის თეატრით იწყებს ქართულ თეატრში მუშაობას, სადაც მან არა ერთი და ორი გამორჩეული ნამუშევარი შექმნა დროთა განმავლობაში.

1931 წელს კი დავით კაკაბაძემ დაასრულა სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმის გადაღება საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლების შესახებ (ამას წინ უძღოდა დიდი სამუშაო სცენარის დამუშავებისა და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლთა ფოტოგრაფირება). ესეც კიდევ ერთი ასპექტი ამ დიდი შემოქმედის ნიჭიერების უნივერსალიზმისა…

დავით კაკაბაძე აქტიურად მოღვაწეობდა საზოგადოებრივად: კითხულობდა ლექციებს, გამოდიოდა მოხსენებებით, წლების განმავლობაში იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი, შემდგომ პრორექტორიც. თუმცა ორმოციანი წლების ბოლოს შემოქმედებითმა კონიუნქტურამ მისი შემოქმედება „ფორმალიზმის“ ტყვეობის ქვეშ მყოფად გამოაცხადა და 1948-49 სასწავლო წლიდან იგი გაათავისუფლეს სამხატვრო აკადემიიდან, რადგან „ვერ უზრუნველჰყო სტუდენტების სოციალისტური რეალიზმის მეთოდის საფუძველზე აღზრდა“. ასე რომ, ავტორიტარული რეჟიმის ხელოვნების დოგმატიზმმა, მხატვრული შემოქმედების დაუფასებლობამ „მოკლა“ დავით კაკაბაძის შემოქმედებითი აქტიურობა, დაამსხვრია მისი მხატვრული პოზიცია, ორგანული პრინციპები, რომლებსაც ათობით წლის განმავლობაში თეორიულად ასაბუთებდა. მისმა შემოქმედებამ დაკარგა ინდივიდუალიზმი მხატვრისა, რომელმაც ჩამოაყალიბა საკუთარი კონცეფცია სახვითი ხელოვნების განვითარებისა.

დავით კაკაბაძე ეკუთვნოდა იმ ხელოვანებს, რომლებმაც იციან სამყაროს საიდუმლო: „მხატვრული მხედველობა იმით გამოირჩევა ჩვეულებრივი მხედველობისგან, რომ პირველის საშუალებით ჩვენ ვაღწევთ ფორმის შინაგან მხარეს და ვხედავთ არათუ მარტო ფორმის გარეგნულ თვისებებს, არამედ ვცნობთ მის შინაგან თვისებებსაც. მხატვრული მხედველობის საშუალებით ჩვენ ვუახლოვდებით ბუნებას, და, ამავე დროს, ხელოვნების არსსაც. მისი საშუალებით ჩვენ ბუნების საიდუმლოების კარს ვხსნით, რომლის იქით მუდმივი სიცოცხლის წყარო იწყება“ (დავით კაკაბაძის ციტატაა). მას, ასეთი დიდი ერუდიციისა და დაკვირვების წყალობით, ჰქონდა შეხედულებათა სისტემა ფორმისა და შინაარსის, მხატვრული ნაწარმოების იდეის, სიუჟეტის ფერწერის ტექნიკის შესახებ. იგი ამბობდა, რომ ქართული ხელოვნება ძალიან ვიწრო ფარგლებში მოამწყვდიეს, აღარ ვიცნობდით მოწინავე მიღწევების წყაროს, ამიტომ ვეღარ განვიცდიდით თანამედროვეობის შინაარსს და დაკნინდა ორიგინალური აზროვნებაც.

ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით დავით კაკაბაძე იწყებს ქართული ორნამენტის გენეზისის პრობლემებზე მუშაობას და ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში აქვს გამოქვეყნებული გამოკვლევა „ქართული ხატების მოჭედილობის სახეები“, ხოლო შემდგომ „ბექა ოპიზარი“. მხატვარი ბევრს მოგზაურობდა და ადგილზე ეცნობოდა ძეგლებს, საქართველოს საისტორიო საზოგადოების დავალებით შესრულებული ჰქონდა ძველი მინიატიურებისა და ფრესკების ასლები. მის არქივში დაცულია ასობით ფოტოგრაფია ქართული არქიტექტურის ძეგლებისა, რომელთა შესწავლის თვალსაზრისით საინტერესოა მისი ფილმი „საქართველოს მატერიალური კულტურის ძეგლები“ (1951 წელს გადაიღო). სამწუხაროდ, ფილმი არ შემოგვრჩენია. იმ დროისთვის ხომ ეს პირველი ცდა იყო ქართული არქიტექტურული ძეგლების ასეთი მოცულობითი დემონსტრირებისა და იყო ნიმუში დავით კაკაბაძის დიდი პატრიოტიზმისა და მშობლიური კულტურისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებისა.

დავით კაკაბაძე იყო მოაზროვნე მხატვარი, რომლის როლი ხელოვნების თეორიისა და ისტორიის დარგში დღემდე დაუფასებელია. მან პოეტურ განზოგადებამდე აამაღლა საკუთარი შემოქმედება, მისი განუმეორებელი, ქართული სული. ლადო გუდიაშვილი მის ავანგარდისტულ ნამუშევრებზეც ამბობდა, რომ „დაკვირვებულ თვალს კარგად შეუძლია შეამჩნიოს, რომ ეს სურათები არ ჰგვანან ჩვეულებრივ აბსტრაქტულ ნამუშევრებს – არც ფერით, არც კომპოზიციით, მე, მაგალითად, მათშიც ვგრძნობ საქართველოს მიწა-წყალს, ზეცას, ჰაერს, კოლორიტს“. სწორედ საკუთარი ქვეყანა იყო დავით კაკაბაძის, ამ გენიალური შემოქმედის, ნამოღვაწარის მასულდგმულებელი და დაუტოვა კიდეც მას უმდიდრესი განძი – საკუთარი ტილოები. ეს კი მისი წინასწარმეტყველებაა: „ჩემი სურათების მოქმედება მუდმივად იქნება ისტორიაში, მოქმედებით, აღმზრდელობითი თვალსაზრისით, კეთილშობილებით, სიმამაცით, გამბედაობით, ჩემი სურათები შემატებს ადამიანებს აზროვნებას, კეთილშობილებას, სიმამაცეს, გამბედაობას“.

ეს იყო ადამიანი უნივერსუმი, რომელიც არც ეპოქამ დააფასა, არც კაცმა. მისმა სრულიად უნიკალურმა ნიჭმა შეწყვიტა განვითარება ზემოთქმულ გარემოებათა გამო, რადგან ის დრო არ „სუნთქავდა“, არც თანამედროვეობას უშვებდა საკუთარი, მასობრივი ხელოვნების „გაყინულ“ დოგმატებთან, არც ინდივიდუალიზმს სწყალობდა შემოქმედებაში. ამიტომ მოხდა, რაც მოხდა.

დრომ ვითომ ამ მხრივ პროგრესი მოიტანა?! „კარგი თუ გამოგვერია“, არ დავკორტნით ხოლმე ისევ? ხელის შემშველებელიც აღარავინაა, რადგან თითქოს კეთილდღეობის „მშიერმუცელა მონებად“ და გადარჩენის ინსტინქტით ატანილებად იქცნენ ადამიანები. წმინდას, ნაღდსა და ღირებულს უჭირს, თუ უჭირს დღეს!

ჩვენ გარდა, ვინაა ამაში დამნაშავე? რასაკვირველია, არავინ, რადგან ღმერთი ისევ უხვად „გვაბერტყავს“ ნიჭსა და შემოქმედებითობას.

საკუთარ სულებშია საძებარი ყველა ძნელბედობის მიზეზი, სუბიექტური იქნება ის თუ ობიექტური.

სიყვარული, ანუ საძირკველი ნებისმიერი ზნეობრივი დოქტრინისა, დავკარგეთ. ესაა მოკლედ ყველა ჩვენი უბედურების სათავეც: ღვთისა, ქვეყნისა და ერთმანეთის სიყვარული…

წყარო http://mastsavlebeli.ge

ბავშვების პლანეტა

 

ალბათ მარტო არ ვარ. ალბათ სხვებსაც აქვთ ამოჩემებული ადგილები, სადაც სულის მოსაბრუნებლად დადიან – იმ ჰაერს ჩასასუნთქად, რომლის მსგავსიც სხვაგან არ ეგულებათ. ზამთარია, ზაფხულია, დღეების უაზრობა თუ მომავლის დანახვის შეუძლებლობა ნახევრად ჩაბნელებული დარბაზისკენ მიმავალ ქუჩაზე მაყენებს. ჩემი სახლიდან თხუთმეტი წუთის სავალზეა. კარს ყოველთვის სიხარულით ვაღებ ხოლმე – სიჩუმისას, სხვადასხვა თვალით დანახული სილამაზისას.

თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში ორ-სამ სტუმარზე მეტი იშვიათად მინახავს, სრულ სიცარიელეში, გამქრალ დროში კი ხშირად აღმოვჩენილვარ. გამჩენია განცდა, რომ ყველაფერი, რასაც მზერა სწვდება, ცოცხალია, გრძნეულის ხელით სულჩადგმულია იმ სამყაროში, რომელსაც თავისი წეს-კანონები აქვს და რომლიდან გამოღწევაც, უკან დასაბრუნებელი ხიდის გადმოვლაც უფრო და უფრო ძნელი ხდება.

შარშან ლიტველი ფოტოგრაფების გამოფენაზე მისულს წამოსვლის აუცილებლობა ყოველ ჯერზე მავიწყდებოდა. თითქოს ტერფები იატაკს მისწებებოდა – წამიერად გამოფხიზლებული, ნაბიჯის გადადგმას ვერ ვახერხებდი, ვერ ვიჯერებდი, რომ ანტანას სუტკუსის ფოტოებისთვის თვალის მოწყვეტით გამოუსწორებელ დანაშაულს არ ჩავიდენდი. მაშინ ბიბლიოთეკისკენ არც გამიხედავს – პატარა ოთახისკენ, სადაც ფოტოალბომებით სავსე თაროებია. გადმოიღე და ათვალიერე, სანამ სურათების ერთმანეთისგან გარჩევის უნარს არ დაკარგავ.

ახლა ახირებად ანტანას სუტკუსის ალბომის თვალიერება მაქვს. მისი გვარი რამდენიმეს აწერია, მაგრამ ჩემი რჩეული „ბავშვებია“ – გერმანულ გამომცემლობაში, „შტაიდლში“ მომზადებული და 2021 წელს გამოცემული. ჩემი ბავშვობის მიწაზე ფეხის დადგმა და ყველაზე მნიშვნელოვანის გამორჩევა სხვას არავის მოუხერხებია, რუკიდან გამქრალი ქვეყნის, საბჭოთა კავშირის არცერთ ფოტომემატიანეს. მერე რა, რომ სხვადასხვა ათწლეულებში გადაღებულ ფოტოებზე ვხედავ საკუთარ თავს, მერე რა, რომ ეს გოგოები და ბიჭები ჩემი თანატოლები არ არიან.

„როდესაც ანტანას სუტკუსი ლიტველ ბავშვებს გვაჩვენებს, მათში ყველა იმ ბავშვს ხედავს, ვინც კი ამ სამყაროში ცხოვრობს, – წერს წიგნის შემდგენელი ტომას შირმბიოკი, – მისი თვალთახედვით, ისინი საკუთარ პლანეტაზე ცხოვრობენ – ისეთ ადგილას, რომელსაც უფროსები ვერაფერს გაუგებენ და ვერც იქ მოხვდებიან ოდესმე. ბავშვთა სამყარო მთელი სისავსით აწვდის მას ადამიანურ ემოციებს, მეტიც, ეს ემოციები ბავშვებში უფრო გულწრფელია, ძალდაუტანებელია, ვიდრე უფროსებში“. ფოტოალბომის თვალიერებისას ამ სიტყვების სიმართლეში ბოლომდე რწმუნდები.

თავად ფოტოგრაფს კი უთქვამს: „ბავშვებს საკუთარი სამყარო აქვთ – თავისი კანონებით, წესებით, ბედნიერებითა და მწუხარებით. მასში მოხვედრა თუ გინდა, უნდა იგრძნო, რომ შენც ბავშვი ხარ. უფროსები და ბავშვები – სხვადასხვა ისტორიებია“. შეძლო და ამ სამყაროს გზა-შარაზე დაუღლელად იარა, ალღომ კი ერთხელაც არ უმტყუნა – მისი გადაღებული გოგოები და ბიჭები რაღაც ისეთს ჰყვებიან, რასაც მხოლოდ გრძნეულს მოუყვებოდნენ, საზღვრების გაქრობის მცოდნესა და ერთდროულად ორ ადგილას ყოფნაში დახელოვნებულს.

არც ანტანას სუტკუსის ბიოგრაფიაზე, არც საბჭოთა სინამდვილისადმი მის დამოკიდებულებაზე არაფერს ვამბობ. ამ ყველაფრის შეტყობა სულ მცირე ძალისხმევის ფასადაც კი შეიძლება. პატარა წერილში ადგილს ვერ ვპოულობ თუნდაც ერთ ფოტოს აღსაწერად, მაგალითად, 1964 წელს საბავშვო სიმღერის ფესტივალზე გადაღებული ბაფთიანი გოგოს დაძაბული სახის საჩვენებლად. მაინც რა ჩანს ამ სახეზე – შიში? შიშნარევი ცნობისმოყვარეობა? თუ იმ ადამიანის რთულად სახელდასარქმევი განცდა, ვისაც იმედი გაუცრუვდა, მაგრამ ორიოდე მბრწყინავ წერტილს მაინც ხედავს?

ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი. ანტანას სუტკუსის „ბავშვები“. სხვა ალბომებიც, რომლებზე წერისასაც მთავარის მოხელთებას მაინც ვერ მოვახერხებდი.

წადით, ჩაისუნთქეთ ის ჰაერი.

 

წყარო http://mastsavlebeli.ge

თარგმანის მასტერკლასი

 

`განა შეიძლება სრულყოფილად თარგმნო ლირიკული პოეზია _ სხვისი სუნთქვა და გულისცემა, სხვისი ალერსი და ტკბობა, სხვისი სიხარული და მწუხარება?!~, – წერს ბათუ დანელია. პოეტის წრფელი გულდაწყვეტა იგრძნობა ამ სტრიქონებში. მართლაც, შეუძლებელია სრულყოფილი თარგმნა. პოეზია ხომ მხოლოდ აზრი და ემოცია არ არის?! პოეზია ის დილა თუ საღამოა, როცა ლექსი შეიქმნა, ის წვიმაა, პოეტის მზერას რომ ასველებდა წერისას, ის სიოა `სარკმლით მონაქროლი~, იასამნის ნელსურნელებით გაჟღენთილი… სიტყვათა ექოებია, ერთმანეთთან დაწყვილებისას გამკრთალი.

პოეზია სრულყოფილად არ ითარგმნება, ამიტომაცაა, რომ იშვიათია დედნის შესატყვისი პოეტური თარგმანები. ტიციან ტაბიძისთვის მიწერილ ერთ წერილში ბორის პასტერნაკი წერდა: `მართლა მოგეწონათ? მე კი მეეჭვება: ყოველგვარი თარგმანი, უხეიროც და კარგიც, ერთგვარი ძალადობაა დედნის მიმართ. ჩემი თარგმანი პირველთა რიგს უფრო მიეკუთვნება. ალბათ, დაგიმახინჯეთ ლექსები~.

მხოლოდ კარგ პოეტს შეუძლია შექმნას ილუზია, რომ მისი თარგმანი ზუსტად ირეკლავს დედნისეულ გულისცემას. მხოლოდ კარგ პოეტს აქვს განცდა, რომ, მიუხედავად დიდი ძალისხმევისა, სრულყოფილებამდე შორია და მხოლოდ იდეალური თარგმანისკენ სწრაფვა შეგაქმნევინებს ღირებულს.

ასეთია ბათუ დანელიას თარგმანები. თვითონ მას საოცრად აქვს გამახვილებული სიტყვის არსში წვდომის უნარი, ამაზე მეტყველებს მისი პოეზია, მაგრამ ერთია, როდესაც მშობლიური ენის კარნახით ქმნი, საკუთარ წინაპრებსა და ფესვებს აყურადებ, მეორეა, როდესაც სხვის სამყაროს თარგმნი, სხვის გულისცემას `იმეორებ~. ამ შემთხვევაში, ვგულისხმობთ ბორის პასტერნაკისა და იოსიფ ბროდსკის ლექსების შესანიშნავ თარგმანებს. ეს პოეტები დიდი ხანია შეიყვარა ქართველმა მკითხველმა, რადგან მათი პოეტური სამყაროები, განსხვავებული და თავისთავადი, სავსეა სიცოცხლის მრავალფეროვნებით, თავისუფლების წყურვილითა და რწმენით. მათი პოეზია სუფთა ჰაერივითაა, რომლის ჩასუნთქვა გიადვილებს ჯანმრთელ სულიერ არსებობას, ეს ლექსები მკითხველს აღავსებს დიდი ენერგიით, რომელიც აუცილებელია ცხოვრებისეულ წინააღმდეგობათა გადასალახავად. გადამდებია მათი მეამბოხური სულისკვეთება ყოველივე ანტიჰუმანურის წინააღმდეგ, ეს პოეზია მკითხველს საკუთარი თავისა და ღვთის ძიებისაკენ უბიძგებს.

ამ ორი დევნილის, შეურაცხყოფილის, თანამემამულეთაგან უარყოფილი მწერლის შემოქმედება იქცა რუსული ლიტერატურის კლასიკად. თუ ვინმეს სურს, ჩასწვდეს რუსეთის სულს, მან სწორედ ამ შემოქმედთა ნაწარმოებები უნდა გაიცნოს უპირველესად. დიდი განსხვავების მიუხედავად, ორივე პოეტისთვის საერთოა სიტყვის სიყვარული. სიტყვა ღმერთი და სიცოცხლეა, ამიტომაცაა მათი პოეზია შთამბეჭდავი. მათი ლექსები ირეკლავენ ადამიანურ სითბოსა და სინაზეს, სისასტიკესა და გულგრილობას, დემონურისა და ანგელოსურის ჭიდილს. ყოველივე ეს კი წარმოჩენილია საოცარი მხატვრული სახეებით, მუსიკალურობითა და ფერწერულობით.

იოსიფ ბროდსკი და ბორის პასტერნაკი განსხვავებული სტილის შემოქმედნი არიან. სხვადასხვაგვარია მათი პოეტური აზროვნების სიმბოლიკა, მათი ლექსიკა, მათი დამოკიდებულება ენასთან, ლექსთწყობის ფორმები, რითმა და რიტმი. რა თქმა უნდა, იყო საშიშროება, რომ ქართულ ენაზე ისინი ერთმანეთს დამსგავსებოდნენ, რადგან ერთი პოეტი თარგმნიდა (რაც ხშირად ხდება ხოლმე), მაგრამ ყველაზე დიდი გამარჯვება ბათუ დანელიასი, როგორც მთარგმნელისა, სწორედ ისაა, რომ მან შეძლო მათი სტილური თავისთავადობის შენარჩუნება.

იოსიფ ბროდსკის თარგმანებისთვის შერჩეულია მისი პოეზიისთვის დამახასიათებელი ხელწერა, ბორის პასტერნაკის პოეტური მეტყველებისთვის _ განსხვავებული მანერა. ვფიქრობთ, ბათუ დანელია ჩასწვდა ორივე მწერლის შინაგან სამყაროებს, გაითავისა მათ ლექსებში წარმოჩენილი ტკივილი თუ სიხარული და მოძებნა აზრისა და ემოციის გამოხატვის ფორმები.

ერთადერთი, რაც ძალიან ბათუ დანელიასეულია, ეს არის ანჟამბემანები. იგი ანჟამბემანის დიდოსტატია. სტრიქონიდან სტრიქონში ისე გადაედინება აზრი და ემოცია, ამოსუნთქვას ვერ ასწრებს მკითხველი:

`აქ შეიძლება შეურიგდე სიცოცხლეს ჯერაც

გასავლელს _ წილადს და გავლილის ლტოლვასაც ზარით

დასასრულისკენ, რაც წააგავს მთელს, ხოლო ბგერა

ამოღებული ლანჩის წვერით _ არია არი~ (იოსიფ ბროდსკი, `რომაული ელეგიები~, VII).

`ნაჩურჩულევი ძლივს ესმოდათ, მაგრამ ქარიანს

ვერ აბრალებდნენ ჟამს და უცებ სიამე მოგვრილ

ერთ მოგვს ვიღაცა შეეხო და მობრუნდა მოგვი

და ღია კარში დაინახა: ქალწულ მარიამს,

როგორც სტუმარი, ისე ჭვრეტდა ვარსკვლავი შობის~ (ბორის პასტერნაკი `ქრისტეშობის ვარსკვლავი~).

ორივე პოეტი ნობელიანტია, თუმცა პასტერნაკს უარი ათქმევინეს პრემიის მიღებაზე (1958 წ.), ბროდსკის კი პრემია 1987 წ. გადასცეს. სანობელო ლექციაში წარმოჩნდა მისი რწმენა მხატვრული ლიტერატურის გარდამქმნელი და გამაკეთილშობილებელი ძალისა. ბროდსკი ფიქრობდა, რომ `პლატონური მნიშვნელობით უნდა აიხსნას დოსტოევსკის შენიშვნა, რომ `მშვენიერება იხსნის სამყაროს~, ან მეთიუ არნოლდის გამოთქმა, რომ `ჩვენ პოეზია გადაგვარჩენს~. `სამყაროს გადარჩენა, ალბათ უკვე შეუძლებელია, მაგრამ ცალკეული ადამიანისა ყოველთვის შეიძლება~. მისი აზრით: `ჩვენს ხელისუფალთ იმის გათვალისწინებით რომ ვირჩევდეთ, თუ რა წაიკითხეს და არა იმის მიხედვით, ვინ როგორი პოლიტიკური პროგრამა შემოგვთავაზა, ქვეყნად ნაკლები სადარდელი იქნებოდა~, ან კიდევ: `დიკენსის წამკითხველს თავისივე მსგავსის მოკვლა უფრო გაუჭირდებოდა, ვიდრე მას, დიკენსი რომ არც გაუგია~. ამგვარი თვალსაზრისი კი ეფუძნებოდა მის მიერვე ფორმულასავით ჩამოქნილ რწმენას: `ესთეტიკა ეთიკის დედაა~.

ბორის პასტერნაკის სახელი განსაკუთრებით ძვირფასია ქართველთათვის. ცისფერყანწელთა ერთგულმა მეგობარმა დიდი ღვაწლი დასდო ქართული პოეზიის პოპულარიზაციას. პოეტი რამდენჯერმე იყო საქართველოში, განსაკუთრებით დაუმეგობრდა ტიციან ტაბიძის ოჯახს და ხშირად სწერდა წერილებს. ამ წერილების ნაწილი დაბეჭდილია ნინო ტაბიძის შესანიშნავი მოგონებების წიგნში `ტიციანი და მისი მეგობრები~.

პასტერნაკმა თარგმნა ვაჟა ფშაველას `გველის მჭამელი~, ნიკოლოზ ბარათაშვილი, აკაკი წერეთლის პოეზია. ტიციან ტაბიძის, პაოლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის, გიორგი ლეონიძის, კოლაუ ნადირაძისა და სხვათა ლექსები. საქართველოთია შთაგონებული მისი წიგნები: `მეორედ დაბადება~, `ლექსები საქართველოზე, ქართველი პოეტები~. მის ლექსებს თარგმნიდნენ სიმონ ჩიქოვანი, თამაზ ჩხენკელი, მორის ფოცხიშვილი, ვახუშტი კოტეტიშვილი, ირაკლი სურგულაძე, თედო ბექიშვილი, ტარიელ ჭანტურია, ჯემალ აჯიაშვილი, ანდრო ბუაჩიძე. მისი პროზაული შედევრი `ექიმი ჟივაგო~ ორჯერ ითარგმნა (აკაკი ბრეგაძე, ნოდარ ნონიაშვილი).

ბორის პასტერნაკის `ექიმი ჟივაგოს ლექსების~ ბათუ დანელიასეული თარგმანები გამოირჩევა აზრის გადმოცემის დახვეწილობითა და მუსიკალურობით.

ყველასთვის ცნობილია ამ მნიშვნელოვანი რომანის ბედი. საბჭოეთში ეს წიგნი დაბეჭდვამდე აკრძალეს, ამიტომაც პირველად იტალიაში გამოიცა და მალე მსოფლიო აღიარება მოიპოვა. ექიმი ჟივაგო, პასტერნაკის ალტერ-ეგო, უკეთილშობილესი ადამიანი, რომანტიკოსი, სიყვარულის მაღმერთებელი, სიცოცხლის ბოლომდე პოეტად დარჩა. რომანის დასასრულს დართული მისი ლექსები წარმოაჩენენ იური ჟივაგოს წინააღმდეგობებით აღსავსე, დახვეწილ, ამაღლებულ სულიერ ცხოვრებას.

რომანში, როდესაც ქარტეხილებს გადარჩენილი ჟივაგო საყვარელ ლარასთან ერთად დროებით ვარიკინოში განმარტოვდება, რათა უკანასკნელი პაემანი მოეწყოთ, გამოსთხოვებოდნენ ოცნებებს, ჟივაგო ლექსების წერას დაუბრუნდება. საოცარი გატაცებით წერდა და „აღმაფრენას~ გრძნობდა. ვფიქრობთ, იმ სულისკვეთების გახსენება, რომელიც ჟივაგოს ლექსების წერისას ჰქონდა, დაგვეხმარება ჩავწვდეთ მისი ლექსების არსს. იგი გრძნობდა, წერისას თითქოს შემოქმედების წარმმართველ ძალთა თანაფარდობა ირღვეოდა, ყირამალა დგებოდა. ამ შემთხვევაში, მთავარი ადამიანი და მისი სულის მდგომარეობა კი არ იყო, რომლის ასახვასაც აპირებდა, არამედ, უპირველესად, მშობლიური ენა, რომლითაც სურდა `გულისნადები დაეგვირისტებინა~. მისთვის ენა იყო `სილამაზისა და აზრის სასუფეველი~. თუ მიენდობოდი ენას, ის თვითონ გადააქცევდა ყოველივეს მუსიკად. ამიტომაც იყო, რომ ჟივაგო ლექსების წერისას საოცარ ნეტარებას განიცდიდა. ამიტომაც მოჩქეფდა მძლავრ ნიაღვრებად ჟივაგოს ლექსებში ფერი და მუსიკა.

სწორედ ეს ფერადოვნება შეუნარჩუნა ბათუ დანელიამ ამ ლექსებს, რომლებიც გამსჭვალულია სიცოცხლის დაუშრეტელი ენერგიით. ეს ენერგია იბადება ღვთის `ხილვის~ დიდი წყურვილიდან. ეს განწყობილება ირეკლება ლექსებში: `ვნების კვირას~, `ქრისტეშობის ვარსკვლავი~, `მაგდალინელი~, `გეთსიმანიის ბაღი~ და სხვ.

`გარშემო ჯერაც ღამე ხასხასებს,

ჯერაც ვერაფრით დათვლი ვარსკვლავებს,

ჯერაც დუმს ზეცის ყველა სართული,

ღამეს დრო კიდევ დარჩა წასვლამდე,

და ზოგჯერ რომ არ განზე მიხედვა,

მიწა ფსალმუნის კითხვით გართული,

აღდგომის მოსვლას ვერც გაიგებდა~ (`ვნების კვირას~).

ბათუ დანელიასთვის მთავარია მოიხელთოს ლექსის სული და მერე შესატყვისი ფორმით გადმოსცეს, ამიტომაც ასე ცინცხლად აღწევს ჩვენამდე პასტერნაკის ხმა ქართული სიტყვებით. მას ხომ ასე ძალიან უყვარდა საქართველო.

იოსიფ ბროდსკის პოეტური ენა რუსული პოეზიისთვისაც სიახლე იყო, არატრადიციული სინტაქსი, მითოლოგიურ სახეთა სიჭარბე, ტეხილი რიტმი _ ეს იყო ინტელექტუალური პოეზია, საოცრად დახვეწილი, თუმცა, პასტერნაკის პოეზიასავით გამჭვირვალე არა. თუ პასტერნაკთან შეხვედრა მაშინვე გაჯადოებს თვალშისაცემი პოეტურობით, მშვენიერების გულწრფელი თაყვანისცემით, ბროდსკის პოეზია ასეთი `სტუმართმოყვარე~ არაა, აქ მეტი ძალისხმევა სჭირდება მკითხველს მასთან გასაშინაურებლად.

მიუხედავად ამისა, ბათუ დანელიამ შეძლო ბროდსკის სულიერი სამყაროს ქართულ ენაზე გადმოტანა. ამისი დასტურია ლექსები: `ძილისპირული~, `რომაული ელეგიები~, `ტემზა ჩელსიში~, `ახალი ჟიულ ვერნი~, `მეტყველების ნაწილი~, `დიდი ელეგია ჯონ დონს~, `ოდისევსი ტელემაქეს~, `დეკემბერი ფლორენციაში~ და სხვ.

`სძინავს ღმერთსაც და _ დედამიწა სხვაფერობს ახლა…

ბრმაა ყველასი თვალი, ყურიც ვერაფერს ისმენს,

ეშმაც ძილშია, მასთან ერთად ომებით დაღლილ

მტრობასაც სძინავს თოვლის ველზე ინგლისურ ცისქვეშ.

მთავარანგელოზს სძინავს ბუკით, სძინავთ მხედრებსაც,

ცხენებიც ნარნარ რხევით გრძნობენ ძილისას გემოს,

ქერუბიმებიც, ჩახვეულნი, მძინარ ვედრებად

მოჩანან პავლეს ეკლესიის თაღების ქვემოთ.

ჩასძინებია ჯონ დონსა და ყველა ლექსს სძინავს,

ყველა ხატსახეს, ყველა რითმას _ კარგსა და მდარეს

ვერც კი გაარჩევ… და ყველანი, ქცეულნი სპლინად,

სილაბურ ლექსში წვანან, როგორც ღრუბლებში მთვარე~.

ეს არის ფრაგმენტი ლექსიდან „დიდი ელეგია ჯონ დონს~, რომელშიც შესანიშნავად ირეკლება ბათუ დანელიას ოსტატობა, ზუსტად შეარჩიოს ლექსის რიტმი, რითმა და თითქმის უნაკლოდ გადმოსცეს დედნისეული სტრიქონების სული, აზრი, ფერი, მუსიკა და სურნელი. ჯონ დონი ბროდსკის საყვარელი მეტაფიზიკოსი პოეტი იყო, რომლის პოეზია თარგმნა კიდევაც.

ბროდსკისთვის ენა ამოუხსნელი მეტაფიზიკური ფენომენი იყო. ამაზე საუბრობს ის თავის შესანიშნავ ესეებში. მან გაიზიარა ოდენის ფრთიანი გამოთქმა: `დრო ენას აღმერთებს~ და თვითონ უფრო გააღრმავა: `თუ დრო, რომელიც ღმერთის სინონიმია, უფრო მეტიც _ ღმერთს გულისხმობს, ენას აღმერთებს, მაშინ საიდან მომდინარეობს ენა? ძღვენი ხომ უფრო მცირეა, ვიდრე მომძღვნელი? თუ ასეა, ენა ხომ არ არის დროის საცავი? სწორედ ამიტომ ხომ არ აღმერთებს დრო ენას?~ ამ ღრმააზროვან კითხვებზე პასუხია ესეიში `აჩრდილის თაყვანისცემა~ (გია ჯოხაძის თარგმანი).

ნობელიანტი ჩესლავ მილოში ბროდსკიზე წერდა, რომ მისი პოეზიისთვის დამახასიათებელია `მეტაფორათა ქსელი, რომელიც ზოგჯერ რამდენიმე სტროფში განიტოტება, ქმნის ისეთ სალექსო კონსტრუქციას, რომლისთვისაც საჭიროა დეკლამაცია, სიმღერაც კი… პოეტის ამოცანა, როგორც ეს ბროდსკის ესმის, მემკვიდრეობის შენარჩუნებაა სამყაროში, რომელიც სულ უფრო იხრება მეხსიერების დაკარგვისაკენ. ბროდსკის საწყის ტექსტად ბიბლია უნდა მივიჩნიოთ… ის თავისუფლად იყენებს ლიტერატურულ მოდელებსა და ადამიანური ქცევის არქეტიპებს~.

1991 წელს ბროდსკი გამოეხმაურა ხელისუფლების პოლიტიკით უკმაყოფილო ქართველ მწერალთა ჯგუფს. მის წერილში ვკითხულობთ; „ძვირფასო მეგობრებო! როგორც ქართული კულტურისგან ბევრი რამით დავალებული ადამიანი, თქვენ გვერდით ვარ~.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ბროდსკის პოეზია შესანიშნავად აქვთ ნათარგმნი ვახუშტი კოტეტიშვილსა და გია ჯოხაძეს და ეს თარგმანებიც არაჩვეულებრივად გადმოსცემენ ამ პოეტის მხატვრული სამყაროს თავისთავადობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გია ჯოხაძის შესანიშნავი წიგნი `მშვენიერი ეპოქის დასასრული~ (ბროდსკის ლექსები, ესეები, ინტერვიუები, ლექციები).

ეს ორი დიდებული პოეტი თავისი შემოქმედებით გადალახავს დროისა და სივრცის საზღვრებს და უკვდავებას მოიპოვებს ენაში. სწორედ ამ წყურვილს უკვდავებისას შეიგრძნობს მკითხველი მათი ლექსების ბათუ დანელიასეული თარგმანების კითხვისას. ეს ლექსები დაბეჭდილია წიგნებში: ბორის პასტერნაკი `იური ჟივაგოს ლექსები~ (2009); იოსიფ ბროდსკი `ბროლის კუნძული~ (2011).

წყარო http://mastsavlebeli.ge

კლასის საკითხავი წიგნი

 

ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში მეოთხე წელია დავნერგე კლასის საკითხავი წიგნის კითხვის ტრადიცია. მოსწავლეთა ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით, თითოეული კლასისთვის ვარჩევ ერთ წიგნს, რომელსაც სემესტრის განმავლობაში ვკითხულობთ. ჩემი დაკვირვებით, ერთი წიგნის კითხვამ სასწავლო პროცესს სასიკეთო ცვლილებები შესძინა და გადავწყვიტე, გამოცდილება თქვენთვისაც გამეზიარებინა.

არჩევანი

კლასისთვის საკითხავ წიგნს დაკვირვებით ვარჩევ. ჯერ თავად ვკითხულობ, ვაკვირდები წიგნის ირგვლივ გამოთქმულ მოსაზრებებს, ვეცნობი რეცენზიებს და შემდეგ გადაწყვეტილებას ვიღებ. ვცდილობ, ბავშვებს თანამედროვე თუ კლასიკური ქართული და უცხოური საბავშვო რომანები მონაცვლეობით შევთავაზო.  შერჩევისას წიგნის საინტერესო სიუჟეტი, თემატიკა და მხატვრული ენაა გადამწყვეტი. ასევე, ღირებულებები, რომლებსაც მოსწავლეები წიგნის წაკითხვის შემდეგ შეიძენენ.

წიგნის შეძენა

ერთ-ერთი სირთულე კლასისთვის წიგნების შეძენას უკავშირდება. ვითვალისწინებ იმას, რომ ყველა მოსწავლის მშობელმა შეიძლება ვერ გამოძებნოს წიგნისთვის საჭირო თანხა ან დრო. ამიტომ, ზოგჯერ რამდენიმე მოსწავლისთვის წიგნებს თავად ვყიდულობ. ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებთან ეფექტური კომუნიკაცია და კლასის დამრიგებლის მხარდაჭერა. პირველ ეტაპზე მშობლებს ვაცნობ წასაკითხი წიგნის ირგვლივ დასახულ მიზნებსა და კლასის საკითხავი წიგნის მნიშვნელობის შესახებ ვესაუბრები. შემდეგ, მათი გადაწყვეტილების მიხედვით, ერთად ან ცალ-ცალკე ყიდულობენ წიგნებს. აქტიურად ვთანამშრომლობ გამომცემლობა „ინტელექტთან“ და მთავარი რედაქტორის, ზვიად კვარაცხელიას, კეთილი ნებით ფასდაკლებით ვსარგებლობთ. „სულაკაურის გამომცემლობის“ მაღაზიებშიც მთელი კლასისთვის წიგნების ყიდვისას შესაძლებელია 10 %-იანი ფასდაკლებით სარგებლობა.

კიდევ ერთი ეფექტური გზაა ერთმანეთისთვის წიგნების თხოვების პრაქტიკის დანერგვა, მაგალითად, სემესტრის დასაწყისში ერთმა მეექვსე კლასმა მეორე მეექვსე კლასს, მშობლების ნებართვით, ლინდა მალალი ჰანთის „თევზი ხეზე“ ათხოვა. ამგვარად ერთმანეთზე ზრუნვას სწავლობენ, ამასთანავე, ერთი წიგნი კიდევ უფრო მეტ ბავშვს აერთიანებს. წიგნის ყდაზე დატოვებული სახელისა და გვარის მიხედვით ერთმანეთს ეცნობიან, აკვირდებიან გახაზულ სიტყვებს, მონიშნულ ეპიზოდებს. ამ ამბავთან დაკავშირებით მკითხველთა კლუბში სახალისო დამთხვევა აღმოვაჩინეთ. მეექვსეკლასელი ნიკა საუბრობდა წიგნზე „თევზი ხეზე“. წიგნის მეპატრონის სახელისა და გვარის ამოკითხვა ვთხოვე და  ნიკას გვერდით იჯდა ნინი – გოგო, რომლის წიგნსაც ნიკა კითხულობდა.

ცნობისმოყვარეობის აღძვრა

წიგნის შეძენის შემდეგ, კითხვის დაწყებამდე, მოსწავლეებს ვთხოვ სათაურისა და ყდის მიხედვით ვარაუდების გამოთქმას. განწყობის შექმნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია. კლასის საკითხავი წიგნის მიხედვით შეთავაზებულ დავალებებს ზოგჯერ ცალკე რვეულში წერენ. კითხვისას ხშირად ვუბრუნდებით მათ მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს და ვარაუდები რაც უფრო აცდენილია რეალობას, მით უფრო ახალისებთ საკუთარი მიუხვედრელობა.

როდის და როგორ ვკითხულობთ კლასის საკითხავ წიგნს?

საერთო წიგნზე საუბრისა და შთაბეჭდილებების გასაზიარებლად კვირაში ერთი დღე გვაქვს გამოყოფილი. წასაკითხად რამდენიმე თავს ვაძლევ და წინა დღეს მეც ხელახლა ვკითხულობ. ყოველ ჯერზე სხვადასხვა მეთოდს ვთავაზობ. ხშირად გაკვეთილის თემატიკას წიგნში ასახული მოვლენები მკარნახობს, მაგალითად, თამარ გეგეშიძის რომანში „სული-ჩიტი“ ერთ-ერთ თავს ჰქვია „ეზო“. ამ თავის კითხვისას დამებადა იდეა მოსწავლეებთან ერთად ჩემი ბავშვობის უბანში ფეხტური მომეწყო და ჩანაფიქრი იმავე დღეს ავასრულეთ. მოვინახულეთ სკოლა, რომელიც მე დავამთავრე, გავიცანით ჩემი კლასელის დედა, გზად შემოგვხვდნენ ჩემი მასწავლებლები, მეგობრები, მათი მშობლები, ნამცხვრების საყიდლად მაღაზიაში შესულებს კი ჩემი კლასელის და გაგვეცნო, ფეხტური ჩემი ბავშვობის სახლში დავასრულეთ.

ამ ბოლო დროს აქტიურად ვიყენებ ჩაღრმავებული კითხვის მეთოდს, ვხაზავთ სქემას და ერთ თავს სამჯერ, სხვადასხვა მიზნით, ვკითხულობთ, კერძოდ, პირველი წაკითხვისას ვაკვირდებით მოქმედების დროს, ადგილსა და პერსონაჟებს, ცხრილის პირველ გრაფაში დეტალურად ვინიშნავთ ყველაფერს, მეორე წაკითხვისას უცხო, ლამაზ, საინტერესო სიტყვებს, წინადადებებს, ციტატებს, მხატვრულ ხერხებს ვიწერთ, მესამედ კი მთავარი აზრის შესახებ გამოვთქვამთ მოსაზრებებსა და პარალელს ვავლებთ ცხოვრებასთან, მულტფილმებთან, წიგნებთან, ფილმებთან, ანიმეებთან…

დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“ მეშვიდეკლასელებმა ერთმანეთისთვის წაიკითხეს, კერძოდ, გამოვიყენეთ მეთოდი „წაიკითხე ჩემი წიგნი“. კითხვისას პატარა ბარათებზე წერდნენ კითხვებს, შთაბეჭდილებებს და ყოველდღიურად ცვლიდნენ. კვირაში ერთხელ კი კლასის წინაშე პრეზენტაციას წარადგენდნენ და ერთმანეთს უზიარებდნენ, რომელი შეკითხვა მოეწონათ, რაზე დაფიქრდნენ, რა სიახლე აღმოაჩინეს თანაკლასელში.

ასევე, ვიყენებთ მარკირებული კითხვის სტრატეგიას, ვდგამთ მინისპექტაკლებს, ვმართავთ ჩრდილების თეატრს, ვწერთ თავისუფალ თემებს, კომენტარებს, პერსონაჟის დღის ჩანაწერებს, პირად წერილებს ვუგზავნით მწერლებს, პარალელურკლასელებს, ვამზადებთ დიორამებს…

ხშირად წიგნის კითხვაში ჩართულები არიან მშობლები, პაპები, უფროსი და-ძმები.

წაკითხულის შესაჯამებლად ვაწყობთ ლიტერატურულ კაფეს.

რომელი წიგნები წავიკითხეთ:

  1. ლელა ცუცქირიძის „ატუსა და მატუსა“;
  2. ირმა მალაციძის „სატკბილეთის ქვეყანა“;
  3. არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“ და „ცისფერი ირემი“;
  4. ანა-კატერინე ვესტლის „ავრორა Z კორპუსიდან“და „დედა, მამა და რვა ბავშვი“;
  5. ლინდა მალალი ჰანთის „თევზი ხეზე“;
  6. ონჯალი რაუფის „გმირი ღამის ავტობუსში“;
  7. მარია ფარის „ტუვა გლიმერდალიდან“;
  8. თამარ გეგეშიძის „საშლელები“;
  9. დიანა ანფიმიადის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონი“;
  10. ტორესა მოსის „ორდროშობანა“;
  11. ნატო დავითაშვილის „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ და „ამბავი ლილე იროელისა“.

კლასის საკითხავი წიგნი მოსწავლეებს:

  • აერთიანებს;
  • წიგნიერების დონეს უმაღლებს;
  • შემეცნებით სამყაროს უფართოებს;
  • ლექსიკურ მარაგს უმდიდრებს;
  • კითხვისადმი ინტერესს უღვივებს;

 

ამასთანავე, ერთი წიგნის კითხვა:

 

  • საერთო ღირებულებებს ამკვიდრებს;
  • სასკოლო კულტურას ახალ სიცოცხლეს სძენს;
  • თავგადასავლებს გვაჩუქებს;
  • კითხვას პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

მერვეკლასელებს ვთხოვე, პატარა ბარათებზე დაეწერათ ფიქრები კლასის საკითხავი წიგნის შესახებ:

„ჩემი აზრით, საერთო წიგნების კითხვა იყო შესანიშნავი იდეა. ყოველ წიგნს თავისი ატმოსფერო აქვს. ასეთი რამის გამო ვამაყობ, რომ ამ კლასში ვსწავლობ“.

„ჩემი აზრით, იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ერთად ვკითხულობთ, ვუზიარებთ ერთმანეთს შთაბეჭდილებებს და ვიძენთ ახალ სიტყვებს“.

„ჩვენი კლასისთვის ეს ლიტერატურა იმიტომაა მნიშვნელოვანი, რომ თვალსაწიერს ხსნის და გვახალისებს. მოკლედ, ეს ისაა, რაც საჭიროა!“

„ეს წიგნები გვაერთიანებს. ბევრ აქტივობას ვაკეთებთ ერთად და მოგონებებს ვაგროვებთ“.

„ჩემი აზრით, როცა ერთად ვკითხულობთ, უფრო გვიყვარდება კითხვა და ერთმანეთს ვუახლოვდებით“.

„ჩემი აზრით, იმიტომაა საჭირო კლასის საკითხავი წიგნის კითხვა, რომ ვიღებთ უფრო მეტ ცოდნას, კლასელები უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს, ხალისს გვმატებს“.

„კლასის საკითხავი წიგნი გვაერთიანებს“.

“კლასის საკითხავი წიგნი სტიმულს გვაძლევს, ვიკითხოთ ბევრი წიგნი“.

„თითქოს წიგნი, რომელსაც ვკითხულობთ, მაქსიმალურად იშიფრება, და უფრო მეტ რამეს ვიგებთ“.

„კლასის საკითხავი წიგნები კლასელებს გვაახლოებს, მაგალითად, მე და ნინის „დაკარგული სიტყვების ლექსიკონმა“ ერთმანეთი უკეთ გაგვაცნო. კლასის საკითხავი წიგნები რომ არ გვქონდეს, ცოტა უხალისო იქნებოდა სკოლა“.

„კლასის საკითხავი წიგნი თითქოს ყველას გვაერთიანებს. ყველა ერთ წიგნზე რომ ლაპარაკობს, ერთნაირად ვაზროვნებთ მაგ დროს“.

„ერთად წაკითხული წიგნები რომ არ შემოეტანა მასწავლებელს, საერთოდ არ დავიწყებდით კითხვას და უინტერესოები ვიქნებოდით“.

„ეს წიგნები მნიშვნელოვანია, რადგან ახალი ურთიერთობები იწყება. ბევრ პრობლემებს ვიგებთ ცხოვრების შესახებ და ამ ყველაფერს ვიაზრებთ“.

„კლასის საკითხავი წიგნი ჩვენს ფიქრებს აერთიანებს, სიცილით სიყვარულისკენ მივყავართ. იმ ბავშვებსაც გვაერთიანებს, რომლებსაც ერთმანეთთან ცუდი ურთიერთობა გვაქვს და მასწავლებლებიც ვერაფერს შვრებიან“.

 

როგორც ვხედავთ, მოსწავლეების დამოუკიდებელი ჩანაწერების მთავარი გზავნილები ერთმანეთთან იკვეთება და მათ მიერ გამოხატული კმაყოფილება ახალი ძალებით მავსებს.

 

კლასის საკითხავი წიგნები ბავშვების ჩანთების მუდმივი ბინადარია. ისეთ დღეებშიც დაატარებენ, როცა არ ვავალებ. ხატავენ ყდაზე, აფორმებენ ინდივიდუალურად და საკლასო ოთახში ყოფნისას მერხებზე მრავლისმეტყველად დადებული წიგნები ყვავილებს ჰგვანან. სახლში საკუთარ სივრცეში უჩენენ ბინას და თაროზე ჩამწკრივებული წიგნის ყუები ათას თავგადასავალს ჰყვებიან, მაგალითად, როგორ იცეკვეს ძველ თბილისში მერვეკლასელებმა ნატო დავითაშვილის წიგნის „ამბავი ლილე იროელისა“ მიხედვით დადგმული პანტომიმა და ღვთისშვილებად და ქაჯებად გადაქცეულმა გოგო-ბიჭებმა გამვლელ-გამომვლელების ყურადღებაც მიიპყრეს. სკოლამდე მოსასვლელი გზაც თითოეულ წიგნს თავისებური აქვს – გამომცემლობიდან ზოგჯერ ავტობუსით, ზოგჯერ კი ტაქსით „მგზავრობენ“.

ერთხელ განათლების სამინისტროდან საინფორმაციო ვიდეორგოლის ჩასაწერად სკოლაში გვესტუმრნენ. საკლასო ოთახში სანამ ოპერატორი აპარატურას მართავდა, ერთ-ერთი მამაკაცი კედლის პოსტერზე დატანილი უცხო სიტყვებით დაინტერესდა. რამდენიმეს შესახებ ვისაუბრეთ და მეორე დღეს ბავშვებს ვუამბობდი, როცა მათთვის უთენია პოსტერს ვამზადებდი და ჩემი სამი წლის გოგონას ფლომასტერებით ვწერდი ასპიტს, გირგედსა თუ თითბერს, მაშინ რას წარმოვიდგენდი, რომ ერთ დღეს ამ სიტყვების ირგვლივ განათლების სამინისტროდან მოსულ სტუმართან დიალოგს გავმართავდი.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ხშირად დასმული შეკითხვა,თუ როგორ ვუთავსებ ერთმანეთს ვრცელტანიანი წიგნის წაკითხვასა და საპროგრამო მასალას. ჩემი გამოცდილებით, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ სახელმძღვანელოს ტექსტები და კლასის საკითხავი წიგნი ერთმანეთს ბუნებრივად ებმის, სხვადასხვა განწყობა შემოაქვს სწავლების პროცესში და ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად კიდევ უფრო დიდი შედეგის მომტანია. მოსწავლეები, რომლებსაც გაწაფული კითხვა უჭირთ ან აქტიური მკითხველისთვის საჭირო ნებისყოფა არ აქვთ, ხშირად კლასის საკითხავ წიგნს სრულად ვერ კითხულობენ. ასეთ დროს მშობლებს ვთხოვ დახმარებას, თუმცა, საბაზო საფეხურზე მშობლები სასკოლო ცხოვრებაში ჩაბმა ჭირს. სწორედ ამიტომ, ბოლო ხანს თითოეულ კლასს ხმამაღლა ვუკითხავ კლასის საკითხავ წიგნს და ამ გამოცდილების შესახებ სხვა სტატიაში გიამბობთ.

წყარო http://mastsavlebeli.ge

როგორ გავართოთ და თან ვასწავლოთ ბავშვებს ერთდროულად

 

არდადეგების დროს, ბავშვი ჩვენგან მეტ ყურადღებასა და გართობას ითხოვს. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ და საინტერესო იდეას:

 

ღრუბელთმკვლევარი

მართალია, ჯერ ძალიან არ დამთბარა, მაგრამ რამდენიმე წუთით პარკის გამწვანებულ მოლზე წამოწოლა არაფერს გვავნებს. იმისათვის, რომ ღრუბლების თვალიერება უფრო საინტერესო გახდეს, შეგიძლიათ სპეციალური დაკვირვების ჩარჩო დაამზადოთ. ამოჭერით ქაღალდის ოთხი ზოლი და ისე გადააწებეთ ერთმანეთს, რომ კვადრატი მიიღოთ. შემდეგ კვადრატის თითოეულ კუთხეს მიამაგრეთ სხვადასხვა ტიპის ღრუბლის პატარა ფოტო ან ნახატი: კუმულუსი, ცირუსი, სტრატუსი. თან მოუყევით ბავშვებს, როგორ განსხვავდებიან ეს ღრუბლები ერთმანეთისგან. შემდეგ კი დაწექით ბალახზე, ჩაიხედეთ ღრუბლების ჩარჩოში და გამოიცანით, რა ტიპისაა ისინი.

ბუდის მქსოველი

ჩიტები ბევრს შრომობენ ბუდეების ასაშენებლად. თქვენც შეაგროვეთ ტოტები, ბალახი. შეეცადეთ, თავად გააკეთოთ ჩიტებისთვის ბუდე. ჩიტები მადლიერი დაგრჩებიან!

მიწის შემსწავლელი

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ერთი კვადრატული მეტრის ნიადაგის ფარგლებშიც კი სიცოცხლე დუღს: იქ ბალახი შრიალებს, ჭიანჭველები დარბიან, ჭია-ღუები დაცოცავენ. თოკებისა და ჯოხების დახმარებით შემოღობეთ მიწის ერთი კვადრატული მეტრი, აიღეთ გამადიდებელი შუშა და შეისწავლეთ მისი ყოველი სანტიმეტრი. ჩვენს ფეხქვეშ მთელი სამყარო გადაიშლება.

ააფეთქეთ თესლით სავსე ბუშტი

ზოგიერთი მცენარე საკმაოდ ეფექტურად „ტოვებს შთამომავლობას“: ისინი ფაქტობრივად აფეთქებენ დაგროვილ თესლს, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით იფანტება. თქვენ შეგიძლიათ ბავშვს ეს პროცესი ვიზუალურად აჩვენოთ: აავსეთ ბუშტი თესლით, გაბერეთ და ქარიან დღეს გარეთ გახეთქეთ.

მოამზადეთ ხელნაკეთი სასუქი

ამისთვის დაგჭირდებათ ცარიელი გამჭვირვალე ბოთლი, ცოტაოდენი მიწა, ასევე ფოთლები, ბალახი, საკვების ნარჩენი – ყველაფერი, რაც შეგიძლიათ გამოიყენოთ ნეშომპალას მოსამზადებლად. მოაჭერით ბოთლს ზედა ნაწილი, შემდეგ ყველაფერი ჩადეთ ბოთლში, დატოვეთ აივანზე და ყოველდღე დააკვირდით ცვლილებებს. აუხსენით ბავშვებს, რა არის ნეშომპალა და რისთვის სჭირდება ის მცენარეებს. შემდეგ კი რომელიმე მცენარისთვის გამოიყენეთ.

შეისწავლეთ მზისგან დამცავი კრემის მუშაობა

იმისათვის, რომ ბავშვებმა უკეთ გაიგონ, რატომ არის საჭირო მზისგან დამცავი საშუალება, მოაწყვეთ პატარა ექსპერიმენტი. აიღეთ შავი ქაღალდის ზოლი, ნახევარი დაამუშავეთ მზისგან დამცავი კრემით, ნახევარი დატოვეთ ისე, როგორც არის და ერთი დღით კაშკაშა მზის ქვეშ დადეთ. საღამოს კი ერთმანეთს შეადარეთ დამუშავებული და დაუმუშავებელი ქაღალდი.

იწინასწარმეტყველეთ ამინდი გირჩებით

სახალისო ფაქტი: გირჩი თავისივე თესლის დაცვის მიზნით ამინდის შესაბამისად იხსნება და იხურება. ააშენეთ ამინდის პატარა სადგური ფანჯრის რაფაზე. თუ გირჩი გაიხსნა – მშრალი ამინდი იქნება, თუ დახურულია – იწვიმებს.

დააკონსერვეთ ბუნება

გაისეირნეთ მინდორში ან პარკში ბავშვებთან ერთად, შეაგროვეთ საინტერესო მცენარეები, ყვავილები, შემდეგ კი მზეზე გააშრეთ და ჩადეთ ძველ მინის ქილებში. ეს ოთახსაც უჩვეულოდ გაალამაზებს და ბოტანიკის გაკვეთილშიც ჩაგეთვლებათ.

ხელნაკეთი საპნის ბუშტები

საპნის ბუშტების გასაკეთებლად დაგჭირდებათ საპონი, თბილი წყალი და ცოტა შაქარი. შეურიეთ ინგრედიენტები და შეეცადეთ ბუშტები თქვენი ხელით გაბეროთ. ჩაატარეთ კონკურსი. დაე, გამარჯვებული იყოს ის, ვინც ყველაზე დიდ ბუშტს გაბერავს.

დაამზადეთ ხელნაკეთი კატაპულტი

მარტივი კატაპულტი იდეალური სათამაშოა პატარა ბავშვებისთვის. მიწაზე დადეთ სქელი ჯოხი, ზემოდან კი დაადეთ ფიცარი. ფიცრის ერთ ბოლოში მოათავსეთ გირჩი და აჩვენეთ ბავშვებს, როგორ არის დამოკიდებული ფრენის ტრაექტორია დარტყმის ძალაზე.

ბინგო ბუნებაში სეირნობისთვის

დაფიქრდით, რა ფრინველები, ცხოველები, მცენარეები შეგიძლიათ იპოვოთ თქვენს სახლთან ახლოს. შემდეგ დახატეთ ბინგო და წადით სასეირნოდ. იმარჯვებს ის, ვინც შეძლებს პირველმა აღმოაჩინოს და გადახაზოს ყველაფერი, რაც დახატულია.

პარაშუტი სათამაშოებისთვის

აიღეთ პატარა ნაჭერი, ცხვირსახოცი და ძაფების დახმარებით გააკეთეთ პარაშუტი. შემდეგ მიაბით პატარა სათამაშოს და ნახეთ, შეძლებს თუ არა ის წარმატებით დაშვებას. მოუყევით თქვენს შვილს, როგორ მოქმედებს ქარი პარაშუტისტის ფრენაზე.

როგორ განსხვავდებიან ხეები ერთმანეთისგან

პარკში თუ ტყეში სეირნობისას შეხედეთ ხეებს – რით განსხვავდებიან ისინი ერთმანეთისგან? შეაგროვეთ ფოთლები და თესლი სახლში ნამდვილი სამეცნიერო ჰერბარიუმის შესაქმნელად. ამავდროულად, მოუყევით ბავშვებს, როგორ შეიძლება ღეროზე რკალების რაოდენობის მიხედვით ამოიცნოთ ხის ასაკი.

ნაგავზე ნადირობა

ტერიტორიის დასუფთავება შეიძლება ბავშვისთვის უინტერესო აღმოჩნდეს. მაგრამ თუ თქვენ შეიმუშავებთ ნადირობის გეგმას (მაგალითად, შეაგროვებთ მხოლოდ პლასტმასის ნაგავს), ის შეიძლება საინტერესო თამაშად აქციოთ. შემდეგ შეაჯამებთ ნადირობას და გაარკვევთ, რა სახის ნარჩენი ჭარბობს თქვენს მხარეში.

ადგილობრივი ფრინველების შესწავლა

აიღეთ ბინოკლი და დააკვირდით ბეღურებს, კაჭკაჭებს, ყვავებს, გვრიტებს. რით განსხვავდება მათი გარეგნობა? რა ხმებს გამოსცემენ ისინი? ჩაინიშნეთ ყველა დაკვირვება. ჩიტების მოსაზიდად დაუყარეთ მათ საკვები.

დრო და მოძრავი მზე

მზიან ამინდში სასეირნოდ რომ წახვალთ, ფერადი ცარცები გაიყოლეთ. შემოხაზეთ თქვენი ან თქვენი შვილის ჩრდილი ტროტუარზე და მიაწერეთ, რომელი საათია. გარკვეული პერიოდის შემდეგ დაბრუნდით იმავე ადგილას და შემოხაზეთ ჩრდილი უკვე სხვა ფერის ცარცით – ის სხვა ადგილას იქნება. მოუყევით ბავშვებს ცაზე მზის მოძრაობის შესახებ.

 

წყარო http://mastsavlebeli.ge

ნეიროლინგვისტური თამაში ანაგრამებით

 

თუ თქვენ ლექსიკონებში ჩაიხედავთ, ანაგრამის შესახებ ამოიკითხავთ შემდეგს: ანაგრამა (ბერძ. Αναγραμμα) — სიტყვა ან შესიტყვება, რომელიც წარმოიქმნება სხვა სიტყვის ან შესიტყვების ასოების გადაადგილებით; გამოიყენება გამოცანებში, თამაშებში. ასევე არის ლექსების შექმნის ხერხი, რომელშიც ლექსის საწყისი სიტყვის ცალკეული ფონემები მეორდება სხვა სიტყვებში. ანაგრამის მაგალითებია: მხალი – ხმალი, ტახი – ხატი, თავი – თივა და ა.შ.

მიზანშეწონილი იქნება, ეს თემა სოსიურიდან დავიწყოთ. სოსიურმა აღმოაჩინა ლექსის წყობის უნივერსალური, განსაკუთრებული, ანაგრამული პრინციპი, რომელიც გულისხმობს, რომ „ყოველი პოეტური ტექსტის აგება დამოკიდებულია საკვანძო სიტყვის ბგერით შემადგენლობაზე. ტექსტის დანარჩენი სიტყვები შეირჩევა ისე, რომ მათში გარკვეული კანონზომიერებით განმეორდეს საკვანძო სიტყვის ბგერები“.

სოსიურმა ამ გამოკვლევებით გაკვალა გზა პოეტურ ტექსტში ბგერისა და მნიშვნელობის ურთიერთკავშირის ახლებური გაგებისათვის. მისი აზრით, ბგერის გამეორება და ბგერწერა არა მხოლოდ ბგერადობის სიმეტრიის მიღწევის საშუალებაა, არამედ, პირველ რიგში, ასოცირდება ლექსის თემასთან. ნიშნის ორმხრივობის პრობლემა, რომელიც ღრმად არის განხილული „ზოგადი ენათმეცნიერების კურსში“, თავისებურად გრძელდება და აისახება სოსიურის ჩანაწერებში ანაგრამებზე.

ტექსტის ამგვარი წაკითხვა ახალი სემიოტიკური განზომილებაა, რომელშიც ნიშნის ორპლანიანობა იკარგება და ჩვეულებრივი სამეცნიერო ლოგიკით აღარაფერი იხსნება. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ანაგრამების შესახებ კვლევებს სოსიური არ აქვეყნებდა. ეს არის ის, რაც შეიძლება კიდეც დაადასტურო და, ამავე დროს, არ იყოს მუდამ კანონზომიერი. ამიტომ სოსიური წერდა: „არავითარი საშუალება არ არსებობს იმისა, რომ საბოლოოდ გაეცეს პასუხი იმას, აქვს თუ არა ანაგრამას შემთხვევითი ხასიათი. ნებისმიერ სამ სტროფში შეიძლება მოიძებნოს მარცვლები, რომელთაგან ანაგრამების შედგენა იქნებოდა შესაძლებელი“. „ტექსტის ყოველი ელემენტი ფუნქციონირებს, როგორც მოძრავი „გრამა“, რომელიც კი არ გამოხატავს, არამედ ბადებს, აღძრავს აზრებს (ტოდოროვი).

ამ გაგებით, ანაგრამა წარმოადგენს რაღაც შეფარულს (ავტორის მიერ, ან ავტორისგან დამოუკიდებლად, არაცნობიერად), რომლის (გ)ახსნა დამოკიდებულია მკითხველის ინტუიციურ წვდომაზე.

თანამედროვე გაგებით, ანაგრამები, მაგალითად, პოეზიაში, გამოიყენება, როგორც აზრის გამოხატვის განსაკუთრებული ალგორითმები, რომლებსაც ახლავს ენობრივი თამაშის სიმსუბუქე და აზრის გამოხატვის სიღრმე და დახვეწილობა.

ამ მხრივ თანამედროვე ქართულ პოეზიაში ძალიან საინტერესოა პაატა ნაცვლიშვილის ანაგრამები. ღრმა ენობრივი ინტუიცია და გამოთქმის ორიგინალურობა არის საფუძველი ამგვარი პოეზიისა.

„ბანს ნუ მეტყვი, განს ნუ მეტყვი, მითხარ ა!

ჩუმად მითხარ, უხმოდ მითხარ, ხმით არა.

ისიც მარქვი, გიგომ რაო, თხამ რაი,

ქვიშამ რაო, მიწამ რაო, თიხამ რა!

მთავ, გადმიშვი, თუ ნამდვილი მთაი ხარ,

ჩანს, ამინდმა დამინდო და მიხათრა,

და გადამკრა ცისატრყელის მათრახი…

რითმა ხარობს, რითმა ხარობს, რითმა ხა…[1]“.

 

ან ეს:

„არ თქვა ცოდვის, არცა მოდის,

ცხადს არჩიე სიზმარი:

მზე არც ჩადის, არც ამოდის,

ზღვის ნაპირას მარი ზის…“.

ლევან ბრეგაძე პაატა ნაცვლიშვილის ანაგრამების შესახებ წერს:

„დაბოლოს სუპერ-შიუთელრაიმი – თანხმოვანთა ორი წყვილის გადაადგილება ერთი სიტყვის ფარგლებში:

მახინჯაური

კონდუქტორო, მაგ სასტვენში იქნებ ერთიც ა,

რაღა დარჩა! გავიარეთ ბოლოსწინა ა!

ჩვენი აზრით, ამგვარი რითმის ეფექტი, მიმზიდველობა იმითაც უნდა იყოს გამოწვეული, რომ იგი თითქოს ომონიმური, ანუ უზუსტესი რითმისა და არაზუსტი კონსონანსური რითმის ერთ-ერთი სახეობის ნაჯვარია: ომონიმთან მას ის ანათესავებს, რომ სარითმო სიტყვები ზუსტად ერთი და იმავე ბგერებისგან შედგება, ხოლო კონსონანსური რითმისა კი ის გამოჰყოლია, რომ თანხმოვანთა რაოდენობა არ არის დაცული“.

ანაგრამების სხვადასხვა სახე არსებობს: დაშალო ცნობილი სიტყვა სხვა სიტყვებად, ან – შეაერთო დაშლილი ასოები და აღმოაჩინო დამალული სიტყვა.

 სავარჯიშო: მოდი, უბრალოდ, ავიღოთ რომელიმე ორ-სამ ან მეტმარცვლიანი სიტყვა და ასოები ავურიოთ ნებისმიერად, ხოლო შემდეგ შევთავაზოთ მოსწავლეებს, სტუდენტებს, შვილებს, ახლობლებს, რომ, რაც შეიძლება, სწრაფად ააწყონ მნიშვნელობის მქონე სიტყვა. ეს უბრალო სავარჯიშო ახალისებს მონაწილეებს, ავარჯიშებს ტვინს და აიძულებს, პრობლემის გადაჭრის სწრაფი გზა იპოვოს. თამაში სახალისოა და ამ გზით ახალი სიტყვების შესწავლა ძალიან ეფექტური.

მგზავრი – ვრამზიგ

კოსმოსი – მისოკოს

მინდორი – დიმნირო

ხომალდი – მალიდოხ

ყვავილი – ვილაყივ

ხალიჩა – ლიახაჩ

ანგელოზი – გნაზიოლე

აკადემია – აიმაკაედ

რობოტი – იტობორ

 

[1] https://newsaunje.ge/index.php?do=full&id=41

წყარო http://mastsavlebeli.ge

სიუჟეტური ბარათები

 

არახალია, რომ დაწყებით კლასებში თვალსაჩინოებით სწავლებას დიდი ადგილი უკავია. ამ საფეხურზე მასწავლებლებს განსაკუთრებით გვიწევს იმაზე ფიქრი, რა შევთავაზოთ მოსწავლეებს ფერადი და საინტერესო.

ჩემს პირველკლასელებს შევატყვე, რომ ამბის მოფიქრება უჭირდათ. ვცადე ინდივიდუალურად, წყვილებში, ნახატის მიხედვით, სიტყვების მიხედვით, მაგრამ ვგრძნობდი, ეს საკმარისი არ იყო.  დავიწყე ფიქრი, რა აქტივობა შემეთავაზებინა მათთვის და გამახსენდა, რომ რამდენიმე დღის წინ საკანცელარიო მაღაზიაში სიუჟეტური ბარათები შევიძინე. მართალია, სულ სხვა მიზნით, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, აქტივობაში გამომდგომოდა.

სერიული სიუჟეტური ბარათები დაყოფილია ოთხ სურათად, რომლებშიც  თანმიმდევრულად ვითარდება მოქმედება, მათი უკანა მხარე კი დანომრილია (იმ შემთხვევისთვის, თუ ბავშვმა სწორი თანმიმდევრობით დაწყობა ვერ მოახერხა). ამოვარჩიე ყველაზე მარტივი ბარათები, მოსწავლეები დავყავი ჯგუფებად, თითოეულ მოსწავლეს მივეცი ბარათი  და ვთხოვე, კარგად დაკვირვებოდნენ. მოსწავლეებს ჯერ ინდივიდუალურად უნდა მოეფიქრებინათ ამბავი სურათების მიხედვით და ფურცელზე დაეწერათ – ამის მიზანი მეტყველების განვითარების ხელშეწყობა იყო.

შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე, ერთმანეთისთვის ეჩვენებინათ ბარათები და მოქმედების თანმიმდევრობის მიხედვით დაელაგებინათ.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები ინდივიდუალურად მოიფიქრებდნენ ამბავს და დააწყობდნენ ბარათებს, მოფიქრებული ამბავი უნდა გაეერთიანებინათ და საბოლოო ვერსიის პრეზენტაცია მოეხდინათ.

აქტივობის შესრულების დროს მოსწავლეებს აუცილებლად დაეხმარეთ. თავდაპირველად თქვენ მოიფიქრეთ ამბავი იმ ბარათის მიხედვით, რომელსაც მოსწავლეებს არ მისცემთ. მოახდინეთ  აქტივობის მოდელირება. გაკვეთილის მსვლელობისას კი თითოეულ ჯგუფს დაუთმეთ სათანადო დრო, რათა დავალების სირთულეს თავი გაართვან.

საბოლოო ჯამში, ამ აქტივობამ ხელი შეუწყო ლოგიკური აზროვნების, მიზეზშედეგობრივი კავშირების დადგენის, პრეზენტაციის, ზეპირი და წერითი მეტყველების და შემოქმედებითი უნარების განვითარებას.

 

წყარო http://mastsavlebeli.ge