Sunday, April 30, 2023

ახალბედა მასწავლებელი

  როდესაც მასწავლებლობა ჩემს პროფესიად ავირჩიე, მივხვდი, მსოფლიოს თუ ვერ შევცვლიდი, ღირსეულ მომავალ თაობებს აღვზრდიდი, რომლებიც შეცვლიდნენ  მსოფლიოს.

„მასწავლებელო, მე შენ მიყვარხარ, ეს ისეთი გაკვეთილია, რომელზეც სულ ვოცნებობდი“! ეს ის სიტყვებია, რომელიც ახალბედა მასწავლებელს გაკვეთილზე პირველკლასელმა კოსტამ მითხრა და  მიბიძგა, რომ  ნაფიქრი ფურცლებზე გადამეტანა.  სწორედ მაშინ  მივხვდი, რომ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო და იმ საქმეს ვაკეთებ, რომელსაც უნდა ვაკეთებდე!

ხშირად დამისვამს საკუთარი თავისთვის  კითხვა: რატომ ავირჩიე მასწავლებლობა?

ალბათ, იმიტომ, რომ ეს ჩემი სულისა და გულის ნაწილია.

ალბათ, იმიტომ, რომ ჩემთვის მასწავლებლობა მხოლოდ და მხოლოდ პროფესია არაა, არამედ შინაგანი მდგომარეობაა.

ალბათ, იმიტომ, რომ უზომოდ ვარ შეყვარებული ბავშვებზე და ზოგადად ადამიანები მიყვარს.

ალბათ, იმიტომ, რომ მინდოდა თავადაც განვითარება და საკუთარი თავის აღმოჩენა.

ბევრი „ალბათ იმიტომ“ შეიძლება ჩამოვთვალო, რადგან ბოლომდე შეუძლებელია აღვწერო გრძნობა, რომელიც არ მაძლევს უფლებას მიღწეულით დავკმაყოფილდე. ყველამ, ვინც ოდესმე ახალბედა მასწავლებლის ტყავში ყოფილა, იცის, რომ „ბრძოლის“ დასაწყისი არც ისე ადვილია. ბევრი გამოწვევაა, თუმცა სასიამოვნო გამოწვევა, რომელიც პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფს.  ვიხსენებ ჩემს  პირველ დღეს სკოლაში, როდესაც გაოცებული თვალებით მიყურებდნენ ბავშვები და სიახლეებს ელოდნენ ჩემგან. თომას ნიუკირკი თავის  წიგნში „Embarrassment: And the Emotional Underlife of Learning“ („დაბნეულობა და სწავლის ემოციური იატაკქვეშეთი“) განიხილავს, როგორ შეიძლება თუნდაც ერთმა გაცნობიერებულმა ძლიერმა მხარემ თავდაჯერება მიანიჭოს ადამიანს და ცხოვრების მკაცრი გამოცდები ჩააბარებინოს. სწორედ ახალბედა მასწავლებლების ძლიერ მხარეებსა და უპირატესობებს აღწერს თომას ნიუკირკი და საუბრობს უფრო ასაკოვანი, ვეტერანი მასწავლებლების დახმარების აუცილებლობის შესახებ.როგორ შეიძლება გავლენა იქონიოს  შიშმა იმაზე, თუ როგორ ვსწავლობთ, როგორ ვასწავლით და როგორ ვცხოვრობთ? ამ კითხვებზე პასუხებს ყოველი გაკვეთილის შემდეგ ვცემ ჩემს თავს, ჩემი ძლიერი მხარეები ნამდვილად მმატებს თავდაჯერებულობას  და პასუხისმგებლობით, სიყვარულითა და ენთუზიაზმით ვემსახურები ჩემს პროფესიას. ბევრს ვსწავლობ ჩემი კოლეგებისგან, რომლებიც  მიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას.  ჩვენს პროფესიაში მნიშვნელოვანია ერთმანეთისთვის გამოცდილების გაზიარება, ახალბედა მასწავლებლისთვის კი ეს ორმაგად მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

ვცდილობ, განსხვავებული და მიზანზე ორიენტირებული გაკვეთილები შევთავაზო მოსწავლეებს, იცოდნენ, რატომ სწავლობენ და როგორ გამოიყენონ ცოდნა. ბედნიერი ვარ, რომ სკოლაში შესვლისთანავე მესმის სიტყვები „ქართულის მასწავლებელი მოდის“, „მე, დღეს ავტობუსში ქართულის მასწავლებელი ვნახე“, „ქართულხატვა გვექნება მასწავლებელო? ალბათ, გადაინტერესებთ რა არის „ქართულხატვა“?!  მოსწავლეებთან ხშირად ვიყენებ ინტეგრირებას, რადგან „ცვლილება, რომელიც ჩვენს განათლებაში შემოდის, სიმძიმის ცენტრის გადაადგილებას ნიშნავს. ეს ცვლილება, რევოლუცია, კოპერნიკისას ჰგავს, როდესაც ასტრონომიულმა ცენტრმა დედამიწიდან მზეზე გადაინაცვლა. ამ შემთხვევაში, ბავშვი ხდება მზე, რომლის გარშემოც განათლების მექანიზმები ბრუნავს.”  (ჯონ დიუი) მე და ჩემი მოსწავლეებიც ვიზიარებთ დიუის ამ აქსიომატურ სიტყვებს და თითოეული  ჩვენი გაკვეთილები მრავალფეროვანი სამყაროს აღმოჩენის შესაძლებლობაა. სწორედ, ასეთი გაკვეთილების შედეგია ამ სიტყვის დაბადება. ძალიან მომწონს, მასზე უფრო ვრცლად შემდეგში მოგახსენებთ.

დღეს მე ახალბედა მასწავლებელი ვარ, მას შემდეგ რაც სკოლაში შევდგი ფეხი, ჩემი მოსწავლეები მე მზრდიან და მე – მათ. ჩემს მოსწავლეებთან ერთად   ვზრუნავ პროგრესულ განათლებაზე, ვგრძნობ და განვიცდი ჩემს ყოველ წარმატებას და მარცხს. ყოველთვის მაქვს სურვილი გავაკეთო რაიმე მნიშნელოვანი , აღმოვაჩინო ჩემს მოსწავლეებთან ერთად და ჩემი მასწავლებლობაც უფრო ნაყოფიერი , საინტერესო და მრავალფეროვანი გახდეს.   ბედნიერი ვარ,  რომ ვზრდი პროგრესულად მოაზროვნე თაობას,  ვემსახურები ჩემს საქმეს და   ქვეყანას.  იყო მასწავლებელი ნიშნავს, გქონდეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა, პირველ რიგში საკუთარ თავთან. თუ ეს არ გაქვს, კარგი მასწავლებელი ვერასდროს იქნები. უნდა ვითარდებოდე. თუ ერთ დონეზე გაჩერდები, თუ შეწყვეტ შენს განვითარებას და იტყვი, რომ მე ყველაფერი ვისწავლე და დამთავრდა ჩემთვის და მივაღწიე მასწავლებლობას, მაშინ ნამდვილად არ ხარ კარგი მასწავლებელი.  რაც უფრო  მეტად  ვითარდები, მეტად  საინტერესო  ხარ მოსწავლეებისთვის. როცა ბავშვისთვის საინტერესო ხარ, თავისთავად საინტერესოა შენი საგანიც.  მასწავლებლობა ჩემთვის არის პასუხისმებლობა, სიყვარული,  მეგობრობა და ურთიერთგაგება. სრულიად ვეთანხმები სიტყვებს,  „მე ვარ მასწავლებელი, მაშასადამე მე ვარ გარდამტეხი სხივი სწავლა-სწავლების, თვითგანვითარებისა და სხვათა განვითარების გზაზე.” (ხათუნა რაზმაძე)

ყველა ახალბედა მასწავლებელს მინდა შევახსენო მალალა იუსაფრაიზის სიტყვები, რომელსაც გონებაში ხშირად ვიმეორებ: „ ერთ ბავშვს, ერთ მასწავლებელს, ერთ წიგნს და ერთ კალამს შეუძლია შეცვალოს მსოფლიო!“

 

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. https://edu.aris.ge/news/ras-nishnavs-iyo-axalbeda-maswavlebeli-upiratesobebi-da-gamowvevebi.html – რას ნიშნავს იყო ახალბედა მასწავლებელი – უპირატესობები და გამოწვევები
  2. https://www-heinemann com.translate.goog/products/e08877.aspx?_x_tr_sl=en&_x_tr_tl=ka&_x_tr_hl=ka&_x_tr_pto=sc უხერხულობა და სწავლის ემოციური სიცოცხლე

 

წყარო http://mastsavlebeli.ge

კლასის მართვის სახალისო აქტივობები

 

ბევრი მასწავლებლისთვის კლასის მართვა პრობლემური სეგმენტია. მრავალი მათგანი ემოციურად რეაგირებს მოსწავლეთა არასასურველ ქცევაზე.თუმცა არსებობენ ისეთი მასწავლებლებიც, რომელთათვისაც კლასის მართვასთან დაკავშირებული პრობლემები თითქმის არ არსებობს.

სფეროს მკვლევრების მიერ  შემუშავდა კლასის მართვის არაერთი ეფექტური და ძალიან საინტერესო მოდელი. ერთ-ერთი მათგანია – კლასის მართვის ხუთი ოქროს წესი.

  1. წესები: დაადგინეთ კლასში ქცევის წესები და შეასწავლეთ მოსწავლეს, ასევე გააცანით, რა მოლოდინები გაქვთ ქცევასთან დაკავშირებით.
  2. რუტინა: ჩამოაყალიბეთ სტრუქტურა და დაადგინეთ რუტინა, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს იმოქმედოს სხვადასხვა სიტუაციებში.
  3. შექება: განამტკიცეთ პოზიტიური საქციელი შექებით.
  4. ცუდი საქციელი: აუცილებლად უნდა განხორციელდეს რეაგირება მოსწავლის ცუდ საქციელზე.
  5. ჩართულობა: წაახალისეთ და მხარი დაუჭირეთ მოსწავლის მიერ გამოჩენილ ინტერესს და აქტიურ ჩართულობას საგაკვეთილო პროცესში

წესები

  • მასწავლებელმა (ან მასწავლებელმა და მოსწავლეებმა ერთობლივად) უნდა შეადგინოს წესების გარკვეული რაოდენობა, რომლის დანიშნულებაც იქნება განსაზღვროს, რას ნიშნავს დადებითი ქცევა კლასში და დადებითი მოლოდინები.
  •  მას არ უნდა ჰქონდეს ფორმალური ხასიათი, ისინი აუცილებლად უნდა იყოს გააზრებული, ნასწავლი და  პრაქტიკაში განმტკიცებული.
  •  წესები აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს, რა ასაკის მოსწავლეებთან ვურთიერთობთ.
  • წესები აუცილებლად უნდა იყოს თვალსაჩინო ადგილას გამოკრული და ხდებოდეს მათი შეხსენება გაკვეთილის  დასაწყისში.
  • მასწავლებლის, როგორც მენეჯერის, მოვალეობაში შედის წესების  ამუშავება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

რუტინა

მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა ასწავლოს და მიაჩვიოს ყოველდღიურ პროცედურებსა და რუტინას, რაც გულისხმობს – როგორ მოექცეს სასწავლო ნივთებს, როგორ მოიქცეს კლასში სასწავლო პროცესის დროს  (რაც წესების ნაწილია), კლასის გარეთ და სხვადასხვა სასწავლო სიტუაციაში. მაგალითად: ჯგუფური მუშაობის დროს, ინდივიდუალური მუშაობის დროს. აღნიშნული წესები  შედგენილი უნდა იყოს და მოსწავლემ ისწავლოს სასწავლო წლის დასაწყისში, თუმცა მასწავლებელს წლის განმავლობაში წესებში შეუძლია ცვლილებების შეტანა

 

შექება

  • მასწავლებელმა კარგი ჩვევა  აუცილებლად უნდა განამტკიცოს შექებით.
  • გარკვეული შედეგისათვის წახალისების მიზნით შესაძლებელია  დადგინდეს ჯილდო ან პრიზი.
  • ყველაზე მოწესრიგებული მოსწავლე ან ჯგუფისთვის,  ასევე ყველაზე მოწესრიგებული კლასისათვის რაიმე წამახალისებელი აქტივობის გაკეთებაც სასურველია.
  • აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ შექება და წახალისება უნდა იყოს დამსახურებული..

ცუდი ქცევა

  • მასწავლებელმა კარგი ჩვევა  აუცილებლად უნდა განამტკიცოს შექებით.
  • გარკვეული შედეგისათვის წახალისების მიზნით შესაძლებელია  დადგინდეს ჯილდო ან პრიზი.
  • ყველაზე მოწესრიგებული მოსწავლე ან ჯგუფისთვის,  ასევე ყველაზე მოწესრიგებული კლასისათვის რაიმე წამახალისებელი აქტივობის გაკეთებაც სასურველია.
  • აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ შექება და წახალისება უნდა იყოს დამსახურებული..

ჩართულობა

ის  მჭიდროდ არის დაკავშირებული სწავლების ხარისხთან. მასწავლებლები მუდმივად უნდა ცდილობდნენ, რომ მოსწავლე ჩართული და დაინტერესებული იყოს გაკვეთილით და საგაკვეთილო პროცესით. გაკვეთილით დაინტერესებულ და ჩართულ მოსწავლეს  ნაკლები დრო აქვს, დაკავდეს რაიმე „სხვა“  არასასურველი ქცევით.

PIP პირამიდა

სფეროს მკვლევრები ასევე რეკომენდაციას უწევენ   PIP პირამიდას ან უფრო სწორად,   “PIP”– პირამიდის გამოყენებით გაკვეთილის  ჩატარებას, რაც   ნიშნავს პრობლემების პრევენციას, საჭირო ჩარევას (ინტერვენციას)  და საბოლოოდ  მოსწავლეთა პიროვნულ ზრდას. ხშირად  მასწავლებელი ამ სამი ფაქტორიდან მხოლოდ ერთზე ან ორზე ახდენს კონცენტრაციას, ზოგჯერ კი არც ერთ მათგანს არ აქცევს ყურადღებას.

ჩემი პედაგოგიური პრაქტიკიდან გთავაზობთ კლასის მართვის რამდენიმე სახალისო აქტივობას, რომელიც წესების დაცვაზეა დაფუძნებული და კლასის მართვის საუკეთესო ინსტრუმენტებს წარმოადგენს სწავლების პირველ საფეხურზე.

  1. კითხვა-პასუხის ბარათები

თუკი მასწავლებელს ჰყავს კლასები, რომლებშიც მონაწილეების მცირე ნაწილი განუწყვეტლივ საუბრობს, მცირე ნაწილი კი სიმორცხვის გამო საერთოდ არ ერევა საუბარში, სიტუაციის დაბალანსებაში კითხვა-პასუხის ბარათები დაეხმარება.

მიმდინარეობა

თითოეულ მოსწავლეს ეძლევა  მრავალჯერადი გამოყენების წითელი ბარათბი რომელიც – კითხვაზე საპასუხო ბარათია.

ერთი მოსწავლე მეთვალყურეობს ამ პროცესს და სთხოვს მონაწილეებს ჩააბარონ პასუხის ბარათი როდესაც ერთ შეკითხვას უპასუხებენ.

როდესაც მოსწავლე უკვე უპასუხებს და ბარათი ჩამოერთმევა, მას ხმის ამოღების უფლება აღარ აქვს. ეს, გამოიწვევს იმას, რომ პასუხებში  ჩაერთვებიან ბარათების მფლობელი მორცხვი  მონაწილეები

ფერადი კენჭები

უსაფრთხო და პოზიტიური გარემოს უზრუნველსაყოფად მთელი გაკვეთილის განმავლობაში  ქცევის წესების შესახსენებლად აქტიურად ვიყენებ აქტივობას –
,, ფერადი კენჭები“, მოსწავლეები თავად აკონტროლებენ  საკუთარ ქცევას, ,,ჯილდოს ქილაში“ კენჭების ჩაყრით. ვიღებთ 2 იდენტურ ქილას (არა საფრთხის შემცველს) და შემაქვს საკლასო ოთახში სასწავლო წლის დასაწყისში/სემესტრის დასაწყისში. ერთი ჯილდოს ქილა ცარიელია, ხოლო მეორე ქილა შესაბამისად სავსეა ფერადი  კენჭებით (კენჭები მოცულობით ზომიერი სიდიდისაა, შეიძლება ფრჩხილების ლაქით ფერადად მოვხატოთ, დავასვათ ფერადი კოპლები და ა.შ.).

გაკვეთილის დასაწყისშივე მერხზე თითოეულ მოსწავლეს ვუდებთ 3-3 კენჭს, რომელსაც ვიღებთ სავსე ქილიდან. გაკვეთილის განმავლობაში ქცევის დარღვევის შემთხვევაში მასწავლებელი აცლის 1 კენჭს და აგდებს უკან სავსე ქილაში. გაკვეთილის დასრულებისას დარჩენილ კენჭებს მოსწავლეები ყრიან ჯილდოების ქილაში. სათანადო ჯილდოს ნიშნულთან მისვლისას მასწავლებელი ატარებს შესაბამის აქტივობას. ეს შეიძლება იყოს: თავისუფალი 10 წთ, შოკოლადის ფართი, ნაყინის ფართი, გასვლითი ღონისძიება. მასწავლებელი აქტივობების არჩევანში თავისუფალია.

კლასის მართვის საბოლოო, გრძელვადიანი მიზანი მოსწავლეებში თვითდისციპლინის უნარის აღზრდაა, ხოლო მოკლევადიანი – კლასში ჯანსაღი ატმოსფეროს და პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნაა. კლასის მართვის სტრატეგიები კი ამ მიზნების მიღწევაში გვეხმარება.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. რ.მარზანო – კლასის მართვა http://old.tpdc.ge/images/stories/pdf/klasismartva.pdf
  2. კლასის მართვა (სსუ სატრენინგო მოდულის  მასალა)

3. http://www.jes.org.ge/number/10/article/56/

 
წწყარო http://mastsavlebeli.ge/

ემოციური ინტელექტი

 

„ადამიანი იმაზე მეტია ვიდრე ჰგონია“ – ასე ასრულებს ოთარ ჭილაძე გენიალურ პოემას „ადამიანი გაზეთის სვეტში“, ეს კი ადამიანის უსაზღვრო შესაძლებლობებზე ხაზგასმაა…  ჩვენივე ინტერესები აღძრავენ ინტერესს სხვა სუბიექტის მიმართ, თუმცა, ყველასთვის მომხიბვლელად გამოყურება ტერმინი: „‘ინტელექტუალური’ ადამიანი“…

ინტელექტი – ლათინური სიტყვაა და გაგებას, შემეცნებას ნიშნავს. ის პიროვნების თვისებაა, რომელიც აზროვნების უნარის, აზროვნების ფსიქოლოგიურ საფუძველს წარმოადგენს. ინტელექტი– არსებობს ორი სახის ადამიანური და ხელოვნური.

ადამიანური ინტელექტი –  ენის გაგების უნარია. უნარი გადაიტანოს ვერბალური აღწერა მოქმედებაში და იმოქმედოს საკუთარი კულტურის, წესების შესაბამისად.

ხელოვნური ინტელექტი – კომპიუტერული მეცნიერებების სპეციალური სფეროა, რომელიც მიმართულია ადამიანის შემეცნებითი პროცესების მოდელირებისკენ. მან დიდი გავლენა იქონია კოგნიტური ფსიქოლოგიის განვითარებაზე.

ინტელექტზე საუბრისას, ხშირად ჩვენ არ ვფიქრობთ ადამიანის რაიმე კონკრეტულ უნარზე, არამედ, ზოგადად წარმოვიდგენთ განათლებულ, ნაკითხ ადამიანს, რომელიც წარმატებასთან ასოცირდება. ამიტომ, ბევრმა არ იცის ინტელექტის გამორჩეული სახეობა – ემოციური ინტელექტი და მისი ღირებულება .

ყველა სახის ინტელექტი გულისხმობს რაიმე პრობლემატური საკითხის სწორად მართვას: ეს შეიძლება იყოს მათემატიკური, ტექნიკური, ფინანსური ან სხვა. თუმცა, ადამიანი, რომელზეც ვამბობთ, რომ ჭკვიანია, შესაძლოა იგივე ადამიანი იყოს, რომელსაც პირად ცხოვრებაში აქვს პრობლემები, ან უბრალოდ ბედნიერი არ არის, იმის მიუხედავად, რომ კარიერული თვალსაზრისით წარმატებას მიაღწია. ან კი, აქვს უნარები, შესაძლებლობა და ჭკუა, თუმცა ვერ ახერხებს მათ სწორად ნავიგაციას და პროფესიულად ვერ ვითარდება. შესაბამისად, ამგვარი შემთხვევა გამოწვეულია ემოციური ინტელექტის დეფიციტით. ემოციური ინტელექტი არის საკუთარი ემოციების გარჩევის, გაგებისა და კონტროლის უნარი; ეს უნარი ასევე გვეხმარება სხვების ემოციების გაანალიზებაში და მათი მეშვეობით ზეგავლენის მოხდენაში. ყოველი ჩვენგანი განსხვავებული პიროვნებაა, განსხვავებული ხასიათით, სურვილებითა და საჭიროებებით, ემოციების გამოხატვის განსხვავებული ფორმებით. ალბათ, ყველას გვსმენია ისეთი ადამიანების შესახებ, რომლებიც ოსტატები არიან თავიანთი ემოციების მართვაში. ისინი წყობიდან არ გამოდიან და არ ბრაზდებიან სტრესულ სიტუაციებში, ამის ნაცვლად, მათ აქვთ უნარი შეისწავლონ პრობლემა და მშვიდად იპოვონ გამოსავალი. ისინი შესანიშნავნი არიან გადაწყვეტილებების მიღებაში და იციან, როდის შეუძლიათ ენდონ მათ ინტუიციას. თუმცა, მიუხედავად მათი სიძლიერისა, როგორც წესი, მათ შეუძლიათ საკუთარი თავის სწორად დანახვა: ისინი კრიტიკას კარგად იღებენ და იციან, როდის გამოიყენონ ის მათი პიროვნული ან კარიერული წინსვლისთვის. სწორედ ასეთ ხალხზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ემოციურად ინტელექტუალურნი არიან. ასეთი პიროვნებები არამარტო კარგად იცნობენ თავიანთ თავებს, არამედ ხედავენ სხვების ემოციურ საჭიროებებსაც. დღევანდელ რეალობაში, უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ ემოციური ინტელექტი ისეთივე მნიშვნელოვანია პროფესიულ ცხოვრებაში, როგორც სხვა ტექნიკური უნარი. შესაბამისად, ემოციური ინტელექტის ამაღლება დაგვეხმარება არამარტო პირადი ცხოვრების გაუმჯობესებაში, არამედ პროფესიული ცხოვრების სწორად მართვაშიც. საბოლოო ჯამში კი, ამ უნარის მეშვეობით, შეგვიძლია აღმოვაჩინოთ სიმშვიდე და ბედნიერება ყოველდღიურ ცხოვრებაში.

ემოციური ინტელექტი ყველა ადამიანის ინდივიდუალური მახასიათებელია და ოთხ უნარად იყოფა. ესენია: თვითცნობიერება, საკუთარი თავის მართვა, სოციალური

ცნობიერება, ურთიერთობების მართვა.

თვითცნობიერება – უნარი, გააცნობიერო საკუთარი ემოციები და ხვდებოდე რომელ მათგანს განიცდი მოცემულ მომენტში. ხვდებოდე საკუთარ რეაქციებს კონკრეტულ მოვლენებთან, გამოწვევებთან ან ადამიანებთან მიმართებაში. თვითცნობიერების ზრდასთან ერთად ადამიანთა კმაყოფილების შეგრძნება, ანუ უნარი მიაღწიონ საკუთარ მიზნებს, იზრდება. თვითცნობიერება მნიშვნელოვანია, რამდენადაც 83% ადამიანებისა, რომელთან მაღალი თვითცნობიერების უნარი აქვთ საქმის საუკეთესოდ შემსრულებლები არიან.

საკუთარი თავის მართვა – უნარი გამოიყენო შენი ცნობიერება საკუთარი ემოციების სამართავად, იყო მოქნილი და პოზიტიურად მართო საკუთარი ქმედება. შეგეძლოს მომენტალური იმპულსების შეკავება და მათი გვერდით გადადება უფრო დიდი მიზნების მისაღწევად.

სოციალური ცნობიერება – უნარი გააცნობიერო სხვა ადამიანის ემოციები და ამოიცნო, რა განწყობაზე იმყოფებიან ისინი მოცემულ მომენტში. აღნიშნული უნარის მთავარი ელემენტებია მოსმენა და დაკვირვება. მონოლოგის ნაცვლად მოსმენა და დაკვირვება, გვეხმარება, დავინახოთ ჭეშმარიტი მდგომარეობა, რომელშიც ჩვენი გარშემომყოფები არიან.

ურთიერთობების მართვა – უნარი, შეგეძლოს შენი სოციალური ცნობიერების გამოყენება ადამიანებთან ურთიერთობების წარმატებით წარმართვისა და პრობლემების ეფექტიანად გადაჭრისათვის. ურთიერთობების მართვა ასევე მნიშვნელოვანი უნარია კონფლიქტთა გადაწყვეტისა და საკუთარ პოზიციაში სხვების დარწმუნებისათვის.

ნდობა არის ემოცია , რომელიც ამერიკელი მეცნიერის, რობერტ პლუჩიკის მოდელში 8 საბაზისო ემოციიდან ერთ-ერთია [ბრაზი, შიში, ნდობა, სიხარული, მოლოდინი, სევდა, გაკვირვება, ზიზღი]. ემოციების ადაპტაციური თეორიის თანახმად, ნებისმიერი ემოციის ფუნქცია არის უბიძგოს ადამიანს ისეთი  ქმედებისკენ, რომელიც მის გადარჩენას და გარემოში უკეთეს ადაპტაციას ემსახურება. ეს ხდება სრულიად გაუცნობიერებლად. მაგალითად, შიში ააქტიურებს ჩვენს თავდაცვით ქცევებს, ბრაზი გვიბიძგებს ბარიერის გადალახვისკენ, ზიზღი გვარიდებს საზიანო ობიექტს და ა.შ. ნდობასაც, როგორც საბაზისო ემოციას, ასევე აქვს თავისი ადაპტაციური დანიშნულება – ეს არის ადამიანებს შორის ღიაობის უზრუნველყოფა. ნდობის ემოციის გარეშე წარმოუდგენელია მეგობრობა, თანამშრომლობა, საზოგადოებრივი ცხოვრება.

პიროვნული განვითარება მუდმივი პროცესია, თუმცა, ცხადია, არამცთუ იწყება ადრეული ასაკიდან, არამედ, ამ მხრივ, ყველაზე დიდი მნიშვნელობა სწორედ ბავშვის გაზრდის პროცესს და გარემო ფაქტორებს ენიჭება. რასაკვირველია, ოჯახში აღზრდასთან ერთად, განათლებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება და ამიტომაც ჩვენ, როგორც ერთი საზოგადოება, მუდმივად ვეძებთ გზებს, იმისთვის, რომ უკეთესი განათლება მივცეთ ჩვენს მომავალ თაობებს. ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, სასწავლებლებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კარგი მასწავლებლების არსებობას. ალბათ გაგახსენდებათ ის მასწავლებელი, რომელმაც თქვენი, არამარტო სწავლის პროცესში, არამედ პიროვნული ზრდის პროცესშიც ხელი შეგიწყოთ: ასეთი მასწავლებელია სწორედ ის, რომელიც, არამარტო თავისი საგნის მცოდნეა, არამედ ემოციურად ინტელექტუალურია.

მოზარდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტობრივად მათ სამომავლო ემოციურ შესაძლებლობებსა და სწორად აზროვნებას განსაზღვრავს ადრეულ ასაკში ემოციების მართვისა და მათ მიხედვით სწორად რეაგირების სწავლა. სწორედ ამიტომ განვითარებულ ქვეყნებში უკვე დაიწყეს ემოციური ინტელექტის, როგორც სასკოლო საგნის სასწავლებლებში შემოღება.

სამწუხაროდ, ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც მასწავლებლები ვერ ახერხებენ ბავშვის ემოციურ მდგომარეობაში შესვლას და არასწორი მიდგომის გამო, შეიძლება ბავშვმა თავი იგრძნოს დაუცველად, დაჩაგრულად. სოციალური და ემოციური უნარ-ჩვევების გამომუშავება – განსაკუთრებით ზრდასრული ადამიანისთვის – საკმაოდ კომპლექსური პროცესია. საბოლოო ჯამში, მასწავლებლები და მშობლებიც უნდა იყვნენ ემოციურად და სოციალურად კომპეტენტურნი იმისათვის, რომ შეძლონ ბავშვებს ასწავლონ ემპათიის, თანაგრძნობის, მადლიერების, ან სხვა სოციალურ-ემოციური უნარ-ჩვევის გამომუშავება. ასეთ გარემოში გაზრდა მნიშვნელოვანია მათი სამომავლო გეგმების განხორციელებისათვის, კარიერული წინსვლისთვის, გარემოსთან სოციალური ადაპტაციისთვის და საერთო ჯამში, ბედნიერი მომავლისთვის.

მოკლედ რომ ვთქვათ, ემოციური ინტელექტი არის უნარი, შეგეძლოს საკუთარი და სხვისი ემოციების გაცნობიერება და მათი მართვა. ის გავლენას ახდენს ჩვენს ქცევაზე, ჩვენს გადაწყვეტილებებსა და ჩვენს მიღწევებზე. EQ სრულიად განსხვავდება IQ-სგან და მათ საერთო არაფერი აქვთ. ადამიანის IQ მისი ცხოვრების განმავლობაში შესაძლოა მცირედით შეიცვალოს, მაშინ როდესაც EQ-ს განვითარება და გაუმჯობესება შესაძლებელია.  ამგვარად, მაღალი ემოციური ინტელექტის ქონა ყოველი ჩვენგანის ინტერესებში შედის და საბედნიეროდ, მისი განვითარება სავსებით შესაძლებელია სწორი ვარჯიშებითა და ცოტა მოთმინებით.

 

   გამოყენებული ლიტერატურა

  1. ვიკიპედია
  2. Forbes Georgia- website
  3. GROWIN COACHING COMPANY -website

წყარო http://mastsavlebeli.ge

ბავშვთა უფლებების სწავლება ფორმალური და არაფორმალური განათლების ინტეგრაციით

 

მოცემულ სტატიაში აღნიშნულია, თუ რა მნიშვნელობა აქვს დაწყებით საფეხურზე ბავშვთა უფლებების სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში.

დროთა განმავლობაში იცვლება წარმოდგენები საგაკვეთილო პროცესის შესახებ. თანამედროვე გაკვეთილი აღარ მოიცავს ამ ცნების  ტრადიციულ გაგებას. მუდმივად ერთ სივრცეში სწავლების პროცესს. მასწავლებლებს აქვთ თავისუფლება სხვადასხვა გზით მიაღწიონ სასწავლო გეგმით დასახულ მიზნებს და აირჩიონ სწავლების სხვადასხვა ფორმა. განათლების მკვლევრები, ფსიქოლოგები და თეორეტიკოსები უფრო და უფრო ხშირად საუბრობენ არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე.

როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებაში დიდი ადგილი უკავია მედიაწიგნიერებას. საინფორმაციო ტექნოლოგიების წყალობით საგაკვეთილო პროცესი ბევრად უფრო საინტერესო, შედეგზე ორიენტირებული და მოსწავლეებისათვის სახალისო ხდება. რაც შეეხება არაფორმალური განათლების პროცესს, დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლეთა უმრავლესობისთვის იგი თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. მით უფრო, თუ არაფორმალური განათლების ფარგლებში საგაკვეთილო პროცესს დავგეგმავთ განსხვავებულ გარემოში, როდესაც ცოდნის კონსტრუირება საკლასო ოთახის კედლებს სცდება.

ჩემი მრავალწლიანი პრაქტიკაზე დაკვირვების საფუძველზე აღმოვაჩინე, რომ სხვადასხვა ძალისხმევის მიუხედავად, ბავშვთა უფლებების კონვენცია , მაინც რთული დასაძლევია თუ არ მოხდა ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებასთან გამოცდილებებით სწავლა.  ინტეგრირება პრაქტიკასთან და სწავლების ინოვაციურ მეთოდებთან არ იქნა დაკავშირებული.

მე, როგორც პრაქტიკოსი მასწავლებელი, მივხვდი, რომ ეს მშრალი საკითხი, რომელიც სახელმძღვანელოშია მოცემული, საჭიროებდა ინფორმაციულ შევსებას და პრაქტიკული დავალებებით გამდიდრებას. ამიტომ  გადავწყვიტე გამემრავალფეროვნებინა ეს საკითხი. შემეტანა მასში სხვადასხვა საინტერესო აქტივობები და ბავშვთა უფლებების კონვენცია ამგვარად მესწავლებინა.  საგაკვეთილო პროცესის ფარგლებში, აღნიშნული პრობლემის საფუძველზე , დავგეგმე საგაკვეთილო ციკლი ბავშვთა უფლებათა კონვენციაზე, რომლის ფარგლებშიც გავწერე რამდენიმე გაკვეთილი სამი კვირის განმავლობაში, საგანში- ,,მე და საზოგადოება“ მე-3 (ა) და მე-3 (ბ)  კლასში, ორ პარალელურ კლასს შორის, კლასთა ინტეგრირებით დავგეგმე შემდეგი აქტივობები. ესგ-ს სტანდარტის მიხედვით განსაზღვრულ კომპეტენციებში.

რა ადგილი გვიჭირავს მე და ჩემს თანატოლებს თემის ცხოვრებაში? (საზ.მეც.დაწყ.(I).1,13.) რა განასხვავებს და რა აერთიანებს ჩვენი თემის წევრებს? (საზ.მეც.დაწყ.(I).1, 10, 14)

აქტივობათა თანმიმდევრობა:

  1. მოსწავლეებმა ჰკითხეს თანატოლებს, იციან თუ არა მათ რაიმე ბავშვთა უფლებების შესახებ? რა არის უფლება? რა არის მოვალეობა? შეგროვებული მონაცემები დაახარისხეს და გამოიტანეს დასკვნები, რომ მოსწავლეთა უმეტეს ნაწილს არ ჰქონდა ინფორმაცია ბავშვთა უფლებების შესახებ
  2. ინტერვიუ მშობლებთან- დედა, მამა, თქვენს ასაკში სწავლობდით თუ არა ბავშვთა უფლებებს სკოლაში? იცოდით კონვენციის შესახებ?
  3. სახელმძღვანელო წიგნზე მუშაობა- ჯგუფური მუშაობის საფუძველზე გავმართეთ კლასში პრეზენტაცია რა ყოფილა უფლება? რას ნიშნავს სიტყვა-მოვალეობა? რის უფლება აქვთ ბავშვებს? რატომა რის ცალკე გამოყოფილი ბავშვთა უფლებები და არ არის იგი გაერთიანებული ადამიანთა უფლებებთან? როდის მიიღეს კანონი ბავშვთა უფლებების შესახებ და სხვა.
  4. მედიაწიგნიერება- მოვიძიე სასწავლო ვიდეორესურსები, სადაც ანიმაციური პერსონაჟები განასახიერებენ სიტუაციურ ამოცანებს. მოსწავლემ უნდა ამოიცნოს კონვენციის რომელი მუხლია დარღვეული. მოცემულ შემთხვევებს თან ახლდა ქეისები, ფასილიტაციას ვუწევდი მოსწავლეთა მსჯელობებს, კრიტიკულ აზროვნებას, დებატს, დასკვნების გამოტანის დროს ვაძლევდი ბიძგის მიმცემ შეკითხვებს.

მოგეხსენებათ, რომ თანამედროვე სწავლა-სწავლების პროცესში მედიაწიგნიერებას უმნიშვნელოვანესი მისია აქვს,  მოსწავლეებს უვითარდებათ ანალიტიკური და  კრიტიკული აზროვნების უნარი, მსჯელობენ, აყალიბებენ არგუმენტებს, გამოაქვთ დასკვნები, რაც ხელს უწყობს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას.

  1. მეხუთე აქტივობაში მოსწავლეები გამოვიყვანე სკოლის ეზოში და მოვაწყვეთ ასფალტზე ხატვა ფერადი ცარცებით. მოსწავლეებმა კლასში ნანახი, განცდილი და გონებაში აღბეჭდილი ემოციები გადმოიტანეს ნახატებში. შექმნეს აპლიკაციები წარწერებით: ,,ჩვენ ვიცით, რომ…“ ,,მე არ შევზღუდავ შენს უფლებებს, რადგან…“ ,  ,,მე შემიძლია, რომ…“ ,,იქ სრულდება შენი უფლება, სადაც იზღუდება ჩემი, ამიტომ…“  და სხვა. სკოლის ეზო აჭრელდა ფერადი წარწერებითა და ნახატებით, რამაც დასვენებაზე სკოლის საზოგადოების ინტერესი გამოიწვია.
  2. ფლაერების დამზადება- დიფერენცირებული მიდგომის თვალსაზრისით კლასი დავყავი ჰომოგენურ ჯგუფებად, მივეცი არჩევითი დავალებები, მათი ინტერესების გათვალისწინებით შეექმნათ შემდეგი სახის პროდუქტები: ფლაერები, პოსტერები, ნახატები, წერილები, ბავშვთა უფლებების კონვენციის თემაზე. მოსწავლეებმა იმუშავეს ჯგუფურად, გააკეთეს პრეზენტაციები, ისაუბრეს საშრომში წარმოდგენილი პროდუქტის შესახებ. კიდევ ერთხელ გაიხსენეს ბავშვთა უფლებების კონვენცია. გამოთქვეს მოსაზრებები საკუთარი ნაშრომების შესახებ, რა გაუჭირდათ, რა დაეხმარათ დავალების შესრულებაში, რის ცოდნა გამოადგათ, რას გაითვალისწინებენ მომავალში და სხვა. პრეზენტაციის ბოლოს შევთანხმდით, რომ მოსწავლეთა ნაშრომებს გამოვაკრავდით თვალსაჩინო ადგილას.
  3. ამის შემდეგ, მოსწავლეები წავიყვანე ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვთა უფლებათა ცოდნის ცენტრში, სადაც შევაჯამეთ საგაკვეთილო პროცესში მიღებული ცოდნა, ამოვიცანით ანიმაციებიდან ბავშვთა უფლებათა დარღვევის შემთხვევები, დავასახელეთ რომელი უფლება შეეზღუდათ ანიმაციის გმირებს. წარმოვადგინეთ ჩვენ მიერ შექმნილი რესურსი, პაზლი-სახლი, რომლის  აწყობის შემთხვევაში საბოლოოდ მიიღებოდა  პუნქტები ბავშვთა უფლებათა კონვენციიდან.  რესურსის აწყობის შემდეგ გავათვალსაჩინოვეთ და კიდევ ერთხელ წავიკითხეთ ხმამაღლა. აქტივობის ბოლოს მოსწავლეების მიერ ჩატარებულ ვორქშოპს გამოეხმაურა უნივერსიტეტის დაწყებითების კათედრის დეკანი მამულო ბუჭუხიშვილი.

 

დაგეგმილმა სახალისო  აქტივობებმა დადებითად იმოქმედა, როგორც სწავლა-სწავლების ხარისხზე, ასევე  მოსწავლეთა მოტივაციაზე. სწავლის ხარისხის გაუმჯობესებამ კი კიდევ ერთხელ ცხადყო არაფორმალური და ფორმალური განათლების ინტეგრირების სიკეთეებზე და დაგვარწმუნა უზნაძის თეორიის უნიკალურობაში, რომ მთავარია განწყობა უკეთესი შედეგებისთვის. ეფექტურმა და მოსწავლის ასაკზე მორგებულმა დავალებებმა კი ჩართულობის მაღალი ხარისხი გამოიწვია, ხოლო შესწავლილი მასალა მკვიდრ წარმოდგენებში დაილექა.

მოსწავლეებმა სიამოვნებით გამოთქვეს შთაბეჭდილებები, გაიხსენეს პროექტის ფარგლებში განხორციელებული ყველაზე საინტერესო აქტივობები. დასამახსოვრებელი ფაქტები, ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო მაგალითები. შეხვედრის ბოლოს აზრი გამოთქვეს მშობლებმაც და აღნიშნეს,  რომ შვილებთან ერთად უამრავი ინფორმაცია მათთვისაც  ახალი იყო.  სიამოვნებით იყვნენ ჩართულნი აქტივობებში და სასიამოვნოდ გაახსენდებათ შვილებთან ერთად შესრულებული დავალებები.

პროექტის ფარგლებში მიღებულ გამოცდილებას გავაზიარებ კოლეგებთან და სხვადასხვა სკოლის დაინტერესებულ მასწავლებლებთან. ხოლო რესურსი ხელმისაწვდომი იქნება კათედრის ყველა წევრისთვის.

 

წყარო http://mastsavlebeli.ge

,,ხელოვნური ინტელექტი, google, სახელმძღვანელო და მე”

 

“ვასწავლო ნიშნავს იმას, თუ როგორ ვისწავლო” 

ან  (,,როგორ ვასწავლო ნიშნავს , როგორ ვისწავლო”)

“ემოციური მდგომარეობა მუდმივად იცვლება უკიდურესი ნეგატიურიდან უკიდურეს პოზიტიურამდე დიაპაზონში.ემოციებს შეუძლიათ იმდენად დაგვეუფლონ,  რომ დაარღვიონ სიტუაციის აღქმადობა, ხოლო ლოგიკური , პრაგმატული აზროვნება შეუძლებელი გახადონ.” (დ.კარნეგი)

დადებითი ემოციური  მდგომარეობა აუცილებელია  სიტუაციის სრულფასოვანი აღქმისა და პრაგმატული აზროვნებისათვის. სწორედ ამიტომ საჭიროა, როგორც წინა თაობებმა აითვისეს სახელმძღვანელო როგორც ძირითადი რესურსი,შემდგომმა თაობებმა კი ციფრული რესურსები googles სახით, დღეს ასევე მნიშვნელოვანია შევისწავლოთ,  როგორც კიდევ ერთ-ერთი რესუსი (არა სახელმძღვანელოსა და googles კონკურენტი) ხელოვნური ინტელექტი_Chat GPT 4.

რადგან ჩვენ  ხშირად ვსაუბრობთ მომავლის განათლებაზე, როგორი უნდა იყოს სწავლა-სწავლების, განვითარების პროცესი, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება დღევანდელი  რეალობის ჯანსაღ ემოციურ აღქმადობას. ემოციებს არ უნდა მივცეთ საშუალება,შეგვიქმნას ისეთი განწყობები,რომელიც სიახლეების მიღებისა და გამოყენების შიშთან ასოციერდბა. ეს ასევე აუცილებელია რათა ფეხი ავუწყოთ დღევანდელობის სწრაფ ტემპებსა და მოთხოვნებს.

    დღეს ჩვენი მოსწავლეები ჩვენთან ერთად არიან ჩართულები სწავლა-სწავლების  მიმდინარე პროცესებში.  მათთვის მნიშვნელოვანია  ცოდნა ,,დღეს და არა ხვალ”.   მოსწავლეებს უნდა მივცეთ დამოუკიდებლად  მეტი კვლევის, შედარებისა და აღმოჩენების გაკეთების საშუალება,რათა მათ თავად შეძლონ საზოგადოებაში დამკვიდრებული, გადამდები სტერეოტოპული შეხედულებებისგან თავის დაცვა. ამისათვის კი ჩვენ მასწავლებლები უნდა ვგრძნობდეთ თავს კომფორტულად, ვიცნობდეთ, ვფლობდეთ და არ გავურბოდეთ ციფრულ ტექნოლოგიებს. 

სწორედ ამ მიზნით შევთავაზე X კლასის მოსწავლეებს კვლევა გეოგრაფიის საგანის მიმართულებით:

,,ხელოვნური ინტელექტი, google, სახლემძღვანელო და მე”

* ( რა არის ხელოვნური ინტექლეტი Chat GPT 4,  როგორი შესაძლებლობები აქვს მას და როგორ  გავიაროთ რეგისტრაცია. იხ.რესურსი 3,4,5 თანდართული სტატიის სახით ).

ჩატარებული კვლევის მიზანი იყო: ,,რა ბენეფიტებს მთავაზობს ამ თუ იმ საკითხის დამუშავების დროს ხელოვნური ინტელექტი Chat GPT 4 , Google და სახელმძღვანელო”.

კვლევის ჩასატარებლად მოსწავლეებმა დაამუშავეს შემდეგი საკითი: ,,მეხუთეული დარგები” და  ქვესაკითი ,,რატომ ხდება ინდუსტრიული რევოლუციები? ინდუსტრიული რევოლუციების დროის ხაზი”.

საკითხის დამუშავების პროცესში, მოსწავლეებს შევთავაზე შემდეგი რესურსები: გეოგრაფიის სახელმძღვანელო (X კლასი მ. ბლიაძე, მ.სეხნიაშვილი), Google და  ხელოვნური ინტელექტი Chat GPT 4. 

კვლევის პროცესში , მოცემული რესურსების შედარება უნდა მომხდარიყო შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით : მოქნილობა,სიმარტივე, დროის მენეჯმენტი, სანდოობა, ვალიდობა, ობიექტურობა (შესაძლებელია კრიტერიუმების ცვლილება საკუთარი შეხედულებისამებრ). 

ჩატარებული კვლევა თავად მოსწავლეებს ანუ  ,,მეს”  მისცემს შესაძლებლობას ჩამოიყალიბოს საკუთარი პოზიცია მოცემული სამივე რესურსურის მიმართ, აღნიშნულ საკითხზე შეძლოს არგუმენტირებული მსჯელობა, დასკვნების გამოტანა , რათა შეიქმნას რელისტური მკვიდრი წარმოდგენები. 

  1. კვლევის დაწყების წინ კლასი დაიყო ოთხ ჯგუფად შემდეგი რესურსის მიხედვით:

იხ.რესურსი  ,,ინდუსტრიული რევოლუციის  დროის ხაზი”

  1. კვლევის მსვლელობა
,,ხელოვნური ინტელექტი ,google ,  სახელმძღვანელო და მე”
საკითი:მეხუთეული დარგები 
კლასის ორგანოზების ფორმა: ჯგუფური
I. ,,ინდუსტრიული რევოლუციები დროის ხაზზე_მექანიზაცია ” (1784წელი)

რატომ ,როდის და როგორ მოხდა ეკონომიკურ-ტექნიკური ინდუსტრიალიზაცია კერძოდ  მექანიზაციის ეტაპი, რა შედეგები მოყვა ამ ეტაპს.

II. ,,ინდუსტრიული რევოლუციები დროის ხაზზე_ელექტრიფიკაცია” (1870წელი)

რატომ ,როდის და როგორ მოხდა ეკონომიკურ-ტექნიკური ინდუსტრიალიზაცია კერძოდ ელექტრიფიკაციის ეტაპი,რა შედეგები მოყვა ამ ეტაპს.

III.,,ინდუსტრიული რევოლუციები დროის ხაზზე_ავტომატიზაცია” (1969წელი)

რატომ ,როდის და როგორ მოხდა ეკონომიკურ-ტექნიკური ინდუსტრიალიზაცია კერძოდ ავტომატიზაციის ეტაპი,რა შედეგები მოყვა ამ ეტაპს.

IV. ,,ინდუსტრიული რევოლუციები დროის ხაზზე_ხელოვნური ინტელქეტი” (  ChatGPT)

(Cv ის შექმნა ChatGPT)რას წარმოადგენს, როდის შეიქმნა,მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, რა ბენეფიტებს მოტანა შეუძლია  კაცობრიობისთვის და ა. შ 

(რეკომენტაცია: სასურველი შეკითხვების დამატებაც შეგიძლიათ)

ჯგუფები გადიან მუშაობის შემდეგ ეტაებს:
  1. ChatGPT  _ინტერვიუს ეტაპი _ ხელოვნურ ინტელექტთა (ChatGPT)
  2. სახელმძღვანელო _ გაცნობის ეტაპი _საკითის სახელმძღვანელოდან  მეხუთეული დარგები ,,რატომ ხდება ინდუსტრიული რევოლუციები ?” მ. ბლიაძე, მ. სეხნიაშვილი
  3. google – მოძიების ეტაპი – google -ის პლატფორმაში სტატიების (მედიაწიგნიერების კომპონენტი)
  4. ,,მე ”  შეჯამების ეტაპი- ,,რას ვფიქრობ მე”  შედარება/არგუმენტორებული მსჯელობა /დასკვნების გამოტანა

მოსწავლეები ხელოვნური ინტელექტის,google,სახელმღვანელოს შედარებას ახდენენ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • მოქნილობა
  • სიმარტივე
  • დროის მენეჯმენტი
  • სანდოობა
  • ვალიდობა
  • ობიექტურობა

 (შეგიძლიათ კრიტერიუმები თავადაც დაამატოთ)

მოსწავლეებს შევთავაზებული  ჰქონდათ თავად აერჩიათ კვლევის წარდგენის ფორმა: 
  • ინფოგრაფიკა
  • ვიდეო რგოლი 
  • სტატია/swot ანალიზი 

აღნიშნული კვლევის დახმარებით მოსწავლეები თავად შეიქმნიან  მკვიდრ წარმოდგენებს  და გააკეთებენ  მიგნებებს მოცემული  რესურსების დადებით და უარყოფით მხარეებზე. განათლებისა და ტექნოლოგიების განვითარების პროცესში ისინი თავად აღმოაჩინენ  და გაატარებენ პარალელს მოვლენათა თანმიმდევრულობაში. 

სასურველია მსგავსი კვლევებით  მივცეთ მოსწავლეებს საშუალება თავად გააკეთონ დასკვნები შემდგომ საკითხებზე:

 -ხელოვნური ინტექლეტის, როლი სწავლების პროცესში;

-ხელოვნური ინტელექტი, კონკურენტი ,რომელიც პროფესიის გარეშე დაგვტოვებს;

-ხელოვნური ინტელექტი, რესურსი, რომლის კარგად შესწავლა საშუალებას მოგვცემს, სხვადასხვა პლატფორმებთან ერთად ეფექტურად გამოვიყენოთ , დაჩქარებული ცხოვრების ტემპებისა და მაღალი კონკურენციის პირობებში.

 

რესურსები:

1.https://www.verywellmind.com/what-is-emotional-intelligence-2795423 ,,რა არის ემოციური ინტელექტი” -კენდრა ჩერი  (07.11.22)

2.https://openai.com/blog/chatgpt ხელოვნური ინტელექტი _Chart GPT4

3.https://idfi.ge/ge/artificial_intelligence_meaning_international_standards_ethical%20norms_recommendations_and_conclusions

4.ხელოვნური ინტელექტი: არსი, საერთაშორისო სტანდარტები, ეთიკური ნორმები და რეკომენდაციები

5.https://openai.com/research/gpt-4  შესაძლებლობები Chart GPT4(გამოცდების შედეგები)

6.ვიდეო რგოლი როგორ დავრეგისტრირდე უფასოდ Chart GPT4 https://www.youtube.com/watch?v=fCBNfCb5HLE

7.გეოგრაფია”  მე-10 კლასი მ. ბლიაძე მ. სეხნიაშვილი

 

წყარო http://mastsavlebeli.ge

Monday, March 6, 2023

სიურრეალისტური თამაშები

 

სიურრეალისტების ხელოვნებას ჩემი მოსწავლეები ყოველთვის დიდი ინტერესით ათვალიერებენ და უამრავ შეკითხვას მისვამენ – რატომ დნება საათები სალვადორ დალის ნახატში? მაგრიტის შავქუდიანი მამაკაცები ღრუბლებში რად სეირნობენ? და ა.შ. მათი თვალით ეს ნამუშევრები ერთგვარი გამოცანებია, რომელთა ამოხსნას ჩვენ თამაშებით ვიწყებთ.

სიურრეალისტების მიერ მოგონილი თამაშები, ხატვის სხვადასხვა ტექნიკა, სახალისო და მოულოდნელობებით სავსე აქტივობები, ხელოვნების გაკვეთილებზე ამ მიმდინარეობის განხილვისას, თემის შესავალში, ან ჯგუფური სამუშაოს დაწყების წინ, გნებავთ სასწავლო წლის დასაწყისში, ან უბრალოდ ბავშვების განტვირთვისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ.

სიურრეალისტურ ნახატებში თუ ობიექტებში, საგნები, ადამიანები, ბუნება უჩვეულო კონტექსტში გვევლინებიან, სადაც რეალური და წარმოსახული სამყარო ლოგიკის გარეშეა გაერთიანებული. ასეთი სიმბოლური სურათები შეიძლება სიზმარში ვნახოთ, როცა გონება ცნობიერის კონტროლისგან თავისუფალია. სიურრეალისტები სწორედ ქვეცნობიერს ათავისუფლებენ და „ზერეალობას“ ქმნიან.

სიურრეალისტები თავს სიმბოლიზმის მემკვიდრეებად მიიჩნევდნენ. მათ წრეში გაერთიანებული იყო სხვადასხვა ეროვნების ხელოვანი მრავალფეროვანი მხატვრული მიდგომებით. ლიტერატურასა და მხატვრობაში ამ მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი ავტომატიზმი, ენის ექსპერიმენტული გამოყენება, ნაპოვნი საგნები, გარკვეულწილად მის წინამორბედ დადაიზმშიც იყო წარმოდგენილი. თუმცა, სიურრეალისტებმა ეს სტრატეგიები ზიგმუნდ ფროიდის სიზმრებისა და ქვეცნობიერი გონების თეორიების ჩარჩოში მოაქციეს. მათ სჯეროდათ, რომ შემოქმედება რომელიც ადამიანის ქვეცნობიერიდან მოდის უფრო ძლიერი და ნამდვილია, ვიდრე ცნობიერი ფიქრის ნებისმიერი პროდუქტი. ღრმად აინტერესებდათ სიზმრების ინტერპრეტაციაც, როგორც გამოუთქმელი გრძნობებისა და სურვილების გამოვლენა.

სიურრეალისტებმა სახვითი ტექნიკის, ხერხებისა და ჯგუფური თამაშების სერია სიზმრების სამყაროს გამოსაღვიძებლად გამოიგონეს. ამ „სალონური თამაშების“ მიზანი გაოცების, აბსურდულობის, იუმორისა და მოულოდნელი გადაკვეთების წარმოქმნა იყო. (სურ. 1)

სტატიაში განხილული რამდენიმე თამაში და ტექნიკა – „დახვეწილი გვამი“ (Cadavre Exquis), ავტომატური ხატვა, ფროტაჟი და „კოლაჟი დახეული ქაღალდით”, ვფიქრობ, მოსწავლეებს სიურრეალიზმის უკეთ გაგებაში დაეხმარება და თამაშის გზით საკუთარ თავს, ნაცნობ საგნებსა თუ მოვლენებს ახლებურად დაანახებს.

ყველაზე სახელგანთქმული სიურრეალისტური თამაში Cadavre Exquis (ფრანგულად), (ინგლისურად Exquisite Corpse), ქართულად ასე ჟღერს – „დახვეწილი გვამი“. თამაშის შინაარსი უფრო გასაგები რომ ყოფილიყო, გაკვეთილზე მოსწავლეებს წარვუდგინე, როგორც „უცნაური, გამოგონილი არსება“. ბავშვობაში ასეთი თამაშის ვარიაცია სიტყვებით თუ ნახატებით, ალბათ ბევრ ჩვენგანს უთამაშია. მე პირადად მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა რომ ეს გასართობი სიურრეალისტების მოგონილი იყო, ისევე როგორც ფროტაჟის ტექნიკა – როცა ხურდა ფულს ფურცლის ქვეშ ამოვდებდით და გრაფიტის ფანქრით მის ანაბეჭდს ვაკეთებდით.

„დახვეწილი გვამი“ 1925 წელს პარიზში სიურრეალისტებმა ივ ტანგმა, ჟაკ პრევემ, ანდრე ბრეტონმა და მარსელ დიუშანმა გამოიგონეს და ძალიან ჰგავს ძველ სალონურ თამაშს, რომელშიც მონაწილენი ერთ წინადადებას ისე ადგენენ, რომ არ იციან რა დაწერა წინა მოთამაშემ. სახელი „cadavre exquis“ კი მოდის ფრაზიდან, რომელიც ამ პირველი თამაშის შედეგად დაიბადა – „დახვეწილი გვამი ახალ ღვინოს დალევს“ („le cadavre exquis boira le vin nouveau“).

„დახვეწილ გვამს“ სიურრეალისტები ნახატებითა და კოლაჟებითაც თამაშობდნენ და სიტყვების ნაცვლად უცნაური, გამოგონილი, ჰიბრიდული არსებების სხეულის ნაწილებს ინტუიციურად ხატავდნენ.

ამ თამაშს სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეების გასახალისებლად ხშირად ვიყენებ. სიურრეალიზმის ისტორიის გაცნობისას კი ბავშვების ყურადღების კონცენტრირებასა და ახალი თემით უფრო ცოცხლად დაინტერესებაში მეხმარება. ძალიან კარგია, სანამ გონებისა და ხელის სავარჯიშო პორტრეტის ხატვას, ან ილუსტრაციასა და ფანტასტიკური ქმნილებების დიზაინზე მუშაობას შევუდგებოდეთ. მთავარი ხიბლი ალბათ თამაშის იუმორი და მოულოდნელობის ეფექტია, თან თანატოლთა თანამშრომლობას ეყრდნობა და იდუმალების გრძნობას შეიცავს. თამაშის წესები კი თავისუფლად შეიძლება მოვარგოთ ნახატების, კოლაჟების და ლექსების შექმნის პროცესსაც. შეგვიძლია ოჯახთან ან მეგობრებთან ერთადაც ვითამაშოთ.

„გამოგონილი არსებები“ სიურრეალისტურ სტილში ჩვენ ასევ ვითამაშეთ: (სურ. 2)

კლასი 3- ან 4-წევრიან ჯგუფებად იყოფა, თითოეულს ფურცელი და ფანქარი დასჭირდება. ფურცელი ჰორიზონტალურად სამად იკეცება – უცნაური არსების თავის, ტორსის და ფეხების დასახატად. მოთამაშეები დაფარულად ხატავენ ამ სხეულის ნაწილებს და ფურცელს გადაკეცილს გადააწოდებენ ერთმანეთს, მხოლოდ მინიშნებას უტოვებენ, სად მთავრდება კისერი ან ტორსი. დაფარულ ნახატებში არ ვიხედებით, ეს თამაშის მოულოდნელობის ეფექტს არღვევს. როდესაც ბოლო მოთამაშე დაასრულებს ხატვას, ფურცელი მაშინ იხსნება სრული ნახატების გამოსავლენად.

მოსწავლეები ხატავენ სპონტანურად, რაც იმ წამს მოუვათ თავში. ფურცლის პირველ გადაკეცილ არეში შეუძლიათ ყველაზე უცნაური თავი დახატონ, რაც კი წარმოუდგენიათ – ადამიანის ან ფანტასტიკური არსების, პროპორციული ან დისპროპორციული, სიმეტრიული ან ასიმეტრიული, სახის ნაკვთები შეუძლიათ ზედმეტი მიუხატონ, ან სულაც მოაკლონ. თმა, ბეწვი, ქუდი, რქები, სათვალე, სამკაული, ნისკარტი და სხვა დეტალები არ დაავიწყდეთ. მეორე მოთამაშე კისრის ხაზების მიხედვით აგრძელებს და ხატავს ტორსს – ტანსაცმლით, ხელებით, ან თუნდაც ფრთებით და ა.შ. მესამე ხატავს არსების ფეხებს, ან გადაადგილების ნებისმიერ საშუალებას, ფარფლებს, საცეცებს, ბორბლებს და ა.შ. ბოლოს ფურცლებს ერთდროულად ვხსნით და თუ საჭირო გახდა, უცნაური ქმნილების სხეულის ნაწილებს ხაზებით ვაერთებთ. მერწმუნეთ, ასეთ ნახატებს სიცილის გარეშე ვერ დაათვალიერებთ.

ნახატების გახსნის მერე, როცა სიცილით გული ვიჯერეთ, ერთად განვიხილეთ, როგორი იყო ხატვა, როცა წინასწარ არ იცი, რა გამოსახულებას აგრძელებ, როგორი განცდაა, როცა ფიქრის გარეშე წამიერად აზრად მოსულ იდეას ხატავ. სპონტანური ნახატებით თამაში ბავშვებს ძალიან მოეწონათ. მთხოვეს, ხშირად გავიმეოროთ გაკვეთილებზე. ფიგურების გაფერადებაც სახალისოა, ამ დროს უფრო ახლოს და სხვა თვალით აკვირდებიან ამ უცნაურ არსებებს, სახელებიც შეიძლება დაარქვან და საინტერესო გარემოც დაუხატონ ირგვლივ. (სურ. 3)

ევროპასა და ამერიკაში Cadavre Exquis/Exquisite Corps-ს ხელოვნების გაკვეთილებზე კოლეჯში, ზოგადსაგანმანათლებლო დაწყებით კლასებსა თუ საზაფხულო ბანაკებში თამაშობენ. ინტერნეტსივრცეში ამ აქტივობის უთვალავი რესურსი და მაგალითი შეგვიძლია ვიპოვოთ.

სიურრეალისტურ ტექნიკებში ავტომატიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა – სპონტანური ან ავტომატური წერა, ხატვა; გამოსახულებებისა და სიტყვების თავისუფალი ასოციაციები.

ავტომატური ხატვა განისაზღვრება, როგორც „ქვეცნობიერის გამოხატვა, ან „ქვეცნობიერის სავარჯიშო“. იგი მონაწილეებისგან გონების კონტროლის გარეშე ხატვას მოითხოვს. ერთი შეხედვით შედეგი შეიძლება ნაჯღაბნების სერიას ჰგავდეს, მაგრამ ეს ნახატები ავტორის ქვეცნობიერის ნაკადის დაფიქსირებაა. (სურ. 4)

ავტომატური ხატვა სიურრეალისტური მიმდინარეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილია თანამედროვე ხელოვნებაში. ხელოვნების შექმნის ამ უნიკალურ მეთოდს 1920-იანი წლების ბევრი ხელოვანი იყენებდა – ანდრე მასონი, ოსტინ ოსმან სპარი, ხუან მირო, სალვადორ დალი, ჟან არპი, ანდრე ბრეტონი. შემოქმედების ბოლო პერიოდში პაბლო პიკასოც სიურრეალისტური ავტომატიზმით იყო გატაცებული. მას შემდეგ, რაც ავტომატური ხატვით პირველი ნამუშევრები შეიქმნა, ეს ახალი ტექნიკა სწრაფად გადავიდა ფერწერასა და სხვა მედიაში.

ავომატური ხატვისთვის სხვადასხვა სახატავი საშუალება – ფანქრები, პასტელები ან მარკერები და თითო მოსწავლისთვის 2-3 ფურცელი დაგვჭირდება. ეს აქტივობა მუსიკის თანხლებითაც შეგვიძლია ჩავატაროთ. კარგი იქნება, თუ წინასწარ სხვადასხვა მელოდიას (წყნარი, აჩქარებული, და დრამატული) შევარჩევთ, 1-2 წუთი მოვუსმენთ და უმალ უწყვეტი კონტურით დავიწყებთ ხატვას. ფურცლებზე ხაზების აჩქარებულ თუ შენელებულ მოძრაობებში მოულოდნელი გამოსახულებები დაიხატება. შემდეგ კი ამ ნახატებმა ახალი ვიზუალური სახეები ან თამაშები შეიძლება შთაგვაგონოს. (სურ. 5, 6)

ფროტაჟი ფურცლის ზედაპირზე ტექსტურის შექმნის ტექნიკაა ისეთი მასალებით, როგორიცაა ნებისმიერი ფაქტურიანი ზედაპირი და ცვილის პასტელი, გრაფიტის ფანქარი ან ნახშირი. ფაქტურის შესაქმნელად შეიძლება კედლის ხაოიანი ზედაპირი, იატაკი, მაგიდა, წიგნის ყდა, ქსოვილი და ნებისმიერი რელიეფური ზედაპირის მქონე საგანი გამოვიყენოთ. ამ ტექნიკის აღმომჩენი მაქს ერნსტისთვის ფროტაჟი მის ქვეცნობიერში შეღწევის საშუალება იყო. ის ნამუშევრებში სიმებს, ბადეს, პურის ქერქსაც კი იყენებდა. (სურ 7)

თხელი ქაღალდი განათავსეთ სხვადასხვა ტექსტურიან საგანზე, წაუსვით ფანქარი, პასტელი ან ნახშირი და ნახავთ, როგორ ამოისახება ზედაპირზე ფურცლის ქვეშ არსებული ფორმები და გამოსახულებები. შემდეგ დავაკვირდეთ ამ ნახატებს, რას გვაგონებს ეს ფაქტურები? ადამიანებთან, სიმბოლოებთან, ობიექტებთან თუ ბუნებრივ მოვლენებთან ხომ არ გვიჩნდება ასოციაციები? წარმოსახვას გზა მივცეთ, ახალი ნიშნები და ფერები შეიძლება დავამატოთ და ფროტაჟში დამალულ მოულოდნელ სახეებს ამოვიკითხავთ. (სურ. 8)

ფროტაჟი მოსწავლეებს შემოქმედებითი ფიქრისკენ უბიძგებს, სადაც „არაფერი“ შეიძლება „რაღაც“ გახდეს. ერთ ნახატში სხვადასხვა ზედაპირისგან მიღებული ფროტაჟების დაკავშირებით კომპლექსური ეფექტების შექმნაა შესაძლებელი. დამატებით შეიძლება გავაფერადოთ, გამოვჭრათ ან სხვა მასალებს დავუკავშიროთ კოლაჟში.

„კოლაჟი დახეული ქაღალდით“ (ფრ. Papier Déchiré) პირველად ჟან არპმა გამოიყენა. (სურ. 9)

ნაკუწებად დახეული ან სხვადასხვა ფორმად დაჭრილი ფერადი ან მეორადი ქაღალდები თეთრ ფურცელზე უნდა მიმოვაბნიოთ. შემთხვევით დაცვენილი ქაღალდები უკვე გარკვეულ კონფიგურაციებს შეიცავს, რომლებიც ასეთივე წყობით ფურცელზე დავაწებოთ. (სურ. 10)

მოსწავლეები ყურადღებით დააკვირდებიან შემთხვევით მიღებულ კოლაჟს, რომელიც აბსტრაქტულ კომპოზიციად შეუძლიათ დატოვონ, ან განავრცონ – ფანქრებით, საღებავებით, პასტელებით, მარკერებით ამ დეტალების შემაერთებელი ან ზედ მიხატული ხაზების, წერტილების თუ სხვა ფორმების დამატებით და დამუშავებით.

მოსწავლეებთან ერთად ხელოვნების გაკვეთილებზე კიდევ არაერთი სიურრეალისტური თამაში და ვიზუალური ტექნიკა – გრატაჟი, ფროსაჟი, დეკალკომანია, ფოტოკოლაჟი, ფოტომონტაჟი – შეგვიძლია გამოვიყენოთ. ბავშვებს ყოველთვის ხიბლავთ მოულოდნელობის ელემენტი და იუმორი საკლასო ოთახში. თამაშით სწავლება კი ყველა ასაკის მოსწავლისთვის საინტერესო და სასარგებლოა, როგორც საგნით დაინტერესების, ისე განტვირთვისთვის და რაც მთავარია, ხელოვნებაში თავისუფლების შეგრძნებისთვის.

 

წყარო:

A book of surrealist games, Compiled by Alastair Brotchie, Edited by Mel Gooding, 1995

https://www.nationalgalleries.org/art-and-artists/31332/cadavre-exquis-exquisite-corpse

https://www.centrepompidou.fr/es/ressources/oeuvre/ckXapBx

https://www.widewalls.ch/magazine/automatic-drawing

Unreal, Mysterious, Strange, Explore the dreamlike art of the Surrealists with these art activities for kids and families. Elizabeth Margulies, Lisa Mazzola Nov 12, 2020

ემპათია – ბავშვები და მშობლები

 

„ემპათიას და თანაგრძნობას ანადგურებს საკუთარი თავით ტკბობა. როდესაც ადამიანი საკუთარ თავზეა კონცენტრირებული, მთელი სამყარო მისი პრობლემებისა და საზრუნავის მასშტაბებამდე ვიწროვდება… მაგრამ როდესაც ყურადღებას ვაქცევთ სხვებს, სამყარო ფართოვდება“, – ვკითხულობთ მიშელ ბორბას (Michele Borba) ბესტსელერში „ემპათიური ბავშვები“.

მიშელ ბორბა მრავალი ბესტსელერის ავტორია, რომელთა უმეტესობა რამდენიმე ენაზეა თარგმნილი. ის ყოფილი პედაგოგია, ბავშვთა აღზრდის საკითხების ექსპერტი, ახალგაზრდებში ბულინგისა და ძალადობის პრევენციის სპეციალისტი, აქვს სპეციალური განათლება შშმ ბავშვებთან მუშაობის სფეროში და დოქტორის ხარისხი პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში. არის არაერთი ჯილდოს მფლობელი. ცხოვრობს კალიფორნიაში მეუღლესთან ერთად. ჰყავს სამი ზრდასრული ვაჟიშვილი.

 

მიშელ ბორბა წერს, რომ სხვისი გრძნობების ამოცნობის უნარი ბავშვს ემოციურ წიგნიერებას უვითარებს და სწორედ ეს არის პირველი ნაბიჯი ემპათიისა და თანაგანცდის სწავლების გზაზე. ამერიკელი ფსიქოლოგი მშობლებს სთხოვს, არ იჩქარონ და გულდასმით განავითარონ ყოველი ნაბიჯი, სანამ მომდევნო საფეხურზე გადავიდოდნენ.

 

პირველი ეტაპი: გაჩერდით და ყური მიუგდეთ. ემპათია გარშემო მყოფთა მიმართ ყურადღებით იწყება, ამიტომ, როდესაც ბავშვთან ურთიერთობთ, სხვა ყველაფერი დაივიწყეთ. გვერდზე გადადეთ მობილური ტელეფონი. დაამკვიდრეთ წესი: „ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას – არავითარი ინტერნეტშეტყობინება, ელექტრონულ წერილებზე პასუხი, სატელეფონო საუბარი, ტელევიზორი!“

 

მეორე ეტაპი: პირისპირ ურთიერთობა. სხვისი ემოციების ამოცნობას ბავშვები მხედველობითი კონტაქტით სწავლობენ, ამდენად, აუცილებელია, უფროსი საუბრისას პირდაპირ უყურებდეს ბავშვს, ანუ მათი თვალები ერთ სიმაღლეზე იყოს. მხედველობითი კონტაქტის შესანარჩუნებლად დააკვირდით თნამოსაუბრის თვალის ფერს, სახის მიმიკას, ინტონაციას და ემოციურ სიგნალებს.

მესამე ეტაპი: კონცენტრირდით გრძნობებზე. ემოციური წიგნიერების განვითარება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც ემპათია. ბავშვმა უნდა ისწავლოს საკუთარი გრძნობების გამოსახატავად საჭირო სიტყვების პოვნა. მაგალითად:

  • აღვწეროთ გრძნობა: „მგონი, ბრაზობ“; „ალბათ შეწუხებული ხარ“; „ძალიან გაღიზიანებული კილოთი ლაპარაკობ“.
  • დავსვათ დამაზუსტებელი კითხვები: „შეშინებული ხარ?“; „ნაწყენი ხომ არ ხარ?“; „ხომ არ ნერვიულობ?“
  • აღვწეროთ შესაბამისი ჟესტი: „მუშტები გაქვს შეკრული, ხომ არაფრის გეშინია?“; „ხელები გიკანკალებს, რამეზე ბრაზობ?“; „ისეთი გამომეტყველება გაქვს, როგორც ჩანს, ვიღაცამ ძალიან გაგაბრაზა“.

არასოდეს განსაჯოთ ბავშვის გრძნობები, უბრალოდ უყურეთ და აღწერეთ ისინი.

მეოთხე ეტაპი: გრძნობების გამოხატვა. ბავშვისთვის აუცილებელია, შეძენილი ემოციური ლექსიკონი გრძნობების გამოსახატავად გამოიყენოს. მიღებულია, რომ ბავშვთან საუბარი დავიწყოთ კითხვით: „რას ფიქრობ გიორგის/ნინოს გრძნობების შესახებ?“ – მაგრამ გაცილებით ეფექტური იქნება, თავდაპირველად გამოვთქვათ ვარაუდი: „მგონი რაღაცაზე ნერვიულობ“. ამ ყველაფრის მიზანია, ბავშვის ემოციური ლექსიკონი თანდათან შეივსოს და ის მოემზადოს იმ მომენტისთვის, როდესაც დამოუკიდებლად შეძლებს ემოციის გამოხატვას. სწორედ ამის შემდეგ მოახერხებს ბავშვი, განმარტოს: „თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, როდესაც ლუკას დავარტყი“.

უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ვკითხოთ ბავშვს: „შენ რას გრძნობ?“ შემდეგ უკვე შესაძლებელი გახდება, სხვების გრძნობებზეც დავუსვათ კითხვა: „როგორ ფიქრობ, რას გრძნობდა ლუკა, როდესაც დაარტყი?“ ამგვარად შესაძლებელი ხდება, ბავშვის ყურადღება გადავამისამართოთ და ვუბიძგოთ მას, სხვების გრძნობებზეც დაფიქრდეს. ერთმა კალიფორნიელმა მშობელმა მოსწრებულად შენიშნა: „შვილებს ვეუბნები: როდესაც რამე არ მოგწონთ და გსურთ, შეცვალოთ, ხმამაღლა თქვით, რასაც გრძნობთ. ეს წამალივითაა – მისი დალევა დიდად არ გინდათ, მაგრამ მისი წყალობით უფრო და უფრო უკეთ გახდებით“.

უკვე მრავალი წელია, თანამედროვე ცხოვრების ძირითად გამოწვევად იქცა გაჯეტების ხანგრძლივი და უკონტროლო გამოყენება. მიშელ ბორბას აზრით, ემპათიასა და გრძნობების გამოხატვაზე საუბრისას ამ საჭირბოროტო საკითხს გვერდს ვერ ავუვლით. უპირველეს ყოვლისა, უნდა გაკონტროლდეს ის დრო, რომელსაც ოჯახის წევრები ელექტრონულ მოწყობილობებთან ატარებენ. ურთიერთობები მათ შორის ყოველგვარი მოწყობილობის გარეშე უნდა წარიმართოს. ვირტუალური ურთიერთობები ცოცხალი ურთიერთობებით უნდა ჩანაცვლდეს.

  • უფროსებმა უნდა დააწესონ და დაიცვან გაჯეტების გამოყენების ლიმიტი. მშობლების მიერ შექმნილი წესრიგი ბავშვებზე თანდათან დადებითად აისახება. თავდაპირველად, მაგალითად, შეიძლება, ყველამ დაიცვას ერთი უწყინარი პირობა და ოჯახურ ტრაპეზს ტელეფონების გარეშე დაესწროს. უფროსებმა, როგორც ქცევის მისაბაძმა მოდელებმა, საკუთარ თავზე უნდა აიღონ გრძნობებზე საუბრის ინიციატივა, მოუყვნენ ოჯახისწევრებს საკუთარი გრძნობების შესახებ. მალე შვილები თავადაც იოლად და ხალისით გააკეთებენ იმავეს.
  • მშობლებმა უნდა შეზღუდონ გაჯეტების გამოყენება, შეწყვიტონ ტელეფონის წამდაუწუმ შემოწმება და ყველა შეტყობინებაზე მყისიერად პასუხის გაცემა. მსგავსი „მსხვერპლი“ აუცილებლად იქცევა ბავშვისთვის მაგალითად. შვილთან საუბრის დროს ტელეფონი სასურველია გამორთოთ ან უხმო რეჟიმზე გადაიყვანოთ, რომ ყურადღება არ გაგიფანტოთ.
  • ოჯახური სადილი ან ვახშამი კვირაში თუნდაც ერთხელ სმარტფონების გარეშე დადებით გავლენას ახდენს ბავშვების ემოციურ განვითარებასა და სასკოლო მიღწევებზე. პერიოდულად აირჩიეთ რომელიმე ემოცია, თუნდაც სიამაყე, და ჰკითხეთ ბავშვებს, კვირის განმავლობაში თუ მოხდა რამე ისეთი, რაც მათში სიამაყის განცდას იწვევს. ეს მხოლოდ მაგალითია, მსგავსი საუბარი ოჯახის წევრებს შორის შეიძლება მათთვის მისაღები ნებისმიერი სცენარით წარიმართოს სუფრასთან, ძილის წინ თუ მანქანაში.

სკოლის მოსწავლეებისთვის ემპათიისა და ემოციური წიგნიერების სწავლების უამრავი პროგრამა არსებობს. მიშელ ბორბა ერთ მათგანს გამოარჩევს.

კალიფორნიის ერთ-ერთი სკოლის მათემატიკის მასწავლებელმა შეიმუშავა მეთოდი, რომელიც ემსახურება სკოლაში ბულინგის პრევენციას მოსწავლეების მიერ ერთმანეთის პოზიტიურად აღქმის საშუალებით. მასწავლებელმა აიღო წითელი, ყვითელი და მწვანე ქაღალდის ფურცლები, გამოჭრა წრეები, რომლებსაც, საკუთარი გუნება-განწყობილების მიხედვით, ყოველდღე აკრავდა საკლასო ოთახის კარზე. ყველაზე ხშირად კარზე მწვანე წრე იყო მიკრული, რაც „კარგ დღეს“ ნიშნავდა. ყვითელი ფერი ერთგვარ გაფრთხილებას გამოხატავდა, ამიტომ მოსწავლეები პედაგოგს ეკითხებოდნენ: „მასწავლებელო, ყველაფერი რიგზე გაქვთ?“ წითელი ფერი „განგაშის“ მაუწყებელი იყო და მოსწავლეებიც ყურადღებით აკვირდებოდნენ მასწავლებელს, რომელსაც ერთხელ დედა ჰყოლია შეუძლოდ და წითელი წრის საშუალებით ამცნო ბავშვებს, რომ მძიმე დღე ჰქონდა.

მათემატიკოსი მიიჩნევს, რომ ბავშვებს შეუძლიათ, ძალიან ემპათიურები იყვნენ, განსაკუთრებით მაშინ, თუ უფროსები მათ ამის შესაძლებლობას მისცემენ.

ეს მეთოდი გამოიყენა ერთ-ერთმა მშობელმაც, რომელიც სხვადასხვა ფერის სტიკერებს მაცივარზე აკრავდა. ამ ქალბატონმა აღიარა, რომ მისთვის მოულოდნელად შვილები ძალიან ემპათიურები გახდნენ. კიდევ ერთმა დედამ ფურცელზე დაწერა: „გთხოვთ, ნუ შემაწუხებთ!“ – და ამ ფურცელს თავისი საძინებლის კარზე აკრავდა ხოლმე, როდესაც თავს შეუძლოდ გრძნობდა ან უგუნებოდ იყო. მისი თქმით, ბავშვები ძალიან მგრძნობიარეები გახდნენ მის მიმართ. შემდეგ ბავშვებმა თავადაც დაიწყეს მსგავსი მოწოდებების გაკვრა თავიანთი ოთახის კარზე, როდესაც არ სურდათ, სხვებისთვის თავს მოეხვიათ თავიანთი უგუნებობა. მოკლედ, რაც ამ მეთოდის გამოყენება დაიწყეს, ოჯახის წევრები გაცილებით მეტად უფრთხილდებიან ერთმანეთს, გაცილებით მეტ ყურადღებას იჩენს ერთმანეთის მიმართ.

 

ძვირფასო მშობლებო, პედაგოგებო, აღმზრდელებო, თქვენც შეგიძლიათ, თქვენი ოჯახის წევრებისა თუ მოსწავლეების ასაკისა და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით შეიმუშაოთ მისაღები მეთოდები, რომლებიც თქვენს შვილებს/აღსაზრდელებს ემპათიას განუვითარებს.

წყარო http://mastsavlebeli.ge


გზამკვლევი STEAM სწავლებისთვის

 

დღესდღეობით STEM-მიდგომის დანერგვა მიმდინარეობს მასში გაერთიანებული საგნების იზოლირებული სწავლების გზით. STEM-მიმართულება ერთ საგნად არ ისწავლება. გვაქვს საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიების, მათემატიკის საგნები. შედეგის მისაღებად საგნებს შორის კავშირი კიდევ უფრო გასამყარებელია. მოსწავლეებს უნდა ვაჩვენოთ STEM-ის მომავლისთვის საჭირო შესაძლებლობები, გამოვიწვიოთ ინტერესი აღნიშნული საგნებისა და პროფესიების მიმართ, დავანახოთ ძირითადი როლი, რომელსაც STEM ასრულებს ჩვენი ცხოვრების გაუმჯობესებაში. ამისთვის აუცილებელია, სწავლება მეტად ინტეგრირებულად მიმდინარეობდეს.

STEM-ში ყველა კომპონენტი ერთობლივად უნდა მუშაობდეს. დღეს აბრევიატურა STEM გაფართოვდა და დაემატა „A“ – ART, ხელოვნება. ეს მანიშნებელია იმისა, რამდენად მნიშვნელოვანია STEM-სწავლებაში შემოქმედებითობა. STEAM-ის საშუალებით შესაძლებელია, უზრუნველვყოთ მოსწავლეების მომზადება მომავლის მოქალაქეებად, რომლებიც მზად იქნებიან, საზოგადოებაში არსებული ნებისმიერი პრობლემა კრიტიკული, თანამშრომლობითი, ეფექტური გზებით გადაჭრან.

გთავაზობთ რამდენიმე პლატფორმას გაკვეთილზე STEAM-პროექტებისა და აქტივობების დანერგვისა და ინტეგრირების ხელშესაწყობად. განხორციელებული პროექტები, ინიციატივების მაგალითები დაგეხმარებათ STEAM-ის ინტეგრირებაში სწავლებისას დღის წესრიგის შეფერხების გარეშე. აქტივობების მიზანია, დაიძლიოს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნები კარიერული დაგეგმვის საკითხებში. საბოლოო ჯამში, სასკოლო საზოგადოებას ხელი ეწყობა, რომ იყოს კარიერული დაგეგმვის აქტივობების ორგანიზატორი, მასწავლებელი და მოსწავლე ფლობდნენ სათანადო ინფორმაციას აქტუალური STEAM-ის სამუშაო ბაზრის შესახებ.

STEAM-სწავლების დანერგვის

საერთაშორისო აქტივობები

 Stem ალიანსი

Stem ალიანსი არის სამუშაო სივრცე STEAM-უნარების განსავითარებლად. იგი აერთიანებს განათლებასა და ინდუსტრიას, ხელს უწყობს ახალგაზრდებში STEAM-განათლებითა და კარიერით დაინტერესების პროცესს, მომავლის მოქნილი უნარების განვითარებაში წარმოქმნილი გამოწვევების დაძლევას.

აღნიშნული ალიანსი ადგენს კავშირებს STEAM-განათლებასა და კარიერას შორის, ახდენს სკოლების ჩართვას ამ პროცესში მთელი ევროპის მასშტაბით. ალიანსის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ხელს უწყობს STEAM-სწავლების დანერგვას სწავლების ყველა საფეხურზე.

გახდი ალიანსის წევრი და გაამდიდრე საგაკვეთილო პროცესი STEAM-აქტივობებით: http://www.stemalliance.eu/

Stem-ალიანსი ყოველწლიურად 22 000-ზე მეტი პედაგოგის პროფესიულ განვითარებას უზრუნველყოფს.

მასწავლებლის განვითარებისთვის:

  • ვებინარები სწავლების მეთოდოლოგიის შესახებ;
  • ონლაინშეხვედრები საუკეთესო პრაქტიკის განხილვისა და STEAM-განათლებაში ინოვაციების შესახებ;
  • ონლაინკურსები რესურსებისა და STEAM სასწავლო რესურსების სწორად შესარჩევად;
  • მრჩეველთა ქსელი, რომელიც პედაგოგებს ეხმარება, უკეთ გაიგონ STEAM კარიერული გზები და მათი საგანმანათლებლო საჭიროებები;
  • ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს რესურსებს, კვლევებს, ანგარიშებს, გაიდლაინებს და ა.შ.

ალიანსი ყოველწლიურად 122 000 მოსწავლეს აძლევს ჩართვის საშუალებას.

მოსწავლის განვითარებისთვის:

  • ყოველწლიური კამპანიები – რესურსებითა და ინიციატივებით სავსე პროექტები სკოლებში, უნივერსიტეტებსა და STEAM-კლუბებში;
  • კონკურსები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეებს, მიიღონ მრავალი სასწავლო რესურსი ალიანსის პარტნიორებისგან, გაიმარჯვონ, დაჯილდოვდნენ და მოიპოვონ ფართო აღიარება;
  • საპილოტე პროგრამები, რომლებიც ალიანსის წევრებს ეხმარება ახალი სასწავლო მასალების ან პროცედურების დადასტურებაში ტესტირებისა და ოპტიმიზაციის გზით.

Space EU

Space EU ჩართულია მასწავლებელთა და მოსწავლეთა სწავლებაში. აქ შეგიძლიათ ნახოთ კოსმოსთან დაკავშირებული საინტერესო აქტივობები, STEAM-ის შემოსვლა საკლასო ოთახში და სასკოლო სასწავლო გეგმაში, როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებაში.

ეწვიეთ: SpaceEU project (space-eu.org)

Space EU-ს გამოყენება კოსმოსის შესასწავლად უფრო სახალისოსა და მრავალფეროვანს გახდის საგანმანათლებლო პროგრამებს. ის გამოიწვევს მოსწავლეთა დიდ ინტერესს, შთააგონებს და გააფართოებს ახალგაზრდა გონებას, განავითარებს ევროპული და გლობალური მოქალაქეობის გრძნობას, ხელს შეუწყობს სხვადასხვა ქვეყნისა და კულტურული წარმოშობის ადამიანების ურთიერთობას STEAM-ში (მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა).

აქ დაგხვდებათ სააზროვნო აქტივობები მოსწავლეებისთვის, იპოვით ახალ და საინტერესო STEAM კარიერულ შესაძლებლობებს, აღმოაჩენთ მრავალ ბმულს, რომლებიც ამოგზაურებს მოსწავლეებს STEAM თავგადასავლებში და კოსმოსურ გამოფენებზე.

 Steam განათლება

Steamonedu  მოიცავს ისეთ ასპექტებს, რომლებიც მასწავლებელს სძენს უნარს, განვითარდეს STEAM-საგანმანათლებლო პრაქტიკის კუთხით.

ეს პროექტი ახდენს სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ინტეგრირებას STEAM-განათლებაში. იგი აერთიანებს მასწავლებლებს, ტრენერებს, მკვლევრებს, საგანმანათლებლო ინსტიტუციებსა და განათლების სექტორით დაინტერესებულ პირებს. ეს არის ონლაინსაზოგადოება, რომელიც საჭიროებებისთვის არის შექმნილი. აქ იქმნება მაღალი ხარისხის საგანმანათლებლო მასალა და სასწავლო სცენარები. ეს არის სამოქმედო გეგმა, რომელიც აგროვებს STEAM-განათლების საუკეთესო პრაქტიკასა და პოლიტიკას. გარდა ამისა, არის STE(A)M პედაგოგთა გაერთიანება და ემსახურება თვითდასაქმების ინსტიტუტსაც. გვთავაზობს მოქნილ სივრცეს, რომელიც საშუალებას გვაძლევს, შევისწავლოთ STEAM-განათლების შესაძლებლობები.

გახდით პედაგოგთა STE(A)M-გაერთიანების აქტივობების მონაწილე:

https://steamonedu.eu/

პლატფორმაზე გაერთიანებულნი არიან STE(A)M-განათლების განმახორციელებელი პედაგოგები. მათი პროფესიული განვითარების მხარდაჭერით, სწავლებით, ტრენინგებით, გამოცდილების გაზიარებით ჩამოყალიბდა STE(A)M საზოგადოების მყარი კავშირი, რომლის შედეგადაც შეიქმნა STE(A)M განათლების ჩარჩო. იგი მოიცავს კომპეტენციებს, პოლიტიკას, მეთოდოლოგიებს, საგანმანათლებლო ობიექტებს და ა.შ.

აქ შეგიძლიათ იხილოთ STE(A)M-საგანმანათლებლო პრაქტიკის მრავალი სახელმძღვანელო და გზამკვლევი, რომლებიც საკლასო სივრცეში STE(A)M-ის დანერგვაში დაგეხმარებათ.

 

STEAM-აქტივობების ეროვნულ სასწავლო გეგმასთან შესაბამისობა

სწავლა-სწავლებაში STEAM-ის ჩასართავად საჭიროა, მასწავლებელმა გამოიყენოს მრავალფეროვანი დავალებები. ზემოთ მოყვანილი აქტივობები პასუხობს ეროვნული სასწავლო გეგმის ისეთ გამჭოლ კომპეტენციებს, როგორიცაა შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება, მოსწავლეები არ სხედან ფაქტების კონსტატაციის ჩარჩოში. ამგვარი აზროვნებით მოსწავლეს შეუძლია ორიენტირება ახალი ინფორმაციის ნაკადში, თვითმყოფადის გამორჩევა, უვითარდება წარმოსახვა, ინტერპრეტირების უნარი.

STEAM-აქტივობები მოსწავლეს ასევე უვითარებს მეწარმეობის კომპეტენციებს, ხელს უწყობს ეკონომიკური იდეების რეალიზებისთვის ხელსაყრელი პირობების ადვილად დანახვასა და რეაგირებას.

 

წყარო:

https://steamit.eun.org/guidelines-on-how-to-present-stem-jobs-in-classrooms/


ლიტერატურა, როგორც გზამკვლევი კონფლიქტურ სიტუაციებში

 

სასკოლო ლიტერატურის კურსში არის ტექსტები, რომლებშიც კონფლიქტური ან ძალადობის შემცველი სიტუაციებია ასახული.

ამგვარი სიტუაციების მონაწილე პერსონაჟთა ხასიათსა და ქცევაზე, მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსა და დამდგარ შედეგებზე დაკვირვება შეიძლება საინტერესო მსჯელობის საგნად იქცეს.

ამ ბლოგში კონფლიქტის არაძალადობრივი გზით მოგვარებასა და სათანადო ქმედებებს შევეხებით, გზებს, რომელთა მოსწავლეებისთვის გაცნობა ლიტერატურის გაკვეთილებზეა შესაძლებელი თემატური ტექსტების გამოყენებით.

მასწავლებელმა განსახილველად შეიძლება შეარჩიოს მხატვრულ ტექსტში გადმოცემული ნებისმიერი კონფლიქტური სიტუაცია. თუ კონფლიქტი ჩხუბითა და აყალმაყალით, ძალადობით დასრულდა, ისმის კითხვა: როგორ შეიძლებოდა უსიამოვნო შედეგის თავიდან აცილება? რა შეიძლებოდა მოემოქმედებინა გმირს იმისთვის, რომ ფიზიკური შეხლა-შემოხლა აერიდებინა?

საკუთრივ შინაარსობრივი პლასტის გაგება-გააზრების დონის კითხვების დამუშავების შემდეგ სასურველია, წაკითხულის ტრანსფერს (ერთგვარ სიტუაციაში ნასწავლის სხვაგვარ, განსხვავებულ სიტუაციაში გამოყენების სტიმულირებას) შევუწყოთ ხელი. მოსწავლეებმა უნდა შეძლონ, თავიანთ ცხოვრებისეულ სიტუაციებს მოარგონ ნასწავლი და ამ გზაზე ძალიან დაეხმარებათ იმის გაცხადება, რას ფიქრობენ ამა თუ იმ მწვავე საკითხის შესახებ.

ტექსტის შინაარსის გაგებისა და გააზრების შემდეგ სამუშაო ნაბიჯები:

  1. წარმოიდგინე, რომ მოცემული სიტუაცია შენ თვალწინ ხდება.
  • რა გზას გამონახავდი კონფლიქტის არაძალადობრივი გზით მოსაგვარებლად? შენი აზრით, როგორ განვითარდებოდა მოვლენები?
  • რა სახიფათო შედეგები შეიძლება მივიღოთ ძალადობით კონფლიქტური სიტუაციის მოგვარების მცდელობისას?

ამ საკითხებზე მოსაზრების ჩამოყალიბებისა და გამოხატვისთვის მოსწავლეებს გარკვეული დრო უნდა მიეცეთ. ამ ეტაპზე სასურველია მათი დაწყვილება ან დაჯგუფება. ჯგუფში ან მეწყვილესთან მეტად მოსალოდნელია, რომ ისინი ღიად შეძლებენ მოსაზრების გამოხატვას.

ჯგუფსა და წყვილებს მოსაზრებების კლასისთვის გაზიარების საშუალებაც უნდა მიეცეთ. ამისთვის ერთ-ერთმა წევრმა უნდა შეაჯამოს განხილული და კლასის წინაშე წარმოადგინოს.

ამ პროცესს შემაჯამებელი მსჯელობა მოჰყვება.

სამსჯელო თემა (მოცემული თეზისი სანიმუშოა, მასწავლებელს შეუძლია, კლასში ჩატარებულ სამუშაოს მოარგოს სამსჯელო ციტატა):

„უტყვი და უმოქმედო მოწმეების თანხმობით ხდება ამქვეყნად ყველაზე მეტი ბოროტება“ .

  • შენი აზრით, რა იგულისხმება ამ გამოთქმაში?
  • შესწავლილთაგან რომელ ნაწარმოებებს გაიხსენებდი მოსაზრების საილუსტრაციოდ?
  • შენი პირადი ცხოვრებიდან, გამოცდილებიდან თუ შეგიძლია გაიხსენო რაიმე ფაქტი, როდესაც შეესწარი უსიამოვნებას, ძალადობას? რა განცდა დაგეუფლა? რა იფიქრე? რა მოიმოქმედე, თუ მოქმედება გადაწყვიტე?

შემაჯამებელი მსჯელობის წარმართვის პროცესში მასწავლებლის ამოცანაა, შექმნას კეთილგანწყობილი, ღია გარემო. არ არის რეკომენდებული, მან ღიად გამოხატოს საკუთარი პოზიცია, მაგრამ გამოთქმული თვალსაზრისების დამადასტურებელი არგუმენტების დამაჯერებლობის კომენტირება სასურველია. უნდა შეფასდეს არა პოზიცია და თვალსაზრისი, არამედ არგუმენტი, დასაბუთების მცდელობა. ეს მასწავლებელს საშუალებას მისცემს, დააკვირდეს და გააანალიზოს მოსწავლეთა აზროვნება, ხასიათი, ემოციების მართვის უნარი.

საკითხები, რომლებიც მასწავლებელმა უნდა დაამუშაოს:

  • რას ფიქრობენ მოზარდები ძალადობის არაკონფლიქტური გზით მოგვარებაზე?
  • რამდენად ფლობენ ინფორმაციას იმაზე, როგორ უნდა მოიქცნენ არაკონფლიქტურ სიტუაციაში?
  • აღმოჩენილან თუ არა თავად მსგავს ვითარებაში?

 

მნიშვნელოვანი ორიენტირები მასწავლებლისთვის

თითოეულ ადამიანს აქვს ძალა და შესაძლებლობა, სასიკეთო გავლენა მოახდინოს კონკრეტულ სიტუაციაზე, შეცვალოს ის უკეთესობისკენ, დაეხმაროს იმას, ვისაც დახმარება სჭირდება.

ეს მნიშვნელოვანი უნარია.

ისეც ხდება, რომ ადამიანები თვალს ხუჭავენ და გარიდებას, გაცლას, ჩაურევლობას ამჯობინებენ, თუ ძალადობას ან უსიამოვნო სიტუაციას შეესწრნენ.

ჩვენს ყოველდღიურობაში არაერთხელ გავმხდარვართ ან გავხდებით უსიამოვნო ფაქტის შემსწრე. ეს შეიძლება მოხდეს ნებისმიერ ადგილას – ქუჩაში, სკოლაში, ტრანსპორტში. ხშირია ვირტუალური ძალადობის ფაქტები სოციალურ ქსელში.

უტყვი და უმოქმედო მოწმე ისაა, ვინც ასეთ სიტუაციაში უმოქმედობას გადაწყვეტს, არც სიტყვით და არც ქმედებით არ ჩაერევა.

მოვლენების განვითარების ერთი შესაძლებლობაა თანამონაწილეობა.

თანამონაწილე ისაა, ვინც სიტყვით, კომენტარით, შემაგულიანებელი წამოძახილით ან ფიზიკურად მხარს დაუჭერს მოძალადეს და, შესაბამისად, მონაწილეობასაც მიიღებს ძალადობაში.

არიან ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტენ ძალადობის აღკვეთას და ხელს შეუშლიან მოძალადეს, მხარს დაუჭერენ იმას, ვისაც დახმარება სჭირდება.

როგორ შეიძლება ამის გაკეთება?

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია უსაფრთხოებაზე ზრუნვა. საკუთარი უსაფრთხოების დაცვა ნიშნავს კონკრეტულ სიტუაციაზე დაკვირვებით ისე მოქმედებას, რომ საფრთხე არ შეექმნას ჩვენს სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. მაგალითად, ზოგიერთ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე ფიზიკურად ძლიერია, შეირაღებულია ან სახიფათოა, პირდაპირი ჩარევა არ ღირს. ასეთ დროს დასახმარებლად უნდა მივმართოთ შესაბამის სამსახურს (112, მასწავლებელი, უფროსი ადამიანი, პოლიციელი…).

ზოგიერთ შემთხვევაში მნიშვნელოვანია სიტყვიერი ჩარევა. მოძალადისთვის იმის ხაზგასმით თქმა, რომ მისი საქციელი მიუღებელია (კონკრეტული სახელდება იმისა, რასაც აკეთებს მოძალადე. მაგალითად, „შენ აწვალებ ძაღლს. ასე არ შეიძლება. დაანებე თავი!“. „მე ვხედავ, რასაც აკეთებ და ეს არ არის სწორი. ახლავე შეწყვიტე!“).

თუ ინტერნეტსივრცეში იგდებენ ვინმეს აბუჩად, აქაც მნიშვნელოვანია საკუთარი პოზიციის მტკიცედ, მკაფიოდ გამოხატვა, კომენტარის დატოვება, რომელშიც პირდაპირ იქნება ნათქვამი, რომ ვისიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა, აბუჩად აგდება არ შეიძლება.

მოძალადე, რომელსაც მიუთითებენ, რომ მისი საქციელი მიუღებელია, არ გრძნობს გარემოცვის მხარდაჭერას და მეტად მოსალოდნელია, ძალადობა შეწყვიტოს.

წყარო http://mastsavlebeli.ge